კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი

პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

გააზიარე:


ფილოსოფიის სრული ისტორია: კლასიკური ფილოსოფია

ავტორი: პიტერ ადამსონი

მთარგმნელი: მარიამ ხარიბეგაშვილი

თარგმანის რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

ნაწილი პირველი: ძველი ბერძნული ფილოსოფია

თავი პირველი, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი

ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს. ბერძენმა ლტოლვილებმა აქ რამდენიმე კოლონია დააარსეს, რომელთაგან ზოგიერთმა საკმაო წარმატებასაც მიაღწია. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი კოლონია იყო მილეთი, ქალაქი, რომელსაც თალესი საკუთარ სახლად იხსენიებდა. მილეთი ათენიდან წამოსულმა ბერძნებმა დააარსეს; ათენი კი, რომელიც მომავალში პლატონისა და არისტოტელეს სამშობლოდ იქცა, ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანი იყო, რომლებიც დორიელების დაპყრობას გადაურჩა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ძველი ისტორიკოსები და მათ ამ განაცხადს მოწმობს მსგავსება იონურ დიალექტსა და იმ დიალექტს შორის, რომელზედაც ათენის შემოგარენში, ატიკაში, საუბრობდნენ, – სახელად „ატიკური“ ბერძნული.

მილეთი მდიდარი და წარმატებული ქალაქი იყო. მე-19 საუკუნის ავსტრალიის მსგავსად იგი კოლონიიდან დამოუკიდებელ ეკონომიკურ ძალად ცხვრების ხარჯზე ჩამოყალიბდა: ხმელთაშუაზღვაში მატყლი გაჰქონდათ ექსპორტზე. მილეთი და იონიის სხვა ქალაქები იმდენად გამდიდრდნენ, რომ საკუთარი კოლონიები დააარსეს იტალიასა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი, რომელიც მათი ძლიერების განსაკუთრებულ არეალს წარმოადგენდა. ფაქტი, რომ მილეთი იონიის საკმაოდ სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა და წარმატებულად ვაჭრობდა, გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც, ვინც მილეთში ცხოვრობდა, მარტივად უნდა გასცნობოდა როგორც შორეულ აღმოსავლურ, ისე ეგვიპტურ იდეებსა და ხალხებს. ამიტომ ყოველთვის დიდია ცდუნება, ვიფიქროთ, რომ თალესი და სხვა მილეთელი ფილოსოფოსები იდეებს აღმოსავლური და ეგვიპტური ტრადიციებისგან სესხულობდნენ. მაგალითად, თალესმა სახელი გაითქვა მზის დაბნელების წინასწარმეტყველებით ძვ.წ. 585 წელს. და, თუ მან ეს ნამდვილად შეძლო, დასაშვებია, რომ მისი ხრიკი ბაბილონური ასტრონომიული ცხრილის გამოყენებაში მდგომარეობდეს. ამასთან, არსებობს მტკიცებულება, რომ თალესი ეგვიპტეში იყო ნამყოფი.

ამიტომაც, ძვ.წ. მე-6 საუკუნეში მილეთი საცხოვრებლად არაჩვეულებრივი ადგილი იყო, თუკი გსურდათ, რომ პირველი ფილოსოფოსი ყოფილიყავით. თუმცა არც მილეთი ყოფილა ისეთი ქალაქი, სადაც უბრალოდ შეძლებდით, მომდევნო მზის დაბნელების დროის დასადგენად გენებივრათ და ვარსკვლავებისთვის გეცქირათ. ეს ნებივრობა ბევრად უფრო ადრე იქნებოდა, ვიდრე ბერძენი ავტორი ცხოვრების იდეალურ ან სასურველ ფორმად უწყვეტ ჭვრეტას აღწერდა. ამ მხრივ, ჩვენთვის, ფილოსოფოსებისთვის, არისტოტელე წერს განსაკუთრებულად კარგ რამეს,- მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო ჩანს, სინამდვილეში ფილოსოფოსები არ ვართ უბრალოდ მუქთახორები, როდესაც დროს წიგნების კითხვასა და ფიქრში ვატარებთ. პირიქით, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც უმაღლეს მიზნებს აღწევენ და რომლებიც ყველაზე უფრო სრულად ახორციელებენ ადამიანის შესაძლებლობებს. თუმცაღა, როგორც ჩანს, წმინდა აზროვნება თალესისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა. სამყაროსგან მოწყვეტილ მჭვრეტელზე მეტად იგი მრავალ საქმეში ჩახედული ბრძენკაცი იყო. სხვათა შორის, თალესი დასახელებულია ძველ საბერძნეთში ცნობილ ე.წ. „შვიდ ბრძენთაგან“ ერთ-ერთად (მათი სხვა წევრი, რომლის სახელი დღესაც ახსოვთ, ათენის კანონთა ფუძემდებელი სოლონია). თალესის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას საუკეთესოდ მოწმობს ცნობა, რომ იგი აღმოსავლელ მეზობლებთან გასამკლავებლად იონიის ქალაქებს პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებდა. ეს რომ განხორციელებულიყო, შესაძლოა, ამ ქალაქებისთვის დამოუკიდებლობა უფრო მეტ ხანს შეენარჩუნებინა. სინამდვილეში კი, თალესის დროიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მილეთი და იონიის სხვა ქალაქები სპარსული მმართველობის ქვეშ მოექცა.

უფრო სახალისო და, ამასთანავე, თალესის გონების პრაქტიკულობის მაჩვენებელია ამბავი ზეთსაწურებზე. დასაშვებია, რომ ამინდის ცვალებადობის ცოდნა თალესს მოახლოებულ სეზონზე ზეთისხილის უხვმოსავლიანობის წინასწარ დადგენაში დახმარებოდა. იმ დროისათვის, როდესაც მოსახლეობას მოწეული ზეთისხილისგან ზეთი უნდა დაეწურა, თალესმა ბაზარზე ზეთსაწურების მნიშვნელოვანი წილი დაიადა და კარგ სარგებელსაც ნახულობდა. მეორე მხრივ, პლატონი გვიამბობს, რომ თალესი, ცისკენ მიპყრობილი მზერით, სეირნობისას ჭაში ჩავარდა, რადგან წინ არ იყურებოდა. ამბის ანეკდოტურობის სასარგებლოდ, იქვე აღმოჩნდა მოახლე ქალი, რომელმაც დასცინა თალესს,  ხაზი გაუსვა მოსაზრებას, რომ ცის ყურებაში გართული  ფილოსოფოსები საკუთარ ფეხქვეშ დაგებულ სამყაროს ვეღარ ამჩნევენ. ვინაიდან მე თვითონ შემიძლია, წიგნის კითხვაში გართულმა სახლში შესვლისას ფეხის თითი ქვის საფეხურს მივარტყა, ჭაში ჩავარდნილი თალესის მიმართ დიდი თანაგრძნობით ვარ განწყობილი. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები გვკარნახობს, რომ თალესი უნდა წარმოვიდგინოთ მრავალმხრივ განსწავლულ ადამიანად, რომელიც იმდენადვეა ჩართული თავის გარშემო სამყაროში, რამდენადაც ამ სამყაროს, როგორც ერთიანობის ხასიათის ჭვრეტაში.

მაშ, რა სახის მტკიცებულება გვაქვს მის შესახებ? თალესსა და სხვა ადრეულ ბერძენ მოაზროვნეებს „წინასოკრატელებად“ მოვიხსენიებთ: იმად, ვინც სოკრატემდე ცხოვრობდა. თუმცა, როგორც ვნახავთ, ზოგიერთი ე.წ. „წინასოკრატელი“ სინამდვილეში სოკრატეს თანამედროვეა. აღნიშნული მიზეზის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ამ მოაზროვნეებისთვის იარლიყის მიწებება მომავალში მოღვაწე ფილოსოფოსთან მიმართებით მეუხეშება, წიგნის ამ ნაწილს „ადრეული ბერძნული ფილოსოფია“ ვუწოდე. როგორც ჩანს, ამგვარი სიტყვათშეთანხმება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მეცნიერულ ნაშრომებში, თუმცა გამომხატველობითი სიმარტივისთვის ადრეულ ბერძენ მოაზროვნეებზე საუბრისას მაინც ფართოდ გავრცელებულ შესიტყვებას, – „წინასწოკრატელებს“ გამოვიყენებ.

სინამდვილეში, ჩვენი ცოდნა ყველა ამ მოღვაწეზე ეფუძნება არაფერს, გარდა მაცდური არასრული ამონარიდებისა. ამ დარგში მოღვაწენი ასეთ ამონარიდებს „ფრაგმენტებს“ უწოდებენ. თუმცა საკითხის ამგვარი ჩამოყალიბებაც კი უკეთ ისმის, ვიდრე ეს სინამდვილეშია. რაც მართლა გაგვაჩნია, არის გვიანდელი ანტიკურობის ავტორების ნაშრომები ან, უფრო ზუსტად, გვიანდელი ანტიკურობის ავტორების ნაშრომების ასლების ასლები, რომლებიც გვიამბობენ, მაგალითად, თალესზე ან ჰერაკლიტეზე. ზოგჯერ ბედი გვწყალობს და ძველბერძენ მოაზროვნეებს სიტყვასიტყვით ციტირებენ, ან, კიდევ უფრო უკეთეს შემთხვევაში, ამბობენ, რომ ზუსტ ციტირებას შემოგვთავაზებენ და შემდეგ ასეც იქცევიან. ზოგიერთი მათგანი სათქმელს პოეტურად წერდა, ლექსის საზომი (რიტმი) კი, რა თქმა უნდა, ციტატის ნამდვილობის  დადგენას გაცილებით ამარტივებს. მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულთაგან უფრო ხშირად ვხვდებით გვიანდელ მოაზროვნეს, რომელიც მოგვითხრობს, თუ რას ფიქრობდნენ ადრეული მოაზროვნეები, შემდეგ კი ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად ახლოსაა მათი ნაამბობი თავდაპირველ იდეასა და მის ზუსტად ჩამოყალიბებასთან. ფაქტობრივად ეს პარაფრაზირებული ცნობები მოწმეთა ჩვენებები უფროა, ვიდრე ფრაგმენტები, მაგრამ მათი განსხვავება ყოველთვის მარტივი არაა.

იმდენად იღბლიანიც რომ იყო, რომ პირველწყაროს შესაბამის ფრაგმენტს ფლობდე, აუცილებლად ცხადი არ იქნებოდა, თუ სად იწყება და მთავრდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია. წინასოკრატელებზე მდიდარი წყაროების ავტორთაგან ერთ-ერთი არისტოტელეა, რომელსაც მიდრეკილება აქვს, რომ მათი ნააზრევი გადაურიოს საკუთარ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ კიდევ რა უნდა ეფიქრათ მათ და რატომ უნდა ეფიქრათ. უფრო მეტიც, არისტოტელე წინასოკრატელებს მუდმივად საკუთარ თეორიულ ჩარჩოებში აქცევს და ცდილობს, წინამორბედები ისე დაგვანახოს, თითქოს ისინი ხელის ცეცებით მიიწევდნენ არისტოტელეს დიდებული იდეებისკენ. ზემოთ მოყოლილი ამბები სწორედ იმ პრობლემას გადმოსცემს, რომელსაც აქაც ვაწყდებით: ჭაში ჩავარდნის შემთხვევა მშვენიერი ამბავია, მაგრამ შესაძლოა მეტისმეტად მშვენიერიც. ის უფრო სახალისო ანეკდოტს ჰგავს, რომელიც თალესს მხოლოდ იმიტომ მიეწერა, რომ იგი ცნობილი ფილოსოფოსია, ისევე როგორც ოსკარ უაილდსა და დოროთი პარკერს მიაწერენ ხოლმე მახვილგონივრულ გამონათქვამებს, იმისდა მიუხედავად, რომ მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ. თალესის შემთხვევა განსაკუთრებულად რთულია და, სანამ უფრო შორს წავიდოდეთ, უნდა ვაღიარო, რომ მასზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლებლობის ფარგლებში.

ზოგიერთი რამ, რომლებიც უკვე აღვნიშნე, თალესის მიღწევის ერთი მთავარი განზომილების თავისებურებას ავლენს: იგი მეცნიერი იყო, ამ ტერმინის ჩვენეულ გამოყენებასთან მიახლოებული გაგებით. თუკი მასზე რაიმე დანამდვილებით ვიცით, ეს მისი ასტრონომიისადმი ინტერესია. ამბავი ზეთსაწურებზე იმასაც ცხადყოფს, რომ თალესი განსწავლული იყო ისეთ მეცნიერებებში, რომლებსაც ჩვენ საბუნებისმეტყველოს ვუწოდებთ, ან, სულ მცირე, ამ საქმის სათანადო მცოდნე ადამიანად იყო ცნობილი. ამას სხვა ფაქტიც მოწმობს:  არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად, მდინარე რომ გადაეკვეთა, მან იგი ორ კალაპოტად გაყო, რადგან ცალკეული დინებები უფრო წყალმარჩხია, ვიდრე ერთიანი მდინარე. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თალესს თავად არაფერი დაუწერია, არსებობს წყაროები, რომელთა მიხედვით, მან დაწერა წიგნი ზღვაოსნობაზე. ეს ყველაფერი სახასიათოა ძველბერძნული ფილოსოფიისთვის და, სინამდვილეში, ფილოსოფიისთვის თანამედროვე პერიოდამდე. როგორც წინასიტყვაობაში აღვნიშნე, ფილოსოფიის იმისაგან გამიჯვნა, რასაც ჩვენ „მეცნიერებას“ ვუწოდებთ, ახლანდელი დროისთვისაა დამახასიათებელი და ნამდვილად არაა ის, რასაც ძველბერძენი ფილოსოფოსები ცნობდნენ.

ასე რომ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ვთქვათ, რომ თალესი პირველი „ფილოსოფოსია“: ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახელი გაითქვა ბუნების დამოუკიდებელი და, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, მეცნიერული ანალიზით. ამის გამო უჩვეულო არ იქნება, თუ თალესსა და სხვა წინასოკრატელებს რაციონალურებად მოვიხსენიებთ, განსხვავებით იმ სავარაუდოდ არარაციონალური კულტურისგან, რომელიც მათ წინ უძღოდა. თუმცა ამ საკითხისთვის ასე შეხედვა არ ვარგა. ძირითადი ტექსტები, რომლებიც თალესამდე პერიოდის ძველბერძნული კულტურის რწმენების საჩვენებლად გვეხმარება, ჰომეროსსა და ჰესიოდეს ეკუთვნით. ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ შესაძლოა უკვე წინასოკრატელებისთვის ყოფილიყო ბერძნული კულტურის უდიდესი ქვაკუთხედები. ანტიკურ ბერძნულ სამყაროში ეს ტექსტები ისეთივე როლს ასრულებდა, როგორსაც ბიბლია შუა საუკუნეების ევროპაში, და როგორსაც შექსპირი ასრულებს ჩვენთვის, ან ასრულებდა, როდესაც ხალხმა იცოდა შექსპირი. ცხადია, „ილიადა“ და „ოდისეა“ ფილოსოფიური ტექსტები არაა, მაგრამ არც ჰომეროსია არარაციონალური. „ილიადა“, გარდა სხვა ღირებულებებისა, არის აქილევსის მრისხანების ასახვა (როგორც პირველ სტრიქონშია ნათქვამი) მიზეზებსა და შედეგებზე. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ჰომეროსს უკეთ ესმოდა საზოგადოებრივი გარემოს მოტივები და გავლენები, ვიდრე წინასოკრატელების უმეტესობას გაეგებოდა რამე სამყაროს საფუძვლებისა და შედეგებისა. ფაქტი, რომ ჰომეროსი ხშირად იშველიებს ღმერთებსა და ქალღმერთებს ტროას ომში ან ოდისევსის სახლში დაბრუნებისას მომხდარ მოვლენათა ასახსნელად, შესაძლოა არარაციონალურად მიიჩნიო მხოლოდ მაშინ, თუ ფიქრობ, რომ არარაციონალურია, გჯეროდეს ღმერთებისა.

წინასოკრატული ფილოსოფიის მიზანთან უფრო ახლოსაა ჰესიოდეს „თეოგონია“, ღმერთების წარმოშობისა და მათი ბუნების შესახებ დაწერილი პოემა, რომელიც, სავარაუდოდ, მანამდე არსებულ თქმულებებსა და წყაროებს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი მეტად, ზოგი კი ნაკლებად ცალსახად კოსმოლოგიურად აღიქმება იმ გაგებით, რომელიც არც ისე შორსაა წინასოკრატელების კოსმოლოგიისგან, რაზედაც მომდევნო თავებში ვისაუბრებთ. ცხადია, ჰესიოდე თავის ღმერთებსა და ქალღმერთებს საკუთარ კოსმოლოგიურ საფუძვლებს უტოლებს, – მაგალითად, ბერძნული სიტყვა Ouranos (ურანოსი) სამოთხეს ნიშნავს და ჰესიოდესთან ერთ-ერთ ღმერთს ჰქვია სახელად. მაგრამ, ისევ და ისევ, რთულია ჰესიოდე არარაციონალურად შერაცხო. იგი თეოლოგიურ სისტემას აღწერს; და მის თეოლოგიას თანმიმდევრულობისა და რაიმეს ან ყველაფრის ახსნის შესაძლებლობა მაინც აქვს. თუ ფიქრობთ, რომ თეოლოგია არარაციონალურია, მოითმინეთ, სანამ აქვინელამდე მივალთ.

ვფიქრობ, წინასოკრატელების გააზრების უკეთესი გზა იქნებოდა, გვეთქვა, რომ მათი ხედვები, თუნდაც ირიბად, არგუმენტებშია მოქცეული. ჩემთვის ესაა განსხვავება ადრეულ ბერძნულ ფილოსოფიასა და იმავე პერიოდის სხვა კულტურულ შემოქმედებას შორის. თალესის შესახებ ძალზე მცირე მტკიცებულებები გაგვაჩნია იმ არგუმენტების აღსადგენად, რომლებმაც დასაბამი მისცა მის ხედვებს, თუმცა არისტოტელე ალბათ სწორი იყო ამ არგუმენტების, ასე თუ ისე, თავისით ჩამოყალიბება რომ სცადა. შეგვიძლია, მის მაგალითს მივყვეთ და საბოლოოდ თალესის რამდენიმე დადასტურებულ ფილოსოფიურ განაცხადს მივუბრუნდეთ. სახალხოდ ცნობილია, რომ, თალესის აზრით, წყალი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ცოტა ბუნდოვანია, რაში ხედავდა იგი წყლის მნიშვნელოვნებას. არისტოტელეს თანახმად, თალესს სჯეროდა, რომ სამყარო წყალში ხის მორივით ტივტივებს. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს არაფილოსოფიურ-რელიგიური ან თეოლოგიური ტრადიციის კოსმოლოგიურ ხედვასთან: როგორც ჰომეროსი ამბობს, სამოთხე გუმბათივითაა ჩვენ ზემოთ, ხოლო სამყარო ამ გუმბათის ქვეშ, ზღვაზე მოცურავე დისკოა.

თუმცა არისტოტელე თალესსა და წყალზე სხვა რამესაც გვიამბობს: თალესს მიაჩნდა, რომ წყალი კოსმიური საწყისია. შესაძლოა, იგი განჭვრეტდა იმ არგუმენტებს, რომლებიც მისმა პირდაპირმა შთამომავლებმა შეიმუშავეს. როგორც მალე ვნახავთ, უამრავი წინასოკრატელი ფიქრობდა, რომ სამყაროს საწყისი მატერიები სხვა მატერიების შესქელებითა და გაიშვიათებით წარმოიქმნებოდა. ამიტომ შესაძლოა, რომ თალესი აკვირდებოდა წყლის მნიშვნელობას მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების სიცოცხლისთვის, ან წყლის აორთქლების შემდეგ დარჩენილ ნალექებს, და გადაწყვიტა, რომ პირველად ყველაფერი წყლისგან წარმოიქმნება. ახლა ალბათ არ ფიქრობ: „ღმერთო ჩემო, ის ხომ მართალია! ყველაფერი მართლაც წყლისგან წარმოიშობა!“. მაგრამ, თუკი თალესი წყლის პირველსაწყისობამდე ამ გზით მივიდა, მაშინ მისთვის, სულ მცირე, კოსმოსის ახლებური ახსნა და ამ ახსნამდე მიმავალი არგუმენტირებული მსჯელობა უნდა გაცხადებულიყო. არისტოტელეს შენიშვნა, რომ, თალესის აზრით, ყველაფერი, პირდაპირი გაგებით, წყლისგან შედგება, უფრო საეჭვოდ აღიქმება. თალესს რომ ასე ეფიქრა, მაშინ უნდა სჯერებოდა, რომ წყლისგან შედგება ისეთი მეტისმეტად მშრალი და მყარი რამაც კი, როგორიც ქვაა. არანაირი საბაბი არ არსებობს, გვჯეროდეს, რომ თალესი ამას შეეცადა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ახსნა არც ისე მოგვიანებით იმავე ქალაქში მოღვაწე სხვა ფილოსოფოსმა, ანაქსიმენემ, შემოგვთავაზა. კიდევ ერთი ფილოსოფიური განაცხადი, რომლის ავტორობაც თალესს მიეწერება, არის ის, რომ მაგნიტს, ისევე როგორც ქარვას, აქვს სული (სტატიკური ელექტრობის გამო, როცა ქარვას რამეზე გაახახუნებ, ზუსტად ისე მიიზიდავს საგნებს, როგორადაც მაგნიტი). რა შეგვიძლია გავიგოთ აქედან? არისტოტელე თალესსა და მაგნიტზე მაშინ გვიამბობს, როცა ამტკიცებს, რომ ყველა ფილოსოფოსი სულს მოძრაობასთან აკავშირებს. შესაძლოა, არისტოტელე მართალია, როდესაც ამბობს, რომ თალესი უკვე ამას ფიქრობდა: მაგნიტში აუცილებლად უნდა იყოს სული; სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას გამოეწვია მოძრაობა, მიეზიდა ან განეზიდა რკინის ნაჭერი. არისტოტელე იმასაც ამბობს, რომ, თალესის თანახმად, „ყველაფერი სავსეა ღმერთებით“. ფილოსოფიური  საზრისის „ფრთიან გამონათქვამად“ ჩამოყალიბება წინასოკრატული ფილოსოფიის კლასიკური სტილია. როგორც ვნახავთ, ჰერაკლიტე ფილოსოფიის ამ სტილის დიდოსტატია. მაგრამ, მოდი, სერიოზულად მივუდგეთ განაცხადს, რომ ყველაფერი ღმერთებითაა სავსე და განვიხილოთ „სულიერი მაგნიტის“ იდეასთან დადარებით. შედეგად მივიღებთ მშვენიერ პატარა მსჯელობას, რომელიც დაახლოებით ასე გამოითქმის: ყველაფერი ღმერთებითაა სავსე, და მე ამას მაგნიტის მაგალითით აგიხსნით. იგი თითქოს უსიცოცხლოა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სული, რადგან შეუძლია, მოძრაობა გამოიწვიოს. შესაბამისად, თუ განვავრცობთ, გამოვა, რომ, სულ მცირე, იმ აზრის მიღება უნდა შეგეძლოს, რომ ყველაფერს გააჩნია სული, რაც უკვე ღვთაებრივია. ნამდვილად, თალესის მაგიერ ჩვენ ვიშრომეთ, მისი ორი ნააზრევი ჩვენით გავაერთიანეთ, ჩვენითვე ვიმსჯელეთ და დავუკავშირეთ ერთმანეთს, თუმცა, იმედი მაქვს, მომდევნო თავების გავლისას ნელ-ნელა დამეთანხმებით, რომ სწორედ ესაა წინასოკრეტელების ხიბლიც.



მდევარი