რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ქართველი მოღვაწეების გაორება, საფრანგეთი

ქართველი მოღვაწეების გაორება

ავტორი:

ქართველი მოღვაწეების გაორება

ავტორი: ისიდორე მანწკავა

ქართული აზროვნების განვითარება მე-19 საუკუნეში, პარიზი, 1936

 

 

კორექტორი: თიკო იობიძე

გამციფრულებლები: მაგდა ვაშაყმაძე, ანა სანოძე

 

 

 

 

1

 

მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, ეს არის რუსული პოლიციური აპარატისა და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება, შეურიგებლობის უკიდურესობითა და რომანტიკული მელანქოლიით დატვირთული. ბევრი ძალა შეიწირა ამ ბრძოლამ. ვინც შერჩა ქართულ ნიადაგს, მათი სასოწარკვეთილი და მოწამებრივი სახეები განუმეორებელ ძეგლებად ისახება, როგორც ქართული ხასიათის, ჯიუტობისა და ამტანობის სანიშნო. დამარცხებამ ჩვენს ეროვნულ საზოგადოებრივ განვითარებას შინაგანი საყრდენი მოუშალა, ეროვნული ძალების ქმედობას ნიადაგი დაურღვია და მის ყველა სასიცოცხლო ნაწილს დამბლა დასცა.

1832 წლის შეთქმულება ერთგვარი ზღვარია, საიდანაც იწყება გარკვეული კალაპოტი, რომელშიაც მოექცა ჩვენი საზოგადოებრივი აზრი და მისი საქმიანობა. მართალია, ეს შეთქმულება ჩაიშალა და, ამდენად, მას დიდი პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ის იყო დიდი ფსიქოლოგიური და მორალური მნიშვნელობისა საზოგადოებრივი განწყობილების მხრივ. მოწინავე საზოგადოებამ დაკარგა დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი. იგი რეალპოლიტიკის გზას დაადგა. ეს პოლიტიკა გულისხმობდა რუსეთის ბატონობასთან შერიგებას და, აქედან გამომდინარე, მთავარ ვალდებულებათა მიღებას. ამ პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოება, რომ რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობაში მხურვალე მონაწილეობა მიაღებინა.

ასეთი ნაბიჯი დიდი და ღრმა მიზეზებით იყო გამოწვეული. ამ მიზეზებში სამი მნიშვნელოვანი გარემოება იყო გადამწყვეტი. რუსეთს საქართველო ერთბაშად არ დაუკავებია. დასავლეთ საქართველოს ნაწილები ცალ-ცალკე დაიპყრეს. ამასთან ერთად, რუსეთის მპყრობელური ზრახვები ოსმალეთის წინააღმდეგ ჩვენი ისტორიული ადგილების დაბრუნების საკითხს უკავშირდებოდა. მთის დაპყრობაში ქართველების მონაწილეობას სისხლის აღების წყურვილი იწვევდა. თ. აზნაურობა, ეროვნულ პოლიტიკურ ცხოვრებას მოწყვეტილი, იძულებული იყო რუსული სამსახურისთვის შეეფარებინა თავი. ეს სამი გარემოება აყალიბებდა რეალპოლიტიკის იმ კალაპოტს, რომელშიაც მოექცა მაშინდელი ჩვენი საზოგადოება. მაგრამ, მეორე მხრივ, მათ არ შეეძლოთ ურეზერვოდ ჩაბმულიყვნენ ამ მუშაობაში. ისინი მაგრად შეკავშირებული იყვნენ ქართულ ზნე-ჩვეულებასთან, ადათთან, კულტურულ ტრადიციებსა და გუშინდელ დამსხვრეულ ქართულ სახელმწიფოებრივ იდეალებთან. ეს კულტურული ტრადიციები მძლავრად იყო ჩაწოლილი ჩვენს ცხოვრებაში. პირველის მიღება შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით ხდებოდა, მეორეს დატოვება შინაგანად ძნელი იყო. ამ გარემოებათა დაპირისპირებამ გამოიწვია თითქმის მთელი თაობის გაორება. რუსეთის ერთგული სამსახური და ქართული ვინაობის შენახვა – ეს იყო ამ დროის მბრძანებელი აზრი, ეკლექტური თეზა და მასში თავს იყრიდა ამ თაობის დიდი ნაწილის იდეური, პოლიტიკური და სამოქმედო გეგმა. ამ ორ ძირეულად განსხვავებულ და შეურიგებელ ცნებებს ერთად ათავსებდა ეს თაობა. ეს იყო, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ხაზი. მე-60 წ. ამ იდეოლოგიის ყველაზე ნიჭიერი დამსაბუთებელი არის დ. ყიფიანი: „მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარ-ტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ღარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული, საჭიროა ორი სიტყვიდან – რუსი და ქართველი, ერთი სიტყვის შემუშავება, საქმით“[1]. როცა თავადაზნაურობა მსახურ წოდებად გადაიქცა, ამის შემდეგ მას სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. იგი იძულებული იყო, შეურიგებელი შეერიგებინა, ქართულ ეროვნულ მისწრაფებასა და რუსულ მონარქიას შორის შემათანხმებელი ხაზი მოენახა. დ. ყიფიანი გვაძლევს ფორმულას, რომელშიც ეს ხაზი ზუსტად არის განსაზღვრული. ეს გულწრფელი დასაბუთებაა იმ თაობის მთელი საქმიანობისა. მისი აზრით, არ იგულისხმება ჩვენი ეროვნული მეობის მოსპობის ქადაგება, არამედ ამ უკანასკნელის შეთავსება რუსულ სამეფო ტახტთან. დ. ყიფიანი ცდილობს ამ შეთავსებათა შესატყვისობის ხაზი მონახოს და აქედან დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და იდეური მუშაობა.

1864წ. დ. ყიფიანმა ასე მიმართა თავადაზნაურობის კრებას: „ერთგულება ჩვენი ხელმწიფე იმპერატორისა და მისი უმაღლესი ტახტისადმი აუცილებელია. ჩემი ძალისა, ღონისა და სინდისის მიხედვით ერთგული მსახური ვიქნები ამ გრძნობისა. პირდაპირ ვამბობ, მე არ მესმის არავითარი ინტერესი გარეშე ამ წესისა, გარეშე, ასე ვთქვათ, ჩვენი მოვალეობისა და ღირსების ბუნებრივი შეგნებისა. თავად-აზნაურთა ღირსებას უძრახველი სამსახური შეადგენს ტახტისადმი“[2]. ერთი შეხედვით, ამ ქადაგებაში გადაგვარებული და გარუსებული ქართველი ჩანს. ეს სიტყვები საშინელ შთაბეჭდილებას ახდენს დღეს ჩვენზე, მაგრამ შთაბეჭდილებით ხომ ისტორიული მოვლენის დაფასება არ შეიძლება. დიდად შეცდება ის, ვინც დ. ყიფიანს გამარუსებელი პოლიტიკის მომხრედ დასახავს. არა. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ ეს ქადაგება? ამგვარი ქადაგება მაშინ ერთგვარი ბეგარა იყო პოლიტიკური მოღვაწისთვის. ამის გარეშე მუშაობა არ მოხერხდებოდა. მაგრამ ხელმეორედ შეცდება, ვინც იფიქრებს, რომ დ. ყიფიანი რუსეთის ტახტისადმი ერთგულებას არაგულწრფელად ქადაგებდა. არა. მას ღრმად სწამდა: რუსეთისა და მისი ტახტის ერთგულება ისე აუცილებელია, როგორც ქართული ვინაობის შენახვა და დაცვა.

ახლა ვნახოთ, როგორ ასაბუთებს დ. ყიფიანი თავისი ფორმულის მეორე ნახევარს. 1860 წ. იგი წერდა: „რომელიც ხალხი თავის ენას დაივიწყებს, იმას ხალხის სახელი აღარა ჰქვია რა. მნიშვნელობა და პატივი სრულიად აღარა აქვს რა და ქვეყნიერებაში ისე გამოწყდება, რომ მისი სახსენებელიც აღარა დარჩეს რა. და არათუ თვითონ გამოწყდება, ეს ხალხი თავის სასიქადულო მამა-პაპათა ხსენებასაც ისე გააქრობს, რომ ქვეყანაზედ არავინ იცოდეს აღარც იმათი სარწმუნოებისათვის მოღვაწეობა, აღარც მათი მტერთაგან წამება და ხან მტერზედ ძლევამოსილი გამარჯვება, აღარც იმათი კეთილი ზნეობა და სათნოება. რაც რომ სულის გამწმენდელი და ამამაღლებელი არის კაცისათვის გულის გამპატიოსნებელი ღვთის სარწმუნოებაზედ და ხელმწიფის ერთგულებაზედ მტკიცედ დამყარებული“[3] .

რუსეთის მონარქიისადმი ერთგულებას, როგორც ძლიერ დასაყრდენს, აფუძნებდა ეს თაობა ნაწილობრივ სასარგებლო ეროვნულ მოღვაწეობას. ეს მოღვაწეობა არაა დამაკმაყოფილებელი, მასში ბევრია ხერგი და წვირე, მაგრამ გაორებული, მაშინდელი ქართველი ადამიანის გულს უკეთესად არ შეეძლო. ამ ხალხმა ერთგვარად შეამზადა ნიადაგი, რომელზედაც მე-60 წ. მოღვაწეებმა ნაყოფიერი და მრავალმხრივი მუშობა გააჩაღეს.

რუსული მონარქიზმი, რომელიც რუსული ნაციონალიზმის სიმბოლო იყო, პირდაპირი უარყოფაა ქართული ნაციონალიზმისა და პირიქით. ეს უდავოა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უდავოა, რომ ამ ერთმანეთის უარმყოფ ცნებებს ათავსებდა ეს თაობა.

1860 წ. გრ. ორბელიანისადმი მინაწერ წერილში დ. ყიფიანი აღნიშნავს: „ბევრმა იქნება არ დაიჯეროს, მაგრამ თქვენ, მგონია, ადვილად დამიჯეროთ, რომ ჩემი სამშობლო ქვეყნის მიწა-წყალი, ჩემი სიყრმიდან თანაშეზრდილი მეგობრები; ჩუენი ჰაერი 45 წ. რომ მიყლაპავს, ჩვენი ქვეყნის კიდევაც წრფელი და კიდევაც გულის გამამხიარულებელი ერთმანეთთან დამოკიდებულება, ჩვეულება, ზნეობა, ზრდილობა, – ათასნაირი სხვადასხვა თვისება, რომელსაც კაცი ვერსად ჰპოებს თუ არა შინა; – ყოველივე ესე ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ ვისაც კი ცოტაოდენი გრძნობა შერჩენია ნებით არასდროს არ დაკარგავს, თუ ძალით არ დააკარგვინეს. ღვთის გულისათვის, რას დამახარბებენ აქ ისეთსა, რომ ამაში გამაცვლევინონ. ვინ რას დამახარბებს აქა; ვისა სცხელა ჩვენთვის? – საქართველოს მოშორება ღმერთმა მაშოროს. ამას კი მოგახსენებ: თუ უსირცხვილოდ დაბრუნება გამიჭირდა იმავე სამსახურის ხარისხით, რომელშიაცა ვარ და იმავე პატიოსნების ვალით, რომელსაცა ვმსახურებ, ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ადვილად კი ჩემს ქვეყანას ვერ მოვშორდები“[4].

აქ დ. ყიფიანი გარკვეულ ეროვნულ შეგნებას ავლენს. ყველაზე მკაფიოდ ამ კერძო წერილში არის მოცემული მისი შინაგანი გულისთქმა და სულის ძახილი. აქ თქვენ გრძნობთ ამ ადამიანის ღრმა სიყვარულს ქართული მიწისადმი. ამ სიყვარულში იგი დაუეჭვებელია და დაუთმობელი. მართალია, სამსახურის ხარისხსაც ადვილად ვერ ელევა, მაგრამ თუ არჩევა გახდა საჭირო, ჩვენებური გუთანი მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე რუსული ხარისხი და ჯილდო.

 

2

 

1832 წ. შემდეგ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ორი გარკვეული ნაკადი ჩამოყალიბდა, ორი იდეური მიმართულება და ეროვნული მხედველობა: 1. რუსული მონარქიის ერთგულება და ქართული ვინაობის დაცვა; 2. რუსული ბატონობის უარყოფა და ქართულ ნიადაგზე დამაგრება. ეს ორი ხაზი მთელ მე-19 საუკუნეს წითელი ზოლივით მოჰყვება და გადმოდის მე-20 საუკუნეში, 1918 წლამდე.

ჯერ ჩვენ 40-50-იანი წ. ქართული აზროვნების განვითარებათა ტეხილები გვაინტერესებს, რადგან შემდეგ მე-60 წ.-დან უაღრესად მნიშვნელოვანი ხასიათის მუშაობა დაიწყო ჩვენში და ჩვენი განვითარება განიერ არხში მძლავრად დაექანა. მე-60 წ. სრულიად სხვა, თავისებური ტკივილების ეპოქაა, რომელიც ცალკე შესწავლას ითხოვს.

33-50 წ.-ში ქართველ მოღვაწეთა ერთი ნაწილის შინაგანი მეობა ორად გაიყო. ამ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ განწყობილებას, აზრსა და გრძნობას იგი ერთად ათავსებდა თავის არსებაში. თუ პირველი, ეროვნული შეგნება, მისი სული და გული იყო, მეორე, რუსეთის ერთგულება – იძულებითი აუცილებლობა. მაგრამ ბოლოს ეს უკანასკნელი გადაიქცა მის ბუნებრივ რწმენად და გახდა ერთი მთავარი მამოძრავებელი ძარღვი ამ მოღვაწეთა იდეურ და პრაქტიკულ საქმიანობაში. დ. ყიფიანი, გრ. ორბელიანი და ნაწილობრივ, ნ. ბარათაშვილი არიან ამ თაობის საუკეთესო წარმომადგენლები.

გრ. ორბელიანი გაორებულ თაობაში უაღრესად რთული და საინტერესო პიროვნებაა. 32 წ. შეთქმულების მონაწილე, კონსტიტუციონალისტი თუ რესპუბლიკელი, უნაზესი განცდის პოეტი, მაგრამ, როცა მან ჯერ „ავლაბრის ყაზარმები“ და შემდეგ ნოვგოროდის „უღარი“ გაიარა, მოტყდა, გაიბზარა, გაორდა, მის მკერდში დაიბადა ახალი გრ. ორბელიანი, რომელმაც 1841 წ. გურიის აჯანყება ჩააქრო და ამისათვის კაპიტნის ჩინამდე აიწია; კავკასიონის დაპყრობაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო; 1865 წ. ტფილისის არეულობა დააწყნარა; რუსეთის ერთგულებისათვის საიმპერიო ჩინი, ჯვარი და მედალი – თითქმის ყველა მიიღო. ამავე დროს იგი დარჩა ორთაჭალის ბაღების, ძმა ბიჭებისა და ძველი ტფილისის აშუღთა მეგობარი. ორი ქვეყნის წინ არის დამდგარი გრ. ორბელიანი. ერთი არის დამარცხებული საქართველო, თავისი ისტორიით, გმირებით, ტრადიციით, კულტურით. მისი ახალი საქართველო – დაპყრობილი, დამცირებული, უფლებაართმეული. ეს საქართველო აძლევს: ნივთიერ უზრუნველყოფას, პატივს, სახელს, კარიერას, ჯილდოს. ეს იყო საშინელი მიდგომა და გულშემღონებელი პროზა, მაგრამ ნაყოფიერი სამოქმედო სარბიელი. ამ საქართველოში შემოიჭრა და ამოძრავდა გრ. ორბელიანი, მაგრამ დამშვიდებული არ არის. რაღაც ელანდება. ეს ლანდი სიკვდილამდე არ შორდება მას, გულს ურღვევს და სულს უფორიაქებს. ესაა დამარცხებული საქართველო, დღევანდელობაში არქეოლოგიურ ნაშთად და ისტორიულ სიძველედ ქცეული. „ცრემლნო, თასში შთაცვინდით და ჭირთ მდევნი ღვინო ტკბილი დამამწარნეთ“,- ამოიკვნესებს პოეტი, რომელსაც არც ფული აკლდა, არც სახელი და არც ჯილდო.

თუ გრ. ორბელიანი ნიკოლოზ პირველს მიმართავდა „ხელმწიფე ჩვენო, ძლიერო, ბრძენო“ და ვორონცოვის ძეგლის გახსნაზე აღგზნებული სიტყვა თქვა: „არის კიდევ სხვა ძეგლი ვარანცოვისა, ეს ძეგლი დიდი ხანია რაც აღმართულია ჩვენს გულში“[5],- ეს იყო გრ. ორბელიანის ერთი ნახევარი, მოვალეობის კაცი, რუსის მოხელე. ხოლო მისი მეორე ნახევარი ბრაზმორეული იძახის:

„სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა,

ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავი ბედისა,

შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა

იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა“.

გულში ჩანატირები ცრემლით ეროვნული თავისუფლების იდეა სულში ჩაიძირა. იგი მუდამ აბორგებდა პოეტს, მაშინაც კი, როცა მადლიერი პატრონისგან ახალ ხარისხსა თუ ჯილდოს იღებდა.

 

3

 

ეპოქა, ეროვნულ-საზოგადოებრივი ცხოვრების დამრღვევი, არღვევს პიროვნებასაც. უკიდურეს შემთხვევაში ბზარავს მას. 40-იანი წ. თაობის ერთ ნაწილთან ერთად, დ. ყიფიანი და გრ. ორბელიანი გააორა მომხდარმა – შეთქმულების გაცემამ. შეთქმულება მათთვის დამოუკიდებლობის აღდგენის უკანასკნელი თულფი იყო.

ნ. ბარათაშვილიც ამ წრეებთანაა დაახლოებული. მან ბავშვური გულწრფელობით ყველაზე მეტად განიცადა ქართული ეროვნული მეობის მკვლელობა. მისი სულიერი მღელვარება ყოველგვარი კალაპოტის ტევადობას სცილდებოდა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა ეპოქის სუსხს. პირობები და გარემოება იშვიათად ტოვებს დიდ ადამიანსაც დაუდაღავად. ნ. ბარათაშვილსაც ეპოქის ეგ დაღი საკმაოდ ატყვია.

„სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არა რას არგებს. ოდეს თვისება ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს“. „ბედი ქართლისაში“ იგი ნათლად გაემიჯნა რუსეთის მფარველობის გამართლებას. მის შემოქმედებაში უცნაური გზნებითაა მოცემული ის დიდი ტკივილი, რომელიც მაშინდელი ქართველი ადამიანის აზრსა და გრძნობას ლოდივით აწვა და ჰაერს უხშობდა. გავიხსენოთ მაიკოსადმი მინაწერი წერილი, რომელიც წარმოადგენს პოეტის სულის აღსარებას: „ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელ ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, შენ იცი დიდი ხანია ობოლი ვარ. – არ დაიჯერებ მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენ მარტოობით.

შენ წარმოიდგინე სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში! ვინც მაღალი გრძნობის მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია. ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისას! სად განისვენოს სულმა, სად მოიდრიკოს თავი?

ვიცი გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუცი ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდველი მსაჯული“. ნ. ბარათაშვილი სულიდან ხორცამდე გაძარცულად გრძნობს თავს. მას სძაგს ყველაფერი. იგი „ცის იქით ეძიებს სადგურს“, მაგრამ ამავე დროს იმასაც აღიარებს: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფელსა არა რა არგოს“. როგორ ესმოდა ნ. ბარათაშვილს სოფლის სამსახური? თავის ერთ წერილში შემდეგნაირად ავითარებს ამ აზრს: „სამი თვეა, აქა ვარ და ძაღლადაც არავინ მახსენა; ჰე! ახლა მაგის დარდსაც გაუძლებ, არცა მე მცალიან ვისთვის. ახლა მე ჩემი თავი ხელმწიფობას და საზოგადოებას შევსჰძღვენ“.

სამი წლით ადრე, 1842 წ., ლექსში „საფლავი მეფისა ირაკლისა“ ამავე აზრს ატარებს: „აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ ძენი შენნი“. იგი შეურიგდა ახალ მდგომარეობას, თუმცა შესანიშნავად იცის,- „რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული“. ნ. ბარათაშვილი, მთელი მისი პოეტური ხილვით, უსათუთესი განცდებით მშობლიურ ნიადაგზე იდგა და ეძებდა გამოსავალს, ურწმუნო, თვალცრემლიანი, ბრაზმორეული.

1841 წ. გრ. ორბელიანს სწერს: „ლიტერატურა ჩვენი შოულობს ახალ მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურიდან მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამულს, ენას, რამდენიცა ძალუძთ“. მეორე წერილში წერს: „ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვნა. ყიფიანმა გადმოთარგმნა რომეო და ჯულიეტა, მე – იული ტარანტელი“. იგი ათრთოლებული ნერვებით აკვირდება ყოველგვარ მნიშვნელოვან საქმეს. მას ბავშვივით ახარებს ორი თარგმანი ჩვენს ლიტერატურაში. ნ. ბარათაშვილის წინაშე მთელი სიმძაფრით დაისვა საკითხი, თუ რა გზას უნდა დასდგომოდა ეს დამარცხებული თაობა. მისი აზრით, ცოცხალი ადამიანი მკვდარს არ უნდა დაემსგავსოს, იგი ცხოვრებას უნდა მიჰყვეს, ესმას სოფლის ძახილი. აქედან დაიბადა მისი ცხოვრების შეგუების ფილოსოფია, რაც ნიშნავდა ახალი მდგომარეობის მიღებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის ყველა ვარაუდი, გზები მოჭრილი იყო ჩვენში. იმდროინდელი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება ყოველგვარი საგულისხმო სანიშნოსა და გარკვეული იდეალების გარეშე იდგა, ფეოდალური საქართველო კვდებოდა რუსი პოლიციელის უჯიშო ხელით და ამ სუსხში მზადდებოდა ნიადაგი ახალი საზოგადოებრივი წყობისთვის.

როცა გვესმის ნ. ბარათაშვილის გულშემზარავი კივილი, მარტოობა, მყინვარის სიცივე და საშინელი ზიზღი ყველაფრისადმი, მაგრამ ამავე დროს სიცოცხლის დიდი სიყვარული, ჩვენ ეს ქართული ეპოქის ტკივილი გვგონია და არა მსოფლიო ჭმუნვა და ფილოსოფიური გულაცრუება სიცოცხლის რაობაზე. როგორ შეეძლო ამ დროს ქართველ ადამიანს მსოფლიო ჭმუნვა ეგრძნო, როცა საკუთარი ეროვნული ტკივილით დაწყვეტილი იყო მისი ნერვები.

მისი სევდა, ჭეშმარიტად რომ ეროვნულია, მაგრამ ამავე დროს, ზოგადადამიანური.

მისი უიმედობა და სულიერი მღელვარება ქართული მაშინდელი სინამდვილის შინაგნობიდან მოდის, სადაც სასოწარკვეთაც დიდი იყო და მომავლის ბუნდოვანი იმედი. ეს მომავლის იმედი იყო, რომელმაც პოეტი გაბზარა, ცხოვრების შეგუების ფილოსოფია შეაქმნევინა, ახალი ქართლის მდგომარეობასთან თავი დაახრევინა. ნ. ბარათაშვილი „ახალ საქართველოში“ არ ეძებდა არც თავისი წოდების უფლებრივ დაცვას, არც ნივთიერ გამორჩენას, არც პირად ღირსებასა და სახელს, არამედ ეროვნული ცხოვრების გადაჭრილ ნერგებში ახალ გზას იკვლევდა და იმ სინათლისკენ მიიწევდა, ჩამოწოლილ სიბნელეში ოდნავ რომ ბჟუტავდა, როგორც დავარდნილი ხანძრის ფერფლში გახვეული ნაღვერდალი. ეს იყო დამარცხებული საქართველო, მაგრამ საქართველო, სასიცოცხლო ნიშნების მქონე.

 

4

 

ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება გაორებულთ წრის ირგვლივ იყო თავმოყრილი. ეს ხალხი ცალი ფეხით ქართულ ნიადაგზე იდგა, მთელი ტანით რუსეთის წინაშე იკეცებოდა, რუსული ძალმომრეობა თავისთავად ქმნიდა შეგუებისა და მორჩილების განწყობილებას, დამორჩილებული საზოგადოების ყველა წევრი ასეთ დროს არ შეიძლება გმირად გადაიქცეს და წაგებულ ბრძოლას პასიური წინააღმდეგობით უპასუხოს ანდა დამოუკიდებელი მუშაობა შეძლოს. არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება, რომ მაშინ ჩვენში დროგადასული ბატონყმობა მეფობდა. ასეთ ვითარებაში ძნელი იყო ძალების დარაზმვა ეროვნულ ნიადაგზე.

შეგუებას ხელს უწყობდა სხვა მიზეზიც – აღმშენებლობითი მუშაობა, რომელიც რუსეთმა ჩვენში დაიწყო: გზის გაყვანა, შენობათა აგება თუ სხვა, რაც წმინდა სამხედრო ან ადმინისტრაციული მიზნით იყო ნაანგარიშები, და, მეორე მხრივ, ვორონცოვის პოლიტიკის ახალი კურსი ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაიგო, როგორც რუსეთის მთავრობის დაპირებათა დაგვიანებული, მაგრამ მაინც მისი ნაწილობრივი განხორციელება.

რუსეთის მთავრობის ამგვარი პოლიტიკით პირდაპირ აღფრთოვანებულია მწერალი მელანია ბადრიძე. იგი წერს: „დიდი ხანია არ ვყოფილვარ საქართველოს დედაქალაქში და როცა დავბრუნდი, ვეღარ ვიცანი. ჩვენი აზიური ქალაქის ცვლილება ჩემთვის გასაოცარი იყო. მივხვდი, რომ მოვესწარი საქართველოს განათლების საუკუნეს. როდესაც ამაში დავრწმუნდი, კვლავ გავცოცხლდი რაღაც დიდებით, თითქო ახალი წვიმა დამეპკურა, თითქო გადამერეცხა ჩემს ძვლებიდან მთელი აზიური ჟანგი. მადლობა ღმერთს და ქება მთავრობას, მისგან მოღებულს ჩემს ძვირფას სამშობლოსადმი“[6]. არ. ჯორჯაძის შენიშვნის არ იყოს, ქალი ძალისა და ფაქტის თაყვანისმცემელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მელ. ბადრიძის პირით ლაპარაკობს არა მხოლოდ ქალი, არამედ გაორებულთა წრის წარმომადგენელი.

რუსეთის ბატონობა ამ ხალხს ქართული ეროვნული განვითარების წყაროდ მიაჩნდა. ეს იყო პოლიტიკური სიბეცე. ეს იყო არდანახვა იმისა, რაც მოხდა ნამდვილად და რაც თავისი ლოგიკით ვითარდებოდა. რუსეთი, მთელი თავისი ვერაგობით, ლოდივით აწვა ყოველივე ეროვნულ წამოწყებას, მისი პოლიციური პოლიტიკის მთელი ხლართი იმგვარად იყო მონიშნული, რომ საქართველო მთელი თავისი წარსულით, ისტორიით, კულტურითა და მოსახლეობით რუსულ მასაში შთანთქმულიყო. რუსეთმა წვირიანი თათი დაადო ჩვენს ეროვნულ სხეულს და ყველა მისი სასიცოცხლო ძარღვის მოძრაობის გაჩერებას ცდილობდა.

ტფილისი ნელ-ნელა იზრდებოდა და შენდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ბუნებრივი ზრდა ჩვენი დედაქალაქისა. ტფილისი შენდებოდა, როგორც კავკასიონის ადმინისტრაციული რუსული ცენტრი და არა, როგორც ეროვნულ-კულტურული ცხოვრების გული და მაჯის ცემა. მართალია, სხვა ქალაქებიც შენდებოდა, გზებიც გაჰყავდათ, მაგრამ ათეული წლობით ჩვენგან ეზიდებოდნენ საეკლესიო და სახელმწიფო ქონებას, ანგრევდნენ ძველ სასახლეებს, ანადგურებდნენ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა და რამდენი ისტორიული და ხელოვნების საუნჯენი დავკარგეთ.

მაგრამ ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ, მთელი ჩვენი უბედურება ის იყო, რომ აღარ ვარსებობდით, როგორც ეროვნულ-ტერიტორიული ერთეული. საქართველოს მიწა-წყალს რუსეთი თავისი იმპერიის განუყოფელ ნაწილად თვლიდა და ქართველებს კიდევ – რუსებად. რაც დრო გადიოდა, კულტურულ ერებს ავიწყდებოდათ, რომ კავკასიონის უღელტეხილში ბინადრობს ერი – საქართველო. საქართველო გადაიქცა შემთხვევით გამვლელი მოგზაურების, ნუმიზმატების, ენათმეცნიერებისა და არქეოგრაფიული კომისიების ისტორიულ სიძველედ.

ძველი რუსეთი ეროვნებათა მუზეუმს უფრო ჰგავდა, ვიდრე ეროვნულ სახელმწიფოს; ქართველ ერს აქ ფიზიკური დასვენების საფასურში მწვავედ დაუდგა ეროვნული გადაგვარების საფრთხე. იმდენად დიდი იყო სიძნელეები, რომლებიც ამ საფრთხეს ნამდვილს ხდიდა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება აქეთკენ იქმნა მიმართული და ამ გარემოებამ დამოუკიდებლობის საკითხი შორეულ კითხვად აქცია.

 

5

 

მე-18 საუკუნის პოლიტიკურ მიმოხილვაში ჩვენ გამოვარკვიეთ: თავადაზნაურობის ერთი ნაწილი რუსეთთან სრული შეერთების მომხრე იყო. ისიც აღვნიშნეთ, რომ ამ მიმდინარეობის შექმნას დინასტიური შუღლი, საგარეო მდგომარეობა და შინაგანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზეზები უწყობდა ხელს. ამ ჯგუფის გვერდით კიდევ იყო ერთი წრე, რომელიც წმინდა ანგარიშის თვალით აფასებდა მომხდარ ფაქტებს. თავადაზნაურობის ეს ნაწილი ქართულ კულტურულ ტრადიციებთან საკმარისად შეკავშირებული არ უნდა ყოფილიყო. ეს ნაწილი რუსეთის ბატონობას იოლად შეურიგდა. ეკონომიკურ კეთილდღეობაში, სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში უვადოდ დააგირავა ყველაფერი, რაც მას თავისი ქვეყნის ბედსა თუ უბედობასთან აკავშირებდა.[7] რუსეთმა შესანიშნავად ისარგებლა ამით. შემოჭრის პირველი დღიდან იგი დაეყრდნო ამ ნაწილს და ჩვენი ეროვნული გადაგვარების საშინელი სენი აქედან იწყება. ამ სენის დამღა მთელ საუკუნეს უცნაურად ატყვია, როგორც ნატყვიარი.

32 წ. შეთქმულების დამარცხება, ამრიგად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შეურიგებლობის მოტეხა, და ე.წ. რეალპოლიტიკის ხაზის აღება, ყველაფერი ეს ამ ეროვნული სენის განვითარების სასარგებლოდ მოქმედებდა. მე-60 წ. გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდა ეს მძიმე ავადმყოფობა, ჩვენი ეროვნული მეობის დამრღვევი და გამანადგურებელი.

მე-60 წ.-მდე საშინელი რეაქციის ხანაა ჩვენში. საგარეო სიმშვიდე და შინაგანი რღვევა. რუსი პოლიციელის უპასუხისმგებლო თარეში და ქართული კულტურული საუნჯეების გაჩანაგება. მთელ თაობათა მკვლელობა და მოქალაქეობრივი დაცემა. გადაგვარებული ქონდრისკაცების ფუსფუსი და გაორებული ადამიანების გაორებული საქმიანობა.

სამოქალაქო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამ უცნაურმა აფორიაქებამ მაინც ვერ ამოკვეთა ქართული ყამირიდან ეროვნული ცხოველმყოფელობის ძირი. დღეს, როცა საუკუნის სათავიდან, ცივი აზრით ვსინჯავთ მაშინდელი მდგომარეობის მთავარ ტეხილებს, არაფერი აღარ გვაკვირვებს, რადგან ყველაფერს უთვალავი მიზეზი და ახსნა აქვს.

მთელი ეს მქისე ხერგი დროისა და დამარცხებათა ნაჭირმაგარი იყო. აღმოსავლეთ ონავრების ბატონობის მოსპობასთან ერთად ძველ საქართველოსაც ძვრებოდა ტყავი რუსული ძალდატანებით. ეს იყო დრო დიდი ძვრების, დიდი ცვლილებების, დიდი გარდატეხების. ამ მძიმე გარემოებაში ქართული ნატყვიარი ნიადაგი ნელიად იკვრებოდა და მაგრდებოდა.

 

6

 

1832 წ. შეთქმულების ჩაშლის შემდეგ ჩვენი საზოგადოების ქმედითი ნაწილის შეურიგებლობა გაიბზარა და მოტყდა. დამარცხებულმა შეთქმულებმა რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყეს. რუსეთის მომხრეები წაახალისა ამ გარემოებამ, ხოლო რუსეთმა კიდევ ერთი სიმაგრე აიღო. სქელი ნისლი და შემხუთავი ჰაერი დააწვა ყველაფერს. მთელი საქართველო დაიბანგა და გაყრუვდა. ამ უცნაურ სიჩუმეს ნ. ბარათაშვილის გულშემზარავი კივილი და ალ. ორბელიანის სიჯიუტე არღვევს მხოლოდ. თუ ნ. ბარათაშვილი საბოლოოდ ვერ შერჩა ამ ნიადაგს, ალ. ორბელიანი კერპივით გამაგრდა და უკანასკნელი სულის მოძრაობამდე ასე ქედმაღალი და მოუხრელი დარჩა.

ვერც საზოგადოებრივი აზრის შებრუნებამ, ვერც ვორონცოვის ცბიერმა პოლიტიკამ, ვერც გუშინდელი თანამებრძოლების გადასვლამ ვერ იმოქმედა მასზე. მან ყველაფერი უარყო, რაც რუსული ხელით კეთდებოდა და გაემიჯნა ქართველი საზოგადოების იმ ორივე ნაწილს, ვინც ერთიანი თუ გაორებული გულით რუსეთის ბატონობაში ჩვენი ქვეყნის ხსნასა და მომავლის იმედს ხედავდა.

საგულისხმო ის არის, რომ ალ. ორბელიანი დაკვირვებით სინჯავს რუსული პოლიტიკის პირსა და სარჩულს, ფეხდაფეხ მიჰყვება ყოველდღიურობას, აანალიზებს მომხდარ ფაქტებს და ამის შემდეგ ასკვნის. მას არ გამორჩენია არცერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც გადაჭრილი აზრი არ გამოეთქვას. „წარსული მთავარმართებლები ხომ გვატყვილებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტიური მძვინვარებით. მაგრამ ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩვენი გზის გამოუცდელი, სულ სხვაგვარი მოსატყუებელი დრო იყო ჩვენი ვარანცოვისაგან. ასე ამგვარად რომ ბევრი კაიკაცობის ალერსითა, მითომ კაიკაცობას გვიჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ ამათ მომეტებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა. ამასთან ხელგაშლილი ჩინებსა და სხვა და სხვა ჯილდოს იძლეოდა, თან ბევრი შექცევა და გაცხრომა ჰქონდა ხოლმე, სადაც აღტაცებულის სიხარულით თ-დი გიორგი ერისთავის კომედიებს წარმოადგენდნენ მისივე ზედამხედველობით და ქართულ ჟურნალსაც ცისკარსაც გიორგივე გამოსცემდა და კიდევ რამდენი რამ მოიგონა ვარანცოვმა ჩვენი მოსატყუებელი“.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულ მთავარმართებელთა პოლიტიკიდან ვორონცოვის პოლიტიკა გარეგნულად თავისი ლმობიერებით საკმაოდ განირჩეოდა, ალ. ორბელიანი მაინც უნდობლად ეკიდება მას. როგორი იყო ამ წარსულ მთავარმართებელთა პოლიტიკა? ან უფრო სწორად: ვორონცოვამდე როგორი იყო რუსეთის მთავრობის პოლიტიკა, რომელსაც მისი მოხელენი ადგილზე ატარებდნენ? ბარონი კორფი ამის შესახებ წერს: „ჩვენ განუწყვეტელ ლაშქრობაში ვიყავით კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარი დიდ გმირობასა და სიმტკიცეს იჩენდა ხოლმე, ჩვენი ლაშქრობა საბოლოო გამარჯვებით არ დაგვირგვინებულა. ვლაშქრობდით ომის ველზე, ვლაშქრობდით სამოქალაქო ასპარესზედ, ერთ დაწესებულებას მეორეთი ვცვლიდით, ერთ პირს ვითხოვდით მეორეს ვაყენებდით. წლები მიდიოდენ და ჩვენ სულ ყოყმანში, გამოცდილებაში და გეგმებში ვიმყოფებოდით. ვაწესებდით განსაზღვრულ წესს, ვიღებდით ზომებს და როდესაც ყოველივე თითქოს დამკვიდრებული იყო, ისევ ვაუქმებდით, ძველს ვუბრუნდებოდით. ვაუქმებდით ახალს და ხელმეორედ ვამუშავებდით ახალ გეგმას, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაუქმების ბედი ეწეოდა ხოლმე. ვაუქმებდით კანონს, რომელიც ჯერ არ დამკვიდრებულა და, რომელსაც ხალხი ვერც კი გასცნობოდა, ახალ კანონს ვაწესებდით და იმასაც მალე ვსპობდით. მმართველებსაც ხშირად ვცვლიდით. დიდძალი ფული იხარჯებოდა სხვა და სხვა კომიტეტების, კომისიების, ექსპედიციების, მოხელეების და სხვათა შენახვისათვის“.[8] მმართველობაში ასეთი უწესრიგობა, არევ-დარევა, მერყეობა, მოხელეების ცვლა, როცა თითოეული რეზიდენტი თავის კანონებსა და წესებს ამყარებს, ხოლო მის გამოცვლასთან ერთად მისი კანონებიცა და წესებიც იცვლება; ყოველივე ეს საშინლად მოქმედებდა დამარცხებულ ქართველ ხალხზე, მის ყოფა-ცხოვრებაზე, სახალხო მეურნეობაზე, მის უფლებრივ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი საზოგადოების უუფლებო ნაწილზე – გლეხობაზე, რომლისთვისაც არც ძველი კანონი არსებობდა და არც ახალი.

ვორონცოვის დანიშვნით თითქოს ბოლო ეღება ამ არევ-დარევას და მმართველობისთვის ერთი გარკვეული წესი ყალიბდება. გარდა ამისა, ვორონცოვი განსაკუთრებულად ლმობიერია ქართველებისადმი. კულტურულ საქმიანობას ხელს უწყობს, ვაჭრობა მრეწველობის განვითარებაზე ზრუნავს, თავადაზნაურობისათვის სესხი გამოითხოვა, ქართულ თეატრს, ჟურნალს ერთგვარად მფარველობდა. ეს იყო უთუოდ საყურადღებო მოვლენა. შერიგებულნი სიხარულით შეჰყურებდნენ ვორონცოვს, ხოლო შეურიგებლებზე ამ გარემოებამაც ვერ იმოქმედა. მათი აზრით, რუსეთს შეუძლებელია კეთილი სურვილი ამოძრავებდეს ჩვენ მიმართ. მაშ, რით აიხსნება რუსი მოხელის ასეთი ყურადღება ქართველი ხალხისა და მისი კულტურისადმი?

ეს საკითხი ბუნებრივად ისმოდა შეურიგებელთა წინაშე და მის ახსნას ისინი სულ სხვა სივრცეში ეძებდნენ, ვიდრე შერიგებულნი. მათს აზრს ალ. ორბელიანი ამგვარად გამოგვცემს: „ მე კი ზედმიწევნით ვიცოდი, ესეები სულ მოჩვენება იყო ვარანცოვისაგან, რომ საქართველოს ხალხი გართულები იყვნენ დროებით ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის არა ჰქონოდეს, ამისათვის რომ ვარანცოვის დროს შამილი და დაღესტანი გაძლიერებული იყვნენ; ქართველების ეშინოდათ“[9]. ასე აფასებდნენ შეურიგებელნი ალ. ორბელიანის მეთაურობით ვორონცოვის პოლტიკას. ეს დაფასება სწორია, სხვა სივრცეში შეუძლებელია ამ პოლიტიკის მიზეზთა ძებნა. ეს იყო ნიჭიერად ჩაწყობილი პოლიტიკა, მაგრამ მთელი საქართველო ამ თვალთმაქცობამ ვერ დააბრმავა.

ჩვენში უმეტესობა ვორონცოვის პოლიტიკაში ხედავდა ეროვნული კულტურის აღორძინების დასაწყისს. ეს შეხედულება მოდის ძველთაგან, გაორებულთა თუ შერიგებულთა წრიდან. ამ ყალბ დაფასებას ისეთი დიდი მოაზროვნეც ვერ ასცდა, როგორიც იყო არ. ჯორჯაძე. იგი წერს: „ვარანცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეძებდა რუსეთის მართველ წრეებში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება. ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა, ვარანცოვის ხანამდე, მხოლოდ პირველ ნაწილს ამ ფორმულისას მიეცა რეალური ხასიათი. ხოლო მეორე ნაწილი კი ოცნება იყო და განუხორციელებლი წადილი. ვარანცოვმა პირველმა გაბედულად გამოაცოცხლა ეს დღემდე განუხორციელებელი იმედი.“[10]

არ. ჯორჯაძე ძველი თაობიდან, მე-19 საუკუნის ისტორიის ყველაზე საინტერესო მკვლევარია. მაგრამ მის მიერ ამგვარად საკითხის განხილვა არაფრით არ განსხვავდება შერიგებულთა წრის შეხედულებისაგან. საკითხის ამგვარი აღქმა ისტორიულად მცდარია. ქართველთა პოლიტიკური აზროვნება არასოდეს არ ეძებდა რუსეთთან იმგვარ „ერთგულებას და მჭიდრო კავშირს“, რომელიც განხორციელდა. პირიქით, საქართველო საუკუნეთა განმავლობაში რუსეთთან ეძებდა მხოლოდ ისეთ კავშირს, რომელიც ეროვნულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. მოხდა საწინააღმდეგო ჩვენი სურვილისა და ძიების გარეშე – რუსეთმა დაგვიპყრო. ეს ორი რამ, ის რაც ჩვენ გვინდოდა და ის რაც მოხდა, სრულიად ერთი-მეორის საწინააღმდეგო მოვლენებია და მათი ერთმანეთში აღრევა ყოვლად შეუძლებელი.

ვორონცოვი უფრო ჭკვიანი და მოხერხებული მოხელე იყო, ვიდრე მისი წინამორბედნი. მაგრამ პოლიტიკის შემქმნელი ვორონცოვი არ იყო. იგი უნაკლოდ აკეთებდა იმას, რასაც ზევიდან უბრძანებდნენ. საკითხავია, რატომ შეცვალა რუსეთის მთავრობამ გუშინდელი ველური პოლიტიკა დღეს ასე ლმობიერად? ამის პასუხი ერთია – ის, რასაც ალ. ორბელიანი ლაპარაკობს. შამილის თავგანწირულმა ბრძოლებმა, რომელსაც საიდუმლოდ ოსმალეთი და სპარსეთი ამაგრებდა, დააფიქრა რუსეთი. მთის დაპყრობა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ამას უწინ რუსეთის სამხედრო წრეები ფიქრობდნენ. ამიტომ, რუსეთი ახლა შეეცადა ქართველების გული მოეგო, რომ კავკასიონის დაპყრობა, რაც დიდ დროს ითხოვდა, გამარჯვებით დამთავრებულიყო.

ვორონცოვის მოღვაწეობა მრავალმხრივ შესანიშნავი და ნაყოფიერი იყო რუსეთისათვის. მან მთელი კავკასიისთვის ერთი სამოსწავლო უწყება შექმნა, ტფილისში კომერციული სკოლა დააარსა, უნივერსიტეტში გასაგზავნად სტიპენდია დააწესა. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ რუსეთისათვის ადგილზე სანდო მოხელეთა კადრი შეექმნა.

ვორონცოვმა, ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებათა წინააღმდეგ გაილაშქრა. ევროპიდან რუსეთში ხელოვნურად გადმოტანილი ჩვეულებანი და ეტიკეტი შემოიღო. თავადაზნაურობის ხელგაშლილი ცხოვრებისათვის სესხი გამოითხოვა. სესხში მამულები დაგირავდა, და რადგანაც დაგირავებულ მამულს ქართველი იშვიათად იხსნიდა, უცხოელებმა წაიღეს.

ვორონცოვის მოქნილმა პოლიტიკამ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი არამც თუ დააკმაყოფილა, არამედ მიუდგომელი აზროვნების უნარიც წაართვა. სამაგიეროდ, მეორე ნაწილი კარგად ხედავდა ამ პოლიტიკის ნამდვილ ბუნებას. ალ. ორბელიანი წერს: „ჩვენს ეხლანდელ სასწავლებლებზედაც ვერას ვიტყვით კარგსა ჩვენი ქართველებისათვის. ამისათვის, რომ ჯერ სრული განათლების სწავლა იმათში არ არის და მას უკან, რასაც ასწავლიან, სულ ერთიან ქართველებსა რუსებად ამზადებენ. ისე რომ, იქიდან გამოსული ქართველი ყმაწვილნი, თავიანთსა შეყრილობაში სულ რუსულად ლაპარაკობენ და ქართულს ლაპარაკს კი ხანდისხან გაურევენ ხოლმე, ისიც დიაღ იშვიათად. თუ განგებამ ეს ჩვენი დანთქმის მდგომარეობა არ შესცვალა, აქ ქართველი თესლი აღარ დარჩება და ბოლო დროს სულ რუსებად გადაიცლვებიან ჩვენი მომავალი“.[11] ამგვარად, მაშინდელ ქართველ საზოგადოებაში მორჩილებისა და შეგუების გრძნობა არ ყოფილა ის ფსიქოლოგიური და ზნეობრივი გარემო, რომელიც ყველას და ყოველივეს ფლობდა. აქ მორჩილებას ურჩობის გაუტეხელი რწმენა დაუპირისპირდა, ნდობას – უნდობლობა, თაყვანისცემას – სიძულვილი. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა მარტო ისტორიული წარსულის გასაგებად, არამედ ჩვენი ეროვნული ხასიათის თვისებათა შესაცნობად.

 

9

 

„არავინ ველოდით რუსებისაგან ამას, ახლა კი ვხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა. ძლიერი ძალთა სიმრავლითა თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობი კაცთა, არ დამფასებელი ზრდილობათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი“.[12] ალ. ორბელიანის ამ სიტყვებში ისმის მაშინდელი საქართველოს მთელი გულის წუხილი და აღშფოთება რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ალ. ორბელიანი უაღრესი ადამიანური გულწრფელობითა და დიდი მორალისტის საზრისით სინჯავდა ყველა საკითხის ძირსა და მოვლენების შინაგნობას.

ძნელია სანიშნო ხაზის მონახვა, როცა მომავალს უიმედობა და სიბნელე ფარავს, აწმყო საშინელია, წარსული დამსხვრეული და განადგურებული. ასე იყო მაშინ, ერთი საუკუნის წინ, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობიდან გინდ გადაყრილი ლურჯი ცა, გავერანებული ადგილები, გაძარცული ეკლესიები და რუსული სირმით მოკაზმული თავადაზნაურობა დარჩა. ისტორიულმა ქარტეხილმა ისე მძლავრად დაარხია ქართული სხეულის მთელი ტანი, რომ ეგოდენი შლამი დააყარა ჩვენს სახეს. ამ შლამში ერთი სიმაღლე დარჩა მიუვალი და დაუპყრობელი. ამ სიმაღლეს კერპივით შერჩა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ალ. ორბელიანის მეთაურობით.

აკ. წერეთელი თავის თავგადასავალში გადმოგვცემს ალ. ორბელიანთან შეხვედრას: „ბევრი რამ ძველი თუ ახალი იცოდა, მაგრამ დღისით იმასაც არას ეტყოდა ვისთანაც გულგახსნილი იყო. ღამე, როცა მარტოკა დარჩებოდა მეგობრებთან, მოჰყვებოდა ხოლმე ხმის კანკალით სხვა და სხვა ამბებს, მაგრამ მაშინაც სიფრთხილით სანთლეს აქრობდა! „ბნელაში სჯობიაო“ – საქართველო განსხვავებულად უყვარდა ეს მისი ნაწერებიდანაც სჩანს. ზოგიერთი მათგანი ჩემთვისაც წაუკითხავს საიდუმლოდ“.[13]

ჭეშმარიტად ალ. ორბელიანს განსხვავებულად უყვარდა საქართველო. ეს დიდი გზნება წარსულისადმი ამ საშინელ აწმყოში მისთვის მანათობელ ვარსკვლავად გადაიქცა. ამ ვარსკვლავის სინათლე ერთგვარი რენტგენის სხივები იყო ჩვენი ეროვნული ტკივილების სიღრმეში ჩასახედად. ამ სიღრმეში ჩახედვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ალ. ორბელიანის გაუტეხელობაზე. სულის უკანასკნელ ამოხდენამდე იგი დარჩა ანთებული, მღელვარე, მბორგავი და მოუსვენარი.

ჩვენ ჯერ საფუძვლიანად არ ვიცნობთ ალ. ორბელიანის ირგვლივ თავმოყრილ წრეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაშინდელი საქართველოს საგრძნობი ნაწილი იზიარებდა ალბათ ამ შეგნებას, თუმცა ეს საქმიანობაში არ ჩანს. მაშინდელ პირობებში ამგვარი აზრისა და რწმენის მოქმედებაში გადატანა ძნელი იყო. მთის დაპყრობა 1864 წ. გაგრძელდა. დამორჩილებული საქართველოს ერთი ნაწილი მონაწილეობდა ამ დაპყრობაში. მეორე მხრივ, რუსეთის ჩვენში დამკვიდრება და ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის მასთან შერიგება დიდად ასუსტებდა იმ ნაწილის ზრდასა და მოქმედებას, ვინც გადაჭრით უარყოფიდათ აფასებდა რუსულ ბატონობას ჩვენი ქვეყნისათვის.

შეურიგებელთა დამოკიდებულება ისტორიულად სწორია და გამართლებული. ეს არ იყო გულის ჯავრის ან უაზრო ჯიუტობის ნიადაგზე შექმნილი აზროვნება, არამედ მომხდარის ყოველმხრივი და საფუძვლიანი შესწავლა, წარსულისა და აწმყოს მიუდგომელი დაფასება, მომავლის ნათლად გასარკვევად. თუ რუსეთის ბატონობის ხანაში რაიმე სასარგებლო კეთდებოდა ჩვენი ეროვნული ცხოვრების რომელიმე დარგში, ამაზე შეურიგებელნი თვალს არ ხუჭავდნენ, მაგრამ ეს კარგიც არ მიაჩნდათ არც რუსეთის კეთილ სურვილად, არც მათ ძველ დაპირებათა ნაწილობრივ განხორციელებად და არც ჩადენილი დანაშაულის ანაზღაურებად.

ალ. ორბელიანი თუ უარყოფს ყველაფერს, რაც რუსული ხელით კეთდებოდა, სკოლებსაც კი და მასში გადაგვარების საფრთხეს ხედავდა, ამავე დროს არ ავიწყდებოდა ის მნიშვნელობა, რომელიც ამ სკოლებს ჰქონდათ უთუოდ. იგი წერს: „უნდა ითქვას, რომ ყოველი იქიდან გამოსული ქართველი ყმაწვილები, თუმც ზოგიერთმა კარგი სწავლა ვერ გამოიტანოს, მაინც ახალი იდეებისანი არიან“. ვ. კოტეტიშვილი ამ ახალ იდეებში რევოლუციონურ და რესპუბლიკანურ იდეებს გულისხმობს. ამის მტკიცება ძნელია. ალ. ორბელიანი არ იყო არც რევოლუციონერი და არც რესპუბლიკანელი. იგი იყო კონსერვატორი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ამიტომ საეჭვოა ამგვარ იდეებში მას რაიმე სახეირო დაენახა ჩვენი ქვეყნისათვის. უფრო სწორი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ალ. ორბელიანი ახალ იდეებში გულისხმობდა საზოგადო განათლებას. შეურიგებელნი სინამდვილეს პირდაპირ უცქეროდნენ, რუსეთი მიაჩნდათ დიდი საფრთხედ და ამაში იოტისოდენადაც არ ცდებოდნენ. მაგრამ ეს გარემოება მათ ოდნავ ვერ ახრევინებდა თავს რუსეთის წინაშე, პირიქით, ეს საფრთხე ასათუთებდა მათს ნერვებს და უკაჟებდა რწმენას შორეული მომავლისა.

 

 

  • [1] დ. ყიფიანის მემუარები.
  • [2] იქვე.
  • [3] იქვე.
  • [4] წერილი რუსეთიდან. იქვე.
  • [5] ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტ. ისტორია, ნაწ. 1.
  • [6] ვ. კოტეტიშვილი. ქართული ლიტ. ისტორია. ნაწილი 1.
  • [7] აკ. წერეთელი თავის თავგადასავლში ერთ საინტერესო შემთხვევას გადმოგვცემს: „ყველამ მირჩიეს, (პეტროგრადში რომ ჩავიდა) რადგან სამხედრო სამსახურში აპირებ შესვლას, აქ დარჩი ჩვენთან კანვოობას არაფერი სჯობიაო. ჩვენი სამსახური, სამსახური კი არა ლხინი და ქეიფიაო. მართლაც, საზოგადოდ კანვოობა და განსაკუთრებით ქართველების მდგომარეობა უსაქმური კაცისათვის სანატრელი იყო. კარგად სვამდენ, კარგად სჭამდენ, კარგად ეცვათ. დღეში რამდენიმე საათს ცხენებს აჭენებდნენ და დანარჩენ დროს აქეთ-იქით საქეიფოდ ინახავდნენ.“ აკ. წერეთელი. რჩეული ნაწერები ტომი I.
  • [8] ვ. კოტეტიშვილი. ქართ. ლიტ. ისტორია. ნაწილი I.
  • [9] იქვე.
  • [10] არ. ჯორჯაძე. წიგნი 6 გვ. 9.
  • [11] იქვე.
  • [12] იქვე.
  • [13] აკ. წერეთელი. რჩეული ნაწერები. ტომი I.


მდევარი