რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


უტუ მიქავა და უტუ თოდუა

უტუ მიქავა და უტუ თოდუა

ავტორი:

გლეხების აჯანყება სამეგრელოში 1875 წ. და სახალხო ტრიბუნი უტუ მიქავა (ისტორიული მონოგრაფია), „თვით-შრომა“, თბილისი, 1926

 

 

კორექტორი: თიკო იობიძე

გამციფრულებლები: ანუკა ჩაჩუა, თათია ორმოცაძე

 

 

 

 

უტუ მიქავას პიროვნება

 

როგორც გამოირკვა, გლეხური აჯანყების მთავარ ხელმძღვანელებად გვევლინებიან: საჭილაოდან (სუჯუნის რაიონიდან) – კოჩა თ ო დ უ ა, სალიპარტიანოდან – უტუ თ ო დ უ ა და წალენჯიხა-ჯვარიდან კი – უტუ მ ი ქ ა ვ ა.

პირველი მათგანი, კოჩა თ ო დ უ ა, აზნაური კორძაიას გლეხი საჭილაოს რაიონიდან, უკვე ხანში შესული, 50 წლისა, შესახედავად მეტად ახოვანი, წვრილვაჭრობას მისდევდა. როდესაც სამეგრელოს მომეტებულ ნაწილში გლეხთა აჯანყებამ იმძლავრა, გლეხებმა ის გაიხადეს ხელმძღვანელად, რომელსაც ევალებოდა ჩაგრულ და შეურაცხყოფილ მოძმეთა მისწრაფებათა დაცვა. მის ასეთ აღიარებას განსაკუთრებით ხელს უწყობდა, როგორც, ერთი მხრივ, ვაჭრობაში შეძენილი ცოდნა-გამოცდილება, ისე, მეორე მხრივ და უმეტესად, გარეგნული აღნაგობა: მოყვანილი ტანადობა. გახდა რა საჭიალო-სუჯუნის რაიონის გლეხთა მეთაური, კოჩამ გაიჩინა ადიუტანტები, პირადი მდივანი, შიკრიკები. დადიოდა ის მთელი თავისი მხლებლებით და აწესებდა სამართალს ბატონსა და ყმას შორის. გლეხებს მასთან შემოჰქონდათ წერილობითი საჩივრები. კოჩა უწყებების საშუალებით იბარებდა მებატონეებს და, თუკი უკანასკნელნი ცხადდებოდნენ, ის მორიგებით ათავებდა ხშირად საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნიდა ადგილობრივ თავის რწმუნებულებს, რომელთაც ევალებოდათ დაეკმაყოფილებინათ გლეხების მოთხოვნილებანი. თავის მოქმედებაში კოჩა იყო მეტად მკაცრი; მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მას უყვარდა წესრიგიც. მებატონეები განსაკუთრებით ესწრაფვოდნენ მის მფარველობას და ხშირი იყო კოჩას მიწვევა-დაპატიჟება მებატონეებისაგან მისი გულის მოსაგებად… კოჩა ყველაფერ ამას სათანადოდ იღებდა. ასეთი სახელის მოხვეჭის შემდეგ იშვიათად თუ რომელიმე მებატონე უწევდა მას ურჩობას, მით უმეტეს, რომ ასეთ მებატონეს კოჩა სასტიკად და დაუნდობლად უმკლავდებოდა. ასეთი მებატონის ვერც სახლ-კარი, ვერც შინაური საქონელი, ვერ ასცდებოდა საბოლოო განადგურებას.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ კოჩას სიბოროტე არ ახასიათებდა, მაგრამ მაინცდამაინც არც მახვილი გონების პატრონი იყო; მას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით გარეგნული მოყვანილობა, შესანიშნავი ტანადობა და უფრო კი ერთნაირი სარდლური ვარჯიში წინ სწევდა ხოლმე…

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი უტუ თ ო დ უ ა, შეიძლება ითქვას გადაჭრით, პირველის ანტიპოდად გვეხატება. სოფ. წაჩხურუს (სალხინოს რაიონის) მცხოვრები, მებატონის ქეშიკი, ხანში შესული (50 წლისა), ხელობით მეჭურჭლე, უტუ, იმდენად დაფასებული იყო თავის რაიონში, რომ ის ყველას უყვარდა, ყველა ენდობოდა, მის სიტყვას დიდი წონა ჰქონდა… წინააღმდეგ პირველისა, მას განსაკუთრებით გონებამახვილობა ახასიათებდა; საზოგადოებაში სახელი გაითქვა, როგორც სიმართლის მთქმელმა, ამიტომ ხალხმა მას ზედმეტსახელად „მ ა რ თ ა ლ ი ა“ უწოდა.

როგორც ზოგიერთი პირის გადმოცემა ააშკარავებს, „მართალია“ იღებდა მონაწილეობას იმ კანონით აკრძალულ წრეში, რომელმაც გამოაცხადა სალხინოს მუშების გაფიცვა და აღძრა საჩივარი დროებით მმართველ გრიგოლ დადიანთან.[1]

მხოლოდ მაშინ, როდესაც გაჭრა მათმა განზრახვამ და შესაძლებელი გახდა განხორციელება იმისა, რაც მარტო გეგმაში ჰქონდათ ასახული ფარული ორგანიზაციის „სხუნუ“-ს წევრებს, როდესაც მიუცილებელ საჭიროებად შეიქნა უკვე დაწყებული საქმის გაგრძელება და საბოლოო დაგვირგვინება – მთელი სალიპარტიანოს რაიონის აჯანყება და მტკიცე ერთეულში შეკავშირება, აშკარაა, ხალხი გვერდს ვერ აუხვევდა ამ ფრიად საპატივცემულო პიროვნებას, სიმართლით განთქმულ უტუ თ ო დ უ ა ს.

რასაკვირველია, ვერც უტუ ეწინააღმდეგებოდა ამ ერთსულოვან არჩევანს. ის გახდა ამ აბობოქრებული ზღვა ხალხის ჭირისუფალი. მთელი თავისი ხელმძღვანელობის განმავლობაში უტუ თოდუა ცდილობდა უკიდურესობისაგან თავის დაღწევას. მისი გამკლავება მებატონეებთან იყო ზომიერი, მას არ ახლდა ის უკიდურესობის ნიშნები, რაც განსაკუთრებით ახასიათებდა უკანასკნელ მთავარ ხელმძღვანელს უტუ მ ი ქ ა ვ ა ს.

ეს მისი უაღრესი ზომიერება იმ ზომამდე ავიდა, რომ, მას შემდეგ, რაც სალიპარტიანოელები ესტუმრენ წალენჯიხა-ჯვარს, საერთო სარდალ-მეთაურად უტუ მ ი ქ ა ვ ა აირჩიეს და აჯანყებული ლაშქარი გაიყო ორ უმთავრეს ნაწილად ხობი-წყლის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე დაბანაკებულ წყებად, უტუ თ ო დ უ ა მ, როგორც მარცხენა ნაპირზე დაბანაკებული ლაშქრის ხელმძღვანელმა, საერთო ენა გამონახა სალხინოში ჩამოსულ ეკატირინესთან და 15-16 მაისს ზოგიერთ უხუცეს წევრთან ერთად კიდეც „შეჰფიცა სასწაულთ-მოქმედი ხატით მორჩილება და თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესება მიანდო ეკატირინეს სამართალს“[2]

აშკარაა, ეს ადგილი ყველაზე უფრო სუსტი მხარეა უტუ თ ო დ უ ა ს ხელმძღვანელობის სარბიელზე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის ღვთის მოშიშებას, უაღრესად ზომიერ პოლიტიკას მებატონეებთან და განსაკუთრებით მის არასარდლურ, ხალხის დიდი მასის სამეთაუროდ არათანდაყოლილ ბუნებრივ თვისებებს, ჩვენთვის გასაგები შეიქნება უტუ თ ო დ უ ა ს მიერ ეს დათმობის ნაბიჯები. ის იმდენად ფაქიზი და თავაზიანი პიროვნება იყო, რომ მას არც კი ეგუებოდა ამ დაკისრებული მოვალეობის ასრულება და მხოლოდ იშვიათ, ფრიად საჭირო შემთხვევებში გამოდიოდა ლაშქრის მეთაურად. მაგრამ, მიუხედავად ამ დათმობისა, მას იმდენად დიდი წვლილი მიუძღვის აჯანყების დასაწყისში, უკმაყოფილო მასის ურთიერთისადმი მჭიდრო შეკავშირებაში ფიცის შემოღებითა და სხვადასხვა საჭირო ტაქტიკური მოსაზრების წამოჭრით, რომ შეუძლებელია დაიჩრდილოს მისი მნიშვნელობა ამ აჯანყებაში.

ბოლოს მესამე და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ხელმძღვანელად ამ აჯანყებაში გვევლინება უტუ მ ი ქ ა ვ ა; გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ უტუ მ ი ქ ა ვ ა ამ აჯანყების ალფა და ომეგაა.

სამწუხაროდ, არავითარი წერილობითი წყაროები არ მოგვეპოვება უტუს ბიოგრაფიული ცნობების შესახებ; ძალაუნებურად უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ზოგადი შტრიხებით, რომელთა ასახვა ამ დრომდეც შესაძლებელია მისი შვილისა[3] და ზოგიერთ მის ნათესავთა ჩვენებით.

უტუ იყო წალენჯიხის საზოგადოების სოფ. ფუქიდან (ზუგდიდის მაზრა). მამა, ჯოტო მიქავა, სოფლის მეურნე ყოფილა. როდესაც უტუ წამოიზარდა, მან შეისწავლა ზეინკლის ხელობა და თავის საკუთარ მამა-პაპეულ ოჯახში (ს. ფუქში) კიდეც გამართა სამჭედლო, რომლის წყალობით უტუმ გაითქვა სახელი მთელს ზემო-სამეგრელოში.[4] ამ სამჭედლოში უტუმ დაყო საკმაო ხანს. როდესაც შვილებმა მამის გარდაცვალების შემდეგ თავთავიანთი ნაწილი მიიჩნიეს, უტუ გადასახლდა საიჩუოში, ს. ნარაზენში. სწორედ აქ ყოფნის დროს მოუსწრო მას სალიპარტიანოში აჯანყებამ; როდესაც ამ რაიონის მეამბოხეები ესტუმრნენ წალენჯიხა-ჯვარს, უტუ თავის საზოგადოებაში უმალ გამოიწვიეს. სალიპარტიანოსა და ჯვარის მაზრის გლეხთა მოთხოვნით, ის ხდება მეთაური და მთავარსარდალი მეამბოხე ლაშქრისა; ხელმძღვანელობს მდინარე ხობიწყლის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკებულ ლაშქარს რიცხვით ათ ათასამდე.

1858 წლის იანვრის თვეში ის, როგორც აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი, კოჩა და უტუ თ ო დ უ ე ბ თ ა ნ ერთად გადაასახლეს რუსეთში 5 წლით, სადაც დარჩა 8-9 წელს და დაბრუნდა სამეგრელოში დაახლოებით 1867-8 წლებში, სწორედ მაშინ, როდესაც სამეგრელო თავისუფლდებოდა ბატონყმობის უღლისაგან. ჩამოსვლის მეორე წელს, ე. ი. 1868-9 წ., როდესაც დაწესდა სამეგრელოში პირველად მამასახლისობა, გლეხთა წრიდან წალენჯიხის საზოგადოებამ ერთხმად მოითხოვა უტუს დანიშვნა. მმართველები ამაზე არ დასთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოების დაჟინებითმა სურვილმა მაინც გასჭრა და უტუ გახდა პირველი მამასახლისი წალენჯიხის საზოგადოებისა; უტუ ამ თანამდებობას ასრულებდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგ ის ერთმა შემთხვევამ[5] აიძულა გადამდგარიყო.

1870 წ. ის ეწევა ხან თავის ხელობას, ხან კი მეურნეობას მისდევს. გარდაიცვალა 1877-8 წლებში.

ასეთია დაახლოებით მთავარი შტრიხები მისი ბიოგრაფიისა; როგორც ირკვევა, უტუს პიროვნების სახელის მოხვეჭას განსაკუთრებით ხელი შეუწყო მისმა ხელობამ და სამჭედლომ თავისი ადგილმდებარეობითურთ. ს. ფუქის ის ადგილი, სადაც იდგა უტუს სამჭედლო, რამდენიმე მნიშვნელოვანი შარა-გზების მებოძირია. აღმოსავლეთით მიდის ის მთავარი გზატკეცილი, რომელიც აერთებს ზუგდიდ-წალენჯიხა-ჯგალი-მუხური-თაია-სალხინოს, ჩრდილოეთით საჩინო ჯვარს. ამ გზებზე მიმომავალთ არ შეეძლოთ არ შესულიყვნენ სამჭედლოში, არ გაეცნოთ მისი მომხიბვლელი პატრონი, არ გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებანი. სწორედ ამ ისტორიულ სამჭედლოში გამოიკვერა უტუს შეურიგებელი წადიერებანი და ლტოლვილებანი ბატონყმობის დამხობისა.

უტუს პიროვნებაში შესისხლხორცდა იმ დროისთვის საუკეთესო საინფორმაციო პუნქტის საშუალებით გლეხობის მთელი ის სიდუხჭირე, მთელი ის დაავადებული ყოფა-ცხოვრება, რომლითაც იტანჯებოდა უკანასკნელი. არის ზეპირგადმოცემითი ცნობა,[6] რომ მან განზრახ გადაიტანა თავისი სამჭედლო სამეგრელოს მეორე კუთხეში, საიჩუოში, რომ იქაც უშუალოდ გასცნობოდა გლეხთა სულისკვეთებას.

ამრიგად, სამჭედლო, როგორც ასეთი, შეიქნა უტუსთვის საუკეთესო სკოლა ხალხის გასაცნობად, მათი ნამდვილი მდგომარეობის გასათვალისწინებლად. თუ ახლა გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იმ დროს სამეგრელოში განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ მჭედლებს და მათ, როგორც ამას მართებულად აღწერს ნიჭიერი ეთნოგრაფი ი. ქ ო ბ ა ლ ი ა, „თითქმის დღემდისაც პატივს სცემდენ და სცემენ სამღვდელოების თანასწორად, როგორც საღვთო პირებს, წმ. სოლომონის თანამიმდევრებს. ვისიმე ანათემაზე გადაცემა მჭედლის მიერ თავის სამჭედლოს სახელით დღემდისაც უაღრეს წყევა-კრულვად ითვლება მეგრელთა შორის“,[7] ჩვენთვის ცხადი შეიქნება უტუს პიროვნების ცნობადობის მიზეზები… ხალხი მიმართავდა მჭედელს თავისი უბრალო გაჭირვების გამოცნობა-დახსნისათვისაც კი. ასე რომ, მჭედელი ძალაუნებურად უნდა გამხდარიყო გულთმისანი და სხვადასხვაგვარი უცნაური საშუალებით უნდა დაეკმაყოფილებინა მრავალი მოთხოვნილება. თავისთავად აშკარაა, ამ ისტორიულ ტრადიციას ვერც უტუ ასცდებოდა; პირიქით, მის შემთხვევაში გაორკეცდებოდა. ამგვარად, ჯერ წალენჯიხასა და შემდეგ ნარაზენში სამჭედლომ უტუს მზამზარეულად მისცა მართებული საშუალება, ნათლად წარმოედგინა ხალხის საშინელი სინამდვილე, მისი ჭირი და ვარამი.

არანაკლებ საინტერესოა მისი პიროვნული თვისებებიც: „გამკლავება მისი მებატონეებთან იყო უაღრესად სასტიკი და ენერგიული. ის მათ თავს ესხმოდა, დააფრინდებოდა როგორც ქორი, ართმევდა ყველაფერს, უყოფდა გლეხებს და არაიშვიათად აკავებდა მებატონეებს ტყვეობაში გამოსყიდვის ან დახსნის პირობით. განსაკუთრებით ყველაზე უფრო მისგან ხვდებოდა თავადებსა და აზნაურებს, რომლებიც სხვებზე მეტად განთქმულნი იყვნენ თავიანთი ვერაგობით. წერა-კითხვის მცოდნე და მჭევრმეტყველურად მოლაპარაკე, როგორც ჩვენ ეს დავინახეთ პირველად კოლიუბაკინი ბაასში, ის მთელის არსებით ბატონობის უაღრესი მტერი იყო და ყოველგვარი საშუალებით შურს იძიებდა მათზე თავის თანამოძმეთა საუკუნეებით შეურაცხყოფის გამო“. უნდა ითქვას, რომ რუსის მოხელის მიერ უტუს ასეთი დახასიათება არ სცოდავს გადაჭარბებით. მთელს სამეგრელოში უტუს პიროვნების ხსენება დღესაც ხშირია: ყოველ მოხუცს შეუძლია მასზე რამდენიმე მაგალითი აღნუსხოს თავადაზნაურობასთან შეურიგებელი განწყობილებისა. ხალხის მეხსიერებაში ის დღემდისაც ცოცხალია და ბევრი მისი მაგალითი მისაბაძ და საანდაზო ნიმუშადაა ქცეული.

აქ საკმარისად მიმაჩნია მხოლოდ ერთი ისეთი ისტორიული ნიმუში მოვიყვანო, რომელიც აშკარად ადასტურებს ზემოაღნიშნულ დებულებას. ჩვენ ვგულისხმობთ უტუ მ ი ქ ა ვ ა ს შეხვედრას დედოფალთან ბ ო რ ო ზ დ ი ნ ი ს ა და რ. ე რ ი ს თ ა ვ ი ს თანადასწრებით: ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დედოფალი მარტვილის მონასტერში იმყოფებოდა, შინაყმებმა მოახსენეს მას მახლობლად უტუ მ ი ქ ა ვ ა ს ყოფნა. დედოფალი ძლიერ დაინტერესდა მისი ნახვით და სთხოვა ზუგდიდის ოლქის მმართველ რ. ე რ ი ს თ ა ვ ს მოეხმო ის, როგორც ირონიულად უწოდა მას, „სამეგრელოს რევოლუციის დანტონი“. მოიხმო ერისთავმა და შემოსვლისას მიესალმა უტუ დედოფალს. დედოფალმა ის უფრო ახლო მიიწვია და მეტად საამო ტონით დაუწყო საუბარი: „რატომ, შვილო, გლეხებისაგან წინამძღოლად არჩეული, შენ არ მოდი პირდაპირ და არ ამიხსენი მათი საჭიროება და გაჭირვება; მე ხომ მათ შესახებ არაფერი ვუწყოდი და მოსვლა კი ჩემთან ყველას შეეძლო. შენ შეგეძლო ყოველ წამს გამოცხადებულიყავ და სიმართლე გეთქვა. რატომ არ მოიქეცი შენ ასე ჩემი პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ?!“ მიქავა ამ საკითხზე არ უპასუხებდა და იდგა შეშფოთებული, თავჩაღუნული, ხელებში ჭმუჭნიდა ქუდს. გავიდა სიჩუმეში რამდენიმე ხანი. „შენ არ გსურს მიპასუხო ჩემს შეკითხვაზე? – დაიწყო ისევ დედოფალმა – მაშასადამე, აღიარებ, რომ ჩემთან მოუსვლელობით ცუდად მოქცეულხარ“. მაშინ უტუმ ასწია თავი და დაიწყო ლაპარაკი მეტად წყნარად: – „თქვენო ბრწყინვალებავ, მეშინია, რომ თქვენ ჩემზე არ გაგულისდეთ და მიტომ ვჩუმდები; – ილაპარაკე, ილაპარაკე, გეთაყვა, ილაპარაკე – ცოცხლად მიუგო დედოფალმა – მე სიმართლისთვის არავის ვკიცხავ“. უტუმ შეხედა ერისთავს და როდესაც მან ყაბული ანიშნა, უტუმ დაიწყო:

ბოდიშს ვიხდი, ხელმწიფეო, რომ მე თქვენთან არ მოვედი; არ მოვედი, იმიტომ, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარებოდით, თუნდაც სურვილიც გქონოდათ. იგი ცოტა ხანს შეჩერდა თითქოს მეტის ლაპარაკს არ აპირებსო, მაგრამ კვლავ ასწია თავი, თვალები მას როგორღაც განსაკუთრებით გაუბრწყინდნენ და დაიწყო: აი აქ მთის ძირას (მარტვილის მონასტერი მაღლობზეა აშენებული) ცხოვრობს თქვენდამი კუთვნილი გლეხი. ამ საწყალ გლეხს ჰყავდა ერთი საათის წინ ძროხა, მისი ერთადერთი დიდება, რომელიც უკვებავდა მას ბავშვებს და ახლა ის ძროხა უკვე აღარ არის. ის დაკლა თქვენმა შინაყმამ, თქვენთან ერთად მოსულმა, და მისგან ახლა წვადებს აკეთებს. არავინ არაფრით არ აუნაზღაურებს იმ საწყალ გლეხს მის ძროხას. თქვენ თვით ვერ ამჩნევთ, რომ, სადაც თქვენ წახვალთ, ყველგან უბედურება დაგაქვთ? რისთვის უნდა მოვსულიყავი თქვენთან და მესაუბრა მსგავსი საწყლების უბედურებაზე, როგორიც არის ის გლეხი: თქვენ ხომ მათ ვერაფრით დაეხმარებოდით? უტუმ გაათავა და გაჩერდა. დედოფალს უფლება რომ ჰქონოდა, მზად იყო იქვე აღეგავა იმდენი პირების წინაშე მსგავსი მხილებელი, მაგრამ თავი შეიკავა და გარეგანი ღიმილით უთხრა: „კეთილი, შვილო, მიბრძანდი“ (ibidem, 186).

ცალმხრივი იქნებოდა უტუს პიროვნების გაშუქება, თუ აქვე მოკლედ მაინც არ გავიხსენებდით მის მჭევრმეტყველურ ნიჭს. ამ მხრივ მას ბადალი არა ჰყავდა თავის ამხანაგებში. ის ამით ბუნებით იყო დაჯილდოვებული და სხვას რომ თავი ვანებოთ, ისეთი რუსის მოხელენი, რომელნიც უშუალოდ ისმენდნენ მის სიტყვას, ლაპარაკის სიძლიერე-სითამამეს, როგორიცაა ბ ო რ ო ზ დ ი ნ ი, ე რ ი ს თ ა ვ ი, მ ი ქ ე ლ ა ძ ე – ცვიფრდებოდნენ… ბოლოს აღსანიშნავია უტუ იმ დროისთვის როგორც სარდალი, როგორც მოთადარიგე იმ მრავალრიცხოვანი ლაშქრისა (რაოდენობით, 14 000), რომელიც მუდმივად მის განკარგულებაში იყო.. პირდაპირი ისტორიული წყაროები უტუს სარდლობის შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ორიოდე სტრიქონიც, რომელიც გვხვდება ამ წყაროებში და აღგვიწერს უტუს ლაშქრის სახეობასა და მის მოძრაობას, – უტუ, ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი, მხარზე ლეკურ-გადაკიდებული, წითელ-არშიანი ქუდით, წინ მიუძღვის თამამად ამ ლაშქარს,- ნათელყოფს იმ მოსაზრებას, რომ უტუ არ იყო დაშორებული სარდლობის მთავარ მოთხოვნილებებს, რომ მას შეეძლო დაეცვა ამ ზღვა ხალხში სიმტკიცე, წესრიგი და თანმიმდევრობა. სწორედ ეს „წესრიგი, თანმიმდევრობა და ორგანიზაცია“, რომელიც სუფევდა უტუს ლაშქარში და ახასიათებდა საერთოდ აჯანყებას, იმდენად თვალსაჩინო და საგრძნობი იყო, რომ ის ვერ გამორჩა შეუმჩნევლად კოლუბიაკინს, რომელიც მეტად გაკვირვებული რჩებოდა უტუს ლაშქრის ამ თვისებებით და მიაწერდა მას დასავლელების გავლენას.

ასეთი თვისებებით აღჭურვილი უტუ მართლაც შეიქნა ხალხის სულისკვეთების ჭეშმარიტი გამომხატველი. ამ აჯანყებაში ის ნამდვილად გვევლინება, როგორც სახალხო ტრიბუნი. ეს კიდევ ცოტაა: ხალხმა მას მიანიჭა „დადიობა“, „კეისრობა“[8]. უტუს ასეთ სახელს, გავლენას ყველა გრძნობდა. მას ანგარიშს უწევდა ოფიციალური ხელისუფლებაც, სწორედ ამიტომაც ვერც კოლიუბაკინმა, ვერც დიკრუასიმ მიზანშეწონილად ვერ ცნეს ბარიათინსკის ბრძანების აღსრულება და უტუს დაპატიმრება, სანამ საბოლოოდ ფეხს არ მოიმაგრებდნენ, და აშკარად სწერდნენ უკანასკნელს: „უტუს დაკავება ხელახლად დაჰბადებს გლეხებში ახალ აღელვებას“.[9]

მართლაც, მისი დაკავება აუცილებლად ხიფათში ჩააგდებდა ხელისუფლების მეთაურებს, მაგრამ ამას მათ საღი მოსაზრებით გვერდი აუხვიეს. რომ სიტყვა არ გაგვიგრძელდეს უტუს თვისებათა ხალხოსნური მნიშვნელობის კუთხით, საკმარისია აღვნუსხოთ ის საგულისხმიერო ფაქტი, რომ დღესაც მეგრულ ენაზე უტუ ნიშნავს ხალხს, საზოგადოებრივ კრებულს, რაც უდავოდ წარმოშობილი უნდა იყოს უტუ მიქავას საკუთარი სახელის განზოგადებით. აღნიშნული, უეჭველია, მოწმობს უტუს პიროვნების ფრიად დაფასებას.[10]

 

 

 

ავტორი: ირაკლი ანთელავა

რედაქტორი: ირაკლი ანთელავა

საქართველოს ისტორიის ნარკვევები რვა ტომად (ტომი V), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1970

 

 

 

 

სალხინოს ამბებს გამოეხმაურა მდინარე ხობსა და ენგურს შუა განლაგებული სოფლები. პირველად იარაღი ლიისა და ჯვარის (თანამედროვე წალენჯიხის რაიონი) გლეხებმა აისხეს. მათი გამოსვლის უშუალო საბაბი გახდა გრიგოლ დადიანის განკარგულება ხსენებული სოფლებიდან გლეხების აყრისა და იქ საფუტკრის გაშენების შესახებ. [11]ისინი მართლაც აყარეს ამ ათვისებული ადგილებიდან. ამან აავსო გლეხთა მოთმინების ფიალა და მჭედელ უტუ მიქავას მეთაურობით აჯანყების დროშა ააფრიალეს. 1857 წლის მაისის თვეში კი მოძრაობის სხვადასხვა კერა გაერთიანდა და მიქავა აჯანყების ხელმძღვანელად აირჩიეს.

აჯანყებულთა რაოდენობამ მალე 20 ათას კაცამდე მიაღწია.[12] ისინი წარმატებით მოქმედებდნენ. მათ დაიკავეს სოფლები ობუჯი, ჭაქვინჯი, ყულისკარი, კორცხელი, ლედგებიე, კირცხი, ხიბულა და სხვ., ხოლო 1857 წლის 12 მაისს ხელთ იგდეს სამეგრელოს სამთავროს რეზიდენცია — ზუგდიდი. დაკავებულ ადგილებში გლეხები ამყარებდნენ ახალ წესებს, ქმნიდნენ დროებით მმართველობას, ახორციელებდნენ სამართალს, აწესებდნენ ფასებს და სხვ.[13]

კოლიუბაკინმა[14] არ დააყოვნა და რეგულარული ჯარის ნაწილებით სამეგრელოსაკენ გაეშურა. 1857 წლის 20 მაისს იგი შეხვდა აჯანყებულებს.

აქ გლეხების ბელადმა უტუ მიქავამ ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც გამორჩეული დამაჯერებლობით დახასიათებულია სოფლის მშრომელი მოსახლეობის მძიმე საზოგადოებრივ-ეკონომიური მდგომარეობა და სახალხო მოძრაობის ნამდვილი მიზეზები. „ამ ერთი წლის წინათ, — თქვა მიქავამ, — ჩვენს ქვეყანას ოსმალთა ჯარი შემოესია, მტერმა გაანიორწყალა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდა, შველა არსაიდანა გვქონია; რუსის ჯარმა თავი დაგვანება, ხოლო ჩვენი ბატონები, იმის მაგივრად რომ დავეფარნეთ, ბიჭებსა და გოგოებს გვტაცებდნენ და ოსმალებზე ჰყიდდნენ. აუარებელი წაასხეს ოსმალებმა… ისინი წავიდნენ და ჩვენი ბატონები წინანდელზე უარესად … მოგვდგნენ. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მთელი ჩვენი შრომის ნაყოფი იმათ რჩებათ; მათ რომ კაცმა ჰკითხოს, გლეხს არაფერი უნდა ჰქონდეს, და რაც რამ აბადია, ყველაფერს ართმევენ თუ მოხერხებით არა, ძალით მაინც. ჩვენ ამას შევეჩვიეთ. ამას კიდევ თქვენი ჭირი წაუღია, საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ჩვენში ადამიანებსაც კი არ ჰხედავენ, მათი აზრით, ჩვენ ყველა პირუტყვი გვჯობნის. ვსთქვათ, ბატონს მეზობლის მიმინო მოეწონა, ადგება და ერთ კომლ გლეხს მისცემს მასში; მწევარში ან მეძებარში, რამდენსამე კომლს აძლევს, პირუტყვები უფრო ფასობენ, ვიდრე ადამიანები… როცა ბატონს თავისას ვაძლევდით, მხოლოდ იმასა ვსთხოვდით, ისე მოგვქცეოდნენ, როგორც ამას ჩვენი მამაპაპათა მიერ დადგენილი ჩვეულება მოითხოვდა, მაგრამ ამ წმინდა ჩვეულებას მებატონეებმა დიდი ხანია ფეხი დააბიჯეს, უგულვებელჰყვეს, ხოლო ომის შემდეგ მათმა სისასტიკემ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. გვეჩივლა? აბა ვისთან? დედოფალი აქედან შორს იყო, ხოლო მის მდივაგანბეგებს მებატონეთა მხარე უჭირავთ, მათგან ძალდატანების მეტი არაფერი გვახსოვს…

გვეგონა დედოფალი ჩქარა დაბრუნდებოდა, მაგრამ (მის მოლოდინში) თვეები გავიდა; ჩვენ აქეთ-იქით დავეხეტებოდით, მებატონეებს ვემალებოდით, და როცა დევნა და ძაღლებით ნადირობა დაგვიწყეს, შევერთდით და ძალას ძალა დავუპირისპირეთ. ამასობაში დადგა გაზაფხული, ყანები არ დათესილა, მებატონეები არ გვითმობდნენ და არც ჩვენ ვუთმობდით, ბოლოს… დედოფალიც ჩამოვიდა. მაგრამ რა გამოვიდა? არამცთუ მფარველობა არ გაგვიწია, არამედ ჩვენი გაჭირვების მოსმენაც არ ისურვა, „როგორ გაბედეთ და ბატონებს ხელი ახლეთ“, — გვითხრა მან. ჩვენი ხელისხლება კი ის გახლდათ, რომ ჩამოვართვით ხაჯალურები და დადიანურები, რომლითაც ისინი ზოგჯერ წლობით გვტანჯავდნენ, გამოვიყვანეთ იმათ სახლებიდან ჩვენი დები და ქალიშვილები… და ქრისტიანული წესებით გავათხოვეთ… ჩვენ სამშობლო შეგვჯავრდა, გადავსწყვიტეთ, მოვშორდეთ აქაურობას სამუდამოდ და სადმე ჯანდაბას გადავიკარგოთ… ერთმანეთს შევფიცეთ — არაფრის გულისათვის არ დავბრუნდეთ უკან. ოხრადაც კი დარჩეს ისეთი სამშობლო, როცა თავიც კი ვერ შეგვიფარებია სადმე, საცა შენზე ნადირობენ, ნადირივით დაგსდევენ… ჩვენ არც ავაზაკები ვართ და არც მეამბოხენი, სამართალს ვითხოვთ, მეტს არაფერს, გვიწყალობე, გენერალო, ეს სამართალი, გვიყავი სიკეთე, თქვენი ყურმოჭრილი ყმები ვიქნებით, ყველაფერს გაგიგონებთ”.[15]

ამის შემდეგ მიქავამ კოლიუბაკინს რვა მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნილება წარუდგინა: 1) კაცის კაცი არ უნდა არსებობდეს; 2) აღიკვეთოს ყმებით ვაჭრობა; 3) აიკრძალოს გადასახადების თვითნებური გადიდება; 4) მიეცეს გლეხს ყველა ადამიანური უფლება; 5) დაწესდეს კანონებზე დამყარებული მმართველობა მებატონეთა გაუკითხავი მმართველობის მაგივრად; 6) მოისპოს ტანჯვა-წვალების დღემდე არსებული გზები; 7) დაკანონდეს გლეხთა საკუთრების ხელშეუხებლობა და 8) გაძლიერდეს მემამულეთა და ხელისუფალთა პატივისცემა ხალხის ადათ-ჩვეულებებისადმი.[16]

კოლიუბაკინმა, რომელმაც დიდი ყურადღებით მოისმინა მიქავას სიტყვა, აჯანყებულთ დახმარება და სამართალი აღუთქვა, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაიშლებოდნენ. „აი თქვენი ბატონები, — უთხრა გუბერნატორმა გლეხებს, — თქვენ ისევ იმათ დაუბრუნდით და იგივე გააკეთეთ, რაც აქამდე გიკეთებიათ მათთვის. იცოდეთ, რომ კანონი უსამართლობისგან დაგიფარავთ. თუ დაგჩაგრეს, მიდით დედოფლის მიერ დაყენებულ მდივანბეგთან, თუ მდივანბეგმა დაგჩაგრათ, დედოფალს შესჩივლეთ მის უკანონო საქციელის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ყოველ ურჩობისათვის მკაცრად დაისჯებით”.[17]

…უსამართლობის წინააღმდეგ გაბედული პროტესტით გამოსული გლეხები ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა. ორმოც მათგანს, მათ შორის ისეთ გამოჩენილ მეთაურებს, როგორიც იყვნენ უტუ მიქავა[18], კოჩა თოდუა, ლევან კვარაცხელია და სხვ., დიდი ხნით (სამიდან ათ წლამდე) გადასახლება მიესაჯათ კოსტრომის, პერმის, ოლონეცკისა და რუსეთის იმპერიის სხვა გუბერნიებში.

 

 

 

 

ავტორი: დიმიტრი ლემონჯავა

რედაქტორი: ირაკლი ანთელავა

გლეხთა აჯანყება სამეგრელოში (1856 — 1857), „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, თბილისი, 1957

 

 

 

 

გლეხები გულში ჩამარხული უკმაყოფილებით მიდიოდნენ ბეგრის მოსახდელად და თან მიჰქონდათ სიმინდი იმ ანგარიშით, რომ მას უფასოდ დაფქვავდნენ სამთავრო წისქვილში, მაგრამ დაფქვისათვის დავით ჩიქოვანმა გადასახადი-მინდი მოითხოვა. ამან მოთმინებიდან გამოიყვანა ისედაც უკმაყოფილო გლეხები.

გლეხებმა პროტესტი განაცხადეს მარცვლის დაფქვისათვის ხარკის დაწესებაზე. სახლთუხუცესმა არ მიაქცია ყურადღება მათ სიტყვიერ განცხადებას და განაგრძობდა სიმინდის დაფქვისათვის დაწესებული გადასახადის აკრეფას. გლეხები კი დაჟინებით მოითხოვდნენ ახალი გადასახადის გაუქმებას და დაფქვისათვის წინათ დაკავებული მინდის უკან დაბრუნებას. ჩიქოვანმა გლეხების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მაშინ გლეხებმა აირჩიეს სამი კაცისაგან შემდგარი დეპუტაცია, რათა სახლთუხუცესის მიერ მათი შევიწროება ეცნობებინათ დროებით მმართველ გრიგოლ დადიანისათვის. დეპუტაციას მეთაურობდა გააზატებული სამთავრო ყმა უტუ თოდუა.

უტუ თოდუა იყო სოფელ წაჩხურუს მცხოვრები, ჯამ-ჭურჭლის ხელოსანი; მთელ სამეგრელოში დიდი ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა. იგი უაღრესად სამართლიანი ადამიანი იყო და ამიტომ ხალხში უტუს მეტსახელად „მართალიას“ ეძახდნენ. ზოგიერთი ცნობით, თოდუა შედიოდა ფარულ წრე „სხუნუს“ (სხუნუ — მეგრულად მოთათბირებას ნიშნავს) შემადგენლობაში.[19]

გლეხებისაგან არჩეული დეპუტაცია უტუ თოდუას მეთაურობით საჩივრით წარდგა დროებით მმართველ გრიგოლ ლევანის-ძე დადიანის წინაშე. დეპუტაციამ მას გააცნო სალხინოს სასახლეში ბეგარაზე მყოფი გლეხების მდგომარეობა და სთხოვა გრიგოლს საქმე გლეხების სასარგებლოდ მოეგვარებინა. მაგრამ გრიგოლმა მოიმიზეზა დედოფლის მიერ დატოვებული მითითებანი, რაც მას უფლებას არ აძლევდა ჩარეულიყო სამთავრო ქონებისა და მამულების საკითხის გადაწყვეტაში და ურჩია დეპუტაციას დავით ჩიქოვანის მოქმედების შესახებ თვითონ დედოფალს მიმართეთო. გრიგოლი ფიქრობდა, რომ ჩიქოვანის მიმართ გლეხების უკმაყოფილების შედეგად სახლთუხუცესს გააძევებდნენ მთავრის კარიდან. მას ამოძრავებდა შურისძიება და არა გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესება.

გრიგოლ დადიანთან, როგორც დროებით მმართველთან, მშვიდობიანი გზით საქმის მოგვარების უშედეგოდ დამთავრების შემდეგ დეპუტაცია ზუგდიდიდან სალხინოს დაბრუნდა და გლეხობას აცნობა, რომ გრიგოლთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა.

რაკი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გლეხებმა ვერაფერს მიაღწიეს, მაშინ თვითონ გადაწყვიტეს სალხინოს სასახლის მშენებლობაზე მუშაობის ერთხმად შეწყვეტა, რის აღსრულებასაც სათავეში ჩაუდგა ფარული სათათბირო – „სხუნუ“.

ამგვარად, გლეხებმა სახელმძღვანელო-სამოქმედოდ ფარული აპარატიც გაიჩინეს, რომელსაც გლეხთა დეპუტაციის არჩევიდან ჩაეყარა საფუძველი. „სხუნუს“ თავკაცებად ითვლებოდნენ: უტუ თოდუა, სქვამაია ნადარაია, შუკოჩია კილასონია და გვატია გადილია. „სხუნუს“ დანიშნულებას წარმოადგენდა აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სხუნუს“ საფუძველი უტუ თოდუას სახლში ჩაეყარა და იქვე იკრიბებოდა მისი შემადგენლობა.

დავით ჩიქოვანის თვითნებობის წინააღმდეგ სალხინოს სასახლეში ბეგარაზე მომუშავე ყმებს შორის პირველად ხმა აღიმაღლეს სამთავრო გლეხებიდან დაახლოებით 22 კაცმა; გვარად კაკუტიებმა, ბაჩილავებმა და გვალიებმა. ისინი აშკარად ლაპარაკობდნენ სასახლეში შექმნილი უსამართლობის შესახებ, მათ მაგალითს მიბაძეს სხვა ყმებმა და ცოტა ხნის შემდეგ უკმაყოფილოთა რიცხვი 60 კომლამდე გაიზარდა.[20]

ზუგდიდიდან დეპუტაციის დაბრუნების შემდეგ ამ უკმაყოფილო სამთავრო გლეხებმა ერთმანეთს მტკიცე სიტყვა მისცეს და 1856 წლის მიწურულიდან შეწყვიტეს სასახლეში მუშაობა.

სახლთუხუცესმა დავით ჩიქოვანმა განიზრახა საკუთარი ძალით დაემორჩილებინა ურჩები და ამისათვის სასწრაფოდ გამოუძახა სასახლის მოხელეებს, მეთაურად თავადი ივანე ჩიქოვანი დანიშნა და გაგზავნა მეამბოხე გლეხების წინააღმდეგ. ამბოხებულებთან შეტაკებისას მოხელეებმა გაქცევით უშველეს თავს. ამრიგად, სასახლის მოხელეებთან გლეხების პირველი შეტაკება გლეხების გამარჯვებით დამთავრდა.

საკუთარი ძალებით ამბოხების ჩაქრობის ცდის მარცხით დამთავრების შემდეგ დავით ჩიქოვანმა ზუგდიდს მიაშურა და გრიგოლ დადიანს დახმარებისათვის თავადაზნაურობისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმი სთხოვა. მაგრამ გრიგოლმა აქაც მითითებანი მოიშველია და დახმარებაზე უარი უთხრა. თანაც ურჩია, რომ დედოფლის დაბრუნებამდე ამ საქმის მოგვარებაზე ხელი აეღოთ.

იმავე დღეს სალხინოში აჯანყებულთა რიცხვი 300-400-მდე გაიზარდა, რომელთაც სათავეში ჩაუდგა წვრილი ხელოსანი უტუ თოდუა და გლეხები – მაქუია, შოშიკელა და ბასილა თოდუები. „ყველა უსამართლობაზე იძახოდა და თითეული მზად იყო მებატონისაგან თავი დაეხსნა ბრძოლით“, -ვკითხულობთ ერთ-ერთ საბუთში.[21]

უტუ თოდუას კარგად ესმოდა, რომ მებატონეების წინააღმდეგ აჯანყებულთა ძალის წარმატება დამოკიდებული იყო სალიპარტიანოსა და სხვა დანარჩენი ახლომახლო სოფლების გლეხების დარაზმვაზე. ამიტომ იმავე დღის საღამოს ის შეუდგა ამ საქმეს. ამ მიზნით მან შიკრიკები გაგზავნა კიწიაში, კურზუში, ტალერში, ნაფიჩხოუსა და სხვა სოფლებში.

მეორე დღეს სალხინოში თავი მოიყარა შვიდი სოფლის 1000-ზე მეტმა გლეხმა. აჯანყებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. სალხინოს სასახლის დაკავებისა და წაჩხურუს ეკლესიის გალავანში ურთიერთშორის ფიცის მიღებების შემდეგ აჯანყებულები უტუ თოდუას ხელმძღვანელობით, აფრიალებული დროშითა და საკვირის ხმით, სალხინოდან კიწიისაკენ გაემართნენ და დაბანაკდნენ კირილხინჯთან. ამ დროს სალიპარტიანოს 16 სოფლის 2000 წლის კომლი[22] უკვე მღელვარების ალში იყო გახვეული და უტუ თოდუას მეთაურობით საყოველთაო შეიარაღებული აჯანყებისთვის ემზადებოდა.

გლეხობის საცხოვრებელი ადგილებიდან აყრისა და მათი უსხლკაროდ დატოვების ნიადაგზე ლიასა და ჯვარის გლეხობაში თავი იჩინა დიდმა უკმაყოფილებამ, რომელიც მალე მღელვარებად გადაიქცა. აქ მღელვარებას სათავეში ჩაუდგა ფარნაოზ დადიანის ნიჭიერი გლეხი, მჭედელი უტუ მიქავა, რომელსაც „სამეგრელოს რევოლუციის დანტონი“ უწოდეს.

უტუ ჯოტოს-ძე მიქავა დაიბადა დაახლოებით 1812 წელს[23] სოფელ ფუკში. 15 წლისამ სოფელ საჩინოში დავით მელიასაგან შეიწავლა ზეინკლისა და მჭედლის ხელობა.

სოფელ ფუქში გზაჯვარედინზე მან ააგო სამჭედლო. აქ იგი დიდხანს მუშაობდა. მაშინ სამჭედლო ხალხისათვის იყო ერთგვარი თავშესაყრელი წერტილი. სამჭედლოში მუშაობამ უტუს ხელი შეუწყო გასცნობოდა სამეგრელოს, ჩაგრული მოსავლის ჭირ-ვარამს. აქ ხშირად მგზავრებიც ისვენებდნენ.[24] წერა-კითხვის მცოდნემ, მჭევრმეტყველმა, თავად-აზნაურების მოძულემ, ტანადმა, სანდომიანი სახის მქონე უტუ მიქავამ ხალხში გამბედავი ვაჟკაცის სახელი მოიხვეჭა.

მამის სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით 50-იან წლებში, უტუ გადასახლდა საჩიჩუოში. მან აქაც გაიჩინა სამჭედლო, სადაც ორი წელი იმუშავა. აქედან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ მებატონე ჩიჩუებმა მიწით სარგებელობისთვის მას გადასახადი მოსთხოვეს.

სალხინოში დაწყებული გლეხთა მღელვარების შესახებ ცნობის მიღებისთანავე უტუ მიქავა ჯვარში ჩავიდა და თავი მოუყარა უკმაყოფილო ყმა გლეხებს. იგი მათ ელაპარაკა შექმნილი მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა გაელაშქრათ თავადების წინააღმდეგ. ამ უკმაყოფილო ჯგუფს იქვე მოთავედ დაუნიშნა გლეხი უტა ჭანტურია, რომელსაც დაავალა მეორე დღისთვის შეეგროვებინა იარაღის ხმარების შემძლე ამ სოფლის ყველა მამაკაცი. მეორე დღეს ლიისა და ჯვარის გლეხობისაგან შედგა მეამბოხეთა რაზმი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თვით მიქავა.

„იმ დიდი ავტორიტეტის შემთხვევაში, რაც მან მოიპოვა, უტუ იმთავითვე სათავეში ჩაუდგა გლეხთა აჯანყებას“ – ვკითხულობთ ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში.[25]

ლიისა და ჯვარის აჯანყებულმა ყმა გლეხებმა იერიში მიიტანეს მემამულეების – დადიანებისა და აფაქიძეების წინააღმდეგ. უტუ მიქავამ განუცხადა ყველა ყმა გლეხს, რომ დღეიდან არ ემუშავათ თავადებისათვის, არ გადაეხადათ გადასახადი, ხოლო შინაყმები თავად-აზნაურების ოჯახებიდან სახლებში გაუშვა და აუკრძალა უკან დაბრუნება. ამრიგად, ჯავარსა და ლიაში აჯანყების ხანძარი დაინთო.

უტუ მიქავა მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმით ჯვარიდან სოფელ საჩინოსაკენ გაემართა. საჩინოს ყმა გლეხობა უტუ მიქავას თანაგრძნობით შეხვდა. მიქავამ ისინიც შემოიერთა. საჩინოს გლეხების აჯანყებას თავის სურვილით სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი გლეხი ხუსენია კვირკვია.[26]

ამის შემდეგ მიქავა წალენჯიხაში შეიჭრა და რისხვად დაატყდა წალენჯიხის მებატონე დიმიტრი და პლატონ დადიანებს. მათი ჩაგვრისაგან გაათავისუფლა ყმა გლეხები: მიქაიები, ეფსიები, ჩიქობავები, სახოკიები, კამკიები და სხვა.

წალენჯიხაში აჯანყებულ გლეხთა სათავეში მან ლევანი და ბათაია კვარაცხელიები დააყენა.

წალენჯიხის გარშემო მდებარე სოფლების ყმა გლეხობაში ელვის სისწრაფით გავრცელდა ცნობა მომხდარი ამბის შესახებ. გლეხები თავს იყრიდნენ მიქავას ირგვლივ ჯოხებით, ნაჯახებით, ხანჯლებით, დამბაჩებითა და თოფებით შეიარაღებულნი.

უტუ მიქავა აჯანყებულებს მოუწოდებდა: ხომ ხედავ ცხოვრება არ შეგვიძლია: მიწა ჩვენ არა გვაქვს და წყალი, სხვისთვის ვშრომობთ, ჩვენ კი მშივრები ვართ. კაცად არ გვაფასებენ, როზგები, ხუნდები, გაყიდვა, წართმევა, ძაღლებზე გადაცვლა – აი რას გვიშვებიან; მოდით, მომყევით, ძმებო, და ძალით ჩავაძაღლოთ ეს ქოფაკებიო.[27]

უტუ მიქავა ამგვარად მოწოდებით რაზმავდა სტიქიურად ამხედრებულ გლეხობას საყოველთაო შეიარაღებული აჯანყებისთვის.

ასე შეიქმნა აჯანყების მეორე რაიონი ჯავრის მაზრაში, ხოლო აჯანყებულთა ბანაკად იქცა ჯვარი – წალენჯიხა; აქ პირველად ჩამოყალიბდა 500 კაცისაგან შემდგარი მეამბოხეთა შეიარაღებული ლაშქარი, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა უტუ მიქავას წინამძღოლობით. მან აჯანყებულთა ჯარს მიაღებინა ერთგულების ფიცი, რომ თავად-აზნაურების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე: „იყო ერთმანეთისადმი ერთგული და გვერდით ედგა ყველა გარემოებაში“.

ტერიტორიულად იზრდებოდა აგრეთვე აჯანყების რაიონიც: აჯანყებისათვის ნიადაგი მზადდებოდა საჭილაოსა და სუჯუნის მაზრებში. ამ მაზრების სოფლების გლეხობა წინათაც არაერთხელ გამოსულა ფეოდალების წინააღმდეგ. გამძაფრებული კლასთა ბრძოლა უკიდურესობამდე გაამწვავა თურქების შემოსევამ. ამიტომ, დაიწყო თუ არა მღელვარება ზემო სამეგრელოში, აქაც იფეთქა ამბოხებამ. საჭილაოსა და სუჯუნის მაზრების გლეხობის ამბოხებას სათავეში ჩაუდგა მებატონე კორძაიას გლეხი, წვრილი ვაჭარი კოჩა თოდუა.[28] ასე გაჩნდა აჯანყების მესამე რაიონი, რომლის მთავარ წერტილს საჭილაო-სუჯუნა წარმოადგენდა. აქ დაბანაკებული იყო მეამბოხეთა ძირითადი ლაშქარი კოჩა თოდუას მეთაურობით.

თ. ხოშტარია: „ამგვარი საშინელი აჯანყებული ხალხი ახლა აღდგა ყველგან და ყოველ მენგრელიის კუთხეში. სალიპარტიანოს მხრის და მთიელების სიმრავლე ათიათასობით ოთხ ბუნად ანუ გუნდად იყვნენ შემდგარი. პირველი — სალიპარტიანო და იმ მხრის გროვა გლეხების თოდუას თაოსნობით, მეორე, — წალენჯიხის, გლეხის კვარაცხელიას თაოსნობით, მესამე — ზუგდიდის გლეხის კეზუას თაოსნობით და მეოთხე — საჭილაოს და უმეტესი სენაკის უეზდის ნაწილი, კიდევ თოდუას თაოსნობით. გაყარეს ყველა მთავარი პირები და მოხელეები, შექმნეს სოფლად ზოგიერთი მებატონების აოხრება, სარჩოს მოტაცება და მოსამსახურე კაცების და მუახლების გადაყვანა, ეს ამბავი რომ იქნა დაწყებული 1856 წლის შემოდგომიდან მოაწია გაზაფხულმა“….[29]

ამგვარად, როგორც ზემომოყვანილი, ისე სხვა საბუთებიდან ირკვევა, აჯანყება დაიწყო 1856 წელს შემოდგომაზე და 1857 წლის დასაწყისისთვის შეიქნა აჯანყების ოთხი კერა.

სალიპარტიანოში დაბანაკებული აჯანყებულთა ლაშქარი, რომლის რაოდენობა უკვე 4000-ს აღწევდა, თოდუას მეთაურობით დაიძრა სალხინო-სალიპარტიანოდან, გაიარა მთის კალთის სოფლები — კურზუ, თაია, მუხური, გადავიდა მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე, გადაჭრა სოფელი ჯალი და შეუერთდა წალენჯიხაში დაბანაკებულ, მეამბოხეთა მეორე ლაშქარს, რომელსაც უტუ მიქავას განკარგულებით ლევან კვარაცხელია მეთაურობდა. აჯანყებულთა ორი ნაკადის გაერთიანების შემდეგ საერთო მეთაურად უტუ ჯოტოს-ძე მიქავა აღიარეს.

აჯანყების საერთო მეთაურად აღიარების შემდეგ უტუ მიქავა შეუდგა საყოველთაო შეტევითი ლაშქრობისათვის მზადებას. ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ სტიქიურად აბობოქრებულ მეამბოხეთა ლაშქარში უტუ მიქავა ამყარებს თავისებურ სამხედრო წესრიგს: აჯანყებულთა ჯარი დაყო რაზმებად, ასეულებად და ასე შემდეგ. რაზმის სათავეში იყო ოცეულის უფროსი. ასეულსაც ჰყავდა თავისი წინამძღოლი საკუთარი მედროშით. უტუ მიქავას, როგორც აჯანყების საერთო მეთაურს, კეისარი ეწოდებოდა.

(ამოღებულია აჯანყებულთა მოთხოვნით სამრევლო ხატის წინაშე ფიცის მიღების მონაკვეთი).

დროებით მმართველობის სათავეში იყვნენ თვითონ აჯანყების ბელადები: უტუ მიქავა, უტუ თოდუა, კოჩა თოდუა და ლევან კვარაცხელია, როცა მათ უშუალო თანაშემწეებად ითვლებოდნენ აღებულ სოფლებში დანიშნული ნდობით აღჭურვილი პირები: ისინი ამავე დროს აჯანყებულთა შეიარაღებულ რაზმებს წინამძღოლობდნენ.

მშრომელი მოსახლეობის მასებისადმი მოწოდების სახით აჯანყებულები შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ: „თავადთა და აზნაურთა წოდებები არ უნდა არსებობდნენ, ვინაიდან ყველა ადამიანი ძმები არიან“.

„ფუფუნება — ცოდვილებაა და ამიტომ, უნდა იკძალებოდეს საფაბრიკო მაუდისაგან შეკერილი ან სირმით შემკობილი ჩოხის ტარება“.

„სავაჭრო მოგება უნდა იყოს შეზღუდული, ზომიერი, ამიტომ უნდა დაწესდეს ნიხრი არა მარტო ყველა ბუნებრივ ნაწარმოებზე, არამედ საერთოდ ყველა საქონელზე.“ [30]

აჯანყებულთა ძირითადი მოწოდება იყო შემდეგი: „გაუსწორდეთ მებატონებს, რომლებიც ამავე დრო წარმოადგენენ საძულველ დაბალ ადმინისტრაციულ ხელისუფლებს.[31]

ამ განცხადებებით განცვიფრებული ქვეყნის გუბერნატორი კოლუბიაკინი აჯანყებას ამგვარად აფასებდა:

„ზოგიერთი იდეა, სიტყვა, გადმოსროლილი ხალხში თითქოს და ლოზუნგის სახით ანიჭებს მას ხასიათს, რომლის დასახელებისთვის უნდა მივმართოთ დასავლეთის რევოლუციურ ნომენკლატურას“.

უტუ მიქავას წინამძღოლობით აჯანყების თანმიმდევრულმა ხასიათმა და მისმა დისციპლინამ თავზარი დასცა არა მარტო თავადაზნაურობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოხელეებს, არამედ ზოგადად მეფის მთავრობას და ცხადყო, რომ ჩაგრული წოდების აზროვნებაში აჯანყების იდეა დიდი ხანია მწიფდებოდა და მზადდებოდა.

აჯანყებულთა შეტევითი ლაშქრობა გაიშალა ორი პუნქტიდან: ერთი, მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირიდან მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირამდე — სალიპარტიანოს სოფლებიდან ქვემო სამეგრელოსაკენ. აქ მოლაშქრეთა წინამძღოლი იყო უტუ თოდუა. მეორე, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირიდან მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირამდე — ზემო სამეგრელოს სოფლებიდან ქვემო სამეგრელოსაკენ. ამ რაიონში საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა აჯანყების საერთო მეთაური უტუ მიქავა.

1857 წლის გაზაფხულის მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირიდან მდ.ენგურამდე უტუ მიქავას წინამძღოლობით ლაშქარმა, რომელშიც უკვე 7 000 კაცი ირიცხებოდა, დაიკავა რა მთელი რიგი სოფლები — წალენჯიხა, ობუჯი, ჩაკვინჯი, კირცხი, ხიბულა, ყულისკარი, ჭკადუაში და ლედგებიე, მაისის პირველ ნახევარში ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გეზი აიღო მთავრის რეზიდენცია — ზუგდიდისაკენ.

აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობის გაუწევლად დამორჩილებულ მებატონეზე აჯანყებულები არ ძალადობდნენ. მაგრამ თუ მებატონეები არ აკმაყოფილებდნენ აჯანყებულთა მოთხოვნას, შეუბრალებად არბევდნენ. ასეთთა რიცხვში იყვნენ კიწიის მებატონე მურაზია ანჯაფარიძე, სოფელ მოხაშიდან დიმიტრი ბატონიშვილი, ნოჯიხევის მდივანბეგები ჯორჯიკიები, სოფელ ნაგვაზაუს მეზატონე — ლევან ჩიქოვანი, წალენჯიხის მებატონეები დიმიტრი და პლატონ დადიანები, კირცხის მებატონეები ტაგუ ჯიჯიხია და ლევან გოშუა, სოფ. ობუჯიდან დავით შენგელაია, სოფ. კორცხელიდან — დიმიტრი თოლორაია, მარტივილიდან — ტარასი ელიავა და დეკანოზი ბორისოვი, სოფ. ნახუნუდან — ოქროპირ ფარცვანია, სოფ. ტალერიდან — აზნაური ბაზილიკა რატია, სოფ. სუჯუნიდან — მეთოდე ხოშტარია და სხვა.

მათი აოხრების მიზეზი შემდეგი იყო: აზნაურ ბასილიკა რატიას აჯანყებულებმა სახლ-კარი დაუნგრიეს იმისთვის, რომ მან ორი მოახლიდან ერთი არ გაათავისუფლა. მსგავსი ქცევისათვის კვაუთის აზნაურს მარანი წაუქციეს. სოფ. კირცხის აღებისას აჯანყებულები შეიჭრნენ მებატონე ტაგუ ჯიჯიხიას სახლში.

უტუ მიქავამ ყმებს მებატონისაგან განთავისუფლება გამოუცხადა, მაგრამ ჯიჯიხიამ წინააღდგომა გაუწია; მაშინ აჯანყებულებმა ჯიჯიხიას სახლ-კარი დაუნგრიეს, სურსათი ყმებს დაურიგეს, თვითონ კი ხარები დაკლეს და ლაშქარმა იქვე ისადილა. კორცხელის ეკლესიის მღვდელმა დიმიტრი თოლორაიამ აჯანყებულებს ეკლესია არ გაუღო და ხატი არ დაანება ფიცის მისაღებად. მაშინ მეამბოხეებმა ჩალეწეს ეკლესიის კარები და ხატი ძალით გამოიტანეს. თოლორაიამ გაქცევით უშველა თავს. ტარასი ელიავა და ბორისოვი ეკლესიიდან ძალით გამოიყვანეს და ფიზიკურად დასაჯეს იმისათვის, რომ აჯანყებულებს ეკლესიაში დაცული საბუთების დათვალიერების თავისუფლება არ მისცეს. სოფელ ობუჯის ეკლესიის მღვდელს დავით შენგელაიას სახლ-კარი გაუნადგურეს იმისთვის, რომ უარი განაცხადა მსახურთა განთავისუფლებაზე და სხვ.

აი რატომ იყო ამ დროს აჯანყება შედარებით უსისხლო. თავადზნაურობის უმეტესობა ვერ ბედავდა გლეხების წინააღმდეგ გალაშქრებას, ამიტომ მეამბოხენი დაუბრკოლებლად მიიწევნდენ წინ. მათ მოიარეს სამეგრელო და იარაღქვეშ დააყენეს მთელი ჩაგრული წოდება.

1857 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში პეტერბურგიდან დაბრუნებული ეკატერინე დადიანი სამეგრელოში ჩავიდა. კულაშთან მას მიეგება გაქცეული თავადაზნაურობა.

28 აპრილს დედოფალი ბავშვებიანად უკვე გორდში იმყოფებოდა. ეს ის დრო იყო, როცა აჯანყებულთა ლაშქარი იარაღით ხელში გადამწყვეტ ბრძოლაში იყო ბატონყმობის წინააღმდეგ. საყოველთაო მღელვარების ხანძარი სამეგრელოს ყველა სოფელში გიზგიზებდა.

გორდში ჩასვლის მეორე დღესვე (30 აპრილი) ეკატერინემ მოუწოდა სამეგრელოს მოსახლეობას, აცნობა თავის ჩამოსვლა და მოითხოვა, რომ თითოეული სოფლიდან მასთან გამოცხადებულიყო ორი ან სამი წარმომადგენელი. ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ გაემგზავრებოდა სოფლებში, შემოივლიდა სამეგრელოს და უკმაყოფილო გლეხებისგან პირადად მიიღებდა ახსნა-განმარტებას. ხალხში ამ მოწოდების გასავრცელებლად მდივანბეგები გაგზავნა. მაგრამ ამ გზით მეამბოხეთა დაწყნარების ცდამ უშედეგოდ ჩაიარა.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა აჯანყების ხელმძღვანელი უტუ მიქავას მიდგომა, რათა ეკატერინეს მოწოდებას სტიქიურად აჯანყებულ გლეხობაში მერყეობა არ გამოეწვია.

უტუ მიქავამ გლეხობას მიმართა ეკატერინეს მოწოდების საწინააღმდეგო მოწოდებით, რომ ხალხი არ დამორჩილებოდა ადგილობრივ ხელისუფლებს, რადგან სამეგრელოს მთავრისა და მემამულეების ძალაუფლება უკვე მოსპობილია და რუსეთი ჩვენს მხარეზეაო. ამის დასამტკიცებლად მიქავამ დაიხურა წითელ არშიაშემოვლებული რუსული ქუდი, ჩაიცვა რუსული შარვალი და ჩექმები.[32] ამით მას უნდოდა გლეხები დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი ეს, ნიშნად დახმარებისა, თითქოს მას რუსებმა გამოუგზავნეს. სინამდვილეში ეს იყო მიქავას, ასე ვთქვით, დიპლომატიური ხერხი, რადგან მას რუსეთი არავითარ დახმარებას არ დაჰპირებია. ამგვარად, როგორც ეკატერინე წერს, შეუძლებელი გახდა ხალხის დაწყნარება – ისინი განაგრძობდნენ ფიცის მიღებას, რათა „იყონ ერთსულოვნად“ მებატონეთა წინააღმდეგ.

კოლუბიაკინმა 17, 18 და 19 მაისის განმავლობაში თავი აარიდა აჯანყებულების წინააღმდეგ უკიდურესი ზომების მიღებას — პირისპირ შეტაკებას და ვითარებას ყოველმხრივ შეისწავლიდა. უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს ეკატერინე დადიანის მიერ მოჭორილი ცნობა, თითქოს კოლუბიაკინი 18 და 19 მაისს აჯანყებულებს მოელაპარაკა. კოლუბიაკინი არა გლეხებს, არამედ მმართველობით უკმაყოფილო ფეოდალურ ზედაფენას მოელაპარაკა.

ამ დროს ხობისწყლის მარჯვენა მხარეზე აჯანყებულთა ჯარი უკვე აღწევდა 10 000-მდე კაცს. მას უშუალოდ მეთაურობდა უტუ მიქავა. მარცხენა მხარეზე კი, სადაც აჯანყებულებს წინამძღოლობა უტუ თოდუა, მდგომარეობა უფრო რთული იყო. შეფერხდა აჯანყების წინსვლაც.

ამაზე მეტყველებს როგორც ეკატერინეს, ისე კოლუბიაკინის მოხსენებითი ბარათები.

როგორც აღვნიშნავთ, 13-14 მაისს აჯანყებულებთან სალხინოში მოლაპარაკებისას ეკატერინე დამარცხდა, მაგრამ იგი სახელის აღსადგენად წერდა, თითქოს 15 მაისს აჯანყებულები, თოდუასთან ერთად, მასთან გამოცხადდნენ, დაემორჩილნენ მის ბრძანებას და მისი დაპირებით დაკმაყოფილებულებმა 16 მაისს თავიანთი სოფლიდან მოიტანეს მთავარ ანგელოზის „სასწაულმოქმედი“ ხატი, დაარღვიეს მიღებული ფიცი და ერთგულება გამოუცხადეს მას; ამასთან ერთად დაჰპირდნენ, რომ სხვებსაც დააწყნარებდნენ.[33] ამასვე იმეორებს კოლუბიაკინი, ეყრდნობა რა ეკატერინეს ნაამბობს. ყველაფერი ეს უდავოდ მოგონილი ამბავია, რადგან ჩვენთვის ცნობილია, თუ რა მდგომარეობაში იყო ადგილობრივი ხელისუფლება დასახელებულ დღეებში.

გარდა ამისა, თავად პეტრე დადიანი და გიგო ფაღავა არასწორ ცნობას აწვდიდნენ ეკატერინეს, თითქოს მათ დამორჩილდნენ სერგეითის, ბობოთის, ნახუნუს, ნალეფსოესა და აბედათის სოფლები. ეკატერინე დარწმუნებული იყო ამ ცნობის სისწორეში და თვითონაც ავრცელებდა.

საქმის ვითარება კი სულ სხვაგვარი იყო. არსებული საბუთების შესწავლით მტკიცდება, რომ 15 მაისს სალხინოში ეკატერინესთან უტუ თოდუა არ გამოცხადებულა.

გლეხებმა დედოფალს მოახსენეს, იგი ავად არისო.[34] ძნელია ამის თქმა, რადგან პირდაპირი მითითება არ მოგვეპოვება, თოდუა ნამდვილად ავად იყო, თუ მან არ მოისურვა დედოფალთან საუბარი და ავადმყოფობა მოიმიზეზა.

კოლუბიაკინის ჩამოსვლისას ეკატერინემ მას განუცხადა, რომ უკვე შეძლო თოდუას მეთაურობით ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე მყოფ აჯანყებულთა დაწყნარება და რომ მღელვარება მძვინვარებს მხოლოდ ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე, სადაც აჯანყებულებს უტუ მიქავა მეთაურობს. მაშინ კოლუბიაკინმა გადაწყვიტა სტრატეგიული ხერხით გაეთიშა ისინი და დაქსაქსული ნაწილებისთვის ცალ-ცალკე მოეღო ბოლო. ამისთვის, პირველყოვლისა, საჭირო იყო სასწრაფოდ ზომების მიღება აჯანყებულთა ძალის გათიშვისთვის.

ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე შექმნილი ასეთი ვითარება არ გამოჰპარვია უტუ მიქავას და მან საჩქაროდ წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები მიიღო.

ქვემო სამეგრელოს მიმართულებით მოქმედ 10000-იანი ლაშქრიდან უტუ მიქავამ გამოყო 2000 კაცისაგან შემდგარი რაზმი, სათავეში ჩაუდგა მას და 19 მაისს, გადალახა რა ხობისწყლის მარცხენა ნაპირი, მოევლინა აჯანყების იმ რაიონს, სადაც თოდუა იყო. მიქავამ სხვადასხვა მიმართულებით, მოქმედ აჯანყებულთა რაზმებს უბრძანა სასწრაფოდ თავი მოეყარათ ნოჯიხევთან და გაერთიანებულიყვნენ.

19 მაისს კოლუბიაკინს ეცნობა უტუ მიქავას წინამძღოლობით ორი ათასი კაცისაგან შემდგარი აჯანყებულთა რაზმის ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლებში გამოჩენის შესახებ.

კოლუბიაკინი ცხენოსანი რაზმით გზას უღობავდა თეკლათ-ნოჯიხევის მთავარი ბანაკისაკენ მიმავალ აჯანყებულებს, ცდილობდა საალყო წესით ბოლო მოეღო ბანაკისთვის, ხოლო დამხმარე რაზმები ცალ-ცალკე უკუეგდო და დაეშალა.

შხეფიდან, რვა ვერსის გავლის შემდეგ, კოლუბიაკინი ავიდა მაღლობზე, სადაც ზუგდიდისაკენ მიმავალი შარაგზა გადიოდა. აქედან მან შეამჩნია დაახლოებით 2000 კაცისაგან შემდგარი აჯანყებულთა რაზმი, რომელსაც მოუძღოდა ხმლით შეიარაღებული შუახნის კაცი, მოკლეწვერებიანი, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი. ეს იყო აჯანყებულთა მთავარსარდალი უტუ მიქავა. [35]

კოლუბიაკინის მუქარას აჯანყებულები ჩოჩქოლითა და უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილებით შეხვდნენ. „კიდევ ერთი ხმა და ვუბრძანებ გესროლონო“ — შეჰყვირა გენერალმა. მიუხედავად ამისა, მეამბოხეთა ბანაკიდან მოისმა უშიშრად წარმოთქმული სიტყვები: „გვესროლეთ, გენერალო, ჩვენთვის გაცილებით უკეთესია აქ დავიხოცოთ, ვიდრე იმ მდგომარეობაში დავრჩეთ, რომელშიც ვართ… მაგრამ სანამ გვესროდეთ, გენერალო, ერთი ჩვენც მოგვისმინეთ“.

კოლუბიაკინმა ცხადად დაინახა, რომ მოთმინებიდან გამოსულ მეამბოხე გლეხებზე არავითარი დაშინება არ იმოქმედებდა, ამიტომ მათი საჩივრის მოსმენა მოისურვა. აჯანყებულებმა ერთხმად დაასახელეს უტუ მიქავა, რომელმაც მათი სახელით წარმოთქვა დაახლოებით შემდეგ შინაარსის სიტყვა:

თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ჩვენ სამშობლოში ნიაღვარივით შემოიჭრა თურქების ჯარი; მტერმა გაწყვიტა, დაანგრია ყველაფერი, რასაც მისი ხელი მისწვდა.

შველას არსაიდან მოველოდით, ომის შემდეგ რუსის ჯარი ჩვენგან წავიდა, ხოლო ჩვენმა მებატონეებმა დახმარების ნაცვლად ხელი მიჰყვეს ჩვენ გოგო-ბიჭების დატაცებასა და თურქებისადმი მიყიდვას. მრავალი ახალგაზრდა წაასხეს თურქეთში.

წავიდნენ თურქებიც, მაგრამ მათზე მძიმე უღელი დაგვადვეს ჩვენმა მებატონეებმა, რასაკვირველია, ჩვენს ნასოფლარს ისინი ითვისებენ. მათ ჰგონიათ, რომ გლეხს არაფერი არ უნდა ჰქონდეს და ყველაფერს ძალით გვართმევენ. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ ჩვენში ადამიანური სულიც არ სურთ დაინახონ. მათი რწმენით, ჩვენ პირუტყვზე უარესი ვართ: ყიდულობს რა მეზობლის ქორს, ბატონი მას გლეხის კომლს აძლევს, ხოლო მწევარსა და მეძებარ ძაღლებში – რამდენიმე კომლს. პირუტყვი უფრო დაფასებულია, ვიდრე ჩვენ.

ბეგრის გადახდისას ვცდილობდით, რომ მებატონეებს პატივი ეცათ ჩვენი წინაპრების მიერ დაწესებული ადათისადმი, მაგრამ ის წმინდა ადათიც დიდი ხანია, რაც მათ შებილწეს, ხოლო ომის შემდეგ მათი მძვინვარება ენით აუწერელია. ვისთან გვეჩივლა? დედოფალი აქ არ იყო. მისი მდივანბეგები კი მებატონეთა დამქაშები არიან და, გარდა ძალდატანებისა, მათგან სიკეთე არ გვინახავს; თვით დედოფლის მმართველნი ისე გაველურდნენ, რომ მათ საკუთარი გლეხებიც არ დაემორჩილნენ და დედოფლის ჩამოსვლამდე ერთმანეთს შეჰფიცეს – არ გაეცათ ერთმანეთი. ჩვენც მათ მაგალითს მივყევით.

ყმაგლეხების მიმართ მებატონეების არაადამიანური ქცევით თითქოს თავადებზე ბრაზმორეულმა გენერალმა მაშინვე მოაყვანინა მოახლის მომტაცებელი თავადი პ. მ., რომელიც გათოკილი ჰყავდათ აჯანყებულებს, და უბრძანა მას დაუყოვნებლივ დაებრუნებინა გატაცებული ქალი.

ამ დროს გზაზე გამოჩნდნენ ადგილობრივი მდივანბეგი და მებატონე თავად-აზნაურები. გენერალმა მიიხმო ისინი და განუცხადა, რომ ჩამოსულია აჯანყების ჩასაქრობად და კიდეც გააკეთებს ამას, ხოლო ისინი გლეხებს აწ ისე არ უნდა მოჰქცეოდნენ, როგორც აქამდე ექცეოდნენ. „მთავრობა არ გაპატიებთ უღმერთო საქციელს და გაიძულებთ არ გადასცდეთ იმ ფარგლებს, რაც დაწესებულია ადათით“. აჯანყებულ გლეხებს კი ასე უთხრა: „იცოდეთ, რომ კანონიერი ხელისუფლება დაგიფარავთ უსამართლობისაგან… გათავისუფლებთ ერთმანეთისათვის მიცემულ ფიცისაგან და ახლა თვითეული თქვენთაგანი თავისუფალი სინდისით შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას“.

ამის შემდეგ კოლუბიაკინმა აჯანყებულებს გამოუცხადა დაეცადათ მისი შემდგომი განკარგულებისათვის, ამასთანავე მან მიიხმო მიქავა და მისი სამი თანაშემწე ახლოს მცხოვრები მღვდლის სახლში.

აქ აჯანყებული გლეხების მეთაურებმა ერთი საათის განმავლობაში გენერალს დაწვრილებით გააცნეს ყმების აუტანელი მდგომარეობა: გადასახადები მეტად მძიმეა, ოჯახი ქუცმაცდება, საკუთრება თვითნებობაზეა დამოკიდებული, საჩივრები მხოლოდ იმ შედეგს იძლევა, რომ მომჩივანს ახალ შეურაცხყოფასა და ზარალს აყენებენ. ერთი სიტყვით, გლეხები სამეგრელოში ადამიანები არ არიან და მათ სიკვდილი ურჩევნიათ, ვიდრე განაგრძონ ასე ტანჯვით ცხოვრებაო.

ამ დროს ბანაკს მოადგა 600 კაცისაგან შემდგარი აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმი, რომელიც მოიჩქაროდა მიქავასთან შესაერთებლად; ლაშქარი ივსებოდა ახლომახლო სოფლებიდან მოსული ახალ-ახალი ძალებით. აჯანყებულთა ლაშქართან შეტაკების თავიდან აცილების მიზნით გენერალმა გლეხებს გამოუცხადა, რომ მათი საჩივარი მოხსენდებოდათ დედოფალსა და უმაღლეს მთავრობას. მებატონეებსა და გლეხებს შორის დამოკიდებულების საქმე სასწრაფოდ გაირჩეოდა. ეს დაპირება რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მან იქვე, აჯანყებულთა წინაშე, ამ საქმის მოსაგვარებლად დანიშნა მთავრობის ორი მოხელე – თავადები ერისთავი და მიქელაძე. ამასთან ერთად გლეხებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ, დაჰბრუნებოდნენ სახლებს, შესდგომოდნენ ყანაში მუშაობას, ხოლო მორჩილების ნიშნად მისთვის ჩაებარებინათ საყვირები, დროშები და იარაღი.

კოლუბიაკინის დაპირება აკმაყოფილებდა აჯანყებულებს, მაგრამ სრულად მაინც არ ენდობოდნენ გენერალს; ამიტომ იყო, რომ ერისთავსა და მიქელაძეს 24 საათი დასჭირდათ, რათა დაერწმუნებინათ ისინი, რომ დაპირება ნამდვილად შესრულდებოდა.

გლეხები არ თანხმდებოდნენ მხოლოდ იარაღის ჩაბარებაზე იმ საბაბით, რომ ისინი ნადირობდნენ, თავს იცავდნენ მოულოდნელი თავდამსხმელებისაგან და სხვ. კოლუბიაკინი ამაზეც დასთანხმდა იმიტომ, რომ „იმ მდგომარეობაში, — ამბობს ის, რომელსაც მე ვიმყოფებოდი, შეუძლებელი იყო მათ დასამორჩილებლად მიმემართა გადამეტებული ზომებისთვის“.[36]

ამგვარად, შეშინებულმა გენერალმა თავი აარიდა აჯანყებულთა გაღიზიანებას, ხოლო თვითონ აჯანყებულები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ იარაღი იმ შემთხვევისთვის, თუ დაპირება არ შესრულდებოდა და დაწყებული საქმე იარაღით განეგრძოთ. სინამდვილეში ასეც მოხდა.

მიქავამ და აჯანყების სხვა წინამძღოლებმა გენერლისაგან მიიღეს მკაცრი განკარგულება, რომ ხალხი დაეწყნარებინათ და ამით თავი ეხსნათ სასჯელისაგან. მიქავა და დანარჩენი ხელმძღვანელები დაიტოვეს ზედამხედველობის ქვეშ. ამის შემდეგ, იმავე საღამოს, კოლუბიაკინი ტეხურისაკენ გაბრუნდა, რადგან გზის გაგრძელება ვერ გაბედა. იგი დამხმარე შეიარაღებულ ძალას ქუთაისიდან ელოდა. აქ მან დატოვა ერთი ოფიცერი და 50 კაზაკი.

……

…დედოფალმა ზუგდიდს მიაშურა. ამჯერად სამხედრო გუბერნატორს სურდა, ეკატერინესთან ერთად შეიარაღებული ძალების თანხლებით შემოევლო ქვემო სამეგრელოს ძირითადი მეამბოხე სოფლები, რათა თვითონ ენახა, თუ როგორი შედეგი გამოიღო მღელვარების წინააღმდეგ 20 მაისს მიღებულმა ზომებმა. ინახულა ქვალონი, საჩიჩუო, აბასთუმანი და ჩავიდა ზუგდიდში.

ხობის მონასტერთან მას შეხდნენ თავადები – ერისთავი, მიქელაძე და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უტუ მიქავა თანაშემწეებით. აქ მიქავა არაერთი მწარე სიტყვით გაუმასპინძლდა ეკატერინე დადიანს მასთან გაბედული და უშიშარი საუბრის დროს. მიქავამ და თოდუამ იმავე დღეს (22 მაისს აბასთუმანში) გამოთქვეს არცთუ ისე უსაფუძვლო შიში დაბალი საპოლიციო ძალაუფლების აღდგენის შესახებ, რომელიც 20 მაისამდე გაუქმებული იყო. მათთვის ნათელი ხდებოდა, რომ საპოლიციო ძალაუფლების აღდგენა მებატონე თავადაზნაურობის უფლების აღდგენას ნიშნავდა.

მიქავასა და სხვა წინამძღოლების ეს შიში გამოიწვია ზოგიერთ სოფელში ეკატერინესა და კოლუბიაკინის ერთად გამოჩენამ. ეკატერინე კოლუბიაკინისაგან მოითხოვდა მთავრის ხელისუფლების დაცვას, ადგილობრივი მოხელეებისა და მებატონეთა ძალაუფლების აღდგენასა და აჯანყებულთა წინააღმდეგ უკიდურესად მკაცრი ზომების მიღებას. მაგრამ, ხედავდა რა, რომ რომ მისი აზრი აჯანყების წინააღმდეგ გზების შესახებ უმნიშვნელო იყო, გადაწყვიტა გაგარინისთვის დაეცადა და მერე გორდში წასულიყო.

……

ბარიატინსკიმ განიხილა გაგარინისაგან მიღებული მოხსენება, რომელსაც თან ერთოდა კოლუბიაკინის მოხსენებაც სამეგრელოში არსებული ვითარების შესახებ და მოიწონა აჯანყების წინააღმდეგ მიღებული ზომები. მისი აზრით, მთავრობა მოვალე იყო დაეწყნარებინა და დაემორჩილებინა მეამბოხე გლეხები. ამისათვის მან გასცა შემდეგი განკარგულება:

სამეგრელოს სახალხო მღელვარების მთავარი წინამძღოლები – უტუ თოდუა და უტუ მიქავა დაუყოვნებლივ იქნენ დაპატიმრებული, მათ შესახებ განსაკუთრებული განკარგულების გაცემამდე.

….

ივნისის 10-11 რიცხვებში. აჯანყებულების დიდმა ჯგუფმა თავი მოიყარა სალხინო-სალიპარტიანოს მახლობლად. ჯვარი — სალიპარტიანოს ოლქი კვლავ ამბოხების გული გახდა. შეიარაღებული გლეხები აგრეთვე თავს იყრიდნენ საჭილაოს ოლქშიც. მეამბოხეთა რაზმები გამოჩნდნენ ხობის მონასტრის მიდამოებში, სუჯუნის მახლობლად, თეკლათთან და სხვა.

გაგარინის ცნობით, თითოეულ მათგანში თავმოყრილთა რაოდენობა რამდენიმე ათას კაცს აღემატებოდა. ამ დროს უტუ მიქავა და უტუ თოდუა ბარიატინსკის განკარგულებით დაპატიმრებული იყვნენ. გუბერნატორის თქმით, განსაცვიფრებელი იყო ის გულგრილობა, რომელსაც ორივე იჩენდა იმ მოსალოდნელი სასჯელის მიმართ, რომელიც მათ „დანაშაულისათვის“ მოელოდათ.[37]

….

დიუკრუასი უპირველესად შეუდგა დაპატიმრებულთა დაკითხვას. 27 პატიმარს შორის უტუ თოდუაც იმყოფებოდა. [38]

დაკითხვითა და საქმის გამოძიებით გამოირკვა, რომ სამთავრო გლეხი უტუ თოდუა იყო მღელვარების ერთ-ერთი მთავარი მეთაური, 6 გლეხი კი – თოდუას უახლოესი თანაშემწე ფიცის მიღების საქმეში, ხოლო 13 კაცს ბრალი ედებოდა, რომ წინააღმდეგობა გაუწიეს აჯანყების ჩასაქრობად გაგზავნილ რუს მოხელეებს. კაცი დაპატიმრებული იყო იმისათვის, რომ არ ემორჩილებოდნენ მებატონეებს და არ იხდიდნენ ბეგარას მათ სასარგებლოდ. როგორც გამოძიებით გამოირკვა, აჯანყებულები არ ემორჩილებოდნენ და ებრძოდნენ არა მარტო მებატონეებს, არამედ აჯანყების ჩასაქრობად მოყვანილ მთავრობის პოლიციასაც.

….

მართლაც, დანიშნულ დღეს, დილის 11 საათზე, თავი მოიყარეს თოფებით, დამბაჩებითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა გლეხებმა. ისინი მოდიოდნენ სიმღერითა და ჟრიამულით. შეიარაღებული და მომღერალი გლეხების გამოჩენამ ძალზე შეაშინა შერემეტიევი. მან გლეხებს მიუგზავნა მოურავი ივანე კობახიძე, რათა შეეწყვიტათ სიმღერა. ბოლოს მცირერიცხოვანი რაზმით პირადად მივიდა მათთან და ჰკითხა, თუ რატომ არ ემორჩილებიან ისინი მებატონეებს. გლეხებმა უპასუხეს: ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ფიცი გვაქვს მიცემული უტუ მიქავასათვის და მხოლოდ მას შეუძლია ფიცის მოხსნა ჯავარისა და ჯგა-ლის წმინდანის ხატებითო![39]

ხეთაში აჯანყებულებთან შეტაკების შემდეგ მთავრობისათვის ცხადი გახდა, რომ მღელვარების გაგრძელების იდეა მჭიდროდ იყო დაკავშირებული უტუ მიქავას სახელთან და გლეხები მას დიდად ენდობოდნენ. ამიერიდან მთავრობა ცხადად ხედავდა რომ აჯანყების დასაწყნარებლად მიქავას ავტორიტეტის გამოყენება ამაო იყო.

აი, რას წერს დიუკრუასი უტუ მიქავას შესახებ: ცნობილი მიქავა დაახლოებით ერთი თვეა, რაც კაპიტან სერედინთან იმყოფება. ამჟამად ხეთის გლეხების განცხადების გამო, რომ ისინი მიქავასა და მისი ფიცის მიმდევრები არიან, კვლავ უნდა გავწიო მისი მოქმედების მიმართ განსაკუთრებული მეთვალყურეობა.[40]

 

აჯანყების მონაწილეებისა და მათი მეთაურების ბედი

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1857 წლის დასასრულს მთავრობის სამხედრო ნაწილებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს აჯანყებულთა წინააღმდეგ— ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ მათ. ბრძოლის განმავლობაში მთავრობამ შეიპყრო 650-ზე მეტი გლეხი — აჯანყების ყველაზე უფრო გულმხურვალე მონაწილე. მათ მიმართ გამოიყენეს მკაცრი საპოლიციო ზომები. აქედან, როგორც საბუთებიდან ირკვევა, 41 კაცს მიესაჯა რუსეთის შორეულ მხარეებში გადასახლება.

კოლუბიაკინის შუამდგომლობით აჯანყების მთავარი ხელმძღვანელები: უტუ მიქავა, ლევან კვარაცხელია და კოჩა თოდუა მთავრობას უნდა გადაესახლებინა ციმბირში 15 წლის ვადით. მაგრამ ბარიატინსკის განკარგულებით მათ მიესაჯათ ათი წლით რუსეთის შორეულ მხარეში გადასახლება, ხუთი წელი საპატიმრო ასეულში მუშაობა და ხუთი წლით იქვე დატოვება პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.

უტუ თოდუა უფრო გვიან შეიპყრეს. იგი საქმის გაურჩევლად შეცდომით კოჩა თოდუას მაგივრად გადაასახლეს. უკან დაბრუნების შესახებ განკარგულებამ გზაზე მოუსწრო და უტუ დატოვეს კოსტრომაში ორი წლით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.

მთავრობის განკარგულებით არანაკლებ ათი წლით გადაასახლეს მიქელა თოფურია – ვოლოგდის, ზაქარია ხაჟომია – ოლონეცკისა და დათიკა გეგია პერმის გუბერნიებში.

1858 წლის 16 იანვარს მეფისნაცვალმა შეატყობინა ქუთაისის გუბერნატორს, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, უტუ მიქავა, ლევან კვარაცხელია და კოჩა თოდუა გადასახლებულ არიან არხანგელსკის გუბერნიაში, ცხრა პატიმარი კოსტრომის გუბერნიაში, დანარჩენი ოცი პატიმარი კი კიევის გუბერნიაში.[41]

აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი უტუ მიქავა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მხრივ მეტად რთულ მდგომარეობაში იყო, მთავრობამ ვადის მოხდის შემდეგ ეტაპით თბილისში ჩამოიყვანა მხოლოდ 1867 წლის 14 იანვარს. იმავე დღეს თბილისის სამოქალაქო გუბერნატორმა იგი მოათავსა მეტეხის ციხეში. 11 თებერვალს მიქავას შესახებ მთავრობამ შემდეგი განკარგულება გასცა: „სამეგრელოს მცხოვრები უტუ ჯოტოს-ძე მიქავა არ იქნას დაბრუნებული სამშობლოში, იგი თბილისში უნდა დარჩეს მხოლოდ ამა წლის 19 თებერვლამდე, ე. ი. სამეგრელოში საბატონო გლეხების განთავისუფლებამდე ბატონყმური დამოკიდებულებისაგან, და შემდეგ ციხეში მისი ყოფნისთვის მიზეზის უქონლობის გამო … მიქავას უნდა დაერთოს ნება დაბრუნდეს სამშობლოში“.[42]

როგორც ვხედავთ, დაახლოებით ათი წლის შემდეგაც მთავრობას ეშინოდა სამეგრელოში მიქავას დაბრუნებისა. და ეს მან გაბედა მხოლოდ ბატონყმობის გაუქმების შემდეგ. სამშობლოში დაბრუნებული მიქავა ხალხმა დიდი სიყვარულით მიიღო და მამასახლისადაც აირჩია. ამ თანამდებობას იგი ხალხის სასარგებლო საქმიანობისათვის იყენებდა.

 

აჯანყების დამარცხების მიზეზები და მისი ისტორიული მნიშვნელობა

 

საქართველოს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში მომხდარ გლეხთა ამბოხებებს შორის 1856-57 წლების სამეგრელოს გლეხთა შეიარაღებული აჯანყება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერია, რასაც თავის დროზე გერცენის „კოლოკოლიც“ აღნიშნავდა. მან საქართველოში და, კერძოდ, სამეგრელოში საგრძნობლად შეარყია აბსოლუტურ-ფეოდალური წყობილება და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საფუძვლები.

თუ გავიხსენებთ აჯანყებაში მონაწილეთა რაოდენობას (20 000 კაცი), აჯანყებით მოცული ტერიტორიის სიდიდეს, ნათელი გახდება, თუ რაოდენ ძლიერი იყო ჩაგრული გლეხობის ეს მასობრივი ამბოხება.

აჯანყების სიძლიერეს აგრეთვე მოწმობს ის გარემოება, რომ ამ ამბით დიდად იყვნენ შეშფოთებული მეფის ხელისუფალნი.

აი, რას სწერს ბებუთოვი კოლუბიაკინს ჯერ კიდევ აჯანყების ჩაქრობამდე: „…თბილისის „რაამბავია“.

წყაროები და საბუთები არ წარმოაჩენენ სრულად, თუ როგორ ხორციელდებოდა აჯანყებულთა პროგრამული მოთხოვნები დაკავებულ სოფლებში. ამის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ საბუთებში მოქცეული ცალკეული ცნობებით. სახელდობრ: აჯანყებულები სოფლებში ყმებს ათავისუფლებდნენ ბატონის სამსახურისაგან, აუქმებდნენ მებატონეებისა და მათი მოხელეების ძალაუფლებას და სოფლის მმართველობას აკისრებდნენ გლეხების წრიდან შერჩეულ წარმომადგენლებს, რომელთაც, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მამასახლისები ეწოდებოდათ.

განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ აჯანყების მთავარმა ხელმძღვანელმა უტუ მიქავამ, ლევან კვარაცხელიამ, უტუ და კოჩა თოდუებმა სრულიად გამოავლინეს გლეხთა მღელვარების ხელმძღვანელთა და ბელადების საუკეთესო თვისებები. მიუხედავად აჯანყებულთა სიმამაცისა და ხელმძღვანელთა საუცხოო ხედვისა, თავიდან ვერ აიცილეს მრავალი სუსტი მხარე. მათ შორის მთავარი იყო აჯანყებულთა შორის მტკიცე კავშირის უქონლობა; არ ხდებოდა ერთდროულად ყველა სოფლის გლეხების აჯანყება, იქმნებოდა აჯანყების ადგილობრივი კერები, რომელთაც პოლიციისა და მთავრობის სამხედრო ნაწილები ადვილად ანადგურებდნენ; აჯანყებულთა ჯარების ცალკეულ რაზმებად დაქუცმაცების შედეგად, გადამწყვეტ დროს ვერ ეხმარებოდნენ ერთმანეთს. როგორც ლენინი წერს: „ასწლობით მემამულეთა მონობაში მყოფ ხალხს არ შეეძლო ამდგარიყო და დაეწყო ფართო, აშკარა, შეგნებული ბრძოლა თავისუფლებისთვის. იმდროინდელ გლეხთა აჯანყებებს განმარტოებული, დაქუცმაცებული, სტიქიური „ჯანყის“ ხასიათი ქონდათ, და მათ ადვილად ახშობდნენ“.[43]

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულები თავიდან ადვილად უმკლავდებოდნენ თავადაზნაურობის წინააღმდეგობას, გადამწყვეტ დროს უპირატესობა მაინც მებატონეთა მხარეზე აღმოჩნდა; ეს იმიტომ, რომ აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში მებატონეები ეყრდნობოდნენ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებრივ აპარატს — მოხელეებს, პოლიტიკას, ჯარსა და ეკლესიას.

სამეგრელოს გლეხთა შეიარაღებული აჯანყების ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ იგი იყო საქართველოს გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლების ერთ-ერთი რგოლი, რომელმაც, მართალია, სოციალური გადატრიალება ვერ მოახდინა, მაგრამ მან სხვა გლეხთა აჯანყებებთან ერთად შეარყია ფეოდალურ-ბატონყმური საფუძვლები და ხელი შეუწყო საქართველოში ბატონების გაუქმების დაჩქარებას. „გლეხთა ამბოხებებმა“, რომლებიც განთავისუფლებამდე იზრდებოდა ყოველ ათწლეულში, აიძულა პირველი მემამულე, ალექსანდრე II ეღიარებინა, ,,სჯობს გავათავისუფლოთ ზევიდან, ვიდრე ქვევიდან დაგვამხობენ“.[44]

 

უტუ მიქავას ძეგლი წალენჯიხაში

  • [1] ჩვენება პიხვინია გ ა დ ი ლ ი ა ს ა და გუჩურ ჟ ვ ა ნ ი ა ს ი (ს. კიწია)
  • [2] ჩვენება ნიკო თ ო დ უ ა ს ი (ს. წაჩხურუ).
  • [3] უტუს შვილი გლახუა მ ი ქ ა ვ ა (75 წლის) ს. ქვალონის (ზუგ. მ) მცხოვრებით.
  • [4] ახლაც გაიგონებთ ხშირად მოხუცებულებისაგან: „უტუშ ნაჭკადა ანჯარს ჯანგი ვემკურაჸუდუ“-ა (უტუს ნაჭედ აბჯარს ჟანგი ვერ მიეკარებოდაო).
  • [5] ეს შემთხვევა ეხება წალენჯიხის მომრიგებელ-მოსამართლე დიმიტრი ბატონიშვილისა და უტუს შუა მომხდარ ფიზიკურ შეურაცხყოფას (ჩვენება იოსებ კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა ს ი ს. წალენჯიხიდან).
  • [6] ჩვენება ლევან მ ი ქ ა ვ ა ს ი (საზ. წალენჯიხა, ს. ფუქი).
  • [7] იხ. Иосиф К о б а л и а Из мифической Колхиды, გვ.23-24.
  • [8] სამეგრელოს მკვიდრ მცხოვრებლებში ხშირად შევხვდებით შემდეგ გადმოცემას: საბერძნეთის ან რომის მმართველებად უძველეს დროში ყოფილან კეისრები, რომელნიც ჟამთა ვითარებაში განადგურებულან ოსმალოთა შემოსევისაგან. კეისრის მმართველობას ხალხში მოწონება დაუმსახურებია და ხალხი დღესაც მოელის კეისრის მმართველობის აღდგენას. როდესაც გლეხთა აჯანყებით დაინგრა ძველი, არა ადამიანური, დესპოტური მმართველობა და ხალხის წარმომადგენლებმა ხელში ჩაიგდეს სამეგრელოს ბედ-იღბალი, ხალხმა ძალაუნებურად, ინსტინქტურად ახსენა გადმოცემით ჩანერგული რწმენა და უტუს ლაშქრის დანახვაზე გაიძახოდა: „კეისრის ჯარს გაუმარჯოს“. აქედან თვით სახელწოდება „კეისარი“, როგორც უზენაეს მმართველს, უტუს მიასაკუთრეს. (ჩვენება სუმო გ ვ ა ს ა ლ ი ა ს ი (ხორში), გიორგი დ გ ე ბ ი ა ს ი (ფოცხო), სიმონ ჩ ქ ო ფ ო ი ა ს ი (მარტვილი).
  • [9] იხ. Ак. Кав. Арх. Ком., გვ. 203.
  • [10] რაც შეეხება მხოლოდ მცნება უ ტ უ ს, ვითარცა უწესრიგოდ თავმოყრილ კრებულად, უთადარიგო ბანდად გაგებულს, აშკარაა, ეს თავდაზნაურობის წამოსროლილი იონია ყოველგავარი გლეხური მასის პრესტიჟის დასაცემად.
  • [11] Д. A. Л е м о н д ж а в а, Вооруженное восстание крестьян в менгелии 1856-1857 гг. Автореферат кандидатской диссертации, Сухуми, 1950, გვ.20.
  • [12] იქვე, გვ. 23.
  • [13] იქვე, გვ. 40.
  • [14] ქუთაისის სამოქალაქო გუბერნატორი.
  • [15] კ. ბ ო რ ო ზ დ ი ნ ი, სამეგრელო, გვ. 114-116 (თარგმანი ზოგან შესრულებულია ჩვენ მიერ).
  • [16] დ. ლ ე მ ო ნ ჯ ა ვ ა, გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856—1857 წწ., გვ. 107.
  • [17] კ. ბ ო რ ო ზ დ ი ნ ი, სამეგრელო, გვ. 117 — 118.
  • [18] აჯანყების მეთაური უტუა მიქავა გადასახლებული ყოფილა ქ. არხანგელსკში, სადაც შეუჩვეველი ჰავისა და ბუნების გამო დაავადებულა. გადასახლების მერვე წელიწადს უტუ მიქავას აღუძრავს შუამდგომლობა ან სამშობლოში დაბრუნებისა და ან სამხრეთ რუსეთში გადაყვანისა. მიუხედავად აჯანყების საგამომძიებლო კომისიის წევრის, ბარანოვსკის მიერ უტუა მიქავას მოქმედების კარგის მხრივ დახასიათებისა, ის დროზე მაინც არ გაათავისუფლეს (საისტორიო მოამბე: წიგნი II, „საქართველოს ს.ს.რ. ცენტრარქივის გამოცემა“, თბილისი, 1924).
  • [19] მ. კოლხიდელი, გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1857 წ. და სახალხო ტრიბუნი უტუ მიქავა, თბ. 1926, გვ. 67.
  • [20] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც. 35.
  • [21] ხმა, ფონდი 6, საქმე 113, ფურც. 64.
  • [22] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც.35.
  • [23] ცსსა, თბილისი, განსაკუთრებულ საქმეთა ფონდი N178, ფურც. 179-188.
  • [24] აღსანიშნავია, რომ სამჭედლო ერთგვარ დასასვენებელ ადგილადაც ითვლებოდა რა, აქ ხვდებოდან ხოლმე ერთმანეთს ნაცნობ მეგობრები და უზიარებდნენ ერთმანეთს თავის ჭირ-ვარამსა თუ სიხარულს.
  • [25] ცსა, თბილისი, განსაკუთრებული საქმე ფონდი 178, ფურც. 175.
  • [26] ამ დროს მისი შვილი ურჩობისთვის გადასახლებული იყო 5 წლით ციმბირში.
  • [27] იხ. გაზ. „კომუნისტი“ 1937, N134, ციტირებულია მ. ბარამიას წერილიდან.
  • [28] ი. ჯავახორი, პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XXIX საუკუნეში, გვ.33.
  • [29] ცსა, თბილისი, ძველ საბუთთა განყოფილება, ფონდი 17462, ყდა 2, ფურც. 60.
  • [30] ცსსა, თბილისი, ფონდი 8, 28, საქმე 4890, ფურც. 17.
  • [31] ცსსა, მოსკოვი, ფონდი 1110, საქმე 2, ფურც. 25.
  • [32] ცსსა, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც. 36.
  • [33] აქტები, ტ., XII, № 186.
  • [34] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც. 37.
  • [35] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც. 16-33.
  • [36] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28. საქმე 4890, ფურც. 16-32.
  • [37] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც. 70.
  • [38] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 4890, ფურც.134-135.
  • [39] ცსსა, თბილისი, ფონდი 4, საქმე 2099, ფურც. 13.
  • [40] ცსსა, თბილისი, ფონდი 8/28, საქმე 48 0, ფურც. 21.
  • [41] ცსსა, ლენინგრადი, ფონდი 1268, საქმე 433 ფურც. 24-30 ლევან კვარაცხელია არხანგელსკის გუბერნიაში არ გადაუგზავნიათ, რადგან მას გზაში ჭრილობა გაეხსნა და იგი ვოლოგდაში დატოვეს ათი წლით.
  • [42] ცსსა, განსაკუთრებულ საქმეთა ფონდი, საქმე 178, ფურც. 197.
  • [43] ვ. ლენინი, თხზულებანი, ტ. 17, გვ. 87.
  • [44] ვ. ლენინი, „საგლეხო რეფორმა“ და პროლეტარულ-გლეხური რევოლუცია, თხზულებანი, ტ. 17, 1951, გვ. 12.7


მდევარი