საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან

ინფორმაციული ომი

გააზიარე:


revaz

ავტორები: სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანნა ამილახვარი, მირანდა მჭედლიშვილი, ანანო ყავალაშვილი, მარიამ გელაშვილი, ნინი ხიზანიშვილი

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები?

სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი განსაზღვრება, ვიტყოდი, რომ იცვლება ეპოქებისა და  პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით. ზოგნი საინფორმაციო ომს განმარტავენ, როგორც სამხედრო ოპერაციების თანადროულ მოქმედებას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ოპერაციებს, რომლებიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისა და განსაზღვრული ჯგუფების აზრის შესაცვლელად ტარდება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ის იცვლება დროისა და ქვეყნის რეჟიმთან ერთად. მაგალითად, დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ აწარმოებენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში მთავრობები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რომელშიც ყველაზე მთავარი საინფორმაციო მხარეა, მათ შორის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სხვა. მიზეზი, თუ რატომ იყენებენ ამ ხრიკს, მარტივია. როცა ხელისუფლება არცთუ ისე წარმატებით წარმართავს პოლიტიკას და უმეტესწილად მოქმედებს არა ხალხისთვის, არამედ სათავისოდ, შემდგომ მას სჭირდება, ერთი მხრივ, კანონიერი ხელისუფლების შენარჩუნება, და, მეორე მხრივ, ხალხის მასებზე ზეგავლენა, მათი სათავისოდ კეთილგანწყობა. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს გარკვეული პოლიტიკით ან კანონით. ამათ გარდა, არსებობს სხვა ხერხებიც, თუმცა მათ საერთო აქვთ შემდეგი: წინასწარ განისაზღვრება ზოგადი საზრისი, რომელიც სურთ, რომ შთააგონონ სამიზნე ჯგუფს; შემდგომ ამ მიდგომის ფარგლებში შეიძლება ჩაშალონ ცალკე პატარ-პატარა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული იდეები; ამ იდეებს, თავის მხრივ, მიუსადაგებენ სხვადასხვა საზოგადოებას. სხვადასხვა ჯგუფზე განსხვავებული ტექსტი მუშაობს,- სამიზნე ჯგუფების მიხედვით შესაძლოა თავად მიწოდების ფორმები და გზებიც განსხვავდებოდეს. მაგალითად, შეიძლება ახალგაზრდებისთვის ეს იყოს ე.წ. “მიმებით” (სახუმარო პოსტერები) ან “ტიკ-ტოკ” ვიდეოებით მიტანილი, მაშინ, როდესაც უფრო ასაკოვან თაობას შეიძლება რადიოს გადაცემით ან გაზეთში დაწერილი სტატიით მიეწოდებოდეს. თუმცა პრინციპი მაინც ერთია: დეზინფორმატორი აჩვენებს ინფორმაციის მხოლოდ ერთ მხარეს და თანაც საკუთარი ხედვით. მას წინასწარ აქვს განსაზღვრული ის, სასურველი შედეგის მისაღებად რა განცდა და შთაბეჭდილება უნდა დატოვოს.

დეზინფორმაციის რა ხერხებს იყენებენ საქართველოში? არის თუ არა თავისებურებები, რომლებიც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი?

ამის სახელმძღვანელო ან გამორჩეული ხერხები ნამდვილად არ გვაქვს. ქართულ სინამდვილეში დიდწილად რუსეთში გამოცდილი დეზინფორმაციული საზრისების გადმომღერებაა. აქამდე შინაარსობრივადაც ძალიან ჰგავდა რუსულს, თუმცა ბოლო დროს არის რაღაც ქართული დანამატებიც. 

ქართულ სინამდვილეში ყველაზე მეტად მუშაობს შიშზე აგებული დეზინფორმაცია. აქამდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო – “აბა, ომი გინდათ?”. ეს არის ერთგვარი “ცრუ დილემის” ხერხი, როცა დეზინფორმატორი იმთავითვე ქმნის ორ არასწორ ცვლადს შორის არჩევანს. ანუ, გეუბნება, რომ ერთ მხარეს ცუდი არჩევანია, მაგრამ მეორე მხარეს გაცილებით უარესია. მაგალითად, “ქართული ოცნება” ამ ხრიკს იყენებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში; ამბობდა, რომ, კი, მათი ამჟამინდელი პოლიტიკა შეიძლება უნაკლო არ იყოს, მაგრამ მეორე მხარეს არის გაცილებით უფრო დიდი და ცუდი რამ – ფიზიკური ომი (იგულისხმება რუსეთის ჯარების ჩარევა ქართული პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში); ზემოთქმულს უკვე ეძახიან “მაიდანიზაციას”, “უკრაინიზაციას” და ა.შ. “გლობალური ომის პარტიაც” არის ამის გაგრძელება, კიდევ უფრო გაბუქება და გამძაფრება. ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არაა. ყველაზე ცნობილი შემთხვევები, რომლებიც განიხილება ხოლმე ამ მიმართულებით, არის, მაგალითად, შიდსზე დეზინფორმაცია, რაც საბჭოთა კავშირმა თავის დროზე გააკეთა. აქვე, დეზინფორმაციის გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია ადამიანური მიკერძოება, – თუკი ადამიანს რაღაც საკითხების მიმართ უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვს – მაგალითად, არ მოსწონს ევროკავშირი – და მიაჩნია, რომ ქართული იდენტობის დაკარგვის ტოლფასია ამ კავშირში გაწევრება, მაშინ ამ საკითხზე მიღებული დამატებითი დეზინფორმაცია უფრო მეტად არწმუნებს საკუთარი თვალთახედვის სისწორეში. 

რომ შევაჯამოთ, ამ ორ მახასიათებელს გამოვყოფდი: არაცნობიერი შიში, რომელიც ყველა ადამიანის თანმდევი გრძნობაა, და მეორე – არსებული მიკერძოება. თუ დეზინფორმატორი კარგად იცნობს საკუთარ სამიზნე ჯგუფს, მისი მოტყუება უფრო მეტად უადვილდება.

როგორ უწყობს ხელს სოციალური მედია არხები ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, კულტურული მითებისა და ცრურწმენების შექმნას, შიშის გაძლიერებას საქართველოს მოსახლეობაში?

ცხადია, მნიშვნელოვნად ცუდი გავლენა აქვს. ვერ დავდებ თავს, რომ წლევანდელი სტატისტიკაც ვიცი, მაგრამ შარშან, მახსოვს, რომ საქართველო იყო ბოლო ადგილზე ევროპაში ციფრული მედიის განსჯის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე პროცენტულად ყველაზე მეტად ქართველები იჯერებდნენ იმას, რასაც კითხულობდნენ ინტერნეტში. რომ შევადაროთ სკანდინავიის ქვეყნების მაჩვენებლებს, სადაც ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ბავშვებს, თუ რას შეიძლება ენდონ ინტერნეტში, ვიღებთ ძალიან დიდ სხვაობას. საქართველოში ამ მაჩვენებლის შედეგი არის ის, რომ დეზინფორმატორს გაცილებით უადვილდება დიდ მასაზე ზეგავლენა. თუ, პირობითად, 30 წლის წინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად საჭირო იყო უშუალო კავშირი და ხშირი მცდელობა, დღეს ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთმა ადამიანმა შექმნას რამდენიმე ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში და ამით მისწვდეს გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს. თან, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტს აქვს თავისი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, – ადამიანს რაც უფრო ხშირად ხვდება რაღაც, მით უფრო იჯერებს ამ მოვლენას. გარდა ამისა, ინტერნეტში შესაძლებელია ალგორითმი მოატყუო ან რაღაც გაახშირო. ამას ემატება ე.წ “ექო – საკნის” სისტემა, რაც გულისხმობს ადამიანის მოხვედრას იმ გარემოში, სადაც მხოლოდ საკუთარი შეხედულების მსგავსი მოსაზრებები ესმის; შესაბამისად, ვერ განიხილავს განსხვავებულ იდეებს და უბრალოდ უკვე არსებულში უმტკიცდება რწმენა. “მსხვერპლი” განსაკუთრებით ის ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ, რომლებიც არ ამოწმებენ ინფორმაციას და უმალ იჯერებენ წაკითხულს. ეს სისტემაც ნელ-ნელა იხვეწება და ერგება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს დეზინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, deepfake-ების გამოყენებით. მაგალითად, სლოვაკეთის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიას deepfake-ები გაუვრცელა მოწინააღმდეგემ, რათა ამომრჩევლების გარკვეულ ჯგუფში შემცირებულიყო მათი მხარდაჭერა. 

რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, ცხადია, მარტივდება ინფორმაციის გავრცელება. ეს, ერთი მხრივ, კარგი მოვლენაა, რადგან ადამიანებს ცოდნის მიღებაში ეხმარება, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ვხედავთ, ცუდადაც გამოიყენება და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ბევრს. მთლიანობაში, შინაარსობრივად იგივე ფორმულაა, რაც იყო, მაგალითად, 30 წლის წინ დეზინფორმაციისთვის გამოყენებული, უბრალოდ მიდგომა და მიწოდება გაცილებით გამარტივდა.

ახსენეთ “ტროლ-ბოტების” სისტემა, რომლის გარეშეც უკვე წარმოუდგენელია საინფორმაციო ომზე საუბარი. არსებობს თუ არა რაიმე განსაზღვრული სქემა, რომლის მიხედვითაც ეს აქტორები მოქმედებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოში? თუ ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ და ყველა მხარე განსხვავებულ გზებს იყენებს?

საქართველოში უფრო ტროლები გვხვდება, ბოტები არა. ბოტები – ეს  არის წინასწარ დაპროგრამებული ალგორითმები, კოდები, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული დავალებები: გააზიარონ რიგი ანგარიშების პოსტები, გაზარდონ მათზე წვდომა, მოიწონონ ისინი და ა.შ. ამ საშუალებას, ცხადია, დღეს დეზინფორმატორები და პროპაგანდისტები დიდად იყენებენ და, მათ შორის, საქართველოშიც შეინიშნება. ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანებსაც უწევთ “ტროლების” როლის შესრულება, ვისაც ეს შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ; ვგულისხმობ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ავალებენ რაღაცის მოწონებას, დაცინვას და ა.შ.. სამწუხაროდ, გვყავს ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ასეთ საკითხებზე.

ზოგადად, რუსეთიდან დაიწყო ეს ამბავიც. მაგალითად, ცნობილი პრიგოჟინი ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც შექმნა “ინტერნეტის კვლევის ასოციაცია”. ძალიან მალე გაცხადდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც უმეტესწილად ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს ასაქმებდნენ და მათი ძირითადი მოვალეობა ინტერნეტში “ტროლინგი” გახლდათ. საქართველოში, არ ვიცი, რამდენად განაწილებული აქვთ ეს დავალებები, მაგრამ რუსეთში, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ადამიანი მიმაგრებული იყო გარკვეულ ქვეყნებზე, პროპაგანდისტულ საზრისებზე. ისინი კარგად სწავლობდნენ ამ სახელმწიფოს – მაგალითად იმას, თუ როგორ და რაზე შეუძლიათ საზოგადოების გამოწვევა. შემდგომ, სხვადასხვა “ტროლს” განსხვავებული საქმე ევალებოდა, –  ვიღაცას განსაზღვრული ადამიანის გაღიზიანება, კამათის წარმართვა და ა.შ. საკმაოდ ვრცელი და გამართული ინდუსტრიაა, მინდა გითხრათ.

ცნობილია, რომ მე-20 საუკუნეში ინფორმაციულ ომსა და პროპაგანდას გამორჩეულად საბჭოთა კავშირი წარმართავდა. როგორ შეგვიძლია მას შევადაროთ თანამედროვე რუსეთის საინფორმაციო ომი, იყენებს თუ არა მსგავს ხერხებს? ინფორმაციული ომის ტექნოლოგიური მხარე დაიხვეწებოდა, რასაკვირველია, მაგრამ შეიცვალა თუ არა ძირითადი პროპაგანდისტული მოწოდებები?

გარკვეულწილად რუსეთმა დაიტოვა ის ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც საბჭოთა კავშირისგან დაუგროვდა. ეს უკანასკნელი ძლიერად იყო ამ ყველაფერში ჩართული თავისი KGB-ს დირექტორატით, რომელსაც “აქტიური ქმედებების დირექტორატს” ეძახდნენ. დღევანდელი რუსეთის ქმედებებს ხშირად უწოდებენ “აქტიურ ქმედებებს სტეროიდებზე”, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ გადმოიღეს  ყველაფერი და უბრალოდ გაზარდეს საკუთარი გავლენა. აქვე, აღსანიშნავია მთავარი ცვლილება: საბჭოთა საინფორმაციო ომი უმეტესწილად აგებული იყო ისეთ პროპაგანდაზე, რომელიც აჯერებდა ადამიანს, რომ, პირობითად, კომუნიზმი, საბჭოთა კავშირი კარგია და დასავლეთი – ცუდი. დღეს რუსეთს უჭირს იმავეს გაკეთება, რადგან, სულ მცირე, ინტერნეტი გვაქვს და დიდად აღარ არის შეზღუდვა საინფორმაციო ველზე. დღევანდელი რუსული დეზინფორმაცია დასავლეთის ცუდად გამოყვანას მაინც ცდილობს, უბრალოდ რუსეთი ვეღარ წარმოაჩენს თავს ისე უნაკლოდ, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი. დღევანდელი რუსული დეზინფორმაცია გულისხმობს ყველასთვის თავგზის აბნევას, ანუ არა ერთი განსაზღვრული სიყალბის  წამოწევას, არამედ – ბევრის. ცდილობენ მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ცრუ საზრისის ერთდროულად არსებობით საინფორმაციო ველი დააბინძურონ, რათა ადამიანი ვეღარ გაერკვეს ჭეშმარიტებაში და რომელიმე შეგონებამ ვიღაცაზე მაინც იმოქმედოს. ამიტომ, თუკი საბჭოთა კავშირი ერთი გამოკვეთილი სიყალბის დამკვიდრებას ცდილობდა ხალხში, თანამედროვე რუსეთის შემთხვევაში ვხედავთ ბევრ მიზანმიმართულ სიცრუეს. ეს ცვლილება, ცხადია, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამაც გამოიწვია, რადგან დღეს გაცილებით მარტივია ბევრი სხვადასხვა ტყუილის გავრცელება ინტერნეტის შუამავლობით; გავლენაც, ვიტყოდი, რომ უფრო დიდია, რამდენადაც მეტ ადამიანს სწვდება დაბინძურებული ინფორმაცია.

როგორ განსხვავდება რუსეთის დღევანდელი პროპაგანდისტული მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში? ყურადღება პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც გავამახვილოთ. 

აფრიკის ქვეყნებში, სადაც რუსეთი ამ ბოლო დროს ძალიან კარგადაა წარმოდგენილი, ერთ-ერთი მთავარი ხაზია ანტიკოლონიალიზმი და ყოფილი კოლონიური ძალების წინააღმდეგ ხალხის განწყობა, რაც ისედაც იყო და, როგორც აღვნიშნე, როდესაც რაღაც მიკერძოება უკვე არის, მასზე დეზინფორმაციის დაშენება გაცილებით მარტივია. 

ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ ევროკავშირის ქვეყნებში, მნიშვნელოვანია ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ჯგუფები, რომლებიც ხშირად მტრულად არიან განწყობილი ევროკავშირის მიმართ და საერთო იდეის გზით ცდილობენ, რომ ევროკავშირი შიგნიდან დაასუსტონ; შეუტიონ ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ბევრს მოსწონს – მაგალითად, აჩვენონ ყველას, რომ არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს ნამდვილი ღირებულებები და ა.შ.

რუსეთი ყველაზე ძლიერად ჩართული არის, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რადგან, ერთი მხრივ, ამ უკანასკნელს მეტწილად აღიქვამს თავისი გავლენის სფეროდ და, მეორე მხრივ, აქვს დაგროვებული საკმაოდ მჭიდრო კავშირები და დიდი გამოცდილება. ყველა ქვეყანაში ჩადო პატარ-პატარა ნაღმები, რომლებიც ყოველთვის შეიძლება აამოქმედოს. საქართველოში ბევრ ასეთ შემთხვევას ვიპოვით. მაგალითად, რუსეთთან მიმართებით  ხაზგასასმელია ერთმორწმუნეობის ცნება. ძალიან გაგიჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყნის მეორე ქვეყანასთან ურთიერთობაში შენიშნოთ ერთმორწმუნეობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი აზრი, რომელიც ფარავს ამ ორი ქვეყნის წარსულ ცუდ გამოცდილებას. ევროკავშირშიც არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, თუმცა მათზე ამ პროპაგანდას არასოდეს იყენებენ. რუსეთი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცდილობს ჩაებღაუჭოს ამ საერთო სიკეთეებს, სულისკვეთებას. საქართველოში ეს არის რიგ ჯგუფებში საბჭოეთის მონატრების გაღვივება, რათა შეიქმნას ისეთი იდეები, როგორიცაა “რა ქვეყანა დაანგრიეს” და “რა კარგად ვცხოვრობდით ერთად”. 

გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილში სასურველი მდგომარეობა (desired state) წარმოაჩინოს ცუდად. მაგალითად, ევროკავშირის მიმართ აწარმოოს დეზინფორმაციული კამპანია, იგი წარმოადგინოს, როგორც “გარყვნილების ბუდე”, გააიგივოს ევროკავშირში გაწევრება საკუთარი იდენტობის დაკარგვასთან. ირონიული ისაა, რომ სინამდვილეში რუსეთს აქვს ეს ყველაფერი საქართველოსთვის გაკეთებული; მაგრამ იმას, რაზეც შეიძლება ქართველმა უკმაყოფილება გამოთქვას რუსეთთან მიმართებით, რუსეთი აბრალებს სხვას და წინასწარ ცდილობს შექმნას ცუდი დამოკიდებულება. ესეც არის რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მახასიათებელი, – სანამ მას რამეს დააბრალებ, ის წინასწარ ცდილობს იგივე სხვას დააბრალოს, რათა შემდგომ კამათში მის მიმართ არსებული ყველა ბრალდება გააქარწყლოს. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თითქმის ყველგან ვნახავთ ზუსტად ამ მიდგომას. ცხადია, გააჩნია ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და მის მისწრაფებებს, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი იარაღია საბჭოეთის მონატრების გაღვივება და წარსული კავშირების გამოყენება.

საინტერესოა, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, როგორ ახერხებს და წარმატებით გამოსდის თუ არა რუსეთის ხელისუფლებას საკუთარ მოსახლეობაში საინფორმაციო ომის წარმოება? როგორ ცდილობს იგი თავისი ქმედებების ახსნას მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომლის დიდი ნაწილი ემიგრანტად იქცა?

რუსეთში ფაქტობრივად არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს; გარდა ამისა, ხალხს არ აქვს უფლება საჭირბოროტო საკითხებზე საჯაროდ ილაპარაკოს, რადგან არსებობს მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც ხელისუფლებას მსგავს თემებზე მოსაუბრე ადამიანის სამაგალითოდ დასჯის ძალაუფლებას ანიჭებს. საკუთარ ქმედებათა ახსნის მცდელობა, თავის მხრივ, რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს. ამის გაგებისთვის საკმარისია, რომ გადავხედოთ რუსების სასკოლო პროგრამას – თუ როგორაა ისტორია წარმოჩენილი სახელმძღვანელოებში, როგორ არის გადმოცემული რუსეთის მნიშვნელობა… ამას ემატება ინფორმაციული მეთვალყურეობაც. იქ თითქმის ყველა დასავლური ინფორმაციული ქსელი არის შეჩერებული, უკვე აღარ არსებობს ოპოზიციური ტელევიზია. სახელმწიფო მკაცრად ზედამხედველობს ცნობათა ველს და დოკუმენტირებულად აქვს დადგენილი, რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის მთავრობას შეუძლია გაავრცელოს ჭეშმარიტი ინფორმაცია. ასევე აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც შეუძლია ნებისმიერ ვებგვერდს შეუჩეროს ლიცენზია განურჩეველი  ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელსაც ხელისუფლება დეზინფორმაციად მიიჩნევს. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთში ძალიან უადვილდებათ ადამიანებს დააჯერონ ის, რაც ხელისუფლებას სურს. პრობლემა მანდ სინამდვილეში ისაა, რომ, როცა სახელმწიფო მთლიანად ზედამხედველობს ყველა საინფორმაციო ინსტიტუციას და არ არსებობს არანაირი ოპოზიციური მედია ან დამოუკიდებელი ინსტანცია, ძალიან მარტივია მოსახლეობას დააჯერონ ის, რაც უნდათ. რუსული დეზინფორმაციული მანქანის შედეგები წარმოუდგენელია. მაგალითად, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები მშობელს რომ ურეკავენ, მშობლები არ უჯერებენ ამ ამბავს საკუთარ შვილებსაც კი, რაც აჩვენებს, რაოდენ დიდია სახელმწიფოს გავლენა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო წლებში რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა რუსეთი, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ისინი სხვა ვითარებაში, ახალ ქვეყნებში შეძლებენ მეტად ნამდვილი, ჭეშმარიტი ინფორმაციის მიღებას. შემდგომ თავად იკითხავენ, თავად დაიწყებენ ფიქრს და თავადვე დაასკვნიან, რაც ძალიან რთული იქნებოდა რუსეთისნაირ ავტორიტარულ ქვეყანაში. 

საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს როგორი იყო რუსეთის პროპაგანდა, საინფორმაციო ომი? 

რუსეთის მიდგომებში მსგავსებები იყო, თუმცა 2014 წელს ცოტა შეცვალეს პროპაგანდა. 2008-ში მთელი ამბავი შეთხზეს იმაზე, რომ თითქოს ქართველებმა დაიწყეს ომი; ვითომ ოსებს გენოციდს ვუწყობდით და თანაც ამისთვის ვიყენებდით ძალიან სასტიკ ფორმებს – აკრძალულ იარაღს, ეკლესიების ნგრევას და ა.შ. შემდგომ თითქოს ოსებმა მიმართეს რუსეთს დასაცავად. რუსეთი აქ ამტკიცებდა, რომ საკუთარი მოსახლეობის დაცვისთვის ყველაფერს იზამდა. იყენებდა დაცვის ვალდებულების არგუმენტს – თითქოს “ჰუმანიტარული კატასტროფის” თავიდან აცილებისთვის მოუწია მას “ჩარევა”. უკრაინაშიც დაახლოებით მსგავსი ცრუ ინფორმაციათა ჯაჭვის აგებით დაიწყეს, უბრალოდ შეცვალეს ის, რომ სინამდვილეში ბოლომდე არც გაუშუქებიათ უკრაინაში თავიანთი ძალადობრივი ჩარევა. ძალიან კარგად ააწყვეს ეს ჯაჭვი, – თითქოს უკრაინაში “რადიკალებმა” რევოლუციის შედეგად უკანონოდ ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში. ამით განსაზღვრულ საზოგადოებას, მათ შორის დასავლეთშიც, დააჯერეს, რომ უკრაინის რაღაც ნაწილებში ადამიანებს აღარ სურდათ ახალ მთავრობასთან ერთად ცხოვრება, მოითხოვეს რეფერენდუმი და თითქოს დამოუკიდებლად გამოეყვნენ. ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ რუსეთის ჩართულობა საერთოდ არ ჩანდა.

პირველ შემთხვევაში – 2008-ში – ვიტყოდი, რომ საინფორმაციო ომის საწყის საფეხურზე ქართულმა მხარემ საკმაოდ კარგად გაართვა ყველაფერს თავი, რადგან ჩვენეული ხედვის დამკვიდრებას ვცდილობდით და ვახერხებდით დასავლურ მედიაში მაშინ, როდესაც რუსეთს არ ჰქონდა მაინცდამაინც დასავლურ მედიაზე წვდომა. თუმცა 2014 წლის შემთხვევაში ცვლილებები სწორედ ამას შეეხო, – ძალიან მკაფიოდ და სწრაფად დასავლური მედიის უმეტესობას დააჯერეს, რომ უკრაინაში რაც ხდებოდა, თითქოს ჯდებოდა კანონიერი თვითგამორკვევის ფარგლებში. ცხადია, შემდგომ ყველა ყველაფერს მიხვდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში ეს ამბავი ძალიან კარგად შეთხზეს.

ყველაზე შედეგიანი ხერხი და გამოსავალი რა არის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა აჩვენა გამოცდილებამ?

არ ვიცი, რამდენად გამოგვივა იმედიანად ინტერვიუს დასრულება. გრძელვადიან მიზნად თუ დავისახავთ, არსებობს გამოსავალი გზები. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენე, სკანდინავიის ქვეყნებში ადრეული ასაკიდან იწყებენ ადამიანების განათლებას ამ მიმართულებით. სკოლაშივე სხვადასხვა თამაშით ასწავლიან ბავშვებს იმას, თუ როგორ გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან, სანდო წყარო არასანდოსგან და ა.შ. ცხადია, ეს არის ძალიან შორს განჭვრეტილი მიდგომა. მთელი თაობა უნდა აღზარდონ, რომელიც მერე შემდგომ თაობასაც ასწავლის ამას. ცხადია, უფრო მეტად მოწყვლად ქვეყნებში, მაგალითად, როგორიც საქართველოა, ამდენი დრო და რესურსი არ აქვთ. ჩვენს სინამდვილეში ერთადერთი საშუალებაა ის, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფმა მათ წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომს, ერთი მხრივ, არგუმენტირებულად და ფაქტებით უპასუხოს, მეორე მხრივ კი, ეცადოს, მათ გარშემო მყოფებს დაანახოს, რა როგორ ხდება. ქართულ სინამდვილეში ხშირად ვამბობ, რომ ახალი თაობა საკმაოდ რთულად მოსატყუებელია. ცხადია, ეს ძალიან კარგი მოვლენაა – არსებობს ძალა, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს დეზინფორმაციულ პროპაგანდისტულ საზრისებს. საქართველოში საპროტესტო გამოსვლებმა მკაფიოდ აჩვენა მთელ სამყაროს, რომ, უპირველესად, ახალგაზრდებს არ სჯერათ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული შეგონებებისა. ამ საინფორმაციო ბრძოლის მოსაგებად ადამიანებმა, რომლებიც ყველაფერს ხვდებიან, მეგობრებიც უნდა დააფიქრონ საკითხებზე, რაც წარმოუდგენლად რთულია, რადგან ყველას თავისი შიში და მიკერძოება აქვს. თუმცა სხვაგვარად ფაქტობრივად შეუძლებელია წარმატება, რადგან ერთ მხარეს არის უზარმაზარი შეთანხმებული სახელმწიფო მანქანა ძალიან დიდი რესურსით, მეორე მხარეს კი შეიძლება იყოს მხოლოდ სიმართლე და კრიტიკული აზროვნება.



მდევარი