რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)

ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)

ავტორი:

ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)

რედაქტორი: ქ. კვინტრაძე

საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1990

 

 

კორექტორი: მარიამ გორდაძე

გამციფრულებლები: თეკლა გოგინაშვილი, თეკლა გოგიჩაიშვილი

 

 

 

 

სტუდენტობის წლები

 

კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან, კავთისხევში კი სოფელ გომიჯვრდიან გადმოსახლებულან. ს. მაკალათია იმოწმებს პლ. იოსელიანს და ასაბუთებს, რომ კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან, მათი გვარი პირველად 1518 წელს ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენიებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია.

ლეკიანობის დროს ნაწილი კოტეტიშვილებისა გომიჯვრიდან კავთისხევში ჩასახლებულა და ვახტანგიც ამ ჩამოსახლებულ კოტეტიანთ შტოს ეკუთვნის.

ვახტანგის პაპა, ივანე, კავთისხევიდან თბილისში გადმოსახლებულა. იგი თერძი იყო და თავისი პატიოსანი შრომით არჩენდა ოჯახს. ივანეს ოთხი შვილი ჰყავდა, ოთხივე ვაჟი: ერთი ხელოსანი იყო, ერთი მხატვარი, ორი მღვდელი. ერთ-ერთ მღვდელს ამ ორიდან – ილიას, ვახტანგის მამას – წერა-კითხვა მონასტერში შეუსწავლია. იქვე დაუწყია მუშაობა მღვდლის დამხმარედ და ბოლოს ისე დახელოვნებულა მღვდელმსახურებაში, რომ დიაკვნად დაუნიშნავთ და მალე მღვდლადაც უკურთხებიათ. ილია ივანეს ძე ყოფილა კარგი მოსაუბრე, მომლხენი და უზრუნველი; ძალიან ჰყვარებია ამხანაგ-მეგობრებთან ბაასი და დროსტარება. ერთი სიტყვით, როგორც ს. მაკალათია გადმოგვცემს, თავისი სილაღით, მოლხენითა და ამბების ოსტატური გადმოცემით, რაშიაც ჭარბად იგრძნობოდა იუმორის ძალა, ნამდვილი ძველი თბილისელი მოქალაქე იყო.

ვახტანგის დედა, ეკატერინე ალექსის ასული ბიძინაშვილი, სოფელ კარბიდან, ენათესავებოდა ოქროპირიძეების იმ დროს ცნობილ ინტელიგენტურ ოჯახს, რომელმაც ბავშვობიდანვე ჩაუნერგა კატოს ცოდნის შეძენისადმი სწრაფვა და სურვილი. დაბალი, შავგვრემანი და მეტისმეტად მომხიბვლელი გოგონა ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა სოფლის იმ ერთგანყოფილებიან სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

ეკატერინე დარბაისლობითა და შინაგანი კულტურით იქცევდა ყურადღებას. მათ ოჯახში როგორი საპატიო სტუმარიც არ უნდა მოსულიყო, ეკატერინეს დიასახლისობითა და მასპინძლობით უთუოდ კმაყოფილი წავიდოდა.

სულით სპეტაკ ქალს საშინლად ეჯავრებოდა მრუდე და უზნეო ადამიანები. მისი ახლობლების გადმოცემით, ეკატერინეს სცოდნია მეტად მომხიბლავი თხრობა. იგი დიდად ზრუნავდა თურმე შვილების გონებრივ განვითარებაზე და ყოველდღიურად, როგორც წესი, ორ-ორ საათს ბავშვებთან მეცადინეობას უთმობდა – უამბობდა მათ ადგილებს „ვეფხისტყაოსნიდან“, „ბარამგურიანიდან“, „ამირანდარეჯანიანიდან“… უყვებოდა ზღაპრებს, მოთხრობებს, რითაც ბავშვებში, სწავლის სიყვარულთან ერთად, აღვივებდა სამართლიანობისა და კეთილშობილური მეგობრობისადმი მიდრეკილებას.

ვ.კოტეტიშვილს თუ მამის მხრიდან სიტყვის სილაღე და ხელოვნების მადლით ცხებული ნიჭი გამოჰყვა, დედამ დიდად შეუწყო ხელი ამ მონაცემების განვითარებას და შვილის როგორც ღირსეულ მოქალაქედ, ისე პოეტურ პიროვნებად ჩამოყალიბებას. და მართლაც, ვახტანგი ხომ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოზე ფიქრით, ქართული კულტურისა და მშობლიური ხალხის სიყვარულით ცხოვრობდა.

ვახტანგი, ილიასა და ეკატერინეს მეორე შვილი, დაიბადა 1892 წ. დიდ თონეთში (თეთრიწყაროს რაიონი), სადაც მამამისი მღვდლად იყო განწესებული. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა დედის წყალობით. ხოლო, როცა რამდენიმე წლის შემდეგ მამა მცხეთაში მღვდლად გადაიყვანეს, უკვე მოზრდილი ვახტანგი მცხეთის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. ამ სკოლის დასრულებისთანავე თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვახტანგი სწავლას აგრძელებს სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში მას თანაბრად იზიდავდა ყველა საგანი. თ. ბეგიაშვილის გადმოცემით, სემინარიის სტუდენტობა უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს – „ეკალს“, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობდა ვ. კოტეტიშვილი. ამ ჟურნალში ათავსებდა ლექსებს, ფელეტონებს. მისი ფელეტონები გამოირჩეოდა ენის სისხარტითა და სიტყვის მოქნილობით, იგრძნობოდა, რომ კალამი უჭრიდა პატარა სემინარიელს.

როგორც წესი, სემინარიადამთავრებულებს უფლება ენიჭებოდათ მხოლოდ ინსტიტუტებში გაეგრძელებინათ სწავლა. ვახტანგმაც, მიუხედავად იმისა, რომ გული და გონება უნივერსიტეტისაკენ ეწეოდა, პეტერბურგის ინსტიტუტს მიაშურა. ამ დროისათვის თვითგანვითარებას დაწაფებული ახალგაზრდა სტუდენტი დიდ ნაკითხობას ამჟღავნებდა, განსაკუთრებით ლიტერატურასა და ისტორიაში, შესანიშნავად ერკვეოდა ხელოვნების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში – ვარჯიშობდა ხატვასა და ძერწვაში და ბევრს კითხულობდა ლიტერატურას სახვით ხელოვნებაზე, გამოყენებითი დარგების არქიტექტონიკასა და შესრულების ოსტატობაზე.

1911 წელს კოტეტიშვილი უკვე პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტია. ამ ინსტიტუტს ერთი კარგი ტრადიცია ჰქონდა: პირველ და მეორე კურსზე იკითხებოდა ლექციები ზოგადსაგანმანათლებლო საგნებში (ლიტერატურა და მისი ისტორია, ფილოსოფია, ლოგიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფიის ისტორია, ხელოვნების ისტორია და სხვ.) და პარალელურად ტარდებოდა წრეობრივი მეცადინეობა; ყოველივე ეს სტუდენტს შესაძლებლობას აძლევდა შეუცდომლად გამოერკვია თავისი პროფესიული მოწოდება. მესამე კურსიდან ისინი ნაწილდებოდნენ ფაკულტეტებზე იმ სპეციალობის მიხედვით, რომლის შესწავლაც მიზნად დაესახათ.

ამ ინსტიტუტში გატარებული წლები უზომოდ ნაყოფიერი გამოდგა ვ. კოტეტიშვილისთვის. აქ იპოვა მან „თავისი თავი“, მიაგნო თავის მოწოდებას, ჩაეყარა საფუძველი ვახტანგის მრავალმხრივ მეცნიერულ დაინტერესებასა და კვლევითი მუშაობის ჩვევებს. ასე რომ, თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ეს წლები ვახტანგის ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინსტიტუტთან არსებობდა სხვადასხვა სახის სამეცნიერო წრე, რომელთაც ხელმძღვანელობდა სოციოლოგიური მეცნიერების ცნობილი პროფესორი დე-რობერტი, ღრმად განსწავლული ფოლკლორისტები ანიჩკოვი და ჟაკოვი, რუსული ლიტერატურის თვალსაჩინო მკვლევარი ვენგეროვი და სხვანი.

ვ. კოტეტიშვილის პირადი წერილები, თ. ბეგიაშვილის მოგონებანი და მდიდარი საარქივო მასალა საშუალებას გვაძლევს, დაწვრილებით შევისწავლოთ ვახტანგის სტუდენტობის წლები, მისი მოღვაწეობა ლიტერატურულ სარბიელზე და სხვ.

ინსტიტუტის სამეცნიერო წრის მიერ დადგენილი წესისამებრ, თუ სტუდენტი შერჩეულ სამეცნიერო თემას სათანადოდ დაამუშავებდა, მას სესიებზე უგამოცდოდ უწერდნენ მაღალ ნიშანს. ბუნებრივია, დავალების შესრულება იმ სტუდენტს ხელეწიფებოდა, ვინც ლექციებს მუდამ ესწრებოდა, საფუძვლიანად ეცნობოდა მითითებულ ლიტერატურას…

საქართველოს გარეთ გატარებული ყოველი დღე, ყოველი საათი სწავლასა და ნათელი მომავლისთვის ზრუნვას ხმარდებოდა.

„უნდა მომშივდეს კიდეც, უნდა შემცივდეს კიდეც, _ სწერდა მშობლებს წერილში, _ და, ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა გადამხდეს, რადგან როგორც „რკინა ცეცხლში მორბილდების“, ისე ადამიანი გაჭირვებაში უნდა გაკაჟდეს, გასალკლდევდეს, რომ შესძლოს „ჭირსა შიგან გამაგრება“… ბრძოლაა საჭირო, გმირებს კი ცხოვრება ზრდის“.

დედისადმი მიწერილი წერილიდან შეიძლება დავაზუსტოთ, თუ რომელ სამეცნიერო წრეებში იყო ჩაწერილი სწავლას მოწყურებული ჭაბუკი. პირველ რიგში, იგი ასახელებს ფილოლოგიურ წრეს, რომელსაც ქართულ ფილოლოგიურ წრეს უწოდებს, შემდეგ ფსიქოლოგიის სემინარს, შემეცნების თეორიის წრეს. ალბათ, ნაკლებ დამაჯერებელია, 6 სამეცნიერო წრეში მუშაობას რომელიმე სტუდენტმა კარგად გაართვას თავი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვ. კოტეტიშვილი მეცნიერებისათვის დაბადებული კაცი იყო, რომელსაც საამისო მონაცემები უხვად გააჩნდა ნიჭის, მრავალხრივი ცოდნის, შრომისმოყვარეობისა და მონდომების სახით, ადვილად წარმოვიდგენთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია თავისი ოცნებები სასურველ სინამდვილედ აქციოს. ვახტანგის მთელი მოღვაწეობა ამის მკაფიო დადასტურება იყო.

შინ გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ვახტანგი წერდა: „ჩვენს წრეში (ქართული ფილოლოგიური წრე) წავიკითხე რეფერატი შემდეგ თემაზე – „საზოგადოებრივი ჰანგები მე-17-18 საუკუნის ქართულ პოეზიაში“, რაც ძალიან მოეწონათ და მალე გაზეთშიაც იქნება გამოცხადებული. მალე ამავე წრეში წავიკითხავ მეორე რეფერატს – „ნიკ. ბარათაშვილი, როგორც მსოფლიო გოდების წარმომადგენელი“…

მომხსენებლებმა მსმენელებს უფრო ხელშესახებად გააცნეს ქართველი ხალხის ტრადიციები, მისი მდიდარი სულიერი სამყარო, ქართველი ქალის თავისებური ფსიქოლოგია და მორალური სახე. დამაჯერებლობისთვის მათ გამოიყენეს „ვეფხისტყაოსანი“ და ნ. მარის წიგნი „ქალის კულტი და რაინდობა „ვეფხისტყაოსანში“ (რუსულ ენაზე). ხელმძღვანელმა გაიზიარა მათი მოსაზრებანი და რამდენიმე დღის შემდეგ აცნობა სტუდენტებს, რომ პუშკინის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ მის მიერ მომზადებული კრიტიკული წერილების კრებულში ახალგაზრდა კრიტიკოსების შეხედულებებს გარკვეული ადგილი დაეთმობოდა. ქართულმა პრესამ უყურადღებოდ არ დატოვა პეტერბურგის ინსტიტუტის სტუდენტების ეს მიღწევა და განსაკუთრებული წერილი მიუძღვნა ამ ამბავს.

ასე დაიწყო ვ. კოტეტიშვილის, როგორც ლიტერატურის ჭეშმარიტი მკველვრის, მოღვაწეობა… 1913-14 სასწავლო წელს დაამთავრა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის ორწლიანი ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. ვახტანგმა სპეციალობად ისტორია აირჩია, რადგან მიაჩნდა, რომ ამ საგნის ცოდნა მრავალი დარგის მეცნიერისთვის ლიტერატურულ საკითხებს შესანიშნავად აშუქებდა შესაბამისი პერიოდის ისტორიული მოვლენების ფონზე.

რევოლუციის ახალი აღმავლობის პერიოდში, კერძოდ, 1913-1914 წლებში, ქართველმა მწერლებმა, ზოგმა თავისი ხარჯით და ზოგმა სხვისი დახმარებით, მოახერხეს თავიანთი თხზულებების გამოცემა. ესენი იყვნენ: კ. მაყაშვილი, ი. გრიშაშვილი, გ. ტაბიძე. ვ. კოტეტიშვილი კმაყოფილი იყო ასეთი სასარგებლო ნაბიჯებით და წამახალისებელი წერილები მიუძღვნა როგორც ავტორებს, ისე გამომცემლებს. ხაზი გაუსვა ამ გამოცემათა დროულობასა და აუცილებლობას. ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი მწერლის წიგნებზე დაწერილ რეცენზიებში კოტეტიშვილი გაკვრით წარმოაჩენს იმ პერიოდის საზოგადოებრივ მდგომარეობას, ხალხის სულიერ მისწრაფებას, ტკივილებსა და განცდებს. ის აშკარად არაკეთილგანწყობილია ლიტერატურაში ფეხმოკიდებული უიმედობისა და პესიმისტური განწყობილების მიმართ.

ზაფხულის თავისუფალ დღეებს ვახტანგი თბილისში ატარებდა და თვალყურს ადევნებდა ქალაქის ცხოვრებას. ლიტერატურული სარბიელი, რედაქციები და გამომცემლობები იპყრობდა ჭაბუკის ყურადღებას. ხალხის სულიერ განწყობილებასაც აკვირდებოდა და ახალგაზრდა საზოგადოებაში იმედისა და გამარჯვების რწმენის დანერგვას ცდილობდა. იგი დიდი კმაყოფილებით შეხვდა გაზ. „თემის“ რედაქციის მიერ გამოცემულ კ. მაყაშვილის ლექსთა კრებულს_ „ლირიკა“, რომლის შესახებ რეცენზიაც დაბეჭდა ჟურნალში. რეცენზენტი აქებს კრებულის ავტორების მებრძოლ განწყობილებებსა და პატრიოტიზმს. იგი ხაზგასმით აცხადებს, დღევანდელ დღეს სწორედ ამგვარი წიგნი გვესაჭიროება, რომ გაჰფანტოს ის ობი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მოჰკიდებიაო. დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ მას უფერული მანტია აქვს წამოსხმული, დაავადებულს, სევდიანსა და უიმედოს. ეს მომენტი კი ჩვენმა მწერლებმა ცხოვრებიდან თავიანთ სამეფოში გადმოიტანეს, გაამეფეს და ისედაც ფერდაკარგულ ჩვენს ცხოვრებას ყომრალი მანტია წამოასხეს. ამან კი ხალისი დაგვიკარგა. ჩვენ ძლიერ იშვიათად-რა მოგვისმენია „საღი სიტყვა“, „სიცოცხლის სიმღერა“, ჩვენში იშვიათად ამეტყველებულა საღი გული და აქ სწორედ მაყაშვილისებური საღი სიტყვა იყო საჭირო. კითხულობთ მის ლექსებს და აღმაფრენას ეძლევით…

1913 წელს ქართველი საზოგადოების გარკვეულ წრეებში დაიბადა აზრი, რომ გამოეცათ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ტომები. იყო დიდი მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რასაც პრესის საშუალებით ეცნობოდა ფართო საზოგადოებრიობა. ამ აზრით აღტაცებულმა მრავალმა გავლენიანმა მოქალაქემ თავისი სამსახური შესთავაზა საგამომცემლო საქმით დაინტერესებულ ჯგუფს და მონაწილეობაც მიიღო მათთან ერთად ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების შემუშავებაში.

იმართებოდა საგანგებო კრებები, რომლებზედაც გაისმოდა მჭექარე და ლამაზი სიტყვები… მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. საქმე კი ერთი ნაბიჯითაც არ მიდიოდა წინ. საბედნიეროდ, გამოჩნდა ერთი მეცენატი, ფრიად განათლებული პიროვნება, ექიმი მიხეილ გედევანიშვილი, რომელმაც თავს იდო ეს მნიშვნელოვანი საქმე. შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა წიგნის გამოცემა. ყოველი საკითხი იხილებოდა კომისიის კრებაზე და მოკლე ანგარიში გაზეთში ქვეყნდებოდა. მ. გედევანიშვილის რჩევითა და გემოვნებით კომისიამ შეარჩია ლექსებისა და მოთხრობებისთვის სხვადასხვაგვარი შრიფტი, კარგი ხარისხის ქაღალდი. ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფიის დაწერა დაევალა გრ. ყიფშიძეს, ხოლო შემოქმედების კრიტიკული მიმოხილვა – კ. აბაშიძეს. წიგნს დაერთო შენიშვნები, დათარიღდა თითოეული თხზულება, გამოცემაში ადგილი დაეთმო ნაწარმოებთა სხვადასხვა ვარიანტს, გამოუქვეყნებელ საპოლემიკო ლექსებს. დასურათება მიანდეს ჰ.გრინევსკის. ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მ.გედევანიშვილისეული გამოცემის პირველი ტომი საზოგადოებამ მიიღო 1914 წ. ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო ქართველთათვის. მ. გედევანიშვილის ამ ღვაწლს ახალგაზრდა ვ. კოტეტიშვილი ერთ-ერთი პირველთაგანი გამოეხმაურა, გულწრფელად მიულოცა გამომცემელს გამარჯვება. მკითხველის ყურადღება მიაპყრო წიგნის მხატვრულ გაფორმებას, კარგ შრიფტს, ხარისხიან ქაღალდს, მასალის გონივრულად დალაგებასა და წიგნის დასრულებული სახით გამოცემას. ამასთან ერთად კრიტიკულად განიხილა მხატვრის ნამუშევარი და ფრიად საინტერესო შენიშვნები გამოთქვა. „ილუსტრირებული წიგნი რომ ყოველთვის მეტი შთაბეჭდილებიანია,- წერს იგი,- ვიდრე დაუსურათებელი წიგნები, ეს ცხადია, მაგრამ, ილუსტრაცია მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, თუ იგი კარგად შეესაბამება ნაწარმოების შინაარსს. აქ კი მთლად საწინააღმდეგო მოვლენებთან გვაქვს საქმე. ამიტომ მხატვრულობის მხრივ, შეიძლება ითქვას, მეტად სუსტია ეს წიგნი“. კრიტიკოსი მხატვრისგან მოითხოვს: „შემოქმედებითი პროცესი უფრო რთულია, ვიდრე ეს გვგონია. რომელიმე გმირის დასახატავად მხატვარმა თვით უნდა განიცადოს მთელი მისი ღელვა-სურვილი, გულის დუღილი, მხატვარმა თავის არსებაში უნდა გადმოიტანოს მთელი შინაგანი სტიქია გმირისა, გადაადუღოს და ასე განიმსჭვალოს მისი გრძნობით… ბატონ გრინევსკის უნდა ცნობოდა კაკო, ზაქარო, ლუარსაბი, ოთარაანთ ქვრივი, უნდა სცოდნოდა პირქუში სახე განდეგილისა, მისი აგონია და იგიც ამაღლდებოდა ხელოვნებამდის“. ვ. კოტეტიშვილი მხატვრული გაფორმების ნაკლოვანებათა გამო ბრალს სდებს კომისიის წევრებს, რომლებმაც გრინევსკის არ გააცნეს ი. ჭავჭავაძის თხზულებათა შინაარსი; შესაბამისად, მხატვარი ღრმად ვერ ჩასწვდა თითოეული გმირის ხასიათს და სათანადო სახეები ვერ შექმნა. ახალგაზრდა კრიტიკოსის მიდგომა საკითხისადმი არ იყო ურიგო, მით უფრო, რომ ეს წერილი გახლდათ მე-3 კურსის სტუდენტის მიერ გრაფიკული ხელოვნების საკითხზე პირველი, უცადი კალმით დაწერილი ნაშრომი, რომელშიაც მოცემულია მხატვრის ნამუშევრის მართებული და კრიტიკული შეფასება.

პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვ. კოტეტიშვილი გულმოდგინედ მუშაობდა არჩეული სპეციალობის დასაუფლებლად. მან დროულად და კარგად ჩააბარა ყველა საგანი. გადავიდა მეოთხე კურსზე. მაგრამ რაღაც უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა, გული აიყარა ინსტიტუტზე და უნივერსიტეტში გადასვლა განიზრახა. ასეთი მიზნის განხორციელება არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან სემინარისტებს უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ ჰქონდათ და ეს იმხანად მისთვის გადაულახავ სიძნელეს წარმოადგენდა. იგი თვითგანვითარებას დაეწაფა, ცდილობდა კარგად შეესწავლა ფრანგული და გერმანული ენები, რადგან შესანიშნავად გრძნობდა, რომ ერთხელვე ათვისებული მეცნიერული კვლევის შედარებითი მეთოდი ენების ცოდნის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მისცემდა. ამდენად, მისი გადაწყვეტილება საჭირო და მიზანშეწონილი გახლდათ. ამავე დროს ვახტანგი შეუდგა ი. ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას. იგი შესაშური მიუკერძოებლობით იკვლევდა მემკვიდრეობას. ვახტანგის ეს გატაცება შემთხვევითი არ ყოფილა, ღრმად სწავლობდა ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას; თუ ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს იკვლევდა, ი. ჭავჭავაძის შეხედულებანი, ამ მხრივ, ბევრ საკითხში მსჯელობის საფუძვლად ესახებოდა. 1915 წლის 23 მაისის ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ „წვრილი ამბების“ რუბრიკის ქვეშ დაბეჭდილია ცნობა: „ახალგაზრდა მწერალ-ლექტორი ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელიც გასულ კვირას რუსეთიდან დაბრუნდა, აპირებს ლექციის წაკითხვას „ილია როგორც პოეტი და პუბლიცისტი“ (ი.ჭავჭავაძის კრიტიკოსების საპასუხოდ)“…

1915 წელს ვახტანგმა და მისმა მეგობრებმა, როგორც იქნა, საწადელს მიაღწიეს: პეტერბურგის ინსტიტუტში მეოთხე კურსი დახურეს და დორპატის, ანუ იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტში გადავიდნენ, სადაც განსხვავებული საგნები ჩააბარეს და მესამე კურსის სტუდენტებად ჩაირიცხნენ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ქართველების ლტოლვა იურიევისაკენ ბევრი გარემოებით აიხსნებოდა. მათ შორის მთავარი იყო ის, რომ დორპატის ჰავა ძალიან უახლოვდებოდა საქართველოსას, ცხოვრების პირობები კი გაცილებით უკეთესი იყო რუსეთის სხვა ქალაქებთან შედარებით…

სტუდენტური ცხოვრების მღელვარე წლებში ვ. კოტეტიშვილი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებასაც ადევნებდა თვალყურს, ცხოვლად ეხმაურებოდა მას. ქართველმა საზოგადოებამ უკვე იცოდა, რომ რუსეთში სწავლობდა ბევრი ნიჭიერი სტუდენტი, რომლებიც ემზადებოდნენ „თერგდალეულების“ მსგავსად თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს კეთილდღეობისა და მისი კულტურის აყვავებისთვის მიეძღვნათ. საქართველო ელოდა მათ და მოლოდინიც გამართლდა. ბევრი მათგანი შემდეგში ქართული კულტურის თვალსაჩინო და უანგარო მოღვაწე გახდა.

„სახალხო საქმე“ და „ცნობის ფურცელი“ იყო ის გაზეთები, რომლებითაც იურიევი და საქართველო ერთმანეთს „ხვდებოდა“, რომლებითაც იურიევის ქართველი სტუდენტობა ესაუბრებოდა მშობლიურ ხალხს, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, ჭირ-ვარამსა და სიხარულს აცნობდა რუსეთში სასწავლებლად გადახვეწილ ახალგაზრდობას.

პირველმა მსოფლიო ომმა ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითება გამოიწვია, სიღარიბემ იმატა. ბაზარზე ფასებმა აიწია, მგზავრობა გაჭირდა, საერთო ფონი დაიძაბა… სტუდენტობა საგონებელში ჩავარდა – ზოგმა სწავლა მიატოვა და სამშობლოს დაუბრუნდა; ზოგს ფული შემოაკლდა და დროებით ხელი აიღო სწავლაზე, დასაქმდა. ვახტანგი მისთვის ჩვეული იმედიანობით გაბედულად ჩაება ცხოვრებასთან უთანასწორო ჭიდილში. 1916-17 წლებში მან რამდენჯერმე მიანება თავი ლექციების მოსმენას 3-4 თვით. ამ ხნის განმავლობაში ირჩენდა თავს სამსახურით, ცოტაოდენ ფულსაც აგროვებდა და თავის ძმებს – გიგოსა და ლადოს – ხარკოვში უგზავნიდა, შემდეგ დარჩენილ საგნებს აბარებდა; საგნების ჩაბარების მერე კვლავ უბრუნდებოდა სამსახურს და ასე აგრძელებდა მანამ, სანამ არ დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი. დაწინაურება და დიდხელფასიანი სამსახური შესთავაზეს, მაგრამ არ ინდომა, ალბათ იმ მოსაზრებით, რომ ეს თანამდებობა ხანგრძლივად ჩამოაშორებდა სწავლას: „წიგნები უფრო მტაცებს თვალს,- წერდა დედას წერილში,- ფული რაა, ფულს არტემას ბიჭებიც იღებენ, ისე რომ დიდი არაფერი მაზაა ფულიანობა… ისე კი, ისევ იმ აზრზე დავრჩი, რომ ჭკვიანი ღარიბი ჯობია უჭკუო მდიდარს“.

ლიტერატურულ მოღვაწეობას ასეთ პირობებშიც არ ივიწყებს, თავის სულიერ სიმშვიდეს წერაში პოულობს. დედაც თანაუგრძნობს საყვარელ შვილს. იურიევიდან შინ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „…მწერ, გაზეთებში სხვათა შორის შენც იყავი, ხუთჯერ ვაკოცე იმ ადგილს, სადაც შენი სახელი და გვარი ეწერა; ასი თუმანი რომ გამომეგზავნა, იმ ფულს აკოცებდი? არა მგონია, შენ აგრე სულმდაბალ დედად არ მიმაჩნიხარ, მაშ საქციელსაც არ დამიწუნებ“…

მშობელსაც არ დაუწუნებია შვილის საქციელი, რადგან ვახტანგის მომავალს სამხედრო მუნდირსა და ჩინ-მედლებში კი არ ხედავდა, არამედ მშობლიურ ხალხზე ზრუნვაში, სამწერლო მოღვაწეობასა და საზოგადო მოღვაწის პატრიოტულ საქმიანობაში.

ცოტა მოგვიანებით თავისი მიღწევებით დიდად კმაყოფილი ვ. კოტეტიშვილი იურიევიდან კვლავ ესაუბრება ძვირფას მშობელს. „დედა, წაიკითხე ჩემი სადიპლომო თხზულება, „სახალხო ფურცელში“ დაბეჭდილი, ან და ნ. ბარათაშვილის იუბილეს გამო? სხვათა შორის, რედაქციამ წერილით მთხოვა აქ, გამეგზავნა რამე ამ დღისთვის, ხედავ? დაუფასებივართ“…

ამას გარდა, „სახალხო ფურცელში“ 1916 წ. დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის შემდეგი წერილები: „წარსულის სილუეტები“, „რას გვავალებს ხვალინდელი დღე“, „მთის ფიქრი (ვაჟა-ფშაველა)“. იმავე წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა ქართული თეატრის მოღვაწის, ბეგლარ ახოსპირელის (ბეგარიძის), ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წერილი, რომელიც მისი ლექსთა კრებულის გამოსვლასთან დაკავშირებით დაიწერა.

1917 წელს ვ. კოტეტიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი და იქვე დარჩა პროფესორ შიკლარტის რჩევით საპროფესოროდ მოსამზადებლად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იურიევში ჩამოყალიბდა რევოლუციური უნივერსიტეტი (ანუ მუშათა უნივერსიტეტი), სადაც საზოგადოებრივი ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა ვახტანგ კოტეტიშვილი. იგი ლექციებსაც კითხულობდა სოციოლოგიაში. ექვსი თვის შემდეგ, აპრილში, გერმანელებისა და თეთრგვარდიელთა წინააღმდეგობისთვის ვახტანგს დევნა დაუწყეს და საქართველოში დაბრუნება არჩია…

 

ქართული ფოლკლორისტიკის მამამთავრად აღიარებამდე

 

ვახტანგ კოტეტიშვილს ფოლკლორისტიკაში სპეციალური განათლება არ მიუღია. ამ დისციპლინის სიყვარულს იგი პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში ეზიარა ცნობილი ფოლკლორისტ-ლიტერატორის ვ. ანიჩკოვისა და პროფ. ჯაკოვის მეშვეობით, რომელთა ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ „მსოფლიო ზღაპრის წრეში“ საფუძვლიანმა მეცადინეობამ მრავალმხრივ განავითარა და მეცნიერული მუშაობის ჩვევებიც გაუუმჯობესა. საქართველოში დაბრუნებულს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია საქმიანობა ამ მიმართულებით. პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასთან შესანიშნავად ათავსებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების, ქართული ფოლკლორისტიკის საკითხების შესწავლასა და დამუშავებას.

1924-25 წლიდან გეგმაზომიერად შეუდგა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვებას; ზაფხულის თავისუფალ დღეებში მოგზაურობდა თბილისის ახლომახლო რაიონებში, ეძებდა სახალხო მთქმელებს, კრებდა მათთან საჭირო მასალებს. ამას ადასტურებს ვახტანგ კოტეტიშვილის არქივში დაცული საკუთარი ხელით ჩაწერილი მასალები, რომელთა უმრავლესობას ახლავს წელი, სოფლის ან რაიონის სახელწოდება. ვახტანგ კოტეტიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა პროფესიონალ მთქმელებს, კარგად ესმოდა მათი დიდი სიკეთე ქართული კულტურის ისტორიისთვის; მათ ბევრი ხალხური სიბრძნე შემოგვინახეს, იხსნეს დამახინჯებისგან. მათდამი მადლიერების გამოსახატავად და მათი სახელების საზოგადოებრივი აღიარების მიზნით ჩაწერილ ლექსებს ბოლოში ყოველთვის ურთავდა ცნობებს მთქმელებზე, მიუთითებდა მათ დამსახურებაზე ამა თუ იმ ლექსის საბოლოო სახის დადგენაში.

1926-27 წლებში ვ. კოტეტიშვილი უკვე მთელი ძალისხმევით მუშაობს ფოლკლორისტიკაში. მისი ხალასი ნიჭი ბევრ საკითხს გასწვდა და ზერელობა არცერთში არ გამოუმჟღავნებია. მაგალითად, „ერთ პერიოდში მრავალ მოვლენას ხვევდა ხელს. ფოლკლორის მასალაზე რომ მუშაობდა, ამავე დროს ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, იქვე სამხატვრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ექსპონატებს აქანდაკებდა, ქვას თუ ხეს სულს უდგამდა, ესთეტიკურად ამშვენიერებდა, ქართული ლიტერატურის საკითხებს ამუშავებდა, ან რედაქციას უკეთებდა გამოსაცემად გამზადებულ რომელიმე მწერლის წიგნს“. თანაბარი ინტერესითა და ძალით მუშაობდა ვახტანგი ხელოვნების ისტორიაში, ფოლკლორისტიკასა, ლიტერატურის ისტორიაში და ქართულ სინამდვილეში ამ დარგში მან თავისი სიტყვა თქვა.

იმავე წლის ოქტომბერში თბილისის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, იქ სადაც ახლა მეცნიერ მუშაკთა სამკითხველო დარბაზია, დაინიშნა ვ. კოტეტიშვილის საცდელ-საჩვენებელი ლექცია ფოლკლორში. ლექციას აუარებელი საზოგადოება დაესწრო; მათ შორის გამოჩენილი ქართველი მეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე და სხვები…

ვახტანგის ლექციები ფოლკლორში იყო მეტად საინტერესო და ამავე დროს თავისებური. ვის არ ნახავდით მის ლექციაზე, ახალგაზრდას თუ ხნიერს, ლიტერატორს თუ ექიმს, ეკონომისტს თუ იურისტს – ყველას იზიდავდა, ყველას აინტერესებდა, ყველას იპყრობდა. მიმზიდველი მეტყველების უბადლო უნარი, ლოგიკურობა, გასაგები, მარტივი ენით მეტად რთული, უცნობი საკითხის გადმოცემა და ის ოქროპირობა, რასაც ყველა აღნიშნავდა, იყო მიზეზი ასეთი დაფასებისა. მის ლექციებს საინტერესოს ხდიდა აგრეთვე თვით ლექტორის შესანიშნავი მხატვრული კითხვის უნარი და ლექციის წარმართვის გზა, რომლის მეოხებითაც ახერხებდა საკითხის ყველა წვრილმანი და არსი მთლიანად გასაგები და იოლად ასათვისებელი გაეხადა მსმენელებისთვის. ეს მიდგომა უფლებას აძლევდა ვახტანგს, ფანდურით, ჩონგურით თუ სტვირით ხელში შესულიყო ლექციაზე და სათანადო საკითხის დამუშავებისას არამც თუ დაეკრა მუსიკალური საკრავი, არამედ დაემღერებინა კიდეც ზედ…

1928-29 წლებში უზომოდ გამდიდრდა ვ. კოტეტიშვილის მიერ შეგროვილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ფონდი, მისი დავალებით სტუდენტების მიერ ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან და საქართველოს მუზეუმში დაცული ხელნაწერებიდან ამოწერილი საჭირო მასალით. ამას ემატებოდა იმავე სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლების მიერ ზაფხულის არდადეგებზე შესრულებული სამუშაოები ფოლკლორში… ვ. კოტეტიშვილმა გადაწყვიტა მოეწყო მეცნიერული ექსპედიცია, რომლის სისრულეში მოყვანა მოახერხა 1930 წ. მსურველებიც მაშინვე აღმოჩნდნენ და პირველი მეცნიერული ხასიათის ექსპედიცია, 9 წევრისგან შემდგარი, წინასწარ შემუშავებული მარშრუტითა და სამუშაო გეგმით, 2 ეტლით, თბილისიდან ბორჯომის ხეობით ახალციხეში გაემგზავრა. ჯგუფში შედიოდნენ ფოლკლორისტიკით დაინტერესებული პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.

ექსპედიციის წევრების მიზანი იყო შეეგროვებინათ და ჩაეწერათ ხალხური შემოქმედება, განსაკუთრებით გაემახვილებინათ ყურადღება ლექსის „თავფარავნელი ჭაბუკის“ ყველა სახეზე, რომლის საბოლოო ტექსტის დადგენაც ჰქონდა მიზნად დასახული ექსპედიციის ხელმძღვანელს. თანადროულად უნდა მოენახულებინათ ტაძრები, ძველი ნაგებობანი და სასაფლაოს ჩუქურთმიანი თუ გამოსახულებიანი ქვები თავისი წარწერებით, გადაეღოთ მათი ფოტო და თუ საჭირო გახდებოდა, ესტამპიც გაეკეთებინათ – აეღოთ გამოსახულების პირი.

ახალციხეში ჯგუფმა დაყო 5-6 დღე. გასცდნენ ქალაქს. შეისწავლეს ახალციხის ძველი ნაწილი – რაბათი. ახალციხის შემდეგ სოფელ ხიზაბავრაში გაემგზავრნენ, სადაც მცხოვრებლების უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. მაგრამ არ იქნა და „თავფარავნელი ჭაბუკის“ კვალს მაინც ვერ დაადგნენ. ხიზაბავრაში 5-7 დღე გაჩერდნენ და იქიდან დაიწყეს გასვლები სოფ. საროში, ბარალეთში და სხვ. ახლომახლო სოფლებში. ექსპედიცია ხიზაბავრადან ხერთვისისკენ გაემგზავრა. ვახტანგი უკმაყოფილო იყო: რაც უფრო უახლოვდებოდნენ ასპინძასა და თაფარავანს, მით უფრო იკარგებოდა კვალი „თავფარავნელი ჭაბუკისა“. მიაღწიეს ხერთვისსაც, მაგრამ ხერთვისს იქით ექსპედიცია აღარ გაუშვეს, რადგან იქ სასაზღვრო ხაზი იყო და განსაკუთრებულ საშვს ითხოვდნენ. ერთთვიანი მოგზაურობა დამთავრდა. ვახტანგმა სტუდენტები თბილისში გაამგზავრა, თვითონ კი ახალციხეში დარჩა ერთი კვირის განმავლობაში და შეგროვილი მასალის შედარება-დაზუსტებას შეუდგა. მალე მესხეთ-ჯავახეთის ფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შესახებ საანგარიშო მოხსენება გააკეთა ქ. ახალციხეში…

მრავალი წლის გულმოდგინე მუშაობის შედეგად 1934 წელს გამოდის ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ მომზადებული წიგნი „ქართული ხალხური პოეზია“, სათანადო მეცნიერული აპარატით. წიგნს დართული შენიშვნები წარმოადგენს ერთ დიდ მნიშვნელოვან ნაშრომს, დაფუძნებულს მრავალი ქვეყნის ხალხური პოეზიის ღრმა და მეცნიერული შესწავლისა და ამ ნიადაგზე ქართული პოეზიის შედარებითი მეთოდით ჯეროვან კვლევაზე… ხალხური პოეზიის შეგროვებისას ვახტანგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შემდეგ საკითხებს: ლექსს თუ პროზას, რომელსაც დიალექტით გადმოსცემდა მთქმელი; ამ დიალექტში შეინიშნებოდა თუ არა რომელიმე კუთხისთვის დამახასიათებელი გამოთქმები ან ენობრივი ცვლილებების რაიმე ნიშნები, როგორი წარმოთქმა ახასიათებდა მთქმელს, როგორ გამოთქმებს ხმარობდა იგი. ყველაფერი ეს სჭირდებოდა იმისათვის, რომ დაედგინა ხალხური შემოქმედების ესა თუ ის ნიმუში, რა დროიდან და რომელი მხრიდან მოდიოდა, რა შეიცვალა, დაახლოებით რანაირი სახის იქნებოდა იგი თავისი დროისათვის.

ამ მიზნისთვის ვახტანგი თან ატარებდა მაგნიტოფონს, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოატანინა ვიღაც გულშემატკივარს… აღნიშნული ექსპედიციის (1934წ.) შედეგების შესახებ გაზ. კომუნისტი წერდა: „მცირე ხნის განმავლობაში ექსპედიციამ მეტად ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა. ექსპედიციამ ჯერჯერობით ჩაწერა 22 ისეთი მნიშვნელოვანი სიმღერა, რომელიც ახლა თითქმის დავიწყებულია“.

ხალხურ შემოქმედებასთან მჭიდრო კავშირით ხსნიდა ვ. კოტეტიშვილი გენიალური პოეტის შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის ისტორიას. მ. ალავიძის ცნობით, ვახტანგს ქუთაისში ჩაუტარებია საჯარო მოხსენებები ა. პუშკინის, რუსთაველისა და ი. ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესო ყოფილა ლექცია რუსთაველის შესახებ, რომელსაც 500-ზე მეტი მსმენელი დასწრებია. მდიდარი ამხსნელი მასალით ლექტორმა მშვენივრად დაასაბუთა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სპარსულიდან ნათარგმნი კი არ არის, არამედ ჩონჩხად გამოყენებულია ქართული მითები.

1934 წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა ვახტანგისთვის. ჯერ „ხალხური პოეზია“ ბაზარზე გატანილიც არ იყო გასაყიდად, რომ მეორე წიგნი გამოსაცემად უკვე მზად ჰქონდა. ამჯერად წიგნს მუზეუმის ფოლკლორული განყოფილების სახელით უშვებდა. დამზადებული იყო ვახტანგის უშუალო ხელმძღვანელობითა და განყოფილების თანამშრომლების მონაწილეობით. იმავე წლის „ლიტერატურული გაზეთი“ იუწყებოდა: „საქართველოს მუზეუმის ფოლკლორის განყოფილებამ დაამზადა ერთი ტომი ქართული ზღაპრებისა, რომელიც დაიბეჭდება მუზეუმის ხაზით… აგრეთვე ერთი წიგნი ქართული ზღაპრებისა დაიბეჭდება გამომცემლობა „აკადემიას“ მიერ. განყოფილება დასაბეჭდად ამზადებს საბავშვო ფოლკლორს (ტექსტები და გამოკვლევა). მზად არის დასაბეჭდად ქართული ანდაზების ერთი ტომი, რომელიც 100 ანდაზას შეიცავს“.

ქართული ზღაპრების თავისებურებაც განსაკუთრებით შესწავლის საგნად მიაჩნდა ვახტანგს, რადგან თვლიდა, ამ ზღაპრებში „მოიძებნება ის კერძო და ინდივიდუალური ხასიათის თვისებები, რომელიც ისე მნიშვნელოვანია პირველი შეხედვით აუხსნელ ამოცანათა აზრის დასადგენად“. ამავე დროს ქართული ხალხური ეპოსის იმ კერძო შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას განასხვავებს სხვა ქვეყნების ეპოსისგან. „თუ ზოგიერთი მოდგმის ხალხური ეპოსი არსებითად არისტოკრატიის სამხედრო ისტორიას წარმოადგენს (ჰიპერბოლურ ხაზებში რასაკვირველია), როგორც მაგ. სლავური, გერმანული, რომანული მოდგმის და სხვა, ქართული ეპოსი, შეიძლება ითქვას, იმ არისტოკრატიას სულაც არ ეხება“. ქართული ხალხური შემოქმედება მეფეთა ცხოვრებას ძუნწად გვაწვდის, მაშინ, როდესაც სახალხო გმირთა სახელებს უზომოდ გვთავაზობს. და თუ არის მეფე ან დედოფალი მოხსენიებული, ფოლკლორი იმათაც ხშირად გლეხად აქცევს.

1936 წლის ზაფხულში ვ. კოტეტიშვილმა მოაწყო მესამე ექსპედიცია (რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა), ამჯერად ბორჯომის ხეობაში. ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ რ. გაჩეჩილაძე და ნ. აბაშიძე… ვახტანგს არ დაუტოვებია უნახავი ოდნავ ღირსშესანიშნავი ადგილებიც კი და არც ერთი მთქმელი, რომ ხალხური სიბრძნე არ გამოეწუროს მისგან. აღნიშნული ექსპედიცია ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. საინტერესო მასალა ჩაიწერა.

ხალხური სიტყვიერების შესწავლა ვახტანგისათვის ნიშნავდა „ხალხის ფსიქიკური ზრდის გაგებას: იმის დადგენას, თუ როგორ ვითარდებოდა თანდათანობით მისი წარმოდგენათა ჰორიზონტი, როგორ მტკიცდებოდა და ღრმავდებოდა მისი აზრი, ცნობიერდებოდა და იხვეწებოდა მისი გრძნობები, როგორ მუშავდებოდა მისი ხასიათი“. არ დარჩენილა ხალხური შემოქმედების არცერთი საკითხი, მოვლენა თუ საგანი, რომელთაც ვახტანგი არ შეისწავლიდა ამ თვალსაზრისით; არ განეხილა საკითხის ყველა მნიშვნელოვანი მხარე, დაწყებული ისტორიული გადმონაშთებით, ეთნოგრაფიული აღწერით და დამთავრებული სასაფლაო პოეზიით… სხვათა შორის, ლექსი „მოყმისა და ვეფხისა“, რომელიც დღეს ასე დაფასებულია, ვახტანგისეული ვარიანტია. „მოვისმინე და ჩავწერე ხევსურეთს ვ. რაზიკაშვილისაგან 1927 წელსო“, – მიუწერია ვახტანგს ფურცელზე.

ვ. კოტეტიშვილს ეშინოდა, რომ სოციალისტური მშენებლობისა და წიგნის კულტურის მეტად სწრაფი განვითარების ფონზე მალე არ გამქრალიყო და არ დაღუპულიყო ძველი ხალხური სიბრძნე. მართალია „ძველი უნდა წავიდეს, მაგრამ მისი კვალი არ უნდა დავკარგოთ, რადგან უიმისოდ ახლის გაგება შეუძლებელი იქნება“, – ამბობდა იგი… ვახტანგი გადაჭრით აცხადებდა, რომ ფოლკლორული თემატიკის სფეროში არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელიც უშუალოდ არ ემყარება ყოფიერებას, ეკონომიკას და საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებას… თუ ყოველი ლექსი ან ზღაპარი არა, ყოველი ციკლი მაინც შუქს ჰფენს ისტორიის რომელიმე დიდ ან მნიშვნელოვან საფეხურსო. ამიტომ ის ჯერ კიდევ ადრეულად თვლიდა ფოლკლორის მთლიანი ისტორიის შესახებ ფიქრსაც და საჭიროდ მიაჩნდა, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეულიყო და დამუშავებულიყო ცალკეული ნაწილები.

თუ თვალს გადავავლებთ მის მიერ დამუშავებულ და გამოსაცემად დამზადებულ ნაშრომთა სიას (ამ ნაშრომებს რა ბედი ეწიათ, არავინ უწყის), დავრწმუნდებით, თუ როგორი თანმიმდევრული და დინჯი მკვლევარი იყო და როგორ მიყვებოდა იგი ერთხელვე კარგად მიგნებულ გზას მეცნიერებაში.

სამართლიანად ამბობდა ელ. ვირსალაძე, რომ „ვ. კოტეტიშვილის მოღვაწეობამ ქართული ფოლკლორის დარგში სულ 10-12 წელს გასტანა, და ახლა საოცრად გვეჩვენება ამ მოკლე პერიოდში ისეთი დიდი საორგანიზაციო და კვლევითი მუშაობის ჩატარება, რომელიც მან შესძლო“.

 

ხელოვანი და ხელოვნებათმცოდნე

 

ხელოვნებამ ვ. კოტეტიშვილი ბავშვობიდანვე გაიტაცა. პირველად იგი ხატვაში ავარჯიშებდა ხელს და არცთუ ურიგო იყო მის მიერ შექმნილი სურათები. მათში მკაფიოდ შეინიშნებოდა პატარა მხატვრის ალღო და უნარი ჩასწვდენოდა ძირითადს, მოეცა ხასიათი. მომწიფების ხანაში უკვე ჩამოყალიბდა ვახტანგის „ტორტმანი“ ხელოვნების სფეროში და თავისი სულიერი სწრაფვის დასაკმაყოფილებლად თიხა, თაბაშირი და მარმარილო აირჩია.

სახვითმა ხელოვნებამ ვახტანგ კოტეტიშვილი თავდავიწყებით გაიტაცა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, სადაც იგი 1912-15 წლებში სწავლობდა, ორი წლის განმავლობაში ხელოვნების კურსს უკითხავდნენ: ერთხანს ფიქრობდა კიდეც თანადროულად სამხატვრო აკადემიაში ესწავლა და პროფესიული ცოდნა შეეძინა, მაგრამ მატერიალური ხელმოკლეობის გამო ეს მან ვერ შეძლო. სამაგიეროდ დამოუკიდებლად დაეწაფა ამ დარგში ცოდნის გაღრმავებას. ბევრს კითხულობდა ლიტერატურას სახვითი ხელოვნების შესახებ, ესწრებოდა სამხატვრო გამოფენებს, ხატავდა, ძერწავდა…

1922 წ. ვ. კოტეტიშვილს აუსრულდა დიდი ხნის ნატვრა. იგი შევიდა თბილისის ახალდაარსებულ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. იმ დროს აკადემიაში მოღვაწეობდნენ გამოცდილი და დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები: გ. ჩუბინაშვილი, ი. ნიკოლაძე, გ. გაბაშვილი, ჰ. ჰრინევსკი, ე. ლანსეურე და სხვანი.

ამიერიდან კიდევ უფრო დიდი გატაცებით იწყებს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მონაწილეობას იღებს ყოველ ახალ წამოწყებაში, აქვეყნებს თეორიულ სტატიებსა და ისტორიულ ნარკვევებს ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. 1922 წ. გაზ. „ბახტრიონში“ ბეჭდავს სტატიას „ხელოვნების წარსული და მომავალი“, რომელშიაც მიმოიხილავს ხელოვნების დანიშნულებასა და მიზანს წარსულში, მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ხალხისადმი, განვითარების საფეხურებს, თანამედროვე მდგომარეობასა და მომავალ შესაძლებლობებს.

1922 წლის 4 დეკემბერს ხელოვანთა სახლში ქართველ მხატვართა საბჭოს თაოსნობით იმართება პირველი საზეიმო შეხვედრა – მოხსენებები, მხატვრული კითხვა, ი. ნოკოლაძის, ვ. კოტეტიშვილის და მ. თოიძისა. კიდევ უფრო სწრაფად მოიხვეჭა საზოგადოების კეთილგანწყობა მომდევნო წლიდან, როცა შემართებით ჩაება ალ. ყაზბეგის ავტორობის შესახებ პაექრობაში. ამ პაექრობამ დააჩქარა აგრეთვე იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც დიდი ხანია აწვალებდა მწერალზე შეყვარებულ ახალგაზრდა შემოქმედს…

სწორედ ამ დროს ხელოვანთა სასახლეში მოეწყო „სალიტერატურო შაბათობა“ თემაზე: „ალ. ყაზბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა“. დარბაზში საპატიო ადგილზე დადგეს ვ. კოტეტიშვილის მიერ იმხანად დამთავრებული ბიუსტი ყაზბეგისა. ლექცია ყაზბეგის ცხოვრება-შემოქმედებაზე წაიკითხა ქანდაკების ავტორმა. დამსწრე საზოგადოება მოხიბლული დარჩა მოხსენებითა და ბიუსტით. ამ ბიუსტით გამოწვეული აღფრთოვანება არ შენელებულა შემდეგაც; როდესაც ქართველ მხატვართა გამოფენა მოეწყო და ახლა უკვე საზოგადოების ფართო წრემ იხილა იგი, მაყურებელი აღაფრთოვანა. ამ გამოფენაზე ვახტანგს სხვა ნამუშევრებიც ჰქონდა წარდგენილი – „ავადმყოფი ბავშვი“ და „ქვის ვნება“; ამ ქანდაკებებმაც დიდი ინტერესი აღძრა…

ვ. კოტეტიშვილი მეტისმეტად იყო ჩაფიქრებული ქართული ხელოვნების, კერძოდ, ქანდაკების ბედ-იღბალზე. გმირობად მიაჩნდა მრავალსაუკუნოვანი დუმილის შემდეგ დიდი შემოქმედი ი. ნიკოლაძე ობლად რომ შეხვდა ამ დიდი საქმის დასაწყისს, მარტოდმარტო, ასე პრაქტიკულად რომ მოღვაწეობდა ამ სფეროში და აგრძელებდა ქართული ქანდაკების მდიდარ ტრადიციას. წუხდა, რომ მხოლოდ ერთს – ი. ნიკოლაძეს – ხვდა წილად ამ ტვირთვის ზიდვა სრული მოთმინებითა და პასუხისმგებლობით.

ხელოვნების დარგში დაუღალავად მებრძოლს, სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მე-3 კურსის სტუდენტს, ნიჭიერ მწერალსა და ჟურნალისტს, შესანიშნავ მჭევრმეტყველს, მწერალთა კავშირის საბჭოსა და საგაზეთო სექციის წევრს, ვ. კოტეტიშვილს, 1924 წლის 30 მარტს ქართველ მხატვართა საზოგადოების წლიურ საზოგადო კრებაზე ირჩევენ მხატვართა გამგეობის თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ კი – სიდამონ ერისთავს. 1930 წლამდე იგი მხატვართა საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე იყო. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით იმართებოდა ლექცია-მოხსენებები ხელოვნების საკითხებზე, მხატვართა გამოფენები მუშათა უბნებში მშრომელი ხალხის გათვითცნობიერებისთვის. ვახტანგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმათ შორის, რომელნიც თავგამოდებით იღვწოდნენ ხელოვნების, კერძოდ, მხატვრობის ხალხის სამსახურში ჩაყენებისთვის.

ვ. კოტეტიშვილი მახვილი თვალითა და ფხიზელი გონებით ადევნებდა თვალყურს ქართული ხელოვნების განვითარებას. არ ითმენდა ნაკლს, მეგობრულ რჩევა-დარიგებას აძლევდა; ქებას არ იშურებდა კარგი ნაწარმოების ავტორებისადმი. მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა განიხილა პროფესიონალურად ფიროსმანის შემოქმედება და დააფასა თვითნასწავლი მხატვრის ნიჭი. ვახტანგ კოტეტიშვილს მიაჩნდა, რომ ნ. ფიროსმანაშვილი არ შეფასებულა იმ თვალსაზრისით, იმ მხრივ, რაც მის ნამდვილ სახეს დაგვანახებდა. ფიროსმანაშვილის შემოქმედებას კოტეტიშვილი უახლოებს იმ შაირებს, რომლებიც ხალხის წიაღში იქმნებოდა, საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და სრულდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ფიროსმანაშვილის შემოქმედება პიროვნულია და ამ განწმენდას მოკლებული. „საწყალი ნიკალას“ შემოქმედების საწყისი ხალხურია. მისი თემებია სოფლიდან გამოყოლილი მოგონებები და თბილისი ყარაჩოღლებითა და მისი მრავალმხრივი ცხოვრების წვრილმანებით.

ვ. კოტეტიშვილი ნიკო ფიროსმანს იშვიათ მოვლენად თვლის. დაწვრილებით იხილავს რა მის შემოქმედებას, აღნიშნავს, რომ მხატვარს აქვს კომპოზიციის გრძნობა, თავისებური თვალთახედვა, საგნის არსში წვდომის, ხასიათის მიგნებისა და ბუნებრიობის დაჭერის უნარი. რაც შეეხება პროპორციისა და პერსპექტივის ნაკლს, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მას დაწყებითი პროფესიული განათლება არ მიუღია. თვითნასწავლი ხელოვანი, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, ამ ნაკლს ვერ ასცდება, პროპორციისა და პერსპექტივის ცოდნას მხოლოდ სკოლა აძლევსო. მაგრამ ფიროსმანაშვილის უმთავრეს და უპირველეს ღირსებად კოტეტიშვილი თვლის თავმდაბლობას, რომელიც შემოქმედის დიდ სამკაულს წარმოადგენს, გულუბრყვილობას, მეტისმეტ უშუალობას, ძალდაუტანებლობას. „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის აწყვეტილია, ემღერება და იმღერის ყოველგვარი ნოტური სისტემის გარეშე, ეს კი შემოქმედების ელემენტია, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა მხატვარს, ვინც კი შემოქმედობს სიმართლით და არა გაკეთებული სულით“. ვახტანგმა შეძლო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ჩვენება იმ კუთხით, საიდანაც მხატვარი ყველაზე კარგად და ბუნებრივად მოჩანს და თითქოს წინასწარ ეკამათებოდა საწინააღმდეგო აზრის ავტორებს: „შეიძლება ბევრი არ დაგვეთანხმოს საკითხის ასეთ გადაწყვეტაში, მაგრამ ვკადნიერდებით და ვამბობთ, რომ ამ თვალსაზრისით შეიძლება ნ. ფიროსმანაშვილის დაფასება და ყოველგვარი ცდა იქნება ნაკეთობისა და კოწიწის შედეგი“.

1926 წელს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა. პარიზში 6 წლის ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ლადო გუდიაშვილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში პირადი გამოფენა მოუწყვეს. ქართველ საზოგადოებასთან ერთად ვახტანგიც მოუთმენლად ელოდა გამოფენის გახსნას, რადგან იგი ლ. გუდიაშვილს თვლიდა თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გმირად და აინტერესებდა „გაუძლო თუ არა ლ. გუდიაშვილმა იმ მრავალ საცდუნებელს, რომელიც საერთოდ მხატვარს პარიზში ხვდება და შეინახა თუ არა ის ინდივიდუალობა, რომლითაც მან 1918 წელს მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება“. ახალგაზრდა ვ. კოტეტიშვილმა, რომელსაც შინაგანი ხედვა და ნახატთა შეცნობის ფაქიზი გრძნობა გააჩნდა, ლ. გუდიაშვილის დიდ ნიჭთან ერთად დაინახა ის თავისთავადობა, რაც მას სხვა მხატვრებისგან გამოარჩევდა. მხატვარში მას სწორედ ის მოდერნის ცეცხლში გატარებული, გამოწრთობილი ნაციონალური სული მოსწონდა, რომელიც ვერ წაშალა და გააუფერულა ფრანგულმა სინამდვილემ… ვ. კოტეტიშვილი ყველა შემოქმედისგან მოითხოვდა მდგარიყო მყარ საკუთარ ნიადაგზე და შეენარჩუნებინა ნაციონალური სული, ურომლისოდაც ნამდვილი ხელოვნება არ არსებობს. იგი გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს ახალგაზრდა შემოქმედთა სულიერ ჩამოყალიბებას და ამით ახალი ქართული კულტურის დახვეწა-გაფაქიზებას დიდად უწყობდა ხელს.

ვ. კოტეტიშვილი ლ. გუდიაშვილის გამოფენით დიდად კმაყოფილი დარჩა, დარწმუნდა, რომ შემოქმედი გაუძლებდა ყოველგვარ გამოცდას, დროთა განმავლობაში მშობლიურ ხალხს დიდ სიამოვნებასა და სიხარულს განაცდევინებდა. ეს ასეც მოხდა!

არც საქალაქო მუზეუმი დარჩენია ვ. კოტეტიშვილს უყურადღებოდ. საზოგადოებასთან ერთად მანაც გაიზიარა ის სიხარული, რომელიც გამოიწვია იქ მოწყობილმა გამოფენამ „ძველი თბილისი“. გამოფენის მიზანი იყო ეჩვენებინა მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნაწარმოებები, რომლებშიც ასახული იყო ძველი თბილისის ყოფა, ძველი თბილისის პერსონაჟები. გამოფენას ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, მაგრამ ნაკლიც ბევრი ახლდა. ნაკლი ის იყო, რომ იგრძნობოდა შემთხვევითი ხასიათის ექსპონატების სიჭარბე და მათი გამოფენის არაკანონზომიერება. კოტეტიშვილი მოითხოვდა მუზეუმის ექსპოზიციების სრულყოფას, გამდიდრებას, რათა ძველი თბილისი აქ მთელი სისავსითა და თავისებურებებით გამოჩენილიყო. იგი მიუთითებს, რომ ამასთან ერთად „გამოფენას აკლია ქსოვილები, ტანისამოსი, ნაჭედობა, ავეჯეულობა, შენობათა სტილური ნიმუშები. ისიც შეინიშნება, რომ ყარაჩოღელთა ტიპების გარდა სხვა ტიპები არ ჩანან, თბილისისათვის დამახასიათებელი ლამაზი ქალების პორტრეტებიც ნაკლებადაა, მათი ჩაცმულობით, დროსტარებით. საჭიროა მეტი რეზონანსი მიეცეს ამ უაღრესად საჭირო დაწესებულებას, რომ ის გადაიქცეს ჩვენი ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილად, სადაც მინიატურის სახით, თვით იგი, ქალაქი იქნება წარმოდგენილი მთელი თავისი მდიდარი წარსულითა და აწმყოთი, მთელი თავის ფერადობით, ნარევი კულტურით, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისებური სტილით და ყოფით“.

1918 წელს ვ. კოტეტიშვილი ამთავრებს სამხატვრო აკადემიას და იქვე ტოვებენ საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1929 წ. იგი დოცენტია სამხატვრო აკადემიაში და კითხულობს ლექციებს ქანდაკებისა და კერამიკის ისტორიაში… ვ. კოტეტიშვილი ქანდაკების ისტორიის ქართულ ენაზე შედგენის წამომწყები იყო, მას ყველა მონაცემი ჰქონდა მეცნიერულად გამართული „ქანდაკების ისტორიის“ სრული კურსი დაეწერა, ქართული ქანდაკების პრობლემებიც გაერკვია, მაგრამ რაც მოასწრო, იმასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, როგორც პირველ აგურს, ურომლისოდაც ვერავითარი დიდი შენობა ვერ აიგება.

საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მოწოდებათა საფუძველზე ვ. კოტეტიშვილმა ბრწყინვალედ განჭვრიტა ჩვენი ხელოვნებათმცოდნეობის განვითარების გზები. არსებითად მის მიერ წამოყენებული პრინციპები ჩაეყარა საფუძვლად შემდეგში (1933წ.) შექმნილ დაწესებულებას, რომელსაც ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტი ეწოდა. ერთი სიტყვით, დიდი ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის ისტორიის შესწავლა-დამუშავებას. ამ მიმართულებით მეცნიერთა და მხატვრული ინტელიგენციის დიდ მოღვაწეობაში ვ. კოტეტიშვილი ცხოველ მონაწილეობას იღებს და არაერთი ახალი წამოწყების თაოსანია.

გათავისუფლდა თუ არა მხატვართა საზოგადოების თავჯმდომარის მოვალეობისაგან, ხელი მოჰკიდა სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობას რაიონებში ხალხური პოეზიის ნიმუშების შეკრებისა და ხელოვნების ძეგლების მიმოხილვა-შესწავლის მიზნით.

პირველად ეწვია მესხეთ-ჯავახეთს 1930 წ. როგორც ხელოვნებათმცოდნე, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ქანდაკების ისტორიითა და ძველი ხუროთმოძღვრების შესწავლით. სასაფლაოს ქვებსა თუ ეკლესია-მონასტრებზე გამოსახული ვერძების, სხვადასხვა ჩუქურთმის ფოტოპირს იღებდა ან ესტამპს აკეთებდა და ამ სახით დამზადებული ასლები თბილისში მიჰქონდა.

1931, 1932, 1933 წლებში ვახტანგი ფოლკლორისტიკითა და სხვადასხვა ორგანიზაციული სამუშაოთი მეტისმეტად იყო გართული, მაგრამ მაინც ახერხებდა სახვითი ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობას – ჯანსაღი და პირუთვნელი კრიტიკით სწორ გზაზე დაეყენებინა ისინი. 1933 წ. მოეწყო საქართველოს მხატვართა მორიგი გამოფენა, რომელშიაც ვახტანგს, როგორც მოქანდაკეს, მონაწილეობა არ მიუღია. ხოლო როგორც ხელოვნებათმცოდნემ თავისი სიტყვა თქვა ზოგიერთ წარმომადგენელზე. თამარ აბაკელია ფრიად საიმედო შემოქმედად მიიჩნია თავისი მიღწევებითა და შესაძლებლობებით. კორნელი სანაძე უდავოდ ნიჭიერ მხატვრად დასახა. ელენე ახვლედიანი, ქართული პეიზაჟის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვახტანგს ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთ ბურჯად მიაჩნდა და პირუთვნელი კრიტიკით ცდილობდა მხატვრის ყოველი ნაკლი თუ მიღწევა გაბედულად ეჩვენებინა. ვახტანგმა წინასწარ განჭვრიტა ის, რომ ბუნებისგან უხვად მომადლებული ნიჭი მხატვრისა გაიზრდებოდა და სრულყოფილ ოსტატად მოგვევლინებოდა.

ამბობენ, რომ დიდი ღვაწლი მიუძღვის ვ. კოტეტიშვილს სიძველეთა დაცვის მხრივ. ექსპედიციაში მყოფი გზადაგზა იკვლევდა თითოეული ეკლესია-მონასტრის მოვლა-პატრონობის საკითხს. სოფლის საბჭოში არკვევდა ამა თუ იმ ძეგლის რესტავრაციის ან დავისათვის მთავრობისგან იყო თუ არა სათანადო თანხა გამოყოფილი. თუ დადებით პასუხს მიიღებდა, მაინც არ კმაყოფილდებოდა, ამოწმებდა: სად რამდენი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა რას მოხმარდა და სხვ. ამით კი ჩვენი მოამაგე მეცნიერი ხალხში ძველი კულტურის ძეგლებისადმი სათუთი მოპყრობისა და პასუხისმგებლობის გრძნობას აღვივებდა ხოლმე, რასაც სასურველი შედეგი მოჰქონდა.

არც ფოლკლორსა და ლიტერატურაში უნდა დავივიწყოთ მისი კვლევითი და ღრმა მეცნიერული მუშაობა. 1913 წელს ვახტანგი პეტერბურგიდან დედისადმი მიწერილ წერილში წერდა: „… რაც შეეხება სწავლას, ამაში დამერწმუნეთ, რომ თუ არ გასახელებთ, არ შეგარცხვენთ მაინც, გწამდეთ რომ მიიღებთ ნერგს თქვენგან დარგულს, თუ ცხოვრების პირობებმა ხელი არ შემიშალეს“… და ჩვენ ყველანი გაბედულად ვიტყვით, – „რომ მან აღასრულა თავისი ვალი“.

ჭეშმარიტად, „მადლიერი შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს ქართული ზეპირსიტყვიერების ისტორიის მესაძირკვლეს, ბუნებით მგოსნად დაბადებულს, იშვიათ მოაზროვნესა და ოქროპირს, ვ. კოტეტიშვილს, „ვისაც მფარველად მუზა ჰყოლია, უკვდავი იყოს სახელ მისი“ (ლადო ასათიანი).

 

 

ავტორი: თეიმურაზ მაღლაფერიძე

ძალადობა, შიში, სიცრუე, კრიტიკა N4, 1991

 

 

 

 

 

… აქ კი ის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკური რეჟიმის მიმართ არც გარეგნულად გამოხატულ პროტესტს მოერიდა.

სწორედ ოციანი წლების ტფილისის ქუჩებში გამოჩნდა შავჩოხიანი, შავი კრაველის ბოხოხითა და შავქარქაშიანი სატევრით დამშვენებული, მწყაზარი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი – კონსტანტინე გამსახურდია… მას მალე მხარში ამოუდგნენ განუყრელი მეგობრები: ა. აბაშელი, პ. ინგოროყვა, ვ. კოტეტიშვილი. რაღა თქმა უნდა, ისინიც შავ ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილი…

სულ მალე ტფილისი მგლოვიარე შავჩოხიანებით გაივსო, რამაც ახალი თავსატეხი გაუჩინა ხელისუფლებასა და ჩეკას. სწორედ ამ დროს უნდა იყოს გადაღებული ის ფოტო, ზემოთ რომ ვახსენე: პირმშვენიერ ვაჟკაცებს ერთმანეთისათვის ხელკავი გამოუდიათ, მეორით სატევრის ვაზა დაუბღუჯავთ და მშვიდ, გარნა უდრეკ ნებისყოფას ასხივებენ ჭკვიანი თვალებიდან…

ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო აღმოჩნდა. ბოლშევიკებს ჯიუტად, არაადამიანურად დაჟინებით უნდოდათ, რომ ხერხემალში გადაემტვრიათ, შიშით დაეზაფრათ და ამის მერმე თავის ლაქიებად ექციათ ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ამისათვის არავითარ ხერხსა და გზას არ ერიდებოდნენ – ფიზიკური ტანჯვა-წამებით დაწყებული, დახვრეტით დამთავრებული. მათი მიზანი იყო შიშის სინდრომის დათესვა, ხოლო შემდეგ, როგორც ცნობილია, „შიში შეიქმს სიყვარულსა“… უმეტეს შემთხვევაში მიაღწიეს კიდეც ამ სანუკვარ საწადელს; მწერალთა დიდი ნაწილი, როგორც იტყვიან, ძაფივით დაიხვიეს თითზე და თავის ნებაზე აპამპულეს, სულში ჩააფურთხეს, სინდისი შეუბილწეს, მაგრამ აქა-იქ მედგარ წინააღმდეგობასაც წააწყდნენ და იძულებულნი შეიქნენ, უკან დაეხიათ.

 

 

***

 

დადგა 1937 წელი, ალბათ ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი მე-20 საუკუნის ისტორიისა. ერებისა და ხალხების იმ უშველებელ და უაზრო კონგლომერატში, რომელსაც საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ, მართლაც რომ სისხლის კევრი ბრუნავდა. ა. სოლჟენიცინი თავის რომანს „წრე პირველი“, ასე ამთავრებს: მიდის მოსკოვის ქუჩაში დახურულძარიანი მანქანა, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: „ხორცი“. სინამდვილეში კი იქ დასახვრეტად განწირული პოლიტპატიმრები არიან ჩაყრილი… ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი „ხორცის“ მანქანა დაღოღავდა მაშინ „ძლევამოსილი საბჭოეთის“ უკიდეგანო გზებზე და გადაჰქონდათ, გადაჰქონდათ „პროდუქტი“ სხვადასხვა ციხეში, ხორცსაკეპ მანქანათა საკბილოდ.

„მე ტყიბულის რაიპროკურორის თანაშემწე მიქაძემ, განვიხილე საქმე ბრალდებულ კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძის, ექიმ ლადო კოტეტიშვილის განცხადების საფუძველზე. ბრალდებულის საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 1938 წლის 27 იანვრის დადგენილებით, მისჯილი აქვს დახვრეტა“.

შემდეგ პროკურორის თანაშემწე იხილავს საქმეს და ადასტურებს, რომ განაჩენი სრულიად სამართლიანია, ვინაიდან კოტეტიშვილი ვახტანგი იყო აქტიური წევრი მემარჯვენე სოციალ-ფედერალისტების ორგანიზაციისა, ჰქონდა კავშირი საზღვარგარეთ, ეწეოდა მავნებლურ-დამანგრეველ მუშაობას და ითრევდა აღნიშნულ ორგანიზაციაში ახალ წევრებს, საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და ბურჟუაზიული რესპუბლიკის დასამყარებლად საქართველოში (ნ. ხოფერია, „აღსარებანი მცირე კომენტარებით“).

ცრუობდა პროკურორის თანაშემწე, უსინდისოდ ცრუობდა! კი, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი მართლაც იყო ვ. კოტეტიშვილი ოდესღაც, მაგრამ საიმდროოდ აღარც პარტია არსებობდა და აღარც მის წევრობას ჰქონდა აზრი. დანარჩენ ბრალდებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად უნიჭოდაა შეთითხნილი სასამართლოს გონებაჩლუნგი მოხელეების მიერ.

თუმცა, ერთი სიმართლე მართლაც გამოსჭვივის ბრალდებათაგან: ვახტანგ კოტეტიშვილს მართლაც ჭირის დღესავით სძაგდა საბჭოთა რეჟიმი – თავისი პროლეტარიატის დიქტატურით, სოციალიზმით, ინდუსტრიალიზმით, კოლექტივიზმით, ბრავურული მარშებითა და სისხლიანი ჩეკათი. სძაგდა, მაგრამ რა ექნა, გაჩუმდა, პირში წყალი ჩაიგუბა, სიმწრით კბილს კბილი დააჭირა და განდგა, მიმდინარე ლიტერატურულ ამბებზე წერასაც კი ანება თავი და ფოლკლორულ სამყაროს მიაშურა. მაგრამ ჩეკას რას გამოაპარებ! მშვენივრად გრძნობდნენ, რომ ვ. კოტეტიშვილი მათი შესაძლო მტერი იყო და ამიტომ მისი მოშროება დროულ, აუცილებელ საქმედ მიიჩნიეს.

ასე გაქრა ამ სამზეოდან, უხამსი კაციჭამიების ნებით, 44 წლის ულამაზესი ვაჟკაცი, მართლაც რომ დახუნძლული გონიერებით, რომელშიც სვებედნიერად იყო შერწყმული ევროპისა და აზიის ელიტარული ინტელიგენტობის საუკეთესო თვისებები…

ერთხელ ვახუშტიმ მიამბო: დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე მამა პირგამეხებული დაბრუნებულა შინ, თავის ოთახში შეკეტილა, არც უჭამია, არც უსვამს, არც ხმას იღებდა თურმე, პაპიროსს ეწეოდა მხოლოდ. როგორც მერე გაირკვა, „იქ“ დაუბარებიათ და გადაჭრით მიუხლიათ: ჩვენთან უნდა იმუშაოო. ეს ჯაშუშობას უდრიდა. ვახტანგს უარი უთქვამს. მაშინ სამი დღე მიუციათ ვადად: სამი დღის შემდეგ ან შენი ფეხით მოდი, ან ჩვენ მოგაკითხავთო.

ვახტანგი არ წასულა. სამაგიეროდ, მათ არ უღალატეს სიტყვას. მოვიდნენ. წაიყვანეს. სამნი იყვნენ, შავებში ჩაცმული. შავი „ემადინი“ ელოდათ. ბავშვები, ლეილა და ვახუშტი, მაშინ უკვე დედით ობლები, ერთი შვიდისა და მეორე – სამისა, აბუზული ჩიტებივით მიჰყვნენ ალაყაფამდე. ღამე იყო. წვიმდა. „შედით არ გაცივდეთ, მალე დავბრუნდები“, – უთქვამს მამას, ორივე ჩაუკოცნია და გაჰყოლია შავ კაცებს.

აღარ დაბრუნებულა!..

ვახტანგ კოტეტიშვილი „შავჩოხიანთა“ საძმოს ღირსეული წევრი იყო. საიმდროოდ, როცა ოთხთა ფოტოა გადაღებული, იგი უკვე ცნობილი ლიტერატორი გახლდათ… იქნებ მკითხველმა არც იცოდეს, რომ ჟურნალმა „მნათობმა“ გამოსვლისთანავე, 1924 წელს, დაიწყო გამოქვეყნება ელისაბედ ყაზბეგის (ალექსანდრეს მკვიდრი ბიძაშვილი იყო) ვრცელი მემუარული წიგნისა – „მასალები დიმიტრი და ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის“. მემუარებმა ვნებათაღელვა გამოიწვია. ელისაბედი, არც მეტი არც ნაკლები, ამტკიცებდა, რომ ალექსანდრეს ცნობილი მოთხრობები და რომანები, სინამდვილეში, დიმიტრის ეკუთვნოდა, ხოლო ალექსანდრემ ჩაიდინა პლაგიატი, უსინდისოდ გაძარცვაო იგი…

სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ეს დეტექტიური რომანისათვის შესაფერისი თავგადანახადი ალბათ ცნობილია მკითხველისთვის, ხოლო ვისაც არაფერი სმენია, ვურჩევ, წაიკითხოს ვ. კოტეტიშვილის წიგნი „ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი“, რომელიც ყოველგვარ ეჭვს ფანტავს. ამ გამარჯვებაში ვახტანგ კოტეტიშვილს ლომის წილი ედო. იგი რომ არ ყოფილიყო, ქართველი ინტელიგენციის ერთი ნაწილი ვერასოდეს მოიშორებდა სამარცხვინო ლაქას, წამებული რაინდის, ალ. ყაზბეგის სულის აწრიალებისათვის რომ დააჩნდა მათი ფრაკის ლაცკანებს. ალ. ყაზბეგი კვლავ ამაყად შუბლდადაფნული დაუბრუნდა ქართულ მწერლობას. ხოლო მისი დაცვა და, თუ გნებავთ, გადარჩენაც, ნამდვილ ლიტერატურულ-ზნეობრივ გმირობად უნდა შეფასდეს.

გარნა იმ საბედისწერო 1937-მდე, წლების მრავალფეროვანი კრიალოსანია ჩამოსამარცვლი. მწერალთა პირველ ყრილობაზე, ისევე როგორც ინგოროყვა და გამსახურდია, ვ. კოტეტიშვილიც ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, თუ რაზე ელაპარაკათ. საკითხი, უმთავრესად, ეროვნულ პრობლემასა და სამომავლო კულტურის განვითარებას დასტრიალებდა. აგრეთვე: მიეღოთ ე.წ. საბჭოთა წყობილება. ამ უკანასკნელზე ვ. კოტეტიშვილის აზრი ასეთი გახლავთ:

„ქართული მწერლობისათვის რადიკალიზმი, მემარცხენეობა არ ყოფილა ახალი, ძნელადმისაღები, სადაო და, თუ ასე იყო ჩვენამდე, მით უფრო თამამად შეიძლება ლაპარაკი ჩვენს შესახებ, რომელნის არც დიდი გვარიშვილობით ვართ დატვირთულნი, არც დიდ ფუფუნებაში გვიცხოვრია, არამედ ჩვენ ყველა, იმავე პროლეტარიატის ცხოვრებაში ვიმყოფებოდით და ვიმყოფებით. ჩვენს ზურგზე ბევრ საშინელებას გადაუვლია, მეფური რეჟიმის სისასტიკე გამოგვიცდია, წლობით გვიშიმშილია, მაგრამ ყოველთვის ერთი აზრით გვისულდგმულია, რომ როგორმე ჩვენი კულტურის საქმე ავამაღლოთ, რომ ჩვენი ხალხი განათლების მოწინავე რიგებში ჩავაყენოთ. დღეს მშრომელი ხალხი სამოქმედოდ არის გამოსული. გუშინდელი ოცნება აცხადებულია და ამ პირობებში, ქართული მწერლობა უნდა იყოს რევოლუციის მხარეზე თუ არა – ეს კითხვა ჩვენთვის არ არსებობს“.

„მაგრამო, – დასძენს ვ. კოტეტიშვილი, – ვერვინ უარყოფს იმასაც, რომ იყო ერთგვარი დამაშორებელი პირობებიც საქართველოს ინტელიგენციასა და მმართველ ხელისუფლებას შორის. ამ სიშორეს ჰქონდა სულ სხვა ნიადაგი და სახელდობრ: ისეთი საკითხები, რომლებიც დიდ ხანს იყო გამოურკვეველი. მე ნაციონალურ საკითხს ვგულისხმობ. ქართული მწერლობა ერთგვარად შეშინდა, ზღარბივით ეკლები გამოუშვა და შეიკუმშა იგი, თითქოს რაღაც მოსალოდნელი საფრთხის წინაშე იდგა“.

აი, სწორედ აქ იყო დამარხული ძაღლის თავი! ქართული მწერლობა მართლაც შეშინდა, იგრძნო, რაღაც დიდი საფრთხე ელოდა და სულ მალე აუხდა წინათგრძნობა. იმძლავრა რბევამ და რეპრესიებმა. დააპატიმრეს კ. გამსახურდია, მერე, მართალია, გამოუშვეს, მაგრამ მწერალთა რიგებიდან გარიცხეს იგი და პ. ინგოროყვა…

დროთა კავშირი დაირღვა!

ვახტანგ კოტეტიშვილი არ იყო შემგუებლური ბუნების კაცი, მძიმე, ქართლური ხასიათი არ აძლევდა ნაირ-ნაირი სვლის საშუალებას – დღეს თქმულს ხვალ უკან ვერ წაიღებდა, პირდაპირი იყო და უკანდასახევ გზებს, ჩვეულებრივ, არ იტოვებდა; მოქნილობა აკლდა, სხვას მოხერხებით იქნებ ეპოვა კიდეც გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან. მან ვერ იპოვა, ამიტომაც დაიღუპა. კი, რაღა თქმა უნდა, ეშინოდა, მაგრამ შიშმა მაინც ვერ გახადა დრეკადი, მისი თითზე გადახვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. იქნებ გულუბრყვილოდ იმასაც ფიქრობდა, რაკიღა სძაგდა ბოლშევიზმი საერთოდ, კიდევაც ღირსი იყო, მათი ხელით დასჯილიყო… უცნაურია მაგრამ არც ესაა გამორიცხული.

დაიღუპა 44 წლის ულამაზესი ვაჟკაცი, დიდი ინტელექტუალი და უდიდესი მამულიშვილი.

მის მიერ შედგენილ „ხალხური პოეზიის“ ბრწყინვალე კრებულში არის ერთი ოთხსტრიქონიანი ლექსი:

„გამაგრდით, არხოტიანნო,

გატეხით რა იქნებისა?

ვისაც მოგვიკვლენ, დავმარხოთ,

სხვა კიდე დაიზრდებისა“.

დარწმუნებული ვარ, დახვრეტის წინ ვახტანგ კოტეტიშვილს ეს ლექსი უხმიანდებოდა გონებაში. ხოლო „შავჩოხიანმა“ მეგობარმა – კონსტანტინე გამსახურდიამ მოგვიანებით დაწერილ მარტიროლოგში ასე გამოიგლოვა იგი:

„სავსებით უმადური ხვედრი მარგუნა ბედმა: ამ ოთხი ათეული წლის განმავლობაში მიხდებოდა ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ძვირფასი ადამიანების დაღუპვის გამო წერა.

ვახტანგ კოტეტიშვილი პირველთაგანი იყო მათ შორის. ცოცხალივით დგას იგი ჩემს წინაშე, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, შესანიშნავი მამულიშვილი, პირდაპირი და შეუპოვარი.

ბრწყინვალე მწერალი, მეისტორიე ჩვენი მწერლობისა, ქართული ფოლკლორის საუკეთესო სპეციალისტი, ფრიად გულისხმიერი ამხანაგი, ჩემი ჭირისა და ლხინის თანაზიარი ძმადნაფიცი. ვაგლახ, რა მოულოდნელად წარგვტაცეს იგი!

უცრემლოდ ვერ ვიგონებ მას. 1926-28 წლებში, ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, იგი შეუდრეკლად მხარში მედგა და მეხმარებოდა.

სამაგიერო ვერ მივუზღე, რადგან ისე გაიტაცეს ხალხის მტრებმა, რომ მისი ავანჩავანი ვეღარ გავიგეთ.

ქართულმა მწერლობამ, ქართულმა ფოლკლორმა დაჰკარგა დიდი მოამაგე, ხოლო ჩვენ, მისმა მეგობრებმა, უძვირფასესი ძმა და მეგობარი.

ცხადია, სანამ ქართული მწერლობა და დამწერლობა იარსებებს, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელიც დარჩება“.

 

 

 

 

 

 

 



მდევარი