გასული დღეებია ვხედავთ სამოქალაქო ისტერიას. დღეს, როცა საქართველო სპობის საშიშროების წინაშეა, “მდევარს” აქვს სათქმელი:
სახელმწიფოში, სადაც არის ერთი თაობა, რომელიც თანმიმდევრულად შეესწრო საბჭოთა რეპრესიებს, სამოქალაქო ომს, აფხაზეთში ქართველთა გენოციდს, აგვისტოს რუსულ ოკუპაციასა და გატირანებულ ხელისუფლებებს, მოქალაქეებს არ გაგვაჩნია ჩეჩმის სითბოში მოკალათებული პოლიტიკანებისაგან საერო აგონიის ფასად წინ გადადგმული ნაბიჯების გაამაოების ფუფუნება.
როცა ხარ ქართველი, ნიშნავს, რომ თუნდაც ვერ იცხადებდე, კოლექტიურ მეხსიერებაშია ამოშანთული ერად გადარჩენისთვის, თავისუფლების ქონისთვის ბრძოლა. ადუღებული სისხლის ოხშივრით ამყრალებული ხელისუფლებების წინააღმდეგ დაცემულ კარვებში, უბოლოო აქციებზე გამოზრდილი თაობა თავისთავადად, არსებით, ბიოლოგიურადაა გაუტეხელი და თუ რომელიმე გაძაღლებულ სამართლის მუშაკს, გახატებული ბატონების ძლევამოსილებიანი შარავანდედის გამოისობით ჰგონიათ, რომ ნადირული სიავე როგორმე შერჩებათ, ტყუილია,- ასწლეულის ისტორია კი არა, ის თაობა გაასამართლებთ, მამებისგან ხელისუფლების გარდაუვალი გადაბარება რომ უწერიათ. იგივე ეხებათ უშუბლისძარღვო დეკანატებსაც, სტუდენტების დასარბევად ოცეულებს რომ ამწესებენ აკადემიის კედლებში.
“მდევარი”, როგორც იდეალებისადმი ლტოლვით, იდეალური მიზნით გაერთიანებული თავისუფლი საზოგადოება, როგორც იმ ახალგაზრდების ერთობა, დღესა და ღამეს რომ ასწორებენ ქართული აკადემიური აზრის გადასარჩენად უსასყიდლო შრომაში, დგას დამსახურებული სამოქალაქო კეთილდღეობისადმი ლტლოვის მხარეს. იმ სამოცამდე ადამიანს, განსხვავებულ დროს რომ იყვნენ და არიან ჩვენი გამომცემლობის მონაწილეები, ჩვენს მკითხველსა და გულშემატკივარს, გთხოვთ, არ გაბედოთ დანებება.
ბექა იობიძე, 30.11.2024
ბევრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, უფრო მეტი საკუთრივი სასაზრისო რესურსების ნაკლებობისაგან ვერ ამჩნევს, მაგრამ ქართული ენა მომსპარია. ახლა იმ ხეპრეთა ჯოგზე არ ვილაპარაკებ, ტელევიზორებსა და ინტერნეტ-მედიაში სამარცხვინო გაშუქების შესაძლებლობით რომ ამყრალებენ საყოველთაო ეგზისტენციას; ქართულ აკადემიაზე დავწერ.
მოკლედ, რა ხდება ქართულ აკადემიურ სივრცეში, – ქართულად არ იქმნება სამეცნიერო ლიტერატურა, არ არსებობს სრულფასოვანი აკადემიური რესურსები და რაც არსებობს, დიდწილად უვარგისია. ამიტომაც, საკმაოდ ბუნებრივად, ჩვენ ვსწავლობთ ინგლისურად, ნასწავლზეც ერთმანეთს ვესაუბრებით ინგლისურად და საბოლოოდ – ენას ვბილწავთ კალკებით, ბარბარიზმებითა და კლასიფიკაცია რომ შეუძლებელია, ისეთი სიმახინჯეებით. საკმაოდ ბუნებრივად, სამეტყველო წესრიგში მკვიდრდება ის სიტყვები, რომლებსაც მთელი სტუდენტობა ვიყენებთ.
მე ეს არ მომწონს, ფიზიკურად ვერ ვეგუები, ბაბუმ ასეთი გამზარდა. ამიტომ, ძალიან დიდი ხანია მჭამდა ჟინი, გამეკეთებინა ხელმისაწვდომი არქივი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა სუფთა, გამართული ქართულით, სრულფასოვანი აკადემიური წესით შექმნილი ნაშრომები; სადაც ანალიზური ლიტერატურის ქართულად წერის მსურველებს შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთარი სტატიების გამოქვეყნებისა.
მოკლედ, ციფრული აკადემიური ჟურნალი შევქმენი, – მდევარი , რომელიც გააერთიანებს სუფთა ქართულით, აკადემიური წესების დაცვით დაწერილ სტატიებს – კვლევითსა და ანალიზურ ნაშრომებს, სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანებსა და უმიზეზოდ დავიწყებული ქართველ მეცნიერთა ბიოგრაფიებს.
დიდი სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჟურნალში გაერთიანებულია პროექტი Podcast De re publica, რომელიც მოიცავს პოდკასტების სერიასა და კვლევით ნაშრომებს პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ. ეს იყო უმშვენიერესი, ყველაზე უფრო საინტერესო ეპიზოდი ქართულ ისტორიაში და მის შესახებ ვიცით ძალიან ცოტა. აქვე, განსაკუთრებული მადლობა „De Re Publica“ – ს ავტორებს „მდევარის“ შექმნაში შეტანილი წვლილისათვის. მათთან ურთიერთობა განსაკუთრებულად მიხარია.
რაც ყველაზე მთავარია, „მდევარი“ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი.
„მდევარი“ უფასოა და ასე იქნება ყოველთვის.
ბექა იობიძე, 01.12.2022