რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


რა არის ფსიქიკა?

რა არის ფსიქიკა?

ავტორი:

რედაქტორი: გ. ბოჭორიშვილი

ფსიქოლოგიის შესავალი, „საწუთრო“, ქუთაისი, 1992

 

 

გამციფრულებელი: მირანდა მჭედლიშვილი

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

 

 

 

 

სამყარო მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვანი სამყაროს განსხვავებული ელემენტები (ნაწილები) სპეციფიკურ რომელობებს წარმოადგენენ. სამყაროს რომელობათა აღსანიშნავად გამოყენებულია სპეციფიკური ტერმინები. მეცნიერებამ დღესდღეობით იცის 5 ორიგინალური ფენა, რომლებიც, ფიქრობენ, მთლიანად ამოწურავენ სამყაროს არსებობის თავისებურებას. ესენია: ფიზიკური (არაცოცხალი), ბიოლოგიური (ცოცხალი), ფსიქიკური (სულიერი), სოციალური და გონითი. სამყარო, განხილული განვითარების ასპექტით, ფენათა დასახელებული თანმიმდევრობით გადაგვეშლება თვალწინ.

რა არის ფსიქიკა? როგორ ხასიათდება იგი? ფსიქიკას მეცნიერება თვლის მატერიის (არაცოცხალის) განვითარების პროდუქტად, ტვინის თვისებად: თუმცა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში დიდი დავაა იმის შესახებ, თუ როგორი კავშირია ტვინისა (უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა) და ფსიქიკას (სულიერ პროცესებს) შორის; ისიც ცხარე კამათის საგანია, თუ ფსიქიკა (სულიერი პროცესი), თავისი ყოფით, რა ფორმით არსებობს, როგორი კავშირი აქვს მას ცნობიერებასთან. ის ცნობიერია (განცდადია), თუ ამავე დროს არაცნობიერი (არაგანცდადი) მოცემულობაცაა. ამ საკითხებზე კონკრეტულად ქვემოთ გვექნება მსჯელობა. საერთოდ ფსიქიკისა და მისი რაობის ფუნქციობისა და მრავალფეროვნების პრობლემები დღეს აქტუალურად დგანან მეცნიერების წინაშე. ამ პრობლემების გადაწყვეტაში ორიენტაცია, გარკვეული აზრით, სწორედ რომ „ფსიქოლოგიის შესავლის“ კომპეტენციაში უნდა მოთავსდეს, მაგრამ აქ პირველი სიტყვა მაინც ფსიქიკის რაობის ჩვენებას ეხება. უნდა გაირკვეს ცხადად, რამდენადაც ეს შესაძლებელია მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, თუ რა არის თვითონ ფსიქიკა (უნდა ვიცოდეთ ფსიქიკის ცნება), რომ შემდეგ ამის საფუძველზე ხელი შეეწყოს მასთან (ფსიქიკასთან) და მის შესახებ მეცნიერებასთან (ფსიქოლოგიასთან) დაკავშირებული მრავალი გადასაწყვეტი და სადავო საკითხის გადაჭრას.

ფსიქიკაც თავის მხრივ მრავალფეროვნებაა: მეცნიერება იცნობს ფსიქიკური ცხოვრების უამრავ წევრს, რომელობასა და მოდალობას. ინდივიდს სინამდვილესთან ბრძოლასა და შეგუების პროცესში ნაირგვარი ფსიქიკური ფუნქცია გაუჩნდა, დაწყებული მარტივი შეგრძნებებიდან დამთავრებული რთული წარმონაქმნებით. ფსიქიკა ინდივიდის ის ფუნქციაა, რომელიც ეხმარება მას არსებობისათვის ბრძოლაში, სინამდვილის ჯერ შემეცნებასა და, შემდეგ, მისი გადასხვაფერებისა თუ ახალი სინამდვილის შექმნის (ანუ, როგორც ამბობენ, „მეორე ბუნების“ გაჩენის) საქმეში. ადამიანის ქცევა, აქტივობა და საქმიანობა საერთოდ წარმოუდგენელია ფსიქიკური პროცესებისა და ფუნქციების მონაწილეობის გარეშე.

ფსიქიკა სპეციფიკური და ორიგინალური სინამდვილეა, რეალობაა, რომელსაც დამოუკიდებელი, სუბსტანციური არსებობა არ გააჩნია; მისი არსებობა მატერიაზეა დამოკიდებული, მაგრამ თავისი არსებობით მკვეთრად განსხვავებულია რეალური არსებობის სხვა ფორმებისაგან. ფსიქიკურის მახასიათებლები პრინციპულად განსხვავდება მატერიალურის მახასიათებლებისაგან. ფსიქიკურს ანუ სულიერს ხელით ვერ შეეხები. მის მიმართ ფიზიკურისათვის განკუთვნილ საზომ ერთეულს ვერ გამოიყენებ – ვერ აწონი (ფსიქიკას წონა არ გააჩნია), მის მოცულობას ვერ დაადგენ (მოცულობა არ აქვს), ვერც მის ადგილსამყოფელზე მიუთითებენ (არ აქვს ლოკალობა სივრცეში). ფსიქიკური (განცდა) მხოლოდ შინაგანად გვეძლევა, შინაგანი აღქმით დასტურდება, ამდენად მისი ჩვენთვის მოცემულობა ევიდენტურია და უპირისპირდება მატერიალური სამყაროს გარეგანი აღქმით მოცემულობას.

ზოგი თვლის (ვ. დილთაი), რომ ფსიქიკური (სულიერი) ცხოვრება სტრუქტურაა. რა არის სულიერი ცხოვრების სტრუქტურა? ყოველ დროს, ელემენტარული პროცესებიდან დაწყებული უმაღლეს საფეხურამდე, ფსიქიკური ცხოვრება მთლიანობაა. სულიერი ცხოვრება არ მიიღება ნაწილების შეერთებით, ელემენტების შეკოწიწებით. ის არ არის კომპოზიტუმი (შედგენილობა), ატომისებურად წარმოდგენილი შეგრძნებებისა და გრძნობების მოქმედების შედეგი. მთლიანობაში არის ფსიქიკური ცხოვრების პირვანდელი ფორმა. ცვლილება მომხდარი ფსიქიკურ ცხოვრებაში დიფერენციაციაა პირვანდელი მთლიანობისა. ამ გზით გამოთიშული ფუნქციები არ წყვეტენ კავშირს საწყის მთლიანობასთან, გამოცალკევებული განცდები მთლიანობის წევრებად გვევლინებიან; ისინი არ არიან დისკრეტული (ნაწილებისაგან შედგენილი წყვეტილი), ელემენტებთან არაფერი აქვთ საერთო. დანაწევრებული მთლიანობის უმაღლესი ფორმა მოცემულია ცნობიერებისა და პიროვნების მთლიანობის ფაქტში. ეს ის მთლიანობაა, რომელიც რადიკალურად განასხვავებს სულიერ ცხოვრებას მთელი მატერიალური სამყაროსაგან; გარდა ფსიქიკურისა, ასეთი მთლიანობა არ გვხვდება. ასეთ დანაწევრებას ვ. დილთაი უწოდებს „სულიერი ცხოვრების სტრუქტურას“.

ფსიქიკის სტრუქტურებისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ მისი ყოველი გარდიგარდმო განაკვეთი შეიცავს შემეცნებითს, გრძნობითსა და ნებსიყოფის განცდებს. ამ სრულად განსხვავებული მოვლენების ერთი მთლიანი სახით არსებობა დასკვნა კი არ არის, არამედ – ყველაზე კარგად ცნობილი ჩვენი შინაგანი გამოცდილება. ადამიანის სულიერ ცხოვრებას სხვაგვარი, თუ არა სტრუქტურული არსებობა არ გააჩნია. სტრუქტურა კოსმიური საწყისია, კოსმიური წარმოშობისაა, შეპირობებულია არაფსიქიკური ფაქტორებით.

ფსიქიკური ცხოვრება უნდა განიხილოს განივად და სიგრძივად. „სტრუქტურა“ ფსიქიკის განივი განხილვაა, ხოლო მისი სიგრძივი განხილვა „განვითარებაა“. მაშ, სტრუქტურა და განვითარება ფსიქიკის ორ განზომილებას გვითვალისწინებს. განვითარება და სტრუქტურა აპირობებენ ერთმანეთს. ფსიქიკურის „სიგრძივის“ განხილვა, თუ არა მისი „განის“ განხილვასთან დაკავშირებით, შეუძლებელია.

ფსიქიკური ცხოვრება, ვ. დილთაის გაგებით, მიზანშეწონილია და თანდათან უფრო მიზანშეწონილი ხდება. გარე სინამდვილეში არაა მიზნისეული მოქმედება. მიზანი გადატანილია შიგნიდან (სულიერი სამყაროდან) გარეთ. სულიერი სტრუქტურის მიზანშეწონილობას ვ. დილთაი ეძახის სუბიექტურსა და იმანენტურს.

ფსიქიკურს (სულიერს) ფსიქოლოგიაში სხვადასხვა კუთხითა თუ ასპექტით განიხილავენ და მაშინ ის ჩვენი ცნობიერების წინაშე წარდგება, როგორც განცდა, მოვლენა, ფენომენი, აქტი, შინაარსი, ფუნქცია, პროცესი, მდგომარეობა, წარმონაქმნი, დისპოზიცია, მიდრეკილება, უნარი და თვისება.

რა არის ფსიქიკა, როგორც განცდა? განცდის ფსიქოლოგიურმა ცნებამ ბოლო დროს რამდენიმე შინაარსი მიიღო. უკვე საჭირო ხდება ამ ტერმინის მოხმარების შემთხვევაში წინდაწინვე მიეთითოს მის კონკრეტულ მნიშვნელობაზე. ხშირად განცდა გაიგივებულია ემოციურ მდგომარეობასთან, რაც მისი მხოლოდ ერთ-ერთი შინაარსია.

მაგალითად, ვამბობთ, წითელ ფერს, ან უსიამოვნებას განვიცდიო. რა არის გამოთქმული ამ მსჯელობაში? აქ მითითებაა იმაზე, რომ წითელი ფერი და უსიამოვნება არსებობენ, როგორც ცნობიერების ფაქტები; რომ ჩვენ ვადასტურებთ ფსიქიკის ამ შინაარსების უბრალო არსებობას ჩვენში, რომ ვახდენთ მათი უშუალო ხდომილების კონსტანტაციას ისე, რომ მათ მიმართ არ ვიჭერთ რაიმე (თეორიულ თუ უტილიტარულ ) პოზიციას; არ მივმართავთ მათ განხილვას სხვადასხვა განზომილებით, მაგ., მიყვარს თუ არა წითელი ფერი, ვამჯობინებ მას თუ არა სხვა ფერს, შემაწუხებელია თუ არა ჩემთვის უსიამოვნება, როგორ და რა საშუალებითაა შესაძლებელი უსიამოვნების აღკვეთა ჩემში, რა ქცევა შეიძლება აღძრას უსიამოვნებამ, რომელიც მისაღებია ჩემთვის, თუ მისგან საერთოდ თავი უნდა შევიკავო და ა.შ.

რაიმე ფსიქიკურ შინაარსს განვიცდიო რომ ვამბობთ, ამ შემთხვევაში ხაზი გაესმის ამ შინაარსის მხოლოდ არსებობის ფაქტს, რომელსაც აქვს პროცესუალური მიმდინარეობა, ასევე მიმართულება – მოძრაობა და სხვა ონტიური ნიშნები, რომელთა აღწერა (დესკრიფცია) მათი შემეცნების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. განცდა ინდივიდის მიერ ფსიქიკური შინაარსის უბრალო, პირველადი ცნობიერებაა. განცდა შინაგანი, იმანენტური მოცემულობაა, უშუალო ცოდნაა. ეს ცოდნა არ არის აზროვნების (შემეცნების) პროცესში მოპოვებული ცოდნა. ესაა განცდაში თავისთავად მოცემული პირველი ცოდნა ანუ შეტყობინება. განცდის ცოდნა არარეფლექსურია, შინაგანი შემჩნევა, შეტყობინება; ის ჩვენთვის ყველაზე უშუალოა, მას უშუალოდ ვტყობილობთ შინაგანად. განცდა მთლიანად, ამომწურავად, გამოუკლებლივ არის ცნობიერებაში უშუალოდ მოცემული, არ საჭიროებს შუამავალს. შინაარსის მიხედვით იგივეობრივია გამოთქმები: „განვიცდი რაიმე შინაარსს“ და „მაქვს ამ შინაარსის უშუალო ცნობიერება“. მაშასადამე, განცდა მითითებაა იმ ფსიქიკური შინაარსის უშუალო ცნობიერებაზე, რაც პიროვნების ცნობიერების იმანენტური მოცემულობაა.

განცდას სხვა, ვიწრო ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, კერძოდ, როცა ის აღნიშნავს პიროვნების სტრუქტურაში ცნობიერების შინაარსის შეჭრას და მასში კვალის დამჩნევას, ე. ი. როცა განცდა გადაქცეულია პიროვნული ღირებულებების მატარებლად. აქ ხაზი გაესმის მოცემული ფსიქიკური შინაარსის პიროვნებაში, მის ინიდივიდუალურ ყოფაში, ასე რომ ვთქვათ, „დამკვიდრებასა და ფესვის გადგმას“. თუკი ვიტყვით, რომ ჩვენ რაღაც განვიცადეთ, რომ ჩვენთვის რაღაც შინაარსი გახდა განცდა, ეს ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ფსიქიკური მოვლენა თავისი განუმეორებლობით პიროვნების ინდივიდუალურ ისტორიაში შევიდა, მასში ჩაერთო განმსაზღვრელ მომენტად და ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. განცდა, ამგვარად, აღარაა რაღაც წმინდა სუბიექტური განზომილება, თავისი ფუნქციით ის ცოცხლობს (Erlebnis), ასპექტად იქცევა. აღნიშნულ საქმის ვითარებას კარგად ცხადჰყოფს ფსიქოლოგ ს. რუბინშტეინის მსჯელობა: „თუკი შემთხვევას ვუწოდებთ ისეთ მოვლენას, რომელმაც დაიჭირა გარკვეული ადგილი რომელიღაც ისტორიულ რიგში და აღნიშნულის ძალით მიიღო გარკვეული სპეციფიკურობა, თითქოს განუმეორებლობა და დიდი მნიშვნელობა, მაშინ როგორც განცდა სპეციფიკურ, სიტყვის გახაზული მნიშვნელობით შეიძლება აღინიშნოს ის ფსიქიკური მოვლენა, რომელიც გახდა შემთხვევად პიროვნების შინაგან ცხოვრებაშიო“.

საერთოდ, განცდა იმანენტური აღქმის ობიექტია, არ წარმოადგენს მოვლენას, ნივთის მოვლენის მსგავსს – „განცდა არ ავლენს თავის თავს“ (ედ. ჰუსერლი). განცდის აღქმა არის უბრალოდ ჭვრეტა იმისა, რაც აღქმაში მოცემულია „აბსოლიტურად“.

რა არის ფსიქიკა, როგორც მოვლენა? „მოვლენა“ ფილოსოფიური ტერმინია და ჩვეულებრივ განიხილება არსთან (არსებასთან) მიმართებაში; მიუთითებენ მოვლენისა და არსის ურთიერთკავშირზე (ფილოსოფიაში მას განიხილავდნენ ხან როგორც დაპირისპირებულ, ხან კი როგორც აუცილებელ ერთიანობას). ფსიქოლოგიაში მოვლენა არ განიხილება არსთან მიმართებაში (თუმცა, შესაძლებელია, მოვლენის ფსიქოლოგიური შინაარსი გამოძახილი იყოს სუბსტანციური სულის დაშვებისა, რომ მოვლენილი ფსიქიკური შინაარსი სწორედ რომ გამოვლენაა სუბსტანციური სულის არსისა).

განასხვავებენ „შინაგან აღქმასა“ და „გარეგან აღქმას“. გარეგანი აღქმის ობიექტი ტრანსცენდენტურია და, ამდენად, მისი ცნობიერი ეკვივალენტი – მოვლენა შეიძლება აღქმის ობიექტისადმი არაადეკვატური იყოს და ექვემდებარებოდეს ცდუნებას, ილუზიას. შინაგანი აღქმის ობიექტი ცნობიერებაში არსებულია, იმანენტურია: მის დამახინჯებას მოცემულობის კუთხით ადგილი არ აქვს. შინაგანი აღქმის ობიექტი ევიდენტურია (უშუალო სიცხადეა). შინაგანი აღქმის ობიექტი ეს იგივე მოვლენაა ანუ ცნობიერების ფსიქიკური შინაარსია (მაგ., ტკივილის ან სიხარულის განცდა).

როგორ უნდა გვესმოდეს დებულება – ცნობიერების ფსიქიკური შინაარსი მოვლენაა, რომელიც ხელმეორედ აღარ გვევლინება? განცდა მოვლენაა, მაგ., წითელი ფერი მოვლენაა ცნობიერებაში ფიზიკური ელექტრომაგნიტური გარკვეული სიხშირის ტალღის თვალზე ზემოქმედებისა, ასევე ტონი – ხომ შედეგია (მოვლენაა) ჩვენს ყურის ორგანოზე ჰაერის ტალღის გარკვეული სიხშირის რხევის ზემოქმედებისა. ეს მოვლენები ანუ ცნობიერების შინაარსები (ფერი და ბგერა) საკუთარ თავს პირდაპირ ყოველივეგვარი შუამავლის გარეშე აჩვენებენ; ისინი კი არიან ფიზიკური მოქმედების გამოვლინებანი, მაგრამ, როგორც ფსიქიკური გამოვლინებანი არა ფსიქიკურისა, შემდეგ უკვე კიდევ აღარ საჭიროებენ მოვლენას. მოვლენის მოვლინება ზედმეტია, უაზრობაა. ამიტომაც ამბობენ, რომ ფსიქიკურში ილუზია არისო nonsens. ფსიქიკური მოვლენა ჩვენ წინ დგას მთლიანად და ყოველმხრივ. განსხვავება ნივთის მოვლენასა და განცდის მოვლენას შორის ისაა, რომ პირველი „სამოსელში“, „ჩრდილში“ გვეძლევა, უკანასკნელი კი – ორიგინალურად, აბსოლიტურად, ერთად და ერთბაშად, მთელი თავისი თვისება-ინტენსივობით. პირველ შემთხვევაში საგანი სხვაა და მოვლენა სხვა. მეორე შემთხვევაში ორი რაიმე არ არის. მოვლენის მოვლენა იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, მოვლენა – განცდა ნივთად რომ იქცეოდეს მასზე აქტის მიმართვის გამო. წარმოსახული ობიექტები შეიძლება იყოს ფიქციები. მაგრამ თვითონ წარმოსახვა არ შეიძლება იყოს ფიქცია, არ შეიძლება მოკლებული იყოს არსებობას. განცდები გვეძლევა აბსოლიტურად თავისი ეგზისტენციით. ფსიქიკური მოვლენის აქტუალობა აბსოლუტური სინამდვილეა.

რა არის ფსიქიკა, როგორც ფენომენი? „ფენომენი“ საწინააღმდეგოა „რეალურისა“. აქ თავიდანვე მოხსნილია ორმაგი არსებობა: ცნობიერების გარეთ და ცნობიერებაში. ფენომენის არსებობა მხოლოდ ცნობიერებაშია. ფენომენის მიმართ არ დაისმის კითხვა – ის მოგვევლინა თუ არა ცნობიერებაში ისე, როგორც სინამდვილეშია? – ფენომენი არ შეიძლება იყოს იმაზე მეტი ან ნაკლები (ან მისგან განსხვავებული), რასაც იგი ცნობიერებაში წარმოადგენს.

გვაქვს ორი ცნება – საგანი და (მისი) ფენომენი. თუკი განვიხილავთ „საგნისა“ და „ფენომენის“ დამოკიდებულება-მიმართებას ცნობიერებისადმი, დავინახავთ მათ განსხვავებულ ბუნებას. საგანი ცნობიერების მიმართ მიღმურია (ტრანსცენდენტურია), ხოლო ფენომენი ცნობიერების შინაგანი (იმანენტური) მდგომარეობაა. საგანი ევლინება ცნობიერებას, ხოლო ფენომენი თვითონ ეს მოვლენაა. ამიტომაა, რომ რაც ფენომენშია, ის ცნობიერებაშიც არის: რაც ცნობიერებაში არაა, ის არც ფენომენს მიეწერება. ფენომენი ცნობიერების იმანენტური მოცემულობაა. ფენომენს უწოდებენ ემპირიულად მონაცემს, ის გამოცდილების მასალაა, გამოცდილებაში მოცემული ფაქტია. მაგ., ვაშლი ფიზიკური სხეულია, საგანია, რომელიც ცნობიერების გარეთ არსებობს. ხოლო ვაშლის ხატი, სურათი, აღქმა ცნობიერების შინაარსია, ვაშლის ხატი ცნობიერების იმანენტური ფსიქიკური მოცემულობაა და მას ფენომენი ეწოდება.

ფენომენის სხვა გაგებაცაა (ფილოსოფიური მნიშვნელობა), მაგ., ედ. ჰუსერლის „ფენომენოლოგიაში“ ფენომენი პროდუქტია „ფენომენოლოგიური განწყობისა“, რასაც ვერ იძლევა „ბუნებრივი განწყობა“. აქ ფენომენი არსის განზომილებაა, სადაც ყოველივე მოვლენილია თავისი რაობით, აბსოლუტური ორიგინალობით. ფენომენოლოგიური განწყობით მოცემულში ყველაფერი მუნდანური (ემპირიული) ამორთულია, მისი ბუნებრივი ადგილიდან ამოღებულია და ქცეულია ფენომენად, რათა ყველაფერი განიხილოს ერთ სიბრტყეზე, ერთ განზომილებაში – არსის განზომილებაში. ამიტომაა, რომ ედ. ჰუსერლისათვის ფენომენი არ არის რომელიმე „სუბსტანციური“ ერთიანობა, მას არ აქვს რეალური თვისებები, ნაწილები და კაუზალობა. ფენომენი არის ის, რაც ცოცხალ აქტებში გვეძლევა უშუალოდ. ჩვენ წინ დგას როგორც თვითმოცემულობა, რაც ისეა თავისთავად, როგორც არის ნაგულისხმები.

რა არის ფსიქიკა, როგორც შინაარსი და აქტი? ჩვენი ფსიქიკური ცხოვრება თვალწინ გვეშლება უამრავი ფსიქიკური შინაარსის სახით. აღნიშნული ფსიქიკური შინაარსები, ესე იგი, მოვლენები, ფენომენები, ერთი სიტყვით, განცდებია. შეგრძნებათა მრავალფეროვანი სამყარო, ინტელექტუალური (აღქმა, წარმოდგენა, აზროვნება, წარმოსახვა და ა.შ.), ემოციური (სიამოვნება-უსიამოვნება, მაღალი გრძნობები) და ნებისყოფის პროცესები (სხვადასხვა სახის მისწრაფებანი) ფსიქიკური ცხოვრების მასალაა, შინაარსებია. ფსიქიკური შინაარსი რომელობით გამოკვეთილი გარკვეულობაა. წითელი ფერი, მუსიკალური ბგერა, სასიამოვნო სუნი, ტკბილი, საგნის ხატი და მისივე წარმოდგენა, წარმოსახული ნივთი, სიყვარული ან სიძულვილი, რაიმე მოთხოვნილება და ა.შ. ფსიქიკური შინაარსების მაგალითებია.

ფსიქიკური შინაარსის კორელატური ცნებაა აქტი. აქტი შინაარსის აქტია და შინაარსი – აქტის შინაარსი. აქტისა და შინაარსის კავშირი არსობრივია: შეუძლებელია შინაარსი იყოს ერთნაირი და აქტი სხვანაირი ან პირიქით. აქტი იმდენნაირია, რამდენნაირიც მათი შინაარსია. აქტი შინაარსის ხედვაა, თავისი საკუთარი შინაარსი აქტს არ გააჩნია. მაგ., ფერის ხედვაში ფერი ფსიქიკური შინაარსია, ხოლო ხედვა – აქტი; ბგერის აღქმაში ბგერა შინაარსია, ხოლო მოსმენა ამ ბგერისა – ბგერის აღქმის აქტი. ვაშლის აღქმაში ვაშლის ხატი (ფენომენი) აღქმის შინაარსია, ხოლო ამ ხატის (ვაშლის) განცდა (აღქმის პროცესი) აქტია. ერთი სიტყვით, რასაც განვიცდით, შინაარსს განეკუთვნება, ხოლო რომ განვიცდით რაიმეს შინაარსს. ეს განზომილება აქტს წარმოადგენს. შესაძლებელია, ერთ საგანზე – წითელ ვარდზე მიმართული ვიყო სხვადასხვაგვარად – მას უბრალოდ აღვიქვამდე, ის მომწონდეს, ან მქონდეს მისი წარმოდგენა. მართალია, საგნობრივად საქმე გვაქვს წითელ ვარდთან, მაგრამ წითელი ვარდისადმი ჩვენი დამოკიდებულება- განწყობა ამ შემთხვევაში განსხვავებულია: ერთ შემთხვევაში წითელი ვარდი მომწონს, მეორე შემთხვევაში წითელ ვარდს წარმოვიდგენ და ა.შ. და ინტენციის საგანიც სხვადასხვაა; წითელი ვარდის მოწონების შემთხვევაში შინაარსია მოწონება და შესატყვისად მისი აქტიც მოწონების აქტი იქნება. ვარდის წარმოდგენის დროს შინაარსია წარმოდგენა – წითელი ვარდი, აქტი კი – წითელი ვარდის წარმოდგენის მიმდინარეობა.

რა არის ფსიქიკა, როგორც პროცესი, მდგომარეობა, ფუნქცია? პროცესი, პროცესუალობა ფსიქიკური არსებობის ერთ-ერთი წესია. ფსიქიკა ჩვენში ძირითადად პროცესების სახითაა გაშლილი. ფსიქიკური პროცესი დროში თანმიმდევრული მონაცვლეობაა ფსიქიკური მდგომარეობისა თუ მოვლენა-შინაარსისა. ფსიქიკური პროცესი ცოცხალი, პლასტიკური, ფორმირებადი და განვითარებადი გარკვეულობაა. როცა ვლაპარაკობთ, მაგ., აზროვნების პროცესზე, მხედველობაში გვაქვს აზროვნების დასაწყისი რაიმეს გარკვევის მიზნით და შემდგომ მისი მიმდინარეობა პასუხის მიღებამდე (პრობლემის გადაჭრამდე). აზროვნების პროცესი თავის მსვლელობაში ჩაირთავს განსხვავებულ ფსიქიკურ ფუნქციებს. აზროვნების პროცესი შეიძლება იყოს ხანმოკლე, ზოგჯერ შეიძლება გრძელდებოდეს დროგამოშვებით მთელი დღეცა და უფრო მეტი ხნითაც კი.

არის შეხედულება იმის თაობაზე, რომ ფსიქიკური მოვლენებს არ უნდა ჰქონდეთ პროცესუალური არსებობის ფორმა იმის საფუძველზე, რომ პროცესი გულისხმობს რეალურ კავშირს სხვადასხვა მომენტებს შორის, რომელიც უზრუნველყოფილია სუბსტანციური მომენტით; ხოლო ვინაიდან ფსიქიკა არაა სუბსტანცია, ამდენად, ის ვერც პროცესს შექმნისო. ამ საკითხის დაწვრილებით განხილვას აქ არ შევუდგებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თუკი ფსიქიკის სუბსტრატია ტვინი, თუკი ფსიქიკა ტვინის თვისებაა, ამ თვისების პროცესუალურ მიმდინარეობას სწორედ რომ ტვინი განაპირობებს; და მაინც მთავარია ფსიქიკის ცნობიერებაში მოცემულობა (განცდა). ფსიქიკა განიცდება პროცესის სახით და ეს ვითარება სავსებით საკმარისია, ვაღიაროთ ფსიქიკის პროცესის სახით არსებობა.

ფსიქიკური მდგომარეობა წარმოადგენს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში დინამიკური ფსიქიკური პროცესის საპირისპიროსაცა და მისგან პირობითად გამოყოფილ შედარებით სტატისტიკურ მომენტს, რომელიც უპირისპირდება, მეორე მხრივ, „ფსიქიკურ თვისებას“, რაც ინდივიდის ფსიქიკის სამყაროს გამოვლენაზე მითითებაა. პიროვნების სტრუქტურაში მისი სიმტკიცე (დამკვიდრება) და განმეორებადობაა. მაგ., აფექტი, შიში, ვნება… ემოციური მდგომარეობანია დროის გარკვეულ მანძილზე რომ ბატონობენ ინდივიდის ცნობიერებაში. არის პათოლოგიური ფორმები ფსიქიური მდგომარეობისა, მაგ., აკვიატებული მდგომარეობანი, პანიკა და სხვ. ფსიქიკური მდგომარეობა შეფარდებითად მყარი, ან ადვილად ცვალებადი შეიძლება იყოს. ამისდა მიხედვით, ფსიქიკური მდგომარეობა ხასიათდება როგორც სტაბილური ან ლაბილური. მდგომარეობის ტერმინით მხოლოდ ემოციური ვითარება არ აღიწერება. ის გამოიყენება ასევე განსაზღვრულ დროში პიროვნების საერთო ყოფის აღსანიშნავად, რომ პიროვნება არის მოყირჭებულ, აგზნებულ, შეკავებულ, დათრგუნულ და ა.შ. მდგომარეობაში.

ფსიქიკურ პროცესებს, გარკვეული აზრით, ასევე უწოდებენ ფსიქიკურ ფუნქციებს. ადამიანის მთლიან სტრუქტურაში ყოველ ფსიქიკურ პროცესს ერთი მთლიანისთვის აკისრია განსაკუთრებული როლის შესრულება იმ აქტივობის განხორციელებაში, რასაც სხვა ვერ შეასრულებს და არც შეიძლება შეასრულოს. მაგ., მხედველობის შეგრძნება გვითვალისწინებს ფერთა მრავალფეროვნებას და ამ უკანასკნელის შესახებ ვერაფერს გვეტყვის ემოცია ანდა ნებისყოფა. სამყაროსთან მიმართება-დამოკიდებულებაში ადამიანი თავისი ფსიქიკური ფუნქციებით ასახავს მას და მასში ორიენტაციის საშუალებას გვაძლევს. ადამიანის ყოველგვარი საქმიანობა, პრაქტიკული იქნება იგი თუ თეორიული, ადამიანის ფსიქიკური ფუნქციების მონაწილეობას გულისხმობს. მასზე ეფუძნება მაშ, ფსიქიკური ფუნქცია, მისი ორიგინალური აქტივობის (იგივე ფუნქციობის) გზით პიროვნების მიზნების განხორციელების აუცილებელი მონაწილეა (დღევანდელი „ზოგადი ფსიქოლოგიის“ სახელმძღვანელოები ძირითადად წარმოადგენენ ფსიქიკურ ფუნქციათა შესახებ ცოდნას).

რა არის ფსიქიკური, როგორც თვისება, დისპოზიცია, მიდრეკილება? როცა ვახასიათებდით ფსიქიკას, როგორც განცდას, მოვლენას, ფენომენს, მდგომარეობას, პროცესს და ფუნქციას, შინაარსსა და აქტს, წინ იყო წამოწეული მათი ცნობიერების განზომილება, თუ რა ბუნებას ამჟღავნებენ ისინი, ვითარცა ცნობიერების მოცემულობანი. ახლა ვმსჯელობთ რა ფსიქიკურ დისპოზიციაზე, თვისებასა და მიდრეკილებაზე, ჩვენი პოზიცია იცვლება. დასახელებული „ფსიქიკური“ გარკვეულობანი მიუთითებენ ისეთ ვითარებაზე, რაც თვითონ ცნობიერების ფარგლებში აღარ თავსდება, ისინი ცნობიერების მიღმა არსებულად იგულისხმებიან. არაცნობიერი თვისების, დისპოზიციისა და მიდრეკილების ფსიქიკად გამოცხადება სავარაუდო დაშვებაა, ჰიპოთეზია. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ისინი გააზრებულნი იქნან ნამდვილად არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად, თუკი წინადწინვე გადაწყდება საკითხი ცნობიერი ფსიქიკის გენეზისის შესახებ; სასახელდობრ, თუ დავუშვებთ, რომ ცნობიერ ფსიქიკას წარმოშობს უმაღლესი ნერვული მოქმედება, მაშინ ფსიქიკის არაცნობიერ არსებობაზე მსჯელობა გაუმართლებელია, ხოლო თუკი ტვინის ქერქს არ შეუძლია განცდადი ფსიქიკის გაჩენა, მაშინ ცნობიერი ფსიქიკის ფსიქოგენეტურ წინა საფეხურად უნდა გავიაზროთ არაცნობიერი ფსიქიკა – ცნობიერი ფსიქიკისგან განსხვავებული რომელობა ფსიქიკისა. მართალია, თვისების, დისპოზიციისა და მიდრეკილების გამოცხადება ფსიქიკურად საბოლოოდ დასაბუთებული არაა, მაგრამ ისინი პირობითად ფსიქიკად შეიძლება ჩაითვალონ იმ საფუძვლის გამო, რომ უშუალოდ ედებიან საფუძვლად ცნობიერ ფსიქიკას, მაშასადამე, მათი გამოცხადება ფსიქიკურ სინამდვილედ მხოლოდ ჰიპოთეზაა.

ფსიქიკური თვისება პერსონის დისპოზიციური განსაზღვრულობა (მაგ., ხასიათი, ტემპერამენტი, ნიჭი), რაც შეფარდებითად კონსტანტურია (უცვლელია). განასხვავებენ ლატენტურ (ფარულ) უნარსა (დისპოზიციას) და საკუთრივ მანიფესტურად მოვლენილ თვისებებს (ცნობიერებაში ან ქცევაში გამომჟღავნებულ თავისებურებას). ქცევაში თუ ცნობიერებაში გამოვლენილის საფუძველზე ვასკვნით შემდეგ მოვლენილის საფუძველში არსებული თვისების თაობაზე. ფსიქიკური თვისება ობიექტურად არსებული, ჰაბიტუალური კომპონენტია ქცევის რეგულაციისა ან ფსიქიკური მოქმედიანობისა. ის თეორიული კონსტრუქციაა არადაკვირვებადი პროცესებისა და სტრუქტურებისა.

დისპოზიცია არის სუბიექტის მზაობა. მიდრეკილება ქცევის აქტისადმი, მოქმედებისადმი, მათი თანმიმდევრობით განხორციელებისადმი. დისპოზიცია არის ფსიქიკური განვითარების მიმართულების მეტად თუ ნაკლებად განმსაზღვრელი მიდრეკილების წყობა. შინაგანი წანამძღვარი ქცევის ფსიქიკური რეგულაციისა, რომელიც არაფერს არ ამბობს ამ წანამძღვრის გენეზისის შესახებ.

 

 

ლიტერატურა:

 

ა.ბოჭორიშვილი, ფსიქიკა როგორც ფსიქოლოგიის საგანი, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისათვის, თბილისი, 1966 წ., გვ. 295-312.

დ. უზნაძე, ფსიქოლოგიის საგანი, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები, შრომები, ტომი II, თბილისი, 1960, გვ. 11-34; ცნობიერების რაობა, იქვე, გვ. 133-148.

 

 

 



მდევარი