რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში
მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული თავსაბურავით. მაშინ, როცა ლოცვის დრო ახლოვდება და აზანი[2] იწყება, მეჩეთის მინარეთიდან[3] საკმაოდ ხმამაღლა ისმის მუეძინის[4] ხმა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს, – მოსახლეობა სახლში შედის ან მეჩეთისკენ მიიჩქარის, რომ ზუსტ დროს ილოცოს.