
რედაქტორი: მარიამ გორდაძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი
მდევარი, 2025
წინათქმა
უმაღლესი განათლების ხარისხის ცნებას მრავალი განზომილება აქვს, ვინაიდან იგი ცდილობს ასახოს, პირველ ყოვლისა, საგანმანათლებლო სისტემების წარმატება და შემდგომ – საზოგადოების განვითარების დონე; სწორედ ამიტომ განისაზღვრება იმ ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონით, რომელშიც ყალიბდება განათლების სისტემის სტრუქტურა და მიზნები. შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხის ცნებამ და მისდამი მიდგომამ უამრავჯერ იცვალა სახე, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად, ხარისხი აღიქმებოდა, როგორც უნივერსიტეტების თავისთავადი მახასიათებელი, რომელსაც განსაზღვრავდა აკადემიური თვითმართვისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული პასუხისმგებლობის პრინციპი. მეორე მხრივ, უნივერსიტეტები ხარისხს აიგივებდნენ უპირატესობასთან, რჩეულობასა და ცოდნის გადაცემის ტრადიციული გზების დამკვიდრებასთან.[1]
1990-იანი წლებიდან განათლების სისტემები ძირეულად იცვლება. გლობალიზაციის გავლენით უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება და საჭირო ხდება განათლების დაფინანსების გადახედვა.[2] შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხის საკითხი სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება. მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანდათანობით ხარისხის შემოწმებისა და შეფასების გზები განსაზღვრეს, რათა გაზრდილი მობილობის თანადროულად ერთმანეთთან ანგარიშვალდებულება განემტკიცებინათ ერთიანი ჩარჩოს შექმნით. აღნიშნულმა გამოიწვია უმაღლესი განათლების დაწესებულებების ბიუროკრატიზაცია, მათი საქმიანობის უფრო მეტად ფორმალიზებული და რაოდენობრივი შეფასება.
მაშასადამე, უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა თითქმის ყველა ქვეყანაში ერთიან ჩარჩოს შეესაბამება. მიუხედავად მცირე განსხვავებებისა, არსებითი რჩება გარკვეული მახასიათებლები. ქვეყნების უმეტესობაში ვხვდებით ეროვნულ სააგენტოს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე, რომ დაამკვიდროს სტანდარტები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. ეს სააგენტოები შესაძლოა იყოს დამოუკიდებელიც და მთავრობას დაქვემდებარებულიც.[3] მათი ძირითადი საქმიანობა მოიცავს შიდა შეფასების საშუალებების გადახედვასა და გარე შეფასებას – ავტორიზაციასა და აკრედიტაციას. ქვესტანდარტებში განსხვავების მიუხედავად, მათი საქმიანობა ძირითადად ისეთ საკითხებზეა პასუხისმგებელი, როგორიცაა პროგრამის მიზნებისა და სასწავლო შედეგების შესაბამისობა, აკადემიური გუნდის ჯეროვანება, სტუდენტთა მხარდაჭერა, მატერიალურ-ტექნიკური მხარისა და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის გამართულობა.
უშუალოდ ევროპული სისტემა, რომელიც ბოლონიის პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბდა და რომლის ნაწილიცაა ქართული განათლების სისტემა, 1999 წელს იღებს სათავეს.[4] აღნიშნული წამოწყების მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხისა და ევროპული სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მუდმივი გაუმჯობესება.
ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრინციპი უნივერსიტეტების ავტონომიაა.[5] იგი თანამედროვე საგანმანათლებლო პირობებში გულისხმობს, რომ უნივერსიტეტებს აქვთ თავისუფლება, განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური შინაგანაწესი, შეიმუშაონ სასწავლო პროგრამები, მართონ საკუთარი რესურსები და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები აკადემიური საქმიანობის დაგეგმვისა და მართვისას. ავტონომიის შედეგად უნივერსიტეტები ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების გარეშე თავად უნდა მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, საზოგადოებრივ საჭიროებებსა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ წინსვლას.
იმისათვის, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ გამართულად იმუშაოს, უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვის გარეშე, მნიშვნელოვანია თავად სააგენტოებიც იყვნენ დამოუკიდებელნი და მოქმედებდნენ სახელმწიფოს მისწრაფებების შესაბამისად – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში, რომლებიც ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავდა, აღნიშნულიც გამოყოფილია.
საქართველო ევროპული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში
საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა 2004 წელს დაიწყო, 2005 წელს კი ქვეყანა ბოლონიის პროცესს შეუერთდა. ამ მიზნის მისაღწევად მიიღეს ზომები, რომლებიც ეფუძნებოდა ბოლონიის ძირითად პრინციპებს: დაინერგა სამსაფეხურიანი სწავლების მოდელი, ევროპული კრედიტების გადატანისა და დაგროვების სისტემა (ECTS), დაიწყო ინსტიტუციური სავალდებულო აკრედიტაცია.[6] მართვისთვის შეიქმნა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. ასევე, დადგინდა ხარისხის სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელი იყო უნივერსიტეტად მუშაობისა და დიპლომის გაცემის უფლების მისაღებად. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირველი წყების დასრულების შედეგად მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა 300-დან 64-მდე შემცირდა.
2010 წელს გატარებული რეფორმების გადახედვის შედეგად დამტკიცდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ახალი კანონი[7], რომლის საფუძველზეც შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მან წინა ორგანო ჩაანაცვლა. ინსტიტუციური აკრედიტაციის ნაცვლად შემოიღეს ავტორიზაცია, რომელიც სავალდებულო გახდა ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის სახელმწიფო აღიარებული დიპლომის გასაცემად. ცენტრს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაც დაევალა.
ავტორიზაცია ითვალისწინებდა სამ მიმართულებას: (1) საგანმანათლებლო პროგრამები, (2) მატერიალური და (3) ადამიანური რესურსები.[8] პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები კი მოიცავდა მიზნებისა და შედეგების შესაბამისობას, სწავლების მეთოდოლოგიასა და შეფასების სისტემას, სტუდენტთა მიღწევებსა და მუშაობას, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესების მიდგომებს.
აღსანიშნავია, რომ აკრედიტაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ის უკავშირდება სახელმწიფო სასწავლო გრანტებზე წვდომას – გრანტი მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ეძლევათ. განახლებული მიდგომა მიზნად ისახავდა როგორც ინსტიტუციური, ისე პროგრამული ხარისხის საფუძვლიან შეფასებას, თუმცა სტანდარტები და ღონისძიებები სრულად არ შეესაბამებოდა EHEA-ის ხარისხის უზრუნველყოფის მსაზღვრელებს. გარდა ამისა, გადაწყვეტილებების ორობითი სისტემა (დადებითი ან უარყოფითი შედეგი) ზღუდავდა ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების შესაძლებლობას.
2015 წელს კი საქართველოში დაიწყო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი საფეხური, რომლის მიზანი იყო რეფორმის უმთავრესი მიმართულებების განსაზღვრა.[9] მათ შორისაა:
- განათლების ხარისხის გაუმჯობესება: 2004 წლის შემდგომი ცვლილებების მიუხედავად, სასწავლო მიდგომებსა და მატერიალურ ნაწილს კვლავ ესაჭიროებოდა გათანადროულება საზოგადოებრივი და ტექნოლოგიური გამოწვევების დასაძლევად. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დარჩა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უმუშევართა 30%-ს უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდა. ამიტომ ახალმა რეფორმამ მიზნად სწავლების ხარისხის დახვეწა და სტუდენტზე მორგებული მიდგომის განმტკიცება დაისახა.
- ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების განვითარება: 2006 წლიდან მოქმედ სისტემაში გამოვლენილი ხარვეზები – მოუქნელი ღონისძიებები, არათანმიმდევრული დანარგვის გზები და ინსტიტუციური შეფასების არასრულყოფილი მსაზღვრელები ხელს უშლიდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პრობლემების საპასუხოდ რეფორმა მიზნად ისახავდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და ღონისძიებების გადახედვას, შედეგზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცებასა და ინსტიტუციური განვითარების წახალისებას.
- საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა: რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოს სისტემის თავსებადობა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და გზამკვლევთან (ESG 2015), აგრეთვე ასოცირების შეთანხმების (AA) მოთხოვნებთან. საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების საფუძველზე ყურადღება გამახვილდა ბოლონიის პროცესის მითითებებსა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვაზე.
რეფორმის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (NCEQE) დაიწყო ავტორიზაციის მოთხოვნებისა და ღონისძიებების გადასინჯვა ESG 2015-ის შესაბამისად. ამ კუთხით ჩართულნი იყვნენ: ადგილობრივი და საერთაშორისო მრჩევლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დამსაქმებლები. განისაზღვრა შვიდი ძირითადი ინსტიტუციური სტანდარტი:
- ძირითადი ამოცანა და სტრატეგიული განვითარება;
- სტრუქტურა და მართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამები;
- გუნდი;
- სტუდენტები და მათი ხელშეწყობა;
- კვლევა, განვითარება ან შემოქმედებითი საქმიანობა;
- მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.
განახლებულ მიდგომაში თითოეულ სტანდარტს დაემატა ცალკეული მსაზღვრელები და შეფასების სქემა. საცდელი საფეხურის შემდეგ, 2018 წლიდან, ავტორიზაციის სისტემა სრულად ამოქმედდა. შეფასება გახანგრძლივდა (3–6 თვემდე), საერთაშორისო ჩართულობა გახდა სავალდებულო, ღონისძიებები კი – უფრო გაცხადდა. შეფასების მოდელი ორობითიდან ოთხმნიშვნელოვანზე გადავიდა, რაც მოიცავდა მოქნილ გადაწყვეტილებებს: ავტორიზაციას გადამოწმებით, წინსვლის ანგარიშით ავტორიზაციას ან სტუდენტთა მიღების შეზღუდვით ავტორიზაციას. შეფასების ანგარიშები საჯარო გახდა, რამაც სისტემის მიმართ ნდობა გაზარდა.
ბიუროკრატიაზე დამყარებული სისტემა ხარისხის საპირწონედ
დღეს ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი: ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი დაწესებულების შესწავლისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს მის ინსტიტუციურ შესაბამისობას განსაზღვრულ სტანდარტებთან.[10] აღნიშნული სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რადგან, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ ავტორიზებულ ინსტიტუტს შეუძლია სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემა. ავტორიზაციის სისტემა ჩამოყალიბებულია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) შესაბამისად.
აკრედიტაცია კი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას. შედეგად, დგინდება, რამდენად ეთანადება პროგრამა შინაარსობრივ და სტრუქტურულ მოთხოვნებს.[11] სახელმწიფო დაფინანსება (სასწავლო და სამაგისტრო გრანტები) გაიცემა მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამებზე. ექსპერტები აფასებენ და მიუთითებენ პროგრამის შინაარსის, რესურსების, ხარისხის მართვისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაცია და აკრედიტაცია ფორმალურად გამიჯნულია, ორივე მექანიზმი სინამდვილეში ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სისტემას ქმნის. ავტორიზაცია ეფუძნება შვიდ, ხოლო აკრედიტაცია ხუთ სტანდარტს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი გადაფარვაა – განსაკუთრებით პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფის, რესურსებისა და სტუდენტური მხარდაჭერის მიმართულებით. ავტორიზაცია მოქმედებს ექვსი წლის განმავლობაში, ხოლო პროგრამული აკრედიტაცია – შვიდი; თუმცა ორივე შემთხვევაში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტები ვალდებული არიან, წარმოადგინონ თვითშეფასების ანგარიში და შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა დამატებითი შემოწმების საფუძველი გახდეს.
ხაზგასასმელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ხარისხის გარე შემოწმების ერთადერთი ორგანო. ყურადსაღებია, ბოლო წლებში არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭებაზე შესაძლოა პოლიტიკური ნება ზემოქმედებდეს. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული მაგალითებია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება 2013 წელს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტთა მიღების შეზღუდვა 2018 წელს.
პირველ შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის მარტში ავტორიზაცია გაუუქმა აგრარულ უნივერსიტეტს,[12] რომლის დამფუძნებელიც იყო იმ დროს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კახა ბენდუქიძე. ექსპერტები დაწესებულებაში საახალწლო პერიოდში მივიდნენ, უნივერსიტეტს დასკვნა წინასწარ არ გადაეცა, არგუმენტად მოყვანილი მიზეზები კი ფაქტობრივად არ დასტურდებოდა. გადაწყვეტილება საერთაშორისო განსჯისა და სტუდენტების პროტესტის შემდეგ მალევე შეიცვალა.
ამის მსგავსად, 2018 წელს IBSU-ს სტუდენტების მიღება ერთი წლით აეკრძალა, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფის დამაკმაყოფილებელი დასკვნისა.[13] ხაზგასასმელია, უნივერსიტეტი “ჩაღლარის ქსელის” ნაწილად ითვლებოდა (სტრუქტურა, რომელსაც თურქეთის მთავრობა ერდოღანის რეჟიმის წინააღმდეგ მიიჩნევდა). საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობამ ანკარის მიმართ, სხვა გადაწყვეტილებების გათვალისწინებით (მაგ. “შაჰინის” და “დემირელის” სკოლების დახურვა), კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ IBSU-ს შემთხვევაში გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგი იყო.
ბოლო წლებში მსგავსი პრობლემა სხვა შემთხვევებშიც გამოიკვეთა. მაგალითად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზებულად ჩაითვალა მისი წესდების დამტკიცებისთანავე,[14] გარე შეფასების გარეშე, რაც ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.[15] ჩნდება კითხვა, რამდენადაა დაცული თანასწორი მიდგომა ავტორიზაციის თვალსაზრისით მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილი და კრიტიკული დაწესებულებების შემთხვევაში.
2025 წელს პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო ნიშნები გამოიკვეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. უნივერსიტეტი მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, პარალელურად კი ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი შემოწმება წამოიწყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, გარკვეული ღონისძიებები აშკარად სცდებოდა დადგენილ წესებს, რაც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ზეწოლის ფორმა აკადემიურ ავტონომიაზე.
EPRC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც, რომელიც მოიცავდა ექსპერტებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ინტერვიუებს, ნათელყო ავტორიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჩარევისა და მხარეთა ჭიდილის შემთხვევები.[16] მოპასუხეთა თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტთა დასკვნები საბჭოს მიერ პოლიტიკური მიზეზებით იცვლებოდა, ხოლო გადაწყვეტილებები ფინანსური ან პოლიტიკური გავლენით მიიღებოდა. მათ შორის ნახსენებია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მაგალითი, რომელმაც თავდაპირველად უარყოფითი შეფასების მიუხედავად, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის დანიშვნის შემდეგ მალევე მიიღო სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის უფლება.
კვლევის მიხედვით, ექსპერტთა ნაწილი ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში ტოვებდა, რადგან მათს შეფასებებს ხშირად არ ითვალისწინებდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებებს ფორმალური განხილვის გარეშე იღებდნენ. გამოკითხულთა შეფასებით, განსაკუთრებით დიდია პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხე კერძო უნივერსიტეტებზე, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი საჯარო სექტორშიც შეინიშნება.
რა ხდება გადაწყვეტილებების მიღმა?
შეიძლება ითქვას, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემები საქართველოში ფორმალურად შექმნილია ევროპული სტანდარტების (ESG 2015) მიხედვით, თუმცა განხორციელებისას ზოგჯერ ბიუროკრატიული და პოლიტიზებული ხდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება, ინარჩუნებს ხარისხის გარე ზედამხედველობის მონოპოლიას, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს იგი ინსტიტუციური გავლენისა და პოლიტიკური მიზნებისთვის.
ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილების ძალაუფლება ფაქტობრივად თავმოყრილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ეს უწყება არა მხოლოდ ხარისხის გარე შეფასებაზეა პასუხისმგებელი, არამედ თავად განსაზღვრავს ავტორიზაციის ფორმას, მეთოდოლოგიასა და ექსპერტთა შერჩევის წესს. შესაბამისად, სისტემა ვერ ქმნის საჭირო “ინსტიტუციურ მანძილს” გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და პოლიტიკური გავლენის ბირთვს შორის.
პოლიტიკური ჩართულობა ძირითადად ფორმალურ გზებს მოიცავს. სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ცენტრს შეუძლია, ადმინისტრაციული თუ ფინანსური საფუძვლით შეაჩეროს ავტორიზაცია ან არ მისცეს აკრედიტაცია იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც პოლიტიკური ვითარების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. დოკუმენტური დატვირთვა და ხშირი ანგარიშგების ვალდებულება კი ამისთვის ქმნის ბიუროკრატიულ ბერკეტს. უნივერსიტეტებს, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ, ხშირად უწევთ “ტექნიკური დარღვევების” გამო შეფერხებებთან გამკლავება.
ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც აფასებენ უნივერსიტეტებს, ფორმალურად უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ისინი მეტწილად იმავე სტრუქტურების მიერ შეირჩევიან, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ. აღნიშნული ექსპერტთა პროფესიულ თავისუფლებას ზღუდავს.
ამგვარად, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც თავისი არსით უნივერსიტეტების განვითარებასა და განათლების სტანდარტების დახვეწას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში ხშირად იქცევა პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებად. შედეგად ქვეყანა კარგავს განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას, ხოლო აკადემიური სივრცე – თავისუფლებისა და ავტონომიის საფუძველს.
საქართველო – ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი
ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ქვაკუთხედი უნივერსიტეტების თავისუფლება და მრავალფეროვნებაა. ESG 2015-ის სტანდარტები არ ქმნის უნივერსიტეტებისთვის ერთიან სავალდებულო მოდელს, არამედ მხოლოდ განსაზღვრავს ზოგად პრინციპებს, რომლებზე დაყრდნობითაც თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება.
ევროპის ქვეყნებში ეს ჩარჩო უნივერსიტეტებს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითად, ფინეთში ხარისხის უზრუნველყოფა განიხილება არა როგორც ზედამხედველობის საშუალება, არამედ – როგორც თვითგანვითარების ხელშემწყობი. ეროვნული სააგენტო (FINEEC)[17] უნივერსიტეტებს განხილვებსა და კვლევაზე დაფუძნებულ რჩევებს სთავაზობს. უნივერსიტეტები თავად ადგენენ ხარისხის შიდა პოლიტიკას, აფასებენ თავიანთ საქმიანობას და განსაზღვრავენ განვითარების მიმართულებებს. ამ მოდელში სახელმწიფო მხოლოდ შემფასებელი და მხარდამჭერია, რაც სრულად შეესაბამება ESG-ის პირველ სტანდარტს – ხარისხის შიდა კულტურის განვითარების ხელშეწყობას.
გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დეცენტრალიზებულია და ეფუძნება უნივერსიტეტების ავტონომიას. აქ პასუხისმგებლობა აკრედიტაციის დამოუკიდებელ სააგენტოებს ეკისრებათ, რომლებიც აღრიცხულნი არიან EQAR-ის სიაში.[18] უნივერსიტეტები თავად ირჩევენ, რომელი სააგენტო შეაფასებს მათს საქმიანობას, რაც გამორიცხავს პოლიტიკური ჩარევის შესაძლებლობას და ამტკიცებს აკადემიურ დამოუკიდებლობას. შედეგად, ხარისხის უზრუნველყოფა იქცევა თანამშრომლობად, რომლის მიზანიც უნივერსიტეტების წინსვლაა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა, ESG სტანდარტები შესაძლებელს ხდის, რომ ქვეყნებმა დანერგონ სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული სისტემები, მხოლოდ ნახსენები სტანდარტების დაკმაყოფილებით. ამ მხრივ დიდი ბრიტანეთის მაგალითიც საყურადღებოა – ევროპული სივრცის არამონაწილე, მაგრამ მსგავსი სისტემის მქონე ქვეყნისა. იქ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA) მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი უწყება და არა – როგორც სახელმწიფო ორგანო.[19] ის უნივერსიტეტებს არ კარნახობს მოქმედების წესს, არამედ ქმნის საერთო სახელმძღვანელო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ დაწესებულებას შეუძლია განსაზღვროს საკუთარი გეზი. ბრიტანული სისტემა ეფუძნება ნდობაზე აგებულ ანგარიშვალდებულების პრინციპს,- ანუ სახელმწიფოს სჯერა, რომ უნივერსიტეტები შეძლებენ ხარისხის შენარჩუნებას, თუ მათ ექნებათ აკადემიური თავისუფლება და საჯაროობის ვალდებულება.
თუ ამ კუთხით განვიხილავთ საქართველოს, ნათელი ხდება განსხვავება ფორმასა და შინაარსს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემა ფორმალურად ეფუძნება ESG 2015-ის პრინციპებს, სინამდვილეში ის ჯერ კიდევ მოქმედებს ცენტრალიზებული ზედამხედველობის ლოგიკით. უნივერსიტეტებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განსაზღვრონ განვითარების ხედვა ან დანერგონ თანამედროვე ხარისხის მართვის მოდელები.
ბოლოთქმა
სამომავლო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტონომიურობისთვის, ევროპული გამოცდილებიდანაც ცალსახაა. უპირველეს ყოვლისა, იგი თანამშრომლობასა და ნდობას უნდა ეფუძნებოდეს – სადაც სახელმწიფო არ ზღუდავს უნივერსიტეტებს, არამედ აძლევს მათ განვითარების შესაძლებლობას; სადაც სახელმწიფო ჩარჩოს შემუშავებით შემოიფარგლება, ხოლო უნივერსიტეტებს აქვთ თავისუფლება თავად განსაზღვრონ ხარისხის პოლიტიკა, მიზნები და განვითარების გზები.
დეცენტრალიზებული და დამოუკიდებელი სააგენტოები, გერმანიისა და ბრიტანეთის მაგალითების გათვალისწინებით, ქმნიან იმგვარ გარემოს, რომელშიც აკადემიური სივრცე არ ემორჩილება პოლიტიკური გავლენის ცვალებადობას. ეს სისტემები ეფუძნება არა ერთგვაროვან ზედამხედველობას, არამედ განსხვავებულობის აღიარებას; უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს, როგორ ესმის ცოდნის ხარისხი.
ვფიქრობ, საქართველოში ნამდვილი წინსვლა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ხარისხის შეფასება გათავისუფლდება ზედმეტი ფორმალიზმისგან და ყურადღება გადაინაცვლებს შინაარსობრივ მხარეზე. ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა საგანმანათლებლო ცვლილებების პოლიტიკური ნება იარსებებს ქვეყანაში.
ბიბლიოგრაფია:
ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია (ENQA). უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სივრცის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015). ბრიუსელი: ENQA, 2015.
ევროპის უმაღლესი განათლების სივრცე (EHEA). ბოლონიის დეკლარაცია — ევროპელი განათლების მინისტრების ერთობლივი განცხადება. ბოლონია: EHEA, 1999.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE). უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები. თბილისი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ საქართველოს კანონი. თბილისი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2010.
ევროპის პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი (EPRC). პოლიტიკური ზეწოლა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები საქართველოს უმაღლეს განათლებაში. თბილისი: EPRC, 2024.
Finnish Education Evaluation Centre (FINEEC). Quality Assurance in Finnish Higher Education Institutions. Helsinki: FINEEC, 2021.
Quality Assurance Agency for Higher Education (QAA). The UK Quality Code for Higher Education. London: QAA, 2020.
German Accreditation Council (GAC). Accreditation System of the German Higher Education Area. Bonn: GAC, 2020.
European Commission. Implementation of the Bologna Process: Progress Report. Brussels: European Commission, 2020.
Altbach, Philip G., and Jamil Salmi, eds. The Road to Academic Excellence: The Making of World-Class Research Universities. Washington, DC: The World Bank, 2011.
- [1] Blackmur, Douglas. “Issues in higher education quality assurance.” Australian Journal of Public Administration 63, no. 2 (2004), 105.
- [2] Tiongson, Erwin R. “Education policy reforms.” Analyzing the distributional impact of reforms 1 (2005): 261.
- [3] Dill, David. “Quality assurance in higher education: Practices and issues.” The 3rd international encyclopedia of education (2007).
- [4] Crosier, David, and Teodora Parveva. The Bologna process: Its impact in Europe and beyond. Unesco, 2013.
- [5] European Association for Quality Assurance in Higher Education (ENQA). Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area (ESG), 2015.
- [6] Keti Tsotniashvili and Lika Glonti, “Analysis of Development and Implementation of the Authorization Mechanism for Higher Education Institutions,” Bulletin of the National University of Civil Protection of Ukraine: Series “State Management”, no. 1(8) (2018): 542.
- [7] Keti Tsotniashvili and Lika Glonti, “Analysis of Development and Implementation of the Authorization Mechanism for Higher Education Institutions,” Bulletin of the National University of Civil Protection of Ukraine: Series “State Management”, no. 1(8) (2018): 549.
- [8] Keti Tsotniashvili and Lika Glonti, “Analysis of Development and Implementation of the Authorization Mechanism for Higher Education Institutions,” Bulletin of the National University of Civil Protection of Ukraine: Series “State Management”, no. 1(8) (2018): 559.
- [9] (NCEQE, 2018a).
- [10] განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ბრძანება N3, 2018.
- [11] განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ბრძანება N3, 2018.
- [12] განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013. „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გამო გამოწვეული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით…“ კომენტარი. EQE.ge, 13 მარტი.
- [13] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2018. “„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ.” საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, 2 ოქტომბერი.
- [14] საქართველოს კანონი. 2019. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. 1 ნოემბერი.
- [15] ყავალაშვილი, ანანო. 2024. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაცია: პოლიტიკა და რეკომენდაციები. თბილისის: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
- [16] ყავალაშვილი, ანანო. 2024. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაცია: პოლიტიკა და რეკომენდაციები. თბილისის: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
- [17] Overberg, Jasmin, Pia Lehmkuhl, Marcel Schütz, and Heinke Röbken. “(Re)-reforming external quality assurance in higher education–the Finnish case.” European Journal of Higher Education 10, no. 4 (2020): 333-346.
- [18] Büttner, Beatrice C., Stephan Alexander Maaß, and Friedemann W. Nerdinger. Wissenschaftliche Weiterbildung und Öffnung für nicht-traditionelle Zielgruppen als Herausforderungen für Hochschulen: Eine empirische Untersuchung zu den Sichtweisen von Hochschullehrern und Verwaltungsmitarbeitern an der Universität Rostock. No. 9. Rostocker Beiträge zur Wirtschafts-und Organisationspsychologie, 2012.
- [19] Bellingham, Laura. “Quality assurance in UK higher education.” Scuola democratica 4, no. 2 (2013): 612