რედაქტორი: მარიამ გორდაძე
კორექტორი: ლიზი კაციაშვილი
მდევარი, 2025
წინათქმა
1930-იან წლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში დაწყებულმა კოლექტივიზაციამ სოფლის მეურნეობისა და, შესაბამისად, საზოგადოების არსებითი ცვლილება დაისახა მიზნად. აღნიშნული პოლიტიკა კერძო მეურნეობების „საერთო სიკეთისთვის“ გაერთიანებასა და სახელმწიფოს დაქვემდებარებას გულისხმობდა.
მიუხედავად იმისა, რომ „პროპაგანდისტულმა სახელმწიფომ“, საბჭოთა კავშირმა, კოლექტივიზაციის პოლიტიკა სოციალისტური სახელმწიფოს თანმდევ ნაწილად წარმოაჩინა, მას მაინც მოჰყვა საზოგადოების მიერ უხეშად დარღვეული წესრიგის განცდა, რამაც გლეხთა წინააღმდეგობას დაუდო სათავე. ადგილობრივი ტრადიციებისა და გენდერული როლების ნაზავმა ეს პროტესტი გამორჩეული და ნაყოფიერი გახადა. ქალების მიერ წინააღმდეგობრივი გამოსვლების მოწყობამ მათთან დაკავშირებული აღქმები შეცვალა და ადამიანის უფლებების გამთელავ პოლიტიკაზე საპასუხო ახლებურ პროტესტს ჩაუყარა საფუძველი.
ხაზგასასმელია, რომ ქალთა ძლიერმა ამბოხმა დასავლეთ საქართველოშიც იჩინა თავი: სამეგრელოს სოფელ ჭოღაში მეგრელ ქალთა ჯანყი ცენტრალურ საბჭოთა ხელისუფლებასა და ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას, მშრომელ ხალხს შორის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.
მოცემულ ნაშრომში მცირედ მიმოვიხილავ საბჭოთა კოლექტივიზაციის პოლიტიკასა და, პროპაგანდის მიუხედავად, გლეხთა საპასუხო პროტესტს, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, სოფელ ჭოღაში.
კოლექტივიზაცია
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკას ე.წ. „კოლექტივიზაცია“ წარმოადგენდა. 1929-1930 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მთელი ძალისხმევით დაიწყო ტრადიციული სოფლის მეურნეობის გარდაქმნა, რაც გლეხებს, მეტწილად შეძლებულთ, იგივე კულაკებს, საკუთარი მიწების დათმობასა და საერთო (კოლექტიურ – აქედან მომდინარეობს პოლიტიკის სახელწოდება კოლექტივიზაცია) მეურნეობაში გაერთიანებას აიძულებდა. აღნიშნული, თავის მხრივ, კულაკების ეკონომიკური, და არამხოლოდ, ძალაუფლების დამცრობას ისახავდა მიზნად.
კოლმეურნეობის (კოლექტიური სოფლის მეურნეობა) არსებობას საბჭოთა მეთაურები სოციალისტური სახელმწიფოს იდეალად მიიჩნევდნენ, თუმცა უშუალოდ კოლექტივიზაციის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ვერ თანხმდებოდნენ: კერძოდ, მათი ნაწილი თვლიდა, რომ კოლექტივიზაცია თანდათანობითი და ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, რათა უცაბედი ცვლილებით საბჭოთა ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო წარმოება არ შეფერხებულიყო; ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ მეტად ნაყოფიერი სწრაფი, იძულებითი კოლექტივიზაცია იქნებოდა. თავდაპირველად, 1927 წლის დეკემბერში გამართულ მე-15 პარტიულ შეკრებაზე, კომუნისტურმა პარტიამ ნებაყოფლობითი და გარდამავალი მიდგომა დაამტკიცა. თუმცა 1928 წლის ნოემბრის ყრილობის შემდეგ ცენტრალური კომიტეტი უფრო მომთხოვნ და მკვეთრ ჩარევაზე გადავიდა. კერძოდ, მიზნად დაისახა 1933 წლისთვის სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 20%-ის კოლექტივიზაცია. შედეგად, 1929-1930 წლებში კოლმეურნეობაში ჩართული გლეხების წილი 4%-დან 21%-მდე გაიზარდა. სწრაფი კოლექტივიზაციის მიზნით ისეთი მკაცრი ზომები გამოიყენეს, როგორიცაა მიწის კონფისკაცია (სახელმწიფოს სასარგებლოდ კერძო ქონების ჩამორთმევა) და კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე გლეხების დაპატიმრება და/ან გადასახლება.
ისტორიკოს მოშე ლევინის თანახმად, კოლექტივიზაციის დროს „შეძლებული გლეხების“ „გაკულაკება“ ხშირად უმართავ ძარცვას მოიაზრებდა. ფაქტობრივად, კულაკების ქონება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მის წართმევას მოინდომებდა, ხელმისაწვდომი იყო. ზოგიერთი ისტორიული ანგარიში მიუთითებს, რომ კოლექტივიზაციისას კულაკებს ზამთრის ტანისამოსს, ფეხსაცმელებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ართმევდნენ. ჩამორთმევისას სასტიკად ეპყრობოდნენ კიდეც,- საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, კულაკებს აშიშვლებდნენ და სოფელში ასე ატარებდნენ, სცემდნენ, საკუთარი საფლავების გათხრას აიძულებდნენ, იპარავდნენ ძვირფასეულობას და სხვა. საბჭოთა საიდუმლო პოლიციისავე ანგარიშების თანახმად, მხოლოდ 1930-1931 წლებში 1.8 მილიონი „კულაკი“ გადაასახლეს (Nicolas 2011). ამრიგად, კოლექტივიზაცია, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი „საერთო სიკეთედ“ წარმოაჩენდა, რეპრესიებისა და ტერორის იარაღად იყო ქცეული.
კოლექტივიზაციის ხელშემწყობი საბჭოთა პროპაგანდა
საბჭოთა კავშირმა პროპაგანდა პოლიტიკის ნაწილად აქცია. უფრო ზუსტად, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (KGB) მოქმედებდა „განყოფილება A“, რომელიც ე.წ. „აქტიური ზომების“ განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი. ეს უკანასკნელი კი იმ ღონისძიებათა ერთობლიობას მოიაზრებს, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ განწყობებსა და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ყალბი ამბებისა და საიდუმლო ოპერაციების გზით (Sopho and Anton 2022).
ამგვარი პოლიტიკის ნაწილი იყო 1930 წლისთვის წამოწყებული საბჭოთა პროპაგანდაც კოლექტივიზაციის შესახებ საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბების მიზნით. სოციოლოგ ვიქტორია ბონელის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, 1930 წლიდან 1934 წლამდე საბჭოთა პროპაგანდისტულ ბანერებზე ყველაზე ხშირად, 61%-ში, გლეხ ქალებს გამოსახავდნენ. პროპაგანდა კოლმეურნეობაში ჩართულ ძლიერ გლეხ ქალებს წარმოაჩენდა იმ იმედით, რომ კოლექტივიზაცია სახალხო მხარდაჭერას დაიმსახურებდა. ერთ-ერთ ასეთ ბანერზე იკითხება: „ჩვენს კოლმეურნეობაში მღვდლებისა და კულაკების ადგილი არ არის“. მასზე გამოსახულია მასშტაბური ზომის გლეხი ქალი, რომელიც მუქარით აღსავსე თვალებით დაჰყურებს მღვდლებს, კულაკებს და იცავს ტრაქტორებზე მსხდომ გლეხ მუშებსა თუ მათ კოლმეურნეობებს (Cushing 2016).

„ჩვენს კოლმეურნეობაში მღვდლებისა და კულაკების ადგილი არ არის“, საბჭოთა პოსტერი, ნიკოლაი მიხაილოვი, 1930 წ.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების პროპაგანდა ქალაქებსა თუ სასოფლო დასახლებებში გაცხოველებულად ვრცელდებოდა და ქალებს მთავარ გმირებად წარმოაჩენდა, კოლექტივიზაციის პოლიტიკას გამორჩეული სახის პროტესტი სწორედ ქალების მხრიდან მოჰყვა.
ქალები კოლექტივიზაციის წინააღმდეგ
როგორც აღინიშნა, ქალთა ჯანყი კოლექტივიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში განსაკუთრებული თანმიმდევრულობით ხასიათდება. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება ქალთა წინააღმდეგობას მათ კულტურულ, პოლიტიკურ „ჩამორჩენილობად“ აფასებდა და ირაციონალურ შიშად, მასობრივ პანიკად წარმოაჩენდა. სინამდვილეში, ქალების დაუმორჩილებლობა ინსტინქტებს ნაკლებად ეფუძნებოდა, უფრო მეტად ოჯახის კეთილდღეობასა და საყოფაცხოვრებო საზრუნავზე დარდით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ქალთა აჯანყებები იმ ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო, რომელიც თითოეული გლეხის ოჯახში დღის წესრიგს მკვეთრად ცვლიდა. მაგალითად, ქალები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროს – შინაური ცხოველების კოლექტივიზაციას. ხაზგასასმელია ისიც, რომ პირუტყვის იძულებითი კოლექტივიზაცია შვილების გამოკვებასთან დაკავშირებული დიდი საფიქრალი ხდებოდა. აღნიშნული მიზეზი ესაფუძვლებოდა თემში წისქვილის დახურვის გამო ჯანყსაც. ამრიგად, ქალების მიერ კოლექტივიზაციისადმი წინააღმდეგობას ოჯახის საჭიროებები, სარჩოს მოპოვების საზრუნავი განაპირობებდა და არა – ირაციონალური შიში; ეს იყო გააზრებული ამბოხი და არა – ბრაზის იმპულსური გამოხატულება.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის გამოსახატად ქალები მეტწილად წინამძღოლის, ოფიციალური მოწოდების გარეშე იკრიბებოდნენ და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს გლეხებთან დაკავშირებული პოლიტიკის მიმართ. მათი წინააღმდეგობა ხშირად შედეგიანი იყო; მაგალითად, ისინი ფიზიკურად უშლიდნენ ხელს მარცვლეულების მეურნეობებიდან გატანას, ჩინოვნიკებს კულაკებად გამოცხადებულ გლეხებს არ ანებებდნენ, იბრუნებდნენ კოლმეურნეობის მიერ წართმეულ ქონებას და სახელმწიფო წარმომადგენლებთან პირდაპირ შეწინააღმდეგებასაც არ ერიდებოდნენ. თავის მხრივ, ხელისუფლება იშვიათად იყენებდა ძალას ქალთა ჯანყების ჩასახშობად, ვინაიდან საბჭოთა კანონის 58-ე მუხლით (უკავშირდებოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას) გათვალისწინებული სამართლებრივი დევნა, როგორც წესი, მამაკაცების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამგვარი დამოკიდებულება, სავარაუდოდ, ქალთა პროტესტისათვის განცდისმიერი მნიშვნელობის მიწერიდან გამომდინარეობდა. ქალებს კარგად ესმოდათ, როგორ წარმოაჩენდა ხელისუფლება მათ წინააღმდეგობას და განზრახ სათავისოდ იყენებდნენ კიდეც ამ აღქმას.
ისტორიკოს ლინ ვიოლას თანახმად, გლეხ ქალთა წინააღმდეგობა გამორჩეული მიდგომებითა და თანმიმდევრულობის ხარისხით ხასიათდებოდა. მათ ძირითადად ცალკეული პროტესტისთვის ცალკეული მიზანი ჰქონდათ (მაგალითად, კულაკების გადასახლებისთვის ხელის შეშლა). ქალთა ჯანყი ხშირად მიმართული იყო იმგვარი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მათს ოჯახებს გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა. თუმცა საბჭოთა კავშირის გლეხი ქალების ჯანყი მსგავსი სიმძაფრით 1930-იანების დასაწყისის შემდეგ აღარ ყოფილა. და მაინც, კოლექტივიზაციის პირველ წლებში ქალთა პროტესტი გლეხთა წინააღმდეგობისა და მედეგობის ყველაზე შედეგიანი ფორმა აღმოჩნდა, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი იცავდნენ საკუთარ მისწრაფებებს გეგმაზომიერი და შეგნებული წინააღმდეგობის ფარგლებში (Viola 1986).
ქალთა ჯანყი ჭოღაში
საბჭოთა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ კოლექტივიზაციის ტალღას, გაძლიერებული პროპაგანდის მიუხედავად, ქალთა ჯანყი საქართველოშიც მოჰყვა, კერძოდ, სამეგრელოს სოფელ ჭოღაში. კულტურული სიმბოლოებით გაჯერებული ამბოხი საბჭოთა რეჟიმმა მკაცრად ჩაახშო, რასაც 16 წლის ვერა შენგელია ემსხვერპლა. სწორედ მის საოჯახო ალბომში აღმოჩენილი ფოტო, რომელზეც მეზობლების მიერ გოგონას დატირებაა ასახული, გვიყვება ამბავს, თუ რამდენად ძლიერია წინააღმდეგობისა და შინაგანი პროტესტის განცდა მაშინაც კი, როდესაც პროპაგანდა შეუჩერებლად მუშაობს ადამიანთა გონების მოწამვლაზე.

წყარო: Oto Shengelia
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველო უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული, როდესაც რეჟიმმა გაკულაკების, ე.ი. კოლექტივიზაციის პოლიტიკა დაიწყო. ოჯახის კუთვნილი ქონების საერთო სარგებლობისთვის, კოლექტიური მეურნეობისთვის ჩამორთმევის იდეამ შინაგანი ბრაზი, უსამართლობის განცდა ქართველებშიც, განსაკუთრებით კი მუხლჩაუხრელად მშრომელ ქალებში აღძრა. სოფელ ჭოღაში, რომელიც სამეგრელოში ოთხი სოფლის ცენტრად ითვლებოდა, ქალები სისტემას დაუპირისპირდნენ. წინააღმდეგობის მეთაურიც ქალი იყო – კარა პაპავა სოფელ თაიადან. კულტურული მახასიათებლები და სიმბოლოები, როგორიცაა საკუთარი განცდების საუკეთესოდ გამოსახატავად თმის გაშლა და კივილი, ჭოღაში ქალთა ჯანყის მთავარ ნაწილად იქცა.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ ჭოღას საბჭოთა რეჟიმის ჩინოვნიკი ეწვია მეგრელი გლეხებისათვის კოლექტივიზაციის სარგებლის გაცნობის მიზნით; ასევე, მათ წარუდგენდა, რომელ ოჯახს რა ქონება ჩამოერთვა ან ჩამოერთმეოდა საერთო მეურნეობისა და სიკეთისთვის მისაერთებლად. სწორედ განჩინების წარდგენისას გადაწყვიტა კარა პაპავამ საბჭოთა ხელისუფლების სახესთან – ჩინოვნიკთან შეპირისპირება და მისი შემაღლებული ადგილიდან იძულებით ჩამოგდება. გლეხ ქალთა წინააღმდეგობას მოყოლილი არეულობის მყისიერ ჩახშობას შეეცადა რეჟიმი. ტყვიების ძალით წესრიგის დამყარებას, სხვა ორ ქალთან ერთად, 16 წლის ვერა შენგელია ემსხვერპლა. კარა პაპავა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული მანამ, სანამ მეშვიდე ბავშვზე მისი ფეხმძიმობის შესახებ ცნობა არ გავრცელდა (ქევანიშვილი 2022).
ბოლოთქმა
საბჭოთა პოლიტიკა, რომელიც ძირეულად ცვლიდა გლეხების ცხოვრებას და მათს ოჯახებს უდიდეს საფრთხეს უქადდა, უპასუხოდ არ დარჩა. პროპაგანდისტული სახელმწიფო ქალების ჯანყს არაგონივრულ და ინსტინქტურ ქმედებად წარმოაჩენდა, თუმცა ქალებმა მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის სათავისოდ გამოყენება შეძლეს.
ქალთა ჯანყი გენდერული როლებისა და ტრადიციული, განცდებთან დაკავშირებული სიმბოლოების ნაზავად იქცა, რამაც გარკვეულწილ შეაფერხა გლეხის საჭიროებებთან შეუსაბამო პოლიტიკა.
ბიბლიოგრაფია
Nicolas, Werth. 2011. “Dekulakisation As Mass Violence.” SciencesPo. September 23. Accessed May 2025. https://www.sciencespo.fr/mass-violence-war-massacre-resistance/en/document/dekulakisation-mass-violence.html
Sopho Gelava and Vatcharadze Anton. 2022. “Soviet Roots of Anti-Western Propaganda.” Institute for Development of Freedom of Information. December 20. Accessed May 2025. https://idfi.ge/en/soviet_roots_of_anti_western_propaganda.
Cushing, Ben. 2016. “REVOLUTIONARY SOURCES, PART I: PROPAGANDA. “The Peasant Woman and the Transformation of Soviet Propaganda: 1917-1930.” The New Contemporary: Notes from the Havighurst Center.
Viola, Lynne. 1986. Bab’i Bunty and Peasant Women’s Protest during Collectivization. Vol. 45, in The Russian Review, by Lynne Viola. Blackwell Publishing on behalf of The Editors and Board of Trustees of the Russian Review.
ქევანიშვილი, ეკა. 2022. “მეგრელ ქალთა ამბოხი ჭოღაში – კივილით გაპროტესტებული საბჭოთა ოკუპაცია.” რადიო თავისუფლება. August 22. Accessed May 2025. https://www.radiotavisupleba.ge/a/31999038.html.
