ფუძემდებლური სოციოლოგიური თეორიები რელიგიის შესახებ (დიურკემი, მარქსი, ვებერი)

გააზიარე:


ავტორი: მარიამ გორდაძე

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

წინათქმა

რელიგია, როგორც ცნება, მეცნიერთათვის საკმაოდ რთულია ასახსნელად. მისი განმსაზღვრელი ერთი ჩამოყალიბებული და დამტკიცებული განმარტება არ არსებობს. ემილ დიურკემის, რელიგიის სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აზრით, რელიგიის უმთავრესი ნიშანი საკრალურთან მიმართებაა. ამასთან, ზებუნებრივი ძალების რწმენა, რელიგიური რიტუალები და მორწმუნეთა თემი – ეს ის სამი ძირითადი ელემენტია, რომელთა თანაარსებობა, დიურკემის თანახმად, კონკრეტული ჯგუფის რელიგიურობის შესახებ გვამცნობს. [1]

რადგან რელიგია ამა თუ იმ ფორმით გვხვდება ყველა ადამიანურ საზოგადოებაში, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უამრავი მრავალსაუკუნოვანი სარიტუალო ნივთი თუ ადგილი, და რადგან კაცობრიობის განვითარებაზე რელიგიის გავლენა ისტორიულად მეტად ძლიერია, ბუნებრივია, კონკრეტული საზოგადოებისა და მისი კულტურის შესაცნობად სოციოლოგებისთვის რელიგიის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რელიგიის სოციოლოგია, როგორც სოციოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. განზოგადებულად რომ ვთქვათ, რელიგიის სოციოლოგია რელიგიას განიხილავს, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას, და შეისწავლის მის საზოგადოებრივ ბუნებას, არსს. ანუ, სოციოლოგიის ეს დარგი იკვლევს რელიგიისა და საზოგადოების კავშირს – აინტერესებს, რა როლს ასრულებს რელიგია საზოგადოების ცხოვრებაში. ემილ დიურკემის სიტყვებით, რელიგიის სოციოლოგიის ინტერესის ძირითადი საგანი საკრალურისა (წმინდა) და პროფანულის (საერო, ყოველდღიური) ურთიერთმიმართების პრობლემაა.[2]

რადგან რელიგიის სოციოლოგია მნიშვნელოვნად უკავშირდება შემდეგი თეორეტიკოსების: ემილ დიურკემის („რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“), კარლ მარქსისა და მაქს ვებერის („პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“, „მსოფლიო რელიგიების სამეურნეო ეთიკა“) – შრომებს და რადგან სწორედ ისინი მიიჩნევიან რელიგიის სოციოლოგიის კლასიკოსებად, მოცემულ სტატიაში შევეცდები, მათ მიერ ჩამოყალიბებული თეორიები მოკლედ მიმოვიხილო.

ემილ დიურკემი

ემილ დიურკემი (1858–1917) რელიგიას განსაზღვრავს, როგორც „რწმენისა და პრაქტიკების ერთიან სისტემას წმინდა ნივთებთან მიმართებით“. იგი მიიჩნევა პირველ სოციოლოგად, რომელმაც გააანალიზა რელიგია საზოგადოებრივი ზეგავლენის კუთხით. უპირველეს ყოვლისა, ემილ დიურკემი ფიქრობდა, რომ რელიგია აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, აძლიერებს საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმს (აყალიბებს, ამტკიცებს ზნეობრივ წესებს, ნორმებს) და ადამიანებს ანუგეშებს ან ამხნევებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებებისა და ტრაგედიების დროს. მეტიც, რადგან რელიგია, მრავალი ინდივიდის წარმოდგენით, შეიძლება იყოს ძირეული განმსაზღვრელი საკუთარი თავის შესახებ, ხშირად იბადება „საკუთარისა“ და „უცხოს“ განცდა. აღნიშნულის უკიდურესი გამოვლინებაა, მაგალითად, ინკვიზიცია, სალემის ჯადოქრების სამსჯავრო, ანტისემიტიზმი… 

აქვე აღვნიშნავ, რომ დიურკემი შთააგონა მასწავლებელმა, ფრანგმა ისტორიკოსმა ფიუსტელ კულანჟემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბერძნული და რომაული ქალაქების საფუძვლები მკაცრად რელიგიური იყო. ამბობდა, რომ რელიგიის გავლენა საზოგადოების ცხოვრებაზე იყო ყოვლისმომცველი: რელიგია აყალიბებდა ოჯახურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ ნორმებს, ინსტიტუტებს. შემდგომში კი დიურკემიც შეეცდება საზოგადოებრივ მოვლენებში რელიგიური საფუძვლების მოძიებას.[3]

ემილ დიურკემი სწავლობს ავსტრალიურ აბორიგენულ თემს და ამ თემში გავრცელებულ ტოტემიზმს. ზოგადად, ტოტემიზმი მცირე კულტურებში აღმოცენებული რელიგიის ფორმაა. სიტყვა „ტოტემი“ ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული მცენარის ან ცხოველის აღსანიშნად გამოიყენება. დიურკემი ტოტემიზმს აცხადებს რელიგიის თავდაპირველ და უმარტივეს ფორმად. თემის წევრები ტოტემად შერაცხილ მცენარეებს ან ცხოველებს მხოლოდ რიტუალების დროს მიირთმევენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ემილ დიურკემის თანახმად, ტოტემი ჯგუფის სიმბოლოა და ამ ერთობის მთავარ ღირებულებებთანაა გაიგივებული. ის პატივისცემა, მოწიწება, რასაც პიროვნება ტოტემის მიმართ განიცდის, სინამდვილეში საზოგადოების ნორმებისა და ღირებულებების აღიარება და დაფასებაა. ანუ თაყვანისცემის ობიექტი თავად საზოგადოებაა.[4]

როგორც უკვე ითქვა, დიურკემისთვის რელიგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სარიტუალო წეს-ჩვეულებებია. ეს რიტუალური შეკრებები საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს, მათში თანაგრძნობას აღვივებს. რელიგიური რიტუალების შესრულების ჟამს, როდესაც საკრალური და პროფანული (ამქვეყნიური, ყოფითი) მკვეთრად იმიჯნება, პიროვნება ივსება განსაკუთრებული ენერგიით, თავისუფლდება ყოველდღიური საზრუნავისა და ტვირთისგან, განიცდის ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას – ღვთაებრივთან (შესაბამისად, ჯგუფთან) თანაზიარობას. [5]

საინტერესოა, რომ, ემილ დიურკემის აზრით, თანამედროვე საზოგადოებების განვითარება რელიგიური გავლენის შესუსტებას გამოიწვევს, მეცნიერული აზროვნება რელიგიურ ახსნებს ჩაანაცვლებს. რიტუალები და ცერემონიები კი ადამიანთა ცხოვრებაში ნაკლებად ღირებული იქნება. დიურკემი ასევე იზიარებს კარლ მარქსის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ტრადიციულ რელიგიას (რელიგიას, რომელიც ღვთიურ ძალებს, ღმერთებს აღიარებს) გაქრობა ემუქრება. თუმცა დიურკემი მიიჩნევს, რომ სახეცვლილი ფორმით რელიგია, როგორც ღირებულებითი სისტემა, კვლავ იარსებებს.[6]

კარლ მარქსი

კარლ მარქსი (1818–1883) რელიგიას განსაზღვრავს, როგორც იარაღს, რომელსაც უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით კაპიტალისტური საზოგადოებები იყენებენ სოციალური უთანასწორობის შესაქმნელად და შენარჩუნებისთვის. მისთვის რელიგია მუშათა კლასის (პროლეტარიატის) ეკონომიკური ტანჯვის გაგრძელებას გულისხმობდა.[7]

აღსანიშნავია, რომ მარქსის თეორიების დიდი ნაწილი ეფუძნება მე-19 საუკუნის ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შრომებს, განსაკუთრებით კი გერმანელი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ფოიერბახის, ნააზრევს. ლ. ფოიერბახის თვალსაზრისით, რელიგია არსობრივად გულისხმობს ღირებულებების ერთობლიობას, რომელსაც ქმნიან ადამიანები კულტურული განვითარებისას, მაგრამ მცდარად მიაწერენ მის წარმომავლობას ღვთაებრივ ძალებსა და ღმერთებს. ამას ავტორი გაუცხოებას უწოდებს. ანუ, ადამიანებს ახასიათებთ, განსაზღვრონ საზოგადოებაში დამკვიდრებული და აღიარებული ნორმები (რომლებსაც სინამდვილეში ადამიანური ბუნება გააჩნია), როგორც ღმერთების მოქმედების შედეგი. მას შემდეგ კი, რაც გააცნობიერებენ, რომ ღირებულებები, რომლებსაც ანიჭებდნენ ზეციურ ძალებს, სინამდვილეში მათივე ქმნილებებია, ძალაუფლება, რომლითაც აღბეჭდილია რელიგია და ღმერთები, შესაძლებელია ადამიანის ხელში აღმოჩნდეს. მოკლედ, ფოიერბახი აცხადებს, რომ, ბუნებისა და ადამიანის გარდა, არაფერი არსებობს. ჩვენი წარმოსახვით შექმნილი ზებუნებრივი არსებები მხოლოდ ჩვენი ბუნების უცნაური ანარეკლებია. მაგალითად, ქრისტიანული რწმენით, ღმერთი ყოვლისშემძლე, კაცთმოყვარე არსებაა, ადამიანი კი – არასრულყოფილი. თუმცა „ღმერთისთვის“ დამახასიათებელი სიკეთის, სიყვარულისა და ცხოვრების განკარგვის უნარი ყველა ადამიანს გააჩნია. მეტიც, ფოიერბახის აზრით, ადამიანი არის უზენაესი არსება და ყველაფრის საზომი. ღმერთის ცნება კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის შემოქმედება. გამოდის, ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის ხატად, არამედ, პირიქით, ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის ხატად.[8]

კარლ მარქსიც მიიჩნევს, რომ რელიგია ადამიანის თვითგაუცხოებაა. იგი ამტკიცებს, რომ რელიგია შექმნილია ადამიანის მიერ, რომ რელიგია არის იმ ადამიანის თვითშეგნება, რომელმაც ვერ გააცნობიერა საკუთარი ნამდვილი მე და შესაძლებლობები. [9] ისიც იზიარებს, რომ ადამიანებს აღარ უნდა ეშინოდეთ ღვთიური ძალების, რომლებიც მათივე ქმნილებებია და აღარ უნდა მიაწერონ მათ ის ღირებულებები, რომელთა სრულქმნა თავადაც შეუძლიათ.

მარქსის ცნობილი სიტყვები – „რელიგია ხალხის ოპიუმია“ – გულისხმობს, რომ რელიგია ილუზიაა. რელიგია შეიძლება იყოს ბედნიერების, კეთილდღეობის წყარო, თუმცა მოჩვენებითი და დროებითი. მეტიც, მისი აზრით, „რელიგია უგულო ცხოვრების გულია“, დაუნდობელი სინამდვილის ფონზე გამოსავლის ძიებაა. მარქსის თანახმად, რელიგია გვიბიძგებს, შევეგუოთ არსებულ ყოფას, უსამართლობასა და უთანასწორობას, რათა იმქვეყნად „ჭეშმარიტი ჯილდო“ მივიღოთ.[10] ამ გადმოსახედით, რელიგია უთანასწორო სოციალური სტრუქტურების გამართლების საშუალებაა, მაგალითად, ინდური კასტური სისტემის.

მაქს ვებერი

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ, თუ ემილ დიურკემის თეორიები მცირერიცხოვანი ტომის კვლევას ეფუძნება (თუმცა ის აცხადებს, რომ მისი იდეები ზოგადად რელიგიას მიესადაგება), მაქს ვებერმა მსოფლიო რელიგიები – რელიგიები, რომლებმაც მრავალი მორწმუნე მიიზიდა და კაცობრიობის განვითარებაზე ისტორიულად დიდი გავლენა იქონია – საფუძვლიანად შეისწავლა. ის სიღრმისეულად გაეცნო ინდუიზმს, ბუდიზმს, ტაოიზმსა და ძველ იუდაიზმს. [11]

მაქს ვებერი (1864–1920) მიიჩნევს, რომ რელიგია ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცვლილებებს და აღნიშნული საკითხი ევროპული კაპიტალიზმის ჭრილში განიხილა. უფრო ზუსტად, ვებერი ფიქრობს, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს არა საკუთრივ ეკონომიკური კანონები, არამედ რელიგიური მრწამსი და ეთიკა. ამ მოსაზრებით ვებერი უპირისპირდება ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, მარქსიზმს, რომლის თანახმადაც, რელიგია წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების ნაყოფს. ვებერმა შენიშნა, რომ პროტესტანტული ქვეყნები, როგორებიცაა ნიდერლანდები, ინგლისი, შოტლანდია, გერმანია, საგრძნობლად გამდიდრდა და განვითარდა. ამასთან, ძველი მეწარმეები ძირითადად კალვინისტები იყვნენ, რომლებიც ეკონომიკურ კეთილდღეობას ზეციური წყალობის ნიშნად აღიქვამდნენ. ნაშრომში „პროტესტანტული სამუშაო ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ ის ამტკიცებს, რომ პროტესტანტულმა სამუშაო ეთიკამ ჩაანაცვლა ანტიმატერიალისტური ქრისტიანული ღირებულებები: პროტესტანტები აფასებენ შრომისმოყვარეობას, დაზოგვას, ინდივიდუალურ მიღწევებს, რაც ხელს უწყობს კაპიტალიზმის აღორძინებას. [12]

რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, ვებერი ასკვნის, რომ მათთვის დამახასიათებელი ღირებულებები აბრკოლებს ინდუსტრიული კაპიტალიზმის განვითარებას. მაგალითად, ინდუიზმი, რომელსაც ვებერი „მიღმური სამყაროს“ რელიგიას უწოდებს, აფასებს მიწიერი ფუფუნებისთვის თავის არიდებას და სულიერ იდეალებს ესწრაფვის. ვებერი ასევე განიხილავს ჩინეთის, ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ცივილიზაციის, მაგალითსაც და ამბობს, რომ სწორედ გაბატონებულმა რელიგიურმა ღირებულებებმა შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საპირისპიროდ, ქრისტიანობა „რევოლუციურობით“ ხასიათდება, ანუ ცოდვასთან მუდმივ ბრძოლას, არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ გალაშქრებას გულისხმობს: იესო სწორედ ძალაუფლების არსებულ სტრუქტურას უპირისპირდება და აღიარებული დოქტრინების წინააღმდეგ ილაშქრებს. აღმოსავლეთის რელიგიები კი მორჩილ დამოკიდებულებებს ამკვიდრებს. [13]

აღსანიშნავია ისიც, რომ ვებერი იზიარებს ანთროპოლოგ ჯეიმს ფრეზერის შეხედულებებს, რომ რელიგია მაგიისგან განვითარდა. ვებერი ვარაუდობს, რომ მაგიით ინდივიდი ეძებს ღვთაებრივ ძალას პირადი მიზნებისთვის – ზებუნებრივ ძალებს აიძულებს, ადამიანთა სამსახურში ჩადგნენ, რელიგია კი საზოგადოებრივ მიზნებს ემსახურება. თანდათან ღვთის იძულებას ღვთის მსახურება ანაცვლებს. ადამიანი აცნობიერებს, რიგი კულტურები და საზოგადოებები რომ განვითარდნენ, საჭიროა საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრა, წესების შემოღება. რელიგია პიროვნული მისწრაფებების (რაც მაგიისთვისაა დამახასიათებელი) დაძლევით აყალიბებს მოწესრიგებულ საზოგადოებას, საჯარო მიზნები ანაცვლებს კერძოს. თუმცა, ვებერის მიხედვით, მაგია სრულებით არ ქრება – რელიგიას ერწყმის, რაც რელიგიური რიტუალების მაგიური ბუნებით მტკიცდება. ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთი ძირითადი რამ, რითაც მაგიას რელიგიისგან მიჯნავენ, ჯგუფური ცერემონიაა. ჩანს, ვებერი რელიგიისა და თანამდევი რიტუალების საზოგადოებრივ მნიშვნელობას დიურკემის მსგავსად სრულებით იზიარებს.[14]

ბოლოთქმა

ემილ დიურკემის, მაქს ვებერისა და კარლ მარქსის ნაშრომები ფუძემდებლურია რელიგიის სოციოლოგიაში. სამივე მათგანი აღიარებს რელიგიის დიდ მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიიჩნევენ, რომ თითქმის ყველა საზოგადოებაში ადამიანებს სწამთ უხილავი ზებუნებრივი არსებების ან ღმერთის არსებობისა, თუმცა ეს რწმენა და ამ რწმენისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები კულტურულად თავისებურია. გარდა ამისა, მარქსისთვის რელიგია სოციალური უთანასწორობის გამართლებაა, დიურკემისთვის – ჯგუფის გამაერთიანებელი და განმამტკიცებელი, ვებერი კი ყურადღებას საზოგადოებრივ ცვლილებებში რელიგიის როლზე ამახვილებს. ამასთან, ისინი იზიარებენ იმ მოსაზრებასაც, რომ თანამედროვე სამყაროში რელიგიის გავლენა თანდათან მცირდება.

ბიბლიოგრაფია

  • გიდენსი, ენტონი. სოციოლოგია. Edited by ლიკა წულაძე. თბილისი: „ღია საზოგადოება-საქართველო“, 2011.
  • ქეცბაია, კახა. რელიგიის სოციოლოგია. თბილისი: „უნივერსალი“, 2013.
  • Barman, Ram Proshad. „Religion from Sociological Perspectives: An Overview“. Asian Journal of Social Sciences and Legal Studies, no. 4(2) (March 2022).
  • Cipriani, Roberto. Sociology of Religion: An Historical Introduction. Translated by Laura Ferrarotti. New Brunswick: Transaction Publishers, 2015.
  • Okon, Etim. „Critical Re-examination of Sociological Theories of Religion“. Asian Journal of Social Sciences & Humanities, vol. 2, no. 2 (May 2013).

[1] კახა ქეცბაია, რელიგიის სოციოლოგია (თბილისი: „უნივერსალი“, 2013), 75.

[2] ქეცბაია, 16.

[3] Etim E. Okon, „Critical Re-examination of Sociological Theories of Religion“, Asian Journal of Social Sciences & Humanities, vol. 2, no. 2 (May 2013): 23.

[4] Ram Proshad Barman, „Religion from Sociological Perspectives: An Overview“, Asian Journal of Social Sciences and Legal Studies, no. 4(2) (March 2022): 26.

[5] Okon, 24-25.

[6] Roberto Cipriani, Sociology of Religion: An Historical Introduction, trans. Laura Ferrarotti (New Brunswick: Transcation Publishers, 2015): 79.

[7] Barman, 27.

[8] ენტონი გიდენსი, სოციოლოგია, ed. ლიკა წულაძე (თბილისი: „ღია საზოგადოება-საქართველო“, 2011), 537.

[9] Okon, 26.

[10] გიდენსი, 537.

[11] გიდენსი, 540.

[12] Barman, 28.

[13] გიდენსი, 541.

[14] Okoner, 29.



მდევარი