
რედაქტორი: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე
კორექტორი: ლიზი კაციაშვილი
მდევარი, 2025
წინათქმა
ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი, რომელმაც სახელი მეტწილად პოლიტიკურ ფილოსოფიაში დაწერილი ნაშრომებით გაითქვა, თავის ყველაზე ცნობილ წიგნ „ლევიათანში“ განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბუნებითი კანონები, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, სახელმწიფოს დაარსების მიზნობრიობა, სახელმწიფოს დაშლის ან დასუსტების მიზეზები, რელიგია და ქრისტიანული სახელმწიფო, სხვა. აღსანიშნავია, ჰობსი მოღვაწეობდა იმ დროს, როდესაც ინგლისის სამოქალაქო ომი (1642-1651 წწ.) მიმდინარეობდა. ომში ერთმანეთს აბსოლუტური და შეზღუდული მონარქიის მომხრეები უპირისპირდებოდნენ. ჰობსმა აბსოლუტისტებს დაუჭირა მხარი, რის გამოც მისი შეხედულებები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა (ავტორთა ჯგუფი 2019, 170-171).
რაც შეეხება განმანათლებლობის შემდგომ ხანას, მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ფრანც ფანონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შავკანიანთა მოძრაობის ცხოველქმედობასა და, ზოგადად, მესამე სამყაროს გათავისუფლების თეორიული საფუძვლის შემუშავებაში. ფანონი მონაწილეობდა ალჟირის რევოლუციაში და 1960-1970-იანი წლების ემანსიპატორული რასობრივი პოლიტიკის დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. მისი შემოქმედება, რომელსაც დაჰყვება „კოლონიზებული კაცის“ აჩრდილი, ყურადსაღებია ჰეგელისა და მარქსისტული დიალექტიკის განხილვისას (Fanon 2002).
ამდენად, წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მოსახლეობის ამბოხების დაუშვებლობისა თუ მართებულობის ლიტერატურულ განხილვას, რაც თომას ჰობსისა და ფრანც ფანონის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ნააზრევს ეფუძნება.
ჯანყის დაუშვებლობა ჰობსის სახელმწიფოში
თომას ჰობსი თავის ნაშრომში, „ლევიათანიში“ (1651 წ.), ამტკიცებს, რომ ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში ერთმანეთის თანასწორნი არიან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით. მისი აზრით, უნარ-ჩვევების თანასწორობიდან მიზნების მიღწევის თანაბარი იმედიც წარმოიშობა, ხოლო მიზნებს შორის, უპირველესად, მოიაზრება თვითგადარჩენა და ზოგიერთ შემთხვევაში, – სიამოვნების მიღებაც. შესაბამისად, თუკი ორ ადამიანს მსგავსი სურვილი ამოძრავებს, რომელსაც ორივე ვერ მოიხელთებს, ისინი მტრები გახდებიან. კერძოდ, შეეცდებიან, რომ მიიტაცონ ერთმანეთის შრომით დაგროვებული ქონება, რაც, შესაძლოა, რომელიმე მხარის სიკვდილით დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ჰობსის მოსაზრების თანახმად, ადამიანები საერთო ძალაუფლების გარეშე ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც არა მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, არამედ ძალადობრივი ცილობისთვის მუდმივ ზრახვასა და მზაობასაც გულისხმობს.
შემდეგ, ინგლისელი ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს ბუნებით კანონებზე და ამბობს, რომ თუკი ადამიანები, თავდაცვისა და მშვიდობის მიზნით, საკუთარ განუსაზღვრელ თავისუფლებას ერთსულოვნად, გააზრებულად დათმობენ და სუვერენს გადასცემენ, ამით საფუძველი ჩაეყრება სახელმწიფოს დაფუძნების თაობაზე საზოგადოებრივ ხელშეკრულებას. ეს უკანასკნელი ამავდროულად სამართლიანობის დამკვიდრებასაც ნიშნავს, რამეთუ ბუნებითი მდგომარეობის შემთხვევაში უსამართლო ვერაფერი იქნება. ხელშეკრულების დადებით ასევე ჩამოყალიბდება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც იძულების გზით დაამყარებს წესრიგს საზოგადოებაში. უშუალოდ ხელისუფლების მატარებელი აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადამიანი ან საკრებულო, სუვერენი, რომელიც სუვერენულ ძალაუფლებას ფლობს. ამდენად, შეიქმნება დიდებული „ლევიათანი“ (სხვა სიტყვებით, მოკვდავი ღმერთი), რომელიც უკვდავი ღმერთის სამფლობელოში მშვიდობის საწინდარი გახდება.
აღსანიშნავია, ჰობსის აზრით, სუვერენიტეტის მოპოვება ორგვარადაა შესაძლებელი – დაწესებით ან ძალისმიერი მოხვეჭით. აქედან, დაწესების გზით შენდება სახელმწიფო, როცა ადამიანები ერთმანეთთან დებენ ხელშეკრულებას. თუკი მოქალაქეები დაარღვევენ ხელშეკრულებას და დაამხობენ სუვერენს, მათი ქმედება უსამართლო იქნება. აგრეთვე, მოქალაქეების მიერ ხელშეკრულების უგულებელყოფა ღმერთთან დადებული შეთანხმების მომიზეზებით კვლავინდებურად უსამართლო გადაწყვეტილებად ჩაითვლება, რადგან მხოლოდ სუვერენს, „უზენაეს პასტორს“, ძალუძს წმინდა წერილის განმარტება და კანონიკურ ქმედებათა განსაზღვრა. ღმერთთან კავშირი მისი შუამავლობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სუვერენისადმი დაუმორჩილებლობა ღმრთის წინააღმდეგ ამბოხია. ჰობსი ხაზს უსვამს, რომ სუვერენის ძალაუფლების რაიმე წინასწარი პირობით შეზღუდვა სახიფათოა, რადგან დავის შემთხვევაში არ იარსებებს მსაჯული, რაც საზოგადოებას კვლავ ომის მდგომარეობაში დააბრუნებს. ამასთანავე, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უარს იტყვის სუვერენის აღიარებაზე, ფაქტობრივად უარყოფს კანონს, უბრუნდება ბუნებით მდგომარეობას და სამართლებრივად დაუცველი ხდება. ერთადერთი შემთხვევა კი, როცა ხელისუფალს შეწინააღმდეგება ლეგიტიმურია, უკავშირდება თვითდაცვის უფლებას,- მოქალაქეს შეუძლია არ დაემორჩილოს ბრძანებას, რომელიც პირდაპირ ემუქრება მის სიცოცხლეს, რამეთუ ხელშეკრულების მიზანი სწორედ სიცოცხლის დაცვაა.
ფრანც ფანონი: ჯანყის მართებულობა კოლონიალიზმის წინააღმდეგ
ფრანც ფანონი თავის ნაშრომში „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ (1963 წ.) ერთმანეთისგან განასხვავებს კოლონისტებისა და კოლონიზებული ხალხების მისწრაფებებს. კერძოდ, მისი აზრით, კოლონისტები ყოველთვის ცდილობდნენ „თეთრი რასის უზენაესობაზე“ დაფუძნებული დასავლური კულტურისა და ღირებულებების გაბატონებას კოლონიზებულ ხალხებში, მიზნის მისაღწევად კი, ისინი ეყრდნობოდნენ არა მხოლოდ საპოლიციო ძალებს, არამედ კოლონიზებული ხალხებისგან მტრის ხატის შექმნასაც. გარდა ამისა, კოლონიებში ეკლესია ე.წ. „თეთრების“ ამოცანებს ემსახურებოდა, ხოლო ღმერთისკენ მიმავალი გზა კოლონისტების რკინიგზის სადგურებზე გადიოდა. ფანონი ამტკიცებს, რომ ისტორია იწერება კოლონისტების მიერ და წარმოადგენს მეტროპოლიის შესახებ თხრობის გაგრძელებას, ხოლო დეკოლონიზაცია და უძრაობის ხანა მაშინ დასრულდება, როცა კოლონიზებული ხალხი ეცდება ჩაგვრისგან გათავისუფლებას.
ფანონი კოლონიალიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის დაწყებას ამართლებს და, მისი აზრით, ძალადობა ერთადერთი გამოსავალია კოლონისტების უღლის გადასაგდებად. კერძოდ, მოშიმშილე გლეხობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, ძალადობრივ ქმედებებს იწყებს, რასაც კოლონისტური ხელისუფლება პოლიტიკური წინამძღოლების დაპატიმრებითა და მმართველობითი შეზღუდვებით პასუხობს. თუმცა, კოლონისტების მიერ ძალადობრივი გამოსვლების ჩახშობას კოლონიზებული ხალხების ეროვნული ცნობიერების ამაღლება მოსდევს.
დამოუკიდებლობამ კოლონიზებულ ხალხებს ღირსება უნდა დაუბრუნოს და მათთვის ერთგვარი მორალური საზღაური უნდა იყოს. თუმცა, დაბალგანვითარებული ქვეყნების სინამდვილე ხშირად ისეთ პრობლემებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულებების, ექიმების, საჯარო მოხელეების ნაკლებობა.
აღსანიშნავია, ფანონს შემოაქვს ტერმინი „შიმშილის გეოგრაფია“, რათა რუკაზე მოხაზოს დაბალგანვითარებული ქვეყნების განფენილობა, სადაც შიმშილი მასობრივად არის გავრცელებული და ყოველდღიურობის ნაწილია. გარდა ამისა, ფრანგი ფილოსოფოსი იმასაც დასძენს, რომ ევროპელები აზიელების, აფრიკელებისა და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივი ხალხების ხარჯზე გამდიდრდნენ, რამეთუ მათ ამ კონტინენტებიდან გაზიდეს ნედლეული, ძვირფასი ქვები, ლითონები, ნავთობი, ბამბა და სხვა. ფანონის აზრით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლები ნამდვილი სამხედრო დამნაშავეებივით იქცეოდნენ და მესამე სამყაროს ქვეყნებს უნდა ემადლიერებოდნენ კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
გარდა ამისა, ფანონი მკაცრად აკრიტიკებს „ყვლეფაზე“ გადასულ კოლონიალისტურ კაპიტალიზმს და ფიქრობს, რომ სოციალიზმის დამკვიდრებით, დაბალგანვითარებული ქვეყნები შეძლებენ უფრო სამართლიანი, იმედისმომცემი, თანამგრძნობი ეკონომიკური წყობილების დამყარებას (ბარქაია 2019).
ბოლოთქმა
შეიძლება დავასკვნათ, რომ ინგლისელი ფილოსოფოსი, საზოგადოებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი ფუძემდებელი თეორეტიკოსი თომას ჰობსი საომარი მდგომარეობის საპირწონედ სახელმწიფოსა და სუვერენის აბსოლუტური ძალმოსილების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამბოხების ნებისმიერი მცდელობა და გამოვლინება კი, გარდა თვითგადარჩენის უკიდურესი შემთხვევისა, ძირშივე არის აღსაკვეთი, თუნდაც, ამისთვის ძალადობრივი მიდგომა გახდეს საჭირო.
ჰობსისგან განსხვავებით, ფანონი თვლის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება კოლონიური აზროვნებისა და წყობის პირობებში აზრს მოკლებულია. მისი მტკიცებით, ნამდვილი ეროვნული თვითშეგნება მხოლოდ და მხოლოდ კოლონისტების წინააღმდეგ მიმართული ჯანყის შემთხვევაში ძლიერდება. ფანონი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობა ძირეულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ გარდაქმნებს მოითხოვს, რათა მოსახლეობამ შეძლოს არა მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ კოლონიური განგრძობითი ჩაგვრის როგორც ფსიქოლოგიური, ისე მატერიალური მარწუხებისგან გათავისუფლება.
ბიბლიოგრაფია
ავტორთა ჯგუფი. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. წიგნი I. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019.
ბარქაია, მაია, რედ. სამხრეთიც არსებობს. ნაწილი I. თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2019.
Fanon, Frantz. Black Skin, White Masks. Repr. Pluto Classics. London: Pluto Press, 2002.