
რედაქტორი: მილიცა ჯაფარიძე
„მერანი“, თბილისი, 1991-1993
კორექტორი: მარიამ გორდაძე
გამციფრულებელი: ნატალია გოგიტიძე, ტატო პავლიაშვილი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთი იმათგანია, ვისი სახელი ლეგენდასავით გავიდა ხალხში. ამ ლეგენდებს კვლავ ახალი ემატება, რისი მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რომ მის სახელს დღემდე ჩვენში ტაბუ აქვს დადებული. არადა, ინტერესი ამ პიროვნებისადმი არ ნელდება, ის კი არა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დღითი-დღე კიდევ უფრო იზრდება…
ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი პირდაპირი ჩამომავალი იყო სახელოვანი წინაპრის, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი XVII ს.-ის სახალხო გმირის ბიძინა ჩოლოყაშვილისა. იგი დაბადებულა 1888 (საფლავის ქვაზე ამოკვეთილი მცდარი ცნობით, 1880) წლის 14 ივლისს, კახეთში, მამა-პაპურ სოფელ მატანში. მისი დედ-მამა იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. სამხედრო სამსახური გაიარა რუსეთში, ტვერის დრაგუნთა პოლკში და სამშობლოში დაბრუნდა ოფიცრის ხარისხით. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული – თამარი (ციცნა) და ქეთევანი – შეეძინა… ამათგან ციცნა 1988 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა თბილისში, ქეთევანი კი თავს მხნედ გრძნობს. დღეს მათი ქალიშვილები აგრძელე- ბენ ქაქუცას გენს საქართველოში.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს და მთელი ომი ბრძოლის ქარცეცხლში გაატარა. როგორც ძლიერმა, მამაცმა და ნიჭიერმა მეთაურმა შორს გაითქვა სახელი.
თანამედროვეთა ერთსულოვანი დახასიათებით, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: დინჯი, დარბაისელი და უაღრესად კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მას ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო იგი დაბადებული“ (ალ. სულხანიშვილი, ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981, გვ. 196).
შ. ამირეჯიბის ცნობით, „1914 წელს ქ. ჩოლოყაშვილი დაჭრილი იქმნა ავსტრიის ფრონტზე და გადმოყვანილი კავკასიის ფრონტზედ. როგორც დაჭრილი ის უფროსობდა ზურგის ჯარის ასეულს და ამ დროს დაიწყო ოსმალეთის ჯარის იერიში სარაყამიშზედ. რუსის ჯარი ცოტა იყო, ოსმალები აშკარად სჭარბობდნენ. მათ უკვე შემოუარეს რუსებს ზურგიდან და აი, ამ დროს იღებს იგი ბრძანებას: თავის მუშა-ჯარისკაცებს თოფები დაურიგოს და ფრიად სტრატეგიული მნიშვნელობის „არწივის ბუდის“ მთა ოსმალებისაგან უკან დაიბრუნოს. ჩოლოყაშვილმა ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა და „არწივის ბუდე“ დაიბრუნა. ოსმალებმა ისევ განაახლეს „არწივის ბუდის“ იერიშები, ჩოლოყაშვილი ფეხში დაიჭრა. მას წინადადებას აძლევენ, უფროსობა სხვას გადასცეს და თვითონ ლაზარეთში წავიდეს. იგი თავის პოსტზე რჩება და ისევ იღებს ჭრილობას, ამხელად მკერდში და ფრიად მძიმეს, მაგრამ „არწივის ბუდე“ მას რჩება.
მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი წმინდა ნინოს ქართულ საავადმყოფოში მოირჩენს თავს (თბილისში მას თურმე მკურნალობდა ცნობილი ექიმი გრიგოლ მუხაძე, გ. შ.) და როდესაც ქართული ცხენოსანი რაზმი არსდება, ერთი პირველთაგანი შედის მასში. ამიერიდან იგი სპარსეთის ფრონტზედ არის. აქ მან შეასრულა თავისი შესანიშნავი რეიდი: თავისი ასეულით მან გაიარა მესოპოტამიის უდაბნო და ინგლისელებს შეუერთდა“ (იხ. ალ. კარგარეთელის წიგნში: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პარიზი, 1981, გვ. 10 – 11).
სარაყამიშის დაცვისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში მსახურობს და, როგორც გამოცდილი და გულადი ოფიცერი, მონაწილეობს ამ ხანაში გადახდილ ყველა ბრძოლასა თუ სამხედრო საქმეში… იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა (ამიტომ სოციალ-დემოკრატები მას ნაკლები ნდობით ეკიდებოდნენ, აქაოდა, თავადია და ჩვენ მხარს არ დაგვიჭერსო!) და თავის მოწოდებას მხოლოდ საქართველოს სამსახურში ხედავდა.
1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკების მთავრობამ თბილისი რომ დატოვა და ბათუმისკენ გაეშურა, ხოლო ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწყო, ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახელმოხვეჭილ ქართველ კავალერისტ გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ისინი მთავრობამ გაგზავნა ცხენოსანთა ნაწილების ჩამოსაყალიბებლად.
1921 წლის 17 მარტს ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელზედაც ნოე ჟორდანია იმყოფებოდა… ქაქუცა ჩოლოყაშვილი მას არ გაჰყვა, საქართველოში დარჩა და იწყებს ბრძოლას ახალი წყობილების წინააღმდეგ…
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯერ თბილისში დაბრუნდა და პირველ თვეებში კვლავ ქართულ ათასეულში ვხედავთ. თბილისში იგი ხვდება გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზს, ილია ჭავჭავაძის უფროსი დის – ნინოს ვაჟიშვილს, აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის ყოფილ მარშალს, მაშინდელი პარიტეტული კომიტეტის მეთაურს, რომელთანაც მოლაპარაკება ჰქონდა მოსალოდნელი ბრძოლების თაობაზე. შემდეგ კი იგი კახეთს გადავიდა, შეადგინა მცირე ჯგუფი „საქართველოს შეფიცულები“, რომელსაც ნიადაგი უნდა შეემზადებინა პარტიზანული ბრძოლის დაწყებისათვის (1921 წლის ივლისი). კახეთის გარდა, ქაქუცა სანდო პირებს გზავნიდა სხვადასხვა კუთხეში (დუშეთსა და გორის მაზრებში) და ქმნიდა ფარულ ორგანიზაციებს…
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქიზიყიდან თავისი შეფიცულებითურთ ტყეში გავიდა. პირველი ექვსი კაცი, რომლებთან ერთად ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველად დაბანაკდა ალვანის ტყეში, ყოფილან მიხა ბალიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. შემდეგ მას სხვადასხვა დროს შეემატნენ ალექსანდრე სულხანიშვილი, სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი (ძმა ქაქუცასი, რომელიც მალე დაიღუპა), ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, სერგო მაისურაძე, დიმიტრი ჭინჭარაული, მიხა ხელაშვილი, ალ. ბადურაშვილი, ილია ქარუმიძე, ალ. ცხვედაძე, გოლა პავლიაშვილი, მერაბ ჯორჯაძე, შალვა ნებიერიძე, მიშა ლაშქარაშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, შალვა და ლევან ჯავრიშვილები და სხვები…
პირველი შეტაკება ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულთ წითელრაზმელებთან მოუხდათ ქ. სიღნაღთან 1922 წლის ივნისში და აქედან იწყება ამ ორი მოწინააღმდეგე ბანაკის თითქმის 4-წლიანი ბრძოლების მატიანე…
პარტიზანული ბრძოლის ხასიათი ქაქუცა ჩოლოყაშვილს აიძულებდა თავისთან დიდი რაზმი არ ჰყოლოდა. იგი ადგილს მოულოდნელად იცვლიდა: ხან სიღნაღის მაზრაში იყო და ხან თელავისაში, ხან კიდევ ქართლში ან დუშეთის მაზრაში… 1922 წლის ზაფხულში მოაწყო ხევსურეთის ამბოხება, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა… ქაქუცა იძულებული შეიქნა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო, მაგრამ შემოდგომაზე კვლავ უკან დაბრუნდა… ამის შემდეგ მთავარი ამბოხება, რომელშიც დასავლეთ საქართველოც მონაწილეობდა, დაინიშნა 1924 წლის 17 აგვისტოსათვის, მაგრამ შეუთანხმებლობის გამო გადაიდო 29 აგვისტოსათვის, ღამის 2 საათზე. თუმცა ჭიათურაში ამბოხება 29 აგვისტოს ნაცვლად 24 საათით ადრე 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც გამოიწვია არეულობა, ძალთა დაქსაქსვა და ჯანყი წინასწარ განწირული აღმოჩნდა. ზოგიერთები ჭიათურაში ამბოხების ერთი დღით ადრე დაწყებას ჭიათურის მადნეულის სალაროს გატეხა-გაძარცვით ხსნიან. ასე იყო თუ ისე, ამბოხება გაცემული იქნა, მაგრამ ქაქუცამ მაინც სცადა აჯანყების აღმოსავლეთ საქართველოში მოწყობა, მით უმეტეს, რომ 24 აგვისტოდან „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (დამკომის) წევრები (კოტე ანდრონიკაშვილი — თავმჯდომარე, სპირიდონ ჭავჭავაძე, იასონ ჯავახიშვილი, შალვა ამირეჯიბი და ბოჭორიშვილი) თბილისიდან ქაქუცას ბანაკში იყვნენ ჩასულნი. ამ მიზნით, ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით 1924 წლის 29 აგვისტოს ღამით თავს დაესხა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს და მანგლისი აიღო, შემდეგ გადავიდა ქართლში (დამკომის წევრები აქ დარჩნენ და ჩამოშორდნენ ქაქუცას), ხოლო 3 სექტემბერს იგი უკვე დუშეთშია, სადაც ციხიდან პატიმრები გაათავისუფლა… დუშეთიდან ქაქუცას ერწოში ვხედავთ, სადაც სვიმონიანთ-ხევში 6 სექტემბერს დიდი ბრძოლა გადაიხადა. სხვათა შორის, მან აქ გაიგო დამკომის მიერ გამოცემული ცნობილი პროკლამაცია, რომელიც აჯანყებას დამარცხებულად თვლიდა და ხალხს იარაღის დასაყრელად მოუწოდებდა, მაგრამ ქაქუცამ კვლავ სცადა აჯანყების შემობრუნება… შემდეგ კვლავ კახეთი (ხევგრძელას ცნობილი ბრძოლა), ბორჩალო, თეთრიწყარო…
საბოლოოდ დარწმუნდა რა ამბოხების უიმედობაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმელებმა გადაწყვიტეს საზღვარგარეთ წასვლა: 1924 წლის სექტემბერში ისინი უკვე თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზუნაში არიან, აქედან ჩავიდნენ ჯერ არდაგანში, შემდეგ ართვინში, სადაც ერთი იქაურ ლაზის სასტუმროში ორი კვირა დაჰყვეს. ართვინიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილი მხლებლებითურთ (გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ლელო ჩიქოვანი, ს. ზალდასტანიშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი…) ხოფში გადავიდა. აქ მათ შემოუერთდნენ ჭიათურიდან გამოქცეული მეამბოხენი (სვიმონ წერეთელი, გიორგი წერეთელი, შალვა ბერიშვილი, ი. სალუქვაძე, პროკოფი ინწკირველი და სხვ.). შემდეგ ტრაპიზონის გავლით მათ სტამბოლში ვხედავთ, საიდანაც ბერძნების გემით საფრანგეთისაკენ აიღეს გეზი: აქ ჯერ ისინი მარსელში ჩავიდნენ, ხოლო მარსელიდან ნაწილი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიფანტა, ხოლო ნაწილი, მათ შორის, ქაქუცა პარიზში დასახლდა…
ქაქუცას ერთ-ერთი რაზმელის ალ. კარგარეთელის სიტყვებით: „დაიწყო ჩვენი დუხჭირი ცხოვრება საფრანგეთში. გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი სხვა და სხვა საფრანგეთის ქალაქებში გავიფანტენით; მაღაროებში თუ ქარხნებში დაიწყეს მუშაობა. ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი მოეწყო ქ. ოდენკურში, „პეჟოს“ ავტომობილის ქარხანაში, სადაც უკვე ბევრი წინანდელი ჩამოსული ქართველები დაგვხვდა. ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო. რადგანაც ქაქუცას არ უნდოდა თავის შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქებში, მან გადასწყვიტა მათი ერთად ყოფნა; პარიზის მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცულები ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა, სანამ ქაქუცა გარდაიცვლებოდა.
ამ სახლში ვცხოვრობდით ქაქუცასთან ერთად, რომელიც დიდ ყურადღებას გვაქცევდა. გვარიგებდა ყველას, როგორ მოვქცეულიყავით…
აქ დაეწყო მას ავადმყოფობა, რომელიც მისთვის საბედისწერო გახდა: გაეხსნა ძველი ჭრილობა, გაუჩნდა შიგ იარა. გაგზავნილ იქნა მთებში საექიმოდ, საიდანაც წერილებს ხშირად იწერებოდა…“ (ალ. კარგარეთელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პარიზი, 1981, გვ. 26).
დაახლოებით ამასვე მოგვითხრობს მეორე შეფიცული ალ. სულხანიშვილიც: „… ევროპაში შემოსვლა გადაექცა ქაქუცას საბედისწეროდ. საშინლად ცუდად იმოქმედა მასზე პარიზის ჰავამ. საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონდა შეძლება, რომ ქაქუცასათვის რიგიანად მოგვევლო… ერთხანს სანატორიუმში გავგზავნეთ, ოტსაუაში, სადაც იგი რამდენიმე თვეს დარჩა და ძალიან მოუხდა კიდეც. ჭრილობისგან მას მარჯვენა ფილტვის თავი ჰქონდა დაზიანებული; აი, ეს გადაექცა კაჟივით მაგარ ვაჟკაცს მომაკვდინებელ ჭლექად…“ (ალ. სულხანიშვილი, ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981, გვ. 196).
ალ. სულხანიშვილი ასე აღწერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს (27 – 29 ივნისი 1930 წლისა) ოტსაუას სანატორიუმში:
„… მე სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა… მერე გავედი და გარეთ დავჯექი. ძალიან ცოტა ეძინა, რამაც მხოლოდ დაასუსტა. ამასობაში სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე შევედი. ის საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა. მან სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ჯვარი ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა. „ჩამოხსენი“, – მითხრა მან, როგორც კი შევედი. „რა მოხდა? რა ამბავია?“, — ვკითხე დაბნეულმა, რაზეც ეს პასუხი გამცა: „შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ, პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისია“. თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თავისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: „მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი“. ამასზე იყო იგი შეშფოთებული: „ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება“. მე თუმცაღა შევეცადე გამექარწყლებინა მისი ავისმომასწავებელი სიზმარი, მაგრამ ამაოდ: „შენ ახალგაზრდა ხარ; შენ ჩაუტანე ჩემი სულ ყველაფერი ჩემ შვილებს“,- დამიბარა მან. აი, სწორედ მაშინ დაიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი, ხოლო სულ სხვა იყო ჩემი მოსაზრება ამის თაობაზე, რის გამო ანდერძის შეუსრულებლობა ცოდვად არ ჩაითვლება…“ (იქვე, გვ. 201-202).
მეორე დღეს პარიზიდან ჩამოსულა ცნობილი ქართველი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, მაგრამ სულ ორი დღე გავიდა, რომ 1930 წლის 29 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა: „… იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი იმის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით და მე ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მებრძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!“ — ჰყვება ალ. სულხანიშვილი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი პარიზში გადაასვენეს ბერძნულ ეკლესიაში, სადაც ექვს დღეს იყო დასვენებული. დასაფლავების დღეს მისი ნეშტი არ დაუწვავთ, რადგან ახლობლებმა კარგად იცოდნენ, რომ მას საშინლად სძაგდა დაწვა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაასაფლავეს პარიზიდან ათ კილომეტრზე დაშორებულ სენტ-უანის სასაფლაოზე. დაკრძალვის ცერემონია კინოფირზე გადაუღიათ და წლისთავზე, 1931 წლის 27 ივნისს, უჩვენებიათ პარიზში მისი ხსოვნის საღამოზე.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის დასაფლავების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში შალვა ამირეჯიბმა შესანიშნავად დახატა ქაქუცას პიროვნული ტრაგედია და მისი ოჯახის გმირული თავდადება საქართველოს თავისუფლების სამსხვერპლოზე:
„… ამ მწუხარე წუთს ჩვენ არ შეგვიძლია განსაკუთრებით ჩოლოყაშვილის გმირული ოჯახიც არ მოვიგონოთ. ამ ბრძოლაში მას მოუკლეს ძმა, მაგრამ ძმა ტყეში დაფლა და ბრძოლა განაგრძო. მისი მხცოვანი დედა მტერს პატიმრად ჰყავდა, პატიმრად ჰყავდათ და მძევლად მისი მეუღლე და მისი ორი ასული და დასასრულ, პატიმრად ჰყავდათ მისი სიდედრი და სიმამრი, რომელთაგან უკანასკნელი აგვისტოს აჯანყების დღეებში იყო დახვრეტილი. და, აი, დღეს აღარც თითონ არის ცოცხალი!“ (ჟურნ. „სამშობლო“, 1930, პარიზი, # 8, გვ. 12).
ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ საინტერესოდ მსჯელობს ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი ალექსანდრე ასათიანი: „ჩვენს ძალზედ დაქსაქსულ საზოგადოებაში ასეთი ერთსულოვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი გასაგები იქნებოდა, რომ ის ყოფილიყო დიდი მეცნიერი, ხელოვანი ან სხვა ასევე ნაკლებად სადავო საქმეთა მეთაური. ის კი იყო მებრძოლი, პოლიტიკური მებრძოლი, სავსებით გარკვეული პროგრამით მოქმედი, თავისი გარკვეული არეს მექონე, რომელიც ყველასთვის მისაღები არ იყო. მას ჰყავდა ამ მოქმედების გზაზედ თავისი მომხრენი და მოკავშირენი და აგრეთვე ბევრს რამეში მოწინააღმდეგე და მოპირდაპირენიც. და ასე სხვა და სხვა ჩარჩოებში მომწყვდეულ მოღვაწეთა შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ერთად ერთი, რომელსაც ყველა ამ დანაწილებულსა და დაქსაქსულს წრეებში ჰქონდა თავისი დასაყრდნობი და ფეხის მოსადგამი, ზოგან მეტი და ზოგან ნაკლები. საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლ პარტიათა და ჯგუფთა შორის ვერც ერთი ვერ გაიმიჯნებოდა სავსებით ქაქუცა ჩოლოყაშვილისაგან, ვერც ერთი ეს წრე ვერ ჩამოაშორებდა სავსებით თავის მასას ქაქუცა ჩოლოყაშვილის გავლენას. ეს აიხსნება იმით, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გაიზარდა, გაუსწრო და ასცილდა პოლიტიკური წრეთა იმ გამყოფ კედლებს, რომელნიც სავსებით ჰფარავდენ ყველა დაბალსა და საშუალო ტანის მოღვაწეებს. ქართველი ერის თვალში გახლდა ეროვნულ გმირად და ეს ხარისხი ანიჭებდა მას დიდს ზნეობრივს გავლენას ერის ყველა წრესა და მიმართულებაზედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ამიერიდან ისტორიას ეკუთვნის და მისი მოღვაწეობის ღირსეული დაფასება ფრიად საჭიროა და სასარგებლო.
… ქართველ ერს დიდი სამხედრო წარსული აქვს და მასში გმირობა უფრო ხშირი მოვლენაა, ვიდრე თანამედროვე პოლიტიკის პირობათა შეგნება და შეთვისება. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეს თვისებებიც აღმოაჩნდა უხვად და ამან გახადა ის არა მარტო გმირად, არამედ ეროვნულ გმირად“ (ალ. ასათიანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, 1930, No 8 გვ. 3, 5).
ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ მრავალი ლექსი და სიმღერა დადის ხალხში. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 26 წლის ფშაველი გლეხის, ქაქუცას შეფიცულის – მიხა ხელაშვილის ლექსები. მ. ხელაშვილი მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში მოკლეს 1923 წელს. მის ერთ ლექსში აღწერილია 1922 წლის დუშეთ-ხევსურეთის აჯანყების ამბავი. აი, მისგან რამდენიმე სტრიქონიც:
„… ქაქუცა ჩოლოყაშვილი
მოჰქროლავს როგორც ქარია
თან ახლავს ქართველთ შვილები
თითო ლომების დარია…“
ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ შექმნილი ხალხური ლექსები სათაურით „ხალხი უმღერის თავის გმირს“ გამოქვეყნებულია გაზეთ „საქართველოში“ (ბერლინი, 1943, No 35), ერთ მათგანში ვკითხულობთ:
„რა უყოთ ირაკლ აღარ გვყავს,
სხვა ხომ ა მისი ბადალი,
ქაქუცაც მისი სიყმეა,
იმისი ჩამომავალი…“
ან კიდევ:
„ველად გაჭრილა ქაქუცა,
ჩოლოყაშვილის გვარისა,
გვერდში ჰყავს ბევრი ვაჟკაცი,
მტრის დამყენები თვალისა.
არ ეშინიათ სიკვდილის,
თავი აქვთ გადადებული,
სურთ საქართველო დაიხსნან
ურდოთგან აოხრებული…“
ერთი უსახელო სახალხო პოეტი ასე მიმართავს გმირს:
„შენი ჭირიმე, ქაქუცავ,
ქართველთ ლაშქართა ბელადო,
მტრის მოგერება გცოდნია,
გამუსვრა ხელდახელადო.
სოფელ აწუხენ ჯალათნი
აღარ ინდობენ ხალხსაო,
უძაღლო სოფელ ჰხედავენ,
მიტომ იგდებენ თავსაო.
შენ გაჩნდი ჩვენსა საშველად,
კახეთს აგროვებ ჯარსაო,
ოღონდ გვიშველე ქაქუცავ,
მოგცემთ ქუდზედა კაცსაო“…
ქაქუცას გმირობით აღფრთოვანებული ხალხი თავის სიყვარულს ასე გამოხატავს:
„ტანზე აბჯარი აისხი,
თავზარი დაეც მტერსაო,
ყინულის ნისლი დააწვა
ფშავ-ხევსურეთის მთებსაო,
წინაპართ დროშა აღმართე,
მტვერ-სისხლში ამოვლებული,
შენ შეგხაროდა ქვეყანა
დიდი ხნის დაობლებული!..“
უცხო მხარეში ქაქუცას სიკვდილით გამოწვეული ღრმა მწუხარებაა გადმოცემული ლექსში „გმირის ხსოვნას“, რომელშიც ქართველმა ხალხმა ღირსეული ხოტბა შეასხა თავის სახელოვან შვილს:
„არწივმა მხრები დაუშვა,
მძიმედ დახუჭა თვალია,
აღარ გვყავს ჩოლოყაშვილი,
ზეცით დარეკა ზარია,
მთებო, იტირეთ ცრემლებით,
ბარო, მოიკალი თავია,
მზეო, დაბნელდი უდროოდ,
კახეთს ჩააცვი შავია.
იგლოვოს ყველა ქართველმა,
ძაძით შემოსოს ტანია,
ლხინი შესცვალოს ჭირადა,
არ არის გასახარია
დავკარგეთ ჩვენი ბელადი,
სტირის და გლოვობს ერია,
ასეთ ვაჟკაცთა დაღუპვა,
საქართველოსთვის ძნელია!..“
უკანასკნელ ხანს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი სენტ-უანის სასაფლაოდან გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე და ამჟამად იქ განისვენებს… მისი საფლავის ქვას ქართულ და ფრანგულ ენებზე ამოკვეთილი მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი წარწერა ამშვენებს:
„ქაქუცა ჩოლოყაშვილი — ეროვნული გმირი“.
… 1989 წლის 14 ივლისს გმირის მშობლიურ მხარეში, კახეთში, სოფელ მატანში, გაიმართა დიდი სახალხო დღესასწაული, რომელიც მიეძღვნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების 101 წლისთავს…
ასე შემოვიდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩვენს ცხოვრებაში, ასე დაუბრუნდა ეროვნული გმირი თავის ხალხს, თავის სამშობლოს…
ალექსანდრე ცომაია
… ოცდაათიან წლებში, საღამო ჟამს, პარიზის ერთ კაფეში ახალგაზრდა კაცი გაბრწყინებული სახით, გატაცებით უკითხავდა რამდენიმე ამხანაგს ქართულ წიგნს. მივესალმე. მივჯექ კუთხეში და სმენად გადავიქეცი: ახალგაზრდა ალექსანდრე (საშა) ცომაია იყო. იგი უკითხავდა მეგობრებს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილებს და თან ზოგიერთ წაკითხულ ადგილზე იძლეოდა ისეთ გონიერ და მცოდნე ახსნა-განმარტებას, გეგონებოდათ ეს 25 წლის ჭაბუკი ილია ჭავჭავაძის თანამედროვე და მისი მესაიდუმლე ყოფილიყო.
– ყმაწვილო, რამ შეგაყვარა ასე ილია? – ცნობისმოყვარეობით დავეკითხე ენთუზიასტს, საშა ცომაიას.
– ილიას უსაზღვრო ღრმა სიყვარულმა სამშობლო საქართველოსადმი და ქართველ ხალხისადმი… მისმა დევიზმა: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდესო!“— მომიგო მან პასუხად.
აი, ასე გვიხატავს თვალსაჩინო ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, პუბლიცისტისა და მგზნებარე პატრიოტის ალექსანდრე (საშა) ცომაიას ახალგაზრდობისდროინდელ პორტრეტს დავით ვაჩნაძე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საგულისხმო წერილში „დაუვიწყარი მამულიშვილი“ (იხ. გაზ. „ქართული აზრი“, ნიუ-იორკი, 1956, ოქტომბერი, No9, გვ. 2).
ალექსანდრე ცომაია დაიბადა ქუთაისში 1907 წლის 16 მარტს. ის გახლდათ ბასილ ცომაიასა და პაულია ფაღავას ვაჟიშვილი (იხ. ჟურნ. „The Voice of Free Georgia“, New-York, 1957, #8, p. 1). ალ. ცომაია ქართველი ახალგაზრდობის იმ პირველი თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში დაიწყო და იგემა ეროვნული თავისუფლების პირველი ნაყოფის სიტკბო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძლიერ ხანმოკლე გამოდგა ეს პერიოდი: სულ რაღაც სამი წლის შემდეგ საბჭოთა რუსეთის ჯარებმა ფეხქვეშ გათელა ასე ნანატრი თავისუფლება: დამარცხდა ახალი ქართული სახელმწიფო და დაბრუნდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები. ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ ხაშურის გიმნაზიის მოწაფედ ყოფნის დროს ალ. ცომაია ჩაება მოსკოვის წითელი უღლისაგან საქართველოს განმათავისუფლებელ ბრძოლაში და თოფით ხელში ებრძოდა დამპყრობლებს, ხოლო თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას იგი კომუნისტებმა ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ორივეჯერ თავი დააღწია პატიმრობის ბორკილებს და, როგორც წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ნაწილისა, მონაწილეობას იღებდა 1924 წლის საერთო სახალხო ამბოხებაში. აღწერს რა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ალ. ცომაიას მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, მისი ბიოგრაფი დიმ. სინჯიკაშვილი წერს: „საშა ცომაია პიონერი იყო სამშობლოს იდეის უზენაესობის, მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და მას იგი თან შეეზარდა და შეესისხლხორცა. ის ღვიძლი შვილი იყო იმ პირველი თაობისა, რომელიც სპონტანურად მივიდა სამშობლოს იდეის უზენაესობის აღიარებამდე და რომელმაც იგი მთელი თავისი არსებობით შეიგრძნო და შეითვისა. ეს თაობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სასვენი სვეტი. მტერმაც დროზე აუღო გარემოებას ალღო და უფრო ადრე მოგვსპო და გადაგვთელა, ვიდრე ეს ახალი თაობა დასრულდებოდა და დავაჟკაცდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ენთუზიასტები მოწმენი შეიქმნენ ქართული სახელმწიფოს დამხობის და კვლავ რუსული საოკუპაციო ძალის გაბატონების. ამ გარემოებამ წარმოშვა მტერთან შეურიგებლობის და აქტიური ბრძოლის საკითხი: ქართული სახელმწიფოს დამხობის პირველ დღიდანვე იწყობა შეთქმულთა რაზმები და დამპყრობელთან ბრძოლის ფსიხოლოგია ბატონდება ქართველ ერის ყველა წრეში, ყველა ფენაში. დაპყრობის წლის თავზე, 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ყოველ კუთხეში, ყოველ ქალაქში, ყოველ დაბაში ხდება საპროტესტო დემონსტრაციები.
საშა ცომაია, ამ დროს ხაშურელი გიმნაზიელი, აქტიურ მონაწილეობას იღებს ანტირუსულსა და ანტიკომუნისტურ დემონსტრაციებში. აქ ერთი ხაშურელი ახალგაზრდისათვის მას უთქვამს: „ჩეკისტებმა თოფის კონდახებით იქამდე მირტყეს, ვიდრე გრძნობა არ დავკარგეო“, ხოლო გრძნობადაკარგული იქვე ჭალაში გადაუგდიათ.
იქნება სწორედ ამიტომ უყვარდა მას ქართული ჭალები, იქაური მდელო და არემარე, რადგან მან სისხლი დაღვარა. იქნება ამიტომ იყო, რომ მას მთლიანად მიუძღვნა და მიეთვისა! საშას გული ამ პირველმა მარცხმა ვერ შეაკრთო, მისი ბრძოლის ჟინი ამან ვერ ჩააქრო. პირიქით, იგი მხნედ და მეტის ენერგიით ჩაება ფარული ორგანიზაციის ფერხულში და გაბედულად ეწეოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ჭაპანს.
1924 წლის აჯანყებამ მას კვლავ „მცირე წლოვანს“ მოუსწრო: „დანიშნულ დროს სენაკის სასაფლაოზე სამოცამდე კაცი მოვგროვდით. ძმები კალანდარიშვილები და დ. მხეიძე საფლავის ქვებ შუა გაწოლილ მოხალისეებს გვათვალიერებდნენ და გვამხნევებდნენ. გამოირკვა, რომ თოფიანები მხოლოდ თხუთმეტიოდე კაცი იყო. როდესაც დაიძახეს: იარაღიანებო, წინ გამოდითო, ჩემი სიხარული უსაზღვრო იყო, რომ მეც მათში აღმოვჩნდი. მაგრამ ეს სიხარული არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ცოტა ხნის შემდეგ თავს წამომადგა ერთი მოზრდილი ბიჭი და მომთხოვა, რომ თოფი მისთვის მიმეცა. მცირედი ჭირვეულობის შემდეგ ამ „დიდმა ძიამ“ თოფი წამართვა და მე უთოფოებში გამაგდო, რომელთა დანიშნულება მხოლოდ ის იყო, რომ როდესაც თოფიანები იერიშს მიიტანდნენ, ჩვენ უთოფოებს უნდა გვეყვირა: „ვაშა“ და „დაგვნებდით!!“. რას იზამ! ძალა აღმართის მხვნელია და მეც შევურიგდი ჩემს დაჩაგრულობას. მხოლოდ როდესაც ქალაქი ავიღეთ და ჩეკას, მილიციის და აღმასკომის საწყობიდან იარაღი დაარიგეს, მაშინ კვლავ ვიგრძენი „მოზრდილური“ სიამაყე და გამარჯვებულის მედიდურობით „დაჩახმახებული“ დავიარებოდი“, — იგონებდა შემდეგ ალ. ცომაია.
…მოსკოვმა შური იძია დამარცხებულ ქართველ ხალხზე და უწყალოდ მუსრი გაავლო მას. განუკითხავ ხოცვას გადარჩენილები დიდხანს ეყარნენ ჩეკას ბნელ სარდაფებში ნაცემები და ნაგვემები. მათ შორის საშაც იყო. ეს იყო მისი ბრძოლის პირველი კურთხევა, პირველი ზიარება და ის ხარბად დაეწაფა ეროვნულ ბარძიმს“ (იხ. დიმ. სინჯიკაშვილი, მეგობრის ხსოვნას, გაზ. „ქართული აზრი“, ნიუ-იორკი, 1956, სექტემბერი, No8, გვ. 1; შდრ. D. Sinditieli, In Memory of a Friend, „The Voice of Free Georgia“, New-York, 1957, №8, p. 2 — 4).
1924 წლის აჯანყების შედეგები საყოველთაოდაა ცნობილი: რუსეთმა ისევ სისხლში ჩაახშო ქართველი ერი, რუსულმა ჩექმამ უფრო მტკიცედ მოიკიდა ფეხი საქართველოში, მოსკოვმა შური იძია დამარცხებულ ქართველებზე და უმოწყალოდ გაჟლიტა ისინი.
ამ ჯოჯოხეთური შურისძიებისათვის რომ თავი დაეღწია, ალ. ცომაია იძულებული გახდა უცხოეთში გახიზნულიყო: პირველად მას სტამბოლში ვხედავთ, შემდეგ კი პარიზში, სადაც მან მრავალი წელი გაატარა და დავაჟკაცდა ბევრ მასზედ უფროს გამოჩენილ ქართველ მამულიშვილთან ერთად და მათ მსგავსად ემიგრაციაში ყოფნისას მთელი თავისი ნიჭი და უნარი მოახმარა საქართველოსთვის სამსახურს. რწმენამ თავისი სამშობლოსადმი და მისი ბედისადმი, ენერგიამ, განათლებამ და ნიჭმა, ეროვნული საქმიანობისადმი თვითმიძღვნის უნარმა ალ. ცომაია მალე გახადა ქართული პოლიტიკური ემიგარციის გამორჩეულ წევრად და ახალი თაობის ცნობილ წარმომადგენლად.
ემიგრაციაში ალ. ცომაია მიეკედლა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს სპირიდონ კედიას, მაღალი მორალისა და პრინციპების ადამიანს, რომლის ხელმძღვანელობით „მოხდა ალ. ცომაიას დასრულება და დავაჟკაცება. აქ დამუშავდა თვალწარმტაცი და სანიმუშო თვისებებით. წარმოიშვა დინჯი, ლმობიერი, დარბაისელი, ტკბილი მოსაუბრე და გემრიელი კალმოსანი საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდული თვისებებიდან მას შერჩა მხოლოდ სამშობლოს უზომო სიყვარული, მისათვის თავდადების უნარი და ქართული საქმის ენტუზიაზმი (მ. სინჯიკაშვილი). ემიგრაციული ცხოვრების მძიმე პირობებში ალ. ცომაიამ ბრძოლა განაგრძო სხვა იარაღით — სტამბით, ჟურნალით და მწერლის კალმით.
ალ. ცომაიას პირველი ნაწერები გამოჩნდა მისი უშუალო მონაწილეობით 1927 წლის დეკემბერში, პარიზში დაფუძნებულ ჟურნალში „ახალი ივერია“, რომელიც გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ახალგაზრდობის ორგანო. ჟურნალის პირველი ნომრის სარედაქციო წერილში „ძველი და ახალი ივერია“ ვკითხულობთ:
„ორი თარიღი შეეფარდა „ახალი ივერიის“ გამოცემის დასაწყისს: 50 წლის შესრულება ილიას „ივერიის“ დაწყებიდან (1877 წ.) და 20 წლის თავი ილიას უმაგალითო ეროვნული მოღვაწეობის შეწყვეტისა (1907 წ.), მისი ცხოვრების ტრაღიკული დასრულებით.
პირველიც და მეორეც ილიას სახელსა და ღვაწლს უკავშირდება და თვით ეს ჩვენ მიერ დაწყებული პატარა ეროვნული საქმეც მუდამ იქნება დამყარებული ილიას მოღვაწეობის მტკიცე საფუძვლებს, რა ხანი და გამძლეობაც არ ექნეს ამ „ახალ ივერიას“, სწორედ ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძისა და მისი სახელოვანი დასის მიერ ფართო ეროვნულს ასპარეზზედ იყრის თავს და მასში ჰპოებს ძალას ყოველი ჩვენი საღი ეროვნული საქმიანობა დიდი თუ მცირე…
ჩვენ კადნიერადაც მივიჩნევდით ჩვენი გამოცემისათვის „ივერიის“ დიდი სახელის მიკუთვნებას, მაგრამ საჭიროა, რომ ეს დიდი და ბედნიერი სახელი მუდამ სცოცხლობდეს ჩვენს ერში მოსაგონრადა ჩვენი შეუწყვეტელი მოვალეობისა დიდი ღვაწლის წინაშე…“
ჟურნალში დაბეჭდილი იყო ილიას, აკაკის, დიმიტრი ყიფიანის, სერგეი მესხის, ნიკო ცხვედაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის პორტრეტები, აგრეთვე, ფოტო „ილიას ძეგლი მამადავითზე“. არეს ფსევდონიმით აქვე გაეცნობით ილიასადმი მიძღვნილი წერილის დასაწყისს „საქართველოს ეროვნული აღორძინების ბელადი“, ხოლო ილიას მხატვრული და პუბლიცისტური ნაწერებიდან გადმობეჭდილია „მესმის, მესმის“, „ტყემ მოისხა ფოთოლი“, „მგზავრის წერილები“ (ფრაგმენტი), „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ჟურნალი „ახალი ივერია“ ქართულ ემიგრანტულ პრესაში გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის დროშით და ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის ილიასეულ პრინციპებზე აღზრდის სულისკვეთებით. სულ პარიზში გამოვიდა ჟურნალ „ახალი ივერიის“ თორმეტი ნომერი 1927 წლებში, რომლის ფურცლებზე ვხვდებით ალ. ცომაიას როგორც მეცნიერულ და პოლიტიკურ, ისე პუბლიცისტურ და საპოლემიკო ხასიათის წერილებს: „სადღეისო საკითხი“ (№3, №4, პარიზი, 1931); „მენშევიკების მორიგი პროვოკაცია“ (№5, პარიზი, 1932); „საქართველოს საზღვრები“ (№6, პარიზი, 1937); „დიდი ილია“ (№7, №8, პარიზი, 1937); „ქაქუცას ხსოვნას“ (№10, პარიზი, 1938); „თურქული იდეები“ (№11, პარიზი1938); „ფრანკოს გამარჯვება“ (№12, პარიზი, 1938); „შობის ხე“ (№12, პარიზი, 1939).
წინასწარმეტყველურად ჟღერს ჯერ კიდევ 1931 წელს დაწერილი ალ. ცომაიას „სადღეისო საკითხის“ პირველივე სტრიქონები: „უთუოდ ისეთ ქართველს ვერ ვიპოვით და ისიც ემიგრაციაში, რომელსაც საქართველოს დასახსნელად რაიმე გეგმა არა ჰქონდეს. შესაძლოა ჩვენი ტრაღედიაც იმაშივე იყვეს, რომ ყველანი, უფლებისა და შეძლების უკითხავად გეგმებს თხზავენ და ამით ხშირად ხელის შეწყობის მაგიერ აფერხებენ სხვათა მიერ გონიერად მოსაზრებულ მოქმედებას“.
პოლემიკური ელფერი დაჰკრავს ალ. ცომაიას დიდად საინტერესო წერილს „საქართველოს საზღვრები“. მასში საქმე ეხება პარიზულ ჟურნალ „კავკაზს“, რომელიც კავკასიის კონფედერაციის იდეის მქადაგებლად გამოდიოდა, მაგრამ ჩქარა გამოირკვა, რომ ჟურნალის ხელმძღვანელს ჰაიდარ ბამატს კავკასიის ერთა თანამშრომლობა და კონფედერაცია ცუდად ესმოდა. კერძოდ, მან განაცხა- რომ „ჩვენ საბოლოოდ და გადაჭრით ვაღიარებთ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით კავკასიისათვის დადგენილ საზღვრებსო“. ამით აღშფოთებული ალ. ცომაია კითხულობს: „რა უფლება აქვს ბ. ბამატს ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხებში ჩაერიოს და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადამმიჯვნელად გამოვიდეს? ვინ მისცა მას უფლება საქართველოს სახელით ილაპარაკოს?“
როგორც ვიცით, 1921 წლის 13 ოქტომბერს, მოსკოვისა და ანკარის გარიგებით, ყარსში დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც უძველესი ქართული მიწები — არდაგან-ოლთისი — ართვინის მხარე თურქეთს მიეძღვნა (სულ 13 046 კვადრატული კილომეტრი), ხოლო ბამატის მოწოდებით ოსმალეთთან არსებული ეს ახალი საზღვრები ქართველებმა უდავოდ უნდა მიიღონო. აფასებს რა ვიღაც ბამატის მიერ თავისი თავის ოსმალეთის პორტ-პაროლად გამოყვანის მცდელობას, ალ. ცომაია დაასკვნის: „საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობის საკითხი ქართული პოლიტიკის საგანია და მისი გადაჭრაც ქართველების საქმეა, ამიტომ ყველა მეტიჩარა არა-მკითხეს, საქართველოს ხარჯებზე პოლიტიკური კაპიტალის შეძენას რომ ფიქრობს, სამართლიანი იქნება თავისი ადგილი ვუჩვენოთ, რომ მომავალში ჩვენს საქმეებში ცხვირი არ ჩაჰყოს“. ყარსის გარიგებაზე კი იგი წერს:
„რაც შეეხება 1921 წლის ბოლშევიკების მიერ დადებულ ყარსის ხელშეკრულებას, ბ-ნ ბამატს უნდა მოვახსენოთ გარკვევით, რომ ქართველი ერი არა სცნობს რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში ძალით დამყარებული საოკუპაციო ხელისუფლების არცერთ აკტს და არც ერთ ხელშეკრულებას, მათ შორის არც ყარსისას. ჩვენ ვსთვლით, რომ რუს ბოლშევიკებს იმდენივე უფლება ჰქონდათ სა- ქართველოს სახელით ელაპარაკნათ, რამდენიც ამჟამად ჰ. ბამატს, რომ საქართველოს საზღვრების გასაყვანად და მეზობლებთან რაიმე შეთანხმების მისაღწევად ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო იქნება მომავალი საქართველოს ეროვნული მთავრობა. კერძოდ, სამხრეთის საზღვრების გაყვანა და ამასთან კავშირებული ყველა საკითხის მოგვარებაც დაევალება ამავე მთავრობას.
როგორც ვთქვით, ალ. ცომაიას საყურადღებო ნარკვევი „დიდი ილია“ გამოქვეყნდა „ახალი ივერიის“ 1937 წლის მე-7-8 ნომრებში, მაგრამ მისი საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი დაიბეჭდა 1944 წელს, ბერლინში, ჟურნალ „ქართველი ერის“ №15-ში. ამიტომ მას იქ განვიხილავთ, როდესაც ამ საბოლოო ვარიანტზე ვილაპარაკებთ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების მერვე წლისთავზე ალ. ცომაიამ „ახალ ივერიაში“ (№10, 1938) გამოაქვეყნა წერილი „ქაქუცას ხსოვნას“, რომელშიც შეფასებულია ჩვენი ეროვნული გმირის მოღვაწეობა, კერძოდ, 1922-24 წლებში ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ მის მიერ გაშლილ საყოველთაო-სახალხო მოძრაობაზე ავტორი წერს: „1922 წლიდან 24 წლის დამლევამდე — ეს ის პერიოდია, რომლისაც საქართველოს მატიანეს აღარ შერცხვება. ეს ის წლებია, რომელიც ჩვენი ისტორიისა და ქვეყნიერების წინაშე 1921 წლის დამარცხების სირცხვილს ანელებს. ეს წლებია ურყევი საბუთი, რომ ქართველობა არ გადაგვარებულა და ეროვნული სულით აღგზნებულ ერის მეთაურს შეუძლია ჩვენი წარსულის ბრწყინვალე ფურცლები აღადგინოს, ერის მეთაურს, რომელიც ეროვნული სულის საიდუმლოს გაიგებს და დასძლევს. მაგრამ ბუნება ამ მაღალ თვისებას მხოლოდ რჩეულებს აძლევს. ყველას არ ძალუძს ერის სულის ხვეულებში გზა გაიკვალოს და თვალით უხილავ საიდუმლოს მიაგნოს.
ჩვენს დროში ამ იშვიათი თვისებით შემკული ქ. ჩოლოყაშვილი აღმოჩნდა. მან მიაგნო იმ საიდუმლოს, მონახა ის თილისმა, რომელმაც სამი ათასი წლის ბრძოლა და ჩვენი ეროვნული მეობის შენახვა შეგვაძლებინა. ამიტომ იყო, რომ ქაქუცამ სხვისათვის შეუძლებელი შეძლო. ამიტომ იყო, რომ ქაქუცა ერთობ საქართველოს გულის მპყრობელი გახდა, თვითეული ქართველის არსებაში სამუდამოდ დაისადგურა და ეროვნული იმედის სიმბოლოდ იქცა“.
…დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ახალ გამოცდად იქცა ქართული ემიგრაციისათვის. „ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარია“ — გაისმოდა ემიგრაციის ყოველ დაჯგუფებაში. საშა ცომაია ის პირველთაგანია, რომელმაც უპირობოდ და უპრეტენზიოდ ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვა, სამშობლოსათვის მიძღვნილი მორჩილებითა და ლმობიერებით იტანდა მისთვის უჩვეულო და ახალ გარემოებას – წერს დიმ. სინჯიკაშვილი და განაგრძობს:
მახსოვს კავკასიის. ფრონტზე განსაკუთრებულ დანიშნულების რაზმში საჰაერო დაბომბვის, ქვემეხების გრიალში და ტყვიის სეტყვის დროს საშა, ყოველთვის ერთნაირი, შეუცვლელი, თანაბარი სიმშვიდით და სიდარბაისლით მოქმედი. მის ორგანიზაციულ ნიჭს, მოქმედების ახალ-ახალ პრაქტიკულ პროექტებს, მოქმედების დროს გაბედულებას და სულის სიმტკიცეს აღფრთოვანებაში მოჰყავდა ამ ჯგუფთან მდგომი ყოველი გერმანელი ოფიცერი. ერთ მათგანს, პარიზში შემთხვევით მყოფს, განსვენებულის სულის მოსახსენებლად გადახდილ პანაშვიდზე, თვალ-ცრემლიანს უთქვამს: „ქართველები და საქართველო ცომაიამ შემაყვარაო“. ჭეშმარიტად, სადაც საშამ ფეხი შესდგა, ან ფეხი დადგა, იქ ქართველის სახელს სიამაყითა და სიყვარულით მოიგონებენ.
მაშასადამე, როგორც ვრწმუნდებით, ამ ომში ალ. ცომაია კავკასიონის კალთებამდეც კი მოსულა, მაგრამ კავკასიის ოპერაციის ჩაშლის შემდეგ იგი გერმანიაში დაბრუნებულა და იქ ახლადდაარსებულ ქართული შტაბის მუშაობაში ჩაბმულა: იცავდა ქართველ სამხედრო ტყვეთა სიცოცხლესა და ღირსებას, იხსნა ჰიტლერული ჟლეტისაგან ქართველი ებრაელობა… სწორედ ამ დროს ბერლინში გამოდიოდა ჟურნალი „ქართველი ერი“, რომლის ფურცლებზედაც დაისტამბა ალ. ცომაიას ნაშრომი „დიდი ილია“ (№15, ნოემბერი, 1944), რომელიც დ. ვაჩნაძის შეფასებას რომ დავეთანხმოთ, „ილიასათვის მიძღვნილ მრავალ ძველ ქართულ ნაწერთა შორის საუკეთესოდ ჩაითვლება“.
ალ. ცომაიას ამ მართლაც საყურადღებო ნაშრომის პირველივე აბზაცი გვაგრძნობინებს ილიას სიდიადეს და იმ მეცნიერულ ხარვეზს, რომელიც მაშინ (და ნაწილობრივ ახლაც!) არსებობდა და არსებობს ილიასმცოდნეობაში:
„ილია ჭავჭავაძე ჩვენი ერის ცხოვრებაში ძალიან დიდი მოვლენაა. არც ერთი ქართველი მოღვაწე — ოქროს ხანის შემდეგ — ასე ღრმად არ ჩასწვდენია ქართველი ერის სულს და ასეთი სისწორით არ უგრძვნია ქართველი ერის გულის ნადები. მიუხედავად ამისა, ჩვენდა სავალალოდ, ილია დღემდე შეუსწავლელია: მას ვიცნობთ მხოლოდ ზერელედ. ჩვენ არა გვაქვს ილიას ვრცელი შემოქმედედა საზოგადოებრივ-ეროვნული მოღვაწეობის ობიეკტური, მეცნიერული ანალიზი, სრული და ყოველმხრივი შეფასება. ამიტომ ეს ბუმბერაზი ადამიანი დღესაც ვერ სჩანს სრულად თავისი ბრწყინვალე ნიჭის სიდიდითა და შემოქმედებითი უნარის ძლევამოსილებით. ილიას შესწავლა მომავლის საქმეა – ის ელის მიუდგომელი მკვლევარის მოსიყვარულე გულსა და პატიოსან კალამს“.
მიუხედავად ავტორის თავმდაბლობისა, რომ ეს ნარკვევი „ამ თემაზე მხოლოდ საუბრის ჩამოგდებაა, რათა საკითხის დასმით სხვებს აღვუძრათ ხალისი ამ მიზნით მუშაობისა“, უნდა ვაღიაროთ, მისი უდავო მონოგრაფიული ხასიათი და მეცნიერული სიღრმე. საჭიროა იგი გადმოიბეჭდოს ჩვენში, რათა დაინტერესებული მკითხველი საზოგადოება მთლიანად გაეცნოს მას.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ცომაია ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მეუღლე გახლავთ ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის სვიმონ მდივნის ასული ელისაბედი (ელზა), რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი სვიმონი (დიდი პაპის სეხნია. ქალბატონი ელზა პირადად გავიცანი. 1990 წლის 9 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ქართული სათვისტომოს მიერ 1924 წლის აჯანყებისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე).
აშშ-ში ჩასულმა ალ. ცომაიამ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა ამერიკული საზოგადოებრივი აზრისა და სათანადო უწყებების წინაშე საქართველოს საკითხის დასასმელად. ამისთვის მან, პირველ რიგში, იზრუნა ინგლისურ ენაზე შესაფერისი ჟურნალის დასაარსებლად. მართლაც, 1953 წლის იანვრიდან ნიუ-იორკში ალ. ცომაიას რედაქტორობით გამოსვლა იწყო ჟურნალმა „The voice of free Georgia“ („თავისუფალი საქართველოს ხმა“). სულ გამოვიდა ამ ჟურნალის რვა ნომერი. მისი გამოცემა შეწყდა 1957 წელს, ალ. ცომაიას გარდაცვალების შემდეგ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვ. ჟურნალში გამოქვეყნებულია როგორც პოლიტიკური და მეცნიერული, ისე პუბლიცისტური ხასიათის დიდად საყურადღებო წერილები ა. გუგუშვილის, ალ. მანველიშვილის, დიმ. სინჯიკაშვილის, დ. შალიკაშვილის, მ. კვიტაშვილის, გ. მაღალაშვილის, ნ. ნაკაშიძის, ვ. სანგულიას, გ. ზალდასტანიშვილის, ს. ჭირაქაძის და სხვათა, რომლებიც ეხებოდნენ საქართველოს წარსულს, მის აწმყოსა და მომავალს. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ალ. ცომაიას სტატიებს: „ქართული საქმე“ (№1, იანვარი, 1953); „ომი თუ მშვიდობა?“ (№2, მაისი, 1953); „დავითი — მეფე საქართველოსი“ (№3, სექტემბერი, 1953); „გენოციდი“ (№5, აპრილი, 1954); „რა შეიცვალა საბჭოთა კავშირში“ (№7, ნო- ემბერი, 1955); „მიხეილ კედია“ (იქვე); „საქმიანი ნაპერწკლები დიდი ხანძრისათვის“ (№8, იანვარი, 1957); „საქართველო — მარტი, 1956“ (იქვე) და სხვ. ამ ჟურნალის პუბლიკაციებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსიტიტუციის ინგლისური თარგმანი (№1, 1953). მისი ხელახალი გადმობეჭდვით და გამრავლებით გაადვილდებოდა მძიმე შრომატევადი საქმე, რათა ცივილიზებულ სამყაროს ამ თარგმანით გავაცნოთ ჩვენი დამოუკიდებლობისდროინდელი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც ინარჩუნებს მის წარუვალ მნიშვნელობას.
ალ. ცომაია არ დაკმაყოფილებულა მარტო ინგლისურენოვანი ჟურნალის დაარსება-გამოცემით და მასში თანამშრომლობით. იგი ცდილობდა აშშ-ის ქართულ ემიგრაციას ჰქონოდა საკუთარი გაზეთი მშობლიურ ენაზედაც. ამიტომ იყო, რომ 1955 წელს ალ. ცომაიამ ნიუ-იორკში დ. სინჯიკაშვილთან, გ. გაბლიანთან, ს. კაიშაურთან, გ. ლოლუასთან და გ. ზალდასტანიშვილთან ერთად დააფუძნა ყოველთვიური გაზეთი „ქართული აზრი“, რომლის პირველი ნომერი ამ წლის დეკემბერში გამოვიდა. სამწუხაროდ, ხანმოკლე გამოდგა ამ გაზეთში ალ. ცომაიას თანამშრომლობა: მისი უკანასკნელი წერილი „ქართულ აზრში“ 1956 წლის ივნისის თვის №7-ში გამოქვეყნდა. სულ „ქართულ აზრში“ ვხვდებით ალ. ცომაიას ოთხ წერილს. ესენია: რა შეიცვალა მოსკოვში? (№1, დეკემბერი, 1955); რას ამბობს ისტორია? (№2, იანვარი, 1956; №3, თებერვალი, 1956; №6, მაისი, 1956); სტალინის მემკვიდრეობა (№4, მარტი, 1956); ნაპერწკლიდან ხანძარიც ჩნდება (№7, იანვარი, 1956).
სტატიაში „რა შეიცვალა მოსკოვში?“ დახატულია სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა იმპერიის მმართველთა პირად შემადგენლობაში მომხდარი დიდი ცვლილებების სურათი, რის გამოც თავისუფალ ქვეყნებში ფიქრობდნენ, რომ მოსკოვში მეთაურთა შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებს შეიძლებოდა პოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყოლოდა. რამდენად გამართლებულია ასეთი ილუზიის შექმნა და ვისთვის არის ის სასარგებლო? — კითხულობს ავტორი და ასეთს პასუხს სცემს: გადაჭრით ვამბობთ, რომ ეს არის სასარგებლო მოსკოვისათვის და დამღუპველია თავისუფალი ქვეყნებისათვის. კომუნიზმი აგრესიული დოქტრინაა. აგრესია და იძულება კომუნიზმის ბუნებაა. მოსკოვის პოლიტიკაში არსებითად არაფერი შეცვლილა. არც ერთ თავის იდეაზე მოსკოვს ხელი არ აუღია. ჩვენ ვრჩებით კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში.
ფაქტიურად ამ სტატიის გაგრძელებას წარმოადგენს ალ. ცომაიას მორიგი წერილი „სტალინის მემკვიდრეობა“, რომელიც ასე მთავრდება: „ქართველი ხალხი იბრძვის მოსკოვის უხეში ბატონობიდან თავის დასაღწევად… აი, ამ მებრძოლ, თავისუფლების ერთგულ სულს ებრძოდა სტალინი და ებრძვიან დღეს მისი მემკვიდრეებიც. ამაო შრომაა: ათასი წლობით ნაწრთობ მებრძოლ სულს მოსკოვი ვერას დააკლებს!“
იმოწმებს რა 1956 წლის თბილისის, პოზნანისა და აღმ. გერმანიის ამბებს, რომლებიც მიმართული იყო რუსული საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ, ალ. ცომაია წერილში „ნაპერწკლიდან ხანძარიც ჩნდება“, დაასკვნის: „ჩვენი ბრძოლა ეროვნული ხასიათისაა“, ე. ი. ჩვენ ვიბრძვით არა მარტო პოლიტიკური ცვლილებებისათვის, არამედ ეროვნული სუვერენობისათვის. ამიტომ მოსკოვში როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, ვიდრე რუსი ჩვენს სამშობლოს არ დატოვებს, ეს ბრძოლა გაგრძელდება“.
თავის ცხოვრების დაისზე ალ. ცომაია შეუდგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კვლევა-ძიებას, კერძოდ, სააშკარაოზე გამოიტანა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ჩადენილი აშკარა ვერაგობის აქტების ისტორია, რომლის ერთი ნაწილი (ტოტლებენის ღალატი, გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევა, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს რუსის ჯარის განზე გადგომა) წარმოდგენილია წერილების სერიაში „რას ამბობს ისტორია?“, რომელიც, როგორც ვთქვით, 1956 წელს გამოქვეყნდა „ქართულ აზრში“ (№2, 3, 6).
…ამის შემდეგ ალექსანდრე ცომაიას დიდხანს აღარც უცოცხლია: 1956 წლის 31 ივლისს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაასაფლავეს 3 აგვისტოს, ნიუ-იორკის Mount Oliveti-ის სასაფლაოზე.
სოლომონ ზალდასტანიშვილი
სოლომონ ზალდასტანიშვილი 1924 წლის აჯანყების შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სანდო და, რაც მთავარია, გვერდაუვლელი შრომის ავტორია. აქ ჩვენს ყურადღებას იქცევს ავტორისეული წინასიტყვაობის შემდეგი ადგილი: „სიმართლის თქმა სიბოროტის ქმნა არ არის, ჩემი მოგონება და შიგ გამოთქმული აზრები არც ერთ პიროვნების წინააღმდეგ არ არის მიმართული. მე ვეცდები აღვადგინო მაშინდელი ჩვენი ბრძოლის მთავარი მომენტები და პირუთვნელად განვიხილო მათი მოქმედება, ვინც ამ აჯანყებაში მთავარ როლს თამაშობდა“.
ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითად ხაზებში იგი თავის სიტყვას ასრულებს. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ სოლომონ ზალდასტანიშვილი აღნიშნული დიდმნიშვნელოვანი ისტორიული ამბის ერთ-ერთი მონაწილე და უშუალო თვითმხილველია. მის მიერ პირუთვნელად აღწერილ და მოწოდებულ ცნობებს პირველწყაროს მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ისტორიის ამ მეტად მძიმე და ძნელი პერიოდის ახსნისათვის.
….სოლომონ ზალდასტანიშვილი დაიბადა 1891 წლის 4 დეკემბერს ქ. სამტრედიაში. მამამისი — კონსტანტინე, ნიკოლოზის ძე ზალდასტანიშვილი იყო კახელი აზნაური, პროფესიით რკინიგზელი, რომელიც მსახურობდა თბილისში, ბაქოში, იმ დროისთვის კი სამტრედიაში – რკინიგზის სადგურის უფროსად. დედა გახლდათ ანა ზაქარიას ასული ციციშვილი. მათ სულ 5 შვილი ჰყოლიათ — სამი ვაჟი და ორი ასული: ალექსანდრე, სოლომონ, ნიკოლოზ, მარიამ და თამარი. ამათგან ალექსანდრე, ნიკოლოზი და მარიამ ზალდასტანიშვილების შთამომავლები დღეს თბილისში ცხოვრობენ (ცნობები მოგვაწოდა ნელი დანელიამ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ), ხოლო სოლომონისა — ამერიკის შეერთებულ შტატებში (ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ).
სოლომონ ზალდასტანიშვილმა ჯერ დაამთავრა თბილისის რეალური გიმნაზია, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის წმ. ვლადიმერის სამხედრო სასწავლებელი (ბიოგრაფიული ცნობები ამოკრებილი გვაქვს უმთავრესად „თანამედროვეს“ ფსევდონიმით დაბეჭდილი ნარკვევიდან „პოლკოვნიკი სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი“, რომელიც წამძღვარებული აქვს 1956 წელს მიუნხენში გამოქვეყნებულ სოლ. ზალდასტანიშვილის წიგნაკს „საქართველოს 1924 წლის ამბოხება”, გვ.7 – 10; ერთი უზუსტობა, რომელიც ჩვენ ამ ნარკვევში შევნიშნეთ, ის არის, რომ სოლომონის მამის სახელად ნიკოლოზია მითითებული, უნდა იყოს – კონსტანტინე. ნიკოლოზ ზალდასტანიშვილი პაპა იყო სოლომონისა და არა მამა). ამის შემდეგ იგი ოფიცრის ხარისხით გაამწესეს თურქესტანში და ემზადებოდა სამხედრო აკადემიაში შესასვლელად, მაგრამ 1914 წელს დაიწყო მსოფლიო ომი, რის გამოც მისი პოლკი პირველ რიგში გადმოისროლეს კავკასიის ფრონტზე. გზაში ბატალიონის უფროსმა ფეხი მოიტეხა და სოლომონ ზალდასტანიშვილი მის ადგილზე დანიშნეს. ბრძოლაში ჩაბმული ბატალიონის უფროსი ს. ზალდასტანიშვილი მამაცურად იბრძოდა, ორჯერ მძიმედ დაჭრეს ორივე ფეხში და იძულებული გახდა საავტომობილო რაზმში გადასულიყო. 1917 წელს სამხედრო ჯილდოებით დამშვენებული ს. ზალდასტანიშვილი ფრონტიდან პირდაპირ პეტერბურგში მიემგზავრება დიდი ხნის ოცნების ასახდენად — სამხედრო აკადემიაში შესასვლელად, მაგრამ რუსეთის სატახტო ქალაქში მისი ჩასვლა დაემთხვა არეულობასა და რევოლუციას. ამიტომ იგი იძულებული გახდა კვლავ კავკასიაში დაბრუნებულიყო. სოლომონ ზალდასტანიშვილს 27 წლის ასაკში უკვე პოდპოლკოვნიკის ხარისხი მიენიჭა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო რუსეთის ჯარში, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში – 1918 წლიდან 1921 წლის თებერვლამდე – შედიოდა ქართულ საავტომობილი რაზმში. სოლ. ზალდასტანიშვილი საქართველოს ეროვნული არმიის პოლკოვნიკი გახდა.
1921 წლის მარტში, როცა გასაბჭოების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ და მასთან ერთად ნაწილმა ქართველთა ოფიცრობამ დატოვა საქართველო და უცხოეთს გაიხიზნა, სოლომონ ზალდასტანიშვილიც იძულებული გახდა მათ გაჰყოლოდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო უცხოეთში და 1922 წლის ზაფხულს სამშობლოში დაბრუნდა. აქ იგი შეუერთდა ილია ჭავჭავაძის დისწულის — გენერალ კოტე აფხაზის გუნდს, მაგრამ 1923 წელს კ. აფხაზის დახვრეტის შემდეგ სოლომონ ზალდასტანიშვილი შედის საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში და გახდა წევრი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ („დამკომის”) და მასთან არსებულ „სამხედრო კომისიისა“.
სოლომონ ზალდასტანიშვილი ერთი გულმხურვალე მონაწილე და ხელმძღვანელთაგანია 1924 წლის საყოველთაო-სახალხო აჯანყებისა და ამიტომაც აქვს მის მოგონებების წიგნს ამ ისტორიული ბრძოლის შესახებ ასეთი ფასდაუდებელი მნიშვნელობა.
როგორც ცნობილია, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება დამარცხდა. ბევრი მისი ხელმძღვანელი და მონაწილე ვერ გადაურჩა სისხლიან ტერორს, ბევრიც გააციმბირეს, ნაწილმა მოახერხა საზღვარგარეთ გასვლა (ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები, ჭიათურის რაზმელები და სხვ.). მათ შორის, სოლომონ ზალდასტანიშვილმა 1924 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა სამშობლო და საფრანგეთს შეაფარა თავი, სადაც ცოტა ხნის შემდეგ შეუერთდა ოჯახიც (მეუღლე და ორი ვაჟი) და იქ გაატარა 17 წელიწადი.
საფრანგეთში მეტად მძიმე პირობებში მოუხდა სოლომონ ზალდასტანიშვილს ცხოვრება თავისა და ოჯახის შენახვისათვის. მაგრამ როგორც მისი ბიოგრაფი წერს, „მისი სიცოცხლით სავსე, მუდამ მოცინარ სახეზე ჩივილს ვერ ამოიკითხავდით. გულკეთილი, სტუმართმოყვარე, ის მუდამ მზად იყო, სადაც ხელი მისწვდებოდა, გაჭირვებულ ქართველს დახმარებოდა. მძიმე მუშაობიდან დაბრუნებულს, დაღლილ-დაქანცულობა ვერ ერეოდა. პირიქით, ყველას ამხნევებდა და დარდიანობას უქრობდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ეტყოდა ხოლმე, — „ჩემო სოლიკო, სადაც უნდა გადაგაგდოს ცხოვრებამ, ყველგან და მუდამ „ალჩუზე” დგეხარ”. ამას გარდა, მან მიიღო მონაწილეობა სამხედრო კომისიის (ღ. ცხაკაიასთან) და „შევარდენის“ დაარსებაში საფრანგეთში“ (გვ.8-9).
მეორე მსოფლიო ომის დროს სოლ. ზალდასტანიშვილი ბევრს ცდილობდა როგორმე დახმარებოდა და ფიზიკურად გადაერჩინა დატყვევებული ქართველები. კვლავ მის ბიოგრაფს მოვუსმინოთ: „…რუმინეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა ხუთასამდე ქართველი, რომლებიც იმყოფებოდნენ საშინელ პირობებში, დიდი ბრძოლის შემდეგ სოლიკოს მისცეს უფლება წასულიყო ქართველებისათვის საშველად. იქ ის იღებდა ყველა ზომებს, რომ ყველა ქართველი ტყვეები გადაეყვანა თავისუფალ მუშაობაზე. მაგრამ გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მხოლოდ 90 რჩეული კაცის გამოყვანა. მაშინ სოლიკომ გამოაცხადა. — ოთხას ქართველს სასიკვდილოდ ვერ დავტოვებო: თუ ვერაფერი ვუშველე, მეც მათთან დავრჩებიო. — ქართველების უდიდესმა სიყვარულმა მისცა ძალა, რომ ყველასათვის ეპატრონა, მაგრამ თვითონ მას ვერავინღა უშველა და ტყვეთა ბანაკში ტვინის ანთება დაემართა. სოლიკო ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ქალაქ ბუხარესტის საავადმყოფოში…
სოლიკო ზალდასტანიშვილი საქართველოსათვის ცოცხლობდა და საქართველოსათვის სული დალია“ (გვ. 9-10).
ს. ზალდასტანიშვილს პარიზში დარჩა ცოლ-შვილი – მარი ხირსელი და გივი და ოთარ ზალდასტანიშვილები, რომლებიც შემდეგ აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, სულ უკანასკნელ ხანს მათ შესახებ ძლიერ საინტერესო ცნობები გამოაქვეყნა ს. კორინთელმა წერილში: „სადაურსა სად წაიყვან…” (იხ. „ლიტ. საქართველო”, 27.V, 1988, გვ. 12-13).
სვიმონ მდივანი
…ჩვენი გაზეთი შეკრული იყო, როცა მივიღეთ მეტად სამწუხარო ცნობა: გარდაიცვალა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი, ყოფილი ელჩი ჯერ სომხეთში, შემდეგ ოსმალეთში, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და წევრი ყველა ცენტრალური გაერთიანებისა აქ უცხოეთში – სვიმონ გურგენის ძე მდივანი.
4 დეკემბერს ის თავმჯდომარეობდა პარიზში მრავალრიცხოვან, საზოგადო კრებას, 12 დეკემბერს უნდა ყოფილიყო თავმჯდომარედ სახალხო გვარდიის არსებობის 20 წლის თავის აღსანიშნავ საერთო სხდომაზე, მაგრამ წინაღამეს ცოტა ცუდად იგრძნო თავი და ვეღარ დაესწრო. ორშაბათს, შუადღისას კი გარდაიცვალა.
ყველა ჩვენი ქვეყნის ერთგული და გულშემატკივარი უზომო მწუხარებით გაიგებს ამ სამგლოვიარო ცნობას.
ნეკროლოგი და ბიოგრაფია დაიბეჭდება შემდეგ ნომერში.
„დასაფლავება მოხდება შაბათს, 18 დეკემბერს, ლევილის სასაფლაოზე, 2 საათზე” – ასე აუწყებდა პარიზში გამომავალი „ბრძოლის ხმა“ 1937 წლის დეკემბრის N 76-ში თავის თანამემამულეთ და საქართველოს ყველა მეგობარსა თუ გულშემატკივარს ამ სამწუხარო ცნობას…
…სვიმონ გურგენის ძე მდივანი დაიბადა 1876 წლის 20 ოქტომბერს ხონში, ადგილობრივ ცნობილ ინტელიგენტთა ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გადაინაცვლა. აქ კურსის გავლის შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში შევიდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი ბიოგრაფი წერს: „ამის შემდეგ პირველ ხანებში ოდესაშივე დარჩა და ქალაქის თვითმმართველობაში მსახურობდა როგორც ქიმიკოსი, მაგრამ იგი არ იყო მოწოდებული მყუდრო პირად ცხოვრებისთვის და მის მკვირცხლ ბუნებას და პატრიოტულ აღტყინებას ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა თბილად მოწყობა და შემოსავლიან ადგილზე მოკალათება. ს. მდივანს ბავშვობიდანვე იზიდავდა საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მშრომელი ერის სამსახური. პოლიტიკურ ბრძოლის ფერხულში იგი ჩაება ჯერ კიდევ გიმნაზიის სკამზე ჯდომის ხანაში, ხოლო უნივერსიტეტში მოწინავე მებრძოლ სტუდენტთა რიგებში ჩადგა პირველ დღიდანვე და თვალსაჩინო ადგილიც დაიკავა. ამ ეკლიან გზაზე შედგომამ მას არა ერთხელ აგემა თვითმპყრობელობის სუსხი, არა ერთი და ორი მძიმე წუთები განაცდევინა. მაგრამ საქვეყნო საქმისთვის შესმული მწარე ფიალა მისთვის სასიამოვნო მოვალეობის აღსრულება უფრო იყო, ვინემ აუტანელი სასჯელი – მას ღრმად სწამდა, რომ ზამთრის სუსხს აუცილებლად მოყვებოდა პოლიტიკური გაზაფხული და მისი დღესასწაულიც მაშინ დადგებოდა. ეს იმედი მას პირველად 1905 წელში გაუმართლდა, – თუმცა მხოლოდ დროებით, სახალხო მოძრაობის აზვირთებულმა ტალღებმა მას ფრთები შეასხა, იმედები გაუძლიერა და ენერგია გაუასკეცა. მან თავი დაანება ოდესაში სამსახურს და თავის სამშობლო ქვეყნისაკენ გამოეშურა. აქ ის ჩადგა სოც.-ფედერალისტთა პარტიის რიგებში, რომელსაც იგი თავიდან ეკუთვნოდა, და მალე გახდა მისი თვალსაჩინო წევრი და ერთი ლიდერთაგანი“ (იხ. გაზ. „ბრძოლის ხმა“, პარიზი, 1938, იანვარი, №77, გვ.1)
მართალია, ჩვენმა დიდმა სამოციანელებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით საქართველოში გააჩაღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ მათ „ვერ შექმნეს პოლიტიკური პარტია, რაც ხალხის დაჯგუფების, პოლიტიკური აღზრდის, დისციპლინისა და დალაგებული ბრძოლის წარმოების აუცილებელი პირობაა. ცხადია, მათ ქართულ ფართე მასებს თავიანთი ხმა ვერ მიაწვდინეს. და ეს იმ დროს, როდესაც ეროვნული და სოციალური მოძრაობა სახალხო მოძრაობად ხდებოდა”. (მ. ტუღუში. სოციალ-ფედერალიზმი საქართველოში, „სახალხო საქმე“, ბუენოს-აირესი, 1952, გვ.8).
აი, ასეთი ეროვნული პოლიტიკური პარტიის მისია იკისრა დიდი ინტელექტუალური ძალის მქონე, ენერგიით სავსე, ახალი და მოწინავე იდეებით გამსჭვალულმა ქართული სოციალისტ-ფედერალისტების თაობამ…
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ პირველად 1901 წელს ააფრიალა ეროვნულ-სოციალისტური დროშა და გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე. აი, როგორ მომხდარა ეს:
„1901 წ. სექტემბერში ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა და ოფიციალურმა წრეებმა დიდის ზეიმით იდღესასწაულეს საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის თავი. ამის გამო ჩვენი ინტელიგენციის ჯგუფმა ა. ჯორჯაძის მეთაურობით გეპტოგრაფით დაბეჭდილი პროკლამაციები გამოსცა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის წინააღმდეგ და მოუწოდებდა ქართველ ხალხს, გონს მოსულიყო, შეეგნო თავისი ეროვნული უფლებანი და დაეწყო ბრძოლა მათ აღსადგენად.
მცირე ჯგუფის დაწყებული მუშაობა ეროვნული თვითშეგნების გამოსაღვიძებლად და მისთვის პრაქტიკული სახის მისაცემად თანდათან გაიშალა. ის დრო იყო, როცა ჯორჯაძის ცოცხალი წერილები გაზ. „ცნობის ფურცელში” საყოველთაო ყურადღებას იპყრობდნენ და ყველგან მხურვალე მსჯელობის და აზრთა ნაყოფიერ ამოძრავებას იწვევდნენ. არჩილის გვერდში იდგნენ გ. ლასხიშვილი, როგორც მისი უფროსი ძმა, უკვე გამოცდილი საზოგადოებრივი მებრძოლი და დახელოვნებული მწერალი, გ. რცხილაძე, გ. ზდანევიჩი, ვლ. ლორთქიფანიძე, გ. დეკანოზიშვილი, რომლის გონივრული და ბეჯითი მოღვაწეობა დაუფასებელია ჩვენი პარტიული ცხოვრებისათვის, და სხვები, — აღნიშნავს ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სამსონ ფირცხალავა (იხ. მისი, ოცდახუთი წლის შემდეგ, „სახალხო საქმე“, პარიზი, 1926, №1, გვ.5).
ახალი პარტიის მსოფლმხედველობას საფუძვლად დაედო ორი პრინციპი; ეროვნული და სოციალური, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველი ხალხის ეროვნულ თავისუფლებას უნდა ამკვიდრებდეს სოციალური თავისუფლება. მაშასადამე, ისინი სოციალიზმსაც ეროვნული თვალსაზრისით აფასებდნენ, წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატებისა, რომლებიც შეუდარებლად იბრძოდნენ პოლიტიკური და სოციალური უფლებებისათვის, მაგრამ იმ დროს ანგარიშს არ უწევდნენ ეროვნებას. აქედან გამომდინარეობდა ერთა ფედერაციის იდეაც: „ფედერაცია ერთა შორის უდრის ერთა სწორუფლებიან საფუძველზე თანამშრომლობას, ერთა თავისუფლებას და მათ შორის ძმური განწყობილების დამყარებას. ამრიგად, ჩვენი მიზანი იყო და არის ორი უწმინდესი იდეალი: თავისუფალ ერთა კავშირი-ფედერაცია: ადამიანთათვის ადამიანურ უფლებათა მოპოება და განმტკიცება. ამნაირად, ჩვენში მეთაურებმა შესანიშნავი სინთეზი გამონახეს, ერისა და ადამიანის უფლების დაცვისა. ეროვნულ და სოციალურ მისწრაფებათა შედუღებისა“,- წერს ევროპაში ცნობილი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარკოზ ტუღუში სტატიაში: „სოციალ-ფედერალიზმი საქართველოში“ (გაზ. „სახალხო საქმე“. ბუენოს-აირეს, 1952, გვ. 8-9).
არჩილ ჯორჯაძემ 1901 წელს გამოქვეყნებულ წერილებში განიხილა ეროვნული მთლიანობის საკითხი და იქვე აღნიშნა ის ნიადაგი, რომელზედაც შესაძლებელი იყო მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება. ლევილში მცხოვრები უხუცესი ფედერალისტის ნ. ურუშაძის სიტყვებით, „ქართულ პოლიტიკაში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ პირველმა წამოაყენა ნათელი და გარკვეული პოლიტიკური კონცეპცია ერის და ეროვნების. ამ კონცეპციის დამსახურება იმაში მდგომარეობდა, რომ ერს და ეროვნულ ინტერესს პირველ ადგილს ანიჭებდა და აქ იგი განეთვისებოდა იმათ, ვინც ერის ცხოვრებაში ვერას ხედავდნენ გარდა კლასობრივ ბრძოლისა, და იმათაც, რომლებიც უარყოფდნენ ჩვენს ცხოვრებაში ეკონომიურ ანტაგონიზმს“ (ნ. ურუშაძე, ჩვენი პარტია და ეროვნულ-დე მთლიანობის იდეა, „სახალხო საქმე“, პარიზი, 1927, #2, გვ.24 — 25).
ყველა მაშინდელი პოლიტიკური პარტიის საერთო მოქმედებისათვის მისაღებ საკითხებად სოც.-ფედერალისტებმა შეიმუშავეს შემდეგი პროგრამა: ქართული ენისა და კულტურის დაცვა, ქართული ნაციონალური მრეწველობის შექმნა და საქართველოს მიწა-წყლის ქართველთა ხელში დარჩენა. ამ დებულების ცხოვრებაში გატარება უზრუნველყოფდა ეროვნულ მთლიანობას, რომელიც სრულებით არ ეწინააღმდეგებოდა კლასთა ბრძოლას. არიან კლასები, მაგრამ არის ერთი მთლიანი ერი (იქვე).
სოც.-ფედერალისტთა პარტიის ტრადიციებსა და პრინციპებზე აღიზარდა მრავალი მოწინავე ქართველი ახალგაზრდა და მათ შორის ერთ-ერთი პირველი გახლდათ სვიმონ მდივანი, რომელიც შემდეგში ამ პარტიის წინამძღოლთაგანი და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მშენებელი გახდა.
ოდესიდან სამშობლოში დაბრუნებული ს. მდივანი, როგორც ვთქვით, რუსეთის მეფის ტახტის წასალეკად დამუქრებულ 1905 წლის საერთო სახალხო მოძრაობაში მთელი თავისი დაუშრეტელი ენერგიით ჩაება და მას პოლიტიკურ წინამძღოლთა შორის ვხედავთ; ამასთან, მხურვალე მონაწილეობას იღებს ისეთ სახიფათო საქმეში, როგორიც იყო უცხოეთიდან ფარულად იარაღის მიღება და მებრძოლთა რაზმების შეიარაღება. მაგრამ რევოლუცია მარცხდება და ქვეყანაში შავბნელი რეაქცია გამეფდება. ს. მდივანი ფარ-ხმალს მაინც არ ყრის, სხვებსაც ამხნევებს და იმედიანად გაიძახის: „დამარცხება გამოსადეგი გაკვეთილია; დამარცხებამ კი არ უნდა დაგვაძაბუნოს, არამედ გამარჯვების წყურვილი უნდა შეგვმატოს. ბავშვის პირველი ნაბიჯი დაცემით თავდება, მაგრამ იგი მაინც განაგრძობს ფეხზე ადგომას და ბოლოს ბეჯითად სიარულსაც იწყებს. პირველ ბრძოლაში დავმარცხდით; ახლა უნდა ვემზადოთ ახალი ბრძოლისათვის და არ შეიძლება ბოლოს ჩვენ არ დაგვრჩეს გამარჯვება“ (იხ. „ბრძოლის ხმა“, პარიზი, 1938, №77).
ამ იმედით ს. მდივანი ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს საურთიერთო ნდობის საზოგადოების ქართული ბანკის მმართველად. იგი განაგრძობს საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც, რედაქტორობს ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს. იყო ხმოსანი ბათუმის ქალაქის თვითმმართველობისა და მონაწილეობას იღებდა სოც.-ფედერალისტური პარტიის კანონიერ თუ ფარულ მუშაობაში, როგორც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე.
1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა ს. მდივნის ცხოვრების მიმართულება: იგი თავს ანებებს ბათუმში კერძო სამსახურს და ბრუნდება თბილისში, რათა მთელი თავისი ძალ-ღონე მოახმაროს სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას. 1917 წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წ. ქართული პარლამენტის წევრად. სოც. ფედერალისტური პარტიის სხვა გავლენიან წარმომადგენლებთან (შალვა მესხიშვილი, გრიგოლ გველესიანი…) ერთად ს. მდივანი მხარში ამოუდგა ახლად შექმნილ ეროვნულ მთავრობას ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში. ს. მდივანი ინიშნება პირველ ელჩად თავისუფალი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან და მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხდება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა.
ს. მდივნის სხვა ბიოგრაფის სიტყვებს რომ დავეყრდნოთ, 1919 წ. „იკრიბება საქართველოს უზენაესი ორგანო — დამფუძნებელი კრება — და აქ სიმონი იჭერს ღირსეულ ადგილს, ადგილს მისი მაღალ თვისებების შესადარს. ის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კარლო ჩხეიძის ამხანაგია (რაც ნიშნავს მოადგილეს, გ. შ.), ყველასადმი ლოიალური, დარბაისელი, მდაბალი და თავაზიანი. ამ დროს ის უკვე ცნობილი პოლიტიკოსია. და დიპლომატია. რესპუბლიკის მთავრობაც არჩევანს მასზე აჩერებს, ის ინიშნება თურქეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად. მას ისტორიული დავალება აქვს: მან უნდა მიუტანოს ქემალის მთავრობას საქართველოსგან ცნობის ფირმანი. ის პირველი ელჩია ელჩებს შორის, რომელიც საქარიის ველებზე ახალ ოსმალეთს თავისუფლებას ულოცავს და საქართველოსგან მის ცნობას უხარობლებს და ამით, განსვენებული, სამართლიანადაც ამაყობდა“ („დამოუკიდებელი საქართველო”, პარიზი, 1937, #141, გვ.2). თურქეთში საქართველოს მაშინდელი მისიის ოფიცრის დიმიტრი შალიკაშვილის დღიურებიდან „საქართველოს წარმომადგენლობა 1921 წელს თურქეთში” ირკვევა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილან: სვიმონ მდივანი — მეთაური; გენერალი ერისთავი — სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე — საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან-ბეი) ქარცივაძე: ზია ბეი აბაშიძე — ატაშე; ამათ გარდა ორი ოფიცერი დავალებათათვის — ემხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი; ხოლო ორი ჯარისკაცი — შიკრიკად; მათ შორის, ერთი გვარად, მახიაშვილი (იხ. „კავკასიონი”, პარიზი, 1972/73 წწ. XVI – XVII, 33-132-173). დ. შალიკაშვილის დღიურები იწყება 1920 წლის 27 დეკემბრით, როცა სვიმონ მდივნის ელჩობა თბილისიდან ბათუმისაკენ გავიდა ანკარაში გასამგზავრებლად და მთავრდება 1921 წლის 20 მარტით, როცა უკვე ჩვენმა ეროვნულმა მთავრობამ დატოვა წითელი არმიის მიერ ოკუპირებული საქართველო და უცხოეთში გაიხიზნა. დღიურებიდან კარგად ჩანს ს. მდივნის პოლიტიკურ-დიპლომატიური ნიჭი და მოქნილობა ქემალისტურ თურქეთთან და თვითონ ქვეყნის მეთაურთან გენერალ მუსტაფა ქემალ-ფაშასთან მოლაპარაკებების დროს სამშობლოს მისწრაფებათა დასაცავად. მაგრამ საბჭოთა რუსეთის ვერაგულმა სამხედრო თავდასხმამ და თურქეთის ახალ სახელმწიფოსთან ბოლშევიკების გარიგებამ წაართვა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ს. მდივანი იძულებული გახდა ანკარიდან პირდაპირ კონსტანტინოპოლს (სტამბოლს) წასულიყო და იქიდან საფრანგეთში ეროვნულ მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად სამუდამო ემიგრაციაში დარჩენილიყო. ალბათ, ბედის ირონიაა ის, რომ ამ დროს თურქეთში ერთდროულად ერთი ძმა სოც.-ფედერალისტი სვიმონ მდივანი დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიან ელჩად იყო წარგზავნილი, ხოლო მეორე ძმა — ბოლშევიკი ბუდუ მდივანი საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი იყო, ქემალ ფაშას ადიუტანტი კი გახლდათ ანჩაბაძე.
ს. მდივანი საბჭოთა რუსეთისაგან თავისუფლებაწართმეული ჩვენი სამშობლოს ინტერესებს იცავდა გენუის 1922 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც იგი წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის წევრად. დელეგაციაში შედიოდნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ირაკლი წერეთელი, სვიმონ მდივანი, გრიგოლ ვეშაპელი და ზურაბ ავალიშვილი. რაც შეეხება ბუდუ მდივანს, იგი აქაც ჩიჩერინის დელეგაციაში ლენინის მთავრობის გვერდით იდგა.
ახლა კვლავ ს. მდივნის ბიოგრაფს მოვუსმინოთ: „მის მოღვაწეობაში მას ლამპრად წინ უძღოდა სამშობლო ქვეყნის და თავისი ერის უანგარო სიყვარული.
ეს ლამპარი მასში არ ჩამქრალა არც მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას კვლავ შემოესია ჩრდილოეთის ბარბაროსები და ხელახლა დაიპყრო იგი. ამ უბედურების შემდეგ იგი გადავიდა ემიგრანტულ მდგომარეობაზე და განაგრძო თანამშრომლობა უცხოეთში გადმოხვეწილ ეროვნულ მთავრობასთან. ჯერ ოსმალეთში, შემდეგ საფრანგეთში, რამდენიმე ხანს პოლონეთში და ბოლოს ისევ საფრანგეთში. იგი სულის უკანასკნელ ამოხდენამდე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების ერთგული და შეუპოვარი დამცველი იყო. ახლო მონაწილეობა მიიღო კავკასიის კონფედერაციის პაკეტის შედგენაში და დიდ მუშაობას ეწეოდა მისი პოპულარიზაციისათვის. ამ ნიადაგზე მან დაიმსახურა დიდი სიყვარული და ნდობა ჩვენსავით დაჩაგრულ ჩვენ მეზობლების წრეებშიც“ (იხ. „ბრძოლის ხმა“, 1938, იანვარი, #77). მეორე ბიოგრაფი ამატებს: „მისი იდეალია რუსეთის დაჩაგრულ ერთა დაკავშირება, უპირველესად, კავკასიის რესპუბლიკების მთლიანობა. მათი მჭიდროდ დარაზმვა. ამ მიზნით ის აქტიური წევრია ყველა გაერთიანების: ვარშავის „პრომეთეს კლუბის”, კავკასიის კონფედერაციის საბჭოსი და „ხუთთა მეგობრობის კომიტეტის“ (უკრაინა, თურქესტანი. კავკასია)… ის მუდამ ყურადღების ცენტრშია ყველა ჩაგრულ ერების პოლიტიკურ წრეებში… ის სიცოცხლეში გამაერთიანებელი, გარდაცვალების შემდეგაც ამ ერთობის სიმბოლოდ დარჩა” („დამოუკიდებელი საქართველო”, პარიზი, 1937, #141, გვ.2).
ასეთი დატვირთულობის მიუხედავად, ს. მდივანი არ ივიწყებდა თავის საყვარელ პარტიას და სამსონ ფირცხალავასთან ერთად უცხოეთში სოც.-ფედერალისტური პარტიის ლიდერად ითვლებოდა. პარტიის დაარსების 25 წლისთავის აღსანიშნავად 1926 წლის ოქტომბერში პარიზში გამართულა საერთო კრება. მოსალოცი წერილი გამოუგზავნია სვიმონ მდივანს, რომელიც „სახალხო საქმეში“ (პარიზი, 1926), #2, გვ. 27 — 27) არის გამოქვეყნებული: „ჩვენი პარტიის ოცდახუთი წლის დღესასწაულის გამო მოლოცვისათვის მადლობელი ვარ. მართალია ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაგვიხოცეს, ბევრი დაგვეხოცა, უმნიშვნელო ნაწილი ფეხზე მდგომი გაგვითახსირდა. სამაგიეროდ ჩვენი იდეა ცხოველმყოფელი აღმოჩნდა. ოცდახუთი წლის წინეთ ეროვნული და სოციალისტური დროშა ავაფრიალეთ. მცირე იყო ამ დროშის ქვეშ მებრძოლთა რიცხვი, მაგრამ დღეს მთელი ქართველი ხალხი ამ დროშის წინამძღოლობით იბრძვის.
ორ დიდ სამარადისო მცნებათა შორის — ეროვნება და სოციალიზმი ჰარმონია დავამყარეთ და მათ შედუღებას ჩვენი ძალ-ღონე შევალიეთ.
ჩავთვალოთ ჩვენი თავი ბედნიერებად, გამარჯვება ჩვენივე თვალებით ვიხილეთ. ამგვარი ჯილდო იშვიათია.
უკუღმართობა დღეს კვლავ ბრძოლისაკენ გვიწვევს. მზად ვიყოთ. ვიბრძოლოთ. ცხოვრება ხომ მუდმივი და განუწყვეტელი ბრძოლაა. ხალხი ბრძოლას წლებს ანდომებს….
წინეთ ჭეშმარიტი მებრძოლი თავის მთავარ ძალას ხალხს და მშობელ ქვეყანას სწირავდა, მაგრამ იმავე დროს თავის პირადი კეთილდღეობისათვის დროს და ძალას მაინც პოულობდა.
დღეს ბუნება ძირიანად შეიცვალა: ყველაფერი დედა-ქვეყანას და არაფერი პიროვნებას. მრავალი თავწაკვეთილი ქართველი ამის უტყუარი საბუთია. ვიბრძოლოთ, სიკვდილი ნუ შეგვაშინებს. გმირული ლეგენდების განხორციელებული სახე წინ მიგვიძღვის.
ამ აზრით გამსჭვალული ქედს ნუ მოვიხრით. გულს ნუ გავიტეხთ, სულიერ განწყობილებას ნუ შევსცვლით. ეჭვი არ არის, გავიმარჯვებთ. პარტიის არსებობის საუკუნის მეორე მეოთხედის დასაწყისს ვუსურვებ ყველას, პარტიის იდეალის და ტრადიციის შემნახველთ, ხანგრძლივ და ნამუსიან აქტიურ მოღვაწეობას ძვირფას საქართველოს ბრწყინვალე მომავლის საკეთილდღეოდ“.
…სიცოცხლის (1937 წ.) უკანასკნელ დღეებში „მის მთავარ საზრუნავს შეადგენდა რუსთაველის დღესასწაულის მოწყობა სორბონის უნივერსიტეტში, რასაც ის ახალგაზრდული აღტაცებით ეგებებოდა. 9 და 10 დეკემბერსაც მოუსვენრად დადიოდა ამისთვის და მუშაობდა. ხუთშაბათს (9 დეკემბერს) საღამოს და მეორე დღესაც ცოტა გულის ტკივილებს გრძნობდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა, ფიქრობდა გაივლიდა, ხოლო პარასკევს ნაშუაღამევს გულის კრიზისი მოუვიდა. ოჯახობამ სასწრაფოდ ექიმი გამოიწვია. შაბათს და კვირას საუკეთესო ექიმებისაგან ყოველი ზომა იქმნა მიღებული, მაგრამ გულის ავადმყოფობას ზედ დაერთო ფილტვების ანთება და ორშაბათს 13 დეკემბერს ნაშუადღევს სამუდამოდ დახუჭა თვალები საყვარელი ცოლ-შვილის ხელში“ („დამოუკიდებელი საქართველო“, #141, გვ.3). ს. მდივანი დაასაფლავეს ლევილის სასაფლაოზე 18 დეკემბერს, რომელსაც დაესწრო დიდძალი ქართველი საზოგადოება, ეროვნული მთავრობა სრული შემადგენლობით ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქართულ-პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები, ეროვნული ცენტრის წევრები, განსვენებულის ფრანგი და პოლონელი მეგობრები… მრავლად მოვიდნენ კავკასიელები — სომხები, აზერბაიჯანელები, მთიელები; იყვნენ უკრაინისა და თურქესტანის წარმომადგენლები. სიტყვები წარმოთქვეს: აკაკი ჩხენკელმა (მთავრობისა და ცენტრის სახელით), მირ იაკუბმა (კავკასიის კონფედერაციის საბჭოს სახელით), კ. ქავთარაძემ (საქ. პოლიტ. პარტიათა გაერთიანებისაგან), ა. შულგინმა (კავკასიისა და უკრაინის მეგობრობის კომიტეტის), ატამ ალიბეგოვმა (აზერბაიჯანის სახელით), ა. ხატისოვმა (სომხეთი) და ვახტანგ ღამბაშიძემ (ქართველთა ასოციაცია). სამძიმრის დეპეშები წაიკითხა სანდრო მენაღარიშვილმა (შდრ. ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, 1938, #23 — 24, გვ.22 — 23). პარიზის პრესის გარდა, ს. მდივნის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ პოლონური გაზეთები „პოლსკა ზმროიანა“, „გაზეტა პოლსკა“, „კურიერ პორანნი“, „კურიერ ვარშავსკი“ და სხვა, აგრეთვე „პრომეთეს“ საზოგადოება (იხ. „დამოუკიდებელი საქართველო“, პარიზი, 1938, №142, 33.13).
სვიმონ მდივანს დარჩა შესანიშნავი ოჯახი, რომლის სახელზე მოსულ სამძიმრის გამო „მადლობის გამოცხადებას“ მაშინ ხელს აწერდა მეუღლე ნელი (ელენე), შვილები: ირინე, ელისაბედი, ელენე და ნინო (ერთადერთი ვაჟი ადრე დაეღუპა), სიძე თორნიკე ლაღიძე (იხ. „დამოუკიდებელი საქართველო“, პარიზი, 1938, #141. გვ.5). თორნიკე ლაღიძის (ქ-ნ ირინეს ქმრის) გარდა, სვიმონ მდივნის სიძე იყო თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პუბლიცისტი და მგზნებარე პატრიოტი ალექსანდრე ცომაია (1907-1956), რომელიც ნიუ-იორკში გარდაიცვალა და იქ დარჩა ცოლ-შვილი (მისი მეუღლე ქ-ნი ელზა გავიცანი 1990 წლის 9 სექტემბერს, ნიუ-იორკში ქართული სათვისტომოს მიერ გამართულ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნის საღამოზე), ხოლო მესამე სიძე, ქ-ნ ნელის მეუღლე, გახლავთ ბატონი რეზო გოგიტიძე (ვოდე), ვაჟი ქართული კინოს ერთ-ერთი პიონერის გერმანე გოგიტიძისა. იგი ქ-ნ ნელისთან ერთად ოჯახით პარიზში ცხოვრობს და მათი ქალიშვილი ქ-ნი ლია ვოდე (გოგიტიძე) დღეს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტია…