ავტორი: ნინო ხურცილავა
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი
მდევარი, 2025
,,ადამიანის ტვინს აქვს გამაოგნებელი უნარი, მოერგოს და შეიცვალოს – ზრდასრულ ასაკშიც კი“ – ნორმან დოიჯი
წინათქმა
რწმენა ადამიანში თავისთავადაა ჩაშენებული, როგორც თანმდევი სისტემა, რომელიც მუდამ იცვლება გარემო პირობების გავლენით და თავადაც ზემოქმედებს პიროვნებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სხვა. ამ სტატიაში ლაკონიურად მიმოვიხილავ რწმენის ფიზიოლოგიურ შედეგებს – თუ როგორ „ითარგმნება“ სუბიექტური რწმენა ტვინის ნეიროფიზიოლოგიურ ენაზე და როგორ ვითარდება რწმენის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ნეირობიოლოგიური გამოხატულება – პლაცებოს მოვლენა, რომლის დროსაც მოლოდინი ადამიანის ორგანიზმზე დაახლოებით ისევე აისახება, როგორც სათანადო მკურნალობა, მაშინ როდესაც წამალი სინამდვილეში ფარმაკოლოგიურად არ ზემოქმედებს.
ნეირომეცნიერება სულ რამდენიმე ათწლეულია, რაც იკვლევს, თუ როგორ აღიქვამს და ამუშავებს ადამიანის ტვინი სინამდვილეს, რა ნეიროქიმიური გზები ესაფუძვლება პლაცებოს ზემოქმედებას და როგორ შეუძლია რწმენას ადამიანის გადარჩენასთან ერთად მისი დაღუპვაც. შესაბამისად, რწმენის ნეირომეცნიერება შესანიშნავი მაგალითია ,,მედლის ორი მხარისა“; ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენა შესანიშნავი მაგალითია ნეირობიოლოგიური ორმხრივობისა.
რა უნდა ვიცოდეთ ტვინზე?
წინამდებარე თავი ძირითადად ორგანოს გაცნობას მიეძღვნება – ახსნას იმ წვრილმანებისა, რომლებიც მოგვიანებით პლაცებოს მოვლენის გარჩევაში დაგვეხმარება.
დავიწყოთ ზოგადი განმარტებებით. ტვინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ნაწილი. იგი პასუხისმგებელია კოგნიტური[1], ემოციური და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესრულებაზე. ტვინი ნერვული უჯრედებისგან, ნეირონებისაგან, შედგება. ადამიანის ტვინში დაახლოებით 86 მილიარდი ნეირონია. ნეირონი სამ ძირითად ნაწილს მოიცავს: სომა (უჯრედის სხეული), დენდრიტი (ინფორმაციის მიმღები) და აქსონი (ინფორმაციის გამცემი). ნეირონები იღებენ, ამუშავებენ და გადასცემენ ინფორმაციას. ისინი ელექტრული და ქიმიური სიგნალებით (ნეიროგადამცემები) ,,ურთიერთობენ“, ურთიერთქმედების წერტილი კი არის სინაფსი, – სივრცე, რომელიც ორ ნეირონს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ აქ პრესინაფსური, ანუ გამგზავნი, ნეირონიდან ინფორმაცია გადაეცემა პოსტსინაფსურ, ანუ მიმღებ, ნეირონს. სინაფსების უმეტესი ნაწილი ქიმიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის გაცვლა ქიმიური ნივთიერებებით, ნეიროტრანსმიტერებით[2] ხდება. სინაფსების მეორე ნაირსახეობა ელექტრულია. ამ დროს უჯრედებს შორის უშუალოდ მყარდება კავშირი და დამუხტული ნაწილაკები, იონები, გადაეცემა ერთი ნეირონიდან მეორეს. ნეირონებთან ერთად ტვინში გვხვდება გლიური უჯრედები (ნეიროგლია), ე.წ. ნეირონთა ,,დამხმარეები“.
ადამიანის ტვინი დანიშნულების მიხედვით იყოფა რეგიონებად: შუბლისწინა ქერქი, ჰიპოთალამუსი, შუამდებარე ტვინი, ამიგდალა და სხვა. ტვინის რეგიონებისა და უბნების ფუნქციებს საჭიროებისამებრ ზედმიწევნით განვიხილავთ მომდევნო თავებში. აქვე მინდა გავუსვა ხაზი,- ალბათ, ყველაზე მკაფიო ხაზი, მნიშვნელობიდან გამომდინარე,- რომ ტვინში არ არსებობს ერთი ,,ადგილი“, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს რაღაც დანიშნულებას; სინამდვილეში თანაქმედებს ნეირონული კავშირები, როგორც თვითონ ტვინის რეგიონებში, ისე მათ შორის.
ბოლო და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არსებითი იქნება პლაცებოს განსამარტად, არის ნეიროპლასტიკურობა. ადამიანის ტვინს აქვს უნარი, მოერგოს გარემო პირობებს, შეიცვალოს სტრუქტურა და ფუნქციები ახალი გამოცდილებების საპასუხოდ. ეს გამოცდილება კი შეიძლება იყოს ახალი ინფორმაციის მიღება, დამახსოვრება, ფიზიკური დაზიანება და სხვა. ამ დროს ნეირონებს შორის მყარდება ახალი ან ძლიერდება მანამდე არსებული კავშირები. როდესაც ვამბობთ ,,კავშირი ძლიერდება“, ვგულისხმობთ, რომ სინაფსური კავშირი უფრო ხშირად გამოიყენება სიგნალების გასაცემად ან მეტი სიგნალი გადაეცემა (მაგალითად, უფრო მეტი ნეიროტრანსმიტერი გამოიყოფა და გადაეცემა პოსტსინაფსურ, მიმღებ ნეირონს). ხოლო როდესაც ვამბობთ: ,,ნეირონებს შორის ახალი კავშირები წარმოიქმნება“, ვგულისხმობთ, რომ ახალ სინაფსებთან გვაქვს საქმე. აღნიშნული, ბუნებრივია, რომ გავლენას იქონიებს ტვინის აგებულებით ნაწილზე. მართლაც ასეა, ნეიროპლასტიკურობა განაპირობებს სტრუქტურულ ცვლილებებს.
განხილულის სამაგალითოდ, როდესაც ადამიანი რაღაცას სწავლობს, ბროკას უბანსა[3] და მოტორულ ქერქში[4] (თავის ტვინის ქერქის არე, რომელიც ჩართულია თავისუფალი მოძრაობების შესრულებასა და მართვაში) ნეირონებს შორის კავშირები მჭიდროვდება, ხოლო ჰიპოკამპუსსა[5] და შუბლისწინა ქერქში[6] ახალი წარმოიქმნება. აი, თუნდაც, უცხო ენაზე ლაპარაკისას ტვინის ამ უბნებსა და რეგიონებს შორის ასევე მჭიდროვდება და წარმოიქმნება ახალი სინაფსური კავშირები. შესაბამისად, იცვლება ტვინის სტრუქტურული ნაწილი, ადამიანის მსოფლმხედველობა, კოგნიტური უნარ-ჩვევები; სწორედ ამიტომ ამბობენ: ,,რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“.
სხვაობა ფიქრსა და რწმენას შორის
ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ხდება ტვინში, როცა ადამიანი სწავლობს და ფიქრის შედეგად იწყებს თავისი ცოდნის გამოყენებას. საინტერესო კი ისაა, რომ რაღაცის დაჯერებაც ფიქრთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვაობა დიდია. პირველი, თუნდაც მცირედით, უკავშირდება ფაქტების გააზრებას, ხოლო მეორე – განცდას. მაგალითად, განვიხილოთ ორი მოსაზრება: 1. ,,მე ვფიქრობ, რომ სულები არ არსებობენ, ეს ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის კანონებს“; 2. ,,მე ვფიქრობ, რომ სულები არსებობენ: სოფელში ღამით მეორე სართულიდან უცნაური ხმები ისმის“. პირველ შემთხვევაში გვაქვს ობიექტური მოცემულობა (რაციონალურ ფაქტთა მიმდევრობის გააზრების შედეგი), ხოლო მეორეგან – სუბიექტური რწმენა, რომელიც აღიქმება შეგრძნებისაგან, კერძოდ, შიშისგან.
ახლა ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა გავლენა აქვს ტვინის მოქმედებაზე რწმენას. რწმენის ნეირობიოლოგიის განხილვისას მაგალითად მოვიხმობ რელიგიას, რათა მარტივად გასაგები და ინტუიციური გავხადოთ მსჯელობა.
საინტერესოა, რომ მორწმუნე და ათეისტი (თუნდაც აგნოსტიკოსი) ადამიანების ტვინებში აღინიშნება ფუნქციური და სტრუქტურული განსხვავებები, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელია შეგრძნებათა გადამუშავებაზე, შემართებაზე, იმედზე, თვითცნობიერებაზე და ა.შ. რელიგიური ადამიანის ტვინში (და ზოგადად რწმენისას) ქმედითია DPC[7], ინსულა[8] და ამიგდალა[9], რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა კოგნიტურ მოქმედებებსა და განცდების მართვაში. ათეისტი ადამიანების ტვინში (და ზოგადად ფიქრისას) კი მეტად ჩართულია შემდეგი უბნები: DLPFC[10], ACC[11], FG[12].
წინამდებარე ნახაზზე წარმოდგენილია:
A – მორწმუნე ადამიანის მრტ[13] გამოსახულება რელიგიური შინაარსის დებულების წარმოთქმისას; B – ათეისტი ადამიანის მრტ გამოსახულება არარელიგიური შინაარსის დებულების წარმოთქმისას[14]. შესაბამისად, ნათელია, რომ სხვადასხვა შეხედულების ადამიანების ტვინში განსხვავებული რეგიონები მოქმედებს.
ნეირონული ქსელები, რომლებიც ჩართულია რელიგიურ ქმედებებში, ასევე მონაწილეობს ტკივილისა და შიშის მართვაშიც[15]. საბოლოო შედეგი კი არის ის, რომ რელიგიურ ადამიანებს არარელიგიურებზე უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ. ამასთანავე, რელიგიური ადამიანების ორგანიზმი უფრო მარტივად ერგება და უმკლავდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს[16]. შესაბამისად, ნათელია გარემო პირობებისა და მოლოდინის გავლენა ადამიანის ტვინზე.
გასაგებია, რომ რწმენა ზემოქმედებს ტვინსა და ნერვულ სისტემაზე, მაგრამ თავად რწმენის განგრძობითობას რა უზრუნველყოფს?
თუ ადამიანს სულიერი სიმშვიდისთვის სჭირდება მიმართოს რომელიმე რელიგიას, ილოცოს ან იმარხულოს, იგი მოელის, რომ ზებუნებრივთან ერთად მიიღებს წინარე შედეგს – იგრძნობს თავს კარგად. ეს ასეც მოხდება: ადამიანი მართლაც იგრძნობს თავს კარგად ამა თუ იმ იდეის ერთგულებისა და რომელიმე ქმედების შესრულების გამო, რომელზეც კარგი აზრისაა. მას ტვინის დამაჯილდოებელი სისტემა ,,დაასაჩუქრებს“ – ტვინი გამოყოფს ნეირომედიატორებს, მაგალითად, დოფამინს, რომელიც ადამიანს თავს კარგად აგრძნობინებს და აღუძრავს შემართებას.
ნეირომეცნიერ პატრიკ მაკნამარასა და მისი გუნდის კვლევის მიხედვით[17], პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში რელიგიურობის მაჩვენებელი იკლებს, რადგან დოფამინის გამომუშავება მცირდება, რაც ტვინის დამაჯილდოებელი სისტემის მოშლას იწვევს. მაკნამარას ცდის მიხედვით, რაღაცის დაჯერება, რაიმე იდეის ერთგულება დამაჯილდოებელი სისტემის მოშლის, ანუ დოფამინის დონის შემცირების, გამო აღარაა სიამოვნების, კმაყოფილების, შემართებისა და სხვ. წყარო. ესე იგი, რწმენისათვის მნიშვნელოვანი ყოფილა ტვინის დამაჯილდოებელი სისტემა; სწორედ ის გამოდგა რწმენის განგრძობითობის მიზეზი.
ახლა დავსვათ კითხვა, რომელსაც უკვე მარტივად ვუპასუხებთ – რა არის საჭირო რწმენისათვის? – საზოგადოება (გარემო მოცემულობები), რომელიც პიროვნებაზე ზეგავლენას მოახდენს და ჩამოუყალიბებს მას გარკვეულ მოსაზრებას; ამ უკანასკნელს იგი ან დაიჯერებს, ან – არა. თუ ადამიანი აღნიშნულ მოსაზრებას დაიჯერებს, ტვინი აამოქმედებს დამაჯილდოებელ სისტემას; ამიგდალასთან ემოციური შეკავშირების შემდეგ, ნეიროპლასტიკურობის მეშვეობით, ტვინში საბოლოოდ აღიბეჭდება ამ იდეის რწმენის/დაჯერების ,,შედეგიანობა“, სარგებლიანობა.
შესაბამისად, ზოგადად, რწმენა და რაღაცის დაჯერება ნეირონული კავშირების შედეგია. რწმენა ფიზიოლოგიური და საზოგადოებრივი მოცემულობებით ყალიბდება, რომლებიც თავადვე ახდენენ ტვინზე გავლენას, რაც საბოლოოდ ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, მის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მსოფლმხედველობაზე, სინამდვილის აღქმაზე და ა.შ..
მაგია – არაფერია თუ არა რწმენის შედეგი
როგორც ვახსენე, რწმენა ურთიერთგადაჯაჭვული ნეირონული მოვლენების შედეგია, რომელზედაც ზემოქმედებს გარემო, განცდითი გამოცდილება და მოლოდინზე დაფუძნებული ტვინის დაჯილდოების მექანიზმები.
ბევრ რამეს ტვინი იგონებს ჩვენი ყოველდღიურობიდან. ევოლუციურად იგი განვითარდა ისე, რომ მხოლოდ საჭიროების მიხედვით ,,აღიქვას“ გარემო: ადამიანს ესმის მხოლოდ 20 – 20 000 ჰერცის ფარგლებში, ხედავს მხოლოდ ელექტრომაგნიტური სპექტრის მცირე ნაწილს (380-740 ნანომეტრი). ამასთანავე, ტვინი თავად ქმნის ფერებს. პერიფერიული მხედველობის დროს ტვინი ,,ავსებს“ გამოტოვებულ ნაწილებს და თავად ,,ქმნის“ სრულ გამოსახულებას. ტვინს ,,წაშლის უნარიც“ აქვს, ჩვენ ცხვირს სწორედ ამ ,,ფუნქციის“ დამსახურებით ვერ ვხედავთ, – ტვინისთვის მხედველობის არეში მოქცეული ცხვირი უბრალოდ არასაჭირო ინფორმაციაა. საინტერესოა, რამდენად მარტივად მოტყუებადია ის ორგანო, რომელიც თითქოს თავად ჩვენ ყოველდღიურად ,,გვატყუებს“. მაგალითად მინდა მოვიყვანო მეტიუ ბოტვინიკისა და ჯონათან კოენის ცნობილი ექსპერიმენტი – „რეზინის ხელის ილუზია“. კერძოდ, მონაწილეს შეუკრეს ხელი, რომლის ადგილასაც განთავსდა რეზინის პროთეზი. მონაწილის თვალწინ ნამდვილ კიდურსა და რეზინის პროთეზს ერთდროულად ეხებიან. ამ დროს მხედველობითი და მგრძნობელობითი რუკა ტვინში მოკლევადიანი ნეიროპლასტიკურობით იხაზება და რეზინის ხელზე ძლიერი ზემოქმედება ადამიანს სტკივა. დარტყმისას მონაწილეებს განუვითარდათ სუბიექტური განცდა, რომ რეზინის ხელი მათ სხეულს ეკუთვნის. როდესაც ხდება მხედველობითი გაღიზიანება მუქარის ან შეხების ფორმით, ტვინი პასუხობს თანაგანცდითი ან მოლოდინზე დაფუძნებული გზით, რასაც ახლავს ტკივილთან დაკავშირებული უბნების ამოქმედება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი პასუხები არ წარმოადგენს ნამდვილი ფიზიკური ტკივილის ნერვულ გამოხმაურებას, არამედ ესაა მოლოდინით მართული აღქმა.
რწმენას (რომ რეზინის ხელი ადამიანს ეკუთვნის) ნამდვილი ფიზიოლოგიური შედეგი (ტკივილი, ხელის აწევა) მოჰყვა. წარმოდგენამ ტვინის პასუხი განაპირობა, თუმცა პლაცებო და ილუზია ერთი და იგივე არაა. ილუზიის დროს საქმე გვაქვს სენსორულ ინტეგრაციასთან, ანუ გრძნობითი სიგნალების შეკავშირებასთან, ხოლო პლაცებოს დროს – ქიმიურ მოდულაციებთან. ისინი, ილუზია და პლაცებო, იზიარებენ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც ტვინი მოლოდინითა და რწმენით ,,ერევა“ სინამდვილეს.
პლაცებოს მექანიზმზე ვიმსჯელოთ მაგალითის მიხედვით. ექიმმა ბრიუს მოსლიმ შემოგვთავაზა ასეთი ექსპერიმენტი: 80 პაციენტიდან ნაწილს ჩაუტარდა მუხლის ოსტეოართრიტის (სახსრის ქრონიკულ–დეგენერაციული, მრავალმიზეზობრივი დაავადება) სრული ოპერაცია, ხოლო ნაწილს (პლაცებოს ჯგუფს) უბრალოდ მუხლი გაუჭრეს და ნაკერები დაადეს. დროთა განმავლობაში ყველა პაციენტს, პლაცებოს ჯგუფის ჩათვლით, შეუმცირდა ტკივილი.
აი, რა ხდება ამ დროს ტვინში: DLPFC უბანში ,,აღიბეჭდება“, რომ ოპერაცია ჩატარდა, რასაც მოჰყვება შეგრძნებითი ,,ინვესტიცია“ ACC-სა და ამიგდალას მიერ. ტვინის დამაჯილდოებელი სისტემა ერთვება, გამოყოფილი დოფამინი აძლიერებს შემართებას და აუმჯობესებს ემოციურ ფონს – პაციენტი ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მიუხედავად კარგი განწყობითაა. სხეული იწყებს ბიოლოგიური ტკივილგამაყუჩებლების გამოყოფას, რაც ამცირებს ტკივილს. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს პაციენტის მოტორული ფუნქციის აღდგენას, თვითშეფასების ამაღლებასა და დამაჯილდოებელი სისტემის კიდევ უფრო ქმედითობას. რაც უფრო გრძელვადიანია ეს მოვლენა, მით უფრო ხანგრძლივია ნეიროპლასტიკურობა, შედეგად, უფრო მასშტაბურია ჩვენება და, შესაბამისად, უფრო დიდ ,,მაგიას“ ვიღებთ.
პლაცებოს შეუძლია განკურნოს კიბო, ოსტეოართრიტი და რა ხდება ფსიქიკური დაავადებების დროს? პლაცებო ამ შემთხვევაშიც მსგავსად ერთვება – იმდენად, რომ სამეცნიერო საზოგადოებასა და ფარმაკოლოგიურ კომპანიებს თავგზას უბნევს. ზოგადად, ფსიქიკურ დაავადებებს მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, რომლებიც ნეიროგადამცემების საჭირო დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ. სწორედ ანტიდეპრესანტების გავლენას ემსგავსება მსუბუქი და საშუალო სირთულის პაციენტისათვის მიცემული პლაცებო. დამაჯილდოებელი სისტემის შედეგად გამოიყოფა დოფამინი (ანტიდეპრესანტის მიღებისას ეს ფარმაკოლოგიური გზით ხდება, ხოლო პლაცებოსას – მოლოდინითა და რწმენით), ძლიერდება DLPFC-ისა და ACC-ს მოქმედება, იკლებს ამიგდალას აღგზნებადობა, შესაბამისად, – შფოთი და შიში. ამასთან ერთად, მცირდება კორტიზოლის[18] დონე, შედეგად, – ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბულობა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ანტიდეპრესანტების შედეგიანობა დიდწილად უკავშირდება პლაცებოს, ანუ პაციენტების რწმენას, რომ კარგად გახდებიან. მოცემული დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ გამოკეთება შეინიშნებოდა პაციენტებშიც, რომლებიც იღებდნენ არა ანტიდეპრესანტს, არამედ – პლაცებოს[19]. მიუხედავად ამისა, დეპრესიის რთული ფორმის სამართავად პლაცებო არ არის საკმარისი და საჭიროა ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება.
პლაცებოს ბნელი მხარე – ნოცებო
ამ თავში პლაცებოს ზემოქმედების არასასურველ მხარეზე ვისაუბრებ. შინაარსობრივი თვალსაზრისით ძირეულად არაფერი იცვლება, უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი იღბლიანია და ზოგი – უიღბლო; ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ გამოიყენებს (გაუცნობიერებლად) ,,გონების ძალას“. განვიხილავ შემთხვევას, როდესაც ღრმა რწმენას მივყავართ საბედისწერო შედეგებამდე. სინამდვილეში პლაცებოს საწინააღმდეგო მოვლენას თავისი სახელი აქვს – ნოცებო.
ნოცებოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ,,ყალბი ზედოზირების შემთხვევა“. 26 წლის მამაკაცი, რომელმაც 29 ცალი აბი ანტიდეპრესანტი დალია თვითმკვლელობის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს ჰიპოტენზიით[20]. როდესაც ექიმებმა პაციენტს აცნობეს, რომ მის მიერ მიღებული აბები სინამდვილეში პლაცებო იყო, მამაკაცის გვერდითი ჩივილები რამდენიმე საათში გაქრა. პლაცებოსა და ნოცებოს მუშაობის მექანიზმი,- მოლოდინი გავლენას ახდენს ფიზიოლოგიაზე, – ერთია, ხოლო ქიმია – განსხვავებული. პლაცებოს შემთხვევაში თუ რწმენა ხელსაყრელი იყო, ნოცებოსთან იგი არასასურველია; შესაბამისად, ,,მაგიაში“ ჩართული ნეიროგადამცემი დოფამინის მაგივრად, მაგალითად, ქოლეცისტოკინინია, რომელიც აძლიერებს შფოთსა და ტკივილს. როგორც ვახსენე, ერთ უბანს მხოლოდ ერთი ფუნქცია არ აქვს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ნოცებოს შემთხვევაში ჩართულია ACC-ც, DLPFC-ც, ინსულაც და სხვა. როცა ადამიანი ელოდება ყველაზე ცუდ შედეგს, ACC და ინსულა უჩვეულოდ ღიზიანდება. შემდეგ ამიგდალა ხდება ბევრად უფრო ქმედითი, ვიდრე პლაცებოსას, რადგან ახლა უშუალოდ შიში და შფოთი ერთვება. ჰიპოთალამუსი ამიგდალისგან იღებს შეტყობინებას, რომელსაც ფიზიოლოგიური გვერდითი მოვლენებით (პულსის, წნევის ცვლილება, კუნთების შეკუმშვა და სხვა) პასუხობს. ინსულა კვლავ ჰიპერაქტიურია და, მოლოდინიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენებიც კი შეიძლება ,,აღიქვას“ საფრთხედ. ამასთანავე, ნოცებოს დროს ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლების გამომუშავება შეზღუდულია.[21]
შესაბამისად, რწმენა და მისი ნეირობიოლოგიური მექანიზმი არ არის მხოლოდ კარგი ზეგავლენის საფუძველი. ბიოლოგიისა თუ ქიმიისათვის შინაარსი და ქვეტექსტები ნაკლებმნიშვნელოვანია. განსაზღვრული კოდი, მუშაობის მექანიზმი – მოლოდინი გავლენას ახდენს ფიზიოლოგიაზე – შექმნილია. სავალალო იქნება იგი თუ გამოსადეგი, უბრალოდ მისი ,,უფლებამოსილების“ ზღვრების მიღმაა.
ბოლოთქმა
რომ შევაჯამოთ, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სამყაროში ყველაზე რთული სისტემის, ტვინის, განსაკუთრებულობას. ჩემი მიზანი იყო პლაცებოსა და ზოგადად რწმენის ახსნის გზით მეჩვენებინა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს; რა დიდი გავლენა აქვს გარემოს, მოლოდინებსა და წარმოდგენებს სინამდვილის აღქმასა და გარდაქმნაზე. თუმცა, რაც ამ სტატიაში განვიხილე, არ ამოწურავს რწმენის ნეირობიოლოგიას. უამრავი კვლევის მიუხედავად, ნეირომეცნიერება გარკვეულწილად ხსნის რწმენის მოქმედებას. ზუსტად არ ვიცით, რატომ მუშაობს პლაცებო ზოგ ადამიანებზე უკეთ, ვიდრე სხვებზე; ზედმიწევნით არ ვიცით, კერძოდ რა ბიოქიმიური მექანიზმია ჩართული და როგორ ზემოქმედებს იგი კიბოზე, ავტოიმუნურ თუ სხვა რთულ დაავადებებზე. თუმცა დროთა განმავლობაში ნეირომეცნიერება ვითარდება და ბურუსით მოცულ ,,მაგიას“ ნათელი მალე მოეფინება.
ამასთანავე, არ მინდა, რომელიმე მკითხველისთვის რელიგიური კუთვნილების გამო გაურკვეველი დარჩეს სტატიის ჩანაფიქრი. სამყაროში მართლაც არსებობს ,,სასწაულები“, თუმცა ისინი მეცნიერულად აიხსნება.
მეცნიერება არ ცდილობს გააუფერულოს ჩვენი არსებობის აღმაფრთოვანებელი მხარეები, არამედ, პირიქით, ხაზს მათ სილამაზეს უსვამს. მოვლენათა ახსნა გვაახლოებს ,,მიუღწეველ“ ჭეშმარიტებას; ჭეშმარიტების ძიების გზაზე სიარული კი – წინსვლას.
ბიბლიოგრაფია
Oxford University Press. Placebo: Mind over Matter in Modern Medicine. Accessed May 26, 2025. https://academic.oup.com/book/1023.
Campbell, Neil A., and Jane B. Reece. Biology. 9th ed. San Francisco: Pearson Benjamin Cummings, 2011.
Neuroscience News. “Belief May Be as Powerful as Drugs in Changing Behavior.” Accessed May 6, 2024. https://neurosciencenews.com/belief-dosing-behavior-25414/.
Listverse Staff. “10 Mind-Blowing Examples of the Placebo Effect.” Listverse, December 16, 2023. https://listverse.com/2023/12/16/10-mind-blowing-examples-of-the-placebo-effect/.
WebMD. “What Is the Placebo Effect?” Accessed May 26, 2025. https://www.webmd.com/pain-management/what-is-the-placebo-effect.
Lopez, Brian Resnick and Noam Hassenfeld. “The Placebo Effect Is Still a Mystery. Scientists Are Starting to Understand It.” Vox, May 5, 2021. https://www.vox.com/unexplainable/22405880/placebo-mystery-open-label-pain-medicine.
Koenig, Harold G. “Religion, Spirituality, and Health: The Research and Clinical Implications.” ISRN Psychiatry 2012.
Furmark, Tomas, M. Faria, and H. Appe lgren. “Placebo Mechanisms and the Power of Belief in the Human Brain.” Biological Psychiatry Global Open Science 1, no. 2 (2021): 124–132.
Jones, Jeffrey M. “Religion and Wellbeing: A Global Update.” Gallup News, April 13, 2022.
Benedetti, Fabrizio, et al. “Neurobiological Mechanisms of the Placebo Effect.” Journal of Neuroscience 25, no. 45 (2005).
Benedetti, Fabrizio, et al. “How Placebos Change the Patient’s Brain.” Neuropsychopharmacology 34 (2009).
Miller, Franklin G., and Luana Colloca. “The Legacies of Placebo Effects and Informed Consent.” The Journal of Clinical Ethics 18, no. 2 (2007). https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/17484949/.
- [1] კოგნიტური უნარი/ფუნქცია – უნარი სწავლის, შემეცნების, აზროვნების, პრობლემათა გადაჭრისა და დამახსოვრებისა.
- [2] ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნეირონები იყენებენ ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
- [3] ტვინის უბანი, რომელიც გრამატიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაშია ჩართული.
- [4] თავის ტვინის ქერქის არე, რომელიც ჩართულია თავისუფალი მოძრაობების შესრულებასა და ზედამხედველობაში.
- [5] პასუხისმგებელია ლექსიკური მარაგის განვითარებასა და შენარჩუნებაზე, მოკლე და გრძელვადიანი მეხსიერება.
- [6] ტვინის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, გრამატიკული წესების დაცვის უნარზე.
- [7] Dorsomedial Prefrontal Cortex – პასუხისმგებელია განცდების მართვაზე, მახსოვრობაზე.
- [8] ტვინის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილისა და შეგრძნებების გადამუშავებაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე.
- [9] ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია განცდების ჩამოყალიბებასა და გრძნობისმიერ მეხსიერებაზე.
- [10] Dorsolateral Prefrontal Cortex – ტვინის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია კოგნიტური ფუნქციების შესრულებაზე, დაგეგმარებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე.
- [11] Anterior Cingulate Cortex – ტვინის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსის მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე.
- [12] ფრონტალური გირუსი პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებასა და მეხსიერებაზე.
- [13] მრტ – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
- [14] Sam Harris et al., “The Neural Correlates of Religious and Nonreligious Belief,” PLoS One 4, no. 10 (2009): https://doi.org/10.1371/journal.pone.0007272
- [15] Michael A. Ferguson et al., “A Neural Circuit for Spirituality and Religiosity Derived From Patients With Brain Lesions,” Biological Psychiatry 91, no. 4 (February 15, 2022): https://doi.org/10.1016/j.biopsych.2021.06.016
- [16] Frank Newport, “Religion and Wellbeing in the U.S.: Update,” Gallup News, February 4, 2022, https://news.gallup.com/opinion/polling-matters/389510/religion-wellbeing-update.aspx
- [17] Paul M. Butler, Patrick McNamara, Jessica Ghofrani, and Raymon Durso, “Disease-associated differences in religious cognition in patients with Parkinson’s disease,” Journal of Clinical and Experimental Neuropsychology 33, no. 8 (October 2011): 917–28, https://doi.org/10.1080/13803395.2011.575768.
- [18] სტეროიდული ჰორმონი, რომელსაც ხშირად ,,სტრესის ჰორმონს” უწოდებენ.
- [19] Irving Kirsch, “Placebo Effect in the Treatment of Depression and Anxiety,” Frontiers in Psychiatry 10 (June 13, 2019): 407, https://doi.org/10.3389/fpsyt.2019.00407
- [20] მდგომარეობა, როდესაც ადამიანის არტერიული წნევა ნორმაზე დაბალია.
- [21] Fabrizio Benedetti, Martina Amanzio, Sergio Vighetti, and Giovanni Asteggiano, “The Biochemical and Neuroendocrine Bases of the Hyperalgesic Nocebo Effect,” The Journal of Neuroscience 26, no. 46 (November 15, 2006): 12014–22, https://www.jneurosci.org/content/26/46/12014