ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

რენტგენი მეცნიერი

გააზიარე:


რენტგენი მეცნიერი

ავტორი: ვ. პარკაძე, მ. პარკაძე

რედაქტორი: პროფ. მ. მირიანაშვილი

მსოფლიოს ფიზიკოსები II, თბილისი, 1973

კორექტორი: თაკო ინასარიძე

სტატია გააციფრულა ნატა გოგიტიძემ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

1845-1923

ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს.

გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია) 1845 წლის 27 მარტს. 1866 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი. სტუდენტობის წლებში რენტგენი დაინტერესებული იყო ფიზიკით, რამაც მას საშუალება მისცა 1868 წელს დაეცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სტრასბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგემ პროფ. ა. კუნდტმა შეიტყო რენტგენის ექსპერიმენტული ალღოს შესახებ და 1872 წელს თავისთან ასისტენტად მიიწვია. გასული საუკუნის მეორე ნახევარში კუნდტის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ფიზიკის სკოლა მთელ ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე სკოლად იყო აღიარებული. კუნდტის მეოხებით იქ რენტგენმა სამი წლის შემდეგ პროფესორის წოდება მიიღო, რის შემდეგაც განაგრძო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა გერმანიის რიგ უნივერსიტეტებში: სტრასბურგის, გისენის, ვიურცბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1919 წელს 74 წლის რენტგენმა ფიზიკის კათედრა ვილჰელმ ვინს გადასცა და თვითონ მეტრონომიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად დარჩა. ეს ლაბორატორია მიუნხენის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკის ინსტიტუტში შედიოდა.

რენტგენი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ასე, მაგალითად, ხორცის ჭამის საშუალება მას მხოლოდ კვირაში ერთხელ ეძლეოდა. თუკი რამ ფული ჰქონდა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიის ხელისუფლებას ჩააბარა. ჰყავდა ცოლი, მაგრამ შვილი არ მისცემია. მას განსაკუთრებით სიბერეში გაუჭირდა ცხოვრება. უკვე დაქვრივებული რენტგენი მატერიალურ სიძნელეს ვაჟკაცურად იტანდა. მონარქიული გერმანიის ორდენებზე უარს აცხადებდა, კრებებზე სიტყვით არ გამოდიოდა, მილოცვებს არ იღებდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაჰკავშირებია და, საზოგადოდ, არც სჯეროდა მათი. სძაგდა მხოლოდ მონარქია და, თავის მხრივ, ლიბერალობდა. ნიადაგ დაფიქრებული და გაუცინარი კაცი იყო. მის სახეს ღიმილი მხოლოდ მაშინ დასთამაშებდა, როდესაც ავადმყოფ ცოლს უვლიდა ან თხილამურებითა და ციგებით თოვლში დასრიალებდა.

რენტგენმა უარი განაცხადა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრობაზე. ასევე, უარი განაცხადა ბერლინის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგებლობაზე, რომელსაც ადრე ჰელმჰოლცი განაგებდა (ამ კათედრას დღესაც „ჰელმჰოლცის კათედრა“ ეწოდება).

შრომის რეჟიმი რენტგენს მკაცრი ჰქონდა: მიუნხენის უნივერსიტეტში მუშაობა დილის 8-იდან 12 საათამდე და შემდეგ 2-იდან 6 საათამდე. საღამოობით მის ბინაში იკრიბებოდნენ ასისტენტები, არჩევდნენ როგორც ფიზიკის, ისე ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს. აქ არაერთხელ უსაუბრიათ გორკისა და ჩეხოვის ნაწარმოებების, რუსი ინტელიგენციის დემოკრატიული ტრადიციების, მეფის რუსეთის პოლიციური რეჟიმის შესახებ და სხვ. მაგრამ, თუ საკითხი გერმანელებს შეეხებოდა, მაშინ რენტგენი მგზნებარე პატრიოტი ხდებოდა.

ყოველწლივ რენტგენი 3½ თვეს ისვენებდა: მარტის მეორე ნახევარსა და აპრილს იტალიაში ატარებდა, ხოლო აგვისტო-სექტემბერს ალპებში მიემგზავრებოდა. უყვარდა ნადირობა, სანადირო თოფზე ოპტიკური ჭოგრი ჰქონდა დაყენებული. თავისი გულის ნადებს იშვიათად თუ ვინმეს გაუმხელდა. ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას რენტგენი უწოდებდა „მეფის თვითმპყრობელობის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა ლოგიკურ შედეგს“.

შესანიშნავი ექსპერიმენტატორი რენტგენი დაავადებული იყო დალტონიზმით და ვერ არჩევდა წითელ ფერს ლურჯისაგან.

რენტგენს სძულდა ანტისემიტები და რასისტები. ამიტომაც იყო, რომ გერმანიის ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ უკვე კარგა ხნის გარდაცვალებული ვილჰელმ რენტგენის სახელი ისევე იდევნებოდა, როგორც ცოცხალი აინშტაინი, ებრაელი.

საბჭოთა ფიზიკოსებიდან ყველაზე ახლოს რენტგენთან შემდეგში აკადემიკოსი ა. თ. იოფე იყო. იგი პირველად 1903 წლის დასაწყისში დაუკავშირდა რენტგენს და მათი მეგობრობა რენტგენის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გრძელდებოდა. იოფეს მეცნიერული ზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში რენტგენმა უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა. როცა იოფეს მეფის რუსეთიდან ხელფასი შეუწყვიტეს, რენტგენმა იგი თავის ასისტენტად გააფორმა, ყოველ დღე ამოწმებდა იოფეს ნამუშევარს და ეხმარებოდა რჩევებით. ამით მან ხელი შეუწყო იოფეს მიერ დაწყებული სამეცნიერო-კვლევითი თემის დამთავრებას. ზაფხულობით რენტგენი მეუღლითურთ ხშირად შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ხოლმე. ხელმოკლეობა იოფეს საშუალებას არ აძლევდა, რომ ისიც სადმე წასულიყო დასასვენებლად. ეს ყველაზე უკეთ რენტგენმა იცოდა, ამიტომ იოფეს სთავაზობდა მის ხარჯზე წაჰყოლოდა და იმ სასტუმროში დაექირავებინა ბინა, რომელშიც თვით რენტგენი იქნებოდა დაბინავებული. ამ მიწვევას რენტგენი იმით ხსნიდა, თითქოს საქმისათვის იყო საჭირო და თითქოს იქ იოფეს მუშაობა ელოდა ხოლმე. სინამდვილეში რენტგენი იოფეს მხოლოდ ერთხელ გამოესაუბრა, დანარჩენ დროს იოფე ისე ატარებდა, როგორც დამსვენებელი.

რენტგენმა ა. იოფესთან ერთად დიდი გამოკვლევები ჩაატარა. მათ შეისწავლეს მაიზოლირებელი კრისტალების ელექტროგამტარობა მათი დაშუქებისაგან დამოკიდებულებით. ვ. რენტგენისა და ა. იოფეს ერთობლივი შრომა ამ დარგში ჯერ კიდევ 1907 წელს გამოქვეყნდა „მიუნხენის აკადემიის მოამბეში“.

რენტგენი დიდთან და პატარასთან ერთნაირად მოურიდებელი იყო. მისი ეს უშუალობა გერმანიის იმპერატორზედაც ვრცელდებოდა, მაგალითად, ერთხელ მიუნხენში გერმანული მუზეუმის დასათვალიერებლად რენტგენს ესტუმრა იმპერატორი ვილჰელმ II. რენტგენმა მას ფიზიკის განყოფილება აჩვენა. ამის საპასუხოდ ვილჰელმმა, თავისი საქმიდან გამომდინარე, მოითხოვა არტილერიის განყოფილების დათვალიერება; ამასთან, ახსნა-განმარტებას თვით ვილჰელმი იძლეოდა. რენტგენმა გააჩერა ვილჰელმი და უთხრა: „ეგ ყოველმა ბიჭმა იცის, თქვენ არ შეგიძლიათ ცოტა რამ უფრო შინაარსიანი გვაცნობოთ?“

რენტგენის პირველი შრომები შეეხო სითხეების ძირითადი თვისებების გამოკვლევას, კუმშვას, შინაგან ხახუნს, ზედაპირულ დაჭიმულობას. ამ გამოკვლევათა შედეგად 1883-1892 წლებში რენტგენმა ახალი მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო წყლის მოლეკულური სტრუქტურის შესახებ. ამ შრომების გამოქვეყნების შემდეგ ევროპაში ხმა დაირხა რენტგენის უმაგალითო ექსპერიმენტული ალღოსა და ძალზე ზუსტი ცდების შესრულების უნარის შესახებ. სრულიად მარტივი ცდების საშუალებით მან შეძლო წყლის ორთქლის მიერ ინფრაწითელი სხივების შთანთქმის აღმოჩენა და გაზომვა. ცნობილი ფიზიკოსები ჯ. ტინდალი და ჰ. მაგნუსი რენტგენის ცდების შედეგების გამოქვეყნებამდე დიდ ხანს (და უნაყოფოდ) დაობდნენ ამ მოვლენის არსებობის შესახებ.

მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო რენტგენმა დიელექტრიკებში ელექტრული მოვლენების შესწავლის დარგში. პირო და პიეზოელექტრობის მოვლენების შესწავლის დროს, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, აღმოაჩინა „ცრუ პიროელექტრობის“ მოვლენა. ეს მოვლენა გულისხმობს, რომ პიეზოელექტრული კრისტალების არათანაბარი გახურების დროს კრისტალის ბოლოებზე წარმოიშობა ურთიერთსაწინააღმდეგო ელექტრული მუხტი. არსებითად ეს ეფექტი პიეზოელექტრულია, რაც კრისტალის არათანაბარი გახურების დროს წარმოშობილი შინაგანი დაჭიმულობის ხარჯზე ჩნდება. აღსანიშნავია, რომ რენტგენს ყველა პიროელექტრული ეფექტი შეცდომით პიეზოელექტრობაზე დაჰყავდა.

ელექტრულ ველში დიელექტრიკების ქცევის შესწავლისას რენტგენმა 1890 წელს აღმოაჩინა, რომ ელექტრულ ველში დიელექტრიკის ბრუნვის დროს მის ირგვლივ წარმოიშობა მაგნიტური ველი. იმის გამო, რომ ელექტრულ ველში დიელექტრიკი პოლარიზირდება, რენტგენმა თავისი ცდით თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ მაგნიტური ველი წარმოიშობა მოძრავი მუხტებით. რენტგენის ეს აღმოჩენა დიდად დაეხმარა, ერთი მხრივ, იმ წარმოდგენას, რომლის მიხედვით, ელექტროდენი წარმოადგენს ელექტრონების ნაკადს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო ელექტროდინამიკის შემდგომ განვითარებას.

რენტგენი სწავლობდა აგრეთვე ოპტიკური და ელექტრული მოვლენების ურთიერთქმედებას; კერძოდ, მან გამოიკვლია ორმაგი სხივთტეხის მოვლენა ელექტრულ ველში მოთავსებულ კრისტალებსა და ზოგიერთ სითხეში.

მაგრამ რენტგენის ძირითადი და უკვდავი მეცნიერული დამსახურება ე. წ. „X-სხივების“ აღმოჩენაა, რასაც შემდეგში რენტგენის სხივები ეწოდა. აღმოაჩინა კათოდურ სხივებზე მუშაობისას, 1895 წლის 8 ნოემბერს. პირველსავე ცდებში რენტგენმა შენიშნა ის, რაც ვერ შენიშნეს კათოდური სხივების აღმოჩენიდან 36 წლის განმავლობაში: ეკრანი სუსტად ანათებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინ მოთავსებული განმუხტვის მილი დაფარული იყო შავი ქაღალდით, რომელშიც იმ დროს ცნობილი სხივებიდან არც ერთი არ გადიოდა. ამის შემდეგ, 1895-1897 წლებში, რენტგენმა გამოაქვეყნა სამი სტატია: „სხივების ახალი სახის შესახებ“, „სხივების ახალი სახე“, „X-სხივების თვისებებზე შემდეგი დაკვირვებები“, რომლებშიც დაწვრილებით იყო აღწერილი მის მიერ აღმოჩენილი სხივების თვისებები.

შურიანმა ფიზიკოსებმა, რომელთა სათავეშიც იდგა შემდეგში ცნობილი ფაშისტი ფილიპ ლენარდი, რენტგენის აღმოჩენა მიაწერეს „რომელიღაც ფიზიკოსის“ შემთხვევით ბედს, თითქოს რენტგენს თავის შესანიშნავ ცდებში ლენარდის მილი გამოეყენებინოს. რენტგენის მთელი მეცნიერული მოღვაწეობის ანალიზის, კერძოდ, ზემოხსენებული სამი სტატიის შესწავლის შედეგად, თანამედროვე ფიზიკოსები ასკვნიან, რომ X-სხივების აღმოჩენა და ამ აღმოჩენის შესანიშნავი შესწავლა-დამუშავება იყო არა შემთხვევითი, არამედ კანონზომიერი გამოვლინება არაჩვეულებრივი ექსპერიმენტული ნიჭისა. რაც შეეხება X-სხივების მნიშვნელობასა და მის სამომავლო გამოყენებას მედიცინაში, აქაც რენტგენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ყველაფერი ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი.

X-სხივების აღმოჩენაში ვ. რენტგენს 1901 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ შვედი ინჟინერი ალფრედ ნობელი 1896 წელს გარდაიცვალა და მისი ანდერძის აღსრულებას შვედეთის ხელისუფლება მხოლოდ 1901 წლიდან შეუდგა (ნობელის მიერ დატოვებული თანხის პროცენტების დაგროვების შემდეგ) და პირველი ლაურეატი ამ პრემიისა ვილჰელმ კონრად რენტგენი იყო.

მარტივი ექსპერიმენტული საშუალებებით რენტგენმა აღმოაჩინა X-სხივების ფოტოგრაფიული თვისებები, ამ სხივების მაიონიზირებელი მოქმედება ჰაერზე და ფლუორესცენციის გამომწვევი უნარი. ამგვარად, რენტგენმა აღმოაჩინა X-სხივების არსებობის დამახასიათებელი სამივე მოვლენა. გონებამახვილური ცდებით რენტგენმა დაამტკიცა, რომ მის მიერ აღმოჩენილი სხივები არ ემორჩილება სარკისებრ არეკვლას და რომ განიბნევა გლუვი ზედაპირებიდანაც კი. რენტგენი შეეცადა ექსპერიმენტულად მიეღო X-სხივების დიფრაქცია და ინტერფერენცია, მაგრამ სუსტი გამოსხივების გამო მიზანს ვერ მიაღწია. ეს აღმოჩენა წილად ხვდა გერმანელ ფიზიკოსს, მაქს ლაუეს, რომელმაც 1912 წელს მიაღწია სასურველ შედეგს იმის გამო, რომ მის განკარგულებაში X-სხივების მძლავრი წყარო იყო.

რენტგენმა დაადგინა აგრეთვე ის, რომ X-სხივების შთანთქმა დამოკიდებულია იმ ნივთიერების სიმკვრივეზე, რომელზედაც ისინი ეცემა. მან გვიჩვენა, რომ კათოდური სხივების სიჩქარის გაზრდასთან ერთად იზრდება სხივების განვლადობის უნარიანობა. მასვე ეკუთვნის „რენტგენის მილის“ ამჟამად გავრცელებული კონსტრუქცია – ჩაზნექილი კათოდით და პლატინის დახრილი ანტიკათოდით.

რენტგენს დაებადა აზრი, რომ X-სხივებიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს წარმოადგენს, ოღონდ, სინათლის ტალღისაგან განსხვავებით, სიგრძივია და არა განივი. ეს იყო რენტგენის ერთადერთი მეცნიერული შეცდომა. სინამდვილეში, როგორც ახლაა ცნობილი, რენტგენის სხივების თავისებურება განისაზღვრება მათი რხევის შედარებით მაღალი სიხშირით და ტალღათა სიგრძეების სხვადასხვა თანაფარდობებით ატომებისა და ატომებს შორის მანძილებთან.

ჩვენ გვინდა შევჩერდეთ ვ. რენტგენის, როგორც ადამიანის, კიდევ ერთ შესანიშნავ თვისებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენს მრავალი ფირმა დაბეჯითებით სთხოვდა,  პატენტი აეღო და მათთან ხელშეკრულება დაედო, რენტგენმა ყველა მათგანს უარი უთხრა და შეგნებულად თავისი გამოგონება კაცობრიობას გადასცა.

რენტგენის სხივების აღმოჩენის შემდეგ არა ერთი და ორი ცნობა გამოქვეყნდა ახალი სხივების „აღმოჩენის“ შესახებ. ასეთები იყო, მაგალითად: „g-სხივები“, „N-სხივები“ და სხვ. მაგრამ ექსპერიმენტულად მათი საჯარო შემოწმების შემდეგ ყოველი მათგანი უქმდებოდა. ამავე დროს რენტგენის სხივების აღმოჩენამ უბიძგა ახალ აღმოჩენებსა და გამოკვლევებს; მაგალითად, 1896 წელს ა. ბეკერელმა აღმოაჩინა რადიაქტიური გამოსხივება, დაადგინა X-სხივების ელექტრომაგნიტური ბუნება, მახასიათებელი სპექტრები, მათი პოლარიზაცია და, ბოლოს, გაზომა რენტგენის სხივების ტალღის სიგრძეც.

რენტგენის სხივების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია ფიზიკის განვითარებაში. მან საშუალება მისცა მკვლევრებს, უფრო ღრმად შეესწავლათ ატომის აღნაგობა, რამაც ხელი შეუწყო მატერიის ელექტრონული თეორიის განვითარებას. ყველაფერი ეს კი სათავედ დაედო ფიზიკის ახალი დარგების: ბირთვული ფიზიკისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის წარმოშობას.

ვ. რენტგენმა დატოვა შესანიშნავი მოწაფეები – ექსპერიმენტატორი ფიზიკოსები, რომლებსაც გადასცა თავისი გამოცდილება ზუსტი გაზომვისა და გაწაფა ისინი მკაცრ ანალიზში.

ვ. რენტგენი გარდაიცვალა მიუნხენში 1923 წლის 10 თებერვალს.

ერთი წლის შემდეგ აკად. ა. იოფემ „Успехи физических наук“-ის ფურცლებზე რენტგენი ასე დაახასიათა: „ბრწყინვალე ექსპერიმენტული ტალანტი, ცდის ნათელი და მარტივი დაყენება, ყოველმხრივი და ზუსტი ანალიზი მოსალოდნელი შეცდომებისა, უმაღლესი სიზუსტე და ალბათობა მიღებული შედეგებისა. აი ზოგადი თვისებები ყველა მისი 25 შრომისა, რომლებიც კლასიკურად არის აღიარებული“.

ჩვენთვის, ქართველებისათვის, რენტგენი სხვა მხრივაც არის საინტერესო. მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში 1905-1911 წლებში სწავლობდა შემდეგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის ერთ-ერთი პირველი ასისტენტი, ქართული ალპინიზმის პიონერი, გამოჩენილი ინჟინერი ერეკლე ზაქარიას ძე ლუკაშვილი (1883-1971 წწ.).

პირველ ორ წელს ზოგადი ფიზიკის კურსი ე. ლუკაშვილს ვ. რენტგენმა წაუკითხა და, ბუნებრივია, გამოცდაც მანვე ჩაიბარა. ზედმეტი არ იქნება, თუ მოვიყვანთ ე. ლუკაშვილის მოგონებას ვილჰელმ რენტგენის შესახებ, რომელიც მან პროფესორ ვ. პარკაძეს გაუზიარა: „…საოცარი სიმარტივით და გასაგები ენით გადმოგვცემდა ვილჰელმ რენტგენი ურთულეს ფიზიკურ მოვლენებს. ყოველ ლექციას უამრავი ცდა ახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ლექციის დროს ასისტენტები და ლაბორანტები ეხმარებოდნენ, ყოველ ცდას, სრულიად მარტივსაც კი, უმთავრესად თვითონ ატარებდა.

იგი არაჩვეულებრივად ჰუმანური და კეთილი ხდებოდა გამოცდის დროს. ზოგჯერ სტუდენტებს ისეთი მორიდებით ეკითხებოდა, თითქოს ამის უფლება არ ჰქონდა. ამას სტუდენტები ვგრძნობდით, ვხედავდით და ვაფასებდით კიდეც.

მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1911 წელს დავამთავრე. მას შემდეგ სამოცმა წელმა განვლო, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას ახოვანი, დიდი წვერით დამშვენებული ლამაზი ბატონი ვილჰელმი. მე დამავიწყდა მეთქვა, რომ რენტგენის ლექციები იმდენად მიმზიდველი და საინტერესო იყო, რომ მის მოსასმენად გერმანიის სხვადასხვა ქალაქის სტუდენტები ჩამოდიოდნენ. ამის შემდეგ ყველა მათგანი ტრაბახობდა იმით, რომ ვილჰელმ რენტგენს მოუსმინა. ვახტანგ ბატონო! ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, გეტყვით, რომ მეც ვამაყობ იმით, რომ რენტგენს ორი წლის განმავლობაში ვუსმინე და ორჯერ ჩავაბარე გამოცდა ზოგად ფიზიკაში. ტრაბახა რომ არა ვარ, იმითაც დარწმუნდებით, თუ გეტყვით – ორივე გამოცდაში ოთხიანები მივიღე, რენტგენის ხუთიანი მე არ მღირსებია. ისე, თუ დამიჯერებთ, ხუთიანების მიმართ ეს კეთილი ადამიანი ძალიან ძუნწი იყო“. ამ სიტყვებთან ერთად ე. ლუკაშვილმა გადმომიღო თავისი დიპლომი და დიპლომის დანართი, რითაც თავისი ნაამბობი დაადასტურა.

სამწუხაროდ, ეს შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა. ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ ეს შესანიშნავი პიროვნება 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვ. რენტგენის უმთავრესი შრომა

O новом виде лучей. Пepeвод c нeм., под peд. и c прим. акад. А. Ф. Иоффе, M.Л., 1933 (имеется pa6oт Peнтгена).

ლიტერატურა ვ. რენტგენის შესახებ

А. Ф. Иоффе, Вильгельм-Конрад Рентген «Успехи физических наук», 1924, т. 4, вып. 1.

Л. Ф. Иоффе, Историческое значение открытия Рентгена, Известия Акад. наук СССР, серия физ., 1946, № 4.

А. Ф. Иоффе, Встреча с физиками, М., 1960.

Л. Бобров, Тени невидимого света, М., 1964.

В. К. Томас, Три письма русских физиков В. К. Рентгену, «Успехи физических наук», 1966, т. 90, вып. 3.



მდევარი