რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი
მდევარი, 2025
წინათქმა
1951 წლის აგვისტოში საფრანგეთის პატარა ქალაქს, პონ-სენტ-ესპრის, მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს. ასამდე ადამიანმა მიმართა ექიმს გულძმარვის, მუცლის ტკივილისა და ციებ-ცხელების გამო. ეს უცნაური ეპიდემია თავდაპირველად ხორცისგან მოწამვლას მიაწერეს, თუმცა პირველივე ღამეს ერთ-ერთი დაავადებული კრუნჩხვებით გარდაიცვალა. მეორე დღეს ორი მამაკაცი, რომლებიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, ქუჩაში ყვირილით დარბოდა, მტრები მოგვსდევენო. ერთმა პატარა ბიჭმა დედის დახრჩობა სცადა. რამდენიმე დაავადებული კი ამბობდა, რომ სხეულიდან წითელი ყვავილები ამოსდიოდათ და თავები დამდნარი ტყვიით ჰქონდათ სავსე. იდუმალი დაავადება მალევე დაუკავშირეს პურს, რადგან ყველა დაზარალებულს ერთსა და იმავე საცხობში ჰქონდა პური ნაყიდი. ქალაქის მაცხოვრებლები ფიქრობდნენ, რომ ფქვილი დაწყევლილი იყო, თუმცა მარსელში გაგზავნილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ავადმყოფები სინამდვილეში ჭვავის რქით იყვნენ მოწამლული. ეს დაავადება, რომელსაც სველ მარცვლეულზე ამოზრდილი სოკო იწვევს, საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა ევროპის კონტინენტზე, სანამ მარცვლეულის მოყვანისა და შენახვის სათანადო წესები არ დადგინდა. 1951 წელს მოწამლული ფქვილი მალევე იპოვეს და დააკავეს ის მეწისქვილე, რომელმაც დაფქვა, და ფერმერიც, რომელმაც მას ჭვავი მიჰყიდა.[1] ეს მყისიერი გამოხმაურება რომ არა, შედეგი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა.
ჭვავის რქის ეპიდემია ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკვებმა კოგნიტურ ფუნქციაზე გავლენა მოახდინოს და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. თუმცა გაფუჭებული საკვებით მოწამვლა არ არის ერთადერთი საფრთხე კვების რაციონის არასათანადო ზედამხედველობისას. დღესდღეობით მეტად გავრცელებული და რთულად გადასაჭრელი პრობლემა ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაა, რაც ხშირად რეგიონულ დონეზე ვლინდება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული „ჩიყვის სარტყელი“. ეს სახელი აერთიანებდა „დიდი ტბებისა“ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებს, სადაც მიწა იოდის ნაკლებობით გამოირჩევა. შედეგად, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩიყვი ან, უფრო მძიმე შემთხვევაში, ჰიპოთირეოდიზმი სჭირდა, რაც იწვევს გონებრივი შესაძლებლობებისა და მეხსიერების დაქვეითებას, საუბრისა და მოძრაობის შენელებას, აპათიას და ზოგჯერ ფსიქოზსაც კი.[2] 1924 წელს, პედიატრ დეივიდ მური ქოუის თაოსნობით, მიჩიგანის შტატში იოდიზებული მარილის გაყიდვა დაიწყეს, რამაც ათიოდე წელიწადში ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობა 74%-90%-ით შეამცირა.[3] ამ მაგალითიდან ორი რამ შეგვიძლია დავასკვნათ. უპირველეს ყოვლისა, კვების რაციონში ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი შემცველობა შესაძლოა საცხოვრებელი ადგილმდებარეობით იყოს გამოწვეული და შედეგად საზოგადოების დიდი ნაწილის კოგნიტური ფუნქციის დაქვეითების მიზეზი გახდეს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ სათანადო წესებითა და მიზანმიმართული ქმედებით შესაძლებელია ამ პრობლემასთან გამკლავება.
სტატიაში მიმოვიხილავ იმ იშვიათ სტატისტიკურ ანათვალს, რომელიც საქართველოში აღინუსხა მნიშვნელოვანი ნივთიერებების წილზე კვების რაციონში. კერძოდ, ვისაუბრებთ რკინისა და ფოლიუმის ნაკლებობაზე ქართველ პოპულაციაში, განვსჯით მოცემულობის ზეგავლენას გონებრივ შესაძლებლობებზე.
კვების რაციონთან დაკავშირებული პრობლემები თანამედროვე საქართველოში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვების რაციონის თვალყურის დევნება თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღესდღეობით ამ საკითხის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოგვეპოვება, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ცალკეული პრობლემების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად. 2024 წლის ქვეყნის კვებითი პროფილის მიხედვით, საქართველოში კვებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევაა, როგორიცაა დიაბეტი, ჭარბწონიანობა, რაციონში ნატრიუმის რაოდენობა და ა.შ., თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ანემია და ახალშობილთა დაბალი წონა, რადგან ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება.[4]
ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა საკმაოდ გავრცელებულია და ყველაზე ხშირად რკინის, ფოლიუმის, ა ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობით ვლინდება.[5] ახალშობილები და ფეხმძიმე ქალები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ბევრი კვლევა სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, ბავშვებში გამოვლენილი პრობლემები ფართო საზოგადოების მდგომარეობის სანდო მაჩვენებელია. 2016-2017 წლების მონაცემებით, საქართველოში 12-23 თვის ასაკამდე 939 შემოწმებული ბავშვიდან 34%-ს სჭირდა ანემია. 478 ბავშვი შემოწმდა რკინის ნაკლებობაზე, რომელიც 84%-ს აწუხებდა. 2790 ფეხმძიმე ქალიდან 7.4%-ს ჰქონდა ანემია, 483 შემოწმებულიდან კი 61%-ს რკინის, ხოლო 26.4%-ს ფოლიუმის ნაკლებობა დაუდგინდა.[6] მონაცემები მსგავსია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოხსენებაშიც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ფერიტინით გაზომილი რკინის ნაკლებობა ბავშვებში 2016-2017 წლებში 78%-91% შორის მერყეობდა, რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია – 24%-43% შორის.[7] აღსანიშნავია, რომ იოდის ნაკლებობის პრობლემა ქვეყანაში სრულიად აღმოფხვრილია მარილის იოდიზების შედეგად.
საზოგადოებაში გავრცელებული ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამოძიება-დადგენა გარკვეულ რესურსს მოითხოვს, თუმცა კვლევა საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს. ზემოხსენებულ კვლევებსა და მოხსენებებში ანემია ჰემოგლობინის, ხოლო რკინა ფერიტინის შემცველობით გაიზომა, სამიზნე ჯგუფები კი ოთხ რეგიონში, სულ რვა წერტილში არჩეული მონაწილეებით შედგა. შედარებით მეტად რთულია პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიება. პირველი მინიშნება, რომ შესაძლოა პასუხი ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიპოვოთ, ეფუძნება შემდეგს: რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის დადასტურებულ შემთხვევათა 89% დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვლინდება.[8] შესაძლებელია, რომ საქართველოში გავრცელებული რკინის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზიც ეკონომიკური მდგომარეობა იყოს. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 58%-ს აწუხებდა საკვების რომელიმე ჯგუფის ნაკლებობა, ყველაზე ხშირად კი ეს ხორცპროდუქტების ჯგუფი იყო. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამას ფულად სახსრებთან დაკავშირებული მიზეზებით ხსნიდა. ქვეყანაში ყველაზე ხშირად მომზადებულ კერძებშიც (შემწვარი კარტოფილი, ლობიო, აჯაფსანდალი) არ სახელდებოდა ხორცისგან დამზადებული კერძი და, ხორცპროდუქტების მიღების სიხშირეზე დაყრდნობით, ქალებისა და ბავშვების მხოლოდ 33%-34% იღებდა რკინით მდიდარ საკვებს.[9] აქვე საჭიროა დავამატოთ, რომ გამოკითხვა ზაფხულში ტარდებოდა, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა გამოკითხულთა კვებით რაციონში ბოსტნეულისა და ბოსტნეულისგან დამზადებული კერძების დიდ წილზე, თუმცა, მათივე თქმით, ხორცპროდუქტების ნაკლებობა ბოლო 12 თვის განმავლობაში აწუხებდათ. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ რკინით მდიდარი საკვების ნაკლებობა სეზონების ცვლას არ უკავშირდება.
რა თქმა უნდა, კვებით რაციონთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დაზუსტებით აღწერა რთულია და მეტ გამოძიებას მოითხოვს. 2017 წელს ჩატარებული ერთი გამოკითხვით სრული საზოგადოებრივი სურათის აღწერა შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია მოპოვებული ინფორმაცია მსჯელობის საწყისად დავისახოთ. ვარაუდი, რომ საქართველოში დადასტურებულად არსებული რკინის ნაკლებობის პრობლემა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს, ლოგიკურია და გვიბიძგებს, ამ მიმართულებით განვაგრძოთ როგორც მიზეზების, ასევე შესაძლო გამოსავლის ძიება.
რკინის ნაკლებობის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე
დაღლილობა, თავის ტკივილი, ორსულობის გართულება და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის სიმპტომების არასრული ჩამონათვალია.[10] ამ სტატიაში მიმოვიხილავ რკინის ნაკლებობის სხვა, არანაკლებ საყურადღებო გამოხატულებას, რომელიც ადამიანის კოგნიტური ფუნქციისა და ფსიქიკური სიჯანსაღის გაუარესებით გვევლინება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, რადგან რკინის ნაკლებობა ქცევით და კოგნიტურ განვითარებას ხელს უშლის. ამას რამდენიმე შესაძლო ბიოლოგიური ახსნა აქვს: დარღვევა ნეიროგადამცემების მეტაბოლიზმში, ტვინში ენერგიის მეტაბოლიზმის ცვლილება ან მიელინის (ნეირონების მფარავი ნივთიერება, რომელიც ლიპიდებისა და ცილებისგან შედგება) წარმოქმნის შემცირება. რკინა აუცილებელია ისეთი ცილების მოქმედებისთვის, როგორიცაა ტრიპტოფან ჰიდროქსილაზა (სეროტონინი) და თიროზინ ჰიდროქსილაზა (ნორეპინეფრინი). ეს ცილები, თავის მხრივ, ნეიროგადამცემების სინთეზში არიან ჩართული, დაშლაში კი მონოამინოქსიდაზა მონაწილეობს, რომელსაც ასევე ესაჭიროება რკინა. რკინის კიდევ ერთი დანიშნულება ორგანიზმში არის რიბონუკლეოტიდ რედუქტაზას კოფატორობა.[11] ეს ცილა რიბონუკლეოტიდებს დეოქსირიბონუკლეოტიდებად აქცევს, რის გამოც დნმ-ის სინთეზისა და შესწორებისთვის არის აუცილებელი.[12]
ტვინში რკინა არაერთგვაროვნად არის გადანაწილებული, რასაც, დიდი ალბათობით, სხვადასხვა რეგიონის განსხვავებული საჭიროება განაპირობებს. მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა ბაზალური განგლიები, რომლებიც მოძრაობას, კოგნიტურ და ემოციურ ფუნქციებს აკონტროლებს, ღრმა ნათხემის უჯრედების ბირთვები და ე.წ. შავი ნივთიერება, რომელიც დოფამინს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, რკინის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები შეუქცევადია. შედეგი მსგავსია ვირთხებშიც, რომლებშიც ტვინის სხვადასხვა რეგიონში რკინის ნაკლებობამ დოფამინის მეტაბოლიზმის დარღვევა გამოიწვია, იმის შემდეგაც კი, რაც რკინის შემცველობა საკვების ჩანაცვლებით აღადგინეს.[13]
რკინის ნაკლებობამ შესაძლოა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემაც გამოიწვიოს. 11 876 ადამიანის ინტერნეტ-გამოკითხვამ გამოავლინა სავარაუდო კავშირი ანემიასა და დეპრესიას შორის.[14] ტაივანის სახელმწიფო სადაზღვევო ბაზის კვლევისას დადგინდა შფოთვითი, ძილისა და ფსიქიატრიული აშლილობების საფრთხის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა პაციენტებში, რომელთაც რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია სჭირდათ.[15] ეს კავშირი ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება. ბავშვებსა და მოზარდებში რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია ნეიროგანვითარების სხვადასხვა დარღვევას უკავშირდება, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობა და ჰიპერაქტიურობა, ხოლო ზრდასრულებში ფერიტინის კლება იწვევს დეპრესიის სიმპტომებს.[16]
პოპულაციურ დონეზე რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის შედეგად კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება შეგვიძლია განას მაგალითზე განვიხილოთ. ქალაქ კუმასში ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 250 მოზარდი მონაწილეობდა, შეამოწმეს სისხლში ფერიტინის ნაკლებობის გავლენა არავერბალურ გონებრივ შესაძლებლობებზე TONI-4 ტესტის მეშვეობით. ანემია დაუდგინდა მონაწილეთა 30.4%-ს, რომელთა დიდი ნაწილიც ტესტში დაბალი ქულის მქონე მოზარდები იყვნენ. ჰემოგლობინისა და ფერიტინის მაღალი შემცველობა უკავშირდებოდა კარგ კოგნიტურ ფუნქციას.[17] შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია გარკვეულწილად უკავშირდება მოზარდთა გონებრივ შესაძლებლობებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრობლემის მძიმე შედეგებს.
ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე
ფოლიუმი, რომელიც ვიტამინ ბ 9 სახელითაც მოიხსენიება, წყალში ხსნად ბ ვიტამინთა ჯგუფს მიეკუთვნება. ფოლიუმი ორგანიზმში კოფაქტორია ცალკეული ნახშირბადის ატომების გადაცემის რეაქციებში, რაც აუცილებელია ნუკლეინის მჟავების სინთეზისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის.[18] ფოლიუმის სათანადო შემცველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის საწყის პერიოდში. საქართველოს 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მისი ნაკლებობა საყურადღებოა (26.4% 483 ფეხმძიმეთა შორის), რაც ნერვული მილის დაზიანებათა შემთხვევების დიდ რაოდენობაშიც გამოიხატება.[19]
ფოლიუმის ნაკლებობა დაკავშირებულია კოგნიტური ფუნქციების, კერძოდ კი მეხსიერების გაუარესებასთან. თაგვებში ჩატარებული ცდების მიხედვით, ფოლიუმის მჟავის (ფოლიუმის ხელოვნური შემცვლელი, რომელიც საკვებში შემცველობის გასაზრდელად გამოიყენება) არასაკმარისი რაოდენობა მეხსიერების ყურადსაღებ პრობლემებს იწვევს. თაგვების გენომის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ფოლიუმის ნაკლებობა თრგუნავს 47 გენს, რომლებიც აზოტოვანი ფუძის შემცველი ნივთიერებების რეგულაციაში მონაწილეობენ. ასევე ითრგუნება რამდენიმე გენი, რომლებიც შესაძლოა ალცჰაიმერის ჩამოყალიბებაში იყოს ჩართული.[20] აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში თაგვებს საწყის პერიოდში საკმარისი რაოდენობის ფოლიუმი მიეწოდებოდათ, ე.ი. კოგნიტურ ფუნქციაზე გავლენას ზრდასრულ ასაკში განვითარებული ნაკლებობაც ახდენს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია, რომელშიც ფოლიუმი მონაწილეობს, არის ამინომჟავა ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნა ს-ადენოზილ-მეთიონინის სინთეზის დროს.[21] პლაზმაში ჰომოცისტეინის მაღალი კონცენტრაცია ალცჰაიმერისა და დემენციის გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, ფოლიუმის ნაკლებობა ამ დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. საკრამენტოს რეგიონში 60 წელს გადაცილებული ლათინო ამერიკელების ჯგუფში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სისხლის წითელი უჯრედების ფოლიუმის მაღალი შემცველობა დემენციითა და ალცჰაიმერით დაავადების საფრთხეს ამცირებს.[22] დღეს კანონი ხორბლის ფქვილის ფოლიუმის მჟავით გამდიდრების შესახებ 50-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1998 წლის შემდეგ ნერვული მილის დაზიანებები 19%-32%-ით შემცირდა.[23] საქართველო ამ ქვეყანათა სიაში არ შედის.[24]
ბოლოთქმა
ამ სტატიაში პოპულაციურ დონეზე მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე რამდენიმე მაგალითით განვიხილეთ („ჩიყვის სარტყელი“, კუმასი, საკრამენტო). მსგავსი კვლევა საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არასდროს ჩატარებულა. ინფორმაცია რკინის, იოდის, თუთიის, ფოლიუმის და ა.შ. შემცველობის შესახებ საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელია, თუმცა მიზეზ-შედეგობრიობას თითქმის არ იკვლევენ. იმის გათვალისწინებით, რომ რკინისა და ფოლიუმის ნაკლებობა ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებში გამოკვეთილი პრობლემაა ქვეყანაში, ხოლო ამ ნაკლებობებით გამოწვეული კოგნიტური უარყოფა არაერთი კვლევით არის დადასტურებული, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროა ამ საკითხის გამოძიება.
რა თქმა უნდა, მხოლოდ პრობლემის არსებობის დადასტურება საკმარისი არ არის. მიზეზების ძიება, იქნება ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა თუ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მდგომარეობა, აუცილებელია იმისთვის, რომ გამოწვევას სათანადოდ გავუმკლავდეთ. ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფართომასშტაბიანი გამოკითხვების ჩატარებითა და შეგროვებული პასუხების სათანადო გადამუშავებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა დღეს მსოფლიო მასშტაბით დიდი პრობლემაა, თუმცა მისი გადაჭრის გზები არსებობს. მაგალითი საქართველოშიც გვაქვს – სუფრის მარილის იოდიზების შედეგად ქვეყანაში იოდის ნაკლებობა აღარ გვაწუხებს. მთავარია, კვების რაციონით გამოწვეული კოგნიტური ფუნქციის კლება საყურადღებო საფრთხედ აღვიქვათ, რადგან ჩვენს საზოგადოებას ის ნამდვილად ემუქრება.
ბიბლიოგრაფია
Bailey, Regan L., Kevin W. West, Tyler J. Black, and Katherine L. Green. “The Epidemiology of Global Micronutrient Deficiencies.” Annals of Nutrition & Metabolism 66, suppl. 2 (2015): 22–33. https://doi.org/10.1159/000371618.
Beard, John. 2003. “Iron Deficiency Alters Brain Development and Functioning.” The Journal of Nutrition 133 (5): 1468S-1472S. https://doi.org/10.1093/jn/133.5.1468S
BRIDGE – Innovation and Development. National Nutrition Research in Georgia. Tbilisi, Georgia: BRIDGE – Innovation and Development, 2017. Accessed April 13, 2025. http://www.bridge.org.ge/en/publications/research/2017-09-11-national-nutrition-research-in-georgia.
Crider, Krista S., Lynn B. Bailey, and Robert J. Berry. “Folic Acid Food Fortification—Its History, Effect, Concerns, and Future Directions.” Nutrients 3, no. 3 (2011): 370–84. https://doi.org/10.3390/nu3030370
Georgia. “Food Fortification Initiative (FFI).” Food Fortification Initiative (FFI), 2015. https://www.ffinetwork.org/georgia. Accessed April 28, 2025.
Global Nutrition Report. “Georgia: Nutrition Profile.” Global Nutrition Report. Accessed April 27, 2025. https://globalnutritionreport.org/resources/nutrition-profiles/asia/western-asia/georgia.
Hidese, Shinsuke, Kosuke Saito, Sho Asano, et al. “Association between Iron-Deficiency Anemia and Depression: A Web-Based Japanese Investigation.” Psychiatry and Clinical Neurosciences 72, no. 7 (2018): 513–521. https://doi.org/10.1111/pcn.12664
Kolberg, Matthias, Pia Strand Kristiansen, Mikael Andersson, and Kjetil Fossheim. “Structure, Function, and Mechanism of Ribonucleotide Reductases.” Biochimica et Biophysica Acta 1699, no. 1–2 (2004): 1–34. https://doi.org/10.1016/j.bbapap.2004.02.007.
Lawton, Abigail, Caroline R. Morgan, Caleb R. Schreiner, Chris G. Schreiner, Jacqueline Baumann, Britton Upchurch, Feifan Xu, Michael S. Price, and Gary D. Isaacs. 2020. “Folate-Dependent Cognitive Impairment Associated With Specific Gene Networks in the Adult Mouse Hippocampus.” Frontiers in Nutrition 7 (November):574730. https://doi.org/10.3389/fnut.2020.574730
Lee, Hsuan-Shu, Hsuan-Han Chao, Wei-Ting Huang, et al. “Psychiatric Disorders Risk in Patients with Iron Deficiency Anemia and Association with Iron Supplementation Medications: A Nationwide Database Analysis.” BMC Psychiatry 20, no. 1 (2020): 216. https://doi.org/10.1186/s12888-020-02645-1
Levin, Stephanie Weinberg. 2023. “Iron Deficiency in Psychiatric Patients.” Current Psychiatry 22 (3). https://doi.org/10.12788/cp.0337.
Markel, Howard. 2014. “A Grain of Salt.” The Milbank Quarterly 92 (3): 407–12. https://doi.org/10.1111/1468-0009.12064.
“Medicine: St. Anthony’s Fire.” TIME, September 10, 1951. https://time.com/archive/6617670/medicine-st-anthonys-fire/.
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia, and National Center for Disease Control and Public Health. Nutritional Surveillance in Georgia. Tbilisi, Georgia: Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia and NCDC, n.d. Accessed April 27, 2025. https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=bec9421a-02f5-43c4-b176-53b95cd9f843
National Heart, Lung, and Blood Institute, “Iron-Deficiency Anemia,” National Heart, Lung, and Blood Institute, accessed April 27, 2025, https://www.nhlbi.nih.gov/health/anemia/iron-deficiency-anemia.
Nih.gov. “Office of Dietary Supplements – Folate,” 2025. https://ods.od.nih.gov/factsheets/Folate-HealthProfessional/.
Ramos, Marisa I, Lindsay H Allen, Dan M Mungas, William J Jagust, Mary N Haan, Ralph Green, and Joshua W Miller. 2005. “Low Folate Status Is Associated with Impaired Cognitive Function and Dementia in the Sacramento Area Latino Study on Aging.” The American Journal of Clinical Nutrition 82 (6): 1346–52. https://doi.org/10.1093/ajcn/82.6.1346
Samuels, Mary H. “Psychiatric and Cognitive Manifestations of Hypothyroidism.” Current Opinion in Endocrinology, Diabetes & Obesity 21, no. 5 (October 2014): 377–83. https://doi.org/10.1097/MED.0000000000000089.
Tsiklauri, Robizon, P. Imnadze, L. Jijeishvili, and J. Saganelidze. 2019. “Folate Deficiency and Prevalence of Neural Tube Defects [NTDs] in Georgia.” International Journal of Clinical Nutrition & Dietetics 5 (1). https://doi.org/10.15344/2456-8171/2019/143
Yeboah, Francis Agyemang, Joyce Bioh, Benjamin Amoani, Alfred Effah, Ebenezer Senu, Oscar Simon Olympio Mensah, Alex Agyei, et al. 2024. “Iron Deficiency Anemia and Its Association with Cognitive Function among Adolescents in the Ashanti Region – Ghana.” BMC Public Health 24 (1): 3209. https://doi.org/10.1186/s12889-024-20640-4
- [1] “Medicine: St. Anthony’s Fire.” TIME, September 10, 1951. https://time.com/archive/6617670/medicine-st-anthonys-fire/.
- [2] Samuels, Mary H. “Psychiatric and Cognitive Manifestations of Hypothyroidism.” Current Opinion in Endocrinology, Diabetes & Obesity 21, no. 5 (October 2014): 377–83. https://doi.org/10.1097/MED.0000000000000089.
- [3] Markel, Howard. 2014. “A Grain of Salt.” The Milbank Quarterly 92 (3): 407–12. https://doi.org/10.1111/1468-0009.12064.
- [4] Global Nutrition Report. “Georgia: Nutrition Profile.” Global Nutrition Report. Accessed April 27, 2025. https://globalnutritionreport.org/resources/nutrition-profiles/asia/western-asia/georgia/.
- [5] Bailey, Regan L., Kevin W. West, Tyler J. Black, and Katherine L. Green. “The Epidemiology of Global Micronutrient Deficiencies.” Annals of Nutrition & Metabolism 66, suppl. 2 (2015): 22–33. https://doi.org/10.1159/000371618.
- [6] Tsiklauri, Robizon, P. Imnadze, L. Jijeishvili, and J. Saganelidze. 2019. “Folate Deficiency and Prevalence of Neural Tube Defects [NTDs] in Georgia.” International Journal of Clinical Nutrition & Dietetics 5 (1). https://doi.org/10.15344/2456-8171/2019/143
- [7] Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia, and National Center for Disease Control and Public Health. Nutritional Surveillance in Georgia. Tbilisi, Georgia: Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia and NCDC, n.d. Accessed April 27, 2025. https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=bec9421a-02f5-43c4-b176-53b95cd9f843
- [8] Tsiklauri et al., “Folate Deficiency and Prevalence of Neural Tube Defects,” 2019.
- [9] BRIDGE – Innovation and Development. National Nutrition Research in Georgia. Tbilisi, Georgia: BRIDGE – Innovation and Development, 2017. Accessed April 13, 2025. http://www.bridge.org.ge/en/publications/research/2017-09-11-national-nutrition-research-in-georgia.
- [10] National Heart, Lung, and Blood Institute, “Iron-Deficiency Anemia,” National Heart, Lung, and Blood Institute, accessed April 27, 2025, https://www.nhlbi.nih.gov/health/anemia/iron-deficiency-anemia.
- [11] Beard, John. 2003. “Iron Deficiency Alters Brain Development and Functioning.” The Journal of Nutrition 133 (5): 1468S-1472S. https://doi.org/10.1093/jn/133.5.1468S
- [12] Kolberg, Matthias, Pia Strand Kristiansen, Mikael Andersson, and Kjetil Fossheim. “Structure, Function, and Mechanism of Ribonucleotide Reductases.” Biochimica et Biophysica Acta 1699, no. 1–2 (2004): 1–34. https://doi.org/10.1016/j.bbapap.2004.02.007.
- [13] Beard, “Iron Deficiency Alters Brain Development and Functioning,”
- [14] Hidese, Shinsuke, Kosuke Saito, Sho Asano, et al. “Association between Iron-Deficiency Anemia and Depression: A Web-Based Japanese Investigation.” Psychiatry and Clinical Neurosciences 72, no. 7 (2018): 513–521. https://doi.org/10.1111/pcn.12664
- [15] Lee, Hsuan-Shu, Hsuan-Han Chao, Wei-Ting Huang, et al. “Psychiatric Disorders Risk in Patients with Iron Deficiency Anemia and Association with Iron Supplementation Medications: A Nationwide Database Analysis.” BMC Psychiatry 20, no. 1 (2020): 216. https://doi.org/10.1186/s12888-020-02645-1
- [16] Levin, Stephanie Weinberg. 2023. “Iron Deficiency in Psychiatric Patients.” Current Psychiatry 22 (3). https://doi.org/10.12788/cp.0337.
- [17] Yeboah, Francis Agyemang, Joyce Bioh, Benjamin Amoani, Alfred Effah, Ebenezer Senu, Oscar Simon Olympio Mensah, Alex Agyei, et al. 2024. “Iron Deficiency Anemia and Its Association with Cognitive Function among Adolescents in the Ashanti Region – Ghana.” BMC Public Health 24 (1): 3209. https://doi.org/10.1186/s12889-024-20640-4
- [18] Nih.gov. “Office of Dietary Supplements – Folate,” 2025. https://ods.od.nih.gov/factsheets/Folate-HealthProfessional/.
- [19] Tsiklauri et al., “Folate Deficiency and Prevalence of Neural Tube Defects,” 2019.
- [20] Lawton, Abigail, Caroline R. Morgan, Caleb R. Schreiner, Chris G. Schreiner, Jacqueline Baumann, Britton Upchurch, Feifan Xu, Michael S. Price, and Gary D. Isaacs. 2020. “Folate-Dependent Cognitive Impairment Associated With Specific Gene Networks in the Adult Mouse Hippocampus.” Frontiers in Nutrition 7 (November):574730. https://doi.org/10.3389/fnut.2020.574730
- [21] “Office of Dietary Supplements – Folate,” Nih.gov, 2025, https://ods.od.nih.gov/factsheets/Folate-HealthProfessional/.
- [22] Ramos, Marisa I, Lindsay H Allen, Dan M Mungas, William J Jagust, Mary N Haan, Ralph Green, and Joshua W Miller. 2005. “Low Folate Status Is Associated with Impaired Cognitive Function and Dementia in the Sacramento Area Latino Study on Aging.” The American Journal of Clinical Nutrition 82 (6): 1346–52. https://doi.org/10.1093/ajcn/82.6.1346.[
- [23] Crider, Krista S., Lynn B. Bailey, and Robert J. Berry. “Folic Acid Food Fortification—Its History, Effect, Concerns, and Future Directions.” Nutrients 3, no. 3 (2011): 370–84. https://doi.org/10.3390/nu3030370
- [24] Georgia. “Food Fortification Initiative (FFI).” Food Fortification Initiative (FFI), 2015. https://www.ffinetwork.org/georgia. Accessed April 28, 2025.