კორექტორი: სოფიკო ქურდაძე
მსოფლიოს ფიზიკოსები II, მეცნიერება, თბილისი, 1973
ნაშრომი გააციფრულა ნატა გოგიტიძემ
გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან
1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე სასწავლებელი ბართლომემ წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებით ეხერხებოდა მას მათემატიკა. ძველთა გადმოცემით, ბართლომეს დედა, ნაზლუ ხუციშვილისა, თურმე კენჭებზე ძალიან მარჯვედ ანგარიშობდა არითმეტიკის ოთხივე მოქმედებას, ამიტომ მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე მეზობლები ვაჭრებთან ანგარიშსწორებისას.
1893 წლიდან ბართლომე ხუციშვილმა მოახერხა მშობლიურ კუთხეს – საინგილოს – დაჰბრუნებოდა მასწავლებლად. აქ იგი თავდავიწყებით შეუდგა ინგილო ხალხის განათლებასა და ახალი კულტურული ჩვევების გამომუშავებას. ამის გამო ბართლომემ მალე დაიმკვიდრა „ინგილო ხალხის ბიძის“ სახელი. ასევე დიდ პატივს სცემდნენ მას არაქართველებიც.
ბართლომე ხუციშვილი ზნეობიანი ადამიანი ყოფილა. ერთი მისი ნათესავი ინგილო ქალი ცოლად გაჰყოლია აზერბაიჯანელ ნავთის მრეწველს, რომელსაც, ამ ქალის გარდა, სამი ცოლი ჰყოლია. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალი კახში ჩასულა მდიდრულად გამოწყობილი და ბართლომეს ოჯახს სწვევია. ბართლომეს პირი არ უჩვენებია მისთვის, მხოლოდ ერთი წინადადება მიუგდია:
„მე მირჩევნოდა შენ მენახე ხიდის ყურზე სამათხოვროდ ხელგაწვდილი, ვიდრე ახლა გხედავ ასე ძვირფასი სამკაულებით მორთულსო“.[1]
ბართლომე ხუციშვილმა შეადგინა არითმეტიკის სახელმძღვანელო, რომელიც კარგა ხანს იხმარებოდა ამიერკავკასიის სკოლებში. ბართლომეს ჰყავდა ცხრა შვილი, ყოველ მათგანს უმაღლესი განათლება მიაღებინა, რაც იმ დროს, ისიც საინგილოში მცხოვრები ოჯახისათვის, სასწაულებრივი მოვლენა იყო.
ბ. ხუციშვილს განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა თბილისსა და გორთან. იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ხშირად აქვეყნებდა წერილებს „ივერიაში“, „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში ფსევდონიმებით: „მოსული“ და „ქურმუხელა“. მან კახში ჩამოაყალიბა პირველი დრამატული წრე, გამართული წარმოდგენების შემოსავალს კი უგზავნიდა საქართველოსა და რუსეთში სასწავლებლად გაგზავნილ ინგილო ახალგაზრდებს.
ბ. ხუციშვილისა და მის თანამოღვაწეთა მეოხებით შეიქმნა საინგილოში მომდევნო თაობის ინტელიგენცია, რომელთა შორის აღვნიშნავთ: გამხარაშვილებს, ჯანაშვილებს, ყულოშვილებს, პაპიაშვილებს, ივანიცკებსა და ბართლომეს ცხრა შვილს.[2]
აი, ასეთი დიდი ქართველის ოჯახში, 1887 წლის 17 იანვარს, სოფ. კახში დაიბადა პირველი შვილი რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი. პირველდაწყებითი განათლება მან კახშივე მიიღო, შემდეგ მშობლებმა თბილისში ჩაიყვანეს და ჩაირიცხა ვაჟთა მეორე გიმნაზიის მესამე კლასში. ორი წლის შემდეგ კი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, სწავლის გასაგრძელებლად იგი სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა სტავროპოლში. 1908 წელს რ. ხუციშვილი უკვე მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. მაგრამ ამ დროს მოხდა ერთი უსიამოვნო ამბავი: რაჟდენის ამხანაგებმა ერთ მასწავლებელს სცემეს და შემთხვევის ადგილზე რატომღაც დატოვეს კალოში, რომელშიც ასო „X“ იყო ჩაკრული. პედაგოგიურმა საბჭომ კალოშიც და საქციელიც ხუციშვილს მიაწერა და გიმნაზიიდან გარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ რ. ხუციშვილმა ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდა და არც მონაწილეობა არ მიუღია ამ უმსგავსო საქმიანობაში, მან ამხანაგები არ გასცა, გიმნაზიიდან საბუთები გაიტანა და იმავე წელს, წლის დაუკარგავად, ექსტერნის წესით წარჩინებით დაამთავრა ნოვოროსიისკის გიმნაზია.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რ. ხუციშვილი შევიდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ მალე იგრძნო, რომ ეს ფაკულტეტი მის მისწრაფებას არ უპასუხებდა და წლის დაუკარგავად გადავიდა იმავე უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1912 წელს, როდესაც ხუციშვილი მე-4 კურსზე ირიცხებოდა, მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა იატაკქვეშა ორგანიზაციაში, როგორც სოციალისტური პარტიის წევრმა, რის გამოც გაირიცხა ოდესის უნივერსიტეტიდან. მაგრამ ხუციშვილი არ დაბნეულა, მისთვის ჩვეული შეუპოვრობით ისევ წლის დაუკარგავად იმავე წელს ექსტერნის წესით ჩააბარა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი ფიზიკოსის სპეციალობით.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რ. ხუციშვილი სამუშაოდ გაიგზავნა ყარსის რეალურ სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. 1914 წელს იგი სამუშაოდ გადაიყვანეს კისლოვოდსკის ქალთა გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე; იქ მან ერთი წელი დაყო.
1915 წელს რ. ხუციშვილმა სანატრელ სამშობლოს მიაშურა. ამ წელს იგი დანიშნეს თბილისის ქართული გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად. 1918 წელს მიიწვიეს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მაგნიტური განყოფილების გამგედ.
1919 წელს რაჟდენ ხუციშვილი ჩარიცხეს თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტად თეორიულ ფიზიკაში იმ ვარაუდით, რომ იგი საპროფესორო მომზადებას საქართველოს საზღვრებს გარეთ გაივლიდა.
ამგვარად, რ. ხუციშვილი იყო თბილისის უნივერსიტეტის პირველი ასპირანტი ფიზიკაში. თანადროულად მუშაობდა კარსნის მაგნიტურ ობსერვატორიაში. აღვნიშნავთ ერთ შემთხვევას მისი იქ მოღვაწეობის დროიდან. ერთხელ რომელიღაც ხელსაწყოს შესაკეთებლად რ. ხუციშვილი სარდაფში მოთავსებულ მაგნიტურ პავილიონში ჩავიდა ჯერ კიდევ დღე; როდესაც უკან ამოვიდა, კვლავ დღე იყო, მაგრამ უკვე მეორე დღისა. ამ ამბით თვითონაც კი გაკვირვებული დარჩენილა, ასე როგორ გავერთე მუშაობაში, რომ ვერც დაღამება გავიგე და ვერც გათენებაო. ეს მაგალითი შესანიშნავად მეტყველებს რ. ხუციშვილის დაუშრეტელ ენერგიასა და შრომის ძლიერ სიყვარულზე.
1920 წლის შემოდგომაზე თბილისის უნივერსიტეტმა ასპირანტთა დიდი ჯგუფი მიავლინა გერმანიაში საპროფესორო წვრთნის გასავლელად. ესენი იყვნენ: რ. ხუციშვილი, ა. ჯანელიძე, ს. ყაუხჩიშვილი, ნ. ქოიავა და სხვები.
ბერლინში რ. ხუციშვილმა სამი წელი დაყო და მსოფლიოს გოლიათი მეცნიერების ხელმძღვანელობით შესანიშნავი სკოლა გაიარა. რ. ხუციშვილმა ექვსი სემესტრის განმავლობაში მოუსმინა და საგნები ჩააბარა იმ მეცნიერებს, რომლებმაც ფიზიკაში ეპოქა შექმნეს. ეს მეცნიერები იყვნენ: ალბერტ აინშტაინი, მაქს პლაკი, მაქს ლაუე, ვალტერ ნერნსტი, ემილ ვარბურგი, ალფრედ პრინგსჰაიმი, ჰერგარდტ შმიდტი და სხვანი.
თავის მოწაფეებთან პირად საუბარში რ. ხუციშვილი ჩამოთვლილ მეცნიერთაგან პედაგოგიური თვალსაზრისით ყველაზე მეტად მაქს პლანკს აფასებდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად — ალბერტ აინშტაინს. ეს მხოლოდ პედაგოგიური თვალსაზრისით. მისი გადმოცემით, აინშტაინის ლექციებს სტუდენტი მხოლოდ ერთხელ ესწრებოდა, ისიც ცნობისმოყვარეობისათვის, რადგან აინშტაინის ლექციები არავის ესმოდა, ხოლო პლანკისა ყველასათვის გასაგები იყო.
„რელატივობის თეორიას – ამბობდა რ. ხუციშვილი – 1922 წელს თვით მისი შემქმნელი აინშტაინი კითხულობდა და მეც იძულებული ვიყავი მის ლექციებზე ჩავწერილიყავი და ფულიც გადამეხადა, მაგრამ მხოლოდ ორ ლექციას დავესწარი და რომ ვერაფერი გავუგე, საგანი მისივე წიგნებიდან დავამზადე და ისე ჩავაბარე“.
1923 წლის ივნისში რ. ხუციშვილი თბილისში დაბრუნდა და დაინიშნა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილედ და ფიზიკის ლექტორად თბილისის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ კი უკვე ობსერვატორიის დირექტორი იყო.
1925 წლიდან 1927 წლამდე რ. ხუციშვილი უკრაინაში – მელიტოპოლში მუშაობდა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1927 წელს დაინიშნა ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგედ. ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ ობსერვატორიასთან დაარსდა „დედამიწის მაგნიტიზმისა და ატმოსფერული ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, რომლის პირველ დირექტორად რ. ხუციშვილი დანიშნეს. აქედან იგი ხელმძღვანელობდა არქტიკის ყველა მაგნიტურ ობსერვატორიას: ჩაატარა მთელი მოსამზადებელი მუშაობა მეორე საერთაშორისო პოლარული წლისათვის, მოამზადა კადრები, გამართა იარაღები და მთელი მოწყობილობა მაგნიტური ობსერვატორიისათვის ფრანც-იოსების მიწაზე (ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე) და უელენში (საბჭოთა კავშირის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი წერტილი, დეჟნევის კონცხზე). ამასთან დაკავშირებით ყინულმჭრელი მალაგინით შესასწავლად გაეშურა ფრანც-იოსების მიწაზე, რუდოლფის კუნძულსა და ნოვაია ზემლიაზე (ბარენცისა და კარის ზღვებს შორის – სსრ კავშირი).
ფრანც-იოსების მიწაზე რ. ხუციშვილმა შეარჩია ადგილი ახალი მაგნიტური ობსერვატორიის ასაშენებლად და მოახდინა ადგილის მაგნიტური აგეგმვა. ნოვაია ზემლიაზე რ. ხუციშვილი გაეცნო იქ არსებული ობსერვატორიის მდგომარეობას და მიიღო სათანადო ზომები მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ერთობ მდიდარია პროფ. რ. ხუციშვილის რუსეთში მოღვაწეობის პერიოდი, მაგრამ მისმა ნაადრევმა და მოულოდნელმა სიკვდილმა საშუალება არ მოგვცა სათანადო მასალებს უფრო ღრმად გავცნობოდით.
1931 წლის დამლევს რ. ხუციშვილი თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს. მისი თაოსნობით უკვე ერთი წლის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან გაიხსნა თეორიული ფიზიკის კათედრა, რომლის გამგე თავად გახლდათ.
რ. ხუციშვილი შესანიშნავად უთავსებდა თეორიული ფიზიკის ღრმა ცოდნასა და დიდად განსწავლულობას – ექსპერიმენტული ფიზიკის სიყვარულსა და დიდ ორგანიზაციულ ნიჭს. მან ახალ ყაიდაზე დაგეგმა ფიზიკის განვითარების გზები. აკად. ნ. მუსხელიშვილის მხარდაჭერით, რომელიც იმ ხანად ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოიძახა რუსეთს გამგზავრებული ახალგაზრდა ფიზიკოსები და მათთან მხარდამხარ შეუდგა ფიზიკის ახლებურად სწავლებასა და მომავალი ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის დაგეგმვას.
1932 წელს რ. ხუციშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა. ამ დროისათვის იგი ორ კათედრას განაგებდა: ზოგადისა და თეორიული ფიზიკის. 1933 წელს მან თავისი სურვილით გადასცა ზოგადი ფიზიკის კათედრა ხარკოვიდან ახლად დაბრუნებულ დოც. მ. მირიანაშვილს, ხოლო ერთი წლის შემდეგ თეორიული ფიზიკის კათედრაც დათმო. მის გამგედ აირჩიეს დოც. გ. გორდაძე.
1934 წელს, პროფ. რ. ხუციშვილის თაოსნობით, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან პირველად დატოვეს 5 ასპირანტი-ფიზიკოსი თბილისში მოსამზადებლად. მანამდე უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებულნი ასპირანტურის კურსის გასავლელად რუსეთის მსხვილ სამეცნიერო ცენტრებში იგზავნებოდნენ.
10 წლის განმავლობაში, სახელდობრ, 1931 წლის მიწურულიდან გარდაცვალებამდე, რ. ხუციშვილი უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს, ვექტორულ და ტენზორულ აღრიცხვას, ელექტროდინამიკას, თეორიულ ოპტიკასა და ფარდობითობის თეორიას. მისი ლექციები უაღრესად ლოგიკური, მკაცრი მათემატიკური მტკიცებით აღსავსე და ღრმაშინაარსიანი იყო. მისი პირველი ლექცია თეორიულ ფიზიკაში ერთგვარ შეშფოთებას იწვევდა იმ სტუდენტებში, რომლებსაც საშუალო სასწავლებელში უცხო ენად გერმანული არ ჰქონდათ ნასწავლი. საქმე ისაა, რომ რ. ხუციშვილი ლექციის კითხვის დროს გოთურ ანბანს ხმარობდა ლათინურის ნაცვლად და როდესაც დაფაზე ფორმულები მძივებივით აისხმებოდა, გოთური ანბანის არამცოდნეს უჭირდა გაგება: ზოგიერთ ასოს თავზე დასმული წერტილი ამ ასოს საკუთრებას წარმოადგენდა თუ წარმოებულს ნიშნავდა.
აქ სასაყვედურო არაფერი არ იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ქართველთათვის გოთურიც უცხო იყო და ლათინურიც, მეორეც – თეორიული ფიზიკის ის დარგები, რომლებსაც პროფ. რ. ხუციშვილი კითხულობდა, უნივერსიტეტში პირველად იკითხებოდა. რ. ხუციშვილის უნივერსიტეტში დაბრუნებით თეორიული ფიზიკა სულ სხვაგვარად გაიშალა, ისე, როგორც მოსკოვის იმ დროის უნივერსიტეტში იყო წარმოდგენილი.
1932 წელს პროფ. რ. ხუციშვილი მიიწვიეს თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერულ მრჩევლად.
1935 წელს იგი აირჩიეს ფიზიკის კათედრის გამგედ ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში, ხოლო 1938 წელს – ბათუმის რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ორივე ინსტიტუტში პროფ. რ. ხუციშვილმა ახლებურად მოაწყო ფიზიკის კაბინეტ-ლაბორატორიები. აღსანიშნავია, რომ საჭირო იარაღებს რ. ხუციშვილი თვითონ ეძებდა, შოულობდა და საკუთარი ხელით მიჰქონდა ინსტიტუტში. ეს საქმიანობა არც თუ ისე ადვილი იყო, მეტადრე, თუ ამას მატარებლით 12-საათიან მგზავრობასაც დავუმატებთ. მაგრამ ყველაფერ ამას იგი დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებდა. ეს შრომისმოყვარე, დაუღალავი, ნათელი პიროვნება, ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე, 1942 წლის ზაფხულში 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ორიოდე სიტყვა პროფ. რ. ხუციშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის შესახებაც.
პირველი მისი შრომა – არითმეტიკის სახელმძღვანელო – 1918 წელს გამოიცა დ. პარკაძის თანაავტორობით ქართულ ენაზე.[3]
მისი თაოსნობითა და რედაქტორობით ითარგმნა:
- ემილ ვარბურგის „ექსპერიმენტული ფიზიკის კურსი“, ორ ტომად (1931);
- ე. გრიმზელის „ფიზიკის სახელმძღვანელო“, სამ ტომად;
- მაქს პლანკის „თეორიული ფიზიკის შესავალი“, სამ ტომად.
აღნიშნული წიგნები წარმოადგენს პირველ ქართულ სახელმძღვანელოებს უმაღლესი სასწავლებლებისათვის როგორც ზოგადი ფიზიკის, ისე თეორიული ფიზიკის კურსში. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისაა ეს წიგნები ქართველი სტუდენტობის აღზრდის საქმეში. ჩამოთვლილ სახელმძღვანელოთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიმზელის ფიზიკის კურსი. ამ წიგნს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, რაც იმითაც მოწმდება, რომ 1965 წელს იგი მეთექვსმეტედ გამოიცა ლაიფციგში და კვლავ მიჩნეულია, როგორც ძირითადი სახელმძღვანელო ზოგადი ფიზიკის კურსებს შორის. ამ მხრივ რ. ხუციშვილის მეცნიერული და პედაგოგიური შორსჭვრეტა აშკარად გამართლებულია.
მსგავსად „სიტყვა-ძვირი მეცნიერისა“, მართალია იშვიათად, მაგრამ აქა-იქ მაინც გვხვდება ე. წ. „კალამ-ძვირი“ მეცნიერნიც. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება პროფ. რ. ხუციშვილიც. მას ფიზიკაში არც ერთი საკუთარი შრომა არ გამოუქვეყნებია. ერთადერთი წიგნი „ვექტორული და ტენზორული აღრიცხვა“, რომელიც 1942 წელს თბილისის უნივერსიტეტის სტამბაში იბეჭდებოდა, ავტორის გარდაცვალების გამო შეაჩერეს.
პროფესორი რ. ხუციშვილის პირად არქივში აღმოჩნდა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი 4 შრომა და მრავალი ხელნაწერი ფიზიკის სხვადასხვა საკითხზე. როგორც ჩანს, მანქანაზე დაბეჭდილი შრომები სტამბურად გამოსაცემად იყო გამზადებული. ეს შრომებია:
- „ელექტრონული მოვლენები“, 800 გვერდამდე;
- „ელექტრული ველი ატმოსფეროში“, 101 გვერდი:
შრომაში გარჩეულია დედამიწის ნორმალური ელექტრული ველი; დედამიწის მუხტის მუდმივობის საკითხზე გამოთქმული სხვადასხვა ჰიპოთეზა; სხვადასხვა დამახასიათებელ სიდიდეთა გაზომვის მეთოდები; ველი ზღვასა და ხმელეთზე. შრომა დაწერილია სახელმძღვანელოსავით. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ნავარაუდევი იყო გეოფიზიკოსთათვის;
- „ჰაერის გამტარებლობა“, 58 გვერდი:
შრომაში გარჩეულია ზოგადი ცნობები ჰაერის გამტარებლობის შესახებ; უძრავი ჰაერის გამტარებლობა; მოძრავი ჰაერის გამტარებლობა; ჰაერის გამტარებლობის გაზომვის სხვადასხვა მეთოდი. შრომა ვიწრო სპეციალისტებისათვის იყო განკუთვნილი;
- «Основы земного магнетизма», 150 გვერდი:
სათაურიდანვე ჩანს, რომ აღნიშნული შრომა სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემულია ზოგადი ცნობები მაგნიტიზმიდან, დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ; ტემპერატურული ეფექტის შესახებ; ინერციის მომენტის განსაზღვრა; ძირითადი ხელსაწყოები; მიხრილობისა და დახრილობის გაზომვა.
პროფ. რ. ხუციშვილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის I გამოცემაშიც მონაწილეობდა, კერძოდ, მას ეკუთვნის საკმაოდ ვრცელი სტატია დედამიწის მაგნიტიზმის შესახებ (იხ. БСЭ, ტ. 26, გვ. 733-739). სტატიაში გარჩეულია დედამიწის მაგნიტიზმის ძირითადი საკითხები, მაგალითად, დედამიწის მაგნიტური ველი, მისი დაძაბულობა (H), მაგნიტური დახრილობისა და მიხრილობის მოვლენები, მათი გაზომვის მეთოდები, ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც ეს გაზომვები სრულდება, დედამიწის მაგნიტიზმის სახესხვაობები, სლუცკისა და მელბურნის ობსერვატორიების დაკვირვებათა შედარება და მათი ანალიზი, მაგნიტური ველის ცვლილების „საუკუნეობრივი სვლა“, „მაგნიტური ქარიშხალი“, გეომაგნიტური აგეგმვა, იზომაგნიტიზმი, მაგნიტური ანომალიები, დედამიწის მაგნიტიზმის გაუსის თეორია, სხვადასხვა ჰიპოთეზა დედამიწის მაგნიტიზმის შესახებ და შემდეგ კი ამ მოვლენების სწორი ახსნა, მზის რადიაცია და მისი გავლენა დედამიწის მაგნიტიზმზე, კავშირი მაგნიტურ ქარიშხალსა და პოლარულ ციალს შორის. დასასრულს გარჩეულია საკითხი დედამიწის მაგნიტიზმის გამოყენებითობის შესახებ.
აქ ჩამოთვლილი შრომები, გარდა ამ უკანასკნელისა, საქართველოს ფიზიკოსთათვის დღემდე უცნობი იყო.
დიდია ის ღვაწლი, რომელიც პროფესორ რ. ხუციშვილს მიუძღვის საქართველოში ფიზიკური მეცნიერების განვითარების საქმეში.
ლიტერატურა რ. ხუციშვილის შესახებ:
სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრებული II, ა. ჩხენკელის სტატია, „ბართლომე ხუციშვილი“, თბილისი, 1955.
ვ. პარკაძე, რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი, თსუ შრომები, ტ. 86, 1960.
[1] ა. ჩხენკელი, ბართლომე ხუციშვილი (1860—1923), წიგნში: „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, თბილისი, 1955, გვ. 202.
[2] ა. ჩხენკელი, გვ. 203—204.
[3] რ. ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი, დ. პ ა რ კ ა ძ ე, არითმეტიკის ამოცანათა კრებული და სახელმძღვანელო. ქუთაისი, 1918.