ავტორი: სერგი ავალიანი
სტატია გააციფრულა ვიკა კახიძემ
1. საკითხის დასმა. კანტის ფილოსოფიასთან რელატიურობის თეორიის დამოკიდებულების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თვითონ კანტიანელები და ნეოკანტიანელებიც კი ამ საკითხზე ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამენ. მკვლევართა ერთი ჯგუფი თვლის, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორია მკვეთრად ეწინააღმდეგება კანტის აპრიორიზმსა და უარყოფს მას; გადასვლა კანტიდან აინშტაინზე ან პირიქით შეუძლებელია. მაგ., ჰ. შოლცი, რომელიც ადრე კანტიანელებთან თანამშრომლობდა, წერს: ,, შეიძლება თუ არა შევუთანხმოთ კანტის მოძღვრება სივრცესა და დროზე აინშტაინის ფიზიკას? არა! აქ არის მხოლოდ ან-ან; ან კანტი ან აინშტაინი. ან უნდა დავეთანხმოთ კანტს, რომელიც ცარიელ დროსა და სივრცეს აღიარებს და მათ ცნობიერების ფორმებად თვლის და ან აინშტაინს, რომელიც ამის საწინააღმდეგო თვალსაზრისს ანვითარებს”.[1] ცოტა ქვემოთ ჰ. შოლცი განაგრძობს: “გვწყინს თუ არა ჩვენ – ეს სხვა საქმეა; მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ გზა კანტიდან აინშტაინისაკენ არ არსებობს”[2]. ჰ. ჰოლცის მსგავსად, თანამედროვე პოზიტივისტებიც (მაგ., ჰ. რაიხენბახი) დიამეტრიულ წინააღმდეგობას ხედავენ კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიებს შორის.
ამ შეხედულებას წინ აღუდგა მკვლევართა მეორე ჯგუფი (კასირერი, ნატორპი, ნელსონი, შლაიერი და სხვ.). მათი აზრით, კანტის ფილოსოფიასა და აინშტაინის რელატიურობის თეორიას შორის არავითარი უფსკრული, არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს; პირიქით, აინშტაინის რელატიურობის თეორიამ დაადასტურა კანტის ფილოსოფია. კანტის დასაცავად დაიწერა ნეოკანტიანელების მთელი რიგი ნაშრომებისა. ეს მკვლევარები ცდილობდნენ კანტისა და აინშტაინის მოძღვრებათა შერიგებას, იმის ჩვენებას, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორია არა მარტო არ უარყოფს კანტის ფილოსოფიას, არამედ კიდეც ადასტურებს.
ნეოკანტიანელების მიერ კანტის დაცვის ცდები იმით იყო გამოწვეული, რომ თვითონ ისინიც კარგად ხედავდნენ ახალი მეცნიერების შუქზე თავიანთი პოზიციების სისუსტეს. მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, კანტის ფილოსოფიისა და აინშტაინის რელატიურობის თეორიის წინააღმდეგობა ისე მწვავე იყო, რომ კანტის ფილოსოფიის გადარჩენის ცდები მარცხით დამთავრდა. ამას მოჰყვა რღვევა ნეოკანტიანური მიმართულებისა, რომელიც მიმდინარე საუკუნის ოციანი წლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მიმართულება იყო თანამედროვე ფილოსოფიაში. მთელმა რიგმა ნეოკანტიანელებმა უარყვეს თავიანთი პოზიციები და მეცნიერების პოზიციებზე გადავიდნენ. ასე მოიქცა, მაგალითად, ჰ. რაიხენბახი, რომელიც მისი ფილოსოფიური მოღვაწეობის პირველ წლებში თითქმის ორთოდოქსი კანტიანელი იყო, ხოლო შემდეგ ასევე ორთოდოქს ანტიკანტიანელად იქცა; რაიხენბახი ამ მხრივ ერთადერთი მოაზროვნე როდი იყო. ჰ. შოლცის მოსწრებული თქმით, ეს ის დრო იყო ,,კანტი რომ ხელახლა დაბადებულიყო, თვითონ ისიც კი არ იქნებოდა კანტიანელი”.[3] ხოლო თუ ამჟამად ნეოკანტიანელები არც ისე ბევრია, ამას, უწინარეს ყოვლისა, მეცნიერებას, განსაკუთრებით რელატიურობის თეორიას უნდა ვუმადლოდეთ.
არსებობდა მკვლევართა მესამე ჯგუფი, რომელიც საერთოდ შეუძლებლად თვლიდა კანტისა და აინშტაინის მოძღვრებათა შედარებას მათი დაპირისპირების ან შეთანხმების მიზნით[4].
ამრიგად, კანტისა და აინშტაინის მოძღვრებათა ურთიერთობის საკითხს სხვადასხვა მოაზროვნე სხვადასხვაგვარად წყვეტს. ჩვენი ამოცანაა გავაანალიზოთ კანტისა და აინშტაინის მოძღვრებები, შევადაროთ ისინი ერთმანეთს და ამის საფუძველზე გავაკეთოთ ზოგიერთი დასკვნა რელატიურობის თეორიის დამოკიდებულების შესახებ კანტის სივრცისა და დროის ფილოსოფიურ თეორიასთან. ქვემოთ ამ საკითხს სამი ასპექტით განვიხილავთ: აინშტაინის რელატიურობის თეორიის დამოკიდებულება კანტის სივრცისა და დროის თეორიასთან, კლასიკური აზროვნების ფორმების ადგილი კანტისა და აინშტაინის მოძღვრებებში და აინშტაინის რელატიურობის თეორიის დამოკიდებულება კანტის აპრიორიზმთან.
2. აინშტაინის რელატიურობის თეორიის დამოკიდებულება კანტის სივრცისა და დროის თეორიასთან. აღიარებულია, რომ კანტის სივრცისა და დროის ფილოსოფიური თეორიის საბუნებისმეტყველო საფუძველს წარმოადგენდა ნიუტონის მოძღვრება სივრცესა და დროზე. თუ წინაკრიტიკულ პერიოდში კანტს ნიუტონისა (კლარკისა) და ლაიბნიცის კამათში სივრცისა და დროის შესახებ ამ უკანასკნელის მხარე ეჭირა ნიუტონის წინააღმდეგ, სამაგიეროდ კრიტიკულ პერიოდში იგი მთლიანად იზიარებს ნიუტონის აბსოლუტური სივრცისა და დროის თეორიას იმ განსხვავებით, რომ კანტმა ამ თეორიის იდეალისტური ინტერპრეტაცია მოახდინა. კანტის სივრცისა და დროის ფილოსოფიური თეორია, რომელიც აინშტაინს ჰქონდა მხედველობაში, არის ის თვალსაზრისი, რომელიც კანტს გამოთქმული აქვს კრიტიკული პერიოდის მთავარ ნაშრომში ,,წმინდა გონების კრიტიკა”.
კანტის კრიტიკული პერიოდის კონცეფცია სივრცისა და დროის შესახებ არსებითად სივრცისა და დროის მეტაფიზიკურ თეორიას წარმოადგენს და ნიუტონის ფიზიკის გავლენის ღრმა კვალს ატარებს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ნიუტონის სივრცისა და დროის თეორია იმდროინდელი მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა და გენიალური მონაპოვარი იყო. ნიუტონის მიერ სივრცისა და დროის პრობლემის გადაწყვეტა, როგორც აინშტაინი ამბობს, ,,მეცნიერების განვითარების იმ პერიოდში ერთადერთი შესაძლებელი და, კერძოდ, ერთადერთი ნაყოფიერი იყო”.[5] ამიტომ კანტის, როგორც მოაზროვნის, სისუსტე არ შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ თანამედროვე მეცნიერებამ უარყო სივრცისა და დროის ის თეორია, რომელიც კანტის ფილოსოფიის საბუნებისმეტყველო საფუძველს წარმოადგენდა.
სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორია ეწოდება შეხედულებათა იმ სისტემას, რომელიც აღიარებს აბსოლუტური სივრცისა და აბსოლუტური დროის არსებობას, წყვეტს, ერთი მხრივ, სივრცესა და დროს მატერიისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, სივრცესა და დროს ერთმანეთისაგან და თითოეულ მათგანს სუბსტანციურ არსებობას მიაწერს. სივრცე და დრო ამ თეორიას ესმის როგორც სუბსტანციები, რომელთაც მატერიის გარეშე შეუძლიათ არსებობა. ამრიგად ეს თეორია და, სახელდობრ, მისი დიდი დამცველი – ნიუტონი – აღიარებდა ცარიელი სივრცისა და დროის არსებობას; სიცარიელე აბსოლუტური სივრცისა და დროის განუყრელი, გამახასიათებელი ნიშანია.
კანტმა თითქმის უცვლელად მიიღო ნიუტონის აბსოლუტური სივრცისა და აბსოლუტური დროის თეორია, მაგრამ მას სუბიექტივისტური ხასიათი მისცა. თუკი ნიუტონი სივრცესა და დროს ობიექტურად არსებული მატერიალური ნივთების ადგილსამყოფად თვლიდა, კანტმა ისინი ინტუიციის ფორმებად გამოაცხადა და ამით სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორია იდეალისტურად გარდაქმნა. მაგრამ სხვა მხრივ კი კანტის სივრცისა და დროის თეორიაში შენარჩუნებულია ნიუტონის მეტაფიზიკური თეორიის ყველა არსებითი ნიშანი, ის ნიშნები, რის გამოც ნიუტონის თეორია მეტაფიზიკური იყო. სივრცე და დრო, კანტის მიხედვით, აბსოლუტურია, დამოუკიდებელია ყველაფრისაგან. შეუძლებელია საგნების წარმოდგენა სივრცისა და დროის გარეშე, ამტკიცებს კანტი, მაგრამ სივრცისა და დროის წარმოდგენა საგნების გარეშე კი სავსებით შესაძლებელია. “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს სივრცე, მაშინ როცა ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, რომ მასში არავითარი ნივთი არ არის”.[6] სივრცე და დრო მოვლენების შესაძლებლობის პირობებია; სწორედ ამიტომ ისინი არ არიან დამოკიდებული მოვლენებზე, არამედ თვითონ მოვლენებია მათზე დამოკიდებული. ამდენად სივრცე და დრო აბსოლუტური ფორმებია; ისინი მოვლენების არსებობის აბსოლუტურ პირობებს წარმოადგენენ.
ეს აბსოლუტური დრო და აბსოლუტური სივრცე კანტის, ნიუტონის მსგავსად, ესმის, როგორც ცარიელი სივრცე და ცარიელი (წმინდა) დრო. თუკი საგნებისაგან ყველაფერს განვაყენებთ, რაც შეგრძნებებში გვეძლევა, დაგვრჩება ინტუიციის ორი წმინდა ფორმა – სივრცე და დრო. მოვლენების მასალა ემპირიულად არის მიღებული და იგი გრძნობად მრავალსახეობას წარმოადგენს, ხოლო ის, რაშიც ეს ქაოსური მრავალსახეობა წესრიგდება, არის მოვლენების ფორმები, რომლებიც აპრიორულია და ადამიანის სულში არსებობენ. ისევე როგორც ნიუტონის მეტაფიზიკურ კონცეფციაში აბსოლუტური სივრცე და დრო არის ცარიელი სივრცე და ცარიელი (წმინდა) დრო, რომლებშიც მატერიალური საგნები განლაგდება თანაარსებობისა და თანმიმდევრობის წესრიგის მიხედვით, ასევე ინტუიციის ამ ორ აპრიორულ ფორმაში, წესრიგდება ემპირიულად მიღებული გრძნობადი მრავალსახეობა. სივრცე და დრო ორივე შემთხვევაში ადგილსამყოფელს, ცარიელ “ჭურჭელს” წარმოადგენს. ამავე დროს ჭურჭელსა და იმას შორის, რაც ამ ჭურჭელში იმყოფება, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითი კავშირი არსებობს. ამრიგად, კანტი უყოყმანოდ იდგა ნიუტონის სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის პოზიციებზე.
კანტის ფილოსოფიაში, ისევე როგორც ნიუტონის მოძღვრებაში, არა მარტო სივრცე და დრო არის მოწყვეტილი მატერიისაგან, არამედ თვითონ სივრცეცა და დროც ერთმანეთისაგან აბსოლუტურად მოწყვლადია და თითოეული მათგანი გამოცხადებულია აბსოლუტურ, თვითკმარ ფორმებად. სივრცის არსებობა არ საჭიროებს დროის არსებობას და პირიქით; მათი აბსოლუტური მნიშვნელობა ამაშიც მჟღავნდება.
ნიუტონის მეტაფიზიკური თეორიის გავლენით კანტი თვლიდა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი საყოველთაო სივრცე და ერთი დრო. როცა მრავალ სივრცეზე ლაპარაკობენ, ამტკიცებს კანტი, მაშინ ერთი და იგივე სივრცის ნაწილებს გულისხმობენ.[7] ასევე ერთია დროც. სხვადასხვა დროები ერთი და იგივეს ნაწილებია.[8] სხვაგვარად შეუძლებელია იყოს. სივრცეც და დროც, კანტის მიხედვით, აბსოლუტურია, რაც მრავალი სივრცეებისა და დროების დაშვებას გამორიცხავს. კანტი თვლიდა, რომ ,,აუცილებლობა და მკაცრი საყოველთაობა არის აპრიორული ცოდნის საიმედო ნიშნები”.[9] ასევე სივრცისა და დროის, როგორც აპრიორული ფორმების, არსებითი ნიშნებია საყოველთაობა და აუცილებლობა. არსებობს მხოლოდ ერთი სივრცე და ერთი დრო, რომელთაც საყოველთაო, აუცილებელი მნიშვნელობა აქვს მთელი ფენომენალური სამყაროსათვის.
აქედან გამომდინარეობს, რომ კანტი ერთდროულობის პრობლემასაც ტრადიციული ე. ი. მეტაფიზიკური პოზიციებიდან წყვეტდა. რაკი დრო ერთი და საყოველთაოა, იგი, ცხადია, თანაბრად უნდა მომდინარეობდეს. ეს კი აბსოლუტური ერთდროულობის აღიარების საფუძველს წარმოადგენს. კანტი ვერ ამჩნევდა და იმ დროს არც შეიძლებოდა დაენახა ერთდროულობის პრობლემატური ხასიათი, ვინაიდან იგი დოგმატურად იდგა სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის პოზიციებზე.
კანტი სივრცისა და დროის მეტაფიზიკურმა თეორიამ სივრცისა და დროის აპრიორობამდე მიიყვანა. მან ნიუტონისაგან შეითვისა ის აზრი, რომ სივრცე და დრო აბსოლუტურია, ყველაფრისგან დამოუკიდებელი, რომელთაც შეუძლიათ არსებობა საგნების გარეშე, წმინდა სახით. სივრცე და დრო თავიანთი ბუნებით არიან ცარიელი სივრცე და ცალკეული (წმინდა) დრო, როგორც წმინდა ფორმები. აქედან კანტმა დაასკვნა, რომ სივრცე და დრო, როგორც წმინდა ფორმები, მხოლოდ სულში შეიძლება არსებობდნენ და არა მის გარეთ.[10] ეს ფორმები აპრიორული ფორმებია და მათ შესახებ ლაპარაკი მხოლოდ ადამიანურ, ე. ი. სუბიექტური თვალსაზრისით შეიძლება; ამრიგად, კანტის აპრიორიზმი სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის შედეგი იყო.
ნიუტონის მეტაფიზიკური თეორიის გავლენა კანტის სივრცისა და დროის თეორიაზე კიდევ უფრო აშკარად ჩანს წიგნში: “ბუნებისმეცნიერების მეტაფიზიკური საწყისები”. ამ ნაშრომში კანტი, ნიუტონის მსგავსად, ამტკიცებს, რომ არსებობს ცარიელი სივრცე, რომელშიც მატერია იმყოფება და მოძრაობს. სივრცე არის მატერიის ადგილსამყოფელი, არსებობს არა მარტო აბსოლუტური სივრცე, დრო და მოძრაობა, არამედ აგრეთვე რელატიური სივრცე, დრო და მოძრაობა. ამავე დროს კანტს ეს ცნებები ნიუტონის მსგავსად ესმის და თვითონ მათი განსაზღვრებებიც ნიუტონისგან აქვს აღებული. ნიუტონი აბსოლუტურ სივრცეს უძრავ სივრცედ თვლიდა, ხოლო მოძრაობას აბსოლუტური სივრცის მიმართ აბსოლუტურ მოძრაობას უწოდებდა. ამ აზრით მას აბსოლუტური სივრცე ესმოდა, როგორც აბსოლუტური მოძრაობის საფუძველი. საბოლოოო ჯამში, ნიუტონის მიხედვით, ყოველგვარი მოძრაობა აბსოლუტურ სივრცეში სრულდება. მეორე მხრივ რელატიური სივრცე არის მოძრავი სივრცე და მის მიმართ მოძრაობა არის რელატიური მოძრაობა. კანტი, ნიუტონის მსგავსად, აბსოლუტურ სივრცეს (წმინდა) სივრცედ თვლიდა, ხოლო რელატიურ სივრცეს – ფიზიკურად. ასევე რელატიური მოძრაობა ცდისეული ფიზიკური მოძრაობაა. ,,ყოველი მოძრაობა – წერს კანტი, – რომელიც ცდის საგანია, წმინდა რელატიურია”.[11] აბსოლუტური მოძრაობა არ არის გრძნობადი, ცდისთვის მისაწვდომი. რელატიური სივრცე, დრო და მოძრაობა, კანტის მიხედვით, არის ფიზიკური და ბუნებისმეცნიერების (ფიზიკის) კომპეტენციაში შედის, ხოლო ,,ნამდვილი” სივრცე დრო და მოძრაობა არის აბსოლუტური, რომელიც არ არის ფიზიკური, ცდაში მისაწვდომი და, მასაშადამე, მას მეტაფიზიკური ხასიათი აქვს. კანტი, ისევე როგორც ნიუტონი, იმ მცდარი, მეტაფიზიკური წანამძღვრიდან ამოდიოდა, რომ თითქოს რელატიური არ შეიძლება იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი; სინამდვილედ ყოფნა მარტოოდენ აბსოლუტურის სპეციფიკური ნიშანია. ვიმეორებთ, რომ სივრცისა და დროის მთელი ზემოაღნიშნული კონცეფცია კანტს ნიუტონისგან აქვს აღებული.
ამრიგად, როგორც ზემოთ ვთქვით, კანტი დოგმატურად იდგა სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის პოზიციებზე, ამდენად კანტი – დოგმატიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ფილოსოფოსი – თვითონ იყო უკიდურესი დოგმატიკოსი სივრცისა და დროის გაგების საკითხში და ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცილდა ნიუტონის მეტაფიზიკურ კონცეფციას.
აინშტაინის რელატიურობის თეორია ყველა საკითხში უპირისპირდება ნიუტონის მეტაფიზიკურ თვალსაზრისს სივრცისა და დროის შესახებ, ე. ი. იმ თვალსაზრისს, რომელსაც კანტიც იზიარებდა. ამიტომ აინშტაინის მიერ სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის კრიტიკა იმავე დროს არის კანტის სივრცისა და დროის თეორიის კრიტიკაც.
პრინციპულ წინააღმდეგობას რელატიურობის თეორიასა და ნიუტონის სივრცისა და დროის მეტაფიზიკურ გაგებას შორის თვითონ აინშტაინმა გაუსვა ხაზი მ. ჯემერის წიგნის წინასიტყვაობაში. თუკი ნიუტონის მეტაფიზიკურ თეორიაში სივრცე და დრო არის აბსოლუტური სიდიდეები, დამოუკიდებელია ყველაფრისგან (მატერიისაგან) და მატერიალური საგნებისა და მოვლენების ადგილსამყოფელს (ჭურჭელს) წარმოადგენს, რელატიურობის თეორიის მიხედვით კი სივრცე და დრო მატერიალური საგნებისა და მოვლენების თვისებებია, და, მაშასადამე, ისინი არსებითად არიან დამოკიდებული მატერიაზე; ეს ნიშნავს, რომ სივრცე და დრო არ არიან აბსოლუტური სიდიდეები; ისინი წარმოუდგენელია მატერიალური სხეულების გარეშე. აინშტაინი, უპირისპირებს რა ერთმანეთს სივრცისა და დროის ამ ორ კონცეფციას, წერს: ,,სივრცის[12] ეს ორი კონცეფცია, შეიძლება ერთმანეთს შემდეგნაირად დავუპირისპიროთ: ა) სივრცე, როგორც მატერიალური ობიექტების ის თვისება, რომ მათ გარკვეული მდებარეობა ეჭიროთ; ბ) სივრცე როგორც ის, რაც თავის თავში ყველა მატერიალურ ობიექტს შეიცავს. ა) შემთხვევაში სივრცე მატერიალური ობიექტების გარეშე წარმოუდგენელია. ბ) შემთხვევაში მატერიალური ობიექტი გაგებულია, როგორც მხოლოდ სივრცეში არსებული; ამ შემთხვევაში სივრცე გამოდის, როგორც ისეთ ირეალობა, რომელსაც მატერიალურ სამყაროსთან შედარებით მეტი ზოგადობა გააჩნია”.[13]
აინშტაინის მიერ აღნიშნული დაპირისპირება იმავე დროს არის დაპირისპირება რელატიურობის თეორიასა და კანტის სივრცისა და დროის თეორიას შორის. როგორც აღვნიშნეთ, თუკი სივრცე და დრო ნიუტონის თეორიაში მატერიალური საგნებისა და მოვლენების ადგილსამყოფელს წარმოადგენს და მათ აბსოლუტური მნიშვნელობა მიეწერება, სამაგიეროდ კანტთან სივრცე და დრო, როგორც ინტუიციის ფორმები, შეგრძნებებში მოცემული ემპირიული მასალის ადგილსამყოველია და ისინი ისევე აბსოლუტურია, დამოუკიდებელია მათი შინაარსისაგან, როგორც ის, რის ადგილსამყოფელსაც იგი წარმოადგენს. განსხვავება მარტოოდენ იმაშია, რომ ნიუტონის თეორიაში სივრცე და დრო ობიექტურია, კანტის თეორიაში კი ისინი მარტოოდენ ინტუიციის ფორმებს წარმოადგენენ, ე. ი. სუბიექტურ ხასიათს ატარებენ.
თუკი კანტი სივრცესა და დროს მგრძნობელობის ემპირიული მასალის მხოლოდ ადგილსამყოფლად თვლიდა და შესაძლებლად მიაჩნდა მათი არსებობა იმის გარეშე, რაც მათ შინაარსს წარმოადგენს, სამაგიეროდ აინშტაინი სივრცესა და დროს მატერიალური სამყაროს თვისებებად თვლის და ამის საფუძველზე უარყოფს მათ არსებობას იმის გარეშე, რის თვისებებსაც ისინი წარმოადგენენ. კანტის ფილოსოფიაში სივრცე და დრო არავითარ შემთხვევაში არ არიან გრძნობადი მრავალსახეობის და, მით უმეტეს, მატერიალური სამყაროს თვისებები. აქ მჟღავნდება ერთ-ერთი პრინციპული დაპირისპირება კანტის ფილოსოფიასა და აინშტაინის რელატიურობის თეორიას შორის. ეს დაპირისპირება გამოიხატა კანტის სივრცისა და დროის არა მხოლოდ მეტაფიზიკური, არამედ იდეალისტური ხასიათის უარყოფაშიც.
გაიგო რა სივრცე და დრო, როგორც მატერიალური სამყაროს განუყრელი თვისებები, ამით რელატიურობის თეორიამ უარყო მეტაფიზიკური წარმოდგენები ცარიელი სივრცისა და ცარიელი (წმინდა) დროის შესახებ. სივრცის ამგვარი გაგების დროს, წერს აინშტაინი სივრცის, როგორც მატერიის განუყრელი თვისების, გაგების შესახებ, ,,ლაპარაკს ცარიელი სივრცის შესახებ აზრი აღარ აქვს და ვინაიდან ცნებათა ჩამოყალიბება ინსტიქტურად ყოველთვის ეკონომიისაკენ მიისწრაფვის, ამიტომ ბუნებრივია, რომ ცარიელი სივრცის ცნება უარვყოთ”.[14] როგორც ვხედავთ, ამ საკითხშიც რელატიურობის თეორია პრინციპულად უპირისპირდება კანტის მეტაფიზიკურ თვალსაზრისს.
აინშტაინი არ უარყოფს სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორიის ისტორიულ დამსახურებას. პირიქით, იგი ამტკიცებს, რომ ,,ნიუტონის დასკვნები მეცნიერების განვითარების იმ პერიოდისათვის ერთადერთი შესაძლებელი და, რაც მთავარია, ერთადერთი ნაყოფიერი იყო”.[15] ამ მეტაფიზიკური თეორიის შემუშავება საუკუნეების მანძილზე მოხდა დიდი ბრძოლისა დ გონებრივი დაძაბულობის საფუძველზე; შემდეგ კი იგი ისე ღრმად შეიჭრა ადამიანის ცნობიერებაში, რომ მის დასაძლევად არანაკლები ენერგია დაიხარჯა. ,,საჭირო გახდა მკაცრი ბრძოლა – წერს აინშტაინი – რათა მისულიყვნენ დამოუკიდებელი და აბსოლუტური სივრცის ცნებამდე, რაც აუცილებელი იყო თეორიის განვითარებისათვის. მაგრამ შემდგომში არანაკლები ენერგიის დაძაბვა გახდა საჭირო, რათა დაგვეძლია ეს ცნება”.[16] სივრცისა და დროის მეტაფიზიკურ თეორიას პირველად წინ აღუდგნენ ლაიბნიცი და ჰიუგენსი, რომლებიც სივრცეს და დროს მატერიის თვისებებად თვლიდნენ და მათ აბსოლუტურობას უარყოფდნენ. ლაიბნიცისა და ჰიუგენსის პოზიცია ნიუტონის მეტაფიზიკური თეორიის წინააღმდეგ, – ამტკიცებს აინშტაინი, – მეცნიერების განვითარებამ გაამართლა.
აინშტაინის რელატიურობის თეორია მტკიცედ დაუპირისპირდა აგრეთვე კანტის თვალსაზრისს სივრცისა და დროის აპრიორობის შესახებ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ რელატიურობის თეორია ვერ დაუშვებს სივრცისა და დროის აპრიორობას, ვინაიდან, ამ თეორიის მიხედვით, ფიზიკური რეალობა მიეწერება მხოლოდ იმას, რაც დაკვირვებადია, რაც იზომება. სივრცე და დრო რომ აპრიორული წარმოდგენები იყვნენ, მაშინ ისინი ფიზიკის საგანი არ იქნებიან. ფიზიკა ცდის სფეროს სწავლობს, ფიზიკურ სიდიდეებს იკვლევს, ხოლო ფიზიკური სიდიდეების შემეცნების ერთადერთ გზას კი გაზომვა, ე. ი. ცდისეული ოპერაცია წარმოადგენს. ამიტომ სივრცისა და დროის ფიზიკურ სიდიდეებად აღიარებაც კი მიუთითებს რელატიურობის თეორიის მიერ კანტის აპრიორიზმის უარყოფაზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ თვლის შესაძლებლად სივრცისა და დროის გაზომვას, ე. ი. მათ ექსპერიმენტულ გამოკვლევას. ,,ფიზიკური რეალობის ელემენტები – წერს აინშტაინი – შეუძლებელია განსაზღვრულ იქნას აპრიორული ფილოსოფიური მსჯელობების საშუალებით. ისინი ნაპოვნი უნდა იქნან ექსპერიმენტებისა და გაზომვების საფუძველზე”.[17] სივრცე და დრო, რელატიურობის თეორიის მიხედვით, ფიზიკური სიდიდეებია, ფიზიკური რეალობაა, რომელთა თვისებები მოლოდ და მხოლოდ ემპირიული გამოკვლევებით დგინდება და არა აპრიორულად. უკვე ამაშია მთავარი მიზეზი, რომელიც შეუძლებელს ხდის კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების შერიგებას.
კანტის წინააღმდეგ აინშტაინი ამტკიცებს, რომ სივრცე, დრო, მიზეზობრიობა და სხვა ცნებები, რომელთაც კანტი აპრიორულად თვლიდა, სინამდვილეში ემპირიული წარმოშობისაა, ცდიდან არის მიღებული და შემდეგ არის ატანილი ,,აპრიორობის მიუწვდომელ სიმაღლეზე”. ეს გარემოება ქმნის მათი აპრიორობის ილუზიას. მხედველობაში ჰყავს რა კანტი, აინშტაინი წერს: ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ფილოსოფოსებმა დამღუპველი გავლენა მოახდინეს მეცნიერული აზროვნების განვითარებაზე, გადაიტანეს რა ზოგიერთი ფუნდამენტური ცნება ცდის სფეროდან, სადაც ისინი ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, აპრიორობის მიუწვდომელ სიმაღლეზე; ვინაიდან თუნდაც აღმოჩნდეს, რომ იდეათა ეს სამყარო არ შეიძლება ცდიდან იქნას გამოყვანილი ლოგიკური გზით და იგი გარკვეული აზრით არის ადამიანის გონების პირმშო, რომლის გარეშე არავითარი მეცნიერება არ არის შესაძლებელი, იდეათა ეს სამყარო მაინც ისევე ნაკლებ იქნებოდა დამოკიდებული ჩვენი შეგრძნებების ბუნებისაგან, როგორც ტანსაცმელი ადამიანის სხეულის ფორმისაგან. ეს განსაკუთრებით სწორია სივრცისა და დროის ცნებების მიმართ. ფაქტების გავლენით ფიზიკოსები იძულებულნი გახდნენ დაემხოთ ისინი აპრიორობის ოლიმპიდან, რათა წესრიგში მოეყვანათ ისინი და გამოყენებისათვის გამოსადეგი გაეხადათ”.
რელატიურობის თეორიამ დაამტკიცა ნიუტონისა და კანტის მოძღვრებათა უსაფუძვლობა სივრცის, დროის და მოძრაობის აბსოლუტურობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ დაშორებულ ხდომილობათა აბსოლუტური ერთდროულობა, რასაც სივრცისა და დროის ძველი თეორია უშვებდა, არ არსებობს. ამავე დროს სივრცე და დრო რელატიურობის თეორიამ განუყრელად დაუკავშირა ერთმანეთს. სივრცე და დრო ცალ-ცალკე არ არსებობს, არამედ არსებობს სივრცე-დრო, ანუ სივრცესა და დროში გაშლილი სამყარო (ოთხგანზომილებიანი სამყარო). ეს თვალსაზრისი პრინციპულად ეწინააღმდეგება ნიუტონისა და კანტის თვალსაზრისს სივრცისა და დროის შესახებ.
3. კლასიკური აზროვნების ფორმების ადგილი კანტისა და აინშტაინის მოძღვრებებში. კანტის შეხედულება სივრცისა და დროის აპრიორობაზე საფუძვლად დაედო მის შეხედულებას მათემატიკისა და ბუნებისმეცნიერების (ფიზიკის) შესახებ. სივრცის ცნებას მათემატიკა, კერძოდ, გეომეტრია მოიხმარს და ემყარება, დროის ცნებას კი ასევე ფუძემდებელი მნიშვნელობა აქვს ბუნებისმეცნიერებისათვის, განსაკუთრებით ფიზიკისათვის. ამიტომ თუკი სივრცე და დრო აპრიორულ ინტუიციებს წარმოადგენენ, მაშინ აპრიორული უნდა იყვნენ აგრეთვე მათზე აგებული მეცნიერებანიც – მათემატიკა და ბუნებისმეცნიერება (ფიზიკა). მართლაც, კანტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ წმინდა მათემატიკასა და წმინდა ბუნებისმეცნიერებას აპრიორული ხასიათი აქვს.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კანტი აპრიორული ცოდნის ,,საიმედო ნიშნებად” აუცილებლობასა და მკაცრ საყოველთაობას თვლიდა. ამ ორ ნიშანს იგი უყურებს, როგორც აპრიორული და ეპირიული ცოდნის ერთმანეთისაგან განმასხვავებელ კრიტერიუმს. ამის მიხედვით იგი იკვლევს საკითხს: მათემატიკა და ბუნებისმეცნიერება აპრიორული მეცნიერებანია თუ არა? კვლევის შედეგად კი იმ დასკვნამდე მიდის, რომ წმინდა მათემატიკა და წმინდა ბუნებისმეცნიერება აპრიორულია.
კანტის მათემატიკისა და ბუნებისმეცნიერების ზემოაღნიშნული გაგებიდან ჩვენთვის მეტად საინტერესო დასკვნები გამოაქვს კლასიკური აზროვნების ფორმებისა და მნიშვნელობის შესახებ. როდესაც იგი მათემატიკაზე ლაპარაკობს მხედველობაში აქვს ძირითადად გეომეტრია, რომელიც სივრცეს ემყარება და რომელსაც კანტის დროისათვის მათემატიკის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონდა. ბუნებისმეცნიერების ქვეშ კანტი ფიზიკას გულისხმობს (ლაპარაკობს რა ბუნებისმეცნიერებაზე, ფრჩხილებში სვამს სიტყვას ,,ფიზიკა”). ამრიგად, კანტი გეომეტრიისა და ფიზიკის აპრიორობას ამტკიცებდა. ამავე დროს კანტის ეპოქაში გეომეტრია ევკლიდური გეომეტრიის სახით არსებობდა, ხოლო ფიზიკა – ნიუტონის აზროვნების ნიმუშებს წარმოადგენენ, ხოლო ამ მეცნიერებათა კანონები – კლასიკური აზროვნების ფორმებს, რომელთა შესახებ კანტი მეტად საინტერესო დასკვნებს აკეთებს.
ევკლიდური გეომეტრია და კლასიკური ფიზიკა, ამტკიცებს კანტი, არის ერთადერთი შესაძლებელი გეომეტრია და ფიზიკა, რომელთაც, როგორც აპრიორულ ფორმებზე აგებულ მეცნიერებებს, აუცილებელი და საყოველთაო ხასიათი აქვთ და, მაშასადამე, აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭებათ. კანტი არა მარტო არ ეჭვობდა ევკლიდური გეომეტრიისა და ნიუტონის ფიზიკის – კლასიკური აზროვნების ამ ფორმების – აბსოლუტურობაში, არამედ თვლიდა, რომ პრინციპულად შეუძლებელია სხვაგვარი გეომეტრიის არსებობა, გარდა ევკლიდურისა, და სხვა ფიზიკური პრინციპების არსებობა, გარდა კლასიკური ფიზიკის პრინციპებისა. იგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ მომავალში შეუძლებელია სხვაგვარი კანონების აღმოჩენა, ვინაიდან ეს კანონები ცდიდან კი არ არიან გამოყვანილი, არამედ თვითონ წარმოადგენენ ყოველგვარი ცდის ტრანსცენდენტალურ პირობას. შეუძლებელია მომავალში ისეთი ფაქტების აღმოჩენა, რომლებიც ევკლიდურ გეომეტრიასა და კლასიკურ ფიზიკას დაუპირისპირდება, ვინაიდან რამდენი ახალი მასალაც არ უნდა მიიღოს აზროვნებამ, მისი ფორმა ყოველთვის წინასწარ, აპრიორულად არის მოცემული; იგი უცვლელი და სტატიკურია. ევოლუცია და ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ შეგრძნებების სფეროში (ემპირიული მასალის დაგროვების მხრივ) ხდება; ტრანსცენდენტალური სფეროდან კი ყოველგვარი ცვალებადობა გამორიცხულია. ამიტომ, კანტის აზრით, ერთადერთი შესაძლებელი გეომეტრია არის ევკლიდური გეომეტრია, ხოლო ერთადერთი შესაძლებელი ფიზიკა – ნიუტონის ფიზიკა, ამავე უფლებით მათ აბსოლუტური და პრივილეგიური მნიშვნელობა ენიჭებათ. მათი პრინციპები ყოველგვარი ადამიანური აზროვნების საყოველთაო და აუცილებელ პრინციპებს წარმოადგენენ.
ამრიგად, კანტი დოგმატურად იდგა კლასიკური აზროვნების პოზიციებზე და არც შეიძლებოდა არ მდგარიყო, ვინაიდან მის ეპოქაში სხვა პრინციპები არც იყო ცნობილი; ახალი პრინციპების აღმოჩენის შესაძლებლობა კი კანტმა აპრიორიზმის საფუძველზე უარყო.
კანტის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, 1826 წელს ნ. ლობაჩევსკიმ ყაზანის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წარუდგინა წერილობითი მოხსენება, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო არაევკლიდური გეომეტრიის პრინციპები. უფრო გვიან შეიქმნა არაევკლიდური გეომეტრიის სისტემები. ამჟამად უკვე უდავოა, რომ არაევკლიდური გეომეტრია ისევე გამართულ გეომეტრიულ სისტემას წარმოადგენს, როგორც ევკლიდური გეომეტრია.
ამრიგად, აღმოჩნდა ის, რასაც კანტი აპრიორიზმზე დაფუძნებით დაბეჯითებით უარყოფდა; კერძოდ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ევკლიდური გეომეტრიისაგან განსხვავებული გეომეტრიული სისტემის არსებობა. კლასიკური გეომეტრიული აზროვნების ფორმა არ არის საყოველთაო და აუცილებლობის მნიშვნელობის მქონე; იგი არ არის აზროვნების აბსოლუტური, უცვლელი ფორმა.
მეორე მხრივ, აინშტაინის რელატიურობის თეორიამ დაარღვია კანტის ვარაუდი, რომ თითქოს ნიუტონის მექანიკის პრინციპები ერთადერთ შესაძლებელ პრინციპებს წარმოადგენენ და სხვა კანონების აღმოჩენა აბსოლუტურად გამორიცხულია.
სხვადასხვა გეომეტრიული სისტემების აღმოჩენის ფაქტიც კი იმაზე მეტყველებს, რომ მცდარი გამოდგა კანტის ვარაუდი ევკლიდური გეომეტრიის ერთადერთობის, მისი აბსოლუტური მნიშვნელობის შესახებ. მაგრამ კანტის ეს დასკვნა დაფუძნებული იყო გეომეტრიული დებულებების აპრიორული ხასიათის დაშვებაზე. აქედან გამომდინარეობს, რომ არაევკლიდური გეომეტრიის წარმოშობამ უარყო აგრეთვე კანტის თვალსაზრისი გეომეტრიული პრინციპების აპრიორულობის შესახებ. გეომეტრიის, როგორც ემპირიული მეცნიერების, გაგება დაიწყო ჰოლცის, რიმანისა და პაშის გამოკვლევებიდან.
გეომეტრიის გაგებას ემპირიულ მეცნიერებად არსებითი მნიშვნელობა აქვს რელატიურობის თეორიისათვის. აინშტაინი ერთმანეთისაგან განასხვავებს გეომეტრიის ორგვარ მნიშვნელობას: გეომეტრია, როგორც წმინდა მათემატიკის ნაწილი, ანუ ,,წმინდა აქსიომატური გეომეტრია და პრაქტიკული გეომეტრია. წმინდა გეომეტრიას, აინშტაინის მიხედვით, სინამდვილესთან საქმე არა აქვს. კიდევ მეტი, რამდენადაც იგი სინამდვილეს ეხება, იმდენად მისი დებულებანი სწორი არ არის, ხოლო რამდენადაც სწორია, იმდენად იგი სინამდვილეს არ ეხება. მაგრამ ფიზიკური სამყაროს აღწერისათვის, აინშტაინის აზრით, მთავარი მნიშვნელობა აქვს ,,პრაქტიკულ გეომეტრიას”, როგორც მეცნიერებას ფიზიკური სამყაროს გეომეტრიული თვისების შესახებ; ამდენად იგი ემპირიული მეცნიერებაა და მისი შედეგები გრძნობადი დაკვირვების საფუძველზე მოწმდება. თუ გეომეტრია არ არის ემპირიული მეცნიერება, ე. ი. არ არის დაკავშირებული მატერიალურ სინამდვილესთან, მაშინ შეუძლებელი გახდება მისი გამოყენება ფიზიკაში, არ ექნება არავითარი მნიშვნელობა ფიზიკისათვის. ,,ჩვენი მიზნებისთვის – წერს აინშტაინი – აუცილებელია გეომეტრიის ძირითადი ცნებები დავუკავშიროთ ბუნების ობიექტებს. ასეთი კავშირის გარეშე გეომეტრიას არ აქვს არავითარი ღირებულება ფიზიკისათვის”.[18]
მაგრამ ემპირიული ხასიათი აქვს არა ცალკე აღებულ გეომეტრიას, არამედ გეომეტრიას ფიზიკასთან კავშირში; ფიზიკა პლუს გეომეტრია არის ემპირიული მეცნიერება. ამგვარად გაგებული მეცნიერება ფიზიკის ტოტია, მისი ერთ-ერთი თავია. აინშტაინი წერს: ,,გეომეტრია, ცხადია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებად იქცევა; ჩვენ შეგვიძლია იგი (გეომეტრია – ს.ა.) ფაქტობრივად განვიხილოთ, როგორც ფიზიკის ყველაზე ჩვილი ტოტი. მისი მტკიცებანი არსებითად დაფუძნებულია ცდისეულ დასკვნებზე და არა მხოლოდ ლოგიკურ დასკვნებზე”.[19] აინშტაინი იქვე შენიშნავს, რომ გეომეტრიის ამ ემპირისტული გაგების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა რელატიურობის თეორიის შექმნა. ,,მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ გეომეტრიის ამ გაგებას – წერს იგი – რამდენადაც მის გარეშე მე ვერ მოვახერხებდი რელატიურობის თეორიის შექმნას”. [20]
ემპირიული ხასიათი აქვს არა მხოლოდ არაევკლიდურ გეომეტრიას, არამედ გეომეტრიას საერთოდ. აინშტაინი ,,ფატალურ შეცდომად” თვლის გეომეტრიის გამოცხადებას აპრიორულ მეცნიერებად და იმის მტკიცებას კანტის მიერ, რომ თითქოს ადამიანის აზროვნება მოითხოვდეს ევკლიდურ გეომეტრიას. ,,ის ფატალური შედცომა – წერს აინშტაინი – რომ ევკლიდურ გეომეტრიასა და მასთან დაკავშირებული სივრცის ცნებების საფუძველში აზროვნების მოთხოვნილება იმყოფება, განპირობებულია იმით, რომ დავიწყებას მიეცა ის ემპირიული საფუძველი, რომელსაც ემყარება ევკლიდური გეომეტრიის აქსიომატური აგებულება”.[21] აქსიომები, რომელზეც აგებულია ევკლიდური გეომეტრია ემპირიული წარმოშობისაა; ამიტომ თვითონ ევკლიდური გეომეტრიაც ემპირიულ მეცნიერებას წარმოადგენს. ,,ევკლიდური გეომეტრია – დაასკვნის აინშტაინი – ფიზიკურ მეცნიერებად უნდა ჩაითვალოს, რომლის სარგებლობა უნდა ნაჩვენები იქნას გრძნობად აღქმაზე მისი გამოყენებით”.[22] პრინციპულად შესაძლებელია ყველა გეომეტრიული მტკიცების შემოწმება. ,,ევკლიდური გეომეტრიის ყველა ლოგიკურად დამტკიცებული დებულება შეიძლება ნამდვილი ექსპერიმენტებითაც ზუსტად დადასტურდეს”.[23] სხვა ნაშრომში აინშტაინი წერს, რომ ,,გეომეტრიულ ცნებებს ბუნების საგნები მეტად ან ნაკლებად ზუსტად შეესაბამებიან. ამასთანავე ეს უკანასკნელნი უეჭველად წარმოადგენენ ზემოხსენებული ცნებების წარმოშობის ერთადერთ მიზეზს”.
ამრიგად, არაევკლიდური გეომეტრიისა და რელატიურობის თეორიის შექმნამ უარყო კანტის დებულება გეომეტრიული დებულებების აპრიორული ხასიათის შესახებ და დაამტკიცა, რომ გეომეტრია არის ემპირიული მეცნიერება. ვინაიდან გეომეტრია ემპირიული მეცნიერებაა და მისი კანონები წინასწარ არ არიან გონებაში მოცემული, ამიტომ სრულიად დასაშვებია ახალი გეომეტრიული სისტემების აღმოჩენის შესაძლებლობა ცდისა და საერთოდ ემპირიული კვლევა-ძიების საფუძველზე. არაევკლიდური გეომეტრიის აღმოჩენა სწორედ ასეთი შესაძლებლობის განხორციელება იყო.
მეცნიერების განვითარება კანტის დოგმატიზმის წინააღმდეგ წავიდა; აღმოჩნდა, რომ ევკლიდური გეომეტრია არ არის ერთადერთი შესაძლებელი გეომეტრია, რომელსაც თითქოს ჩვენი აზროვნება მოითხოვს; გეომეტრია არ არის აპრიორული მეცნიერება. ,,იგი – წერს აინშტაინი კანტის შესახებ – ცთუნებულ იქნა იმ მცდარი შეხედულებებით (კანტის დროს ამ შეხედულების თავიდან აცილება ძნელი იყო), თითქო ევკლიდური გეომეტრია აზროვნებისათვის აუცილებელია და იძლევა საიმედო (ე. ი. გრძნობადი ცდისაგან დამოკიდებულ) ცოდნას ,,გარეგანი” გრძნობადი სამყაროს ობიექტების შესახებ”. ევკლიდური გეომეტრია არის ერთერთი შესაძლებელი გეომეტრიული სისტემა და არა ერთადერთი. თუ კანტი კლასიკური აზროვნების ფორმებს – ევკლიდურ გეომეტრიასა და ნიუტონის ფიზიკას – აბსოლიტურ მნიშვნელობას ანიჭებდა, აინშტაინის რელატიურობის თეორიაში კი მათ მხოლოდ და მხოლოდ რელატიური მნიშვნელობა აქვთ.
4. აინშტაინის რელატიურობის თეორიის დამოკიდებულება კანტის აპრიორიზმთან. კანტი ერთმანეთისაგან განასხვავებდა ორგვარ ცოდნას; ემპირიულსა და აპრიორულს. იგი ემპირიულს უწოდებდა ცდის საფუძველზე შედგენილ ცოდნას, ხოლო აპრიორულს – ისეთ ცოდნას, რომელიც ,,ცდისაგან და ყოველგვარი ცრძნობადი შთაბეჭდილებებისაგან დამოუკიდებელია”.[24] აპრიორული ცოდნა არის ,,ყოველგვარი ცდისგან უპირობოდ დამოუკიდებელი და არა ამა თუ იმ ცდისაგან დამოუკიდებელი”. წმინდა აპრიორულ ცოდნაში ,,არავითარი ემპირიული არ ურევია”.
მთელი ჩვენი ცოდნა ცდიდან იწყება, მაგრამ ცდიდან არ წარმოიშობა. თვითონ აპოსტერიორული ცოდნა მოითხოვს, როგორც თავის საფუძველს, აპრიორული პრინციპების არსებობას. აპოსტერიორული, ე. ი. ცდისეული ცოდნა საიდან მიიღებდა თავის უტყუარობას, თუ ყველა წესი, რომელთაც იგი მისდევს, ისევე ცდიდან არის წარმომდგარი? ცდაში აუცილებლობა არ გვეძლევა; ამიტომ თვითონ ის გარემოებაც, რომ ჩვენს ცოდნას აუცილებლობისა და საყოველთაობის ნიშნები აქვს, მიუთითებს მისი აპრიორული პრინციპების არსებობაზე, ვინაიდან აუცილებლობა და მკაცრი საყოველთაობა აპრიორული ცოდნის საიმედო ნიშნებს წარმოადგენენ.
ყველა აპოსტერიორული (ემპირიული) მსჯელობა სინთეზურია; ამავე დროს ჭეშმარიტების შემეცნება აპრიორული შემეცნებაა, რომელიც აუცილებლობითა და საყოველთაობით ხასიათდება; ამიტომ შემეცნების თეორიის უდიდესი პრობლემა, კანტის მიხედვით, ასე შეიძლება გამოითქვას: როგორ არის შესაძლებელი სინთეზურ-აპრიორული მსჯელობა?
სინთეზურია, კანტის მიხედვით, წმინდა მათემატიკისა და ბუნებისმეცნიერების (ფიზიკის) დებულებები. ,,გეომეტრია არის მეცნიერება, რომელიც სივრცის თვისებებს სინთეზურად და ამასთანავე a priori განსაზღვრავს”.[25] მეორე მხრივ ,,ბუნებისმეცნიერება (Physica) თავის თავში შეიცავს აპრიორულ-სინთეზურ მსჯელობებს, როგორც პრინციპებს”.[26]
აპრიორიზმის მარცხი სპეციალურ, კერძოდ, სივრცისა და დროის საკითხებში აინშტაინმა განაზოგადა და მივიდა აპრიორიზმის უარყოფამდე ადამიანის ცოდნის ყველა დარგში. იგი უარყოფს და შეცდომად თვლის კანტის მიერ ემპირიული და აპრიორული ცოდნის ერთმანეთისაგან განსხვავებას. ,,ჰიუმმა – წერს აინშტაინი – რომ ზოგიერთი ცნება, მაგალითად, მიზეზობრიობის ცნება, არ შეიძლება ლოგიკურად იქნას გამოყვანილი ცდისეული მონაცემებიდან; კანტი, დარწმუნებულია იმაში, რომ ზოგიერთი ცნების გარეშე იოლად წასვლა არ შეიძლება, ამ ცნებებს მათ მიღებულ ფორმაში თვლიდა ყოველგვარი აზროვნების აუცილებელ წინაპირობებად და მათ განასხვავებდა ემპირიული წარმოშობის ცნებებისგან. მე კი დარწმუნებული ვარ რომ ეს განსხვავება მცდარია და არ მოიცავს ამოცანას ბუნებრივად”.[27]
არსებითად, ამტკიცებს აინშტაინი, ის ცნებები, რომელთაც კანტი აპრიორულს უწოდებდა ცდიდან არის წარმოშობილი და შემდეგ არის აყვანილი ,,აპრიორობის ოლიმპზე”. დავიწყებულია მათი ემპირიული წარმოშობა. სხვა ადგილზე აინშტაინი წერს: ,,ცნებები მიეკუთვნებიან გრძნობად ცდას, მაგრამ ისინი ცდიდან არ გამომდინარეობენ ლოგიკური გზით. ამიტომ მე არასოდეს არ შემიძლია გავიგო საკითხი ცნებათა აპრიორული წარმოშობის შესახებ კანტის შეხედულების მიხედვით”.[28]
აინშტაინი პრინციპულად უარყოფს მათემატიკისა და ფიზიკის აპრიორულ მეცნიერებებად გაგებას. კანტის წინააღმდეგ იგი ამტკიცებს, რომ ,,ფიზიკური რეალობის ელემენტები შეუძლებელია განსაზღვრულ იქნან აპრიორული ფილოსოფიური მსჯელობების საშუალებით. ისინი ნაპოვნი უნდა იქნან ექსპერიმენტებისა და გაზომვის საფუძველზე”. [29]
აპრიორიზმთან ერთად აინშტაინი უარყოფს აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების შესაძლებლობასაც. კანტის დასკვნა აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების შესაძლებლობის შესახებ, აინშტაინის მიხევით, ემყარება იმ რწმენას, რომ თითქოს ევკლიდური გეომეტრია აზროვნების თვალსაზრისით აუცილებელია და იგი ერთადერთ შესაძლებელ გეომეტრიას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისის მარცხი ნიშნავდა კანტის იმ შეხეუდლებების მარცხსაც, რომელიც აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების შესაძლებლობას ამტკიცებს. ,,იგი (კანტი – ს. ა.) – წერს აინშტაინი – ცთუნებულ იქნა იმ მცდარი შეხედულებით… რომ თითქოს ევკლიდური გეომეტრია აზროვნებისათვის აუცილებელია და იძლევა საიმედო (ე. ი. გრძნობადი ცდისაგან დამოუკიდებელ ცოდნას) ,,გარეგანი” გრძნობადი სამყაროს ობიექტების შესახებ. ამ მცდარი დასკვნიდან, რომელიც ადვილად გასაგებია, მან გააკეთა დასკვნა აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების არსებობის შესახებ, რომელთაც ერთადერთს აქვს საღი აზრი და რომელთაც შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ უპირობო სავალდებულობისა”.
რაიხენბახიც აკრიტიკებდა კანტის მოძღვრებას აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების შესაძლებლობის შესახებ. აინშტაინი სრულიად თანაუგრძნობს რაიხენბახის ამ თვალსაზრისს, მაგრამ ამასთანავე რაიხენბახს შენიშნავს, რომ მისი კრიტიკა ეკუთვნის არა იმდენად კანტს, რომლის დროს ასეთი შეცდომა კიდევ გამართლებული იყო, რამდენადაც ნეოკანტიანელებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენების მიუხედავად, კვლავ ჯიუტად დგანან აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების შესაძლდებლობის თვალსაზრისზე. ,,თქვენი საყვედურები – წერს აინშტაინი – რაიხენბახის მისამართის ეხება არა იმდენად თვითონ კანტს, რამდენადაც იმათ, ვინც დღესაც კი იზიარებს ,,აპრიორულ-სინთეზური მჯელობების” შეცდომას”.
ამრიგად, აინშტაინის რელატიურობის თეორიამ უარყო კანტის სივრცისა და დროის თეორიის ყველა ძირითადი დებულება. კანტის ფილოსოფია საერთოდ და, კერძოდ, მისი სივრცისა და დროის თეორია კლასიკურ აზროვნებას ეკუთვნის, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება უპირისპირდება და უარყოფს. ამიტომ მტკიცება კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიის თავსებადობის შესახებ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.
[1] H. Scholz, Das Vermachtnis der Kantsche Lehre vom Raume und von der Zeit, “Kant-Studien”, Bd. XXIX, H. ½ 1924, გვ.62.
[2] იქვე, გვ. 65.
[3] იქვე.
[4] A. Muller, ციტ. ნაშრომი.
[5] Аю Эйнштейн, Собранние научных трудов, т. IV, გვ. 347
[6] И Кант, Сочинения, т. III გვ. 130.
[7] И Кант, Сочинения, т. III გვ. 131.
[8] И Кант, Сочинения, т. III გვ. 136.
[9] И Кант, Сочинения, т. III გვ. 107.
[10] И Кант, Сочинения, т. III გვ. 133.
[11] И Кант, Сочинения, т. VI გვ. 70.
[12] აინშტაინი ამ სტატიაში მხოლოდ სივრცეზე ლაპარაკობს, ვინაიდან მ. ჯემერის წიგნის განხილვის საგანი მხოლოდ და მხოლოდ სივრცე იყო. მიუხედავად ამისა, ის, რასაც აინშტაინი სივრცის ამ ორი კონცეფციის დაპირისპირებაზე ლაპარაკობს, ზუსტად შეიძლება განმეორებულ იქნას დროის შესახებაც.
[13] A. Эйнштейн, Собранние научных трудов, т. IV, გვ. 347.
[14] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, გვ. 346.
[15] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, გვ. 347.
[16] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, გვ. 347.
[17] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, т. III, M., 1966, გვ. 605.
[18] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. I, გვ. 10.
[19] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. I, გვ. 85.
[20] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. I, გვ. 85.
[21] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. IV, გვ. 206..
[22] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. IV, გვ. 206.
[23] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. VI, გვ. 500.
[24] И Кант, Сочинения, т. III გვ. 105.
[25] И Кант, Сочинения, т. III გვ. 132.
[26] И Кант, Сочинения, т. III გვ. 116.
[27] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. IV, გვ. 263.
[28] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. II, გვ. 276
[29] А. Эйнштейн, Собранние научных трудов, ტ. III, გვ. 605.