რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ამბოხება კახეთისა (1812 წ.) – ისტორიული ამბავი

ავტორი:

ამბოხება კახეთისა (1812 წ.) - ისტორიული ამბავი

რედაქტორი: ნ. დოგუზაშვილი

„ამირანი“, თბილისი, 1992

 

 

კორექტორი: ლიზი კაციაშვილი

გამციფრულებლები: თეკლა გოგინაშვილი, თეკლა გოგიჩაიშვილი

 

 

 

 

შფოთისა და მღელვარების ნაპერწკალი პირველად ამოვარდა ს. ახმეტაში 1812 წლის 31 იანვარს. აქედან ამბოხების ალი მოედო კახეთს, გადავარდა შუაგულ ქართლში, უწია ოსეთს და მოუახლოვდა ტფილისს. მღელვარების ცეცხლსა და ბოლში გაეხვა ქიზიყი, შეიტრუსა დღევანდელი ზაქათალა და თითქმის შექის სახანოს მიაღწია აჯანყებამ.

უბედური იყო პირველი ხანა რუსის მთავრობის დამკვიდრებისა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მღელვარებითა და დრტვინვით მიეგება კნორრინგს საქართველოს წარჩინებული თავადიშვილობა. დიდად იუცხოვეს თავადიშვილებმა კნორრინგის უცნაური საქციელი, რომელმაც სამხედროები გარს შემოავლო სადგურს, სადაც 8 მაისს 1802 წ. რუსის იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო ქართველმა თავადიშვილობამ და მოქალაქეთ. ყველაზე მეტად გულნაკლულად იყო კახელობა. მათში გაატარა სიყმაწვილე და სიჭაბუკე სახელოვანმა მეფემ ერეკლე მეორემ, მათთან იღვწოდა ქვეყნისათვის და მათშივე მიებარა საფლავს. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ უწინარეს ყოვლისა ამბოხებამ კახეთში იჩინა თავი. არ გასულა დიდი ხანი ნაძალადევი ფიცის შემდეგ და იმავე 1802 წ. კახეთში დაიწყო ამბოხება. მთავრობამ მალე ჩააქრო მღელვარება თავადაზნაურობისა, ბევრნიც დასაჯა, მაგრამ ვინც გადარჩა სასჯელს, ადვილად არ ურიგდებოდა ახალ რეჟიმს და ფანტავდა საქართველოში უკმაყოფილების თესლს. უფრო საშიში და სავალალო იყო რუსის მთავრობისათვის აჯანყება მთიულეთისა 1804 წ. ათას რვაას ორ წელს პროტესტს აცხადებდა ფეოდალობა, 1804 წელს კი ამხედრდა თვით ერი, შეჰკრა საქართველოს სამხედრო გზა და მთლად მოწყვიტა მეტროპოლიას საქართველოსა და ამიერკავკასიაში გაბნეული მხედრობა.

ამ დროს თ. პავლე ციციშვილი რომ არ ყოფილიყო საქართველოში მთავარმართებლად, ეგები რუსეთი სამუდამოდ გამოსთხოვებოდა ამიერკავკასიაში ბატონობას. ამ შესანიშნავმა სარდალმა მცირე მხედრობით მოახერხა და ჩააქრო აღგზნებული ცეცხლი და რუსეთის გვირგვინს შეუნარჩუნა ჩვენი ქვეყანა.

1812 წლამდე, ციციშვილის სიკვდილის შემდეგ, საქართველოში მთავარმართებლობდნენ გუდოვიჩი და ტორმასოვი. არც ერთ მათგანს ერთი ბედნიერი დღე არ უნახავს ჩვენს ქვეყანაში. ან ოსმალეთსა და სპარსეთს ებრძოდნენ, ან შინაური ამბოხების ჩაქრობას უნდებოდნენ. ტორმასოვმა მთელი თავისი ძალ-ღონე იმერეთის უკანასკნელ მეფესთან, სოლომონთან, ბრძოლას მოანდომა.

წარსული საუკუნის განმავლობაში მღელვარება და შფოთი თითქმის არ შეწყვეტილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. 1810-1811 წელს ბატონიშვილმა ლევანმა ააჯანყა ოსეთი, 1813 წელს ბატონიშვილმა ალექსანდრემ ფეხზედ დააყენა ხევსურეთი. დიდი ამბოხება მოედო იმერეთს 1820 წ. და ბევრი სისხლიც დაიღვარა. დიდმა უკმაყოფილებამ იჩინა თავი ქართლში 1830-32 წწ. ყველას ეხსომება აგრეთვე გლეხთა აჯანყება სამეგრელოში ეკატერინე მთავრინას დროს.

თუ არ ვიანგარიშებთ წვრილ-წვრილ მღელვარებას გურიაში, სვანეთსა და აფხაზეთში, უკანასკნელ ამბოხებად უნდა მივითვალოთ მღელვარება აფხაზეთისა წარსულ რუს-ოსმალოს ომის დროის (1878 წ.). სიწყნარე და მშვიდობიანობა ამ დროიდან თითქმის აღარ შერყეულა საქართველოში. ამბოხების ცეცხლი რომ მოედო კახეთს 1812 წ., ჩვენში მთავარმართებლობდა მარკიზი პაულიჩჩი. როგორც 1804 წ. თ. ციციშვილმა იხსნა რუსის მხედრობა გაწყვეტისა და განადგურებისგან, ისე მარკიზ პაულოჩჩიმ უპატრონა რუსის ჯარსა და მოხელეობას. ამბოხებამ რომ იფეთქა, მარკიზი ქართლში არ იყო. აღმოსავლეთ კავკასიაში ჯარებს ათვალიერებდა და თადარიგს იჭერდა სპარსელების შემოსევის წინააღმდეგ. გაიგო თუ არა კახეთის ამბები, ფიცხლავ გაჩნდა ტფილისში და სულ რაღაც ორი-სამი თვის განმავლობაში ჩაანელა აგიზგიზებული ცეცხლი. ძნელი დრო იყო რუსის მთავრობისათვის ეს დრო. იმპერია ემზადებოდა ნაპოლეონის დასახვედრად და თავი ვისა ჰქონდა ეზრუნა საქართველოში დაბანაკებული ჯარისათვის. ჯარის მომატებაზე მთავარმართებელი კრინტსაც ვერა ძრავდა. მომატება კი არა, კიდევაც შეუმცირეს. ჯერ ისევ 1811 წელს სამხედრო მინისტრმა მოსთხოვა ტორმასოვს – დააბრუნე რუსეთს ორი დრაგუნის პოლკი: ტაგანროგისა და ვლადიმირისა და ორიც ქვეითა ჯარის პოლკი: სევასტოპოლის მუშკეტერისა და 46 ეგერებისაო. ტორმასოვმა დრაგუნთა პოლკები დააბრუნა რუსეთს და ითხოვა ქვეითა ჯარის პოლკები მაინც დაეტოვებინათ, მაგრამ თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს – შინ რომ ბავშვი ტიროდეს, ტაბლას გარეთ რა ხელი აქვსო.

ტორმასოვი გაიბუტა, მცირე მხედრობით რას გავხდები ამ შფოთიან ქვეყანაშიო და სამსახურს დაეთხოვა. 1811 წ. 6 ივლისს რესკრიპტით ავადმყოფობის გამო ტორმასოვი დაითხოვეს სამსახურიდან და მის ადგილზე დაინიშნა მარკიზი პაულიჩჩი.

1812 წ. გაზაფხულზე სრულიად საქართველოსა და ამიერკავკასიაში რუსის მხედრობა არ აღემატებოდა 28 000 ჯარისკაცს. აქედან ხუთი ბატალიონი და ერთი ყაზახთა პოლკი იყო დაბანაკებული იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აფხაზეთში; ქართლში შვიდი როტა, სამი ესკადრონი და ყაზახთა ერთი პოლკი; ჯავახეთში სამ-ნახევარი ბატალიონი და ყაზახთა ერთი პოლკი; ბამბაკში გუმბრისაკენ ხუთი ბატალიონი და ორი პოლკი ყაზახებისა; შამხორის მხარეს სამი ბატალიონი და ყაზახთა პოლკი; ყარაბაღში ექვსი ბატალიონი, ერთი ჩარექი და ერთიც ყაზახთა პოლკი.

აქ მოხსენიებული არაა კახეთში ჯარის სიდიდე. ეს იმით აიხსნება, რომ ჯარი მაშინდელ შფოთიან დროს ხშირად იცვლიდა ბინას და, ალბათ, როცა გენერალი რტიშჩევი ამ მოხსენებას გზავნიდა პეტერბურგში, კახეთიდან, აღელვების დაცხრომის შემდეგ, სხვაგან სადმე თუ გადაუყვანია იქაური მხედრობა. როგორც ქვემოთ შევნიშნავთ, ამბოხების დროს კახეთში ისე მცირე ჯარი იდგა, რომ სათქმელადაც არა ღირს.

დიახ, ჯარი რომ ცოტა იყო, მოშველების იმედიც არა ჰქონდა მარკიზ პაულიჩჩის, მტერი კი ურიცხვი ეხვია გარს. სპარსეთი და ოსმალეთი მოდარაჯებულნი იყვნენ, რომ როგორმე გაეძევებინათ საქართველოდან რუსები და მოსვენებას არ აძლევდნენ. როგორც ლახვარი, ისე მოხვდათ ერთსაცა და მეორესაც ამბავი რუსობის დაბუდებისა საქართველოს მიდამოებში. ინგლისის წაქეზებით ოსმალეთმა და სპარსეთმა კავშირი შეკრეს, რათა თანხმობით ემოქმედათ რუსების წინააღმდეგ. ინგლისმა 20 000 თოფი გამოუგზავნა სპარსეთს, ასევე, მიმთითებელნი ჯარის გასაწვრთნელად, ციხეების ასაგებად და ზარბაზნების ჩამოსასხმელად. ინგლისი სპარსეთს აუარებელ ფულს უგზავნიდა ჯარის საჭიროებისათვის, ოქროს არც ოსმალეთი იშურებდა სპარსებისათვის, ოღონც კი ხელი არ აეღო რუსეთის სამტროდ. სპარსეთის შაჰის ფირმანებით იფინებოდა საქართველო, ემისრები დაძრწოდნენ და აღელვებდნენ ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ.

ამას ისიც უნდა მივუმატოთ, რომ დაუძინებელი მტერი რუსეთისა, ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი ალექსანდრე ერეკლეს ძე, სპარსეთის საზღვარზე იდგა და ელოდა მოხერხებულ დროს შემოსეოდა საქართველოს სპარსელთა მხედრობით და ან სულ გაეწყვიტა რუსის ჯარი, ან გადაერეკა კავკასიის უღელტეხილს იქით. ბატონიშვილის წერილებით სავსე იყო საქართველო. ერთგული მხლებელნი როგორღაც უსხლტებოდნენ რუსის ჯარებს და მრავლისაგან მრავლად აბნევდნენ მის პატარა ლაკონიურ ბარათებს. სიყვარულით აღსავსე წერილები გულს უთუთქავდა ქართველობას და აძულებდა რუსობას. ასე გასინჯეთ, დაღესტანი, რომელიც ჩვენი მოყვრობით თავს ვერ გამოიდებს, ისიც კი მზად იყო ხელი შეეწყო ტახტის მაძიებლისთვის და ბევრჯერ უმასპინძლებია ალექსანდრესთვის. ტანჯვა-ვაებამ და კაეშანმა, დაუსრულებელმა წოწიალ-ხეტიალმა მთასა და ბარსა, შინ და გარეთ, ზღაპრულ გმირად გარდაქმნა ბატონიშვილი ალექსანდრე ქართველთა და მთიულთა თვალში. ტუჩმოკუმული სახე სამეფო მომთაბარესი შეიმოსა შარავანდედით და სადაც კი მივიდოდა ხოლმე, იქ უსათუოდ ამბოხება იფეთქებდა რუსობის წინააღმდეგ.

ასეთი იყო გარეშე ვითარება საქართველოში, კახელებმა რომ აჯანყების დროშა ააფრიალეს. შინაური საქმენი უარესად იყო დაბეგრილ-აკლებული, რომ მოთმინების ფიალა აევსო და იარაღს წამოავლო ხელი…

 

***

ქვეყნის დაპყრობა და შეძენა ხმლითა და იარაღით არც ისე ძნელია, როგორცა ჰგონიათ. საქმე დაპყრობა და დამონება კი არ არის, საქმე მოვლა-პატრონობაა ერისა, დადგენა სამართლისა და შემოღება დაპყრობილი ერის ზნისა და ხასიათის შეფარდებულის მართვა-გამგეობისა. ვერც ერთი და ვერც მეორე მოახერხა მაშინდელმა რუსის მთავრობამ. ღვთის წინაშე, ვერც მოახერხებდა. შინ რომ არა ეყარა რა, გარეთ რას გაიტანდა. ბევრი იყო ჩვენში უნამუსო, ყაჩაღსავით თავზეხელაღებული მოქრთამე მოხელე, მაგრამ ნიჭიერი, პატიოსნებით სავსე მმართველებიც მოიპოვებოდნენ; აი, თუნდ თავადი პავლე ციციშვილი და მარკიზი ფილიპე ოსიპის ძე პაულიჩჩი. სულითა და გულით სურდა ორივეს საქართველოს დაწყნარება, გაბედნიერება, მაგრამ დახეთ ბედსა, ყველაზე მეტი მწუხარება და სევდა-ვარამი ამათ ხელში გამოიარა ჩვენმა სამშობლომ.

მიზეზი სულ უბრალოა. თავიდანვე ახალი მთავრობა მრუდე გზას დაადგა. არ შეიწყნარა საქართველოს ერის ისტორიული უფლებანი, დათრგუნა იგინი და ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელო და გათახსირებულ სახანოს. საქართველო მიეკედლა რუსეთს მზა-მზარეული სახელმწიფო მოწყობით, ჯარით, მოხელეობით, კანონმდებლობით, პოლიცია-ადმინისტრაციით, განვითარებული წოდებრივი უფლებით, – თავად-აზნაურობით, სამღვდელოთი, გლეხ-კაცობით. მიწის მფლობელობაც კელაპტარსავით ჩამოსხმული იყო და საკუთარი, გარკვეული ფორმა ჰქონდა. დარღვევას ვერავინ ბედავდა, რადგან დარაჯად ჩვეულება ედგა. ჩვეულება, ადათი დაწერილ კანონზე უფრო სასტიკი და ულმობელი იყო. იგივე ჩვეულება-ადათს განსაზღვრული ჰქონდა ხარჯი და ბეგარა. ორივენი მძიმე ტვირთად არ აწვა ერს, რადგან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება სადა და მარტივი იყო. ძველ ცხოვრებას ახალთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა კიდევ, რომ გლეხკაცის ხელში და ხმარებაში იყო მამულ-დედული, ტყე და წყალი. კანონი და ჩვეულება სიმარტივის გამო ყველასთვის მისაწვდომი იყო. ქართველობას პირველობითაც მოჰქონდა თავი მთელ კავკასიაში. საბუთიც ჰქონდა. მარტო ის რად ღირდა, რომ კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ელჩი ელჩზე მოდიოდა ტფილისსა და თელავს ერეკლესთან რჩევა-დარიგების საკითხავად. თუ არა ასეთი ბუნებრივი პირველობა ქართველი ერისა, შექმნილი კულტურის წყალობით, მაშ რით აიხსნება თითო-ოროლა საოცარი ფაქტი წარსულისა? უსუსური ბავშვი, სულ რაღაც 18-19 წლის ჭაბუკი ბატონიშვილი ლევანი თვეობით თავს აფარებს თოვლიან, ყინულიან ოსეთს, მთელ ამ მხარეს ფეხზე აყენებს და აბრძოლებს რუსობის წინააღმდეგ. ან კიდევ ასეთი ამბავი: ყაბარდო გარემოცულია რუსის მხედრობით, აჯანყება ადვილი საქმე არ არის. ყაბარდოს თავადიშვილები წერილით ატყობინებენ სპარსეთში გადახვეწილს, ბატონიშვილ ალექსანდრეს:

ჩვენ, ყაბარდოელებს, სახლ-კარი მაგარსა და მიუვალ ადგილებში გვაქვს აშენებული. თვით უფალი იფარავს ჩვენს ბინას. იალბუზის აქეთ მობინადრე მთიელნი კასპის ზღვამდე მაჰმადის რჯულისა ვართ. იმედი გვაქვს, ჩაჩნებსაც შემოვიერთებთ. – ბარათიდან ვსცანით თქვენი სურვილი. გნებავთ დაიპყარით საქართველოს პროვინციანი და ადარბეიჯანი, რაიცა გეკუთვნით სამფლობელოდ მეფე ერეკლეს შემდეგ. დრო უკვე მოვიდა. ამის გამო თქვენის მოწოდებისამებრ ჩვენ მზადა ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს განზრახვას. ვიდრე ამ წერილის პასუხი მოგვივა, ჩვენ საერთოდ აქაურნი მოსვენებას არ მივცემთ თქვენს მტერსა და დუშმანს და იარაღით ყოველგვარ ზარალს მივაყენებთო.

არ დავმალავთ, საპოლიტიკო სხეული საქართველოსი შესამჩნევად გაიბზარა უკანასკნელ ჟამს, მაგრამ არც ისე, როგორც მეცადინეობენ აჩვენონ ქვეყანას გენერალი ქიშმიშევი და ეზოვი. დიახ, რუსების მოსვლის წინა დღეს, საქართველოს ჯერ კიდევ ჰქონდა პოლიტიკური იერი და მიმზიდველობა.

მერე და რა თვალით შეხედა ახალმა მთავრობამ საქართველოს საპოლიტიკო სახელს, მის წარსულსა და აწმყოს? გამოიყენა მისი სახელი და მზა-მზარეული სახელმწიფო მოწყობილობა, განადიდა და გააპატიოსნა საქართველოს ჭირნახულობა, თუ ზურგი შეაქცია და ეცადა არსებულის წესისა და რიგის დაქცევასა და დამხობას? ჩვენდა საუბედუროდ, მთავრობამ უკანასკნელი გზა ამოირჩია. რუსის მხედრობას ჯერ ფეხი არ შემოედგა სამუდამოდ დასამკვიდრებლად, ჯერ არ გაეთავებინა საბოლოოდ დიპლომატიური მიწერ-მოწერა, თუ რა პირობით იღებდა ხელს მეფე გიორგი მე-13 სამეფო უფლებებზე, რომ პეტერბურგში საქართველო გამოაცხადეს პროვინციად და გუბერნიად.

შემდეგი მოქმედება მთავრობისა შედეგია პირველი ნაბიჯისა. რაკი საქართველო გუბერნიად გამოცხადდა, საჭირო აღარ იყო თავის მტვრევა და თავის ტეხა. რისთვის უნდა გაეწყალებინათ გული და მიჰყოლოდნენ არსებულის წესწყობილების კვლევა-ძიებას, შესწავლასა და შეკეთებას, სადაც საჭიროება მოითხოვდა? აკი არც შეიწუხეს თავი. აიღეს მზა-მზარეული ფორმა რუსეთის გუბერნიის მართვა-გამგეობისა და გადმონერგეს ჩვენში. ნიადაგი ქვა-კლდიანი აღმოჩნდა და ვერ იხეირა უცხოეთიდან მოტანილმა კანონმა. ფორმა-კანონს მოჰყვა მთელი ჯელგა მოხელეებისა, რომელთაც არც ზნე და ხასიათი ერისა, არც წარსული და არც აწმყო ჩვენი არ იცოდნენ და სურვილიც არა ჰქონდათ შეესწავლათ და გაეგოთ რამე. ისედაც უხეირო კანონი გლახა და ანგარებით სავსე მოხელეთა ხელში სწორედ ღვთის რისხვად გადაიქცა. მთელი საქართველო გაიძაბრა კაპიტან-ისპრავნიკებით, „ზემკი სუდით“, „ვოენნი პოსტოით“, საინტენდანტო ვახტერებით, კამისიონერებით და სხვადასხვა კლასის ჩინოვნიკებით. ჯერ დღევანდელი მოხელე ღმერთმა შეინახოს და ამ ასი წლის წინათ რაც ბრძანდებოდა, ნუღარ იკითხავთ. მათი საქმენი საგმირონი და საარაკონი დაწვრილებით არის აღწერილი მატიანეში.

მაშინდელ ქართველობას ჯერ თვალი რიგიანად არ მოეფშვნიტა, საბოლოოდ ჯერ არ გამოეტირა „პატარა კახი“ და მებრძოლი ბატონიშვილი, რომ ახლად მოვლენილი მოხელეობა კალიასავით მოედო ქვეყანას და მიჰყო ხელი მკვიდრის დაწიოკებას. ერი აიმრიზა და ამბოხების გზას დაადგა. საკმარისი იყო ხოლმე მცირე საბუთი, რომ აჯანყება გაეჩაღებინა. 1802 წ. კახელები რომ აჯანყდნენ, იმას გაიძახოდნენ, მოგვატყუეს, დაგვპირდნენ – მეფე იქნება და ბატონიშვილებსაც კი არ აყენებენ აქო. 1804 წ. მთიულები გარკვევით ამბობდნენ – აღარ შეგვიძლია მოხელეთა თვითნებობის ატანა, ამდენ ცეცხლსა და ვარამს სიკვდილი გვირჩევნიაო და თოფს წაავლეს ხელი…

აი, რა თვალით უყურებდა მარკიზი პაულიჩჩი მაშინდელ მოხელეობას: უნამუსობა სუფევს აქაურ რუსის მოხელეთა შორის, ღმერთი ამათ არა სწამთ და ჯვარი; მრავალ დანაშაულს კადრულობენ და ამის გამო ქვეყანა აივსო უზომო და მეტისმეტი ბოროტმოქმედებითო. კახეთის მღელვარებას მარკიზი რევოლუციას ეძახდა. მარკიზი, როგორც იტალიელი, კარგად იცნობდა ამ ტერმინს. ეგება რუსული სიტყვა „ბუნტი“ არცკი იცოდა, ან თუ ეხამუშებოდა განვითარებულ ყურსა. იმავე უქვეშევრდომილეს მოხსენებაში 1812 წ. 22 მარტისა, საიდანაც ზემოთ მოყვანილი სიტყვებია აღებული, ასე ამკობს პაულიჩჩი საინტენდანტო მოხელეებს: სასურსათო უწყების მოხელენი ათასობით სჩადიან საზიზღრობასა და ლირფობას. მცირე ხანია, რაც ჯარის უფროსად ვარ და ჯერ ვერ გამოვააშკარავე ეს საზიზღარი საძაგლობა და ვერ შევაჩერე ბოროტება, თუმცა გაფაციცებით ვადევნებ თვალ-ყურსა. გენერალ თავად ციციშვილის სიკვდილის შემდეგ ხელს არ იღებენ მოხელენი ბოროტებაზე ქვეყნის დასაღუპად და ხაზინის საზარალოდა… მადლიერი მაშინდელი ადმინისტრაციისა არც მთავარმართებელი გენერალი ტორმასოვი ბრძანდებოდა. გენერალი სურამს ასულა და მოხელეები ვერ უპოვია, მზად არაფერი ჰქონდათ, არც სურსათი, არც ბეგრის ურმები. განზრახვა მაქვს, – სწერს სურამიდან ტორმასოვი საქართველოს გამგებელს გენერალ-მაიორ ახვერდოვს, – ბოლო მოვუღო მოხელეთა დაუდევნელობას, უთაურობასა და უსაქმურობას, რადგან, როგორც ვატყობ, სათემო პოლიციაზე გარყვნილი და გაფუჭებული სხვა არა მეგულება-რაო. ამასაცა ვფიქრობ, – ამბობს ტორმასოვი, რომ აქაურ პოლიციაზე ცუდი და უვარგისი მთელ ქვეყნიერებაზე არა მოიპოვება-რაო…

თურმე ნუ იტყვით, ეს შესანიშნავი ანდაზა („ღმერთი ძალიან მაღლა იმყოფებოდა და მეფე მიუწვდომელს სიშორეზე“), მაჩვენებელი იმისი, რომ სამართლის კარს ვერ მიაგნებ, რადგან მოსამართლენი, ღმერთი და მეფე შორს არიანო, – ჩვენი კურთხეული სამშობლოს ნიადაგზე აღმოცენებულა. დედააზრი ანდაზისა ჩასახულა პირველად ქიზიყში, ს. ბოდბისხევში. სიღნაღის მოურავს თ. ანდრონიკაშვილს შესჩივლეს ბოდბისხეველებმა და მოახსენეს, რომ სამართალი გაწყდა ჩვენთვისო. სასამართლოში საჩივლელად რომ მივდივართ, კარები გამოკეტილია ხოლმეო. მივედით საჩივლელად იმის გამო კაპიტან-ისპრავნიკოვთან და კახეთის ოლქის უფროსთან გენერალ პორტნიაგინთან და ასე გვითხრეს: რო სჩივით, რასა სჩივით? „სამართალს ვინ გაგიჩენთ? ღმერთი და მეფე შორს არიანო“…

„მოხელენიო, – გვიამბობს კაპიტანი ანოსოვი, თავიანთ თავს ისე უყურებდნენ, როგორც ქართველების „კეთილისმყოფელთ“, „გამაბედნიერებელთ“ და „მხსნელთა“. ამის გამოვო რიდი და ხათრი არა ჰქონდათ, არ ერიდებოდნენ ადგილობრივ მკვიდრსა და ჰფიქრობდნენ, რომ „ტუზემცები“ უნდა გაიმსჭვალნენ მადლიერების გრძნობით და სიტყვის შემოუბრუნებლად და ფეხის გაუნძრევლად აასრულონ მათი ჟინი, ახირება და გულის თქმა, თუნდ რომ ნამეტანი და წრეს გადასული იყვეს ჟინიანობა და გულის თქმა. მოქრთამეობას და ფულის უკანონო მობოჭვას საზღვარი არა ჰქონდა. ქრთამის აღებაში ყოველი რიდი და თავაზიანობა მოისპოვო“…

ზოგიერთი გუშინდელი ამბავი სწორედ ასლია მაშინდელისა. ერთი სასწავლებლის უფროსს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არც აქტები წაუკითხავს და არც რუსთა მფლობელობის დამკვიდრების ისტორია, ბავშვებისთვის მიუმართავს, რას იპრანჭებით და იგრიხებით, ჩვენი „მადლობელნი“ და „მადლიერნი“ უნდა იყოთ, თორემ ოსმალთა და ყიზილბაშთა ჰარამხანებში ამოგხდებოდათ სულიო. ვინ იცის, ეგება ჰარამხანაში ყოფნა კიდეც სჯობდეს დამყაყებულ, დაობებულ გულიდან გესლიანისა და შხამიანის ამონასუნთქის ყნოსვასა.

 

***

გენერალი ტორმასოვი რომ გამოეთხოვა საქართველოს, ჯარი მარკიზს ჩააბარა, თან ისიც შეატყობინა ახალ მთავარმართებელს, რომ სურსათისთვის ზრუნვა საჭირო აღარაა, რადგან ხორბალი ნაყიდია და საწყობები სავსეაო. მართლაც, ტორმასოვს უკვე გაეგზავნა კამისიონერებისთვის სურსათისთვის გადადებული ფული, კამისიონერები კი ჩვეულებრივი ოინბაზობით მოქცეულან, დაერიგებინათ ხალხისთვის ბეები და მოახსენეს მთავრობას, – პური ნაყიდია და მოზიდულიო. ასე რომ ტორმასოვს ჰქონდა საფუძველი ეთქვა მარკიზისათვის, არხეინად ბრძანდებოდეთ, სასურსათო მაღაზიები სავსეა პურითო, ნამდვილად კი შიგ არა ეყარა-რა და თაგვები დაფხაკუნობდნენ. იქნება სხვა დროს ამ ხრიკს გაეჭრა, მაგრამ 1811 წელს საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა კახეთში. მოსავალი არ მოვიდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სიტყვით, ერი ტყეებში დაძრწოდა და ბალახ-ბულახით ირჩენდა თავსა. შიმშილ-სიყმილის წყალობით პურის ფასმა მეტისმეტად აიწია, ერთი სამად და ხუთად სჭარბობდა თურმე მთავრობის მიერ გამოცხადებულ ფასსა. ზოგან ისეთი ნაკლებობა იყო პურისა, ბაჯაღლო ოქრო რომ დაგეთვალათ, პურს მაინც ვერ იშოვიდით საყიდლად. აბა თუ ერი ბალახ-ბულახით იკვებებოდა და პურის მაგიერ შვილებს იმეტებდა, ადვილად წარმოიდგენს ადამიანი, რა ცეცხლის ალი და გეენია დატრიალებულა კახეთში 1812 წელს.

მოულოდნელად დიდ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ კამისიონერები. მთავრობას თავის დროზე მოახსენეს, პური ნაყიდია და ფასიც მიცემული გვაქვსო; რა ქნან ახლა, როგორ დააძვრინონ თავი ამ ხათაბალას? დაფაცურდა გაიძვერა და გაქნილი მოხელეობა და აი რა ხრიკი გამოიგონა. „ჩვეულებრივის სითამამით, მოახსენებს ალექსანდრე ჭავჭავაძე იმპერატორ ნიკოლოზს, კამისიონერებმა შეატყობინეს მთავარ-მართებელს, პური დიდი ხანია ნაყიდი გვქონია თავის დროზე, ფასიც სავსებით ჩავაბარეთ, მაგრამ ხალხს არა ჰსურს მოზიდოს მაღაზიებში, რადგან ანგარებით გამსჭვალულ-შეპყრობილია და სცდილობს ბაზრის ფასები გადაგვახდევინოსო…“.

მარკიზი გაება მახეში. გენერალმა სტალმა დიდი მოხერხებით დაუგო მთავარმართებელს კაკანათი, ცილი დასწამა ქართველობას, მსუნაგ ვახტერ-კამისიონერებს სასუსნავი გაუჩინა, ხოლო წამებულ ერს ჭიაკოკონას უმზადებდა. – მარკიზმა ბრძანება გასცა – კახეთში ეგზეკუციასა ვნიშნავო. გენერალ სტალმა ზემოთ აღნიშნული მოხსენება მიართვა მარკიზს 1811 წლის აგვისტოს თვეში, მაშასადამე, სამხედრო ჯგუფები შეუდგებოდნენ საქმეს ესე სექტემბრის გასულს, ან ოქტომბრის დასაწყისში.

ძველმა საქართველომ არ იცოდა, რა ხილი იყო ეგზეკუცია. რასაკვირველია, ჩვენშიც იყო დარბევა-დაწიოკება, აკლება სოფლებისა, მაგრამ ყველა ამ საძაგლობას წუთიერი ხასიათი ჰქონდა. დარბევა და აკლება სოფლებისა, წინადვე განზრახული და გათვალისწინებული, ჩვენმა ისტორიამ არ იცოდა…

სამწუხაროდო, ამბობს ისტორიკოსი ანოსოვი, ჩვენ ბრწყინვალე და ქველობით განთქმულ ჯარსა, ჩამოსვლისთანავე საქართველოში, ვიღაცის უპატრონობითა და უყურადღებობით მავნე სული აეკვიატა და სახელს უტეხდაო. ურთიერთობა მკვიდრისა და მხედრობას შორის უმსგავს ნიადაგზე დამყარდა. მართლაც ისეთი განწყობილება ჩამოვარდა ქართველობასა და რუსის მხედრობას შუა, რომ გეგონებოდა, ჯარი საქართველოს საპატრონოდ კი არა, ასაკლებადაა მოსულიო. არც სალდათი, არც აფიცერი ქართველს არ ინდობდა და სადაც კი შესაძლებელი ან მოხერხებული იყო, თავში უბრაგუნებდა, მასხრად იგდებდა, დოვლათს სტაცებდა და გარყვნილების მორევში აბანავებდა. აფიცრები მარტოოდენ ჟინიანობით გატაცებულნი, თხოულობენ საბეგრო ცხენებსა და ურმებს, შაურს არ აძლევდნენ პატრონებს და ამით ოჯახს უღუპავენო; სალდათები პირად შეურაცხყოფას აყენებენ მცხოვრებლებს, სტაცებენ საქონელს, ფრინველსა და ხილსა: ანადგურებენ ბოსტან-ბაღჩებს, ვენახებს; ღვინოს რომ დალევენ და გაილეშებიან, ქვევრებს მიწითა სჩურთავენ, იქამდინ მიდის მათი უგუნურება, ავზნიანობა, სიცელქე და გიჟმაჟობაო.

ხალხი ემუდარებოდა და ევედრებოდა უფროსებს, ჯარი გაგვაცალეთ, ცოლ-შვილი წაგვიბილწეს, აღარ შეგვიძლია მეტის ატანაო. ოღონდ მოგვაშორეთ სალდათები და სადაც გვეტყვით, იქ აგიშენებთ ყაზარმებს ჩვენი ხარჯითო. განმკითხავი არავინ იყო. ჩქარა მოზიდეთ პური, ახლავე გაავსეთ მაღაზიებიო, – ეს იყო ხალხის კვნესა-ვედრების პასუხი…

თ. ციციშვილის მსგავსად მარკიზმა დააარსა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორ მალინსკის თავმჯდომარეობით განსაკუთრებული კომისია ასეთი სახელწოდებით: საქართველოში მომხდარ ამბოხების მიზეზთა გამოკვლევა. კომისია შეუდგა საქმიანობას 13 მარტს 1812 წ. დიდი მასალაა შეკრებილი კომისიის მიერ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოხსენებანი ბოდბისხეველთა, მირზაანელთა და პრასიანელებისა…

მთავარმართებლის ბრძანებით გვეკითხებიო, – მოახსენებენ ბოდბისხეველები თავიანთ მოურავს თ. იოსებ ანდრონიკაშვილს, – თუ რამ გვაიძულა გვეღალატა ხელმწიფისათვის და აჯანყება მოგვეწყო. ღალატი გულში არ გაგვიტარებია, მაგრამ ცამეტი წლის განმავლობაში, რაც ხელმწიფემ ღირსი გაგვხადა მფარველობისა, სული ამოგვხადა უსამართლობამ. ამგვარი უღვთოება და უბედურება არ გამოგვიცდია ლეკთა, ყიზილბაშთა და ოსმანთა ბატონობის დროსაც კი. ვითმენდით, ვიტანდით თავზე მოვლენილ ჭირსა, რადგან ერთგულობის ფიცი მივეცით ხელმწიფეს, მაგრამ როდესაც ხელიდან ცოლები წაგვგლიჯეს, ვეღარ მოვითმინეთ და ავიშალენით. რუსებმა მოსტაცეს ცოლი ბინობაშვილს, ორი კვირა ჰყავდათ ბოდბისხევში და შემდეგ დაითხოვეს. ბაღაშვილსა და ხოპაშვილსაც წაართვეს ცოლები, თითო კვირა ჰყავდათ თავიანთსა და მერმე დაითხოვეს. ცოლთა გაუპატიურება და ნამუსის ახდა საკუთარი თვალით იხილეს ამ უბედურებმაო. კანონი ხელმწიფისა ისეთია, რომ თუ მამაკაცი რასმეს დააშავებს, სასჯელიც დამნაშავეს უნდა გადახდეს. ამის მაგიერ წაავლებდნენ ხელს დედაკაცებს, ჩახდიდნენ ნიფხვებს და ჯოხებით უკან ტანს უჭრელებდნენო…

ამავე სიღნაღის მოურავს თ. იოსებ ანდრონიკაშვილს მოახსენებენ პრასიანელები: ისე დაგვარბიეს და შეგვაწუხეს მოხელეებმა, რომ გამწარებული სიკვდილს ვეძებდით, მაგრამ ჩვენი მფარველი და პატრონი არსადა ჩანდა, გაუნელებელ ცეცხლის ალში გავეხვიეთ, ვიწოდით და ვიდაგებოდით, მაგრამ მანუგეშებელი ვერავინ ვნახეთ… სამართლის კარი ხომ დაიკეტა და დაიხშო ჩვენთვის. გაგონებითაც არა გვქონია გაგონილი, რომ ჩვენში დავიდარაბა ატეხილიყოს წყლისა და მამულის გამო. განზრახ წაჰკიდებდნენ სოფლებსა, ჩამოაგდებდნენ შურსა, შუღლსა და შემდეგ 400-600 მანათ ქრთამს რომ ასწაპნიდნენ, ბრალიანსა და დამნაშავეს ამართლებდნენ. უმიზეზოდ უდანაშაულო კაცს გადაეკიდებოდნენ და იძულებულ ჰყოფდნენ იწროებას შინა ჩავარდნილი ადამიანი გადახვეწილიყო სადმე. მაშინ გადახვეწილის მეზობლობას ღალატს შეგვწამებდნენ და მოგვისევდნენ ჯარსა დასარბევად, იჭერდნენ და ატუსაღებდნენ უდანაშაულო კაცს და ათავისუფლებდნენ ნაობახტიდან, თუ 400 მ. სასყიდელს მივართმევდით… იმპერატორი ალექსანდრე პირველი კურთხეული საქვეყნოდ დაჰპირდა საქართველოს პატრონობა-მფარველობას. თურმე თორმეტი წლის შემდეგ ამ პატრონობას უწევდნენ მოხელენი ერთმორწმუნე ერს!

ყოვლად შემძლე ღმერთს გასცემთ პასუხს, მოახსენებენ მირზაანელნი თ. იოსებ ანდრონიკაშვილს, თუ ჩვენს ამბავს სავსებით არ მიუტანთ მთავარმართებელსო. ჩვენი და მირზაანელ ქევხა დიმიტრას საჩივარი და შევიწროება ისაა, რომ ცოლებს გვტაცებდნენ, ქმრებს ხელებს უკრავდნენ და ჩვენ თვალწინ ჩვენს ცოლებთან მრუშობდნენ. დედაკაცი წივის და კივის, კაცო, მიშველე; ქმარი- კი ლუღლუღებს: რა გიშველო შეკრულ-შებოჭილმაო…

მეამბოხეებმა შეიპყრეს სიღნაღში მაიორი გეინე, ქვედა-ნოვგოროდელთა დრაგუნის პოლკის კამანდირი მაიორი პოტლოგი და რამდენიმე ოფიცერი და ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს. ვიდრე ამას მოიმოქმედებდნენ, მეამბოხეებმა თურმე ენები დააჭრეს, ჯერ გადააყლაპეს და მხოლოდ შემდეგ აჩეხეს. უკვირს გარიბალდის თანამემამულე მარკიზს ქიზიყელთა მართლა რომ ბარბაროსული და ველური გაბოროტება და იმას კი არ დაგიდევს, თუ რამ გამოიწვია ასეთი ველურობა.

 

***

კახეთი რომ იწეწებოდა და იგლიჯებოდა საეგზეკუციო კამანდებით, ამ დროს თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთის მიყრუებული სამოურავო შედარებით განცხრომით ბრძანდებოდა. მოუსავლობა-შიმშილობამ ამ კუთხესაც გაჰკრა ბასრი კლანჭები, მაგრამ სამაგიეროდ თიანელებს ჯერჯერობით არ ეწვნიათ, თუ რა გემოსი იყო მარკიზის მიერ ჩაყენებული ეგზეკუცია. კვნესა და გმინვა ბარისა მთას ესმოდა, გარკვევით მოდიოდა ამბავი კახელის ოჯახებში ჩაყენებული ჯარის ავკაცობისა, მთა სწუხდა, მოძმე კახელის დარბევას რომ ხედავდა, მაგრამ რაკი თვითონ არ ეხილა და არ განეცადა ეგზეკუციის მრავალფეროვანება, კუშტად იდგა და დროს ელოდა, ვნახოთ ბედი რას მოგვიტანსო.

ჩოლოყაშვილების გვარში მემკვიდრეობით გადადიოდა ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მოურავობა. სწორედ აი ამ გვარის კაცს, თ. ივანეს გაუგზავნეს ფული ხალხისთვის დასარიგებლად. მოურავ ჩოლოყაშვილს გამოგზავნილი ფული მიუთვისებია და მარკიზის მოწმობით თიანელებისა და ფშავ-ხევსურებისგან 600 მანათი თეთრი ქრთამად გამოურთმევია, რადგან პირობა დაუდია, გაწერილ პურს ხაზინა აღარ მოგთხოვთ, მე ვიცი და ჩემმა კაცობამაო. ხალხმა სიხარულით მიართვა მოურავ ჩოლოყაშვილს 600 მ., ვინაიდან პური თავის სამყოფი არა ჰქონდათ და სასურსათო მაღაზიაში რას გაიტანდა. რაკი ვალი ასე ადვილად მოიხადეს, ასე თუ ისე გულიც დაიმშვიდეს და სჯეროდათ, რომ ეგზეკუცია კარს არ მიადგებოდა.

მწარედ მოსტყუვდნენ თიანელები!

გომბორის მთის კალთებზე, მდინარე ალაზნის ხეობაზე შეფენილა პატარა სოფელი ახმეტა. განთიადისას, 31 იანვარს 1812 წ., ახმეტაში, მოულოდნელად ეკლესიის ზარი ჩამოჰკრეს. გულგახეთქილი ახმეტელები ეკლესიის ეზოს მიაწყდნენ და თქვენს მტერსა და დუშმანს, რაც იმათ ამბავი შეიტყვეს, – თელავიდან „ზეკუცია“ მოდის პურის მოსაკრეფადო.

მთავრობა დიდად ეშურებოდა ჯარისთვის საჭირო პურის შეგროვებას და რაკი თიანეთის სამოურავოდან მარცვალი არ შეჰქონდა ხალხს, ამის გამო თელავის კაპიტან-ისპრავნიკმა საეკზეკუციო კამანდები მიუსია სამოურავოს. მოახლოებული კამანდა რომ დაინახეს, ახმეტელები კვარსავით აენთნენ, გონების თვალით წარმოიდგინეს დაწიოკება ჯალაბისა, აოხრება ოჯახისა და სახლ-კარისა და სიბრაზისაგან თვალთაგან სულ ცეცხლის ნაპერწკალი აკვესეს. თვით მარკიზი პაულიჩჩი ატყობინებს მაშინდელ პოლიციის მინისტრ ბალაშოვს, რომ ახმეტელების სიბრაზე-გამწარებამ, კამანდის მოახლოვების გაგონებაზე, უაღრესობამდე მიაღწიაო: გონებადაბნეული ახმეტელობა მივარდა კამანდას, სცემა და სირცხვილნაჭამი უკან გარეკა. მეორე დღეს, პირველ თებერვალს, თელავიდან წამოვიდა პატარა რაზმი ეგერებისა და დრაგუნებისა. მიუახლოვდა თუ არა რაზმი ახმეტას, ახმეტელებმა თოფები დაახალეს. ამჟამად მარტო ახმეტელები არ იყვნენ, გვერდში ედგათ მატნელები და შორიდან საშველად ჩამოსულები: თიანელები, ფშავი და ხევსურნი.

საეგზეკუციო კამანდები მრავალრიცხოვანი არ გახლდა. ბევრი-ბევრი თითოში ყოფილიყო 10-20 სალდათი. იოანე ბოდბელი მოახსენებს პაულიჩჩის, რომ სოფლად ჩაგვიყენეს 12 სალდათიო. პურის მოსაკრებად, სოფლის ასაკლებად და დასაწიოკებლად არცაა საჭირო ამაზე მეტი. თუ ბატონიშვილ დავითის ცნობა მართალია, თიანელებმა ამოსწყვიტეს 2 თებერვალს 1812 წ. 150 სალდათიო, მაშ უნდა ვიგულისხმოთ, რომ საეგზეკუციო კამანდას თიანელებმა ზედ მიაყოლეს მეციხოვნე ჯარიც, ესე იგი ის სალდათ-აფიცრები, რომელნიც ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის სამოურაოში იყვნენ ჩაყენებულნი მშვიდობიანობის დასაცველად და რუსის მართვა-გამგეობის სახელის განსამტკიცებლად.

აჯანყების პირველ პერიოდს ასე აღუწერს მარკიზი პაულუჩჩი უქვეშევრდომილესს რაპორტში იმპერატორ ალექსანდრე პირველს:

თელავის კაპიტან-ისპრავნიკის მიერ გაგზავნილი საეგზეკუციო კამანდა მიუახლოვდა ს. ახმეტას 31 იანვარს 1812 წ. ახმეტელებმა, თვალი მოჰკრეს თუ არა კამანდას, ჩამოჰკრეს ზარი, სოფელი ფეხზე დააყენეს, ეცნენ კამანდას, კარგად მიბეჟეს და გარეკეს. შეშფოთებულმა კაპიტან-ისპრავნიკმა ეგერებისა და დრაგუნთა მცირე რაზმი გაგზავნა ახმეტას კამანდის საშველად და თვითონაც ქართველ თავადიშვილთა თანხლებით გაეშურა ახმეტისაკენ, რათა გამოეძია და გამოეკვლია, თუ რა ხდებოდა ახმეტაში. სულ რაღაც თორმეტი ვერსი არცკი გაევლო კაპიტან-ისპრავნიკს თელავიდან, ამბავი მოურბენინეს, – ახმეტელებმა, თიანელებმა და ფშავ-ხევსურებმა ალყა შემოარტყეს ეგერთა და დრაგუნთა რაზმსაო. ნუ სჩადით კანონის წინააღმდეგ საქმესა, არიგებდა კაპიტან-ისპრავნიკი და მასთან მყოფი თავადიშვილები, მაგრამ დარიგებამ ვერ გაჭრა. მეამბოხეებმა თოფები დაახალეს კაპიტან-ისპრავნიკსა და თავადიშვილებს. გულგახეთქილი კაპიტან-ისპრავნიკი ფიცხლავ დაბრუნდა თელავს და მოითხოვა ჯარები ამბოხების ჩასაქრობად.

კახეთის აჯანყების ამბავმა ტფილისს მოაღწია 3 თებერვალს და მარკიზის სიტყვით, დიდი აურზაური გამოიწვია. საფიქრებელი-კია, რომ ელდა ეცემოდა მარტო მოხელეობას, თორემ მაშინდელი ტფილისი მიჩვეული იყო ამბოხება-აჯანყებას და „კახეთის ბუნტი“ პირისპირ გაწუწკებულ მოხელეებისა, რომელთა ვერაგობა-მუხანათობას ტფილისელებიც კარგად იცნობდნენ, აგრე რიგად არ შეაფიქრიანებდა. ჟამსა იარაღის ჩხარუნისა, ახმეტელების საქციელი – ცემა-ტყეპით გამობრუნება სადავლოდ მისულის კამანდისა, ვის გააკვირვებდა და შეაშფოთებდა? ვინ იცის, ეგები კიდევაც უხაროდათ, რომ გაუთლელმა ახმეტელებმა ჯავრი ამოჰყარეს თავგასული ჯარისკაცებისა.

მეამბოხეთა ძალა თანდათან იზრდებოდა. ახმეტელებს, თიანელებს, მატნელებსა და მარელისელებს, 3 თებერვალს მიემხრნენ ახლომახლო სოფლები და თავადიშვილები. 4 თებერვალს მეამბოხენი მიადგნენ თელავს და თელაველი სომხების შემწეობითა და დახმარებით შეცვივდნენ ფორშტადტში, აიკლეს რუსის აფიცრებისა და მოხელეთა სადგურ-ბინები, რამდენიმე სალდათი მოკლეს და დაიტაცეს რაც სასურსათო ორ მაღაზიაში პური შეეგროვებინათ. თელავის კამენდანტმა მაიორ შმატოვმა ძლივძლივობით თავი შეასწრო ციხეში 50 ჯარისკაცით და მხნედ გაუძალიანდა კარზე მომდგარ მტერს. გომბორიდან წასული მაიორი ვრონსკი სამი როტა ქვეითა ჯარით უბრძოლველად ვერ შევიდოდა თელავის ციხეში. მეამბოხენი ჩაუსაფრდნენ ვრონსკის ფორშტადტის ყოველ კუთხეში და თოფები დაუშინეს. ცხარე ბრძოლის შემდეგ ვრონსკიმ გაარღვია მეამბოხეთა წრეები და ციხეში შევიდა. მაიორს მოუკლეს 11 კაცი, 10 დაატყვევეს; დაუჭრეს 2 აფიცერი და 30 ჯარისკაცი. საგარეჯოდან წასულ მაიორ ესიპოვს უარესი დღე დააყენეს მეამბოხეებმა. მართალია, მაიორ ესიპოვმა ბევრჯერ მოიგერია მეამბოხენი, წინაც გაილაღა, მაგრამ ბოლოს მოიმწყვდიეს ვიწრო გასავალში და თითქმის ნახევარი რაზმი გაუწყვიტეს. მოკლეს აგრეთვე თვით ესიპოვი… დრაგუნები და მეციხოვნენი ციხეში ვაი-ვაგლახით შევიდნენ. ზარალი საგრძნობელი მოუვიდათ რუსებს. ამ ბრძოლაში დაკარგეს 156 ჯარისკაცი. ამ რიცხვში ითვლება მაიორი ესიპოვი, არტილერიის პარუჩიკი ვრონსკი და სასურსათო კამისიონერი მეცამეტე კლასისა სობოლევი.

 

***

აჯანყება, ანუ ოფიციალურად „ბუნტი“, რაკი დაიწყო, სისწრაფით ვრცელდებოდა. მისი ატეხა, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, პაულიჩჩიმ თ. ივანე ჩოლოყაშვილს დააბრალა. უკვე განსვენებულს რაღას დააკლებდა და ნათესავებს მისწვდა გაჯავრებული მარკიზი. ივანეს ნათესავები, ბრძანებს მთავარმართებელი, სხვადასხვა გაიძვერობით ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ თიანეთის სამოურაო და ამის გულისათვის ხალხი წააქეზეს და მთავრობას მიუსიეს. ამგვარად „ბუნტის“ ალი მოედო მთელ კახეთსაო. აჯანყების მეთაურნი მიწის მგელსავით ხან ერთ სოფელში, ხან მეორეში გაჩნდებოდნენ ხოლმე და ზოგს ტკბილი სიტყვით, ზოგს ძალითაც თავისკენ იბირებდნენ. ბოდბისხეველებმა და პრასიანელებმა პირდაპირ გამოუცხადეს მარკიზ პაულიჩჩის თავიანთ მოურავის ანდრონიკაშვილის პირით: ამბოხება თიანეთში დაიწყო და ჩვენამდე იქიდან მოვიდაო. შეგვეშინდა აკლება-დანიავებისა, ბევრი ჩვენგანი კიდეც დაარბიეს და იძულებული ვიყავით მეამბოხეებს უკან გავყოლოდითო. რაკი კახელებმა საქმე წააგეს და რუსები თავიდან ვერ მოიშორეს, ქიზიყელებმა თავი მოიკატუნეს. ჩვენ რა, კრავები ვართ, თიანელები რომ არ ყოფილიყვნენ, ვითომც ხმასაც არ ამოვიღებდითო. გამოძიების დროს ტყუილად გაიტეხეს სახელი ქიზიყელებმა. მართალია, დაწყებით თიანელებმა დაიწყეს აჯანყება, მაგრამ ქიზიყელებმა სინსილა გაუწყვიტეს და მეტი რაღა უნდოდათ. მაინც თავის მართლებამ ვერ გაჭრა და „ბუნტოვშჩიკები“ სასტიკად დაისაჯნენ.

ამბოხების ნაპერწკალი ალაზნის პირიდან გომბორის მთით ივრის ხეობას მოედო და ტფილისის მახლობელ სოფლებს უწია. რუსთა მხედრობის სუსტი რაზმები დაიბნენ და რიგიან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ აღელვებული ერის ძალას. ამავე დროს წერილი წერილზე მოდიოდა ალექსანდრე ბატონიშვილისგან. სპარსეთის ტახტის მემკვიდრე, შაჰზადა აბბას-მირზა მაცდუნებელ ფირმანებს უგზავნიდა ქართველებს. მოვდივარ თქვენ საშველადო, სწერდა აბბასი ქართველებს, მხნედ იყავით და ებრძოლეთ რუსებსა. დიდძალი ფულიც უკვე კაი ხანია, რაც გამოვგზავნეო.

აბბას-მირზას პროკლამაცია ფრიად საყურადღებო დოკუმენტია, ამბოხებას აორკეცებდა, ქართველობას იმედს უნერგავდა, რომ ტყუილად არ ჩაივლის განწირული სულისკვეთება და თავიდან მოვიშორებთ დაუპატიჟებელ სტუმრებსო… ქართველები არც ისე ტუტუცნი იყვნენ, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ აბბასის პროკლამაციის ბაქიაობას. კარგად იცოდნენ, რომ ყიზილბაშთა სარბაზნი თვალთაგან ცეცხლს უხეიროდ აკვესებდნენ, რომ მათი ზარბაზნების სროლისაგან იალბუზს ზანზარი არ გაუდიოდა. ბაბა-ხანისა და აბბას-მირზას დროს სპარსეთი ვეღარ ლომობდა. სამუდამოდ წარვიდა დრო დიდებისა და თავზარდამცემი ჭექა-ქუხილისა. ლანქარანში კოტლიარევსკი ყბაში რომ მძიმედ დაჭრეს სპარსელებმა, მაიორი ივანე ნიკოლოზის ძე აფხაზიშვილი ერთი ბატალიონით მიესია და სულ კუდით ქვა ასროლინა სპარსელებს. განა მარტო ეს ამბავია საკვირველი, წარსულიდან სხვა უფრო ბევრ მაგალითს მოიგონებდა ქართველი კაცი, მაგრამ შაჰზადას პროკლამაცია მაინც დიდად მოქმედებდა ამბოხებაში გაბმულ კახელობაზე. მარტო იმედიც დიდი რამაა ბრძოლის დროს და იმედს კი უხვად აძლევდა აბბასი რუსის მხედრობასთან მებრძოლ ქართველებს.

თელავში ჩაკეტილი რუსები დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. კამენდანტ შმატოვის მეციხოვნენი, ძალზე შეთხელებული და შებერტყილი რაზმები ვრონსკისა და განსვენებული ვსიპოვისა დიდ ხანს ვერ გაუძლებდნენ აჯანყებულებს. მაშველი ჯარი ვინ იცის, როდის მოვიდოდა, ან მოვიდოდა კი? მარკიზი შორს იყო საქართველოდან, ყარაბაღში საქმეებს არიგებდა, კახეთის ოლქის უფროსს, გენერალ პორტნიაგინს და მარკიზის მაგიერს ტფილისში გენერალ კლოტ-ფონ-იურგენსბურგს დავთრები აერიათ, ისე მოულოდნელად მოევლინათ „ბუნტი“, და არ იცოდნენ – როგორ მოეგვარებინათ წამხდარი საქმე.

უფერულად მიმდინარეობდა გულგამაწყალებელი ალყა თელავისა. ვიდრე იერიშს მიიტანდნენ მაიორ შმატოვის მეციხოვნე ჯარზე და თვით ციხეზე, მეამბოხეებმა, როგორც განათლებულ ერთა წესი და რიგი მოითხოვს, კამენდანტს შეუთვალეს – ჯიუტობა არას გარგებს, საშველი არსაიდანაა, დაგვნებდი და სიცოცხლეს გაჩუქებთო. აი რა შეუთვალეს მემბოხეთ კამენდანტსა და ისპრავნიკს:

„ბატონო თელავის კამენდანტო და ისპრავნიკო! საერთოდ აქ შეკრებილნი გეფიცებით უფალსა, წმინდა ჯვარსა და სახარებას, თუ ჩვენ რჩევას დაიჯერებთ და მშვიდობით გამოხვალთ ციხიდან, არას დაგიშავებთ და როგორც ძმასა და საკუთარ მამას არ ვაწყენიებთ, აგრედვე თქვენ ცოდოში არ ჩავდგებით. კარგად იცოდეთ, საცა კი რუსის ჯარი იდგა: ქიზიყში, არაგვზე, საგარეჯოს, მტკვრის გამოღმა, კახეთში და ქართლში, ყველგან ამოსწყვიტეს და მათი სახსენებელი ძირიანად ამოაგდეს. სადაც დამორჩილდნენ და ქედი მოიხარეს, სიკვდილს გადარჩნენ და განთავისუფლდენ. ფიცით გარწმუნებთ, გამოხვალთ თუ არა ციხიდან, მშვიდობით გაგისტუმრებთ. თუ გაჯიუტდებით და რჩევას არ შეისმენთ, თქვენ იცით; ჩვენ ჩვენი ვალი შევასრულეთ. იცოდეთ-კი, რომ დღეიდან მოლაპარაკებაზე ხელს ავიღებთ და ერთს სიტყვასაც აღარ მოგაწვდით. ხომ ჰხედავთ ამ შეკრებილ ჯარსა, ყველანი თქვენ საწინააღმდეგოთ შეიკრიბნენ აქა. გვერწმუნეთ, თქვენ ვეღარა გიხსნით რა, ან ვინ მოგეშველებათ! რა სარფაა ტყუილ-უბრალოდ სიკვდილი.“

მაიორ შმატოვმა კახელ მეამბოხეთა ულტიმატუმი არ მიიღო, რჩევა არ შეისმინა და ციხეში უფრო მაგრად ჩაიკეტა. ჩაკეტვით ჩაიკეტა შმატოვი ციხეში, მაგრამ გაძლება კი ძნელი იყო. კაცს კაცზე ჰგზავნიდა საგარეჯოსა და ტფილისს, ჩქარა მომეშველეთ, თორემ გაძლების საღსარი აღარა მაქვსო.

გენერალ პორტნიანგის ტფილისიდან მიუვიდა ს. საგარეჯოს ორი როტა ჯარი სამის ზარბაზნით. მოსულებს მიუმატა ეგერთა ერთი როტა და აპირებდა თელავში გაგზავნას შმატოვის საშველად. რადგან აჯანყება თელავის მაზრიდან სიღნაღისაში გადავიდა, ორი მაშველი როტა ეცოტავა პორტნიაგინს და შეუთვალა ბარონ კლოდტს – კიდევ მომაშველე ორი როტა ზარბაზნებითაო.

რაღა მოგაშველო, როცა ტფილისში სულ ექვსი როტა ჯარი მყავსო, შეუთვალა ბარონმა პორტნიაგინს. ტფილისი საქართველოს უპირველესი ადგილია და უჯაროდ ხომ ვერ დავტოვებო. ამისათვის უბრძანა კახეთის ოლქის უფროსს, წინათ რომ ხერსონის პოლკის ორი როტა ჯარი მოგაშველე, შეუერთე საგარეჯოში მყოფ ჯარებს, შემოიკრიბე აგრეთვე სხვადასხვა სოფლად გაბნეული წვრილ-წვრილი რაზმები და ტფილისს დაბრუნდიო. შეშინებულ ბარონს სრულიად დაავიწყდა ციხეში გამომწყვდეული შმატოვი. იმის ფიქრსა და დარდში იყო, როგორმე ტფილისი შეენარჩუნებინა და საქმე ასაბარგებლად არ გახდომოდა. ქართლის ოლქის უფროსს გენერალ-მაიორ სტალს იმავე ბარონ კლოდტმა მისწერა, ქართველ გრენადერთა პოლკის ორი როტა ტფილისში გამომიგზავნე და ორი როტაც მაგავე პოლკისა ერთის ზარბაზნით ღართისკარში გაგზავნე, რომ თვალ-ყური ადევნონ არაგვის მარცხენა პირზე მდებარე სოფელ ბულაჩაურს და ხელი შეუშალონ მემბოხეთა შეერთებას ქართლელებთან. ბამბაკის ოლქის უფროსს გენერალ მაიორ ლისანევიჩსაც მისწერა ბარონმა, ფიცხლავ მომაშველე ერთი ბატალიონიო.

მაიორი შმატოვი კი დახმარებას თხოულობდა. ს. ანაგას დაბანაკებული დონელ ყაზახთა მერვე პოლკი პოზდეევისა უნტერ-შტაბ-ესაულ კუზნეცოვის უფროსობით თელავისაკენ გაემართა, მაგრამ აჯანყებულებმა გზა მოუჭრეს, ანაგის პურის მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და კუზნეცოვი ისე დაამარცხეს, რომ ცოცხალი ძლივს გადარჩა. გულგახეთქილი კუზნეცოვი რამდენიმე ყაზახითა და ბაირაღით მიიჭრა საგარეჯოს, სადაც ბინა ჰქონდა დადებული ნარვის დრაგუნთა პოლკს. მანავსა და კაკაბეთს იდგნენ ამავე პოლკის ესკადრონები. მეამბოხენი შემოერტყნენ დრაგუნებს და სულ გაწყვიტავდნენ, მაიორ კორობსკის რომ არ მოესწრო საგარეჯოდან ხერსონის პოლკის ერთი როტით. კაკაბეთში ერთი ესკადრონი იდგა, გადარჩა სიკვდილს მხოლოდ 17 დრაგუნი. ესკადრონის უფროსი მაიორი მარტინოვი მძიმედ დაიჭრა და მალე გარდაიცვალა. მანავისა და კაკაბეთის ყაზარმები დაწვეს, ხოლო დრაგუნების ავეჯი, ტანსაცმელი, აგრეთვე ცხენთა მოკაზმულობა ხელთ იგდეს და დაიტაცეს. საგარეჯოსაკენ წამოსულ მაიორ კორობსკის მეამბოხენი მოსვენებას არ აძლევდნენ და ფეხდაფეხ მისდევდნენ თოფის სროლით, თითქოს ნეფე-დედოფალს აცილებენო.

მთავრობას გაუჭირდა. კრიტიკული მომენტიო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი დრო დაუდგათ რუსებს. გაჭირვების ჟამს მოიგონეს სამაზრო მარშლები, მოურავები და ქაღალდები გაუგზავნეს, ყოველი ღონე იღონეთ, ეგები როგორმე ხალხი დააწყნაროთო. კაპიტან-ისპრავნიკებს კი მისწერეს, შეაჩერეთ სასურსათო პურის მოკრეფაო. პატივცემულ თავადებსა და სასულიერო გვამთ ეხვეწებოდა მთავრობა, დაგვეხმარეთ, ჩააგონეთ რამე ხალხსა და ხელი ააღებინეთ ამბოხებაზეო, მაგრამ აღარ ჭრიდა ტკბილი სიტყვა და ჩაგონება. მოციქულებს ზუზუნა ტყვიას უგზავნიდნენ და ახლოსაც არ იკარებდნენ სალაპარაკოდ. თელავისა და სიღნაღის ამბების გასაგებად ბლომად გაიგზავნა შიკრიკი და ენატანია, მაგრამ ვაი თქვენს მტერს, რაც ამათ ბედი ეწიათ. სადაც კი მოასწრებდა გაბოროტებული და გაალმასებული ხალხი ენატანიას ან მთავრობის შიკრიკს, იქვე განუკითხავად ანდერძს უგებდა და წუთისოფელს ასალმებდა…

 

***

მაშ ასე, თებერვლის შუა რიცხვებში 1812 წ. შიდა და გარე კახეთი თითქმის გასუფთავდა რუსთა მხედრობისაგან, მათი მართვა-გამგეობა ხუხულასავით დაიფუშა ერთი შებერვით. თელავისა და ყარა-აღაჯის მშიერ-მწყურვალი მეციხოვენნი არცაა გასათვალისწინებელი. ტლანქი უღელი, გამოჩორკნილი კაპიტან-ისპრავნიკთა და კამისიონერთა მიერ, ზედ შუაზედ გადატყდა და ნატეხები შიგ თავში მოხვდა პატივცემულ სასურსათო მოხელეთა და მათს მსგავსებსა. კახეთმა ძველებურად, ქართულად ამოისუნთქა და ქართულადვე დაიწყო ცხოვრება, ფიქრიანობა და აზროვნება.

კახელებმა მეფე ამოირჩიეს. ბატონიშვილმა დავითმა იძუნწა და არ შეატყობინა შთამომავლობას, როდის ამოირჩიეს, სად ან რა ცერემონიით მეფე. მაყრიონს და ქორწილს რა ლაზათი აქვს, თუ თავში „ნეფე“ არაა გამოჭიმული. კახელებიც ასე მოიქცნენ. ბევრი ძებნაც არ დასჭირვებიათ მეფის საშოვნად. იქვე კახეთში ყოფილა ბატონიშვილი გრიგოლი იოანეს ძე. თვით იოანე გიორგის ძე მოსკოვში იმყოფებოდა. როგორ დაავიწყდათ გრიგოლი და სხვების მსგავსად თავი არ უკრეს რუსეთისკენ, ვერ გავიგეთ. გრიგოლი ერთადერთი ბატონიშვილია, რომელიც დავიწყებოდათ მაშინდელ მთავარმართებლებს. დავიწყებული ჰყოლიათ თვით ქართველებსაც, თუმცა ბატონიშვილ დავითის უშვილობის გამო ქართველები ამ გრიგოლს ისე უცქერდნენ, როგორც კანონიერ მემკვიდრეს. ამბოხების მეთაურებმა გრიგოლი რომ მეფედ გამოაცხადეს, კახეთი სიხარულით ფეხზე აღარ იყო. მცირე უკმაყოფილება არავის გამოუცხადებია, არავის გაურჩევია, რა კაცია გრიგოლი, შეძლებს მეფობას ამ მღელვარებით სავსე დროსა თუ არა. ამ საგნის გარჩევასა და გამოძიებას არავინ კისრულობდა. რაკი ხმა გავარდა, მეფე ამოვირჩიეთო, ყველამ ერთხმად იწამა და შეჰფიცა ერთგულება, მეფობისათვის სიკვდილი და სამსახური: მოგეხსენებათ, რა ძნელია ქვრივობა და კახელებსაც ბავშვივით უხაროდათ, რომ ასე ადვილად გაათხოვეს მთელი თერთმეტი წელიწადი ქვრივობაში მყოფი საქართველო, საშუალება მიეცათ ძაძა გამოეცვალათ და გრძელი წვერები საშინაო მგლოვიარობისა დაეპარსათ. კახელებს ალბათ ერთი რამ ეწყინებოდათ ქორწილ-მხიარულობის დროს. აქ არ იყო კათალიკოსი ანტონი. გენერალ ტორმასოვმა სწორედ უდროო დროს გაისტუმრა რუსეთს საქართველოს ეკლესიის უფროსი.

 

***

ტფილისს დაბრუნებულმა გენერალ პორტნიაგინმა, როგორც ჩინით უფროსმა, ჩაიბარა საქართველოს გამგეობა მარკიზის მოსვლამდე. მეამბოხენი მოუახლოვდნენ ტფილისის გარშემო მდებარე სოფლებს. ს. ავჭალაში მეამბოხეებმა დაიჭირეს ქართლიდან წამოსული ბეგრის ურმები, დატვირთული სასურსათო პურით. შვიდი ურემი წაართვეს და მეურმეები გარეკეს. მცხეთის კარანტინს უბრძანა პორტნიაგინმა – გორიდან აღარავინ გამოუშვათ ქალაქში მტკვრის მარცხენა ნაპირით, თორემ ვაი თუ მეამბოხეებმა ხელთ იგდონო.

ბორჩალო ზედ აკრავს საქართველოს დედაქალაქს. აქაურმა მოურავმა პოდპოლკოვნიკ თ. ერისთავმა შეატყობინა პორტნიაგინს, კახეთიდან ჩამოვიდნენ მეამბოხეთა გამოგზავნილი კაცები და თათრობას აგულიანებენ რუსების წინააღმდეგ. თავს ნუ დაზოგავ, სწერდა პორტნიაგინი ერისთავს, ან როგორმე დაატყვევე მოღალატენი, ან სიცოცხლეს გამოასალმეო. შიში მოელოდა ქალაქს მარტყოფიდან. მდ. იორიდან მოყოლებული მარტყოფამდე მეამბოხეებმა ყველაფერი ხელთ იგდეს და ქალაქს ემუქრებოდნენ. პორტნიაგინმა მარტყოფს გაგზავნა ხერსონის პოლკის ბატალიონი ოთხი ზარბაზნით პოლკოვნიკ ტიხანოვსკის უფროსობით, თვითონ კი ტფილისის გამაგრებას შეუდგა. საიდუმლო ადგილებში ყარაულები ჩააყენა და ზარბაზნები ბატარეებზე დაალაგა…

გაწვრთნილი ჯარის იერიშს ვერ გაუძლეს მეამბოხეებმა. დიდი ზარალი მოუვიდათ ხიშტებისაგან, თითქმის 200 კაცი დააკლდათ მოკლული. ორიოდ-სამიოდე ფშაველი და ხევსური ტყვედ ჩაუვარდათ რუსებს. იძლივნენ მეამბოხენი და მაგარ მთებს შეაფარეს თავი. რუსებს სულ მცირედი ზარალი მოუვიდათ. სათქმელადაც არა ღირს ამ ზარალის აღნიშვნა. ერთი გრენადერი მოუკლეს და 10 ჯარისკაცი დაუჭრეს… ხაშმელების უბედურება მოხდა 19 თებერვალს. პოლკოვნიკ ტიხანოვსკის სიტყვით, ხაშმთან დამარცხებამ თავზარი დასცა მეამბოხეებს. მეორე დღეს ბოდიშის მოსახდელად მისულან პოლკოვნიკთან ყარაბულახელნი, უჯარმელები, ხაშმელები, სართიჭალელები, მუღანლოელები და უთხოვიათ – ნება მოგვეცი ჩვენ ბინებზე დავბრუნდეთო. რაკი ნებართვა აუღიათ, მთებიდან ცოლ-შვილი ჩამოუყვანიათ და თავთავიანთ სახლებში დაბინავებულან.

ტიხანოვსკის თან ჰყავდა ერთგული ქართველი თავადიშვილები. ამ თავადიშვილების წყალობით და აგრეთვე დეკანოზ მარკოზოვისა, პოლკოვნიკ ტიხანოვსკიმ მარტყოფელებს პირჯვარი დასწერა და ხელმწიფის მორჩილება-ერთგულობაზე დაითანხმა. მარტყოფელებმა შეისმინეს ჩაგონება დეკანოზისა და რუსეთის ერთგულ თავადიშვილებისა და მიიღეს ფიცი რუსეთის მთავრობის ერთგულობაზე. რუსები რომ ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას, დიდ ხანს ვერ დაამყარეს საქართველოში სიწყნარე, სიმშვიდე და მორჩილება. ჯერ კიდევ ქედმაღალი იყო მაშინდელი ქართველი, მონური მორჩილება ეხამუშებოდა და ხშირად „ბუნტობდა“, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ტლინკებს ისროდა. სამხედრო კამანდები და ზოგჯერ დიდი ლაშქარი აყუჩებდა ზარბაზნის ყუმბარით ან ხიშტით გაავზნებულ ქართველს და დაწყნარების შემდეგ ერთგულების ფიცს მიაღებინებდა ხოლმე. ისე გახშირდა ერთგულების ფიცის მიღება, რომ ბოლოს ყოველი ფასი დაეკარგა ფიცის მიღებას. ერთსა და იმავე კუთხის მკვიდრს მრავალჯერ მიუღია ფიცი ერთგულობისა და მაინც გაუტეხია იგი. ეს გარემოება უნდა იყოს მიზეზი, რომ შემდეგ ხანებში ჩვენში ჩალის ფასი გახდა ფიცი. ორიოდე გროში თუ დახარჯე, რამდენიც გნებავთ, იმდენს იშოვით ტყუილ მაფიცარს. ყველაფერს საფუძველი ისტორიაში უნდა მოუძებნოს კაცმა. ორ-სამ დღეში არა ტყდება ხასიათი ერისა. დიდი შრომა და ღვაწლია საჭირო ერის გათახსირებისათვის და აკი არ იშურებდნენ არც ერთსა და არც მეორეს ერის კარგ თვისებათა შესაბღალად.

მაშინდელმა საქართველომ არ იცოდა, რა ხილი იყო დღევანდელი სტრატეგია და ტაქტიკა. მართალია, არ იცოდა სამხედრო მეცნიერების დედააზრი, მაგრამ ის კი კარგად იცოდა, რომ რუსების ამოსაწყვეტად საჭიროა მასაზრდოებელი გზა მოეჭრას რუსის მხედრობას. ეს გზაა დღევნდელი საქართველოს სამხედრო გზა, ანუ დარიალის ვიწრო ხეობა… ამისათვის კახელებმა გაშალეს თუ არა ამბოხების დროშა, ანანურის მაზრაში შიკრიკები აფრინეს, აიშალენით და ჩვენთან ერთად იმოქმედეთ რუსთა მხედრობის წინააღმდეგო. არაგველებმა, მთიულებმა, გუდამაყრელებმა და მთის დანარჩენ მკვიდრთ სიხარულით მოისმინეს შემონათვალი და აცნობეს კახელობას – თქვენთან ერთად გავწყდებით და მტერს ბოლოს მოვუღებთო. სულ რაღაც ერთმა კვირამ გაიარა, რაც თიანეთსა და ახმეტაში „ბუნტი“ დაიწყო და მთელი ანანურის მაზრა აჯანყების ბოლსა და კვამლში გაეხვია. ათ თებერვალს 1812 წ. ფასანაურის პოსტზე მდგარი რუსები გაჟლიტეს, ანანურისა და ღართის-კარის მეციხოვნეთ ალყა შემოარტყეს და სამხედრო გზაზე მისვლა-მოსვლა სრულიად მოსპეს.

მეამბოხეებმა, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, შეკრეს საქართველოს სამხედრო გზა და ცოტა არ იყოს, გული მოიფონეს, – რუსის მაშველი მხედრობა საქართველოში ვეღარ შემოვა და აქაურებს ჩვენ გავუსწორდებითო. მაინც გული ეთანაღრებოდათ, ვაი თუ რუსების ერთგულმა გაბრიელ ყაზბეგმა გზა გახსნას და კავკასიის ქედზე ჯარი გადმოატაროსო. გულის მოსაგებად, ასე განსაჯეთ, მეფობაც კი შესთავაზეს მეამბოხეებმა გაბრიელს, მაგრამ ყაზბეგმა სახელგატეხილ ქართულ მეფობას რუსის ჩინ-ორდენები არჩია და ერთხელ მიღებული ფიცი ერთგულებისა არ გატეხა…

ურიგო ამბავს არც პოდპოლკოვნიკი უშაკოვი იწერებოდა. დუშეთის დამორჩილების შემდეგ უშაკოვი დაუყოვნებლივ გაემართა ანანურისკენ. დუშეთიდან ორი ვერსის მანძილზე ანანურის გზაზე დამდგარ რუსის მხედრობას წინ გადაეღობნენ აჯანყებულნი და სროლა აუტეხეს. უშაკოვმა გზა გაიკვლია, ანანაურს ავიდა და შეება აჯანყებულთ, ციხეს რომ ეხვივნენ გარს. იძლივნენ მეამბოხენი და გამარჯვებული უშაკოვი ციხეში შევიდა. მართალია, ანანაური განსაცდელს გადარჩა, მაგრამ თვით ანანაურის მაზრა ჯერ კიდევ დამშვიდებულად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მარტო კახეთიდან მოსული მეამბოხე 1 000 კაცამდე ადიოდა. პოდპოლკოვნიკ უშაკოვის რაზმი დაბანაკდა ანანაურის ციხის გვერდით. მეამბოხენი მოსვენებას არ აძლევდნენ რაზმს და სხვადასხვა მხრიდან მიუხტებოდნენ ხოლმე. ამგვარმა სითამამემ ძალზე გააბრაზა მხნე და გამარჯვებული პოდპოლკოვნიკი და განიზრახა მოუსვენარი მტრის სამაგალითოდ დასჯა. ენატანიებმა შეატყობინეს, რომ ანანურიდან სამი ვერსის მანძილზე დაბანაკებულია 70 კაცი მეამბოხეო. 17 თებერვალს უსაკოვმა თან წაიყვანა 159 გრენადერი, ღამით ჩუმად მიეპარა მეამბოხეთა ბანაკს, ეკვეთა და თითქმის სავსებით გაჟლიტა… უშაკოვმა ხელთ იგდო ერთი უმთავრესი მეთაური არაგვისპირელთ მეამბოხეთა, სწორედ ის, რომელმაც ლაზათიანად შეამკო ანანურის კამენდანტი და სთხოვა ციხე ჩაგვაბარეო. შიშისა და მაგალითისთვის დატყვევებული მეთაური ჩამოახრჩეს 18 თებერვალს, დილით. მეამბოხეთა ბანაკის აკლებამ და უმთავრესად, მეამბოხის ჩამოხრჩობამ თავზარი დასცა მეამბხეებსო, იწერებოდა უშაკოვი, გული გაუტყდათ და მორჩილება ითხოვესო.

რაკი ანანურელები მიფანტ-მოფანტა პოდპოლკოვნიკ უშაკოვმა, თავისუფლად დაიწყო სიარული სოფლიდან სოფელში, ზოგან ძალით აფიცებდა ხალხს ხელმწიფე იმპერატორის ერთგულებაზე, ზოგან კი თავის ნებით მიდიოდა „მამაც“ სარდალთან დამფრთხალი სოფლელობა ფიცის მისაღებად.

ნათქვამს თავი რომ მოვუყაროთ, თვალწინ ასეთი სურათი დაგვეხატება: ოც თებერვალს შეკრული საქართველოს სამხედრო გზა გახსნა ორპირად წამოსულმა ჯარმა. ანანურისა და დუშეთის მაზრათა მკვიდრნი დაწყნარდნენ, დუშეთისა და ანანურის ციხენი ისევ რუსებს დარჩათ. არაგვზე დარჩა საბრძოლველად მხოლოდ თ. იოსებ სიდამონოვის ათასკაციანი რაზმი, ს. საშაბუროში დაბანაკებული. ტფილისის მიდამოები გაწმინდა მეამბოხეთაგან პოლკოვნიკმა ტიხანოვსკიმ… 21 თებერვალს თვით მარკიზი პაულიჩჩი ჩამოვიდა ყარაბაღიდან ტფილისს. ციბრუტივით დატრიალდა პაულიჩჩი. თავად ციციშვილის მიმბაძველი იმასავით აპირებდა მოქმედებას, ესე იგი ფიცხად უნდა შეუტიო მტერს, რომ გონს ვერ მოვიდეს და დავთრები დაებნასო. ანანურისა და ტფილისის მაზრათა ოლქის უფროსად დაადგინა გენრალი კლოდტ-ფონ-იურგენსბურგი, პორტნიაგინის ავადმყოფობის გამო კახეთში სამოქმედო ჯარის უფროსობა თვითონ იკისრა. ბამბაკიდან მოსულ ბატალიონს უბრძანა – წადი ს. ხაშმს, შეუერთდი ტიხანოვსკის და უცადეთ ჩემს ბრძანებასაო. უშაკოვს კიდევ მისწერა, დაუყოვნებლივ დაეცი თავს საშაბუროში შეკრებილ მეამბოხეებს, დაამარცხე და ს. ბულაჩაურში ჩადიო. ს. ბულაჩაური მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აერთიანებს ანანურისა და თიანეთის მაზრებს. ღართის კარის პოსტის უფროსს, მაიორ კრუჯკოვს უბრძანა: დაუყოვნებლივ ადი სამშაუროს 150 კაცით და დაეხმარე უშაკოვსო…

ვიდრე ტფილისიდან გავიდოდა მარკიზი, უშაკოვმა ერთხელ კიდევ დაამარცხა მეამბოხენი და ამ დამარცხებით საბოლოოდ დაამხო მათი ძალა. საშაბუროში გამაგრებულ მეამბოხეთ გარს უვლიდა უშაკოვი სამი მხრიდან. ქვემოდან ღართის-კარის პოსტიდან გაჩქარებული მიდიოდა მაიორი კრუჟკოვი, რომელსაც გზა შეუკრა ცხრა სანგარით ბულაჩაურიდან გამოსულმა კახელობამ. კრუჟკოვმა სანგრები აიღო და შეუერთდა უშაკოვს; შეერთებული ძალით დასცეს საშაბუროს სიმაგრენი და თუ მარკიზს დავუჯერებთ, სამაგალითოდ დაამარცხეს აჯანყებული კახელობა და არაგველობა.

საერთოდ უხეიროდ და უგემურად მიდიოდა აჯანყების საქმე ქართლში. რაიონი მოქმედებისა პატარა იყო, თითქმის არ გასცილებია არაგვის ხეობას. მიზეზი უგემურობა-უფერულობისა ისაა, რომ თავადაზნაურობა გვერდში არ ამოუდგა გლეხკაცობას, როგორც კახეთში, სადაც, თითო-ოროლას გარდა, მთელი თავადობა გაეხვია მღელვარების კომლში. ყაზახ-ბორჩალო-ბამბაკს რომ შეუთვალეს, თქვენც აჯანყდით და შემოგვიერთდითო, ქაღალდზე 31-მა თავადმა მოაწერა ხელი. კახელები იმოდენა მხნეობს იჩენდნენ, რომ მთელი დეპუტაციაც კი გაგზავნეს ერევანს; ცალკე დეპუტაცია თვით სპარსეთს შაჰ-ზადა აბას-მირზასთან. ქართლში სულ სხვა იყო. უპირველესი გვარები: ერისთავნი, მუხრანიანნი, ამლახვრიანი რუსებს ერთგულობდნენ და აბა რაკი დიდი თავადიშვილები ხელს არ შეუწყობდნენ მთავრობის წინააღმდეგ ერის მოძრაობას, რა გამოვიდოდა და აკი არაფერიც არ გამოვიდა… რაკი დიდებულები მოძრაობას მტრულად უცქერდნენ, წვრილფეხობამ ვერა გააწყო რა და ამის გამო პოდპოლკოვნიკი უშაკოვი ასე ადვილად იხვეჭდა გმირობის სახელსა და იმოსავდა თავს დაფნის გვირგვინებით. ყაზბეგისა, ერისთვიანთ, ამილახვრიანთ და მუხრანიანთ ერთგულობის გამო ქართლის გამგე გენერალი სტალი სულ ადვილად იჭერდა კახეთიდან გამოგზავნილ მოციქულებსა და ასაჯანყებელ ბარათებს, რომელთაც ტფილისში გზავნიდა.

 

***

23 თებერვალს 1812 წ. მარკიზი პაულიჩჩი კახეთისაკენ დაიძრა, სოფ. ხაშმში აპირებდა ასვლას, პოლკოვნიკ ტიხანოვსკის მაშველ ბატალიონით მოღონიერებულ რაზმს ჩაიბარებდა და ამ სოფლიდან შეუტევდა გათამამებულ მტერს. მთავარმართებელი ისე ჩქარობდა ამბოხების რაიონში ასვლას, რომ საიმედო ამალაზე არც კი უფიქრია, თან იახლა მხოლოდ 40 დრაგუნი და 40 ყაზახი.

მოწყვეტილი სიტყვა შემომითვალეთო მისწერა პაულიჩიმ ხაშმიდან მეამბოხეებს. მოციქულებად გაუგზავნა არქიელი და რამდენიმე თავადიშვილი. ორი საათის შემდეგ პასუხს გაახლებთო, მაგრამ ორი საათი კი არა, მთელი 25 თებერვალი დაილია და არავითარი პასუხი არ მოვიდა. უნაყოფო დიპლომატიური მიწერ-მოწერა დასრულდა, არქიმანდრიტ-არქიელების მიგზავნ-მოგზავნა პატრითურთ გათავდა. ბოლო მოეღო აგრეთვე „რუსთა კერძოის“ მჭერელ თავადთა რაშთა ჭენებას ერთის ბანკიდან მეორე ბანაკამდე. იარაღს უნდა გადაეწყვიტა სადავო საქმე – ან თავისუფალი საქართველო, ან კაპიტან-ისპრავნიკების ბატონობა.

მარკიზი ბრძოლის თადარიგს შეუდგა და ყველაფერი რომ გაამზადა, დააპირა მტერს თავს დილით დასცემოდა, 26 თებერვალს… პირველი გამარჯვება სამების მონასტერთან იაფად დაუჯდა მარკიზსა. მოუკლეს მხოლოდ ყაზახთა პოლკის კამანდირი მაიორი დანილოვი და 6 ჯარისკაცი… შეშინდა საგარეჯო და მარკიზს თავი დაუკრა. ეტყობა ხაშმელების აკლება-აწიოკება ელევთერის მჭევრმეტყველებაზე ძლიერი ყოფილა. სული ტკბილია, მოგეხსენებათ და საგარეჯომაც წუთიერი ბედნიერება არჩია ამჟამად ვაჟკაცურად მტრის დახვედრას. საგარეჯოში რომ შევიდა პაულიჩჩი, მეამბოხენი იქ აღარ დახვდნენ, დაეტოვებინათ გატეხილი სოფელი და სხვაგან წასულიყვნენ. საგარეჯოს მალე სხვა სოფლებმაც მიბაძა, მაგალითად კაკაბეთმა, კანდაურმა და მანავმა. ამ ადგილმდებარეობის ფიცი მიიღეს, მაგალითად: ჩერქეზიანთ, მაყაანთ და ყარალაშვილმა.

ავად იყო თუ კარგად, 27 თებერვალს პაულიჩჩიმ კაკაბეთს მიაღწია, მაშასადამე, ხაშმი, საგარეჯო, პატარძეული, მანავი უკვე დამორჩილდა მთავრობასა და როგორ მოუვიდა გრიგოლს, რომ ოცდაშვიდისათვის ქიზიყელებს ხაშმში იწვევს, ძნელი გამოსარკვევია. საჭირო იყო წინიდან დახვედრა მარკიზისა და არა ზურგიდან მოქცევა… პირადად მეფე გრიგოლს ს. ჩუმლაყთან დიდი უბედურება ეწვია. თავადიშვილებმა უღალატეს და მარკიზის მხარეს გადავიდნენ.

სწორედ უხვად აქვს დაბერტყილი უფლის მიერ ქართველის ბუნებას შური, მტრობა, ღალატი. მართლა რომ ეროვნული უბედურება და ღვთის რისხვაა ძვალსა და რბილში გამჯდარი დაუდგრომლობა და ცვალებადობა ხასიათისა. დღეს რომ ერთგულებას გეფიცება კაცი, ხვალ ურცხვად გღალატობს, მოდი და რაიმე საერთო საზოგადო საქმე გააკეთე და დაამთავრე. ეროვნული დღესასწაული გამართეს, ბატონიშვილი გრიგოლი მეფედ რომ ამოირჩიეს რაღაც ორიოდ-სამიოდ კვირის წინათ და საცოდავ მეფეს სულის მოთქმა და მობრუნება არ აცალეს და „ნიჭის“ მისაღებად უღალატეს. არ იქნა, ვერ გვასწავლა ჭკუა მწარე ბედმა.

ორ მარტს მთავარმართებელმა ჯარი დაასვენა და 3-ში ველის-ციხეს ავიდა. მომეტებული ნაწილი თელავის მაზრის თავადაზნაურობისა ჩამოეგება თელავიდან მარკიზს, ცოდვები მოინანია, ბოდიში მოიხადა და ერთგულების ფიცი მიიღო.

თელავში დაბანაკებული პაულიჩჩი უშაკოვს ელოდა. ესა და გენერალი კონსტანტინე მუხრან-ბატონი ბრძოლა-გამარჯვებით მოდიოდნენ თიანეთისკენ. მუხრან-ბატონის კაცები, 30 ოსი თავს დაესხა მეამბოხეთა საყარაულო პიკეტს და მიფანტ-მოფანტეს ყარაულები. რადგან ოსებმა ყარაულებს გზა მოუჭრეს, მეამბოხეთა უმთავრესმა რაზმმა უშაკოვის მიახლოვება ვეღარ გაიგო და დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. გამთენიისას, 5 მარტს, უშაკოვი და მუხრან-ბატონი დაეცნენ მეამბოხეებს და გაჩაღდა საშინელი ბრძოლა. მთელი ოთხი საათი გაგრძელდა ჩეხა. მეამბოხეებს ეჭირათ თიანეთის გზაზე აბორცვილი ადგილი, ოთხ ალაგას ხე-ტყეთი ჩაეხერგათ კლდიანი ფერდობები. ცოტა მოშორებით უფრო ძლიერი სიმაგრე ჰქონიათ, ექვს ალაგას ჩახერგილი. მეამბოხე ყოფილა ასე 400 კაცი. უშაკოვმა იერიშებით აიღო როგორც პირველი, ისე მეორე სიმაგრე. იძლივნენ მებრძოლი მამულიშვილნი და გაიქცნენ თავის საშველად. გზები არ ვარგოდა, ვიწრო ბილიკები იყო კლდეებზე და მარკიზის სიტყვით ბევრი მათგანი გადაიჩეხა კლდეზე… აქედან უშაკოვი და მუხრან-ბატონი დაუბრკოლებლივ ავიდნენ თიანეთს და აქაურებიც დაამარცხეს.

მარტო სოფელი არტანი არ იშლიდა თავისას, ჯიუტობდა და ცოდვებს არ ინანიებდა. მოსარჯულებლად და ჭკუის სასწავლებლად მარკიზმა გაგზავნა პოლკოვნიკი ტიხანოვსკი. რაზმის უფროსმა შეუთვალა, დამშვიდდით, მთაში გახიზნული ცოლ-შვილი დააბრუნეთ და ურჩობაზე ხელი აიღეთო, მაგრამ სრული მთელი დღე უცადა პოლკოვნიკმა და მოსვლით კი არავინ მოვიდა ერთგულების ფიცის მისაღებად. ეწყინა პოლკოვნიკ ტიხანოვსკის, რომ მისი სიტყვა არტანელებმა ძირს დაუშვეს, არ ეახლნენ ფიცის მისაღებად და ჩვეულებრივ მოექცა ურჩ სოფელს, ესე იგი წაუკიდა ცეცხლი და მთლად გადაბუგა არტანელების სახლ-კარი. არტანის გადაწვით დასრულდა რუსი მხედრობის მოქმედება მარკიზ პაულიჩჩის უფროსობით მეამბოხეთა წინააღმდეგ 1812 წლის გაზაფხულის პირზე…

 

***

უსასტიკესი რევოლუცია, ლტოლვილმა ალექსანდრე ბატონიშვილმა რომ ატეხა კახეთში, მადლობა უფალს ჩაქრაო. – ასე მისწერა გენერალმა რტიშჩევმა გრაფ რუმიანცევს 1813 წლის 5 იანვარს. ახლა ჯერი რეპრესია-სასჯელზე მიდგა. ღვთის მოყვარე და უფლის მმოსავ რტიშჩევმა არ იკმარა გადასახადის აღება და ახალ-ახალ რეპრესიებზე ფიქრობდა.

იმის მაგიერ, რომ კრაზანა მოეცილებინა ქვეყნისათვის და ამ სახით დაეწყნარებინა აბობოქრებული და გატყავებული კახეთი, გენერალი რტიშჩევი რეპრესიების გამოგონება-გაძლიერებას შეუდგა. მრავალი თავადი და აზნაური, აჯანყებაში მონაწილეობა რომ მიიღეს, უკვე ტფილისში ჰყავდა დამწყვდეული, ზოგი კიდევ გზაში იყვნენ და ყარაულებს მოჰყავდათ ტფილისისკენ. ეს ამდენი წარჩინებული გვარის თავადაზნაურნი გადახვეწილთა გარდა მსწრაფლ სამხედრო სასამართლოს გადასცეს, რომელმაც სხვადასხვა ვადით ციმბირში უკრა მათ თავი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სამხედრო სამართალმიცემული უდანაშაულო ყოფილა და ამბოხებაში მონაწილეობა არ მიუღია. მეზობლური შურისა და მტრობის გამო გულისხეთქა და ვარამი ბევრი ნახეს, მაგრამ ამას ვინღა ნაღვლობდა, რაკი ციმბირი აიცდინეს თავიდან და მამული დაიბრუნეს.

ქვეყანაზე ასეა მიღებული, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება ხოლმე. კახეთის ამბოხებამ ნათლად გამოაჩინა, რა საძაგელი და აუტანელი მართვა-გამგეობის წესი იყო გამეფებული ჩვენში, რა უდიერად იტანჯებოდა გარყვნილი და ბილწი მოხელეებისაგან ერი, რა გესლიანი ბოროტებითა და ზიზღით ეპყრობოდა უცხო თესლის მოხელეობა ჩვენებურ კაცს. ასე გასინჯეთ, პირუტყვი რა არის, იმასაც კი არ ინდობდნენ და შებრალება არა ჰქონდათ. დიახ, ყველა ეს სიკეთე ვარდის გულივით გადაშალა კახეთის ამბოხებამ და მარტო ბრმა თუ ვერ დაინახავდა, თორემ ხილულს არ გაუჭირდებოდა დანახვა იმ აზიური ბარბაროსობისა, რასაც ჩადიოდა ახალი მთავრობა და ქრისტეს მოყვარე მართლმადიდებელი მხედრობა მართლმადიდებელსავე ქვეყანაში…

 

 

 

 

 



მდევარი