რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ტყვეთა სყიდვა საქართველოში

ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

ავტორი:

ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

რედაქტორი: პროფ. მ. ლორთქიფანიძე

იმერეთი XVIII საუკუნეში (ნარკვევები), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1982

 

 

კორექტორი: ლიზი კაციაშვილი

გამციფრულებელი: მაგდა ვაშაყმაძე

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

 

 

 

 

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა განუწყვეტელი თარეშისა და შინაომების სარბიელად ქცეული დასავლეთ საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად შავ ზღვასთან მდებარეობდა და ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე დასავლეთს სწორედ ამ საზღვაო გზით უკავშირდებოდა, მთლიანად ახალი ჰეგემონის – ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

XVI-XVIII საუკუნეებში საქართველო, ერთი მხრივ, ოსმალეთისა და, მეორე მხრივ, ირანის გამუდმებული შემოსევების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. გარეშე მტრის მოძალებამ და შინაურმა შფოთმა გააძლიერა მწარმოებელი კლასის ჩაგვრა. ოსმალები ობობას ქსელის მსგავსად შემოერტყნენ დასავლეთ საქართველოს და გარე სამყაროსაგან მოწყვიტეს, საგარეო ურთიერთობა და ვაჭრობა თურქებმა თავიანთ მისწრაფებებს დაუმორჩილეს.

საგარეო ვითარებამ ერთბაშად დააქვეითა საგარეო ვაჭრობა და შინა აღებმიცემობა, მოშალა ისტორიული ტრადიციული სავაჭრო გზები და ურთერთობები, მწარმოებელი კლასი – გლეხობა რიცხობრივად შემცირდა, ეკონომიკურად გაჩანაგდა; გამუდმებულმა ბრძოლებმა საგანგაშოდ დასცა შრომის ნაყოფიერება, ამან, თავის მხრივ, გამოიწვია ექსპლუატაციის გაძლიერება, მისი უფრო მეტად უხეში და მძიმე ფორმების განვითარება, საშიში გახდა მიმოსვლა-მიმოზიდვა, მას მრავალი დაუძლეველი დაბრკოლება გადაეღობა დაქუცმაცებული, წვრილი პოლიტიკური ერთეულების წარმოშობის გამო, რომელთაც საზღვრები დააწესეს და ყველანაირი ბარიერი შექმნეს ისინი რომ ვერ გადაელახათ. დაეცა სასოფლო-სამეურნეო წარმოება. საქართველოში მცხოვრები მისიონერები თუ აქ მოგზაური სხვა უცხოელები ერთხმად გვიხატავენ მაშინდელი საქართველოს, განსაკუთრებით დასავლეთის, დუხჭირ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ამ მძიმე ვითარებამ, კერძოდ, ეკონომიკური ცხოვრების სავალალო დაქვეითებამ, სხვა ხელშემწყობ მიზეზებთან ერთად, განაპირობა ხალხის ეთიკურ-მორალური დაცემა, რაც ასე თვალნათლივ ჩანს იმავე უცხოელი მისიონერებისა და მოგზაურების ცნობებში იმდროინდელი საქართველოს შესახებ. ამასვე ადასტურებს ჩვენი ქვეყნის იმ პერიოდის ისტორიის ყველა სხვა წყაროც.

უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს საქართველოს ცხოვრებას ახასიათებდა, იყო ტყვეთა სყიდვა. ფორმები, რომლებიც ამ მოვლენამ მიიღო ჩვენში, გაცილებით უფრო მძიმე და ამორალურია, ვიდრე ტყვეებით – მონებით ვაჭრობის ის ფორმები, რომლებიც იყო როგორც შუა საუკუნეებამდე, ისე შემდეგ – ახალ საუკუნეებში მსოფლიოს რომელი კუთხეც არ უნდა ავიღოთ.

ეს არ იყო ბრძოლაში დამარცხებული, ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის დამონება, რაც მონობის ძირითადი წყარო იყო მონათმფლობელურ საზოგადოებაში (ანტიკური პერიოდი), არც შავკანიანთა წასხმა ახალ მატერიკზე პლანტაციებში სამუშაოდ, ეს იყო ქართველების მიერ ქართველებისავე მოტაცება (ძირითადად მოზარდებისა და ახალგაზრდებისა) უცხოეთში მონათა ბაზარზე გასაყიდად. და ეს იყო არა ერთეული შემთხვევა, არამედ საგარეო ვაჭრობის ძირითადი ფორმა მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, რაც ფართო მასშტაბის მოვლენას წარმოადგენდა.

ამით აიხსნება, რომ დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინი, იმოწმებს რა ძველ მოგზაურს, ამბობს: „სპარსელთა სისხლი გაკეთილშობილდა ორი ეროვნების – ქართველებისა და ჩერქეზების სისხლით, რომლებიც ყველა სხვა ხალხზე ლამაზები არიან. სპარსეთში თითქმის არ არის არც ერთი წარჩინებული, რომლის დედა ქართველების ან ჩერქეზების შთამომავალი არ იყოს”[1] (ეს სიტყვები ასევე სამართლიანია ოსმალო წარჩინებულთა მიმართაც).

ტყვეთა სყიდვა, რომელშიც მნიშვნელოვნად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თავად-აზნაურები, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ტყვეებით ვაჭრობამ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე სახე XVII საუკუნიდან მიიღო. იმერეთის მეფეებს, გურიისა და ოდიშის მთავრებს დამპყრობელი ქვეყნებისათვის (თურქეთი, ირანი) ხანგამოშვებითი თუ ერთდროული ხარკი ხშირად ადამიანთა (ქალ-ვაჟთა) განსაზღვრული რაოდენობით უნდა გადაეხადათ; ამავე დროს მთავრებსა და დიდებულებს თავიანთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო უცხო საქონელიც ტყვეებზე გადაცვლით უნდა შეეძინათ.

ამრიგად, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი: მეფეებიც, მღვდელმთავრებიც, მთავრებიც, თავადებიც, აზნაურებიც და გაყაზახებული გლეხებიც.

„იყო ესე ალექსანდრე მეფე (1683-1695 წწ.) მხნე, ახოვანი, ჰაეროვანი, და უხვი, არამედ ხელად მქცევი, ცუნდრუკი, უღთო ტყვის მსყიდველი“[2].

ხოლო გურიელი მამია, თუმცა იყო მეფედ (1701-1702 წწ.), „ჰყიდდა ტყვეთა გურულთა და აძლევდა იმერთა“[3].

გიორგი აბაშიძის მეფობის დროს (1702-1707 წწ.) იმერეთში „ვერავინ იკადრებდა განყიდვად ტყვისა, თვინიერ მისსა“.[4]

„ოდიშს და გურიას იყიდოდა ტყვენი ფრიად და უმეტეს ოდიშს ლიპარტიანისაგან“[5].

გაბრიელ ჭყონდიდელი იყო „უღვთო, მეძავ-მემრუშე, სოდომია, და ტყვის მსყიდველი და სავსე ბოროტითა“[6].

სვიმონ ქუთათელი მღვდელმთავარი იყო, მაგრამ „ტყვის მსყიდველი, მეძავ-მემრუშე, კაცის მკლუელი, სარუ-ფიც, უწირავ-ულოცავი“[7].

ხარაგაულელი აზნაურები კიკნაძეები XVIII საუკუნის 40-50-იან წლებში ტყვის მყიდველთა ბრბოს მეთაურობდნენ და არა მარტო იმერეთს, ქართლის სოფლებსაც იკლებდნენ.

გლეხები – ბურჯანაძეები დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელად მონაწილეობდნენ ტყვის სყიდვაში.

ტყვე დასავლეთ საქართველოში თანდათან უმთავრესი საქონელი გახდა. ტყვეებში ამოგებული ფულით იძენდნენ იარაღს, სამკაულს, ტანისამოსს, ისტუმრებდნენ სამეფო თუ სამთავრო ხარჯებს, იხდიდნენ სახონთქრო ხარკს, იძლეოდნენ ქრთამს.

1701 წელს გიორგი ლიპარტიანი და გიორგი აბაშიძე ფიცის წიგნს აძლევენ აფხაზეთის კათალიკოსს, გრიგოლს, რომ ამიერიდან ტყვეებს, აღარ გაყიდიან, თუკი ამის შესახებ შეთანხმდებიან გურიის მთავარ მამია III გურიელთან[8] (ამ დროს მამია გურიელი იმერეთის მეფედ ზის, თვით ყიდის ტყვეებს და ამით ირჩენს თავს).

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოში თურქ მცხოვრებთა რიცხვი თანდათან მატულობდა. ქართველი კაცი მოვალე ხდებოდა ჩამოსახლებული თურქისა, რომელიც ან ათურქებდა, ან ტყვედ ყიდდა მას. საყურადღებოა ამ მხრივ ალექსანდრე V-ის მეფობის (1721-1752 წწ.) დროინდელი ერთ-ერთი საბუთი, რომელშიც ვკითხულობთ: „თათრის ვალი დაგვედვა ცხრაას და ჩვიდმეტი მარჩილი, მერმე იმ ჩვენმა მოვალე თათარმა დაგვიჭირა, ცუცხვათელმა თათარმა: ვიკარგებოდით და რჯული გვეშლებოდა. … გაურჯულებას მამულის გაყიდვა ვარჩიეთ“[9].

ზემოთ აღნიშნული ნათელ წარმოდგენას ქმნის იმდროინდელ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.

ტყვეთა სყიდვა რომ საყოველთაო მოვლენა იყო, ამას ადასტურებს მამია გურიელის საფიცარი წიგნი[10], გურიაში ტყვეთა სყიდვის აღკვეთის შესახებ დადებული.

დავით გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოდან გურიაში მივლინებული ბესარიონი, რომელსაც ევალებოდა გურიელისათვის ტყვეთა სყიდვის აღკვეთის შესახებ საფიცარი წიგნის ჩამორთმევა, მართლაც მიიღებს საბუთს, რომელიც წარმოადგენს მამია გურიელის მიერ დადებულ ფიცს. იგი, ერთი მხრივ, მიუთითებს ტყვეთა სყიდვის ძირითად მიზეზებზე და მეორე მხრივ, ცხადყოფს ზოგიერთი საეკლესიო ორგანოს ცდას, მიმართულს ამ ბოროტების აღსაკვეთად.

ეს საბუთი ნათლად გვიხატავს იმდროინდელი გურიის სამთავროს ეკონომიკურ მდგომარეობას – ადამიანი საექსპორტო საგნად არის გადაქცეული; მთავრები ტყვეებს ზოგჯერ ყიდდნენ სასმელ-საჭმლის მოსაპოვებლად.

მამია გურიელი არ ჰპირდება ტყვეთა სყიდვის მთლიანად გადაგდებას, „ჩემმა საბატონოს კაცმა ტყვე ვეღარ გასყიდოს და ჩვენც ეს აღთქმა დაგუიც დღეს ამას აქეთ ჩვენთვის საქონლად და სასარგებლოდ, რომ მოიხმარებოდეს და ან სასმელ-საჭმელში და ჩვენ აღარ გავსყიდოთ… რაც ხვანთქრისა და ვეზირისა მართებულება და საგრძნობელი შემოგვივარდეს, რომ მტრისაგან არ ვიჩაგრებოდეთ ან ქვეყნის შემოსავლები საქმე მოგვიხდეს თვარა მას გარეთ ეს ასე გაგითაოთ ამ ქვეყნის ტყუეზედ“. აქედან ნათლად ჩანს, ტყვეთა სყიდვის აკრძალვა მთლიანად შეუძლებელია ოსმალეთის მძლავრობის გამო და ეკლესიაც იძულებულია, ამ ფაქტს შეურიგდეს. ამავე დროს, საბუთში ნათლად ჩანს, რომ ადამიანებს გასაყიდად ან გადასაცვლელად იტაცებდნენ უმთავრესად არა მარტო უცხოეთიდან მოტანილი ფუფუნების საგანთა შეძენის მიზნით, არამედ „ხვანთქრისა და ვეზირისა“, ე. ი. დამპყრობელი მეზობლისათვის ხარკის გადასახდელადაც. ეს უკანასკნელი ისეთი ძალა იყო, რომ გურიელი უარს ვერ ეტყოდა, თუნდაც ყველა ღმერთი და წმინდანი აჯანყებოდა.

ქრონიკებში აღნიშნულია, რომ მოტაცების გარდა, ყმებს ტყვეებად ქართველი ფეოდალებიც ყიდდნენ „საქონლად და სასარგებლოდ რომ მოიხმარებოდეს და ან სასმელ-საჭმელშიდა“ და „ყიდდენ მოპარულ მეზობლებსაც“[11].

1714 წელს კუნძულ მალტაზე ყოფნის დროს სულხან-საბა ორბელიანმა ნახა ქართველი ტყვეები: „ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული და მეგრელი, რომლებიც მალტელებს მაჰმადიანებისათვის წაერთმიათ“[12]. იმავე წელს ხოფაში საბამ ნახა, რომ „თათრებს იმერეთიდან ტყვეები მიჰყავდათ კონსტანტინეპოლს გასასყიდად“[13].

შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრება გაჭირდა, განსაკუთრებით გამაჰმადიანებული აფხაზი ფეოდალების გამო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „აფხაზები დაუხვდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა“. აფხაზ მეკობრეებს თურქებიც კი უფრთხოდნენ. 1715 წელს ჭანმა მენავემ სულხან-საბა ორბელიანი ქობულეთში არ წამოიყვანა: „გურიას ხომალდს ვეღარ წამოვიღებ, აფხაზი აშლილია, მეშინიან“[14].

კაპიტან დე გრაი დე ფუას ცნობით, ლეკი აბრაგები, რომელნიც ოცდაათ კაციან ჯგუფებად ერთიანდებოდნენ, საქართველოდან ხალხს იტაცებდნენ, ტყვეებად ყიდდნენ ან ცვლიდნენ სხვადასხვა ნივთსა და საქონელზე. მისივე ცნობით, „კარგი ცხენი უფრო ძვირია, ვიდრე ადამიანი“[15].

სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით, ახალციხეში ტყვეებით ვაჭრობის ასეთი წესი არსებობდა: დატყვევებულის ბაზარზე გასაყიდად ყადის (მოსამართლის) საგანგებო ნებართვა იყო საჭირო. ასეთი ნებართვის გაცემა შეიძლებოდა ტყვის ადგილზე მოყვანიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვე ნავარაუდევი იყო იმისათვის, რომ ტყვეს პატრონი გამოუჩნდებოდა, პირველ რიგში მასვე ეძლეოდა უფლება გამოესყიდა დატყვევებული. ტყვის ფასი ვაჭრობითა და მორიგებით დგინდებოდა[16].

ტყვის ფასი როგორც ყველგან, ისე ახალციხის ბაზარზეც ცვალებადი იყო. ომიანობის დროს ტყვე გაცილებით იაფად იყიდებოდა, ვიდრე მშვიდობიანობისას. მაგალითად, 1744 წელს ლეკებმა დაატყვევეს გოსთიბელი იესე და შოშიტა ღვინიაშვილები და ახალციხეში გადაიყვანეს გასაყიდად. ორივე ტყვე მაშინვე ლეკებისაგან იყიდა დავით თარხნიშვილმა შვიდ თუმნად და როგორც ნაყიდი ყმები, საკუთარ მამულში ჩამოიყვანა. მაშასადამე, ტყვე ვაჟკაცი ღირდა 35 მანეთი[17].

ომიანობის დროს ტყვე მამაკაცის ღირებულება 20-25 მანეთზე ჩამოდიოდა. ტყვე გაცილებით ძვირად იყიდებოდა შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან იქიდან ტყვის წაყვანა გემით სტამბოლში უფრო იოლი იყო, ვიდრე ახალციხიდან გადაყვანა ხმელეთის გზით, ამიტომ მყიდველიც იქ მეტი იყო.

 

* *

 

როდესაც სოლომონ პირველი (შემდეგში დიდად წოდებული) სამეფო ტახტზე ავიდა (1752 წ.), ადამიანების მოპარვა, მიტაცება და წარტყვევნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმერთა ახალგაზრდა მეფე კარგად ხედავდა, რომ, თუ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ ზომებს არ მიიღბდა, სამეფოს საძირკველი ერღვეოდა და ხალხის საუკეთესო და ჯანსაღი ნაწილი უცხოეთში იკარგებოდა. ამიტომ სოლომონ მეფემ ტახტზე ასვლისთანავე „ტყვეების თურქებისათვის მიყიდვა ყველა თავის ქვეშევრდომებს მკაცრი ჯარიმით და თვით სიკვდილის სასჯელით აუკრძალა“[18]. ფეოდალთა იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობდა ამ ბრძანების შესრულებაზე, სოლომონ მეფე „მიმართავდა ხან სიმკაცრეს, ხან ძალას“[19]. ამ ღონისძიებამ ნაწილობრივ გამოიღო შედეგი. საჭირო იყო უფრო მკაცრი მიდგომა. ამისათვის სოლომონის თაოსნობით, მითითებითა და ხელმძღვანელობით 1759 წლის 5 დეკემბერს (საეკლესიო კრების მეორე დღის სხდომაზე) დასავლეთ საქართველოს (გარდა აფხაზეთისა) საეკლესიო და საერო ფეოდალების გაერთიანებულმა კრებამ დადგენილება გამოიტანა ტყვის სყიდვის აკრძალვის შესახებ. საერო და სასულიერო პირებმა პირობა დადეს, რომ ამეირიდან ტყვეს აღარ გაყიდდნენ, ხოლო ვინც კანონს არ დაემორჩილებოდა, ეკლესია მას შეჩვენებით, ხოლო მეფე სიკვდილით დასჯით დაემუქრა.

კრების მონაწილეებმა ერთობლივი პირობა დადეს – „სანამ სული გვიდგას, ეს საქმე ჩვენგან არ იქნეს, არც ამაშიდ ერთმანეთს უსუსტოთ, კიდეც ერთმანეთს მიუდგეთ, კიდეც მეფე სოლომონის მორჩილი და ბრძანების აღმასრულებელი ვიქნეთ“[20].

დადგენილება თანდათანობით ხორციელდებოდა – ტყვის სყიდვას მოკლე დროში უკვე ახსენებდნენ, როგორც წარსულის მოვლენას. მაგალითად, 1764-1770 წლებში ზაალ გურიის ერისთავისათვის მიცემული პირობის წიგნში მისი ყმები აღნიშნავენ, რომ „ავის დროვობისაგან და ქვეყნის არეულობისაგან ტყვის ყიდვა ყოფილიყო“[21].

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტყვეთა სყიდვა ძირფესვიანად მაინც არ აღმოფხვრილა; თვით სოლომონ მეფეც აღიარებს, რომ მისმა ღონისძიებამ ტყვეთა სყიდვის შესახებ მიზანს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია. 1768 წელს ეკატერინე II-ისათვის გაგზავნილ მიმართვაში სოლომონ პირველი წერდა, რომ ხვანთქრის სერასკირებსა და ფაშებს მისგან მრავალგზის უთხოვიათ ტყვის ხარაჯა და ტყვე და როცა არ მიუცია, ძალით წაურთმევიათ.

სოლომონ მეფის მიერ მიღებულმა ღონისძიებამ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ იმას მიაღწია, რომ ადამაინების გაყიდვა მხოლოდ თვით იმერეთის შიგნით ხდებოდა. მაგალითად: 1777 წელს მერაბ ლორთქიფანიძე პირობის წიგნს აძლევს მაქსიმე კათალიკოსს – „ტყვის გაყიდვისათვის გამიწყერით და კიდეც შემაჩვენე… ის ტყვე ისევ თქვენ მოგართვით… მერმე თქვენ ტყვის გაუყიდველობის პირობა გვთხოვეთ და მე ასე პირობა მომირთმევია: ჩემს სიცოცხლეში ქრისტიანი კაცის შვილი არც მივყიდო თათარს, არც სხვა ურჯულო კაცსა… და ეგების დიდის გაჭირვებისათვის ჩემს მეზობელს ან ჩემი ქვეყნის კაცს გლეხობით მივყიდო და ან ცოლ-ქმარი, სხუა ამას გარდა ჩემგან საუსჯულეთ ტყვე არ გაიყიდოს… თუ ვისმე ჩემის ქვეყნის კაცს მივყიდო იმასაც პირობა დავადებინო, რომ უსჯულოს ხელში არ ჩავარდეს“.[22]

მსგავს პირობის ფიცს აძლევს „ურჯულოზე“ ტყვის გაუყიდველობის შესახებ იმერეთის კათალიკოსს გიორგი გურიელი 1777 წელს[23].

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, ქრისტიანის გაყიდვა მაჰმადიანზე დაგმობილია. ამასთან ერთად, ისე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, იმერეთის სამეფოშიც ყმის გაყიდვა მხოლოდ ორი პირობით შეიძლება – ან ცოლ-ქმარი ერთად, ან მამაკაცი გლეხად. ორივე ეს ღონისძიება მიმართული იყო ყმა-გლეხების ოჯახის შენარჩუნებისა, მიწათმოქმედთა გამრავლებისა და მიწაზე მიჯაჭვისაკენ[24].

საქართველოში ხშირი თარეშისა და ომების შედეგად შემოღებული იყო ტყვეთა გამოსაყიდად დაწესებული ბეგარა. ამ ბეგარას „სატყვეო“ ეწოდებოდა. იგი იკრიბებოდა როგორც ომის დროს, ისე თარეშების მეოხებით ტყვედჩავარდნილთა გამოსაყიდად. ეს ბეგარა, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი რაოდენობით იკრიბებოდა. 1722 წელს გაცემული სიგელით ვახტანგ მეექვსემ თბილისელი მოქალაქეები, წარჩინებული ვაჭრები და ქეთხუდები[25] სატყვეო ბეგრის გაღებისაგან გაათავისუფლა[26]. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყვეებით ვაჭრობა შეწყდა. პირიქით, ეს XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც ხდებოდა – მოთარეშე ლეკები არა მარტო ადამიანებს იტაცებდნენ, არამედ გაწყობილ გუთნეულსაც კი[27].

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყოველნაირად კრძალავდა ტყვეებით ვაჭრობას, მეფე მაინც იძულებული გახდა, გარკვეულ იურიდიულ ნორმებში მოექცია ეს მოვლენა – ვახტანგ VI-ის „დასტურლამალი“ გარკვეულ ბაჟს აწესებს ტყვეებით ვაჭრობაზე.

„ქართველმან, თათარმან, სომეხმან თუ რამც სჯულმან იმერეთს რომ ტყვე იყიდოს, ტყვის თავს მსყიდველს სამს მინალთუნს საბატონოდ გამოართმევდნენ, თუ ქართლში გადმოიყვანეს და აქ გაისყიდა, ან აქაური ერთმანეთს მიჰყიდეს, სამ მინალთუნს მყიდველი და სამს მინალთუნს გამსყიდველი ბატონს ვერ დააკლებს, ზეითაც დაგვიწერია: და მთაზედ ტყვის გამსყიდველ-მსყიდველთან ხელი არა აქვს ტყვის მებაჟეს“.

საინტერესოა, რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს იმერეთზე, როგორც ტყვეების შესასყიდ ქვეყანაზე, რაც ნათლად ადასტურებს, თუ რამდენად ყოფილა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში ტყვეთა სყიდვა.

ერეკლე II-ის თაოსნობით 1789 წელს განისაზღვრა თანხა ლეკთა მიერ წარტყვევნილ და დაღესტანსა და ირანში გაყიდული ქართველების გამოსასყიდად. სახელმწიფოს მიერ გამოსყიდულ ტყვეებს წინანდელი წოდებრივი მდგომარეობა უბრუნდებოდათ, მაგრამ კერძო პირის მიერ გამოსყიდული ტყვე უნუგეშო მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან მყიდველს, რომელმაც იგი თურქთაგან გამოისყიდა, საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო მოჰპყრობოდა, როგორც ნივთს. იყო შემთხვევები, როცა გაყიდულ ქართველ ტყვეს თავი დაუღწევია მონობისათვის და მნიშვნელოვან სამხედრო ან ადმინისტრაციულ თანამდებობამდე მიუღწევია ან სამშობლოში დაბრუნებულა.

მუსლიმანურ ქვეყნებში (როგორიც იყო ეგვიპტე, სირია, თურქეთი, ირანი, ყირიმი და სხვ.) გაყიდული ტყვეების უმრავლესობა მონებად იქცეოდა ან „იანიჩარისა“ (თურქეთში) და „მამელუკის“ (ეგვიპტეში) ჯარში მსახურობდა, ხოლო ქალები ბეგების, ხანების, ფაშების, სერასკირების და სხვათა ჰარამხანებს ამშვენებდნენ ან საოჯახო მონობაში იმყოფებოდნენ.

მამელუკები და იანიჩრები, რომელთა შორის ბევრნი იყვნენ ქართული წარმოშობისა, ზოგჯერ ვეზირებად, მსაჯულებად და ელჩებად მუშაობდნენ და სახელმწიფოს სხვადასხვა მაღალ სფეროსა და თანამდებობას უძღვებოდნენ. მამელუკები ყოველწლობით წარმომადგენლებს აგზავნიდნენ საქართველოში ქართველი ბავშვების შესასყიდად, რათა ისინი ერთგულ მეომრებად აღეზარდათ.

როგორც ითქვა, თურქეთის იანიჩართა ჯარში ბევრი ქართველი და სხვა კავკასიური მოდგმის ყმაწვილი ითვლებოდა, ასევე სპარსეთის ყულის ჯარშიც.

საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის ფაშები და სერასკირები, რომელნიც თავზარს სცემდნენ ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს დაქუცმაცებულ სამეფო-სამთავროებს, აშკარად მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობის თავისუფლებასა და ილაშქრებდნენ საქართველოში მისი აკრძალვისაკენ მიმართულ ღონისძიებათა წინააღმდეგ.

კაცი შეუიარაღებლად სამუშაოზე გასვლას ვერ ბედავდა, ხალხი დროის უმეტეს ნაწილს გამაგრებულ ადგილებში ატარებდა, გათავხედებული ლეკები ხშირად ქალაქებსაც კი ესხმოდნენ თავს.

დავით გურამიშვილი წერს:

„მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა!

სულ წარიტაცეს, თუ ვინმე შამბში მიურჩა წამლადა;

დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა,

აღარვინ დარჩა ფარსაგი პატრონად, ქვეყნის მამლადა“.

 

* *

 

იმერეთის მეფეებს, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებს დამპყრობელი ქვეყნისათვის დროგამოშვებით და ერთდროულად გადასახდელი ხარკი ხშირად ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობით უნდა გადაეხადათ და თავიანთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო უცხო საქონელი ტყვეებზე გადაცვლით შეეძინათ.

 

* *

 

სამწუხაროდ, წინა საუკუნეების მემკვიდრეობა უცვლელად მიიღო მე-18 საუკუნემაც. უფრო მეტიც, იგი გაგრძელდა მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედშიც.

საქართველოში რუსეთის დამკვიდრების შემდეგაც პირველ ხანებში ისევ გრძელდებოდა ხალხის ტყვევნა-მოტაცება. რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო აღეკვეთა ლეკების თარეში.

1803 წელს ციციანოვმა ახალციხის სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილს აცნობა, რომ „იმერეთი და გურია შევიდნენ რუსეთის პროტექტორობაში და ამიერიდან ნუღარ დაუშვებთ ტყვეთა სყიდვას“[28]. სელიმი ამ მიმართვაზე ფორმალურად თანახმა იყო, მან ოფიციალურად მიმართა დაღესტნის ხანებს, მმართველებს, მოლებს, ბელადებს, რაზმთა ხელმძღვანელებს და მთელ ხალხს, რომ ამიერიდან ისინი აღარ გადმოსულიყვნენ ახალციხეში და აღარ დასხმოდნენ თავს საქართველოს[29]. ეს მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა იყო, სინამდვილეში სელიმს ლეკთა რაზმების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ისინი ძველებურად დათარეშობდნენ საქართველოში.

რუსი ოფიცერი ლოპიცკი 1806 წელს წერდა, რომ სოფლის მოსახლეობას, რომელიც თავს აიმედებდა რუსეთის ჯარით უზრუნველგვყოფს ლეკებისაგანო, ვერ გაუმართლდა იმედები, მათი თარეშები არ წყდება. ამ ბარბაროსებს ძველებურად მოაქვთ უბედურება საქართველოს ხალხისათვისო.

XIX საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფე, გურიისა და სამეგრელოს მთავრები ხშირად ეომებოდნენ ერთმანეთს, რის გამოც მოსახლეობა წიოკდებოდა და ატყვევებდნენ, მაგრამ ზოგჯერ მშვიდობიანობის დროსაც იტაცებდნენ ადამიანებს.

1804 წელს რუსი დიპლომატი ლიტვინოვი სამეგრელოს მთავრის შესახებ წერდა: „მაშინაც კი, როდესაც მთავარს ომი არა ჰქონდა რომელიმე მეზობელთან, მის სამთავროში მშვიდობიანობა არ იყო. ქვეყანას ამ დროსაც იკლებდნენ მტაცებლები, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო უპირველესი თავადები, არამედ ყველაზე მეტად დადიანის მკვიდრი ძმებიც კი… და ეს ხდებოდა იმის გამო, რომ დადიანის ხელისუფლება იმდენად დაეცა, რომ იგი ვერ ბედავდა ბოროტების დასჯას, ბრძანების გამოცემასაც კი, რომელიც არასასიამოვნო ან საზარალო იქნებოდა იმ თავადებისათვის, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობდნენ“[30]. დადიანს ყოველთვის უნდა მოეთმინა, რადგან ხშირი უთანხმოება ჰქონდა აფხაზეთის მთავართან (ანაკლიის გამო) და იმერეთის მეფესთან (ლეჩხუმის გამო); ომის დროს ეშინოდა თავისი თავადების ორგულობისა, თუ ამ უკანასკნელთ აწყენინებდა, ისინი ადვილად გადავიდოდნენ მოწინააღმდეგის მხარეს.

ტყვეებით ვაჭრობა იმდენად მომგებიანი იყო, რომ იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ბრძანებას ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ კარგი შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო ამავე პერიოდში – 1804 წელს – სამეგრელოში გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად ტყვეების გამყიდველები დაისჯებოდნენ რუსეთის კანონთა მიხედვით, ე. ი. მთელი ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით. მაგრამ ტყვეებით მოვაჭრეებმა თავი ფოთის ციხესიმაგრეს შეაფარეს, რომელიც თურქებს ჰქონდათ გამაგრებული და შიგ მრავალრიცხოვანი გარნიზონი ჰყავდათ ჩაყენებული. ამდენად, ბრძანება ტყვეებით მოვაჭრეებზე ნაკლებად მოქმედებდა. 1805 წელს პეტერბურგში გაგზავნილ მიმართვაში ციციანოვი ნებას ითხოვს: „სამეგრელოში ტყვეებით ვაჭრობის საბოლოო ალაგმვისათვის, ფოთში გადასახლებულ ტყვეებით მოვაჭრე აზნაურებს, რომელთაც მამულები აქვთ დადიანის სამფლობელოში – სამეგრელოს ტერიტორიაზე – და რომელნიც აქ მოსავლის ასაღებად მოსულნი, გაბრუნებისას ტყვეებს იტაცებენ, უნდა ჩამოერთვათ დადიანის სასარგებლოდ ეს ადგილ-მამული; დაპატიმრების შემთხვევაში ისინი უნდა გადაეცნენ სამხედრო სასამართლოს დასასჯელად“.

როდესაც 1809 წელს რუსეთის არმიამ ადგილობრივი მთავრების (დადიანი, გურიელი, შერვაშიძე) დახმარებით ფოთი აიღო, საქართველოს მთავარსარდალი ტორმასოვი პეტერბურგს სწერდა, რომ „ფოთის აღებით აღიკვეთა ყოველგვარი ბოროტება, რომელიც აქამდე არსებობდა ქრისტიანი ტყვეების გაყიდვის სახით; მათი წარტყვევნა ხდებოდა იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან, მიჰყავდათ ისინი გასაყიდად ირანში, თურქეთში და ეგვიპტეში“[31].

ფოთის აღების შემდეგ ტორმასოვი პეტერბურგში გზავნის ახალციხის აღების გეგმას, რომელიც იმპერატორმა „დიდად მოიწონა“, რის გამოც გენერალ ბარკლაი დე ტოლი 1810 წელს ტორმასოვს მიუთითებდა, რომ საჭირო იყო ახალციხის საფაშოს მალე აღება, რათა მომავლისათვის მისი მეშვეობით აღკვეთილიყო ყველა საშუალება საქართველოში ლეკთა, ოსთა და თვით ირანელთა თარეშებისათვის.

თუმცა, ფოთის აღებამ ტყვეთა ვაჭრობა ვერ შეაჩერა. ამ პერიოდში სამეგრელოს დედოფალი საჩივრის წერილს უგზავნის საქართველოს მთავარმართებელს, რომელშიც წერს, რომ მეგრელი თავადები გიორგი და ბეჟან მხეიძეები გამუდმებით ჰყიდიან ქრისტიანებს თურქებზე და ურწმუნოებზეო. როდესაც 1812 წელს ბეჟან მხეიძე დაატყვევეს, დასჯის ნაცვლად გენერალმა ორბელიანმა იგი გაათავისუფლა, „რომელიც თავისი მოქმედებით სიკვდილით დასჯას იმსახურებსო“ – ჩიოდა სამეგრელოს დედოფალი[32].

თურქეთისათვის ფოთის ციხის იძულებითი დაბრუნების შემდეგ 1813 წელს ფოთისა და ანაკლიის დაბრუნებით გათამამებული თურქები აქეზებენ აფხაზებს ტყვეებით ვაჭრობისაკენ.

რუსი გენერლების 1814 წლის მიმოწერაში აღნიშნულია, რომ „ამჟამად ფოთში მყოფი სერასკირი სეიდ-სულეიმან-ფაშა და ახალციხელი სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი) აქტიურ მონაწილეობას იღებენ დასავლეთი საქართველოდან გატაცებული ადამიანებით ვაჭრობაში“[33].

1811 წლის ერთ ცნობაში აღნიშნულია, როცა ფოთი, ანაკლია და სოხუმი თურქეთის ხელში იყო; იმერეთთან, სამეგრელოსა და გურიასთან უმთავრესად ბიჭებითა და გოგოებით ვაჭრობდნენ, რომელთაც ისინი (თურქები) ხან ყიდულობდნენ, ხან ცვლიდნენ თავიანთ პროდუქტებზე და ხანაც იპარავდნენო[34].

ამგვარად, საქართველოში რუსეთის ხელისუფლების დამკვიდრებამაც ვერ აღკვეთა შავი ზღვის სანაპიროზე ადამიანებით ვაჭრობა, რადგან შავ ზღვასთან მდებარე ციხესიმაგრეები ჯერ ისევ თურქების ხელში იყო.

 

* *

 

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იყო იმერეთის სამეფო. ამდენი უბედურების შემდეგ, 1810-18 წლებში, მას თავს დაატყდა შავი ჭირი[35]. ამ სენმა ერთი წლის განმავლობაში (1811 წელს) იმერეთში შეიწირა 32.750 სული, მეზობელ მხარეებში გაიხიზნა 7450 კაცი, ხოლო ტყვედ გაიყიდა 2000 ყმაწვილი და ქალიშვილი[36]. შავი ჭირის ტალღა გადავიდა აგრეთვე სამეგრელოსა და გურიაში. ამის მომსწრე ნიკო დადიანი წერს: „წელსა ამას, 1811, გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი (ე.ი. ჟამი) და ამასთან საშინელი და საკვირველი სიყმილი, რომელ უთვალავნი მოისრნენ და მრავალნი განიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველი ქვეყანანი ესე ზემო ხსენებული და მრავალნი წარვიდნენ აფხაზეთად. ვინათგან აფხაზეთსა შინა არა იყო წელსა მას სიყმილი და არცა იგი მომსვრელი სენი და განგრძელდა ესევითარი რისხვა ღვთისა ორსა წელსა და შემდგომად გარდვიდა, გარნა ქვეყანანი მრავალნი და სოფელნი დაშთენ ოხრად“[37].

იმერეთში შავი ჭირისაგან დაღუპულთა ზემოთ ნაჩვენები რიცხვი არასრულია, რადგან ეს ცნობა შეეხება მხოლოდ 1811 წელს, სენი კი 3 წელიწადი გრძელდებოდა, აქ არ შედის გურიასა და სამეგრელოში დაღუპულთა რიცხვი.

შავმა ჭირმა დააზიანა არა მარტო დასავლეთი საქართველო, არამედ ქართლი და ახალციხის მხარე. 1811 წელს ამ სენმა ახალციხეში იმსხვერპლა ერეკლე II-ის კანცლერი სოლომონ ლიონიძე და ცნობილი პატრი ნიკოლა.

შავმა ჭირმა, რასაც შიმშილობაც მოჰყვა, მუსრი გაავლო მოსახლეობას. შიმშილი მშობლებს აიძულებდა, პურის ნატეხისათვის მონად გაეყიდათ თავიანთი შვილები. 1812 წლის ნასყიდობის ბარათში აღნიშნულია: „ესე ნასყიდობის წიგნი მოგეცი მე ქრიშობედ კოსტავამ თქვენ, თავადს თარხანს დავითს, ასე რომ გამიჭირდა და შიმშილით მიკვდებოდა ჩემი შვილი დარიჯანა და მოგყიდე ეს ჩემი შვილი დარიჯანა და ფასიც სრული გამოგართვი, როგორც გული შემიჯერდებოდა და ვინც ამის მოდავე მოგადგეს, პასუხი ჩვენ გავსცეთ. არის ამისი მოწამე და გამრიგე ქაქუჩა პაპიძე, ამირეჯიბი, მოურავი სიმონა, მე მღვდელს დავითს დამიწერია ამ ქრიშობელას სიტყვით და მოწამე ვარ ამ წერილისა“[38].

იმავე 1812 წელს გაცემული ნასყიდობის ბარათით პ. ჭანტურიძე და მისი მეუღლე მარიამი ნასყიდობის წიგნს აძლევენ იოსებ ციხისთავიშვილს და მის ნაშიერთ: „ასე რომა გამიჭირდა და შვილი მოგყიდე… თევდორე და ფასიც სრულად ავიღე, როგორც გული შემიჯერდებოდა. მოგცეს და გიბედნიეროს ღმერთმა, ამაში მოდავე და მოლაპარაკე არავინ გყავდეს“. ციხისთავს ამ საბუთისათვის მიუწერია: „როგორც გადმოცემიდან ვიცი, ეს კაცი უყიდიათ ექვს კოდ ფეტვად, რადგან იმ დროს პურძვირობა ყოფილა… ეს ნასყიდი კაცი სიკვდილამდის ემსახურებოდა ჩემს მამა-პაპას და გამოცვლილს სახეს ბუჭველას ეძახდნენ“[39].

1817 წელს გენერალი ერმოლოვი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ: „ამ ხალხის მიერ ორი წლის განმავლობაში განცდილ იმ უბედურების შემდეგ, რაც მას ეწვია მტერთა შემოსევის, შინაური აჯანყების, არაჩვეულებრივი წყალდიდობის, შიმშილობისა და ჟამის შედეგად, საჭიროა საკმაო დრო, რომ უამისოდაც ღარიბმა ხახლმა შეძლოს თუნდაც საშუალო მდგომარეობამდე მიღწევა. განსაკუთრებით შიმშილმა და ჟამმა ამოწყვიტა თითქმის მესამედი იმერეთის მოსახლეობისა, მეორე მესამედზე მეტმა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის თავი შეაფარა თურქეთის სამფლობელოებს და გაიფანტა საქართველოს სხვადასხვა ადგილებში“[40].

ერმოლოვი წერს, რომ „მამები პურის ნატეხებისათვის ჰყიდდნენ შვილებს სამუდამო მონობაში, ხოლო სასოწარკვეთილი დედები ტყეში და გზებზე აგდებდნენ შიმშილისაგან დაუძლურებულ თავიანთ ბავშვებს“[41].

ამ შემაძრწუნებელ უბედურებას თან სდევდა ლეკების განუწყვეტელი თარეში. 1817 წელს გენერალი ერმოლოვი ბარონ სტროგანოვს – რუსეთის სრულუფლებიან მინისტრს კონსტანტინოპოლში წერდა, რომ ყარსის, ახალციხისა და ტრაპიზონის ფაშები აწყობენ განუწყვეტელ თარეშს ჩვენს მიწებზე, ეწევიან მტაცებლობას, ატყვევებენ და მიჰყავთ მოსახლენი, მიაქვთ მათი ქონება და იქამდეც კი მიდის მათი თავხედობა, რომ თავს ესხმიან ჯარისკაცებს და იტაცებენ მათ; თავიანთთან იწვევენ და თავშესაფარს აძლევენ ლეკებს, ჩვენი ქვეშევრდომი ოლქების მცხოვრებლებს და აქეზებენ მათ ძარცვა-გლეჯისათვის. ისინი დაასახლეს ჩვენი საზღვრების მახლობლად, რის გამოც არ არის მოსვენება და მყუდროება[42] – იგი ავალებს სტროგანოვს, ყოველივე ეს აცნობოს პორტას.

1819 წელს სტროგანოვი აღნიშნავს, რომ უშედეგოა ყოველი მისი ცდა, რათა სულთანს შეასმინოს რუსეთის მოსაზღვრე ფაშების თავგასულობა: „არა მაქვს არავითარი იმედი, მივაღწიო პორტაში რაიმე წარმატებას ჩემი დარიგებით“[43]. შემდეგში როცა რუსეთის იმპერატორმა მიმართა თურქეთის მთავრობას ამ უწესობათა შესახებ, უპასუხეს: „მოვლენები, რომლებიც ხდება აზიელ მცხოვრებთა შორის, გამოწვეულია უსახსროდ დარჩენილ ადამიანთაგან, რადგან რუსეთი უფრო და უფრო აგვიანებს საზღვრების დაცლას, ასეთი ადამიანები სარგებლობენ ამ შემთხვევით, რომ აწარმოონ ძარცვა-გლეჯა, ხოლო როდესაც ეს საზღვრები[44] სავსებით დაცლილი იქნება და პორტა იმ მხარეში დანიშნავს თავის მოხელეებს, მაშინ ამ მოვლენებს იგი საბოლოოდ აღკვეთს“. ამრიგად, თურქეთის მთავრობა მოითხოვდა, სწრაფად დაეცალა რუსეთს იმერეთი, სამეგრელო და გურია, რომლებიც პორტას თავის სამფლობელოდ მიაჩნდა, და მხოლოდ ამის შემდეგ ჰპირდებოდა წარტყვევნისა და შემოსევა-თარეშის აღკვეთას, საქართველოს მოსაზღვრე ფაშების მოთვინიერებასა და ახალციხიდან ლეკების განდევნას. საგარეო საქმეთა მინისტრი ნესელროდეც ატყობინებს ერმოლოვს, რომ თურქეთი მოითხოვს შავი ზღვის სანაპიროების დაბრუნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გვპირდება ყოველგვარი თარეშის აღკვეთასო.

თურქეთის მთავრობიდან ასეთი პასუხის მიღების შემდეგ ერმოლოვი თვითონაც აღარ უკრძალავს საქართველოს მოსახლეობას, მოიტაცოს თურქეთის ჯოგები და ადამიანებიც, თუკი ისინი ჩვენს ტერიტორიაზე სათარეშოდ გადმოვლენო.

როგორც ამ ცნობებიდან ჩანს, მოსახლეობას რუსეთთან შეერთების შემდეგაც აწიოკებდნენ დაღესტნელი ლეკები და თურქეთის საფაშოებიდან გადმოსული ყაჩაღები. რათა მკითხველს წარმოდგენა შეექმნას იმ შფოთიან დროზე, მოვიტანთ თავდასხმის რამდენიმე ფაქტს:

1818 წელს ახალციხელ და აჭარელ თურქთა რაზმი იმერეთში შეიპარა და მოულოდნელად თავს დაესხა მახლობელ სოფელს. რაზმი დაეშვა ძალზე დაქანებული მთიდან და შეუმჩნევლად შემოუარა სოფლელთა ყარაულს. ასეთი ყარაულები იმ ხანებში ზაფხულობით დაყენებული ჰყავდათ თურქეთის სამფლობელოებიდან მომავალ გზებზე. მოთარეშეებმა გაიტაცეს გლეხთა ოთხი ოჯახი, რომლებიც შედგებოდა 20 მამრისა და 19 მდედრისაგან. ამის გარდა, თავდასხმის დროს მოკლეს ორი იმერელი და ორი მოთარეშე თურქი.

1819 წელს სოფ. ასკანას თავს დაესხა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილი, თურქეთის ქვეშევრდომი. იგი შემოიჭრა მთელი რაზმით და გაიტაცა რამდენიმე კაცი.

1822 წელს ახალციხელი ყაჩაღების 200-კაციანი რაზმი შემოიჭრა ვაკის მაზრაში (იმერეთში). მაგრამ უკუიქცა, რადგან ადგილობრივი მცხოვრებნი მომზადებულნი შეხვდნენ ამ შემოსევას.

 

* *

 

ტყვეებით ვაჭრობამ კიდევ უფრო მძიმე სახე მიიღო XIX საუკუნის 30-იან წლებში. ამ დროს აფხაზეთის მთავრები ტყვეებით მოვაჭრეთა წამქეზებლები, მფარველნი და მოვაჭრენი იყვნენ, კერძოდ, ჰასან-ბეგ შერვაშიძის ვერაგობის გამო შეუძლებელი იყო აფხაზეთში თავისუფლად გავლა.

1837 წელს დიუბუა წერდა, რომ „სოხუმის მიდამოებში, ჰასან-ბეგის მუხანათობის მეოხებით, მზის ჩასვლის შემდეგ ვერავინ ბედავდა გასვლას ბაზრიდან კარანტინამდე, რომელიც ზღვას ვერსნახევრით იყო დაშორებული“. არა მარტო აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე დიუბუას მოგზაურობის დროსაც ისევე დათარეშობდნენ მეკობრეების გალერები, როგორც სტრაბონის, ლამბერტისა და შარდენის დროს. დიუბუას გადმოცემით, აფხაზ მეკობრეებს გაუძარცვავთ კოდორის კონცხთან სავაჭრო გემი და დაუჭრიათ რამდენიმე კაცი[45]. მათი ხელშემწყობი და მფარველი იყო მიხეილ შერვაშიძე (1823-1864 წწ.).

ადამიანებით ვაჭრობდნენ მეფის რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველი თავადებიც, რომელთაც ყაჩაღთა ბანდები ჰყავდათ და ხშირად ვაჭრობდნენ ადამიანებით ფოთში მოსულ მაჰმადიან „კომერსანტებთან“. მაგალითად, 1828 წელს გენერალი სიპიაგინი პასკევიჩს სწერდა: „მაიორი მაჭუტაძე თავისი რაზმით სისტემატურად ესხმის თავს მეგრელებს, ხოლო 31 მაისს მან ტყვედ გაიტაცა 13 კაცი“[46].

ადამიანებით ვაჭრობა ფესვგადგმული იყო სამურზაყანოშიც. აქაური თავადები ადამიანებს იტაცებდნენ არა მარტო სამეგრელოსა და იმერეთში, არამედ ერთმანეთშიც. ტყვეებით ვაჭრობდნენ: თემურყვა ანჩაბაძე, დათა ანჩაბაძე, ალ. შერვაშიძე, სესირყვა ემუხვარი, ჯამლეთ მარღანია და სხვანი. მაგრამ მათ დაპატიმრებასა და დასჯას თვითმპყრობელობა ვერ ბედავდა, „რადგან თითქმის ყოველ სამურზაყანოელ თავადს, აქვს რა ნათესაური კავშირი აფხაზეთისა და წებელდის თავადებთან, რომ არაფერი ვთქვათ მათ მეზობლებზე, მეტად ადვილად შეუძლიათ, გააღრმავონ უკმაყოფილება ხალხისა და ისარგებლონ რა ხელსაყრელი შემთხვევით, გამოიწვიონ მღელვარება სამურზაყანოში; ხოლო ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც აქ არა ჰყავს სამხედრო ძალა, მეტად გაუჭირდება აღმოფხვრას ბოროტება და აღადგინოს წესრიგი[47]“.

პოლკოვნიკი ბებუთოვი მოითხოვდა სამურზაყანოში რუსის ჯარის შეყვანას, რასაც შეიძლება შიში გამოეწვია და მყუდროება დაემყარებინა; ამის შედეგად, დასჯის მოშიშარნი ხელს აიღებდნენ ტყვეებით ვაჭრობაზე, ყაჩაღობა-მტაცებლობაზე და ალბათ დაუბრუნდებოდნენ სამეურნეო საქმიანობას[48].

თვით ტყვეებით მოვაჭრე თემურყვა ანჩაბაძე ბებუთოვს სწერდა, რომ სამურზაყანოში პირდაპირ ყვავის ტყვეებით ვაჭრობა, რადგან ამ ქვეყანაში არ არის უფროს-უმცროსობა, დადიანს არ გააჩნია საშუალება მცხოვრებთა მოთვინიერება-დამორჩილებისა და არც შერვაშიძეებს შეუძლიათ, წესიერად განაგონ ეს ქვეყანა. თვითონ შერვაშიძეები, ოთხი ოჯახი, რომლებიც აქ სახლობენ, ერთმანეთს ჰპარავენ და ურთიერთს იკლებენ. ბეჟან შერვაშიძემ თურქებს მიყიდა ერთი ჩემი კაციო[49].

 

* *

 

სხვა კუთხეებთან შედარებით გურიაში უფრო მეტად იყო განვითარებული ტყვეებით ვაჭრობა, რაც თურქეთის უშუალო მეზობლობით აიხსნება. პ. გუგუშვილი აღნიშნავს, რომ იმ ხანებში ( XIX საუკ. 30-იან წლებში) უბრალო ქურდობისათვის – საოჯახო ნივთების, ხარის, ცხენის მოპარვისათვის – კანონით უფრო დიდი სასჯელი იყო განსაზღვრული, ვიდრე ადამიანებით ვაჭრობისათვის. მაგრამ სასტიკი და ულმობელი იყო ხალხის განაჩენი საქვეყნოდ გამოაშკარავებული ტყვეებით მოვაჭრეების მიმართ – მათ კოცონზე წვავდნენ[50].

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ გავეცნობით როგორ ასამართლებდნენ კაცის მკვლელებსა და ტყვეებით მოვაჭრეებს: „გურიაში ( XIX ს. 30-იან წლებში) კაცის კვლისა და ტყვეებით ვაჭრობისათვის, როგორც მძიმე დანაშაულისათვის ბრალდებულის გამოსატეხად ხშირად მიმართავდნენ ე.წ. შანთისა და მდუღარე წყლის გამოყენებას. ბრალდებულის სურვილზე იყო დამოკიდებული ამათში ერთ-ერთის არჩევა. შანთი იწონიდა ოყას (1,2 კგ), სიგრძით უდრიდა ერთ ვერშოკს, ხოლო სიგანით – ადამიანის ხელის გულის სიფართეს. ამ შანთს სამგზის გაახურებდნენ ვაზის (და არა სხვა რომელიმე ხის) ანთებული ნახშირით, შემდეგ გახურებულს დებდნენ მიწაში ჩარჭობილ ორ პალოზე. ბრალდებულს ხელებზე ჩამოაცმევდნენ სათანადოდ გამოჭრილ ქაღალდს, რომელზედაც ეწერა მისი ბრალდება. მას ხელები ქვემოდან უნდა ამოედო და ისე აეღო გახურებული შანთი, რომელსაც სამი ნახტომის შემდეგ დააგდებდა. შემდეგ ხელს უხვევდნენ გურიელის მიერ ბეჭედდასმული სუდარით და მიყავდათ მახლობელ ციხეში, სადაც რამდენიმე დღეს დაყოფდა. მერე უსინჯავდნენ ხელს და თუ იგი დამწვარი აღმოჩნდებოდა, ბრალდებულს დამნაშავედ იცნობდნენ და დასასჯელად გადაცემდნენ, თუ ხელები დამწვარი არ ექნებოდა, ათავისუფლებდნენ და ასაჩუქრებდნენ თოფით ან ტანისამოსით. დამნაშავის გამოაშკარავების ეს წესი, აგრეთვე ადუღებული წყალი და ხმალში გასვლა საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც სიმართლის „უჭეშმარიტესი“ გზა[51].

გურიაში იტაცებდნენ არა მარტო ქრისტიან ადამიანებს და ყიდდნენ თურქეთში, არამედ ხშირად იტაცებდნენ თურქებსაც და ყიდდნენ გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში[52].

ტყვეებით ვაჭრობა გურიაში მხოლოდ XIX საუკ. 50-იანი წლებიდან შენელდა. გერმანელი მოგზაურის 1843 წლის ცნობით, გურია თხლადაა დასახლებული, რაც შედეგია „თურქთა გამანადგურებელი თარეშებისა და ბავშვებით ვაჭრობისა, რაც ახლაც გრძელდება“[53].

 

* *

 

XIX საუკუნის ოციან წყლებში იმერეთის ფეოდალები არა მარტო საკუთარ ყმებს ყიდდნენ, არამედ თავისუფალ გლეხებსაც იტაცებდნენ და ახალციხელ თურქებზე, სხვა ქართველ თავადებზე ყიდდნენ, როგორც კანონიერ ყმებს.

1816 წელს გენერალი რტიშჩევი იმპერატორისათვის წარდგენილ მოხსენებაში წერდა: იმერეთის თავადაზნაურობას მიღებული აქვს წესად, რომ „კარგი ცხენის, თოფის, ფარჩისა და მათთვის საჭირო სხვა საგნისათვის, აგრეთვე მეგობრული საჩუქრების სახით, გასცეს თავისი გლეხი, ხშირად რამდენიმე ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მყიდველებს გაჰყავთ იმერეთის საზღვრებიდან“[54]. იმერეთის მოსახლეობის საზღვარგარეთ გაყიდვა რომ აღეკვეთათ, გენ. რტიშჩევმა იმერეთის თავადაზნაურობას შესაბამისი ბრძანებით აუკრძალა ყმების საზღვარგარეთ გაყიდვა. მაგრამ, როგორც ჩანს, მემამულეებმა სხვა გზას მიმართეს, სახელდობრ, თავიანთ ყმებს ებრაელებს აძლევდნენ გირაოდ ვალში, და შემდეგ რაკი ვალს ვეღარ ისტუმრებდნენ, დაგირავებულ გლეხებს ებრაელებზე ყიდდნენ[55].

აკრძალვის კანონი არსებობდა, ბრძანებები იწერებოდა, მაგრამ ტყვეთა სყიდვა თითქმის საგლეხო რეფორმამდე მაინც გრძელდებოდა.

1859 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსთან გაგზავნილ საიდუმლო ბარათში აღნიშნავს, რომ მთელ ქუთაისის გუბერნიაში, განსაკუთრებით კი თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში, გავრცელებულია ცხენის ქურდობა, ტყვეებით ვაჭრობა, კონტრაბანდა და მძარცველობა, რაც ხშირად დაუსჯელი რჩება ადგილობრივი პოლიციის უღონობის გამო, რადგან ცნობილი ქურდები, მძარცველები, კონტრაბანდისტები და ტყვეებით მოვაჭრენი ყოველთვის პოულობენ დასაყრდენს მოსახლეობაშიო. საპასუხო მომართვაში იმავე 1859 წელს ნამესტნიკის მოადგილე გრიგოლ ორბელიანი მოითხოვს, რომ სასტიკად დაისაჯონ და ციმბირში გადაასახლონ ის პირები, რომელთაც მძარცველობა, კონტრაბანდისტობა და ტყვეებით ვაჭრობა გადაუქცევიათ კერძო მესარეწეობად და არსებობის საშუალებად[56]. ვინაიდან მთავრობამ ვერ აღკვეთა ასეთი უმსგავსობანი, იძულებული გახდა ტყვეებით ვაჭრობისა და კონტრაბანდისტების წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო საყარაულო დაეარსებინა მდინარე ნატანებზე, – თურქეთში გადასასვლელ ფონთან[57].

 

* *

 

ზემოთ მოტანილი ცნობები ნათლად ადასტურებს, რომ ტყვეებით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული თვით XIX საუკუნის შუა პერიოდამდე.

დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრები და ფეოდალები ტყვეთა სყიდვით არა მარტო თავიანთ უშუალო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ, არამედ მბრძანებელ ოსმალეთსაც ემსახურებოდნენ და უხვად აწვდიდნენ მის ბაზრებს სანუკვარ ცოცხალ საქონელს.

  • [1] ჩარლზ დარვინი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. II, წიგნი I, გვ. 579, 1927, (რუს.).
  • [2] მასალები საქართველოს ისტორიისათვის… თბ., 1905, გვ 107.
  • [3] იქვე, გვ. 141.
  • [4] იქვე, გვ. 150.
  • [5] იქვე, გვ 157.
  • [6] იქვე, გვ. 161.
  • [7] იქვე, გვ 167.
  • [8] საქართველოს სიძველენი, ტ II, V, გვ. 45.
  • [9] საქ. ცენტრარქივი, ფ.227, № 55.
  • [10] საისტორიო მოამბე, წიგნი 1. ტფ., 1925, გვ.183.
  • [11] ქრონიკები, ტ. III, თბ, 1967, გვ. 110.
  • [12] სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, თბ., 1940, გვ. 129.
  • [13] იქვე, გვ. 149.
  • [14] იქვე.
  • [15] კაპიტან დე-გრაი დე-ფუი, გრაფ ტოტლებენის ექსპედიცია საქართველოში, ახალციხის რაიონული გაზეთი, „წითელი დროშა, 1964, № 109.
  • [16] საქცენტრარქივი, ფ. 1453, ს. 89.
  • [17] დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან (XV-XVIII სს.), თბ., 1940. გვ 157.
  • [18] სიგელ-გუჯრები, ტ. I, გვ. 15 (რუს.).
  • [19] იქვე, გვ. 34. (რუს.).
  • [20] კაკა, ტ. I, გვ 57-58 (რუს.).
  • [21] ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. II, თბ., 1909, გვ. 521-522.
  • [22] ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. II, თბ., 1921, გვ.60.
  • [23] იქვე, გვ. 59-60.
  • [24] შ. ბურჯანაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 93.
  • [25] ქეთხუდა (სპარსული) – სოფლის მამასახლისი; ხელოსანთა ამქრის ხელმძღვანელი; უბნის უფროსი; გვარის ან ტომის მეთაური; სამეურნეო საქმეთა მწარმოებელი.
  • [26] Акты, т. VII, г. II, 772.
  • [27] იესე ოსესშვილი, თავგადასავლი, ს. კაკაბაძის რედაქციით. ტფ., 1913, გვ.77.
  • [28] კაკა, ტ. II, გვ. 896 (რუს.).
  • [29] იქვე, გვ. 898 (რუს.).
  • [30] კაკა, ტ. II, გვ. 803 (რუს.).
  • [31] იქვე, ტ. IV, გვ. 1159 (რუს.).
  • [32] პ. გუგუშვილი, ტყვეებით ვაჭრობა საქართველოში, „მნათობი“, №11, 1938, გვ. 175.
  • [33] კაკა, ტ. V, გვ 569, 780 (რუს.).
  • [34] ნ. დუბროვინი, ისტორია (რუს.).
  • [35] კაკა, ტ. IV, გვ. 110 (რუს.).
  • [36] ნ. დუბროვინი, ისტორია, ტ. IV, გვ. 1-2 (რუს.).
  • [37] ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, თბ., 1962, გვ. 203.
  • [38] საქ. მუზეუმის ხელნაწ. საბუთი Ha კოლექციისა, № 2842.
  • [39] საქ. მუზეუმის ხელნაწ. საბუთი Ha კოლექციისა, №2987.
  • [40] იქვე.
  • [41] იქვე.
  • [42] იქვე, №2989.
  • [43] იქვე, №2991.
  • [44] იგულისხმება ქუთაისის, ბაღდათის, შორაპნის, ყულევისა და ანაკლიის ციხესიმაგრეთა დაცლა რუსებისაგან.
  • [45] პაატა გუგუშვილი, ტყვეებით ვაჭრობა საქართველოში, „მნათობი“, №11, 1938, გვ. 170-171.
  • [46] იქვე, გვ. 171.
  • [47] პაატა გუგუშვილი, ტყვეებით ვაჭრობა საქართველოში, „მნათობი“, №11, 1938, გვ. 180.
  • [48] იქვე.
  • [49] იქვე.
  • [50] იქვე.
  • [51] პ. გუგუშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 182.
  • [52] იქვე.
  • [53] იქვე, გვ. 183.
  • [54] კაკა, ტ. V, № 568, გვ. 499 (რუს.).
  • [55] კაკა, ტ. XII, V, , გვ. 1339 (რუს.).
  • [56] იქვე, გვ. 49-50 (რუს.).
  • [57] იქვე, გვ. 1139 (რუს.).


მდევარი