კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე

პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

გააზიარე:


ფილოსოფიის სრული ისტორია: კლასიკური ფილოსოფია

ავტორი: პიტერ ადამსონი

მთარგმნელი: მარიამ ხარიბეგაშვილი

თარგმანის რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

ნაწილი პირველი: ძველი ბერძნული ფილოსოფია

თავი მეორე, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე

თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს ამაზე ოდნავ მეტხანს შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ადამიანები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რაოდენ დიდი დრო გავიდა ფილოსოფიის დაბადებიდან, მაგალითად ავიღოთ ვინმე, ვინც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა: კარლოს დიდი, დამპყრობელი, რომელმაც საღვთო რომის იმპერია დააარსა. იგი ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა პერიოდში, ე.ი. ადრეულ შუა საუკუნეებში დაიბადა, თუმცა დროში ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თალესის დაბადების თარიღთან. ანტიკური ფილოსოფოსებისთვისაც კი, მაგალითად, არისტოტელესთვის, იმდენად შორეულ წარსულში იყვნენ თალესი და მისი პირდაპირი მემკვიდრეები, რომ რთული იყო, მათზე რაიმე სცოდნოდათ. ამიტომაც, მართლაც სასწაულად უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ჩვენ, არისტოტელედან ორ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, საერთოდ რაიმე მაინც ვიცით ძველ ბერძენ ფილოსოფოსებზე.

მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე არც ისე კარგად იცნობდა პირველ წინასოკრატელებს, იგი მაინც წარმოადგენს ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციის წყაროს მათ შესახებ. მეორე მთავარი წყარო არისტოტელეს მოსწავლე – თეოფრასტეა, რომელმაც ფილოსოფიის ისტორიაზე ფაქტების შეგროვება და განმარტება საკუთარ საქმედ აქცია. ეს ისეთი რამაა, რისი კეთებაც არისტოტელესა და მის მიმდევრებს უყვარდათ: ისინი ინფორმაციის დიდებული შემგროვებლები იყვნენ; საქმეს გულმოდგინედ ეკიდებოდნენ, იქნებოდა ეს მოლუსკების გაჭრა თუ ანაქსიმანდრეს მსგავსი მოაზროვნის იდეების შეკოწიწება. სამწუხაროდ, ჩვენთვის აქ რამდენიმე დაბრკოლებაა. წინა თავში ვახსენე, რომ არისტოტელე ხშირად ცვლის წინასოკრატელების იდეებს საკუთარი მოსაზრებებითა და ტერმინოლოგიით. კარგი მაგალითია ფიზიკის პირველი წიგნი, რომელშიც არისტოტელე ცდილობს მთელი რიგი წინასოკრატელი მოაზროვნეების დაჯგუფებას იმის მიხედვით, თუ რამდენ „ბუნების პრინციპს“ აღიარებდნენ ისინი. როგორც მოსალოდნელია, თეოფრასტე, როგორც არისტოტელეს მოწაფე, ამ საქმეში მასწავლებელს დაემგვანა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ თავად თეოფრასტეს ნაშრომები, წინასოკრატელების ნამუშევრების მსგავსად, უმეტესად დაკარგულია. არისტოტელეს გარდა, წინასოკრატელებზე შემორჩენილი ცნობებიდან ყველაზე გამოსადეგი გვიანი ანტიკური პერიოდიდანაა. არისტოტელესა და თეოფრასტეს მსგავსად, გვიანი ანტიკურობის მომხსენებლები იშვიათად ინტერესდებოდნენ წინასოკრატელთა თეორიების ზერელედ წარმოჩენით. ზოგიერთი ძალიან ინფორმაციული ნაშრომი, რომლებიც „დოქსოგრაფიებადაა“ ცნობილი, დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მოაზროვნეებისთვის დამახასიათებელ დოქტრინებს ასახავს და ნაწილობრივ თეოფრასტეს ეყრდნობა. ეს ნაშრომები არისტოტელეს სტილს მიჰყვება და წინასოკრატელებს სქემატურ განსხვავებებსა და სისტემებში აქცევს. სხვა მნიშვნელოვანი წყაროები მოიცავს გვიანი ანტიკურობის პლატონისტებს, განსაკუთრებით – სიმპლიციუსს, არისტოტელეს განმმარტებელს, რომელიც ახ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, და ეკლესიის მამებს. სხვებისაგან განსხვავებით, იგი უჩვეულოდ არის დაინტერესებული „ძველბერძნების“ ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემით, რადგან წუხს, რომ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება მის დროში სულ უფრო და უფრო რთული ხდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკლესიის მამებს ნაკლებად კარგი დამოკიდებულება აქვთ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პაგანი მოაზროვნეების მიმართ. შედეგი ისაა, რომ, როდესაც წინასოკრატელების საზრისებსა და ფრაგმენტების კრებულებს ვკითხულობთ, თითქმის ყოველთვის ინტერპრეტაციითა და გამრუდებული ფაქტების რამდენიმე ფენით სახეცვლილს ვხედავთ. წინასოკრატელების მოსაზრებების აღდგენის ამოცანა საკმაოდ დამღლელი ჩანს.

ყოველივე ამის მიუხედავად, როგორც ვამბობ, ანაქსიმანდრესა და ანაქსიმენეს შესახებ მეტი ვიცით, ვიდრე თალესზე. გადმოცემის თანახმად, ანაქსიმანდრე სინამდვილეში თალესის მოსწავლე იყო, ანაქსიმენე კი – ანაქსიმანდრესი. ამ გადმოცემას აუცილებლად დიდი სერიოზულობით ნუ მოვეკიდებით, რადგან ძველ ავტორებს მოაზროვნეების მოწაფე-მასწავლებლად შეკავშირება უყვარდათ, მიუხედავად იმისა, ასე იყო, თუ არა. ნამდვილად, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ანაქსიმანდრე თალესზე ოდნავ უმცროსი იყო, ხოლო ანაქსიმენე – მათი მომდევნო თაობა. მოდი, ჯერ ანაქსიმანდრეს შევეჭიდოთ. თალესის მსგავსად მასაც შეეძლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ღრმად განსწავლულობაზე პრეტენზიის წამოყენება: მას მიეწერება გნომონის, მზის საათის მსგავსი მოწყობილობის, აწყობა სპარტაში, საბერძნეთში. შეგახსენებთ, რომ მილეთი დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, ამიტომ უნდა შევნიშნოთ, რომ იგი იქიდან სპარტამდე ადვილად გაემგზავრებოდა. მისი კიდევ ერთი სამეცნიერო მიღწევა იყო რუკა, რომელზეც, როგორც ამბობენ, ნაჩვენები იყო მიწაცა და ზღვაც. ეს სრულიად შესაფერისი საქმიანობა იქნებოდა ვინმე მილეთელისთვის, რადგან, როგორც ვნახეთ, მილეთი სიცოცხლით სავსე ეკონომიკური ცენტრი იყო და სავაჭრო კავშირები ჰქონდა მთელ ხმელთაშუა ზღვასა და შავი ზღვის მიდამოებში.

ანაქსიმანდრე ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ იგი ყველაფრის საწყისად ასახელებდა „უსასრულობას“. ბერძნულად ეს სიტყვა არის apeiron, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ის, რასაც არ აქვს საზღვარი“. მის გადმოსაცემად რამდენიმე განსხვავებული ინგლისური სიტყვა გამოიყენება: არა მხოლოდ „უსასრულო“ („infinite“), არამედ, ასევე, „საზღვარდაუდებელი“ („boundless“), შეუზღუდავი („unlimited“) და „განუსაზღვრელი“ („indefinite“). ეს განსხვავებული თარგმანები სხვადასხვა ასოციაციას იწვევს, რაც, მართლაც, მიესადაგება ანაქსიმანდრეს პირველსაწყისს. იგი აშკარად ფიქრობდა, რომ აპეირონი უსაზღვროდ დიდია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სივრცეში განუსაზღვრელად შორს განფენილი, და გარს ერტყმის კოსმოსს, რომელშიც ვცხოვრობთ. ასევე ვიცით, რომ, მისი აზრით, ის მარადიულია, – ე.ი. დროში უსაზღვრო, ისევე როგორც სივრცეში. მეორე მხრივ, თეოფრასტეს მიაჩნდა, რომ ანაქსიმანდრეს თალესთან შედარება მნიშვნელოვანი იყო, და ამბობდა, რომ მაშინ, როდესაც თალესის პირველსაწყისი წყალია, ანაქსიმანდრეს პირველსაწყისი არაფერი კონკრეტული არაა: სხვა სიტყვებით, განუსაზღვრელია, რადგან არ აქვს ერთი ბუნება. ნაცვლად ამისა, ანაქსიმანდრეს თანახმად, განსაზღვრული ბუნების მქონე არსები, როგორებიცაა ჰაერი და წყალი, აპეირონისაგან „გამოცალკევდნენ“.

შესაძლებლობა გვიჩნდება, რომ მოვიშველიოთ წინასოკრატული ფილოსოფიის პირველი ნივთობრივად შემორჩენილი ფრაგმენტი. იგი თეოფრასტეს მიერაა მოხსენებული, შემდეგ კი შემონახულია სიმპლიციუსის, არისტოტელეს ზემოხსენებული განმმარტებლის, მიერ. აი, ისიც: ანაქსიმანდრემ თქვა, რომ საგნები იქმნება და ნადგურდება „საჭიროების შესაბამისად, რამეთუ ისინი ერთმანეთს მიუზღავენ სასჯელსა და საზღაურს უსამართლობისთვის, დროის განგების შესაბამისად“. ამ ციტირების შემდეგ სიმპლიციუსი დასძენს, რომ ანაქსიმანდრე სათქმელს მეტად პოეტურად გამოხატავდა, იმისდა მიუხედავად, რომ იგი პროზას წერდა და არა – ლექსს. ფრაგმენტზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, სინამდვილეში ისიც კი არაა ცხადი, თუ როგორ უკავშირდება ის უსასრულობად ან განუსაზღვრელად წოდებულ პირველმიზეზს. თუმცა, „გამოცალკევების“ იდეას რომ მივუბრუნდეთ, განმმარტებელთა თანახმად, აპეირონისგან განცალკევებული განსხვავებული ნივთიერებები (მატერიები) ერთმანეთს ქმნიან და ანადგურებენ და ხანგრძლივი დროის შემდეგ ეს კანონზომიერება წონასწორდება, რათა აღდგეს ის, რასაც ანაქსიმანდრე „სამართალს“ უწოდებს. „დროის განგების“ იდეა შესაძლოა გულისხმობდეს, რომ ეს ყველაფერი რაღაც სახის წრებრუნვის მიხედვით ხდება, რაც გავრცელებული წარმოდგენაა ადრეულ ბერძნულ ფილოსოფიაში, და ჰესიოდესთანაც ვხვდებით.

ანაქსიმანდრეზე დამატებით წყაროებთან გაცნობით, რომლებიც ისევ და ისევ თეოფრასტესგან მოდის, შეგვიძლია, ეს ყველაფერი უფრო ცხადი გავხადოთ. ეს ცნობა ეყრდნობა ანაქსიმანდრეს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, უფრო ზუსტად კი, როგორ გაჩნდა ცა და ციური სხეულები. მან თქვა, რომ დედამიწაზე ჰაერის გარშემო (სამწუხაროდ, მეტად ბუნდოვანი განვითარების შედეგად) ცეცხლის ბურთი წარმოიშვა. ანაქსიმანდრეს თქმით, ეს ცეცხლის ბურთი ისე შემოერტყა გარს ჰაერს, როგორც ხეს – ხის ქერქი. შემდეგ, ცეცხლი ცეცხლოვან რგოლებად მიმოიფრქვა, რომლებიც ჰაერის ან ნისლის მაგვარ გარსში გაეხვა. ნისლში მრგვალი ხვრელები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ცეცხლის წრეები, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ: და ცეცხლის ეს წრიული გაელვებებია ციური სხეულები. მთვარე იმიტომ იზრდება და ილევა, რომ ხვრელები ნისლში იხსნება და იხურება.

ახლა, ეს, მართლაც, ძალიან გონივრულია, მაგრამ როგორ უკავშირდება უსასრულობის საკითხს, რაღაცების გამოყოფას, ერთმანეთისთვის სამაგიეროს გადახდასა და ყოველივე დანარჩენს? მაშ ასე, ცნობა, რომელსაც ახლახან აღვწერდი, იწყება იმით, რომ ანაქსიმანდრეს სქემაში რაღაც ცხელსა და ცივს მარადიულისგან განაცალკევებს – მარადიული, სავარაუდოდ, მისი პირველმიზეზი, აპეირონია. ცივი, ალბათ, ჰაერი ან ნისლია, ხოლო ცხელი აშკარად ცეცხლი უნდა იყოს. დააკვირდით, როგორ ურთიერთობენ შემდეგ ისინი ერთმანეთთან, თავიდან ნისლი მჭიდროდ შემოიკვრება ცეცხლით, როგორც ხე – ქერქით, შემდეგ კი ცეცხლის რგოლები ეხვევა ცაში. ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ანაქსიმანდრე გაოცებული იყო დაპირისპირებული ძალებით, რომლებსაც ჩვენ გარშემო ბუნებაში ვხედავთ. ეს თანმხვედრი ძალები, როგორებიცაა ნისლი და ცეცხლი, საპირისპირო მახასიათებლებით, ისინია, რომლებიც ერთმანეთს სამაგიეროს უხდიან. უსასრულობა განუსაზღვრელია – მას თვისებები არ აქვს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდება. თუმცა, როგორღაც, იგი იმის წყაროა, რაც წინააღმდეგობაში შედის. და, ვინაიდან იგი უსასრულოა იმ გაგებით, რომ დაუშრეტელია, ორმხრივი დაპირისპირება არასოდეს შეწყდება.

მუდმივი და დინამიკური დაპირისპირების საკითხი, რომელიც საფუძვლის ერთიანობის ფონზე მიმდინარეობს, წინასოკრატული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მახასიათებელია. ყველაზე უფრო საოცრად ამას ჰერაკლიტესთან ვხვდებით, თუმცა იგივე იდეა ემპედოკლესა და ანაქსაგორასთანაც ჩანს. არისტოტელეც კი ეცდება ბუნების წინააღმდეგობისა და ერთიანობის ჭრილში ახსნას. ასეთივე სახასიათოდ წინასოკრატულია მცდელობა, რომ რაღაც ისეთი უზარმაზარი და რთული, როგორიც მთლიანი კოსმოსია, ძირითადი შემადგენლებისა და ძალების მოშველიებით აიხსნას. თეორიის ამბიციები უფრო დიდია: ზოგიერთი წყარო მოწმობს, რომ ანაქსიმანდრეს მხედველობაში უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ ჩვენი კოსმოსი. თეოფრასტე გვიამბობს, რომ ანაქსიმანდრეს თეორიაში უსასრულობისგან მხოლოდ ჰაერისა და ცეცხლის მსგავსი მატერიები კი არ გამოიყო, არამედ მთლიანი სამყაროები. თუ თეოფრასტე სიმართლეს გვიამბობს  – და ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასე არ არის – მაშინ შესაძლოა გულისხმობდეს ან ჩვენი სამყაროს მსგავს სამყაროთა უსასრულო რაოდენობას, უსასრულობაში გაბნეულს, ან ჩვენი კოსმოსის წრებრუნვის დაუსრულებელ წყებებს. ორივე იდეას გამოძახილი მოჰყვებოდა გვიანდელ წინასოკრატულ ფილოსოფიაში.

ცნობას, რომ, სულ მცირე, ჩვენი კოსმოსი მაინცაა ჩაფლული წრებრუნვაში, ამყარებს დამოწმებათა ნაწყვეტები, რომელთა თანახმად, ანაქსიმანდრეს სჯეროდა, რომ ჩვენი სამყარო შრება, ზღვები ნელ-ნელა უკუიქცევა, როდესაც მზე ათბობს და სინესტეს ქარად გარდაქმნის. შესაძლოა იდეა ისაა, რომ ჩვენ კოსმიური წრებრუნვის იმ ნაწილში ვცხოვრობთ, სადაც სიცხე თანდათანობით აჭარბებს იმას, რაც ცივი და ტენიანია: გლობალური დათბობის ძვ.წ. მე-6 საუკუნის ვერსია. იდეა, რომ რაღაცები შორეულ წარსულში უფრო ნოტიო იყო, კარგად მიესადაგება შემორჩენილი ინფორმაციის კიდევ ერთ ნარჩენს, რომელიც, სავარაუდოდ, ანაქსიმანდრეს ყველაზე დასამახსოვრებელ მოსაზრებას მოიცავს, გარდა უსასრულობის პირველსაწყისისა. იგი ირწმუნებოდა, რომ პირველი ცხოველები დაბადებამდე ისე იყვნენ სინესტეში მოქცეულნი, როგორადაც ხეა საკუთარი ქერქით შემოფარგლული – ისე, მავანი შეამჩნევს, რომ ამ კაცს ხის ქერქების სხვანაირი სიმპათია ჰქონდა. იგი ასევე ვარაუდობდა, რომ ადამიანი თავდაპირველად ისეთივე ვერ იქნებოდა, როგორიც ახლაა, რადგან ბავშვების პირველი თაობა ვერ გადარჩებოდა (ზედმეტად უმწეონი იყვნენ). ნაცვლად ამისა, ისინი თევზებში ჩაისახნენ და ზრდასრულმა ადამიანებმა გამოხეთქეს მათგან. ეს ვარაუდი ევოლუციის ერთგვარ პროტო-თეორიად არ უნდა მივიღოთ, რადგან აქ ის იდეა არაა, რომ თევზი თანდათანობით, უამრავი თაობის შემდეგ, უფრო და უფრო ემსგავსებოდა ადამიანს. ამის ნაცვლად, ეს უფრო მეტად თალესის იმ იდეის დასესხებაა, რომ ყველაფერი წყლისგან ან სინესტისგან მომდინარეობს.

მთლიანობაში, როგორც ჩანს, ანაქსიმანდრეს მეტად აბსტრაქტული მიდგომა ჰქონდა – ცდუნებას ავყვები და ვიტყვი, უფრო ფილოსოფიური მიდგომა – ვიდრე თალესს. მისი უსასრულობა გონებაჭვრეტითი ნახტომია და, როგორც ჩანს, ემპირიულ დაკვირვებაზე მეტად განყენებული მსჯელობიდან გამომდინარეობს. ასევე, საგულისხმოდ მშვენიერი ფილოსოფიური მიდგომა აქვს დედამიწის მდებარეობაზე მსჯელობისასაც. იგი ფიქრობდა, რომ ჩვენი პლანეტა დოლის ფორმის მოკლე, განიერი ცილინდრია და ჩვენ მის ზედა ბრტყელ ზედაპირზე ვცხოვრობთ. არისტოტელე გვიამბობს, რომ ანაქსიმანდრეს აინტერესებდა, რატომ არ მოძრაობს ეს ცილინდრის ფორმის სამყარო. მისი გადაწყვეტით, მიზეზი ისაა, რომ სამყარო კოსმოსის ზუსტად ცენტრში მდებარეობს, ამიტომ მისთვის მოძრაობის ვერც ერთი მიმართულება ვერ იქნება სხვაზე უფრო მართებული. ეს საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩანს, რომ ანაქსიმანდრე საჭიროდ მიიჩნევს გონივრული მიზეზის არსებობას იმისთვის, რომ, თუ სამყარომ უნდა იმოძრაოს, იგი კონკრეტული მიმართულებით უნდა გადაადგილდეს. ყველა შესაძლო მიმართულების უბრალოდ თანაბარძალოვნებაც საკმარისია იმისთვის, რომ იგი ადგილზე დარჩეს.

შესაძლოა მოველოდით, რომ მსჯელობები უფრო განვითარდებოდა, უფრო აბსტრაქტული და შემეცნებითი გახდებოდა, და მართლაც ასე იქნება, როდესაც ჰერაკლიტემდე მივალთ. თუმცაღა, ჩვენს გზამკვლევში მომდევნო მოაზროვნე ანაქსიმენეა, რომელიც, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით წავიდა. ის ეთანხმებოდა ანაქსიმანდრეს იმაში, რომ ყველაფრის პირველსაწყისი უსასრულობაა და იგი კონკრეტულ ნივთიერებასთან გააიგივა: ამჯერად არა წყალთან, არამედ ჰაერთან. თუმცა არასწორი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ანაქსიმენე თავის თითქმის-სეხნია წინამორბედს უგულებელყოფდა და თალესის ხედვის მსგავს იდეამდე იკვეცებოდა. მისი ფილოსოფია სინამდვილეში ანაქსიმანდრეს ეყრდნობა, სულ მცირე, ერთი მნიშვნელოვანი გზით: იმის ახსნით, თუ როგორ წარმოიქმნებიან ერთმანეთისგან კოსმოსის შემადგენელი განსხვავებული ნაწილები.

ანაქსიმენე ამბობდა, რომ თუ ჰაერით დაიწყებ, შეგიძლია იგი გასქელებით ან გათხელებთ შეცვალო. როდესაც იგი თხელდება, უფრო გაბნეული ხდება, ცხელდება და ცეცხლი წარმოიქმნება. მაგრამ, როდესაც იგი სქელდება, ცივდება და ჩნდება ქარი, შემდეგ ღრუბელი, შემდეგ წყალი და ბოლოს – მიწა და ქვები. რატომ იწყებს იგი ჰაერით და არა ცეცხლით, – ყველაზე თხელი, გაიშვიათებული ნივთიერებით, – ან, იგივე შემთხვევაში, ქვებით, ყველაზე მკვრივი მატერიით? როგორც ვხვდები, ამის სამი მიზეზი არსებობს. პირველი, წყაროთა თანახმად, ანაქსიმენეს აოცებდა ჰაერის ცვალებადობა. ამიტომ, შესაძლოა, ჰაერი იმის გამო აირჩია პირველმიზეზად, რომ ხაზი გაესვა ბუნებრივი სამყაროს დინამიკურობისთვის, როგორც ანაქსიმანდრემ ქნა ეს მისი მუდმივად ურთიერთდაპირისპირებული ძალებით. მეორე, მომიჯნავე საკითხი: ანაქსიმანდრეს აპეირონის მსგავსად, ანაქსიმენეს ჰაერიც ისაა, რისგანაც დანარჩენი არსები გამოცალკევდებიან. კარგი რამ ჰაერის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მისი თეორიის თანახმად, ისაა, რომ შეგიძლია იგი ან გაათხელო, გააიშვიათო და ცეცხლი შექმნა, ან გაასქელო და მიიღო ისეთი ცივი რამეები, როგორებიც წყალი და მიწაა. იგი შუალედური ბუნების მასალაა, ამიტომ, შესაძლოა, ცხელი საგნების საწყისიც იყოს და ცივისაც. მესამე, ფაქტია, რომ ჰაერი უხილავია, განსხვავებით ცეცხლისგან, ღრუბლებისგან, ზღვებისა და ქვებისგან. ამიტომ, თუ ჩვენ გარშემო ყველა მიმართულებით რაღაც უსასრულო, საზღვარდაუდებელი ნივთიერებაა, მაშინ ეს ჰაერი უნდა იყოს. სხვაგვარად, შეგვეძლებოდა მისი დანახვა.

თალესისა და ანაქსიმანდრეს მსგავსად, ანაქსიმენესაც სურდა, მთელი კოსმოსი ძირითადი შემადგენელი ნაწილებით აეხსნა. ის ამბობდა, რომ დედამიწა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, დოლის კი არა, დისკის ფორმისაა. იგი ჰაერის ზემოაღწერილი გასქელების შედეგად ყალიბდება, შემდეგ კი ლივლივებს იმ ჰაერში, რომელიც ისევ თავდაპირველ მდგომარეობაშია. ცხადი შედარება იქნებოდა ფრისბი, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი დამხმარე ლიტერატურა წინასოკრატულ ფილოსოფიაზე, რომელიც საკმარისად არასერიოზულია იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ანალოგია გამოიყენოს. შესაბამისად, მისი დედამიწა ისეთნაირადაა შეკავებული ჰაერით, როგორც თალესის სამყარო ტივტივებს წყალში ხის მორივით. ეს მსგავსება შემთხვევითობა ვერ იქნება. უეჭველია, რომ ანაქსიმენე აქ თალესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ანაქსიმანდრესთან, ვინაიდან იგი ადრეულ მოაზროვნეს იმაშიც ეთანხმებოდა, რომ სამყაროს დისკის ფორმა აქვს, და იმაშიც, რომ იგი რამით უნდა იყოს შეკავებული. გარდა ამისა, იგი ამბობდა, რომ ვარსკვლავები, პლანეტები, მზე და მთვარე ცეცხლისგან შედგება. პოეტურად, ანაქსიმენე მათ ცეცხლოვან ფოთლებს ადარებდა, რომლებიც უსაზღვრო, ჰაეროვან ცაში დაცურავენ.

ანაქსიმენეს სულზეც ჰქონდა თავისი სათქმელი. გასაკვირი არაა, რომ მან სულის შემადგენლობადაც მისი საყვარელი რამ – ჰაერი – დაასახელა, რომელიც, ამ შემთხვევაში, სუნთქვაა. სულის, როგორც სუნთქვის, ან ბერძნულად pneuma- შესახებ იდეას – აქედან ვიღებთ სიტყვას „პნევმატიკური“ („pneumatic“) – ხანგრძლივი გზა ექნება გვიანდელ ანტიკურ ფილოსოფიაში. ეს აზრი გარკვეულწილად გონივრულია იმის გათვალისწინებთ, რომ, თუ ცხოველი სუნთქვას წყვეტს, სიცოცხლესაც ასრულებს. ეს ანაქსიმენეს იმის შესაძლებლობასაც აძლევს, რომ ადამიანის სხეული კოსმოსურ სხეულს შეადაროს: ორივე მათგანი ძირეული ნივთიერების, კერძოდ, ჰაერის, მიერ ნარჩუნდება. ვიმეორებ, ეს იდეა შემდეგ კიდევ დიდხანს იარსებებს ფილოსოფიაში. შუა საუკნეების განმავლობაში ხშირად ამბობდნენ, რომ ადამიანი ფიზიკური კოსმოსის პატარა ვერსია, ფაქტობრივად მიკროკოსმოსია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეჭვი ეპარება, ანაქსიმენეც ამას უშვებდა, შესაძლო მგონია, რომ მას უკვე ჰქონდა ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის, შესახებ წარმოდგენა. ძალიან მალე ჰერაკლიტე წამოაყენებს ძალიან მსგავს თეორიას, რომლის მიხედვით, ადამიანის სულიცა და სამყაროს პირველსაწყისიც ერთი და იმავე არსისგან, მის შემთხვევაში – ცეცხლისგან, შედგება. გაიხსენეთ, თალესიც ამბობდა, რომ მაგნიტს სული აქვს, შესაძლოა იმიტომ, რომ სურდა დაემტკიცებინა, რომ მთელი ფიზიკური კოსმოსი სულითაა გაჟღენთილი ისევე, როგორც ჩვენ. ასე რომ, წინასოკრატული ფილოსოფიის ადრეული თაობების დროს ადამიანსა და კოსმოსს შორის ამ პარალელს ჰაერში ავლებდნენ, სიტყვებით თამაშს თუ მომიტევებთ.

ორივე, ანაქსიმანდრეს უსასრულობაცა და ანაქსიმენეს ჰაერიც, ღვთაებრიობით ხასიათდება. ანაქსიმანდრე იმასაც ამბობს, რომ უსასრულობა, მისი განსაზღვრებით, ყველაფერს „ერთმანეთში გადაურევს“. არც ისე ცხადია, თუ როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება. ალბათ, მისგან გამოცალკევებულ არსთა შორის ორმხრივი სამართლიანობის, ანუ თანაბარძალოვანი ურთიერთდაპირისპირების გაღვივებით? ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ადრეული ბერძენი მოაზროვნეები ბოლომდე არ თმობდნენ ღვთაებრიობის ცნებას. არსებობს ცნობები, რომ სინამდვილეში ანაქსიმენე ამბობდა, რომ ღმერთები არსებობენ, როგორც ამას ბერძნული რელიგია გვასწავლის, თუმცა ეს ღმერთებიც ჰაერისგან წარმოიშობიან. ეს არის წინასოკრატული ფილოსოფიის შეუმჩნეველი, მაგრამ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი თვისება: ესენი არიან მოაზროვნეები, რომლებსაც რელიგიური მოკრძალების განცდის შენარჩუნება სურთ იმ დინამიკურად ცვალებადი კოსმოსის წინაშე, რომელსაც ისინი აღწერენ. ისინი რელიგიას კი არ უგულებელყოფენ, არამედ ღვთაებრიობის მანამდელ მნიშვნელობებს ეჭვქვეშ აყენებენ. გზა, თუ როგორ აკეთებენ ამას, სრულიად ახლებურია. მაგრამ ყველაფერი გაცილებით ნაკლებად შეფარულია მომდევნო ფილოსოფოსთან, რომელსაც განვიხილავთ, ქსენოფანესთან. მან პირდაპირი იერიში მიიტანა ღმერთების ისეთ გაგებაზე, როგორსაც ჰომეროსსა და ჰესიოდესთან ვხვდებით. ამით მან ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ბერძნულ რელიგიასა და ბერძნულ ფილოსოფიას შორის ქიშპობას, რომელიც ყოველთვის მეგობრული არ ყოფილა და რომელიც პლატონისა და არისტოტელეს მეშვეობით გაგრძელდა.



მდევარი