მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ
მთარგმნელი: ანა კარტოზია
თარგმანის რედაქტორი: მარიამ ხარიბეგაშვილი, ბექა იობიძე
კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი
მდევარი, თბილისი, 2023
სტატიის აღწერა: ენები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ როგორ აღწერენ სამყაროს. აღწერის განსხვავებული გზები განსხვავებულ ენებზე მოსაუბრეებს სამყაროს განსხვავებულად შეამეცნებინებს?
აყალიბებს აზროვნებას ენა?
ადამიანები ურთიერთობენ მრავალ განსხვავებულ ენაზე, რომელთაგან თითოეული სხვებისგან უთვალავი თვალსაზრისით გამოირჩევა (უპირველესად, გამოთქმითა და ლექსიკით; შემდეგ, – გრამატიკით). მაგალითად, ინგლისურად რომ ვთქვათ „სპილომ შეჭამა მიწის თხილი“, უნდა გამოვიყენოთ გრამატიკული დრო – ფაქტი, რომ მოვლენა მოხდა წარსულში. მანდარინსა და ინდონეზიურში იმის მითითება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, იქნებოდა ნებაყოფლობითი, და არა ზმნაში მოცემული. რუსულში ზმნა უნდა მოიცავდეს დროსა და, ასევე, იმას, მიწის თხილის მჭამელი მამრობითი სქესის იყო თუ მდედრობითისა (თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ზმნა წარსულშია); ამასთან, უნდა ამბობდეს, მთლიანად შეჭამა მიწის თხილი თუ მხოლოდ ნაწილი. თურქულში, მეორე მხრივ, შესაძლოა დაკონკრეტდეს (ზმნის დაბოლოებით) მიწის თხილის ჭამას მთქმელი თავად შეესწრო თუ სხვისგან გაიგონა. როგორც ჩანს, განსხვავებულ ენებზე მოსაუბრეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და დაშიფრონ სამყაროს საოცრად განსხვავებული მხარეები, რათა სწორად გამოიყენონ საკუთარი ენა (საფირი, 1921; სლობინი, 1996). ახდენს გავლენას ეს ენობრივი უცნაურობები იმაზე, თუ როგორ შეიმეცნებენ სამყაროს ამ ენებზე მოსაუბრეები? უწევთ თუ არა, საბოლოოდ, ინგლისურად, მანდარინზე, რუსულად და თურქულად მოსაუბრეებს, რომ დააკვირდნენ, დაანაწევრონ და დაიმახსოვრონ საკუთარი გამოცდილებები განსხვავებულად მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულ ენებზე საუბრობენ?
შეხედულება, რომ აზროვნება ენის მიერ ყალიბდება, უმეტესად ბენჟამენ ლი უორფის ნაწერებს უკავშირდება (უორფი, 1956). უორფმა, ენობრივი მრავალფეროვნებით აღფრთოვანებულმა, შემოგვთავაზა აზრი, რომ თითოეული ენის კატეგორიები და თავისებურებები მოიცავს სამყაროს აღქმის, გაანალიზებისა და მასში ქმედების გზებს. რამდენადაც ენები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათზე მოსაუბრეებიც უნდა განსხვავდებოდნენ იმით, თუ როგორ აღიქვამენ და მოქმედებენ ისინი ობიექტურად მსგავს ვითარებებში. ეს მკაფიო უორფიანული თვალსაზრისი,- რომ აზროვნება და ქმედება სავსებით განისაზღვრება ენის მიერ,- დიდი ხანია მიივიწყეს. თუმცა, უეჭველად, მეტისმეტად რთულია გადაჭრით უპასუხო შედარებით ნაკლებწინასწარგანჩინებულ სახესხვაობას კითხვისა, – აყალიბებს აზროვნებას ენა? ეს ზოგიერთმა კვლევამ დაამტკიცა (მაგ. ბოროდიცკი, 2001; ბაუერმენი, 1996; დევიდოფი და სხვ., 1999; გენტნერი და იმაი, 1997; ლევინსონი, 1996; ლუსი, 1992; დეენი და სხვ., 1999), მაშინ, როდესაც სხვები საპირისპიროს იტყობინებიან (მაგ. ჰეიდერი, 1972; მელტი და სხვ., 1999; ლი და გლეიტმენი, 2002).
ბოლო წლებში ენობრივი ფარდობითობის კვლევისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და აზროვნებაზე ენის გავლენის შესახებ ბევრი ახალი მტკიცებულება გახდა ხელმისაწვდომი. ეს თავი მიმოიხილავს რამდენიმე დასაბუთებას იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს ენა ადამიანთა მიერ სივრცის, დროის, მატერიისა და საგანთა წარმოდგენაზე.
სივრცე
ენები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმით, თუ როგორ აღწერენ სივრცით მიმართებებს. ბევრი ასეთი სხვაობა შეინიშნება ინგლისურ, ჰოლანდიურ, ფინურ, კორეულ, ესპანურ და სხვა ენებს შორის (ბაუერმენი, 1996). მაგალითად, ინგლისური ერთმანეთისაგან განარჩევს ნივთის სათავსოში ჩადებასა (მაგ. „ვაშლი ჯამში“, „წერილი კონვერტში“) და ზედაპირზე დადებას (მაგ. „ვაშლი მაგიდაზე“, „მაგნიტი მაცივრის კარზე“). ამ ენობრივი შეზღუდულობის განსხვავებათა ნათელსაყოფად, კორეული მიჯნავს სივრცით სიმჭიდროვესა და სივრცით თავისუფლებას. მაგალითად, ვაშლის ჯამში ჩადება წერილის კონვერტში ჩადებისგან (kitta) განსხვავებულ კავშირებით ტერმინს (nehta) მოითხოვს, რადგან ვაშლი ჯამში თავისუფლადაა (მის გარშემო მეტწილად სივრცეა), ხოლო წერილი კონვერტში – მჭიდროდ (წერილს ყოველმხრივ კონვერტი ეკვრის). გარდა ამისა, წერილის კონვერტში ჩადებაც და მაგნიტის მაცივარზე მიკვრაც გადმოცემულია kitta-ს მეშვეობით, რადგან ორივე გულისხმობს მჭიდრო კავშირს.
იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, აისახება თუ არა ენობრივი განსხვავებები ინგლისურად და კორეულად მოსაუბრეთა სივრცითი დამოკიდებულებების გადმოცემის გზებზე, მაკდანაჰმა და სხვებმა (2000) ამ ენებზე მოსაუბრე ზრდასრულებს აჩვენეს სურათები, რომლებიც შეიცავდა მჭიდრო და თავისუფალ სივრცით კავშირს. მაშინ, როდესაც კორეულად მოსაუბრეები უფრო დიდხანს უყურებდნენ იმ სივრცით კავშირს, რომელსაც ახლახან გაეცნენ, ინგლისურად მოსაუბრეებმა ერთმანეთისაგან არ განასხვავეს მჭიდრო და თავისუფალი კავშირის სცენები, უყურებდნენ ერთნაირი ხანგრძლივობით ნაცნობ და ახალ სურათებს. მეტიც, მაშინ, როდესაც მათ აჩვენეს რამდენიმე მჭიდრო და ერთი თავისუფალი კავშირის მაგალითი (ან პირიქით), კორეელ ზრდასრულებს ადვილად შეეძლოთ განსხვავებული გამოსახულების გამორჩევა, ინგლისურად მოსაუბრეებს კი – არა. საბოლოოდ, მაკდანაჰმა და სხვებმა აღმოაჩინეს, რომ ინგლისურად მოსაუბრეთაგან განსხვავებით, ენააუდგმელმა ჩვილებმა (ორივე – ინგლისურად და კორეულად – ენაზე მოსაუბრე ოჯახებში გაზრდილებმა) განასხვავეს მჭიდრო და თავისუფალი კავშირი იმ ცდაში, რომელიც ზემოთ აღიწერა. კვლევის ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩვილები შეიძლება თავიდანვე არიან მზად, რომ აღიქვან სივრცითი განსხვავებების ნებისმიერი რაოდენობა. თუმცა, სწავლობს და იყენებს რა ხალხი ენებს, კონკრეტული ენის მიერ განმტკიცებული სივრცითი განსხვავებები თვალშისაცემად რჩება მათ გამომხატველობით მარაგში.
მკვეთრი ენათაშორისი განსხვავებები შემჩნეულია იმაშიც, თუ როგორ აღწერენ ენები სივრცით მდებარეობებს (ლივინსონი, 1996). მაშინ, როდესაც ენათა უმრავლესობა (მაგ. ინგლისური, ჰოლანდიური) უმეტესად ემყარება ფარდობით სივრცით ტერმინებს, რათა აღწეროს საგანთა კავშირებითი ადგილმდებარეობები (მაგ. მარცხენა/მარჯვენა, წინ/უკან), ცელტალური (მაიას ტომების ენა) უმთავრესად ეყრდნობა აბსოლუტურ მითითებას (ინგლისურში ჩრდილოეთის/სამხრეთის მიმართულების სისტემის მსგავსს); მდებარეობები, რომლებიც ჩრდილოეთითაა, იწოდება დაღმართად, ხოლო რომლებიც სამხრეთითაა – აღმართად. ეს აბსოლუტური აღმართი/დაღმართის სისტემა საგნებს შორის სივრცული ფარდობითობის აღწერის მთავარი გზაა ცელტალურში; ინგლისური ტერმინების – წინა/უკანას ან მარცხენა/მარჯვენას – არანაირი შესატყვისი არ მოიძებნება.
იმისათვის, რომ შეემოწმებინა, აქვს თუ არა აზრისმიერი გავლენები ამ ორ ენას შორის აღნიშნულ განსხვავებას, ლევინსონმა (1996) გამოცადა ჰოლანდიურსა და ცელტალურზე მოსაუბრეები რამდენიმე სივრცით დავალებაში. ერთ კვლევაში მონაწილეები ისხდნენ მაგიდასთან და მათ წინ იდო ისარი, რომელიც მიმართული იყო ან მარჯვნივ (ჩრდილოეთით), ან მარცხნივ (სამხრეთით). შემდეგ ისინი მოატრიალეს 180 გრადუსით მეორე მაგიდისაკენ, რომელზეც იდო ორი ისარი (ერთი მიმართული მარცხნივ (ჩრდილოეთით) და ერთი – მარჯვნივ (სამხრეთით)), და სთხოვეს, დაესახელებინათ ისარი, „რომლის მსგავსიც მანამდე ნახეს“. ჰოლანდიურად მოსაუბრეები დაუფიქრებლად ირჩევდნენ „ფარდობით“ გამოსავალს: თუ თავდაპირველად ნანახი ისარი მიმართული იყო მარჯვნივ (და ჩრდილოეთით), ისინი ირჩევდნენ ისარს, რომელიც ისევ მარჯვნივ იყო მიმართული (თუმცა ის ახლა სამხრეთს უჩვენებდა საწყისი ჩრდილოეთის მაგივრად). ცელტალურზე მოსაუბრეები ზუსტად საპირისპიროდ მოიქცნენ, – უმეტესად ირჩევდნენ ისარს, რომელიც ისევ ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული (თუმცა ის ახლა მიმართული იყო მარცხნივ, და არა – მარჯვნივ). მაშასადამე, ცელტალურზე მოსაუბრეთა აბსოლუტურ მითითებაზე ძლიერმა დამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა არაენობრივი დავალების შესრულებაზე.
ამ ამოცანის შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინგლისურად მოსაუბრეები (ამ თვალსაზრისით, ინგლისური მსგავსია ჰოლანდიურისა) ყოველთვის არ ანიჭებენ უპირატესობას ფარდობით პასუხებს; გარკვეული გარემოებების გამოყენებით, შეგვიძლია, ინგლისურად მოსაუბრეებს ვუბიძგოთ, რომ გასცენ ორივენაირი – აბსოლუტური და ფარდობითი – პასუხი ზემოაღწერილ დავალებაზე (ლი და გლაიტმენი, 2002). ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ინგლისურად მოსაუბრეები ორივე ფორმას იყენებენ. გასარკვევი რჩება, იმავე გარემოებებს შეუძლია თუ არა, უბიძგოს ცელტალურზე მოსაუბრეებს, რომ „უპასუხონ ფარდობითად“, მათ ენაში კავშირებითი ტერმინების ნაკლებობის მიუხედავად.
რომ შევაჯამოთ, ამ დრომდე ხელმისაწვდომი მონაცემები მოწმობს, რომ ენაში მოცემული მიმართებათა ჩარჩოები და განსხვავებები შეიძლება მართლაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებდეს ადამიანის სივრცით აზროვნებაზე.
დრო
ენები ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდებიან, თუ როგორ აღწერენ დროს. მაშინ, როდესაც ყველა ენა სივრცით ტერმინებს იყენებს დროზე სასაუბროდ (მაგ. „ერთი კვირის წინ“), განსხვავებული ენები იყენებენ განსხვავებულ სივრცით ტერმინებს. მაგალითად, ინგლისურში დროზე სასაუბროდ მეტწილად ვიყენებთ წინ/უკან ტერმინებს. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კარგ დროზე, რომელიც წინ გველოდება ან სირთულეებზე, რომლებიც უკან მოვიტოვეთ. ზოგადად, მოვლენათა რიგითობის გადმოსაცემად იმავე ტერმინებს ვიყენებთ, რომლებსაც ასიმეტრიული ჰორიზონტალური სივრცითი მიმართებების აღწერისას (მაგ., „მან გადადგა სამი ნაბიჯი წინ“ ან „ბილიკი გადის მაღაზიის უკან“). წინ/უკან დროის სივრცითი მეტაფორები მანდარინშიცაა გავრცელებული (სკოტი, 1989). მანდარინზე მოსაუბრეები დროზე სალაპარაკოდ იყენებენ სივრცით მორფემებს qián (წინ) და hòu (უკან). ის, რაც მანდარინს საინტერესოს ხდის ჩვენი ამჟამინდელი მიზნისათვის, არის მანდარინზე მოსაუბრეთა მიერ ვერტიკალური მეტაფორების ჩვეული გამოყენება დროზე მისათითებლად (სკოტი, 1989). სივრცითი მორფემები – shàng (მაღლა) და xià (დაბლა) – ხშირად გამოიყენება მოვლენათა რიგითობაზე სასაუბროდ. უფრო ადრე მომხდარ შემთხვევებზე ამბობენ, რომ არის shàng ან „მაღლა“, უფრო გვიანდელ მოვლენებზე – xià ან „დაბლა“. საბოლოოდ, ინგლისურად და მანდარინზე მოსაუბრეები იყენებენ ჰორიზონტალურ ტერმინებს დროზე სასაუბროდ. ამასთანავე, მანდარინზე მოსაუბრეებთან ჩვეულებრივ ვხვდებით ვერტიკალურ ტერმინებს – shàng-სა და xià-ს.
ამდენად, მანდარინისა და ინგლისურის დროის აღმწერი ფორმები ზემოქმედებენ, საზოგადოდ, დროის აღქმაზე? კერძოდ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მანდარინზე მოსაუბრეები მეტწილად აგებდნენ ვერტიკალური დროის ხაზს (ქრონოლოგიას), მაშინ, როდესაც ინგლისურად მოსაუბრეები უფრო მეტად ემხრობიან ჰორიზონტალურს? კვლევებმა აჩვენა, რომ მანდარინზე მოსაუბრეები დროზე უმეტესად „ვერტიკალურად ფიქრობენ“, მაშინაც კი, როდესაც საუბრობენ ინგლისურად (ბოროდიცკი, 2001). მაგალითად, ისინი უფრო სწრაფად ადასტურებდნენ, რომ მარტი აპრილზე ადრე მოდის, თუ ხედავდნენ ვერტიკალურად განლაგებულ საგნებს; ინგლისურად მოსაუბრეების შემთხვევაში საწინააღმდეგო იყო მართალი. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ რა მასშტაბითაც ინგლისურად და მანდარინზე მოსაუბრე ორენოვანი ადამიანები ფიქრობენ დროზე ვერტიკალურად, უკავშირდება იმას, თუ რა ასაკში დაიწყეს ინგლისურის სწავლა. სხვა ცდაში (მშობლიურ ენაზე) ინგლისურად მოსაუბრეებს ასწავლეს, რომ ელაპარაკათ დროზე ვერტიკალური სივრცითი ტერმინების გამოყენებით ისე, როგორც მანდარინში; შემდგომ ცდაში ინგლისურად მოსაუბრეთა ამ ჯგუფმა გამოავლინა დროის შესახებ „ვერტიკალურად ფიქრისკენ“ მანდარინზე მოსაუბრეთა მსგავსი მიდრეკილება. ეს უკანასკნელი შედეგები მიგვანიშნებს ორ რაღაცაზე: (1) ენა მძლავრი იარაღია აზროვნებაზე გავლენის მოსახდენად და (2) ადამიანის მშობლიური ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქცევითი აზროვნების ჩამოყალიბებაში (როგორ ვფიქრობთ დროზე, მაგალითად), მაგრამ მთლიანად არ განსაზღვრავს აზროვნებას უორფიანული გაგებით (ვინაიდან ადამიანს ყოველთვის შეუძლია ისწავლოს საუბრის ახალი გზა და მისი მეშვეობით – აზროვნების ახალი მანერა).
ფორმები და ნივთიერებები
ენები იმითაც გამოირჩევიან, რომ ერთმანეთისაგან გრამატიკულად განასხვავებენ ნივთებსა და ნივთიერებებს. მაგალითად, ინგლისურში ისეთ ნივთებს, როგორებიცაა სანთლები და სკამები, განსხვავებული მხოლობითი და მრავლობითი ფორმები აქვთ (სანთელი და სანთლები), მაგრამ არა ნივთიერებებს, როგორებიცაა ტალახი და ცვილი. გარდა ამისა, ინგლისურში ნივთები და ნივთიერებები განსხვავდება თვლადობითაც. მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია თქვას „ერთი სანთელი, ორი სანთელი, სამი სანთელი“ და ა. შ., ნივთიერებათა დათვლა უფრო რთულია. „ერთი ტალახი, ორი ტალახის“ თქმის მაგივრად, ინგლისურად მოსაუბრეებმა უნდა დააზუსტონ საზომი ერთეული, როგორიცაა, მაგალითად, „ერთი გორა“ ან „ერთი თასი ტალახი“ (სიტყვები „გორა“ და „თასი“ ამ შემთხვევაში „გამაერთიანებლები“ არიან, რადგან აზუსტებენ საზომ ერთეულს).
ინგლისურისაგან განსხვავებით, ზოგ ენას არ აქვს გრამატიკული შეზღუდვები ნივთებსა და ნივთიერებებს შორის. იუკატეკურ მაიაში, მაგალითად, ყველა არსებითი სახელი ისე გამოიყენება, თითქოს მიემართება ნივთიერებებს. თვლისას ყველა არსებითი სახელი საჭიროებს გამაერთიანებელს (ჩვეულებრივ, აზუსტებს ფორმასა და მოყვანილობას, მაგალითად, „ერთი გრძელი თხელი ერთეული“) და აუცილებლად არ მოითხოვს მრავლობითი და მხოლობითი ფორმების გამორჩევას (ლუსი და გასკინსი, 2001). ეს ნიშნავს, რომ ინგლისური „ორი სანთელი“ „ორი გრძელი თხელი ცვილის ერთეული“ იქნება იუკატეკურში. უბიძგებს თუ არა ნივთების შესახებ ნივთიერებებივით საუბარი იუკატეკურ მაიაზე მოსაუბრეებს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ იმ მასალებსა და ნივთიერებებს, რომლებისგანაც შედგება ნივთები? რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ეს მართლაც ასეა (მაგ., ლუსი და გასკინსი, 2001). ინგლისურად და იუკატეკურ მაიაზე მოსაუბრეებს ანახეს ნიმუში (მაგ., სახელურიანი პლასტმასის სავარცხელი) და სთხოვეს, სხვა ორი ნივთიდან აერჩიათ ის, რომელიც უფრო ჰგავდა მას. არჩევანი განსხვავდებოდა ფორმისა (უსახელურო პლასტმასის სავარცხელი) და მასალის (სახელურიანი ხის სავარცხელი) მიხედვით. ინგლისურად მოსაუბრეები უპირატესობას ანიჭებდნენ ფორმით მსგავსებას, ამბობდნენ რა, რომ ორი სახელურიანი სავარცხელი უფრო მეტად ჰგავდა ერთმანეთს (მიუხედავად იმისა, რომ მასალა განსხვავებული იყო); იუკატეკურ მაიაზე მოსაუბრეები, მეორე მხრივ, უპირატესობას ანიჭებდნენ ნივთიერულ მსგავსებას, ამბობდნენ რა, რომ პლასტმასის სავარცხლები უფრო ჰგავდა ერთმანეთს (მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებოდნენ ფორმით). ეს შედეგები აჩვენებს, რომ გრამატიკულ თავისებურებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გაიაზრებენ ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრეები ნივთების ფორმებსა და მასალებს.
ნივთები
საბოლოოდ, ენები იმითაც განსხვავდებიან, თუ როგორ ჯგუფდება საგანთა სახელები გრამატიკულ კატეგორიებად. ენათა ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია გრამატიკული სქესი. ინგლისურისგან განსხვავებით, ბევრ ენას აქვს სისტემა, რომლის მეშვეობითაც ყველა არსებით სახელს (მაგალითად, პინგვინები, ჯიბეები და ტოსტერები) მიეწერება სქესი. მრავალ ენას მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესი აქვს, ზოგს კი – საშუალო, ვეგეტატიური და სხვა გაურკვეველი სქესიც. გრამატიკული სქესის მქონე ენაზე ლაპარაკისას მოსაუბრეებმა უნდა მიუთითონ საგნის სქესი განსაზღვრული არტიკლის, სქესის მქონე ნაცვალსახელის, მეშვეობით და ხშირად მათ სჭირდებათ, რომ ფორმა შეუცვალონ ზედსართავებსა და ზმნებსაც კი, რათა შეუთანხმონ სქესში არსებით სახელებს. აიძულებს თუ არა უსულო საგნების მამრობითად ან მდედრობითად მოხსენიება ხალხს იფიქრონ, რომ მათ სქესი აქვთ?
ბოლოდროინდელი კვლევათა წყება აჩვენებს, რომ ენის მიერ საგნებისათვის მიკუთვნებული გრამატიკული სქესი მართლაც ახდენს გავლენას ხალხის მიერ საგანთა წარმოდგენაზე (ბოროდიცკი და სხვები, იბეჭდება). მაგალითად, ესპანურად და გერმანულად მოსაუბრეებს სთხოვეს, განესაზღვრათ მსგავსებები ხალხისა (მამაკაცებისა და ქალების) და ნივთების (რომელთა სახელებსაც განსხვავებული სქესი აქვს ესპანურსა და გერმანულში) ფოტოებს შორის. ორივე ჯგუფმა გრამატიკულად მდედრობითი სქესის ნივთები შეუსაბამა ქალებს, ხოლო გრამატიკულად მამრობითი სქესის საგნები – კაცებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნივთს საპირისპირო სქესი ჰქონდა ესპანურსა და გერმანულში, ეს ცდა იყო სრულიად არაენათმეცნიერული (ჩატარდა მხოლოდ ფოტოებითა და ინგლისური მითითებებით). სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ესპანურად და გერმანულად მოსაუბრეები ნივთებს ქალურ ან კაცურ თვისებებს მიაკუთვნებენ გრამატიკული სქესის მიხედვით. მაგალითად, სთხოვეს რა აღეწერათ გასაღები (გერმანულში მამრობითი სქესის სიტყვა, ხოლო ესპანურში – მდედრობითისა), გერმანულად მოსაუბრეები უფრო მეტად იყენებდნენ სიტყვებს: „მაგარი, მძიმე, მქისე, მეტალის, ხერხისებრი და გამოსადეგი“, მაშინ, როდესაც ესპანურად მოსაუბრეები უფრო მეტად ამბობდნენ: „ოქროსი, ჩახლართული, პატარა, საყვარელი, ბრჭყვიალა, პაწაწინა“. „ხიდის“ აღსაწერად (სიტყვა, რომელიც მდედრობითი სქესისაა გერმანულში და მამრობითის – ესპანურში), მეორე მხრივ, გერმანულად მოსაუბრეებმა თქვეს: „მშვენიერი, კოხტა, მყიფე, მშვიდი, ლამაზი და მოხდენილი“, ხოლო ესპანურად მოსაუბრეებმა – „დიდი, სახიფათო, გრძელი, ძლიერი, მტკიცე, მაღალი“. ეს შედეგები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხალხის აზროვნებაზე ზემოქმედებს ის გრამატიკული სქესი, რომელსაც მათი მშობლიური ენა მიაკუთვნებს საგნებს. როგორც ჩანს, პატარა გრამატიკულ შემთხვევითობასაც (ერთი შეხედვით შემთხვევითი მიკუთვნება იმისა, არსებითი სახელი მდედრობითი სქესის იქნება თუ მამრობითის) კი შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ხალხი სამყაროს.
შეჯამება
ენები, როგორც ჩანს, მრავალმხრივ ზემოქმედებენ ხალხის შემეცნებაზე: ამ თავში განხილული იყო სივრცესთან, დროსთან, ნივთებსა და ნივთიერებებთან დაკავშირებული მონაცემები, თუმცა შემდგომმა კვლევებმა ასევე ცხადყო ენის გავლენა ხალხის მიერ რიცხვების, ფერების, ფორმების, მოვლენებისა და სხვათა აღქმაზე. ენობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, აქ განხილული შედეგები აჩვენებს, რომ გონებრივი ცხოვრება იმ ხალხისა, რომელიც განსხვავებულ ენებზე საუბრობს, უფრო სხვანაირია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
გარდა იმისა, რომ განსხვავებულ ენებზე მოსაუბრეები განსხვავებულად ფიქრობენ, ეს შედეგები აჩვენებს, რომ ენა ყოვლისმომცველია აზროვნების ყველაზე მთავარ სფეროებში. ეს ნიშნავს, რომ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ „აზროვნებას“ ვუწოდებთ, სინამდვილეში ენობრივ და არაენობრივ წარმოსახვასა და მოქმედებებს შორის არსებული კავშირის რთული წყებაა. ენობრივი ფარდობითობის შემდგომი კვლევები შესაძლოა დაგვეხმაროს, რომ გამოვააშკარაოთ რთული შემეცნებითი ფუნქციების ხელშემწყობ მრავალ მიმდინარეობას შორის ურთიერთქმედებების ზუსტი ბუნება; ასევე, დავადგინოთ ის, რაც შეიძლება იყოს ძირეული და საყოველთაო ადამიანის შემეცნებაში.