იმერეთი XVIII საუკუნეში (ნარკვევები), “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1982
კორექტორი: თიკო იობიძე
სტატია გააციფრულა ნინო სიხარულიძემ
გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება[1]. პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ[2].
თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება[3].
რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ თვლის[4]. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოდიოდა და მისი მამაპაპეული რეზიდენცია კაცხი იყო[5].
არგვეთიდან იყო კლდეკარის საერისთავოს დამაარსებელი (IX საუკუნის II ნახევარი) ლიპარიტ ბაღუაში. არგვეთიდან იყვნენ მხეციძეები, ჩხეტიძეები, შემდეგში – აბაშიძეები. ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ დიდ საგვარეულოთა მეთაურები მუდამჟამს (ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან) ებრძოდნენ მეფის ხელისუფლებას.
XIII საუკუნის მეორე ნახევარში დავით ნარინმა (1247-1293 წწ.) ღალატისთვის სასტიკად დასაჯა რაჭის ერისთავი – კახაბერიძე, გააუქმა საერისთავო და იგი თავის სახასო მამულად გამოაცხადა.
XIV საუკუნის დასასრულს იმერეთის მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს.
XVI საუკუნის 30-იან წლებში ბაგრატ მეფემ (1510-1565 წწ.) რაჭის ერისთავად დასვა შოშიტა ჩხეტიძის (1534-1565 წწ.) მემკვიდრეები; მომდევნო საუკუნის II ნახევრიდან ჩხეტიძეები უკვე „თვისად“ თვლიან საერისთავოს, მაგრამ ძველ საერისთავოსთან შედარებით, ჩხეტიძეთა სამფლობელო ბევრად იყო შეკვეცილი: მასში არც თაკვერი შედიოდა და არც მთელი რაჭა.
რაჭის ერისთავები თანდათანობით იწყებენ ყმა-მამულის შემომტკიცებას. XVII საუკუნის ბოლოს მათი სამფლობელო საგრძნობლად გადიდებულია.
XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ერისთავებს ეკუთვნოდათ 56 სოფელი, მათი ყმების საერთო რაოდენობა 1250 კომლით განისაზღვრებოდა; ამავე საუკუნის 50-60-იან წლებში ერისთავები უკვე მთელი რაჭის მფლობელები არიან. თუ რაჭის მოსახლეობა ამ დროისათვის 5000 კომლით განისაზღვრებოდა, არც ერისთავების ყმათა საერთო რაოდენობა არ იყო ბევრად ნაკლები[6].
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ერისთავთა სამფლობელო – რაჭა მოქცეული იყო კავკასიონის ქედს, სვანეთს, საწერეთლოს, ოკრიბასა და ლეჩხუმს შორის. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იგი ძნელად მისადგომი კუთხე იყო, და რაჭის ერისთავებიც, მის ბუნებრივ სიმაგრეებს მინდობილნი, ყოველთვის მიილტვოდნენ დამოუკიდებლობისაკენ. ამას ვერ ურიგდებოდნენ იმერეთის მეფენი და იყო მათ შორის ბრძოლა და აშლილობა მარადჟამს. რაჭის ერისთავები მათ „შინაურ საქმეებში“ მეფის ჩარევას მტრულად ხვდებოდნენ, მეფე კი, თავის მხრივ, არ ცნობდა ერისთავის მემკვიდრეობით უფლებას საერისთავოზე და ამ მოხელის დასმა-გადაყენებას საკუთარ უფლებად მიიჩნევდა. ამ ნიადაგზე ერისთავსა და მეფეს შორის დაუნდობელი ბრძოლა იყო გაჩაღებული, სადაც ხან ერთი მხარე იმარჯვებდა და ხან მეორე.
ერისთავების რეზიდენცია იყო სოფ. წესი. წესის იმ ნაწილს, სადაც ერისთავების კარის ეკლესია და სასახლეა, ბარაკონი ეწოდება. ბარაკონის მახლობლად მაღალი კლდის თავზე იდგა ერისთავების ბატონობის სიმბოლო, ციხესიმაგრე „მინდა“, „მაგარი და აუღებელი მტრისაგან“. ბარაკონის ეკლესია ამჟამადაც შემონახულია, ციხისა კი მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.
ბარაკონი მტრისათვის შეუვალი და მიუდგომელი იყო. აღმოსავლეთით მას ციხე „მინდა“ იცავდა, ჩრდილოეთით – კლდიანი მთა, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით – მდ. რიონი.
წესის მისადგომზე, ხიდიკართან, იქ, სადაც რიონი ვიწრო კალაპოტში მოედინება, ხიდი იყო გადებული. ხიდის ორივე თავთან, გამოკვეთილ სალ კლდეში, კოშკები იყო მიშენებული და თითოეულ კოშკში მუდმივად 40 შეიარაღებული მცველი იდგა. ასე რომ, წესის მისადგომიც მტკიცედ ჰქონდა დაცული ერისთავს. თავის უძლეველობაში დარწმუნებული როსტომ-ერისთავი იმერთა მეფეს, სოლომონ პირველს, აღარ მორჩილებდა; ოსმალთა და შინა მოკავშირეთა მოიმედეს, თვალი გარეთ ეჭირა. ბუნებრივი გეოგრაფიული ზღუდეებით დაცული საერისთავო, იმავე დროს, მოკლე და მოხერხებული გზებით იყო დაკავშირებული მეზობლებთან.
ერთი გზა მამისონის, გეზევეცის, კარაგომის, ძედოს, კირტიშოს გადასასვლელებით უკავშირდებოდა ჩრდილოეთ ოსეთს (აღსანიშნავია, რომ რუსეთის ელჩები – ტოლოჩანოვი და იევლევი – გეზევეცის გადასასვლელით მოვიდნენ იმერეთში); მეორე – უკავშირდებოდა საჩხერეში წერეთლების სათავადოს; მესამე – ნაქერალას ქედით – ოკრიბას; მეოთხე – ტოლას ხევიდან – სვანეთს; მეხუთე – ერწოს გადასასვლელით ცხინვალიდან ქართლს; მეექვსე – ვაცის წვერის გადასასვლელით – ქვემო სვანეთს.
* * *
იმერეთის სამეფო კარზე რაჭის ერისთავები დიდი პატივით სარგებლობდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ალექსანდრე III-ის მიერ 1651 წელს რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ ფიცის წიგნში საერო ხელისუფალთაგან პირველს პაპუნა რაჭის ერისთავს მოუწერია ხელი; თვით რუსეთის ელჩებიც მას მეფის პირველ „ბოიარს“ ეძახიან. უფრო გვიან, სოლომონ I-იც რაჭის ერისთავს ერთხანს დიდი პატივით იხსენიებს. მაგალითად, 1759 წლის საეკლესიო კრების დადგენილებაში სოლომონ მეფე რაჭის ერისთავს ასეთი ტიტულით ამკობს: „…სპასპეტ-სპასალარი, სტრატილატი და ვიპატოსი… ერისთავი როსტომ“[7].
რაჭის ერისთავები ასეთი ტიტულატურით აღარ კმაყოფილდებიან, ერთ დროს მეფის მიერ ნაწყალობევი მამული უკვე დაისაკუთრეს და საერისთავო-სათავადოდ გახადეს, ხოლო ერისთავი – სათავადოს უფროსად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ სათავადოს უფროსს სახლის წევრები კი არ ირჩევენ, როგორც საქართველოს სხვა სათავადოებში, არამედ უფროსობას მემკვიდრეობით გადასცემენ მამიდან შვილზე უხუცესობის მიხედვით. რაჭის ერისთავად დაჯდომას მეფის დადგენილება აღარ სჭირდება, თვითონვე ჯდებიან ერისთავად ნებართვის გარეშე. მაგრამ ადრე ასე არ იყო – რაჭის ერისთავები წინა საუკუნეებიდან მოყოლებული XVII საუკუნის შუა წლებამდე იმერეთის მეფეთა ვასალები იყვნენ და ემსახურებოდნენ მათ. მაგალითად, 1669 წელს რაჭის ერისთავმა შოშიტა II-მ მოკლა მეფის მოღალატე სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე და იმერთა მეფის – ბაგრატის ხელისუფლება განამტკიცა.
თავადურ გათიშულობას ერისთავები განსაკუთრებით ალექსანდრე III-ის სიკვდილის (1660 წ.) შემდეგ იწყებენ: შოშიტა II (1661-1684 წწ.), პაპუნა II (1684-1696 წწ.), შოშიტა III (1696-1731 წწ.), გრიგოლ შოშიტა III-ის ძე (1732-1743 წწ.), ვახტანგ შოშიტა III-ის ძე (1743-1749 წწ.), როსტომ შოშიტა III-ის ძე (1749-1769 წწ.) ებრძვიან ცენტრალურ ხელისუფლებას და ამ ბრძოლაში მხარდამხარ უდგანან აბაშიძეს, დადიანს, გურიელსა და სხვა მთავრებსა თუ თავადებს.
ფეოდალური შინაომების შედეგად იმერეთის მეფის ხელისუფლება მეტისმეტად დასუსტდა. ამ მდგომარეობამ განსაკუთრებით იჩინა თავი XVII საუკუნის შუა წლებიდან და XVIII საუკუნის II ნახევრამდე გაგრძელდა. ამ დროს რაჭის ერისთავები სხვა თავადებთან ერთად თავიანთი ნებისამებრ წყვეტენ იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხს. გაძლიერებული რაჭის ერისთავები ლიხთიმერისა და ლიხთამერის მთავრად და მსაჯულად დადგინებულ „რაჭის მპყრობელს“ ეძახიან თავიანთ თავს. [8]
რაჭის ერისთავის წინააღმდეგ მრავალჯერ გაულაშქრია იმერეთის მეფეს, მაგრამ ამაოდ. პაპუნასთან ბრძოლაში ალექსანდრე მეოთხემ ორჯერ დაკარგა მეფის ტახტი, ბოლოს პაპუნამ და მისმა მომხრეებმა შეიპყრეს მეფე და ქართლის მეფეს – გიორგი XI-ს გადასცეს; 1695 წელს იგი რუისს მოაშთეს და იქვე დაფლეს.
ერისთავმა და მისმა მომხრეებმა სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი V (1707-1720 წწ.) ტახტიდან, ხოლო როცა მეფე დროდადრო მაინც ახერხებდა თავისი უფლების აღდგენას, სამეფოში ისევ რაჭის ერისთავი, დადიანი და აბაშიძე მბრძანებლობდნენ.
1716 წელს მათ იმერეთის სამეფო სამად გაიყვეს, ხოლო 1720 წელს მეფეც მოკლეს.
არც გიორგი VI-ის მემკვიდრეს, ალექსანდრე V-ს, ჰქონდა მოსვენება: რაჭის ერისთავმა და მისმა მომხრეებმა იგი რამდენჯერმე გააძევეს იმერეთიდან.
არც როსტომ ერისთავი უდებდა ტოლს სოლომონ პირველს. გაძლიერებული ქვეშევრდომი მეფეს აშკარა ბრძოლას უცხადებდა. აკი ხალხური ლექსი გვეუბნება როსტომის პირით:
„…ხელი აიღე რაჭაზედ,
მიხვდი, რომ აღარ გმორჩილობ, სწორი ვიდგები ძალაზედ,
რაჭის ბეგარას ავიღებ, არ გერიდები ამაზედ“.
რაჭის ერისთავებს აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებთან კეთილმეგობრული კავშირი ჰქონდათ. როგორც ცნობილია, სპარსთაგან ლტოლვილმა კახეთის მეფემ, პოეტმა თეიმურაზ პირველმა, რაჭაში შვიდი წელიწადი გაატარა და იქვე დაწერა პოემა „შამიფარვანიანი“ (1656 წ.).
როდესაც იმერთა მეფე ალექსანდრე III გარდაიცვალა, რაჭის ერისთავმა იმერეთის ტახტზე ქართლის მეფის შაჰ-ნავაზის შვილი ლუარსაბი მოიწვია გასამეფებლად, მაგრამ ხონთქარმა ეს არ შეიწყნარა. ამის შემდეგ იმერეთის ტახტისთვის ბრძოლას იწყებს არჩილი, რომელიც რაჭის ერისთავთა დახმარებით სამჯერ გამეფდა იმერეთში. დამარცხებული არჩილი თავშესაფარს ისევ რაჭაში პოულობს და აქედან იწყებს ბრძოლას ტახტისთვის.
ერთხანს ლტოლვილი გიორგი XI რაჭას აფარებდა თავს. რაჭის ერისთავს ვახტანგ VI-სთანაც კარგი განწყობილება ჰქონდა. შოშიტა III რუსეთის იმპერატორისადმი 1724 წელს გაგზავნილ წერილში პეტრე I-ს სთხოვდა, ქართლის მეფეს დახმარებოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში.
რაჭის ერისთავს ერეკლე მეორესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერისთავს სამასი თუ ოთხასი ცხენოსანი კაცი მუდამ მზად ჰყავდა მის დასახმარებლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის საიმპერატორო კარზე რაჭის ერისთავს – როსტომს – იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებელ მფლობელად სცნობდნენ. ეკატერინე II თავის 1769 წლის 16 დეკემბრის სიგელში თანაბრად მიმართავს რაჭის ერისთავს, დადიანსა და გურიელს[9]. მაგრამ იმ დროს, როცა აღნიშნული დოკუმენტი იწერებოდა, რაჭის საერისთავო უკვე გაუქმებული იყო სოლომონ მეფის მიერ, ხოლო ერისთავი და მისი შვილები – თვალებდათხრილნი.
შოშიტა III ნათესავი იყო იმერეთის სამეფო სახლისა. მისი მეუღლე მარიამი ბაგრატ IV-ის ასული იყო[10]. ამიტომ იწოდებოდა როსტომ ერისთავი „იესის ძირთა ასულთაგან ნაშობად“[11], ხოლო მისი ძმა ბესარიონი – „მეფეთა ტომად“.
* *
რაჭის ერისთავთა განდიდებას გამოხატავდა მათი ტიტულატურა, რომელიც XVIII საუკუნეში გაჩნდა; „ლიხთ იმერის და ამერის მთავრად და მსაჯულად დადგინებული, მპყრობელი რაჭისა“ [12]ან „ლიხთ იმერთა სარდალი… მპყრობელი რაჭისა.“[13]
აღსანიშნავია რაჭის ერისთავის ბეჭდის წარწერა: „ღვთით რაჭის ერისთავს ომით ხმალი მაქვს“, [14]იმ მხრივ, რომ როსტომს ერისთავობა მეფემ კი არ მისცა, არამედ ხმლით მოიპოვა.
გაძლიერებული ერისთავი რაჭის სათავადოებს „წახდენა-გაღარიბებით“ ემუქრებოდა და მათგან მორჩილებას მოითხოვდა. ამავე დროს, რაჭის ერისთავი თამარის დროინდელი რაჭისა და თაკუერის (ლეჩხუმის) ერისთავის – კახაბერიძის – მემკვიდრეობას იჩემებს და არგვეთის ნაწილისთვის ისწრაფვის.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ერისთავმა წერეთლების კუთვნილი ჯრუჭის ხეობა დაიკავა. წერეთლებმა ვერ შეძლეს ერისთავის განდევნა, დავაში სოლომონ პირველი ჩაერია, აღნიშნული ტერიტორია ერისთავს ჩამოართვა, მაგრამ ჯრუჭისავე მონასტერს შესწირა. ამით მეფემ წერეთლების მხარე დაიკავა, რითაც ერისთავი დიდად უკმაყოფილო დარჩა.
მადააშლილი როსტომ ერისთავი კუთვნილ მიწა-წყალს აღარ დასჯერდა და მთელი რაჭის მოსახლეობის შემომტკიცებას მიჰყო ხელი. მან მიიტაცა ჯაფარიძეების, იაშვილების, ყიფიანების, ლიპარიშვილების, გამრეკელიძეების (გამყრელიძეების) სამფლობელოები, მას მიაყოლა სამეფო მამულებიც და მთელ რაჭას დაეუფლა. [15]
ერისთავმა არ დაინდო პაატა წულუკიძეც კი, რომელიც მას გვერდით ედგა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, გააძევა რაჭიდან და მის მამულს დაეპატრონა. „დაიპყრნა ყოველნი საწულიკიძეო მამული სოფელ-ციხესიმაგრენი სათავისთავოდ, საწულუკიძეო სრულად აღხოცა და ნაცვლად მისა დასვა სახელად სარაჭისერისთავო.“
მიტაცებული ყმა-მამულის დასაცავად მან წინასწარი ზომებიც მიიღო: ხიდიკარის კოშკები გაამაგრა[16], ხუთასი შეიარაღებული მეომარი მუდმივ მცველად დაიყენა[17].
* *
როსტომ ერისთავმა დიდ სამშენებლო მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი. 1753 წელს ააგო ბარაკონის ახალი ეკლესია, 1754 წელს – ველტყევის ეკლესია[18], 1755 წელს იერუსალიმში თავისი ხარჯით ააშენა დედათა მონასტერი[19]. გარდა ამისა, მრავალი დანგრეული ციხე და ეკლესია გაამაგრა, აღადგინა[20].
ასეთი სწრაფი და დიდი მშენებლობა საქართველოს მეფეებსაც კი უჭირდათ. ყოველივე ეს ერისთავის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე მეტყველებს. მართლაც და მისი მარნები „ათასიანი ქვევრები და ბეღლები მარცვლეულით სავსე იყო. ხოლო პირუტყვთა ჯოგები ოც ადგილს ეყენა, რომელსაც ვერ იტევდა მთა და ველი.“
კაპიტან იაზიკოვის ჩვენებით, როსტომ ერისთავი სოლომონ მეფეზე გაცილებით უფრო მდიდარი იყო.[21]
* *
რაჭის ერისთავის კარი კულტურის ერთ-ერთ გულს წარმოადგენდა იმდროინდელ საქართველოში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეიმურაზ პირველი აქ შვიდი წელიწადი იმყოფებოდა და ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა.
თვით როსტომიც დიდად განსწავლული პიროვნება ჩანს: ზეპირად იცოდა სახარება და ვეფხისტყაოსანი. [22]ზოგიერთი ცნობის მიხედვით, მას ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი.[23] თუკი ხალხურ ზეპირსიტყვიერებას დავუჯერებთ, აქვე იბეჭდებოდა საღმრთო წერილი[24].
მ. თამარაშვილის ცნობით, როსტომმა, მისმა ძმამ ბესარიონ კათალიკოსმა[25] და შვილმა გიორგიმ 1751 წელს კათოლიკობა მიიღეს [26]და ამ სარწმუნოებაზე დარჩნენ ბოლომდე.
იტალიელი მისიონერი მწერალი ლეონი ამ ფაქტს ასე გადმოგვცემს: „როსტომ რაჭის ერისთავმა დაისახა რა მიზნად იმერეთის სამეფოსგან რაჭის საერისთავოს დამოუკიდებლობის მიღწევა, მან შორს მიმავალი მიზნების დასახვით შვილთან გიორგისთან და ძმა კათალიკოს ბესარიონთან ერთად მიიღო კათოლიკობა.“[27]
ამის შემდეგ, ბუნებრივია, რომ როსტომ-ერისთავი დიდად შეუწყობდა ხელს კათოლიკე მისიონერებს; მათ განკარგულებაში იყო როსტომის მიერ გადაცემული სახლი ონში.
* *
როგორც ვიცით, სოლომონ პირველი გამეფდა 1752 წელს, მაგრამ იმერეთის ფეოდალებმა იგი მაშინვე ჩამოაგდეს ტახტიდან და იმერეთიდან გააძევეს. [28]ამ ამბავს პაპუნა ორბელიანი ასე აღწერს: „რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე დიდის ჯარით იმერელ მეფეზე წამოვიდნენ, სოლომონ მეფეც წამოვიდა ჯარით, შეიყარნენ, შეიბნენ, დაიხოცა ურგნითვე ურიცხვი, ბოლოს რაჭის ერისთავსა და ლევან აბაშიძეს გაემარჯვათ: მეფე სოლომონ გაიქცა, ახალციხის ფაშას შეეხვეწა. მეფის მამული ააოხრეს“. [29]ამ აჯანყებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე თვით მეფის დედა – ლევან აბაშიძის ასული თამარი და მეფის ბიძები: გიორგი და მამუკა.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, აჯანყებულთა შორის ერთ-ერთ მთავარ პირს ლევან აბაშიძესთან ერთად როსტომ რაჭის ერისთავი წარმოადგენდა. მომდევნო წელს (1753 წ.) ოსმალთა ჯარის დახმარებით მეფემ ისევ დაიბრუნა ტახტი და აჯანყების მონაწილენიც მკაცრად დასაჯა, მაგრამ დასჯას გადაურჩა აჯანყების მთავარი მონაწილე როსტომ რაჭის ერისთავი, „შეიწყალა ერისთავი როსტომ, – წერს სოლომონ II, სოლომონ I-ის შესახებ – და დაადგინა ერისთავად.“ [30] თავის მხრივ, მეფის მოწყალება მისი პოლიტიკური სისუსტიდან გამომდინარეობდა.
მეფობის პირველ ხანებში სოლომონს ოსმალების გარეშე არ შეეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ იგი თანდათან ძლიერდებოდა; იმერეთის თავადები ახლა უკვე მეფეს უჭერდნენ მხარს; მასთან მოეყარათ თავი როსტომის მიერ შევიწროებულ და განდევნილ თავადებს: წულუკიძეებს, ჯაფარიძეებს, იაშვილებს, წერეთლებს, აგიაშვილებს და ხსნას მისგან ელოდნენ. ამ დროს დადიანიც მეფის მოკავშირე იყო, მაგრამ როსტომ ერისთავს მხარს უჭერდა იმერეთის ყველაზე ძლიერი ფეოდალი – არგვეთის დიდი თავადი ლევან აბაშიძე – სოლომონის ბაბუა.
როსტომ ერისთავი სოლომონის გამეფების დღიდან ბოლომდე იბრძოდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო რაჭის საერისთავოს გაფართოება და მეფის ხელისუფლებისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვება.
ტყვის სყიდვის წინააღმდეგ მებრძოლ მეფეს უპირისპირდებოდა ოსმალეთიც, რომელიც მეფის დალაშქვრას აპირებდა. ასეთ ვითარებაში აბაშიძე და ერისთავი დამპყრობელს დაუკავშირდნენ.
იმერეთის მეფე-მთავრების შეთანხმება ოსმალეთს არ ესიამოვნა; მას არც ის მოსწონდა, რომ მეფემ ტყვის სყიდვა აკრძალა. ახალციხის ფაშამ რამდენჯერმე შემოუთვალა იმერთა მეფეს, რათა ტყვის სყიდვა ძველებურად ახსნილიყო, მაგრამ სოლომონ მეფე მათ მოთხოვნას არ ასრულებდა. მაშინ ოსმალეთის ხონთქარმა სოლომონის დასჯა ბრძანა.
იმერთა მეფეს დადიანი და გურიელი მხარში ამოუდგნენ, ხოლო როსტომ ერისთავი და ლევან აბაშიძე ოსმალთა ჯარის მთავარსარდალს ეახლნენ და თავიანთი რაზმები დაახმარეს. როგორც ვიცით, 1757 წელს ხრესილის მინდორზე მტერი სასტიკად დამარცხდა, აბაშიძე ამ ბრძოლაში მოკლეს, ხოლო როსტომ ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.
მართალია, ხრესილის ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ იმერეთიდან მოწინააღმდეგეთა განდევნა და მათი საბოლოო დამარცხება ჯერ კიდევ შორს იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, თავისი ურჩი და ძლიერი ფეოდალი როსტომ ერისთავი ჯერჯერობით შემოერიგებინა. როსტომიც ხედავდა, რომ მეფე საკმაოდ მომძლავრდა, ამიტომ დათმობა ამჯობინა, დაუზავდა და ერთგულება შეჰფიცა. ერთხანს მათ შორის კეთილგანწყობილება დამყარდა. [31]
ეს მარტო მეფის პოლიტიკური სისუსტით არ იყო გამოწვეული, ყურადღება იმასაც უნდა მიექცეს, რომ ამ დროს იმერეთის კათალიკოსად როსტომის ძმა ბესარიონი ზის. როსტომთან ბრძოლა ბესარიონთან ბრძოლასაც ნიშნავდა. ამიტომ მეფე კათალიკოსის ავტორიტეტს ანგარიშს უწევდა და ერისთავის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისაგან თავს იკავებდა.
ხრესილის ბრძოლიდან მოყოლებული (1757 წ.) 1761 წლამდე მეფესა და ერისთავს შორის უთანხმოების ნაკვალევი არ ჩანს. 1759 წელს საერო და საეკლესიო კრების დროს სოლომონ მეფე დიდი პატივისცემით იხსენიებს როსტომ ერისთავს. ხოლო 1760 წელს განჯაში ერეკლე მეფის ლაშქრობის დროს სოლომონ მეფე, როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულების შემსრულებელი, 15 000-იანი ლაშქრით ეხმარება ქართლ-კახეთის მეფეს. ამ ლაშქრობაში სოლომონ მეფეს თან ახლდა როსტომ ერისთავიც. [32]
ხრესილის ბრძოლაში დამარცხებას ვერ ივიწყებდნენ ოსმალები; მათ იმერეთზე თავდასხმები გაახშირეს, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულნი ბრუნდებოდნენ უკან.
სოლომონთან შემორიგებული რაჭის ერისთავი ერთხანს თავს იკავებდა მეფის ღალატისგან, მაგრამ „ცდუნებას“ ვერ დასძლია და 1761 წელს ოსმალთა მორიგი შემოსევის დროს „კვალადცა მსგავსებითა იუდასითა აღიღო მახვილი მეფესა თვისსა ზედა, და მრავალგზის შემოება ჯარსა მეფისასა, და ესე ვითარ დაუცხრომელითა ორგულებითა მისითა, მრავალნი ქრისტიანენი სამღვდელონი და საერონი დააკლდნენ სიცოცხლესა.“[33]
ამ დროიდან მოყოლებული, როსტომ ერისთავი განუხრელად იბრძვის სოლომონ მეფის წინააღმდეგ. იგი ოსმალთა ლაშქრობების დროს ან მათი მეგზურია, ან იმერეთში მათი შემოსვლისთანავე მტრის მხარეს დგება და მეფეს[34] ებრძვის. მასთან ერთად იბრძვის მეფის წინააღმდეგ ოდიშის მთავარი კაცია II დადიანიც.[35]
1765 წლამდე სოლომონ მეფე დამპყრობელთ ყოველთვის ამარცხებდა, მაგრამ როსტომ ერისთავი მაინც დაუსჯელი რჩებოდა, რადგან საშინაო და საგარეო ვითარება მეფეს ამის საშუალებას არ აძლევდა. მეფეს, ერისთავის „შეწყალების“ გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა (რადგან იმერეთის სამეფოში ერისთავს ბევრი ფეოდალი უჭერდა მხარს).[36]
იმერეთის თავადებიც შიშნარევი ეჭვით უცქერდნენ მეფის გაძლიერებას. აბაშიძის სახლის დამდაბლების შემდეგ ჯერი როსტომ რაჭის ერისთავზე მიდგა. ამის პირველი ნიშანი ის იყო, რომ მეფემ როსტომის მოწინააღმდეგე რაჭის თავადები დაიახლოვა, ამავე დროს დამდაბლებული აბაშიძეების ადგილზე მეფემ წულუკიძეები და წერეთლები წამოსწია.
მეფის საპირისპიროდ ერისთავმა ძველ ფანდს მიმართა: მან თავისი სიძე – მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე გადაიბირა და სოლომონის წინააღმდეგ აამხედრა. ახალციხეში გაქცეული თეიმურაზ ბატონიშვილი 1765 წელს თურქთა ჯარით იმერეთში შემოვიდა, რაჭის ერისთავი მას ეახლა და ბრძოლაში ჩაება მეფის წინააღმდეგ. ამჯერად გაუმართლა ერისთავს. 1766 წელს იმერთა მეფე სოლომონ პირველი ორი წლით ტახტიდან გადააგდეს. [37]
მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ მეფე იმერეთის ტახტიდან განიდევნა, მაინც შიშის ზარს სცემდა თეიმურაზსაც და სხვა მის მომხრე თავადებსაც. 1767 წელს სოლომონმა ლეკები დაიქირავა და რაჭას შეუსია. „იხმო კვლავ მეფემან მხედრიონი ლეკთა და წარტყვევნა რაჭაი და ალაფითა და ტყვითა სავსენი უკუიქცნენ თვისად ლეკნი. მაშინ მცნობმან ამა ამბისამან მეფემან ირაკლიმ შეუკრნა გადასავალი იორისა, სადაც მოსწყვიტნა სამასი ლეკნი და მოუღო ყოველივე წატყვენავნი და ტყვენიცა და რაჭველთაგანი, რომელიცა დაასახლნა კახეთს სოფელსა შალურსა.“ [38]მანამდე მტრისაგან შეუვალი და მიუწვდომელი რაჭა ლეკებმა ააოხრეს.
იმერეთი ორად იყო გაყოფილი, – ერთ მხარეს თეიმურაზ მეფე, როსტომ ერისთავი თავიანთი მომხრეებით და მეორე მხარეს – სოლომონ მეფე და იმერთა უმრავლესობა. არეულობა გრძელდებოდა.
* *
ქართულ ხალხურ საისტორიო სიტყვიერებაში კარგადაა მოთხრობილი სოლომონ მეფისა და როსტომ ერისთავის ურთიერთობა. აქ ასახულია, სხვათა შორის, მათი ურთიერთობის ერთი მონაკვეთი, რომელიც 1760-1761 წლებს უნდა მოიცავდეს. [39]
ხრესილის ბრძოლიდან მოყოლებული სოლომონ მეფე თანდათანობით ძლიერდებოდა, როსტომ ერისთავსაც შიში დასჩემდა და დროებით მაინც, მეფესთან შერიგება ამჯობინა, ამიტომ შვილებითურთ მას ეახლა – წყვილი ირემი და მეფური მოსაკითხი წინა დღით მიართვა, მეორე დღეს მეფემ ერისთავი და მისი შვილები სადარბაზოდ მიიწვია. „ისეთი რომ სანახავები იყვნენ ერისთავები, რომ უცნობი ვინმე როსტომს მეფედ ჩათვლიდა, ხოლო მის შვილებს – მეფისწულებად“ [40]– გვიამბობს ხალხური შემოქმედების ავტორი.
როსტომ ერისთავმა იგრძნო, რომ მეფე ხრესილის ომში ღალატს არ აპატიებდა მას და რომ ახლა სამაგიეროს გადახდას უპირებდა. მეფის სასახლიდან მობრუნებულმა როსტომმა თავის შვილებს უთხრა: „თუ ჩვენ თავი დღეს არ დავიძვრინეთ როგორმე, ცუდად არის ჩვენი საქმე.[41]“
შორსმჭვრეტელმა ერისთავმა პაპუნა წერეთელი და ორი დიდებული გაუგზავნა მეფეს და სთხოვა: რადგანაც სიშორისა გამო თქვენთან ხშირად ხლება, სამსახური და ერთგულების გამოჩენა არ შემიძლია, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყოველივე სამკვიდრო: ბარაკონში ციხე და სასახლე, ამბროლაურში – კოშკები და სასახლე, სევას – ციხე და სასახლე, ონში – ციხე, სასახლე და თვით პატარა ქალაქიც, ერთის სიტყვით, მთელი ჩემი რაჭის სამფლობელო აზნაურ-გლეხებით, და სამაგიეროდ აქ მახლობლად სადმე მიბოძოთ მამულიო. [42]
მეფეს ეს ამბავი დიდად ეამა, აღუთქვა სამაგიეროს ბოძება – როსტომს ვეზირობა მისცა, მის შვილს – გიორგის სარდლობა, ხოლო მეთოდეს – მდივანბეგობა. შემდეგ შემოიკრიბა ვეზირნი და შესაფერისი ყმა-მამული უბოძა. ერისთავმა დიდი მადლობა შესწირა და სთხოვა, მეციხოვნეები გაეტანებინა რაჭაში და ციხეები ჩაებარებინა. შინ წასვლის ნებაც გამოითხოვა.
მეფე დასთანხმდა და ციხეების მისაღებად ბასილა და კვირიკა იამანიძეები გააყოლა. ერისთავი რაჭაში წავიდა.
გზაზე ერისთავმა შვილებს უთხრა: ასე რომ არ მოგვეხერხებინა, ჩვენი საქმე ცუდად იყო და უთუოდ დაგვამარცხებდნენო. ვერ შენიშნეთ, როგორ წვრილ-წვრილად იკრიბებოდნენ ფიცის კაცები. როცა ბარაკონს მიაღწიეს, ერისთავმა იამანიძეებს ციხის გასაღების მაგივრად შემდეგი წიგნი გაატანა მეფესთან:
„ესე ასრე არ იქნების, ბასილა და კვირიკაო,
ციხეს მართმევს, მინდორს მაძლევს, დავჯდე, უნდა ვირიკაო?…
წადით, უთხართ თქვენსა მეფეს:
მე გახლავართ დიდი როსტომ,
მე ერთგულად გეახელი,
მიპირებდი ღალატს რატომ?
ჩემი წინაპარი იყო ერისთავი კახაბერი,
თამარ მეფის მამობილსა ყმანი ჰყავდა ორად ბევრი,
მე ვარ მისი ტომისაგან, ვერ მატირებ, ტყვილა მღერი,
გემორჩილო, არ გახლავარ ქაჯაია შენი გერი.“[43]
სოლომონ მეფე სასტიკად გაჯავრდა და დაუყოვნებლივ რაჭაზე გალაშქრება დააპირა, მაგრამ სამეფო დარბაზის სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, დიდებულები ორ ჯგუფად გაიყვნენ: ერთნი ლაშქრობას მოითხოვდნენ, მეორენი კი წინააღმდეგნი იყვნენ – ლოდინს და სათანადო შემთხვევის გამოყენებას ამჯობინებდნენ. ვაცალოთ რამდენსამე ხანს და მერე მოვიტყუოთ რამენაირადო [44]– ამ გადაწყვეტილებით დამთავრდა მეფის თათბირი.
* *
1768 წელს სოლომონ პირველმა ცხრაწყაროსთან ბრძოლაში დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგენი და კვლავ დაეუფლა ტახტს. მიუხედავად ამ წარმატებისა, მეფის საშინაო მდგომარეობა მაინც რთული იყო. ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლ მეფეს კარგად ესმოდა, რომ სათავადოების სისტემის წინააღმდეგაც უნდა ებრძოლა. უპირველეს ყოვლისა თავადების ბურჯის, როსტომ რაჭის ერისთავის, დამორჩილება იყო საჭირო, ეს არც ისე იოლ საქმეს წარმოადგენდა.
რაჭის დაპყრობაში ოდიშის მთავარი კაცია დადიანი თავის საფრთხეს ხედავდა და მართალიც იყო. რაჭის დაპყრობის შემდეგ სოლომონი უეჭველად დადიანების მიერ მიტაცებული ლეჩხუმის უკან დაბრუნებას შეუდგებოდა. უფრო მეტიც, სოლომონის გეგმა ხომ მთელი დასავლეთი საქართველოს გაერთიანება იყო ერთი სკიპტრის ქვეშ, ამიტომ ოდიშის მთავარი დადიანი გადაჭრით გამოდიოდა რაჭის ერისთავის – როსტომის მხარეზე. ამ ბრძოლაში აფხაზეთის მთავარიც დადიანს უჭერდა მხარს, ხოლო გურიაში ოსმალებს იმერთა მეფის მოწინააღმდეგე მთავარი ჰყავდათ დასმული.
1768 წელს, ხელახლა გამეფებისთანავე, სოლომონ მეფე მთელი თავისი ძალებით რაჭაში შეიჭრა, მას თან ახლდნენ ლეკთა დაქირავებული რაზმები. გიულდენშტედტი წერს: „1768 წლის დეკემბერში ლეიტენანტი ფაბულოვი (ქობულაშვილი), როგორც (რუსეთის) კარის ელჩი წავიდა სოლომონ და ერეკლე მეფეებთან, ქ. ცხინვალამდე მივიდა: აქედან კი გაემართა რაჭისკენ სოლომონთან, რომელიც წესში იდგა და მინდას ციხეში მყოფ რაჭის ერისთავს ეომებოდა.“ [45]თუმცა მეფემ ერისთავი ვერ შეიპყრო, მაგრამ სოფლები გადაწვა, პირუტყვი წამოასხა და აზნაურები მძევლებად წამოიყვანა. ერისთავი დადიანთან გაიქცა. [46]მომდევნო წელს, 1769 წ. 28 იანვარს კვლავ ააოხრა მეფემ რაჭა, მაგრამ ერისთავი ვერ შეიპყრო. მეფემ ლეკთა რაზმებით რაჭაზე თავდასხმას მოუხშირა, მაგრამ ერისთავის შეპყრობას ვერ ახერხებდა. ბოლოს იგი დარწმუნდა, რომ როსტომს ვერ ჩაიგდებდა ხელში და შერიგება არჩია.
სანამ მეფე და ერისთავი დაზავდებოდნენ, როსტომმა ყველგან მოსინჯა ნიადაგი დახმარების მისაღებად. როგორც ლეონი გვამცნობს, როსტომ ერისთავმა და კაცია დადიანმა ჩუმად გაგზავნეს კათალიკოსი ბესარიონი და ქაიხოსრო აბაშიძე, რათა ახალციხის ფაშასათვის ეთხოვათ ჯარი იმ მიზნით, რომ სოლომონი გადაეგდოთ ტახტიდან; ფაშა სიამოვნებით დასთანხმდა ჯარის მიცემაზე. ამ დროს სოლომონმა ფარულად გაგზავნა თავადი წერეთელი დაღესტანში და მრავალი ლეკი ჩამოაყვანინა. ჩამოვიდნენ რა ლეკები მთებით იმერეთის სამეფოს ყველაზე მეტად გამაგრებულ ადგილებში – რაჭაში, „მათ დააქციეს და გაანადგურეს ის საძირკვლიანად.“ [47]ერისთავმა თავი შეაფარა დადიანს. „ამ დროიდან მოყოლებული, სოლომონი დაეპატრონა მთელ იმერეთს, ყველა დაიმორჩილა, დადიანის გარდა.“[48]
ამ ამბის გაგების შემდეგ ბესარიონი ფაშას აჩქარებინებდა ჯარის გამოგზავნას იმერეთში, მაგრამ ამ დროს ახალციხეში ფარულად ჩამოვიდა სოლომონის ძმა იოსები. იგი მეფემ გამოგზავნა ფაშასთან დასაზავებლად მხოლოდ იმ პირობით, თუ პატრიარქ ბესარიონს დაპატიმრებულს გაგზავნიდა იმერეთში. [49]ამ დროს რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა, რუსეთი კავკასიის ხალხებს თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა; ასეთ ვითარებაში ახალციხის ფაშამ სოლომონ მეფეს არ აწყენინა, რათა იგი რუსებს არ მიმხრობოდა, ამავე დროს, ანგარიში გაუწია იმერთა მეფის სიძლიერეს და კათალიკოსი ბესარიონი, ჯარის მიცემისა და დახმარების მაგიერ, დააპატიმრა და ციხეში შეამწყვდია.[50]
კათალიკოსმა ბუხრის კედელი გაარღვია და თავი დააღწია პატიმრობას, მას იმერეთში მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა და თავის დისშვილთან – კაცია დადიანთან გადავიდა ოდიშში. 1769 წლის 10 მაისს მეფემ ბესარიონ-კათალიკოსი გადააყენა და მის მაგივრად თავისი ძმა – იოსები – დანიშნა.
ერისთავმა თავისი შვილი გიორგი ყაბარდოს მთავართან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ამაოდ – ამისათვის არც ფული ჰქონდა და ვერც ყაბარდოს მთავარი დაიყოლია.
რაჭის ერისთავმა დახმარებისათვის ერეკლე მეფესაც მიმართა, რათა ის საქმეში ჩარეულიყო, მაგრამ ერეკლე მეფე ვერ დაეხმარა, რადგან სოლომონთან 1758 წლიდან სამოკავშირეო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მოქცეული რაჭის ერისთავი მაინც გადარჩა – ამ დროს რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა, იმერთა მეფე რუსეთის მხარეს აპირებდა გამოსვლას, ამას დაემთხვა რუსეთის წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში, რომელმაც სოლომონი სამხედრო კავშირის დასადებად მიიწვია ერეკლე მეფესთან ერთად, რათა საქართველოს მეფეებს ომი გაეჩაღებინათ თურქეთის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში შეუძლებელი იყო შინაომის გაჩაღება და ურჩი თავადის დასჯა – სოლომონ მეფემ როსტომ ერისთავს ისევ ზავი დაუდო და მორჩილების ფიცი ჩამოართვა. ეს მოხდა 1769 წლის მაისში.
* *
1769 წელს, ერისთავთან დაზავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, კარისკაცთა რჩევით მეფემ მოიხმო თავისი ძმა იოსებ-კათალიკოსი და როსტომ ერისთავთან შუამავლობა დაავალა მისი საბოლოო შემორიგების მიზნით. იოსებმა ეს შუამავლობა იკისრა და ერისთავთან ბარაკონში გაემართა.
ბარაკონში მეფური პატივით მიღებულმა იოსებ-კათალიკოსმა ერისთავს მეფესთან შერიგება აღუთქვა და ეკლესიაში ბარძიმზე დაიფიცა (რაკი სოლომონისაგან პირობა ჰქონდა მიღებული – ერისთავებს საარაკოდ მოვეპყრობიო).
მეფის უღალატობაში დარწმუნებული ერისთავი თავისი შვიდი ვაჟიშვილით მეფესთან გაემგზავრა ვარციხეში. მაინც, სიფრთხილის გამო, თან საკმაო ჯარი იახლა.
საინტერესოა ერისთავის მგზავრობა (ქართველ ფეოდალთა მგზავრობის შესახებ ცნობები სხვა წყაროებში არ გვხვდება). ბარგს, სამზარეულოს ხელსაწყოს, პურსა და ღვინოს ასი ცხენი და ჯორი მიეზიდებოდა. სადაც დაბინავდებოდნენ, სადილი თუ ვახშამი იქ უნდა გაკეთებულიყო. თანვე მიჰქონდათ შუაზე გახერხილი თონეები და სახელდახელოდ გამართავდნენ ხოლმე. ჯოგად მიერეკებოდნენ საკლავს (მთელი ეს ამბავი მოტანილია წიგნიდან „სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი“, თბ., 1936).
მეფე დიდი ჯარით მიეგება, რამაც გააკვირვა ერისთავი. ზეიმითა და სიხარულით მიაღწიეს ვარციხეს. ლხინი იქ გაგრძელდა მთელი ოცი დღე-ღამე.
ერისთავი კურდღლებზე ნადირობის დიდი მოყვარული იყო და მეფემ მას გეგუთში, იაშვილების მამულში, ნადირობა შესთავაზა. როსტომი დიდი სიხარულით დასთანხმდა. მეფემ განაზრახა პაპუნა წერეთელი და წინდაწინ გაგზავნა იაშვილისას. თვითონაც მალე მივიდა სანავოზე, რადგან რიონი მეფის სასახლის წინ მიედინებოდა. გაღმა ნავით გასულიყვნენ; პირველად მეფე გავიდა ყველა მისი მხლებლითურთ და მაშინვე იაშვილისაკენ გაემართა. შემდეგ როსტომი, მისი შვიდი შვილი და რვა აზნაური, რომელთაც ბატონების თოფები ეჭირათ, ნავში ჩასხდნენ და გაღმა გავიდნენ. ისინიც იაშვილის მამულისაკენ გაემართნენ, ხოლო ერისთავის ჯარის რიონგაღმა გადაყვანა ნავებით დააბრკოლეს, რათა ერისთავები დაემარტოხელებინათ. იაშვილის მამულში ერისთავებს რამდენიმე კაცი მიეგება ვითომცდა პატივის საცემად, მაგრამ დამხდურები უკან მოექცნენ სტუმრებს და მოულოდნელად თითოს ოთხ-ოთხი კაცი ეცა, დაიმორჩილეს და ხელფეხშეკრულნი ეზოში დაყარეს. მეფის განკარგულების თანახმად, მამა-შვილებს თვალები დათხარეს. ასე სასტიკად დასაჯა სოლომონ მეფემ რაჭის ერისთავი როსტომი.
მეფემ ერისთავი მაშინ დასაჯა, როცა რუსეთის ჯარი საქართველოში შემოვიდა; ყველა დარწმუნებული იყო, რომ რუსები სოლომონის დასახმარებლად მოდიოდნენ და ამიტომ ერისთავის გამოსარჩლება ვერავინ გაბედა. სწორედ ამან განაპირობა სოლომონის ქმედება ერისთავის წინააღმდეგ.
მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა, ადგილ-მამულის უდიდესი ნაწილი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ციხეებში თავისი ხალხი ჩააყენა, ხოლო ნაწილი სოფლებისა თავის ძმას – იოსებს გადასცა.
რაჭა უზარმაზარ ყმა-მამულს მოიცავდა. მეფემ როსტომ ერისთავის მიერ რაჭიდან გამოძევებულ ძმებს – პაატა, ბერი და გიორგი წულუკიძეებს – თავიანთი მამა-პაპეული „საწულოები“ აღუდგინა, რაჭის მამულებში წილი დაუდო თავის ერთგულ წერეთლებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მეფეს ერისთავის დამარცხებაში.
მეფემ ანდერძი დატოვა, რომ როსტომ ერისთავის შთამომავლობას აღარასდროს მისცემოდა რაჭის მემკვიდრეობა – „დასდვა წერილი წყევით და შეჩვენებით მსოფლიოთა პატრიარქთაგან, რათა დასასრულამდე ქვეყნისა ძენი და ძის ძენი და შთამომავლობანი მათნი არღა რა მიღებულ იქმნენ მემკვიდრედ რაჭისა.“[51]
ამრიგად, სოლომონ მეფემ ორი დიდი სათავადო გააუქმა (აბაშიძეებისა და ერისთავის) და მათ ადგილზე ისევ ორი სათავადო შექმნა (წულუკიძეებისა და წერეთლების), მაგრამ ეს ორი სათავადო დიდად განსხვავდებოდა ძველი სათავადოებისაგან იმით, რომ ახლა მთავარი ციხეები მეფის განკარგულებაში იყო და ტერიტორიის უდიდესი ნაწილიც მეფეს ეკუთვნოდა. ამით მეფემ უზრუნველყო თავისი ბატონობა წერეთლებსა და წულუკიძეებზე. ეს პოლიტიკა სწორი გამოდგა, რადგან ეს ორი სათავადო ბოლომდე მეფის ერთგული დარჩა და მასთან ერთად იბრძოდა სოლომონის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის.
ამრიგად, 17-წლიანი ბრძოლა, რომელიც ხან ფარულად და ხან აშკარად მიმდინარეობდა მეფესა და ერისთავს შორის, სოლომონ მეფის გამარჯვებით დასრულდა.
* *
რაჭის საერისთავოს გაუქმებამ დააფრთხო დადიანი, რომელსაც ეშინოდა, რომ სოლომონს ახლა ოდიშის სამთავრო არ დაეპყრო. ამის გამო დადიანსა და სოლომონს შორის ურთიერთობა გამწვავდა. კაცია დადიანი არ ცნობდა იმერეთის მეფის უპირატესობას, იგი ისევ ძველ გზას ადგა და იბრძოდა ოდიშის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის. ორივე მოწინააღმდეგე ცდილობდა, ამ ბრძოლაში თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ როგორც ოსმალეთი, ისე რუსეთი.
მეფე-მთავარს შორის უთანხმოება ისე გაღრმავდა, რომ კაცია დადიანმა ოდიში ეკლესიურადაც ცალკე გამოყო.
ბესარიონი, რომელიც სოლომონ მეფემ იმერეთის კათალიკოსობიდან გადააყენა 1769 წლის 10 მაისს, ოდიშში გაიხიზნა. კაცია დადიანმა იგი ოდიშის კათალიკოსად დანიშნა. ამგვარად, დასავლეთ საქართველოში ორი კათალიკოსი გაჩნდა – იმერეთში მეფის ძმა იოსები და ოდიშში – როსტომ ერისთავის ძმა ბესარიონი, მაგრამ ორხელისუფლებიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა – 1773 წელს ბესარიონ-კათალიკოსი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოდიშში კათალიკოსი არ აურჩევიათ.
რუსეთ-თურქეთის ომის დროს ერთხანს დადიანმა თურქეთსაც ზურგი შეაქცია და რუსეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარება სცადა; 1773 წელს დადიანი ერეკლესა და სოლომონის სამეგობრო ხელშეკრულებას არ შეუერთდა, რაც სოლომონის წინაშე დაუმორჩილებლობას მოასწავებდა, მაგრამ საბოლოოდ იმერთა მეფემ მაინც გატეხა დადიანის წინააღმდეგობა და 1776 წელს მორიგების საფუძველზე იგი სოლომონს დაემორჩილა.
* *
სასტიკი სასჯელის შემდეგ ერისთავის შვიდი შვილიდან ოთხი ცოცხალი დარჩა (ყველანი სტამბოლში გადაიხვეწნენ); როსტომ ერისთავი 1770 წლამდე ციხეში იყო გამოკეტილი, შემდეგ გაათავისუფლეს და მან 1790 წლამდე იცოცხლა.
იტალიელი მისიონერის, ლეონის, ცნობით, ვინც ერისთავებს „თვალებს უწვავდა, ძალიან სიბრალულით ეპყრობოდა მათ, თვალის სიღრმეში ყოველთვის რაიმე სინათლეს უტოვებდა, რათა შეძლებოდათ გაერჩიათ სხვა თუ არა, გზა მაინც, ისე, რომ ძირს არ დაცემულიყვნენ.“[52]
იმავე ლეონის ცნობით, იმ დროს იმერეთში იმყოფებოდა კაპუჩინელი მკურნალი ბერი დიონიზიო, რომელიც საექიმო ხელოვნებით იყო განთქმული. მან უმკურნალა ერისთავებს და როსტომის უფროს შვილს – მეთოდეს – ორივე თვალში აღუდგინა სინათლე, ხოლო გიორგის – ცალ თვალში; კიდევ სხვა ორ ძმას სინათლე რომ არ ჰქონოდათ, ციხიდან ვერ გაიქცეოდნენ.
* *
მეთოდე ერისთავმა ოსმალთა და ლეკთა ჯარით ორჯერ ილაშქრა იმერეთში მეფის ტახტიდან ჩამოსაგდებად (1772, 1774 წწ.), მაგრამ ორჯერვე ჩხერთან ბრძოლაში დამარცხდა, ტყვედ ჩაუვარდა სოლომონს და რასაც 1769 წელს გადაურჩა, ახლა თავი ვერ დააღწია – მეფემ მას ისევ დათხარა ორივე თვალი და იმერეთიდან გააძევა. თვალებდამწვარი მეთოდე ერეკლე მეფემ შეიფარა, ხოლო ერეკლეს სიკვდილის შემდეგ იგი იმერეთში დაბრუნდა (1799 წ.) და სოლომონ II-ს „სარჩო-მამული“ სთხოვა. სოლომონმა მას ბარაკონის ყმა-მამული დაუბრუნა.
როსტომის მეორე ვაჟი, გიორგი, რომელიც 1769 წელს ცალი თვალით დააბრმავეს, ოსმალეთში სულთანს ემსახურებოდა ქიორბეის სახელით.
1784 წელს, სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა იგი იმერეთში გამოგზავნა გასამეფებლად, მაგრამ როდესაც მან გაიგო დავით გიორგის ძე იმერეთის ტახტზე ზისო, უკან გაბრუნდა (დავით მეფის და – ელენე – ცოლად ჰყავდა გიორგის).
როგორც კი დავით გიორგის ძე სამეფო ტახტზე ავიდა, სოლომონის მიერ გაუქმებული რაჭის საერისთავო ისევ აღადგინა და როსტომ ერისთავის შვილიშვილებს – თავის დისშვილებს, ანტონ და ლევან გიორგის ძეებს – უწყალობა. ერისთავობა ანტონს ჩააბარა, მაგრამ ანტონი სუსტი მმართველი აღმოჩნდა, ამიტომ დავით მეფემ ოსმალეთში მყოფი სიძე გიორგი გამოიძახა და რაჭის ერისთავობა მას ჩააბარა. გიორგის დიდხანს აღარ უცოცხლია – იგი ოსებთან შეტაკების დროს დაიღუპა გლოლაში 1787 წელს.
გიორგის სიკვდილის შემდეგ ერისთავად ისევ მისი ძე ანტონი დაჯდა, მაგრამ, როდესაც იმერეთში სოლომონ II გამეფდა, მან აღარ ინება ანტონის ერისთავობა რაჭაში, როგორც დავით გიორგის ძის ნათესავისა, და მას სხვა მამულები უბოძა.
[1] გ. ბ ო ჭ ო რ ი ძ ე, რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, თბ., 1928, ტ. V, გვ. 210; ე. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი, არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში თბ., 1963, გვ. 89-90; თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა, ქრონიკები, II, გვ. 44; ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, საისტორიო კრებული, IV, თბ., 1929, გვ. 105.
[2] ო. ს ო ს ე ლ ი ა, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973, გვ. 69. უფრო დაწვრილებით იხილეთ იმავე წიგნში „რაჭის ერისთავთა სათავადო“.
[3] ქართლის ცხოვრება, II, თბ., 1959, გვ. 180.
[4] იქვე, გვ. 275.
[5] ს. ჯ ა ნ ა შ ი ა, შრომები, II, თბ., 1952, გვ. 477.
[6] ო. ს ო ს ე ლ ი ა, დასახ. ნაშრ., გვ. 79.
[7] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, საეკლესიო რფორმისათვის, გვ. 5.
[8] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, I, გვ. 149.
- მ. რეხვიაშვილი.
[9] სიგელ-გუჯრები, I, გვ. 82 (რუს.)
[10] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. I, გვ. 123.
[11] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, საეკლესიო რეფორმისათვის, გვ. 5.
[12] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, გვ. 149.
[13] შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა, თბ., 1959, გვ.60.
[14] შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა, თბ., 1959, გვ. 117.
[15] თავად ჯაფარა ჯაფარაშვილის წერილი თავად როსტომ ერისთავისადმი მინაწერი, აკაკის კრებულ, 1899, N7. განყ. II, გვ. 2-7.
[16] სოლომონ-მეფე და როსტომ ერისთავი, 1959, გვ. 61, 64-65.
[17] გ. ბ ო ჭ ო რ ი ძ ე, რაჭის ისტორიული ძეგლები, საქ. მუზ. მოამბე, VII. 1931-1932, გვ. 245-246.
[18] იქვე, გვ. 292-293.
[19] ტ ი მ ო თ ე გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, მიმოსლვა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ვლ. მეტრეველმა, თბ., 1956, გვ.81.
[20] თავად ჯაფარა ჯაფარაშვილის წერილი თავად როსტომ ერისთავისადმი მინაწერი, აკაკის კრებული, 1899. N7, განყ. II, გვ. 5.
[21] სიგელ-გურჯები, I, გვ. 195 (რუს.).
[22] სოლომონ-მეფე და როსტომ-ერისთავი, გვ. 92-99.
[23] ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ახალი (Q) კოლექციისა, II, გვ. 336.
[24] სოლომონ-მეფე და როსტომ ერისთავი, გვ. 98.
[25] ბესარიონი აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსად იჯდა 1742-1769 წწ. ხოლო სოლომონ-მეფის მიერ იმერეთიდან გაძევების შემდეგ 1769-1773 წწ. ოდიშში იყო კათალიკოსად.
[26] მ. თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ. 366.
[27] გაზ. „კომუნარი“, ამბროლაური, 1959, N95. იტალიელი მწერალი ლ ე ო ნ ი 21 წელიწადი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში (1742-1773 წწ.). მან ღრმად შეისწავლა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. იგი თავის შრომაში აგვიწერს იმერეთის მეფის სოლომონ I-ის და როსტომ რაჭის ერისთავის ურთიერთობას. ლეონი პირადად მეგობრობდა როსტომს და ნამყოფი იყო მის სახლ-ბარაკონში.
[28] პ ა პ უ ნ ა ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავი ქართლისანი, ქართლის ცხოვრება, II, გამოც. ჩუბინაშვილისა, გვ. 443; შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768 წწ.), თბ., სახ. უნივერსიტეტის შრომები, 41, 1950, გვ. 73; IV, ჰ ა მ ე რ ი, ისტორია, 1836, გვ. 476.
[29] პ ა პ უ ნ ა ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავი ქართლისანი, ქართლის ცხოვრება, II, დ. ჩუბინაშვილის გამოცემა, სანკტ-პეტერბურგი, 1854, გვ. 443. მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რომ ერისთავს ყოველთვის მხარში ედგა არგვეთის მფლობელი აბაშიძე, ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ეს ორი საგვარეულო სახლი ნათესაურადაც იყო დაკავშირებული ერთმანეთთან: (როსტომ ერისთავი და ლევან აბაშიძე დედით ძმები იყვნენ) შოშიტა III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე მეორედ გათხოვდა არგვეთის მფლობელზე.
[30] ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1914, გვ. 91.
[31] ო. ს ო ს ე ლ ი ა, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973, გვ. 97.
[32] მ. თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი, დასახ., ნაშრ., გვ. 378
[33] საქართველოს სიძველები, ტ. III, გვ. 570.
[34] იქვე
[35] ო. ს ო ს ე ლ ი ა, დასახ., ნაშრ., გვ. 99.
[36] ო. ს ო ს ე ლ ი ა, დასახ., ნაშრ., გვ. 99.
[37] დ ა ვ ი თ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი ისტორია, ბ ა გ რ ა ტ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი მოთხრობა, გამოსცა თ. ლომოურმა, თბ., 1941. გვ. 10, 53; შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, სოლომონ პირველის მეფობის პირველი პერიოდი. თბ., სახ. უნივერსიტეტის შრომები, ტ. 41, 1950, გვ. 96-120; საქართველოს სიძველენი, ტ. III, გვ. 569-570 გაზეთი „კომუნარი“ (ამბროლაური), 1959, N96.
[38] მასალები საქართველოს ისტორიისათვის შეკრებილი ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი ს დ ა ვ ი თ გ ი ო რ გ ი ს ძ ი ს ა და მისი ძმებისა, გვ. 16; თბ., აგრეთვე დ ა ვ ი თ დ ა ბ ა გ რ ა ტ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ე ბ ი, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941, გვ.10.
[39] უკანასკნელად ერისთავი და მეფე 1760 წელს იყვნენ ერთად განჯაში ერეკლეს დასახმარებლად; 1761 წელს ერისთავი ისევ განუდგა მეფეს. გამოდის, რომ ის ამბავი, რომელსაც ხალხური სიტყვიერება მოგვითხრობს, 1760-1761 წლებში უნდა მომხდარიყო, რადგანაც შემდეგ 1769 წლამდე მეფე და ერისთავი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.
[40], 2,3, ცნობები ამოღებულია წიგნიდან „სოლომონ-მეფე და როსტომ-ერისთავი“, თბ., 1936.
[43] სოლომონის მესამე ცოლი იყო ბერი წულუკიძის ასული. აზნაურ ქაჯაიას ქვრივი, რომლისგანაც მას დარჩა შვილი.
[44] ცნობები ამოღებულია წიგნიდან – „სოლომონ-მეფე და როსტომ-ერისთავი“, თბ., 1936, გვ. 50-68.
[45] გ ი უ ლ დ ე ნ შ ტ ე დ ტ ი, მოგზაურობა საქართველოში, გამოსცა გ. გ ე ლ ა შ ვ ი ლ მ ა, ტ. II, თბ., 1964, გვ. 223.
[46] გაზეთი „კომუნარი“ (ამბროლაური), 1959, N96
[47] გაზეთი „კომუნარი“ (ამბროლაური), 1959, N96
[48] გაზეთი „კომუნარი“ (ამბროლაური), 1959, N196
[49] იქვე
[50] იქვე
[51] საქართველოს სიძველენი, ტ. III, გვ. 570.
[52] გაზეთი „კომუნარი“ (ამბროლაური), 1959, N 96