სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი
ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი
კორექტორი: მარიამ გორდაძე
ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მუშაობდით მასზე? რამდენად მნიშვნელოვანი გგონიათ თვითორგანიზება სახელმწიფოსთვის?
ირაკლი: უპირველესად, მადლობა დაინტერესებისა და მოწვევისთვის. ეს არის მესამე წიგნი სერიისა – „ინიციატივა ცვლილებებისათვის“, რომლის წამომწყები იყო „სათემო განვითარების ცენტრი“. დიდი ხანია, რაც ვთანამშრომლობთ. ჩვენი საერთო მიზანია თვითორგანიზების ისტორიის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი თემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული საყრდენი, ფონი, რათა გრძნობდე, განგრძობადობის ნაწილი ხარ თუ არაფრისგან იწყებ რაღაც საქმეს. სინამდვილე ისაა, რომ ჩვენთან სისტემა, სახელმწიფო ძალიან მტრულად უყურებს დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობას; ამკვიდრებენ აზრს, რომ ეს არ არის ჩვენი და არასდროს ყოფილა ჩვენი ყოფა-ცხოვრების კულტურის ნაწილი. არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ არ მუშაობს ჩვენს საზოგადოებაში თვითმმართველობის წახალისების მცდელობები. სწორედ ამიტომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ და „სათემო განვითარების ცენტმა“ გადავწყვიტეთ გვენახა, არის თუ არა თვითორგანიზაცია ჩვენი ისტორიის ნაწილი. თუ არ არის, ეს უკვე გაჩვენებს, რა უნდა გააკეთო. თუ იყო, მაშინ რატომ გაქრა? როგორ გავიხსენოთ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ წარსულისგან? ნელ-ნელა ამაზე დავიწყეთ მუშაობა.
თავიდანვე ყურადღება გავამახვილეთ კონკრეტული შემთხვევების კვლევაზე, იმის დადგენაზე, თუ რა იყო საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს – XX საუკუნის დასაწყისში „ქვემოდან“ ორგანიზებული, იქნება ეს კულტურული და საგანმანათლებლო წამოწყებები თუ სამეურნეო-ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციები. თავდაპირველად ათი, ასე ვთქვათ, ამბავი შევისწავლეთ. მეორე ტომშიც გავაგრძელეთ ამაზე მუშაობა და კიდევ ათი მაგალითი განვიხილეთ. მესამე ტომი ცოტა განსხვავებულია, რადგან უფრო მეტად განვითარებას, მისწრაფებებს ასახავს. ამ კვლევების შედეგად, ვნახეთ, რომ თვითორგანიზების, სამოქალაქო წამოწყებების, შეთანხმებულობის კულტურა იყო მაშინდელი საზოგადოების გათანადროულების განუყოფელი ნაწილი. ეს იყო სწრაფვა დემოკრატიული, თავისუფალი, დასავლური საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ, რისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო თვითმმართველობა, ანუ თვითორგანიზება, ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურის მშენებლობა „ქვემოდან ზემოთ“. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერც ეს სამი და ვერც მომდევნო ათი ტომი ვერ დაიტევს ყველა მაგალითს ორგანიზაციების, გაერთიანებების, წარმატებული წამოწყებების შესახებ, მაგრამ, მაინც, აჩვენებს ძირითად მიმართულებებს.
აქვე, საინტერესოა, რომ თვითმმართველობა პოლიტიკურ სხეულს იძენს მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერია იშლება. ეს ცენტრალიზებული, აბსოლუტიზმზე დაფუძნებული პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც ძალიან აშინებს ნებისმიერი არარუსი ხალხის თვითგანვითარება და რომელიც ყველანაირად ცდილობს ამისთვის ხელის შეშლას (ხაზგასასმელია რუსიფიკატორული პოლიტიკა XIX საუკუნის ბოლოს), იყო მთავარი დამაბრკოლებელი ზემოაღნიშნული მისწრაფების წარმატებისა.
ელენე: გათანადროულება ვახსენეთ; ვიდრე ეს პერიოდი დაიწყებოდა, განცდა, რომ რაღაც მოძველებულია, ჩამორჩენილია, ალბათ არ იქნებოდა.
ანი: ესე იგი, რაღაცას ჩამორჩა, თუმცა რას?
ირაკლი: გათანადროულება იწყება „ზემოდან ქვემოთ“, ანუ განათლებული თაობიდან, – ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს ევროპული განათლება, თავს ცივილიზაციის ნაწილად გრძნობენ და უნდათ, რომ მთელი მათი საზოგადოება და ქვეყანა, მარტივად რომ ვთქვათ, იყოს ამ ცივილიზაციის ორგანული ნაწილი, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რამდენადაც მაშინდელი საქართველო, კავკასია, რუსეთის იმპერია განვითარების მხრივ ერთი საუკუნით ჩამორჩება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას. ანუ, როცა ისინი საუბრობენ, რომ საჭიროა, რაღაც წარსულს ჩაბარდეს და ფეხი უნდა ავუწყოთ სამყაროს განვითარებას, აქ ყოველთვის მიემართებიან დასავლეთს. ამ თაობას არ აინტერესებს, რა ხდება ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში (ამ უკანასკნელით მოგვიანებით ინტერესდებიან, ისიც ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში); მხოლოდ ევროპაა მოდელი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული განვითარების კუთხით. შედეგად, არსებობს ორი პოლუსი: ერთია, რომ ვიცით, რა გვინდა, რას მივბაძოთ, რა უნდა გადმოვიტანოთ ყოველდღიურობაში; მეორეა, რა გვაქვს. 1860-იან წლებამდე მოსახლეობის 90%-ზე მეტი იყო უუფლებო გლეხი, სხვა ადამიანის უპირობო საკუთრება თავისი სიცოცხლით, ქონებით, ყველაფრით. ფაქტობრივად ეს საზოგადოება მონათმფლობელობის სისტემაში არსებობდა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე გაუქმდა. სინამდვილეში ეს ადამიანები ქონებრივად, ეკონომიკურად ჯერ კიდევ არ იყვნენ განთავისუფლებულნი. საუბარია სოფლად მცხოვრებ საზოგადოებაზე, განათლების ძალიან დაბალი დონით, ძველი, კარჩაკეტილი ფეოდალური წყობისთვის დამახასიათებელი აღქმებით, ღირებულებებით, ტრადიციებით. იმ განმანათლებელი თაობის უზარმაზარი ენერგია და რესურსი ყველაზე მეტად სოფლის მოსახლეობას ხმარდება, რომელსაც სჭირდება, უპირველეს ყოვლისა, საბაზისო განათლება. სწორედ განათლებაზე შენდება მერე სხვა ყველაფერი, იგულისხმება პოლიტიკური ცნობიერება, ეკონომიკურ და სხვა თანამედროვე გამოწვევებზე ფიქრი… მაგრამ ზემოთქმული ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ, ვიმეორებ, ეს არის თვითორგანიზებული მისწრაფება, სახელმწიფო არაფერს იმეტებს. მეტიც, ამ უკანასკნელს წარმატებული წამოწყებები აშინებს, აღიზიანებს და ცდილობს, შეაფერხოს ეს განვითარება ისე, როგორც ამის საშუალებას კანონი იძლევა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერია, საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით, მაინც ცდილობდა სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენილიყო.
ასევე, წარმოიდგინეთ, როგორი რთულია თვითორგანიზება და ამ კულტურის წახალისება სოფლის მოსახლეობაში, გლეხებში, რომლებიც, როგორც უკვე აღინიშნა, ისევ ქონებრივად არიან დამოკიდებულნი ყოფილ მეპატრონეებსა ან სახელმწიფოზე, იხდიან გადასახადებს, მაგალითად, ქონების გამოსასყიდად, წელში წყდებიან. ამის ფონზე მათ უნდა გამონახონ დამატებითი ფინანსური თუ დროითი რესურსი და ენერგია, რომ ამ სახის საგანმანათლებლო, კულტურულ საქმიანობაში ჩაერთონ. სინამდვილე ისაა, რომ 1860-70-იანი წლების მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია 1910-იანი წლების დამდეგისაგან. საზოგადოება განსაკუთრებით გარდაიქმნა ბარში, მაგისტრალური რკინიგზის გასწვრივ, პორტების მისადგომებთან… თუმცა განათლება, კარჩაკეტილობა ისევ გამოწვევა იყო, ვთქვათ, მთიანი და არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე მხარეებისთვის.
ელენე: იმ დროის გაზეთში წერენ, აი, ნახეთ, ჩვენ რომ ველურებს ვეძახით, მათ ასეთი რაღაც გააკეთეს, დაგვასწრეს. ამ, ასე ვთქვათ, წნეხს, რომ თბილისი (ცენტრი) მთის მოსახლეობას გადაგვარებულ ხალხად აღიქვამს, რამდენად შეიძლება ებიძგა მათთვის, რომ რაღაც შეეცვალათ?
ირაკლი: აღვნიშნავ, ჩვენ პრესის მასალებიდან ვსწავლობთ და ვიკვლევთ წარსულს, პრესას კი წერა-კითხვის მცოდნე, განათლებული ადამიანები ქმნიან. სწორედ მათი თვალით ვხედავთ, როგორ ცხოვრობდა რაჭის, მესხეთის, აჭარის, ხევსურეთის თუ მთიანეთის მოსახლეობა. ბევრი სხვადასხვა მასალის მოძიება და შეჯერება გვიწევს ისტორიის აღსადგენად.
რა თქმა უნდა, ცენტრისგან მოშორებული პროვინციის საზოგადოების შიგნითაც მსგავსი რამ ხდება: არსებობენ მცირე ჯგუფები, მეტ-ნაკლებად განათლებული, წარმატებული მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, განვითარებას შეუწყონ ხელი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აქაც არსებობს მასწავლებელი, ექიმი თუ ფოსტის მოხელე, რომელიც აქტიური მოქალაქეა და თავის საცხოვრებელ სივრცეში ცდილობს აიყოლიოს მოსახლეობა, არაფორმალური განათლების კერა შექმნას.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პრესის როლი. სწორედ ის არის მთავარი მაკავშირებელი, როდესაც კარჩაკეტილობა ირღვევა: გურიის სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ამ გზით უკვე იცის, რა ხდება, ვთქვათ, დუშეთის მაზრაში. აღნიშნული ქმნის საინფორმაციო ერთიანობის განცდას და უკვე სხვადასხვა მხარეში მცხოვრები კორესპონდენტები აცნობენ სხვებს, თუ რა ხდება მათს საცხოვრებელ გარემოში, გაზეთის რედაქციას უყვებიან საკუთარი კუთხის ამბებს. ერთიანი საინფორმაციო ველი აყალიბებს თანამედროვე ნაციონალურ იდენტობას. ერთნი ვართ, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი წარსული და საერთო პრობლემები გვაქვს – ასე იკვრება ინფორმაციულად მთელი მაშინდელი საქართველო. რა თქმა უნდა, როცა ეკონომიკური ძვრები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, ადამიანები გადაადგილდებიან, დიდ ქალაქებში ხვდებიან და საქმდებიან, სავაჭრო მიმოსვლა ხშირდება, რაც, თავის მხრივ, ფიზიკურადაც აახლოებს მათ და ერთიანობის განცდას ამძაფრებს. სინამდვილეში ეს არის არა მარტო თვითმმართველობის კულტურის განვითარება, არამედ, ასევე, თანამედროვე ერის მშენებლობის დიდი პროექტის ნაწილი, ერთ-ერთი იარაღი.
ძველ საზოგადოებებში თვითორგანიზების სხვა სახეს ვხვდებით. არსებობდა ადგილობრივი სამეურნეო და საზოგადოებრივი ერთობები. შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთდახმარებაზე, როდესაც თემი ერთიანი ძალით კონკრეტულ ადამიანს ეხმარებოდა ან საერთო პრობლემას გადაწყვეტდა ხოლმე. ამასთან, თემური საკუთრების გარკვეული ფორმებიც არსებობდა საქართველოში, იქნებოდა ეს ტყე თუ მიწის ნაწილი, რომელსაც ერთად ამუშავებდნენ. ოღონდ ეს იყო ცალკე არსებული, ჩაკეტილი, პატარა საზოგადოების ყოფა-ცხოვრების ნაწილი, რომელიც, როდესაც ახალი იდენტობის მშენებლობა იწყება, ძირითადად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მოძველებულად, უსარგებლოდ, ჩამორჩენილად, მავნედ გამოცხადდა ზოგი ტრადიცია (მეტწილად ისინი, რომლებიც ფიზიკურად აზარალებდა ადამიანს). არ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ჩვეულება ცუდია. უფრო კონკრეტულად, რაც იყო ჩაკეტილი ფეოდალური ყოფისთვის დამახასიათებელი, ის საგანმანათლებლო მუშაობის შედეგად გაქრა, ბუნებრივად ამოწურა თავისი თავი.
ანი: ამ მხრივ ჩემთვის ძალიან საინტერესოა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. თქვენს სტატიაშიც ყურადღება გამახვილებული იყო ძირითადად კათოლიკურ და სომხურ ეკლესიებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ დრომოჭმული ტრადიციები ცუდია, სამოქალაქო ცნობიერებაზე უნდა ვიფიქროთ და შემოწირულება ქვეყანას მოვახმაროთო. მართლმადიდებელი ეკლესია არ გიხსენებიათ. რატომ ხდება ეს?
ირაკლი: განსხვავებით სომხური და კათოლიკური ეკლესიებისაგან, იმ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს, გაუქმებულია. ის ნაწილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც, თავის მხრივ, არის სისტემის პოლიტიკური შემადგენელი. თუმცა გვაქვს ინდივიდუალური მაგალითები, როდესაც სასულიერო პირები, სადაც მსახურობენ, იქ ასწავლიან, სკოლებს აფუძნებენ, რელიგიური ავტორიტეტის წყალობით, მავნე და, ასე ვთქვათ, დამაზარალებელ ტრადიციებს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში მღვდელი ცვლილების მქადაგებელი გამოდის. ის ამკვიდრებს აზრს, რომ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც რელიგიური მორჩილებისკენაა მიდრეკილი, უნდა განვითარდეს, აუწყოს ფეხი თანამედროვე ცხოვრებას, რადგან ეს კარგი და რელიგიურად გამართლებულია. ოღონდ ასეთი შემთხვევები რუსულ ეკლესიას ძალიან არ მოსწონს; მღვდელმსახურის მომავალს შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა, თუკი იგი გულმხურვალე განმანათლებელი და, მით უმეტეს, ნაციონალური პროექტის მშენებლობის მონაწილე გახდებოდა. დღევანდელობა, რა თქვა უნდა, სრულიად განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსითა და მემკვიდრეობით არის საბჭოური და რუსული ეკლესიის მემკვიდრე. მას სრულად აქვს გაწყვეტილი ღირებულებითი კავშირი იმ ეკლესიასთან, რომელიც არსებობდა ავტოკეფალიის გაუქმებამდე.
ვიტყვი იმასაც, რომ თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქის ცნება ქრისტიანულ მოძღვრებას არ ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ მისი ქვაკუთხედი პიროვნება და სიკეთეა. რა არის ეს კეთილი საქმე, თუ არა სხვების დახმარება, საერთო, კარგი მიზნებისთვის მეტის დახარჯვა, ვიდრე პირადი სურვილებისთვის. დღევანდელი სისტემა, სამწუხაროდ, უკავშირდება მორჩილების კულტს და არის მკაცრად იერარქიული, ცენტრალიზებული, ავტორიტარული; კითხვა, განსხვავებული აზრი, ჩართულობა, ქვედა საფეხურზე რაიმეს წამოწყება არის მიუღებელი. საინტერესოა, რომ 1917 წლიდან მოყოლებული, როცა ავტოკეფალია აღდგა, ეკლესია იყო დემოკრატიული ინსტიტუტი, ანუ ისე არ იყო, რომ ელიტური ჯგუფი შეიკრიბა, პატრიარქი გამოარჩია, რომელიც მართავდა ზემოდან; პირიქით, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული სისტემა, ისიც შენდებოდა ქვემოდან ზემოთ. მრევლი ძალიან აქტიურად იყო ჩართული საეკლესიო, რელიგიური და, ასევე, სამეურნეო პრობლემის გადაწყვეტაში. და დღეს რატომ არის ისე, როგორც არის, ეს ნამდვილად პრობლემური საკითხია.
ანი: პირველ ეპიზოდში ბექა კობახიძესთან ერთად ვისაუბრეთ, რა მოხდებოდა კიდევ ერთ თაობას რომ დასცლოდა პირველ რესპუბლიკაში ცხოვრება, და დავასკვენით, რომ 90-იანი წლები, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, მარტივი იქნებოდა. რა შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვთქვათ, კიდევ ერთი თაობა რომ მოსწრებოდა ეკლესიის ავტოკეფალიას?
ირაკლი: ეს რთული სათქმელია იმიტომ, რომ გადავდივართ თეორიასა და პარალელურ სინამდვილეში, რაც…
ანი: …ისტორიკოსების საქმე არ არის.
ირაკლი: ჩვენ ერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის, რომ ხსენებული ბალტიისპირეთის თუ ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაცილებით ცოტა ხნის განმავლობაში იყვნენ ნაცისტური და საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის ქვეშ, ვიდრე, მაგალითად, ჩვენ. ერთით ნაკლები თაობა შეესწრო ამ სისტემას. ცოცხალი გამოცდილება, მეხსიერება არსებობდა, ვინ იყვნენ, რა ჰქონდათ და რა უნდა აღედგინათ; ჩვენთან ეს ხაზი სრულიად გაწყვეტილი იყო. როდესაც საბჭოეთი ინგრეოდა, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი აღმოჩნდა, რომელსაც გაცნობიერებულ ასაკში ეცხოვრა საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე და რომელმაც იცოდა, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და რა არის ამისთვის საჭირო. ბუნებრივია, რთულია, სამოცდაათი წლის წყვეტის შემდეგ მარტივად დაუბრუნდე იმ გზას, რომელიც იძულებით, უხეში ძალის გამოყენებით მოგიჭრეს; ამის გამო ხომ ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი, ტოტალიტარული, მოძალადე სისტემის ფარგლებში მოგიწია ცხოვრება.
ასევე, საინტერესოა ვისაუბროთ ეკლესიის როლზეც. ამ შემთხვევაშიც დრომ და წინაპირობებმა გადაწყვიტა ბევრი რამ. მაგალითად, პოლონეთის კათოლიკური ეკლესია მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბებაში, მუხტის შენარჩუნებასა და შემდეგ, 90-იან წლებში, მასების თავმოყრაში. აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაშიც რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ტოტალიტარიზმის პირობებში მაინც აგრძელებდა არსებობას, გადაიქცა სამოქალაქო თვითორგანიზების იატაკქვეშა კერებად. სწორედ აქედან დაიწყო დიდი სამოქალაქო მოძრაობები, რომლებმაც ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციით დაამხო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური პარტიის დიქტატურა. ჩვენი გამოცდილება რუსეთის ეკლესიის ნაწილად ყოფნის გამო, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავებულია. მერე საბჭოთა სისტემა მყარდება, რომელიც რელიგიას ყველა გზით ებრძვის: ჯერ ფიზიკური განადგურებით, 40-იანი წლებიდან კი რეჟიმი ამ ინსტიტუტს ფაქტობრივად შიგნიდან იმორჩილებს იერარქიის თვითონ შექმნითა და საჭირო ადამიანების დაწინაურებით. ანუ, ყოველგვარი მნიშვნელობა და შესაძლებლობა გამოეცალა ეკლესიას, რათა არ ყოფილიყო სისტემისთვის საფრთხისშემცველი.
ელენე: ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, როდესაც პირველ რესპუბლიკასა და მის წინა პერიოდს განვიხილავთ, რომ რიგი საკითხები, რომლებიც დღეს გვაწუხებს, იმ დროსაც ისეთივე გამოწვევა იყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა და ახლა გრძელდება. თვითორგანიზაციაც შეგვიძლია ასე დავინახოთ. ახლა მასშტაბურობის საკითხი მაინტერესებს, – თქვენი წყაროებიდან ჩანს, რომ ზოგჯერ საკმაოდ კარგად მუშაობდა, მაგრამ ხშირად ვერ ხერხდებოდა საკმარისი რესურსების მოძიება წამოწყებისთვის.
ირაკლი: მასშტაბი, რა თქმა უნდა, პერიოდულად განსხვავებულია. 1860-70-იანი წლებიდან 90-იანების ბოლომდე ე. წ. პირველი საფეხურია: პირველი წამოწყებებისა და გამოცდილების ხანა, თუმცა ხსენებული საზოგადოებრივი და ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად ხელისშემშლელი იყო. 1900-იანი წლებიდან პირველ მსოფლიო ომამდე საქართველოში ამ სახის ორგანიზაციები ყვაოდა; განსაკუთრებით განვითარდა სამეურნეო-ეკონომიკური კუთხით. აღსანიშნავია, რომ 1910-იანი წლებისთვის სამასამდე კოოპერატიული საზოგადოება არსებობდა და მასში მილიონზე მეტი პირი იყო ჩართული. რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო საგანმანათლებლო კულტურული ორგანიზაციების როლი ამ დროს. ყველამ იცოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თუმცა ის, რომ მან გამოიწვია კულტურული რევოლუცია, არასწორია. ზუსტად ამ პერიოდში ხდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ისეთი, როგორიც დღეს ხალხს წარმოუდგენია; ანუ, 1900-10-იანი წლებისთვის ხდება მასშტაბური და გავლენიანი. მანამდე, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ზემოაღნიშნული პირობების გამო ძალიან უჭირდა.
პირველმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ამ კულტურის განვითარებას. პირველი რესპუბლიკის პერიოდი არის კიდევ ახალი საფეხური: თუკი რუსეთის იმპერიის დროს სახელმწიფო სისტემა იყო წინაღობა ასეთი წამოწყებებისათვის, ახლა, პირიქით, სახელმწიფოც მოწადინებულია, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
რაც შეეხება საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ პერიოდს, ტოტალიტარული სისტემის პირობებში თვითორგანიზაცია გახდა სასიკვდილო საფრთხე. მოქმედი, რაიმეს მოთავე ადამიანი, რომელიც სახელმწიფოზე (სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის პარტია) არაა დამოკიდებული, განიხილებოდა, როგორც მტერი; განსხვავებული აზრი გაქცევდა სისტემისთვის მიუღებელ პირად, რომელიც უნდა განადგურდეს. უფრო მეტიც, 20-იანი წლების მეორე ნახევრისთვის პარტიის შიგნითაც კი დაუშვებელი ხდება „ქვემოდან“ წამოსული წამოწყება, აზრთა სხვადასხვაობა, შიდა დემოკრატია. ჩვენი დღევანდელი საზოგადოების პრობლემები არის ამ სამოცდაათწლიანი ყოფის შედეგი.
რატომ აღმოჩნდა საქართველო მზად, როგორ შეძლო მან, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოეყალიბებინა და ძირეული გარდაქმნები დაეწყო? ამისთვის საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა, რამაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ განაპირობა აბსოლუტიზმზე დაფუძნებული იმპერიის მოდელის კრახი. ეს საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სახელმწიფო შეცვლილიყო და აღარ ყოფილიყო ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული პოლიციური სტრუქტურა. საბჭოთა ტოტალიტარიზმისთვის ეს გამოცდილება იყო გაკვეთილი; შესაბამისად, ამ სისტემისთვის დაუშვებელი იყო ამგვარი წამოწყებების წარმატება. დღეს ეს მემკვიდრეობა რაღაცნაირად უნდა დავძლიოთ. წარსულის ცოდნა კი გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ კი არ უნდა გამოვიგონოთ რაღაც, არამედ აღვადგინოთ ის, რაც ბუნებრივად ვითარდებოდა და იყო ნაწილი იმ პერიოდის დასავლური კულტურისა.
ელენე: ძალიან დიდი მადლობა.
ანი: მადლობა ჩვენს მსმენელსაც.