რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: სოფიკო ქურდაძე
მდევარი, თბილისი, 2024
რესპონდენტი: ელენე ჯაჯანიძე
თსუ განათლების მეცნიერებათა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ნამუშევარი აქვს სტატიებზე: ,,ბილინგვიზმის გავლენა ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე“, ,,რელიგიის სწავლების მნიშვნელობა საქართველოს საჯარო სკოლებში“ და სხვ.
წინასიტყვაობა
დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო განათლების ხარისხის ზრდასა და პროგრამის განვითარებას, თუმცა დროის სვლასთან ერთად საბაზისო განათლების სისტემა გაუმართავი და არაეფექტური რჩება. ამის შედეგები კი საერთაშორისო კვლევებში საქართველოს დაბალი მაჩვენებლებით აისახება,- საშუალო სკოლის მოსწავლეები ვერ ავლენენ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის უნარებს ფუნქციურ წიგნიერებაში (იგულისხმება კითხვის, წაკითხულის გააზრების, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების უნარები).
ამ ნომრის აკადემიური ინტერვიუსთვის სწორედ სასკოლო განათლების არსებული მდგომარეობის განხილვა გადაწყდა, რესპონდენტად კი შესაბამისი პროფესიონალი მოვიწვიეთ, რომელიც მოკლედ ჩამოაყალიბებს ზოგადი განათლების გავრცელებისა და ხარისხის მეთვალყურეობის ქართულ მოცემულობას.
რას გამოარჩევდით ქართული სასკოლო განათლების მახასიათებლებიდან? როგორ განსხვავდება ამ მხრივ კერძო და საჯარო სასწავლებლები? რა პრობლემებს ვაწყდებით განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით?
საქართველოში ზოგადი განათლების მარეგულირებელი კანონებია: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; ასევე მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა და სხვა კანონქვემდებარე აქტები. ეს საერთო მახასიათებლებია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეყრდნობიან ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ მხრივ სამინისტროს აკისრია როგორც საჯარო, ასევე კერძოს სკოლების სასწავლო მიმართულების განსაზღვრისა და ზედამხედველობის ვალდებულება. თუმცა, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმისა, რომელიც ზოგადი განათლების ერთიანი, ეროვნული და შეთანხმებული ხედვაა, სკოლებს შეუძლიათ შეიმუშაონ სასკოლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სკოლების კერძო საჭიროებები, მიზანი და ხედვა. ამასთან, კიდევ ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ ზოგად განათლებას აფინანსებს სახელმწიფო ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერით, რომელიც მოსწავლეს „თან მიყვება“ განურჩევლად იმისა, როგორ სკოლაში ისწავლის, კერძოსა თუ საჯაროში.
რაც შეეხება პრობლემებს, ნამდვილად გამოსაყოფია საჯარო სკოლებში ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის საკითხი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომელთა ახლა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საერთო სურათს კარგად აჩვენებს საერთაშორისო კვლევებში ჩვენი შედეგები.
გაცილებით ხელმისაწვდომია განათლება ქალაქებში, ვიდრე სოფლად, როგორც საკადრო რესურსის სიმწირის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური გაუმართაობის გამო.
ქართული სასკოლო განათლების მოდელის ძირითადი მახასიათებლებია, მაგალითად, 12-წლიანი სწავლების ხანგრძლივობა, ზოგად განათლებაზე უფრო მეტი ყურადღება და შესასწავლი საგნების არჩევის შესაძლებლობის არქონა. ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ დამამთავრებელ საფეხურზე მაინც მოსწავლეებს შეეძლებოდათ კონკრეტული, მათი მომავალი პროფესიისა თუ ინტერესებისთვის საჭირო საგნების არჩევა?
ზოგადად, ვფიქრობ, რომ სწორედ მოსწავლის ინტერესები, რაც შეიძლება მეტად, უნდა გათვალისწინდეს და სწავლება მოერგოს არსებულ საჭიროებებს, საბაზრო დაკვეთებსა თუ სასწავლო გამოწვევებს. სინამდვილეში, ახლა რაც ხდება დამამთავრებელ კლასებში (ვგულისხმობ საჯარო სკოლებს, უმთავრესად), არავისთვის არაა ალბათ საიდუმლო, მოსწავლეები კერძო მასწავლებლებთან რომ ემზადებიან. ამის შესახებ სკოლამ იცის და მოსწავლეთა სასკოლო გაკვეთილებიდან გათავისუფლებით ხელს უწყობს ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოვან განათლებას“, ნაცვლად იმისა, რომ სასარგებლო გახადოს ეს ერთი წელი აბიტურიენტებისათვის. ეს ორმაგი ფინანსური ხარჯია გადასახადების გადამხდელი მოქალაქისათვის, რომელიც კერძო მასწავლებელსაც უხდის თანხას და ამავე დროს სკოლის ბიუჯეტიდან – მე-12 კლასში შემსვლელ პედაგოგებს ხელფასს.
რა მდგომარეობაა მასწავლებელთა გადამზადებისა და შენარჩუნების მხრივ? როგორ უნდა მიიზიდოს და შეინარჩუნოს სასწავლო დაწესებულებამ კვალიფიცირებული მასწავლებლები? როგორ იზომება მასწავლებელთა ეფექტურობა?
საქართველოში კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა, რასაც არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სკოლებშიც ვაწყდებით (თუ დავაკვირდებით კერძო სკოლებში მასწავლებელთა მიღებისა და თანამდებობის დატოვების სიხშირეს).
რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, ამას მასწავებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი სთავაზობს საჯარო სკოლების პედაგოგებს. ცენტრის მიერ შეთავაზებული წვრთნების, რომლებიც არცთუ იშვიათად ტარდება, თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა ფაქტად რჩება ისიც, რომ უამრავმა მასწავლებელმა გასულ წელს გამოცდები ვერ ჩააბარა. საპასუხოდ გამარტივდა სქემა. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ნაცვლად, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც გამოცდების ჩაბარებითა და აქტივობებით კრედიტების საჭირო რაოდენობა დააგროვეს, პოლიტიკა გარკვეულწილად უსამართლო აღმოჩნდა. ეს გადამზადების პროგრამების შედეგიანობაზე ნამდვილად არ მეტყველებს.
კვალიფიციური მასწავლებლის მისაზიდად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მომხიბვლელი/კონკურენტული ანაზღაურება, მასწავლებელს ორ-სამ ადგილას რომ არ მოუწიოს მუშაობა და სრულად შეძლოს დროისა და ყურადღების დათმობა ერთი სკოლის მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობისთვის. ამასთან, მას უნდა მიეცეს პროფესიული ზრდისა და განვითარების საშუალება, არა სიმბოლური ან ფასადური, არამედ ნამდვილი და კონკურენტუნარიანი.
საქართველოში დამკვიდრებულია აბიტურიენტების კერძო მასწავლებლებთან მომზადება. რა როლს თამაშობენ ისინი საქართველოს განათლების სისტემაში, განათლების სისტემის გამოვლინებას წარმოადგენენ თუ დამხმარე მექანიზმს?
არამხოლოდ საქართველოში. ძირითადი განათლების სისტემის პარალელურად ბევრ ქვეყანაში ვხდებით კერძო მასწავლებლების ჩართულობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ასეთი პრაქტიკა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაზე. ზოგიერთ სახელმწიფოში „ჩრდილოვანი განათლება“ ძირითადი განათლების სისტემის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგალითად, იაპონიაში, ასევე აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში. საქართველოშიც კერძო პედაგოგობა სულ უფრო სისტემური ხდება და, თუ დავაკვირდებით, სცილდება არაოფიციალური საქმიანობის საზღვრებს. მაგალითად, კერძო მომზადების ცენტრები მუშაობენ, თან საკმაოდ ბევრი, მით უფრო ქალაქებში. სინამდვილეში, ამ სურათით ჩანს, რომ „ჩრდილოვანი განათლების“ სისტემის არსებობა ზოგადი განათლების სისტემის გამოვლინებაცაა, ასახავს მის ძირეულ საჭიროებებს, შესაბამისად პასუხობს საბაზრო მოთხოვნებს და, ამავე დროს, განათლების სისტემის დამხმარე მექანიზმადაც გვევლინება.
საქართველოში ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს ყურადღება ნაკლებად ექცევა, განსაკუთრებულად, სამწუხაროდ, სკოლებში; რა წამოწყებებს ისურვებდით სტუდენტებისა და მოსწავლეების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად სასწავლო დაწესებულებებში?
სასურველია არაფორმალური განათლების გამავრცელებელი საზოგადოებებისა და სკოლების მეტად თანამშრომლობა, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, განსხვავებულად დაანახონ მოსწავლეებს სწავლის საჭიროება და სარგებლიანობა; გაზრდის მოსწავლის სამოქალაქო ჩართულობას, გააცნობს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს მათ თვითგანვითარებას და, საერთო ჯამში, კარგად იმოქმედებს მოზარდის/სტუდენტის თვითაღქმასა და თვითშეფასებაზე.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლას გააჩნდეს სრულფასოვანი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მომსახურება, რაც დღესდღეობით ძალიან ბევრ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში უბრალოდ არ არსებობს.
იმავე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მომსახურების არსებობა სტუდენტებისთვისაც უმნიშვნელოვანესია ასაკობრივ თავისებურებებთან, სასწავლო დაძაბულობასა თუ სხვადასხვა ყოველდღიურ გამოწვევასთან გასამკლავებლად. უნივერსიტეტებში აღნიშნული მომსახურება სისტემურად არ გვაქვს, თუმცა ალაგ-ალაგ და დროდადრო ვხვდებით ხოლმე მოხალისეობრივ წამოწყებებს ფსიქოლოგიური დახმარების მხრივ, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, თუმცა – არასაკმარისი.
გარდა ამისა, ვისურვებდი, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრებს გაეთვალისწინებინათ სტუდენტთა საჭიროებები, ფინანსური შესაძლებლობები და მათთვის დახმარება გაეწიათ შეღავათიან ფასად; მით უფრო, რომ დღესდღეობით ფსიქოლოგთან თერაპიაზე სიარული არა საჭიროებაზე პასუხად, არამედ უფრო მეტად ფუფუნებად იქცა, მომსახურების ღირებულებიდან გამომდინარე.
დღეს განათლებაში ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს. რა კეთდება საქართველოში იმისთვის, რომ ციფრული სასწავლო ხელსაწყოებით აღჭურვილი იყოს არა მარტო საკლასო ოთახები, არამედ ყველა მოსწავლე, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო განათლების სისტემაში?
ტექნოლოგიებს სწავლებისას ბევრი მასწავლებელი არ იყენებს იმიტომ, რომ:
1)არ არის ხელმისაწვდომი სკოლაში ციფრული ხელსაწყოები;
2)მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ ფლობს სწავლებისას ტექნოლოგიების საჭიროებისამებრ გამოყენების უნარებსა და ცოდნას.
2022 წლის ზამთარში ჩატარებული კვლევისას ფოკუს-ჯგუფებთან, რომელთაც თავად ვუძღვებოდი მთელი საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლები ასახელებდნენ სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების ნაკლებობას ან სრულ არარსებობას. ამას თან ერთოდა ინტერნეტის არქონა სასოფლო დასახლებებში, განსაკუთრებით – მაღალმთიან სოფლებში. თქვენ წარმოიდგინეთ, პედაგოგები ამბობდნენ, იმას თუ მიაღწევენ, რომ კლასში ერთი კომპიუტერი და ინტერნეტი მაინც ჰქონდეთ, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ. სინამდვილეში, სკოლებში არსებობს კომპიუტერული ოთახი, რომელსაც რესურს-ოთახსაც უწოდებენ ხოლმე, თუმცა ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მასწავლებლებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში შეძლონ საჭიროებისამებრ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.