რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


informational war eto

საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან

ავტორი: , , , , , ,

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

მდევარი, თბილისი, 2024

საქართველოში რა პროპაგანდისტული თუ დეზინფორმაციული ქმედებებია ხშირი?

საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და საინფორმაციო არხების შექმნა, შემდეგ კი მათი მეშვეობით ტყუილების გავრცელება. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ახალი გზაა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი დაწესებულების შექმნა. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, არსებობს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, რომლებიც ტყუილების გასაბათილებლად საკითხებს ამოწმებენ და წერენ; სწორედ ასეთ დაწესებულებებად წარმოაჩენენ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ არხებს. მაგალითად, 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე შექმნა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გადამოწმებულ ინფორმაციას, დადგენილ ტყუილებს იღებენ და ცდილობენ, რომ სინამდვილე, ფაქტი გააბათილონ. მათი მიზანია საზოგადოების დაბნევა და ფაქტების გადამმოწმებელი ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა; ისეთი განწყობის შექმნა, რომ თითქოს არაფერი არ არის სანდო.

საინფორმაციო არხებიდან საქართველოში ყველაზე ცნობილი სოცმედია იყო და არის “ფეისბუქი”, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ, სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც ნელ-ნელა “ტელეგრამი” დაწინაურდა, რადგან ეს უკანასკნელი არის სივრცე, სადაც რუსეთისა და უკრაინის საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. ასევე ცნობადია “ტიკ-ტოკიც”, რომელსაც ახალგაზრდა თაობა უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე, მაგალითად, “ტელეგრამს”.

  “ფეისბუქზე” აუცილებლად უნდა გამოვყო ხშირი მოქმედება, რომელსაც ე.წ. “მავნე აქტორები” მიმართავენ, – “კოორდინირებული არაავთენტური ქცევა” – ეს ფრაზეოლოგიზმი “ფეისბუქის” შექმნილია და აღნიშნავს  ჯგუფს, რომლის წევრებიც თანადროულად მუშაობენ ადამიანების შეცდომაში უფრო მარტივად შესაყვანად. ისინი მალავენ საკუთარ ნამდვილ დანიშნულებასა და მიზანს. ამ შემთხვევაში, არ არის საუბარი ერთ გვერდსა ან ჯგუფზე – არის მრავალი ასეთი “ფეისბუქ” პროფილი, რომლებიც ერთად მუშაობენ და შეთანხმებულად ავრცელებენ რაღაც გზავნილს. ეს თანამშრომლობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ უფრო ფართო საზოგადოებას, სხვადასხვა ასაკობრივი და შეხედულების ჯგუფს მისწვდნენ.
ცალკე, “ფეისბუქზე” გვხვდება ხშირად ცრუ მედიები – ყალბი მედია ფეისბუქ გვერდები, რომლებიც იბრალებენ, რომ საინფორმაციო მაუწყებლები არიან. მათ მოპარული აქვთ სხვა, ნამდვილი მაუწყებლების ლოგოები, სახელი და ამით ადამიანის ნდობას ბოროტად იყენებენ. 

ვახსენოთ “ტიკ-ტოკიც” – ის ძალიან ცნობილი საშუალებაა მოკლე ვიდეოების გასავრცელებლად; საზოგადოების ჩართულობაც დიდია, როცა ვიდეოს ხანგრძლივობა მცირეა. ბოლო ორ წელიწადში გახშირდა ისეთი ვიდეოები, რომლებიც სიცრუეს, ფოტო-მანიპულაციას ან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალას შეიცავს. აქაც, ცხადია, რომ მიზანი არის იგივე – მოატყუონ განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯგუფი. 

გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც პროპაგანდა ყურადღებას ამახვილებს, და ვინაა ამ დეზინფორმაციის სამიზნე?

საქართველოში ბოლო დროა განსაკუთრებით ხაზგასასმელად გახშირებული თემაა ე.წ. “რუსული კანონი”, რომლის პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო ჯერ კიდევ შარშან, როცა სამთავრობო აქტორები ცდილობდნენ, იგი შეეფუთათ, როგორც ამერიკული, და ხალხი შეცდომაში შეეყვანათ. კანონპროექტის შინაარსის გარდა, პროპაგანდა ცდილობს იმ აქციებისთვის სახელის გატეხასაც, რომელზეც ადამიანები კანონის მიღებას აპროტესტებენ. 

ბოლო დროის გამორჩეულად აღსანიშნი თემაა ანტიდასავლური პროპაგანდაც, რომელსაც წლებია კრემლი და მასთან დაკავშირებული პირები იყენებენ. ისინი კრემლის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ გამოსვლას უწოდებენ “დასავლეთის მიერ მართულს”. ამ პროპაგანდის მიზანია, რომ ნებისმიერ პროდემოკრატიულ აქციას კანონიერება გამოაცალონ; თქვან, ხალხი თვითონ კი არ აპროტესტებს ამას, არამედ გარედანაა მართული და, შესაბამისად, უკანონოა. წლების წინ ეს პროპაგანდა საქართველოშიც გადმოიტანეს, თუმცა განსხვავებას აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი. 2022 წლამდე ისინი, ვინც ამ საზრისებს ავრცელებდნენ, იყვნენ აშკარად პრორუსული პოლიტიკური პარტიები და ულტრამემარჯვენე ჯგუფები – მაგალითად, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული მარში”, “ალტ-ინფო” და ა.შ. ანუ ის საზოგადოება, რომლის შესახებაც ისედაც ვიცოდით, რომ ცხადად ანტიდასავლურია. 2022 წლის თებერვლის მერე ფაქტობრივად ძალიან შეიცვალა საინფორმაციო სივრცე, – უკრაინაში რუსეთის ხელმეორედ შეჭრისას ეს აქტორები ჩანაცვლდნენ საქართველოს მთავრობით – ოფიციალური პირებიდან დაწყებული მთავრობასთან დაკავშირებული მედიებით დამთავრებული. ისინი ამბობდნენ, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. ამ პროპაგანდის მიზანი საზოგადოების შეშინება და 2008 წლის ჭრილობების გაღვივებაა. ქართველებს ძალიან კარგად ახსოვთ, რას ნიშნავს რუსეთის საქართველოში შემოჭრა, და, ცხადია, არავის არ უნდა მეორე ომის ნახვა თავის ქვეყანაში. თავისთავად, ამ პროპაგანდის მოსმენისას ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება, რომ არ უნდა დასავლეთთან, თუ იგი ცდილობს ომში ჩაგვრთოს. 

კიდევ, რაც არის საინტერესო, როცა საქართველოში დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ ქართველი საზოგადოების კონსერვატიულობა. გარკვეული შიშები, პოსტსაბჭოთა კოლექტიური მეხსიერება ისევ შემორჩენილია. რამდენად არის ეს ხელჩასაჭიდი დეზინფორმატორებისთვის/პროპაგანდისტებისთვის, რომ საკუთარი საინფორმაციო ომი უფრო მარტივად და წარმატებულად წარმართონ?

ზოგადად, როცა ეს “მავნე აქტორები” ქმნიან თავიანთ დეზინფორმაციულ საზრისებსა და საინფორმაციო ოპერაციებს, აუცილებლად განსაზღვრულ საზოგადოებებსა და ქვეყნებს არგებენ. ის, რაც იმუშავებს გერმანიაში, არ იმუშავებს საქართველოში, რადგან სხვადასხვა გრძნობა და შიში აქვთ საზოგადოებებს. საქართველოში ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოების კონსერვატიულობიდან გამომდინარეობს, არის ტრადიცია და რელიგია. ეს წლების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასე რჩება. საზოგადოების დიდ ნაწილს ცუდი დამოკიდებულება უჩნდება, თუ ამ ორ საკითხს ვიღაც, მათი გადმოსახედიდან, არასწორად შეეხება. შესაბამისად, წლებია უკვე საქართველოში ცალსახად პრორუსული აქტორებისა და ახლა უკვე სახელისუფლებო ჯგუფების მიდგომაა, რომ დასავლეთს დააბრალონ ტრადიციული ღირებულებების, რელიგიის “წართმევა”, რაოდენ აზრსმოკლებულადაც არ უნდა ჩანდეს ეს. ამ პროპაგანდის თანახმად, დასავლურ სტრუქტურებში გაწევრება ნიშნავს, რომ ვიღაც დაგვიწესებს, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებას, ან ჰომოსექსუალთა წყვილისთვის შვილის აყვანას დააკანონებს. ამ პროპაგანდის მაწარმოებელთა შორის ულტრამემარჯვენე და პრორუსული ჯგუფები საკმაოდ გამოირჩეოდნენ. ისინი ავრცელებდნენ ფოტოებს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული LGBTQ მარშებიდან და წარმოაჩენდნენ  სიცრუეს,- თითქოს ზოგი მათგანი საქართველოში ჩატარდა; ან ეს მოხდება საქართველოში და ამ საშიშროების გამო აუცილებელია, ყველა გავერთიანდეთ. ეს მიდგომა ჰქონდა, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსსა” და “ალტ-ინფოს”, ხოლო დღეს უკვე ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” არის აქტორი, რომელმაც ანტილგბტ კანონი შემოიღო ზემოაღწერილი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის სახასიათო არგუმენტებით.  

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროკომისიამ გამოაქვეყნა 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი პირობაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და მისი საწინააღმდეგო ზომების მიღებას გულისხმობს. რადგან ანტიდასავლური პროპაგანდა ინფორმაციულ ომში დღეს ყველაზე საგულისხმო თემად დაასახელეთ, თქვენი აზრით, ამ პირობებში რა ქმედებებია საჭირო როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მიერ ამ დათქმის შესასრულებლად? 

ახლანდელ ვითარებაში ამის არანაირი შესაძლებლობა არ არის, რადგან ხელისუფლება პრობლემის ნაწილია. არაერთხელ დამტკიცდა არა მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივი ფაქტთა ორგანიზაციების მიერ, არამედ უშუალოდ “მეტას” (“ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” მფლობელი) მიერაც, რომ სახელისუფლებო ჯგუფები ჩართულნი არიან დეზინფორმაციის გავრცელებასა და საინფორმაციო ოპერაციების წარმოებაში. 2023 წლის მაისში “მეტამ” ოფიციალურად განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მართავს ყალბ ქსელს, რომელშიც იხდის ათობით ათას დოლარს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა “ფეისბუქის” გუნდმა ასეთი რამ განაცხადა – მანამდე იგივე მოხდა 2019-სა და 2020-ში. ამის გარდა, კიდევ უამრავი კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებს პროსამთავრობო ქსელების ჩართულობას მსგავს ქმედებებში. მოკლედ, ის, რაც ახლა პრობლემის მიზეზია, ვერ იქნება მისი გადაჭრის გზის ნაწილი. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. უპირველესად, ეს არის სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობა. არსებობს მრავალი ორგანიზაცია – ფაქტების გადამმოწმებელი და მედია – რომლებსაც მთელი რიგი კვლევებით აქვთ დეზინფორმაციის პრობლემა შესწავლილი და ყველაზე კარგად იციან, თუ რა ახალ საშუალებებს იყენებენ “მავნე აქტორები”. შესაბამისად, წესიერ პირობებში მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს მათთან,- ეს გულისხმობს შესათანხმებელ შეხვედრებს, ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, რათა მთავრობამ შეძლოს ამ ჯგუფების მიერ აღმოჩენილ პრობლემაზე შესაფერისი პოლიტიკის განსაზღვრა. ლიეტუვა და ესტონეთი ამ მიდგომის ძალიან კარგი მაგალითებია. მათი უსაფრთხოების სამსახურები ყოველწლიურად, შეიძლება წელიწადში რამდენჯერმეც, აქვეყნებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა არის ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხე. ეს ანგარიში ასევე მოიცავს საინფორმაციო სივრცეს და იქ დაწვრილებითაა აღწერილი, მაგალითად, როგორ ცდილობდა რუსეთი გავლენის მოხდენას სხვადასხვა გზით, ან რას აკეთებდა ჩინეთი. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ მოქალაქეებს და ამომწურავად უხსნიან საფრთხეებს აღნიშნულ შემთხვევებში. ესტონეთში შეაჩერეს რუსული დეზინფორმაციული არხების მუშაობა. მედიებად არ მოიხსენიებდნენ სპუტნიკსა და Russia Today-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთქმული სადავო საკითხია და ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად მიუდგა მას, ქვეყნები, რომლებიც ზღუდავენ აღნიშნულ მედიებს, ამბობენ, რომ მოცემული პროპაგანდისტული მაუწყებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან და რომ ისინი ომის ერთ-ერთ იარაღია; შესაბამისად, საკუთარ ქვეყანაში არ დაუშვებდნენ მათს ეთერს. ამ ქვეყნებმა რუსულენოვან უმცირესობასთან სასაუბროდ სხვა რუსულენოვანი არხები შექმნეს.

მნიშვნელოვანია ამერიკის შემთხვევაც, – ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად გამოიძია რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევა. ეს ჯერ სხვა ქვეყნებს არ გაუკეთებიათ. რობერტ მულერის გამოძიება ფაქტობრივად იყო უდიდესი  პოლიტიკური გზავნილი, რომ ისინი ამ საკითხზე თვალს არ ხუჭავენ. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოლიტიკური პასუხია სანქციები. ეს უკანასკნელი შეეხო კრემლის მთავარ პროპაგანდისტებს, მედიებიდან დაწყებული ცალკეული პიროვნებებით დამთავრებული, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნულ ოპერაციაში. ამ პირებს არ შეუძლიათ ამერიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, მათი ანგარიშები გაიყინა და ა.შ. 

სახელმწიფოს პოლიტიკა გასაგებია და ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა რა არის ამ შემთხვევაში, როგორ უნდა გავარჩიოთ დეზინფორმაცია – ამის ხრიკები თუ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ?

უპირველესად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომლის სინამდვილეშიც დარწმუნებულნი არ ვართ. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები არა მიზანმიმართულად, არამედ  უბრალოდ გადაუმოწმებლად ავრცელებენ რაღაც ინფორმაციას, ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ პოსტი. ასეთი ტერმინი არსებობს – “გავრცელების ჟანგბადი”, რომელიც გულისხმობს, რომ, როდესაც “მავნე აქტორები” რაღაცას გამოაქვეყნებენ, ჩვენ ამ ინფორმაციის გაზიარებით მას ჟანგბადს ვაძლევთ უფრო მეტი ადამიანის მოსაცველად. მოკლედ, თუკი ჩვენს სოციალურ მედიასა თუ სხვა არხებზე ინფორმაციის გაზიარება გვსურს, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ მის ჭეშმარიტებაში – უნდა გადავამოწმოთ, ეს ჩვენი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა. მეორე და ძალიან გამოცდილი გზა არის სანდო მედიის წყაროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემოწმება. ასეთი ძალიან ბევრია, მაგალითად, CNN ან BBC. ქართულ მედიაშიც არჩევანი საკმაოდ ფართოა და შეგვიძლია ვნახოთ. რაც შეეხება ფოტოებს, მათი გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უფრო მარტივად იზიდავს ადამიანის ყურადღებას, შესაბამისად, მათ უფრო ხშირად იყენებენ საინფორმაციო კამპანიებში. გადამოწმების მარტივი ხერხი არსებობს: შეგვიძლია “გუგლში” ავტვირთოთ და ვნახოთ, გამოიყენებოდა თუ არა იგი სხვა შინაარსით. ასევე, ბოლო დროს ძალიან გახშირდა ყალბი ვებგვერდების შექმნა, რომლებიც იპარავენ სახელწოდებებსა და ლოგოებს. მაგალითად, euro-news-ს ერთ ასოს დაუმატებენ ან დააკლებენ. ამას უნდა დავაკვირდეთ, წერია თუ არა სწორად ვებგვერდის სახელი, და მხოლოდ შემდეგ  გავავრცელოთ იქიდან ინფორმაცია.



მდევარი