მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარდამავლობა: ქართული აღქმა

დანგრეული ფონი მთიანი ყარაბაღისა

გააზიარე:


ავტორი: ნინი ლომიძე

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

შესავალი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის ფაზლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე – დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად და ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნებასა და გაფართოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი გარდამტეხი მოვლენა იყო კონფლიქტის გარდამავლობის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა თურქეთის როლი და ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და, შესაბამისად, მთლიანად რეგიონის პოლიტიკაში. 2023 წლის 22 მაისს კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა ცნოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტური რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად შესაბამისი პირობებით. აღნიშნული განვითარება უკიდურესად ცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და აჩენს მისი მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკას მრავალი მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც გადაჯაჭვულია მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკასა და რეგიონში მშვიდობასთან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ისტორია

1988 წელს მთიან ყარაბაღში დაწყებული კონფლიქტი ბევრი ისტორიკოსის მიერ მიიჩნევა საბჭოთა კავშირში ეთნიკური დაძაბულობების ერთ-ერთ პირველ შემთხვევად, რომელიც 1994 წლამდე გაგრძელდა და 1 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი და 300 000-ზე მეტი სომეხი ადამიანი ლტოლვილად იქცა.[1] მთიანი ყარაბაღი 1923 წლიდან იყო ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკაში, დასახლებული ეთნიკური სომხებით. 1988 წელს მთიანი ყარაბაღის საკანონმდებლო ორგანომ გამოაცხადა, რომ სურდათ შეერთებოდნენ სომხეთის სოციალისტურ რესპუბლიკას, მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონი არ ესაზღვრებოდა სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რუკაზე

Figure 1 Encyclopaedia Britannica, Inc, 2011.

აღსანიშნავია, რომ 1988 წლისთვის საბჭოთა კავშირი არაა დაშლილი; მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დაიწყო საბჭოთა კავშირში შემავალ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1991 წელს მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მთიანმა ყარაბაღმა ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გაგრძელდა ომი 1994 წლამდე, რასაც ემსხვერპლა 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. 1993 წლისთვის სომხეთმა მოახერხა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. 1994 წელს რუსეთის შუამავლობით მხარეებმა მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ბიშკეკის პროტოკოლის სახელითაა ცნობილი. აღნიშნულის შემდეგ მთიანი ყარაბაღი დე ფაქტო დამოუკიდებელ ერთეულად დარჩა, თუმცა დიდწილად იყო დამოკიდებული სომხეთთან კავშირებზე.[2]

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფორმალურად ძალაში რჩებოდა 2020 წლამდე, თუმცა ყარაბაღის მეორე ომამდე ხდებოდა წერტილოვანი, ერთჯერადი შეტაკებები, მაგალითად, საჰაერო თავდასხმები დრონების გამოყენებით, ჭურვების აფეთქება, სპეციალური ოპერაციები და ა.შ. მათ შორის, 2016 წლის აპრილის შეტაკებები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 1994 წლის შემდეგ და ოთხ დღეში შეწყდა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საზღვრებზე განახლდა თავდასხმები, – დაიწყო ყარაბაღის მეორე ომი, რომელსაც 7 ათასზე მეტი სამხედროსა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ უარყო ცეცხლის შეწყვეტა. მალევე სასაზღვრო თავდასხმები გადაიზარდა უფრო მასშტაბურ ბრძოლაში და დაიწყო შორი მანძილის არტილერიის თავდასხმები. 2020 წლის 9 ნოემბერს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაცია. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი, დანარჩენზე კი პატრულირებს რუსული მშვიდობისმყოფელების ჯგუფი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვისას ასევე საყურადღებოა ლანჩინის დერეფნის საკითხი. ლანჩინის დერეფანი არის გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან. ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ რუსული მშვიდობისმყოფელების მისიები განლაგებულია კონფლიქტის რეგიონში სომხებით დასახლებულ ყველა ტერიტორიასა და გზაზე. 2020 წლის მოლაპარაკებების შედეგად ლანჩინის დერეფანს შეთანხმებულად ზედამხედველობს რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი.[3] 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ აზერბაიჯანს შეეძლოს თავისუფალი სატრანსპორტო მიმოსვლა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რომელიც არის აზერბაიჯანის ექსკლავი და ესაზღვრება თურქეთსა და ირანს.

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ პერიოდულად ხდებოდა საზღვრებზე ერთჯერადი შეტაკებები და წერტილოვანი თავდასხმები. 2022 წლის 13-15 სექტემბერს იყო მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური და პროვოკაციული შეტაკება, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად აზერბაიჯანმა დაიწყო წერტილოვანი თავდასხმები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე, რის გამოც საჭირო გახდა ათასობით სომეხი სამოქალაქო პირის ევაკუაცია. სექტემბრის წერტილოვანი თავდასხმების შემდეგ სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი პელოსი, რომელმაც დაგმო „აზერბაიჯანის უკანონო და მომაკვდინებელი თავდასხმები“.[4]

უკანასკნელი შეტაკებები მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა 2023 წლის აპრილში. უკრაინის ომისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რუსეთის ფედერაციამ სომხეთთან ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიაში, მოკავშირეობის თვალსაზრისით, კრახი განიცადა. 2023 წლის მაისში ნიკოლ ფაშინიანის განცხადება მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ცნობის თაობაზე სომხეთის პოლიტიკაში ერთგვარი გარღვევაა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს სამხრეთ კავკასიის მდგომარეობა.

რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიას, საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის საგრძნობი ჩართულობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა რეგიონში რუსეთის ყოფნის ერთ-ერთ საყრდენს. სომხეთის პოლიტიკა მრავალმხრივ გადაეჯაჭვა რუსულ გავლენებსა და ეკონომიკას, რამაც სომხეთი, შეიძლება ითქვას, რომ ეგზისტენციალურ კრიზისამდე მიიყვანა. დროთა განმავლობაში რუსეთზე ძლიერმა დამოკიდებულებამ სომხეთი ჩიხში მოამწყვდია, უკრაინის კრიზისის ფონზე კი, ცხადი გახდა, რომ რუსეთი ვერ უზრუნველყოფს სომხეთის სტაბილურობას, თავდაცვისუნარიანობასა და ლანჩინის დერეფნის ჯეროვან მეთვალყურეობას. ფაშინიანის უკანასკნელი განცხადება, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოოდ მშვიდობიანი გადაწყვეტის იმედს იძლევა, რუსეთთან თანამშრომლობის იმედგაცრუების გამოძახილად შეიძლება დავინახოთ. კირილ კრივოშევი სომხეთის პოლიტიკას მთიან ყარაბაღთან მიმართებით ადარებს კუბლერ-როსის შემუშავებულ გლოვის ხუთ ფაზას და აღწერს, რომ სომხეთმა უკვე გაიარა უარყოფისა და ბრაზის საფეხურები, ხოლო ახლა იმყოფება ვაჭრობისაზე.[5]

პოლიტიკის მკვლევრების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკურ მისწრაფებებში არის სტატუს კვოს შენარჩუნება მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ხოლო კონფლიქტის საბოლოოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება და დასრულება წამგებიანი სცენარია რუსეთისთვის.[6] ამას გარდა, მკვლევრების ნაწილი რუსეთის ჩართულობას რეგიონის ეთნიკურ დაპირისპირებებში ხსნის სტრატეგიული კონკურენციით სხვა ძალებთან და რუსეთის უუნარობით, იმოქმედოს „რბილი ძალით“ მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონებში.[7] სომხეთის სტრატეგიული პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლილება შესაძლოა რეგიონში რუსული პოლიტიკის მარცხზე მიგვანიშნებდეს. გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის როლს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში.

თურქეთის სტრატეგიული პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თურქეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიისთვის სამხრეთ კავკასიაში. თურქეთი მუდმივად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს, როგორც კულტურულად ძალიან დაახლოებულ  სახელმწიფოს რეგიონში. უკანასკნელ ათწლეულებში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც სავარაუდოა, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობის ზრდიდან გამომდინარეობს, – 2020 წლიდან თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა, შესაბამისად, აზერბაიჯანი ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იქცა.[8] ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანისთვის თურქეთი არის იარაღისა და სამხედრო რესურსების მთავარი მიმწოდებელი და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აზერბაიჯანული ჯარი თურქეთის მნიშვნელოვანი ინვესტიციით აშენდა.[9]

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება 2020 წლის შემდეგ. აღნიშნული საყურადღებოა რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიის მხრივ, რომლის მიზანი სტატუს კვოსა და საკუთარი გავლენების შენარჩუნებაა. თურქეთის გაზრდილი ჩართულობა გამოწვევაა რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც, ზოგადად, რუსეთ-თურქეთის კონკურენტული თანამშრომლობის ტიპის ურთიერთობის გამოვლინებაა.[10] მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ კონფლიქტის გარდამავლობაში თურქეთის როლი სულ უფრო მზარდია. რეგიონში მიმდინარე მოვლენებში თურქეთის ამგვარი მონაწილეობა ანგარიშგასაწევია რუსეთისთვის, როგორც დიდი ძალისთვის, რომელსაც სამხრეთ კავკასია დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ მიაჩნია.

ქართული გადამოსახედი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, როგორც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ერთ-ერთი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, გავლენას ახდენს რეგიონის და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე. საქართველო მრავალმხრივ მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. აღსანიშნავია, მთიანი ყარაბაღის მეორე ომში თავდასხმები დაიწყო თოვუზის რეგიონში, სადაც გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზა.[11] ბუნებრივია, თავდასხმების სამიზნე აღნიშნული ინფრასტრუქტურა იყო, რომელიც აზერბაიჯანს სავაჭრო გზებით აკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან, მათ შორის საქართველოსთან.

საქართველოს სტრატეგიული მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიპლომატიური სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. გრძელვადიანი წესრიგი მომგებიანია რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის, რადგან მშვიდობის დამყარება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს მასშტაბური და გრძელვადიანი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. ამასთან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა ზრდის რეგიონის სახელმწიფოების შესაძლებლობას, რომ განვითარდნენ და გახდნენ თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრები. ბუნებრივია, მთიან ყარაბაღში მშვიდობა საქართველოს გრძელვადიანი მიზნებისა და სტრატეგიისთვის ყველაზე მომგებიანი და სასარგებლოა.

ამასთან, საყურადღებოა მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი მშვიდობის საკითხის განხილვა საქართველოს გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განხორციელებული ენერგომილსადენების პროექტები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით უკავშირდება ევროპას. აღნიშნული მილსადენები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინვესტიციები აღმოჩნდა საქართველოსთვის, რამაც საქართველოს ეროვნული მისწრაფებები დააკავშირა მეზობელ ქვეყნებსა და ევროპასთან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აზერბაიჯანიდან სომხეთზე და შემდგომ თურქეთზე გამავალი სავაჭრო გზა ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა საქართველოს მდებარეობასთან შედარებით, სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია, რომელიც მუდმივად წარმოადგენდა დიდ საფრთხეს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარება, ბუნებრივია, გააჩენს სხვა გზებსა და შესაძლებლობებს ახალი ენერგოპროექტებისთვის. კონკურენტული ენერგოპროექტების გაჩენის მიუხედავად, მშვიდობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსული გავლენების შემცირება საქართველოსთვის კრიტიკულად საჭირო განვითარებაა.

დასკვნა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 30 წელზე მეტია განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს. მისი გავლენები სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე, ეკონომიკასა და სამომავლო შესაძლებლობებზე უდიდესია. მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა ცხადი გახადა კონფლიქტის „ჩიხური მდგომარეობა“ და ცვლილების საჭიროება. 2023 წელს სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, იმედის მომცემი განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთი, კონკრეტული პირობებით, მზადაა აღიაროს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, აჩენს რეგიონის განვითარების თვისებრივად ახალ და ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პირდაპირი გეოპოლიტიკური შედეგი იქნება რუსეთის გავლენებისა და პოლიტიკური სტატუს კვოს დასუსტება, რაც, ცხადია, საქართველოს ეროვნული მისწრაფებებისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია.

ბიბლიოგრაფია

  1. Abushov, Kavus. “Russian Foreign Policy Towards the Nagorno-Karabakh Conflict: Prudent Geopolitics Incapacity or Identity?”. East European Politics (February, 2019)
  2. Avdaliani, Emil. “Turkey’s Win-Win Strategy in the Nagorno-Karabakh Conflict.” BESA Center Perspectives (November, 2020)
  3. Center for Preventive Action. “Nagorno-Karabakh Conflict.” (April 2023)
  4. International Crisis Group. “The Nagorno-Karabakh Conflict: A Visual Explainer.” (April, 2023)
  5. Ismailzade, Fariz. “The Geopolitics of Nagorno-Karabakh Conflict.” Global Dialogue; Nicosia Vol. 7, Iss. 3/4  (Summer 2005)
  6. Krivosheev, Kirill. “Armenia Is Ready to Relinquish Nagorno-Karabakh: What Next?.” Carnegie Politika (April, 2023)
  7. U.S Embassy in Armenia. “Speaker Pelosi Remarks at Congressional Delegation Press Conference with Armenian Speaker Alen Simonyan.” (September 18, 2022)
  8. Yalçınkaya, Haldun. “Turkey’s Overlooked Role in the Second Nagorno-Karabakh War.” German Marshall Fund (January, 2021)

[1] Fariz Ismailzade, “The Geopolitics of Nagorno-Karabakh Conflict,” Global Dialogue; Nicosia Vol. 7, Iss. 3/4,  (Summer 2005)

[2] Center for Preventive Action, “Nagorno-Karabakh Conflict,” (April 2023)

[3] International Crisis Group, “The Nagorno-Karabakh Conflict: A Visual Explainer,” (April, 2023)

[4] U.S Embassy in Armenia, “Speaker Pelosi Remarks at Congressional Delegation Press Conference with Armenian Speaker Alen Simonyan,” (September 18, 2022)

[5] Kirill Krivosheev, “Armenia Is Ready to Relinquish Nagorno-Karabakh: What Next?,” Carnegie Politika (April, 2023)

[6] Kavus Abushov, “Russian Foreign Policy Towards the Nagorno-Karabakh Conflict: Prudent Geopolitics, Incapacity or Identity?”, East European Politics (February, 2019): 2

[7] Kavus Abushov,  “Russian Foreign Policy Towards the Nagorno-Karabakh Conflict: Prudent Geopolitics, Incapacity or Identity?”, East European Politics (February, 2019): 5

[8] Emil Avdaliani, “Turkey’s Win-Win Strategy in the Nagorno-Karabakh Conflict,” BESA Center Perspectives (November, 2020)

[9]Haldun Yalçınkaya, “Turkey’s Overlooked Role in the Second Nagorno-Karabakh War,” German Marshall Fund (January, 2021)

[10] Emil Avdaliani, “Turkey’s Win-Win Strategy in the Nagorno-Karabakh Conflict,” BESA Center Perspectives (November, 2020)

[11] Emil Avdaliani, “Turkey’s Win-Win Strategy in the Nagorno-Karabakh Conflict,” BESA Center Perspectives (November, 2020)



მდევარი