რედაქტორი: ვიქტორ ნოზაძე
მამული=MAMULI “La Patria”, კრებული მშობლიური ისტორიისა, მწერლობისა და კულტურისა N6, ბუენოს-აირესი, იანვარი, 1952 წ.
გამციფრულებლები: თათა კუპრეიშვილი, ანი ქეცბაია
ერთხელ განსვენებულმა დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი. შევუსწარი იმ დროს, როცა მოხარშულ კარტოფილს კანს აცლიდა და მას სულ ცოტა კარაქს აცხებდა — ეს იყო მისი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც.
– მამაო! როგორ შეიძლება ამით თავი გაიტანო?
– მაინცდამაინც ჭამას არ მივდევ. თუ იქნება, ვჭამ, თუ არა და ამითაც გავიტან თავს.
გრიგოლ ფერაძემ მომითხრო თავისი თავგადასავალი….
სხვათა შორის, ჩამოიღო წიგნებით სავსე თაროდან ერთ-ერთი ლოცვანი. გადაფურცლა და მეუბნება:
– შენ რა დაგიმალო, აი ჩემი დოვლათი, შავი დღისათვის გადადებული.
მან დათვალა ოცდახუთი დოლარი და ლოცვანი თავის ალაგას შედო…. სავსე დოლარებით!… თვალ-მარგალიტებით!… „მღვდელს დოლარები აღმოაჩნდა!“ – ყოველ შარა გზაზე გაჰკიოდნენ და გაჰყვიროდნენ ავნი სულნი და მავნენი…
აი, მკითხველო, ეს დოლარები გახლდა განსვენებულის ბინაზე გესტაპოს მიერ „აღმოჩენილი“!…
– ჩემო კოტე, მითხრა განსვენებულმა, — შენ გაჩვენე საქართველოსათვის უდიდესი ღირებულების ისტორიული განძეულობა. მე რომ სიმდიდრის შეძენა მნდომებოდა, გარწმუნებ, რომელიმე დიდი სახელმწიფოს მუზეუმი ბევრ ფულს გაიღებდა ამისათვის და მდიდარიც ვიქნებოდი! მქონდა ასეთი წინადადებაც, მაგრამ მე ამას არ მივდევ. ეს არაფერია, რომ ასეთ ნივთიერ მდგომარეობაში ვარ. როგორმე თავს გავიტან, რადგან მიტროპოლიტმა უკვე სამდივნო ჩამაბარა. უბედურება ის არის, რომ საქართველოსათვის ასეთი დიდი განძეულობაა… და ერთმა ბომბმა რომ შთანთქას?….
თვითონაც და მისი განძიც ბომბსა და ცეცხლს გადაურჩა… ხოლო ორივე კი ადამიანთა ავაზაკობის მსხვერპლი გახდა…
ავტორი: ჟუჟუნა ფეიქრიშვილი
რედაქტორი: როზა დევდარიანი
ქართველოლოგიური კვლევა უცხოეთში ნაწ. 1, აღმაშენებელი, თბილისი, 1996
ვინ მოთვლის, რამდენი ქართველი აღესრულა უცხოეთში ემიგრანტის სახელით. ბევრი მათგანი, დედასამშობლოსთან სიახლოვეს ერთი მუჭა მშობლიური მიწით რომ შეიგრძნობდა, პირნათლად იხდიდა მამულიშვილურ ვალს – წარმოაჩენდა ქართველი კაცის მაღალზნეობრიობას, ადამიანურ კეთილშობილებას, კაცურკაცობას, შრომისმოყვარეობასა და ნიჭიერებას. და, რაც მთავარია, შემოქმედებითი მეცნიერული ნაღვაწით აცნობდა ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიასა და კულტურას.
ასეთ ღირსეულ ქართველთა შორის უნდა დავასახელოთ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი, პროფესორი, სამაგალითო სულიერი მამა – გრიგოლ ფერაძე.
გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წელს გორის მაზრის სოფ. საქაშეთში[1]. მამამისი – რომან ფერაძე (ბაკურციხის მრევლის მოძღვარი) – საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა (დაუმთავრებია გორის სასულიერო სემინარია). იგი მუდამ ქადაგებდა ეკლესიისა და ხალხის ერთიანობას. ექვსი წლისა იყო გრიგოლი, როცა მამა გარდაეცვალა.
გრიგოლის მომავალი ცხოვრების გზა განსაზღვრა დედამ – სალომე სამადაშვილმა. მან შვილი მამის კვალზე დააყენა.
1913 წელს გრ. ფერაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის რექტორი იმხანად იყო კ. კეკელიძე.
ნიჭიერი და ბეჯითი სემინარიელი თბილისში კერძო მასწავლებლად მუშაობით ირჩენდა თავს. აგრეთვე საბავშვო ჟურნალებში („ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“) აქვეყნებდა ლექსებს, რებუსებს, თქმულებებსა და წერილებს.
1918 წელს, სემინარიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გრიგოლ ფერაძე ერთხანს მასწავლებლად მუშაობდა სოფლებში – მანავსა და ხანდაკში. მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა, დაბრუნდა თბილისში და, ნაცვლად სასულიერო აკადემიისა, შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ჭაბუკის ცხოვრების გზის ასეთი მოულოდნელი შეცვლა გამოუწვევია საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას – ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
1921 წელს, კ. კეკელიძის შუამდგომლობითა და არტურ ლაისტის დახასიათებით, საქართველოს საპატრიარქოს საბჭომ გრ. ფერაძე გააგზავნა სასწავლებლად გერმანიაში, სადაც მას უნდა მიეღო თეოლოგიური განათლება.
გრიგოლი საზღვარგარეთ გულმოდგინედ შეუდგა მეცადინეობას. ხუთ თვეში სრულყოფილად შეისწავლა გერმანული ენა და 1922 წლის მაისში, ებრაული, ბერძნული, გერმანული ენების ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაში. აქ იგი პროფესორების – ადოლფ ფონ ჰარნაკის, ადოლფ დიოსმანის, კარლ ჰოლის, კარლ ბროკელმანისა და ბრენო მაისნერის – ხელმძღვანელობით მეცადინეობდა თეოლოგიისა და ორიენტალისტიკაში (ებრაულ, ასირიულ, არაბულ, კოპტურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე). ქართულ ენას ასწავლიდა ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი პროფ. რ. მეკელაინი.
ბერლინის უნივერსიტეტში გრ. ფერაძე განსაკუთრებით დაინტერესდა ადრექრისტიანული ქართული სასულიერო მწერლობით და სურდა სამეცნიერო ხარისხის დასაცავად წარედგინა ნაშრომი ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი ჰაგეორითის (1000-1065) შესახებ.
გრ. ფერაძე რ. მეკელაინის რჩევითა და მეშვეობით დაუახლოვდა ბონის უნივერსიტეტის პროფესორს, გამოჩენილ ორიენტალისტს, დოქტორ ჰენრიხ გიოსენს. 1924 წლის საშობაო არდადეგების 14 დღე გრიგოლმა გიოსენთან გაატარა. მუშაობდა მის პირად ბიბლიოთეკაში, სადაც მოიძია ბევრი საინტერესო მასალა საქართველოში მონაზვნობის ისტორიასთან დაკავშირებით. შესაბამისად შეცვალა სადისერტაციო თემის მიმართულებაც.
1925 წელს გრ. ფერაძე სწავლის გასაგრძელებლად გადადის ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის განყოფილებაში. აქ იგი საფუძვლიანად ეუფლება რელიგიის ისტორიასა და აღმოსავლურ ენებს პაულ კალეს, ანტონ ბაუმსტარკისა და ჰენრიხ გიოსენის ხელმძღვანელობით.
1925 წელს გრ. ფერაძემ დაამთავრა ბონის უნივერსიტეტი და მალე, 1926 წლის თებერვალში, დაიცვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომზე – „მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ (სხვა ცნობით: „წმინდანებად შერაცხული ქართველი ბერების ცხოვრება“).
ავტორის დაკვირვებით, ქართულ ბერმონაზვნობაში განდეგილობის ფორმა ჩამოყალიბდა უშუალოდ საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ, IV საუკუნეშივე. ჩვენში ბერული ცხოვრების ფუძემდებლად ითვლება 13 ასურელი მამა.
ნაშრომში დაწვრილებითაა გაანალიზებული ქართველი ბერების ცხოვრება და ღვაწლი. სპეციალისტების აზრით, დისერტანტის დასკვნები მეტად მნიშვნელოვანი და ფასეულია ქართული ბერმონაზვნობის ისტორიისათვის.
სადისერტაციო შრომამ საერთო შეფასება „ძალიან კარგი“ მიიღო. მისი ნაწილების გამოქვეყნების შემდეგ, 1927 წლის 17 დეკემბერს, შედგა სადოქტორო ხარისხის მინიჭების ცერემონია.
ამ დროისათვის გრიგოლ ფერაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ და ქართველ მეცნიერებთან. მასზე განსაკუთრებით დიდად იმოქმედა ნ. მართან შეხვედრებმა, მასთან ხანგრძლივმა, გულთბილმა საუბრებმა ქართველი ერისა და მისი ენის მომავლის შესახებ.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გრ. ფერაძე ცოდნის გასაღრმავებლად მიემგზავრება ბრიუსელში, შემდეგ – ინგლისში, სადაც ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტებში იკვლევს ქართულ ხელნაწერებს; თანადროულად გაძილერებულად ეუფლება უცხო ენებს.
1927 წელს დოქტორ პაულ კალეს თხოვნითა და რჩევით ბონის უნივერსიტეტში პროფესორ ჰენრიხ გიოსენის გარდაცვალების შემდეგ მისი ლექციების წასაკითხად ძველ ქართულსა და ძველ სომხურ ლიტერატურაში მიიწვიეს გრ. ფერაძე. ამიერიდან იწყება გრ. ფერაძის ნაყოფიერი მეცნიერული მოღვაწეობა. გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ლათინური, ძველი სლავური, რუსული, ებრაული და სხვა აღმოსავლური ენების საფუძვლიანი ცოდნა მას ხელს უწყობდა აეთვისებინა მსოფლიო ლიტერატურის მიღწევები. იგი შემართებით ჩაება გერმანიის სამეცნიერო ცხოვრებაში.
გარდა ამისა, ბონში ძირითადი სამუშაოს მიუტოვებლად გრიგოლ ფერაძე მოგზაურობს გერმანიის, ინგლისის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, რუმინეთის, ბულგარეთის ქალაქებში, სადაც კითხულობს ლექციებს საქართველოსა და სომხეთის ისტორიაზე. ახალგაზრდა მკვლევარმა განსაკუთრებული ყურადღება გადაიტანა ბიზანტიის პერიოდის ქართულ ლიტერატურაზე, რომელსაც რამდენიმე ბრწყინვალე ნაშრომი მიუძღვნა.
გრ. ფერაძის წერილები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. მას უკვე ერთხმად აღიარებდნენ, როგორც ახლო აღმოსავლეთის ადრინდელი ქრისტიანობის ერთ-ერთ გამოჩენილ მკვლევარს. უცხოელთა თქმით, 1928 წელს ბონში ორიენტალისტთა ერთ-ერთ პაექრობაზე გრ. ფერაძეს მოუხიბლავს დამსწრენი თეოლოგიის ცოდნითა და მჭევრმეტყველებით.
1928 წელს გრ. ფერაძეს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 1929 წელს იგი ბერლინში დაუპატიმრებიათ. გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში აღარ დაედგომებოდა და სცადა ინგლისში გადასვლა, მაგრამ ვიზა ვერ მიიღო. ამიტომ გადასახლდა საფრანგეთში.
1931 წელს გრ. ფერაძე ბერად აღიკვეცა, მალე დიაკვნადაც ეკურთხა. იმავე წელს იგი დაინიშნა პარიზში ქართული სამრევლოს წინამძღვრად და ჩაატარა პირველი წირვა. აქვე დააარსა ჟურნალი – მეცნიერული წელიწდეული „ჯვარი ვაზისა“.
სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, გრ. ფერაძე საფრანგეთში ქველმოქმედობდა: სწირავდა და ქადაგებდა იქაურ ეკლესიებში. წირვის დროს მსმენელებს გალაკტიონის ლექსებსაც უკითხავდა თურმე (მას განსაკუთრებით ჰყვარებია გ. ტაბიძის პოეზია. გალაკტიონს თვლიდა თანამედროვეობის უდიდეს პოეტად). სახელოვანი მამულიშვილი პარიზის ქართულ სამრევლოს ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.
1932 წელს გრ. ფერაძე მიიწვიეს ოქსფორდის უნივერსიტეტში. აქ იგი ხელმძღვანელობდა მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრას და კითხულობდა ლექციებს ქართული ეკლესიის ისტორიაში, ბიბლიის ძველ თარგმანებსა და ქართულ სასულიერო მწერლობაში.
1933 წელს გრ. ფერაძე სამუდამო საცხოვრებლად გადადის პოლონეთში და იწყებს მოღვაწეობას ვარშავის უნივერსიტეტში თეოლოგიურ განყოფილებაში პატროლოგიის პროფესორად და ამ საგნის სემინარის ხელმძღვანელად.
პოლონეთი იქცა გრ. ფერაძის მეორე სამშობლოდ.
გრ. ფერაძე გახდა ვარშავის ორიენტალისტიკის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, დააარსა ჟურნალი „პატროლოჟია“. 1934 წელს იგი პოლონეთში აკურთხეს არქიმანდრიტად.
1935 წლიდან გრ. ფერაძე კვლავ მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და ბიბლიოთეკებში უძველესი ქართული ხელნაწერების გამოსავლინებლად და შესასწავლად. ათონზე მან აღმოაჩინა 50 ქართული წიგნი და 13 ხელნაწერი. ზოგიერთი ცნობით, გრიგოლმა ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი; მათ შორის დიონისე არეოპაგელის ნაშრომები. სოფიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიძია გრ. ბაკურიანის პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ქართული ტექსტი და სხვა ხელნაწერები. გრ. ფერაძემ ამ აღმოჩენების შესახებ იმავე წელს აცნობა მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებას პოლონურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
1936 წელს გრ. ფერაძემ იმოგზაურა პალესტინაშიც: „მხოლოდ 1936 წლის გაზაფხულის არდადეგების დროს შევძელი განმეხორციელებინა მრავალწლოვანი სწრაფვა – მენახა წმინდა მიწა, რომელიც არის როგორც უდიდესი ტრაგედიების, ასევე მთელი კაცობრიობის ისტორიის შესანიშნავი ფურცლების მოწმე. მე აქეთკენ გული მეწეოდა არა მარტო როგორც სასულიერო პირს, არამედ როგორც ქრისტიანული ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარს, სწორედ პალესტინა და, კერძოდ, ბეთლემი, სადაც იშვა მესია, წარმოადგენს სამშობლოს იმ მეცნიერებისა, რომელსაც მე ვემსახურები“.
…არანაკლები როლი შეასრულა იმანაც, – იგონებს იგი, – რომ ამ მიწამ მიმიზიდა მე, როგორც ქართველი… იერუსალიმის პატრიარქის სტუმრად ყოფნის დროს მე ძალიან გამახარა უწმინდესი პატრიარქის ტიმოთეს შემდეგმა სიტყვებმა: „ჩვენს საპატრიარქოს თქვენს (საქართველოს) ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს“.
1937-1938 წლებში გრ. ფერაძე დიონისე არეოპაგელის ნაშრომზე რამდენიმე თვით მუშაობდა იტალიის ქალაქებში (ფლორენცია, ნეაპოლი, ვენეცია, რომი). მის მოღვაწეობაში ეს წლები მეტად ნაყოფიერი იყო. თავისი შესანიშნავი გამოკვლევებით საზღვარგარეთ სახელს უთქვამდა ქართულ კულტურას, ისტორიას, ენასა და ლიტერატურას.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გრ. ფერაძემ შეწყვიტა პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი თავის ბინაში ცხოვრობდა სრულიად მარტო, მხოლოდ აგრძელებდა ქართული სასულიერო მწერლობის შესწავლას.
1942 წელს გრ. ფერაძე გესტაპომ დააპატიმრა. იგი ჯერ მოათავსეს ვარშავის ჰავიაკის ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც დაიღუპა არაუგვიანეს 1945 წლის იანვრისა (ზოგი ცნობით – 1942 წლის დეკემბერში, ან – 1943 წლის დამდეგს).
ჭეშმარიტი ინტელიგენტი გაზის კამერაში თავისი სურვილით ერთ-ერთი ტყვე პოლონელი ებრაელის ნაცვლად შევიდა. „შენ დიდი ოჯახი გაქვს: ცოლი, ხუთი შვილი… შენ უნდა იცოცხლო მათთვის… მე კი შენს მაგივრად მოვკვდები მათი მომავლისთვის“, – უთხრა გრიგოლმა ამხანაგს და კიდევაც აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით.
გრ. ფერაძე დიდებული ადამიანი იყო. იგი ჰარმონიულად უთავსებდა ერთმანეთს ეკლესიის სამსახურს – სულიერ საწყისებსა და მეცნიერულ მოღვაწეობას; სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სახარების ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას. მისი სიცოცხლის დასასრულიც იყო განსახიერება იესო ქრისტეს სიტყვებისა: „არა არს რა იმ სიყვარულზე უმეტესი, ვიდრე ვინმემ დათმოს სული თვისი თვისთა მოყვასისათვის“.
პოლონელმა ხალხმა ღირსეული პატივი მიაგო მამა ფერაძის ღვაწლს. მისი სახელი და გვარი ამოტვიფრულია რამდენიმე მემორიალურ დაფაზე (ვარშავის უნივერსიტეტსა და წმინდა იოანე კლემაქსის სახელობის ეკლესიის კედლებზე), რაც ჩვენი სასიქადულო შვილის უკვდავების დასტურია.
პოლონელებმა წლობით ატარეს სათუთად ჩვენი თანამემამულის ხსოვნა და შთამომავლობას გადასცეს სიყვარული და პატივისცემა შორეული საქართველოსი, მისი ხალხისა.
გრ. ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: გრიგოლის პოლონელი მოწაფის – მამა ნიკოლაი ლენჩევსკის მიერ დაწერილი გრ. ფერაძის ბიოგრაფიული გამოკვლევა; პოლონელი მწერლის ჰენრიკ პაპროცკის შრომა „არქიმანდრიტი გრ. ფერაძე“. მის შემოქმედებით თემატიკას იკვლევენ ჟ. გარიტი (ბელგიაში), იულიუს ასფალგი (გერმანიაში), მიხ. კვალიაშვილი (პოლონეთის ერთ-ერთი მუზეუმის თანამშრომელი) და სხვა.
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, გრ. ფერაძის სახელი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო მეცნიერებაში. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მეტად მდიდარი და მრავალმხრივია. უცხოეთის ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 64-ზე მეტი ნაშრომი, რომელთაგან აღსანიშნავია: „ძველი ქართული ლიტერატურა და მისი პრობლემები“, „ძველი ქრისტიანული ლიტერატურა ქართულ თარგმნებში“, „ბიბლიის ქართული თარგმანის საკითხისათვის“, „ძველი საეკლესიო მწერლობის პრობლემა“, „ბიზანტიამდელი ქართული ლიტერატურის საკითხისათვის“, „ქართველი ბერები და მონაზვნები პალესტინაში“, „ქართული ელემენტების გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“ და სხვა მრავალი.
თვით უცხოელი სწავლულებიც ერთხმად აღიარებდნენ გრ. ფერაძის მეცნიერულ დამსახურებას და თვალნათლივ წარმოაჩენენ მისი მოღვაწეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საზღვარგარეთის ქართველოლოგიაში. მაგალითისათვის შეიძლება მოვიგონოთ გამოჩენილი ქართველოლოგის – იულიუს ასფალგის სიტყვები: „გერმანიაში ქართველოლოგიურმა გამოკვლევებმა ფართო გაქანება პოვეს იმ მომენტიდან, როცა ქართველ ფერაძეს მიენიჭა დოქტორის ხარისხი… ჟურნალი „ორიენტ ქრისტიანუს“ გრ. ფერაძის ნაშრომის გამოქვეყნებით აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარეს: ა. ბაუმსტარკმა, თ. კლუგემ, ჰ. გიოსენმა, გრ. ფერაძემ, მიხ. თარხნიშვილმა და სხვებმა“.
გრ. ფერაძე უცხოეთში მეგობრობდა თვალსაჩინო მწერლებთან, მეცნიერებთან, ცნობილ მოღვაწეებთან. მათ შორის იყვნენ პ. პეეტერსი, ა. ბაუმსტარკი, მეჩისლავ იასტრონი, ექვ. თაყაიშვილი (რომელსაც თავგადმოდებით ეხმარებოდა საფრანგეთში გატანილი ქართული განძეულობის დაცვაში), მიხ. თარხნიშვილი, მიხ. წერეთელი, რ. ინგილო-ივანიცკი, ზ. ავალიშვილი, გ. გვაზავა, კ. სალია და სხვები.
გრ. ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტად საყურადღებო ცნობებია წარმოდგენილი ვიქტორ ნოზაძის ერთ-ერთ წერილში. მოვუსმინოთ თავად ავტორს: „განსვენებული გრ. ფერაძე ბრძანდებოდა ერთადერთი ქართველი დოქტორი თეოლოგიაში, პროფესორი პატროლოგიისა და ვარშავის უნივერსიტეტში და არქიმანდრიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა, მაგრამ ამავე დროს იგი ცნობილი იყო ვით მკვლევარი ქართული ისტორიისა და მწერლობის დარგებიდან.
გრ. ფერაძე იყო უმწიკვლო ადამიანი, განუსაზღვრელი სპეტაკი და ღრმად მორწმუნე, მოწამებრივი სიკვდილით.
გრ. ფერაძეს ჰქონდა უძვირფასესი მეცნიერული წიგნსაცავი, სადაც ინახებოდა ტყავზე დაწერილი ხელნაწერები, ქართული პალიმფსესტები. ერთი ეტრატი წარმოადგენდა მეხუთე თუ მეშვიდე საუკუნის ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა, მოწიწებით ემთხვეოდა ხოლმე და იტყოდა: ხელთ ჩამივარდა ყველაზე უძველესი საბუთიო. ამას გარდა, მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არ ჰყიდდა, საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო.
გრ. ფერაძეს ჰქონდა დაწერილი დიდი გამოკვლევა იოანე ბატონიშვილისა და იოანე ხელაშვილის შესახებ. ხელნაწერი დაახლოებით 300 ფურცელს შეიცავდა. მას ჰქონდა აგრეთვე ბიბლიის ნაწილთა ებრაული ენიდან ახალი თარგმანები და ნარკვევები (ესსეი) სხვა კერძო მეცნიერულ საკითხებზე.
გრიგოლი წერდა რელიგიური ხასიათის ლექსებს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე დავბეჭდე კრებულში „ქართლოსი“. ამის გარდა, გაქრა მისი მნიშვნელოვანი „დღიური“, ქართულად დაწერილი… აღარაფერს ვამბობ მისი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელსაც იგი ლუკმა-პურის მოკლებით, დიდი ზრუნვით იძენდა და ქართულ უნივერსიტეტს უმზადებდა. მისი ოცნება იყო სწორედ ამ უნივერსიტეტში პროფესორობა.
დაბეზღების შედეგად და გესტაპოს ულმობლობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, ბატ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში რომ მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრ. ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა“.
წერილის დასასრულს ბატ. ვ. ნოზაძე სთხოვს პარიზის საბჭოს, მიმართოს დასავლეთ გერმანიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, რათა ინებოს და გრ. ფერაძის ქონების ძებნას შეუდგეს: „მას უნდა მოხსენდეს, რომ პალიმფსესტები, გარდამოხსნა, ხელნაწერები და ბიბლიოთეკა ქართველი ერისათვის დიდსა და დაუფასებელ განძს წარმოადგენს და გერმანიის მთავრობა ღვაწლს ნუ დაიშურებს, უდანაშაულოდ დაღუპული ქართველი მეცნიერის ქონება ქართველ ერს მოუპოვოს და დაუბრუნოს“.
მიუხედავად უდიდესი სურვილისა, გრ. ფერაძე ვერ ეღირსა სამშობლოში დაბრუნებას. იგი იძულებული გახდა „შეჰგუებოდა ემიგრანტის მძიმე ხვედრს“. სამწუხაროა, რომ სამშობლომდე ვერც გრ. ფერაძის უმდიდრესმა ბიბლიოთეკამ, პირადმა არქივმა და მეცნიერულმა მემკვიდრეობამ ვერ მიაღწია, თუმცა თავის დროზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ცდა არ დაუკლიათ, რომ გადაერჩინათ ჩვენი ერისათვის ეს დიდი და დაუფასებელი განძი.
დღეს ჩვენ, ქართველები, დავალებულნი ვართ ამ სახელოვანი თანამემამულის წინაშე, თანამემამულისა, რომელსაც, როგორც სამართლიანად შენიშნავენ, საზღვარგარეთ უფრო იცნობენ, ვიდრე სამშობლოში.
გრ. ფერაძე გახლდათ ღრმად განსწავლული შემოქმედი, მეცნიერი, მშობლიური კულტურის დიდი მოამაგე, მოყვასისათვის მოწამებრივი სიკვდილით წმინდანობამდე ამაღლებული პიროვნება[2].