 
        
    აკადემიური გამომცემლობა
–
–

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.
 
        
    "მდევარის" ავტორთა სვეტი
დავიწყება, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა
ბრიტანელი ანთროპოლოგი მერლინ სთრათერნი თავის წიგნში „ბუნების შემდგომ: ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლისში“ საინტერესო შედარებას გვთავაზობს ინგლისელებისა და ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლების მიმართებებს შორის, კერძოდ, პიროვნების ცნების, მისი თავისთავადობისა და სიკვდილის შესახებ. ინგლისელ საზოგადოებაში ეს უკანასკნელი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა არსებობა შეწყვიტა - ის ცნობიერად ახლობლების მეხსიერებაშია. მაშინაც კი, თუ მის შესახებ მოგონებები და ცნობები გაფერმკრთალდება, გენეალოგიურ ხეზე აღნიშვნაც საკმარისი იქნება დასაშვებად, რომ არსებობდა გამორჩეული მახასიათებლების მქონე პიროვნება. ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლები კი ადამიანის გარდაცვალებას განსხვავებულად აღიქვამენ: მერლინ სთრათერნი მოიხმობს უამრავ ეთნოგრაფიულ კვლევასა და ცნობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განიწმინდოს ტრობრიანელი გარდაცვლილ ადამიანთან საზოგადოებრივი ურთიერთობისგან - რიტუალებია საჭირო, რომელთა ზედმიწევნით შესრულებაც არსებული კავშირის ცვლილების საწინდარია. უფრო ზუსტად, ტრობრიანელთათვის პირი საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობით განისაზღვრება, სიკვდილის შემდეგ კი ის და მისი დანიშნულება გადაისინჯება, სხვა ადამიანით ნაცვლდება, რის გამოც მასთან ბმა წყდება და ივიწყებენ. ინგლისელთა შემთხვევაში კი ცნობიერში ადამიანის მდგომარეობა იცვლება, თუმცა ის მახსოვრობაში, როგორც პიროვნება, ახლობელი, აგრძელებს არსებობას.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ხევსურეთის ისტორიული მიმოხილვა
ისტორიულ-არქეოლოგიურად ხევსურეთი ჯერ შეუსწავლელია და ამიტომ ძნელია ამ კუთხის სრული ისტორიული მიმოხილვა. მაგრამ იმ მცირეოდენი და ნაწყვეტი ცნობების მიხედვით, რომლებიც მოიპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში, ჩვენ მაინც შევეცდებით აღვადგინოთ ხევსურეთის ისტორიული წარსულის მკრთალი სურათი. ხევსურეთი არქეოლოგიურად არავის უკვლევია, მაგრამ შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ პრეისტორიულ ხანაში ადამიანს დღევანდელი ხევსურეთის მიდამოში უცხოვრია. ამას მოწმობს აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნივთები და სამკაულები. ამ ნივთებს შორის აღსანიშნავია ბრინჯაოს ზალტეები, ქინძისთავი და მრგვალი ბალთები.[1] რაც შეეხება ხევსურეთზე ისტორიულ ცნობებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში ეს კუთხე ხევსურეთის სახელწოდებით XV საუკუნემდე არ იხსენიება. ეს გარემოება საბაბს აძლევდა ზოგიერთ მკვლევარს ეფიქრა, რომ ხევსურეთი დასახლებულია შუა საუკუნეების მიწურულში. აქ ვითომცდა მოემწყვდნენ ფრანკი ჯვაროსნები და ხევსურებსაც ამ უცხო ენისა და ტომის ჯვაროსნების ნაშთად თვლიდნენ. ამას უმთავრესად იმითაც ასაბუთებდნენ, რომ ჯვაროსნებივით ხევსურები ტანისამოსს ჯვრებით იმკობენ და ატარებენ შუა საუკუნეების ჯავშან-იარაღს, რომელთა შორის გვხვდება ჯვაროსნობის დროის ხმლები.[2] ჩვენ აქ არ შევუდგებით ზ ი ს ე რ მ ა ნ ი ს ა და სხვათა ამ უსაფუძვლო ჰიპოთეზის განხილვას ხევსურების წარმოშობის შესახებ; ეს ჰიპოთეზა მხოლოდ გარეგანი ნიშნების შემთხვევით მსგავსებაზეა დამყარებული; მაგრამ, სამწუხაროდ, ხევსურებზე ეს ყალბი წარმოდგენა დღემდე გავრცელებულია რუსეთისა და უცხოეთის ლიტერატურაში.
"მდევარის" ავტორთა სვეტი
ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი
,,მე საკუთარ თავს ვცნობ ენაში, მაგრამ მხოლოდ იმ ფასად, რომ მასში, როგორც ობიექტი, ვიკარგები[1]’’. ჟაკ ლაკანისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნისა და ფსიქოანალიტიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რამ, რაც ადამიანს ფიზიკურ სამყაროსთან აკავშირებს, ენაა. ენა ლაკანისთვის არა უბრალოდ ურთიერთობის საშუალება, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებისა და არსებობის ქვაკუთხედია. ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი - სუბიექტი, როცა ფიქრობს, საუბრობს, წერს, გამოხატავს ენაში. თუმცა პარადოქსულად იგი საკუთარ თავს კარგავს მაშინვე, როგორც კი იწყებს ამ ენის დაუფლებას. ადამიანი ამ დროს თავის სრულყოფილ თვითქმნადობას, თავის იდეალურ შესაძლებლობას სამუდამოდ შორდება - იგი იქცევა ენის ობიექტად, ყალიბდება ენის ჭრილში და სამუდამოდ მის მარწუხებში ექცევა. შეიძლება თუ არა, რომ შენ გარშემო არსებულ საზოგადოებრივ წყობას გაექცე? ეს, ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან იგი სინამდვილეში ამგვარად წაიკითხება: შეიძლება თუ არა, რომ გათავისუფლდე? მოცემული ტექსტის მიზანია, ჟაკ ლაკანის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი წყობის თეორიისა და ანტინატალიზმის (ერთი ძალიან რადიკალური ფილოსოფიური მოძღვრების) დაკავშირებით სცადოს უპასუხოს ამ კითხვას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდელობა დასაწყისიდანვე მარცხისთვისაა განწირული, ფილოსოფიური მსჯელობის ღირებულება ხომ თავად მსჯელობაა.
"მდევარის" ავტორთა სვეტი
სალეხანა: ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა
პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძველი ჩაუყარა ჯაინიზმს და განსაზღვრა მისი განვითარების მიმართულება. მაჰავირამ სიცოცხლე სალეხანით - თვითმკვლელობა ნებაყოფლობითი შიმშილის გზით - დაასრულა და ეს უკანასკნელი ჯაინიზმის რიტუალად აქცია. ჯაინიზმისთვის სახასიათოა მკვეთრად გამოხატული მიზანი, რომლის მისაღწევადაც განსაზღვრულია საშუალებები. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ შიმშილით თვითმკვლელობის ონტოლოგიური რაობა და მასთან დაკავშირებული ეთიკურ-მორალური საკითხები, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა არის ჯაინიზმის ფუძემდებლური ღირებულებები და აქსიომური დებულებები. მოცემულ სტატიაში შევეცდები შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით აღვწერო საკუთრივ სალეხანა, როგორც ჯაინური ცხოვრების წესის ერთ-ერთი ჩვეულება. რიტუალის შესახებ ცოდნა საშუალებას მოგვცემს, გარემოებების გათვალისწინებით გავიაზროთ იგი და განვიხილოთ სტატიის მთავარი თემა: სალეხანას ეთიკა ჯაინიზმის თეორიულ ჩარჩოში და მისი შედარება დასავლურ, ქრისტიანულ აზრთან. იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ხსენებული რიტუალის შესაბამისობაზე ჯაინიზმის მთავარ პრინციპებთან და თუ როგორ გაიაზრება იგი ქრისტიანული თეოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია სალეხანა განვიხილოთ რელიგიური სისტემის ერთ-ერთ ნაწილად. სალეხანას, როგორც ნაწილის, მთელთან მიმართების აღქმა საშუალებას გვაძლევს, განსხვავებულ რელიგიურ სისტემებში განვიხილოთ ერთი და იგივე ჩვეულება.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა
ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა თვითონ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ცხოვრება ფარულად მუდამ შეიცავს ამ კითხვასა და გარკვეულ პასუხს მასზე. მაგრამ ეს კითხვა ხანდახან ფარულიდან აშკარა კითხვად იქცევა. ეს უბრალო შემთხვევა არაა. ამ კითხვის ფარულ და აშკარა არსებობას შორის დიდი სხვაობაა. კითხვის ფარული არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მასზე დადებითადაა ნაპასუხევი. კითხვის აშკარა არსებობა კი იმაზე მიუთითებს, რომ მასზე დადებითი პასუხი არ ჩანს და იძებნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების აზრის შესახებ კითხვის აშკარა ფორმით არსებობა ნიშნავს ამ კითხვის სიმწვავეს, ხოლო რაკი ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ ამ კითხვის სიმწვავე ცხოვრების შეფერხების ნიშანია. როცა ცხოვრების აზრს ვკითხულობთ და პასუხს ვეძებთ, მაშინ ჩვენი ცხოვრება პრინციპულად შეფერხებულია. ცხოვრების აზრის საკითხის სიმწვავე ხან ცხოვრების ცალკეულ მონაკვეთს უკავშირდება, ხანაც მთელ ცხოვრებას გასდევს. ადამიანთა უმრავლესობას ეს საკითხი, ჩვეულებრივ, აწუხებს ეგრეთწოდებულ გარდამავალ ასაკში - სიყრმის ან კლიმაქსის პერიოდში; ზოგიერთს კი - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ხშირადაც ამ საკითხის გამწვავება ეპოქის ნიშანია. ისტორიაში ამის მაგალითია ეგრეთწოდებული გარდამავალი ეპოქები. ასეთი იყო, მაგალითად, კონფუცისა და ლაო-ძის მოღვაწეობის პერიოდი ძველ ჩინეთში - აღმოსავლეთ ჯოუს ეპოქა, საბერძნეთში - შვიდი ბრძენის ეპოქა და ასე შემდეგ. ამ ეპოქებში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ცხოვრების აზრის საკითხს, რის გამოც იწყება ფილოსოფიური და რელიგიური მოძრაობის გამოცოცხლება. ფილოსოფია, ცხადია, სხვა ეპოქებშიც არსებობს და ხშირად ძლიერ განვითარებული სახითაც, მაგრამ ამ დროს ის „გამოდის სახლიდან“ და „მასებს ეუფლება“. მასში განმსაზღვრელი ხდება ეთიკური პრობლემატიკა, სახელდობრ - ცხოვრების აზრის პრობლემა. ასე იყო სოკრატესდროინდელ საბერძნეთში, ძველი რომის იმპერატორულ ხანაში, აგრეთვე ჩვენს დროში - სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
სიმბოლური თვითდაზიანების საზოგადოებრივ-პოლიტიკური რიტუალი საქართველოში: ინტერვიუ ნინო ჟღენტთან
სიმბოლური თვითდაზიანება თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში საკამათო და წინააღმდეგობრივი თემაა. ასეთი ქმედებები ხალხის მიერ განსხვავებულად და არათანმიმდევრულად აღიქმება, - ზოგისთვის პოლიტიკური დამოკიდებულების მკვეთრი გამოხატვაა, სხვებისთვის კი პირადი ტანჯვის ცოცხალქმნა ან მორალური სიმტკიცის გამოვლინება. ინტერვიუს მოპასუხეა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჟღენტი. მისი სასწავლო კურსები მოიცავს თვისებრივი კვლევის მეთოდებსა და სოციალურ თეორიას. ის ასევე არის მკვლევარი „მეხსიერებისა და შფოთვის ლაბორატორიაში“, თავისუფალ უნივერსიტეტში. მისი კვლევითი პროექტი ეხება სოციალური პროტესტების აფექტურ პოლარიზაციას. მოპასუხე თვითდაზიანებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფსიქოლოგიური პრობლემის გამოხატულებას ან გარემოებებზე პირად პასუხს, არამედ როგორც რთული საზოგადოებრივი და მორალური თავისებურებების მქონე ქმედებას. იგი საუბრობს დიურკემის თვითმკვლელობის სახეებზე და ქართულ სინამდვილესთან შესაბამისობას განიხილავს; გამოკვეთს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც მოქალაქე, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას რომ მიმართავს, შეიძლება ვერ გახდეს სიმბოლური ფიგურა.
 
             
                        
                     
             
             
                 
             
                




