რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ყოოფილი ტერორისტი, მოქმედი პრეზიდენტი

ყოფილი ტერორისტი, მოქმედი პრეზიდენტი: აჰმად ალ-შარას გარდასახვა და სირიის ახალი წესრიგი

ავტორი:

რედაქტორი: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე

კორექტორი: თიკო იობიძე

მდევარი, 2026

 

 

 

 

წინათქმა

 

სირიაში ხანგრძლივი სამოქალაქო ომისა და 2024 წლის 8 დეკემბერს ასადის კლანის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული გარდამავალი მთავრობის წინამძღოლი აჰმად ალ-შარა 2025 წლის 29 იანვარს პრეზიდენტად დაინიშნა. ამ უკანასკნელის შიდა პოლიტიკური ნაბიჯები და საერთაშორისო აღიარება, მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: წარსულში ალ-ჯულანად წოდებულმა ტერორისტმა რადიკალი მეომრის სახელი უკუაგდო და სირიული წესრიგის განსაზღვრას „დასავლური იერით“ შეუდგა. სწორედ ამიტომ ახალი მმართველი რეგიონში მდგრადობის ხელშემწყობად, სირიასთან დასავლური ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით კი იმედისმომცემ და პრაგმატულ მოკავშირედ აღიქმება.

აღნიშნულის ფონზე, წინამდებარე ნაშრომი სირიის ახალი პრეზიდენტის მეტამორფოზს მიმოიხილავს; აფასებს მას, როგორც ქარიზმატულ მეთაურს, და სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიაზე დაყრდნობით აანალიზებს მსოფლიო პოლიტიკაში მის მიმართ დამოკიდებულების გადაფასების განმაპირობებელ გარემოებებს.

 

აჰმად ალ-შარა: ბიოგრაფიული ცნობები

 

აჰმად ჰუსაინ ალ-შარა 1982 წელს ერ-რიადში, საუდის არაბეთში, დაიბადა ოჯახში, რომელიც წარმოშობით სირიის კონფლიქტური ტერიტორიიდან, გოლანის მაღლობებიდანაა. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშები, რომლებიც ალ-შარას ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურობის დროს მომზადდა, მის შესახებ, მათ შორის ბავშვობის წლებზე, მრავალმხრივ ცნობებს გვთავაზობს. მათზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ალ-შარა საკმაოდ მშვიდი და გონიერი ბავშვი იყო (Hutchinson 2025).

აჰმად ალ-შარას ოჯახის შესახებ ლეგენდის თანახმად, მისი წარმომავლობა შესაძლოა მოციქულ მუჰამადამდეც კი მიდიოდეს. მებრძოლი მემკვიდრეობა ალ-შარას ბაბუისგან ერგო, რომელიც სამხრეთ სირიაში საფრანგეთის კოლონიური ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ ჯანყში მონაწილეობდა. ალ-შარას მამა ჰუსეინიც ამ კვალს გაჰყვა, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ბაასის პარტიის[1] მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას აპროტესტებდა, რის გამოც იგი ერაყში გადაასახლეს. სირიაში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის სათავეში ასადის დინასტია იდგა. ჰუსეინმა სირიაში დარჩენის მიზნით წინააღმდეგობის შერბილება და საჯარო სამსახურის შოვნა, ამგვარად კი ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა წარსული ქმედებების გამო შეფერხდა და საკუთარ ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გადასვლა გადაწყვიტა. სწორედ აქ დაყო აჰმად ალ-შარამ ცხოვრების 7 წელი. მისი მეზობლებისა და ბავშვობის მეგობრების თქმით, იგი ადრეული ასაკიდანვე რელიგიურობით გამოირჩეოდა და თანატოლებისაგან განსხვავებით სალოცავად ყოველთვის მეჩეთში დადიოდა (Jalabi 2025).

აჰმად ალ-შარას 20-იან წლებში შებიჯებას მსოფლიოში ისეთი მნიშვნელოვანი ძვრები დაემთხვა, როგორიცაა, მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები და შედეგად აშშ-ის „ომი ტერორზე“, რასაც 2003 წელს ერაყში შეჭრაც მოჰყვა. 20 წლის ასაკში იგი ერაყში სირიელ „უცხოელ მებრძოლად“ ყალიბდება აშშ-ის წინააღმდეგ. ერაყის საზღვარზე გადასულმა ალ-შარამ სადამ ჰუსეინის მებრძოლებთან რამდენიმედღიანი სამხედრო წვრთნა გაიარა. თუმცა მალევე ბაღდადი დაეცა და დამასკში დაბრუნებული ალ-შარა, სირიის დაზვერვის დოკუმენტების მიხედვით, მამასთან წინააღმდეგობის საფუძველზე სახლში აღარ მიიღეს. ამის ნაცვლად კი ალ-შარა ისლამისტურ წრეში მოხვდა და 2005 წელს ერაყში დაბრუნების შემდეგ სალაფიტურ-ჯიჰადისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. აღნიშნული ორგანიზაცია მალევე „ალ-კაიდას“ შეუერთდა და, ამგვარად, აჰმად ალ-შარა ტერორისტად ყალიბდება. ცნობების მიხედვით, ალ-შარას მიზანი „ტოტალური ომის“ გააზრება იყო, რათა საკუთარი გამოცდილება ერთ დღესაც სირიაში გამოეყენებინა (Jalabi 2025).

2005 წელს ალ-შარას ტერორისტულ „კარიერაში“ მნიშვნელოვანი ხანა იწყება, როდესაც იგი დააკავეს და ერაყში აშშ-ის მიერ განგებულ Camp Bucca-ს ციხეში განათავსეს. აქ სასჯელს იხდიდნენ ისეთი გავლენიანი ჯიჰადისტი პატიმრები, როგორიცაა, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ („IS“) ერთ-ერთი მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ამრიგად, ალ-შარამ ციხეში თავისი სანაცნობო წრე განავრცო და სწორედ აქ გაიცნო „IS“-ის წინამძღოლთაგანი. ცნობების მიხედვით, იგი ციხეში მშვიდი პატიმარი იყო, რომელიც ბევრს კითხულობდა და სწავლობდა. ალ-შარამ ალ-ბაღდადს წერილიც კი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარ ხედვებს უზიარებდა სირიაში ჯიჰადისტური მოძრაობის შესახებ და აღნიშნულისთვის საჭირო რესურსების მოპოვების სურვილს გამოთქვამდა. საბოლოოდ, მას 6 ადამიანი შეუერთდა, ალ-ბაღდადი კი რამდენიმე თვის განმავლობაში აფინანსებდა (Jalabi 2025). შედეგად, 2011 წელს აჰმად ალ-შარამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ალ-ნუსრას ფრონტი“ – „ისლამური სახელმწიფოს“ ფარული შტო (Al-Lami 2024). სირიის ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ნაწილში, იდლიბის მთებში, ალ-შარას თავდაჯერებულობის წყალობით, მამაკაცებმა ფრონტში გაწევრიანება მალევე დაიწყეს და ერთი წლის შემდეგ ჯგუფი 5 000-მდე პირს ითვლიდა. მათს საქმიანობას რეგიონის გეოგრაფიული თავისებურებებიც უწყობდა ხელს (Jalabi 2025).

 

აბუ მუჰამად ალ-ჯულანი: ტერორისტული წარსული

 

2011 წელს სირიაში ჩამოყალიბებული „ნუსრას ფრონტი“ სამოქალაქო ომში ჩაერთო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. აჰმად ალ-შარას, საბრძოლო სახელით აბუ მუჰამად ალ-ჯულანის, წინამძღოლობით „ნუსრას ფრონტი“ გამოიწრთო და პრეზიდენტის ძალმოსილებას მნიშვნელოვნად არყევდა (Center for Strategic and International Studies 2018).

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ალ-ბაღდადის ერაყის დაჯგუფებამ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ ერაყის ჯგუფისა („Islamic State of Iraq and the Levant“ („ISIL“)) და „ნუსრას ფრონტის“ გაერთიანების შესახებ. ამით კი პირველად გასაჯაროვდა ნამდვილი კავშირების არსებობა ალ-ჯულანის დაჯგუფებასა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ვინაიდან ალ-ჯულანს საკუთარი დაჯგუფების „ISIL“-ის ძალადობრივი მიდგომებისგან ჩამოშორება სურდა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მისი უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ-შარას დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ ურთიერთს; ამ რთული ვითარებიდან თავდასაღწევად კი ალ-ჯულანმა ერთგულება „ალ-კაიდას“ შეჰფიცა. „ნუსრას ფრონტი“ „ალ-კაიდას“ სირიულ შტოდ ჩამოყალიბდა (Al-Lami 2024).

2016 წელს ალ-ჯულანმა „ალ-კაიდასგან“ განცალკევებაც გადაწყვიტა და პარალელურად საკუთარი რადიკალური ჯგუფის გათანადროულებაც დაიწყო. „ალ-ჯაზირას“ ეთერში ალ-ჯულანის ჩანაწერი გავიდა, რომელშიც იგი ყურადღებას ამახვილებდა, რომ ახალ ჯგუფს არანაირი კავშირი აღარ ექნებოდა უცხოელ მხარეებთან (BBC 2016).

შეიძლება ითქვას, რომ ალ-შარას პრაგმატიზმი მის ტერორისტულ წარსულშივე გაცხადდა. მას, როგორც ჩანს, გარკვეული ხედვები და მიზნები ჰქონდა, რისთვისაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა იყო საჭირო. მან თითქოს დროულად დაიწყო თავისი ძალადობრივი ისტორიის გარდასახვა და სახელის განცალკევებულად დამკვიდრება, თუნდაც ტერორიზმის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ალ-შარას ახალი ორგანიზაცია თავიდან სხვა სახელით გაეცნო საზოგადოებას, 2017 წელს კი ეწოდა – „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამ“ („HTS“). მიუხედავად გამოყოფისა და ცვლილებებისა, „HTS“ გაეროს, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა თუ სხვა ქვეყნების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში კვლავ რჩებოდა. მეტიც, აშშ-ს 10 მილიონიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული მასზე, ვინც ალ-ჯულანის ადგილსამყოფელს გაამხელდა (Al-Lami 2024).

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად ალ-ჯულანის პრაგმატული ქმედებებისა, „ალ-კაიდასგან“ გამოყოფა დასავლურმა სამყარომ ფარსად მიიჩნია და კავშირების გაწყვეტის მიზეზი უფრო არსებით, შესაძლო იდეოლოგიურ სხვაობაში დაინახა. ცხადია, რომ ალ-შარას პრეზიდენტობამდე მისი გარდასახვა ჭეშმარიტებად არ აღიქმებოდა.

 

სირიის სამოქალაქო ომი და ალ-შარა გარდამავალი მთავრობის სათავეში

 

2011 წელს „არაბული გაზაფხულის“ ტალღის დროს დაწყებულ სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის ყველაზე გავლენიან ჯგუფს სწორედ აჰმად ალ-შარას „HTS“ წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღინიშნა, მთავარ ძალად ჩამოყალიბდა მეამბოხეთა მნიშვნელოვან ანკლავში, იდლიბის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით (Reuters 2024).

სირიის სამოქალაქო ომი რეგიონში მიმდინარე აჯანყებათა შორის ყველაზე რთული და მრავალწახნაგოვანი კონფლიქტი იყო, რომელშიც ორჯერ, 2013 და 2015 წლებში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი თითქმის დაემხო. თუმცა საგარეო მოთამაშეების დახმარებით, როგორიცაა რუსეთი, რეჟიმი კვლავ ინარჩუნებდა ძალაუფლებას (Yacoubian 2021).

სირიის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი მოვლენები 2024 წლის 27 ნოემბერს დაიწყო და მათში არსებითი წვლილი სწორედ აჰმად ალ-შარამ შეიტანა. კერძოდ, ამბოხებულებმა მთავრობის მომხრე ძალებზე მასშტაბური შეტევები წამოიწყეს და სამი დღის შემდეგ მათ სირიის სიდიდით მეორე ქალაქი – ალეპო აიღეს. მსგავსი თავდასხმები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში გრძელდებოდა და ბაშარ ალ-ასადის მებრძოლთა მარცხით სრულდებოდა. აღნიშნულ შეტევებში მთელი რიგი მეამბოხეთა ჯგუფები მონაწილეობდნენ, მაგალითად, „ისლამური ფრონტი“, „სირიის თავისუფალი არმია“ და ა.შ., თუმცა სათავეში სწორედ აბუ მუჰამად ალ-ჯულანის ხელმძღვანელობით „HTS“, ყველაზე დიდი და კარგად მოწესრიგებული ჯგუფი, იდგა (Al Jazeera 2024).

რამდენიმედღიანი ძლიერი თავდასხმების შედეგად, 2024 წლის 8 დეკემბერს მეამბოხეებმა დამასკის ასადის რეჟიმისგან გათავისუფლება გამოაცხადეს. დედაქალაქის შუაგულში, ომაიანების მეჩეთიდან, ამბოხებულთა მთავარი დაჯგუფების მეთაურმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანმა საზოგადოებას მიმართა და ასადის დამხობას მთელი ისლამური ერის გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, სირიელი ერი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათ აღდგენამდე იბრძოლებს და, ამასთან, ხაზი გაუსვა მთავარ დაპირებას – ასადის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას (Radford 2024).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სირია დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა (Loft and Mills 2025). სირიის მართვა კი დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა, რომელსაც „HTS“-ის ხელმძღვანელი, „ყოფილი ტერორისტი“ აჰმად ალ-შარა ჩაუდგა სათავეში.

ალ-შარამ 2025 წლის მარტში ახალი კონსტიტუციური დეკლარაცია წარადგინა, რომელიც გარდამავლობის დროს ქვეყნის მართვის პრინციპებს მოიცავს. სამთავრობო გუნდში ალ-შარამ მეტწილად „HTS“-ის ყოფილი წევრები დანიშნა, მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. ამდენად, „HTS“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, დაიშალა, თუმცა მისი წევრები სირიას პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელად სახელმწიფო თანამდებობებზე მოევლინნენ.

 

ალ-შარას გარდასახვა

 

სახელმწიფო გარდამავლობისას აჰმად ალ-შარას ქმედებები ზომიერებასა და პრაგმატიზმს ეფუძნებოდა. მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი დიპლომატიური გზებით სხვა ამბოხებულთა ჯგუფებთან ქალაქებზე განმგებლობის განაწილების საკითხის გარკვევა იყო. მსგავსი გადაწყვეტილება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმის გათვალისწინებით, რომ იდლიბის პროვინციაში „HTS“-ის მიერ ძალაუფლების ჩაგდების შემდეგ ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, მათ შორის იყო წამებისა და გაუჩინარების შემთხვევებიც (Dobbener 2025). თუმცა აჰმად ალ-შარას მიერ რადიკალიზმის უკუგდება მხოლოდ საკუთარი იდეოლოგიის შენიღბვად ფასდებოდა და, რიგი ანალიტიკოსების თვალსაზრისით, ის კვლავ „ჯიჰადისტური იდეოლოგიის“ ერთგული რჩება (Burke 2024).

შიდა პოლიტიკური მმართველობის შეფასების თვალსაზრისით, საინტერესოა ბოლო დროს სირიაში განვითარებული მოვლენები. მაგალითად, 2025 წლის მარტში სირიაში სამთავრობო ძალები და შეიარაღებული ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმ რეგიონებში, რომლებიც ძირითადად ალავიტებითაა დასახლებული და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ რეგიონებადაა ცნობილი, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი სწორედ ამ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნოდა. დაპირისპირებისას დაახლოებით 1500 ალავიტი[2] მოკლეს (Bahah 2025), რასაც ანალიტიკოსები წინამორბედი რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ სამთავრობო ძალების შურისგებად აფასებენ. შემთხვევა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ალ-შარამ საკუთარ მებრძოლებს თავშეკავებისა და ალავიტ თემზე თავდაუსხმელობისკენ მოუწოდა. მან საგამოძიებო კომიტეტის შექმნაც გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება კვლავ ეჭვობდა, რომ ახალი მეთაურის წინადადებები არა სამართლიანობის აღდგენის, არამედ დასავლელი მთავრობებისთვის თვალის ახვევის მცდელობას წარმოადგენდა (Dobbener 2025).

საინტერესოა აგრეთვე სირიის ახალი პრეზიდენტის მიერ 2026 წლის იანვარში მთავარ დაპირისპირებულ ქურთულ ძალასთან – „სირიის დამოუკიდებელ ძალებთან“ („SDF“) დადებული სამშვიდობო შეთანხმება. „SDF“-მა 2011-2024 წლების სამოქალაქო ომის დროს სირიის ტერიტორიის მეოთხედზე მეტი დაიკავა და ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ალ-შარას ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. თუმცა სირიის ახალმა მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა იანვარში ისტორიულ ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიეს ქურთების სამხედრო და სამოქალაქო ინსტიტუტებში თანდათანობით ჩართვის შესახებ (MOUNES 2026).

ამრიგად, ალ-შარას მთავრობამ უკვე ორჯერ მოახერხა წარსულში დაპირისპირებულ ჯგუფებთან საერთო ენის გამონახვა. ვფიქრობ, სირიის ახალი პრეზიდენტის აღნიშნული ქმედებები შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სიმბოლური საქციელი – ძალადობაზე თვალსაჩინო უარი და მორალურ-რაციონალურ გაგებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები საერთო სიკეთისთვის.

ხაზგასასმელია, რომ მილიტარისტი ტერორისტიდან სირიის პრეზიდენტობამდე, ანუ ალ-ჯულანიდან ალ-შარად გარდასახვა მკაფიოდ აისახა მის საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში, ისევე როგორც გარეგნულ მახასიათებლებში. კერძოდ, თავდაპირველად ალ-ჯულანი ტრადიციულ „ჯიჰადისტურ“ სამოსში გამოწყობილი ჩნდება საზოგადოებაში, რაც სიმბოლურად მისი, როგორც მებრძოლისა და მეამბოხის, გამოხატულება იყო. ომაიანების მეჩეთიდან ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ მიმართვასაც იგი ხაკისფერი სამხედრო ფორმით ავრცელებს. თუმცა სამხედრო ფორმიდან „დასავლურ“ პიჯაკამდე ზუსტად ერთი ნაბიჯი იყო – სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტობა.

წლების განმავლობაში იცვლებოდა მისი რიტორიკაც. თავდაპირველად ალ-ჯულანი ისლამური შარიათის კანონების მიხედვით სახელმწიფოს მართვას უჭერდა მხარს. თუმცა 8 დეკემბერს მეჩეთში წარმოთქმულ სიტყვაში უკვე ასახული იყო მისი მეტამორფოზის საწყისები. ალ-ჯულანის რიტორიკა ალ-შარისეულით იცვლება: იგი სირიისა და ეროვნული ერთობის აღდგენის პირობას დებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკურ დისკურსში ალ-შარა ხშირად იყენებს დემოკრატიისთვის დამახასიათებელ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „პლურალიზმი“ და „თანასწორობა“, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობას და, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას ადასტურებს (Harmoon Center for Contemporary Studies 2025). თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური ცვლილებები, უმცირესობათა წინააღმდეგ შურისძიების შემთხვევები და შიდა პოლიტიკური არამდგრადობა ჯერ კიდევ ტოვებს ეჭვებს – წარმოადგენს თუ არა ალ-შარას ბოლოდროინდელი პოლიტიკა მის ნამდვილ გარდასახვას თუ საგარეო ასპარეზზე თვალის ახვევის მცდელობას?!

შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნული გარდასახვა ჯიჰადისტი მილიტარისტიდან პრაგმატულ მმართველამდე მეამბოხეთა თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში ახალ, გარდამტეხ თავს მონიშნავს; ახალ შესაძლებლობებს ამბოხების ინსტუციონალიზაციის პოლიტიკურ გზაზე.

 

ალ-შარა, როგორც ქარიზმატული მეთაური

 

ასადის რეჟიმის ჩამოშლას, ბუნებრივია, სირიაში პოლიტიკური ქაოსი მოჰყვა. ახალმა პრეზიდენტმა ვითარების მართვა და, ჩამოშლილი პოლიტიკური ინსტიტუტების მიუხედავად, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეძლო. ალავიტებზე შურისძიების შეწყვეტისკენ მისი მოწოდება, თუნდაც მხოლოდ ფასადურად, მორალური მრწამსით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო. ამ ქმედებით ალ-შარა სიმბოლურად ძალადობას განერიდა და წინამძღოლის ახალი სახე შექმნა. ამაზე მიუთითებს ქურთულ ძალებთან შეთანხმებაც.

მეტიც, აჰმად ალ-შარას, როგორც ქარიზმატული ხელმძღვანელის, ვებერისეულ აღქმას რამდენიმე გარემოება განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ალ-შარა ომის ქაოსსა და სირიის საზოგადოებრივ-ზნეობრივ კრიზისში აღმოცენდა. სირიის მრავალწლიანი სამოქალაქო დაპირისპირებისა და ნგრევის შემდეგ ასადის რეჟიმის დამხობა და ახალი პოლიტიკური მეთაურის გამოჩენა სირიელებისთვის დამაიმედებელი, თითქმის გმირობის ტოლფასი მოვლენა იყო. ძველი სირიული პოლიტიკური ელიტის შენარჩუნების ნაცვლად ახალი კონსტიტუციისა და საჯარო მოხელეების გამოჩენა ალ-შარას კიდევ უფრო საინტერესო, მისტიკურ, პრაგმატულ და ქარიზმატულ მეთაურად აქცევს. ის ფაქტი, რომ აჰმად ალ-შარამ სამოქალაქო ომის დასრულება, პოლიტიკური სისტემის შექმნა, სირიის იზოლაციისგან დახსნა და საერთაშორისო სარბიელზე განსხვავებული სახით წარმოჩენა შეძლო, მის საკრალიზაციასა და ღვთაებრივ მისიასთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

 

ალ-შარასეული სირია: საერთაშორისო აღიარება

 

სირია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ როგორც ბაშარ ალ-ასადის რეპრესიული რეჟიმის, ისე ტერორიზმის დაფინანსებაში ქვეყნის ბრალდებულობის გამო (Cîrlig 2025).

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის ხელისუფლება მოუწოდებს დასავლურ მთავრობებს სანქციების მოხსნისკენ, ერთი მხრივ, იმ საბაბით, რომ ისინი ყოფილი მმართველის რეჟიმზე იყო მიმართული, მეორე მხრივ კი, იმ მტკიცებით, რომ „HTS“ დამოუკიდებელი ერთეულია, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან საერთო აღარაფერი აქვს. ამასთანავე, 2024 წლის 8 დეკემბრის შემდეგ არაერთი ქვეყანა (როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე ევროკავშირში) სანქციების მოხსნას სირიის ეკონომიკური განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის არსებით ნაბიჯად თვლის (Cîrlig 2025).

აჰმად ალ-შარას გარდასახვამ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად იმოქმედა. კერძოდ, 2025 წლის მაისში ევროკავშირის საბჭომ სირიელი ხალხის მხარდაჭერისა და ახალი, მშვიდობიანი სირიის მშენებლობის მიზნით, უსაფრთხოების საფუძველზე დაწესებული სანქციების გარდა, ყველა ეკონომიკური შემზღუდველი ზომა გააუქმა სირიის წინააღმდეგ. საბჭომ ის 24 სუბიექტიც ამოიღო სიიდან, რომელთა ეკონომიკური რესურსები გაყინული იყო, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი და სხვა (Council of the EU 2025).

აჰმად ალ-შარას საპრეზიდენტო სახემ მნიშვნელოვნად განაპირობა აშშ-ის, კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის პოლიტიკა სირიისადმი. თავდაპირველად ტრამპის ადმინისტრაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი სირიის ახალი მეთაურისადმი; ჯერ კიდევ თებერვალში გამოხატავდნენ დამოკიდებულებას – „ერთხელ ჯიჰადისტი, ყოველთვის ჯიჰადისტი“. მიუხედავად ამისა, ალ-შარას მთავრობას მაინც გაეგზავნა დაწვრილებითი 8-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია იმგვარ მოთხოვნებს აყალიბებდა, თითქოს დარწმუნება სურდა ალ-შარას დემოკრატიული და დასავლური პრინციპების ნამდვილ ერთგულებაში. აჰმად ალ-შარას მთავრობამ ზოგიერთი ამ პირობებიდან შეასრულა, მაგალითად, სირიაში გაუჩინარებული ამერიკელების შესახებ გამოძიების დაწყება, აშშ-ის კონტრ-ტერორიზმის ოფიცრებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, სხვა. თუმცა ბევრი მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩებოდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აჰმად ალ-შარას ერ-რიადში შეხვდა. სრულიად მოულოდნელად აშშ-ის სახელმწიფო მეთაური დასთანხმდა სირიაზე სანქციების მოხსნას „მისთვის შანსის მისაცემად“. მოთხოვნებიც 8 პუნქტიდან მხოლოდ 4-ზე დავიდა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადაწყვეტილების ახსნა-განმარტებაც მოუწია, რომ სანქციების მოხსნის გარეშე სირია რამდენიმე კვირაში სრულიად ჩამოიშლებოდა (Schenker 2025).

აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებაში ცალსახად საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2025 წლის 14 მაისს აშშ-ისა და სირიის მეთაურები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 25 წლის შემდეგ – კერძოდ, მას მერე, რაც ჟენევაში პრეზიდენტი ბილ კლინტონი სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადს შეხვდა. ამგვარად, 14 მაისს სამყარომ დაინახა, როგორ ჩამოართვა ხელი „თავისუფალი სამყაროს“ ლიდერმა „ალ-კაიდას“ ყოფილ ტერორისტსა და ჯიჰადისტს; მით უფრო საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: „სირია ქაოსშია, მაგრამ ჩვენი მეგობარი არ არის“. თუმცა ალ-შარას პიროვნებამ და მისმა მეტამორფოზმა ამერიკის პოლიტიკაში გააჩინა იმედი – რომ სირია გახდება აშშ-ის მეგობარი, რეგიონში კიდევ ერთი ეკონომიკური მოკავშირე და თანამებრძოლი რადიკალიზმის წინააღმდეგ (Quilliam 2025).

აშშ-ის პრეზიდენტის გარდა, აჰმად ალ-შარას დასავლური სამყაროს სხვა სახელმწიფო მეთაურებიც ხვდებიან პირადად. მაგალითად, 7 მაისს სირიის მმართველს პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ევროპაში და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში ეწვია (Le Monde 2025). ელისეს სასახლის განცხადების მიხედვით, მაკრონი ადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას თავისუფალი, მდგრადი, სუვერენული სირიისა და რეგიონული მშვიდობის მიმართ (Blackburn 2025). 2025 წლის ნოემბერში კი აჰმად ალ-შარა თეთრ სახლსაც ეწვია და პრეზიდენტის ძებნილთა სიის წევრიდან მის სტუმრად იქცა.

დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ აჰმად ალ-შარამ სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღო მონაწილეობა. 1967 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებში ჩაერთო (Ozkan 2025).

დასავლური ქვეყნების სირიისკენ „შემოტრიალება“ ცალსახად აჰმად ალ-შარას დამსახურებაა. საკითხის ამგვარი ხედვა ეფუძნება სოციალური/პოლიტიკური კონსტრუქტივიზმის თეორიას, რომ დამოკიდებულებები (ქვეყნების შემთხვევაში მისწრაფებები) უცვლელი არ არის; წესების, დისკურსისა და ღირებულებების აღქმებზეა დამოკიდებული. ალ-შარამ ჯიჰადისტისა და ტერორისტის სახელი მოიშორა; მორალური გადაწყვეტილებებით, გარეგნული ცვლილებებით, პრაგმატული და ქარიზმატული იერით საკუთარი „კონსტრუქტი“ შეცვალა. დაძაბულობის კერებითა და ეკონომიკური შეზღუდვებით სავსე სირია ძირეული პოლიტიკური ცვლილებების გარეშე გახდა დასავლური ქვეყნებისთვის შესაძლო მეგობარი. როგორც უკვე ითქვა, სხვადასხვა ჯგუფთან დაპირისპირება ცხადყოფს, რომ აქ მშვიდობა მყიფეა. უმცირესობის უფლებების დარღვევები (ალავიტების მაგალითზე), ყოფილი ტერორისტებითა და მეამბოხეებით შედგენილი პოლიტიკური გუნდი, „Human Rights Watch“-ის მიერ არასახარბიელოდ შეფასებული ალ-შარას ახალი კონსტიტუცია[3] მიუთითებს, რომ ქვეყანაში (ჯერ) არც დემოკრატია ყვავის.

 

ბოლოთქმა

 

ამრიგად, აჰმად ალ-შარას პრეზიდენტობის პირობებში მისი ქარიზმატული ბუნებისა და პრაგმატული რიტორიკის გამო დასავლურ სამყაროში სირიასთან მიმართებით ახალი მოლოდინები გაჩნდა. მისი წარსულის გამო თავდაპირველი სკეპტიციზმი ალ-ჯულანობაზე ცხადმა უარის თქმამ – გარეგნულ გარდასახვასა და პოლიტიკური კურსის არჩევაში გამოხატულმა – ნაწილობრივ გააქარწყლა; მეტიც, სოციალური კონსტრუქტი და სირიისადმი საგარეო პოლიტიკური მიდგომებიც კი შეცვალა.

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

 

Hutchinson, Bill. 2025. “From al-Qaeda to Syria’s presidency, the rise of Ahmad al-Sharaa.” abcNEWS. May 17. Accessed September 2025. https://abcnews.go.com/International/al-qaeda-syrias-presidency-rise-ahmad-al-sharaa/story?id=121788656.

Jalabi, Raya. 2025. “The secret history of Syria’s new leader, Ahmed al-Sharaa.” Financial Times. March 7. Accessed September 2025. https://www.ft.com/content/8aa819a3-2fc7-4790-be00-b42f21ed1c4e.

Al-Lami, Mina. 2024. “From Syrian jihadist leader to rebel politician: How Abu Mohammed al-Jolani reinvented himself.” BBC. December 9. Accessed September 2025. https://www.bbc.com/news/articles/c0q0w1g8zqvo.

Center for Strategic and International Studies. 2018. “Hay’at Tahrir al-Sham (HTS).” Center for Strategic and International Studies. Accessed September 2025. https://www.csis.org/programs/former-programs/warfare-irregular-threats-and-terrorism-program-archives/terrorism-backgrounders/hayat-tahrir.

BBC. 2016. “Syrian Nusra Front announces split from al-Qaeda.” BBC. July 29. Accessed September 2025. https://www.bbc.com/news/world-middle-east-36916606.

Reuters. 2024. “Syria: who are the main rebel groups? .” Reuters. December 8. Accessed September 2025. https://www.reuters.com/world/middle-east/main-rebel-factions-syria-2024-12-08/.

U.S. Department of State. n.d. “Foreign Terrorist Organizations.” U.S. Department of State. Accessed September 2025. https://www.state.gov/foreign-terrorist-organizations/.

Yacoubian, Mona. 2021. “Syria Timeline: Since the Uprising Against Assad.” United States Institute of Peace. January 1. Accessed September 2025. https://www.usip.org/syria-timeline-uprising-against-assad.

Radford, Antoinette. 2024. “The Assad regime ruled Syria for 50 years. Here’s how it fell in less than two weeks.” CNN. December 9. Accessed September 2025. https://edition.cnn.com/2024/12/09/middleeast/timeline-syria-assad-regime-toppled-intl/index.html.

Loft, Philip , and Claire Mills. 2025. “Syria after Assad: Consequences and interim authorities 2025.” House of Commons Library. July 23. Accessed September 2025. https://commonslibrary.parliament.uk/research-briefings/cbp-10161/.

Human Rights Watch. 2025. “Syria: Constitutional Declaration Risks Endangering Rights.” Human Rights Watch. March 25. Accessed September 2025. https://www.hrw.org/news/2025/03/25/syria-constitutional-declaration-risks-endangering-rights.

U.S. Department of State. 2025. “Revoking the Foreign Terrorist Organization Designation of Hay’at Tahrir al-Sham.” U.S. Department of State. July 7. Accessed September 2025. https://www.state.gov/releases/office-of-the-spokesperson/2025/07/revoking-the-foreign-terrorist-organization-designation-of-hayat-tahrir-al-sham/.

Al Jazeera. 2024. “What happened in Syria? How did al-Assad fall?” Al Jazeera. December 8. Accessed September 2025. https://www.aljazeera.com/news/2024/12/8/what-happened-in-syria-has-al-assad-really-fallen.

Alabi, Rizik. 2025. “Suspended Legitimacy: Has al-Sharaa Lost the Trust of His Backers?” The Medialine. June 8. Accessed September 2025. https://themedialine.org/top-stories/suspended-legitimacy-has-al-sharaa-lost-the-trust-of-his-backers/.

Dobbener, Sarah. 2025. “Ahmed al-Sharaa: From Jihadist to Syria’s Interim Leader.” The Next Century Foundation. March 17. Accessed September 2025. https://www.nextcenturyfoundation.org/what-to-expect-from-ahmed-al-sharaa-syrias-interim-president/.

Burke, Jason. 2024. “Syria’s new leader has two identities – but which one will take the country forward?” The Guardian. December 10. Accessed September 2025. https://www.theguardian.com/world/2024/dec/10/syria-new-leader-two-identities-ahmed-al-sharaa-abu-mohammed-al-jolani.

Bahah, Mawadah. 2025. “Syria clashes – what happened?” Al Jazeera. March 10. Accessed September 2025. https://www.aljazeera.com/news/2025/3/10/syria-clashes-what-happened.

Harmoon Center for Contemporary Studies. 2025. “Al-Jolani’s exit from violence and the transformation to al-Sharaa.” The Arab Centre for Contemporary Syria Studies. March 18. Accessed September 2025. https://www.harmoon.org/en/researches/al-sharaa/.

Cîrlig, Carmen-Cristina. 2025. “Time to lift the international sanctions on Syria?” European Parliamentary Research Service. February. Accessed September 2025. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2025/767245/EPRS_BRI(2025)767245_EN.pdf.

Council of the EU. 2025. “Syria: EU adopts legal acts to lift economic sanctions on Syria, enacting recent political agreement.” Council of the European Union . May 28. Accessed September 2025. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2025/05/28/syria-eu-adopts-legal-acts-to-lift-economic-sanctions-on-syria-enacting-recent-political-agreement/.

Schenker, David. 2025. “After Assad: The Future of Syria.” The Washington Institute for Near East Policy . June 5. Accessed September 2025. https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/after-assad-future-syria.

Quilliam, Neil. 2025. “The meeting of al-Sharaa and Trump has shifted the balance of power in the Middle East.” Chatham House. May 16. Accessed September 2025. https://www.chathamhouse.org/2025/05/meeting-al-sharaa-and-trump-has-shifted-balance-power-middle-east.

Le Monde. 2025. “Macron meets with Syrian leader Sharaa, telling him to protect rights of ‘all people’.” Le Monde. May 7. Accessed September 2025. https://www.lemonde.fr/en/international/article/2025/05/07/macron-meets-with-syrian-leader-al-sharaa-telling-him-to-protect-the-rights-of-all-people_6741029_4.html.

Blackburn, Gavin. 2025. “Syria’s interim leader Ahmad al-Sharaa visits Paris in first official trip to Europe.” EuroNews. May 7. Accessed September 2025. https://www.euronews.com/my-europe/2025/05/07/syrias-interim-leader-ahmad-al-sharaa-visits-paris-in-first-official-trip-to-europe.

Ozkan, Efe. 2025. “Syrian president to attend UN General Assembly.” Anadolu Agency. September 11. Accessed September 2025. https://www.aa.com.tr/en/middle-east/syrian-president-to-attend-un-general-assembly/3684276.

Sky News. 2025. “Who are the Alawites facing a new wave of violence in Syria?” Sky News. March 17. Accessed September 2025. https://news.sky.com/story/who-are-the-alawites-facing-a-new-wave-of-violence-in-syria-13330828.

30 January. Accessed 2026, 31 January. https://www.al-monitor.com/originals/2026/01/syria-govt-kurds-reach-comprehensive-agreement.

Human Rights Watch. 2025. „Syria: Constitutional Declaration Risks Endangering Rights.“ hrw.org. 25 March. Accessed 2026, 31 January. https://www.hrw.org/news/2025/03/25/syria-constitutional-declaration-risks-endangering-rights.

 

 

  • [1] 1947 წელს დამასკოში დაარსებული არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია. სირიაში პარტიას ასადები ხელმძღვანელობდნენ.
  • [2] ალავიტები სირიაში მუსლიმურ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ და ძირითადად ქვეყნის სანაპირო რეგიონებში ცხოვრობენ. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სწორედ ამ სექტას ეკუთვნოდა. მისი მმართველობის დროს კი ალავიტები მისი მხარდამჭერების უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ (Sky News 2025).
  • [3] ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კონსტიტუცია ადამიანის უფლებების საფრთხის შემცველია და აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთი პირის, პრეზიდენტის ხელში მოაქცევს (Human Rights Watch 2025)


მდევარი