რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი

ავტორი:

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

მდევარი, თბილისი, 2023

მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად. ამგვარი რევოლუციური სულისკვეთების შინაარსის გამო გაზეთი „გლეხი“ მალევე, 7 ნომრის გამოცემის შემდეგ, ხელისუფლებამ დახურა. გაზეთის რედაქტორობისთვის მიხეილ ჯავახიშვილი პასუხისგებაში მიცეს. თავის დასაღწევად მან გადაწყვიტა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო სწავლის გასაგრძელებლად, რაშიც მეგობარი ფილიპე გოგიჩაიშვილი დაეხმარა, რომელმაც მეცენატ ზუბალაშვილთან უშუამდგომლა. ამ უკანასკნელმა მიხეილს სტიპენდიად 75 მანეთი დაუნიშნა. მწერალი საზღვარგარეთ წასვლას საკუთარი პასპორტით ვერ შეძლებდა, რადგან დააპატიმრებდნენ; ამიტომ სხვისი პასპორტით, მიხეილ (მიშა) ლობჟანიძის სახელით გავიდა ქვეყნიდან. საბოლოოდ, 1906 წელს იგი ჟენევაში ჩავიდა, საიდანაც 1907 წელს პარიზში გადავიდა და იქ ორი თვის განმავლობაში ისმენდა ლექციებს ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და პოლიტიკურ ეკონომიაზე.

1907 წლის თებერვალში მიხეილ ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა და გაზეთ „ისრის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა. იგი არალეგალურად, სხვისი პასპორტით, ცხოვრობდა, რათა თავი აერიდებინა საიდუმლო პოლიციისთვის. ილიას მკვლელობამ შეძრა მწერალი.

 „1907 წ. ევროპიდან დროებით დავბრუნდი საქართველოში და „ისრის“ რედაქციაში დავიწყე მუშაობა. 30 აგვისტოს, 8-9 საათზე ილიას მოკვლის ამბავი გავიგეთ. ბოროტმოქმედება იმდენად საზარელი იყო, რომ ჯერ არ დავიჯერეთ, მაგრამ შუაღამისას ყოველგვარი ეჭვი უკვე გაიფანტა. მეორე დღეს ავედი საგურამოში. არასოდეს დამავიწყდება ის ღამე. სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაირიგეს. დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში, რომელიც მოკვლის დროს ზურგის უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, სადაც მრავალი დაუვიწყარი საათი მქონდა გატარებული, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა და ფიზიკურად დაქანცულმა მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე“.

მწერლის შვილის, ქეთევან ჯავახიშვილის, თანახმად, მიხეილისთვის ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულად პატივსაცემი პიროვნება და ბავშვობის მოგონებების განუყოფელი ნაწილი იყო: „ის მისი სულის მესაიდუმლე და თანამოზიარე იყო“[2]. მწერლისთვის მტკივნეული გადასატანი იქნებოდა ილიას მკვლელობა. ბავშვობაში მის დღეობებზე გატარებული ბედნიერი დრო ახსენდებოდა, როცა მშობლებიც ცოცხალი ჰყავდა. თითქოს სიმბოლურიც კი იყო, რომ  იმ ღამეს მიხეილს ილიას სისხლიანი ბალიში ერგო, – ამ ორმა ქართველმა მოღვაწემ ერთნაირი ბედი გაიზიარა.

საბოლოოდ, 1907 წელს, მიხეილ ჯავახიშვილმა ისევ ევროპას მიაშურა და რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, 1909 წელს, თბილისს დაუბრუნდა. ამჯერადაც საგამომცემლო საქმიანობაში ჩაება, მაგრამ ხელი შეეშალა სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისას. უცხოეთში ის მიშა ლობჟანიძის გვარით ცხოვრობდა, რომლისთვისაც პასპორტის დაბრუნება მოუწია, ხოლო ადამაშვილის გვარით ჟანდარმერია დაეძებდა და დაპატიმრებას უპირებდა. ამ დროისთვის მიხეილს შესთავაზეს ახალი ჟურნალი „ერის“ რედაქტორობა. მეგობრების რჩევით, მან გადაწყვიტა ახალი გვარით აეღო პასპორტი; შეარჩია ჯავახიშვილი, მისი ოჯახის ნამდვილი გვარი. თუმცა ამ გზამ არ გაამართლა და მიხეილი 1910 წელს მაინც დააპატიმრეს, – გაზეთ „გლეხის“ რედაქტორობისათვის ერთი წლით ციხე და 5 წლით საქართველოდან გადასახლება მიუსაჯეს. მისი სახლი გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს უბის წიგნაკი, რომელშიც მწერლის პოლიტიკური შეხედულებებიც იყო ჩაწერილი („ყველაფერი დემოკრატიისათვის, მაგრამ არა დემოკრატიის გზით“[3]). მიხეილ ჯავახიშვილი რომ ფორმალური რედაქტორი იყო, ამას ადასტურებს მეფისნაცვლისთვის 1911 წელს გაგზავნილი წერილი, რომელშიც წერდა, რომ გაზეთის სარედაქციო საკითხებში არ ერეოდა[4]. თავდაპირველად ის მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, 1911 წელს კი როსტოვში გადაასახლეს. აქ 1912 წელს მიხეილმა თავისი მომავალი მეუღლე, ლიუბა ივანეს ასული ჯაჭვაძე, გაიცნო და იმავე წელს მათ ჯვარი დაიწერეს. წყვილი მცირე ხნით ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, თუმცა შემდგომ მიხეილმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, მწერალმა მცირე დროით მაინც მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა 1913 წელს. 1915 წელს კი ოფიციალურად დაბრუნდა თბილისში და კვლავ საგამომცემლო საქმიანობას შეუდგა.

ამავე წელს დაიწყო ახალი ყოველდღიური გაზეთის – „საქართველოს“ – გამოცემა, რომელსაც მასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქართული ინტელიგენციის რამდენიმე წევრი, მათ შორის, სანდრო ახმეტელი, გერონტი ქიქოძე, დავით ჩიქოვანი, შიო არაგვისპირელი. გაზეთის იდეური მიმართულება ეროვნულ-დემოკრატიული იყო, ფორმალური რედაქტორი – ადამაშვილი. მიხეილმა არაერთი წერილი და სამხედრო შინაარსის მიმოხილვა გამოაქვეყნა გაზეთში, მაგრამ წლის ბოლოს სამსახურის დატოვება მოუწია. 1915 წ. კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსმა, გენერალმა ვოლსკიმ, მისი კავკასიიდან კვლავ გადასახლება გადაწყვიტა. ამის თავიდან ასაცილებლად, ვინმე ვირაპიანის შუამდგომლობით, მიხეილმა წითელი ჯვრის საზოგადოებაში დაიწყო მუშაობა, 1916 წ. კი ერთი წლის განმავლობაში სპარსეთ-ოსმალეთის ბრძოლის ველზე აღმოჩნდა წითელი ჯვრის საავადმყოფოს გამგებლად, მეთვალყურედ და ქართულ კორპუსში რწმუნებულად. 1917 წ. ბათუმში მიავლინეს წარმომადგენლად. ამ დროს დაუახლოვდა იქაურ ინტელიგენციას, მათ შორის მემედბეგ აბაშიძეს.

მიხეილ ჯავახიშვილმა წითელ ჯვარში მუშაობას თავი მალევე დაანება, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი. იგი იყო საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დამაარსებელი და 1921 წლამდე – მისი მდივანიც. 1921 წ. მიწათმოქმედების კომისარიატში, სახალხო მამულების განყოფილებაში, მუშაობდა. 1922 წ. გადავიდა ამიერკავკასიის საგარეო ვაჭრობის კომისარიატში, განაგებდა საფინანსო განყოფილებას და თავმჯდომარეობდა სალიცენზიო ბიუროს. სწორედ ამის შემდეგ უბრუნდება იგი სამწერლო სარბიელს: „…როგორც კი დავატყვე, რომ ეკონომიური ხერხემალი ჩვენი ერისა გამაგრდა, ჩემი მისია დამთავრებულად ჩავთვალე და კვლავ მწერლობას დავუბრუნდი“. მაგრამ ეს პერიოდი მისთვის რთული და წინააღმდეგობით სავსე აღმოჩნდა, – მიზეზი პარტიული მიკუთვნებულობა იყო.

მიხეილი 1917 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრად ირიცხება. უბის წიგნაკში ის წერს: „ჩემი საიდუმლო მუშაობა პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა – ალღო მიშველებისა და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას“ (1926 წ.). 1923 წელს გააუქმეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ყველა წევრი დააპატიმრეს, მათ შორის მიხეილიც, რომელიც 6 თვე იმყოფებოდა ორთაჭალის ციხეში. ამ ამბავს ბევრი თანამოაზრე შეეწირა, ჯავახიშვილსაც მიესაჯა დახვრეტა. როგორც მისი შვილი, რუსუდან ჯავახიშვილი, იხსენებს თავის წიგნში, ამ ამბავმა ქართველი საზოგადოება შეაშფოთა; გადაწყვიტეს, რომ როგორმე ეხსნათ მწერალი სიკვდილისაგან. რამდენიმე გამოჩენილი პიროვნება (მათ შორის, ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, პავლე ინგოროყვა) დელეგაციის სახით ეწვია სერგო ორჯონიკიძეს, – სთხოვეს მწერლის გადარჩენა, რადგან იგი ერისთვის საჭირო და სასარგებლო პიროვნება იყო; ისინი თავდებად უდგებოდნენ მიხეილს, რომ ეს უკანასკნელი აღარ ჩაერეოდა პოლიტიკურ საქმეებში. სერგო ორჯონიკიძემ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და გასცა მიხეილის გათავისუფლების განკარგულება.

ამგვარად გადაურჩა მწერალი დახვრეტას და 1923 წლის 3 აგვისტოს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იყო ძალიან დასუსტებული და დაავადებული, ამიტომ გამოჯანმრთელებამდე სახლში იმყოფებოდა და არ მუშაობდა. თავი მიანება პარტიულ საქმიანობასაც და მთელ დროს ლიტერატურულ მოღვაწეობას უთმობდა. ამასთან, შეწყალებას მუდმივად უხსენებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ განაჩენის აღსრულება ნებისმიერ დროს შეეძლოთ.

გადარჩენის ამ ამბავს უკავშირდება მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ერთი ასეთი მონაკვეთი: 1936 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავის გამო მოსკოვში გამგზავრებულ პირველ ქართველ დელეგატთა შორის მიხეილიც იყო, რომელიც კრემლში გამართული მიღებისას შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. მწერალმა მთავრობის ყველა წევრს ჩამოართვა ხელი, სერგო ორჯონიკიძესთან კი მცირე ხნით შეჩერდა, ხელი გაუწოდა და უთხრა: „მე თუ ცოცხალი ვარ, მე თუ მწერალი გავხდი, და ეს ჯილდოც დავიმსახურე, თქვენ უნდა გიმადლოდეთ“. ორჯონიკიძე ვერ მიხვდა მის ნათქვამს და ნიკოლოზ ყიფშიძეს მიმართა, რომელმაც გაახსენა, როგორ იხსნა დახვრეტისგან მწერალი. სერგოს ესიამოვნა მომხდარი და თქვა: „დიდ შეცდომას ჩავიდენდით მაშინ, რომ არ დავხმარებოდით მას და რა კარგია, რომ ასე გვასახელა“.

მწერალს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ამის გამო იგი ხდებოდა მსხვერპლი არაერთი ცრუ ბრალდებისა და ცილისწამებისა. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას სურდა სახელგანთქმულ მწერლებს დაახლოებოდა. ამასთან, ის მიხეილის სახლის პირდაპირ ცხოვრობდა, მათი აივნები ერთმანეთს გადაჰყურებდა. მწერალს შეეძლო, რომ ბერიასთან დაახლოებით თავი გადაერჩინა, თუმცა მიხეილს არ სიამოვნებდა არც მასთან ურთიერთობა და არც მისი დანახვა: როდესაც აივანზე გასული თვალს მოკრავდა, უმალ ოთახში ბრუნდებოდა. ბერიას ცოლმა ნინო გეგეჭკორმა პირადად მიიპატიჟა კიდეც სახლში მიხეილი, თუმცა ის სიტყვას არ გადავიდა – ბერიას წინაშე ქედს არ იხრიდა, არ სცემდა პატივს. ამ უკანასკნელს კი, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებდა. მიხეილს მეუღლემ ურჩია, ერთხელ სტუმრებოდა მათ და ცოტათი მაინც დაახლოებოდა ბერიას, რათა არ გადაემტერებინა იგი. თუმცა მწერალი მაინც აცხადებდა: „რა ვქნა, მე მაგათ გუნდრუკს ვერ ვუკმევ, არ შემიძლია“. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მიხეილის დაპატიმრებასა და დახვრეტაში წვლილი ლავრენტი ბერიასაც მიუძღოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ხშირად დაუფარავად აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს. ქვიშხეთში ქართველ მწერალთა შეკრების დროს მას არაერთხელ გამოუთქვამს ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებები. ერთხელ მწერლებმა აღნიშნეს, რომ მათი საქმიანობისთვის კარგი დრო იდგა. ამაზე მიხეილმა უპასუხა, როგორ არის კარგი დრო, როცა ამ მწერლობას ჩეკისტმა კაცმა ყელზე ფეხი დააბიჯაო. როგორც ჩანს, მისი სიტყვები არ რჩებოდა საიდუმლოდ. პირველი დაკითხვისას ბერიამ ფეხი დაადგა ყელზე მიხეილს და ჰკითხა: კარგია, ჩეკისტი რომ გადგამს ფეხს ყელზე?

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილისა და სამთავრობო უწყებების გზები გადაიკვეთა, მოხდა 1937 წელს, – საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაენგრია მეტეხის პლატოზე მდებარე ტაძარი; ამ საქმეშიც ლავრენტი ბერია მონაწილეობდა. აღნიშნული ნაგებობა არქიტექტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს; ამასთანავე, იგი წმინდა შუშანიკის სახელს უკავშირდება. ტაძრის დანგრევის წერილობითი განკარგულება გამოიცა, თუმცა მოსახლეობამ არაფერი იცოდა. ეკლესიის ბედმა ქართველი ინტელიგენცია ააღელვა, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც განსაკუთრებით განიცდიდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან ფიქრობდა, რომ ეს დიდი დანაკლისი იქნებოდა საქართველოს მატერიალური კულტურისათვის. გარდა ამისა, მას მეტეხის ტაძართან საკუთარი გრძნობები აკავშირებდა, – 1910 წელს, როდესაც მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, ამ ეკლესიაში მგალობელთა გუნდთან ერთად მღეროდა. მიხეილი მოეთათბირა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას; მათ შორის იყვნენ: მეტეხის მუზეუმის დირექტორი დიტო შევარდნაძე, ნიკო მიწიშვილი და შალვა დადიანი. შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის სახით მისულიყვნენ იმ პირთან, რომელმაც ბრძანა ტაძრის დანგრევა, და გადაწყვეტილების შეცვლა ეთხოვათ. ეს სახიფათო საქმე კარგს არაფერს მოიტანდა, ამიტომაც რამდენიმე პირი ჩამოშორდა გეგმას. საბოლოოდ ხელმძღვანელს მიხეილ ჯავახიშვილი, დიტო შევარდნაძე და კიდევ რამდენიმე კაცი შეხვდა. მათ დაასაბუთეს ტაძრის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის და დაარწმუნეს ხელმძღვანელი, რომ გაეუქმებინა განკარგულება. როგორც ქეთევან ჯავახიშვილი იხსენებს, მიხეილი ხვდებოდა, რომ საშვილიშვილო საქმე გააკეთა, მაგრამ კარგად ესმოდა ისიც, რომ ამ ქმედებით თავი საფრთხეში ჩაიგდო.

მართლაც, იგი მალევე, 1937 წლის 14 აგვისტოს, დააპატიმრეს. როგორც მისი ქალიშვილი იგონებს, დილის ექვს საათზე სახლში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცები დაადგნენ; ერთი ბორჯომის შინაგან საქმეთა კომისარიატიდან იყო, მეორე კი – სომეხი, შინსახკომის უფროსი. მიხეილმა მშვიდად მიიღო ეს ამბავი, თუმცა კარგად ხვდებოდა, რაც ელოდა. მისმა ცოლმა ეჭვი ლავრენტი ბერიაზე აიღო.

მიხეილ ჯავახიშვილი (საძიებო საქმე N9977) საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-1ა, 58-8 და 58-11 მუხლების მიხედვით გაასამართლეს. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ „ბრალდებული მ. ს. ჯავახიშვილი იყო კონტრრევოლუციონერი, ფაშისტური ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და შედიოდა ინტერპარტიული კომიტეტის შემადგენლობაში“. მწერალს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ის იყო ამ ტერორისტული და ჯაშუშური ორგანიზაციის ცენტრის თავმჯდომარე; მონაწილეობდა იმ ინტერპარტიული კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც საქართველოში ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა; ასევე მიეწერებოდა ჯაშუშობა-დაზვერვა უცხოური სახელმწიფოების სასარგებლოდ. საძიებო საქმე გაგზავნეს სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიასთან განსახილველად. საბრალდებო დასკვნას ხელი მოაწერეს ლეიტენანტებმა ნაცვლიშვილმა და აბაშიძემ, ასევე მაიორმა ქობულოვმა. საქმის განხილვის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი 1937 წლის 30 სექტემბერს აღესრულა. მწერალი სხვა პატიმრებთან ერთად მანქანაზე შეაგდეს და ორთაჭალისკენ გაემართნენ. ადგილზე მისვლისას პატიმრები წინასწარ გათხრილი ორმოს წინ დააყენეს და ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს. მიხეილი პროფესიონალმა ჯალათმა შაშურკინმა გაიყვანა ცალკე, ორმოს წინ მარტო დააყენა და დახვრიტა.

ქეთევან ჯავახიშვილი თავის წიგნში „მიხეილ ჯავახიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა“ ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელიც კარგად აღწერს და ახასიათებს მამის პიროვნებას. იგი მწერალ მოსე გვასალიას (რომელიც მიხეილთან ერთად იჯდა 77-ე საკანში და ვისთან ერთადაც მან ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა) ნაამბობს გადმოგვცემს: მცირე ზომის საკანში, სადაც უამრავი პატიმარი ერთად იყო მოთავსებული, მიხეილი შემოიყვანეს, თუმცა სიბნელის გამო მოსემ იგი ვერ იცნო. კართან მდგომმა პატიმარმა კი ყველას გასაგონად დაიძახა: მეგობრებო, გთხოვთ, ყველა ფეხზე ადგეთ, ჩვენთან მიხეილ ჯავახიშვილი შემოიყვანეს და პატივი ეცით მას. საკანში მყოფი ყველა პატიმარი მაშინვე ფეხზე წამოდგა, ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა; ყველანი შეწუხებულნი უმზერდნენ მწერალს. მოსე მიხეილს გამოეცნაურა, შემდეგ კი თავისი ლოგინი შესთავაზა და ასე, ერთ საწოლზე, ერთი საბნით იცხოვრეს გარკვეული ხანი. რაც შეეხება მიხეილის შინაგან მდგომარეობას, მოსეს თქმით, იგი მხნედ ყოფნას ცდილობდა და, ხვალინდელი დღის იმედით, სხვებსაც იმავეს მოუწოდებდა. ის ასევე იხსენებს, რომ ერთხელ მიხეილი პატიმრებს რაღაც საინტერესოს უამბობდა, როცა დასაკითხად გაიყვანეს. მის დაბრუნებას მდუმარედ ელოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მწერალს ამ დროს აწამებდნენ. ცოცხალ-მკვდარი მიხეილი უკან შემოიყვანა ორმა ზედამხედველმა და დააწვინა. ცოტა ხნის შემდეგ კი მწერალმა იკითხა: გეთაყვა, სად გავჩერდი, აღარ მახსოვსო. ყველას გაუკვირდა, დაკითხვისას ამგვარი წამების შემდეგ, როგორ ინარჩუნებდა იგი მხნეობას, რომ მანამდე შეწყვეტილი ამბის თხრობა განეგრძო[5].

„მე ან ცოტა ადრე უნდა დავბადებულიყავი, ან ცოტა გვიან“, – ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის; მწერალს, რომელიც ცრუ ბრალდებების გამო დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია მხოლოდ წლების შემდეგ მოხდა. 1956 წლის 2 თებერვალს სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარის, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის, ა. ჩემპცოვის ხელმოწერით მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს ცნობა, რომელიც მათ ატყობინებდა, რომ „ბრალდებულ მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილის საქმე, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1954 წლის 26 ივლისს იქნა გადასინჯული. 1937 წელს 30 სექტემბერს სამხედრო კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენი, მ. ს. ჯავახიშვილის მიმართ, შეცვლილი მდგომარეობის გამო, გაუქმებულია და საქმე ბოროტმოქმედების არარსებობის გამო, შეწყვეტილ იქნა“.[6] ამ გამოცხადებამ მიხეილ ჯავახიშვილის უდანაშაულობა დაადასტურა.

ბიბლიოგრაფია:

ჯავახიშვილი, რუსუდან. მიხეილ ჯავახიშვილი. პეგასი, თბილისი, 2010.

ჯავახიშვილი, მიხეილ. უბის წიგნაკებიდან. ინტელექტი, თბილისი, 2011.

ჯავახიშვილი, ქეთევან. მიხეილ ჯავახიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა. მერანი, თბილისი, 1984.

ხომერიკი, მანანა. მიხეილ ჯავახიშვილი უნიკალური დოკუმენტების ფონზე. უნივერსალი, თბილისი, 2008.


[1] http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/001906/

[2] ჯავახიშვილი, 1984

[3] ჯავახიშვილი, 2011

[4] ხომერიკი, 2008

[5] ჯავახიშვილი, 2010

[6] ჯავახიშვილი, 2010



მდევარი