რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

ავტორი:

სიბრიყვის დემოკრატია_ ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: თიკო იობიძე

მდევარი, 2025

 

 

 

 

წინათქმა

 

ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.

პლატონისგან განსხვავებით მარტინ ჰაიდეგერი არ იყენებს ტერმინ „ბრბოს“. ის მსგავს ჯგუფს მოიხსენიებს, როგორც Das Man, რასაც ქართულად შეიძლება ეწოდოს „საერთო ადამიანი“. ჰაიდეგერის თქმით, Das Man განსაზღვრავს ნამდვილ ცხოვრებას და ყველა მის ინდივიდს უბიძგებს ისეთი მექანიკური არსებობისკენ, მოკლებულნი რომ იქნებიან საკუთარ აზრს.

ბრბოზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ გუსტავ ლე ბონის „ბრბოს ფსიქოლოგიაც“[1],- მასში ნათქვამია, რომ ბრბოს ცნობიერება დაბლა ჩამოსული მდგომარეობაა, რომელშიც შეუძლებელია ინდივიდის ამაღლება ცნობიერების უფრო ზედა დონეზე; პირიქით, იგი ეშვება არაცნობიერი ინსტინქტების საფეხურზე.

ჰანა არენდტი ნაშრომში „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“[2] იკვლევს ბრბოს წარმოქმნის მიზნებსა და მიზეზებს. განხილულია როგორც ბრბოს ჩამოყალიბების პოლიტიკური, ასევე რელიგიური პრინციპები. არენდტის აზრით, პოლიტიკური მხრივ ბრბოს წარმოქმნის მიზანია ადვილად სამართავი მასის ჩამოყალიბება. თანამედროვე სამყაროში, სადაც, ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი პიროვნების წარმოჩენა, უცნაურია, რომ უფრო გაადვილებულია ბრბოს ჩამოყალიბება. მოცემულის შესახებ, კორეელ-გერმანელი ფილოსოფოსი ბიუნ-ჩულ ჰანი ნაშრომში „თვითექსპლუატაციის საზოგადოება“[3] აღწერს, როგორ იქცა თანამედროვე საზოგადოება დამყოლ ბრბოდ, ადამიანები მორჩილად რომ მისდევენ „მოწონებების“, „რეიტინგების“ კულტურას და როგორ აქცევენ საკუთარ ერთიანობას ციფრულ ბრბოდ.

წინამდებარე ნაშრომში ჩამოთვლილი ავტორების ნააზრევით მიმოვიხილავ ბრბოს ონტოლოგიას, გნესოლოგიას, არსებობის პოლიტიკურ-რელიგიურ საფუძვლებს, მის ამორალურ სახესა და თანამედროვე გვარობას.

 

ბრბოს ონტოლოგია

 

ბრბოს ონტოლოგია მოიაზრებს მასის ბუნებას, არსებობას, არსსა და სტრუქტურას ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ჭრილში. ბრბო შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ონტოლოგიური სუბიექტი, და წარმოვიდგინოთ ის ერთ სივრცეში მოქცეულ ბევრ ადამიანად, რომელთაც აქვთ საერთო შინაგანი მისწრაფება და მოქმედებენ საზიარო მიზნის მისაღწევად. ბრბო იქმნება მაშინ, როცა პიროვნებები კარგავენ საკუთარ საზღვრებს და იქცევიან ერთ სუბიექტად.

ბრბოს არსის გასააზრებლად, უპირველესად, გავიხსენოთ პლატონის „სახელმწიფოს“[4] წიგნი VI, რომელშიც მას მაგალითად მოჰყავს კაპიტნის ალეგორია. ამ ალეგორიის მიხედვით, გემი წარმოადგენს სახელმწიფოს, ხოლო ბრბო, ამ შემთხვევაში გემის ეკიპაჟი, არ რთავს მცოდნე კაპიტანს გემის მართვის უფლებას, რადგან არ სცნობს მის უპირატეს შესაძლებლობებს, და გემის ყველა წევრი, თანასწორუფლებიანობის გამოისობით, თანაბრადაა ამ გემის კაპიტანი. ეს ყველაფერი ხელს უშლის საკითხების ჯეროვნად გადაწყვეტას. გუსტავ ლე ბონის “ბრბოს ფსიქოლოგიის” მიხედვით, ბრბოს მთავარი ძალა მასში პიროვნების ონტოლოგიური გარდაქმნაა. მისი წევრი ინდივიდი აღარაა ისევ ის, რაც ბრბოში მოხვედრამდე იყო,- “ბრბოს შეერთებისთანავე ადამიანი კარგავს ცნობიერებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას. ის არ ფიქრობს, მოქმედებს ინსტინქტურად”[5]; ინდივიდი ბრბოში ხდება იარაღი, რომელიც იმართება კოლექტიური სულით – აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს. გუსტავ ლე ბონის აზრით, ადამიანი ბრბოსთან შერწყმისას აგებულებრივად იცვლება და ხდება მისი ნაწილი. თქმულზე დაყრდნობით, ბრბო შთანთქავს პიროვნებებს, აქცევს საერთო სულის მცირე ნაწილად და ხდება მათი ონტოლოგიური თვალსაზრისით დეჰუმანიზაცია. ლე ბონი ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრბოს მართვაზე: მისი აზრით, ყველა ბრბოს ჰყავს მმართველი; იგი ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანია, რომელიც ბრბოს ასაზრდოებს ილუზიებით – ბრბო ყოველთვის მოითხოვს ილუზიებს; ვინც ამას აწვდის, მისი ბატონია.

მსგავს შეხედულებას ვეცნობით მარტინ ჰაიდეგერის “ყოფნა და დროში”[6], სადაც, წინათქმაში აღნიშვნისამებრ, საუბარია Das Man-ზე, ადამიანის მიერ თვითობის დაკარგვაზე და თუ როგორ აგრძელებს სხვებთან ერთად იმ ფორმით ცხოვრებას, რომელსაც ბრბო სთავაზობს ,- „Das Man-თან შეხვედრისას ადამიანი აღარ არის ის, ვინც თვითონ არის. იგი არის ისე, როგორც ყველა სხვაა“. საგულისხმოა, რომ, ჰაიდეგერის აზრით, ენა ბრბოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. იგი სხვა ნაშრომში „გზად ენამდე“[7] ამბობს: „ენა ლაპარაკობს“. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ჰაიდეგერის აზრით, ბრბოს ხელში ენა იმდენად ძლიერი იარაღია, რომ ადამიანი პირადი საუბრის დროსაც კი არ ამბობს იმას, რისი თქმაც თავად უნდა, არამედ ამბობს იმას, რასაც ამბობენ სხვები.

ზემოთ მოხსენიებული ფილოსოფოსებისგან განსხვავებით ჟან-პოლ სარტრი ვერ აღიქვამს ბრბოს, როგორც ერთი აზრის, გონის მქონე სუბიექტს. სარტრის ბრბოს ონტოლოგიურ აღქმაში ბრბოს წევრები არ არიან ერთმანეთთან ცნობიერად დაკავშირებული, ის უბრალოდ დროისა და სივრცის ერთ მონაკვეთზე მოხვედრილი ადამიანებისგან შედგება და, შესაბამისად, დროებითი სუბიექტია, რომელსაც არ აქვს უნარი თვითშეგნებულ, სრულყოფილ სუბიექტად ყოფნის. სარტრი ნაშრომში „დიალექტიკური გონების კრიტიკა“[8] განმარტავს ბრბოს ონტოლოგიური მდგომარეობის ორ ფორმას: პირველი – არაერთიანი, გონს მოკლებული ერთობა (Groupe en série) (მაგ. მაღაზიის, გაჩერების რიგი) და მეორე – გაერთიანებული ჯგუფი (Groupe en fusion), ერთობა, რომლის წევრებსაც ერთი განსაზღვრული მიზანი ამოძრავებთ (მაგ.რევოლუციური მასა).

 

ბრბოს გნოსეოლოგია

 

ბრბოს გნოსეოლოგია საკმაოდ რთული საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ ის შეისწავლის ბრბოს მიერ ცოდნის ფლობას ან ვერ ფლობას,- როგორია ბრბოს შემეცნების კანონზომიერება, როგორ ურთიერთქმედებენ ბრბო და ცოდნა შემეცნებისას. ბრბო, როგორც ადამიანთა ერთიანი სუბიექტი, აკარგვინებს თავის თითოეულ წევრს კრიტიკული აზროვნების უნარს, შესაბამისად, ის ხდება ადვილად სამართავი. როგორც წესი, ბრბოს შემეცნებისას უმთავრესია კოლექტიურობა, ანუ ერთიანი წარმოდგენების, მითებისა და რწმენის ჩამოყალიბება. ბრბოს მიერ შესამეცნებელი არ არის ობიექტური, რაციონალურის საზღვრებში მოქცეული, ლოგიკურად არგუმენტირებული ცოდნა, ის უფრო განცდობრივად დამაკმაყოფილებელი მითებისა და შეხედულებების ერთობაა.

გუსტავ ლე ბონი ნაშრომში „ბრბოს ფსიქოლოგია“ წერს, რომ ბრბოს ინტელექტი არ არის არც თავისი წევრების ინტელექტთა ჯამი და არც მათი საშუალო მაჩვენებლის ტოლი,- უფრო დაბალია, ვიდრე ბრბოს ყველაზე ნაკლებად განათლებული წევრის მაჩვენებელი. ამავე ნაშრომში გუსტავ ლე ბონი საუბრობს ბრბოში შემავალი ადამიანების დაქვეითებულ შემეცნების უნარზე: ისინი ვერ განსჯიან ფაქტებს, შესაბამისად, მოკლებულნი არიან ობიექტურად აზროვნების უნარს; ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი იმარჯვებს ცნობიერზე.

მიმაჩნია, რომ ბრბოში შემავალი პიროვნებები საერთოდ ვერ იღებენ ცოდნას; ისინი იზიარებენ მას ერთმანეთისგან. ცოდნის შეძენის ნაცვლად იმეორებენ ერთმანეთის ქცევებს, ამთხვევენ ერთმანეთის აზრებს. ბრბო ჭეშმარიტებას არ ეძიებს; მისთვის ჭეშმარიტია ის, რასაც ჭეშმარიტად გრძნობს. ბრბოს ცოდნის მთავარი წყარო შეიძლება იყოს გავლენიანი პირი, რომელსაც ის აღიქვამს ჭეშმარიტებით მოცულად – მაგალითად, პოლიტიკური წინამძღოლი, მქადაგებელი, მედია ან სულაც სოციალურ ქსელში მასობრივად ცნობილი პიროვნება. ბრბოს საერთო ცოდნასა და მიზანს ასევე განამტკიცებს გარკვეული სიმბოლოები, როგორიცაა დროშა, სლოგანი და ა.შ.

ერთი მიზნისკენ ბრმად მსწრაფველი ადამიანების მართვის საუკეთესო გზა მათი ცნობიერების “გაფილტრული” ამბებით მოცვაა. ბრბო ადვილად ექცევა მიზანმიმართულად შემაცდენელი გზავნილების გავლენის ქვეშ და ქვეცნობიერი აიძულებს მას აღიქვას ეს ცნობა ჭეშმარიტად, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, არ შეუძლია ლოგიკური აზროვნება და განსჯა.

 

ბრბოს არსებობის პოლიტიკურ-რელიგიური მიზნები

 

ბრბოს არსებობა ხშირად არ არის უბრალოდ საზოგადოებრივი მოვლენა; მისი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და გახანგრძლივებაა. ბრბოს არსებობის პირობებში ხდება თავისთავადობის, პირადი თავისუფლების გარდაქმნა საერთო მორჩილებად, რაც დემოკრატიულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს. ფრიდრიხ ნიცშე ნაწარმოებში „ზნეობის გენეალოგია“[9] საუბრობს ბრბოს აგებულებაზე და აღიქვამს მას, როგორც საშუალო და დაბალი დონის პირთა ნაზავს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალიზმს, რაც, საბოლოოდ, ქმნის „ბატონობის მორალს“ (Herrenmoral). „ბატონობის მორალი“ გულისხმობს, რომ ერთი ძლიერი, თვითგამოკვეთილი ადამიანი მოექცევა არათვითმყოფადი ადამიანების სათავეში და ცდილობს თვითდამკვიდრებას, თავისი უზენაესობის ხაზგასმას. პოლიტიკური თვალსაზრისით ბრბო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში იარაღია განმგებლის ხელში, რადგან მარტივია მისი მართვა არარაციონალური განცდებით, რაც ხშირ შემთხვევაში გვევლინება ზიზღის, შიშისა და რომელიღაც პოლიტიკური იდეოლოგიის რადიკალური გამოხატულების სახით. აგრეთვე, ბევრად მარტივია მოწინააღმდეგეების დაკნინება ინდივიდუალიზმსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული ადამიანების თვალში, რომელთათვის ერთადერთი უპირობო ჭეშმარიტება არის ის, რასაც “ჭეშმარიტი” მმართველი ქადაგებს.
ჰანა არდენტი ნაშრომში „ტოტალიტარიზმის საწყისები“ ამბობს, რომ ტოტალიტარიზმი ვერ იარსებებს ბრბოს გარეშე. ტოტალიტარულ რეჟიმს სჭირდება ინდივიდუალურ ცხოვრებას გამიჯნული, საზოგადოებას გაუცხოებული მასა, რომელიც მარტივად სამართავია. ამ მასისათვის შესაძლოა მმართველის, ბატონის ყოლა ხსნაც კი იყოს, რადგან შემადგენელ პირებს არ შეუძლიათ (ან უბრალოდ არ სურთ) რიგი პასუხისმგებლობების აღება, მათთვის უმჯობესია სხვამ გადაწყვიტოს; ასე, გადაწყვეტილება ვერ იქნება მათ მისწრაფებებთან შეუთავსებელი, რადგან უბრალოდ არ გააჩნიათ პირადი ზრახვა.

რელიგია, თეორიულად, ინტუიციურად, ინდივიდების სულიერი ძიებაა, თუმცა სინამდვილეში ხშირად გვევლინება, როგორც კოლექტიური რწმენის სისტემის გამოხატულება. რელიგიური გაერთიანება უმეტესად ემყარება წმინდა ავტორიტეტს და საკუთარ ქმედებებს ღმერთის სახელით ამართლებს. რელიგიური ჯგუფი იშვიათად ფიქრობს დამოუკიდებლად, ის მოქმედებს გადმოცემულ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით. სასულიერო წინამძღოლები ხსნიან, განმარტავენ რელიგიურ შეგონებებს, რაც მათ პოლიტიკურ გავლენას განსაზღვრავს. აღნიშნული გაერთიანებების მიზანი ხშირად სრულებითაც არ გახლავთ ღვთისკენ სწრაფვა, ისინი საკუთარ ქვეცნობიერში ქმნიან „უცხო“, „ურწმუნო“ ძალას და მისგან თავდასაცავად მოქმედებენ. ხდება ადამიანების დაყოფა ორ მთავარ ჯგუფად: „ჩვენ“ – ღმერთის რჩეული ხალხი და „ისინი“ – ურწმუნოები, მტრები.

ისტორიაში არაერთგზის გადაკვეთილა რელიგიური და პოლიტიკური ბრბო, მაგალითად, ჯვაროსნული ლაშქრობებისას, როდესაც ადამიანები მომართეს წმინდა ომის სახელით. დღესდღეობით კი მსგავსი შერწყმა ახასიათებს რადიკალიზმს, რაც უკავშირდება რელიგიური ადამიანების გამოყენებას ტერორისტული დაჯგუფებების მიერ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად. ბრბოს მსგავსი ქმედებები ხშირად აიხსნება იმით, რომ წევრები ვერ გრძნობენ პირად პასუხისმგებლობას და ამოფარებული არიან ღვთის ნების აღმსრულებლის მანტიას. აგრეთვე, ასეთი გაერთიანებები სახასიათოა თეოკრატიული სახელმწიფოებისთვის, სადაც ერთი ადამიანი გვევლინება ერის პოლიტიკურ და სულიერ წინამძღოლად.

ამორალური ბრბო – უფიქრელ ადამიანთა ერთობა

 

როგორც უკვე აღინიშნა, ბრბო არ არის უბრალოდ ადამიანთა თავმოყრა, ის არის პიროვნებების ფსიქოლოგიურ-მორალური გარდაქმნა, მისი წევრები ყველა შემთხვევაში აერიდებიან პასუხისმგებლობას, განსჯას და, რაც მთავარია, – ფიქრს. ბრბოში ადამიანს აღარ გააჩნია დამოუკიდებელი მორალი; ბრბოს მართავს შეგრძნება, ინსტინქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აზროვნებას ანაცვლებს უფიქრელობა. ფიქრის სრული პასუხისმგებლობა გადადის ბრბოს მმართველზე, ავტორიტეტზე. ჰანა არენდტი ნაშრომში „აიხმანი იერუსალიმში“[10] ახსენებს ცნებას „ბოროტების ბანალურობა“, რაც გულისხმობს, რომ ბოროტება მაშინ იბადება, როცა ადამიანი წყვეტს ფიქრს. არენდტის აზრით, ადოლფ აიხმანი, ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი სამხედრო მოღვაწე, იყო ერთი ჩვეულებრივი ბიუროკრატი, რომელიც ბრბოს სახელით ასრულებდა ბრძანებებს; გამოდის რომ აიხმანი არ ფიქრობდა, ის უბრალოდ მოქმედებდა. ბრბო არის ერთობა, რომელშიც პირი ინარჩუნებს ადამიანის გარეგნულ ფორმას, მაგრამ შინაარსობრივად მოკლებულია ადამიანობას. ბრბოში შემავალთ ახასიათებთ პასიური და აქტიური ამორალურობა. პასიური ამორალურობაა, როდესაც ადამიანი ხედავს ცუდს, მაგრამ არაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად, რადგან ყველა მის გარშემო ასე იქცევა. აქტიური ამორალურობის შემთხვევაში კი ადამიანი მოქმედებს ამორალურად ბრბოს სახელით.

როდესაც ადამიანები უარს ამბობენ ფიქრზე, ისინი იქცევიან ამორალურ ბრბოდ, რომელიც, თავის მხრივ, ვერ არჩევს კეთილსა და ბოროტს. თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად საჭიროა ადამიანმა დაახშოს ბრბოს ხმაური საკუთარ თავში და მოისმინოს სინდისის გამოძახილი; ამ შემთხვევაში ბრბოს ხმაური შეგვიძლია კოლექტიურ აზროვნებად აღვიქვათ, სინდისი – შინაგან ხმად, ინდივიდუალურობის გამოხატვის უზენაეს საშუალებად, ხოლო დახშობა – ადამიანის შინაგან ძალისხმევად, არ მიჰყვეს ბრბოს ანგარიშმიუცემლად. გუსტავ ლე ბონი ნაშრომში „ბრბოს ფსიქოლოგია“ ამბობს, რომ ამორალურობა ხშირად იბადება იქ, სადაც არ არის პირადი პასუხისმგებლობა; გამოდის, რომ ბრბო ამორალურობისთვის შესაფერისი ადგილია – აქ მარტივად იკიდებს ფეხს. მსგავსი ამორალური ბრბოები არ ისაფუძვლებენ უმაღლეს ღირებულებებს, მათი მსაზღვრელი ინერცია და შიშია. ასეთი ბრბოები შეიძლება ერთი შეხედვით უუნაროდ მოგვეჩვენოს, თუმცა სწორედ ამ სახის გაერთიანებებში იბადება ყველაზე დიდი ბოროტება, რადგან აქ არც თვითგანსჯაა, ანდაც წინააღმდეგობა უსამართლობის მიმართ.

 

თანამედროვე ბრბო

 

თანამედროვე ბრბოს ხშირად მოიხსენიებენ „ციფრულ ბრბოდ“. წინარე საუკუნის ფილოსოფოსთა აზრის გაცნობისას გავარკვიეთ, რომ ისინი ბრბოს აფასებდნენ, როგორც განცდებს აყოლილ ადამიანთა მასას. ამ მხრივ თანამედროვე სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, პირიქით უფრო განავითარა ბრბომ აღნიშნული „სიმპტომი“. სოციალურ ქსელი დღესდღეობით ბრბოს მართვის ან ჩამოყალიბების უმთავრესი იარაღია. აქ ადამიანები საკუთარ განწყობას რაიმე საკითხის მიმართ იქმნიან არა არგუმენტირებული მსჯელობის, არამედ გამოხმაურების საფუძველზე. კორეელ-გერმანელი თანამედროვე ფილოსოფოსი ბიუნ-ჩულ ჰანი ნაშრომებში „გამჭვირვალობის საზოგადოება“[11] და „თვითექსპლუატაციის საზოგადოება“ საუბრობს, როგორ იქცა საზოგადოება მიმყოლ ბრბოდ; იგულისხმება, რომ ადამიანები ბრმად მისდევენ „მოწონებებისა“ და „რეიტინგების“ კულტურას. თავისუფლების თანამედროვე გვარობას იგი უწოდებს ახალი სახის ტირანიას და მიიჩნევს, რომ ბრბოს ყველა წევრი თავადვე გადაწყვეტს სისტემის მსახურებას. მსგავსად, სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი ხშირად საუბრობს მასების ირაციონალურ ქცევაზე სოციალურ ქსელებში: ისინი მოქმედებენ ერთიან სხეულად, თუმცა ძველი დროისგან განსხვავებით, ამჟამად იარაღი გახლავთ შეგრძნებები, რომლებიც ასაზრდოებენ ფუჭ თვითდაჯერებას, შიშს, და ხშირ შემთხვევაში სრულიად ვერ ამჩნევენ სიმართლეს.

თანამედროვე ბრბოს მმართველად შეგვიძლია მივიჩნიოთ სოციალური ქსელების ალგორითმი, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თემას, საკმარის ვნებათაღელვას რომ გამოიწვევს და “ციფრული ბრბო” სწრაფად გამოეხმაურება – სწორედ ასეთი თემებით ასაზრდოებს მას. მსგავსი სახის ბრბოები ყოველთვის მიმართულნი არიან მარტივი ცნობებისკენ, გააზრება ან ჭეშმარიტების დადგენა რომ არ სჭირდებათ. ამგვარი ინფორმაციული ნიაღვარი იწვევს იმას, რომ ადამიანი აღარ აზროვნებს, აღარ ფიქრობს,- როცა ყველა ჩანს და აშკარაა, გასააზრებელიც არაფერია. ასეთ შემთხვევებში ბრბო იწყებს „გადაზიარებას“ აზროვნების ნაცვლად, არ აქვს მნიშვნელობა ამბავი ყალბი იქნება თუ არა. ხშირად საკუთარი მეობის წარმოსაჩენად სოციალურ ქსელში ადამიანები იყენებენ სხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, ძირითადად გაუაზრებლად, მიზანი კი ბრბოს გამოხმაურებაა. 21-ე საუკუნეში ბრბო გახდა უფრო დახვეწილი, შეუმჩნეველი.

 

ბოლოთქმა

 

უკვე არახალია, რომ ერის არსებობისთვის აუცილებელია ბრბოს სიბრიყვე, რაც მოიაზრებს უფიქრელი, ინდივიდუალიზმს მოკლებული ადამიანების ერთობის შექმნას, რომელიც არ მოქმედებს ლოგიკური აზროვნებით. ბრბო შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთად თავმოყრილ ადამიანებად, რომელთაც გააჩნიათ საერთო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ იმპულსებსა და ინსტინქტებს. ფილოსოფიაში განხილულია ორი განსხვავებული მოსაზრება ბრბოს საერთო გონის, აზრის შესახებ. მაგალითად, თუ მარტინ ჰაიდეგერისთვის ბრბოში შემავალ ადამიანებს გააჩნიათ საერთო გონი, რომლითაც ერთობლივად ფიქრობენ, ჟან პოლ სარტრის აზრით, ისინი უბრალოდ დროისა და სივრცის ერთ მონაკვეთში თავმოყრილნი არიან; რაც მთავარია, ეს თავშეყრა არის დროებითი, სანამ ისინი სხვა დროსა და სივრცეში სხვებთან არ მოხვდებიან საერთო მიზნის გათვალისწინებით. ბრბოს არ გააჩნია კლასიკური შემეცნების უნარი; ის უბრალოდ ხედავს და იმეორებს – სწორედ ეს არის მისი „ცოდნის“ მთავარი წყარო. მსგავს გაერთიანებაში შემავალი ადამიანები არ აზროვნებენ კრიტიკულად, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს დაფიქრების გარეშე გაიმეორონ ნანახი.

უფიქრელ ადამიანთა ერთობა ქმნის უპასუხისმგებლო პირებს, რაც ამორალური ბრბოს ჩამოყალიბების საწინდარია. ამორალურ ბრბოში შემავალი ადამიანები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მათი ქმედებები სრულად დაცლილია ადამიანობისგან. თავის მხრივ, ბრბოს ჩამოყალიბებასაც აქვს საფუძვლები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური ან რელიგიურია, მაგრამ ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ისინი შერწყმულა.

თანამედროვე სინამდვილეში არსებობს „ციფრული ბრბო“, რომლის მართვის მთავარი იარაღი სოციალური ქსელი და სხვა ტექნოლოგიური საშუალებებია. განცდები დაიყვანება ინსტინქტებამდე, შესაბამისად, ისინი ძირითად შემთხვევაში ყალბი და საზოგადოებაზე მორგებულია.

ზემოთ მოცემული ნააზრევიდან გამომდინარე, განვიხილეთ ბრბოს, როგორც უფიქრელ ადამიანთა ერთობის, ჩამოყალიბების საფუძვლები, მისი სახესხვაობანი. მთავარი განსახილველი იყო სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფოსთა ნააზრევი ბრბოს შესახებ, აგრეთვე, თავად ბრბოში შემავალი პირების ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მდგომარეობა. განვიხილეთ გაერთიანების ონტოლოგია და გნოსეოლოგია.

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

 

Gustave Le Bon, Psychologie des foules, 1895.

Hannah arendt, The Origins of Totalitarianism (Schocken Books), 1951.

Byung-Chul Han, Müdigkeitsgesellschaft, 210.

Plato, Republic, 375 BC.

Gustave Le Bon, Psychologie des foules, 1895. https://www.infoamerica.org/documentos_pdf/lebon2.pdf

Martin Heidegger, Sein und Zeit, 1927.

Martin Heidegger, Unterwegs zur Sprache, 1959.

Jean-Paul Sartre, Critique de la raison dialectique, 1960.

Friedrich Nietzsche, Zur Genealogie der Moral, 1887.

Hannah Arendt, Eichmann in Jerusalem: A Report on the Banality of Evil, 1963.

Byung-Chul Han, Die Gesellschaft der Transparenz, 2012.

 

  • [1] Gustave Le Bon, Psychologie des foules, 1895.
  • [2] Hannah arendt, The Origins of Totalitarianism (Schocken Books), 1951.
  • [3] Byung-Chul Han, Müdigkeitsgesellschaft: 210.
  • [4] Plato, Republic, 375 BC.
  • [5] Gustave Le Bon, Psychologie des foules, 1895: 22.
  • [6] Martin Heidegger, Sein und Zeit, 1927.
  • [7] Martin Heidegger, Unterwegs zur Sprache, 1959.
  • [8] Jean-Paul Sartre, Critique de la raison dialectique, 1960.
  • [9] Friedrich Nietzsche, Zur Genealogie der Moral, 1887.
  • [10] Hannah Arendt, Eichmann in Jerusalem: A Report on the Banality of Evil, 1963.
  • [11] Byung-Chul Han, Die Gesellschaft der Transparenz, 2012.


მდევარი