პოდკასტი De re publica-ს პირველ ეპიზოდში ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ მივიდა ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა დამოუკიდებლობის იდეამდე, რა ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ ‘დამფუძნებელი მამები’.
მსმენელს ვუზიარებთ, თუ რატომ დავინტერესდით პირველი რესპუბლიკითა და ქართული მოდერნული სახელმწიფოს იდეით. ხოლო სტუმართან ერთად ვცდილობთ, გავაანალიზოთ დამოუკიდებლობის აქტი იმ პერიოდის ისტორიული კონტექსტის გათვალისიწინებით და პასუხი გავცეთ კითხვებს: რა გზით ვასაბუთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას საერთაშორისო სივრცის წინაშე, როგორ განსაზღვრავს აქტი ახლადშექმნილი სახელმწიფოს იდენტობასა და მიზნებს.
ეპიზოდის ბოლოს ვისაუბრებთ 25 თებერვლის მნიშვნელობაზე – რა პროცესები შეჩერდა საქართველოს გასაბჭოებით? რა დავკარგეთ 101 წლის წინ?
პოდკასტის წამყვანები: კვლევითი ორგანიზაცია სტუდია გეორგიკას თანადამფუძნებლები ანი კახიძე და ელენე ფილფანი
სტუმარი: ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბექა კობახიძე
ანი: სალამი, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტს De re publica-ს, მე ანი კახიძე ვარ და ჩემთან ერთად არის ჩემი მეგობარი და კურსელი, ელენე ფილფანი. ჩვენი მიზანია, პოდკასტის ფარგლებში საინტერესო სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ. თუმცა მნიშვნელოვანია, სანამ უშუალოდ პოდკასტზე გადავალთ, გავცეთ პასუხი კითხვას, რატომ გადავწყვიტეთ საერთოდ პოდკასტის გაკეთება და რატომ შევარჩიეთ პირველი რესპუბლიკის პერიოდი. ელენე, როგორ მოხვედი პირველ რესპუბლიკამდე და რატომ დაინტერესდი საერთოდ თანამედროვე სახელმწიფოს იდეით?
ელენე: ინტერესი ასე ცხადად ლექციაზე გამიჩნდა, როცა ამერიკის კონსტიტუციას ვსწავლობდით. მოკლედ, ლექციაზე განვიხილავდით ფედერალისტების წერილებს და როცა, მე მგონი, მედისონის წერილს განვიხილადით, უცებ ვიფიქრე, რომ რა უცნაურია, როცა შენი ქვეყანა როგორი უნა ყოფილიყო, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო თანამედროვე სახელმწფოდ გაქვს გაწერილი პუბლიკაციებში და შენ შეგიძლია დაჯდე, იკითხო და არჩიო. ანუ პირდაპირ ნახო, როგორ ფიქრობდა ხალხი და რატომ სჯობდა ეს ამას და არა, ვთქვათ, სხვა გადაწყვეტილება.
მერე, ნუ ჩვენს ქვეყანაზე რომ დავფიქრდი, რაღაცნაირად წარსულში როცა ვიხედები, შეიძლება ახლა არა, მაგრამ მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი, რომ ვხედავდი ეგრევე შუა საუკუნეებს, დავითსა და თამარს, რომელთა შესახებ უფრო მეტი ცოდნა მქონდა, ვიდრე ნებისმიერი მომდევნო პერიოდის.
თავისთავად, ახლა აღარ ვცხოვრობთ შუა საუკუნეების საქართველოში და ძალიან დიდი განსხვავებაა იმ პოლიტიკურ წყობას შორის, რაც მაშინ იყო და რაც კოლექტიური მეხსიერებით მგონია, რომ უმრავლესობას აქვს და სადაც ახლა ვცხოვრობთ.
ამიტომ დავინტერესდი, რომ როდის მოხდა ეგ ცვლილება, როგორ მოვედით ამ თანამედროვე ქართულ სახელწიფომდე. და მერე ვიფიქრე, რომ პირველი რესპუბლიკის პერიოდი უნდა იყოს ზუსტად ეს გარდამავლი ეტაპი, როცა დაპყრობილი, კოლონიური ქვეყნის სტატუსი მოვიშორეთ, ჩვენ თვითონ დავიწყეთ თანამედროვე სამყაროში სახელწიფოს შენება და რაღაც გადაწყვეტილებები მივიღეთ, როგორ უნდა ჩამოგვეყალიბებინა პირველი რესპუბლიკა.
შესაბამისად, მინდოდა რაღაცნაირად ექვივალენტი მეპოვა იმ ფედერალისტთა წერილების, რაც ამერიკაშია. ცხადია, ეს გულუბრყვილო იმედია, რომ მსგავს რამეს იპოვი აქაც, მაგრამ ჩემი იმპულსი ეს იყო. თან ისიც იყო წამახალისებელი ფაქტორი, რომ სკოლის წლებიდან დიდად არაფერი მახსოვდა ამ პერიოდზე. და, მე მგონი, ბევრს არ აქვს სკოლიდან მაგ საკითხზე ცოდნა.
ანი: რაც შეეხება ჩემს ამბავს, როგორ დავინტერესდი პირველი რესპუბლიკით, ყოველთვის მიანტერესბდა როგორ იქმნებოდა სახელმწიფო. ფედერალისტების წერილებით მეც აღფროვანებული ვიყავი. მაგრამ მე ყოველთვის რაც მაინტერესებდა ინსტიტუტებთან მიმართებით, მემკვიდრეობითობის ნაწილი იყო – რას გვიტოვებენ, როგორ გავიზარებთ ამ მემკვიდრებოას, შემდეგ როგორ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ შემდეგაც ახალი თაობა მოდის და ამ თაობასაც როგორ ვითვალისწინებთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. აი, სწორედ ეს პროცესი მაინტერესებდა სამოქალაქო ნაციონალიზმის კონტექსტში – როგორ იკვეთება ერთმანეთთან აწმყო, წარსული და მომავალი.
ეს მაკლდა ქართულ სივრცეში. როცა ჩვენ ვსწავლობდით ქართული აზრის ისტორიას, მაშინ პარალელურად პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში იყო საქართველოში, წინა საარჩევნო პერიოდი იყო და პროგრამების პრეზენტაციისას, თუ ხდება ასეთი რამე, არავინ არ ციტირებდა სწორად და ლოგიკურად ჩვენს “დამფუძნებელ მამებს” ან სხვა ცნობილ ქართველ ისტორიულ ფიგურებს – მათ, ვინც აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოს შექმნაში 1918-21 წლებში. და მთავარი კითხვა ჩვენთვის ეს იყო, რომ რამდენად გააზრებული გვაქვს მემკვიდრეობითობის ნაწილი, რა დაგვიტოვეს და, ამ მემკვიდრეობის ნაწილიდან გამომდინარე, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სამომავლოდ, რომ გავითვალისწინოთ ეს სამივე დრო ერთად.
ელენე: ჩვენი პოდკასტის მოკრძალებული მიზანიც ეგ არის, რომ გავიხსენოთ პირველი რესპუბლიკა, რახან არ ვიცით რა იყო ეს პერიოდი, რა უნდოდათ, რა იყო მისი მნიშვნელობა, რა ქნეს კარგად, რა ქნეს ცუდად. და მგონია, რომ ზუსტად მაგ პერიოდის ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიების კულტურა უფრო წახალისდეს.
პირველ ეპიზოდებში კონტექსტის შესაქმნელად შედარებით ზოგადად ვილაპარაკებთ სტუმრებთან ერთად და ნელ-ნელა, ნელ-ნელა ჩავუყვებით დეტალებში. ძალიან მინდა, რომ მისხალ-მისხალ ვარჩიოთ დოკუმენტები.
ანი: ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პირველივე ეპიზოდში შევეცდებით მოსხალ-მისხალ გავარჩიოთ მნივნელოვანი დოკუმენტი – დამოუკიდებლობის აქტი. დოკუმენტი, რომელმაც გამოაცხადა ჩვენი დამოუკიდებლობა და ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად შევეცდებით განვმარტოთ აქტის ის პუნქტები, რომლებმაც ჩვენ დაგვაბნია და შეიძლება, მსმენელსაც ჰქონდეს მსგავსი კითხვები.
ელენე: პირველი კითხვა, რაც გვექნება ბატონ ბექასთან, ცოტა შესავალიც რომ გავაკეთოთ, საერთოდ როგორ მივედით დამოუკიდებლობასთან, არსაიდან თავზე ხომ არ დაგვეცემოდა. რა საფუძველი ჰქონდათ უკვე პირველი რესპულიკის დამფუძნებლებს, რა ინტელექტუალურ-პოლიტიკური კულტურა არსებობდა უკვე საქართველოში, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა.
ბექა კობახიძე: ეროვნული იდენტობის, მოდერნული ერის ფორმირება 1860-იანი წლებიდან იწყება და რამდენიმე ფაქტორია ამის კონტრიბუტორი. ორი ყველაზე ძირითადი – რა თქმა უნდა, ბატონყმობის გაუქმება, როდესაც გლეხი წყდება მიწას და იწყება ურბანიზაცია. და ამას ეხმარება ძალიან რკინიგზის გაყვანა. ანუ ესენი ერთად ხდება: ბატონყმობა უქმდება, რკინიგზა გადის და ადმაიანებს შეუძლიათ ქალაქში ჩამოსვლა. მესამე ფაქტორი ეს არის სკოლები, განათლება და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს 1878 წელს დაარსებულ “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”.
ხდება შემდეგი რამ: გლეხი აღარ არის ვალდებული, რომ იმუშაოს მიწაზე, ჯდება მატარებელზე და, სიტყვაზე, გურიიდან ადვილად ჩამოდის თბილისში. რაც მანამდე იყო სრულიად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. კახეთიდან ჩამოდის სხვა გლეხი და ისინი, შეიძლება ითქვას, პირველად ისტორიის მანძილზე ხვდებიან ერთმანეთს. ხვდებიან, რომ საუბრობენ ერთ ენაზე, აქვთ საერთო რწმენა და ყოფის გარკეული ელემენტები.
შემდეგ უკვე ამას ემატება წერა-კითხვის გავრცელება. გაზეთი რომ იბეჭდება ის მიდის გურიაშიც, ის მიდის კახეთშიც და ეს არის ახალი ამბები ორივე მხარისთვის. ისინი იწყებენ ისტორიის სწავლას. ანუ, მანამდე ხო გლეხმა ისტორია არ იცის – თუ წერა-კითხვა არ იცის, ისტორია საიდან იცის და აქედან, ფურცლიდან ჩნდება კოლექტიური მეხსიერება.
შესაბამისად, თერგდალეულების თაობა ზუსტად არის ერის მაჩვენებელი, რაც შემდეგ უკვე გადადის ქართველ სოციალ-დემოკრატებში. და ეს სოციალ-დემოკრატიული პარტია, სტივენ ჯონსი ძალიან სწორად წერს, რომ ძალიან განსხვავებული იყო რუსული სოციალ-დემოკრატიისგან, ანუ მენშევიზმისგან. რუსეთში მათი რეიტინგი იყო 2-3%, აქ კი ეს იყო წამყვანი პარტია.
რა არის აქ ძირითადი განსხვავება? საქართველოში სოციალ-დემორატებს ეძახდნენ “ჩვენს პარტიას”. ძალიან ინკლუზიური იყო: მოიცავდა გლეხობასაც, ე.წ. პრო-ბურჟუასაც ანუ მცირე კაპიტალისტებს, მოიცავდა თავადაზნაურობას (არა მუხრანბატონებს და ორბელიანებს, არამედ საშუალო და დაბალი რგოლის აზნაურებს. თავად-აზნაურების შვილები იყვნენ თვითონაც, სოციალ-დემოკრატების ლიდერები) და სასულიერო წოდებასაც. სოციალ-დემოკრატების ძალიან დიდი ნაწილი ჩართული იყო წერა-კითხვის საზოგადოების შექმნის, განვითარებისა და ფუნქციონირების პროცესებში. ამ თვალსაზრისით, სოციალ-დემოკრატები არიან გამგრძელებლები იმ ნაშენისა, რასაც თერგდალეულები თავის დროზე აკეთებდნენ.
დღეს ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მითია, რომ ილიას მკვლელები იყვნენ. ამ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სოციალ-დემოკრატები ილიას ებრძოდნენ, საერთოდ არა აქვთ ნანახი ილიასა და ნოე ჟორდანიას პოლემიკა. არა თუ მათ არა აქვთ, არამედ ისტორიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ნანახი, გამოცემული არ არის და იმიტომ. ამ პოლემიკის სანახავად “კვალისა” და “ივერიის” გაზეთები უნდა ფურცლო და ეძებო. ახლა აპირებს სერგო რატიანი, თუ არ ვცდები, გამოცემას, მაგრამ ზედაპირულობის დონე წარომიდგინეთ, რომ ეროვნული მეხსიერება დგას რაღაცა საკითხზე და ის გამოცემულიც არ არის. ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ ის ნანახი.
სიანმდვილეში ეს პოლემიკა არის ორი ძალიან მსხვილკალიბრიანი მოაზროვნის სერიოზული საქმიანი დებატი, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და განვითარების ბევრ საკითხს. აქ შეიძლება ილიას დაეთანხმო, შეიძლება ნოეს დაეთანხმო, ამის შიგნით იკამათე, მაგრამ ჯერ ხომ უნდა წაიკითხო რაზე კამათობ და არ დაყო მხარეები იუდებად და ქრისტეებად.
ერის ფორმირებაზე ვისაუბრეთ და ახლა ნაციონალიზმის ისტორიაზე რომ ვილაპარაკოთ, ამით გაეცემა თქვენს კითხვას პასუხი. გარდა სოციალ-დემოკრატებისა, ილია ჭავჭავაძესა და თერგდალეულების ძველ თაობას მეტოქეები ახალგაზრდა ქარათველ ნაციონალისტთა შორის ჰყავდა. ეს იყო არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი და ახალი თაობის ქართული ნაციონალისტები. ჯორჯაძე ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ 60-იანელთა პუბლიცისტური გოდება ქართველ გლეხსა და მუშას კი აღუძრავდა ემოციებს, მაგრამ კუჭს ვერ უძღობდაო. ინტელექტუალურ გოდებას უნდა მოვეშვათ და პრაქტიკულ საქმეზე უნდა გადავიდეთო.
ამ მხრივ, ესენიც არანაკლებ ქიშპობდნენ ერთმანეთში, მაგრამ ჰქონდათ არაერთი საერთოც: “საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია”, რაც არჩილ ჯორჯაძემ შეიმუშავა. განსხვავება ის იყო, რომ ილია ამბობდა, რომ პარტიები არის ნეგატიური მოვლენა, ეს ჩვენ დაგვყოფს, როგორ შეიძლება. მაგრამ ჯორჯაძემ დაინახა, რომ საზოგადოების ტრანსფორმაცია და ახალი სოციალური ფენების წარმოშობა თავისთავად წარმოშობდა პოლიტიკურ პარტიებს და ამას საქართველოც ვერ გაექცეოდა. შესაბამისად, ჯორჯაძე სთავაზობდა საზოგადოებას ასეთ რამეს, რომ, კი ბატონო, ამ მიმართულებებით დაყოფილები ვართ, მაგრამ შევიმუშავოთ ეროვნული ინტერესების პუნქტები, 5 პუნქტსს სთავაზობდა საზოგადოებას, და, აი, ამის გარშემო გავერთიანდეთ ყველა, მათ შორის სოციალ-დემოკრატებიც.
მაშინ სოციალ-დემოკრატებმა ეს უარყეს, მაგრამ 1918 წელს, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე რომ გადავიდეთ, როგორც ჟორდანია მემუარებში წერს, დამოუკიდებლობის აქტის დრაფტის დაწერა ვთხოვეთ გიორგი გვაზავასო, რომელიც იყო ეროვნულ-დემოკრატი ანუ ილია ჭავჭავაძეს მიმდევარი, მემარჯვენე, ნაციონალისტი, და დრაფტში ერთ-ერთ პუნქტში მიუწრია 8-საათიანი სამუშაო დღე. ჟორდანიამ ეს რომ ვნახე, გავგიჟდი კაციო, ეს მუშების დამოუკიდებლობის დეკლარაცია კი არ არის, ეს ეროვნული დამოუკიდებლობის დეკლრაციაა როგორც მუშისთვის, ისე თავადისთვის და ისე ყველასთვისო. ანუ ეს არის საერთო ერონული საქმეო.
მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ 1918 წელს ზუსტად ის იდეები, რაც იყო ილიას დროს და შემდეგ არჩილ ჯორჯაძის ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში ტრანსფორმირდა, უკვე დამოუკიდებლობის აქტით ამას ხორცი შეესხა.
ანი: უშუალოდ დამოუკიდებლობის აქტის განხილვაზე რომ გადავიდეთ, ტექსტში ვკითხულობთ, რომ “[…] საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა”. რატომ არის აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ საქართველომ თავად გადაწყვიტა რუსეთს შეერთებოდა? და აქვე ვიკითხავ იმასაც, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზეზად გამოცხადებულია ის, რომ თვითონ რუსეთი დაიშალა და აქცენტი, თითქოს, არ კეთდება იმაზე, რომ ჩვენ თავად გადავწყვიტეთ დამოუკიდებლობა.
ბექა კობახიძე: თვითონ პუნქტებრივად რომ გავყვეთ ტექსტს და თუნდაც იმ პრეამბულას, რაზეც ახლა ბევრი საუბარია, რომ რატომ არის ასეთი და რატომ, ვთქვათ, არ არის ბუკი და ნაღარა და ზარ-ზეიმი, და რატომ ბოდიშის მოხდით გამოდიან რუსეთიდან. ესეც ძალიან ზედაპირული მსჯელობაა.
დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ასახავს იმ ძალიან კონკრეტულ და ძალიან მწვავე გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც საქართველოს გარშემოა მაშინ შექმნილი და მაშინდელ საერთაშორისო სამართლის კონკრეტულ ნორმებს. დღეს რომ ერთა თვითგამორკვევის უფლება გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით და თეორიაში, სამართლის დონეზე მაინც, არ შეიძლება ერთი სახელმწიფო მეორეს საზღვრებში შეიჭრას და ძალმომრეობით ტერიტორიები დაიკანონოს. ზოგიერთები აკეთებენ ამას, მაგრამ სამართლებრივად ხომ არაა დაშვებული და არსებობენ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შეიკრიბებიან, დაგმობენ, რაღაც სანქციებს დააკისრებენ.
1918 წელს კი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს დაპყრობა არის სრულიად ლეგიტიმური მოვლენა. ანუ თუ დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია განახორციელა, მაშინ ამას არ ამბობდნენ, რახან არ იყო მომგებიანი. ანუ თუ ანექსია განახორციელა, მაშინ რას აპროტესტებ. მოგერია, დაგჩაგრა, ესე იგი სამართლებრივად ეკუთვნოდა შენი ტერიტორია.
ქართული პოლიტიკური ელიტა 1918-19 წლებში იდგა სამართლებრივ, “გიორგიევსკის ტრაქტატის” საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ამბობდა და ესაა დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში ზუსტად ნათქვამი, რომ საქართველო რუსეთმა კი არ დაპყრო, არამედ საქართველო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა ხელშეკრულებით, რუსეთმა იტვირთა მისი დაცვა გარეშე მტრებისგან. ახლა რუსეთი გაქრა, რუსეთი აღარაა, ამიტომ ხელშეკრულების ხელმომწერმა ერთ-ერთმა მხარემ არა თუ დაარღვია ეს ხელშეკრულება და ვერ გვიცავს ოსმალეთისგან, არამედ ის აღარ არსებობს. შესაბამისად, ამან წარმოშვა ჩვენი ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება, რომ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა.
ეს დამოუკიდებლობის აქტი მარტო საქართველოსთვის ხომ არ იყო. ამ აქტით უნდა წარდგე დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ხო და რას ეუბნები, რატო ვაცხადებთ დამოუკიდებლობასო.
შემდეგ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნითა და დაფინანსებითაც საერთაშორისო სამართლის ძალიან მაღალი კალიბრის სპეციალისტებმა დაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო დასკვნები. ეს წიგნები საქართველოში საერთოდ უცნობია. მაგალითად, პროფესირი ნიკოლდის, მაშინდელ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტის. და ამ წიგნებით დადიოდნენ. ეს არ არის, ასე ზედაპირულად. ახლა რომ ამბობენ, რომ, ვაიმე, ოკუპაცია რატომ არ ახსენეს. მაშინ ოკუპაციის ხსენება იქნება რუსული საქმის კეთება.
შემდეგ უკვე, 1919 წლიდან, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იცვლება. ანუ შემოდის ვილსონის ერთა თვითგამორკვევის უფლება, ლიბერალური ინტერნაციონალიზმი. 1919 წლის 24 იანვარს ანტანტის მოკავშირეთა უმაღლესი საბჭო (წარმოვიდგინოთ, რომ ეს საბჭო მეტ-ნაკლებად არის დღევანდელი გაეროს ექვივალენტი) ისტორიაში პირველად წერს დადგენილებას, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიების შეცვლა არის დაუშვებელი.
შემდეგ უკვე ვილსონის 14 პუნქტი, ერთა ლიგის დამფუძნებელი აქტი და აქ შემოდის ლიბერალური ინტერნაციონალიზმი. და აქედან, 1919 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფო უკვე იმ ნარატივს აღარ ატარებს და ყურადღებას ამახვილევს ოკუპაციაზე.
ელენე: მე ახლა როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა, საქართველოს არგუმენტი იყო ის, რომ მე ხელშეკრულება დავდე რუსეთთან, ახლა რუსეთი აღარაა და ამიტომაც ეს ხელშეკრულება გაუქმდა, რახან ერთი აქტორი ფიზიკურად გაქრა. მაგრამ ასევე მე რაც მაინტერესებს არის ის, რომ რახან რუსეთის გაქრობა როგორც ასეთი, ცხადია, არ იყო სამუდამო ფენომენი და ყველამ იცოდა, რომ რაღაც ფორმით ეს სახელმწიფო დაბრუნდებოდა და ამასთან ერთად მისი პრეტენზიაც ამიერკავკასიაზე. ამიტომ მაინტერესებს, აქტში რატომ არ არის მეტი აქცენტი რუსეთის სამართალდარღვევებზე. და მაინტერესებს ასევე იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე იყო მსგავსი ნარატივი. ანუ ქართველი მოაზროვნეები ცდილობდნენ, რომ ევროპისთვის აეხსნათ, რომ, აი, ტრაქტატი დავდეთ რუსეთთან და შემდეგ მან დაარღვია პირობები. იგივე ვარლამ ჩერქეზიშვილის პეტიცია ეხებოდა ამ საკითხის, მიხაკო წერეთელის გამოსვლა. შესაბამისად, ეს საკითხი რატომ აღარ არის აქტუალური და რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ გაქრობაზე.
ბექა კობახიძე: ვარლამ ჩერქეზიშვილი და ის ჰააგის პეტიცია არ ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ის ითხოვდა საქართველოს ავტონომიას რუსეთის შემადგენლობაში ტრაქტატის საფუძველზე. მაგრამ 1918 წელს ჩვენ დამოუკიდებლობას ვითხოვთ. ამიტომ 1907 წლის ნარატივი 1918 წელს აღარ გამოდგებოდა. და ასევე ის არგუმენტი, რომ რუსეთი საერთოდ აღარ არსებობს, უფრო ძლიერია, ვიდრე ის არგუმენტი, რომ დაარღვია და მოდი ახლა ჩვენ ვიკამათოთ დაარღვია თუ არა.
ანი: მოლოდინი როგორია, რა ფორმით იარსებებს რუსეთი? რას ვარაუდობენ ამ პერიოდში?
ბექა კობახიძე: ეს აზრი ტრანსფორმირდებოდა როგორც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ისე დასავლურში. 1917 წლის ბოლოს, 18 წელს, 19 წელს სულ სხვადასხვა რამეებს ლაპარაკობენ იმის მიხედვით, თუ რა ხდება თვითონ რუსეთში.
თუ არ ვცდები, 1917 წლის 21 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა აქვს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას, სადაც ამბობს ასეთ რამეს, რომ ახლა საქართველოს გარშემო დიდი უბედურება ტრიალებს, დიდი პოლიტიკური მორევია: ამ დროს ბოლშევიკური გადატრიალებაც უკვე მომხდარია, აქეთ თურქული არმია მომდგარია და რა უნდა ვქნათ ჩვენ. ჟორდანიას გამოსვლა არის არა პოპულისტური, რომ ჩვენ ქართველები მტერს კისერს მოვუგრეხთ, არამედ ესაა ფიქრი იმაზე, როგორ გამოიყვანონ შემქნილი მდგომარეობიდან ქვეყანა.
სიტყვაზე, იმ დროს, 1917 წელს, რომ გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს რას ნიშნავდა პრაქტიკაში. იმას, რომ არაფერი არ გიცავს დედამიწის ზურგზე. შენ გარშემო ომია, ცეცხლი უკიდია ყველაფერს და ამ დროს, ერთი მხრივ, ოსმალეთი წამოვა, მერე როცა იქნება რუსეთი წამოვა. შენ ორი ამხელა იმპერია მარტო უნდა გააჩერო და თან ქვეყანა უნდა ააშენო. ეს ფანატიკური იდეაა. შესაბამისად, ამაზე მაშინ ფიქრი არ იყო. არა თუ სოციალისტური პარტიებისგან, არამედ მაშინ ეროვნულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატებს, რომლებიც ყველზე მემარჯვენეები და ყველზე ნაციონალისტები იყვნენ, 1918 წლის 15 აპრილამდე დამოუკიდებლობის იდეა არ უხსენებიათ საერთოდ. იმიტომ რომ ეს მაშინ ფანატიზმი იქნებოდა.
შემდეგ საერთაშორისო კონტექსტმა შემქნა ისეთი გარემოება, რომ იძულებული იყვნენ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და წასულიყვნენ რისკზე. ამიტომაა, რომ 26 მაისი არ ყოფილა, რომ ფეირვერკები გავუშვით, გამოვედით ვიცეკვეთ. 26 მაისი იყო უფრო მეტი შიშის დღე – გამოვაცხადეთ და რა ხდება ახლა, რა გველოდება, რა გვიცავს.
მაშინდელი საერთაშორისო სამართლით პატარა სახელმწიფოს შეეძლო ეარსება მხოლოდ 2 ვითარებაში: როცა დიდი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ეს სახელმწიფო გვჭირდება, ბუფერული დატვირთვა აქვს და ამაზე კავკასიის შემთხვევაში ოსმალეთი და რუსეთი ვერ თანხმდებოდნენ. მაგრამ ასეთი სახელმწიფო იყო ბელგია, რომელიც შექმნეს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რადგანაც სჭირდებოდათ. საქართველოზე რახან ასეთი კონსენსუსი არ იყო, აქ გათამაშდა მეორე ვარიანტი, როცა დიდი სახელმწიფო ტვირთულობს პატარას პროტექტორატს. ასეთი გამოჩნდა გერმანია და როგორც კი გამოჩნდა, ქართველი პოლიტიკური ელიტა ჩაებღაუჭა ამ იდეას და გერმანიის პროტექტორატის ქვეშ გამოცხადდა დამოუკიდებლობა.
როცა იშლებოდა ამიერკავკასიის ფედერაცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით, იქ კარი ბოლომდე არ დახურეს. დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაშიც და ჟორდაიას სიტყვაშიც ნათქვამია, რომ, აი, სამომავლოდ შეიძლება ცხოვრებამ მოიტანოს და ისევ კონფედერაცია გავაკეთოთ, ვიყოთ ერთად. იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ სიცოცხლის უნარიანი იქნება დამოუკდებლობა. მაშინდელ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ხელა სახელმწიფოები არ არიან.
მაგრამ შემდეგ იცვლება რა საერთაშორისო სტანდარტები, შემოდის ლიბერალური ნაციონალიზმი, ჩნდება კავკასიაში სხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესები და ქართული პოლიტიკური და საზოგადოებირივი ელიტაც გემოს უგებს ამ დამოუკიდებლობას და უკვე 1919 წლიდან ორაზროვანი დამოკიდებულება დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. ანუ ისინიც, ვინ ყველაზე მეტად, ვთქვათ, ინტერნაციონალისტები ან კოსმოპოლიტები იყვნენ, ისინიც კი ამას აღარ განიხილავენ.
მაგალითს მოვიყვან, ირაკლი წერეთელი, რომელიც ყველაზე მეტი რუსოფილი იყო ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შეხვდა ლვოვს, რუსეთის დროებითი მთავრობის თავჯდომარეს. ანუ მეფე რომ დაემხო და დროებითი მთავრობა შეიქმნა, ამ მთვრობის პირველი თავჯდომარე იყო გიორგი ლვოვი და იმ მთავრობაში მინისტრი იყო გიორგი წერეთელი.
ლვოვი ხვდება წერეთელს და რუსები ეუბნებიან, რომ ვერბალურად მაინც გამოაცხადეთ, რომ თუ ბოლშევიკები დამარცხდნენ, რუსეთში დემოკრატიულმა წყობილებამ გაიმარჯვა და ისეთი იდეალური რუსეთი იყო, რომელზეც ერთად დიდი ხანი ვოცნებობდით. აი, ასეთ რუსეთთან რომ ავტონომიური უფლებით შეხვალთ, თუ შეგიძლიათ, ეს ვერბალურად განაცხადოთო. და წერეთელი ეუბნება ლვოვს, რომ არა, რა სისულელე არის, ქართველმა ხალხმა აქ დამოუკიდებლობის მანდატით გამოგვიშვა და ამაზე არანაირი გადახედვა არ იქნება, გამორიცხულია, შეუძლებელია.
1919 წლისთვის ეს იდეა იმდენად გამყარებულია, რომ თუ ვინმე რამე სხვას იტყოდა ქართულ პოლიტიკაში, ის ანათემას გადაეცემოდა, შეიძლება ითქვას.
ანი: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პირველივე პუნქტში ვკითხულობთ: “ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია”. სიტყვა “ამიერიდან” თანამედროვე ადამიანის, სულ მცირე ჩემს თვალს ცოტა უხეშად ხვდება, რადგან თითქოს იგულისხმება, რომ დაბადებით ხალხი სუვერენული უფლების მატარებელი არ არის. რამე ფართო ისტორიული კონტექსტი ხომ არაა, რაც თვალსაწიერიდან გვრჩება და ამიტომ იწვევს სიტყვა “ამიერიდან” ამ უხერხულობას?
ბექა კობახიძე: თანდაყოლილზე როცა ვსაუბრობთ, ეს უფრო ფილოსოფიური ხედვაა ამ ტერმინის, მაგრამ მეორეა სამართლებრივი ხედვა. ეს რაც დამოუკიდებლობის პრეამბულაში წერია, ესაა სამართლებრივი ნაწილი, ანუ რას ნიშნავს სუვერენული სახელმწიფო.
ერთი რაღაცა რაც შეიძლება აღინიშნოს, რაც მნიშვნელოვანია ფილოსოფიურად და პოლიტიკურად, ამ პრეამბულაში საუბარი არ არის დამოუკიდებლობის აღდგენაზე. თუ, ვთქვათ, 1991 წელს ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღდგენაზე, 1918 წელს დამოუკიდებლობას ვაცხადებთ. და არ სვამს დამოუკიდებლობის აქტი პირდაპირ კავშირს ფეოდალურ, შუა საუკუნეების, აღმაშენებლის ან ერეკლეს საქართველოსთან. არ ეძებს ამ კავშირებს, რაც შეიძლება ბევრ სხვა რამეშიც ჩანდეს.
სიტყვაზე, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმებისას დავითისა და თამარ მეფის სურათები არ დააქვთ და, გნებავთ, სახელმწიფო შენობებშიც არაა ეს სურათები. და რატომ? ახალი საქართველოს მაშენებელი კლასისთვის ესაა ახალი საქართველო და ისინი ფეოდალურ საქართველოს ებრძვიან. ეს არაა მეფეების და ფეოდალების საქართველო. ესაა ქართველი ხალხის, ახალი იდენტობის საქართველო, რომლის სახე მეფე ვერ იქნება.
აქ შემოვიდა ახალი სიმბოლო. ქართველი ქალის სახე “საქართველო”, რომელიც უკვე მარკებზე, ფულზე, აღლუმებზეა წარმოჩენილი. არა ვთქვათ თამარ მეფე, არამედ “საქართველო”, როგორც პერსონაჟი და ხალხის სახე.
მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იდენტობის მარკერები, რომლებიც, რა თქმა უნდა, წამოღებულია შუა საუკუნეებიდან, არა პოლიტიკის და განაცხადის დონეზე, არამედ განათლების სისტემიდან შედის ადამიანებში. საარქივო მასალები აჩვენებს, რომ ამ დროს ივანე ჯავახიშვილი ქმნის საქართველოს ისტორიის კურიკულუმს. ანუ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პირველად ისტორიაში იქნება სკოლის კურიკულუმი, სახელმძღვანელო, რომლის ავტორიცაა ივანე ჯავახიშვილი. ამ დროს ისტორიაში პირველად ილია ჭავჭავაძის პროზა და პოეზია შედის სასკოლო სახელმძღვანელოებში. საბჭოთა პერიოდში კი არა, პირველი რესპუბლიკის დროს ხდება ეს.
გარდა ამისა, ხდება რუსული აბრების მასობრივი ჩამოხსნა და ქართულის დაკიდება, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული ენის აკრძალვა და მხოლოდ ქართულის დატოვება. ამან დიდი პრობლემები გამოიწვია, რახან საჯარო მოხელეების დეფიციტი შექმნა. ბევრ რუსულენოვანს მოუწია სამსახურიდან წასვლა. ამას დასავლეთის ლიტერატურაში, მაშინდელ საარქივო წყაროებშიც ჩანს, უწოდებდნენ “ქართულ შოვინიზმს/იმპერიალიზმს”.
მოკლედ, პირელი რესპუბლიკა ცოტა პარადოქსულ სიტუაციაშია. ქართული ისტორიოგრაფია ებრძვის ნიჰილიზმსა და არაეროვნულობას, ხოლო დასავლური ლიტერატურა შოვინიზმზე მიუთითებს.
ელენე: იმდროინდელი პოლიტიკური საერთაშორისო სივრცის გათვალისწინებით, რამდენად მომგებიანი იყო, რომ ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებლობას, სუვერენულ ლეგიტიმაციას ვასაბუთებთ და ისტორიულ განგრძობითობას არ ვაჩვენებთ?
ბექა კობახიძე: ამის განსასაზღვრად, ალბათ იმ პერიოდში უნდა დავბრუნდეთ და, საერთოდ, უნდა გავიხსენოთ როდის მოხდა ეს ბმა. მაგალითად, რომ გითხრათ, დღეს ხომ საქართველოს ისტორია იწყება კოლხადან და დიაოხიდან, არგონავტები და ასე შემდეგ, ეს, რეალურად გიორგი მელიქიშვილამდე ხსენებაშიც არ ყოფილა. 1940-იან 1950-იან წლებამდე საერთოდ არავინ არ საუბრობდა დიაოხზე და კოლხაზე. 50-იანი წლებიდან დავადგინეთ, რომ 3 000-წლოვანები ვართ. მანამდე 2 000-წლოვანები ვიყავით. მაგალითად, ნოე ჟორდანია თავის გამოსვლებში 2 000-წლოვანს ამბობს.
ეს ციტატა მინდა, რომ წავიკითხო. იდენტობის თემას ეხება ჟორდანია. 1920 წლის 10 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ რომ აღიარეს დასავლელმა სახელმწიფოებმა, თბილისში გაიგეს ეს 12 იანვარს და 14 იანვარს გაიმართა დამფუძნებელი კრების ანუ პარლამენტის საზეიმო სხდომა, სადაც მოწვეულნი იყვნენ დასავლელი დიპლომატები. მათ მიმართავს ჟორდანია და მათ გასაგონად ამბობს: “დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. (ხანგრძლივი ტაში). და მათ გვკითხეს: – რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში”. აი, ამ განცხადებაში, ბევრი რამეა ნათქვამი.
მიმართებაა 2 000-წლიან კულტურაზე. არა, ვთქვათ, თამარის ან დავითის დროინდელ დიდებაზე, არამედ საქართველოს 2 000 (და არა 3 000) წლიან კულტურაზე. და ახალ პოლიტიკურ წყობაზე – უაღრესი დემოკრატიული წყობილება და საქართველო, როგორც დასავლური სახელმწიფო. ესაა ჟორდანიას, რესპუბლიკის მთავარი მესიჯები. ამ იდეების გარშემო ერთიანდებოდა პოლიტიკური ელიტა.
და, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური ამბავიც იყო. მაგალითად, ჟორდანიას კაბინეტში ეკიდა მარქსი, ენგელსი და ჟან ჟორესი. იმის თქმა მინდა, რომ იდეოლოგიურად საქართველო იყო ხალხის სახელმწიფო და მათ მოჭრეს ფეოდალიზმის ხე.
ანი: ბატონო ბექა, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებითაც ვიკითხოთ. გავრცელებული ბრალდებაა პირველი რესპუბლიკის მიმართ, რომ დამოუკიდებლობის აქტში ჩვენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვამტკიცებთ. მე-3 პუნქტში მითითებულია: “საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა”. რას გულისხმობდა ეს და შეიძლება თუ არა, მართლაც, გავიგოთ, როგორც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი?
ბექა კობახიძე: რას ნიშნავს საერთაშორისო ომიანობა? საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა მსოფლიო ომის დროს. 1918 წლის 26 მაისს მიმდინარობს მსოფლიო ომი. საქართველოს სურს, რომ აღიარება მოიპოვოს როგორც ერთი, ისე მეორე ბანაკისგან. ანუ საქართველო აცხადებს, რომ ის არ არის მხარე მსოფლიო ომში. შემდეგ 1921 წელს საქართველომ მიიღო კონსტიტუცია, სადაც არც ერთი სიტყვა ნეიტრალიტეტზე არაა.
მეტსაც გეტყვით, ნეიტრალურ სახელმწიფოს ხომ არ შეუძლია სამხედრო კავშირებში შესვლა. მაგრამ საქართველო ცდილობდა ერთა ლიგაში შესვლას. რაც დღეს ნატოს მე-5 მუხლია კოლექტიური თავდაცვა, ეს იყო ერთა ლიგის მე-10 მუხლი, ასევე კოლექტიური თავდაცვა. ასევე საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი სამხედრო ალიანსი ჰქონდა აზერბაიჯანთან, რომ მესამე მხარისგან შეტევის შემთხვევაში ერთმანეთი უნდა დაეცვათ. და, უფრო მეტიც, საქართველო ითხოვდა, რომ ბრიტანეთს ჯარები დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორ შეიძლება ახლა ნეიტრალურმა სახელმწიფომ უცხო სახელმწიფოს მოსთხოვოს საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების დატოვება. ესეც სრულიად არასწორად და ზედაპირულადაა ინტეპრეტირებული.
ხოლო დანარჩენი პუნქტები უკვე, აი, ეს ლიბერალ-დემოკრატიული პუნქტები რაცაა უკვე, რომ განვითარების თავისუფალ გზას უხსნის ყველა ეროვნებას და თანასწორია და ასე შემდეგ, ეს უკვეა ის იდეოლოგია, რაც მოჰქონდათ სოციალ-დემოკრატებს და, ზოგადად, ქართულ ელიტას თავიანთი 30წლიანი მუშაობის განმავლობაში დაწყებული 1890-იანი წლებიდან
ანი: ეპიზოდს პირველად ჩვენი მსმენელი 25 თებერვალს მოისმენს და, ბუნებრივია, პოდკასტის დაწყების თარიღი შემთხვევით არ აგვირჩევია. ჩვენ ეპიზოდი ერის ფორმირებაზე საუბრით დავიწყეთ. თქვენს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობის საბოლოო ფორმირება 1930-იან წლებში, ანუ საბჭოთა პერიოდში, შეძლო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რა დავკარგეთ 25 თებერვალს, ანუ რომ დაგვცლოდა საბჭოთა კავშირის მიღმა იდენტობის ფორმირება, რას შეცვლიდა ეს თანამედროვე საქართველოსთვის?
ბექა კობახიძე: რა იქნებოდა? – მე ამას ისტორიის წიგნში, ვთქვათ, მონაგრაფიაში არასდროს დავწერ, რადგან რა იქნებოდაზე პასუხი არ არის ისტორიკოსის სამეცნიერო სამტკიცებელი თემა, მაგრამ ამ ფორმატში თავისუფლად შეიძლება ამაზე საუბარი. თან როცა საკმაოდ ღრმად ვარ დარწმუნებული და არგუმენტებიც მაქვს იმაზე, თუ რა იქნებოდა.
1921 წლის ოკუპაციის მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ დროშა, გერბი გაგვიუქმეს და, თუნდაც გარეჯი ჩამოართვეს საქართველოს, თუნდაც ადამიანური მსხვერპლი. ეს ყველაფერი ცალკე აღებული ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი უბედურება არის ის, რომ პოლიტიკური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო ელიტა ან ფიზიკურად გაანადგურეს რეპრესიებისას ან გააძევეს ქვეყნიდან ან კასტრირება გაუკეთეს და საკუთარი იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენეს. დაიწყო სოციალური ინჟინერია და ამ საბჭოთა ადამიანის შექმნა, ეროვნული იდენტობის შექმნა ისე, როგორც შექმნეს. ამან რა შედეგები მოგვცა? შევადაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც 20-იან, 30-იან წლებში დამოუკიდებლები იყვნენ – ვგულისხმობ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
მე, როგორც პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, დარწმუნებით გეტყვით, არაფრით ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უკეთესი არ ყოფილა. მეტსაც გეტყვით, ანუ კონკრეტული თვლადი ინდიკატორებით გეტყვით, რომ პირველი რესპუბლიკა ხშირ შემთხვევაში ვჯობდით – საპარლამენტო არჩევნები ჩვენთან ჩატარდა პირველად, უფრო ადრე მიიღეს ჩვენთან კონსტიტუცია, ლიეტვუაზე ადრე მიიღო საერთაშორისო აღიარება საქართველომ, საქართველომ ომით დაკარგა დამოუკიდებლობა, მაშინ როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – უომრად.
მაგალითად, ერთა ლიგაში რომ გაწევრიანებას ვცდილობდით, 1920 წლის 16 დეკემბერს იყო კენჭისყრა: გაწევრიანებაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს 5 ხმა, საქართველომ – 10. არც ერთს გვეყო, არც მეორეს, მაგრამ საქართველომ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო. ამის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობა შეწყდა 1921 წელს, ბალტიისპირეთში კი თაობები გაიზარდნენ 1940 წლამდე, რომლებმაც დამოუკიდებელ ქვეყანაში იცხოვრეს. მოდერნული ერების ფორმირება მოხდა იქ.
სხვათაშორის, 1989 წელს, როდესაც ეროვნული მოძრაობები ჩვენთანაც და ბალტიისპირეთშიც გაძლიერდა, იქ მოწინააღდეგეთა წამყვანი ძალა იყო ხალხი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, ფიზიკურად ახსოვდათ დამოუკიდებელი ქვეყანა.
ბალტიელებმა გააკეთეს ჯაჭვი “ბალტიური გზა”. 2008 წლის ცოცხალი ჯაჭვი ამის იმიტაციის მცდელობა იყო. 1989 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდან შესრულდა 50 წელი და ამ პაქტის გასაპროტესტებლად სამივე ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთს. ამის კადრები არსებობს, სადაც უმრავლესობა უფროსი თაობის წარმომადგენელია – 60-ს გადაცილებული ხალხია, ვინც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა და ახსოვდა ეს ყველაფერი.
ანუ იქ 1940 წლისთვის მარტო ელიტა არ ყოფილა მოდერნიზებული და ვესტერნიზებული. ელიტის განადგურება უკვე აღარ გყოფნის იქ, სადაც მთელი თაობებია ასე გაზრდილი. თავისუფლების მეტასტაზები ბევრად უფრო შორს იყო წასული და ამის ამოძირკვა სტალინმა მსოფლიო ომის შემდეგ ვეღარ შეძლო.
ჩვენთან რა მოხდა, ეს ყველაფერი ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო და ელიტის განადგურებამ “ამას უშველა” და ამას სოციალური ინჟინერია დაემატა. ქართული ნაციონალიზმი რა ტიპითაც შეიქმნა, სამოქალაქო ნაციონალიზმისგან დაცლილი, ეთნონაციონალიზმზე ფოკუსით – არაინკლუზიური, ამ სახით, როგოც ფორმირდა. ჩვენი ეროვნული მოძრაობა 1980-იან წლებში იყო ანტიკომუნისტები, ანტისაბჭოთა მოძრაობა არ ყოფილა. ისინი იყვნენ საბჭოთა ადამიანები. დიდი პატივი – უმრავლესობა მათგანმა თავი გასწირა. ყველაფერს ვაღიარებ, მაგრამ აი ის საბჭოთა კატეგორიული აზროვნება – აგენტების ძახება, მტრები, იუდები და სხვა ტერმინები. მიუღებლობა, მტრებად დაყოფა – ეს იყო სუფთად საბჭოთა ფენომენი და მოვლენა.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, აი, ის ერთპიროვნული ხელისუფლება, რის კონსოლიდაციასაც გამსახურდია ეწევა, რომ ელექტრონული მმართველობა, პარლამენტარიზმის უფლებებისგან დაცლა, ოპოზიციის არსებობაც გამაღაზიანებელია, ოპოზიციის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ უნდა ამოაყირაოს, უნდა დაანგრიოს – რაც დღემდე მოდის ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში, ეს არის საბჭოთა ფენომენი. განსხვავებით, ბალტიელებისგან. მათ კომუნისტები ვინც ჰყავდათ – ალგირდას ბრაზაუსკასი გახდა სოციალ-დემოკრატი. ბალტიელი კომუნისტები, ბრაზაუსკასის ხელმძღვანელობით, პირველი ლიდერები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის. სისტემას შიგნიდან ანგრევდნენ. და, მეორე მხრივ, იყო ვიტაუტას ლანდსბერგისი – დისიდენტი, ანტისისტემური, ანტიკუმუნისტი, ანტისაბჭოთა.
ლანდსბერგისი და ბრაზაუსკასი პიროვნულად ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს ანაცვლებდნენ თანამდედობაზე – იქნებოდა ეს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტი. ერთად აკეთებდნენ და არ უომიათ.
იგივე აიღე, ლეხ ვალენსა და ალექსანდრე კვასნევსკი. მეორე პოლონელი კომუნისტი იყო. თავის დროზე შეცვალა პირველი ისე, რომ არ უომიათ და დაუნგრევიათ.
ჩვენ რომ ერთმანეთს ვეომეთ, ამაზე ზედაპირულად ამბობენ, რომ რუსეთი ინსპირირებდა. კი ბატონო, ეგრე იყო, მაგრამ ამას პოლონეთში არ შვებოდა რუსეთი? ყველგან ინსპირირებდა. შენ თუ მიეცი საშუალება, ის გამოიიყენებს. და ჩვენ მივეცით ამის საშუალება.
რაც რეალურად შეიცვლებოდა 1921 წელს, რომ დამოუკიდებლობა არ დაგვეკარგა იქნებოდა ის, რომ ჩვენც დასავლეთის ნაწილები ვიქნებოდით. მე არ ვამბობ ორგანიზაციულად და არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ევროკავშირს – ესეც მათ შორის, მაგრამ, პირველ რიგში, ვიქნებოდით საზოგადოება მოდერნიზებული, ვესტერნიზებული, კულტურულად და პოლიტიკურად იმის ნაწილი. ამის ყველა პერსპექტივა არსებობდა.
ჩემთვის საუკეთესო პერიოდი საქართველოს ისტორიაში არის არა – რა თქმა უნდა, ეს არაჩვეულებრივია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, დავით აღმაშენებელი, საქართველოს დიდება, მაგრამ მაინც ჩემთვის საუკეთესო პერიოდია ხატოვნად რომ ვთქვა – საქართველოს მოამბედან საქართველოს პირველ კონსტიტუციამდე. “საქართველოს მოამბე” არის პირველი ჟურნალი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ გამოსცა – 1860 წლიდან 1921 წლამდე.
პერიოდი, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბებას იწყებს მოდერნული ერი, თანამედროვე ერი – ამის საფუძვლები არის განვითარებული და განათლებული კაცობრიობის საუკეთესო მიღწევები, საუკეთესო იდეოლოგიები. საზოგადოება ყველაზე ჯანსაღ საფუძველზე იქმნება. ჩემთვის მოდელი და მაგალითი, რაზეც სწორება უნდა გავაკეთო, არის 26 მაისს რომ რესპუბლიკა შეიქმნა და იმან, რომ ბოლოს კონსტიტუცია შექმნა. მე მინდა ისეთი საზოგადოებრივი განვითარება და სახელმწიფო აღმშენებლობა ვნახო. დაახლოებით ისეთი. ცხადია, უშეცდომა არც იქ არ ყოფილა არავინ.