რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ხევსურეთის ისტორია

ხევსურეთის ისტორიული მიმოხილვა

ავტორი:

ხევსურეთის ისტორიული მიმოხილვა

რედაქტორი: მარინე სოხაძე

ხევსურეთი, „ნაკადული“, თბილისი, 1984

 

 

კორექტორი: ლიზი კაციაშვილი

გამციფრულებელი: ანა კარტოზია

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

 

 

 

 

ისტორიულ-არქეოლოგიურად ხევსურეთი ჯერ შეუსწავლელია და ამიტომ ძნელია ამ კუთხის სრული ისტორიული მიმოხილვა. მაგრამ იმ მცირეოდენი და ნაწყვეტი ცნობების მიხედვით, რომლებიც მოიპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში, ჩვენ მაინც შევეცდებით აღვადგინოთ ხევსურეთის ისტორიული წარსულის მკრთალი სურათი.

ხევსურეთი არქეოლოგიურად არავის უკვლევია, მაგრამ შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ პრეისტორიულ ხანაში ადამიანს დღევანდელი ხევსურეთის მიდამოში უცხოვრია. ამას მოწმობს აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნივთები და სამკაულები.

ამ ნივთებს შორის აღსანიშნავია ბრინჯაოს ზალტეები, ქინძისთავი და მრგვალი ბალთები.[1] რაც შეეხება ხევსურეთზე ისტორიულ ცნობებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში ეს კუთხე ხევსურეთის სახელწოდებით XV საუკუნემდე არ იხსენიება. ეს გარემოება საბაბს აძლევდა ზოგიერთ მკვლევარს ეფიქრა, რომ ხევსურეთი დასახლებულია შუა საუკუნეების მიწურულში. აქ ვითომცდა მოემწყვდნენ ფრანკი ჯვაროსნები და ხევსურებსაც ამ უცხო ენისა და ტომის ჯვაროსნების ნაშთად თვლიდნენ. ამას უმთავრესად იმითაც ასაბუთებდნენ, რომ ჯვაროსნებივით ხევსურები ტანისამოსს ჯვრებით იმკობენ და ატარებენ შუა საუკუნეების ჯავშან-იარაღს, რომელთა შორის გვხვდება ჯვაროსნობის დროის ხმლები.[2]

ჩვენ აქ არ შევუდგებით ზ ი ს ე რ მ ა ნ ი ს ა და სხვათა ამ უსაფუძვლო ჰიპოთეზის განხილვას ხევსურების წარმოშობის შესახებ; ეს ჰიპოთეზა მხოლოდ გარეგანი ნიშნების შემთხვევით მსგავსებაზეა დამყარებული; მაგრამ, სამწუხაროდ, ხევსურებზე ეს ყალბი წარმოდგენა დღემდე გავრცელებულია რუსეთისა და უცხოეთის ლიტერატურაში.

ძველ ქართულ მატიანეში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფ ხ ო ვ ი ს“ სახელწოდებით, თვით ხევსურები და ფშავლები კი „ფ ხ ო ვ ე ლ ე ბ ა დ“ იწოდებიან. ამას მოწმობს გეოგრაფ ვ ა ხ უ შ ტ ი ს ცნობაც; იგი ჰერეთ-კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის აღწერაში ამბობს:

„…არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი“ (იხ. მისი გეოგრაფია, გვ. 127). შემდეგ ვახუშტი ამასვე იმეორებს ფშავის აღწერაშიც: „არამედ ძველად ეწოდა ამ ორთა ხეობათა (ფშავ-ხევსურეთს) ფხოელნი და აწ უწოდებენ ესრეთ“, ე.ი. ფშავ-ხევსურეთს (იქვე, გვ. 140).

აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის მოსაზღვრე ქისტები ხევსურებს დღესაც „ფ ხ ი ა ს“ ან „ფ ხ ჲ ე ს“[3] უწოდებენ, რაც იგივე ფხოელს ნიშნავს.[4] რომ ისტორიული ფხოეთის ქვეშ ფშავ-ხევსურეთი იგულისხმება, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიულ აღწერიდანაც ჩანს: „გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთაზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით „დიდოეთი“ (ლეკეთი), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით „თოშეთი“ (თუშეთი) საზღვრავდა“.[5]

ერთი სიტყვით, საისტორიო წყაროების მიხედვით, „ფხოვის“ სახელწოდებით ჩვენ გვაქვს მოცემული ფშავ-ხევსურეთი, რომელიც გეოგრაფიულად და კულტურულ-ისტორიულად, როგორც დღეს, წინათაც ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ამიტომ ისტორიული წარსული და თავგადასავალი ამ ორივე კუთხისა ერთგვარია.

პირველად ფხოველებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ იხსენიებს, რომელშიც აღწერილია იბერიელების მოქცევა ქრისტიანობაზე (337 წ.) და წმ. ნინოს მოღვაწეობა.

„…და წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახჳილი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწოთიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნიმე უკანასკნელ მოაქცვინა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნიმე მათგანნი დარჩეს წარმართობასავა შინა დღეს-აქამომდე“.[6]

მემატიანეს ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოეთი IV საუკუნეში დასახლებული ყოფილა და წარმართ ფხოელებს, ე. ი. ფშაველებსა და ხევსურებს, ქრისტიანობა არ მიუღიათ და, ეტყობა, მათი ერთი ნაწილი თუშეთში და კავკასიონის მიღმა მხარეში გადახვეწილა. მაგრამ ამავე ცნობის მიხედვით, მოსახლეობა ფხოეთში (ხევსურეთი) უფრო ადრე უნდა ვიგულოთ, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს I საუკუნისა; ამ დროიდან დღემდე მოსახლეობა ამ კუთხეში უწყვეტია.

შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი იხსენიება კახეთის ქორიკოზის კვირიკე II დიდის დროს (1014 წ.). როდესაც კვირიკე II-მ კახეთი ხელმეორედ დაიპყრო და ახალი საერისთავოები დააწესა, მათ შორის მოხსენიებულია ფხოელთა ქვეყანა: „მეორე (ერისთავი) დასვა კვეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთ ორთა მთათა შორის, რომელ არიან კახეთსა და კუხეთისა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ეს არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი (ჩაჩნები) და ღლიღვი“ (ინგუშები და ქისტები).[7]

ამგვარად, XI საუკუნეში ხევსურეთი (ფხოვი) ქისტ-ჩაჩნებთან ერთად (ღლიღვი და ძურძუკი) ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტერის საერისთავოს.

თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, ფხოველებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყვეს და მათ წინააღმდეგ თამარმა ლაშქარი გაგზავნა ივანე მხარგრძელის სარდლობით:

„მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანისცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ ირწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად, ცხადად და ღამით.

მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწო-თიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისას და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არც პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთკერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ-კერძო დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გვერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდო და ფხოვი. და დაყვნეს სამნი თუნი: ივნისი, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურება და ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წამოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი. და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა. და იყო ყოველგან მშვიდობა“.[8]

სამწუხაროდ, მემატიანეს მოხსენიებული არა აქვს, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზით უნდა ყოფილიყო ეს ამბები გამოწვეული. მაგრამ, ცხადია, ამბოხება ძლიერი და ამასთან საშიშიც ყოფილა, რომ თამარი იძულებული გამხდარა მის ჩასახშობად გაეგზავნა თავისი დიდი სარდალი ივანე მხარგრძელი. მეფის ლაშქარი გადასულა კავკასიონის ქედზე და ისე შემოუვლია მეამბოხეთა მხარე. სამი თვის ბრძოლის შემდეგ დამარცხებულ ფხოველებს ათაბაგისთვის შერიგება უთხოვიათ და მორჩილების ნიშნად მძევლები და ხარაჯა მიუციათ. ამ დროიდან XV საუკუნემდე საისტორიო მწერლობაში ფხოვის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ იხსენიება თვით სახელი ფხოვიც, რომლის ნაცვლად უკვე ფშავ-ხევსურეთია მიღებული.

XV საუკუნეში ფეოდალური მონარქიის დაცემისა და დაშლის ხანაში ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ისევ გადამდგარან და კახეთის მეფეს გიორგი I დავითის ძეს (1471-1492 წწ.) არ ემორჩილებოდნენ თურმე: „…მას (გიორგი I) არ მორჩილებდნენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდნენ ამათ და მსახურობდენ“.[9]

ამ გარემოებისათვის ყურადღება მიუქცევია კახთა მეფეს ლევან II-ს (1520-1574 წწ.), რომელსაც განუზრახავს ხევსურეთისა და ფშავ-თუშეთის შემორიგება და აღუთქვამს მათთვის საძოვრების დათმობა:

„არამედ ამას წინათა კახთა მეფეთა არღა-რა მორჩილბდენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპყრა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ-იყუნენ კახეთს და მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთს შინა და მიერით-გან მისცემენ ლაშქარსა და ბეგარასა“ (იხ. იქვე, ქართ. ცხოვრ. ნაწ. II, გვ. 107).

რასაკვირველია, კახეთის სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხევსურეთის შემომტკიცებას. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთიდან საზღვარს დარაჯობდა, საიდანაც კახეთს მუდამ ჩრდილოეთის ტომები ემუქრებოდნენ. ამასთანავე, ხევსურეთი იხდიდა ბეგარას და სალაშქროდაც გადიოდა, მაგრამ მეფეებთან ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში არ ყოფილა.

საზოგადოდ, მთა სახასო იყო, ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს ხელი არ ჰქონდა. მთის გამგებლობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული. გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დების მიხედვით, ერისთავებს ექვემდებარებოდნენ: გამგებელი ანუ მოურავი, ხევისთავი, ხევისბერი და ციხისთავი.[10] ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა. მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ ამ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, ის მზად იყო განდგომისა და ამბოხებისათვის.

ხევსურეთის თემების თავშესაფარი და მთავარი ადგილი იყო გუდანი, სადაც გუდანის წმ. გიორგის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები სამღვთოს, აქვე იყო გუდანის-ჯვრის ქადაგი, რომელიც ხალხს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა თუ ზავის შესახებ. გუდანის-ჯარი ლაშქრის სარდალი იყო და მისი ბორაყი ლაშქარს მუდამ წინ მიუძღოდა.

მაგრამ თემური ხევსურეთის ამ თავისუფლებას ფეოდალებისაგან მუდამ საფრთხე მოელოდა, განსაკუთრებით, მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს. და მაშინ გაძლიერებული არაგვის ერისთავები ცდილობდნენ სხვა მთიელებთან ერთად ხევსურეთის დაპყრობასაც. ამ მხრივ ცნობილია ზურაბ არაგვის ერისთავის (1619-1629 წწ.) ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი ხალხში დღემდე შემონახულია.

ზურაბს ხევსურეთისაკენ პირველად ორწყლით გაულაშქრია, სადაც ფშავ-ხევსურეთის არაგვი ერთდება:

„ფშავის ორწყალში ჩავიდათ,

მანდ ომი მოგვიხდებისა,

მანდ მოვლენ ფშავნი, ხევსურნი,

ზურაბიც მაშავდებისა“.

ზურაბს აქ ფშაველები შებრძოლებიან და ის ამ გზით ხევსურეთში ვერ შესულა. მაშინ ზურაბის ლაშქარს მთიულეთით შემოუვლია, გუდამაყრის ხეობით გადასულა ხევსურეთში და ლიქოკის ხეობაში შეჭრილა:

„ერისთავ შაჰყრის ლაშქარსა,

კანჭის ქედს დაგროვდებისა,

სახევსურეთოდ ჰგულავის,

არაგვზედ შამადგებისა.

აკუშოს წინ-წინ მავიდა,

ხმა ლიქოკს გავარდებისა“.

ლიქოკის ვიწრო და მაგარი ხეობა ზურაბს დიდხანს ვერ გაუტეხია და ლიქოკელებსაც ამ ბრძოლაში გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენიათ:

„იანვარ წოწკოლაური,

მშვილდ ძალზე გეზიდებისა,

ელიზბარ ფოცხვერიშვილი

„ხმალ, გაჭერ!“ გეუბნებისა.

ერისთვის აზნაურებსა

ყორნებ პწკლით ეზიდებისა!

 

გიხოცავთ აზნაურები

დაბლა, აკუშოს წყალზედა,

უხიდოდ არ გაივალის.

მაგ სისხლის ალაზანზედა!

ხალხური თქმულებით, ზურაბს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუზრახავს ლიქოკელების სალოცავზე „ხ მ ა ლ ა ხ ა ტ ზ ე“ მდგარი ალვის ხის მოჭრა,[11] რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიქოკის ხეობის მისავალში ბარისახოს ვაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდა და ამით ხალხს ნათლავდნენო. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, რადგან ყოველ ცულის დარტყმაზე ხე უფრო მაგრდებოდაო. მაშინ ერთ ღულელ არიშაულს ზურაბისათვის უსწავლებია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცევაო.

ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუჭრიათ. ამის შემდეგ ლიქოკის ხეობას ადგილის ანგელოზი განშორდა და ზურაბმაც ახალწელიწად დღეს ლიქოკის ხეობაც აიღოო. მხოლოდ სოფ. აკუშო ზურაბს მაინც ვერ გაუტეხია.

…სომეხასა და მინდოდას წინ ვერვინ დაუდგებისა…

აკუშოს რად მოხვიდოდი, ზურაბ, არ იყავ ჭკვიანი,

ახლო მოხკიდავ ქუდნისლა, საძახებელა ტიალი,

მოგდიეს ვანხევამდია, მშვილდნი მოგჭეხდეს რქიანნი,

მოგდევდეს, მოგაწუხებდეს, ხმალნი მოგწკეპდეს ფხიანნი.

ზურაბს ხევსურეთის დასაპყრობად მესამედაც გაულაშქრია. იგი ხევსურეთში ხევის გზით გადასულა და სოფ. როშკაში შეჭრილა:

„როშკას ატირდეს ციხენი,

ბლოს სახლნი ქვითკირისანი;

როშკის ხორხს ზურაბ ჩამოჯდა,

შუქნ ჩამოუშვნა მზისანი“.

ზურაბის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი ყოფილა და ხევსურებს მასთან პირდაპირ შებრძოლება ვერ გაუბედიათ. ხევსურებს ზურაბისათვის ელჩები მიუგზავნიათ, შერიგება უთხოვიათ და ბეგარაც შეუძლევიათ:

„სანეს დაგროვდეს ხევსურნი:

„პატრონნ ვართ ადგილისანი,

ზურაბო, დაჯე, დაგვეხსენ,

ნარჩომნ ვართ შენის ხმლისანი,

თორემ ჩვენც შემოგეცდებით,

ხოჯეგნ კარს გვიდგან ღვთისანი,

მოგვივლენ მთასიქითელნი,

ნაპირის ადგილისანი“-ო.

მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლევით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია. ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. უბრძოლიათ სოფ. გუდანთან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:

„თან მოჰყვეს ქალანდაურსა

მამუკას შუქნი მზისანი,

ბეგენ-გორს ჩამოეწია,

ჯარნი ჭრნა ზურაბისანი“.

ამ ბრძოლაში ზურაბი დამარცხებულა, მისი ლაშქარი განახევრებულა და დახოცილთა სისხლით ღულის წყალი წითლად შეღებილა:

„ღულის ძირს წისქვილნ დაბრუნდეს

ზურაბის სისხლის წყლისანი“.

ამ გამარჯვების აღსანიშნავად ქალანდაურს ბეგენთ-გორში სამანი ჩაუდგამს:

„ამანდით ამაბრუნდების,

სამანნ ჩაჰყუდნა, ქვისანი,

„ამას ვინც გადამიცილდას, –

ცოდვან ახკიდნა ხმლისანი; –

ვაჟ ვინაც იყვას, ესრე ქნას,

გუდანს ვინც ლახნა ქვიშანი““.

ამ ბეგენთ-გორში დღეს ერთი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით, თვით მამუკა ქალანდაურია დასაფლავებული. ეს ადგილი წმინდად ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.

ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა, მას ღალატისათვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები თრუსოში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინაო.

„ხმლებს ნუ დაიხსნით, ხევსურნო, ზურაბ არ დაინდობაო“.

მაგრამ ცბიერ ზურაბს სტუმარ-მასპინძლობის ეს ადათი დაურღვევია და უიარაღო ხევსურები ნადიმზე ვერაგულად დაუხოციაო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ხევსური ალუდა ალექსაური, რომელსაც ზურაბის მეღვინე მოუკლავს და გამოქცეულა. ამ ამბავს ხალხი დღესაც სიმწრით იგონებს:

„ზურაბო ერისთვისშვილო

სისხლისიმც დაგლევს წყალია!

თრუსოს აწიენ ხევსურნი,

ღალატით დასჭერ თავია“.[12]

ამგვარად, თემობრივი ხევსურეთის ეს ბრძოლა მებატონე ზურაბის დამარცხებით დამთავრდა; თავისი გამარჯვება ხალხს ასე გაულექსია:

„ხევსურეთშია, ზურაბო,

ვერ იქამ ერისთობასა,

გაგიწვრილდება კისერი,

ვერ შესძლებ ქვეითობასა…

 

მე წინავ გითხარ, ზურაბო,

ხევსური კაცი უტია,

ქალანდაურის ფრანგულმა,

ხმალმ შუქი გამოუტია“.[13]

მაგრამ ძლიერი ზურაბი ხევსურეთისათვის მაინც საშიშროებას წარმოადგენდა და, როდესაც 1629 წელს თეიმურაზ I-მა ზურაბ ერისთავი ღალატით მოაკვლევინა, ამან მთას დიდი სიხარული მოჰგვარა; ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია:

„ზურაბ, თან გახლდენ მსახურნი, ერთხან რო დაიბადეო,

გაითქვი ისპანამდენა, ყეენთან გაიზარდეო.

სადაც წაასხი ლაშქარი, სულ ყველგან გაიმარჯვეო,

აშენებულა ოვსეთი, ხარ-ცხენი ამოლალეო,

შაგიქეს სოსლონის შვილი, წახვედ, ეგიცა ნახეო,

სოსლონის შვილის ლურჯაი სიმამრსა გაუგზავნეო.

ზურაბ გიბარებს სიმამრი: სიძევ, საფურცლეს მნახეო,

ღალატ ჩემ გაგიბედავის, ღალატი ჩემიც ნახეო.

მოართვეს ხილი საჭმელად: სიძევ, შეექეც ხილსაო“.

ჯერ ხილი ჭამა ზურაბმა, მემრ პირი წახყვა ლხინსაო,

თავს ადგან მეღალატენი, მომსხდარნ ხყვან ყურის პირსაო.

ღალატ შეუტყვა ზურაბმა, აჩქარდა, ზურნას ხსნისაო.

თუშთ მოურავის ხანჯალმა, ზურაბ, გიწვდინა ცრუსაო.

ხმლითა სცა ყვაჩიხარჩიძემ: „დაჰკარით კახპის შვილსაო!“

ბარამს უბოძე, ბატონო, ზურაბის ცხენი საღარი.

ტყავ-კაბა – საგინისშვილსა, ზედ ოთაღანი მაღალი;

კაცი წალალეთ ხევსურეთ, ფშავ-ხევსურეთის ჩაფარი;

უთხროდით ხევსურთ შვილებსა, ტანთ აიყარან აბჯარი.

დაწვან ლოგინზე უშიშრად, ძილ დაიძინონ მაგარი.

მოკლეს ზურაბი საფურცლეს, აღარ მოგივათ ლაშქარი.

მე-17 საუკუნეში ხევსურებმა მონაწილეობა მიიღეს ბახტრიონის აღებაში. 1658 წელს კახეთის მმართველმა სელიმ-ხანმა ბახტრიონსა და ალავერდში თათრები დაასახლა. ამასთანავე ის ხელს უწყობდა ლეკების თარეშს და ამით გათამამებული ლეკებიც თუშების ცხვარ-საქონელს იტაცებდნენ. თუშებმა დახმარება სთხოვეს ფშავ-ხევსურეთს. ამ მოწოდებას ხევსურეთი გამოეხმაურა, რადგან თათრებისა და ლეკების გაძლიერება საფრთხეს უმზადებდა თვით ხევსურეთსაც, რომელიც მუდმივად ებრძოდა ჩრდილოეთის ამ მოსაზღვრე ტომებს. ხევსურები გუდანის დროშით ბახტრიონისაკენ სალაშქროდ წასულან:

„როშკით მოვიდნენ ხევსურნი:

სუმელჯაურნი ცხრანია,

ამღითა – ბათაკის ძენი,

ჭინჭარაულნი ძმანია,

გუდანელთ ჩამოსძღოლია

ხოშარეული ხარია,

ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,

წინ მაიმძღვარეს ქარია,

ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა

ღულულებიცა სტანია,

ხახმატელთ ცხენის ფეხის ხმამ

შააზრიალა მთანია“.

(ვაჟა-ფშაველა, ბახტრიონი).

ფშავ-თუშ-ხევსურეთის ეს ლაშქარი შეუერთდა ზაალ ერისთავის მხედრობას და 1659 წელს მათ ბახტრიონი აიღეს, ხოლო დამარცხებული სელიმ-ხანი გაიქცა: „ზაალ ერისთავმა შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი, წარუძღვანა ძე თვისი და მიუხდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიტეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემოდგომად ყოვლსა კახეთსა“ (ვ ა ხ უ შ ტ ი, საქარ. ცხოვრება, გვ. 189).

საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისიდან მთაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა, განსაკუთრებით თეიმურაზ I-ის მეფობის დროს, როდესაც სპარსეთის მბრძანებლის, შაჰ-აბასის, მთელი პოლიტიკა მიმართული იყო ქართლ-კახეთის დაპყრობისკენ. ამ მიზნით შაჰ-აბასი ამხედრებდა ჩრდილო-კავკასიაში მობინადრე მთიელებს, განსაკუთრებით, ქისტ-ჩაჩნებსა და ლეკებს, რათა მთაში შეესუსტებინა საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენა და, ამავე დროს, შეეკრა დიდოეთ-ქისტეთით რუსეთისაკენ მიმავალი გზები, საიდანაც ქართლ-კახეთის მეფეები მოსკოვის მეფესთან დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ამიტომ შაჰ-აბასი სხვადასხვა ხერხით ცდილობდა, ქისტ-ლეკებში შეექმნა საქართველოსადმი მტრული განწყობილება.

წინათ კი, VII-XVI საუკ. განმავლობაში, ქისტ-ჩაჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრობდნენ და ადმინისტრაციულად ფშავ-ხევსურეთთან ერთად ისინი შედიოდნენ ხუნძახისა და პანკის-კვეტერის სამოურავოში (იხ. ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართვ. ცხოვრება. გვ. 151, 158).

ამასთანავე, ქისტეთ-ლეკეთი იმყოფებოდა საქართველოს კულტურული და სარწმუნოებრივი გავლენის ქვეშ. ამას მოწმობს ძველ ძურძუკეთ-ღლიღვეთში (დღევანდელი ქისტეთ-ჩაჩნეთში) არსებული ქართული სტილის ძველი ტაძარი, რომელიც დაცულია ასას ხეობაში და ცნობილია თხაბა-ერდის სახელწოდებით. ტაძარი შემკულია ასომთავრული ქართული წარწერით და IX საუკ. არის დათარიღებული.[14] ამავე ტაძარშია ნაპოვნი ქართული ფსალმუნის XI-XII საუკ. ხელნაწერი.[15]

დაღესტანში კი ცნობილია ხუნძახის ქართული წარწერა[16] და „დათუნიას“ ნიში.

რომ ისტორიულ წარსულში ჩაჩნეთ-დაღესტანი და ყოფილი ზაქათალის ოლქისა და ნუხის მაზრის მოსახლეობა სარწმუნოებრივად საქართველოს ეკლესიას ექვემდებარებოდა, ამას, სხვათა შორის, მოწმობს მაღალაშვილის სახარების მე-14 საუკუნის ერთი მინაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ეს მხარე შედიოდა ქერმუხის მთავარი ეპისკოპოსის სამწყსოში:

„ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩუენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ანწუხისა საეფისკოპოზო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი… ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჭ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა, და ყოვლისა კაკისა, ესე იგი არს; ძუელისა მოვაკნისა, ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა. და ამან სანატრელმან ექთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეფისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თჳს ეკლესიისა…“ და სხვა.[17]

ამასთანავე ძლიერი იყო ქართული მატერიალური კულტურისა და ენის გავლენა ქისტ-ჩაჩნებ-ლეკებზე.[18] საყურადღებოა აგრეთვე ისტორიკოს თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობაც, რომელიც ამბობს: „ქისტნი, ღლიღვნი და ძურძუკნი პირველ იყვნენ ენითა ქართულითა მომზრახნი და ქრისტიანენი… ლეკნი იყვნენ ქრისტიანენი და სცვიდენ ენასა ქართულსა ვიდრე თემურ-ლენგამდე (მე-14 საუკ.), რომელმანაც დაიპყრნა იგინი, მოაქცივნა მრავლისა ტანჯვითა, ლიქნითა და წყალობითა; დაუდგინნა არაბნი მოლანი და განუწესა მათ, რათა ასწავებდენ ყრმათა მათთა წერილსა არაბულისი ენისასა. მისცა მათ ბრძანება ფიცხნი არღარა კითხვად და არღაცა სწავლად ქართულისა წიგნისა რათა, არცაღა ენა ქართული იზრახვებოდეს მათ შორის. მხოლოდ დაშთა ენა ქართული ლეკთა შორის ანწუხელთა, რომელნიც დღეინდელად დღემდე ზრახვენ ქართულსა ენასა… არიან ლეკთა შორის ძველად ნაშენები ეკლესიანი და მონასტერნი – რომელნიმე სრულიად თლილითა ქვითა ნაშენნი, განა აწ რომელნიმე დარღვეულნი და სხვანი უქმად, რომელნიმე მიზგიდებად (მეჩეთებად) მათდა შეცვალებულნი…“.

XVI-XVII საუკუნეებში, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, სპარსეთის პოლიტიკის წყალობით, ქისტეთ-ჩაჩნეთ-ლეკეთი საქართველოს სარწმუნოებრივად გამოეთიშა და იქ მაჰმადიანობა შეიჭრა: სარწმუნოებრივი დაპირისპირება ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, რომ სპარსეთის შაჰებს საქართველოს წინააღმდეგ ლეკები აემხედრებინათ. ამით წათამამებულმა ლეკებმა თეიმურაზ I-ის მეფობისას დაიწყეს კახეთის აშკარა მტრობა და თეიმურაზი იძულებული იყო, მათ დასაპყრობად ჯარი გაეგზავნა:

„არამედ უკეთუ მტრობდენ ლეკნი, ამისათვის წარავლინა თეიმურაზ ომანიშვილი ქაიხოსრო: ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დასდგა მთასა ზედა, უწყო რბევა, სრვა და ოხრება, და ვითარ ვერვინ წინაღუდგნენ, ითხოვა ბუკი თეიმურაზისა-გან, რამეთუ მოშიშარ იქნებიან უფროსად“ (იხ. ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართ. ცხოვრება, გვ. 175).

მაგრამ ლეკები თეიმურაზს მაინც არ ასვენებდნენ. შაჰ-აბასი მოსყიდვითა და სხვადასხვა დაპირებით ლეკებს აქეზებდა კახეთის დასარბევად: „ხოლო შაჰაბაზ მოვიდა კახეთს და მუნიდან ტფილისს ქრკ. ტდ. (304)=1616 წ. ეზრახა ლეკთა: „რამეთუ მნებავ მოწყვეტა კახეთისა და რომელნი შემოვიდნენ თქვენ-კერძთა მთათა შინა, თქვენ მოსრენით და ტყვე-ყვენით იგინი და აღგავსნე მეცა ნიჭითა“; მსმენელთა მათ სიხარულით აღუთქვეს, მაშინ შაჰ-ბაზ წარმოავლინა ტფილისიდამ სპანი დიდნი ხერკსა და ერწო-თიანეთსა ზედა… მოსრნა, მოსტყვევნა და მოაოხრნა, განძარცვნა ეკლესიანი… გარნა ვიეთნიმე მორჩნენ ფშავს, ხევსურეთს, თუშეთს და სიმაგრეთა… არამედ ლეკთაცა უყვეს ეგრეთ, ვითარცა აღუთქვეს შაჰ-აბაზს“ (იხ. ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ. 178-179).

ლეკები განსაკუთრებით მტრობდნენ მათ მოსაზღვრე თუშ-ფშავ-ხევსურებს, ძარცვავდნენ და აოხრებდნენ მათს სოფლებს და აქედან სათარეშოდ კახეთში გადადიოდნენ. დაღესტნის აშლილობის საფრთხეს თეიმურაზ I კარგად გრძნობდა და ლეკების დასამორჩილებლად და რუსეთის გზის გასახსნელად ახლა თავად გაილაშქრა დიდოეთში: „განიზრახა თეიმურაზ შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისა-გან და ჰყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიროს იგი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოსწვა დაბნები. არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა, მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა, და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა და მოწყვიტნეს მრავალნი კახნი, ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყველი: „ვაი დარბაისელ ეპისკოპოს მოწყვეტილსა“. ქრკ. ტკც (328)=1640 წ.

ამგვარად, თეიმურაზი აქ დამარცხდა, დიდოეთი კახეთს საბოლოოდ ჩამოშორდა და ამ მიმართულებით თეიმურაზს რუსეთის გზაც დაეხშო.

ამის შემდეგ თეიმურაზი იძულებული იყო რუსეთისაკენ გზა ქისტეთ-ჩაჩნეთის მიმართულებით გაეხსნა და 1638 წელს მას იქ გაულაშქრია. თეიმურაზს ქისტ-ჩაჩნები დაუმორჩილებია და რუსეთ-კახეთის გზა მას გაუხსნია ხევსურეთ-ფშავ-თუშეთის მიმართულებით, საიდანაც ის შემდეგ მოსკოვის მეფეს დიპლომატიურ წერილებს უგზავნიდა.

ხევსურები მონაწილეობას იღებენ აგრეთვე თეიმურაზ I-ისა და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და 1657 წელს თუშებთან და ფშავლებთან ერთად თავიანთ წარმომადგენელ ხევისბერებსაც აგზავნიან მოსკოვში და სთხოვენ ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობასა და მფარველობას.

ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ 1657 წლის დოკუმენტის ტექსტს:

„ქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხაილის შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალს და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომე ჩვენც ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო, და თქვენც ამისი ყმანი შეიქენითო და თქვენც ამას დაუკარით თავიო, აწე… ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენი… არის და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა სამთა ქრისთიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მოგვიბამს ერთმანეთისათვინ და ელჩები გამოგვიგზავნია. ხევისბერი სოზიმე მაკსიმიჩი და გრიგოლო სილორიჩ, და პავლე ივანიჩ და შენი ყმანი შევქმნილვართ და თავი დაკვიკრავს. როგორც თქვენი ბრძანება იქნება, ჩვენ იმის მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის, საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია; აწე, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა და ზურგი აღარ საით გვქონდა, და მღვთისაგან ველოდებოდით, რომე ერთი შენი ბრძანება და კაცი მოგვსვლიყო; აწე მოგვივიდა შენი ბრძანებაცა და ჩვენის დედოფლის კაციცა, და თქვენი ბრძანება გაგვითავებია, და შენ შემოხვეწნივართ, და შენთვის თავი დაგვიკრავს, გვიმსახურე და გვილაშქრე. ამ დღეისით შენი ყმანი შევქმნილვართ“.[19]

ხევსურებმა ასეთივე დიპლომატიური ხასიათის წერილი გაუგზავნეს 1658 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძეს:

„დიდო და ყოვლისმპყრობელო ხელმწიფევ, ყოველი ქრისტიანეთ რჯულის დამამტკიცებელო, სრულებ საქრისტიანოს საჭეთ მპყრობელო და ყოველთ ურჯულოთ გამაქარვებელო, დიდის მოსკოვის ტახტზე ჯდომილო და სრულ საქრისტიანოს ზურგო და სიქადულო, დიდებულო ხელმწიფევ, ღვთივ გვირგვინოსანო, მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხაილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობილთა თავი დაგვიკრავს და თქვენს ნადგომს მიწას ვმთხვევნილვართ: აგრეთვე ამას წინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გაახელით და სრულად ერთობილთა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომ ჩვენი ერთი ღმერთი ვიცით და მეორე საქართველოს ხელმწიფე, მეფე თაიმურაზ და ჩვენ სხვას ურჯულოს კაცის ხელქვეით არა ვყოფილვართ თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა ჩვენს ხელმწიფესა ურჯულომ ყეინმა დასძლივა და რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენ ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფევ, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქნებით და არც უსიკვდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის, და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გამობრუნებულ იყო, და ჩვენის ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და თერგზე რომ მოსულ იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე წინ შემოჰყროდა, და ერთი ჩვენი ელჩი იქ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და ასრე ებრძანა ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომ ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდი ხელმწიფეო. როგორც ამისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ, ისრე ქენითო, და სხვას კაცისათვის არამც თავი მოგიდრეკიათო, ან სხვა ისრე ქენითო, და სხვა კაცი თქვენს ქვეყანაში შემოგიშვიათო. მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის ხელმწიფის გამოგზავნილი კაციცა და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებრძანებინა და მაგათი ბედნიერი ხელი დაუდებია, ასრე გებრძანა: ჩემი ყმანი შეიქენითო და მემსახურეთო და ვისაც ვამტერო, უმტერეთო, თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო და ლაშქარს მოგაშველებთო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, თქვენ მზას იყვენითო, რა ხან ჩემი ბრძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერვენითო და მილაშქრეთო და სხვა მრავალი წყალობა გებრძანა ჩვენთვინა: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირის სანაცვალონი გვამყოფოს, და მაგათი დღე ერთი ათასად იქნას: ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიარს ხელმწიფეს ჩვენთვინ წყალობა ექნა: ახლა კიდევ ელჩები ვაახელით დიდს ხელმწიფესა და რვა კაცი: ნაუბ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმოს შვილი, ალექსანდრე აბრამის შვილი, მიხაილ გრიგოლის შვილი, გრიგოლ მიხაილის შვილილ, ივანე ივანეს შვილი, სვიმონ ზაქარიას შვილი, კუზმა სვიმონის შვილი გამოგვიგზავნია და შევიტყვეთ, რომ ჩვენი ხელმწიფე თქვენთან წამოსულა და როგორაც თქვენი ბრძანება მამივა, ისრე ვიქთ, და ისრე გამსახურებთ (იხ. М. Броссе, გვ. 229).

რასაკვირველია, ორივე ეს წერილი ნაკარნახევი იყო თეიმურაზ მეფისაგან, რომელიც ფშავ-ხევსურეთში იყო გახიზნული და მოსკოვის მეფის დახმარებით ცდილობდა კახეთიდან სპარსელების განდევნას და თავისი ტახტის დაბრუნებას. ამისათვის საჭირო იყო ფშავ-ხევსურეთის დიპლომატიური ენით ამეტყველება.

მე-18 საუკუნეში, თეიმურაზ II-ის (1744-1760 წწ.) მეფობის უკანასკნელ წლებში, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ხევსურეთი კახთ მეფისაგან განმდგარა და მას წინანდებურად თურმე არ ემორჩილებოდა: „ქრონიკონს უმგ (443)=1755 წ. ამა ხანთა შინა ხევსურის ქვეყანა აღარ დამორჩილდა კახს ბატონს და პირველისამებრ აღარ მონებდნენ. ჩამობრძანდა კახეთიდამ კახი ბატონი ერეკლე ქალაქს და მოსთხოვდა ფარვანი მამასა თვისსა ქართველ ბატონს მეფეს თეიმურაზს, ინება ხევსურეთისა დალაშქრვა. გაისტუმრა მამამან ცხებულმან ძეი თვისი მეფე ერეკლე და გასცა ბრძანება თავადთა ქართლისათა, რათა იახლნენ თან: მიბრძანდა მეფე ერეკლე ანანურს, შემოეყარნენ იქ ქართველნი ამორჩევით დიდებულთა შვილნი და აზნაურ-შვილნი, ზემო ქართლისანი და ერისთავები ორივე დავით და ჯიმშერ, წაბრძანდა ანანურიდამ, მიბრძანდა თიანეთს, იქ შემოეყარნენ ჯარი კახეთისა. ზამთარი იყო, თოვლი დიდი და გზა საჭირო, დაიქვეითეს ყოველთა, თვინიერ მეფისა და იმანცა ბევრჯერ იარის ქვეითად, მივიდნენ, ფშავნი მოეგებენ, ფშაველნი დახვდნენ, რაც იმ ქვეყანას გაეწყობოდა მოართვეს მოსართმევი, ენებად იქიდამ გადასვლა ქვეყანასა ხევსურისასა: რა შეიტყეს ხევსურთ, შემოეხვეწნენ ხევსურნი და ითხოვეს დანაშაულისა მიტოვება, შეუნდო ცდომა მათი და შემოირიგა, იახლნენ უფროსნი კაცნი და მოართვეს ჯორნი, ძროხანი და ცხვარნი ფეშქაშად და დაიდვეს თავს სამსახური, რაცა ძველთაგან კახ ბატონებისაგან სდებოდათ, გამოართო ბატონმა მძევლები და განუტევა ხევსურნი მშვიდობით“.[20]

ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ხევსურეთი თეიმურაზისაგან განმდგარა. მაგრამ მემატიანეს ამის მიზეზი აღნიშნული არა აქვს. ხევსურები, ეტყობა, ბეგარას არ იხდიდნენ და მათ დასამორჩილებლად ხევსურეთში თვით ბატონიშვილს – ერეკლეს გაულაშქრია. ხევსურებს წინააღმდეგობა ვერ გაუბედიათ, ერეკლესათვის მორჩილება განუცხადებიათ და ფეშქაშიც მიურთმევიათ. ერეკლეს ხევსურეთი შემოურიგებია, მათთვის დაუდია სამეფო ბეგარა და ამის სიმტკიცის ნიშნად მძევლებიც წამოუყვანია. ამის შემდეგ ერეკლესა და ხევსურებს შორის კეთილი განწყობილება დამყარებულა.

ერეკლეს აქ ყოფნა ხევსურებს დღესაც ახსოვთ. გადმოცემით, ერეკლე გუდანში მისულა, გზად ღულის ვაკეზე გაუვლია და აქ შეუსვენია ორი მუხის ქვეშ, რომლებსაც ახლა უჩვენებენ. გუდანში ერეკლე ხატში შესულა და უთქვამს: მე გუდანის-ჯვრის მოძმე ვარო. ამიტომ ერეკლე თურმე თავისუფლად შედიოდა ხატის დარბაზში, სადაც სხვას შესვლა ეკრძალებოდა. დარბაზში ერეკლე ხმამაღლა დაიწყებდა ლაპარაკსო, ვითომც გუდანის-ჯვარს ესაუბრებოდაო. შემდეგ მეფე დარბაზიდან გამოდიოდა და ხევსურებს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობის შესახებო. ხევისბერები მაშინვე აიღებდნენ გუდანის-[ჯვრის] დროშას და სალაშქროდ ქუდზე კაცი გადიოდაო. ამას ეს ხალხური ლექსიც მოწმობს:

„ავარდა ერთი ურჯულო, ნეიფი თათრის ხანიო,

ერეკლე გუდან მოგვივა, შემოიხვივნა ყმანიო.

თავ-თავ ხევსურსა იკითხავს: „ხევსურთ ვინა გყავთ თავიო?“

ხევსურნ იმედას მოუვლენ: ბეღლის გაგვიღო კარიო,

გამოგვიბრძანენ დროშანი, სამივ აგვიბი ზარიო,

ხევსურებ დაგვიმწყალობნე, წყრომით არ გაჰყვეს ჯვარიო,

დაუჭერიან ურუმსა საქალაქონი გზანიო“ და სხვა.

ამგვარად, გუდანის-ჯვრის ყმები – ხევსურები მისივე მოძმის – ერეკლეს ყმებიც გამხდარან და ხევსურეთიც მუდამ მზად ყოფილა ერეკლეს სამსახურისათვის. ხევსურეთის შემომტკიცების მიზნით ერეკლეს ამასთანავე იქ მოუნათლია ორმოცდაოთხი ბავშვი – ნათლია თვითონ ყოფილა.

ერთი სიტყვით, ერეკლეს მეფობის დროს (1760-1798 წწ.) ხევსურები ერთგულად ემსახურებოდნენ კახეთის სამეფოს. ისინი იყვნენ მეფის ამალაში და მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ბრძოლაში. ასეთი დაახლოება გამოწვეული იყო იმდროინდელი პოლიტიკურ-ისტორიული ვითარებით, განსაკუთრებით, ქისტეთ-ჩაჩნეთისა და ლეკეთის აშლილობის შიშით. მათი თარეშით აკლებული იყო კახეთის სამეფო. ამ მხრივ ხევსურეთს, როგორც მათ მოსაზღვრე კუთხეს, უაღრესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად. და როდესაც ერეკლე II-მ ლეკების თარეშის ასალაგმად მორიგი ლაშქრობა გადაწყვიტა,[21] მან ამ ბეგრისაგან ფშავ-თუშ-ხევსურნი განათავისუფლა,[22] რადგანაც მათ ისედაც ევალებოდათ ქისტეთ-ლეკეთის საზღვრების დაცვა. თვით ხევსურეთიც დაინტერესებული იყო მეფის დახმარებით, რადგან ამ კუთხეს ქისტეთ-ლეკებთან დაუსრულებელი მტრობა ჰქონდა და ხევსურები თავდაცვისათვის მუდამ მზად უნდა ყოფილიყვნენ. ქისტ-ჩაჩნები და ლეკები სარგებლობდნენ კახეთის სამეფოს დასუსტებით, გადადიოდნენ ხევსურეთში და იტაცებდნენ საქონელს, სარჩოს, მიჰყავდათ ტყვეები და სხვა. მათ წინააღმდეგ საჭირო იყო ძალა და დახმარებისათვის ხევსურეთს მეფისათვის უნდა მიემართა.

ამასთანავე საყურადღებოა, რომ შატილის მხარე დედოფლის გამგებლობაში შედიოდა. ამას მოწმობს დასტულამალის მინაწერი, სადაც ნათქვამია: „მე ალექსის ძე დავით მისს უგანათლებულესობას ჩემს ხელმწიფეს და ხელმწიფას ძეს ბატონიშვილს დავითს ფშავსა და ხევსურეთს ვახლდი. დიდად შეუვალ[ი] და საჭირ[ო] გზა ყოფილა კაცთათვის სავალად. მუნ ყოფასა ჩემსა, რაოდენიც ფშავსა ანუ სრულიად ხევსურეთსა შინა სოფელნი თვალითა ჩემითა ვიხილე, მათ სოფელთა სახელი თვითეულად ამას უკუე დასტულამისა ბოლოსა აღვწერე. ქ. ხევსურეთის სოფელნი ესენი არიან. ქ. სადედოფლო სოფლები:

ქ. კისტანი – სადედოფლო,

ქ. გურო – სადედოფლო,

ქ. შატილი – სადედოფლო,

ქ. ხახაბო – სადედოფლო,

ქ. მიცუ – სადედოფლო.

შემდეგ ჩამოთვლილია ხევსურეთის დანარჩენი/არა საფედოფლო სოფლები და ბოლოს თარიღი: „აღიწერა სეკდემბერსა კვ (26). წელსა ჩღპთ (1789 წ.) [დავით].

ხევსურები უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ და მეფის კართან დაახლოებული იყვნენ. საქმისათვის ერეკლეს პირადად მიმართავდნენ და სთხოვდნენ დახმარებასა და წყალობას. ამის წარმოსაჩენად ჩვენ აქ მოვიყვანთ ერეკლესადმი მიმართვის ხევსურის ერთ არზას: „ქ: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მისცეს არხოტიონელს თქვენს ყმას გაბუურს ალუდაურს და მის ძმას ივანეს: ჩვენი მეზობელი ამღიონელი გარდამეკიდა დაუნაშავებელი, სასიკვდილოთა მდევს, ხევსურისა არც რჯული დაიჯერა და არც სამართალი. მე იმას ვერ მოვრჩები, სამი წელიწადი არც მახნევინა და არც დამათესვინა. ამ წყალობას გევედრებით: ჯუთა ერთი ვერანა ადგილია, თქვენი მამულია, ის ადგილი მიბოძეთ, იქ დავსახლდე ღმერთი გაგიმარჯვებს. მარტის ჱ ქსკ უჲა (461)=1773 წ.

იმ დღეს რომ ვეფხვი მოგართვი, მე ის ვარ, თუ წყალობა დამემართებოდეს ერთი ოქმი მიბოძეთ“.

ამ საბუთზე წარწერილია მეფის ასეთი ბრძანება: „ქ. ბატონო არაგვის მოურავო – ქაიხოსრო ამ არზის პატრონს: არხოტიონელს კაცს ამ არზით რომელი ადგილიც უთხოვია იმ ადგილზე დააყენე. მარტს იჱ (18) ქკს ყჲბ (462)=1774 წ“. აზის ბეჭედი [ერეკლე].[23]

ერთი სიტყვით, ერეკლე მეფისა და ხევსურეთის ასეთი დაახლოება და მეგობრული კავშირი გამოწვეული იყო თავდაცვის საერთო მისწრაფებით, რომ გაერთიანებული ძალით მოეგერიებინათ ქისტ-ლეკების შემოტევა და ხევსურებიც ერეკლეს მოწოდებისთანავე მუდამ მზად იყვნენ ხელში გუდანის-[ჯვრის] დროშით მტერზე გასალაშქრებლად:

„ამბავ მოვიდა ბარადა: დაიძრა თათრის ჯვარიო;

კაცი მალალა ბატონმა: თავი დამჭირდა ყმისაო,

ხევსურებ ჩამომივიდან, თორ ქალაქ წამერთმისაო“.

სანეს შეყრილან ხევსურნი, ნარჩევნი, თემ-თემისაო,

დასვეს ბეღლის-კარს ქადაგი, ლაღის გუდანის-ჯერისაო,

ადგნენ წავიდენ ხევსურნი, ერთმანეთს არ უცდისაო,

არაგვზე ჩამააწყვიან ჯარ თეთრის ხარიმისაო.

ჩავიდეს ქუდსახდელასა, ელვა დგას ჩაჩქნებისაო,

ჭეხით მოართვეს სალამი ერეკლეს მეფის შვილსაო,

ერეკლემ ხკითხა მშვიდობა. მზე ეფინების პირსაო.

გახკვირდა კახთ თავადები, ერთ ხევსურ კარგად ცდისაო,

„ეგ ნათელიძე იქნების“, ერეკლე იცინისაო“.

ხევსურებს მონაწილეობა მიუღიათ ასპინძის ომში (1770 წ.), სადაც დიდი გულადობა გამოუჩენია მეფის ამალაში მყოფ შვიდ ხევსურს. ამის შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს: „ოდეს იხილა მეფემან ირაკლი ეს ჯარები (ოსმალ-ლეკები) მიწევნილი, მაშინვე თვით გამობრუნდა რაოდენითმე ჩინებულითა და შინა-ყმითა თვისითა და შვიდითა ხევსურითა. განჰსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ ყოველნი მეფისთანა მყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი“.[24]

ასპინძის ამ ომის ამბავი და ლეკის ბელადის, კოხტას, მოკვლა გალექსილია და მას ხევსურები დღესაც მღერიან:[25]

„ერეკლე ბატონიშვილი ტახტზეით გარმამხდარაო,

იარაღები აუსხამ, ბაბღიას გადამჯდარაო:

კაცი ხევსურეთ წალალა: „თავ დამჭირდება ყმისაო“.

ქალაქს მიუა ბატონსა ჯოგი ლეგისა მგლისაო;

სურამი გადაიარეს, აწყვერსაც მიუდგებისა,

აწყვერის სიმაგრეჩია ლეკები ჩაუდგებისა.

ბატონიშვილი შეწუხდა „ჯარ რაით გამიწყდებისა!“

ხევსურებ მაახსენებენ: „დღეს ჩვენი გადაგვხდებისა!“

ჩამეერჩივნენ ხევსურნი, ერეკლე ჩამოჰყვებისა,

ლოხაურიშვილ სუმბატა ხმლიან კაცთ წინ უძღვებისა,

ერეკლე ბატონიშვილსა პირზს მზეი ეფინებისა,

მოუკლავ კოხტა ბელადი, გლეხი არ ეკადრებისა“.

ხევსურები იბრძოდნენ აგრეთვე კრწანისის ველზე აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ 1795 წელს. ხევსურებს ეს ისტორიული ამბავი ახლაც ახსოვთ და, როდესაც არაგვის ერისთავს ქაიხოსროს ერეკლეს ბრძანებით ხევსურეთი სალაშქროდ გამოუწვევია, შეიარაღებული ხევსურები მაშინვე მეფის კარზე გამოცხადებულან. ერეკლეს მათ მისალმებია და უთქვამს:

„მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,

უნჯრი ყმანი ხართ ჩემნია,

ფულს მოგცემთ მაგოდენასა,

რო არ ზიდევდას ცხენია“.

მეფისაგან ფულის შეძლევა ხევსურებს სწყენიათ და ასე უპასუხიათ:

„თავს ვერ გაგიხრით ხევსურნი,

უნჯნი ყმანი ვართ შენნია;

თეთრს ვინც აიღებს ხევსური,

ვინაც მახკიდას ხელია,

გაუწყრას, ნეფევ ერეკლევ,

ის სალოცავი ჩვენია!“

ამის შემდეგ მეფის ბრძანებით ხევსურებს კრწანისისაკენ გაულაშქრიათ:

„დეემზადენით, ხევსურნო,

ჩაჩქნებ დაიდგით თავზედა,

თათრების მალოდინი გვოქვ,

გან ვსხედვართ ლუდის სმაზედა?

გაგვიძეღ, ნეფე ერეკლევ,

წავდგათ კრწანისის გზაზედა!“

კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს ცხენი წაჰქცევია და მეფეს მოსაკლავად თათრის ლაშქარი მიხვევია, მაგრამ ხევსურებს მტრები ხმლებით გაურეკიათ და მეფეც სიკვდილისაგან დაუხსნიათ.[26]

კრწანისის ველზე დამარცხებას მალევე მოჰყვა თვით ერეკლეს სიკვდილი. ხევსურებმა ერეკლე ასე დაიტირეს:

„ვერ გაიგეთა, ქართველნო,

შეგეხსნათ რკინის კარია:

აღარა გყავთ ნეფე ერეკლე,

არც მისი საომარია,

დამდგარა ბაირახები,

აღარ ჭეხს ზარბაზანია!

მცხეთას დგას თეთრი საყდარი,

გვერდზე ჩაუდის მტკვარია,

შიგა დგას ოქროს ლოგინი,

შიგ ნათობს კელაპტარია,

შიგა დგას კუბო ოქროსი,

გამოსახული ჯვარია“.

მაგრამ ერეკლეს სიკვდილის შემდეგაც არ დაუკარგავს ხევსურეთს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ის მე-19 საუკუნის ისტორიაშიც მონაწილეობს.

დიდი პოლიტიკური გართულება კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში მოჰყვა რუსეთთან შეერთებას (1801 წ.), რამაც გამოიწვია მთიულეთის ამბოხება, ალექსანდრე ბატონიშვილის განდგომა და შამილის ბრძოლები.

დარიალის ხეობით შემოჭრილმა თვითმპყრობელური რუსეთის დამპყრობელმა ჯარებმა და კაპიტან-ისპრავნიკებმა სხვადასხვა ბეგრით მეტად შეავიწროვეს სამხედრო გზაზე მცხოვრები მოხევეები და მთიულები. მეფის მოხელეებს ეს მთიელები იძულებით სამუშაოზე გაჰყავდათ. ავიწროვებდნენ ბეგრით, ართმევდნენ სარჩოს და ურჩობისათვის ფიზიკურად სჯიდნენ. ბოლოს მთიელებმა მოთმინება დაკარგეს და ამბოხების დროშა 1804 წ. პირველად მოხევეებმა და მთიულებმა ააფრიალეს.[27] მთიულებსა და რუსის ჯარს შორის დაიწყო შეტაკება. ფშავ-ხევსურეთი ჯერ განზე იდგა, მაგრამ ღელავდა და მზად იყო მონაწილეობის მისაღებად. ხევსურეთის ეს თავშეკავება იმით აიხსნებოდა, რომ ამბოხების ფრონტი მოშორებით იყო და რუსეთისაგან ხევსურეთს ჯერ-ჯერობით საშიშროება არ მოელოდა. მაგრამ ხევსურები იმასაც კარგად გრძნობდნენ, რომ მთიულ-მოხევეთა დამარცხების შემდეგ მათ თავისუფლებასაც საფრთხე მოელოდა.

მეამბოხე მთიულები ფშავ-ხევსურეთს დახმარებას სთხოვდნენ და ისინიც მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდნენ. ამის შესახებ ფშავ-ხევსურეთის იმდროინდელი ბოქაული ჩოლოყაშვილი სწერდა საქართველოს გამგებელს ვოლკონსკის: „ხევსურები და ფშავლები აჯანყებას აპირებენ, არ მიგონებენ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.[28]

ბოლოს, 11 ივლისს, ხევსურებმა გადაწყვიტეს ამბოხებაში მონაწილეობა და დაადგინეს, პირველად აეკლოთ დუშეთი და იქ მყოფი რუსის ჯარი ამოეწყვიტათ. ამ კრებას დასწრებია 800 ხევსური; 300 კაცს თავი შეუკავებია და მთავრობის ერთგული დარჩენილა, 500 კაცი კი აჯანყებაში ჩარეულა (Акты, т. II, გვ. 320). მეამბოხენი ხევსურების ამ მცირე რიცხვით არ კმაყოფილდებოდნენ და მოითხოვდნენ, ამბოხებაში მთელ ხევსურეთს მიეღო მონაწილეობა. ხევსურეთი ცნობილი იყო თავისი გულადობით და მეამბოხენი ფიქრობდნენ ხევსურების მომხრობით რუსის ჯარის დამარცხებას. ამიტომ მთიულ-მოხევეებმა ხევსურეთში მოციქულები ისევ გაგზავნეს და სთხოვეს, მთელი ხევსურეთის ჩართვა. ამაზე ხევსურეთი ყოყმანობდა და გადაჭრით არ პასუხობდა (Акты, т. II, გვ 322; ფრონელი, გვ.159).

ეს ამბავი რომ გაიგო გაბრიელ ყაზბეგმა, რომელიც მონარქიული რუსეთის დიდ ერთგულებას იჩენდა. მაშინვე თავისი კაცები აფრინა ხევსურეთში, რომ ხევსურეთი ამბოხებაში არ ჩარეულიყო. ხევის მოურავ გაბრიელ ყაზბეგს, როგორც მთის ძლიერ მებატონეს, ხევსურებში დიდი გავლენა ჰქონია და მათი თავშეკავებაც უფრო გაბრიელის პატივისცემით იყო გამოწვეული. გაბრიელის მოციქულები ხევსურეთში ხელცარიელი არ მისულან. საჩუქრად მიუტანიათ კარგი ძღვენი, ფული და გაბრიელის პირით უთხოვიათ, ამბოხებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ეტყობა, ქრთამს გაუჭრია, სალაშქროდ გამზადებული ხევსურები დაშლილან და ყაზბეგისათვის ფიციც მიუციათ, აჯანყებაში მონაწილეობას არ მივიღებთო. ამის სიმტკიცის ნიშნად გაბრიელისათვის ხევსურებს თავიანთი დროშაც კი გაუგზავნიათ (იხ. ფრონელი, გვ. 160).

მაგრამ 13 ივლისს, როდესაც მეამბოხეებმა გადაწყვიტეს ყაზბეგის ციხე-დარბაზში შეხიზნული რუსის რაზმის ამოწყვეტა, მონაწილეობის მისაღებად 700 ხევსური გადმოსულა და მდინარე სნოს პირას დაბანაკებულა. ხევსურების მოსვლას მეამბოხეები გაუმხნევებია და ისინიც ციხის გარემოცვას შესდგომიან. გაბრიელს ხევსურების მეთაურებისათვის ახლაც საჩუქრები გაუგზავნია და უთხოვია: „ნუ გასტეხავთ ერთგულების ფიცს და ჩემს მტრებს ნუ მიემხრობითო“. ამის გამო ხევსურები თავს იკავებდნენ.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, 17 ივლისს, ხევსურები მეამბოხეებთან შეთანხმებულან და მოუთხოვიათ: „ციხეში მოპოვებული ქონება მონაწილეთა შორის თანაბრად გაეყოთ, მხოლოდ რუსებს ნუ დავხოცავთო“. ხევსურებს გაბრიელთან საქმის გართულებისა ეშინოდათ და ამიტომ მოითხოვდნენ რუსის სამხედრო ტყვეებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

მეამბოხეებმა ხევსურებთან ერთად ციხე მალე აიღეს და რუსები დაატყვევეს. მოპოვებული ნადავლიც პირობისამებრ გაიყვეს. ხევსურების საქმეში ჩარევამ მეტად დააფიქრა გაბრიელ ყაზბეგი და საქართველოს გამგებელი ვოლკონსკი, რადგანაც მოსალოდნელი იყო მთელი ხევსურეთის ამბოხებაც. მით უმეტეს, მოხევეები და ხევსურთა ერთი ნაწილი ანანურის აკლებას აპირებდნენ და შემდეგ ქსნის ხეობით ქართლში შეჭრას.

ეს გარემოება საფრთხეს უქმნიდა თვით რუსეთის ბატონობას ჩვენში. ამან მეტად შეაშფოთა მეფის ხელისუფლება, რომელიც ახლა ცდილობდა მეამბოხეთა ბანაკიდან ფშავ-ხევსურეთი როგორმე გამოეთიშა. ამ მიზნით ვოლკონსკიმ საჩუქრებით ფშავ-ხევსურეთში გაგზავნა ალექსანდრე მაყაშვილი და დავით ქობულაშვილი. ვოლკონსკის ამ ელჩების დიპლომატობას, ქრთამსა და საჩუქრებს ეტყობა გაუჭრია და ხევსურეთის თემებს 1804 წლის 29 ივნისს იმპერატორის ერთგულებაზე წერილობითი პირობა დაუდიათ: „ჩვენ გუდანის, ღულის და ბლოს ხევსურნი ვიქნებით ერთგულნი ყოვლად მოწყალე ხელმწიფისა, როგორც ვართ ერთგულნი ჩუენის ხატის გუდანის-ჯვრისა. თავდებად გაძლევთ გუდანის-ჯვარსა, წმინდა გიორგის ხატსა და კაცთაგან – ნათესავთა ჩვენთა, თიანეთის მცხოვრებთ ხახმაძეებსა და მათურელებსა, რომ მეამბოხე მთიულებს არ მივემხრობით და არ ვიზრუნებთ მათთვის, და რადგან ეგენი გახდენ მოღალატენი ხელმწიფე იმპერატორისა, ჩვენ ეგენი გულიდან ამოგვირეცხია“. ასეთივე წერილობითი პირობა გაუგზავნიათ ხახმატელებსა და ბისოელებსაც ვოლკონსკისათვის (იხ. Акты, II, გვ. 325).

ეს ხელშეკრულება არ იყო გულწრფელი და ხევსურეთის ნებისყოფის გამომხატველი, არამედ ნაკარნახევი უნდა ყოფილიყო ვოლკონსკის ქრთამით მოსყიდული გუდანისა და ხახმატის ხევისბერებისაგან, რომლებიც ვოლკონსკის ერთგულებაზე ხევსურებს გუდანის-ჯვარზე აფიცებდნენ. ამგვარად, ვოლკონსკიმ თავის მიზანს მიაღწია და ხევსურეთის ჩამოშორებით შეასუსტა მეამბოხეთა ბანაკი.

როდესაც მეამბოხეთა სათავეში ტახტის მაძიებელი ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი მოექცნენ, ახლა მათ მოუწოდეს ფშავ-ხევსურეთს რუსების წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ბოლოს თვით ფარნაოზი გადავიდა ხევსურეთში და სთხოვდა რუსებთან ბრძოლაში დახმარებას, მაგრამ ხევსურები, ეტყობა, ბატონიშვილის საქმეს წაგებულად თვლიდნენ, ვოლკონსკის შიშით ვერ ბედავდნენ პირობის დარღვევას და უარს ამბობდნენ (იხ. Акты, т. II, გვ. 143).

ასეთივე მოწოდების ფირმანს უგზავნიდა ხევსურებს სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი. ჩვენ აქ მოვიყვანთ ალექსანდრეს ამ ფირმანის ტექსტს:

ქ. ჩვენ მაგიერად ერთობლივ ხევსურთ ასე ეუწყოსთ: მერე ჩვენი ანბავი ესრეთ იუწყეთ: ჩვენს მოწყალეს ხელმწიფეს როდესაც ვიახელით და ჩვენი საჩივარი მოვახსენეთ, ხელმწიფემ მაშინვე თვისის ურიცხვის მოწყალეობით მთელს ერანში ბრძანებები გასცა და საქართველოში წამობრძანების თადარიქში შევიდა. სხვა რიგათაც მრავალი წყალობები მოიღო ჩვენზედა და ჩვენთან მყოფს თავადებზედა თეთრით, ხალათებით, ცხენებით, იარაღებით თუ სხვა წყალოებაებით. ასეთი წყალობები მოიღო ჩვენზეც და ასეთი პატივი მოგვცა, რომ არა ერანის ხელმწიფეს ჩვენ მამა-პაპაზედ ამისთანა წყალობა არ მიუღია და არც ამისთანა პატივი მიუღიათ და არც სხვას დროს სხვას ხელმწიფისაგან თავადებს ამისთანა წყალობა არ მიუღიათ, როგორითაც ჩვენთან მყოფთ წყალობაები მიიღეს, ყოვლის ადგილებიდამ ორმოცის დღის ნავროზს წინათ ჯარები მოიყვანეს და ჯარების ხანი ნახა ხელმწიფემ და თავის უფროს შვილს აბაზ მირზას დიდროვანი არები უბოძა და ჩვენც თან გვაახლა და მარტის ოცდა-რვას თეერანიდამ გამოვედით და მანდეთკენ წამოვედით. ჩვიდმეტს დღეს უკან თითონ ხელმწიფეც დიდროვანის თავისის ზღვისებრის მღელვარის ჯარებით მანდეთკენ წამობრძანდება. ჩვენ ამას გწერთ, რომ რადგანაც ხელმწიფემ ურიცხვი მოწყალება მოიღო და ჩვენის ოჯახის ამამგდებლის მანდედამ გაყრა ინება, თქვენ არამც და არამც ასეთი საქმე ჰქნათ, რომ დიდებულის ხელმწიფის რისხვა თქვენს თავზედ მოასწიოთ და საქართველოს წახდენის მიზეზი შეიქნათ და ან თქვენი ცოლი და შვილი დატყვეოთ. ათას სამასი წელიწადი არის, რომ ჩვენი ოჯახი საქართველოს მეფენი ყოფილან და ერანის ხელმწიფის ყმანი, თქვენს მამათა და პაპათ ყოველთვის ჩვენი ოჯახისათვის და ჩვენის მამაპაპათ წინ სისხლის დაუღვრიათ თქვენს მამაპაპას. თქვენი ასეთი საქმე არა ქნათ, რომ თქვენი ოჯახიც დაღუპოთ და თქვენი ნამსახურობაც და სისხლის დაღვრაც ჩაატაროთ, ესენი ლეკები ხომ არ არიან: ხუთი ათასი კაცი არ არის, ათი ათასი და ოცი ათასი; ყანდარი და ყანდარ ზევით მთელი ერანი მანდ მოდის. ღმერთმა ხომ იცის, რომ ან უნდა მანდ ამოწყდნენ და ან მანდედამ რუსები გარეკონ. თქვენ ახლავ ყველანი ჩვენთან წამოდით და მოგვეგებნით. ორპირად მოდის ჯარები, ერთს ჯარში ყეენი ბრძანდება და მეორეს ჯარში შაჰზადა; ერთი ყარაბაღის გზაზედ მოვა და ერთი გოგჩაზედ. ჩვენც იმ დროს ან ყეენთან ვიქნებით ან შაჰზადასთან; რომელიც გზა გეახლოებოდესთ და ამჯობინოთ, იმ გზაზე წამოდით და წინ მოგვეგებენით. ხელმწიფის ფარვანიც მოგივათ ხათრი ჯარობისა და დრო ეს არის, წამოდით. ხელმწიფის წყალობაც დიდი დაგემართებათ და, როგორადაც რომ თქვენი მამა პაპანი ერთგულნი ყოფილან. უმეტესად ერთგულად აღმოჩნდებით. თუ ამ ჩვენს რჩევას დასჯერდებით და მოხვალთ ხომ კარგია, თუ არადა თქვენ იცით, ღმერთმა ხომ იცის, რაც ამ წიგნში მოგვიწერია სწორე და ჭეშმარიტია, ყოველივე თითო ამისი პირი ქართლსა და კახეთში ყველასათვის მიგვიწერია და ჩვენი ვალი აგვიხდია და ახლა თქვენ იცით. მარტის 3 (6) ქკს უჟჰ (492=1804 წ.). აზის ბეჭედი (ალექსანდრე).

მეფის ძე თეიმურაზ სიყვარულით მოგიკითხავთ; თუ ჩვენს ანბავს იკითხავთ, ჩვენც ამათს უმაღლესობას ბიძა ჩვენსა ვახლავართ და ხელმწიფისაგან ასეთ მოწყალება მიადგა ბიძა ჩვენსა, რომ არას ჩვენს მამა პაპას ხელმწიფის ასეთი წყალობა არ მისდგომიათ. ახლა თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ, ახლავ ამათს უმაღლესობას იახელით. ღმერთმან ხომ იცის ხელმწიფისაგანაც და მამის ჩვენისაგანაც დიდი წყალობა დაგემართებათ, და თუ ამ ჩვენს რჩევასა არ დაიჯერებთ და არ მოხვალთ, საუკუნოთ თქვენს ოჯახს დააქცევთ, და ახლა თქვენ იცით. აზის ბეჭედი ქ. მეფის ძე თეიმურაზ.[29]

1804 წლის ოქტომბერში მთიულეთის ამბოხება დამარცხდა. რუსეთის თვითმპყრობელობის მხედრობამ გაიმარჯვა. სპარსეთში გადახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილი ტახტის დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდა და სპარსეთის დახმარებით ცდილობდა, ამბოხების ნაპერწკლები საქართველოში არ ჩაეფერფლა. ამ მიზნით ალექსანდრე განაგრძობდა საიდუმლო მიმოწერას მთიელებთან და კახეთის მეამბოხე ჯგუფებთან.

1812 წელს დაიწყო კახეთის ამბოხება და მეამბოხეებმა ალექსანდრეს სთხოვეს მეთაურობა. თავისი ამალით ერევნიდან ალექსანდრე კახეთში გადმოვიდა. მას მიემხრო თვითმპყრობელობით უკმაყოფილო თავადაზნაურობის ერთი ნაწილი, აგრეთვე ფშავ-ხევსურები, ქისტ-ჩაჩნები და ლეკები, რომელთა დახმარებით ის სამხედრო გზის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, რომ ეს გზა რუსეთის მხედრობისათვის დაეხშო. დაიწყო ბრძოლები, მაგრამ რამდენიმე შეტაკების შემდეგ დამარცხებული ალექსანდრე იძულებული იყო კახეთი დაეტოვებინა და ერთგულ ხევსურეთს შეხიზნებოდა. ხევსურეთში ალექსანდრე შატილში დაბინავდა და აქედან ცდილობდა რუსებზე ხელახალ შეტევას. შატილი თავისი მდებარეობით ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენდა. იგი აგრეთვე გამაგრებული იყო მრავალსართულიანი ქვიტკირებით. თვით ხევსურებიც ალექსანდრეს ერთგულად იცავდნენ.

ამასთანავე შატილი ქისტ-ლეკების საზღვარზე იყო, საიდანაც ალექსანდრეს მიმოწერა ჰქონდა ჩრდილო-კავკასიის მთიელებთან, ერევნის ხანებსა და სპარსეთთან, რომლებსაც სთხოვდა ლაშქრითა და იარაღით დახმარებას. შატილში გამაგრებული ალექსანდრე კახეთსაც ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამიტომ კავკასიის იმდროინდელმა მთავარმართებელმა რტიშევმა გადაწყვიტა ხევსურეთისაკენ გალაშქრება და შატილიდან ალექსანდრეს გაძევება, რომ ამით ბოლო მოეღო ყოველგვარი ამბოხებისათვის.

ამ ძნელი ლაშქრობის ხელმძღვანელობა მიენდო გენერალ-მაიორ სიმონოვიჩს და ისიც სამზადისს შეუდგა. რათა ფშავლები ხევსურებს არ მიმხრობოდნენ და ხევსურეთში მიმავალი რუსების ჯარისათვის გზა არ შეეკრათ, მთავარმართებლის ბრძანებით კახეთში დაბინავებული ფშავლების ცხვარი ამანათში გარეკეს და ფშავლებს აუკრძალეს მარილის ბარში ყიდვა და ფშავში გადაზიდვა. ამით ფშავლები დაფრთხნენ და იძულებული გახდნენ რუსეთის მხედრობა ფშავში უვნებლად გაეტარებინათ. 1813 წლის 23 მაისს რუსის ჯარი სიმონოვიჩის, ტიხონოვსკის, სტალისა და ორბელიანის სარდლობით ხევსურეთისაკენ დაიძრა, 30 მაისს ჯარი ლებაისკარით არდოტის ხეობაში გადავიდა.

რუსის ჯარს გზადაგზა ძლიერი შეტაკება უხდებოდა ხევსურებისა და ქისტების რაზმებთან. ხევსურები თავიანთ ვიწრო ხეობებში მამაცად იბრძოდნენ და რუსის ჯარს წინსვლა უძნელდებოდა. ლებაისკარიდან სიმონოვიჩმა ალექსანდრეს წერილი მისწერა, რომ ის რუსეთის მხედრობას დანებებოდა, მაგრამ ხევსურებმა გაგზავნილი ელჩი გზაში მოკლეს და ამ წერილზე ალექსანდრემ სიმონოვიჩს პასუხიც არ გასცა. ამაზე გაბრაზებული გენერალი შატილისაკენ დაიძრა. სოფ. გუროში მოხდა დიდი ბრძოლა ხევსურებსა და რუსის ჯარს შორის. ხევსურებმა გუროს ვიწრო ხეობა გაამაგრეს და მოზღვავებული რუსის ჯარს, რომელსაც ოთხი სარდალი ხელმძღვანელობდა, მამაცურად შეებრძოლნენ. ხევსურებს აქ ქისტის ლაშქარიც მიეშველა და მათ რუსის ჯარი დიდად აზარალეს; მაგრამ რუსის ჯარის სიმრავლემ და უკეთესად შეიარაღებამ მცირერიცხოვან მთიელებს სძლია; გამარჯვებულმა სიმონოვიჩმა გუროელებზე შური იძია,- სოფელი გურო რუსის ჯარმა გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.

სიმონოვიჩი ახლა შატილისაკენ გაემართა. ალექსანდრე თავისი ამალით მაშინვე ქისტებში გადავიდა და აქედან ერევნისაკენ გაეშურა. შეტაკების შემდეგ შატილიც იძულებული გახდა ქედი მოეხარა სიმონოვიჩის ჯარის წინაშე და ამაყმა ხევსურეთმა პირველად იგრძნო დამარცხებისა და იმედის გაცრუების მთელი ტრაგედია. მან თვითმპყრობელობას მორჩილება განუცხადა.[30]

ხევსურებს ეს ამბავი დღესაც ახსოვთ და მას გუროელები და შატილიონები მწუხარებით იგონებენ.

შატილში ალექსანდრეს უცხოვრია ბაბღია ჭინჭარაულის ქვიტკირში. ეს სახლი დღესაც დაცულია. მას მხოლოდ წინაკედელი აქვს მორღვეული. ალექსანდრეს შატილში ერთგული სამსახურისათვის ზოგიერთი ოჯახისათვის წყალობის წერილი უბოძებია. სოფელ შატილში ნ ა ნ ა ი ს ძ ე თ ო თ ი ა ს ძ ე ჭ ი ნ ჭა რ ა უ ლ ი ს ოჯახში ახლაც ინახება ერთი ასეთი წერილი, რომელშიც წერია: „ქ. ჩვენ სდ საქართველოს მეფის ძემ ალექსანდრე ესე წყალობის წერილი გიბოძეთ შენ განას შვილს განას და შვილსა შენსა ბათაკას და აბულეთს, ასე რომ ჩვენა ხევსურეთს შადილს (შატილს) ყოფნაში დიდად ერთგულად გვემსახურე. ამისათვის ჩვენც ეს წყალობის წერილი გიბოძეთ. ღთით ჩვენს ქვეყანაში რომ შესვლა გვეღირსება, მაშინ სამს ლიტრას გაკეთებულს სპილენძს ყოველ წელიწადს გიბოძებო და ხუთს ტანს ფართალს; და ჩვენს საბრძანებელში ყველგან გევლებოდეს ქართლში, კახეთში და ქალაქში რჯულიანში და ურჯულოში რომ ვერავინ დაგიშალოს და ვერცავინ გისაყვედუროს და არც შენის სავაჭროს ბაჟი გეთხოვებოდეს, გქონდეს და ღ თნ ჩვენს ერთგულობაში მოგახმაროს. თებერვალს კე (25) ქკს ფა (501)=1813 წ”. აზის ბეჭედი [ალექსანდრე].[31]

ასეთივე წერილი ალექსანდრეს უბოძებია შატილში ხირჩლა და ვაჟია ჭინჭარაულებისათვის და მასში, სხვათა შორის, წერებულა: გვიბოძებია სამი ლიტრა გაკეთებული სპილენძი, თავ-ფეხამდე ტალავარი, მარილი და ტყვია-წამალიო. ეს წყალობის წერილი დღეს უკვე დაკარგულია. ალექსანდრეს წყალობის წერილი უბოძებია აგრეთვე ხახმატელებისათვის: აი ამ წყალობის ტექსტიც: „ჩვენ საქართველოს მეფის ძემ ალექსანდრემ ესე წყალობის წერილი გიბოძეთ თქვენ ერთობით ხახმატელთ. ასე რომ ჩვენს ხევსურეთს ყოფაში დიდად ერთგულად გვემსახურეთ, თქვენც ამისთვის ეს წყალობის წერილი გიბოძეთ. როდესაც ღთ ჩვენს ადგილს მისვლას გვაღირსებს, თქვენ ქალაქსაც გევლებოდესთ ქართლშიაც და კახეთშიც და თქვენი დამშლელი არავინ იყოს და კიდევაც ჩვენგანაც წყალობა დაგვემართება და კიდეც გათარხნებთ. იანვარს იე (15) ქრკს ფა (501)=1813 წ.“. აზის ბეჭედი ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე.[32]

შატილელებს მონაწილეობა მიუღიათ აგრეთვე შამილთან ბრძოლებში. 1843 წელს შატილში გადმოსულა თავისი ლაშქრით შამილის თანამებრძოლი ცნობილი ა ხ ვ ე რ დ ი – მ ა ჰ მ ა დ ი (ხევსურულად ა ჰ მ ე დ – მ ა ჰ მ ე დ ი) და შატილისათვის მორჩილება მოუთხოვია. შატილელებს ამაზე უარი უთქვამთ და თავიანთ ქვიტკირებში გამაგრებულან. ლეკებთან ბრძოლა სამი დღე-ღამე გაგრძელებულა. ბოლოს ხევსურებს ქვიტკირის სარკმლიდან ნიშანში ამოუღიათ თვით ახვერდი-მაჰმადი და მოუკლავთ.

ამის შემდეგ დამარცხებული ლეკის ჯარი უკანვე გაბრუნებულა. ამ გამარჯვებისათვის შატილელებს საჩუქრად მეფის მთავრობისაგან მიუღიათ ჯვარ-მედლები, რამდენიმე ფუთი პური და თოფის წამალი. გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის განკარგულებით აქვე აუგიათ პატარა ეკლესია, რომლის კედელში ჩაუსვამთ ქვა ასეთი რუსული და ქართული წარწერით: „უმაღლესისა ბრძანებისამებრ ჯილდოდ შატილელთად დამარცხებისათვის ახვერდი მახამედის და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმთ (1843 წ.) წელსა შინა, აღშენებულ არს ჩყმთ (1849) წელსა განკარგულებითა კნიაზის ნამესტნიკისათა“. ეს წარწერა დღეს დატანებულია კერძო პირის სახლის კედელში.

მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დამთავრდა კავკასიის გმირული ბრძოლების ეპოპეა და ჩვენში დამყარდა მონარქიული რუსეთის ბიუროკრატიული რეჟიმი. ამასთანავე რუსეთის კაპიტალის შემოჭრამ ხელი შეუწყო ახალი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმოშობასა და ცხოვრების გარდაქმნას.

საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამ განვითარებას ჩამორჩა ხევსურეთი, რომელიც მომწყვდეული იყო კავკასიონის მთებში და უგზოობის გამო ის დღემდე მოკლებული იყო კულტურულ ცხოვრებას.

  • [1] ეს ნივთები დაცულია საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში (იხ. Коллекции Кавказского музея, Тиф., 1902 ., გვ. 38. NN 919-928).
  • [2] А. Л. Зисерман, Двадцать пять на Кавказе (1842-1867), часть I, СПБ, 1879 г., გვ. 253.
  • [3] А. Шанидзе, Отчет о летней командировке 1913 г. в Душетский и Тионетский уезды Тиф. Губ. для Груз. говоров (Изв. И. А. Наук, серия VI, СПБ., 1913 г., გვ. 1072).
  • [4] Н. Я. Марр, Кавказския племенныя названия и местныя параллели, Петроград, 1922, გვ. 4-5.
  • [5] ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, ტფილისი, 1914 წ., გვ. 301.
  • [6] ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, 1955, გვ. 125-126.
  • [7] ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913, გვ. 151.
  • [8] ქართლის ცხოვრება, ტ. 2. 1959, გვ. 111-112.
  • [9] ს. მ ა კ ა ლ ა თ ი ა, მთიულეთი, 1930 წ., გვ. 16-27.
  • [10] ს. მ ა კ ა ლ ა თ ი ა, მთიულეთი, 1930 წ., გვ. 16-27.
  • [11] ასეთივე თქმულება გავრცელებულია ფშავშიც, სადაც ლაშარის ხმელ გორაზე მდგარა ბერმუხა და ის ზურაბის ლაშქარს ვერ მოუჭრია. მაშინ ერთ უკანა-ფშაველს, გვარად აფციაურს, ზურაბისათვის უთქვამს, ბერმუხას კატის სისხლი წაუსვი და წაიქცევაო. ამის შემდეგ ზურაბს მუხა ადვილად მოუჭრია და მას მუხის ანგელოზი განშორებიაო (იხ. ს. მაკალათია, ფშავი, 1934 წ., გვ. 20-22).
  • [12] ა. შ ა ნ ი ძ ე, ხალხური პოეზია, 1, ხევსურული, სახელგამი, 1913 წ., გვ. 6, 9, ლექსი 18, 19.
  • [13] ნ. უ რ ბ ნ ე ლ ი, ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, ზურაბ არაგვის ერისთავი (გაზ. ივერია, 1888 წ., N238, 241).
  • [14] თხაბა-ერდის ეს ეკლესია პირველად აღწერა შ ტ ე დ ე რ მ ა (იხ. მისი Cagebuch einer Reise die im jahr 1871 von der granzfestug Mosdok nach dem inner Caucasus unt ernommen worden, st Petersburg. 1797, გვ. 38-40); В. Миллер, Археологич. наблюдения в области Чеченев (Мат. по археологии Кавказа, Москва, 1909 г., т. XII, გვ. 25; Г. К. Мартиросян, Нагорная Ингушетия (Изв. ингуш. научно-исслед. института краведения, Владик., 1928 г., გვ. 46-48); მ. ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი, შესანიშნავი ნაშთი, ივერია, 1895 წ., N132.
  • [15] Вертепов, Терский Сборник, т. VI, Владик., 1903 г., გვ. 118.
  • [16] Е. Такайшвили, Груз. надписи на археол. предметах, храниахщихся в кавк. Музее в Тифлисе (Изв. Кав. отд. Моск. археол. О-ва, вып. I, Тифлисе, 1904 г., გვ. 63).
  • [17] მ. ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1895 წ., გვ. 205.
  • [18] А. Н. Генко, Из культурного Ингушей (Записки кол. востоковедов при Азиатском Музее Академии Наук ССС Республик, т. V, Ленинград, 1930 г., გვ. 738-741).
  • [19] Броссе, Переписка Грузинских царей с Российскими Государями от 1630 по 1770 г., СПБ, 1861 г., გვ. 74-75.
  • [20] საქართველოს ცხოვრება პაპუნა ორბელიანისა. ტფილისი, 1913 წ., გვ. 218.
  • [21] მორიგი ლაშქრის განჩინება (კრებული I, ტფილისი, 1871 წ., გვ. 141-142).
  • [22] Бутков, Материалы для Истории Кавказа, т. I, СПБ, 1959 г., გვ. 288.
  • [23] ეს საბუთი ინახებოდა სოფ. ჭიმღაში და ეკუთვნოდა ბესარიონ გაბუურის ოჯახს. საბუთი დღეს უკვე დაკარგულა. მისი ფოტო სურათი გადაღებული აქვს მ ი შ ა ს უ ჯ ა შ ვ ი ლ ს, ფოტოს მოწოდებისათვის მას მადლობას მოვახსენებ.
  • [24] ო მ ა ნ ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913 წ., გვ. 265.
  • [25] რ. ე რ ი ს თ ა ვ ი, ასპინძის ომი, ტფილისი, 1870 წ.; მისივე, ქართული ხალხური პოეზია, კრებული, 1888 წ.; ა. შ ა ნ ი ძ ე, ხალხური პოეზია, I, ხევსურული, ტფილისი, 1931 წ., გვ. 19.
  • [26] ბ ე ს. გ ა ბ უ უ რ ი, ხევსურული მასალები, ქარ. საენათმეც. სზა. ჟურ., წელიწდეული I-II, 1923-1924 წ., ტფილისი, 1925 წ., გვ. 163.
  • [27] ა ლ. ფ რ ო ნ ე ლ ი, მთიულეთი, 1804 წ., ტფილისი, 1896 წ; ს. მ ა კ ა ლ ა თ ი ა, მთიულეთი, სახელგამი, 1930 წ.
  • [28] Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, Тифлис, 1868 г., т. II, გვ. 321.
  • [29] ეს საბუთი ინახება საქართველოს ცენტრ. არქივში (იხ. მასალები ალექსანდრე ბატონიშვილისა N145).
  • [30] Акты собранные археографической комиссии, т. V, 623, გვ. 531-537; Потто, Утвержденние Русского владычества на Кавказе, т. II, Тифлис, 1901 г., глава XXI, გვ. 405-426.
  • [31] ეს წერილი ახლა დაცულია საქართ. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.
  • [32] ეს წერილი დაცულია საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.


მდევარი