რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ირაციონალური ცნების საკითხებისთვის

ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

ავტორი:

ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

ავტორი: დალი დანელია

რედაქტორი: ოთარ ჯუღელი

განწირულობის ფილოსოფია, მეცნიერება, თბილისი, 1979

 

 

კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი

გამციფრულებელი: გვანცა ძამუკაშვილი

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

 

 

 

 

ჩვენ შეიძლება სათაურიდანვე შემოგვედავონ, რომ უფლება არა გვაქვს მოვითხოვოთ იმის ცნების დადგენა და განსაზღვრება, რაც არ ემორჩილება რაციონალურ აზროვნებას და გადის მის ფარგლებს გარეთ, რომ აზროვნება ვერ ახსნის და ვერ დაადგენს იმის ლოგიკურ ნიშნებს, რაც ალოგიკურია, უცხოა მისთვის; ამდენად, ირაციონალურის ცნება ლოგიკური შეუსაბამობაა.

თუ საკითხს ასე შევხედავთ, მაშინ ირაციონალიზმმა, როგორც ფილოსოფიურმა თეორიამ, არსებობაზე უარი უნდა თქვას. რა არის თვითონ ირაციონალისტური ფილოსოფია, თუ არა გონების საშუალებით ამ გონებასთან უთანაზომო რაობის – ირაციონალურის – შემეცნების ცდა?

ირაციონალიზმი უკავშირდება ტერმინებს: არაცნობიერი და ირაციონალური. მაშასადამე, სრულიად კანონიერია მოთხოვნა: განისაზღვროს ის საფუძველმდებელი ცნებები, რომლებზეც დაშენებულია ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა.

რა არის საკუთრივ ირაციონალური? დადგენილია მისი ბუნება ირაციონალიზმში? მოცემულია ადამიანის ფსიქიკის ირაციონალური, გონებასთან უთანაზომო სფეროს ისეთი დახასიათება, რომელიც გვიჩვენებდა რაციონალურისაგან ირაციონალურის თვისებრივ განსხვავებას, დაადგენდა მის თავისებურებას?

ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ირაციონალისტური ფილოსოფიისთვის არსებითი ცნება — ირაციონალურის ცნება — გაურკვეველი დარჩა ირაციონალიზმში.

ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი, დღემდე საკამათო საკითხი: არსებობს თუ არა არაცნობიერი, ან, ამ საკითხის მეორე მხარე, — არის ფსიქიკა და ცნობიერება ერთი და იგივე, თუ ფსიქიკური, გარდა ცნობიერებისა, შეიცავს არაცნობიერსაც, — არ არის ჩვენი თემა. ჩვენ ამ საკითხს განზრახ არ განვიხილავთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ არაცნობიერი და ირაციონალური არ არიან იგივე ცნებები. ისინი სავსებით ერთნაირი ცნებებია ირაციონალისტურ ფილოსოფიაში. ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომლის მიხედვით, ფსიქიკური და ცნობიერი ემთხვევა ერთმანეთს, და არაცნობიერი უნდა გავიგოთ, როგორც ცნობიერის დაბალი ხარისხი, როგორც ცნობიერების პერიფერია — ნაკლებად განათებული მხარე, რომელიც განსაზღვრულ ვითარებაში ნათელი და გარკვეული ხდება. ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი ის, რაც ცნობიერებაშია, ყოველთვის ერთნაირი ხარისხით ჰქონდეს მოცემული. ცნობიერების ნაწილია ისიც, რაც ჯერჯერობით გაცნობიერებული არ არის, მისი მცირე ზემოქმედების გამო, მაგრამ არის გაცნობიერების შესაძლებლობა. ყოველი აზრი არსებობს, როგორც სიტყვებში და სიტყვებით არსებული და გამოხატული. აზრი, რომელიც არ არის სიტყვებში ჩამოყალიბებული, არც არსებობს. ამდენად, არაცნობიერი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ადამიანში არა თუ აზრები და წარმოდგენები, არამედ ინსტინქტიც გაცნობიერებულია (ინსტინქტის არაცნობიერებაზე მითითება ერთ-ერთი საბუთია ირაციონალიზმში არაცნობიერის არსებობის მტკიცებისათვის). ჩვენ მივუთითებთ კ. მარქსისა და ფ. ენგელსის „გერმანული იდეოლოგიის“ შემდეგ დებულებაზე: ცხოველთა სამყაროდან ადამიანის გამოყოფა და საზოგადოებრივი ცხოვრების დასაწყისი „…ისეთივე ცხოველური ხასიათისაა, როგორც თვითონ საზოგადოებრივი ცხოვრება ამ ეტაპზე, ეს წმინდა ჯოგური ცნობიერებაა და ადამიანი ცხვრისაგან აქ მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ცნობიერება ანაცვლებს ინსტინქტს, ანუ მისი ინსტინქტი გაცნობიერებულია“[1].

არაცნობიერის, როგორც ჯერჯერობით გაუცნობიერებლის, გაგება ძირეულად განსხვავდება არაცნობიერის, როგორც ცნობიერისაგან თვისებრივად განსხვავებული ალოგიკური, ზეგონიერი ფსიქიკური ძალების, — გაგებისაგან. ირაციონალისტურ ფილოსოფიაში არაცნობიერი გაგებულია, როგორც ირაციონალური. ჩვენ სწორედ იმ არაცნობიერს (ირაციონალური) განვიხილავთ, რომელსაც ეყრდნობა ირაციონალიზმი.

ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, თუ როგორ არის გაგებული ირაციონალური მე-19 საუკუნის II ნახევრის (ნაწილობრივ მე-20 საუკუნის დასაწყისის) გერმანულ ირაციონალიზმში. ვსვამთ რა პრობლემას მხოლოდ ფილოსოფიის ისტორიის განასერში, ვფიქრობთ, რომ ასეთი განხილვა იქნება საკითხის არა მხოლოდ ისტორიულ, არამედ ლოგიკურ ჭრილში განხილვაც, რამდენადაც ეს საშუალებას იძლევა, შეძლებისდაგვარად გაანალიზდეს ირაციონალურისა და ირაციონალიზმის ცნებები.

ყოველივე არსებულის საფუძველმდებარე ბრმა, ქაოსური, უგუნური საწყისის იდეა ირაციონალიზმის ონტოლოგიის ძირითადი ხედვაა. სინამდვილის იმ განზომილებების კვლევა, რომლებიც უთანაზომოა ხილულ სინამდვილესთან და მიუწვდომელია რაციონალური აზროვნებისთვის, არის მე-19 საუკუნის II ნახევრისა და მე-20 საუკუნის ირაციონალიზმის ონტოლოგიური ძიებების საფუძველმდებელი პრინციპი. ამ პრინციპის გააზრება და გადაწყვეტა განაპირობებს ონტოლოგიის პრობლემების იმ ახლებურ დამუშავებასა და გააზრებას, რაც ირაციონალიზმმა მოგვცა.

ირაციონალიზმი სტიქიურ, შეუცნობელ და ალოგიკურ ძალებს ხედავს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკაში, არამედ სამყაროსა და სიცოცხლეშიც: ყოფიერება, სინამდვილე ქაოსურია და სტიქიური. ამდენად, ის ვერ დაემორჩილება ლოგიკურ აზროვნებას, რამდენადაც ლოგიკური, ცნებითი აზროვნება იმეცნებს უმოძრაოსა და კანონზომიერს.

ირაციონალურის ცნება შრომაში განიხილება ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური თვალსაზრისით.

პარადოქსულად აღიქმება ის ვითარება, რომ ირაციონალიზმის ძირეული პრინციპი — დებულება არაცნობიერის არსებობის შესახებ — როგორც ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური პრობლემა, პირველად რაციონალიზმმა წამოჭრა იდეების თანდაყოლილობის თეორიისა და, მეორეც, — არაცნობიერი წარმოდგენების, ანუ აღქმების თეორიის სახით. ის, თუ როგორ განიხილებოდა აღნიშნული საკითხები დეკარტსა და ლაიბნიცთან, გვიჩვენებს, რომ არაცნობიერის საკითხი არ არის საკუთრივ ირაციონალიზმის საკითხი, რომ აქ მთავარია, თუ როგორ იქნება გაგებული თვითონ არაცნობიერის ცნება.

მე-17 საუკუნის რაციონალისტებში (დეკარტი, ლაიბნიცი) თანდაყოლილ იდეებს მიეწერება გამოვლენის შესაძლებლობა. ნამდვილ არსებობაში ისინი გადადიან გონების ქმედებით, სახელდობრ, ანალიზით. ამდენად, დებულების თანდაყოლილობა ვლინდება მისი ანალიტიკური ხასიათით. თანდაყოლილი იდეების არსებობის ვირტუალური ფორმა — ფარულად არსებობის, ერთგვარი შესაძლებლობისა და უნარის სახით არსებობაა, მაშასადამე, თანდაყოლილი იდეები განსაზღვრულ დრომდე სუბიექტის მიერ გაუცნობიერებელი სახით არსებობენ. შესაბამისი ვითარებები მათ „ამოატივტივებს“ გონებიდან (სახელდობრ, გონებიდან და არა გონების მიღმა სფეროდან) და გამოიტანს ცნობიერების სინათლეზე. თანდაყოლილი იდეები არსებობის შესაძლებლობიდან, ამრიგად, ნამდვილ არსებობაში გადადიან — იქცევიან აქსიომებად და პოსტულატებად, რომელთაგან დედუქციის წესით გამოიყვანება ზოგადი და აუცილებელი ჭეშმარიტებები. ცოდნის მთელი სისტემა ინტელექტის თვითმყოფადობისა და თვითქმედების შედეგია.

დებულება აზროვნების, როგორც სულის ატრიბუტის, შესახებ რაციონალიზმის ერთ-ერთი ძირითადი დებულებაა. „აზროვნება სულის ატრიბუტია“ — ნიშნავს, რომ სული არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც აზროვნებს; სხვა სიტყვებით, სული მუდამ აზროვნებს. ლოკის საწინააღმდეგოდ ლაიბნიცი ამტკიცებს, რომ სული არასოდეს არ არის tabula rasa, რომ მას ყოველთვის, თვით ძილშიც კი აქვს წარმოდგენები, თუმცა ჩვენ მიერ გაუცნობიერებელი.

არაცნობიერი წარმოდგენების დაშვება ლაიბნიცს სჭირდება ცნობიერი წარმოდგენების წარმოშობის ახსნისათვის. არ შეიძლება, რომ ცნობიერი წარმოდგენები არარაობისგან წარმოიშვას, ისინი წარმოიშობა რაღაცისაგან და ეს „რაღაც“ არის არაცნობიერი წარმოდგენები. არაცნობიერ წარმოდგენებზე მსჯელობისას ლაიბნიცი იყენებს თავისი ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს — კონტინუიტეტის, ანუ უწყვეტობის პრინციპს. ცნობიერი წარმოდგენები წარმოიშობა თანდათან, მცირე, ანუ petites perceptions დაგროვების, შეკრების, შერწყმის გზით. უმცირესი წარმოდგენები, რომლებიც იმდენად მცირეა, რომ ადამიანს მათი არსებობა გაცნობიერებული არა აქვს, იკრიბება და წარმოშობენ ცნობიერ — ნათელ და შესამჩნევ წარმოდგენებს. ეს მცირე აღქმები აკავშირებს „ინდივიდუუმის“ სულიერი ცხოვრების წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან.

ლაიბნიცის ხედვა არაცნობიერი წარმოდგენების შესახებ შემდგომდროინდელმა ირაციონალიზმმა გამოიყენა თავისი პრინციპების დასაბუთებისათვის. მაგრამ ლაიბნიცის არაცნობიერი არის რაოდენობრივად (სიდიდით) და არა თვისებრივად განსხვავებული ცნობიერი წარმოდგენებისაგან. არაცნობიერი წარმოდგენები თავისი ბუნებით, არსებით არიან არა სრულიად სხვა ცნობიერი ქმედებებისაგან, არამედ ისეთივე, როგორც ცნობიერი წარმოდგენები, მხოლოდ უმცირესი ხარისხის. ირაციონალიზმის არაცნობიერი კი არათუ განსხვავებულია ცნობიერებისაგან, არამედ მას ფსიქიკის სრულიად სხვა განზომილებაში, გონებასთან უთანაზომო სფეროებში აქვს მიჩენილი ადგილი.

რაციონალიზმი არაცნობიერთან მიდის რაციონალისტური თეზისით — „სულის ატრიბუტი არის აზროვნება“, ირაციონალიზმი კი — თეზისით, რომ სულის ატრიბუტი არის აზროვნებისაგან განსხვავებული და მასთან დაპირისპირებული შეუმეცნებელი, ალოგიკური, ბნელი ძალები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატებიან აზროვნებას, განსაზღვრავენ და წარმართავენ მას.

არაცნობიერის ცნება თავის ირაციონალისტურ დაფუძნებას ფილოსოფიის ისტორიაში პირველად ნების მეტაფიზიკაში პოულობს. ირაციონალისტური პრინციპი ფილოსოფიაში პირველად შემოდის და დგინდება, როგორც ონტოლოგიური პრინციპი, თუმცა დასესხებული გნოსეოლოგიისა და ფსიქოლოგიის არსენალიდან.

არაცნობიერის ეს ონტოლოგიური განზომილება პირველად შელინგს აქვს მოცემული ნების, როგორც ყოფიერების ირაციონალური ძირის, შესახებ მოძღვრებაში.

ბუნება, რომელიც არის ღმერთში და განსხვავებულია ღმერთისაგან, არის არაცნობიერი ღმერთში და, ამდენად, ბნელი საფუძველი, რომლისგანაც ღმერთი ქმნის თავის თვითგამოცხადებას.[2] ბუნებას შელინგი უწოდებს ღმერთის სწრაფვას თვითგამოცხადებისაკენ და, რამდენადაც ბუნება არის სწრაფვა, ამდენად — ის არის ნება; ეს ნება ბნელია, რადგანაც არა აქვს ცნობიერება.

ბუნება, ანუ ბრმა ნება, ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ერთიანობაა. ნება არსებობს წინააღმდეგობების საშუალებით, რომელთა გარეშე არ იქნებოდა არც სიცოცხლე და არც განვითარება.

ყოველი არსება წარმოიქმნება ღმერთში არსებული ამ ბნელი ნებიდან და ვითარდება სინათლისაკენ. უმაღლესი სინათლე მიღწეულია გონებაში, ანუ „უნივერსალურ ნებაში“, რომელიც უპირისპირდება ბნელ, ბრმა ნებას. საყოველთაო ნებაზე ბატონობს ეს ბნელი პრინციპი — ბრმა ნება, რომელიც ცალკეულ საგნებში იგივეა, რაც მათი თვითნებობა. ბოროტება იბადება სწორედ აქ. მაშასადამე, ბოროტება ბნელი ნების ბატონობაა გონებაზე.

გარდა იმისა, რომ აქ სამყაროში ბოროტების არსებობის მარადიული პრობლემის გადაწყვეტას ვცდილობთ, შელინგის ეს ხედვა ყურადღების ღირსია სხვა მხრივაც: ნების, როგორც მსოფლიოში არსებული ბოროტებისა და აბსურდულობის მიზეზის, შელინგისეული თეორია გაიზიარა შემდეგდროინდელმა ირაციონალიზმმა (შოპენჰაუერის, ჰარტმანისა და ნიცშეს სისტემები).

შელინგის ნების თეორია გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის განვითარების შემდგომ საფეხურზე გადაიზარდა ვოლუნტარიზმის დიდ სისტემაში — ა. შოპენჰაუერის ნების მეტაფიზიკაში.

ნება, როგორც ონტოლოგიური პრინციპი, შოპენჰაუერის ფილოსოფიაში სამყაროს ალოგიკური, ბნელი საფუძველია, ხოლო თვითონ მას საფუძველი არა აქვს. ის არსებობს მხოლოდ თავის თავში, არსებობს როგორც მხოლოობა და ამიტომ ის, როგორც ერთი, ყველა მოვლენასა და არსებაშია; ნების არსება ერთია ყველგან და ყოველთვის.

ხილული სამყარო არის პირველადი ნების (Urwille) გამოვლენა და ობიექტივაცია. სამყარო ავლენს თავს, როგორც ნება. ეს პირველადი, პირველარსი ნება არის ყოვლადი, ერთიანი, თავისი თავის იგივეობრივი, უსაფუძვლო, უმიზეზო, შეუმეცნებადი და არაცნობიერი; მისი არსება მდგომარეობს „ბრმა ლტოლვაში“, უმიზნო და უშედეგო მისწრაფებაში. ეს ლტოლვა არ არის ჩვეულებრივი ლტოლვა, არამედ ქარიშხლისებური, განწირული, საბედისწერო მისწრაფება, რომელსაც შოპენჰაუერი Drang-ს უწოდებს.

ნება, როგორც გნოსეოლოგიური პრინციპი, შოპენჰაუერთან ადამიანის სულიერი და სხეულებრივი სიცოცხლის ძირითადი, განმსაზღვრელი ძალაა.

ნების განსაზღვრება ან დახასიათება შეუძლებელია. რატომ? შოპენჰაუერის დასაბუთება ასეთია: რადგანაც ნება უშუალოდ ეძლევა თვითცნობიერებას.

ნების ქმედებები ემორჩილება საკმაო საფუძვლის კანონის მეოთხეულ ფესვს — „მოტივაციის კანონს“ (ეს მეოთხეული ფესვი შოპენჰაუერმა დაადგინა). რაც შეეხება თვითონ ნებას, როგორც არსებას, ის არ ემორჩილება არავითარ კანონებს, არ ემორჩილება ინტელექტს, პირიქით, წარმართავს მას და მბრძანებლობს მასზე; ნება ადამიანის სუბსტანციაა, ინტელექტი — აქციდენცია. ნება ქმედითი საწყისია ადამიანში.

ცოდნის საბოლოო მიზანი შოპენჰაუერის მიერ განსაზღვრულია, როგორც ინტელექტის მიერ ნების გამოვლინებების „აბსტრაქტულ შემეცნებაში გადატანა“. ეს ნიშნავს, რომ ნების ქმედების გამოხატვა ცნებებში და ცნებებით შესაძლებელია. აქ ასეთი კითხვა დაისმის: თუ ნება უგონოა და ინტელექტისაგან სავსებით განსხვავებული, თუ ინტელექტს არ შეუძლია მისი შემეცნება, როგორ არის შესაძლებელი, რომ ნების გამოვლენა (რომელიც, როგორც გამოვლენა, სახელდობრ, არსების გამოვლენაა და არსებისაგან სრულებით განსხვავებული არ შეიძლება იყოს) რაციონალურ, ცნებით აზროვნებას დაექვემდებაროს? შოპენჰაუერი ვერ ხედავს თავისი მოძღვრების დებულებებს შორის ამ შეუსაბამობას.

ჩამოვაყალიბოთ ნიშნები, რომლებიც შოპენჰაუერის ფილოსოფიაში ახასიათებს ნებას, როგორც ირაციონალურს:

არაცნობიერი, ანუ ნება, არსებითია ადამიანში – ბნელია, ქაოსურია, ბრმაა, არ ემორჩილება რაციონალური აზროვნების კანონებს, ქმედითია, ინტელექტზე ძლიერია და განსაზღვრავს მას, აძლევს ცნობიერებას ერთიანობას, უცვლელია, მაგიურია.

შოპენჰაუერის ნების მეტაფიზიკა არის იმის გამოკვლევა, თუ რა არის ნება. ნება ირაციონალურია — ეს მისი მოძღვრების ძირითადი დებულებაა. მაგრამ რას ნიშნავს თვით ირაციონალურობა, რა არის ირაციონალურის ცნება — ეს ამ დიდ ფილოსოფიურ სისტემაში ვერ არის დადგენილი.

ნება წარმოადგენს ირაციონალიზმის დამფუძნებელ პრინციპს ედუარდ ჰარტმანის ფილოსოფიურ მოძღვრებაშიც. ედ. ჰარტმანის არაცნობიერის ფილოსოფია ნების, როგორც არაცნობიერის, ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური თეორიაა.

არაცნობიერი ჰარტმანთან პირველსაწყისია. ის არის ზეარსი, ინდივიდუალური არსება, რომელსაც ორი ატრიბუტი აქვს: არაცნობიერი ნება და არაცნობიერი წარმოდგენა. არაცნობიერი აზროვნებს, მაგრამ მისი აზროვნება განსხვავებულია ადამიანური აზროვნებისაგან. მატერია და ცნობიერება — ორი სხვადასხვა სახეა არაცნობიერის გამოვლენისა. პირველსაწყისი შეუცნობადია. ყოველი არსებული სათავეს იღებს არაცნობიერში, მაშასადამე, ცნობიერებაც არაცნობიერიდან წარმოიშვა.

შრომაში „არაცნობიერის ცნებისთვის“, რომელიც, როგორც სათაურიც გვიჩვენებს, მიძღვნილია არაცნობიერის ცნების დადგენისა და განსაზღვრებისადმი, ჰარტმანი იძლევა ფსიქიკური არაცნობიერის რამდენიმე განმარტებას. ერთ-ერთი განმარტება წარმოადგენს ჩვენ წინაშე არაცნობიერს, როგორც ისეთ ფსიქიკურ მოვლენებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი ინდივიდუალობის შიგნით, მაგრამ არა აქვთ უნარი, გახდნენ ჩვენი ცნობიერების პირდაპირი შინაარსი.

არაცნობიერის სხვა განმარტებაში არაცნობიერი გაგებულია, როგორც ცნობიერის შემქმნელი: „… სრულიად არაცნობიერია ის ფსიქიკური ქმედება, რომელიც ფიზიოლოგიურად — არაცნობიერის საფუძველზე შემოქმედებითი შეკავშირებით ქმნის ცნობიერების მოვლენებს“.[3]

არაცნობიერის კიდევ ერთი განმარტება, რომელიც მოცემულია ედ. ჰარტმანის დასახელებულ შრომაში, ცნობიერებასთან მისი დაპირისპირების საშუალებით ასეა ჩამოყალიბებული: აბსოლუტურად არაცნობიერი ფსიქიკური ქმედება ცნობიერი ფსიქიკური ქმედების საპირისპიროა: ცნობიერი ქმედებები პასიურია, გამომსახველი, გრძნობადი, აბსტრაქტული და დისკურსიული, არაცნობიერი ქმედებები კი – აქტიური, ნაყოფიერი, შემქმნელი, ზეგრძნობადი, განსაზღვრული და არაგრძნობადად ინტუიციური.[4]

ცხადია, რომ არაცნობიერის ამ განსაზღვრებებიდან არცერთი არ არის ნამდვილი განსაზღვრება, არცერთში არ არის არაფერი ნათქვამი იმ არსებითზე, რომელიც ქმნის არაცნობიერის ცალკეულ თავისებურებებს.

არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენები მკვეთრად მჟღავნდება ინსტინქტებში, რომლებიც, ჰარტმანის განსაზღვრებით, არის მიზანშეწონილი ქმედება ამ ქმედების მიზნის გაცნობიერების გარეშე. მაგრამ არა მხოლოდ ინსტინქტების მექანიზმია განსაზღვრული ადამიანის ფსიქიკის არაცნობიერი სფეროთი, არამედ ისეთი ინტელექტუალური მოღვაწეობაც, როგორიც არის ცნებებისა და კატეგორიების ჩამოყალიბება. ცნებები, ჰარტმანის აზრით, წარმოიშობა სულში არაცნობიერად და შემდეგ შემოდის ცნობიერებაში უკვე მზა სახით. ყოველივე ნამდვილად აპრიორული განპირობებულია არაცნობიერით.

ჰარტმანი არაცნობიერს შემდეგ თვისებებს მიაწერს: არაცნობიერი ქმედითია, სრულყოფილია — არასოდეს არ მერყეობს, არ ცდება, არ ავადდება, არ იღლება, ცნობიერი გონება — კი. არაცნობიერი პიროვნებაზე, მის სურვილებსა და მისწრაფებებზე არ არის დამოკიდებული, — ის გვეძლევა მზა, უძრავი სახით და ყოველთვის „შეიცავს რაღაც საშინელს, დემონურს“.[5]

არაცნობიერი ერთიანია — ყველაფერში ის ერთი და იგივე და ერთნაირია. ის არ ექვემდებარება არც გარეგნულ ცდას და არც შინაგანს, ამდენად, მისი რაობის დასადგენად მხოლოდ ანალოგიები და ირიბი არგუმენტები გამოდგება.

საოცარია ის, რომ ჰარტმანი არაცნობიერს მიაწერს ლოგიკურობას: არაცნობიერის განსაზღვრებისთვის გამოყენებულია, მაშასადამე, ცნებითი აზროვნების უძირითადესი ნიშანი, რითაც არაცნობიერის ცნება კიდევ უფრო ბუნდოვანი და დაუდგენელი ჩანს.

ბევრის მანიშნებელია ის, რომ არაცნობიერის დახასიათებისას ჰარტმანი ვერ სცდება იმ ცნებებისა და განსაზღვრებების ფარგლებს, რომლებიც მიეკუთვნება ცნობიერსა და ცნობიერებას.

ედ. ჰარტმანი, არაცნობიერის ფილოსოფიის სისტემატიკოსი, მოაზროვნე, რომლის მთელი შემოქმედება მიძღვნილია არაცნობიერის საკითხის კვლევისადმი მისი ყველა შესაძლებელი თვალსაზრისით, ვერ ახერხებს, განგვისაზღვროს არაცნობიერი.

ირაციონალიზმის ონტოლოგიურ განზომილებას ირაციონალიზმის შემდგომ განვითარებაში შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე შელინგთან, შოპენჰაუერსა და ჰარტმანთან. ირაციონალიზმის დაფუძნების ამ მიმართულების დამწყები ფრიდრიხ ნიცშეა, რომელსაც ონტოლოგია უკვე ნაკლებად აინტერესებს და ძირითადი ყურადღება სიცოცხლესა და ადამიანურ არსებობაზე გადააქვს. მთავარი მიზანი და ამოცანა ნიცშესთვის არის ძველ ღირებულებათა გადაფასების აუცილებლობის დასაბუთება; და ირაციონალიზმი ის ნიადაგია, რომელზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს ეს მიზანი.

სინამდვილე არ ემორჩილება არავითარ კანონსა და წესრიგს. მსოფლიო ქაოსია, კანონზომიერება მასში ჩვენს გონებას შეაქვს.

მსოფლიოში უგუნურება, აბსურდულობა და ქაოსი ბატონობს. ყოფიერების ჭეშმარიტი, სიღრმისეული ძირი, მისი საწყისი დიონისურია — ალოგიკური, ბნელი, გიჟური, სტიქიური. სამყარო ტრაგიკული, საბედისწერო, უშედეგო ლტოლვა, ნგრევა და შენება, ველური გახელებაა.

ჩვენი სულიერი ცხოვრების მოვლენების დიდი ნაწილი, ნიცშეს აზრით, არაცნობიერია ჩვენთვის, — ის მიედინება ჩვენგან შეუმჩნევლად. სწორედ ეს „არაცნობიერი აზრები“ (ნიცშეს სიტყვებია) არის ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი.

ინტელექტის გაუფასურება და დამცირება ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ ანტიინტელექტუალიზმის საფუძველია ინსტინქტების მიჩნევა ადამიანის სიცოცხლისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელად.

ინსტინქტებს ნიცშე განსაზღვრავს, როგორც სახეებით აზროვნებას, რომელიც შემდეგ რაიმე მოქმედებისთვის წინაპირობად იქცევა. ეს სახეებით და არა ცნებებით აზროვნება — არაცნობიერი აზროვნება — არა მთლად ალოგიკურია, არამედ „მეტ-ნაკლებად ლოგიკური“. [6]

თუ ინსტინქტები ნების კუთვნილებაა, როგორც ამტკიცებს ნიცშე, ნება კი ალოგიკური და არაცნობიერია, როგორაა მაშინ ინსტინქტები სახეებით ისეთი აზროვნება, რომელიც „მეტ-ნაკლებად ლოგიკურია?“. თვით გამოთქმა „მეტ-ნაკლებად ლოგიკური“ ხომ შეუსაბამობაა? რაც ალოგიკურია, არ შეიძლება იყოს ნაკლებად ალოგიკური და მეტად ალოგიკური, ასევე ლოგიკურიც — არ შეიძლება იყოს მეტ-ნაკლები ხარისხის. თუ ლოგიკურ მსჯელობაში ჩაერთვის ისეთი ნაწილი, რომელიც არა ლოგიკურად გამოიყურება მთელ მსჯელობაში, მას შეცდომად მიიჩნევენ და არა „დაბალი ხარისხის“ ლოგიკურად.

ეს უზუსტობა და წინააღმდეგობა აღნიშნული საკითხის განხილვაში მოწმობს, რომ ნიცშე თვითონვე არ არის გარკვეული, თუ რა არის ეს არაცნობიერი აზროვნება და რა არის საერთოდ არაცნობიერი.

ირაციონალური თავისებურადაა გააზრებული XIX საუკუნის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, ვ. დილთაის, მოძღვრებაში, რომელიც „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სისტემაა.

ირაციონალური დილთაისთან არის სიცოცხლე. დილთაისეულ ხედვაში ძირითადი სიცოცხლის განცდასთან კავშირია. სიცოცხლე არსებობს განცდით და განცდაში.

განცდა, როგორც ადამიანის სულიერი ცხოვრების უშუალო მოცემულობა, აუხსნელი და დაუსაბუთებადი მოვლენაა.

განცდას ცნებითი, დისკურსიული აზროვნება ვერ მისწვდება,- ის შეიძლება მხოლოდ გაგებას დაექვემდებაროს. „ყოველ გაგებაში არის რაღაც ირაციონალური,- წერს დილთაი,- რამდენადაც თვით სიცოცხლეა ასეთი, ის არ შეიძლება გამოიხატოს ლოგიკის მიერ გამომუშავებული არავითარი ფორმულით“.[7]

განცდა წინ უსწრებს აზროვნებას და განსაზღვრავს მას. ლოგიკური აზროვნება მხოლოდ განცდის შემდეგ გამოდის სარბიელზე და მყარსა და ნათელს ხდის იმას, რაც მანამდე განცდაში იყო. არაცნობიერის რაობას ახსნით ვერ მივწვდებით, არამედ აღწერით.

არაცნობიერი სფეროს დახასიათებისათვის დილთაი იყენებს სოკრატეს „დაიმონიონს“. ეს უკანასკნელი მას ესმის, როგორც სუბიექტურობის იდუმალი სიღრმეების მიუწვდომელი ძალა, სულის ბნელით მოცული მხარე, ცნობიერების მიღმა არსებული.[8]

„სიცოცხლის კატეგორიებს“ (დილთაის ტერმინია): მნიშვნელობას, მიზანს, განვითარებას, იდეალს დილთაი ართმევს ლოგიკურობას და, განსხვავებით ლოგიკური ცნებებისაგან, მათ „სიცოცხლისეულ ცნებას“ — (Lebensbegriff) უწოდებს.

თუ რატომ არ არიან ეს ცნებები „ლოგიკური“, დილთაი ვერ აჩვენებს და ვერც იმ სიძნელიდან აღწევს თავს, რომ ალოგიკური და ირაციონალური სიცოცხლე ისევ ლოგიკური კატეგორიებით დაახასიათოს და გამოხატოს.

მე-20 საუკუნე არაცნობიერის პრობლემის მიმართ დაინტერესების გაძლიერების, მისი ყოველმხრივი დამუშავებისა და დაფუძნების ცდების საუკუნეა. არა მხოლოდ ბურჟუაზიულ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, არამედ ფსიქიატრიაში, სოციოლოგიაში, ლიტერატურისა და ხელოვნების განსაზღვრულ ნაკადში, რელიგიის ფილოსოფიაში და სხვ. არაცნობიერი უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა არაცნობიერის ის თეორია, რომელიც ფსიქოანალიზის სახელით არის ცნობილი. ფროიდიზმმა უდიდესი გავლენა იქონია ბურჟუაზიული სამყაროს განსაზღვრულ წრეებში.

ფროიდიზმის მრავალმხრივი განხილვა არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ აქ გვაინტერესებს თვითონ არაცნობიერის ცნება, როგორც ის დამკვიდრდა ფროიდიზმში.

არაცნობიერის ფროიდისტული თეორია ეფუძნება იმ ძირითად თეზისად მიღებულ დებულებას, რომ ფსიქიკა განიყოფება ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკად, და რომ ცნობიერება ფსიქიკის მხოლოდ ერთი მხარეა.

ფროიდი ეყრდნობა ფსიქიკის საერთოდ და, კერძოდ, არაცნობიერი ფსიქიკის აბსოლუტური ავტონომიურობასა და ფსიქო-ფიზიკურ პარალელიზმს. არაცნობიერ ფსიქიკას აქვს თავისი კანონები, სავსებით განსხვავებული ცნობიერი ფსიქიკის კანონებისაგან.

არაცნობიერის სისტემა ფსიქიკაში — ეს არის ინსტინქტური სურვილებისა და ამ სურვილების გამომხატველი იმპულსების სფერო, რომელიც არის დაკავშირებული გარესინამდვილესთან. ინსტინქტური სურვილები და მიდრეკილებები მუდმივად მიისწრაფვიან ცნობიერებაში შეჭრისა და თვითდაკმაყოფილებისაკენ. ისინი შეუპოვარი არიან, აქვთ რა „ფსიქიკური ენერგიის დიდი მუხტი“.

არაცნობიერი სექსუალობის, ნგრევის, მოსპობის, შექმნის, სიკვდილისა და სიცოცხლის სტიქიური ფსიქიკური ძალების ბატონობის სფეროა.

არაცნობიერი ბნელი და შეუმეცნებადია. ის არის ბნელი, უცნობი „ის“, სავსებით განყენებული ცნობიერებისაგან.

ფსიქიკის არაცნობიერ სფეროს ფროიდი უწოდებს ქაოსს, „ალოგიკურ სამეფოს“. არაცნობიერი — „ფსიქიკური მიმდინარეობაა“. ცნობიერებაში ჩვენ გვეძლევა არაცნობიერის ქმედების შედეგი, მაგრამ თვით არაცნობიერი, როგორც მსვლელობა, მისი ქმედება მიუწვდომელი და უცნობია ჩვენთვის.

ფროიდის ცნობილ სქემაში Ubw (Unbewußte) (არაცნობიერი), Vbw (Vorbwußte) ქვეცნობიერი და Bw (Bewußte) ცნობიერი, Ubw არაცნობიერი არა მხოლოდ რიგის მიხედვითაა პირველი, არამედ მნიშვნელობითაც. რაც შეეხება ქვეცნობიერს ან წინაცნობიერს (Vbw), ის შუალედური საფეხურია, რომელიც არაცნობიერიდან ცნობიერისაკენ და ცნობიერიდან არაცნობიერისაკენ მიმდინარე ფსიქიკური მოვლენების ცენზურაა. მართალია, ამ სისტემებს შორის არის გადასვლები, მაგრამ ისინი მაინც, თითოეული ცალ-ცალკე, თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ცნობიერება შენდება არაცნობიერისა და ქვეცნობიერის ნაწილებისაგან, მაგრამ თვისებრივად სრულიად სხვაა, ვიდრე არაცნობიერი და ქვეცნობიერი. ის, რაც გამოდევნილია ცნობიერების მიერ, როგორც მისთვის მიუღებელი, გადადის არაცნობიერში. ცნობიერებისთვის მიუღებელი, „სამარცხვინო“ იმპულსებისა და იდეების ცნობიერებიდან „განდევნის“ იდეა, როგორც ფროიდი არაერთხელ აღნიშნავს, ფსიქოანალიზის ქვაკუთხედია. აკრძალული ინსტინქტები და იმპულსები გამოდევნის შემდეგ გადადიან არაცნობიერში და იქიდან ისევ ცნობიერებაში დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ პირდაპირი გზით ვეღარ შედიან ცნობიერებაში, არამედ შემოვლითი, ფარული გზით, შეცვლილი სახით, სიმბოლოების სახით. ეს სიმბოლოები გამოვლინდება სიზმრებში, მითებში და ა. შ.

ფროიდი ასხვავებს ერთმანეთისაგან საკუთრივ არაცნობიერს, რომელსაც „პირველად არაცნობიერს“ უწოდებს, „მეორადი არაცნობიერისაგან“, რომელსაც წარმოადგენენ ქვეცნობიერი და „განდევნილი“ წარმოდგენები, ერთ დროს ცნობიერნი რომ იყვნენ.

მაშასადამე, ეს „განდევნილი“ წარმოდგენები ინდივიდუუმის სულიერი ცხოვრების რაღაც დროს ცნობიერნი არიან, შემდეგ კი განიდევნებიან ფსიქიკის ბნელ და დემონურ (ეს ტერმინი ფროიდიზმშიც გამოიყენება) სიღრმეებში და იქ არაცნობიერნი, ე. ი. გონებასთან უთანაზომო ხდებიან. შემდეგ ეს თვისებრივად სრულიად სხვა, ბნელი არაცნობიერი მოვლენები ისევ შემოდიან ცნობიერებაში სიმბოლოების სახით და როგორღაც ისევ ცნობიერების რიგისა თუ რანგის ხდებიან. ამრიგად, ცნობიერი, ანუ რაციონალური (ლოგიკური), გადაიქცევა არაცნობიერად, ანუ ალოგიკურად, შემდეგ ისევ შემოდის ცნობიერებაში და გადაიქცევა ცნობიერ აზრებად. ლოგიკური გარდაიქმნება ალოგიკურად, ალოგიკური – ისევ ლოგიკურად და ა. შ. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ გარდაიქმნება ალოგიკური ლოგიკურად?

თუ არაცნობიერი ფაქტობრივად ის არის, რაც ერთ დროს ცნობიერი იყო, მაშინ რატომაა არაცნობიერი თვისებრივად სრულიად სხვა, ვიდრე ცნობიერი? რატომაა ის, ფსიქიკის „სიღრმეებში“ გადასული, უკვე სხვა თვისობრიობა, იმდენად სხვა, რომ აზროვნებისთვის მიუწვდომელია? როგორ კარგავს რაციონალური თავის, თუ შეიძლება ითქვას, რაციონალურობას და გარდაიქმნება ირაციონალურად? რატომ არ გაჰყვება მას თან ე. წ. ფსიქიკის სიღრმეებში თავისი ლოგიკურობა და ცნობიერობა?

ამ კითხვებს ფროიდიზმი ვერ პასუხობს.

არაცნობიერი ფსიქიკას და, საერთოდ, მთელ ადამიანურ ცხოვრებას განსაზღვრავს. ის ერთმანეთთან აკავშირებს ცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებს, ავსებს რა იმ ცარიელ ადგილებს, რომლებიც არის მათ შორის, წარმართავს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ცხოვრებას, არამედ მთლიანად მთელი საზოგადოების არსებობასაც.

არაცნობიერის ერთ-ერთ ძირითად ნიშნად ფროიდი ასახელებს იმას, რომ არაცნობიერი შინაგანად წინასწარგანსაზღვრულია და, ამავე დროს, არის ცნობიერების განმსაზღვრელიც.

არაცნობიერი არის ცნობიერი ფსიქიკური ქმედებების მიზეზი და, ამრიგად, მკაცრი აუცილებლობით განსაზღვრავს მათ. ის თვითონაც შინაგანად წინასწარგანსაზღვრულია, მაშასადამე, არაცნობიერში არაფერი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, მასში არაფერი არ არის შემთხვევითი, არამედ ყველაფერი ემორჩილება აუცილებლობას, ემორჩილება მიზეზობრიობის კანონს. საერთოდ ფსიქიკაში, ამბობს ფროიდი, არაფერი არ არის შემთხვევითი და უმნიშვნელო, ყველაფერს მოეძებნება მიზეზი იქაც კი, სადაც ჩვენ ამას საერთოდ არ ველოდებით. ის შემთხვევითი შეცდომები მეტყველებაში, თითქოს შემთხვევით ამოტივტივებული აზრები, შემთხვევითი საქციელი და სხვ. არის ცნობიერებიდან წინათ განდევნილი იმპულსების, ინსტინქტების, განზრახვებისა და სხვ. შედეგი.

დეტერმინიზმი ბატონობს სულიერ ცხოვრებაში და მეცნიერული ფსიქოლოგია უნდა ეფუძნებოდეს სწორედ ამას, როგორც თავის არსებით პრინციპს, ფროიდის აზრით. ეს, რა თქმა უნდა, სწორია თავისთავად, მაგრამ, ჩვენი აზრით, ფროიდმა არ უნდა მიიღოს თეზისი, რომ არაცნობიერი ფსიქიკა მიზეზობრიობის კანონს ემორჩილება: თუ არაცნობიერი ალოგიკური (ირაციონალური) და ქაოსურია (ეს კი, როგორც აღნიშნული იყო, ფროიდთან არაცნობიერის ძირითადი ნიშნებია), მაშინ როგორ არის ის წინასწარგანსაზღვრული, როგორ არის შესაძლებელი, რომ ქაოსური და ალოგიკური ემორჩილებოდეს მიზეზობრიობის კანონს? არაცნობიერი თვისებრივად სხვაა, ვიდრე ცნობიერი, ხოლო თუ ორივეში ერთი და იგივე კანონები ბატონობს, მაშინ არა გვაქვს უფლება, მათ თვისებრივ განსხვავებულობაზე ვილაპარაკოთ.

ფროიდი არაერთხელ ცდილობს დაამტკიცოს, რომ არაცნობიერი განსაზღვრავს ცნობიერს, ამდენად, ცნობიერი მოქმედებები შეიძლება გავიგოთ და ავხსნათ არაცნობიერით. აქ ასეთი უთანხმოება იბადება: როგორ შეიძლება იმან, რაც აზროვნების კანონების მიღმაა, ახსნას ის, რაც რაციონალური აზროვნების კანონებს ემორჩილება? რა უნდა იყოს ახსნის პრინციპი ან საზომი? თუ არაცნობიერიც და ცნობიერიც ერთსა და იმავე კანონებს ემორჩილება, მაშინ არაცნობიერიც ცნობიერების რიგის ყოფილა და არა მისგან სრულიად განსხვავებული, რაღაც დემონური, აუხსნელი და მიუწვდომელი სფერო ფსიქიკისა.

ეს წინააღმდეგობები ფროიდის მოძღვრებაში გვიჩვენებს, რომ არაცნობიერის კვლევისას ფროიდი ისევ ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ცნებებითა და კანონებით მსჯელობს, ვერ გადის ცნობიერების ფარგლებიდან. აღნიშნული გარემოებით არის, ალბათ, განსაზღვრული ზოგიერთი მკვლევრის მიერ არაცნობიერის შესახებ ფროიდის მოძღვრების ისეთი ახსნა, რომლის მიხედვით, არაცნობიერი ცნობიერების პირველადი საფეხურია. ფროიდის მოძღვრების ასეთი გაგება ჩვენ არასწორად მიგვაჩნია.

არაცნობიერის ფროიდისეული ცნების ნიშნები საბოლოოდ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: არაცნობიერი არის ალოგიკური, ქაოსური, ბნელი, შეუმეცნებადი, უდიდესი ძალისა და მნიშვნელობის მქონე პიროვნების ცხოვრებაში, განსაზღვრავს და წარმართავს ცნობიერებას, წინასწარგანსაზღვრულია, აკავშირებს ერთმანეთთან ცნობიერ ქმედებებს, ავტონომიურია.

ფროიდის შესახებ ლიტერატურაში გვხვდება მოსაზრება, რომ იგი ძირითად ყურადღებას ამახვილებს არა არაცნობიერის ბუნებაზე, არამედ არაცნობიერის გარდამავალი ზემოქმედების საკითხზე. ვფიქრობთ, ეს სწორი არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება დადგინდეს მეცნიერული ცოდნა რაიმეს გავლენებისა და შედეგების შესახებ, თუ თვით ამ ზემოქმედებისა და შედეგების გამომწვევი მიზეზის არსება არ იქნება შესწავლილი.

ფროიდიზმში ვერ მოხერხდა არაცნობიერის არსების დადგენა და არაცნობიერის ცნება მეცნიერულად ვერ განისაზღვრა, ისევე როგორც წინამორბედ და შემდეგდროინდელ ირაციონალიზმში.

 

დასკვნა

 

არაცნობიერის პრობლემით ბურჟუაზიული ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ფსიქიატრია გაცხოველებულად ინტერესდება და მრავალმხრივ, მრავალგზის ამუშავებს საკითხს. მიუხედავად ამისა, ბევრი ვერაფერი შეემატა არაცნობიერის იმ გაგებას, რომელიც პირველად ა. შოპენჰაუერის ფილოსოფიაში დაფუძნდა.

თუ შევაჯამებთ არაცნობიერის იმ ნიშნებს, რომლებიც მიწერილი აქვს მას ირაციონალიზმის ძირითად წარმომადგენლებთან, მაშინ არაცნობიერის (ირაციონალურის) გაგება ირაციონალისტურ ფილოსოფიაში შემდეგი სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ირაციონალური არის ფსიქიკის ის სფერო, რომლის მოვლენებს არა აქვთ საფუძველი, არ ემორჩილებიან რაციონალური აზროვნების კანონებს, არიან სრულებით თვითმმართველნი, განსაზღვრავენ ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებას, არიან უფრო ძლიერი, ვიდრე ინტელექტი. ირაციონალურის სფეროში შესამეცნებელი არის შემმეცნებელი უნარის ზუსტად მსგავსი.

ცნების ლოგიკური განსაზღვრება არის მისი განსაზღვრება უახლოესი გვარისა და თავისებური ნიშნის საშუალებით. ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ ამ განსაზღვრებაში უახლოესი გვარი იჩენს თავს: ფსიქიკის სფერო, მაგრამ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ჩვენ ვერ მივუთითებთ თუნდაც ერთზე, რომელიც სახასიათო იქნება ირაციონალურის ცნებისათვის: ირაციონალურის მოვლენებს არა აქვს საფუძველი და არ ემორჩილებიან რაციონალური აზროვნების კანონებს — ამ ნიშნით ირაციონალურის ცნების განსაზღვრება არა განსაზღვრებაა, არამედ ტავტოლოგია. რაც შეეხება ნიშანს: შესამეცნებელი არის შემმეცნებელი უნარის იგივეობრივი, ეს ხომ ის თვისებაა, რომელსაც სუბიექტური იდეალიზმიც მიაწერს შემეცნებას. მაშასადამე, ნიშანი, რომელიც აჩვენებდა ირაციონალურის არსებას, ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანთა შორის არ მოიძებნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირაციონალური ირაციონალიზმში არ არის მხოლოდ ფსიქიკის სფერო, არამედ შემეცნების უნარიც. ასე რომ, ამ ცნების ჩვენ მიერ მითითებული უახლოესი გვარიც ვერ გამოდგება ამ განსაზღვრებაში უახლოეს გვარად. ინტუიცია, ნათელხილვა, მაგია, გაგება (დილთაისთან) — ესენი ირაციონალიზმში შემეცნების ისეთი უნარებია, რომლებიც გონებისეულ შემეცნებაზე უპირატესია, სწვდება რა მყისიერი განათებით სხვა პიროვნების ფსიქიკის „უღრმეს წყვდიადში“ მიმდინარე არაცნობიერ მოვლენებსა და საგანთა არსებას.

ირაციონალურის ცნების საკითხის განხილვისას ირაციონალურის რელიგიურსა და მისტიკურთან მიმართების საკითხიც უნდა გათვალისწინდეს. ყოველ ირაციონალისტურ მოძღვრებაში, როგორც არ უნდა ცდილობდეს ამ მოძღვრების შემქმნელი ამის დაფარვას, არის მისტიციზმის ნიშნები; ასევე ყოველ რელიგიაში არის ირაციონალისტური ბირთვი, რომელიც ძირითადად რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების საკითხის სიბრტყეში ძევს.

ადამიანის სულისთვის რელიგიაში ისეთი საიდუმლო უნარის მიწერა, რომელსაც შეუძლია დაამყაროს უშუალო ურთიერთობა თუ შერწყმა ზებუნებრივ ძალებთან (მისტიკა), მჭიდროდ უკავშირდება ირაციონალიზმის ნათელხილვასა და ინტუიციას, მსჯელობას ფსიქიკის „დემონურ“ ძალებსა თუ თვისებებზე და ა. შ.

ყოველი ირაციონალისტური მოძღვრება, თვით ისეთიც, რომელიც თავის თავს ათეისტურად თვლის (შოპენჰაუერი, ნიცშე), საბოლოოდ რელიგიას იცავს და ასაბუთებს. რელიგიების ტრანსცენდენტური და პიროვნული ღმერთი ირაციონალიზმში შეცვლილია ირაციონალური საწყისით, რომელსაც ეძებენ მიწიერ სამყაროსა და ადამიანის სულში. იმანენტური ირაციონალური (ირაციონალური ფსიქიკაში) მისტიფიცირებულია ირაციონალიზმში და არის თვით ადამიანის სულში არსებული ბუნებრივი ძალების სხვა სახე (რელიგიის ისტორიაშიც ცნობილია რელიგიურის იმანენტურობის დაფუძნების ცდები).

ახალი დროის ირაციონალიზმი (შოპენჰაუერი, ნიცშე, ედუარდ ჰარტმანი) იბრძვის ტრადიციული რელიგიის წინააღმდეგ და მიაჩნია, რომ ტრადიციული რელიგიის უარყოფა მის მიერ არის საერთოდ რელიგიის უარყოფა. მაგრამ ირაციონალისტების ათეიზმს, როგორც იდეალიზმზე დაფუძნებულ ათეიზმს, არაფერი აქვს საერთო მეცნიერულ ათეიზმთან: ირაციონალიზმს სხვა გზით ისევ რელიგიური შემოაქვს ფილოსოფიაში.

ის, რომ მისტიციზმსა და ირაციონალიზმს აქვს მსგავსი თუ საერთო მხარეები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მათ იგივეობას, ისევე, როგორც საერთოდ იდეალიზმისა და რელიგიის ნათესაობის შემთხვევაში.

ირაციონალურის გაგების განხილვა საფუძველია ირაციონალიზმის, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობის, ცნების გასარკვევად.

სამეცნიერო ლიტერატურაში ირაციონალიზმი სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და მისი საზღვრებიც საკმაოდ დაუდგენელი ჩანს. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კანტის „ნივთის თავისთავად“ თავისებური ახსნის საფუძველზე ირაციონალიზმისა და აგნოსტიციზმის ურთიერთმიმართების ის გაგება, რომელიც მოცემულია ნ. ს. მუდრაგეის სტატიაში „რაციონალურის და ირაციონალურის პრობლემა კანტთან“. [9]

კანტის „ნივთი თავისთავად“ სტატიის ავტორს გაგებული აქვს, როგორც ირაციონალური; თვით ირაციონალურს კი განმარტავს, როგორც „გონებისათვის პრინციპულად უცხოს“. „ნივთის თავისთავად“ ირაციონალურობის დამამტკიცებელ არგუმენტად ნ. ს. მუდრაგეის ის ესახება, რომ „ნივთი თავისთავად“ მიუწვდომელია გონებისთვის, არ არის განათებული გონების მიერ, არ ექვემდებარება რაციონალიზაციას.[10] სტატიის ავტორი სავსებით სწორად აღნიშნავს, რომ ირაციონალიზმი უმჭიდროესად უკავშირდება აგნოსტიციზმს, თუმცა არ ემთხვევა მას მთლიანად, მაგრამ თავისივე შეხედულებას ის შემდეგ ეწინააღმდეგება იმით, რომ „ნივთის თავისთავად“ კანტისეულ ცნებას „ირაციონალისტურად“ აცხადებს („ვიწრო, უარყოფით — გნოსეოლოგიური აზრით“. ეს უკანასკნელი გამოთქმაც, ჩვენი აზრით, შეუსაბამობაა).[11]

თუ „ნივთი თავისთავად“ ირაციონალურია, მაშინ ის ისევე ყოფილა გაგებული კანტთან, როგორც ირაციონალისტების ყოფიერება. მაგრამ ეს ასე არ არის: ირაციონალისტების ყოფიერება, მიუხედავად იმისა, რომ ის შეუმეცნებადად არის მათთან გამოცხადებული (შოპენჰაუერი, ედუარდ ჰარტმანი), დახასიათებულია, როგორც ქაოსური, ბნელი, დემონური და სხვ. კანტთან კი სრულიად გამორიცხულია რაიმე პრედიკატებით „ნივთის თავისთავად“ დახასიათება. ის შეუმეცნებადია და არავითარი ონტოლოგიური ნიშნები მას არ მიეწერება. „ნივთის“ დაშვება კანტთან არა ირაციონალიზმია, არამედ აგნოსტიციზმი. გონებისთვის შეუმეცნებადობა არ ნიშნავს ირაციონალურობას. აგნოსტიციზმისაგან განსხვავებით ირაციონალიზმი პრინციპულად არ უარყოფს საგანთა იდუმალი, სიღრმისეული, ირაციონალური არსების შემეცნების შესაძლებლობას, მაგრამ არა გონებით, არამედ ადამიანის სულის რაღაც სხვა განზომილებითა და უნარებით (ნათელხილვა, ინტუიცია, მაგია და სხვ.).

მაშასადამე, გონების მაგივრად ირაციონალიზმი აყენებს ადამიანის ფსიქიკის ზეგონიერ, გონებასთან უთანაზომო ძალებს, რომელთაც მიაწერს ნამდვილი შემეცნების უნარს. მაგრამ გონების მნიშვნელობის გაგების თვალსაზრისით ირაციონალისტური ფილოსოფია გვევლინება, როგორც აგნოსტიციზმი, რამდენადაც თვლის, რომ ადამიანის გონება უძლურია დაგვანახოს სინამდვილე. ამდენად, ირაციონალიზმი გარკვეული აზრით (გონების დანიშნულების გაგების თვალსაზრისით) აგნოსტიკური მოძღვრებაა, მაგრამ პირიქით კი არ შეიძლება ითქვას, რადგან აგნოსტიციზმი არ არის ირაციონალიზმი.

საკითხს, იძლევა თუ არა კანტი მისი ირაციონალისტურად წაკითხვის შესაძლებლობას, ჩვენ არ განვიხილავთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამას კანტის შესახებ არსებული ლიტერატურის ნაწილი ეთანხმება, ნაწილი – უარყოფს. კანტის დასაკუთრებას ცდილობს ირაციონალისტური ფილოსოფია, განსაკუთრებით ტრანსცენდენტალური აპერცეფციისა და „ნივთის თავისთავად“ საკითხების კუთხით.

ასევე საკამათოდ მიგვაჩნია აკად. პ. ვ. კოპნინის სტატიაში „რაციონალურისა და ირაციონალურის შესახებ“ დებულება, რომ ყოველი ცოდნა შეიცავს ირაციონალურ ნაშთს, რამდენადაც ცოდნა თავის განვითარებაში გადის ცნობილი, ადრე შექმნილი ფორმების ფარგლებს გარეთ და ვერ აიხსნება ამ ფორმების საშუალებით. ავტორი აღნიშნავს, რომ მატერიალისტური დიალექტიკა ცნობს ირაციონალურს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ირაციონალური არ უნდა დარჩეს ირაციონალურად, არამედ ცოდნის განვითარებისას უნდა გადაიქცეს რაციონალურად. ცოდნაში ირაციონალურად, გარდა უცნობი ნაწილისა, პ. ვ. კოპნინს მიაჩნია ინტუიციური, არადისკურსიული ცოდნაც, რომელსაც აქვს დისკურსიულ, ანუ, როგორც თვითონ ამბობს, რაციონალურ ცოდნად გადაქცევის შესაძლებლობა.[12]

ცხადია, რომ ირაციონალური აკად. პ. ვ. კოპნინს ესმის არა იმ მნიშვნელობით, რომელიც მას აქვს ირაციონალისტურ ფილოსოფიაში, არამედ, როგორც თვითონაც აღნიშნავს, როგორც არარაციონალური. ეს კი, ჩვენი აზრით, ტერმინების აღრევაა, რამდენადაც ირაციონალურს აქვს თავისი, არარაციონალურისაგან მკვეთრად განსხვავებული შინაარსი.

გარდა ამისა, თვით ტერმინი „არარაციონალურიც“ გამოუსადეგარია ამ შემთხვევაში, რამდენადაც ინტელექტუალური ინტუიცია, მართალია, დისკურსიული არ არის, მაგრამ რაციონალური კია.

არადისკურსიული, ინტუიციური ცოდნა ირაციონალიზმში გაგებულია, როგორც ირაციონალური — ფსიქიკის მისტიკური, ზებუნებრივი უნარი არსების მყისიერი წვდომისა. მატერიალისტურ ფილოსოფიას კი ინტუიციური, არადისკურსიული ცოდნა ესმის, როგორც ისეთი ცოდნა, რომელიც მსჯელობებისა და დასკვნების ჯაჭვი კი არაა, არამედ აქსიომებისა და დებულებების სახით უშუალოდ და ერთბაშად არის მიღებული. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი დებულებები დედუქციის საწყისი დებულებების დანიშნულებას ასრულებენ. ამდენად, არადისკურსიული არ ნიშნავს ირაციონალურს და არც ცოდნის ახლად შექმნილი და უცნობი ფორმებია „ცოდნის ირაციონალური ნაშთი“.

ირაციონალიზმის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ანტიინტელექტუალიზმია. ყველა ირაციონალისტურ სისტემაში უკიდურესად არის დამცირებული გონების, ინტელექტის მნიშვნელობა. ანტიინტელექტუალიზმი არის ნიადაგი ირაციონალიზმის მიერ რაციონალიზმის შეფასებისა: რაციონალიზმი გამოცხადებულია უსუსურ თეორიად, რომელსაც ძალა არ შესწევს პასუხი გასცეს ფილოსოფიის ბევრ პრობლემას და ჩასწვდეს სამყაროსა და ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოებებს, რამდენადაც ის ყველაფერს უმოძრაოდ და კანონზომიერად მიიჩნევს; სინამდვილე და ადამიანის სულიერი ცხოვრება კი მოძრავი, ქაოსური და ალოგიკურია.

ირაციონალიზმის ცნების დადგენისათვის, ჩვენი აზრით, საფუძველმდებარე უნდა იყოს გონების მნიშვნელობის გაგება. ეს უკანასკნელი არის წყალგამყოფი რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს შორის. რაციონალიზმსა და ირაციონალიზმში გონების დანიშნულების სწორი გააზრება, ჩვენი აზრით, აჩვენებს, თუ რაოდენ მოკლებულია საფუძველს რაციონალისტურ ფილოსოფიურ სისტემებში (პლატონი, დეკარტი, ლაიბნიცი, ჰეგელი) ირაციონალისტური ნიშნების ძიების ცდები, რაც ამ ბოლო დროს არცთუ ისე იშვიათია. იმ ფილოსოფიაში, რომლის ძირითადი მახასიათებელი შემეცნებასა და ადამიანურ არსებობაში გონებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მინიჭებაა, — შეცდომაა — დავინახოთ მსაზღვრელები იმ ფილოსოფიისა, რომლის ძირითადი ნიშანი ანტიინტელექტუალიზმი და ფსიქიკის ე. წ. ბნელი, სტიქიური ძალებისთვის უპირატესობის მინიჭებაა.

ცნობილია, რომ იდეალიზმი ყოველთვის იყენებდა და იყენებს სიძნელეებს მეცნიერების გზაზე. ადამიანის თავის ტვინისა და ფსიქიკის მეცნიერული შესწავლა დღევანდელობაში, რა თქმა უნდა, ამოწურული არ არის. ფსიქიკის ჯერ კიდევ უცნობი და შეუსწავლელი შრეები საფუძველია, რომელსაც ეყრდნობა ირაციონალიზმი. „ფიზიოლოგიური სინამდვილე, კერძოდ, ადამიანის თავის ტვინი, — წერს აკად. ა. ბოჭორიშვილი, — მოიცავს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ეს ასახულია ჩვენთვის ცნობილ კანონებში. ეს კანონები ვერცერთ ფსიქიკურ მოვლენას რომ ვერ ხსნიდეს, აღნიშნული გარემოება მაინც არ გვაძლევს უფლებას — ფსიქიკური მოვლენების ახსნისათვის შევწყვიტოთ ძიებანი ტვინში და გადავიტანოთ ეს ძიებანი არაცნობიერ ფსიქიკაში“. [13]

ჩვენი აზრით, ირაციონალიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც იდეალისტური მიმართულება, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში უშვებს გონებასთან უთანაზომო სფეროს არსებობას, ხოლო სამყაროში – ბნელი ქაოსური საწყისის ბატონობას.

ირაციონალური, რომელზეც დაშენებულია ირაციონალიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა, არის ფსიქიკის იდუმალი, ალოგიკური, გონებისაგან სრულიად განსხვავებული სფეროც და შემეცნების განსაკუთრებული ზეგონიერი, „დემონური“ უნარიც.

როგორც უკვე აღინიშნა, გონება, ინტელექტი ირაციონალიზმში გაკრიტიკებულია გონების მნიშვნელობის დამცირებითა და ირაციონალურისათვის უპირატესობის მინიჭებით. მაგრამ გონების ეს ირაციონალისტური კრიტიკა ირაციონალიზმში ისევე რაციონალისტური ხერხებით არის მოცემული. ირაციონალურის არსებობა ირაციონალიზმში რაციონალისტური ხერხებით დგინდება, რამდენადაც აზრის გამოთქმის სხვა ხერხი, თუ არ რაციონალისტური, გონებისმიერი, ცნებითი, – არ იცის ადამიანის აზროვნებამ. ირაციონალურის რაციონალურად დადგენა ლოგიკური წინააღმდეგობაა. გონებისმიერი გზით საბუთდება ირაციონალიზმში, აგრეთვე, ირაციონალურის არა მხოლოდ არსებობა, არამედ მისი უპირატესობა რაციონალურთან შედარებით, რაც ასევე წინააღმდეგობაა.

აღნიშნული წინააღმდეგობა და, აგრეთვე, ძირითადი, საფუძველმდებელი ცნებების დაუდგენლობა ირაციონალიზმში აჩვენებს ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის მთავარი ჩანაფიქრის სიყალბეს. ირაციონალიზმის ისტორიული ბედი კი იმ გარემოებაზე მიგვანიშნებს, რომ „გონების მონოპოლიის“ ხანას დააბრალა დღევანდელმა ბურჟუაზიამ თავისი განწირულობა, მიიჩნია იგი საკაცობრიო კატასტროფის მომასწავებლად და „ხსნის“ ახალი გზების ძიებაში უარი თქვა თავისუფლების იმ მონაპოვარზეც, რომელიც თეორიულადაც და გამოყენებითადაც აღმავალმა ბურჟუაზიამ შეამზადა.

 

  • [1] К. маркс и Ф. Енгельс. Соч., т. IV, 1937, c. 21.
  • [2] Шеллинг. Собр. соч., т. 7, с. 354.
  • [3] იქვე, გვ. 13.
  • [4] იქვე, გვ.15-16.
  • [5] Ed. Hartmann. «Philosophie des Unbewupten», B. I. s. 184.
  • [6] Ф. Ницше, Собр. соч., т. Х, с. 163.
  • [7] W. Dilthey. Gesammelte Schriften. B. VII., s. 236.
  • [8] Дильтей. Описательная психология. с. 106.
  • [9] «Вопросы философии», 1971, № 5
  • [10] იქვე, გვ. 84.
  • [11] იქვე, გვ. 82.
  • [12] «Вопросы философии», 1968, № 5, с. 121.
  • [13] А. Т. Бочоришвили. Проблема бессознательного в психологии. Тб., 1961, с. 69.


მდევარი