რედაქტორი: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი
მდევარი, 2026
წინათქმა
2008 წლის აგვისტოს ომს ქართული მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 170 სამხედრო პირი შეეწირა. კონფლიქტის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან 30 000-მდე ადამიანი ამ დრომდე დევნილობაში რჩება, საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა 125 სოფელი.[1]
ომის დაწყებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამას ადასტურებს როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება. დღეს საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, დაარღვია საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, ქართულ სოფლებში განახორციელა ეთნიკური წმენდა და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. თუმცა ამ ფაქტების აღიარებისთვის 2008 წლიდან ქართულ დიპლომატიას არაერთ წინააღმდეგობასთან გამკლავება მოუხდა როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე ქვეყნის შიგნითაც.
წინამდებარე ინტერვიუ მიმოიხილავს 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, იმ დროის რეგიონული და გლობალური წესრიგის ჭრილში; ეფუძნება პოლიტიკური ფილოსოფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს; კრიტიკულად გადაიაზრებს კონფლიქტის გენეზისს, მსოფლიო აქტორების მისწრაფებებს, მათი ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგებს.
ინტერვიუს მთავარი თეზისია, რომ 2008 წლის ომი იყო პუტინის გააზრებული სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარებისთვის ხელის შეშლასა და მისი სუვერენული ნების წართმევას. სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რაც განსაკუთრებით გამოიხატება ორი განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაპირისპირებაში – ერთი მხრივ, რუსეთის მისწრაფებების მიუხედავად დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის მიზნების შესაბამისად მოქმედება და მისთვის სუვერენიტეტის გადაცემა.
ინტერვიუს მოპასუხეა ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და დიპლომატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ხოლო 2011-2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში. ზურაბ ჭიაბერაშვილი უშუალოდ იყო ჩართული 2008 წელს მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში და მოცემულ ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებს მოვლენებს.
საუბარი დავიწყოთ აგვისტოს ომის უშუალო წინაპირობების განხილვით. პოლიტიკის ფილოსოფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიიდან გამომდინარე, ზუსტად რა გარემოებების შედეგად გადაიქცა ქართულ-რუსული კრიზისი ომად? ჰქონდა თუ არა იმდროინდელ საქართველოს გარკვეული ინსტიტუციური ნაკლოვანებები, რომელთა გამოც ომის საფრთხე შესაბამისად ვერ აღიქმებოდა?
საქართველოზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის წინაპირობების გასააზრებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვიხილოთ რეგიონული და გლობალური საგარეო-პოლიტიკური გარემო, რომელშიც ეს ომი მოხდა.
რუსეთი წარმოადგენს რევიზიონისტულ-რევანშისტულ ძალას. იგი უკმაყოფილოა იმ საერთაშორისო წესრიგით, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდგომ დამყარდა და ცდილობს მის დარღვევას. ეს ყოველივე მკაფიოდ წარმოჩნდა 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის გამოსვლისას. საინტერესოა კადრებად ასახული დასავლეთის დიპლომატების დამოკიდებულება – ამერიკის იმდროინდელი თავდაცვის მდივნის, რობერტ გეიტსისა და სენატორ ჯონ მაკკეინის ღიმილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ პუტინის ნათქვამი სათანადოდ ვერ შეაფასეს: მათ ეჭვი არ ეპარებოდათ პუტინის განზრახვებში, თუმცა, მაშინდელი რუსეთის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მას გლობალურ საფრთხედ არ მიიჩნევდნენ.
ჩემს სტატიაში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“[2] აღვნიშნავ, რომ იმ დროს რუსეთი მხოლოდ რეგიონულ საფრთხედ აღიქმებოდა. არსებობდა მოლოდინი, რომ მას შეეძლო პრობლემები შეექმნა საქართველოსთვის ან უკრაინისთვის, მაგრამ საერთაშორისო წეს-წყობილებას ვერ შეარყევდა. ეს აღმოჩნდა თავდასხმის საგარეო-პოლიტიკური პირველი წინაპირობა – რუსეთი მოიაზრებოდა სუსტ ძალად. ასეთი აღქმა ნაწილობრივ დღესაც არსებობს, რადგან ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის მთავარ საფრთხედ ჩინეთი რჩება, რუსეთი კი რეგიონული წესრიგის დამრღვევია, ერთგვარი დანამატი მთავარ ჩინურ ძალაზე.
საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით მეორე წინაპირობა ის იყო, რომ დასავლეთის ქვეყნებში წარმოედგინათ, ურთიერთობით, განსაკუთრებით ურთიერთვაჭრობით, რუსეთი და ჩინეთი შეეძლოთ ექციათ ლიბერალური წესრიგის რაციონალურ მოთამაშეებად. ჩინეთის მაგალითზე განვიხილოთ: დღეს ამერიკაში ორივე პარტია თანხმდება, რომ იგი საფრთხეა, მაგრამ გავიხსენოთ 1996 წელი, როდესაც კლინტონის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ ჩინეთი გახდეს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) წევრი. ხედვა იყო შემდეგი: ჩინეთი კი არღვევს თამაშის წესებს, მაგრამ აჯობებს ითამაშოს ჩვენთან, ვიდრე საერთოდ არ ითამაშოს. მსგავსად გაიაზრებდნენ რუსეთის საკითხსაც. ეს აღქმა ახალი არ არის – საბჭოთა კავშირიდან გერმანიის მიმართულებით პირველი ნავთობსადენი[3] 1964 წლიდან სრულად ამოქმედდა; ე.ი. სავაჭრო ურთიერთდამოკიდებულების იდეა, რომელიც გამორიცხავს ომს აქტორებს შორის, უფრო დიდი ხნის წინ დამკვიდრდა, ვიდრე შროედერის ან მერკელის პუტინთან ურთიერთობა დამყარდებოდა. შესაბამისად, მეორე წინაპირობაც სწორედ ეს იყო – წარმოდგენა, რომ ვაჭრობით შეიძლება რუსეთის მოთვინიერება.
გარდა ამისა, უნდა განვიხილოთ რუსეთის რეგიონული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯებიც. 2003 წელს საქართველოს ვარდების რევოლუციისა და 2004 წელს უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს რუსეთს არ ჰქონდა შესაბამისი ძალა, ხელი შეეშალა მოვლენებისთვის, რამდენადაც პუტინს 1990-იან წლებში დანგრეული მექანიზმები ხელახლა აწყობილი და გამართული ჯერ არ ჰქონდა. რუსეთი იძულებული იყო შეჰგუებოდა იმ მდგომარეობას, რომელიც მივიღეთ 2003 და 2004 წლის ფერადი რევოლუციების შედეგად.
თუმცა, საერთოდ, პუტინისთვის მიუღებელია აზრი, რომ პატარა ერებს და, უფრო ზოგადად, ხალხებს, სუვერენიტეტი აქვთ. ის სუვერენიტეტს განიხილავს არა როგორც ხალხის, არამედ ერის მმართველთა უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ხალხებს კი არ აქვთ სუვერენიტეტი, არამედ მათ, ვინც სახელმწიფოს სათავეშია. დღევანდელ დისკურსში, „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ-სთეითზე“ რომ საუბრობენ, მსგავსი იდეა იკვეთება: ამერიკელ ხალხს კი არ აქვს სუვერენიტეტი, არამედ რიგი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს ბნელ ოთახებში, ხოლო ხალხს სოციალური მედიით აბრიყვებენ. ეს აზროვნების იგივე წესია.
პუტინისთვის დემოკრატია არ არსებობს. მას არ წარმოუდგენია, რომ ხალხს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ნება. ამიტომ, მისი თვალსაზრისით, საქართველოს მაგალითი და ვარდების რევოლუციის წარმატება ძალიან სახიფათო იყო. აქვე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახალ თაობას გამოსასწორებელი აქვს, სწორედ რუსეთის მიერ დაფინანსებული მკვლევრების მიერ შექმნილი აკადემიური იდეაა, რომლის მიხედვითაც ვარდების რევოლუცია ხალხის ნების გამოვლინება კი არ იყო, არამედ სოროსის, CIA-სა და სხვათა დადგმული მოვლენა. აღნიშნულის გაგრძელებას ვხედავთ თეა წულუკიანის განცხადებებშიც საპარლამენტო კომისიაზე. ანგარიშში ჩემი სახელი რვაჯერ არის ნახსენები და მის მიხედვით მე 2003 წელსაც ვმოქმედებდი, როგორც „უცხოეთის აგენტი“, რადგან ვარდების რევოლუცია იყო გარედან თავსმოხვეული და არა ქართველი ხალხის ნების გამოხატულება.
მაშასადამე, ერთი მხრივ, პუტინი არის რევიზიონისტი და რევანშისტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას არ სჯერა ხალხის ნების და მიიჩნევს, რომ დასავლეთი ერევა მისი გავლენის სფეროში. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია, რომ ხისტი ნაბიჯები გადადგას გლობალურ თუ რეგიონულ დონეზე. ეს ყველაზე კარგად გამოიხატება მის 2008 წლის თებერვლის სიტყვაში, რომელიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას მოჰყვა. პუტინი ამბობს: თქვენ დასაჯეთ ჩემი სერბეთი და ამიტომ მეც დავსჯი თქვენს საქართველოს. აქაც ჩანს იგივე აღქმა – არც სერბებს აქვთ დამოუკიდებელი ნება, რომლებიც რუსეთის ვასალებად არიან წარმოჩენილნი, და არც ქართველებს, როგორც „დასავლეთის ვასალებს“. თუ დასავლეთმა დაუსაჯა რუსეთის პრეზიდენტს ვასალები, მაშინ მასაც აქვს უფლება, დასავლეთს იმავენაირად მოექცეს. მოვლენათა ეს ჯაჭვი თებერვლიდან იწყება. თუმცა თავად პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ 2006 წლიდან ჰქონდა „საშინაო მზაობები“.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის „საშინაო მზაობები“ დღემდე არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ახლახან გამოქვეყნებული პუტინისა და ბუშის საუბარიც, რომელშიც ამოიკითხება იგივე დამოკიდებულება, პუტინს დღესაც რომ აქვს უკრაინის მიმართ, მათ შორის ტრამპთან საუბრისას. მეტიც, ისტორიკოსი სტივენ კოტკინი ამბობს, რომ ეს „მზაობები“ პუტინის გამოგონება არ არის, არც სტალინის, – ცარისტულია, ეკატერინე მეორისა და კიდევ უფრო ძველი დროიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომ უკრაინელები არასოდეს ამბობენ, რომ ეს არის პუტინის ომი; არამედ ეს არის რუსეთის ომი – პუტინი რომც არ იყოს, რუსეთის დამოკიდებულება უცვლელი დარჩება.
აქვე, თქვენი კითხვა მოიცავდა იმასაც, თუ როგორ აღიქმებოდა ეს მოვლენები თავად ქვეყანაში. ხალხს ავიწყდება ხოლმე სააკაშვილის პირველი ინაუგურაცია, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ხელს უწვდის რუსეთს. ეს მიმართვა იმითაა განპირობებული, რომ მას კარგად ესმის, რუსეთი რეგიონულ დონეზე წესრიგის დამრღვევი მოთამაშეა, საქართველოსთვის საფრთხეა. ომის დაწყებამდე საქართველო რჩებოდა დსთ-ს წევრად, ხოლო სააკაშვილი ამ ორგანიზაციის ფორუმებს იყენებდა, რათა პუტინისთვის აეხსნა, რომ საქართველო მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც პუტინს მოსვენებას უკარგავდა, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა. 2007 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი +12% იყო, ვარდების რევოლუციის დროს გატარებული რეფორმების შედეგად. ამგვარი განვითარება პუტინს მიანიშნებდა, რომ საქართველო ეკონომიკურადაც ძლიერდებოდა, შესაბამისად, მისი სწრაფი აღმასვლის შეჩერება გახდა საჭირო. პუტინი მიიჩნევდა, რომ ან მაშინ უნდა გაეჩერებინა საქართველო, ან სულ მალე იგი მთლიანად გავიდოდა მისი გავლენის სფეროდან.
პოლიტიკურ თეორიაში სუვერენული სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. როდესაც აგვისტოს დასაწყისში ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება პარადოქსის წინაშე აღმოჩნდა: უმოქმედობა ნიშნავდა სუვერენული ვალდებულების ღალატს, ხოლო მოქმედება – რუსეთთან კონფლიქტს. არსებობდა თუ არა რაიმე თეორიული „მესამე გზა“ 2008 წლის ივლის-აგვისტოში, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემდა, შეენარჩუნებინა სუვერენიტეტი რუსეთის შემოჭრის გარეშე? 2008 წლისთვის იყო თუ არა სამხრეთ ოსეთი ერთგვარი სტრატეგიული ხაფანგი, სადაც საქართველოს ნებისმიერ ქმედებას გარდაუვალად მოჰყვებოდა რუსეთის შემოჭრა?
ხაზგასასმელია, არა მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში, ივნისის ბოლოსა და ივლისშიც უკვე იყო მსხვერპლი და მცირეკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევები ქართულ საგუშაგოებზე. ქართული მხრიდანაც იყო საპასუხო ცეცხლი იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც სამშვიდობო ძალებს ჰქონდათ. თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი.
დავიწყოთ ზოგადი სქემის წარმოსახვით. წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სცენარი: დავუშვათ, რომ მათი მხრიდან დაბომბვა გრძელდება, ხოლო საქართველო პასუხს არ სცემს, არაფერს აკეთებს. უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ გაეროს წესების მიხედვით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს მოქმედების უფლება, როდესაც ხედავს, რომ მტრის ძალა მის ტერიტორიაზეა შემოსული. ჩავთვალოთ, რომ 7 აგვისტოს საღამოდანაც, როდესაც რუსეთი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია, საქართველო არ პასუხობს. თუ რუსეთს განზრახული აქვს საქართველოს პროვოცირება, რათა საქართველომ ცეცხლი გახსნას, შემდგომ იწყება შეტევა კოდორის ხეობაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ამასაც უპასუხოდ ვტოვებთ. შემდგომ გალიდან ქართველ მოსახლეობას ყრიან, როგორც ეს 1998 წელს მოხდა. ამ ვითარებაში წარმოვიდგინოთ, რას იტყოდა მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაა – რომ სახელმწიფო არ იცავს ქართველ ხალხს. დღეს მათგან ბრალდება ისმის, რომ ომი საქართველომ დაიწყო; ამ ჰიპოთეტურ შემთხვევაში კი მათ მიერ გავრცელებული აზრი სრულიად საპირისპირო იქნებოდა – საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში დაადანაშაულებდნენ. ე.ი. თუ რუსეთის ამოცანა სახელმწიფოს დესტაბილიზაციაა, რომელი გზით გამოიყვანს ქვეყანას წონასწორობიდან, მნიშვნელობა არ აქვს. რაც ითქვა, მეტად ჰიპოთეტურია, თუმცა ამავე დროს ძალზე რეალისტურიც.
ომის შეკავების თვალსაზრისით ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა. ნიშნებს თებერვლიდან ვაკვირდებოდით: მარტში რუსეთმა უკვე გააუქმა დსთ-ს მორატორიუმი სოხუმისა და ცხინვალისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, მაისის ბოლოს კი სარკინიგზო ჯარები შემოიყვანეს აფხაზეთში რკინიგზის ხაზის აღსადგენად. თანადროულად ჩვენ ვაფრთხილებდით საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე ვცდილობდით, რაიმე ბერკეტი გვქონოდა და ვაყენებდით პირობას, რომ სამშვიდობო ფორმატს შევცვლიდით. დსთ-ს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც აღნიშნულ ფორმატს ესაფუძვლებოდა, ჩვენ შეგვეძლო სამშვიდობო ფორმატის შეცვლის მოთხოვნა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომ შემოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, რომელსაც პუტინი და ლავროვი ასახელებდნენ, იყო სამშვიდობოებზე თავდასხმა. ის ფაქტი, რომ საქართველომ არ გააუქმა ხსენებული სამშვიდობო ფორმატი, თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ომი და ომის გაღრმავება. რამდენად სწორი იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოველი ქმედება, ისტორიამ და ახალმა თაობამ უნდა შეაფასოს. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ომის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტი გადარჩა და პუტინმა მიზანს ვერ მიაღწია მაშინ; მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით თავად განაცხადა: რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხი.
ამრიგად, კითხვაზე პასუხი რომ დავასრულოთ – ომი იყო პუტინის არჩევანი. დიდ სქემაში კი დეტალები არის მხოლოდ შემდგომი პოლიტიკური ინტერპრეტაციების, ნარატივების შესათხზავი მასალა.
ჩაგეკითხებით, ქართული მხარე ყოველთვის ცდილობდა განგაშის ატეხას, როდესაც საფრთხის ნიშნები იყო. დასავლეთი არ ცვლიდა თავის პოლიტიკას? როგორ მოქმედებდნენ?
საფრთხე გააზრებული ჰქონდათ. ივლისში რეგიონს ეწვივნენ კონდოლიზა რაისი[4] და ვალტერ შტაინმაიერი[5]. თუ სწორად მახსოვს, შტაინმაიერი შემდეგ მოსკოვშიც ჩავიდა და სოხუმშიც. აღნიშნული მიუთითებს იმაზეც, რომ პუტინი ომისთვის ემზადებოდა. თუმცა იმის გამო, რომ დასავლეთს რუსეთთან უშუალო დაპირისპირება არ სურდა, მათთვის სასარგებლო ხედვა აღმოჩნდა, თითქოს საქართველო ხაფანგში გაება და პროვოკაციაზე წამოეგო. რადგან, თუ საჯაროდ გაცხადდებოდა, რომ რუსეთი აგრესორია (ტალიავინის დასკვნასაც იგივე ეხება), მაშინ აუცილებელი გახდებოდა მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა, რისი პოლიტიკური ნებაც არ იყო.
გავყვეთ კონფლიქტამდე მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს. როგორ განისაზღვრება საქართველოს პოლიტიკა 2008 წლის აგვისტომდე, NATO-სთან ურთიერთობისა და რუსული გაფრთხილებების გათვალისწინებით? 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის (Membership Action Plan) მინიჭებაზე უარი ხშირად მოიხსენიება, როგორც პუტინისთვის გახსნილი გზა. შეაფასებდით თუ არა ამას, როგორც შეკავების პოლიტიკის მარცხს?
პირველ რიგში, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დასავლეთს არ ჰქონია პუტინის შეკავების სტრატეგია. თქვენი კითხვა გულისხმობს ვარაუდს, რომ შეკავების სტრატეგია ჰქონდათ და ვერ განახორციელეს; პრობლემა კი უფრო ღრმაა – შეკავების სტრატეგია საერთოდ არ არსებობდა.
თუ უკრაინის კონფლიქტის მაგალითს მოვიხმობთ, აშკარაა, რატომ სთავაზობენ მას დღეს ევროკავშირის წევრობას და რატომ არის ამ საკითხში დასავლეთი შედარებით „ხელგაშლილი“. მიზეზი სწორედ ისაა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას, ნატოს წევრობას, არ აძლევენ. თუ დავაკვირდებით ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარების გზასა და შემდეგ უკრაინასა და საქართველოს, განვლილმა 35-მა წელმა ცხადად გვაჩვენა: ჯერ დასავლეთი წყვეტს, რომ რეგიონი საკუთარი გავლენის სივრცედ აქციოს და შემდეგ ხდება შესაძლებელი ამ რეგიონის განვითარება. დასავლური ქოლგის ქვეშ სახელმწიფოს შეუძლია გაცილებით თამამად იმოქმედოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. თუ იგი ქოლგის გარეთ არის, მუდმივად უწევს წონასწორობის დაცვა სტაბილურობასა და დემოკრატიულ რეფორმებს შორის და რუსეთიც მუდმივად ერევა ასეთი ქვეყნის შიდა საქმეებში. მიმაჩნია, დასავლეთს მყარად რომ ჰქონოდა გადაწყვეტილი ჩვენს სივრცეში საკუთარი გავლენის გავრცელება და საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა და დღემდე მოვლენები სრულიად განსხვავებულად განვითარდებოდა.
სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, დღესაც კი უწევს ნატოს გენერალურ მდივანს მოწოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება გადავიდეს რუსეთის შეკავებაზე, აღადგინოს სამხედრო პოლიტიკური შეკავება. დასავლურ სახელმწიფოთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ სურს, კეთილდღეობის ილუზია დათმოს და გაიაზროს, რომ სამყარო გაცილებით სასტიკი და უხეშია, ვიდრე მათ ჰგონიათ. სწორედ ამიტომ, განვმეორდები, 2008 წელსაც პუტინის შეკავების სტრატეგია არ არსებობდა.
აგვისტოს ომისას, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, თქვენ იყავით საერთაშორისო სარბიელზე გაჩაღებული სამართლებრივი და საინფორმაციო ომის წინა ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ. 2008 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო დღეს ასე ხშირად განხილვადი რეზოლუცია 1633, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, თუმცა რეზოლუცია შეიცავდა ჩანართსაც ქართული მხარის მიერ „მძიმე არტილერიის გამოყენების“ შესახებ. შეგიძლიათ აღგვიდგინოთ ქართული მხარის დიპლომატიური ბრძოლა და მაშინდელი „კულისებს მიღმა“ ვითარება? როგორი იყო ზეწოლა „ძველი ევროპისგან“ (საფრანგეთი/გერმანია) ქართულ დელეგაციაზე ისეთი კომპრომისული ტექსტის მისაღებად, რომლითაც მოსკოვის სრულ გაუცხოებას აირიდებდნენ?
ზეწოლა ძველი ევროპისგან არ ყოფილა. ასეთი ვითარება იყო: ვიყავით ჩვენ, ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები, და მეორე მხარეს – რუსეთი და მაშინდელი ქართული ოპოზიცია (დღეს საქართველოს მმართველი ძალა), რომელიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. ამიტომაც, როდესაც ნებისმიერი დიპლომატი ამბობდა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, საპასუხოდ ქართველ ოპოზიციაზე მიუთითებდნენ იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ რუსეთი არ ამტკიცებდა საპირისპიროს. როდესაც ქვეყანაშივე გყავს ხალხი, რომელიც რუსეთის ნათქვამს იმეორებს, ძალიან რთულია ჰიბრიდული ომის მოგება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ რეზოლუციას რუსებმა მხარი არ დაუჭირეს და დარბაზიდანაც გავიდნენ პროტესტის ნიშნად. რატომ? იმიტომ, რომ რეზოლუცია ახსენებს ეთნიკურ წმენდას, ოკუპაციას, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული და ა.შ.. ანუ, ყველაფერი საჩვენოდ წერია. ზოგადად, დიპლომატიაში არ ხდება, რომ მთელ ტექსტში ყველაფერი ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ეწეროს. ამასთანავე, ევროპის საბჭოში განიხილავდნენ რუსეთის საბჭოდან გარიცხვის საკითხსაც, რომელიც მხოლოდ ერთი ხმით წავაგეთ. აქედან გამომდინარე, ევროპის დამოკიდებულება მკაფიო, ერთსახოვანი არ ყოფილა და რუსეთის აღქმაც იმ დროს განსხვავდებოდა დღევანდლისგან,- მას ცალსახად ცუდად არ განიხილავდნენ. ამის მიუხედავად, აღნიშნული რეზოლუცია პირველი დოკუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდას. იგი შემდგომში საფუძველი გახდა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლო დასკვნებისათვის. რუსებს ეს დოკუმენტი ეზიზღებათ, რადგან სწორედ ამ უკანასკნელით დაიწყო მათი საერთაშორისო პოზიციის რღვევა.
განვიხილოთ 2009 წლის ტალიავინის ანგარიშიც, რომელმაც საქართველოს დააკისრა პასუხისმგებლობა „დაბომბვის დაწყებაზე“, ხოლო რუსეთი დაადანაშაულა პროვოკაციასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, რაც, როგორც ასეთი, შინაარსობრივად პარადოქსულია. რა არის ამ გარემოების არსი?
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ტალიავინის ანგარიში არასდროს პრობლემა არ გამხდარა ჩვენთვის დიპლომატიურ ასპარეზზე, რადგანაც საქართველო მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით; ჰააგამ და სტრასბურგმა ეს ყოველივე თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადასტურეს კიდევაც. აღნიშნული ანგარიშიც შეესაბამება იმ ლოგიკას, რომელზეც გესაუბრეთ – ტალიავინს რომ არ დაეტოვებინა ეჭვი ქართველების ნაწილობრივი პასუხისმგებლობის შესახებ, მაშინ დასავლეთს უნდა გადაედგა მკვეთრი ნაბიჯები და ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.
ქართული მხარის ერთ-ერთი მთავარი წარმატება ევროპულ დოკუმენტებში სამართლებრივი ტერმინის – „ოკუპაციის“ დამკვიდრება იყო, რასაც რუსეთი ძლიერ ეწინააღმდეგებოდა. რა მნიშვნელობისაა, რისი განმსაზღვრელია ეს სემანტიკური ცვლილება?
თუ გავიხსენებთ ეუთოს 1994-1996 წლების სამიტებს, სამიტების დეკლარაციებში წერია, რომ აფხაზეთში ეთნიკური წმენდა იყო. თუმცა, მაინც, 2008 წლის ომამდე ეს აღიქმებოდა არა როგორც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, არამედ როგორც საქართველოს შიდა ეთნიკურ-ტერიტორიული განხეთქილება, რომელშიც რუსეთი ცუდ როლს თამაშობს, თუმცა უშუალოდ არ ერთვება. 2008 წლის შემდეგ ეს წარმოდგენა იცვლება და აფხაზეთის ომიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტად აღიქმება. ხაზგასასმელია, რომ ვამბობ „კონფლიქტს“ და არა „კონფლიქტებს“ – მხოლობით რიცხვში სიტყვა აღნიშნავს რუსულ-ქართულ დაპირისპირებას, ხოლო მრავლობითში იგულისხმება დაპირისპირება განცალკევებულად ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. კონფლიქტების ამგვარად გამიჯვნა არასწორია და პირადადაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე, რათა ევროპის საბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებებში სიტყვა მხოლობით რიცხვში დაეწერათ. ძალიან მავნე აზრია, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ ხშირად იყენებს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ მოხდა. სინამდვილეში ოკუპაცია დაიწყო 1991-1993 წლების ომის შედეგად, თუმცა მცდარი აზრის გამო, რომ რუსეთი პირდაპირი მონაწილე არ ყოფილა, ხშირად მოისმენთ, თითქოს ოკუპაცია 2008-ში დაიწყო. კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია დავამკვიდროთ, რომ ოკუპაცია 1991-93 წლებიდან იწყება და არა 2008 წლიდან.
აგვისტოს ომისადმი დასავლეთის დამოკიდებულება, რუსეთისათვის დაბრუნებული პასუხი სრულიად განსხვავდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისადმი მათი მიმართებისგან; რა შეიცვალა?
პირველ რიგში, ეს პუტინის სტრატეგიული შეცდომის შედეგია. რადგანაც დასავლეთი უმეტესწილად თავს არიდებს რუსეთთან დაპირისპირებას, პუტინი ამას მათ სისუსტედ აღიქვამს და უჩნდება მეტი აგრესიული ნაბიჯის გადადგმის სურვილი. შედეგად, იგი სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს, რადგან ჰგონია, რომ დასავლეთი მუდამ უკან დაიხევს.
ამასთანავე, საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულება შეცვალა უკრაინელმა ხალხმა, რომელთაც არ მისცეს პუტინს ნება, რომ სამ დღეში აეღო კიევი. ანუ, ისტორიას ცვლის ერების პოლიტიკური ნება – უკრაინელმა ხალხმა თქვა, რომ რუსეთის მიერ დამონებას სიკვდილი ერჩია და საკმარისი რაოდენობის ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც შიშველი ხელებით გავიდნენ ტანკების პირისპირ. გასათვალისწინებელია მასშტაბი, – ეს მნიშვნელოვანი ცვლადია, რადგანაც, სამწუხაროდ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველო ასეთ წინააღმდეგობას ვერ გასწევდა.
დამოკიდებულება ასევე შეცვალა რუსეთის სისასტიკემ, სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მიერ აღქმულმა საფრთხემ. მაგალითისთვის, პოლონეთმა იმდენად გაზარდა თავისი შეიარაღება, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაიქცა ციხესიმაგრედ. პოლონეთი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაკავების შემთხვევაში შემდეგი სამიზნე გარდაუვალად თვითონ იქნება.
აქედან გამომდინარე, პუტინის გაუმაძღრობა აფხიზლებს დასავლეთს და უბიძგებს, მასთან მიმართებაც შეცვალოს.
ჯონ მირშაიმერის მსგავსი რეალისტები ამტკიცებენ, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ იყო ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის, რამაც გარდაუვალად გამოიწვია ომი. თუ საქართველოს მთავრობა 2004 წლის შემდეგ აირჩევდა „შეიარაღებული ნეიტრალიტეტის“ პოლიტიკას, გჯერათ თუ არა, რომ რუსეთის შემოჭრის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა?
საკითხის ნათელსაყოფად, მაგალითისთვის, შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ეფუძნება ორ წინაპირობას – გარშემო ცივილიზებული ერების არსებობასა და მყისიერად დიდი ჯარის გამოყვანის შესაძლებლობას. ფინეთის ნეიტრალიტეტი განპირობებული იყო იმით, რომ „ზამთრის ომში“ იქ სტალინი დამარცხდა და გავლენა ვერ განავრცო. ამგვარად, აუცილებელია ქვეყნის მეზობლების მიერ ნეიტრალიტეტის აღიარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთს მიეღო საქართველოს ნეიტრალიტეტი? ვვარაუდობ, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი „ქართული ოცნების“ მომავალი კამპანია იქნება. მათი ყველა განცხადება აქამდე დაიყვანება – 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ვაშლი არ უნდა გახდეს. სამწუხაროდ, მის და სხვა პოლიტიკოსების ნათქვამ დაპირებებს ხალხი ყურადღებით არ ეკიდება და ჰგონიათ, მათ არ შეასრულებენ.
ამ საკითხზე დაწერილი მაქვს ბლოგი „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება – რის ფასად?“[6], რომელშიც განვიხილავ, რომ, რაც არ უნდა დაუთმოს ივანიშვილმა რუსეთს, ის არ გაჩერდება. ხალხისთვის წარმოუდგენელია, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოს სრული ტერიტორიული დაპყრობაა, თუმცა, თუ მათი საგარეო პოლიტიკის კურსი ეკატერინე მეორიდან იწყება და, როგორც ვახსენეთ, ცარისტულია, ეს დასკვნა ბუნებრივია. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რატომ აქვს რუსეთს მსგავსი დამოკიდებულება. კოტკინის მიხედვით, რუსეთის ყველა ცარს ესმოდა, რომ თუ რუსეთი არ იქნება ექსპანსიონისტური, ის დაიშლება[7].
რუკაზე წარმოვიდგინოთ რუსეთის საზღვრები. მისი ჩრდილოელი მეზობლები, ფინეთი და შვედეთი, გახდნენ ნატოს წევრები, რაც რუსეთისთვის პრობლემა არ იყო, რადგან არ აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში კარელიამ შეიძლება დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ჩრდილოეთ კავკასიაში განსხვავებული ვითარებაა. უკრაინა და საქართველო ნატოში რუსეთისთვის იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეს შეიძლება ვერ შეინარჩუნოს ჩრდილოეთ კავკასია. მას თუ ვერ შეინარჩუნებს, თათარსტანსაც დაკარგავს, რომელიც თუკი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება, ნავთობის მარაგით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება. ეს გამართლება კი არ არის პუტინის ქმედებების, არამედ მისი ლოგიკის ახსნაა – რიგი რეგიონები რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველია.
ნეიტრალიტეტის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, საქართველო თუნდაც ნეიტრალური იყოს, რუსეთისთვის ეს მიუღებელია, რადგან თავადაა ოპორტუნისტული. ოპორტუნიზმი ნიშნავს, რომ დღეს არსებულ ვითარებას ვინარჩუნებ, თუმცა, ხვალ თუ უკეთესი პირობები იქნება, ჩემი მისწრაფებებისამებრ ვიმოქმედებ. მაგრამ პირიქით რომ მოხდეს? ამიტომ ასე უყურებენ, რომ სანამ საშუალება მაქვს, რაც შეიძლება შორს უნდა გადავწიო საზღვარი.
განვიხილოთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომლის შექმნის ბრძანებულებაც 2007 წლის 8 მაისს გამოიცა. 2025 წლის 17 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ იგი უქმდება. ამ ზომის განხილვისას ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილებას უწოდეს სახელმწიფოს ღალატი, არაკონსტიტუციური, სეპარატიზმის ირიბი ლეგიტიმაცია და 2008 წლის ომში რუსული აგრესიის ერთ-ერთი ხელშემწყობი. გვაინტერესებს თქმულ განცხადებასა და ზოგადად ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე თქვენი დამოკიდებულება.
საკითხი განვიხილოთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან გამომდინარე, რომელშიც ორი სამუშაო ჯგუფია ჩართული – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ/ადამიანის უფლებებზე მომუშავე. მოლაპარაკებებში მონაწილეობს ორი მხარე – საქართველო, აფხაზეთის დევნილ მთავრობასა და ზემოხსენებულ ადმინისტრაციასთან ერთად, და რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის არაღიარებულ რეჟიმებთან ერთად. ანუ, არსებობს აფხაზეთის „მთავრობა“ სოხუმში და აფხაზეთის მთავრობა თბილისში; „მთავრობა“ ცხინვალში და აქამდე არსებული მთავრობა ახალგორში. როგორც ხედავთ, მხარეებს შორის სიმეტრიაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ეს არ არის ქართულ-ოსური ან ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, არამედ – ქართულ-რუსული. გარდა ამისა, ჩართულნი არიან აშშ, ევროკავშირი, ეუთო, გაერო და სხვა საერთაშორისო მონაწილეები.
სიმეტრიის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციების ორივე მხარეს არსებობა არსებითად მნიშვნელოვანი იყო იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ დაპირისპირება არის მხოლოდ ქართულ-რუსული და არა – ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური. ახლა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებით აღნიშნული სიმეტრია ირღვევა. ეს სარგებლიანია მათთვის, ვისთვისაც ძველი წარმოდგენაა ხელსაყრელი, რომლის მიხედვითაც რუსეთი დაპირისპირებათა მონაწილე არ არის.
დაბოლოს, არის თუ არა ნამდვილი სტრატეგიული ავტონომიურობა საქართველოსთვის შესაძლებელი მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში?
ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მთავარი ამოცანაა, ისეთი გზა გამოვნახოთ, რომ თან სახელმწიფოს შენება შევძლოთ და თან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილიც გავხდეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ უკრაინის გამარჯვება და მისი სუვერენიტეტის შენარჩუნება არის ამისათვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი წინაპირობა. თუ ჩვენმა საზოგადოებამ იგრძნო, რომ დასავლეთმა პუტინის დასუსტება მოახერხა, მაშინ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სუვერენიტეტი დავიბრუნოთ. ხოლო თუკი ქართული საზოგადოების ნაწილს დარჩება განცდა, რომ დასავლეთი პუტინთან ვერაფერს გახდა, არა მხოლოდ სუვერენიტეტს, ფორმალურ დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ. ომის დასრულება და ის, თუ როგორ აღიქვამს ქართველი საზოგადოება მის დასასრულს, ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა ჩვენ სუვერენიტეტი წართმეული გვაქვს. იმისათვის, რომ რიგ სფეროებში პრობლემების გადაჭრაზე გადავიდეთ, დაწყებული ჯანდაცვისა და განათლებიდან დამთავრებული ტერიტორიული მთლიანობით, ქვეყანას სჭირდება სუვერენული, გამოწვევების დაძლევაზე მიმართული ხელისუფლება, რომელიც ამჟამად არ გვყავს. კარლ შმიტის სამართლის ფილოსოფიის მიხედვით, რეალური სუვერენიტეტი არსებობს ზღვრულ ვითარებაში, კრიზისის ფონზე. არსებული ხელისუფლებაც საკუთარ საზოგადოებას ამყოფებს მუდმივ კრიზისში. მათ პრობლემების გადაჭრა კი არა, კრიზისის შენარჩუნება სურთ. კრიზისი რომ არ იყოს, მაშინ მართლა გარდაუვალი გახდება განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების პრობლემებში ჩახედვა. ეს კი არ არის მათთვის ხელსაყრელი.
ამასთანავე, თუკი უკრაინა წარმატებით დაასრულებს ომს, შეიძლება გამოჩნდეს ერთგვარი „ფანჯარა“, ვიდრე რუსეთს „ამოსუნთქვა“ დასჭირდება. არ ვიცით, ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გასტანს – მაგალითად, 1990-იან წლებში „ფანჯარა“ საკმაოდ დიდხანს იყო ღია და ზოგიერთმა ქვეყანამ მოახერხა ამ დროს ძალების მოკრება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ერთი რამ ნათელია – საზოგადოებაში გვჭირდება შეთანხმება ეროვნული პროექტის შესახებ; ჩვენ შორისვე უნდა გადავწყვიტოთ, რა ღირებულებებსა და მიზნებზე ვაშენებთ ქვეყანას. ახლა უდიდესი პრობლემაა, რომ საზოგადოების ორ ნაწილს შორის ძალიან დიდი უფსკრულია. ეს რეჟიმი რომც შეიცვალოს, ამ უფსკრულის ამოვსება საარსებოდ მნიშვნელოვანია. ერმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი არსი. თუკი ქვეყანაში პოლარიზაცია დარჩება, წარმატებული სახელმწიფოს შენება შეუძლებელი იქნება.
ბოლოთქმა
ზურაბ ჭიაბერაშვილის მსჯელობა აგვისტოს ომს რუსული იმპერიალისტური გაფართოებისკენ სწრაფვის ხანგრძლივ ისტორიულ გზაზე ათავსებს და ხაზს უსვამს სუვერენიტეტის, როგორც ხალხის პოლიტიკური ნების გამოვლინების, მნიშვნელობას. საუბარში გამოკვეთილია სამართლებრივი პაექრობის როლი საერთაშორისო სარბიელზე – კერძოდ, „ოკუპაციის“ ცნების დამკვიდრება, როგორც დიპლომატიური ბრძოლის საკვანძო შედეგი. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოსაუბრე ომის შემდგომ პერიოდში ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს კრიზისებით მანიპულირებიდან სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაზე გადასვლას, რაც მხოლოდ მყარი ეროვნული თანხმობისა და დასავლურ სამყაროსთან დაახლოების პირობებშია შესაძლებელი.
გამოყენებული და ხსენებული წყაროები
რადიო თავისუფლება. “15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.” 7 აგვისტო, 2023. https://www.radiotavisupleba.ge/a/32537184.html
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა.” Forbes Georgia. 6 აგვისტო, 2014. https://forbes.ge/moskovs-tsremlebis-ar-sje/
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “”რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” – რის ფასად?” ზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგი. 1 თებერვალი, 2013. https://sapere8aude.wordpress.com/2013/02/01/26/
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “უკრაინული გაკვეთილი”. ტაბულა. 4 სექტემბერი, 2013.
https://tabula.ge/ge/news/555575-ukrainuli-gakvetili
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “რუსეთის ბერკეტი”. ტაბულა, 9 ოქტომბერი, 2013.
https://tabula.ge/ge/news/556748-rusetis-berketi
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “ჟენევის ფორმატის მომავალი”. ტაბულა, 26 ოქტომბერი, 2014.
https://tabula.ge/ge/news/568335-zhenevis-pormatis-momavali
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “”გადატვირთვა” ქართულად”. ზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგი, 26 აპრილი, 2013.
https://sapere8aude.wordpress.com/2013/04/26
ჭიაბერაშვილი, ზურაბ. “რატომ ერჩის “ოცნება” რეზოლუცია 1633-ს?”. ზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგი, 16 აგვისტო, 2019.
https://sapere8aude.wordpress.com/2019/08/16/
Cassese, Antonio. “The wolf that ate Georgia.” The Guardian. September 1, 2008. https://www.theguardian.com/commentisfree/2008/sep/01/georgia.russia1
Kotkin, Stephen. “The Resistible Rise of Vladimir Putin, Russia’s Nightmare Dressed Like a Daydream.” Foreign Affairs. March 1, 2015. https://www.foreignaffairs.com/reviews/resistible-rise-vladimir-putin
- [1] რადიო თავისუფლება, 2023.
- [2] ჭიაბერაშვილი, 2014.
- [3] მოპასუხე გულისხმობს ნავთობსადენ „დრუჟბას“ იხ. https://en.wikipedia.org/wiki/Druzhba_pipeline
- [4] აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წლებში.
- [5] ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-2009 და 2013-2017 წლებში, გერმანიის ვიცე-კანცლერი 2007-2009 წლებში.
- [6] ჭიაბერაშვილი 2013
- [7] რუსეთისა და საბჭოთა პოლიტიკის მკვლევრის, სტივენ კოტკინის გამოთქმული საკვანძო თეზა “Foreign Affair”-ის (2015) სტატიაში.
