შენი ღონის მდევარი ვარ
აკადემიური გამომცემლობა
–
–
“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი
თანამედროვე კინემატოგრაფიაში გარკვეული ცრუ საზრისების ჩამოყალიბება და მათი საშუალებით ცალკეული რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპული ხატის შექმნა საკმაოდ გავრცელებულია. სიუჟეტურ ხაზებში ცალსახად გამოყოფილი იდენტობის მსაზღვრელებისა და გამორჩეული ქცევის ნაკრებების მინიჭება პერსონაჟებისთვის, თავის მხრივ, აყალიბებს ცოდნას მათი მსგავსი ადამიანების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მიდგომა მიზანმიმართულად განმეორებადი და აღქმადია. ამჯერად ვიმსჯელებ აზიელი პერსონაჟებისათვის მიკერებული მახასიათებლების თავისებურებებზე მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიაში; ვეცდები გამოვყო ის ძირითადი თავისებურებები, მსგავს პერსონაჟთა ფილმებში გამოსახვისას რომ ვაწყდებით, და გავაანალიზო საშუალებები, რომლებითაც ყალიბდება ორიენტალისტური ხატი ეთნიკურად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების შესახებ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავხსნათ თავად ორიენტალიზმის მნიშვნელობა და ის, თუ რა შემთხვევებში გამოვიყენებთ ორიენტალისტურ თეორიებს მოცემული მსჯელობისას.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან
საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები? სწორად აღნიშნეთ - ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი განსაზღვრება, ვიტყოდი, რომ იცვლება ეპოქებისა და პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით. ზოგნი საინფორმაციო ომს განმარტავენ, როგორც სამხედრო ოპერაციების თანადროულ მოქმედებას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ოპერაციებს, რომლებიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისა და განსაზღვრული ჯგუფების აზრის შესაცვლელად ტარდება.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან
საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და საინფორმაციო არხების შექმნა, შემდეგ კი მათი მეშვეობით ტყუილების გავრცელება. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ახალი გზაა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი დაწესებულების შექმნა. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, არსებობს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, რომლებიც ტყუილების გასაბათილებლად საკითხებს ამოწმებენ და წერენ; სწორედ ასეთ დაწესებულებებად წარმოაჩენენ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ არხებს. მაგალითად, 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე შექმნა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გადამოწმებულ ინფორმაციას, დადგენილ ტყუილებს იღებენ და ცდილობენ, რომ სინამდვილე, ფაქტი გააბათილონ. მათი მიზანია საზოგადოების დაბნევა და ფაქტების გადამმოწმებელი ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა; ისეთი განწყობის შექმნა, რომ თითქოს არაფერი არ არის სანდო.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები
თემურ თუშეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო ხატი ჰქონდა, სადაც სადგურებდა გვარის მფარველი ღვთაება. ამ ხატთან წლის განსაზღვრულ დროს მთელი საგვარეულო იკრიბებოდა და გვარის დეკანოზიც ხალხს ამწყალობლებდა. წარმართული დროის ეს ხატები თუშეთში დღესაც მრავლადაა დაცული და თითოეულ სოფელს თავისი სამლოცველო ნიშანი აქვს, სადაც დაცულია ხატის დროშები და რიტუალური ჭურჭელი.