კორექტორი: ბექა იობიძე
მდევარი, თბილისი, 2022
რატომ ისლამი?
მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული თავსაბურავით. მაშინ, როცა ლოცვის დრო ახლოვდება და აზანი[2] იწყება, მეჩეთის მინარეთიდან[3] საკმაოდ ხმამაღლა ისმის მუეძინის[4] ხმა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს, – მოსახლეობა სახლში შედის ან მეჩეთისკენ მიიჩქარის, რომ ზუსტ დროს ილოცოს. აქ აჭარლები თავიანთ რწმენა-წარმოდგენებზე ხმამაღლა საუბარს არ ერიდებიან, ამაყობენ საკუთარი კულტურითა და სარწმუნოებით. ძალიან ბევრ ადამიანს გავესაუბრე და გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისა და სხვა კუთხეებიდან ჩამოსული რძლების გარდა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსლიმია – უფროსი თაობა მეტად მორწმუნეა, თუმცა თავიანთ რელიგიურ იდენტობაზე შუახნის ასაკის ადამიანებიც ამაყად საუბრობენ. ისინი ამბობენ იმას, რომ შეიძლება ბოლომდე რელიგიურად არ ცხოვრობენ, თუმცა ისლამს ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ისლამი აჭარელთა კულტურული მეხსიერებისა და იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ ძალიან მაინტერესებდა თავად ადგილობრივები როგორ ახსნიდნენ ისლამის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას, როგორ დაახასიათებდნენ ამ რელიგიას და რას მიპასუხებდნენ კითხვაზე – „რატომ ისლამი?“; მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე როგორც მეტად განათლებული, ასევე საშუალო და დაბალი ფენების წარმომადგენელთა ყველაზე მკაფიო პასუხი ის იყო, რომ ეს მათი წინაპრების დანატოვარი ძვირფასი მემკვიდრეობაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მოსახლემ ისიც კი არ იცის, ისლამის როგორი მიმართულების წარმომადგენელია,[5] მაშინ, როცა მათ რწმენა-წარმოდგენებზე ვუწყებდი საუბარს, მაშინვე ამაყად პასუხობდნენ, რომ დიახ, მუსლიმები იყვნენ, ამ რწმენით გაიზარდნენ და წინაპართა ხსოვნას სცემდნენ პატივს. მაგალითად, სოფელი აგარის მუსლიმმა მოსახლემ, 66 წლის ლალიმ მითხრა,- იმის მიუხედავად, რომ მუსლიმურ სარწმუნოებაში დიდად ჩახედული არ არის, ეს ის რელიგიაა, რომელიც ბავშვობიდან სდევს თან და ვერაფრით დაივიწყებს: „მე ამ რწმენით გავიზარდე, ჩემი ბებია-ბაბუა ღრმადმორწმუნე მუსლიმები იყვნენ და არ შემიძლია, მათი სარწმუნოება უარვყო.“ იგივე აზრი აქვთ რელიგიურ პირებსაც, – როგორც ერთ-ერთი მეჩეთის იმამმა მითხრა: „ღმერთი ყველაფერს აკონტროლებს, ის ყველაფრის შემოქმედია, ყველაფერი მისგან მოდის. სიახლე არაა, რომ ადამიანის შემოქმედი ადამიანზე ძლიერია, თუმცა, ჩვენი, ადამიანთა ძალა იმაშია, რომ ჭეშმარიტება შევიცნოთ. ისლამი უშეცდომო რელიგიაა, ჩვენმა წინაპრებმა ეს ჭეშმარიტება შეიცნეს და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მათი დანატოვარი შევინარჩუნოთ.“[6]
აჭარელმა მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ოსმალთა მიერ აჭარის დაპყრობამდე ისინი ქრისტიანები იყვნენ და შემდეგ სარწმუნოება შეიცვალეს: ზოგიერთმა მოსახლემ ძალდატანებით, ზოგიერთმა კი საკუთარი ნებით და ძალიან საინტერესოა, რომ ამ თემაზე საუბრისას, ყოველი მათგანი ამართლებს წინაპირებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს რაციონალიზმით ხსნის – გამუსლიმანებას იღებს, როგორც გარდაუვალ მოცემულობას. აჭარელი მუსლიმები ჰყვებიან, რომ ოსმალთა შემოჭრის პერიოდში მათ წინაპირებს სხვა გზა არ ჰქონდათ, ისლამი თვითგადარჩენის მიზნით მიიღეს და შემდეგ ეს რელიგია იმდენად შემოიჭრა მათ ყოფაში და დამკვიდრდა ჭეშმარიტებად, რომ წარსულის ის მონაკვეთი, სადაც აჭარლები ქრისტიანები იყვნენ, უკვე ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია, ისინი პატივს სცემენ წინაპართა არჩევანს და კი არ ცვლიან, არამედ აგრძელებენ, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მათი კიდევ უფრო შორეული ქრისტიანი წინაპრების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი და ქრისტიანულ წარსულს პატივს არ სცემენ, პირიქით; უბრალოდ, ისტორიის ის პერიოდი, როცა ისლამი მიიღეს, მათთვის მეტად ახლობელია.
ერთი სოფლიდან მეორეში მოგზაურობისას ახალგაზრდა მუსლიმი ტაქსის მძღოლი გავიცანით, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: „ხშირად მამცირებენ იმის გამო, რომ მუსლიმი ვარ და მახსენებენ, რომ ჩემი წინაპრები ისლამის მიღებამდე ქრისტიანები ყოფილან, მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, კერპთაყვანისცემლობამდე მივალთ. თუ ისლამის მიღებამდე ჩემი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ და ამის გამო მე სარწმუნოება უნდა შევიცვალო, ქრისტიანობის მიღებამდე ხომ კერპებს სცემდნენ თაყვანს? ვინ წყვეტს, რომელ მათგანშია ჭეშმარიტება? მე ჩემი ბებია-ბაბუის რწმენას ვცემ პატივს და იმის მჯერა, რაც მასწავლეს, ჩემი ბებია-ბაბუა მუსლიმია, მათი ბებია-ბაბუაც მუსლიმები იყვნენ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდებოდა მანამდე.“ [7]– ეს საუბარი კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ აჭარელი მუსლიმებისათვის მუსლიმობაა წინაპართა ტრადიციის გაგრძელებაა, დადასტურებაა იმისაც, რომ მორწმუნე მუსლიმთა კულტურული მეხსიერება ორ ნაწილად იყოფა – ისლამის მიღებამდე და ისლამის მიღების შემდეგ, რომელთაგან ორივე თანაბრად პატივსაცემია, თუმცა პირველი – მნიშვნელობადაკარგული და მეტად შორეული.
აჭარული ისლამის პირველი ყველაზე გამოკვეთილი მახასიათებელი მემკვიდრეობითობის დაცვის პრინციპია, მცდელობაა წინაპართა დანატოვარის მოფრთხილებისა, რაც რა საკვირველია, ნებისმიერი რელიგიის შემთხვევაშია ასეა. როცა დაისმის კითხვა, – რატომ ისლამი და რა არის ამ რელიგიაში ისეთი, რითაც ის განსაკუთრებულია? – პასუხი თითქმის ყოველთვის მხოლოდ ისაა, რომ ეს არის წინაპართა დანატოვარი, რომელიც ეჭვშეუტანლად უნდა დაიცვან და იმის მიუხედავად, რომ მათი თქმით, ხშირია რელიგიური კუთვნილების გამო ჩაგვრისა და იდენტობის შელახვის ფაქტები, მაინც, ბებია – ბაბუათა გზიდან გადახვევა მეობის დაკარგვის ტოლფასია.
ამ თემაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქალაქ ხულოში, ასევე მაღალმთიანი აჭარის სოფლებში არის პანსიონები, სადაც ახალი თაობა რელიგიურ განათლებას იღებს, ვხვდებით ბევრ ახალგაზრდას, რომელიც მათზე უმცროსებს ასწავლის ყურანსა და ისლამურ წეს-ჩვეულებებს და ვხვდებით პატარა გოგონებსაც, რომლებიც მეჩეთში ჩატარებული მთავარი ლოცვისას შენობაში მყოფ მშობლებს თვალებანთებულნი ელოდებიან და გარედან ისმენენ ლოცვის ხმას. აღწერილის მიუხედავად საგულისხმოა, რომ წინაპართა ტრადიციის გაგრძელება უფროს თაობაში მეტი მნიშვნელობისაა. ახალგაზრდები სოფელში ცხოვრებას ქალაქში ცხოვრებას არჩევენ, იქ იღებენ განათლებას, გარემოს იცვლიან და ღირებულებებიც ეცვლებათ – სწორედ ამის გამო, მათთვის მემკვიდრეობითობის პრინციპის გაგრძელება ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და ქრისტიანებად ინათლებიან. უფროსი, მორწმუნე თაობის ფასეულობები თანამედროვეობაში ცვდება, რაც შემდეგ სარწმუნოების შეცვლის წინაპირობა ხდება ხოლმე.
ორი რელიგიის თანაარსებობა ერთ სივრცეში
როგორც უკვე ვახსენე, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლების შემდეგ აჭარაში ქრისტიანობის გავრცელების აგიტაცია დაიწყო, რის გამოც მაღალმთიან აჭარაში, რომლის აბსოლუტური უმრალესობა მუსლიმი იყო, ქრისტიანი მოსახლეებიც გამოერივნენ. დროთა განმავლობაში ქრისტიანთა რაოდენობა გაიზარდა – აჭარულ ოჯახებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსლიმ მამაკაცებს ქრისტიანი ცოლები მოჰყავთ[8], ან ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდებს უნდებათ ქრისტიანად მონათვლა, რაშიც წინ არავინ ეღობებათ. „აჭარის თითქმის ყველა სოფელშია მეჩეთი და ყველა სოფელშია ადგილი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან. აჭარელი მუსლიმი ამ ორი საკრალური ადგილის და ორი რელიგიის, ქრისტიანობის და ისლამის, პატივისცემით ცხოვრობს. ზოგჯერ ერთ ოჯახში ერთი ძმა ქრისტიანია და მეორე მუსლიმი.“[9] როგორც მუფთიმ მიამბო, მაღალმთიან აჭარაში ძალიან ბევრ ისეთ ოჯახს შევხვდებით, სადაც ბებია-ბაბუისა და დედ-მამის თაობა მუსლიმია, შვილიშვილები კი – ქრისტიანები და საოცარია, რომ ისინი შეხმატკბილებულად თანაცხოვრობენ. „პირადად მე, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის სულიერ ლიდერს, პირდაპირ მაკისრია ვალდებულება იმისა, რომ მაცხოვრებლებს განსხვავებულთან მშვიდობის დამყარებისაკენ მოვუწოდო. ამ რეგიონში ბევრი ქრისტიანული ეკლესიაა, ხულოს ცენტრში მეჩეთი და ეკლესია გვერდიგვერდ დგას, საკუთარ არჩევანში ყველა თავისუფალია, მე არავის განსჯის უფლება არ მაქვს და არც უნდა არსებობდეს იდეოლოგიური დავები სარწმუნოების შესახებ, – მე მუსლიმი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ, ქრისტიანები თავიანთ საქმეს უნდა აკეთებდნენ.“[10]
პირადად მე, როგორც ხულოში, ასევე სოფელ სხალთასა და ბეღლეთში გავიცანი ისეთი ოჯახები, სადაც ეს ორი რელიგია მართლაც მშვიდობიანად თანაარსებობს. სოფელ სხალთაში მცხოვრებმა მუსლიმმა ქალბატონმა, 66 წლის დარეჯანმა მომიყვა, რომ მისი შვილები თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ქრისტიანებად მოინათლნენ: „მე მათ ვუთხარი, რომ მუსლიმური ტრადიციის თანახმად, არ შეიძლება სხვა სარწმუნოების წარმომადგენელმა მუსლიმის გასვენებაში მიიღოს მონაწილეობა, მის კუბოს შეახოს ხელი… ვკითხე: ქრისტიანებად თუ მოინათლებით, როგორ გამომასვენებთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ… მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა ეს არ გაეკეთებინათ, მე პატივი ვეცი მათ გადაწყვეტილებას, დღეს ყველანი ერთად ვცხოვრობთ, ისინი თავისთვის ლოცულობენ, მე – ჩემთვის; მე ჩემი რწმენა მაქვს, მათ – საკუთარი.“[11] ზოგიერთ ოჯახში ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო რბილი დამოკიდებულება აქვთ – ბევრი მუსლიმი ამბობს, რომ როგორც ყურანი, ასევე ბიბლიაც წაკითხული აქვთ და მიიჩნევენ, რომ ორივე რელიგია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი საწყისიდან მოდის და მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი რწმენის ერთგულნი არიან, ქრისტიანობასაც დიდ პატივს სცემენ. აბრამიისტული რელიგიების – იუდაიზმისა და ქრისტიანობის პატივისცემა კლასიკური ისლამის მნიშვენლოვანი მახასიათებელია, თუმცა სარწმუნოების შეცვლა მუსლიმებისათვის მიუტევებელი ცოდვაა და საინტერესოა, რომ აჭარულ ისლამში ასე არ არის – აქ ზოგიერთ ოჯახში ბიბლია და ყურანი ერთმანეთის გვერდით დევს; შვილიშვილებისა თუ შვილების მიერ ქრისტიანობის მიღება მორწმუნე მუსლიმებისათვის უსიამოვნოა, თუმცა არასდროს ხდება მწვავე კონფლიქტის მიზეზი.
„ზოგიერთი რელიგია და იდეოლოგია ისლამის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, მათი პოპულარიზაცია მუსლიმი მოქალაქეების ამქეყნიური და იმქვეყნიური უსაფრთხოების დარღვევას იწვევს.“[12] – ვკითხულობთ საიდ ისმაილ სიინის ისლამის შესახებ დაწერილ ნაშრომში. მნიშვნელოვანია, რომ აჭარელ მუსლიმთა დიდი ნაწილი ამგვარად არ ფიქრობს – ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთი სარწმუნოების ჭეშმარიტებაში, თუმცა სხვა სარწმუნოების, და ამ შემთხვევაში ქრისტიანობის, მიმართ მიმღებლობას იჩენენ, – არ აქვთ პრობლება, რომ მათ ოჯახებში ქრისტიანი ცხოვრობდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აჭარლები მათი გამუსლიმებამდე არსებული ისტორიის მიმართაც პატივისცემით არიან განმსჭვალულნი – „ეს მათი წარსულის და მათი ქართული იდენტობის ნაწილია. ეს წარსული აქ მშვიდად თანაარსებობს მათ ისლამურ იდენტობასთან.“[13]
ადგილობრივი ისლამი აჭარაში სწორედ წარსულის პატივისცემით ან უბრალოდ, ბუნებრივად არსებული ტოლერანტული შეგრძნებებით გამოწვეული თავისუფლებით გამოირჩევა – აქ არავინ საუბრობს ცუდად ქრისტიანად მონათლულ ახალგაზრდებზე, ოჯახში განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ქრისტიანულ რელიგიის მიმართ აგრესიის გამოვლენის ნაცვლად, მოსახლეებს მისი პრინციპების გაცნობა აინტერესებთ. ნახსენები თავისუფლება მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მიმართ დამოკიდებულებას არ გულისხმობს, – როგორც მაღალმთიანი აჭარის მაცხორებელი მუსლიმები ამბობენ, მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, მაგალითად ატარონ თუ არა თავსაფარი და გადაიხადონ თუ არა სავალდებულო გადასახადი. როგორც 56 წლის იესემინი ამბობს, „ქართული ისლამი მეტად თავისუფალია, აქ დაძალება არ არის. სტამბოლში ვიყავი, სადაც არაბი, ინდოელი და თურქი მუსლიმები გავიცანი და მივხვდი, რომ საქართველოში ბევრად დიდი თავისუფლება გვაქვს, ხოჯები შიშს არ გვინერგავენ, არ გვეუბნებიან ის გააკეთეთ, რასაც გეტყვითო.“. აღწერილი თავისუფლება ამ მხარეში მოგზაურობისას ნამდვილად იგრძნობა, ადამიანები თავად ირჩევენ, როგორ მიჰყვნენ ისლამურ გზას და მათ პირად არჩევანში არავინ ერევა, ისინი საკუთარი ნებითა და საკუთარი რწმენის სიძლიერიდან გამომდინარე წყვეტენ, როგორი სამოსი ატარონ, დღეში რამდენჯერ ილოცონ, გასცენ თუ არა შესაწირი და ასე შემდეგ.
ისლამის ხუთი ბურჯი და აჭარა
„ისლამის რელიგიური სტრუქტურა ორი ნაწილისაგან შედგება: ალ-იმან (რწმენა) და ად-დინ, რომელიც ისლამის (ე.ი რწმენის ხუთი საფუძვლის – არქან), რწმენის(იმან) და ზნეობრივი სათნოების (იჰსან) ერთობლიობას წარმოადგენს. ისლამში ადრევე ჩამოყალიბდა მოძღვრება რწმენის 5 საფუძვლის, ანუ ბურჯის შესახებ – ესენია: აშ-შაჰადა (მუსლიმური რწმენის სიტყვიერი აღიარება), ას-სალათ (ლოცვა), სავმი (სავალდებულო მარხვა), ზაქათი (აუცილებელი მოწყალება) და ჰაჯი (პილიგრიმობა მექაში სარწმუნოებრივი წესების შესრულების მიზნით).“[14] ეს უკანასკნელი სოფლის უბრალო მოსახლეებისათვის ფუფუნებაა, ვინაიდან მათ ქვეყნის საზღვრების დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ და სწორედ ამიტომ, ისლამის მეხუთე საფუძვლის ჩასანაცვლებლად საჰიბუ ლ-ჰაჯის[15] ტრადიციას იყენებენ; თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად ხულოს მუფთის, მის მეუღლესა და რამდენიმე ხოჯას პილიგრიმობის მისია წარმატებით აქვთ შესრულებული.
მაღალმთიანი აჭარის ყველა მუსლიმი მოსახლის მიერ დაცულია ისლამის მეორე ბურჯი, ას-სალათ (ნამაზი) – „ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვა, რომლის შესრულება ყველა მუსლიმის ვალია. მუსლიმი უნდა დადგეს ყიბლის მიმართულებით, ანუ სახით ქააბასკენ და განსაზღვრულ დროს დღე-ღამის განმავლობაში ხუთჯერ ილოცოს.“[16] თითქმის ყველა მეჩეთში, რომელიც მოვინახულე, კედელზე ვხვდებით კალენდარს, სადაც საათობრივადაა განსაზღვრული ზუსტად როდის უნდა დაიწყოს ლოცვა მუსლიმმა. ასევე, დროის კონტროლის მიზნით, მეჩეთებში ვხვდებით როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე ჩამოკიდებულ საათებს. ზუსტ დროს ლოცვა აჭარელი მუსლიმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც ხშირად აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციებში, როცა რესპოდენტებმა გამაფრთხილეს რომ ჩემთან საუბარი უნდა შეეწყვიტათ და მოულოდნელად შევიდნენ სახლებში, სადაც ლოცვა დაიწყეს. ასევე იყო შემთხვევა, როცა მუფთისთან ერთად ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში ვიყავით და როცა საღამოს ლოცვის დრო მოახლოვდა, მან იატაკზე დასაფენი ითხოვა და იქვე დაიწყო ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ჰანაფიტური ისლამია გავრცელებული, რაც ისლამის ზომიერ მიმდინარეობად ითვლება, ლოცვის რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუსლიმებისთვის. წესის ასეთი ზედმიწევნით დაცვა არ გვხვდება ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ზოგიერთ რესპუბლიკაში, სადაც ისლამის ეს მაზჰაბია გავრცელებული.
საინტერესოა, რომ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ თეოლოგიურად განსწავლულ ხოჯებსა და იმამებს, რელიგიური განათლება თურქეთში აქვთ მიღებული – მათ კარგად იციან არაბული ენა, რაც ამ ენაზე ლოცვის შესაძლებლობას აძლევთ. ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის ხულოში არის პანსიონები, სადაც არაბული ენა იმ მიზნით ისწავლება, რომ ახალგაზრდებმა ელემენტარული ცოდნა მაინც მიიღონ ყურანის დამოუკიდებლად წასაკითხად და სალოცავად,[17] თუმცა აჭარელი მუსლიმების დიდი ნაწილი არაბულ ენას არ ფლობს – ისინი ქართული ასოებით დაწერილ არაბულ სიტყვებს კითხულობენ და ამგვარად ლოცულობენ, ხოლო შემდეგ იზეპირებენ კიდეც ფრაზებს (ადრე უფრო ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა გარკვეულ სურებს ზეპირი გადმოცემით სწავლობდნენ და იმეორებდნენ ისე, რომ არაბული ენა არ იცოდნენ). როდესაც ადგილობრივებს ლოცვის შესახებ ვესაუბრე, მათ მითხრეს, რომ როცა ღმერთს გულში სთხოვენ რამეს, ყოველთვის ქართულად ფიქრობენ, თუმცა უშუალოდ ხმამაღლა ლოცვისას არაბულად მეტყველებაა საჭირო. იმის გამო, რომ „ისლამში თითოეული კანონიკური ლოცვა განსაზღვრული რაოდენობის რაქათებისგან, სალოცავი პოზებისა და მოძრაობების ციკლისგან შედგება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ფორმულების წარმოთქმა“,[18] სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი იყენებს წიგნებს, რათა ლოცვა სწორად წარიმართოს. მაგალითად, სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ქალბატონმა, 68 წლის ლეილამ მაჩვენა წიგნი, სახელწოდებით “ყურანის მასწავლებელი – ყურანის დედა ენა“, სადაც არაბული სიტყვები ქართული ასოებით წერია: „მე არაბული არ ვიცი, იმისათვის რომ ლოცვა შემძლებოდა, ამ წიგნს ვიყენებდი, ახლა ბევრი რამ უკვე ზეპირად ვიცი.“ ნახსენებ წიგნში ფრაზები ჯერ არაბულად წერია, შემდეგ ქართული ასოებით, ნაწერის ქვეშ კი თარგმანსაც ვხვდებით. მაგალითად, ჯერ წერია „ელლააჰუ ექბერუ, ხოლო შემდეგ – „დიდება ალაჰს.“ წიგნში ვკითხულობთ: „ეთთესიიიათუ ლილლაჰი ვესსელავაათუ ვეტტეიიიბაათუ ესსელაამუ ღალეიქე, ეიიუჰუნნებიიუ ვერახმეთულლააჰი ვე ბერექაათუჰ“, მის ქვემოთ თარგმანია: „ენით, ტანით და ქონებით არსებული ღიბადეთები მხოლოდ ალლაჰუ თუღალისთვისაა. ეი მაღალო, წოდების მქონე ფეიღამმბერო!“ . საინტერესოა, რომ ქართულ თარგმანში ხშირად ვხვდებით თურქულ სიტყვებს, რომლებსაც აჭარელი მუსლიმებიც ხშირად იყენებენ სასაუბრო ენაში.
აჭარელი მუსლიმების მიერ დაცულია პარასკევი დღის მნიშვნელოვანი ლოცვის, სალათ ალ-ჯუმას წესიც, რომელიც კოლექტიურად უნდა შესრულდეს და „27-ჯერ აღემატება თავისი სიძლიერით ინდივიდუალურ ლოცვას.“[19] ყოველ პარასკევს, პირველი საათის შემდეგ მაღალმთიანი აჭარაში მეჩეთები მამაკაცებით ივსება და მიუხედავად იმისა, რომ „მუსლიმ ქალებს ამ დღეს შეუძლიათ მეჩეთში მისვლა და საზოგადო ლოცვაში მონაწილეობის მიღება“, იქ ყოფნისას მეჩეთში ქალი არასდროს მინახავს, არც პარასკევის ლოცვის დროს. როცა აჭარელ ქალებს ამის შესახებ ვკითხე, მიპასუხეს, რომ ხალხმრავლობის გამო სახლში ლოცვას არჩევენ: „ჩვენს მეჩეთებში ისედაც არ არის დიდი სივრცე, უამრავი მამაკაცი ესწრება ხოლმე ლოცვას, ქალებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოსვლა, თუმცა მათთვის სახლში ლოცვაა მეტად მისაღები,“ – მითხრა სოფელ ბეღლეთის იმამმა ალიმ.
ლოცვის მსგავსად აჭარელი მუსლიმებისაგან მკაცრად დაცულია მარხვის წესიც, -„სავალდებულო მარხვა, რომლის დაცვა აუცილებელია მორწმუნეთათვის მუსლიმური მთვარის კალენდრით რამადანის თვეში, 30 დღის მანძილზე და ამ დროს ადამიანი უარს არ ამბობს საჭმლის რომელიმე სახეობაზე, არამედ მთლიანად საჭმელზე, ალიონიდან მზის ჩასვლამდე“[20]. ამ წესის დაცვას ბავშვები თანდათანობით ეჩვევიან – სოფელ ღორჯომში 9 წლის მუსლიმი გოგონა ასია გავიცანი, რომელმაც მიამბო, რომ თავად მოინდომა მარხვა წესისამებრ დაეცვა: „ძალიან მშივდება ხოლმე, მაგრამ რამდენიმე დღე დაცვა მაინც გამომდის, როცა ძალიან მშივდება ხოლმე წიგნის კითხვას ვიწყებ და ჭამაზე აღარ ვფიქრობ.“ განსხვავებული მდგომარეობაა ზაქათის, – სავალდებულო მოწყალების, – შემთხვევაში; მაგალითად, ქალაქ ხულოში მუფთის აქვს სია ყოველი ზრდასრული მამაკაცისა, რომელსაც გადახდა ევალება, სოფლებში კი მოსახლეები ამბობენ, რომ როდესაც გაჭირვებულ ადამიანს ხვდებიან, ყოველთვის ეხმარებიან და ბევრსაც გასცემენ, თუმცა ამას ვალდებულებითი ხასიათი არ აქვს და არც ვინმე აიძულებს, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტული თანხა გასცენ.
ამის გარდა, ყოველ იმ მუსლიმურ ოჯახში, სადაც ოჯახის ერთმა წევრმა მაინც იცის არაბული ენა, ყურანს ხმამაღლა კითხულობენ. პატარა რესპოდენტმა ასიამ იმის შესახებაც მიამბო, რომ მისმა ორივე მშობელმა იცის არაბული, და მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ენა არ ესმის, ძალიან სიამოვნებს იმის მოსმენა, როგორ კითხულობენ წმინდა წიგნს დედა და მამა მონაცვლეობით.
რელიგიური დღესასწაულები და რიტუალები
როგორც გიორგი სანიკიძისა და ედვარდ ვოლქერის თანაავტორობით შექმნილ 2004 წელს გამოცემულ ნაშრომში „ისლამი და ისლამური რიტუალები საქართველოში“ ვკითხულობთ, „ისლამური პრაქტიკა აჭარაში დღეს ორ კატეგორიად იყოფა. პირველი, ეს არის აწ უკვე ნახსენები ისეთი წმინდა რელიგიური რიტუალები, რომელიც უნივერსალურია ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმისათვის, კერძოდ: ყოველდღიური ლოცვა, ყურანის წაკითხვა, სხვადასხვა ფორმით გაღებული მოწყალება, მსხვერპლშეწირვა (ყურბანი), წინასწარმეტყველის დაბადების დღის აღნიშვნა (მევლუდი ან დჰირკი), რომელიც „კონკრეტულად აჭარაში ის, როგორც ნათესავების საფლავების მონახულებას, ასევე მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენების აღნიშვნას გულისხმობს“ და ასე შემდეგ.“[21] რაც შეეხება აჭარაში გავრცელებული ისლამური პრაქტიკის მეორე ნაწილს, ის უნიკალურია, ვინაიდან „ისლამიზირებულ აჭარულ ტრადიციებს მოიცავს, მაგალითად დაკრძალვის ცერემონიებსა და საქორწინო კონტრაქტებს, რომელთა შორის წარსულში არასრულწლოვანი გოგონების ქორწინებაც შედიოდა, თუმცა თანამედროეობაში ეს ტრადიცია აღარ გვხვდება.“[22]
სავალდებულო მარხვის, რამადანის თვეში აჭარელი მუსლიმები სპეციალურ კოლექტიურ ღამის ლოცვაში,- სახელწოდებით “თარავიჰ”, – არიან ჩართულნი. მიიჩნევენ, რომ მისი წმინდა სალოცავში, მეჩეთში წაკითხვა რელიგიურად უფრო მეტად მიზანშეწონილი და მადლით აღსავსეა, ვიდრე სახლებში. სწორედ ამის გამო ამ პერიოდში მეჩეთებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, ბევრი აჭარელი მუსლიმი ბათუმშიც მიდის სალოცავად იქაური მეჩეთების უფრო დიდი ფართობის გამო.[23] მარხვის თვის დასრულების შემდეგ ბაირამის სახელით ცნობილი დღესასწაულიც იწყება – „ბაირამი თურქული სიტყვაა და დღესასწაულს ნიშნავს. ამ მნიშვნელობით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებში რამდენიმე დღესასწაული იწოდება, კერძოდ რამადან და ყურბან ბაირამი.“[24] ეს დღესასწაული, რომელიც ისლამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი აჭარელი მუსლიმის მიერ აღინიშნება – ისინი მარხვის დასრულებას ლხინითა და ზეიმით აღნიშნავენ. საქართველოში ამ დღესასწაულს შექერ, იგივე ტკბილ ბაირამსაც უწოდებენ, ვინაიდან „ამ დღეს ოჯახებში უხვად აქვთ ტკბილეული, რომელსაც სხვებსაც უნაწილებენ“[25] და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „აჭარაში ეს დღესასწაული როგორც რელიგიური, ასევე ხალხური ტრადიციების შერწყმას წარმოადგენს: მუსლიმები ჯერ ჯამეში ლოცულობენ, ხოლო შემდეგ სახლში ამზადებენ ბაირამის სადღესასწაულო სუფრას. ამავე დღეს წინაპრების გასახსენებლად გადიან საფლავებზე, სადაც ისევე, როგორც მევლუდის დღესასწაულზე, მათი სულის მოსახსენიებლად სახლში მომზადებული ჰალვა მიაქვთ.“[26] შაქარ-ბაირამის დღესასწაულს ალ-ფიტრის დღესასწაული მოჰყვება – ამ დროს ყველა მორწმუნე მუსლიმი ვალდებულია, რომ მოწყალება გასცეს.
მეორე მნიშვნელოვანი დღესასწაული ყურბან ბაირამი, იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია, რომელსაც ქართველი მუსლიმები „ყურბანის დაკვლას“ უწოდებენ. ამ დღესასწაულისას მუსლიმები „კლავენ ყურბანს ანუ შინაურ ცხოველს, რომლის ხორცსაც ახლობლებს, მეზობლებსა და გაჭირვებულებს უნაწილებენ.“[27] აღნიშნული დღესასწაული მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული რიტუალია, რომელსაც საბჭოთა პერიოდშიც კი ახორციელებდნენ საიდუმლოდ.[28] „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მორწმუნეა აჭარაში ადამიანი, ყურბანს აუცილებლად დაკლავს.“[29] იმის გამო, რომ ამ დღესასწაულში მონაწილეობა სავალდებულოა, ხშირად ის ოჯახები, რომლებსაც ყურბანის დაკვლის შესაძლებლობა არ აქვთ, საერთო ძალით ყიდულობენ ცხოველს, რომელსაც შემდეგ დაკლავენ. როგორც მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლებმა მიამბეს, დაკლული საქონლის ხორცს ხანდახან მათ ქრისტიან მეგობრებს ან მეზობლებსაც უწილადებენ ხოლმე.
საინტერესოა, რომ არაბული სახელი მავლიდი ან მაულუდი, აჭარაში დამკვიდრდა, როგორც მევლუდი[30]. ამ დღესასწაულის აღნიშვნა არც ისე პოპულარულია ისლამის სუნიტურ თემში – „ზოგიერთი მუსლიმი თეოლოგი მას არაისლამური რელიგიურობის გამოხატულებად და ცოდვად მიიჩნევს.“ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ეს დღესასწაული მაინც აღინიშნება, მათ შორისაა საქართველოც, თუმცა ოდნავ განსხვავებულად: თუ სხვა ქვეყნებში ამ დღესთან დაკავშირებით ქუჩებს მწვანე დროშებითა და ფერადი განათებებით რთავენ, „აჭარაში ამ დღეს მორწმუნეები ერთ ოჯახში იკრიბებიან და ყურანიდან ამონარიდებს კითხულობენ, კითხულობენ მუჰამედისადმი მიძღვნილ ლექსებსა და გამონათქვამებსაც. ზოგჯერ ზეიმში სასულიერო პირიც მონაწილეობს. ეს რიტუალი გარკვეული თანმიმდევრობით სრულდება, სარიტუალო სასმისით ისმევა შერბეთი და მზადდება საგანგებო საჭმელი.“[31]
აჭარაში გავრცელებული ერთ-ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დღესასწაულია „ლაილათულ გეჯა“, რომელიც რამადანის მარხვის 27-ე დღეს აღინიშნება. ისლამური ტრადიციის თანახმად, სწორედ ამ დღეს წყვეტს ალაჰი მორწმუნეთა ბედს. მსგავსი დღესასწაულია „ბარათ გეჯა“ – დღე, როდესაც მორწმუნეთა სულები სხვა სამყაროში გადადიან, ის აჭარელ მუსლიმთა მიერ შემოდგომაზე აღინიშნება. მუსლიმი აჭარლების მიერ ასევე აღინიშნება აშურას – რამადანის მომდევნო თვის მუჰარამის მეათე დღე, რომელსაც შიიტურ და სუნიტურ მიმართულებებში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. შიიტებისათვის ეს დღე სამგლოვიაროა მესამე შიიტი იმამის, ალის ვაჟისა და მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინის მოწამეობრივი სიკვდილის გამო, სუნიტებისათვის კი ეს დღე უბრალოდ მარხვისაა – მიიჩნევა, რომ ეს ის დღეა, როდესაც ნოეს კიდობანი მშვიდობიანად დაეშვა. მაღალმთიანი აჭარის მუსლიმი მაცხოვრებლები ამ დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ – სხვადასხვა მარცვლეულისგან ამზადებენ ტკბილ ფაფას, – აშურას, – და მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი სუნიტურ ქვეყნებში ნაკლებადაა შემორჩენილი; შესაბამისად, აჭარა ამითაც გამორჩეულია.
ცრურწმენები, შელოცვები და აჭარულ-ისლამური ფოლკლორი
ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო შელოცვებისა და ცრურწმენების მიმართ აჭარელი მუსლიმების დამოკიდებულება. როგორც აღმოჩნდა, აჭარული ისლამის კიდევ ერთი კულტურულ-რელიგიური თავისებურება ისაა, რომ აქ რელიგიური რწმენა-წარმოდგენები და ტრადიციები ხალხურ ცრურწმენებთან ერთად თანაარსებობს. „მაღალმთიან აჭარაში დღემდეა შემორჩენილი ხალხური ცრურწმენები, რომლებიც ჩვენი წინაპირებისგან მოდის და ზოგიერთ მუსლიმურ ოაჯხში დღემდე მისდევენ. მათ შესახებ ყურანში არაფერი წერია, თუმცა ჩვენ არ ვკრძალავთ, ვინაიდან წინაპართა ეს შეხედულებები ჩვენს რწმენას არ ეწინააღმდეგება.“[32] – მითხრა საციხურის მეჩეთის იმამმა მეჰმედმა და აჭარაში გავრცელებული და საკმაოდ კარგად შემონახული ქაშატობის დღის შესახებ მიამბო, რომელიც გაზაფხულის პირველ შაბათ დღესაა ძველი სტილით – 14 აპრილის შემდგომ შაბათს. ეს ხალხური ტრადიცია უკავშირდება ცრურწმენას, რომლის თანახმადაც ამ დღეს მიწას თავი სტკივა, ისვენებს და ამის გამო მისი დამუშავება,- თესვა, ხვნა ან რგვა არ შეიძლება; წინააღმდეგ შემთხვევაში წყალდიდობა გარდაუვალია. აჭარელი მუსლიმები ამ დღეს მიწას მართლაც არ ეკარებიან. „ზოგადად აჭარაში არქაული რიტუალები მეტადაა შემორჩენილი იმის გამო, რომ ისლამი დევნიდა ყველაფერ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურს, სხვაგვარ ადათ-წესებში კი ნაკლებად ერეოდა. არქაული რიტუალების შემორჩენის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მაღალმთიან აჭარაში გავრცელებულ ისლამზე თურქეთის გავლენა იგრძნობა, იქ კი ისლამური ელემენტების გვერდით ფიქსირებულია უძველესი კულტმსახურებისა და რელიგიურ რწმენა-წარმოდგენათა კვალი.“[33] „ჩვენში ასევე ძალიან გავრცელებულია ცრურწმენა ოთხშაბათთან დაკავშირებით, ამ დღეს არ შეიძლება ოთხფეხა ცხოველის დაკვლა. ხშირად ამბობენ იმასაც, რომ ამ დღეს თუ სადმე გაემგზავრე, რამე ცუდი დამემართებაო. გავრცელებულია პატარების მოჩვენებით – ანუ ბუათი შეშინებაც, რაც ჩვენთვის, სასულიერო პირებისათვის გაუმართლებელია, ვინაიდან შეიძლება ბავშვს ეს შიში სიკვდილამდე გაჰყვეს, თუმცა მას ძალიან ბევრი ქალბატონი იყენებს ბავშვის შესაშინებლად ან დასაძინებლად.“[34]– მიამბო მუფთიმ.
მაღალმთიან აჭარაში ცრურწმენათა გარდა ვხვდებით როგორც ხალხურ, ასევე ისლამურ ტრადიციებთან დაკავშირებულ შელოცვებსაც. სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ქალბატონმა, 86 წლის ჰატიჯემ მიამბო, რომ სოფლებში ქალბატონები ხშირად იყენებენ როგორც სამკურნალო, ასევე ავი თვალისაგან დამცავ შელოცვებს: „ანისაო, მანისაო, მე გილოცავ თვალისაო, ჯერეთ ჩემი თავისაო, შვიდი ქვრივი ქალისაო, მერე მეფის ჯარისაო…მე მლოცავი, ღმერთი მარგებელი!“. ჰატიჯემ როგორც აჭარული, ასევე იმერული შელოცვაც იცოდა,- „ალისასა, მალისასა, მე ვულოცავ ამ ადამიანს თვალისასა.. დედაჩემი იმერელი ქრისტიანი იყო, მამაჩემი კი აჭარელი მუსლიმი. ეს შელოცვა დედამ მასწავლა და ჩემს შვილიშვილებს ხშირად ვულოცავ ხოლმე.“[35] საინტერესოა, რომ „ქართველურ დიალექტებში აღნიშნული შელოცვის ტექსტებს ქრისტიანული დასასრული აქვთ – მიმართვა ღმერთისა და წმინდანებისადმი.“[36] მართლაც ასეა, პირველ შელოცვაში სწორედ რომ ქრისტიანული ღმერთია ნახსენები, მეორე შელოცვა კი წმინდა გიორგის ხსენებით მთავრდება. ამის მიუხედავად, ამ შელოცვებს მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ხანშიშესული მუსლიმი ქალები მაინც ხშირად იყენებენ, რისი მიზეზიც ისაა, რომ ისლამის მსგავსად ეს შელოცვებიც თავიანთი წინაპრების დანატოვარია. აჭარული ისლამის საინტერესო კულტურულ-რელიგიური თავისებურებაა, რომ ისლამურ ტრადიციასთან წინააღმდეგობისა და ქრისტიანული საფუძვლის მიუხედავად, ზემოხსენებული შელოცვები მაინც აქტუალურია მორწმუნე მუსლიმებში.
რაც შეეხება თავად ისლამური ტრადიციიდან გამომდინარე შელოცვებს; სოფელ სხალთაში მოგზაურობისას 88 წლის სოფიას სახლი მიგვასწავლეს, რომელიც როგორც სამკურნალო, ასევე ავი თვალისაგან დამცავ შელოცვებსაც აკეთებს. როდესაც მას ვესტუმრე და ვკითხე, ეწინააღმდეგებოდა თუ არა ეს ისლამურ სარწმუნოებას მიპასუხა, რომ ეს შელოცვები ყურანში წერია, უბრალოდ დაფარულად და ყურანის კარგად ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ეს მაგიური ფრაზები ჯერ ამოიცნო, შემდეგ კი შელოცვისათვის გამოიყენო. „ჩემთან ხშირად მოჰყავთ ავადმყოფი ბავშვები, რომლებსაც ვბან და შემდგომ შელოცვას ვუკითხავ. აუცილებელია, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ, სხვა შემთხვევაში შელოცვა აზრს კარგავს.“ – მითხრა სოფიამ. თუმცა, ამგვარი პრაქტიკა აჭარის რეგიონში ძალიან გავრცელებული არ არის, შემლოცავის სტატუსი აქ მხოლოდ რამდენიმე ქალბატონს აქვს.
„ძალზე საინტერესოა აჭარელ მუსლიმანთა ფოლკლორული სამყარო, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ, ქრისტიანულსა თუ წინარე-ქრისტიანულს, რწმენა-წარმოდგენებზე დაფუძნებულ თქმულება-გადმოცემებსა და ლეგენდების ცალკეულ პასაჟებსა და მოტივებს.“[37] – მაგალითად, ქართულ ზღაპრებსა და თქმულებებში ხშირად ხსენებად დევს, სოფელ ღორჯომში გავრცელებულ ლეგენდაშიც ვხვდებით: „ჯამეში სალოცავად მიმავალ ცოლ-ქმარს უზარმაზარი დევი შეიპყრობს, ქმარს თავს მოაჭრის, ქალს კი სხვა ტყვეებთან ერთად ჩააგდებს ორმოში, ხალიფა ალი კი დაამარცხებს დევს, კაცს გაამთელებს და ტყვეობისგანაც გაათავისუფლებს.“[38]
საინტერესოა, რომ მაღალმთიან აჭარაში ძალიანაა გავრცელებული ლეგენდები ხალიფა ალის[39] შესახებ, რომელიც ალაჰისაგან ბოძებული ჯადოსნური ხმლის დახმარებით ურწმუნოებზე ყოველთვის იმარჯვებს. აღსანიშნავია, რომ ალის ხმლის გამოსახულება გვხვდება როგორც სოფელი ბეღლეთის, ასევე აგარის მეჩეთებშიც. აჭარული ისლამის მნიშვნელოვან კულტურულ-რელიგიურ თავისებურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ მაშინ, როდესაც აქ სუნიტები სახლობენ, აჭარულ თქმულებებსა და ლეგენდებში ისეთი ხალიფას სახელს ვხვდებით, რომელიც სუნიზმს დაპირისპირებულ მიმდინარეობაში – შიიზმშია მიჩნეული ერთადერთ მართლმორწმუნე ხალიფად. მიუხედავად იმისა, რომ ალის ხალიფატს სუნიტებიც აღიარებენ, უცნაურია, რომ სუნიტურ მხარეში მხოლოდ ალის ღვაწლია გამოყოფილი: „ალი საარაკო ძალის მქონე გოლიათი პიროვნებაა, იგი ღმერთის ასლანია(ლომი)“[40], რომელიც ყველა ურჯულოს აქრისტიანებს და ძალიან საშიშია, ვინაიდან „მათ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ალი ცოცხალს არ უშვებს.“ „ძალიან მაგარი კაცი ყოფილა, ხალხს ამუსლიმანებდა. იმას იარაღი და სასროლი არ ეკარებოდა.“ – მოგვითხრობს ერთ-ერთი შუახევური ლეგენდა.“[41]
აჭარულ-ისლამური ფოლკლორში ვხვდებით ქრისტიანული და ისლამური რელიგიების ურთიერთობის თემატიკაზე შეთხზულ თქმულებებსა თუ ლეგენდებსაც – „აჭარელთა გამუსლიმანების ეპოქისდროინდელი გადმოცემები მოგვითხრობენ, რომ ახლად გამუსლიმანებულები ეკრძალებოდნენ ქრისტიან მღვდელთან პირისპირ შეჯახებას.“[42] – „ქართველობა, მშობლიური ენის უკიდეგანო სიყვარული და ერთგულება ის მტკიცე დუღაბი აღმოჩნდა, რამაც ქრისტიან და მუსულმან ქართველობას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოაყალიბა.“[43] აჭარულ ზეპირსიტყვიერებაშიც ხშირად ვხვდებით რჯულშემწყნარებლობისა და მოწოდებას ქრისტიანულ რელიგიასთან მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ, რისი მაგალითიცაა ცნობილი აჭარელი მუსლიმი სახალხო მთქმელის მემედ ქათამაძის ლექსი: „ღვთის მორწმუნე რჯულზე პატივს არცერთზე ვიტყვი უარსა, მე ის მაჰმადიანი ვარ, პატივს რომ ვცემ ქრისტეს ჯვარსა.“[44]
დასკვნა
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა ნამდვილად ძალიან საინტერესო თავგადასავალია. ეს არის შესაძლებლობა, მოხვდე სივრცეში, სადაც ისლამი და ადგილობრივი კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ერთგვარად საზრდოობს ერთმანეთით, რამაც საქართველოს ტერიტორიაზე ისლამის განსხვავებული და გამორჩეული სახის ჩამოყალიბება განაპირობა. აჭარული ისლამი სხვა ქვეყნებში გავრცელებული ისლამისაგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ მეტად თავისუფალი და ტოლერანტულია ადამიანების პირადი არჩევანის მიმართ – აქ რელიგიური პირები მოსახლეობას არცერთი ისლამური წესის დაცვას არ ავალდებულებენ მკაცრად მაშინ, როცა ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ზაქათისა[45] თუ ნამაზის[46] შესრულება, ისევე, როგორც სავალდებულო 1თვიანი მარხვა, მკაცრად კონტროლდება. მაღალმთიან აჭარაში ქალებისათვის არც თავშალის გამოყენებაა სავალდებულო – ადამიანი პირადი არჩევანის განხორციელებისას თავისუფალია, თუმცა არსებული თავისუფლება იმას არ გულისხმობს, რომ აჭარელი მუსლიმები კლასიკური ისლამისაგან დაშორებულები არიან და რომელიმე რელიგიური რიტუალისა თუ წესის შესრულებას თავს არიდებენ. პირიქით, აქ ყოველი მოსახლე აქტიურადაა ჩართული სავალდებულო მოწყალების გაცემაში და ლოცვის რიტუალსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისე, როგორც ცენტრალური აზიის არცერთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც ჰანაფიტური მაზჰაბია გავრცელებული. ნახსენები თავისუფლება იმაშიც გამოიხატება, რომ ამ მხარეში მშვიდობიანად თანაარსებობენ მუსლიმები და ქრისტიანები – აჭარელ მუსლიმთა კოლექტიური მეხსიერება მოიცავს როგორც იმ პერიოდს, როცა მათმა წინაპრებმა ისლამი მიიღეს, ასევე იმ ისტორიულ მონაკვეთსაც, როცა აჭარა ქრისტიანებით იყო დასახლებული. აჭარულ ოჯახებში როგორც ღრმადმორწმუნე მუსლიმები, ასევე მათი ქრისტიანი შვილიშვილებიც ცხოვრობენ, ორივე რელიგიის წარმომადგენელი ცალ-ცალკე ლოცულობს და ერთმანეთის სარწმუნოების მიმათ პატივისცემითაა განმსჭვალული.
ამ მხარეში დგას ისლამური სალოცავები, რომელთა როგორც გარე, ასევე შიდა მხარე პირველი და ყველაზე ცხადი ნიმუშია აჭარულ-ისლამური კულტურის თანაარსებობის და ამ ორი კულტურის ერთმანეთზე მოხდენილი გავლენისა,- შენობათა გარე მხარე აჭარული არქიტექტურის კლასიკური ნიმუშია, შიდა კი – ისლამური და ქართული კულტურის ნაზავი. მაღალმთიან აჭარაში მუსლიმი ოჯახების სუფრაზე ერთად დევს როგორც ისლამური, ასევე აჭარული კერძები, ერთმანეთის გვერდით დგას მეჩეთი და ეკლესია, ერთ ოჯახში ცხოვრობენ განსხვავებული რწმენის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთის სარწმუნოებას დიდ პატივს სცემენ.
ისლამი აჭარაში წინაპართა მიერ დატოვებული ძვირფასი მემკვიდრეობაა, რომელიც ამ მხარეში ადგილობრივ, აჭარულ რწმენა-წარმოდგენებსა და ტრადიციებს ერწყმის. აქ მუსლიმი აჭარლები ღმერთს გულში ქართულად ესაუბრებიან, ლოცვას კი არაბულად წარმართავენ, ისლამური დღესასწაულების ტკბილ და ყურბან ბაირამობის თანადროულად ახალ წელსაც აღნიშნავენ, აღნიშნავენ მევლუდის დღესასწაულსაც, რომელიც აჭარაში ყველა სხვა ისლამური ქვეყნისაგან გამორჩეულად აღინიშნება. ამ მხარეში ძალიან ხშირია აშურას აღნიშვნაც, რომელიც სუნიტებისათვის უბრალოდ მარხვის დღეა, აჭარელი სუნიტებისათვის კი – გამორჩეული დღესასწაული. მაღალმთიან აჭარაში შემორჩენილია ცრურწმენებიც – ქაშატობა, ოთხშაბათ დღეს საქმისაგან თავის შეკავება, ბავშვების „ბუათი“ შეშინება; შემორჩენილია ძველი ხალხური შელოცვებიც. მნიშნელოვანია, რომ აჭარელ მუსლიმთა ფოლკლორული სამყაროც როგორც ისლამურ, ასევე ქრისტიანულ თუ წინარე ქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს ეფუძნება. ვხვდებით ლეგენდებს როგორც ხალიფა ალის შესახებ (რაც შიიტური კულტურისათვის მეტადაა დამახასიათებელი და უცხოა სუნიტური სახელმწიფოებისათვის), ასევე თქმულებებს ქრისტიანობისა და ისლამის ურთიერთობის შესახებაც. აქ საქორწინო და დაკრძალვის რიტუალებიც ქართულ-ისლამურია, შესაბამისი წესები ორივე კულტურიდანაა ნასესხები.
მაღალმთიან აჭარაში ხშირად მუსლიმებს ორი, ქართული და ისლამური სახელი ჰქვიათ. მათ მიერ გამოყენებული ტერმინებიც ორგვარია: ქრისტიანული ტრადიციისგან დანატოვარი და ისლამური; ვისმენთ როგორც ინშალლაჰსა და ბისმილლაჰს, ასევე – „აგაშენა ღმერთსა“ და „ღმერთმა ხელი მოგიმართოსაც“. მუსლიმ აჭარელთა სახლებში სუფრაზე ტრადიციული კერძების გვერდით ისლამურ კერძებსაც შევხვდებით. ასევე, ვნახავთ ჯამეებსაც, რომელთა გარე მოპირკეთება ტრადიციულ აჭარულ სახლს მოგვაგონებს, შიდა მოწყობა- ისლამურ მეჩეთს, თუმცა მათ კედლებზე შროშანების გვერდით ჯვარი, ნახევამთვარეების გვერდით კი – ყურძნის მტევნები იქნება გამოსახული. მაღალმთიანი აჭარის სოფლების ვიწრო ბილიკებზე სეირნობისას თუკი სადმე მინარეთი ან სახედაფარული მოხუცი არ დაინახე, თავს საქართველოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ სოფელში გრძნობ, თუმცა მოულოდნელად მომწოდებლის მუსიკალური ხმა გესმის და ხვდები, რომ ისლამურ გარემოში ხარ, სადაც ეს რელიგია სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით უფრო მეტად ფარული, მაგრამ ღრმად ფესვგადგმული, თავისუფალი, საინტერესო და აჭარელთა იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ბიბლიოგრაფია:
- ზვიადაძე, სოფო. აჭარის ხილული და უხილავი საზღვრები (ისლამის და კოლექტიური მეხსიერების საკითხი აჭარის თანამედროვე სურათისთვის). 2020 https://socialjustice.org.ge/uploads/editor/images/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_1601985096.pdf . უკანასკნელი წვდომა: 2/05/2022 01:37
- sanikdze, George. Edward. W. Walker. Islam and Islamic Practices in Georgia. Berkeley, California. 2004. გვ.6-15
- ზვიადაძე, სოფო. სორდანია, გიორგი. ევროპის საბჭოს კონსულტანტები. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში. გვ. 6-17. ©ევროპის საბჭო. 2021 წ. https://rm.coe.int/-/1680a2e321 . უკანასკნელი წვდომა: 3/05/2022 14:50
- მაჰმადიანი ქართველები. ტფილისი. დამფუძნებელი კრების სტამბა. 1920.
- ჰერის-ბრანდტსი, სიუზან. ვილერი, ენჯელა. შიოშვილი, ვლადიმერ. „აჭარის ხის მეჩეთები: ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში.“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. 2018.
- ბარამიძე, რუსლან. საქართველოს მუსლიმური თემი და სახელმწიფო პოლიტიკა (1991-2012 წლები) . გამომცემლობა: ჰოროსი XXI. ბათუმი. 2014.
- შიოშვილი, თინა. ბარამიძე, რუსლან. ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში. ბათუმი. 2010. სსიპ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. უფასო გამოცემა.
- სიხარულიძე, არჩილ. ურუშაძე, მაია. ხმალაძე, გელა. ჭიჭინაძე, რაუფ. ისლამი საქართველოში: პოლიტიკა და ინტეგრაცია. კავკასიური სახლი. თბილისი. 2016. გვ. 30-34 http://caucasianhouse.ge/wp-content/uploads/2017/05/Islam-GE-web-2.pdf უკანაკსნელი წვდომა: 3/05/2022 17:00
- გელოვანი ნანა, გიორგი სანიკიძე. ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009.
- Sanikidze, George. Muslim Communities of Georgia: Old Problems and New Challenges. ISLAMOPHOBIA STUDIES JOURNAL VOLUME 4, NO. 2 Spring 2018, PP. 247–265. University of California, Berkeley.
- Roudometof, Victor. “Glocal Religions: An Introduction”. Department of Social and Political Sciences, University of Cyprus, P.O. Box 20537, Kallipoleos 75. Nicosia CY-1678, Cyprus; [email protected]. 2018.
- სიინი, ისმაილ, საიდ. „აქტუალური კითხვები და კომენტარები ისლამის შესახებ.“ მთგრმნელი: როლანდ შავაძე. დაიბეჭდა საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია აჭარის მხარდაჭერით. ბათუმი. 2018 წ.
- დავითაძე, ნოდარ. „რატომ მიიღეს ისლამი?“ პირველი გამოცემა. დაიბეჭდა საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია აჭარის მხარდაჭერით. ბათუმი. 2020 წ.
- დადიანი.ე ნაკანი.ნ. ფუტკარაძე.ტ ხაჭაპურიძე.რ „შელოცვების ენა ქართველური დიალექტების მონაცემთა მიხედვით“. ქართველური მემკვიდრეობა. 2001. https://ejournals.atsu.ge/Kartvelology/issues/V/DadianiEka.pdf (9/06/2022) გვ.125-126
- ჯაფარიძე გოჩა. სანიკიძე, გიორგი. კუცია, კარლო. ისლამი, ენციკოპლედიური ცნობარი. გამომცელობა: „ნეკერი“. თბილისი. 1999წ.
- M. HAKAN YAVUZ. Is There a Turkish Islam? The Emergence of Convergence and Consensus. Carfax Publishing. 2004. გვ.216-219. https://content.csbs.utah.edu/~hy2453/turkishislam.pdf. (უ.წ 28/06/2022 15:42)
- თინიკაშვილი, დავით. ჯაში, ზურაბ. მსოფლიო რელიგიები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 2012
- Mahmudah, Siti. Islam and Local Traditions: The Study of the Thinkings of Abdurrahman Wahid (1940-2009) and Khalil Abdul Karim (1930-2002) an Indonesian and an Egyptian Perspective. Sunan Kalijaga: International Journal of Islamic Civilization: ISSN 2614-5472 (p), ISSN 2614-7262 (e), Volume 1, Number 2 (2018), Page: 191-214
- Komil Kalanov, Komil. Alonso, Antonio. SACRED PLACES AND “FOLK” ISLAM IN CENTRAL ASIA. UNISCI, 2008.
- Abdulla, Rawan, Mariam. Culture, Religion, and Freedom of Religion or Belief. 2018.https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/15570274.2018.1535033#:~:text=The%20relationship%20between%20culture%20and%20religion%20is%20revealed%20in%20the,experience%20and%20understand%20the%20world.(უ.წ 28/06/2022 17:23)
დანართი
ნაშრომს თან ერთვის კითხვარი, რომლითაც აჭარაში საველე კვლევას ვაწარმოებდი.
1. თქვენმა თქვენმა წინაპრებმა ძალიან დიდი ხნის წინ მიიღეს ისლამი, რომელიც იმ პერიოდში არსებულ ქართულ თუ ქრისტიანულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს შეერწყა, როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული და ისლამური კულტურის შერწყმის გამოვლინება თანამედროვე მაღალ მთიან აჭარაში? შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის ქართული ტრადიციები ან წეს-ჩვეულებები, რომელსაც დღემდე მისდევთ, თუ მისდევთ რა თქმა უნდა?
2. როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებიან ქართველი მუსლიმები სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმებისაგან? რა გამოარჩევს ქართველ მუსლიმს (სხვა მუსლისმებისგან)?
3. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ამდენწლიანი მძიმე გამოცდილების მიუხედავად, მტკიცედ იცავთ თქვენს სარწმუნოებას და მიჰყვებით მას, იმის გარდა, რომ ისლამი თქვენი წინაპართა მიერ არჩეული გზაა, რა არის მასში ასეთი საინტერესო და გამორჩეული – რატომ ისლამი?
4. საქართველოში უნიკალური მოვლენა ხდება – თბილისში ერთ მეჩეთში ატარებენ მსახურებას სუნიტები და შიიტები, რას ფიქრობთ ამაზე?
5. გვიამბეთ როგორ ერწყმის ისლამი თქვენს ყოველდღიურობას, რამდენჯერ ლოცულობთ, რა სიხშირით დადიხართ მეჩეთებში?
6. როგორია ისლამური შესამოსელი აჭარაში და განიცდიდა თუ არა ქართული კულტურის გავლენას?
7. გვიამბეთ იმ დღესასწაულების შესახებ, რომელსაც აღნიშნავთ. ასევე, საინტერესოა, რომელ ისლამურ ტრადიციებს/წესებს ასრულებთ?
8. რომელ ტრადიციულ ისლამურ კერძებს ამზადებთ?
9. როგორია თქვენი სახლის ინტერიერი, რამდენად ხილულია თქვენი სარწმუნოება ამ სივრცეში?
10. აჭარულ ოჯახებში ბებია-ბაბუა მუსლიმები არიან, შვილები – ნაკლებ რელიგიურები, შვილიშვილები – ქრისტიანები, როგორ თანაცხოვრობთ?
[1] ზვიადაძე. 2020. 163
[2] აზანი – „სავალდებულო ლოცვისაკენ მოწოდება ისლამურ ტრადიციაში.“ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15842
[3] მინარეთი (მანარა, „სინათლის ადგილი“) – კოშკი მეჩეთთან, რომელიც მორწმუნეებს ამცნობს ლოცვის დროის დადგომას და მოუწოდებს სალოცავად. (ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი. 134)
[4] მუეძინი, მუაზინი (გამომცხადებელი, მომწოდებელი) – პიროვნება, რომელიც მეჩეთის მინარეთიდან მორწმუნეებს ამცნობს, რომ დადგა ლოცვის დრო და მოუწოდებს სალოცავად. (იქვე. 136)
[5] აჭარაში სუნიტური ისლამის ჰანაფიტური მაზჰაბია გავრცელებული, რომელიც ზომიერ მიმდინარეობას წარმოადგენს.
[6] ინტერვიუ მაღალმთიან აჭარაში, 12/05/2022
[7] ინტერვიუ მაღალმთიან აჭარაში, 17/05/2022
[8] ისლამში დაშვებულია, რომ მამაკაცმა სხვა რელიიგიის წარმომადგენელი ქალი მოყვანოს ცოლად, რადგან არსებობს რწმენა იმისა, რომ დაოჯახების შემდეგ ქალი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცევა, თუმცა ქრისტიანობის მიმართ იმგვარი მიმღებლობა, რასაც აჭარაში ვხვდებით, სხვაგან ისლამური მხარეებისათვის არაა დამახასიათებელი.
[9] ზვიადაძე. 2020. 179
[10] ინტერვიუ მაღალმთიან აჭარაში, 13/05/2022
[11] ინტერვიუ, მაღალმთიან აჭარაში, 15/05/2022
[12] საიდ ისმაილ სიინი. 52
[13] ზვიადაძე სოფო. 2020. 179
[14] გელოვანი, სანიკიძე. 60
[15] საჰიბუ ლ-ჰაჯჯ – თუ ფინანსური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუსლიმს არ შეუძლია ჰაჯის შესრულება, ის გარკვეულ თანხას ატანს მექაში საპილიგრიმოდ მიმავალს ჰაჯისთვის ამით ის ხდება საჰიბ ალ-ჰაჯჯ.
[16] დავითაძე, ნოდარ. რატომ მიიღეს ისლამი? ბათუმი.2020 გვ.29
[17] ისლამის წესის მიხედვით, მუსლიმი ვალდებულია არაბული იცოდეს, რადგან ყურანი არაბულად გარდმოევლინა და რადგანაც ყურანის პირველი სურა ალ-ფათიჰა ყველა მუსლიმმა არაბულად უნდა წარმოთქვას.
[18] გელოვანი, სანიკიძე. 61
[19] გელოვანი. სანიკიძე. 66
[20] გელოვანი, სანიკიძე. 69
[21] Sanikidze, Walker. 17
[22] Sanikidze, Walker. 17.
[23] Sanikidze, Walker. 18
[24] ზვიადაძე. სორდანია. 15
[25] ზვიადაძე. სორდია. 16
[26] ზვიადაძე. სორდია. 16
[27] ზვიადაძე.სორდანია. 16
[28] სწორედ ამის გამო საბჭოთა პერიოდში ისლამს “ბრალად სდებდნენ” მეცხოველეობის განადგურებას, რადგან მსხვეპლშეწირვის დროს მუსლიმები ბევრ საქონელს კლავდნენ.
[29] ზვიადაძე.სორდანია. 16
[30] მევლუდის, როგორც აჭარაში უწოდებენ მოციქულ მუაჰამადს, დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება აჭარაში – მსგავსი განსაკუთრებული და პომპეზური აღნიშვნა ნაკლებად გვხვდება სხვა ისლამურ ქვეყნებში.
[31] ზვიადაძე. სორდია. 17
[32] ინტერვიუ, 14/05/2022
[33] შიოშვილი, ბარამიძე. 340
[34] ინტერვიუ, 14/05/2022
[35] ინტერვიუ, 16/05/2022
[36] დადიანი. ნაკანი. შელოცვების ენა ქართველური დიალექტების მონაცემთა მიხედვით. 2001. გვ.126
[37] შიოშვილი. ბარამიძე. 52
[38] შიოშვილი. ბარამიძე. 58
[39] ხალიფა ალი/ ალი იბნ აბი ტალიბი – მეოთხე და უკანასკნელი მართლმორწმუნე ხალიფა, მოციქულ მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე, ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღო ისლამი. მუჰამედის ყველა ლაშქრობის მონაწილე, უაღრესად ღვთისმოსავი და ისლამის საქმის ერთგული. (ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი. გვ.21)
[40] შიოშვილი. ბარამიძე. 57
[41] შიოშვილი, ბარამიძე. 57
[42] შიოშვილი. ბარამიძე. 64
[43] შიოშვილი, ბარამიძე. 65
[44] შიოშვილი. ბარამიძე. 71
[45] სავალდებულო მოწყალება ისლამში
[46] სავალდებულო ლოცვა ისლამში