უფსალის უნივერსიტეტი, შვედეთი
მთარგმნელი: ანა თოთლაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: მარიამ გორდაძე
მდევარი, 2025
პოლიტიკის სოციალიზაციის ათწლეულების განმავლობაში კვლევამ ცხადყო, რომ პოლიტიკაში ჩართული ხალხის შვილები ამ მხრივ მშობლების გზას აგრძელებენ. ეს მოცემულობა დემოკრატიისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, რადგანაც პოლიტიკური უთანასწორობა შესაძლოა მომავალ თაობებს გადაეცეს. წინამდებარე კვლევა ამტკიცებს, რომ პრობლემა იმაზე ყურადსაღები და სახიფათოა, ვიდრე აქამდე გვეგონა. მიზეზი გახლავთ ის, რომ წარსულში ჩატარებული კვლევები მხოლოდ ორ თაობას შეისწავლიდა და უგულებელყოფდა ბებია-ბაბუათა ან დიდ ბებია-ბაბუათა გავლენას. ჩვენს ნაშრომში გამოვიყენებთ შვედეთის რეესტრის მონაცემებს არჩევნებში მონაწილეობის მიხედვით თაობათაშორისი მსგავსებების გასაანალიზებლად. ემპირიული შედგები ცხადყოფს, რომ ტრადიციული მიდგომა – მხოლოდ ორი თაობის შესწავლა – თაობათა შორის მსგავსებებს სრულყოფილად ვერ შეგვაცნობინებს; მეტიც, თაობათა შორის კავშირს იმაზე ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოგვიჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. რამ გამოიწვია თაობათა შორის უფრო დიდი მსგავსება, ვიდრე ამას ორი თაობის მოდელი ვარაუდობდა? ამას ნათელს ჰფენს როგორც გენეტიკის, ისე სოციალიზაციის გავლენის შესწავლა.
პროცედურული დემოკრატიის მიხედვით, ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა შეეძლოს პოლიტიკაში მონაწილეობა და, ამასთანავე, საკუთარი აზრის გამოხატვა მთავრობის მოქმედებებზე (e.g., Dahl 1982, 6). ეს არ გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე პოლიტიკაში ერთნაირად ჩართული უნდა იყოს; არამედ ნიშნავს: ყველას თანასწორი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ გარემოებებში. შესაბამისად, პროცედურული დემოკრატია ემყარება თანასწორი შესაძლებლობის, და არა თანასწორი შედეგის, პრინციპს. ყველა მნიშვნელოვანი ტერმინის მსგავსად, თანასწორი შესაძლებლობის ზუსტი განმარტებაც სადავოა. ერთ-ერთი გავლენიანი მეცნიერის მიხედვით, აღნიშნული პრინციპი მოითხოვს, რომ პიროვნების პოლიტიკური ჩართულობის დონე არ უნდა იყოს დამოკიდებული გარემოებებზე, რომლებსაც ის ვერ მართავს (Roemer 2012). ამ მოსაზრების მიხედვით, როდესაც ადამიანთა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში შეზღუდულია მოცემულობებით, რომლებსაც ისინი ვერ ცვლიან, ეს პოლიტიკური უთანასწორობაა.
ცხადია, მეცნიერები საბოლოოდ ვერასოდეს შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელი გარემოებების მართვა აღემატება ჩვენს ძალებს, თუმცა ცოტამ შეიძლება იდავოს საკითხზე – შეგვიძლია თუ არა საკუთარი მშობლების არჩევა. პოლიტიკურ სოციალიზაციაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შვილების უმეტესობა ემსგავსება მშობლებს – არა მხოლოდ საზოგადოებრივი სტატუსითა და ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. ეს, ცხადია, დემოკრატიისთვის პრობლემაა. დღესდღეობით კვლევების უდიდესი ნაწილი მშობლებისა და შვილების პოლიტიკური მიკუთვნებულობის შესწავლას ეთმობა (e.g., Jennings and Niemi 1968; Jennings, Stoker, and Bowers 2009; Westholm 1999), პოლიტიკურ აქტივიზმში თაობათაშორისი მუდმივობის შესწავლა კი გაცილებით იშვიათია (Beck and Jennings 1982; Cesarini, Johannesson, and Oskarsson 2014; Gidengil, Wass, and Valaste 2016; Jennings and Stoker 2009; Oskarsson et al. 2022; Oskarsson, Dawes, and Lindgren 2018).
როგორც ბრედი, შლოზმანი და ვერბა (2015, 149) აღნიშნავენ, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ საფუძველმდებარე მიზეზების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ აქტივიზმში თაობათაშორის მუდმივობას განაპირობებს. ხსენებული ავტორების მიხედვით, ამ პრობლემის მიზეზი გახლავთ ის, რომ მკვლევრების უდიდესი ნაწილი ყურადღებას მხოლოდ იმაზე ამახვილებს, თუ როგორ გადაეცემა მშობლებისგან შვილებს პოლიტიკური შეხედულებები და კულტურა, ხოლო უგულებელყოფს იმას, რომ თაობათა შორის ასევე გადაიცემა ეკონომიკური რესურსი და უნარები, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას პოლიტიკაში ჩართულობაზე.
ამასთანავე, როგორც გიდენგილი და სხვანი უკანასკნელ კვლევაში აღნიშნავენ, ამ თემაზე შექმნილი ნაშრომები ხარვეზულია სხვა მხრივაც: მხოლოდ მშობლების ზემოქმედებას შეისწავლიან, ბებია-ბაბუათა და უფრო შორეული წინაპრების შესაძლო გავლენას კი უგულებელყოფენ. ეს გასაგებიცააა, ვინაიდან პოლიტიკური აქტივიზმის განგრძობითობაზე დაკვირვება მრავალ თაობაში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მონაცემების შეგროვება-დამუშავებას მოითხოვს. ამასთანავე, მხოლოდ ორი თაობის შესწავლა არსებითად დამაბრკოლებელია, რადგან ვერ აანალიზებს პოლიტიკური უთანასწორობის მუდმივობას, რომელიც შეიძლება მრავალი თაობის განმავლობაში არსებობდეს. შესაბამისად, ასეთი მიდგომით შეუძლებელია სიღრმისეულად ჩავწვდეთ იმ საფუძველმდებარე მიზეზებს, რომლებიც უთანასწორობის განგრძობითობას განაპირობებს (Mare 2011, 20). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ ორი თაობის კვლევისას დასაწყისშივე ვასკვნით, რომ წინა თაობები გავლენას ვერ ახდენენ (გარდა იმ გავლენისა, რომელიც უშუალოდ მშობლების მიერ გადაეცემათ შვილებს).
წინამდებარე ნაშრომის მიზანია არსებული ლიტერატურის ზემოხსენებული ხარვეზის აღმოფხვრა შვედეთის რეესტრის მონაცემების გამოყენებით, რაც არჩევნებში ჩართულობის მხრივ თაობათაშორისი მსგავსებების გაანალიზებაში დაგვეხმარება. უფრო ზუსტად, შევისწავლით თაობათაშორის მსგავსებას საარჩევნო აქტივობაში ოთხი თაობის მიხედვით. გამოვიყენებთ სანდო მონაცემებს, რომლებიც მოიცავს მთელ მოსახლეობას ხუთი არჩევნების განმავლობაში, კერძოდ, 1970-2018 წლებში. ჩვენი კვლევა დაკავშირებულია გიდენგილისა და სხვანის (2021) ნაშრომთან, რომელიც ფინეთის ადმინისტრაციულ მონაცემებს იყენებს იმის დასადგენად, იზრდება თუ არა პირის არჩევნებში მონაწილეობის ალბათობა მაშინ, თუ მისი ბებია-ბაბუა მონაწილეობდა არჩევნებში და პირიქით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევა საკმაოდ განსხვავდება ხსენებულისგან და მნიშვნელოვანი მიგნებების წყაროა.
უპირველეს ყოვლისა, ამ ორი ნაშრომის ემპირიული კვლევის მიზანი სხვადასხვაა. მაგალითისთვის, გიდენგილი და სხვანი (2021) ცდილობენ გაარკვიონ, რომელი უფრო დიდ გავლენას ახდენს შვილიშვილების არჩევნებში ჩართულობაზე – არჩევნებში მონაწილე თუ არმონაწილე ბებია-ბაბუა. ჩვენი კვლევა კი ხმის მიცემასა და არმიცემას ერთი მონეტის ორ მხარედ მიიჩნევს, ვინაიდან გვაინტერესებს, როგორ გადაეცემა თაობიდან თაობას ზოგადად არჩევნებში ჩართულობა. ეს უკანასკნელი კი მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ მნიშვნელოვან საზრისებთან, როგორიცაა თაობათაშორისი გადაადგილება ანდა თანაბარი შესაძლებლობები (Roemer 2004). ასეთი მიდგომა დაგვეხმარება გავზომოთ, რამდენად არასათანადოდ აფასებს ტრადიციული მეთოდი (მხოლოდ მშობლებისა და შვილების შესწავლა) თაობათაშორის მუდმივობას არჩევნებში მონაწილეობის მხრივ.
წინამდებარე კვლევა ასევე ითვალისწინებს გენეტიკის მნიშვნელობასაც, კერძოდ, აანალიზებს იმას, რომ არჩევნებში ჩართულობაში მსგავსება შეიძლება განაპირობოს არა მხოლოდ კულტურულმა და საზოგადოებრივმა მიზეზებმა, არამედ გენეტიკამაც. ჩვენ წარმოგიდგენთ თეორიულ მოდელს, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბებია-ბაბუის გავლენის შესწავლისას მხოლოდ მშობლების არჩევნებში მონაწილეობაზე დაკვირვება არ არის საკმარისი გენეტიკური გავლენების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ორ მოდელს, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს გენეტიკისა და სოციალიზაციის ზემოქმედებას. პირველი მოდელი შეისწავლის თაობათაშორის მსგავსებებს არჩევნებში ჩართულობის მხრივ, თუმცა მხოლოდ ნაშვილებ ადამიანებზე გაამახვილებს ყურადღებას; ამრიგად, გამორიცხავს გენეტიკის გავლენას. მეორე მოდელი ასევე შეისწავლის თაობათაშორის მსგავსებებს არჩევნებში ჩართულობის მხრივ, თუმცა მხოლოდ იმ ადამიანებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელთა ბებია-ბაბუა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა; შესაბამისად, ეს მოდელი გამორიცხავს სოციალიზაციის გავლენას.
ჩვენს კვლევას საფუძვლად მრავალფეროვანი მონაცემები უდევს, რომლებიც მოიცავს მთელ მოსახლეობას ხუთი არჩევნების, ანუ დაახლოებით 50 წლის განმავლობაში. ასეთი კვლევის უპირატესობა ისაა, რომ შეგვიძლია საარჩევნო აქტივობას არა სამ, არამედ ოთხ თაობაში დავაკვირდეთ.
ემპირიული შედეგები ადასტურებს, რომ ტრადიციული გზა (მხოლოდ ორი თაობის შესწავლა) უგულებელყოფს თაობათაშორის მუდმივობას არჩევნებში ჩართულობის კუთხით. ამ მხრივ მსგავსება პირისა და მისი ბებია-ბაბუების, ანდაც დიდი ბებია-ბაბუების, იმაზე დიდია, ვიდრე ტრადიციული მიდგომით დავინახავდით. ჩვენი კვლევის მიხედვით, ასეთი მსგავსება განპირობებულია როგორც გენეტიკით, ისე სოციალიზაციით. ამასთანავე, უფრო ვრცელი ანალიზი ცხადყოფს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ მსგავსება ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის უფრო დიდია, როდესაც მშობლები არჩევნებზე არ დადიან. შესაბამისად, აქტიური ბებია-ბაბუა ანაცვლებს პასიურ მშობლებს. ეს მეტად საინტერესო აღმოჩენაა, რადგანაც ბებია-ბაბუის გავლენის კარგ მხარეს გვიჩვენებს. ასევე, საარჩევნო თვალსაზრისით, რაც უფრო ჩართულია ბებია-ბაბუა, მით უფრო მცირდება განსხვავება აქტიური და პასიური მშობლების შვილების თაობას შორის.
სტატია შემდეგნაირი სტრუქტურითაა აგებული: უპირველესად, განვიხილავთ სხვადასხვა თეორიულ მიდგომას, რომლებიც შეიძლება საფუძვლად ედოს თაობათაშორის მსგავსებებს არჩევნებში ჩართულობის კუთხით; მათ შორის მიმოვიკვლევთ საზოგადოებრივ და გენეტიკურ მიზეზებს. შემდეგ, ჩამოვაყალიბებთ ზოგად სტატისტიკურ მოდელს, რომელიც დაგვეხმარება იმ გარემოებების ამოცნობაში, რომლებიც გავლენას ახდენს საარჩევნო აქტივობის გადაცემაზე თაობებს შორის. ასევე, განვსაზღვრავთ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ამ გარემოებების შეფასება შევძლოთ. შემდგომ დავამუშავებთ ემპირიულ შედეგებს და განვიხილავთ აღმოჩენებს, რომლებიც მრავალი თაობის შესწავლას ეფუძნება. საბოლოო ნაწილში კი წარმოგიდგენთ კვლევის მთავარი შედეგებისა და მათი მნიშვნელობის ანალიზს.
რატომ არსებობს თაობათაშორისი მსგავსება საარჩევნო აქტივობაში?
პოლიტიკის სოციალიზაციის კვლევაში ოჯახის შესწავლა დიდი ხანია ძირეული ნაწილია. მკვლევრები დავობენ იმაზე, როგორ განსხვავდება ოჯახის გავლენა საზოგადოების სხვა ერთეულების გავლენისაგან, თუმცა ცოტას შეუტანია ეჭვი იმაში, რომ პოლიტიკური ქცევა თაობებს შორის გადაიცემა (Jennings and Niemi 1968; Neundorf and Smets 2017).
უკანასკნელი კვლევა ყურადღებას ამახვილებს ორ ზოგად თეორიაზე, რომლებიც ხსნის, როგორ აყალიბებს ოჯახური გარემო მოზარდების პოლიტიკურ ბუნებას (Gidengil, Wass, and Valaste 2016; Neundorf and Smets 2017). პირველი აღიარებული სოციალიზაციით შესწავლის თეორიაა, რომლის მიხედვითაც, ბავშვები პოლიტიკურ ქცევას თავიანთი მშობლებისგან ითვისებენ მითითებებისა თუ დაკვირვების საშუალებით (Jennings and Niemi 1974). მაგალითად, ბავშვი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ გარემოში იზრდება, შესაძლოა ამ მხრივ თავადაც ჩართული გახდეს, რადგანაც მშობლებისგან ხშირად ესმის დარიგება პოლიტიკური აქტივიზმის მნიშვნელობაზე; ანდაც ხედავს, როგორ მონაწილეობენ ისინი პოლიტიკაში (არჩევნებზე ხმის მიცემით, პოლიტიკურ შეკრებებზე დასწრებით და ა.შ). ამ თვალსაზრისით, მშობლები თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს შვილებს გადასცემენ, როდესაც მასწავლებლის ან მისაბაძი პიროვნების როლს ირგებენ. სოციალიზაციის შესწავლის თეორია გახლავთ ზოგადი თეორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ სწავლობს ერთი ადამიანი მეორისგან. პოლიტიკური სოციალიზაციის ლიტერატურაში აღნიშნული თეორია მხოლოდ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას მოარგეს.
პოლიტიკურ აქტივიზმში თაობათაშორისი მსგავსებების ასახსნელად თანაბარი წარმატებით გამოიყენება სტატუსის გადაცემის თეორია (Bengtson et al. 2009; Verba, Burns, and Schlozman 2003). მისი მთავარი მტკიცება ის გახლავთ, რომ შვილები მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებენ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სტატუსს, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. ანდაც როგორც ბრედი, შლოზმანი და ვერბა (2015, 163) ასკვნიან: „გასაოცარია იმის აღმოჩენა, თუ რამდენად განისაზღვრება პიროვნებათა პოლიტიკური ჩართულობა იმ საზოგადოებრივი და ეკონომიკური სტატუსით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“.
ავტორები აცხადებენ, რომ ეს უკანასკნელი მიდგომა სოციალიზაციით შესწავლის თეორიაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია (Schlozman, Verba, and Brady 2012, 186). ასევე დასძენენ, რომ პოლიტიკური აქტივიზმის თაობათაშორისი მიმოცვლის კვლევა მხოლოდ კულტურისა და სოციალიზაციის შესწავლას აუცილებლად უნდა გასცდეს.
ჩვენ ვეთანხმებით ხსენებულ ავტორებს კვლევის განვრცობის აუცილებლობაში, თუმცა მათი შემოთავაზება მაინც ხარვეზულია, რადგანაც ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ შეხედულებები მიმოიცვლება ორ თაობას შორის.
არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული მიზეზი, თუ რატომ ვერ გავრცელდება გავლენა მრავალ თაობაზე. რობერტ პუტნამმა ეს ფაქტი სულ ახლახან შენიშნა, როდესაც მსჯელობდა, რომ ბებია-ბაბუათა მნიშვნელობა ძალიან საგრძნობია აშშ-ში ახალგაზრდებს შორის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განსხვავების კიდევ უფრო ზრდაში: „ბებია-ბაბუებს ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ შვილიშვილების ცხოვრებაში, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, რადგანაც ისინი უფრო ჯანმრთელნი და შეძლებულნი არიან, ვიდრე იყვნენ. თუმცაღა ეს განსხვავებულად აისახება მაღალი და დაბალი კლასის ოჯახებზე. პირველში ბებია-ბაბუები ძირითადად ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ შვილებს, ანუ თავიანთ რესურსებს უმატებენ შვილებისას, მეორეში კი დროითი რესურსით ეხმარებიან მათ, ანუ ანაცვლებენ იმ რესურსს, რომელიც შვილებს უნდა ჩაედოთ. შესაბამისად, ბებია-ბაბუათა მნიშვნელობის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შორის საზოგადობრივი და ეკონომიკური განსხვავება კიდევ უფრო ღრმავდება“ (Putnam 2015, 132–3).
პუტნამის მიერ შემოთავაზებული ორი მიდგომა ძალიან კარგად ერგება თაობათაშორისი გავლენის ზემოთ ხსენებულ ორ თეორიას. ერთი მხრივ, სოციალიზაციით შესწავლის გადმოსახედიდან, დრო მნიშვნელოვანი რესურსია: შვილიშვილებთან დიდი დროის გატარებისას ბებია-ბაბუა, სავარაუდოა, რომ ისევე მოირგებს მასწავლებლისა და მისაბაძი პიროვნების როლს, როგორც ეს მშობლების შემთხვევაში ხდება.
სტატუსის გადაცემის თეორიისთვის, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ-ეკონომიკური რესურსებისა და სტატუსის გადაცემა მომავალი თაობებისთვის. ეს, ცხადია, შესაძლებელია ერთზე მეტ თაობაზე გავრცელდეს. რადგანაც, თეორიის მიხედვით, პოლიტიკურ შეხედულებებში თაობათაშორისი მსგავსებები ეკონომიკური და საზოგადოებრივი რესურსების გადაცემით ყალიბდება, ბებია-ბაბუათა მნიშვნელობა შესამჩნევი ხდება. როგორც მშობლების, ისე ბებია-ბაბუათა მიერ გამოყოფილი დრო და რესურსები ახდენს გავლენას ბავშვების პოლიტიკურ განვითარებაზე, თუმცა ეს გავლენა შესაძლოა ზემოქმედების მიხედვით განსხვავდებოდეს.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: მშობლებისა და ბებია-ბაბუათა მიერ გაღებული რესურსი ერთმანეთის შემავსებელია თუ ჩამნაცვლებელი ბავშვის პოლიტიკური განვითარების გზაზე? თუ ისინი ერთმანეთს ანაცვლებს, გამოდის, რომ პოლიტიკურად აქტიურმა ბებია-ბაბუამ შესაძლოა პასიური მშობლები „გააწონასწოროს“. შესაბამისად, რაც უფრო ქმედითია ბებია-ბაბუა პოლიტიკურად, მით უფრო მცირე იქნება განსხვავება ბავშვებს შორის, რომლებსაც პოლიტიკურად პასიური და აქტიური მშობლები ჰყავთ. საპირისპიროდ, თუ მშობლები და ბებია-ბაბუა ერთმანეთის შემავსებელია, ბებია-ბაბუათა პოლიტიკური ჩართულობა გააღრმავებს განსხვავებას ბავშვებს შორის, რომლებსაც პოლიტიკურად პასიური და აქტიური მშობლები ჰყავთ. საგანმანათლებლო თუ პოლიტიკურ ლიტერატურაში აღნიშნული ორი თეორია მოიხსენიება, როგორც „ჩანაცვლების თეორია“ და „გაძლიერების თეორია“ (Campbell 2008; Lindgren, Oskarsson, and Persson 2019).
სტატუსის გადაცემისა და სოციალიზაციით შესწავლის გარდა, არსებობს სხვა თეორიებიც, რომლებიც არჩევნებში ჩართულობაში თაობათაშორის მსგავსებას ხსნის. მსგავსებებს ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის, ასევე, შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური ახსნა. ამაზე მეცნიერულ წრეებში რამდენიმე ათწლეულია საუბრობენ (Stoker and Bass 2011). მშობლები არა მხოლოდ აყალიბებენ პოლიტიკურ გარემოს შვილისთვის, არამედ გადასცემენ კიდევაც მას გენეტიკურ ინფორმაციას.
დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდია იმ წიგნების სია, რომლებიც პოლიტიკური ქცევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გენეტიკის გავლენაზე მოგვითხრობს (e.g., Alford, Funk, and Hibbing 2005; Oskarsson et al. 2015). შვილად აყვანილთა შესახებ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ მსგავსების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია როგორც გენეტიკა, ისე კულტურა (Cesarini, Johannesson, and Oskarsson 2014; Oskarsson et al. 2022; Oskarsson, Dawes, and Lindgren 2018). შესაბამისად, თუ გენეტიკას სათანადოდ არ მივაქცევთ ყურადღებას, შესაძლებელია, სოციალიზაციის მნიშვნელობა იმაზე უფრო გაზვიადებულად მივიჩნიოთ, ვიდრე ობიექტურად არის (Stoker and Bass 2011).
ბუნებრივია, ნებისმიერი გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ბებია-ბაბუიდან შვილიშვილზე მშობლების გავლით ხდება. შესაბამისად, თუ თაობებს შორის პოლიტიკური ხასიათის მსგავსება სრულად გენეტიკაზეა დამოკიდებული, ასევე, თუ მშობლის გავლენაზე უკვე ვიცით, კავშირი შვილიშვილსა და ბებია-ბაბუას შორის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. ეს შეხედულება ეჭვქვეშ დააყენა გრეგორი კლარკის მიერ შემოთავაზებულმა საზოგადოებრივი გადაადგილების მოდელმა. იგი ეფუძნება აზრს, რომ ბავშვები მნიშვნელოვან თვისებებს მშობლებისგან მართლაც მემკვიდრეობით იღებენ, თუმცა ისეთი დაკვირვებადი შედეგები, როგორიცაა, მაგალითად, სიმდიდრე ანდაც საზოგადოებრივი სტატუსი, ხშირად ამ თვისებების არაზუსტი გამოხატულებაა (Clark 2015; Clark and Cummins 2015).[1]
კლარკის მოდელი შეგვიძლია შემდეგი განტოლების სახით ჩამოვაყალიბოთ:
და
სადაც ei,t აღნიშნავს მშობლისგან მემკვიდრეობით გადაცემულ თვისებას i შვილისთვის; ν η ორი, არამკვეთი შემთხვევითი ცვლადია; λ ზომავს მემკვიდრეობითობის ხარისხს თვისება e-ში; ხოლო ρ აღნიშნავს, თუ რა სიდიდით გამოიხატება ეს თვისება სინამდვილეში.
კლარკის მოდელი მიყვება მარკოვის პირველი რიგის სტრუქტურას, რომელშიც ფარული თვისება (latent trait) ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა, თუმცა მაინც შეიძლება შეგვხვდეს მონაცემში უფრო მაღალი რიგის დამოკიდებულებები. ეს იმიტომ, რომ ბებია-ბაბუის თაობის ქცევა – მაგალითად, მათი არჩევნებში მონაწილეობა – მიგვითითებს, თუ რა გავლენის ხარისხის მქონე იქნება თვისება, რომელიც მშობლების თაობას გადაეცა (Clark and Cummins 2015, 64). კლარკის მოდელის მიხედვით, მხოლოდ ორი თაობის შესწავლის პრობლემა ის გახლავთ, რომ მთლიანად ვერ გვიჩვენებს იმ ფარულ თვისებებს, რომლებიც მშობლების თაობას გადაეცა. მაგალითად, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა არაზუსტი გამოხატულებაა იმ ნამდვილი თვისებისა, რომელიც გადაიცემა. შესაძლოა ხმის მიცემა დაგვეხმაროს განსაზღვრაში, რამდენად აქტიურია პიროვნება პოლიტიკურად, თუმცა არ არის ზუსტი საზომი იმ თვისებებისა (მაგალითად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა), რომლებიც ოჯახში გადაიცემა.
როგორც აღვნიშნეთ, არჩევნებში ჩართულობა მკაფიო გამოხატულება არ არის უფრო ღრმა თვისებებისა. შესაბამისად, ის გვიბიძგებს შეცდომის დაშვებისკენ, როდესაც ვზომავთ, თუ რამდენად გადაიცემა პოლიტიკური ქცევა თაობებს შორის. უფრო ზუსტად, ასეთი შეცდომები გვაფიქრებინებს, რომ მსგავსება პოლიტიკურ ქმედებას შორის იმაზე ნაკლებია, ვიდრე სინამდვილეშია.
როგორც წინამდებარე თავში მოგახსენეთ, არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი თეორიული მიზეზები, რომლებიც გვაფიქრებინებს, მხოლოდ ორი თაობის შესწავლამ შესაძლოა არაობიექტური მსჯელობისკენ გვიბიძგოს. როგორც კლარკის, ისე თაობათაშორისი სოციალიზაციის მოდელმა, გვიჩვენა, რომ ორი თაობის შესწავლით ვერ შევძლებთ დავინახოთ მრავალ თაობას შორის არსებული მსგავსება საარჩევნო აქტივობაში. თუმცა ხსენებულ მოდელებს შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ, პირველის მიხედვით, ბებია-ბაბუათა გავლენა არაპირდაპირია. გვეხმარება რამდენიმე თაობის შესწავლა თაობათაშორისი მსგავსებების აღმოჩენაში თუ მხოლოდ ორ თაობაზე დაკვირვება საკმარისია ამისთვის? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხს დაეთმობა შემდეგი თავი ჩვენი ნაშრომისა.
როგორ განვსაზღვროთ მეთოდები (რომლებითაც გადაიცემა მსგავსი თვისებები თაობებს შორის) და მიზეზები (რომლებიც იწვევს მსგავსებას)
თაობათაშორისი მსგავსება პოლიტიკური აქტივიზმის მიხედვით შეისწავლება პირველი რიგის ავტორეგრესიული მოდელის (AR[1]) გამოყენებით, სადაც t შთამომავალ თაობაში ცალკეული i – სთვის შედეგი yi,t რეგრესირდება მშობელთა თაობა yi,t-1 – ში.
γ1 კოეფიციენტი ზომავს, თუ რამდენად ახდენს მშობლების პოლიტიკური ქცევა გავლენას შვილისაზე. ε კი მოიცავს ყველა იმ გარემოებას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შვილის პოლიტიკურ ჩართულობაზე, თუმცა არ არის ახსნილი მოდელის მიერ. წარმოდგენილი ავტორეგრესიული მოდელის მიხედვით, თაობებს შორის მუდმივად არსებული პოლიტიკური უთანასწორობა გეომეტრიული მიმდევრობის მსგავსია, ანუ მცირდება მომდევნო თაობებში. ეს გვაფიქრებინებს, რომ ერთ თაობაში მომხდარი დროებითი, უეცარი პოლიტიკური მოვლენა გავლენას მალევე კარგავს. მაგალითისთვის, თუ განტოლებაში ყველა ცვლადს ერთნაირად გავზომავთ, შვილებისა და მშობლების პოლიტიკურ ჩართულობას შორის მსგავსება γ1-ის, შვილებსა და ბებია-ბაბუას შორის – Y12-ის, ხოლო შვილებსა და დიდ ბებია-ბაბუას შორის – Y13 -ის ტოლი იქნება (ამ თანმიმდევრობით გაგრძელდება ადრეულ თაობებშიც). შესაბამისად, პოლიტიკურ ქცევაზე გავლენა თაობების მიხედვით სუსტდება. თუ პოლიტიკური გემოვნების გადაცემა მარკოვის პრინციპის მიხედვით მიმდინარეობს, მსგავსება შვილებსა და მშობლებს შორის უფრო დიდი იქნება, ვიდრე შვილებსა და წინა თაობებს შორის. მაგალითად, თუ მშობელსა და შვილს შორის მსგავსება 0.3-ის ტოლია, ბებია-ბაბუის შემთხვევაში ეს რიცხვი 0.09-მდე დაეცემა, კიდევ უფრო წინა თაობის შემთხვევაში კი 0.027-მდე შემცირდება.
თაობათაშორის საზოადოებრივ განსხვავებაზე არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორეგრესიული მოდელი სათანადოდ ვერ აღწერს თაობებს შორის საზოგადოებრივი სტატუსის უცვლელობას. კვლევებმა, რომლებიც რამდენიმე თაობას შეისწავლიდა, აჩვენა, რომ ბებია-ბაბუათა გავლენა შვილიშვილებზე უფრო დიდია, ვიდრე ხსენებული მოდელი აჩვენებს (Braun and Stuhler 2018; Lindahl et al. 2015).
წინამდებარე კვლევის მიზანიც ის გახლავთ, რომ გაარკვიოს, აქვს თუ არა ბებია-ბაბუის თაობას იმაზე დიდი გავლენა შვილიშვილის არჩევნებში ჩართულობაზე, ვიდრე ორი თაობის მოდელი გვიჩვენებს. კვლევის თეორიულ ნაწილში ჩამოვაყალიბეთ ამ მტკიცების სამი შესაძლო მიზეზი: პირველი – სტატუსის გადაცემის თეორიის მიხედვით, ბებია-ბაბუებს შეუძლიათ საზოგადოებრივ-ეკონომიკური რესურსები და სტატუსი გადასცენ როგორც შვილებს, ისე შვილიშვილებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს თაობათა შორის მსგავსება არჩევნებში ჩართულობის მხრივ; მეორე – ბებია-ბაბუებს შეუძლიათ, სოციალიზაციის წყალობით, შვილიშვილებს გადასცენ თავიანთი ფასეულობები (ანუ მოირგონ მასწავლებლის ან მისაბაძი პიროვნების როლი); მესამე – ზოგიერთი თვისება, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევნებში მონაწილეობაზე, გენეტიკურად გადაიცემა და სრულად არ გამოიხატება მშობლების ქცევაში. შესაბამისად, ბებია-ბაბუას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს შვილიშვილის ქცევაზე სწორედ ამ მემკვიდრეობით მიღებული ფარული თვისებების გამო.
იმისათვის, რომ მოვახერხოთ თაობათაშორისი მსგავსებების შესაძლო მიზეზების სრულად აღწერა, გამოვიყენებთ ორტოლობიან მოდელს:
და
სადაც yi,t−1 და yi,t−2 – ასახავს მშობლებისა და ბებია-ბაბუის საარჩევნო აქტივობას, e – იმ ფარულ თვისებას, რომელიც მშობლიდან შვილს მემკვიდრეობით გადაეცა, X – მშობლებისა და ბებია-ბაბუის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სტატუსს, ε და ν – ორი შემთხვევითი ცვლადია.
სოციალიზაციაზე დაკვირვებისას ჩვენ ერთი კითხვით ვხელმძღვანელობთ: კერძოდ, აქვს თუ არა ბებია-ბაბუის ქცევას პირდაპირი გავლენა შვილიშვილზე. ამის დასადგენად სხვა გარემოებებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მსგავსი ქცევის ჩამოყალიბებას.
არსებობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ჩავსვათ განტოლება (4)-ში მშობლებისა და ბებია-ბაბუის საზოგადოებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ კავშირს სხვადასხვა თაობის საარჩევნო აქტივობას შორის. დავუშვათ გავასწორეთ ყველა ცვლადი, მაშინ y1 და y2 მჭიდროდ დაუკავშირდება თაობათაშორის მსგავსების კოეფიციენტს. მათემატიკურად რომ შევხედოთ, ნაწილობრივი რეგრესიის კოეფიციენტი და ნაწილობრივი მსგავსების კოეფიციენტი ზომავენ ერთსა და იმავე განსაკუთრებულ გავლენას ორი სხვადასხვა გზით, თუმცა რეგრესიის კოეფიციენტების სტანდარტიზაციის მსგავსი მეთოდებით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნაწილობრივი მსგავსების კოეფიციენტი ნაწილობრივი რეგრესიის კოეფიციენტის (1- R2x )1/2 გამრავლებით, სადაც Rx2 დეტერმინაციის კოეფიციენტია, როცა დამოუკიდებელი ცვლადით (yt-1 ან yt-2) ვაკეთებთ რეგრესიას.
ნაწილობრივი გადაცემისა და ნაწილობრივი კორელაციის კოეფიციენტები ერთმანეთს გაუტოლდება მაშინ, როცა ჩვენს მოდელში მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ცვლადი იქნება ან ჩვენთვის სასურველი დამოუკიდებელი ცვლადი არ იქნება კავშირში ტოლობის მარჯვენა მხარეს მყოფ ცვლადებთან. სხვა შემთხვევაში მათ შორის შეფარდება (1- R2x )1/2 -ის ტოლი იქნება. მეტი მოხერხებულობისთვის წინამდებარე კვლევაში წარმოვადგენთ შედეგებს შესწორებული თაობათაშორის გადაცემის კოეფიციენტებით.
სამწუხაროდ, გენეტიკის გადაცემის შემთხვევაში ვერ ვიყენებთ უკვე ნახსენებ მეთოდს, რადგან ცვლადი e არ არის პირდაპირ დაკვირვებადი. თუ განტოლება (4)-ს გამოვითვლით ფარული თვისების გათვალისწინების გარეშე, მაშინ ბებია-ბაბუის მსგავსების კოეფიციენტში გამოჩნდება როგორც სოციალიზაციის, ასევე გენეტიკის გავლენა. ამ მოსაზრებას ფორმალურად წარმოგიდგენთ დამატებით თავში, სადაც შედარებით მარტივი მოდელისთვის გამოგვყავს თაობათაშორისი მსგავსების სტრუქტურა (იხილეთ A.2.1 დანართში). წარმოდგენილი ანალიზი მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო აქტივობის შესწავლისას გამოვლინდება ბებია-ბაბუის გავლენა ან რაიმე ფარული თვისება, რომელიც შვილებს გადაეცათ მშობლებისგან. მეორე მხრივ, 4 არჩევნების მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი არ იქნება საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ გავმიჯნოთ გენეტიკური და საზოგადოებრივი მექანიზმები. ამრიგად, გავლენა ექნება როგორც ბებია-ბაბუის ზემოქმედებას, ამასთანავე ფარული თვისების არასრულყოფილად გაზომვასაც.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია კიდევ სხვა თაობებზე ან ავარჩიოთ ისეთი ჯგუფები, რომლებზეც მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მოქმედებს. ჩვენი ემპირიული კვლევა გრძელდება ორი ასეთი ჯგუფის შესწავლით.
პირველად, ჩვენ ვიყენებთ Cesarini, Johannesson, and Oskarsson (2014) მიდგომას და ვიკვლევთ თაობათაშორის მსგავსებას აყვანილი ბავშვების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას ამ ჯგუფზე, რომ გამოვრიცხოთ გენეტიკის გავლენა. ჩვენს განტოლება (5)-ში კი λ შეგვიძლია 0-ის ტოლად მივიჩნიოთ, რათა მივიღოთ დამოუკიდებელი y2[2].
მეორე მხრივ, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ადამიანებზე, რომელთაც არ ჰქონიათ ურთიერთობა ბებია-ბაბუასთან (მაგალითად, მათ დაბადებამდე გარდაიცვალნენ). ამ შემთხვევაში, ჩვენ უგულებელვყოფთ ბებია-ბაბუის საზოგადოებრივ ზემოქმედებას, რაც გვეხმარება ფარული გავლენის გაზომვაში. ჩვენი დაშვებით, y2 ხდება 0 განტოლება (4)-ში იმათთვის, ვისაც დაბადებამდე გარდაეცვალა ბებია-ბაბუა. შემდეგ ემპირიულ ანალიზს ორი მიმართულებით ვიყენებთ. უპირველესად, ჩვენ ვეძებთ ისეთ გარემოებას ხმის მიცემის შესწავლისას, რომელიც არ აიხსნება პოლიტიკური მსგავსების ორი თაობის მოდელით. ხოლო შემდეგ ვცდილობთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ ის სავარაუდო მიზეზები, რომლებიც რამდენიმე თაობას შორის მსგავსებას იწვევს; ამისათვის ჩვენ განსხვავებულ ქვეჯგუფებს გამოვიყენებთ. მომდევნო თავი აღწერს ჩვენ მიერ გამოყენებულ მონაცემებს.
თაობათაშორისი მსგავსების გაზომვა
როგორც შესავალ ნაწილში ჩამოვაყალიბეთ, ჩვენი ემპირიული ანალიზი შვედეთს ეხება, რაც მონაცემთა ხელმისაწვდომობის გამო გადავწყვიტეთ. ვინაიდან შვედეთს საზოგადოებრივი თანასწორობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, თეორიის მოსასინჯად არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გამოდგა.
საარჩევნო აქტივობაში თაობათაშორისი მსგავსებების დასადგენად გამოვიყენებთ სხვადასხვა მონაცემს ადმინისტრაციული რეესტრიდან. შვედეთის რეესტრი მოიცავს მონაცემებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მკვლევრებს 1932 წლის შემდეგ დაბადებული თითქმის ყველა ადამიანი მშობელთან დააკავშიროს. ასეთი მონაცემების გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ მრავალთაობიანი საოჯახო ხეები, რომლებიც სამ-ოთხ თაობას დააკავშირებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე დიდი წინაპარი 1932 წლის შემდგომ არ იყოს დაბადებული. საოჯახო ხეზე ასაკით ყველაზე პატარა თაობას ვუწოდებთ შვილებს, მათზე დიდ თაობას – მშობლებს, შემდეგ თაობას – ბებია-ბაბუას და ბოლოს – დიდ ბებია-ბაბუას. შვილების თაობიდან მხოლოდ იმ პიროვნებებს შევისწავლით, რომლებიც 1970-2000 წლებში დაიბადნენ. ასევე გამოვრიცხავთ ადამიანებს, რომელთაც ერთი მშობელი მაინც 18 წლამდე ასაკში გარდაეცვალათ (დაახლოებით 4%), ვინაიდან, სავარაუდოა, რომ ასეთ დროს მშობლის როლი ბებია-ბაბუამ იკისრა[3].
შემდეგ საფეხურზე ვიყენებთ მონაცემებს, რომლებიც აღწერს განსაკუთრებულ პიროვნულ მახასიათებლებს. ასევე, დავიხმართ დაწვრილებით ინფორმაციას სხვადასხვა ადმინისტრაციული წყაროდან სხვადასხვა თაობის ადამიანების დემოგრაფიული და საზოგადოებრივ-ეკონომიკური მახასიათებლების შესასწავლად. მშობლებისა და ბებია-ბაბუების საზოგადოებრივ-ეკონოიკური სტატუსის გასაანალიზებლად დავეყრდნობით სამ მონაცემს: შემოსავალს, განათლებას, მათი სამსახურის სტატუსს საზოგადოებაში. შემოსავლის დონეს ვასწორებთ ასაკობრივ ჯგუფებსა და სქესს შორის არსებული განსხვავებების მიხედვით. სამსახურებრივი სტატუსის განსასაზღვრად გამოვიყენებთ კემბრიჯის ცნობილ საერთაშორისო სკალას (Prandy and Jones 2001), რომელიც ზომავს თანამდებობის სტატუსს 0-დან 1-მდე. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით მეტადაა თანამდებობა საზოგადოებაში დაფასებული (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი). შვილების თაობაში საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსის გასაზომად მხოლოდ განათლების დონეს გამოვიყენებთ, ვინაიდან პერიოდში, რომელსაც ჩვენ შევისწავლით, ამ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს. შესაბამისად, შემოსავლის დონე ანდაც სამსახურის დაფასების ხარისხი სტატუსის ზუსტი საზომი ვერ იქნება.
თუმცა არ არსებობს არავითარი ადმინისტრაციული წყარო, რომელიც გაგვარკვევდა, მიიღო თუ არა პიროვნებამ არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ გამოვიყენებთ ოფიციალურ, სამთავრობო სიებს, რომლებშიც მოცემულია ყველა იმ პირის მონაცემი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ხმის მისაცემად საჭირო მოთხოვნებს. შევძელით 1970, 1982[4], 1994 და 2018 წლების არჩევნების მონაცემების გაციფრულება. მივიღეთ საკმაოდ დიდ ინფორმაცია,- უფრო ზუსტად, მოცულია 1975 წლის არჩევნებში მონაწილეთა 75% და 2010, 2018 წლების არჩევნებში მონაწილეთა 95%. ასევე, ხსენებულ მონაცემებს სამეცნიერო წრეებში დიდად ენდობიან (Lindgren, Oskarsson, and Persson 2019)[5].
შემდეგი საფეხურია გამოთვლა იმისა, თითოეული თაობიდან არჩევნებში საშუალოდ რამდენმა მიიღო მონაწილეობა. გამოვიყენეთ მხოლოდ ხელმისაწვდომი მონაცემები (თუ ინდივიდი ან მონაცემი ვერ მოიძებნა, გამოთვლისას არ გაგვითვალისწინებია). რათა დაგვედგინა, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, შვილების თაობაში ინდივიდუალური დონის მონაცემები გამოვიყენეთ. სხვა თაობებისთვის კი საშუალო მონაცემი გამოვთვალეთ, რამაც შეგვაძლებინა გამოგვერიცხა ერთჯერადი მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევნებზე[6].
შესაბამისად, ადამიანებზე, რომლებიც 1977 წლამდე დაიბადნენ, სამი განსხვავებული არჩევნების მონაცემები მოგვეპოვება. გამოდის, რომ დამოკიდებული ცვლადი სამ არჩევნებს ეფუძნება მათთვის, ვინც 1977 წლამდე დაიბადა, ორ არჩევნებს მათთვის, ვინც 1977-1992 წლებში დაიბადა, და ერთს მათთვის, ვინც 1992 წლის შემდეგ დაიბადა.
სამი თაობის მონაცემების მიხედვით, 19%-მა სამივე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, 52%-მა – ორ არჩევნებში, 29%-მ კი – ერთში. ოთხი თაობის მონაცემების გათვალისწინებით, 1%-მა მიიღო სამ არჩევნებში მონაწილეობა, 47%-მა – ორში, 52%-მა კი – ერთში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების რაოდენობა განსხვავდება ინდივიდების მიხედვით, ამომრჩეველთა ჯამური აქტივობა საკმაოდ მდგრადია. სამი თაობის მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა ჯამური აქტივობა მერყეობს 88%-დან 91%-მდე, ოთხი თაობის შემთხვევაში კი 86%-დან 90%-მდე.
სამი თაობის განმავლობაში მონაცემები გვაქვს 2,733,689 ბავშვზე, ოთხი თაობის განმავლობაში კი – 1,092,423 ბავშვზე. ცხრილი 1 წარმოგიდგენთ ზოგად აღწერილობით სტატისტიკას სამი და ოთხი თაობის შესახებ (დაწვრილებითი აღწერილობისთვის იხილეთ დანართი). როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველთა ჯამური აქტივობა საკმაოდ დიდია – ყველა თაობაში 86%-დან 91%-მდე მერყეობს. პიროვნებათა მახასიათებლები სამთაობიან და ოთხთაობიან ნიმუშში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მთავარი განსხვავება ნიმუშებს შორის ისაა, რომ ოთხთაობიანის შემთხვევაში პირები უფრო ახალგაზრდანი არიან და თაობათა შორის ნაკლებია დროითი სხვაობა.
ცხრილი 1. აღწერილობითი სტატისტიკა |
|||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საშუალო მნიშვნელობა | სტანდარტული გადახრა | საშუალო მნიშვნელობა | სტანდარტული გადახრა | ||||
შვილების თაობა | |||||||
საარჩევნო აქტივობა | 0.88 | 0.27 | 0.87 | 0.30 | |||
სქესი | 0.49 | 0.50 | 0.49 | 0.50 | |||
განათლება | 12.96 | 2.09 | 12.44 | 1.94 | |||
მიგრაციული ისტორია | 0.13 | 0.34 | 0.09 | 0.28 | |||
დაბადების წელი | 1984.82 | 8.77 | 1991.46 | 5.86 | |||
მშობლების თაობა | |||||||
საარჩევნო აქტივობა | 0.91 | 0.17 | 0.90 | 0.18 | |||
შემოსავალი | 0.53 | 0.13 | 0.50 | 0.10 | |||
განათლება | 12.00 | 2.14 | 12.15 | 1.80 | |||
თანამდებობის სტატუსი | 0.49 | 0.11 | 0.48 | 0.10 | |||
დაბადების წელი | 1955.39 | 9.00 | 1963.22 | 5.49 | |||
ბებია-ბაბუის თაობა | |||||||
საარჩევნო აქტივობა | 0.89 | 0.16 | 0.90 | 0.14 | |||
შემოსავალი | 0.46 | 0.14 | 0.47 | 0.12 | |||
განათლება | 9.08 | 1.97 | 9.80 | 1.89 | |||
თანამდებობის სტატუსი | 0.44 | 0.10 | 0.45 | 0.09 | |||
დაბადების წელი | 1926.10 | 11.10 | 1936.20 | 6.52 | |||
საარჩევნო აქტივობა | 0.86 | 0.20 | |||||
შემოსავალი | 0.42 | 0.15 | |||||
განათლება | 7.49 | 0.97 | |||||
თანამდებობის სტატუსი | 0.39 | 0.09 | |||||
დაბადების წელი | 1909.85 | 6.19 | |||||
შედეგები | 2,733,689 | 1,092,423 |
თაობათაშორისი მსგავსება არჩევნებში მონაწილეობის მხრივ იმაზე დიდია, ვიდრე ველოდით?
ცხრილი 2 ასახავს ზოგად შედეგებს სამი თაობის შესახებ. ყველა მოდელი შეიცავს ინფორმაციას სქესის, მიგრაციული წარსულის, დაბადების წელის შესახებ შვილების თაობაში; ასევე ნაჩვენებია დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაცია ყველა თაობისთვის[7]. ყველა ამომრჩევლის მონაწილეობის მაჩვენებელი გასწორებულია ისე, რომ მისი საშუალო მნიშვნელობა უდრიდეს ნულს, ხოლო სტანდარტული გადახრა – ერთს.
ცხრილის პირველ სვეტში წარმოდგენილია ორი თაობის ანალიზის მიხედვით მიღებული შედეგები, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა წინა კვლევებში. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მსგავსება შეინიშნება შვილისა და მშობლის არჩევნებში ჩართულობას შორის. თაობათაშორისი მსგავსების კოეფიციენტი 0.26-ის ტოლია. გამოდის, რომ პირები, რომელთა მშობლები მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, გაცილებით მეტად არიან მიდრეკილნი თავადაც ასე მოიქცნენ[8].
თუმცა, ამ კვლევის უპირველესი მიზანი გახლავთ დაადგინოს, საკმარისია თუ არა მხოლოდ ორი თაობის შესწავლა პოლიტიკურ აქტივიზმში თაობათაშორისი მუდმივობის მოსახელთებლად და, შესაბამისად, გვჭირდება თუ არა, სხვა თაობებიც ვიკვლიოთ. მეორე მოდელი აფასებს შვილების თაობის საარჩევნო აქტივობას ბებია-ბაბუების საარჩევნო აქტივობის მაჩვენებლის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დიდია კავშირი შვილებისა და ბებია-ბაბუების თაობებს შორის: მსგავსების კოეფიციენტი 0.11-ის ტოლია. გამოდის, პირები, რომელთა ბებია-ბაბუებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, გაცილებით მეტად არიან მიდრეკილნი თავადაც ჩაერთონ არჩევნებში.[9]
შენიშვნა: ყველა მოდელი მოიცავს ცვლადებს სქესის, მიგრაციული ისტორიის შესახებ. ასევე, მოიცავს მშობელთა გასაშუალოებულ დაბადების წელს, შვილის დაბადების წელსა და კვლევაში ჩართულ მშობელთა რაოდენობას (უკანასკნელ ორ შემთხვევაში გათვალისწინებულია გარეგანი ზემოქმედება, რათა კვლევაზე გავლენა არ მოახდინოს თაობათაშორისმა და დროითმა გარემოებებმა). 2 და 5 მოდელებში ასევე გათვალისწინებულია ბებია–ბაბუათა გასაშუალოებული დაბადების წელი და მათი რაოდენობა (ასევე გათვალისწინებულია მათი გარეგანი ზემოქმედება). სტანდარტული შეცდომები დაჯგუფებულია დედა–მამა წყვილებში და ნაჩვენებია ფრჩხილებში. დასრულებული მოდელები შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის პოლიტიკის მეცნიერების მიმოხილვის მონაცემთა ბაზაში (American Political Science Review Dataverse); *p < 0.10, **p < 0.05, ***p < 0.01.
თუმცა, თუ თაობებს შორის მსგავსები მარკოვის მოდელის მიხედვით გადაიცემა (ვგულისხმობთ იმას, რომ ბებია-ბაბუათა გავლენა შვილიშვილებზე მშობლების საშუალებით გადაიცემა), გამოდის, რომ ორი თაობის შემსწავლელი მოდელი ყველა საჭირო ინფორმაციას შეიცავს. მოდელი 3 -ის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. ბებია-ბაბუათა მსგავსების გადაცემის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მცირდება (50%-ზე მეტით), როდესაც მშობლების გავლენა გათვალისწინებულია, თუმცა მეორე რიგის მსგავსების კოეფიციენტი მაინც დიდი რჩება. აღნიშნული ნათელყოფს, რომ ბებია-ბაბაუათა გავლენა შვილიშვილებზე დიდია იმ შემთხვევაშიც, თუ მშობლების გავლენას გავითვალისწინებთ.
საინტერესოა, რა განაპირობებს ზემოთ აღნიშნულ შედეგებს. როგორც თეორიულ ნაწილში განვიხილეთ, მკვლევრები თაობათაშორისი პოლიტიკური ხასიათის მსგავსებების ასახსნელად ძირითადად სოციალიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას (Neundorf and Smets 2017). როგორც ჯენინგსი, სტოკერი და ბაუერსი (2009, 783) აღნიშნავენ, ბავშვსა და მშობელს შორის მსგავსება „შესაძლოა სხვა მიზეზებმაც გამოიწვიოს, მაგალითად, საზოგადიებრივ-ეკონომიკურმა გარემომ და ადგილობრივმა პოლიტიკურმა ვითარებამ“.
მე-2 ცხრილის მე-4 სვეტში, შესაბამისად, შვილების, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის დავამატეთ საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცვლადები. როგორც უკვე აღვნიშნეთ მონაცემების ნაწილში, შვილების საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსის გასაზომად მხოლოდ განათლებას ვეყრდნობით; წინა თაობების შემთხვევაში კი – როგორც განათლებას, ისე შემოსავალსა და სამსახურებრივ აღიარებას. სამივე საზომი გასაშუალოებულია თითოეული თაობის ყოველი პირისათვის.
მე-4 მოდელი გვიჩვენებს, რომ თაობათაშორისი მსგავსების კოეფიციენტი მეოთხედით მცირდება, როდესაც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სტატუსს ვითვალისწინებთ. ეს შესაძლოა მიგვანიშნებდეს, რომ პოლიტიკურ აქტივიზმში თაობათაშორისი მსგავსება ნაწილობრივ განპირობებულია თაობათაშორის საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსის გადაცემით, როგორც სტატუსის გადაცემის თეორიაშია აღწერილი (Brady, Schlozman, and Verba 2015).
თაობათაშორისი მსგავსების კოეფიციენტი საკმაოდ დიდია მაშინაც კი, როდესაც წინაპართა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სტატუსს ვითვალისწინებთ. მე-5 სვეტში განვიხილავთ, თუ რამდენად შეიძლება ერთ ოჯახში თაობებს შორის მსგავსება განპირობებული იყოს ადგილობრივი პოლიტიკური ვითარებით (Jennings, Stoker, and Bowers 2009). ამის შესამოწმებლად ვამატებთ საშუალო ამომრჩეველთა აქტივობის ცვლადს პიროვნების საცხოვრებელ მუნიციპალიტეტში – იმ არჩევნებში, რომელზეც მონაცემებს ვფლობთ (გამოვიყენებთ მხოლოდ იმ არჩევნებს, რომელშიც ინდივიდს ხმის მიცემის უფლება ჰქონდა). როგორც ყველა სხვა ცვლადი, ინდივიდუალური ცვლადებიც გასაშუალოებულია ყოველი თაობის ყველა ადამიანისთვის. როგორც მე-5 მოდელი გვიჩვენებს, ადგილობრივი პოლიტიკური მდგომარეობა არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გარემოება თაობათაშორისი მსგავსების ასახსნელად. მშობლებისა და ბებია-ბაბუების შემთხვევაში მსგავსების კოეფიციენტი უცვლელია, როდესაც გამოთვლაში საშუალო ამომრჩეველთა აქტივობის ცვლადს ვამატებთ.
დადასტურდა, რომ შვილების თაობაში პიროვნებათა პოლიტიკური ჩართულობა დაკავშირებულია ბებია-ბაბუის პოლიტიკურ ჩართულობასთან მაშინაც, როდესაც ვითვალისწინებთ მშობლების გავლენას. შესაბამისად, ჩვენი შედეგები ეხმიანება გიდენგილისა და სხვათა დასკვნას (2021). ფინეთის მონაცემებზე დაყრდნობით, გიდენგილმა და სხვა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსალოდნელი განსხვავება საარჩევნო აქტივობაში იმ ადამიანებს შორის, რომელთაგან ერთის ყველა ბებია-ბაბუა იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მეორისა კი – არა, 28 პროცენტული ქულა გახლავთ. ეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსი და მშობელთა ჩართულობა გათვალისწინებული არ არის. ამ უკანასკნელთა გათვალისწინების შემდეგ პროცენტული ქულა 12-ს უტოლდება. შვედეთის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემები, შესაბამისად, 26 და 8 პროცენტული ქულის ტოლია.
თუმცა მე-2 ცხრილის, ასევე, გიდენგილისა და სხვების კვლევაში წარმოდგენილი შედეგები ბადებს კითხვას – საარჩევნო აქტივობაში თაობათაშორისი მსგავსების დასადგენად საკმარისია თუ არა მხოლოდ სამი თაობის შესწავლა?
ამ კითხვაზე საპასუხოდ დაგვეხმარება მე-3 ცხრილი, რომელიც წარმოგვიდგენს მონაცემებს 4 თაობის პოლიტიკური ჩართულობის შესახებ. შედარების გასაადვილებლად ცხრილის პირველი სვეტი იმეორებს მე-3 მოდელს მე-2 ცხრილიდან. დავინახავთ, რომ ოთხი თაობის ანალიზისას მსგავსების კოეფიციენტი მშობლებისთვის ოდნავ უფრო მცირეა, ბებია-ბაბუისთვის კი – უფრო დიდი. თუმცა ძირითადი მიმართება ძალიან მსგავსია ორივე ნიმუშში.
ცხრილის მეორე სვეტი წარმოგვიდგენს შვილთაშვილებისა და დიდი ბებია-ბაბუის არჩევნებში ჩართულობის მსგავსებას, როდესაც მშობლებისა და ბებია-ბაბუის გავლენა გათვალისწინებული არ არის. ბავშვებისა და დიდი ბებია-ბაბუის თაობას შორის მსგავსების კოეფიციენტი 0.04-ის ტოლია. ეს ადასტურებს, რომ შვილთაშვილებისა და დიდი ბებია-ბაბუის არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუმცა მესამე სვეტი გვიჩვენებს, რომ მშობლებისა და ბებია-ბაბუის გავლენის გათვალისწინებით დიდ ბებია-ბაბუასთან დაკავშირებული მსგავსების კოეფიციენტი თითქმის ¾-ით მცირდება. გამოდის, რომ ბავშვებსა და დიდ ბებია-ბაბუას შორის კავშირი საარჩევნო აქტივობის მხრივ დიდწილად მშობლებისა და ბებია-ბაბუის საშუალებით განისაზღვრება. აღნიშნულ დასკვნას ამტკიცებს მე-4 და მე-5 მოდელები, რომლებშიც მოცემულია საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ადგილობრივი ვითარების ცვლადები. ამ მოდელებში დიდ ბებია-ბაბუასთან მსგავსების კოეფიციენტი 0.006 -მდე ეცემა.
ცხრილი 3. პოლიტიკური აქტივობის გადაცემა ოთხ თაობაზე | |||||
---|---|---|---|---|---|
შედეგი: საარჩევნო აქტივობა, ბავშვები | |||||
მოდელი 1 | მოდელი 2 | მოდელი 3 | მოდელი 4 | მოდელი 5 | |
საარჩევნო აქტივობა (მშობლები) | 0.235*** | 0.232*** | 0.195*** | 0.195*** | |
(0.001) | (0.001) | (0.001) | (0.001) | ||
საარჩევნო აქტივობა (ბებია-ბაბუა) | 0.058*** | 0.054*** | 0.039*** | 0.038*** | |
(0.001) | (0.001) | (0.001) | (0.001) | ||
საარჩევნო აქტივობა (დიდი ბებია-ბაბუა) | 0.041*** | 0.011*** | 0.006*** | 0.006*** | |
(0.001) | (0.001) | (0.001) | (0.001) | ||
სოციო-ეკონომიკური ფაქტორები | არა | არა | არა | კი | კი |
ადგილობრივი ფაქტორები | არა | არა | არა | არა | კი |
საშუალო | 0.87 | 0.87 | 0.87 | 0.87 | 0.87 |
მონაცემთა საერთო რაოდენობა | 1,092,423 | 1,092,423 | 1,092,423 | 1,092,423 | 1,092,423 |
შენიშვნა: იხილეთ შენიშვნები მე-2 ცხრილისთვის. |
ბებია-ბაბუისგან განსხვავებით, დიდ ბებია-ბაბუას მცირე ან საერთოდ არანაირი პირდაპირი გავლენა არ აქვს ბავშვების თაობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დიდი ბებია-ბაბუები, როგორც წესი, ძალიან ხანში შესულნი არიან ან საერთოდაც აღარ არიან ცოცხალნი, როდესაც შვილთაშვილი იბადება. ჩვენი მოდელის მიხედვით, დიდ ბებია-ბაბუასა და შვილთაშვილებს შორის საშუალოდ 80 წელია სხვაობა (იხილეთ ცხრილი 1). დამატებითი ანალიზით ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, დაკავშირებულია თუ არა მსგავსების სიდიდე დიდი ბებია-ბაბუის ასაკთან, როდესაც შვილთაშვილი იბადება. შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ბებია-ბაბუის, და არა დიდი ბებია-ბაბუის, შემთხვევაში. შესაბამისად, დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის ამხსნელი იმისა, თუ რატომ ვერ ახდენენ ისინი გავლენას შვილთაშვილების ჩართულობაზე. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დღესდღეობით დიდი ბებია-ბაბუა (მიუხედავად ასაკისა) იმაზე ნაკლებად ურთიერთობს შვილთაშვილებთან, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.
მე-2 და მე-3 ცხრილებში წარმოდგენილი შედგები ამტკიცებს ჩვენს შეხედულებას, რომ მხოლოდ ორი თაობის შესწავლა არ არის საკმარისი პოლიტიკური ჩართულობის მხრივ თაობათაშორისი მსგავსებების სრულად აღსაქმელად. კვლევიდან დიდი ბებია-ბაბუის გამოყოფა ძალიან მცირედ შეცვლის საერთო შედეგებს, რასაც ვერ ვიტყვით ბებია-ბაბუაზე.
ამ მოსაზრების უკეთ წარმოსაჩენად შეგვიძლია განვიხილოთ მდგომარეობა, როდესაც ბებია-ბაბუის თაობაში ზოგიერთი პიროვნების საარჩევნო აქტივობა უეცარი რაიმე კარგი სიახლის გამო იზრდება ერთი ერთეულით. მე-2 ცხრილის 1-ლი მოდელის მიხედვით, განსხვავება იმ ბებია-ბაბუის შვილიშვილებს შორის, რომლებზეც აღნიშნულმა მოვლენამ იმოქმედა და რომლებზეც, შესაბამისად, არ იმოქმედა, 0.066 ერთეული გახლავთ (γ2 = 0:257); მე-3 მოდელის მიხედვით კი განსხვავება 0.107 იქნება (γ12 + γ2 = 0.2422 + 0.048). შესაბამისად, მხოლოდ ორი თაობის შემსწავლელი მოდელი თაობათაშორის მსგავსებას საარჩევნო აქტივობის მიხედვით 40%-ით უფრო ნაკლებად აფასებს, ვიდრე სინამდვილეშია. ორი თაობის მოდელის მიხედვით, უეცარი კარგი მოვლენის გავლენა შვილიშვილების თაობაზე თითქმის არ ვრცელდება. თუმცა, შედეგები ცხადყოფს, რომ ეს გავლენა 40%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე ამას მოდელი ვარაუდობდა.
შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მხოლოდ ორი თაობის ანალიზი საშუალებას არ გვაძლევს სრულად განვსაზღვროთ თაობათაშორის არსებული მსგავსებები და მიდრეკილებები. აღნიშნული მოდელი მსგავსებას უფრო ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, ვიდრე სინამდვილეშია. სამწუხაროდ, ჩვენი კვლევა სრულად არ ასახავს მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია თაობებს შორის იმაზე დიდი მსგავსება, ვიდრე ორი თაობის მოდელი ვარაუდობდა. ბებია-ბაბუათა დადებითი კოეფიციენტი – რომელსაც, მაგალითად, მე-2 ცხრილში შევხვდებით – სავსებით თავსებადია ავტორეგრესიულ მოდელთან (AR(2)), რომელშიც ბებია-ბაბუა პირდაპირ გავლენას ახდენს შვილიშვილებზე, და, ასევე, კლარკის მოდელთან, რომელშიც არაპირდაპირი გავლენაა ასახული. როგორც ადრე განვიხილეთ, თუ მონაცემები 5 თაობაზე ნაკლებ ინფორმაციას შეიცავს, ვერ შევძლებთ ემპირიულად გავარჩიოთ ბებია-ბაბუის გავლენა პირდაპირია თუ გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული, ანუ არაპირდაპირი. თუმცა, როგორც ასევე უკვე ვახსენეთ, ამ საკითხს მაინც შეგვიძლია გარკვეულწილად ნათელი მოვფინოთ. კერძოდ, შეგვიძლია შევისწავლოთ ქვეჯგუფები, რომლებზეც აღნიშნული ორი მსაზღვრელიდან ერთ-ერთი (გენეტიკური გავლენა, პირდაპირი გავლენა) ვერ იმოქმედებს. მომდევნო თავში სწორედ ამ ანალიზს წარმოგიდგენთ.
ცხრილი 4. პოლიტიკური აქტივობის გადაცემა სამ თაობაზე (შვილად აყვანილთა მაგალითზე) | |||||
---|---|---|---|---|---|
შედეგი: საარჩევნო აქტივობა, ბავშვები | |||||
მოდელი 1 | მოდელი 2 | მოდელი3 | მოდელი 4 | მოდელი 5 | |
საარჩევნო აქტივობა (მშობლები)საარჩევნო აქტივობა (ბებია-ბაბუა) | 0.102*** (0.007) | 0.034*** | 0.098*** (0.007)0.018*** | 0.083***(0.007) 0.011** | 0.083***(0.007) 0.011** |
(0.006) | (0.006) | (0.006) | (0.006) | ||
სოციო-ეკონომიკური ფაქტორები | არა | არა | არა | კი | კი |
ადგილობრივი ფაქტორები | არა | არა | არა | არა | კი |
საშუალო | 0.85 | 0.85 | 0.85 | 0.85 | 0.85 |
მონაცემთა საერთო რაოდენობა | 35,866 | 35,866 | 35,866 | 35,866 | 35,866 |
შენიშვნა: იხილეთ შენიშვნები მე-2 ცხრილისთვის. |
რამ გამოიწვია თაობათა შორის იმაზე დიდი მსგავსება, ვიდრე ორი თაობის მოდელი ვარაუდობდა?
როგორც უკვე განვიხილეთ, გენეტიკური და საზოგადოებრივი გავლენის ერთმანეთისგან გასარჩევად ჩეზარინიმ, იოჰანესონმა და ორკარსონმა (2014) საარჩევნო აქტივობის მიხედვით თაობათაშორისი მსგავსება ნაშვილებ ბავშვებში შეისწავლეს. აღნიშნული მიდგომის საფუძველმდებარე მიზეზი მარტივია: ნაშვილები ბავშვების შესწავლით გამოვრიცხავთ გენეტიკურ გავლენას; შესაბამისად, თაობათაშორისი მსგავსება გამოწვეული იქნება სხვა მიზეზებით, მაგალითად, პირდაპირი სოციალიზაციით.
ჩვენ განვავრცობთ ხსენებულ კვლევას, ვინაიდან დავაკვირდებით არა ორ, არამედ სამ თაობას. უფრო მეტი მონაცემისთვის, ასევე მიკერძოებისგან თავის დასაცავად, კვლევაში ჩავრთავთ როგორც შვედ, ისე უცხოელ ნაშვილებ ბავშვებს. მე-4 ცხრილში გავიმეორებთ მე-2 ცხრილის შედეგებს 35,866 შვილად აყვანილი ბავშვისთვის, რომლებიც 1970-2000 წლებში დაიბადნენ. ამ ბავშვების 93% საზღვარგარეთ დაიბადა.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ძირითადი კვლევის ზოგადი მიმართებები ძალიან ემსგავსება შვილად აყვანილთა კვლევისას მიღებულ შედეგებს. არსებობს საკმაო მსგავსება ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების არჩევნებში ჩართულობას შორის მაშინაც კი, როდესაც მშობლების გავლენა გათვალისწინებულია (აღნიშნულში იგულისხმება კვლევა შვილად აყვანილ ბავშვებზე). თუმცა მსგავსება დაახლოებით მესამედით მცირდება, როდესაც მშობლებისა და ბებია-ბაბუების საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სტატუსსა (მე-4 მოდელი) და საშუალო ამომრჩეველთა აქტივობის ცვლადს ვითვალისწინებთ პირის საცხოვრებელ მუნიციპალიტეტში (მე-5 მოდელი). ასევე, ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში მსგავსების კოეფიციენტი 2/3-ით მცირეა ბიოლოგიურ შვილებთან შედარებით. გამოდის, რომ საარჩევნო აქტივობის მიხედვით თაობათაშორისი მსგავსება გენეტიკითაცაა განპირობებული და კლარკის მოდელს მიუყვება[10]. მიუხედავად იმისა, რომ შვილად აყვანილთა შორის მსგავსების კოეფიციენტი დაბალია, გავლენა მაინც არსებობს, რაც ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ქცევა შეძლება თაობიდან თაობას საზოგადოებრივი გარემოებების გავლენით გადაეცეს, გენეტიკისგან დამოუკიდებლად.
ამას გარდა, ნაშვილებ ბავშვებსა და მათს მშობლებს/ბებია-ბაბუებს შორის იმაზე დიდია მსგავსება, ვიდრე ველოდით[11]. თუ ბებია-ბაბუის თაობაში ზოგიერთ პირზე უეცარი მოვლენა იმოქმედებს, რაც მათს აქტივობას ერთი ერთეულით გაზრდის, ორი თაობის მოდელის მიხედვით (1-ლი სვეტი), ამ მოვლენის მხოლოდ 0.01 (0.1022) ერთეული იარსებებს შვილიშვილების თაობაში. ავტორეგრესიული მოდელის (AR (2)), მე-3 სვეტის, მიხედვით, ამ გავლენის 0.028 (0.0982 +0.018) ერთეული აღმოჩნდება შვილიშვილების თაობაში. შედეგად, ორი თაობის მოდელი გენეტიკური კავშირის არმქონე ოჯახის შესწავლისასაც კი თაობათაშორის მსგავსებას იმაზე ნაკლებად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.
მეთოდების ნაწილში მცირედ მიმოვიხილეთ გენეტიკური და საზოგადოებრივი მექანიზმების ერთმანეთისგან გარჩევის სხვა გზაც: იმ პირების შესწავლა, რომელთა ბებია-ბაბუა ან დიდი ბებია-ბაბუა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა (ნახეთ: Adermon 2013; Braun and Stuhler 2018). აღნიშნული მეთოდის საფუძველმდებარე მიზეზი ის გახლავთ, რომ ურთიერთობის არქონის გამო ის გამორიცხავს სოციალიზაციის გავლენას.
ცოცხალი და გარდაცვლილი ბებია-ბაბუების გავლენის ერთმანეთისგან გასარჩევად გამოვიყენებთ ხაზოვანი ურთიერთქმედების მოდელს, რომელშიც, თითოეული ბებია-ბაბუის საარჩევნო აქტივობასთან ერთად, მითითებული იქნება, პიროვნება ცოცხალი იყო თუ არა შვილიშვილის დაბადებისას (აღნიშნულ მოდელს უფრო დაწვრილებით აღვწერთ დანართში). ანალიზის გასამარტივებლად ორი განსხვავებული შემთხვევის შედეგებს წარმოვადგენთ: 1. შვილიშვილის დაბადებისას ბებია-ბაბუათაგან ყველა გარდაცვლილია; 2. შვილიშვილის დაბადებისას ბებია-ბაბუათაგან ყველა ცოცხალია (სრული შედეგების სანახავად იხილეთ ცხრილი A.2 დანართში).
ცხრილის პირველი სვეტი წარმოგვიდგენს შედეგებს სამი თაობისთვის – საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ადგილობრივი ვითარების გაუთვალისწინებლად. მსგავსების კოეფიციენტი 0.031-ია, როდესაც შვილიშვილის დაბადებისას ბებია-ბაბუათაგან ყველა გარდაცვლილია, ხოლო 0.048, როდესაც ყველა ცოცხალია. ΔGP კოეფიციენტი ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა გახლავთ. თუ კლარკის მოდელი სწორია და თაობათა შორის იმაზე დიდი მსგავსება, ვიდრე ველოდით, მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა, მაშინ ΔGP კოეფიციენტი 0-ის ტოლი უნდა იყოს. რადგანაც ეს რიცხვი დადებითია, გამოდის, რომ ბებია-ბაბუები პირდაპირ გავლენას ახდენენ შვილიშვილის არჩევნებში ჩართულობაზე (ანუ y2 მეოთხე განტოლებაში). პირველ სვეტში ეს განსხვავება 0.017-ია, თუმცა მცირდება 0.010-მდე, როდესაც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და ადგილობრივ ფონს (მე-2 მოდელი) ვითვალისწინებთ.
წარმოდგენილი ანალიზი სრულიად განსხვავებეულ ლოგიკას გვთავაზობს იმისგან, რომელიც შვილად აყვანილი ბავშვების კვლევისას გამოვიყენეთ. თუმცა ორივე მიდგომა თითქმის ზუსტად იმავე შედეგს გვაძლევს ბებია-ბაბუათა გავლენაზე (შეგვიძლია მე-5 ცხრილის 1-ლი და მე-2 მოდელი შევადაროთ მე-4 ცხრილის მე-3 და მე-5 მოდელებს). ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსების კოეფიციენტი 0.01-ის ტოლია, რაც მე-2 ცხრილში მიღებული პირველადი შედეგის 1/3-ს შეადგენს[12].
მე-5 ცხრილის მე-3 და მე-4 მოდელებში შევისწავლით, თუ რამდენად განსაზღვრავს მსგავსების კოეფიციენტს დიდ ბებია-ბაბუათა გარდაცვალების დრო. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფონისა და ადგილობრივი ვითარების გათვალისწინების შემდეგ ცხადი ხდება, რომ ისინი (მსგავსების კოეფიციენტი – დიდ ბებია-ბაბუათა გარდაცვალების დრო) ერთმანეთს არ უკავშირდება. ΔGP-ის დონე დაბალი და უმნიშვნელოა. აღნიშნული ამყარებს ჩვენს თავდაპირველ მოსაზრებას, რომ დიდ ბებია-ბაბუებს ნაკლებად აქვთ პირდაპირი გავლენა შვილთაშვილების არჩევნებში მონაწილეობაზე.
საბოლოოდ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გარდაცვლილ ბებია-ბაბუასთან დაკავშირებული მსგავსების კოეფიციენტი გენეტიკით განისაზღვრება და არა სხვა რომელიმე მიზეზით, გადავწყვიტეთ, ნაშვილები ბავშვების მაგალითზე 1-ლი და მე-2 მოდელების ხელახლა შემოწმება. ამ ანალიზის შედგები მე-5 ცხრილის მე-5 და მე-6 მოდელებშია წარმოდგენილი. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, არ არსებობს პირდაპირი კავშირი ნაშვილები შვილიშვილებისა და იმ ბებია-ბაბუების ჩართულობას შორის, რომლებიც მის დაბადებამდე გარდაიცვალნენ. იმ შემთხვევაში, როდესაც შვილიშვილის დაბადებამდე ბებია-ბაბუათაგან ყველა გარდაცვლილია, მსგავსების კოეფიციენტი ძალიან დაბალი გახლავთ, ხოლო როდესაც ყველა ცოცხალია – ძალიან მაღალი. მე-5 და მე-6 მოდელების შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ ბებია-ბაბუათა გარდაცვალების დრო გენეტიკური და სოციალიზაციის მექანიზმების ერთმანეთისაგან გარჩევაში გვეხმარება.
თუმცა მე-5 ცხრილში წარმოდგენილი ანალიზი უხარვეზო როდია. პირველი პრობლემა გახლავთ ის, რომ გენეტიკური გავლენა შესაძლოა იმაზე დიდად მივიჩნიოთ, ვიდრე სინამდვილეშია, ვინაიდან გარდაცვლილმა ბებია-ბაბუამაც შეიძლება არაპირდაპირი გავლენა იქონიოს შვილიშვილებზე, მაგალითად, სხვა ნათესავების დახმარებით. ამის დასადგენად ჩავატარებთ დამატებით ანალიზს, რომელშიც გამოვიკვლევთ არა მხოლოდ მშობლების, არამედ მათი და-ძმების არჩევნებში ჩართულობას. შედეგები გვიჩვენებს, რომ შვილიშვილის დაბადებამდე გარდაცვლილ ბებია-ბაბუათა მსგავსების კოეფიციენტი 25%-ით მცირდება. განსხვავება შვილიშვილების თაობებს შორის, რომელთაც ბებია-ბაბუათაგან ყველა გარდაეცვალათ ან ყველა ცოცხალი ჰყავთ, თითქმის უცვლელი რჩება (იხილეთ ცხრილი A.8 დანართში). ამ დამატებითი კვლევის ანალიზით დგინდება, რომ მე-5 ცხრილი გენეტიკას ზედმეტ გავლენას მიაწერს.
მე-5 ცხრილის კიდევ ერთი ხარვეზი შეიძლება იყოს ის, რომ პოლიტიკური სოციალიზაცია ძალიან პატარა ასაკში, როგორც წესი, არ ხდება. ეს გულისხმობს, რომ ანალიზისთვის გამოყენებული ზღვარი (0 წელი) ზედმეტად დაბალია. დანართში წარმოგიდგენთ დამატებით შედეგებს, კერძოდ, დავადგენთ, რამდენად დიდია მსგავსების კოეფიციენტი დიდ ბებია-ბაბუებს/ბებია-ბაბუებსა და იმ შვილიშვილებს შორის, რომლებიც მათი გარდაცვალებისას: ა. 0 წლის ასაკის იყვნენ; ბ. 0-8 წლამდე ასაკის იყვნენ; გ. 9-17 წლამდე ასაკის იყვნენ; დ. 18 წელზე მეტი ასაკის იყვნენ (იხილეთ ცხრილი A.9). როგორც აღმოჩნდა, შვილიშვილის მიერ ბებია-ბაბუასთან გატარებული დრო გავლენას ახდენს შვილიშვილთა საარჩევნო აქტივობაზე: პატარა ბავშვები (0-8 წლამდე) ნაკლებად ექცევიან გავლენის ქვეშ, 9-17 წლის ასაკის მოზარდები – შედარებით უფრო, ზრდასრულები კი – ყველაზე მეტად. ეს მიგვანიშნებს, რომ სოციალიზაცია ნელ-ნელა, თანდათანობით მიმდინარეობს. შესაბამისად, რაც უფრო მეტ დროს გაატარებს შვილიშვილი ბებია-ბაბუასთან, მით უფრო დაემსგავსება მისი არჩევნებში ჩართულობა წინაპრებისას. დიდი ბებია-ბაბუის შემთხვევაში მსგავსების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად არ იცვლება მათი გარდაცვალების დროის გათვალისწინების შემდეგ.
დასკვნა ასეთია: მხოლოდ ორი თაობის შესწავლა არ არის საკმარისი თაობათაშორისი მსგავსებების სრულად გასაანალიზებლად. როდესაც პირის საარჩევნო ქმედებაზე მოულოდნელი მოვლენები ახდენს გავლენას, მათ გაცილებით უფრო ძლიერი ზემოქმედება აქვს (გადაიცემიან თაობებს შორის), ვიდრე ამას ორი თაობის მოდელი ითვალისწინებს. ასევე ჩვენმა კვლევამ ცხადყო: იმის ასახსნელად, თუ რამ გამოიწვია თაობათა შორის იმაზე დიდი მსგავსება, ვიდრე ორი თაობის მოდელი ვარაუდობდა, საჭიროა პირდაპირი და არაპირდაპირი გადაცემის მექანიზმების შესწავლა.
თუმცა, ვიდრე კვლევის აღმოჩენებს განვაზოგადებდეთ, დამატებით ანალიზს შემოგთავაზებთ. თეორიულ ნაწილში ჩვენ მცირედ მიმოვიხილეთ მშობლებისა და ბებია-ბაბუების ერთობლივი გავლენის ჰიპოთეზა. ჩანაცვლების თეორიის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიურმა ბებია-ბაბუამ შესაძლოა პასიური მშობლები ჩაანაცვლოს. გაძლიერების ჰიპოთეზის მიხედვით კი, თუ მშობლებისა და ბებია-ბაბუათა პოლიტიკური ქცევა მსგავსია, ბებია-ბაბუათა ჩართულობა გააღრმავებს განსხვავებას ბავშვებს შორის, რომლებსაც პოლიტიკურად პასიური და აქტიური მშობლები ჰყავთ.
მე-6 ცხრილში წარმოდგენილი ანათვალი აღნიშნული ჰიპოთეზების გაანალიზების მცდელობაა. შედეგები გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება მშობლების თაობის მსგავსების კოეფიციენტი ბებია-ბაბუათა არჩევნებში ჩართულობის მიხედვით სამი თაობის ანალიზისას (1-ლი და მე-2 მოდელები) და შვილად აყვანილი ბავშვების (მე-3 და მე-4 მოდელები) შესწავლისას. მაღალი საარჩევნო აქტივობა გვიჩვენებს, რომ ბებია-ბაბუის თაობაში ამომრჩევლის საშუალო აქტივობა 1-ის ტოლი გახლდათ, დაბალი საარჩევნო აქტივობა კი გულისხმობს, რომ საშუალო აქტივობა 1-ზე ნაკლები იყო.
როგორც მე-6 ცხრილიდან ჩანს, განსხვავება იმ პირებს შორის, რომელთა მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს/არ მიიღეს არჩევნებში, საკმაოდ დიდია, როდესაც ბებია-ბაბუათა ჩართულობა მცირეა. მშობელთა მსგავსების კოეფიციენტი 40%-ზე მეტია, როდესაც ბებია-ბაბუათა აქტივობა დაბალია. ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს ოჯახებში, სადაც ნაშვილები ბავშვები იზრდებიან. მე-6 ცხრილის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიტიკურად აქტიურმა ბებია-ბაბუამ შესაძლოა პასიური მშობლები ჩაანაცვლოს. ეს აღმოჩენა არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამოდის, რომ ბებია-ბაბუათა თაობაში დიდმა პოლიტიკურმა ჩართულობამ შესაძლოა შეამციროს მშობლების თაობაში წარმოშობილი პოლიტიკური უთანასწორობა.
ცხრილი 6. პოლიტიკური აქტივობის გადაცემა ბებია-ბაბუათა საარჩევნო აქტივობით |
||||
---|---|---|---|---|
მოდელი 1 | მოდელი 2 | მოდელი 3 | მოდელი 4 | |
საარჩევნო აქტივობა (მშობლები)საარჩევნო აქტივობა (ბებია-ბაბუა) | 0.232*** (0.001)დაბალი | 0.162*** (0.001)მაღალი | 0.092*** (0.010)დაბალი | 0.075*** (0.009)მაღალი |
ნიმუში | 3-თაობა | 3-თაობა | შვილად აყვანა | შვილად აყვანა |
მონაცემთა საერთო რაოდენობა | 1,426,722 | 1,306,967 | 15,984 | 19,882 |
შენიშვნა: მოდელები მოიცავს იმავე ცვლადებს, რომლებსაც მოდელი 5 მე-2 ცხრილიდან.ეფექტები).. სტანდარტული შეცდომები დაჯგუფებულია დედა-მამა წყვილებში და ნაჩვენებია ფრჩხილებში. დასრულებული მოდელები შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის პოლიტიკის მეცნიერების მიმოხილვის მონაცემთა ბაზაში (American Political Science Review Dataverse); *p < 0.10,**p < 0.05, ***p < 0.01. |
კვლევის შედეგების განზოგადება
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანი მატებაა ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურისთვის. ამავე დროს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ანალიზი არ გახლავთ სრულყოფილი. პირველი პრობლემა ის არის, რომ მონაცემები მხოლოდ ერთ ქვეყანას ეყრდნობა. თუმცა, ვინაიდან თაობათაშორისი გავლენა საკმაოდ ძლიერია ისეთ თანასწორ და ზოგადად მაღალი საარჩევნო აქტივობის მქონე ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა სახელმწიფოებშიც დაახლოებით მსგავს შედეგებს მივიღებთ. ამ მოსაზრებას გარკვეულწილად დავადასტურებთ დანართში. გამოვიყენებთ აშშ-ის მონაცემებს შემდეგი კვლევიდან – Youth Parent Socialization Panel Study (Elliot 2007; Jennings et al. 2005), რაც შეგვაძლებინებს მოვაგროვოთ ინფორმაცია 600 პირის, ასევე, მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ბევრი ადამიანი არ არის ჩართული, მიღებული შედეგები ძალიან ემსგავსება შვედეთში ჩატარებული კვლევისას. აღმოვაჩინეთ, რომ ბებია-ბაბუებსა და შვილიშვილებს შორის კავშირი არჩევნებში მონაწილეობის მხრივ (მაშინაც კი, როდესაც მშობლების გავლენას ვითვალისწინებთ), შვედეთში მიღებული შედეგების მსგავსია (იხილეთ 1-ლი ცხრილი დანართში).
კვლევის კიდევ ერთი პრობლემა დამოკიდებული ცვლადი გახლავთ. უპირველეს ყოვლისა, ხმის მიცემა ერთ-ერთია იმ მრავალი ფორმიდან, რომლებსაც მოქალაქეები იყენებენ პოლიტიკური აქტივიზმისთვის. საინტერესოა, არსებობს თუ არა თაობათაშორისი მსგავსება სამოქალაქო აქტივიზმის სხვა ფორმებში. სამწუხაროდ, შვედეთის მაგალითზე აღნიშნულის შესასწავლად საკმარისი რაოდენობის მონაცემი არ მოგვეპოვება. აშშ-ის მონაცემების გამოყენებისას, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას სამოქალაქო აქტივიზმის სხვა 5 ცვლადით ვანაცვლებთ, ძალიან მსგავს შედეგებს ვიღებთ (იხილეთ ცხრილი A.1). მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი მონაცემები ურყევი დასკვნების საშუალებას არ გვაძლევს, შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თაობათაშორისი მსგავსება ზოგადად პოლიტიკურ აქტივიზმს ახასიათებს.
მეორე ხარვეზი ის გახლავთ, რომ შვედეთი, ზოგადად, მაღალი საარჩევნო აქტივობით ხასიათდება, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პირებს შორის დიდი განსხვავება არ არის. გადავწყვიტეთ გაგვეზომა, მოქმედებს თუ არა ეს ჩვენს გამოთვლებზე. ამ მიზნით საარჩევნო აქტივობის მონაცემები ორად გავყავით (ისინი, ვინც ხმა მისცა და არ მისცა), ხოლო შემდეგ მონაცემების ანალიზისთვის გამოვიყენეთ ლოგიკური გამოთვლის მეთოდი (ცხრილი A.12 და A.13). აღსანიშნავია, რომ განსხვავებული სტატისტიკური მიდგომის გამოყენებას ჩვენი ძირითადი კვლევის შედეგები დიდად არ შეუცვლია.
კვლევის სანდოობის გასაზომად დანართში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი ანალიზი. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ბებია-ბაბუები პირდაპირ გავლენას ახდენენ შვილიშვილებზე. ამ შედეგის განსამტკიცებლად მსგავსების კოეფიციენტები ცალ-ცალკე გამოვთვალეთ ბებია-ბაბუებისთვის დედისა და მამის ხაზიდან (იხილეთ სურათი A.1). აღმოჩნდა, რომ მსგავსების კოეფიციენტი განსაკუთრებით დიდია დედის ხაზით ბებიის შემთხვევაში. ადრეული კვლევების მიხედვით, სწორედ ისინი ატარებენ შვილიშვილებთან ყველაზე მეტ დროს. მსგავსების კოეფიციენტი კი ყველაზე მცირე გახლავთ მამის ხაზით ბაბუების შემთხვევაში, რომლებიც, შესაბამისად, ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ შვილიშვილებს (Coall and Hertwig 2010).
ასევე, შევისწავლეთ, ახდენს თუ არა გეოგრაფიული დაშორება გავლენას მსგავსების კოეფიციენტზე შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას შორის. აღმოჩნდა, რომ გადაცემის კოეფიციენტი დიდია მაშინ, როდესაც ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ახლოს ცხოვრობს (თუმცა ეს დიდი ბებია-ბაბუების შემთხვევაში არ მოქმედებს) (ცხრილი A.10). აღნიშნული შედეგი ამტკიცებს, რომ ბებია-ბაბუებს შეუძლიათ პირდაპირი გავლენა იქონიონ შვილიშვილთა პოლიტიკურ ქცევაზე.
დანართში შემოთავაზებულია დამატებითი ანალიზი იმის გასაცხადებლად, რომ ჩვენი შედეგები უცვლელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსისა და ადგილობრივი ვითარების შესაფასებლად განსხვავებულ მეთოდებს მივმართავთ (იხილეთ ცხრილი A.5 და A.7). გამოვიყენებთ დამატებით მონაცემებს იმის გასარკვევადაც, თუ რამდენად ხელისშემშლელია ჩვენი კვლევისთვის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა. დამატებითმა ანალიზმა საიმედო შედეგები მოგვცა,- ვგულისხმობთ იმას, რომ ეკონომიკური ცვლადის დამატებამ მხოლოდ უმნიშვნელოდ შეცვალა მსგავსების კოეფიციენტი (იხილეთ ცხრილი A.6). კვლევის შედეგები უცვლელი რჩება მაშინაც, როდესაც მონაცემებს ბებია-ბაბუათა (ცხრილი A.3) ან იმ არჩევნების რაოდენობის მიხედვით (ცხრილი A.4) ვყოფთ, რომლებშიც შვილების თაობამ მიიღო მონაწილეობა.
საბოლოოდ, გამოვიყენეთ უკიდურესი სტრუქტურის მოდელი, რათა გაგვერკვია ზედმეტი ყურადღება (იმ გარემოებების გათვალისწინებაც, რომლებიც შესაძლოა გავლენას არ ახდენდეს ბებია-ბაბუასა და შვილიშვილს შორის კავშირზე) ან შესაძლებელი შეცდომა კავშირების ანალიზში (იმ ცვლადების გამოყენება, რომლებზე გავლენასაც ახდენს როგორც ბებია-ბაბუა, ისე მშობლები) ცუდად ხომ არ მოქმედებს ჩვენი კვლევის შედეგებზე.
დასკვნა
პოლიტიკის სოციალიზაციის ათწლეულების განმავლობაში კვლევამ ცხადყო, რომ პოლიტიკურად აქტიური მშობლების შვილები, სხვებზე მეტად, დიდი ალბათობით, თავადაც აქტიურნი ხდებიან (იხილეთ Neundorf and Smets 2017). ეს დემოკრატიისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. როგორც შლოზმანი, ვერბა და ბრედი ხსნიან, თუ პოლიტიკური აქტივიზმი თაობიდან თაობას გადაეცა, საზოგადოების განათლებული და მდიდარი ფენა განაგრძობს პოლიტიკური უპირატესობით სარგებლობას (2012, 178).
ეს პრობლემა იმაზე მეტადაა საყურადღებო, ვიდრე წინა კვლევები წარმოაჩენს. ისინი ძირითადად მხოლოდ ორ თაობას შეისწავლიდა, ბებია-ბაბუათა გავლენა კი უგულებელყოფილი იყო (აღსანიშნავია, რომ Gidengil et al. [2021] იშვიათი გამონაკლისია). ასევე აღმოჩნდა, რომ, ასეთი მოდელის მიხედვით, თაობებს შორის საზოგადოებრივ-ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე მეტად უმჯობესდება, ვიდრე სინამდვილეშია (Braun and Stuhler 2018; Hällsten and Pfeffer 2017; Lindahl et al. 2015).
წინამდებარე კვლევა ზემოთ ხსენებული შედეგების მსგავს ანალიზს გვთავაზობს. მხოლოდ ორი თაობის შემსწავლელი მოდელი თაობათაშორის მსგავსებას არჩევნებში ჩართულობის მხრივ 40%-ით უფრო ნაკლებად აფასებს, ვიდრე სინამდვილეშია. თაობათაშორისი მსგავსება იმაზე დიდია, ვიდრე ველოდით. თუმცა არსებობს სირთულე ამ შედეგების ანალიზისას, ვინაიდან მათზე განსხვავებული ცვალებადი გარემოებები მოქმედებს. ჩვენი კვლევის დასკვნები შემდეგია: ბებია-ბაბუათა (სავარაუდოდ, დიდ ბებია-ბაბუათა) ქცევა პირდაპირ გავლენას ახდენს შვილიშვილებზე; ამასთანავე, მნიშვნელოვანია გენეტიკაც პიროვნების პოლიტიკური ქმედების მხრივ. შესაბამისად, თაობათაშორის მსგავსებაზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკა, ისე სოციალიზაცია. საჭიროა ამ საკითხის უფრო სიღრმისეული ანალიზი, თუმცა ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც გენეტიკურ, ისე სოციალიზაციის გავლენებზე.
წინამდებარე კვლევის მიერ წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვანია როგორც კვლევითი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკის მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ორი თაობის მოდელი ხარვეზულია და უნდა შესწორდეს. თაობათაშორისი მსგავსების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი გვიჩვენებს საჭიროებას, რომ, მშობლების გარდა, სხვა თაობებიც უნდა შევისწავლოთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მკვლევრებმა ეს შენიშნეს (მაგალითისთვის იხილეთ Aggeborn and Nyman 2021; Gidengil et al. 2021; Lahtinen, Erola, and Wass 2019). თუმცა ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულს მომავალში კიდევ უფრო მეტი მეცნიერი გაითვალისწინებს.
თაობათაშორისი მსგავსების შესწავლისას აუცილებელია გენეტიკური გავლენის შესწავლასთან ერთად მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის გამოყენება. ერთი ოჯახის შიგნით არსებული მსგავსებები მრავალგვარად შეიძლება გამოვლინდეს და, ასევე, შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ როგორ გადაეცემა პოლიტიკური უთანასწორობა თაობიდან თაობას და, ზოგადად, რატომ განსაზღვრავს ოჯახის პოლიტიკური ჩართულობა ბავშვებისას ასწლოვანი დემოკრატიული გამოცდილების შემდეგაც კი, აუცილებელია საკითხი მრავალმხრივად შევისწავლოთ.
ცხადია, საკითხი მეტ კვლევას საჭიროებს, თუმცა ეს ნაშრომი მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია თაობათაშორისი მსგავსების კვლევაში. შედეგები ცხადყოფს, რომ მსგავსებაზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკა, ისე სოციალიზაცია და სტატუსის გადაცემა. თუმცა მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების საფუძვლიანად ახსნა ამ ნაშრომით, უფრო ზუსტად, ჩვენი ადმინისტრაციული მონაცემებით, შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია რამდენიმე თაობის კვლევა, რომელიც დაეფუძნება მონაცემებს რეესტრიდან, გამოკითხვებიდან, ინტერვიუებიდან.
აგრეთვე აუცილებელია, რომ თაობათაშორისი ურთიერთობები გაანალიზდეს როგორც თეორიულად, ისე ემპირიულად. ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ბებია-ბაბუათა ჩართულობამ შესაძლოა მშობლების პასიურობა ჩაანაცვლოს, თუმცა მათი ამ კარგი ზემოქმედების უფრო სიღრმისეული შესწავლა აუცილებელია. ასევე ძალიან საინტერესო იქნება გინდეგილისა და სხვების (2021) რჩევის სამომავლო კვლევებში გათვალისწინება. მათი აზრით, საჭიროა ერთმანეთისგან გამოვარჩიოთ ის ნიშნები, რომლებსაც აქტიური და პასიური ბებია-ბაბუები გადასცემენ შთამომავლობას. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული მონაცემებით ასეთი კვლევის ჩატარება ვერ მოხერხდება, თუმცა მაინც შეგვიძლია საკითხს ოდნავი ნათელი მოვფინოთ სხვაგვარი მონაცემებისა და ემპირიული მიდგომების გამოყენებით (ამისათვის იხილეთ დანართი).
წინამდებარე ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მან დაადგინა, რომ ორი თაობის მოდელი არასაკმარისი და ხარვეზულია. ბავშვობაში თუ მოზარდობისას ადამიანებს შესაძლოა, მშობლების გარდა, სხვა ნათესავებთანაც ჰქონდეთ ძალიან ახლო ურთიერთობა და ამ პირებმა დიდი გავლენა იქონიონ მათ პოლიტიკურ ქცევაზე. შესაბამისად, კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური უთანასწორობის შემცირებას, მეტად უნდა დაეფუძნოს ადამიანთა დიდი ჯგუფების შესწავლას.
დამატებითი მასალა
დამატებითი მასალები იხილეთ – http://doi.org/10.1017/S0003055422001113
ინფორმაცია მონაცემებზე
ნაშრომში გამოყენებული მონაცემები იხილეთ – https://doi.org/10.7910/DVN/U56Z43
განსაკუთრებული მადლობა
ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ანდერს ვესტჰოლმს, მატიას აგერბერგს, სემინარის მონაწილეებს უფსალის უნივერსიტეტსა და გოტენბურგში, ასევე რედაქტორებსა და ანონიმურ რეცენზენტებს სასარგებლო რჩევებისათვის.
ინფორმაცია დაფინანსებაზე
წინამდებარე კვლევა დაფინანსებულია ევროპული კვლევითი საბჭოსა (გრანტის ნომერი 683214) და შვედეთის კვლევითი საბჭოს მიერ (გრანტის ნომერი 2017-02472).
ეთიკური პრობლემები
ავტორები აცხადებენ, რომ წარმოდგენილ კვლევაში არ არსებობს ეთიკური პრობლემები ან ინტერესთა შეუთანხმებლობა.
ეთიკური ნორმები
ავტორები აცხადებენ, რომ ამ სტატიის ფარგლებში ადამიანებზე ჩატარებული კვლევა განიხილა და დაამტკიცა შვედეთის ეთიკის მიმოხილვის ორგანომ; სერტიფიკატის ნომერი: Dnr 2016/164.
გამოყენებული ლიტერატურა
Adermon, Adrian. 2013. “Essays on the Transmission of Human Capital and the Impact of Technological Change.” PhD diss. Uppsala University.
Aggeborn, Linuz, and Pär Nyman. 2021. “Intergenerational Transmission of Party Affiliation within Political Families.” Political Behavior 43 (2): 813–35.
Alford, John R., Carolyn L. Funk, and John R. Hibbing. 2005. “Are Political Orientations Genetically Transmitted?” American Political Science Review 99 (2): 153–67.
Beck, Paul A., and Kent M. Jennings. 1982. “Pathways to Participation.” American Political Science Review 76 (1): 94–108.
Bengtson, Vern L., Casey E. Copen, Norella M. Putney, and Merril Silverstein. 2009. “A Longitudinal Study of the Intergenerational Transmission of Religion.” International Sociology 24 (3): 325–45.
Brady, Henry E., Kay Lehman Schlozman, and Sidney Verba. 2015. “Political Mobility and Political Reproduction from Generation to Generation.” The ANNALS of the American Academy of Political and Social Science 657 (1): 149–73.
Braun, Sebastian Till, and Jan Stuhler. 2018. “The Transmission of Inequality across Multiple Generations: Testing Recent Theories with Evidence from Germany.” The Economic Journal 128 (609): 576–611.
Campbell, David E. 2008. “Voice in the Classroom: How an Open Classroom Climate Fosters Political Engagement among Adolescents.” Political Behavior 30 (4): 437–54.
Cesarini, David, Magnus Johannesson, and Sven Oskarsson. 2014. “Pre-Birth Factors, Post-Birth Factors, and Voting: Evidence from Swedish Adoption Data.” American Political Science Review 108 (1): 71–87.
Clark, Gregory. 2015. The Son Also Rises: Surnames and the History of Social Mobility. Princeton, NJ: Princeton University Press. Clark, Gregory, and Neil Cummins. 2015. “Intergenerational Wealth Mobility in England, 1858-2012: Surnames and Social Mobility.” The Economic Journal 125 (582): 61–85.
Coall, David A., and Ralph Hertwig. 2010. “Grandparental Investment: Past, Present, and Future.” Behavioral and Brain Sciences 33 (1): 1–19.
Dahl, Robert A. 1982. Dilemmas of Pluralist Democracy: Autonomy vs. Control. New Haven, CT: Yale Univ. Press.
Elliot, Patrick. 2007. Three Generations Combined, 1965-1997 [computer file]. (Study #4532). ICPSR version 1. Ann Arbor: Institute for Social Research, University of Michigan [distributor].
Gidengil, Elisabeth, Hanna Wass, and Maria Valaste. 2016. “Political Socialization and Voting: The Parent–Child Link in Turnout.” Political Research Quarterly 69 (2): 373–83.
Gidengil, Elisabeth, Hannu Lahtinen, Hanna Wass, and Jani Erola. 2021. “From Generation to Generation: The Role of Grandparents in the Intergenerational Transmission of (Non-) Voting.” Political Research Quarterly 74 (4): 1137–51.
Hällsten, Martin, and Fabian T. Pfeffer. 2017. “Grand Advantage: Family Wealth and Grandchildren’s Educational Achievement in Sweden.” American Sociological Review 82 (2): 328–60.
Jennings, Kent, and Laura. Stoker. 2009. “Continuities in Political Participation across Multiple Generations.” Paper Presented at the Midwest Political Science Association Convention, Chicago, IL.
Jennings, M. Kent, and Richard G. Niemi. 1968. “The Transmission of Political Values from Parent to Child.” American Political Science Review 62 (1): 169–84.
Jennings, M. Kent, and Richard G. Niemi. 1974. Political Character of Adolescence: The Influence of Families and Schools. Princeton, NJ: Princeton University Press.
Jennings, M. Kent, Laura Stoker, and Jake Bowers. 2009. “Politics across Generations.” The Journal of Politics 71 (3): 782–99.
Jennings, M. Kent, Gregory B. Markus, Richard G. Niemi, and Laura Stoker. 2005. Youth–Parent Socialization Panel Study, 1965-1997: Four Waves Combined [computer file] (Study #4037). ICPSR Version 1. Ann Arbor: Institute for Social Research, University of Michigan [distributor].
Lahtinen, Hannu, Jani Erola, and Hanna Wass. 2019. “Sibling Similarities and the Importance of Parental Socioeconomic Position in Electoral Participation.” Social Forces 98 (2): 702–24.
Lindahl, Mikael, Mårten Palme, Sofia Sandgren Massih, and Anna Sjögren. 2015. “Longterm Intergenerational Persistence of Human Capital: An Empirical Analysis of Four Generations.” Journal of Human Resources 50 (1): 1–33.
Lindgren, Karl-Oskar, and Sven Oskarsson. 2022. “Replication Data for: The Perpetuity of the Past: Transmission of Political Inequality across Multiple Generations.” Harvard Dataverse. Dataset. https://doi.org/10.7910/DVN/U56Z43.
Lindgren, Karl-Oskar, Sven Oskarsson, and Mikael Persson. 2019. “Enhancing Electoral Equality: Can Education Compensate for Family Background Differences in Voting Participation?” American Political Science Review 113 (1): 108–22.
Mare, Robert D. 2011. “A Multigenerational View of Inequality.” Demography 48 (1): 1–23.
Neundorf, Anja, and Kaat Smets. 2017. Political Socialization and the Making of Citizens, Vol. 1. Oxford: Oxford University Press.
Oskarsson, Sven, Christopher T. Dawes, and Karl-Oskar Lindgren. 2018. “It Runs in the Family: A Study of Political Candidacy among Swedish Adoptees.” Political Behavior 40 (4): 883–908.
Oskarsson, Sven, David Cesarini, Christopher T. Dawes, James H. Fowler, Magnus Johannesson, Patrik K. E. Magnusson, and Jan Teorell. 2015. “Linking Genes and Political Orientations: Testing the Cognitive Ability as Mediator Hypothesis.” Political Psychology 36 (6): 649–65.
Oskarsson, Sven, Rafael Ahlskog, Christopher T. Dawes, and Karl- Oskar Lindgren. 2022. “Persistent Inequalities: The Origins of Intergenerational Associations in Voter Turnout.” The Journal of Politics 84 (3): 1337–52.
Prandy, Ken, and Frank L. Jones. 2001. “An International Comparative Analysis of Marriage Patterns and Social Stratification.” International Journal of Sociology and Social Policy 21 (4/5/6): 165–83.
Putnam, Robert D. 2015. Our Kids: The American Dream in Crisis. New York: Simon & Schuster.
Roemer, John E. 2004. “Equal Opportunity and Intergenerational Mobility: Going beyond Intergenerational Income Transition Matrices.” In Generational Income Mobility in North America and Europe, ed. Miles Corak, 48–57. Cambridge: Cambridge University Press.
Roemer, John E. 2012. “On Several Approaches to Equality of Opportunity.” Economics and Philosophy 28 (2): 165–200.
Schlozman, Kay L., Sidney Verba, and Henry E. Brady. 2012. The Unheavenly Chorus: Unequal Political Voice and the Broken Promise of American Democracy. Princeton, NJ: Princeton University Press.
Stoker, Laura, and Jackie Bass. 2011. “Political Socialization: Ongoing Questions and New Directions.” In The Oxford Handbook of American Public Opinion and the Media, eds. George C. Edwards III, Lawrence R. Jacobs, and Robert Y. Shapiro, 453–70. Oxford: Oxford University Press.
Verba, Sidney, Nancy Burns, and Kay Lehman Schlozman. 2003. “Unequal at the Starting Line.” The American Sociologist 34 (1–2): 45–69.
Weinschenk, Aaron C., and Christopher T. Dawes. 2018. “Genes, Personality Traits, and the Sense of Civic Duty.” American Politics Research 46 (1): 47–76.
Westholm, Anders. 1999. “The Perceptual Pathway: Tracing the Mechanisms of Political Value Transfer across Generations.” Political Psychology 20 (3): 525–51.
- ერთ-ერთი მაგალითი ასეთი თვისებების შეიძლება იყოს პიროვნების სამოქალაქო მოვალეობის განცდა (Weinschenk and Dawes 2018). ↑
- ეს არის დასკვნა, რომ არ არსებობს ფარულ თვისებებში მსგავსება ბიოლოგიურ და შვილად ამყვან მშობლებს შორის. ↑
- თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოთვლები დიდად არ იცვლება იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ბავშვებს კვლევაში მოვიაზრებთ. ↑
- აღნიშნული მონაცემები მოაგროვეს და გაგვიზიარეს მაგნუს კარლსონმა და დან ოლოფ რუთმა. ↑
- მიუხედაად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა ადამიანზე ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენი მონაცემები საკმაოდ მსგავსია ოფიციალური მონაცემებისა. განსხვავება გაციფრულებულ და ოფიციალურ მონაცემებს შორის 1970 წელს 0.3%, 1982 წელს 0.1%, 1994, 2010 და 2018 წლებში კი თითქმის 0% გახლავთ. ↑
- იმ პირების 97% შემთხვევაში, რომლებიც 1970-2000 წლებში დიაბადნენ და რომელთა ორივე მშობელი შვედია, შევძელით საარჩევნო აქტივობის პოვნა სამ თაობაში. თუმცა მიგრანტების შემთხვევაში ეს მონაცემი მხოლოდ 36%-ია. ↑
- ყველა რეგრესიული ცხრილის სრული შედეგი, მათ შორის საკონტროლო ცვლადების კოეფიციენტები, ატვირთულია American Political Science Review Dataverse-ზე (Lindgren and Oskarsson 2022). ↑
- თუ დავაკვირდებით არასტანდარტიზებულ რეგრესიის კოეფიციენტს (რომელიც აქ არ არის მოყვანილი), დავინახავთ, რომ ორი, ყველა ფაქტორის მიხედვით მსგავსი, ადამიანის შედარებისას (მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთის მშობლები პოლიტკურად აქტიურნი არიან, მეორის – პასიურნი) ხმის მიცემის მოსალოდნელი მაჩვენებელი 40 პროცენტული ქულით მაღალია იმ ადამიანის შემთხვევაში, რომლის მშობლებიც მუდმივად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ↑
- არასტანდარტიზებული რეგრესიის კოეფიციენტის მიხედვით, ვადგენთ, რომ იმ პირის ხმის მიცემის პროცენტული მაჩვენებელი, რომლის ბებია-ბაბუა ყოველთვის იღებს არჩევნებში მონაწილეობას, 19 პროცენტული ქულით უფრო მეტია ყველა ფაქტორის მიხევდით მსგავსი პირის მაჩვენებელზე (ერთადერთი განსხვავება ის გახლავთ, რომ ამ უკანასკნელის ბებია-ბაბუა არჩევნებში მონაწილეობას არასდროს იღებს). ↑
- მსგავსების უფრო დაბალი კოეფიციენტის ამხსნელი მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ სოციალიზაცია ნაშვილები ბავშვებისთვის არ არის ისეთივე გავლენიანი, როგორც ბიოლოგიური ბავშვებისთვის. ↑
- შედეგები თითქმის უცვლელი რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ კვლევიდან გამოვყოფთ შვედეთში დაბადებულ შვილად აყვანილ ბავშვებს. ↑
- რადგანაც ორივე მიდგომა მსგავს შედეგს გვაძლევს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში მიღებული შედარებით დაბალი მსგავსების კოეფიციენტი გენეტიკური კავშირის არქონითაა გამოწვეული. ↑