ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

ბუდა მშვიდ გარემოში

გააზიარე:


ავტორი: მარიამ ხარიბეგაშვილი

კორექტორი: მარიამ გორდაძე

შესავალი

            ბუდჰიზმის გამოჩენილი სწავლული ედვარდ კონზე თავის წიგნში „ბუდჰიზმი, მოკლე ისტორია“ შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

         „ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან დრაკონის კულტი ჰქონდა, და არასოდეს გავრცელებულა იმ ქვეყნებში, რომლებშიც დრაკონის მოკვლა საგმირო საქმედ მიიჩნევა ან გველებს კაცობრიობის უბედურებები ბრალდება“ (Conze 2008, vii).

            კონზეს ნააზრევის ნამდვილობა და სიზუსტე ისტორიულ და გეოგრაფიულ ჭრილში  შესაძლოა, სადავო იყოს[1], თუმცა, ვფიქრობ, იგი ლოგიკას მოკლებული არაა. მართალია, ავტორი ამ აზრს არ ავრცობს და ასაბუთებს, მაგრამ უთუოდ აღძრავს მკითხველში ფიქრს. როგორც თესლიდან მცენარის აღმოცენებისთვისაა აუცილებელი ნიადაგის მომზადება, ასევეა საჭირო ადამიანების მზაობა ნებისმიერი თვალსაზრისის მიღებისთვის, ათვისებისა და გაშინაგნებისთვის. კონზეს აზრმა სწორედ ამაზე დამაფიქრა: არა მხოლოდ რელიგიის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის მიმდევრებზე, არამედ მიმდევრების საზოგადოებრივ-კულტურულ მახასიათებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია, უკეთ გავიგოთ და გავიაზროთ მათი აღმსარებლობა. მოსაზრება, რომ ბუდჰიზმმა უკეთ გაიდგა ფესვები ისეთ რეგიონებში, სადაც ცოცხალი არსებების მოკვლა არასასურველი ან არატრადიციულია, თავად ბუდჰიზმზეც მეტყველებს. ესაა რელიგია, რომელიც ცოცხალ არსებებს არ განასხვავებს და არ განარჩევს ერთმანეთისგან; რომლისთვისაც თითოეული ცოცხალი ორგანიზმი თანაბარმნიშვნელოვანია. ამიტომ გასაკვირი არაა, ეს იდეა ბრინჯის კულტურის ხალხებმა უკეთ აითვისეს, ვიდრე მათ, ვინც მეცხოველეობას მისდევს.

            აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბუდჰიზმის, როგორც რელიიგის და როგორც ფილოსოფიის, გააზრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში. სწორედ ამიტომ ჩემი ნაშრომი მიეძღვნება ამ თემის გაცნობას, შესწავლასა და გაანალიზებას ბუდჰისტური ანთროპოლოგიისა და კოსმოლოგიის ჭრილში. ვინაიდან ბუდჰიზმს მრავალი განშტოება და მრავალფეროვანი ტრადიცია გააჩნია, შევეცდები, ვიხელმძღვანელო მათთვის შედარებით საერთო ცნებებითა და შეხედულებებით. ჩემი მიზანია, ნაშრომის ბოლოს მივაკვლიო ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის ბუდჰისტურ გაგებას; ავხსნა, თუ როგორ განმარტავს და წარმოადგენს ბუდჰისტური ფილოსოფია ადამიანის რაობას და რა ადგილს მიაკუთვნებს მას სამყაროში, რა მიმართება აქვს ადამიანს დანარჩენ სამყაროსთან.

ისტორიის მცირე მიმოხილვა

            ბუდჰიზმი ჰინდუიზმის წიაღში წარმოშობილ მრავალ რელიგიურ მიმდინარეობათაგან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, უძველესი და მრავალფეროვნებით გამორჩეული რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაა. ბუდჰიზმის ოცდახუთსაუკუნოვანი ისტორია ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში იწყება და ბუდჰას, სიდჰარტჰა გაუტამას, მოძღვრებას უკავშირდება. ისტორიული ბუდჰას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზუსტი თარიღი უცნობია, მიიჩნევენ, რომ იგი ძვ.წ მე-6-მე-4 საუკუნეებში ცხოვრობდა. ეს დროის მონაკვეთი ინდოეთისა და ჰინდუიზმის ისტორიაში დიდი საზოგადოებრივ-კულტურული და რელიგიურ-ფილოსოფიური ცვლილებებით ხასიათდება: ჰინდუიზმის კასტური სისტემა, ბრაჰმანული მსხვერპლშეწირვა და რიტუალები უფრო და უფრო სადავო ხდება; ურბანიზაციას შედეგად მოსდევს ადამიანების ოჯახთან, ტრადიციებსა და ძველ საცხოვრისთან კავშირის შესუსტება და სულიერი თვითგამორკვევის, სპირიტუალური ძიებების გაღრმავება. ამ პერიოდის ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში ჰინდუიზმის წმინდა ტექსტების, ვედების, გავლენა და მნიშვნელობა შედარებით სუსტია, რაც შესაძლებელს ხდის ვედური ტრადიციისგან გამიჯნული ასკეტების მიერ ახალი რელიგიური მიმდინარეობის ჩამოყალიბებას.[2]

            სიდჰარტჰა გაუტამა ერთ-ერთია მრავალი ბუდჰასგან. ბუდჰა არ არის სახელი, ესაა წოდება, რომელიც „გამოღვიძებულს“ ან „გასხივოსნებულს“ ნიშნავს და მიემართება ადამიანს, რომელმაც თავი დააღწია ამქვეყნიურ ტანჯვას, გადაინაცვლა ნირვანაში და ხსნის გზა უქადაგა მათ, ვინც ჯერ კიდევ სანსარაშია. სიდჰარტჰა ინდოეთისა და ნეპალის საზღვართან მდებარე კაპილავასტუში, ადგილობრივი მეთაურის ოჯახში, დაიბადა და მდიდარ, არისტოკრატულ ოჯახში იზრდებოდა. 29 წლის ასაკში მან აღმოაჩინა, რომ სამყაროში არსებობს ტანჯვა, ამიტომ დატოვა საკუთარი სახლი, ოჯახი, ცოლ-შვილი და ასკეტური ცხოვრების სპირიტუალურ გზას შეუდგა. ამ დროს უკვე ფართოდაა გავრცელებული ე.წ. „განდეგილობის ტრადიცია“ („Renouncer tradition”), რაც გულისხმობს საკუთარი სახლის, ოჯახის დატოვებას, საზოგადოებრივი როლებისგან გათავისუფლებას, საერო ცხოვრებაზე უარის თქმასა და სულიერ, სარწმუნოებრივ გზაზე შედგომას. ასკეტური ცხოვრების პირველ ხანებში სიდჰარტჰა სწავლობდა სწორედ ასეთი მოხეტიალე ასკეტებისგან, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ამქვეყნიური ტანჯვისგან ხსნის გზის საიდუმლოს ფლობდნენ, თუმცა მომავალი ბუდჰასთვის ეს ცოდნა არ კმაროდა, იგი ჭეშმარიტების ძიებას საკუთარ თავში შეუდგა. საბოლოოდ, 49-დღიანი მედიტაციის შემდეგ, სიდჰარტჰა გასხივოსნდა და გახდა ბუდჰა. მან შეიმეცნა ტანჯვის მიზეზები და ხსნის გზები. კონზეს თანახმად, ბუდჰას მოძღვრებაში გამოყოფილია სამი მთავარი ბოროტება, რომლებსაც უნდა ებრძოდეს ადამიანი: ძალადობა, თვითი და სიკვდილი (Conze 2008, vi).

            დარჩენილი ცხოვრება ბუდჰამ ცოდნის გავრცელებასა და სწავლებას მიუძღვნა. იგი ყოველთვის უსვამდა ხაზს საკუთარ მნიშვნელობას, როგორც წინამძღოლისას და არა, როგორც ავტორიტეტისას. გეთინი ბუდჰას, როგორც მასწავლებელს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს: „მეტიც, ალბათ ესაა ბუდჰას ყველაზე დიდი ღირსება კაცობრიობისა და სამყაროს ყველა არსების წინაშე  – ბუდჰა ასწავლის. ის ასწავლის ცოცხალ არსებათა ტანჯვის შესახებ სიბრალულითა და თანაგრძნობით; ის ასწავლის, რათა გაუძღვეს სხვებს გამოღვიძებისა და იმის გაგებისკენ, რაც მათ ტანჯვისგან საბოლოოდ იხსნის“ (Gethin 1998, 8). ედვარდ კონზე აღნიშნავს: „თავისუფალი განათლებით დაწინაურებული ბუდჰისტები დაუსაბუთებელ იდეებს კეთილმოსურნე დაეჭვებით პასუხობდნენ, რამაც საშუალება მისცა მათ, მორგებოდნენ გავრცელებული რწმენის ყოველგვარ სახეს არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მიდიოდნენ“ (Conze 2008, viii). ამგვარი მიდგომა გასაგებს ხდის ბუდჰიზმის შემდომი განვითარების თავისებურებას, რაც სხვადასხვა სარწმუნოებრივ-ფილოსოფიური განშტოების ჩამოყალიბებაში გამოიხატება. აღსანიშნავია სამი ძირითადი მიმდინარეობა: (1) თჰერავადა, იგივე „პატარა ბორბალი“, რომელიც ყველაზე ახლოსაა ანტიკურ ბუდჰიზმთან; (2) მაჰაიანა, იგივე „დიდი ბორბალი“, და (3) ტიბეტური ბუდჰიზმი. ყოველი ახალი მიმდინარეობა გარკვეულწილად წარმოადგენს წინას სახეცვლილებას. ისტორიის განმავლობაში ისინი თანაარსებობდნენ და ამავდროულად ავითარებდნენ საკუთარ ინდივიდუალურ ტრადიციას. ამიტომ ზოგადად ბუდჰიზმზე საუბრისას გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სარწმუნოების სხვადასხვა მიმდინარეობა გარკვეულ აზრებსა და შეხედულებებს განსხვავებულად გაიაზრებს. რუპერტ გეთინი წერს: „ბუდჰიზმი“ არის რაღაც გონებრივი განზოგადება: სინამდვილეში არ არსებობს ერთი ბუდჰიზმი, არსებობს ბევრი ბუდჰიზმი“ (Gethin 1998, 2). თუმცა, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ცხადია, არსებობს ერთგვარი ძირითადი  იდეები, ფილოსოფიური ღერძი, რომლის გარშემოც ვითარდება ცალკეული სკოლები. კონზე ჩამოთვლის იმ მთავარ მახასიათებლებს, რომლებიც ამ განსხვავებული სწავლებების ბუდჰიზმის ქოლგის ქვეშ გაერთიანებისთვისაა საჭირო:

  1. სამონასტრო წესრიგი, რომლის უწყვეტობა და მთლიანობა არის ყველა დანარჩენის საფუძველი, საყრდენი;
  2. მედიტაციების ტრადიციული წყება, ბუდჰიზმის მუდმივი ნაწილი;
  3. საერთო მიზანი: „საკუთარი თავის ჩაქრობა“ („extinction of self”), რაც გულისხმობს საკუთარი მეს მოსპობას;
  4. ორგანიზმის მთლიანობა, რაც ნიშნავს, რომ განვითარების ყოველი ახალი საფეხური არის წინას გაგრძელება: „ბუდჰიზმში სახეცვალების, გარდაქმნის ტევადობა გააოცებს მას, ვინც განსხვავებულად ხედავს დროის ხანგრძლივი მონაკვეთებით გამოყოფილ საბოლოო შედეგებს, როგორც ჭუპრსა და პეპელას. რეალურად ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ბევრი თანდათანობითი გადასვლით, რასაც ერთი მიჰყავს მეორემდე, და რაც მხოლოდ ახლო დაკვირვებით შეიმჩნევა“ (Conze 2008, xi).

            ბუდჰისტური მოძღვრების თავისებურების გამო ხშირად კამათობენ მის დაყოფა-დაჯგუფებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბუდჰიზმში ღმერთის რწმენა დასავლური ქრისტიანული მეტაფიზიკური გაგებით არ გვხვდება, ზოგიერთის აზრით, იგი არა სარწმუნოებად, არამედ ფილოსოფიად მიიჩნევა. თუმცა დღეს იგი აღიარებულია ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად, რომლის ფილოსოფიაც აგებულია სამყაროში ყველაფრის ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპზე და მიზნად ისახავს ადამიანის ამქვეყნიური ტანჯვისგან ხსნას, გამოღვიძებას.

ხუთი ელემენტის თეორია

       „სკანდჰა, ბუდჰისტური აზრის თანახმად, არის ინდივიდის აზრობრივი და ფიზიკური არსებობის შემადგენელი ხუთი ელემენტი. მე (ან სული) ვერ გაიგივდება რომელიმე შემდეგ ნაწილთან ან ამ ნაწილების ერთიანობასთან. ესენია: (1) მატერია ან სხეული (rupa), ოთხი ელემენტის გამოვლენილი ფორმა – მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი; (2) შეგრძნებები ან გრძნობები (vedana); (3) მგრძნობელობითი საგნების აღქმა (samjna); (4) აზრობრივი სტრუქტურები (samskara); და (5) შეგნება ან ცნობიერება სხვა სამი აზრობრივი ელემენტისა (vijnana). ყოველი ინდივიდი მუდმივ ცვალებადობას ექვემდებარება, ვინაიდან ცნობიერების ელემენტები არასოდესაა უცვლელი. ადამიანი შეიძლება შედარდეს მდინარესთან, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ იგივეობას მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი წყლის წვეთები დროდან დრომდე მუდმივად განსხვავებულია“[3].

            ეს მოკლე აღწერა ბუდჰიზმის ძირითადი შეხედულებების ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ხუთი ელემენტის თეორიის, სტრუქტურული მიმოხილვაა. თუმცა ამ, ერთი შეხედვით, მარტივი მოცემულობის მიღმა გაცილებით დიდი აზრი და დატვირთვაა, რომელიც ადამიანის ბუდჰისტური გაგებისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

            ბუდჰისტური ფილოსოფიის ძირეული იდეა სამყაროში ყველაფრის ურთიერთდაკავშირებულობის, ურთიერთდამოკიდებულობისა და, შესაბამისად, ურთიერთგანსაზღვრულობის შესახებ დასაბამს აძლევს არსებობის სამი ნიშნის ჩამოყალიბებას. ესენია: ანიტია, ანატა და დუჰკჰა, –  ანიტია უარყოფს სამყაროში ყოველგვარი მუდმივობის, მარადიულობის ნამდვილობას და ამის საპირისპიროდ ყველაფერს მუდმივ ცვლილებას, წარმავლობას უქვემდებარებს; ანატა ანიტიას ცნებას განავრცობს და მიიჩნევს, რომ არსებობა არა მხოლოდ დროებითი, არამედ არათავისთავადია; დუჰკჰა გულისხმობს ტანჯვისა და სიკვდილის გარდაუვალობას, ამ სამყაროსგან განუყოფელობას, რის გაცნობიერებაზე უარის თქმაც სინამდვილისთვის თვალის გასწორებაზე უარის თქმის ტოლფასია.

            ცალკე ვისაუბრებ არსებობის სამი ნიშნის მეორე ერთეულზე, ანატაზე, რადგან სწორედ აქ ჩნდება ჩემთვის საინტერესო ხუთი ელემენტის თეორია, რომელიც ადამიანის, როგორც ფსიქო-ფიზიკური სხეულის, გაგების პირველ საფეხურად დავისახე. არათავისთავადი არსებობა გულისხმობს არსებობის არა საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე დამოკიდებულობას, რაც მიზეზობრივად აყალიბებს ბუდჰისტური აზრის იმხანად რევოლუციურ და, თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი ჰინდუისტური ტრადიციული ფილოსოფიის  იდეებს, საკმაოდ უჩვეულო აზრსაც. იგი უარყოფს ატმანის ცნებას, ე.ი. მეს, როგორც უცვლელი და გამოცდილებების მქონე ინდივიდუალური, დამოუკიდებელი არსის, არსებობას და ამის საპირისპიროდ აყალიბებს ადამიანის, როგორც ხუთი ელემენტისგან შემდგარი სხეულის, ცნებას. დაბადებისას ეს ხუთი ელემენტი ერთიანდება და ქმნის ადამიანს, რომლის სიკვდილიც ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა ამ ელემენტების დაშლა. ხუთი სკანდჰის თეორიის დაწვრილებითი ანალიზი და, შესაბამისად, ადამიანის, როგორც წარმავალი და ცვალებადი ფსიქო-ფიზიკური სხეულის, ბუდჰისტური თვალსაზრისის გაგება საფუძველს ამზადებს შემდეგი, უფრო რთული, მრავალმხრივი აზრის გაგებისთვის: „არაფერს გააჩნია  თანდაყოლილი და, ამგვარად, დამოუკიდებელი ან მუდმივი არსებობა; არ არსებობს განსაზღვრული, უცვლელი მე. ამ ერთი იდეის უკიდურესი გამოვლინება ბატონობს ბუდჰისტური რეალობის ხედვაში“ (Thompson 2004, 50).

            ტომპსონი, ისევე როგორც გეთინი, სკანდჰებს განიხილავს ატმანის ცნებისადმი მიძღვნილ პარაგრაფში, რაც არცაა გასაკვირი, ვინაიდან ეს ორი თეორია, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ, ერთმანეთის დადასტურებასა და აზრობრივ შედეგს წარმოადგენს. ტომპსონი აღნიშნავს, რომ “მე” არ არის თანდაყოლილი და მუდმივი არსებობის ფორმა, არამედ იგი სხვა განმაპირობებლებზე დამოკიდებული და მუდმივად ცვალებადი მოცემულობაა, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ ქრება. იგი ჩამოთვლის სკანდჰებს (ფორმა, გრძნობები, აღქმები, სურვილები/მისწრაფებები, ცნობიერება) და წერს: „თითოეული მათგანი არის დროებითი და ცვალებადი „გროვა“ იმ ფენომენებისა, რომლებიც გაერთიანებისას ქმნის იმას, რასაც მე პირობითად ვუწოდებ „საკუთარ თავს““ (Thompson 2004, 58). ტომპსონი ამ ნაშრომში მრავალგზის იშველიებს დასავლურ მსგავსებებსა და განსხვავებებს და აქაც მოუწოდებს მკითხველს, დაივიწყონ გონებისა და სხეულის დასავლური დუალისტური გაგება. იგი ყურადღებას ამახვილებს კითხვაზე: „რა ვარ მე?“ და არაერთგვაროვან პასუხს გვთავაზობს. თუმცა ადამიანის არსის შესახებ ერთგვაროვანი აზრი, ალბათ, შეუძლებელიცაა, რომ არსებობდეს. ერთი მხრივ, ადამიანი ფიზიკური სხეულია, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე მუდმივი ცვლილებისას დამოკიდებულია მის გარშემომყოფ ფიზიკურ სამყაროზე, და რომელიც არსებობისთვის საჭიროებს აუცილებელ რესურსებს (საჭმელი, წყალი, ჟანგბადი). თუმცა, გარდა ფიზიკურისა, ადამიანი ფსიქოლოგიური და მოაზროვნე სხეულიცაა, რომელიც იაზრებს, აცნობიერებს აღქმის შედეგად წარმოქმნილ და მუდმივად ცვალებად გრძნობებს, რომლებსაც იგი სხვადასხვა დროს განიცდის. ეს გრძნობები ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ უარყოფითი, ზოგჯერ კი უბრალოდ ამ გრძნობებისა და აღქმის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე ყალიბდება გარკვეული მიდრეკილებები, სურვილები, რომლებსაც, თავის მხრივ, ადამიანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ქმედებამდე მიჰყავს. ეს სურვილები შემდეგ კარმული წყობის მთავარ წყაროდ გვევლინება. მაშასადამე, მოყვანილი აღწერიდან შეიძლება პირველი ოთხი სკანდჰის გამოყოფა: (1) ადამიანი, როგორც ფიზიკური სხეული; (2) ადამიანი, რომელიც განიცდის; (3) ადამიანი, რომელიც აღიქვამს; (4) ადამიანი, რომელიც გამოხატავს და აღასრულებს საკუთარ ნებას. ამ ოთხი სკანდჰის შედეგია მეხუთე ელემენტი, ცნობიერება, რომლის ბუდჰისტური გაგება თანამედროვე დასავლური გაგებისგან უკიდურესად განსხვავებულია.

            ცნობიერება არ არის თავისთავადი, დამოუკიდებელი მოცემულობა, რომელზედაც ცალკე მსჯელობა შეიძლება. ტომპსონი წერს: „ჩამოაშორე ფიქრი და არ დარჩება მოფიქრალი. არ არსებობს განცალკევებული სული ან თვითი – ის, რასაც ჩვენ პირობითად ვუწოდებთ „საკუთარ თავს“, არაფერია, თუ არა სამყაროში ჩართულობისას ჩვენი უნარებით გამოწვეული მოვლენების ჯამი, მსჯელობის ჩათვლით, რომლითც ჩვენ ვჭვრეტთ და აღვიქვამთ საკუთარი გამოცდილებას. (Thompson 2004, 59). ბუდჰიზმში ცნობიერების სხვადასხვა სახე არსებობს და ისინი შეესაბამება სხეულებრივი აღქმების, გრძნობითი ორგანოების დანიშნულებებს. მეტიც, ცნობიერება რაღაც არსებული, სადღაც მყოფი გონი კი არ არის, არამედ ესაა პროცესი ხედვის, შეხების, ყნოსვის, დაგემოვნების, სმენისა და ფიქრის. ჩემი დაკვირვებით, ტრადიციული მიმართება – ურთიერთდამოკიდებულობა – აქაც შეიმჩნევა. ეს საყრდენი იდეა იმდენადაა გამჯდარი ბუდჰისტურ აზრში, რომ არა მხოლოდ ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართებას, არამედ უფრო მცირე სტრუქტურულ მოცემულობებსა და იდეებს გასდევს ფონად. სკანდჰებიც კი აშკარად ურთიერთდამოკიდებულები არიან: აღქმები სხეულის მეშვეობით გვენიჭება, გრძნობები აღქმების შედეგად მიღებულ ცოდნაზე პასუხია, ნება პირველ სამ სკანდჰას ეყრდნობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბოლოოდ ცნობიერებას წარმოშობს, რომელიც სრულიად დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე. ამგვარი ურთიერთმიმართება, ვფიქრობ, საჭიროც კია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ამ ელემენტთა ერთიანობა. ერთი მხრივ, თითქმის საყოველთაოა აზრი, რომ რაიმეს კარგად, გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია მისი მთლიანობის შენარჩუნება, ხოლო რაც უფრო მეტი ბმაა ნაწილებს შორის,  მით მეტად შეხამებულად, შეთანხმებულად და ერთიანად იმოქმედებს მთლიანი ორგანიზმი. მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ რისამე მთლიანობა მის სრულყოფილებაზე მეტყველებს (ბუდჰიზმში ეს აზრი მხოლოდ იმ მნიშვნელობით მიმაჩნია არსებითად, რომ სრულყოფილება მიეწერებოდეს არა ადამიანს, არამედ ხუთი ელემენტის „ღირსებას“, სკანდჰების შეკავშირების მექანიზმს). თუმცა მთლიანის ნაწილებად დაშლის იმგვარი მისწრაფება, რომ მთლიანობა მაინც შენარჩუნდეს, დღემდე საკმაოდ გავრცელებულია. ცვლილების უამრავი განმარტება არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით,  იგი გულისხმობს რისამე სიცარიელეში გადაადგილებას. ცნობიერების დასავლური გაგება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უფრო მეტად მიდრეკილია მის ერთ, მთლიან, დაურღვეველ და დაუშლელ მოცემულობად წარმოდგენისკენ, სადაც (აბსოლუტურ მთლიანობაში) სიცარიელის, შესაბამისად, ცვლილების ადგილი უბრალოდ არ რჩება. ამის საპირისპიროდ, ბუდჰიზმი ხუთი ელემენტის თეორიით არა უბრალოდ მეს მუდმივი ცვალებადობის ახსნის ჩარჩოს ქმნის, არამედ ცნობიერებას სრულიად ძარცვავს დასავლური აზრისთვის დამახასიათებელი გაბატონებული და დაწინაურებული საფეხურებრივი წოდებისგან და მთლიანად უქვემდებარებს დანარჩენ ფსიქო-ფიზიკურ დანიშნულებებს, ათანხმებს მათთან, რაც შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის დანარჩენ სამყაროსთან, სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართების გააზრებაში.

             არამეს ცნების განხილვისას სკანდჰების მნიშვნელობას აღნიშნავს რუბერტ გეთინიც, რომელიც ხაზს უსვამს პირადი გამოცდილების ბუნების ბუდჰისტურ ანალიზს და სკანდჰებს მოიაზრებს, როგორც ფიზიკური და აზრობრივი პროცესების ჯგუფებს. მისი მსჯელობა შემდეგნაირია: პირველ რიგში, ადამიანს აქვს სხეული ხუთი შეგრძნებით, რაც წარმოადგენს ფიზიკურ სამყაროს, ე.ი. იმას, რასაც ბუდჰიზმში უწოდებენ „ფორმას“. შემდეგ ხორციელდება მრავალგვარი გონებრივი პროცესები, რომელთა უმეტესი ნაწილიც სხვადასხვა ფიზიკურ გამღიზიანებელზე პასუხია,  რაც საბოლოოდ იძლევა უმარტივესი შეგრძნებების განგრძობით გამოცდილებას, როგორიცაა სასიამოვნო, არასასიამოვნო და გულგრილი გრძნობები. აქვე ხდება განსხვავებული ბიძგის მიმცემი მიზეზებისა და შესაბამის გამოცდილებათა დაჯგუფება იმგვარად, რომ ადამიანს შეუძლია ამ სტიმულების ცნობა და ამოცნობა, რაც შემდეგ განაპირობებს მათ შესაბამისად სურვილების ჩამოყალიბებასა და ქმედებას (მაგ: როდესაც მშიერი ადამიანი ხედავს ვაშლს, იპყორბს ძლიერი სურვილი, მოიპოვოს იგი. სხვადასხვა გარემოებამ შესაძლოა მისი სხვადასხვა ქმედება გამოიწვიოს, მათ შორის მკვლელობა და თავგანწირვაც). ცნობიერება (ან თვითცნობიერება) აძლევს ადამიანს უნარს, აღიქვას საკუთარი თავი, როგორც მოაზროვნე და მგრძნობიარე არსება. საბოლოოდ, პირადი გამოცდილება შეიძლება გავიაზროთ, როგორც ხუთ ელემენტად დაჯგუფებადი მოცემულობების ერთიანობა: სხეულებრივი ფენომენი, გრძნობები, დახარისხება ან ცნობა, ნებითი ქმედებები და ცნობიერება.

            სკანდჰები დჰარმების ერთობლიობაა, ხოლო დჰარმა ეწოდება ნებისმიერ რამეს, რაც ადამიანს გამოცდილებაში ეძლევა.  საინტერესო გარჩევა და შედარებითი ანალიზი ეკუთვნის ედვარდ კონზეს, რომელსაც დჰარმას განხილვისას ჩამოყალიბებული ხედვებიდან ერთ-ერთში მაგალითად მოჰყავს დჰარმისა და ატომის შედარება:

            „ყველაზე ცხადი მაგალითი ატომური სისტემაა. მატერიალური სამყაროს მგრძნობელობითი  იერის მიღმა ეს სისტემა აყალიბებს სხვა სამყაროს, ატომებისგან შემდგარს, სავსებით უხილავსა და, შესაბამისად, მხოლოდ მათემატიკური ფორმულით მოხელთებადს. ეს ატომებია ის, რაც ფიზიკურად მართლა არსებობს. მათი მოქმედების საფუძვლიანი შემეცნება საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ ფიზიკური სამყარო; მათგან შეგვიძლია ჩვენი შეგრძნებებით აღქმული საგნების ფიზიკური მახასიათებლების შესახებ დასკვნის გაკეთება. მსგავსად, ბუდჰისტები მიიჩნევენ, რომ სამყაროს ჩვენი ერთიანი ხედვა უიმედოდაა დამახინჯებული გულგრილობითა და ლტოლვით: არც ის ერთეულები, რომლებადაც ვყოფთ მას, ე.ი. „საგნები“ („რაღაცები“), რომლებსაც გვჯერა, რომ აღვიქვამთ, და არც კავშირი მათ შორის, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ, არ არის სწორი. რაც არის „ატომები“ თანამედროვე ფიზიკოსებისთვის, არის „დჰარმები“ ბუდჰისტებისთვის. … ამ დროის მონაკვეთში (პირველი ხუთასწლეული. მ.ხ.) გვაქვს დჰარმების რაოდენობითი ჩამონათვალი, როგორიცაა ხუთი სკანდჰა“ (Conze 2008, 14).

            კონზეს აღნიშნული მაგალითი სკანდჰების განხილვის მიზნით არ მოჰყავს, თუმცა ამ საკითხით დაინტერესებულთათვის, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო შედარებაა. ატომების მიზიდვა-განზიდვის ძალებით შეკავშირება და სკანდჰების ურთიერთდამოკიდებულება ნაწილებისგან შემდგარი მთელის იდეის შექმნის სტრუქტურულად მსგავსი და ამავდროულად აზრობრივად სრულიად განსხვავებული მაგალითებია.

            კონზე აზუსტებს, რომ სკანდჰები ფსიქო-ფიზიკური ელემენტების ერთგვარ „სტრუქტურულ ერთიანობას ქმნიან“. ნებისმიერი იდეის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია ცნებების იმგვარად განსაზღვრა და გამოყენება, რომ ისინი  შეესაბამებოდეს იდეის მთავარ პრინციპებს. ამ შემთხვევაშიც, კონზეს თანახმად, მნიშვნელოვანი იყო სკანდჰების ისე განმარტება, რომ მორგებოდა ბუდჰიზმის მთავარ შეხედულებებს და არ შეწინააღმდეგებოდა  თვითის უარყოფას.  ამიტომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ადამიანის ერთ პრინციპთან გაიგივების უკუგდების მისწრაფება: „ადამიანი არც ასლია სკანდჰებისა, არც სკანდჰებშია და არც მათ გარეთ“ (Conze 2008, 21). ამგვარი მიდგომა, როგორც აღვნიშნე, ადამიანის არსის მდგრად, უცვლელ, დაფუძნებულ მდგომარეობას უარყოფს და მას წარმოაჩენს, როგორც პროცესს, მუდმივად ქმნადობაში მყოფს, რომლის არსიც არაა თავმოყრილი ერთ წერტილში.

            ერთგვარი დაჟინება, რომ ადამიანი ფიზიკურ სამყაროში დამკვიდრებისკენ არ უნდა ისწრაფვოდეს, ქრისტიანობისთვისაც არაა უცხო. ადამიანის, როგორც არსის, ცვლილებისადმი დაქვემდებარებულობას ეს ორი რელიგია განსხვავებულად მოიაზრებს. ქრისტიანული მიდგომა ამ მხრივ ტრადიციულ ჰინდუიზმთან უფრო ახლოსაა, რომელიც ატმანის, ე.ი. მარადიული და უცვლელი მეს, არსებობას აღიარებს, რომელიც სხეულებრივი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ამ ნაწილში მათ შორის მსგავსება-განსხვავებები მსჯელობას შორს წაიყვანს და მიმაჩნია, რომ სოტერიოლოგიის კონტექსტში უფრო საინტერესო იქნება. ამჯერად მიზანია, მხოლოდ დაფუძნებული ცხოვრების უარყოფის მსგავსების ჩვენება, რაც კაენისა და აბელის ბიბლიური იგავის მაგალითზე ჩანს, როდესაც ღმერთმა მიწათმოქმედებით, ე.ი. დაფუძნებული ცხოვრების წესით, მონაპოვარ მსხვერპლს მეცხოველეობით, მოძრავი ცხოვრებით, მოპოვებული არჩია. რა თქმა უნდა, ქრისტიანობისთვის წუთისოფელიც ღირებულია და მიზანს მისი ხსნაც წარმოადგენს, განსხვავებით ბუდჰიზმისგან, მაგრამ ორივე რელიგია ცხადად გმობს ამქვეყნიურ, ფიზიკურ სამყაროზე მიჯაჭვულობის ყოველგვარ გამოვლინებას.

არამეს ცნება

            დასავლურ კულტურაში ადამიანი მოიაზრება ხოლმე სულისა და სხეულის ან გონისა და სხეულის ერთიანობად, სადაც სხეული მართულია სულის/გონის მიერ. ქრისტიანობაში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა ძირითადად ადამიანი მიჩნეულია გონების, სამშვინველისა და სხეულის ერთიანობად. მე, სული, გონება, ცნობიერი, თვითი – ადამიანის ეგოცენტრული, ინდივიდუალისტური თვითაღქმის საყრდენი ცნებებია, რომლებიც მის მსოფლმხედველობასა და მთლიანად ცხოვრებას წარმართავს. ტყუილად არ ხდება, რომ ფილოსოფია, თეოლოგია და მეცნიერება არ წყვეტს მსჯელობას დამოუკიდებელი, მუდმივი მოაზროვნე/მმართველი „აგენტის“ შესახებ. წინა თავში ადამიანის შემადგენელი ელემენტების განხილვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბუდჰისტური ანთროპოლოგია განსხვავებულია დასავლური აზრისგან იმგვარად, რომ უარყოფილია ონტოლოგიური მე, ე.ი. ჰინდუისტური ატმანი.

            ლალჯი შრავაკი ნაშრომს “Buddha’s Rejection of the Brahmanical Notion of Atman”[4] იწყებს ატმანის ბრაჰმანული გაგების განმარტებითა და ამ ცნების განვითარების აღწერით. იგი წერს, რომ ატმანის ცნება ვედებსა და უპანიშადებში ხშირად გვხვდება და მისი მნიშვნელობა არაა მკაცრად განსაზღვრული, უცვლელი; იშველიებს რადჰაკრიშნანის განმარტებას და ატმანის ცნების განვითარების საფეხურებს გამოყოფს: (1) სხეულებრივი თვითი, (2) ემპირიული თვითი, (3) ტრანსცენდენტალური თვითი, და (4) აბსოლუტური თვითი. ზოგიერთი წმინდა ტექსტის თანახმად, ატმანი[5] საწყისი რეალობაა, საიდანაც ყველაფერი დანარჩენი იღებს სათავეს: „ატმანი ბინადრობს სამყაროს ყოველ ქმნილებაში და შიგნიდან ზედამხედველობს მას“ (Shravak 1999, 9). მის დასახასიათებლად გამოყენებული ეპითეტები თითქმის სრულიად სცდება ადამიანის შეცნობისა და მოხელთების საზღვრებს: შეუცნობელი, დაუსაბამო, უსაზღვრო, მარადიული, ურღვევი. მეტიც: „… ნათქვამია, რომ ატმანი არ არის ეს ან ის“ (Shravak 1999, 9), ე.ი. მას ვერ დავახასიათებთ, რადგან მასზე რაიმე თვისების მიწერა თავისთავად გულისხმობს მის შემოსაზღვრას, რაც არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ ეპითეტებს. ამ მხრივ ატმანი ძალიან ჰგავს ნეოპლატონურ ერთს, რომლისგანაც წარმოიშობა მთელი სამყარო. ატმანის გაიგივება სხეულთან დაუშვებელია. ავტორის თანახმად, ამ ორის ურთიერთმიმართება უნდა გავიაზროთ, როგორც ეტლისა და მხედრის ურთიერთკავშირი: როგორც მხედარი მართავს ეტლს, ისე მართავს ატმანი სხეულს. იგი არის ყოვლისმცოდნე, უცოდველი და თავისუფალი ასაკოვნებისგან, სიკვდილისგან, დარდისგან, შიმშილისა და წყურვილისგან.

            შრავაკის აზრით, ბუდჰამ სრულიად უარყო ატმანის არსებობა და იგი გააიგივა „მცდარ ხედვებთან“, რომლებიც ადამიანებს ამქვეყნიური გამოცდილებებით, გრძნობებით მოეცემათ და ეუფლებათ. სწორედ ეს მცდარი აზრებია ადამიანის ტანჯვის მიზეზი. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც სწორად გაიაზრებს ოთხ კეთილშობილ ჭეშმარიტებას, დააღწევს თავს „სიცოცხლის ბორკილებს“.

            ავტორი ბუდჰიზმში ატმანის უარყოფას ხსნის ზემოთ აღწერილი სამი პრინციპით (ანიტია, ანატა, დუჰკჰა) და წერს, რომ ანიტია და დუჰკჰა პირდაპირ გამორიცხავს მარადიული ატმანის არსებობას, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს წარუვალობასა და ტანჯვისგან თავისუფლებას. მუდმივობის უარყოფას შრავაკი ორი ლოგიკური მაგალითით ასაბუთებს: (1) თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია და ყველაფერს აქვს მიზეზი/საწყისი, მაშინ ყოველივე შეწყვეტს არსებობას საკუთარი მიზეზის გაქრობისთანავე. (2) ადამიანი წარმოადგენს არა მარტივ მთლიანობას, არამედ იმ ხუთი ელემენტის ერთიანობას, რომლებიც თავადვე არიან წარმავალნი და ცვალებადი.

            ლუის გომეზი ნაშრომში „The Elusive Buddhist Self: Preliminary Reflections on its Denial”[6] ატმანის უარყოფას განსხვავებულად ხსნის: იგი ცდილობს, აჩვენოს ბუდჰისტური ტექსტების მაგალითზე, რა იგულისხმება „მეში“ და „არამეში“. თავდაპირველად განმარტავს, რომ სამყარო არის დაცლილი თვითისგან და ყველაფრისგან, რაც მეს ეკუთვნის. მოჰყავს ციტატა წმინდა წიგნიდან, რომლის თანახმად, მხედველობის ორგანო, ხილული ფორმები, მხედველობითი ცნობიერება, მხედველობითი კავშირი და ყველაფერი, რაც დამოკიდებულია ან გამომდინარეობს ამ უკანასკნელისგან, არის დაცლილი მესა და ყველაფრისგან, რაც მეს ეკუთვნის. იგივე პრინციპი ვრცელდება ცნობიერების დანარჩენ ელემენტებზე. ავტორი მიუთითებს, რომ ადამიანები წარმომადგენლობასა (agency) და კუთვნილებას (possession) შეცდომით მიაწერენ ისეთ გრძნობებსა და შეგრძნებებს, რომლებიც ამ ხარისხებს არ ატარებს, რაც საბოლოოდ ქმნის მცდარ განცდას, რომ ცნობიერებაში მოცემულ რამეებს საფუძვლად უდევს არსებითი მე, თვითი. მარტივად რომ ვთქვათ, ბუდჰიზმი უარყოფს, რომ გრძნობითი ან შეგრძნებითი გამოცდილებები განიცდება ონტოლოგიური მეს მიერ, რომელიც ყოველ მოცემულ მომენტში წარმოადგენს მოქმედ და მოქმედებით მიღებულ გამოცდილებათა მფლობელ პირს.  ამის ნათლად საჩვენებლად მოყვანილია კიდევ ერთი ციტატა:

” – რას ფიქრობ, ანანდა, თვალი მუდმივია თუ წარმავალი?

– წარმავალი, წმინდა ოსტატო.

– მაგრამ, რაც წარმავალია, მტკივნეულია თუ სასიამოვნო?

– მტკივნეულია, წმინდა ოსტატო.

– მაგრამ ის, რაც წარმავალია, მტკივნეული და ცვლილებასაა დაქვემდებარებული გონივრული იქნება, რომ ასე მივიჩნიოთ: „ეს ჩემია, მე ვარ ეს, ეს არის ჩემი თვითი?

– არა, ასე არ არის, წმინდა ოსტატო“ (Gomez 1999, 25).

            მაშასადამე, ნებისმიერი რამ, რაც ცვალებადი და, შესაბამისად, წარმავალია, მტკივნეულიცაა და არ შეიძლება, რომ მესთან გავაიგივოთ: „სხეულებრივი ფორმა, ბერებო, წარმავალია. ის, რაც წარმავალია, მტკივნეულია. რაც მტკივნეულია, მე არ არის. ადამიანმა ის, რაც მე არ არის, გულმოდგინე გამჭრიახობით უნდა მიიჩნიოს იმად, რაც მართლაა შემდეგნაირად: „ეს არ არის ჩემი, მე არ ვარ ეს, ეს არ არის ჩემი თვითი“ (Gomez 1999, 26). ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ სკანდჰებზე, არამედ ყველაფერზე, რაც ადამიანს გამოცდილებით მოეცემა.

            ბარტ დესეინი “Self, Dependent Origination and Action in Bactrian and Gandharan Sarvastivada Abhidharma Texts”[7]-ში იმედგაცრუების, ტანჯვის სამ შემადგენელ ნაწილს ჩამოთვლის: (1) ჩვეულებრივი იმედგაცრუება, ე.ი. ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებას უკავშირება (დაბადება, ავადმყოფობა, სიკვდილი…); (2) ცვლილებით გამოწვეული იმედგაცრუება (ყველანაირი სიამოვნება ადრე თუ გვიან დასრულდება); (3) განპირობებულობით გამოწვეული იმედგაცრუება, რომელიც მეს ცნებას უკავშირდება. „რადგან მე ხუთი ელემენტისგან შედგება, იგი განპირობებულია. ეს შეთავისებული ელემენტები თავადვე არიან მუდმივად ცვალებადი. ეს ნიშნავს, რომ თვითი არ არსებობს, როგორც მუდმივი თვითარსება, არამედ იგი არის მუდმივ ცვალებადობაში მყოფი, ე.ი. იმედგაცრუების საგანი“ (Dessein 1999, 55). ავტორის თანახმად, ადამიანი, რომელიც ამას ვერ ხვდება, „ებღაუჭება“ საკუთარ თვითს და მუდმივად ტანჯვას განიცდის.

            ბუდჰიზმში ატმანის უარყოფის მრავალგვარი ახსნა-განმარტება მოიძებნება, თუმცა ბოლოს ყოველთვის რჩება კითხვა, რომელსაც გეთინი საინტერეოდ აყალიბებს: „როგორ უნდა გავიგოთ (აღვრიცხოთ) პიროვნული განგრძობითობის გამოცდილებები – საბოლოოდ მე ვარ, რომელსაც მახსოვს, რომ დილით ავდექი და საყიდლებზე წავედი, და არა შენ… ამასთან, თუ არ არსებობს თვითი, მორალის მთელი საფუძველი ძირგამოთხრილი ხომ არ არის? თუ მე არ ვარ იგივე ადამიანი, რომელმაც გუშინ ბანკი გაძარცვა, როგორ უნდა დამეკისროს პასუხისმგებლობა?“ (Gethin 1998, 140). არამეს ცნება საჭიროებს ისეთ განმარტებას, რომელიც ამგვარ ფილოსოფიურ შეუთავსებლობასა და მორალურ პრობლემას მოაგვარებს. გეთინის თანახმად, გამოსავალი არის ფიზიკურ და აზრობრივ მოვლენებს შორის ურთიერთობის დადგენა. ეს მოვლენები, ე.ი ყველაფერი, რაც ადამიანს გამოცდილებით მოეცემა,  სინამდვილე, რომელიც სხვადასხვა აზრობრივი და ფიზიკური ქმედებებისგან შედგება, დჰარმის სახელითაა ცნობილი. დჰარმები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთგანსაზღვრულობის პრინციპს ექვემდებარება. თითოეული მოვლენა განპირობებულია წინმსწრები მოვლენით და ამასთან მიზეზია შემდგომში განხორციელებული სხვა მოვლენებისა. ადამიანის არსს გეთინი შემდეგნაირად ხსნის:

            „ბუდჰისტური ანალიზის თანახმად, ადამიანი უნდა დავინახოთ, როგორც ფიზიკური და აზრობრივი მოვლენების ხუთი ჯგუფი, რომლებიც ნებისმიერ დროსა  და დროის მოცემულ მონაკვეთში წარმოიქმნება ზემოქმედებით/დამოკიდებულებით. ეს ნიშნავს, რომ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხდება იმგვარად, რომ მოვლენები ხორციელდება საკმაოდ თავისებურ გროვებად. ამ გადმოსახედიდან, „ადამიანი“ არის ფიზიკური და აზრობრივი მოვლენების ჯგუფების წყება, რომლებიც ხორციელდება „ადამიანის ნიშნით“, განსხვავებით, მაგალითად, ძაღლის ნიშნისგან. მეტიც, მიზეზობრივი კავშირით ნიშანი, რომლითაც ხორციელდება მოვლენა, მიდრეკილია საკუთარი თავის კვლავწარმოებისკენ, ამიტომ გარკვეული დროის განმავლობაში შედარებით მდგრადია. ამდენად, ისე არ ხდება, რომ კაცი ერთ წამში კაცი იყოს და შემდეგ -ძაღლი, არამედ გარკვეული დროის შემდეგ ჩვილი ხდება ბავშვი, ხოლო ბავშვი -ზრდასრული. ამიტომ მართალია, მე არ ვარ იგივე, რაც ვიყავი სამი წლის ასაკში, რადგან ჩემში არც ერთი ნაწილი აღარაა იგივე, რაც იყო მაშინ, მაგრამ მაინც არსებობს განგრძობითი მიზეზობრივი კავშირი იმ ფიზიკურ და აზრობრივ მოვლენათა ჯგუფებსა და ნიშნებს  შორის, რაც 35 წლის წინ ხდებოდა და მას შორის, რაც ახლა ხდება. მაშასადამე, ადამიანი, რომელიც მე ვარ, არსებობს არა იმავე ორგანიზმად (ერთიანობად), რომელიც 35 წლის განმავლობაში მუდმივობას ინარჩუნებდა, არამედ წარმოადგენს ფიზიკური და აზრობრივი მოვლენების კონკრეტული ჯგუფების მიზეზობრივი კავშირის შედეგს“ (Gethin 1998, 142).

            შესაბამისად, ბუდჰიზმი არ უარყოფს პიროვნებას, როგორც ინდივიდუალური მოგონებების, გამოცდილებების, შეგრძნებებისა და ემოციების განმცდელ არსებას. პიროვნების არსებობა და განგრძობითი კავშირი აუცილებელია ბუდჰისტური ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი კარმის თეორიის გამართულად მუშაობისთვის. თუ რატომ, ამაზე შემდეგ თავში ვისაუბრებ.

ბუდჰისტური კოსმოსი

            ბუდჰისტური კოსმოსი სამყაროთა საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურაც, სხვადასხვა წყაროს თანახმად, სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას. ამ ნაწილში უმეტესად რუბერტ გეთინის მსჯელობას დავეყრდნობი და ვეცდები, მხოლოდ საკვლევი თემის შესაბამისი მოსაზრებები გამოვყო.

            ბუდჰისტური კოსმოსი, მარტივად რომ ვთქვათ, საფეხურეობრივად განლაგებულ სამყაროთა გროვების სისტემას წარმოადგენს. თითოეულ სისტემას ან სფეროს საკუთარი ღმერთები, ბრაჰმები ჰყავს. არ არსებობს ერთი უზენაესი შემოქმედი ღმერთი, რომელსაც სათავეში მოვათავსებთ და ყველა სისტემას დავუქვემდებარებთ: „სინამდვილეში, სამყარო ვიწროვდება სულ ზემოთ, ერთი კლასის დიდ ბრაჰმას ყოველთვის აღემატება სხვა, უფრო მაღალი კლასის დიდი ბრაჰმა“ (Gethin 1998, 114). სამყაროთა რაოდენობა ძირითადად უსაზღვროდ მიიჩნევა და ოცდათერთმეტ დონედ იყოფა. ეს დონეები სხვადასხვა ფორმის არსებობის სამყაროებია, რომლებშიც ცოცხალი არსებები იბადებიან, და იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: (1) ხუთი შეგრძნების სამყარო, რომელშიც ერთიანდება თერთმეტი სამყარო (ამ სამყაროთა ბინადრებს ცნობიერება და ხუთი ფიზიკური შეგრძნების უნარი გააჩნიათ); მის ზემოთაა (2) წმინდა ფორმების სამყარო, რომელიც თექვსმეტ სამყაროს აერთიანებს და რომლის წევრებსაც ცნობიერება და მხოლოდ სმენისა და ხედვის უნარი გააჩნიათ; სულ მაღლა არის (3) ოთხი უფორმო სამყარო და მის ბინადრებს მხოლოდ ცნობიერების უნარი შესწევთ. სრულყოფილების ხარისხი დაბლიდან მაღლა მატულობს.

ადამიანის დაბადების მომდევნო ფორმას კარმა განსაზღვრავს. კარმასა და ხელახალდაბადებას პუნადჰამო მაჰათერო შემდეგნაირად განმარტავს:

            „სანსარაში არსებული ცოცხალი არსებები მოქმედებენ სხეულით, სიტყვითა და გონებით. ეს არის კარმა და ასეთ ქმედებებს ყოველთვის აქვთ თანმდევი შედეგები. თუკი ქმედებები მარჯვეა (skilful), მათ სასიამოვნო შედეგები მოჰყვება, თუ არაა მარჯვე, მტკივნეულ შედეგებამდე მივყავართ. შენიშნეთ, რომ ეს ტერმინოლოგია სჯობს „კარგისა“ და „ბოროტის“ გამოყენებას, რადგან კარმა არ არის ღვთაებრივი განსჯა, არამედ ბუნების კანონია. სიკვდილის დროს, როდესაც სხეული ცნობიერებას აღარ უზრუნველყოფს მასაზრდოებელი გარემოთი, ცნობიერების შემდეგი განვითარება აღმოცენდება ახალ სხეულში, რომელიც განისაზღვრება იმ ინდივიდის მიერ ფორმირებული კარმით. ეს შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ სამყაროში და შეიძლება მიმართული იყოს ზემოთ ან ქვემოთ, გააჩნია ადამიანის კარმას. ხელახლა დაბადების განმეორებითი პროცესი დაუსაბამო და დაუსრულებელია მანამ, სანამ ადამიანი არ მიაღწევს სრულ გამოღვიძებას და დაასრულებს მას (სანსარას. მ.ხ). ხელახალ დაბადებას არ აქვს თავისთავადი პრინციპული მიზეზი; სანსარას ამაოების დანახვა არის გამოღვიძების მნიშვნელოვანი მხარე”(Mahathero 2018, 22)[8].

სამყაროებში შვეული გადაადგილების შესახებ გეთინი აღნიშნავს, რომ ეს განვითარება არ უნდა გავიაზროთ, როგორც კიბის საფეხურებზე მოძრაობა. ნირვანა, საბოლოო დანიშნულების ადგილი, სადაც სანსარასგან გათავისუფლებული ადამიანი ხვდება, შესაძლოა ნებისმიერმა სამყაროს ბინადარმა მოიპოვოს, ე.ი. ამისთვის საჭირო არ არის იერარქიულ საფეხურებზე თანდათანობით ამაღლება. თუმცა სანსარასგან თავის დაღწევის მცდელობა ხანგრძლივია, რომლის დროსაც არსებები უამრავჯერ იბადებიან ხელახლა სხვადასხვა სამყაროში. თითოეული ცხოვრება განსაზღვრავს შემდეგი დაბადების სამყაროს, რაც კარმული ფორმაციის შედეგია. სანსარაში ხეტიალი სამყაროებს შორის ხეტიალს გულისხმობს და მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანი ერთხელ მაინცაა თითოეულ სამყაროში დაბადებული, გარდა იმ ხუთისა (the Pure Abodes), სადაც ნირვანაში გადასასვლელად მზადმყოფი დიდი ბრაჰმები და უზენაესი ღმერთები იმყოფებიან.

სანსარაში ადამიანის დაბადების ექვსი ფორმა გამოიყოფა: ღმერთების სამყარო, ღვთაებების სამყარო, ადამიანების სამყარო, ცხოველების სამყარო, სულების სამყარო და ჯოჯოხეთის არსებების სამყარო. სამყაროს ციკლურობა ამ სამყაროებში დაუსრულებელ წრებრუნვაში, ხელახლა დაბადებაში მდგომარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელახლა დაბადება არ გავაიგივოთ რეინკარნაციასთან, ვინაიდან რეინკარნაცია გულისხმობს სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სხვა სხეულში დაბადებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ბუდჰიზმში არამეს ცნებას. ადამიანის სიკვდილი გულისხმობს მისი შემადგენელი სკანდჰების ურთიერთდაკავშირების რღვევას, თუმცა მისი კარმა არსებობას განაგრძობს და განაპირობებს მომდევნო დაბადების ფორმას, ე.ი. განსაზღვრავს, თუ რომელ სამყაროში დაიბადება ადამიანი აღიშნული ექვსიდან. გეთინი მიიჩნევს, რომ ბუდჰისტური კოსმოლოგია სამყაროების იერარქიის ფორმას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შესაბამის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება: „როდესაც ადამიანი არასასიამოვნო ფსიქიკურ მდგომარეობას განიცდის, როგორიცაა არაკეთილგანწყობილება, სიძულვილი ან დეპრესია, მაშინ იგი განიცდის ჯოჯოხეთის მსგავს სამყაროში არსებობას – სხვა სიტყვებით, ის ხანმოკლე დროით სტუმრობს  ჯოჯოხეთის სამყაროს; როდესაც ეს არასასიამოვნო მდგომარეობები გაივლის (რაც აუცილებლად მოხდება), არსება დაბრუნდება ადამიანისთვის ბუნებრივ ფსიქიკურ მდგომარეობაში, რომელიც მიიჩნევა არსებითად ჯანსაღად და სასიამოვნოდ. მაგრამ თუ არაკეთილგანწყობილების, სიძულვილისა და დეპრესიის მდგომარეობები ამ არსების გონებისთვის ჩვეულ მდგომარეობებად იქცევა, იქმნება საშიშროება იმისა, რომ ის მოსაზრებულზე გაცილებით მეტი დროით აღმოჩნდეს ჯოჯოხეთის არსებების სამყაროში – სხვა სიტყვებით, როდესაც ჯანსაღი მდგომარეობა, რომელიც მას ადამიანების სამყაროში ეუფლებოდა, ქრება და ის კვდება, შესაძლოა საკუთარი თავი პოვოს არა უბრალოდ ჯოჯოხეთის სტუმრად, არამედ იქ ხელახლა დაბადებულად“ (Gethin 1998, 122-123). იგივე პრინციპი მოქმედებს დადებით ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზეც, რომლებიც ადამიანს უფრო ამაღლებულ სამყაროში ამყოფებს ან ბადებს. ამგვარი კავშირი ადამიანის ფსიქიკურ  მდგომარეობასა და მის კარმულ ფორმაციას შორის ლოგიკურია: კარმას უბრალოდ ადამიანის ფიზიკურად განხორციელებული ქმედებები კი არა, არამედ მისი გაცნობიერებული არჩევანი და ფიქრები განსაზღვრავს: „რაც ჩვენ დღეს ვართ, მომდინარეობს ჩვენი გუშინდელი ფიქრებისგან, და ჩვენი ახლანდელი ფიქრები ქმნის ჩვენს ხვალინდელ ცხოვრებას; ჩვენი ცხოვრება არის ჩვენი გონების ქმნილება“ (Thompson 2004, 63).

ხსნა ბუდჰისტურ სოტერიოლოგიაში

            სამყაროს ციკლურობის, სანსარასა და კარმას თეორიებით ნაჩვენებია ადამიანის რაობა და ადგილი სამყაროში, მაგრამ ბუდჰიზმი მხოლოდ ფილოსოფია არ არის, რომელიც ეგზისტენციალურ და ონტოლოგიურ კითხვებზე პასუხებს ეძებს, არამედ ესაა რელიგია. ქრისტიანობის მსგავსად ბუდჰიზმიც სთავაზობს ადამიანს ხსნის გზას. აღნიშნულ თავში ბუდჰისტურ სოტერიოლოგიაზე ვისაუბრებ და ვეცდები, გავაერთიანო ნაშრომში დასმული საკითხები.

ბუდჰიზმის ერთ-ერთ მთავარი სწავლებაა ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება: ტანჯვა არსებობს; ტანჯვის მიზეზები არსებობს; ტანჯვისგან ხსნა არსებობს; ტანჯვისგან ხსნის გზა არსებობს. ტანჯვის სამყაროსა და არსებობისგან განუყოფელობაზე უკვე ვისაუბრე და ვნახეთ, რომ სანამ ადამიანი სანსარაში იმყოფება, მისთვის ტანჯვა გარდაუვალია, ამიტომ იგი უნდა ისწრაფვოდეს სანსარისგან თავის დაღწევისკენ. მაგრამ რაში მდგომარეობს სანსარისგან თავის დაღწევა? ე.ი რას გულისხმობს ხსნა ბუდჰიზმში?

            ხსნა კარმული ციკლის დასრულებასა და ნირვანაში გადასვლას გულისხმობს. ნირვანა სანსკრიტულ ენაზე „ჩაქრობას“ ნიშნავს, თუმცა მისი რეალური მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. ნირვანაში ჩაქრობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ახალ სამყაროში ჩაინთქმება, გაქრება ან მყისიერად მოკვდება. რეალურად ნირვანა ერთ-ერთი ყველაზე დაუზუსტებელი მოცემულობაა ბუდჰიზმში და მასთან დაკავშირებით მრავალი საპირისპირო მოსაზრება არსებობს, თუმცა, გავრცელებული აზრით, ეს არის პროცესი გამოღვიძებისა, როდესაც ქრება სანსარაში ადამიანის ტანჯვის გამომწვევი მიზეზები: სიძულვილი, სიხარბე და უცოდინრობა: „იმ დროს, როდესაც ბუდჰამ შეიმეცნა ტანჯვა, მისი მიზეზი, მისგან ხსნა და ხსნის გზა, ეს ცეცხლები ჩაქრა. ეს პროცესი საერთოა ყველასთვის, ვინც მიაღწევს გამოღვიძებას. ადრეული ტექსტები მოიხსენიებს მას ან ნირვანად, ან პარინირვანად, სრულ „ჩაქრობად“ ან „გაქრობად“ გაუმაძღრობის, არაკეთილგანწყობილებისა და უცოდინრობის ცეცხლებისა. ეს არ არის „რაიმე“, არამედ ესაა მოვლენა ან გამოცდილება“ (Gethin 1998, 75). მაშასადამე, „ჩაქრობა“ მიემართება არა ადამიანს, არამედ იმ ფსიქოლოგიურ და აზრობრივ მდგომარეობებს, რომლებიც ადამიანის სანსარაში ყოფნას განაპირობებდა, ამიტომ ნირვანაში გადასვლა ადამიანის სიკვდილს კი არ გულისხმობს, არამედ ტანჯვისა და არასასურველი გონებრივი მდგომარეობისგან გათავისუფლებას. გამოღვიძებული ადამიანი განაგრძობს არსებობას, აზროვნებასა და ქმედებას, მაგრამ მისი გონება, ფიქრები და სურვილები სრულიად დაცლილია უარყოფითი ფორმებისგან და განპირობებულია მხოლოდ სიყვარულით, სიკეთით, გონიერებით, გულუხვობით. მისი ზრახვები და ქმედებები, შესაბამისად, ვეღარ გამოიწვევს უარყოფით კარმულ ფორმაციებსა და სამყაროთა იერარქიის ქვედა საფეხურებზე ჩამოსვლას, იგი სრულიად აღწევს თავს სანსარას, ე.ი. აღარ ხდება ხელახალი დაბადება. როდესაც გამოღვიძებული ადამიანი კვდება, იშლება სკანდჰების ის ერთობა, რომელიც მის არსებობას ქმნიდა და ისინი აღარასდროს გაერთიანდება ახალი ფორმის არსებობის შექმნისათვის. ამგვარად, იგი წყვეტს არსებობას ციკლურ სამყაროში. გეთინი აღნიშნავს, რომ, თანამედროვე გაგებით, ნირვანა განიხილება, როგორც გამოღვიძების გამოცდილება, თუმცა არსებობს განსხვავებული მიდგომაც, რომელიც ნირვანას ხუთი ელემენტის ერთიანობის სამარადისო დაშლის შედეგად მიღწეულ მდგომარეობად მიიჩნევს. არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გამოღვიძებული ადამიანის სიკვდილისშემდგომ ნირვანულ ყოფაში, თუმცა ამაზე დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია, რადგან ნირვანა შეუცნობელი, განუსაზღვრელი და აბსოლუტურია: „…გამოღვიძებისას, სიხარბის, სიძულვილისა და უმეცრების ცეცხლების ჩაქრობის დროს გონება პირდაპირ შეიცნობს ამ აბსოლუტურ სამყაროს… შეიძლება ითქვას, რომ ნირვანა შემეცნების საგანია გამოღვიძების ჟამს, როდესაც იგი მეოთხე ჭეშმარიტებას ხედავს“ (Gethin 1998, 77). ამ მხრივ ბუდჰიზმი განსხვავდება ქრისტიანობისგან, სადაც ადამიანი სასუფეველს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იმკვიდრებს, ბუდჰიზმში კი ნირვანას გამოცდილება სიცოცხლეშივე გვენიჭება.

            გამოღვიძების, ხსნის გზა, იგივე რვასაფეხურიანი გზა, აერთიანებს იმ მოთხოვნებს, ეთიკურ ნორმებს, რომელთა გამომუშავებით ადამიანი სამყაროს აღიქვამს ისეთად, როგორიც არის, ე.ი. იგი აღარაა უმეცარი, შეიმეცნებს რა ჭეშმარიტებას, იგი თავისუფლდება სიხარბისა და სიძულვილისგან. რვასაფეხურიანი გზა სამ გზად იყოფა: (1) სიბრძნე (სწორი ხედვა, სწორი განზრახვა); (2) ქცევა (სწორი სიტყვა, სწორი ქმედება, სწორი ცხოვრება); (3) მედიტაცია (სწორი ცნობიერება, სწორი ყურადღება). ჩამოთვლილი ეტაპები არ უნდა გავიაზროთ საფეხურებად, რომლებიც ადამიანმა თანმიმდევრულად უნდა გაიაროს: ყოველი მათგანი თანაბარმნიშვნელოვანია და ერთდროულად უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ისინი ერთიანობაში წარმართავენ ადამიანის ფიქრის პროცესსა და ქმედებებს: „ბუდჰისტური პრაქტიკის საშუალებებით რვა განზომილება თანდათან და ერთად იცვლება და ვითარდება მანამ, სანამ ისინი ჩამოყალიბდება „სწორად“, იმგვარად, რომ შეადგინოს „კეთილშობილური“ რვასაფეხურიანი გზა“ (Gethin 1998, 82).

            ადამიანი, რომელიც საბოლოოდ გათავისუფლდება ამქვეყნიურ, ნივთიერ სამყაროზე მიჯაჭვულობისგან, ვნებებისა და მიდრეკილებებისგან, შეიმეცნებს სამყაროს მიზეზშედეგობრიობის კანონს, გათავისუფლდება საკუთარი მესგან და მიაღწევს ნირვანას, ე.ი. საკუთარი მეობის ნირვანაში ჩაქრობას. ეს არის ბუდჰისტური სოტერიოლოგია, რომელიც მიწიერ ცხოვრებას თავისთავად მტანჯველად მიიჩნევს და ხსნას მისგან გათავისუფლებაში ხედავს, განსხვავებით ქრისტიანობისგან, სადაც ქრისტე ადამიანთან ერთად წუთისოფლის შემწეცაა. თუკი ბუდჰიზმში გასხივოსნებული, „მეობაჩამქრალი“ ადამიანი სიკვდილის შემდეგ აღარ იბადება და მისი შემადგენელი ხუთი სკანდჰა აღარასდროს ფორმირდება ახალი პატერნით ახალ სამყაროში, ქრისტიანობა ადამიანს, რომელსაც სული გააჩნია, სხეულებრივ აღდგომასა და მეობის მარადიულ არსებობას ჰპირდება მიღმიერ სამყაროში. თუკი ქრისტიანობაში კაცობრიობას მხსნელი ევლინება ქრისტეს სახით, ბუდჰიზმში საკუთარ ხსნაზე მხოლოდ ადამიანია თავად პასუხისმგებელი, როგორც საკუთარი კარმის ფორმაციის მიზეზი: „ბუდჰიზმი, რა თქმა უნდა, არ შეიცავს ღმერთის რწმენას – ამიტომ აქ არაა გაერთიანება გარე, ტრანსცენდენტულ ღმერთთან ადამიანის სულიერი მოგზაურობის ბოლოს. ბუდჰიზმის ტრანსცენდენტულობა მდგომარეობს ადამიანის ცნობიერების მუდმივად მაღალი დონეებისკენ აღმასვლაში – რასაც საბოლოოდ გასხივოსნებასთან მივყავართ“ (Thompson 2004, 65).

დასკვნა

            ნაშრომში განვიხილე ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია, ვისაუბრე ადამიანის რაობაზე, მის მეობასა და მიმართებაზე დანარჩენ სამყაროსთან. სამყაროს ურთიერთდაკავშირებულობისა და მიზეზშედეგობრიობის კანონის აღნიშვნით ვაჩვენე, თუ როგორ უარყოფს ბუდჰიზმი ატმანის ცნებას; ვისაუბრე არამეს ცნებასა და ხუთი სკანდჰის თეორიაზე. სანსარას, კარმასა და ნირვანას ცნებების განხილვის შემდეგ აღვწერე ხსნა ბუდჰისტურ სოტერიოლოგიაში და შევეცადე მეჩვენებინა, რომ ბუდჰიზმში ადამიანის ბედი არაა განსაზღვრული და მისგან დამოუკიდებლად ფორმირებული, არამედ ადამიანი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ კარმასა და ხსნაზე. ბუდჰა, რომელიც არის მასწავლებელი, და არა – ღმერთი, მიუთითებს მას ხსნისკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ადამიანი, რომელიც შეიმეცნებს სამყაროს საკუთარი ეთიკური, მორალური და ზნეობრივი მეცადინეობით, აღმოაჩენს მიზეზშედეგობრიობის ბუნებრივ კანონზომიერებას და უარყოფს საკუთარ მეს, როგორც უცვლელ და მარადიულ არსებას, გათავისუფლდება მიწიერი ვნებებისა და ბორკილებისგან, სამუდამოდ დააღწევს თავს მტანჯველ ბრუნვად სამყაროს.


ბიბლიოგრაფია

Thompson, Mel. Eastern Philosophy. UK: Hodder Headline Plc, 2004.

Reynolds, F. E. , Nakamura, . Hajime , Lopez, . Donald S. , Tucci, . Giuseppe , Kitagawa, . Joseph M. and Snellgrove, . David Llewelyn. “Buddhism.” Encyclopedia Britannica, April 8, 2021. https://www.britannica.com/topic/Buddhism.

Siderits, Mark, “Buddha”, The Stanford Encyclopedia of Philosophy (Spring 2019 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL = <https://plato.stanford.edu/archives/spr2019/entries/buddha/>.

Conze, Edward. Buddhism, A Short History. UK: Oneworld Publications, 2008.

Gethin, Rupert. The Foundations of Buddhism. UK: Oxford University Press, 1998.

Thomas, Edward J. The Life of Buddha, As Legend and History. India: Shri Jainendra Press, 2011.

Dessein, Bart. “The Notion of ‘Self’ in Buddhism.” Communication & Cognition 32, no. ½ (1999).

Sivaraksa, Sulak. “Buddhism and Human Freedom.” Buddhist-Christian Studies 18 (1998): 63-68. Accessed April 19, 2021. doi:10.2307/1390436.

Knitter, Paul, and Peter Feldmeier. “Are Buddhism and Christianity Commensurable? A Debate/Dialogue between Paul Knitter and Peter Feldmeier.” Buddhist-Christian Studies 36 (2016): 165-84. Accessed April 19, 2021. http://www.jstor.org/stable/24801554.

Shulman, Eviatar. “Polyvalent Philosophy and Soteriology in Early Buddhism.” Philosophy East and West 67, no. 3 (2017): 864-86. Accessed April 19, 2021. http://www.jstor.org/stable/26404894.

Pan-chiu, Lai. “Timothy Richard’s Buddhist-Christian Studies.” Buddhist-Christian Studies 29 (2009): 23-38. Accessed July 28, 2021. http://www.jstor.org/stable/40864803.

Mahathero, Punnadhammo. The Buddhist Cosmos: A Comprehensive Survey of the Early Buddhist Worldview; according to Theravada and Sarvastivada sources. Independently published, 2018.


[1] თუ ვნახავთ ბუდჰიზმის გავრცელების გეოგრაფიულ არეალებს, აღმოვაჩენთ, რომ ბუდჰიზმი გვხვდება ისეთ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც არათუ დრაკონისა და გველის კულტები არ გვხვდება, არამედ აქტიურად მისდევენ მეცხოველეობას. ტიბეტი ბუდჰიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი კერაა, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გამო მიწათმოქმედება შეუძლებელია, ამიტომ ძირითადად მეცხოველეობასა და მეხორცეობას მისდევენ.

[2] ჩრდილოეთ ინდოეთის მაგადჰას სამეფოში აღმოცენებული არაორთოდოქსული ჰინდუისტური სკოლებიდან ჩამოყალიბებული ორი ძირითადი ტრადიცია განირჩევა: ჯაინიზმი და ბუდჰიზმი.

[3] Britannica, T. Editors of Encyclopaedia. “Skandha.” Encyclopedia Britannica, May 20, 2011. https://www.britannica.com/topic/skandha.

[4] Shravak, Lalji. “Buddha’s Rejection of the Brahmanical Notion of Atman.” Communication & Cognition Vol.32, No. ½ (1999): pp.9-20.

[5] ან ბრაჰმანი. ავტორის თანახმად, უპანიშადებში ბრაჰმანისა და ატმანის ცნებები იდენტური ხდება. მანამდე, ბრაჰმანი ასოცირდებოდა უნივერსალურ სულთან, ხოლო ატმანი- ინდივიდუალურ სულთან (Shravak 1999, 9).

[6] Gomez, Luis O. „The Elusive Buddhist Self: Preliminary Reflections on its Denial.” Communication & Cognition Vol.32, No. ½ (1999): pp.21-52.

[7] Dessein, Bart. “Self, Dependent Origination and Action in Bactrian and Gandharan Sarvastivada Abhidharma Texts.” Communication & Cognition Vol.32, No. ½ (1999): pp.53-84.

[8] Mahathero, Punnadhammo. The Buddhist Cosmos: A Comprehensive Survey of the Early Buddhist Worldview; according to Theravada and Sarvastivada sources. Independently published, 2018.



მდევარი