რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: ლიზი კაციაშვილი
მდევარი, 2026
წინათქმა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (შემოკლებით – საბჭოთა კავშირი ან სსრკ) რღვევა საქართველოს სახელმწიფოს ნგრევით გაგრძელდა. თუმცა „მეორე რესპუბლიკის“ (როგორც მას ხშირად უწოდებენ) წლების განხილვის დროს საზოგადოება საგარეო ურთიერთობების ნაცვლად ყურადღებას უფრო მეტად ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე ამახვილებს და ამით მთელი რიგი ჭეშმარიტი ისტორიული სირთულეების გამარტივებულ დამზერას უწყობს ხელს. მართალია, გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის პირობებში კავშირი დამყარდა არაერთ სახელმწიფოსთან (ლატვია, დღევანდელი ლიეტუვა, ესტონეთი, თურქეთი, ვატიკანი, სხვ.), მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან (აშშ) ურთიერთობების დაძაბვამ და, განსაკუთრებით, მოსკოვში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ძალზე საზიანოდ იმოქმედა საქართველოს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაზე; საბოლოოდ კი ქვეყანა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არეულობამდე მიიყვანა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თქმული საკითხის აკადემიური შეფასება; ამიტომაც წინამდებარე სტატიაში აღწერილი და განხილულია გამსახურდიას ხელისუფლების საერთაშორისო ურთიერთობები და მეცნიერთა არაერთგვაროვანი ხედვა იმდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.
გარდაქმნა – საბჭოთა კავშირს, დამოუკიდებლობა – საქართველოს
1985 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ახალმა გენერალურმა მდივანმა (შემდგომში – საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა) მიხეილ გორბაჩოვმა „გარდაქმნისა“ და „საჯაროობის“ დასაწყისი გამოაცხადა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეების დაძლევის მიზნით ცვლილებებს ითვალისწინებდა. კერძოდ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია შეეცადა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემსუბუქებას, ე.წ. „ცუდი ახალი ამბების“ გაშუქების დაშვებას, კერძო მეწარმეობის წესების დანერგვას მოსახლეობაში და „ახალი აზროვნების“ პოლიტიკის დამკვიდრებას დასავლეთთან ურთიერთობის მხრივ (მუმლაძე 2021, 4-5).
XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში მთელი რიგი სიძნელეები და დაღმასვლა შეინიშნებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშიც (შემოკლებით – საქართველოს სსრ): სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო, ისევე როგორც საბინაო პოლიტიკის გეგმები სინამდვილეში არ სრულდებოდა, ჯგუფური და ცალკეული დანაშაულების რაოდენობა იზრდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა საფეხური ქრთამის აღებითა და სხვადასხვა სახის მართლსაწინააღმდეგო გარიგებებით საზრდოობდა, სხვ. (ეცადეიშვილი 2012, 94-95). გასაკვირი არაა, რომ შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილება და უნდობლობა მატულობდა მოსახლეობაში, თუმცა საქართველოში საპროტესტო ტალღის დაწყება მაინც დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობას უკავშირდება.
დინების მიმართულებით და დინების საწინააღმდეგოდ
1987-1990 წლებში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წინამძღოლი (შემდგომში – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი) ზვიად გამსახურდია დასავლეთის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო, რასაც, სხვა ეროვნულ გაერთიანებებთან ერთად, მის მიერ დაფუძნებული „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა“ და „ჰელსინკის კავშირის“ განცხადებებიც მოწმობს (არქანია და ბებურიშვილი 2020, 237-238). თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურები და უმაღლესი რანგის მოხელეები ერიდებოდნენ ეროვნული მოძრაობებისთვის საჯაროდ მკაფიო მხარდაჭერას. თუმცა თბილისში განვითარებულ 1989 წლის 9 აპრილის საბედისწერო მოვლენებს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია ამერიკელი სენატორი ჰელმსისთვის, რომელმაც დაგმო აქციის მონაწილეთა დარბევა და საქართველოს დახმარება აღუთქვა: „ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, რომლისთვისაც მან ეგზომ დიდი წვლილი გაიღო“ (შველიძე 2021, 317).
1991 წლის 31 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის წინადადებით საქართველოს ეწვია ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირადად შეხვდა, ხოლო მოგვიანებით არჩევნების მიმდინარეობასაც დააკვირდა. ნიქსონის სტუმრობა, შესაძლოა, ჩაითვალოს აშშ-ის პირველ გზავნილად, რითაც ზესახელმწიფომ ერთგვარად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად აქცია დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე მყოფი საქართველოს საკითხი (შველიძე 2021, 329-330).
თუმცა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული, ასე ვთქვათ, თბილი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რაშიც დიდი წვლილი არა გამსახურდიას, არამედ, ყველას გასაკვირად, ჯორჯ ბუში უფროსს მიუძღვის. 1991 წლის 1 აგვისტოს ბუში უფროსი ესტუმრა კიევს, სადაც განაცხადა, რომ „გორბაჩოვმა მიაღწია არნახულ შედეგებს თავისუფლების, დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ხოლო აშშ არ დაუჭერს მხარს ტირანიის დესპოტიზმით შეცვლასა და ნაციონალიზმის იდეით წამოწყებულ ეთნიკურ წმენდას“ (არქანია და ბებურიშვილი 2020, 247-248). ეს თითქოს ერთგვარი მინიშნება იყო გამსახურდიას მმართველობასა და ქვეყნის შიდა ეთნიკურ პოლიტიკაზე. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ „ჯორჯ ბუში უფროსი კომუნიზმს, ტირანიასა და ყალბ ცვლილებებს უჭერს მხარს“ (არქანია და ბებურიშვილი 2020, 248). სწორედ მაშინ გაჩნდა ბზარი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში. დაძაბულობა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე არ განელებულა. აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ „გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა“ (არქანია და ბებურიშვილი 2020, 256).
ბალტიისპირელი მეგობრები, თურქი მეზობლები და კავშირი ვატიკანთან
გამსახურდია და მისი ხელისუფლება ყოველთვის კარგად იყო განწყობილი ბალტიისპირელი მეგობრების, კერძოდ, ლატვიის, ლიტვისა (დღევანდელი ლიეტუვა) და ესტონელი ერების მიმართ. ამ კეთილგანწყობას ალბათ საერთო ბედი განაპირობებდა, რადგან ოთხივე რესპუბლიკა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა. ხშირად იცვლებოდა მისალოცი ბარათები, რესპუბლიკების პირველი პირები ერთმანეთს მასპინძლობდნენ კიდეც. მაგალითად, 1991 წლის დასაწყისში საბჭოთა ჯარების მიერ ვილნიუსში დატრიალებულ სისხლისღვრას გამსახურდია მყისიერად გამოეხმაურა და თბილისში მხარდამჭერი აქცია გამართა. თავის მხრივ, საქართველოში ჩამოვიდნენ ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლები (არქანია და ბებურიშვილი 2020, 262).
1990 წლის დეკემბერშივე კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდა თურქეთის რესპუბლიკასთანაც. კერძოდ, საქართველოში ჩამოვიდნენ თურქი პარლამენტარები და ტრაპიზონის ვილაიეთის მმართველი ენვერ ჰიზლანი. 1991 წლის 2 მაისს გამსახურდიას თურქეთიდან კიდევ ერთი წარმომადგენლობა ეწვია. სატრანსპორტო დაგეგმვასთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები,- გამსახურდიამ თურქულ მხარეს დაუდასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკა არ დაიწყებდა თურქეთთან დავას სამცხის ყოფილი ერთეულის შესახებ (ეცადეიშვილი 2020, 114 და 116).
„ქრისტიანული რელიგია გვაკავშირებს ერთმანეთთან, ხელს უწყობს ქვეყნად ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის დამკვიდრებას“, – ზუსტად ამ გამონათქვამით დაიწყო ურთიერთობა საქართველოსა და ვატიკანს შორის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. უფრო მეტიც, რომის პაპ იოანე პავლე II-ის მიერ მოგზავნილმა ნუნციუსმა, მთავარეპისკოპოსმა ფრანჩესკო კოლასაუნიმ გამსახურდიას მთავრობას მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა. 1991 წლის ივლის-დეკემბერში ვატიკანსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის წარმომადგენლობითი ჯგუფები მიმოდიოდნენ. თუმცა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას ვატიკანთან კავშირის გადავადება მოჰყვა (არქანია და ბებურიშვილი 2020, 270 და 273).
გორბაჩოვიდან ელცინამდე
გამსახურდია ხშირად აკრიტიკებდა გორბაჩოვს ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. თავის მხრივ, გორბაჩოვი იმუქრებოდა და ამბობდა, რომ „საქართველოს შეუძლია გავიდეს საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“ (არქანია და ბებურიშვილი 2020, 152). ქართულ-ოსური დაპირისპირების დაწყებიდან მცირე ხანში, 1991 წლის 23 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაბა ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ გამსახურდია და რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი) ბორის ელცინი. მხარეებმა ხელი მოაწერეს „შეხვედრებისა და მოლაპარაკების ოქმს“, რომელშიც ორჯერაა მოხსენიებული „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელცინი არ ცნობდა გორბაჩოვის ბრძანებას ოლქის აღდგენის შესახებ (არქანია და ბებურიშვილი 2020, 163).
საქართველოს უახლესი ისტორიისთვის გარდამტეხი მოვლენა, რომლის შედეგებმა გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივად დამხობაზე დიდი გავლენა იქონია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და სად თუ არა, მაინც მოსკოვიდან დაიწყო. 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში გამოჩნდა მსხვილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება. სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირებისა და ჯარის გარკვეული ნაწილი. ისინი ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა იშლებოდა და მიზნად ისახავდნენ გორბაჩოვის თანამდებობიდან გადაყენებას, ისევე როგორც კომუნისტური პარტიისთვის არსებითი ძალაუფლების შენარჩუნებას (შველიძე 2021, 343-344). გადატრიალების მოწყობის მცდელობის პირველივე დღეს საქართველოში ჩამოვიდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი შურავლიოვი და გამსახურდიას ხელისუფლებას გადაუდებელი პირობები წაუყენა. გარდა ამისა, საბჭოთა ჯარისკაცებმა კონტროლი დააწესეს აეროპორტებზე. შედეგად, გამსახურდიას ხელისუფლებამ ეროვნული გვარდიის „რეორგანიზაცია“ და მისი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაქვემდებარება გამოაცხადა (შველიძე 2022, 157). საბოლოო ჯამში, აღნიშნულ მოვლენას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მონაწილეობით შეიარაღებული ამბოხება მოჰყვა, რაც გამსახურდიას დამხობით დასრულდა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
კარჩაკეტილობა და ლტოლვილობა
ჯორჯ ბუში უფროსთან ურთიერთობის დაძაბვისა და მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რასაც მოგვიანებით საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის, გამსახურდიას მთავრობამ შეიმუშავა „კავკასიური სახლის იდეა“. აღნიშნული ჩანაფიქრი ითვალისწინებდა რეგიონში არსებული რესპუბლიკებისა და ხალხების გაერთიანებას. ამასთან, გამსახურდია უპირისპირდებოდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ არსებობას, რომელიც, მისი აზრით, მოსკოვის აგენტურის მიერ შეიქმნა (შველიძე 2022, 180-181). შემდეგში „ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ მნიშვნელოვანად განსაზღვრა აფხაზებთან ქართული მხარის დამარცხება, როცა გამსახურდია უკვე ლტოლვილობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, საქართველოში მომხდარი სახელმწიფო/სამხედრო გადატრიალების მერე გამსახურდიას მთავრობამ ჩეჩნეთის არაღიარებულ რესპუბლიკას შეაფარა თავი.
მეცნიერთა არაერთგვაროვანი შეფასებები
გამსახურდიას მმართველობასა და საგარეო პოლიტიკას მეცნიერები არაერთგვაროვნად აფასებენ. მრავალი მკვლევრიდან შესაძლოა გამოვარჩიოთ შემდეგი პროფესორები: სტივენ ჯონსი (2013 წ.), რევაზ გაჩეჩილაძე (2023 წ.) და დიმიტრი შველიძე (2020 წ.).
სტივენ ჯონსი წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, მრავალ სხვა მოსაზრებასთან ერთად, გამსახურდიას მმართველობას „ნაციონალიზმის, პოპულიზმის, რელიგიურობისა და კონსერვატიზმის რადიკალურ ნარევად აფასებს“ და მიანიშნებს, რომ, საბოლოო ჯამში, „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლებამ ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყა: „საბჭოთა შეიარაღებული ძალები და დასავლეთის სახელმწიფოები მზად არ აღმოჩნდნენ, რათა დახმარება გაეწიათ პრეზიდენტისთვის, რომელიც ერთდროულად ახერხებდა ანტირუსულიც ყოფილიყო და ანტიდასავლურიც“.
რევაზ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ „ზვიად გამსახურდია საქართველოს პატრიოტი იყო, მაგრამ პატრიოტობა პროფესია არ არის და ის არც პროფესიონალიზმს ნიშნავს“. იგი დასძენს, რომ პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების პოლიტიკამ ცოტა სარგებელი და ბევრი ნაკლოვანება მოუტანა ქვეყანას. მაგალითად, მისი აზრით, კარგ მოვლენად შესაძლოა შეფასდეს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის აღდგენა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობა, საბჭოთა კონსტიტუციის შესწორება-შევსება და არა – გაუქმება, რაც ეთნიკური უმცირესობების ავტონომიურ სტატუსთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან არიდებას უზრუნველყოფდა. საზიანო მხარეების თვალსაზრისით კი, გაჩეჩილაძე მიუთითებს, რომ ოსებთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმა არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო, ისევე როგორც თათრეთთან დაკავშირება, რომელიც იმხანად რუსეთისგან გათავისუფლებას ცდილობდა. დაბოლოს, გაჩეჩილაძის განცხადებით, გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა მკვეთრად უპირისპირდებოდა კრემლს, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერით ვერ სარგებლობდა.
წინამორბედი ავტორებისგან განსხვავებით, დიმიტრი შველიძე გამსახურდიას მთავრობას „ეროვნულ ხელისუფლებას“ უწოდებს. იგი ამტკიცებს, რომ „სოციალისტური ბანაკის“ რღვევითა და „ცივი ომის“ დასრულებით შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება გამსახურდიას ხელისუფლებას მოქმედების არეალს მნიშვნელოვნად უზღუდავდა. ამრიგად, „მცდარი და ყალბია გამსახურდიას ხელისუფლების დადანაშაულება საქართველოს საერთაშორისო იზოლირებასა და დასავლეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური კურსის გატარებაში“.
ბოლოთქმა
ასეა თუ ისე, ცხადია, რომ აშშ-ის (და, ზოგადად, დასავლეთის) უპირველეს მიზანს „ცივი ომის“ განმავლობაში საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების მარცხი წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც 70 წელიწადი დაპყრობილი იყო, არსებობის პირველივე წლებში ვერ ექნებოდა ძლიერი საგარეო მხარდაჭერა. ხოლო დისიდენტური წარსულის ხელისუფლება, რომელიც მთელი მოძრაობის განმავლობაში პატრიოტული მოწოდებებით, საქართველოს ისტორიიდან ანდაც ეროვნული კულტურის ნიმუშებიდან ამონარიდებით საზრდოობდა, დღევანდელი გაგებით აშკარად მედასავლეთე (მით უფრო, რუსეთისადმი მაამებელი) ვერ გახდებოდა. ამასთან, „ცივი ომის“ შემდგომ საერთაშორისო წესრიგს ქვეყნის სხვა შიდა მიზეზებიც ემატებოდა, როგორებიცაა ოსური სეპარატიზმი, გამსახურდიას ხელისუფლებასა და იმდროინდელ ოპოზიციას შორის დაპირისპირება, სოციალიზმიდან კაპიტალიზმსა და მყარი ავტორიტარულიდან ჩანასახოვან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები, სხვა; ასე ვთქვათ, საჭირო იყო დრო, რომელიც საქართველომ დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული ცვლადების გამო ვერ გამოიყენა.
ბიბლიოგრაფია
არქანია, გიორგი და ლევან ბებურიშვილი, რედ. ზვიად გამსახურდია: პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა: კონფერენციის მასალები. არტანუჯი, 2020.
გაჩეჩილაძე, რევაზ. საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017.
გაჩეჩილაძე, რევაზ. საქართველო რეგიონულ კონტექსტში. ბაკურ სულაკაურის გამომცელობა, 2023.
ეცადეიშვილი, დავით. „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის II ნახევარში“. სადოქტორო დის., შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012.
ეცადეიშვილი, დავით. 2020. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი 1990-1991 წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 3 (ოქტომბერი): 113-121. https://doi.org/10.61671/hos.3.2020.2759 (12.04.2025).
მუმლაძე, ქეთევან. „გარდაქმნისა და საჯაროობის კონცეპტის რეფრაქცია ქართულ ბეჭდურ მედიაში“. სადოქტორო დის., საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2021.
შველიძე, დიმიტრი. პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წწ.). არტანუჯი, 2021.
შველიძე, ერეკლე. საქართველოს საგარეო ორიენტაცია და პოლიტიკა ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში. მერიდიანი, 2022.
ჯონსი, სტივენ. საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2013.
