რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


სტუდენტური რევოლუციების ისტორია მდევარი

სტუდენტური რევოლუციების მოკლე ისტორია

ავტორი:

სტუდენტური რევოლუციების მოკლე ისტორია

რედაქტორი: მარიამ გორდაძე

კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი

მდევარი, 2025

 

 

 

 

წინათქმა

 

სტუდენტური რევოლუციების ქრონიკები სწორხაზოვნად ვერ მოიყოლება. ერთი მხრივ, როდის იწყება სტუდენტობის ისტორია? – უნდა მოვიაზროთ თუ არა განათლების მიღების უძველესი ფორმებიც? მეორე მხრივ, პირველ რევოლუციად რომელი მივიჩნიოთ?

კაცობრიობის ისტორია, შეიძლება ითქვას, რევოლუციების, ჯანყებისა და ომების ისტორიაა. ამ შემთხვევაში კი მთავარი საფიქრალი ისაა, რევოლუციის ცნება სტუდენტურ დღის წესრიგთან როდის იკვეთება. დასმულ კითხვებზე ზუსტი პასუხის ნაცვლად, სტატიის ამოცანაა, მოვლენათა დაკავშირებით გავისიგრძეგანოთ გზა პირველი უნივერსიტეტების დაარსების ეპოქაში სტუდენტური უკმაყოფილების პირველი ყურადსაღები გამოხატულებიდან – გაფიცვიდან – 1968 წლის რევოლუციებამდე.

თავდაპირველად სტატიაში საუბარია პირველ უნივერსიტეტებზე შუა საუკუნეების ევროპაში და გაფიცვის პრაქტიკის, როგორც არსებითი უფლების, დაცვაზე. შუა საუკუნეების შემდეგ განმანათლებლობის ეპოქას მიმოვიხილავთ – როდესაც ტერმინი რევოლუცია პოლიტიკური მნიშვნელობით მკვიდრდება, ლოკისა და რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების იდეათა ერთ-ერთი უპირველესი გამზიარებელნი და გამავრცელებელნი კი სტუდენტები ხდებიან. განმანათლებლების ნააზრევთა დაგვირგვინებად შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები. დროთა განმავლობაში, პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცვლილებების ფონზე, სტუდენტთა მნიშვნელობა რევოლუციურ მოძრაობებში იკვეთება; ამ მხრივ გამორჩეულია XIX-XX საუკუნეები. სწორედ ამიტომ სტატიაში განვიხილავთ 1848 წლისა და 1968 წლის მასშტაბურ საპროტესტო ტალღებს.

 

სტუდენტური პროტესტის საწყისები შუა საუკუნეებში

 

ანტიკურ ეპოქაში, ცხადია, არსებობდა უმაღლესი განათლების კერები, როგორებიცაა: სოფისტური სკოლები, პლატონის აკადემია, არისტოტელეს ლიცეუმი, სტოიკური სკოლები, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, მაგრამ ამ კერებსა და თანამედროვე მნიშვნელობით უნივერსიტეტებს სინონიმებად ვერ მოვიხსენიებთ. მხოლოდ XII-XIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წინაპარია თანამედროვე უნივერსიტეტისა.

უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში გვხვდება საუნივერსიტეტო მოწყობის ორი სახე – ბოლონიისა და პარიზის. ბოლონიის უნივერსიტეტი ევროპაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 1088 წელს, ხოლო პარიზის უნივერსიტეტი – 1150 წელს. ტერმინი ,,უნივერსიტეტი“ ინსტიტუციურ-აკადემიური მნიშვნელობით პირველად გამოიყენეს პარიზში 1221 წელს. მთავარი განსხვავება ბოლონიასა და პარიზს შორის სტრუქტურულია, რაც ნიშნავს, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის მიდგომა მოიაზრებდა ,,ქვემოდან ზემოთ“ მართვას, ხოლო პარიზისა – ,,ზემოდან ქვემოთ“. ,,ქვემოდან ზემოთ“ მართვა ნიშნავს სტუდენტების მიერ საუნივერსიტეტო საქმეების გადაწყვეტას; მაგალითად, ისინი თვითონ ირჩევდნენ რექტორს და ზედამხედველობდნენ ლექტორების მუშაობას. ,,ზემოდან ქვემოთ“ მართვა, პირიქით, პროფესორების მიერ, რომლებიც სასულიერო პირები იყვნენ, უნივერსიტეტის წინამძღვრობასა და ეკლესიასთან ძლიერ კავშირს მოიაზრებდა. უნივერსიტეტი მთავარი თეოლოგიური კერა შეიქნა და სტუდენტები ემორჩილებოდნენ საეკლესიო წეს-კანონებს.

პარიზის უნივერსიტეტის შემთხვევაში სტუდენტებისა და ეკლესიის ურთიერთმიმართება ანდაც, ზოგადად, სტუდენტების ძალმოსილება პროტესტისას ნათლად ვლინდებოდა. სასულიერო პირებსა და სტუდენტებს შორის შიდა უთანხმოების დროს ეკლესია ცდილობდა დაპირისპირება მიეჩქმალა, რადგან უნივერსიტეტი ეკლესიის ინტელექტუალური ძალაუფლების სიმბოლო იყო. გარე დაპირისპირებების დროსაც, რაც საერო ხელისუფლებასთან წინააღმდეგობას გულისხმობდა, ეკლესია იცავდა და მფარველობდა სტუდენტებს იმავე მიზეზით. ორივე შემთხვევაში სტუდენტები ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ.

საინტერესოა 1200 და 1229-1231 წლებში პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვების განხილვა. ამ პერიოდში პროტესტის გამოხატვის მცდელობები თითქმის ერთნაირ ამბებს ჰყვება: გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტები ექვემდებარებოდნენ არა სამოქალაქო კანონმდებლობას, არამედ ეკლესიას, წესრიგის დარღვევისას მართლმსაჯულების თავიდან არიდება შეეძლოთ, ამიტომ თავიანთ უკმაყოფილებას მკაფიოდ გამოხატავდნენ, რაც იწვევდა მუდმივ დაძაბულობას ქალაქის მოსახლეობასა და სტუდენტებს შორის. ქალაქის მმართველობა წესრიგს საკმაოდ მკაცრი ზომებით აღადგენდა, რასაც სტუდენტთა მსხვერპლიც კი მოჰყვებოდა. სტუდენტების პასუხი იყო გაფიცვა, რაც უკიდურეს შემთხვევაში გულისხმობდა ქალაქის დატოვებას: თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი წყვეტდნენ სწავლას და ტოვებდნენ ქალაქს. მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის მიერ გამოყოფა და კემბრიჯის უნივერსიტეტის დაარსება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მეცამეტე საუკუნეში უნივერსიტეტებმა, მათ შორის ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტებმა (განსხვავებული წყობის მიუხედავად), ევროპას უანდერძეს თანამედროვე დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი – გაფიცვა. ხაზგასასმელია, რომ შუა საუკუნეების სტუდენტური გაფიცვები არ იყო ცხადად პოლიტიკური შინაარსისა თანამედროვე მნიშვნელობით (პარტიული, სახელმწიფოებრივი, იდეოლოგიური). მოთხოვნები, ჩვეულებრივ, უფრო პირად და ადგილობრივ საჭიროებებსა თუ გარემოებებს ეთანადებოდა – მაგალითად, უკეთესი სასწავლო პირობები, ქალაქის მოსახლეობასთან დაპირისპირების ფონზე უსაფრთხოების დაცვა. თუმცა ამ, ერთი შეხედვით, არაპოლიტიკურ მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა. კერძოდ, გაფიცვა, განსაკუთრებით კი ქალაქის დატოვება, მნიშვნელოვნად აზიანებდა ქალაქის ეკონომიკასა და სახელს, რაც ადგილობრივ მმართველებსა თუ საეკლესიო პირებს აიძულებდა მოლაპარაკებოდნენ სტუდენტებს და დაეკმაყოფილებინათ მათი პირობები. ამგვარად, უნივერსიტეტები ხდებოდა მეტად ავტონომიური, დამოუკიდებელი და გარკვეულწილად საერო თუ სასულიერო ხელისუფლების შემზღუდველი.

ბუნებრივია, რომ სქოლასტიკისა და ჰუმანიზმის იდეებმაც დააჩნია კვალი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებს, სტუდენტების მსოფლმხედველობრივ განვითარებასა და მისწრაფებებს. სქოლასტიკა შუა საუკუნეების ევროპაში ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, რომელიც კლასიკური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შერწყმით იმდროინდელი განათლების სისტემაზე ბატონობდა. აღორძინების ხანის ჰუმანიზმი კი ფილოსოფიურ და კულტურულ მიმდინარეობას წარმოადგენდა, რომელიც სამყაროს შუაგულად ადამიანს აცხადებდა. ჰუმანიზმში მეტად იკვეთება აზრი, რომ ცოდნა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას. შესაბამისად, სასწავლო პროგრამები შეიცვალა, მეტი ყურადღება დაეთმო პიროვნებასა და კრიტიკულ აზროვნებას. ფილოსოფიაში პირველწყაროებს მიუბრუნდნენ, ამასთან, ბიბლიის ებრაულად და ბერძნულად კითხვაც დაიწყეს. ლათინურად თარგმნილს დედნის ზედმიწევნით შესწავლა ამჯობინეს, რაც, თავის მხრივ, სქოლასტიკა-ჰუმანიზმის შეპირისპირების, სამომავლო რეფორმაციის, საუნივერსიტეტო გეზისა და იდეალების ცვლილების ნაწილიცაა. სქოლასტიკისა და ჰუმანიზმის ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნების მიუხედავად, ეს ორი მიმდინარეობა თანაარსებობდა, მათ შორის პარიზის აკადემიურ სივრცეში, რასაც ადასტურებს თეოლოგიის კურსდამთავრებული სტუდენტების წინაშე ორატორების სიტყვით გამოსვლა 1510-1512 წლებში.[1] მომხსენებლები აფასებდნენ როგორც სქოლასტიკურ სწავლებას, ისე – ჰუმანისტურს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჰუმანიზმის იდეალები, სახეცვლილად, მაგრამ მაინც გამოვლინდა განმანათლებლობის ეპოქაში, მათ შორის სეკულარული უნივერსიტეტის იდეაში, ხოლო სქოლასტიკური მიდგომა ამ დროისთვის თითქმის სრულად იყო უკუგდებული.

 

განმანათლებლობის ეპოქა – რევოლუციების საფუძველი

 

რევოლუცია, როგორც ასტრონომიული ტერმინი, თავდაპირველად მეტაფორულად გამოიყენეს პოლიტიკურ ენაში. ასტრონომიაში რევოლუცია ციური სხეულების მბრუნავ მოძრაობაზე მიგვითითებს. ეს ტერმინი შუა საუკუნეებში უკვე არსებობდა. ჰანა არენდტის მოსაზრებით, ასტრონომიული და პოლიტიკური რევოლუცია დაუძლევლობის მნიშვნელობით უკავშირდებიან ერთმანეთს: როგორც ვარსკვლავების მოძრაობაა წინასწარ განსაზღვრული – წრეზე, განუწყვეტელი და გარდაუვალი ბრუნვა, ისევეა პოლიტიკური რევოლუციაც, რომლის დამორჩილება, მოხელთება შეუძლებელია – იმდენად ძლიერი და ბუნებრივია, ვერავინ შეაჩერებს. კერძოდ, 1789 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, როდესაც მეფე ლუი XVI-მ შენიშნა, რომ ,,ეს აჯანყებაა“, ჰერცოგ ფრანსუა დე ლაროშფუკომ შეუსწორა – ,,არა, ეს რევოლუციაა“.[2] ალბათ, რევოლუციის მნიშვნელობამ სწორედ ამ დროიდან ,,ციდან დედამიწაზე გადმოინაცვლა“ – შეიძინა პოლიტიკური არსი. მართალია, საფრანგეთის რევოლუციამდე ამერიკის რევოლუცია მოხდა, თუმცა თავად ტერმინის თანამედროვე რადიკალური მნიშვნელობა სწორედ საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შედეგიდან გამომდინარეობს. საფრანგეთის რევოლუციამ თავისი იდეალებით ევროპაში დიდი მემკვიდრეობა დატოვა, შემდგომ რევოლუციებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს კვალი დაამჩნია. ჰეგელმაც დასძინა, რომ საფრანგეთის რევოლუცია იყო ისტორიული ჟამი, როცა თავისუფლების იდეა პირველად გაიაზრა ხალხმა. ჰანა არენდტი კი აღნიშნავს, რომ, საბოლოო კრახის მიუხედავად, საფრანგეთის რევოლუცია იქცა არქეტიპად, ,,თანამედროვე დრამატული პოლიტიკური სივრცის“ განმსაზღვრელად.

საკითხზე მსჯელობისას ცალსახად მნიშვნელოვანია ჟან-ჟაკ რუსოსა და ჯონ ლოკისეული საზოგადოებრივი ხელშეკრულების მოხმობა, რომლებშიც პირველად იკვეთება რევოლუციის ფილოსოფიურ-პოლიტიკური გამართლება. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების ნიადაგიც სწორედ მათ მოამზადეს. კერძოდ, ჯონ ლოკისა ჟან-ჟაკ რუსოს თანახმად, ხელისუფლება ლეგიტიმურია იქამდე, სანამ ემსახურება ხალხის ნებასა და კეთილდღეობას. თუ ხელისუფალი არღვევს შეთანხმებას, ხალხს აქვს მისი შეცვლის უფლება.

განმანათლებლების იდეები სად შეაღწევდა, თუ არა უნივერსიტეტის კედლებში. უნივერსიტეტში ინტელექტუალური ძალის თავმოყრა ზოგადსაზოგადოებრივ დოგმატურ აზროვნებას თანდათან არღვევდა.

 

1848 წლის პარიზისა და ვენის რევოლუციები

 

სტუდენტური რევოლუციების ქრონიკის ათვლის წერტილად 1848 წლის 22 თებერვალი (საფრანგეთი) შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები 1830 წლის ივლისის რევოლუციაშიც მონაწილეობდნენ, მათი გავლენა ნაკლებგადამწყვეტი იყო 1840-იან წლებთან შედარებით.

პარიზელი სტუდენტები განსაკუთრებით გაღიზიანდნენ, როდესაც სამ ლექტორს, ადამ მიცკევიჩს, ედგარ კინესა და ჟიულ მიშლეს, უნივერსიტეტში ლექციები შეუჩერეს. ლექტორების გაძევების მიზეზი იდეოლოგიური მიკუთვნებულობა იყო. როგორც ცნობილია, მიცკევიჩი, პოლონელი პოეტი, ბონაპარტისტული იდეების მომხრე იყო, კინეს რესპუბლიკური შეხედულებები ჰქონდა, მიშლეს კი – ლიბერალური. მათ გაშვებას სტუდენტების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. უნივერსიტეტებში თავისუფალი აზრის ჩახშობა სტუდენტებისთვის არა მარტო აკადემიურ, არამედ პოლიტიკურ შეურაცხყოფადაც აღიქმებოდა.

გარდა ამისა, სტუდენტები რეფორმებს მოითხოვდნენ, გამოხატავდნენ არსებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფონითა და პოლიტიკური წყობით გულისწყრომას, მხარს უჭერდნენ პრესის თავისუფლებასა და შეკრების უფლებას. უკმაყოფილო იყო სხვადასხვა ფენა, მათ შორის საშუალო და მუშათა კლასი. მოსავლის უკმარისობამ გამოიწვია საკვებით მომარაგების პრობლემები და მაღალი ფასები. მუშები, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, შიმშილობისა და დაავადებების გამო მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ.

ევროპის მასშტაბით საპროტესტო მოთხოვნები ძველი მონარქიული სტრუქტურების აღმოფხვრა და ერი-სახელმწიფოების შექმნა იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ერთა თვითგამორკვევა. ნაციონალისტები საერთო ენაზე, კულტურაზე, რელიგიასა და ისტორიაზე დაფუძნებულ ეროვნულ ერთიანობას ითხოვდნენ, ლიბერალები კი – კონსტიტუციური მმართველობისა თუ რესპუბლიკური წყობის დამყარებას, ასევე ეკონომიკურ და სამოქალაქო თავისუფლებას. გასათვალისწინებელია, რომ განმანათლებელთა იდეებს ხალხში უკვე გაღვივებული ჰქონდა ნება სამართლიანი სახელმწიფოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხალხი ვალდებულიც კია დაგმოს არსებული წყობა.

ხაზგასასმელია, 1848 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც აიკრძალა ე.წ. ბანკეტები (Campagne des banquets)[3], სტუდენტებმა პროტესტის გამოხატვის სხვა გზას მიმართეს. ,,ბანკეტები“ საფრანგეთში რეფორმების მომხრეთა პოლიტიკური შინაარსის საზოგადო შეკრებებს წარმოადგენდა, რომელთა დროსაც ისინი მონარქიური წყობილებისადმი უკმაყოფლებასა და საკუთარ მოთხოვნებს ახმოვანებდნენ. 1847 წელს საფრანგეთში 70-ზე მეტი ასეთი ბანკეტი ჩატარდა. ხელისუფლების მიერ შეკრების აკრძალვით ხალხს პოლიტიკური უფლებები შეეზღუდა, ამიტომ სტუდენტებმა დამოუკიდებლად სცადეს მისი მოწყობა, თუმცა სამართალდამცველებმა გეგმები ჩაუშალეს. საპასუხოდ დაახლოებით 300 სტუდენტი გაემართა მარშით პარიზის პანთეონიდან მადლენის მოედნამდე; გზად სხვებიც შეემატნენ. მიუხედავად რაოდენობრივი სიმცირისა, მათი სიმბოლური და მორალური წონა გადამწყვეტი იყო. საფრანგეთის ეს რევოლუცია ლუი-ფილიპ ორლეანელის კონსტიტუციური მონარქიის დასრულებითა და საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის შექმნით დასრულდა. მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ლუი-ნაპოლეონი, ბონაპარტის ძმისწული, თუმცა მან მალევე, 1852 წელს, თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა.

საფრანგეთში 1848 წლის თებერვლის მოვლენებს გაზაფხულზე რევოლუციების წყება მოჰყვა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, დღევანდელ ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთში, მონტენეგროში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში. იმდროინდელ ინდუსტრიულ, ლიბერალურ ინგლისსა და ნიდერლანდებს, ანდაც პირენეს ნახევარკუნძულს აფეთქება არ შეეხო.

48 წლის რევოლუციები თითქოს დაგვიანებული პასუხი იყო ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ უკმაყოფილებაზე. გამორჩეულია ვენის მაგალითი, რადგანაც ამ ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს სამხედრო ორგანიზაცია, ე.წ. ,,აკადემიური ლეგიონი“, რომელშიც დაახლოებით 6000 სტუდენტი გაწევრიანდა.[4] ისინი მხარს უჭერდნენ კონსტიტუციურ მონარქიას, დემოკრატიულ ცვლილებებს, ეროვნულ თვითგამორკვევას; მოითხოვდნენ პრესის თავისუფლებას, უნივერსიტეტის ავტონომიასა და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებას. სტუდენტები გაცხოველებულად ჩაერთნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაისში მათ ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც ახალი საკონსტიტუციო კრების მოწვევას მოითხოვდნენ. 1848 წლის ოქტომბერში იმპერიულმა ძალებმა რევოლუცია ჩაახშეს და ლეგიონი დაიშალა. ლეგიონის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტი დაიხურა და სწავლება მხოლოდ 1849 წლის მარტში განახლდა. რევოლუციის მერე, მიუხედავად იმისა, რომ გატარდა რეფორმები, მაგალითად, გლეხებმა მოიპოვეს მეტი უფლება, დასრულდა ბატონყმობა და მასთან დაკავშირებული გადასახადები, საბოლოოდ, ავსტრია აბსოლუტურ მონარქიას დაუბრუნდა.

 

1968 წლის საპროტესტო ტალღა

 

1960-70-იანი წლების დასავლეთში ახალ მემარცხენეებს, ტრადიციული მარქსისტებისგან განსხვავებით, აინტერესებდათ სქესი, იდენტობა, კულტურა, გარემო, რასაც კულტურული აჯანყება მოჰყვა.

ვფიქრობ, 1968 წელი სტუდენტური პროტესტის საუკუნოვანი ისტორიის მწვერვალია. მაისში საფრანგეთში აზვირთებულმა ტალღამ თითქმის მთელ მსოფლიოს გადაუარა. ვნებათაღელვამ მოიცვა ამერიკა, მექსიკა, დასავლეთ ევროპა, მათ შორის გერმანია და იტალია, აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ, იმდროინდელი ჩეხოსლოვაკია და პოლონეთი. აღმოსავლეთ ევროპაში პროტესტის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებლად იქცა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა, გერმანიაში, იტალიაში, მექსიკასა და ამერიკაში კი სხვადასხვა მიზეზი გამოიკვეთა – იქნებოდა ეს ავტორიტარიზმის, ვიეტნამის ომის, რასიზმისა თუ სექსიზმის წინააღმდეგ გამოსვლა.

რაც შეეხება თავად საფრანგეთის 68 წლის მოვლენებს, სტუდენტების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას მილიონობით მოქალაქე შეუერთდა. საფრანგეთში გამოსვლები მოჰყვა პრეზიდენტის, შარლ დე გოლის, მიმართ უკმაყოფილებას, მის პოლიტიკასა და ფრანგი ხალხის, განსაკუთრებით სტუდენტების, საჭიროებებს შორის არსებულ შეუსაბამობას. დე გოლის მმართველობას აფასებდნენ კიდეც, როგორც ავტოკრატიულს. შარლ დე გოლი გადადგა 1969 წელს, თუმცა მეხუთე რესპუბლიკა, თავისი ძლიერი საპრეზიდენტო სისტემით, საფრანგეთის მმართველობის ფორმად დარჩა.

ბერნარდო ბერტოლუჩის 2003 წლის ფილმში – ,,მეოცნებენი“ მოვლენები სწორედ 1968 წლის მაისის რევოლუციის ფონზე ვითარდება. სამი სტუდენტი – იზაბელი, ტეო და მეთიუ, რაც არ უნდა ეცადონ განუდგნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ქაოსს, ისინი მაინც რევოლუციის ნაწილს წარმოადგენენ, რამეთუ მათი ყოფა უკვე რევოლუციურია – უკიდურესი ფორმებით გამოხატვაა 60-იანი წლების კულტურული და სექსუალური რევოლუციისა; მართალია, ისინი ქუჩაში გამოსვლებს არ უერთდებიან და ემიჯნებიან, თუმცა მეტაფორულად რომ ვთქვათ, რევოლუცია მათ სახლში მაინც მიაკითხავს, რაც ფილმის დასასრულს ფანჯარაში ნასროლი ქვით დასტურდება. ამგვარი ახსნა ჰანა არენდტის დაუძლეველობის ცნებასთან გვაბრუნებს, რომლის მიხედვითაც დგება დრო, როდესაც რევოლუციის ძალის შეჩერება შეუძლებელი ხდება. ვფიქრობ, გაორება და დილემა, რომელიც სტუდენტებს აქვთ, შეიძლება დღესაც ნაცნობი შეგრძნებაა სტუდენტებისთვის პროტესტების დროს. უფრო ზუსტად, ფილმის გმირები არიან ცვლილებების იდეური ნაწილი – განიხილავენ პოლიტიკას, ხელოვნებას, იდეოლოგიებს – მაგრამ უჭირთ არსებული სინამდვილის ფიზიკურ ნაწილად ქცევა, უშუალო ქუჩის ბრძოლაში ჩაბმა. თუმცა ეს ჩამოშორება არ უარყოფს მათ რწმენას ცვლილებების აუცილებლობისადმი.

დატოვა თუ არა სტუდენტურმა 60-იანების რევოლუციებმა მემკვიდრეობა, ხშირად დავის საგანია. ფილოსოფოსმა ჟან-ლუკ ნანსიმ, რომელიც 1968 წელს სტრასბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიას ასწავლიდა და თავადაც იზიარებდა რევოლუციის იდეალებს, 2009 წელს განაცხადა, რომ საფრანგეთის ამ რევოლუციამ მთლიანად შეცვალა ისტორიის გეზი და ადამიანური გათავისუფლების იდეა. მისი აზრით, დასავლური ცივილიზაცია, პოლიტიკურ ცვლილებაზე მეტად, მეტაფიზიკურად გარდაისახა.

 

ბოლოთქმა

 

სტუდენტური ჯანყის ქრონიკები, მე-19-20 საუკუნეების რევოლუციები, განსაკუთრებით კი 1848 და 1968 წლის მოვლენები ცხადყოფს, რომ სტუდენტები ქვეყნის განყენებული ინტელექტუალური ელიტა აროდეს იყვნენ; თავისუფლებისთვის, თვითგამორკვევისთვის, საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის ბრძოლაში ისინი ცვლილების მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდნენ.

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

 

Arendt, Hannah. On Revolution. Reprinted in Penguin books in 1990. First published in the USA by The Viking press, 1963.

Gallaher, John G. The students of Paris and the revolution of 1848. Southern Illinois University Press, 1980.

Haskins, Homer Charles. The rise of universities. Cornell university press, 1957.

Le Goff, Jacques. The birth of Europe. Translated by Janet Lloyd. Blackwell publishing, 2005.

Lundberg, Christa. Humanists and scholastics in early sixteenth-century Paris: new sources from the faculty of theology. Published by Informa UK Limited, trading as Taylor & Francis Group, 2022.

Poirier, Agnes. May ‘68: what legacy? May 1, 2018.

Rury, John L; Tamura, Eileen H. The Oxford handbook of the history of education. Oxford university press, 2019.

Schurz, Carl. The Reminiscences of Carl Schurz (1908). Chapter VI.

1848: students of Paris. Submitted on November 22, 2018.

  • [1] Lundberg, C. “Humanists and scholastics in early sixteenth-century Paris: new sources from the faculty of theology”.
  • [2] Arendt, H. “On Revolution”: 47.
  • [3] “1848: students of Paris”. https://libcom.org/article/1848-students-paris
  • [4] Schurz, C. “The Reminiscences of Carl Schurz (1908)” Chapter VI.


მდევარი