ტერმინოლოგიური პოლიტიკის განვითარება საქართველოში – ისტორიული გზა და თანამედროვე გამოწვევები

გააზიარე:


ავტორი: მარიამ გორდაძე

რედაქტორი: ბექა იობიძე

წინათქმა

ტერმინოლოგია სამეცნიერო ენის ძირეული ნაწილია. უფრო ზუსტად, ტერმინოლოგია სპეციალურ ტერმინთა ლექსიკური ჯგუფია, რომელიც შესაბამისი დარგის მთლიან ცნებით სისტემას მოიცავს და რომლის გარეშეც ამ სფეროს ფარგლებში აზროვნება და მუშაობა შეუძლებელია. ტერმინებისთვის რამდენიმე ნიშანია არსებითი: ერთმნიშვნელოვნება, სინონიმების არარსებობა და ნეიტრალურობა.[1] რადგან სამეცნიერო სფერო მეტად განსაზღვრული მიმართულებაა, აკადემიურ ენაში ტერმინთა „აღრევა“ და მათი არაზუსტი გამოყენება პრინციპულად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ მკაფიო ხედვის ჩამოყალიბება ტერმინოლოგიის განვითარების კუთხით აუცილებელია.

ქართული ენის ტერმინოლოგიური ფონდი წარმომავლობის თვალსაზრისით ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: თვით ქართულ ლექსიკურ საფუძველზე წარმოქმნილი ტერმინები და ნასესხები ლექსიკა.[2] ტერმინოლოგიური „პურიზმი“ და თავისუფალი ტერმინთშემოქმედება – ქართულ ენაში ტერმინოლოგიური მუშაობის ეს ორივე მიმართულება იკვეთება. ტერმინოლოგიური „პურიზმი“ გულისხმობს უცხო ენებიდან შემოსული ტერმინების თარგმნას, მათ ჩანაცვლებას დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული ან შეთხზული სიტყვებით. თავისუფალი ტერმინთშემოქმედება კი ტერმინების თარგმნასთან ერთად მოიცავს უცხო ენებიდან ტერმინების სესხებას, ან სახელური ფუძეების გადმოღებასა და მათი ეროვნული ენის მოდელებით გაფორმებას, ან უცხოური მოდელებით ტერმინების ქართული ფუძეებისგან წარმოებას. დღემდე სადავოა, რომელი მიდგომა ჯობია. „პურისტები“ მიიჩნევენ, რომ უცხოური ტერმინები აღარიბებს ენას, უკარგავს მას სიღრმესა და არსს. მეორე მხრივ, ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც „პურისტების“ გასაკრიტიკებლად ხშირად იყენებენ, შექმნილი ტერმინების ხელოვნურობაა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ახალი სიტყვა თავიდან ხელოვნურია. ტერმინის დამკვიდრება დროსა და რამდენიმე სამეცნიერო სტატიას მოითხოვს. მაგალითად, ისეთი ქართული ტერმინები, როგორებიცაა წნეხი და წნევა, მრავალი სხვა სიტყვის მსგავსად გამოგონილია.

ქართული სამეცნიერო ენის განვითარების მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ეპოქა: პირველი – X-XII საუკუნეები (მონასტერ-აკადემიებში დაწყებული საქმიანობა); მეორე –  ილიასა და მის თანამედროვეთა; მესამე – „სიტყვარისტებისა“ და მეოთხე – საბჭოთა პერიოდისა.

მე-20 საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული საქართველოში, ესოდენ დიადი მთარგმნელობითი კულტურის ქვეყანაში, ტერმინთშემოქმედება თვითნებურად მიმდინარეობს. XXI საუკუნე გამორჩეულია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით, რაც განაპირობებს დიდი რაოდენობით ახალი ტერმინების წარმოქმნასა და არსებულთა მნიშვნელობების ცვლილებას. ხშირია ტერმინების არაზუსტი გამოყენება, ყოველდღიური, „სალაპარაკო“ სიტყვების სამეცნიერო ენაში გადასვლა. მომძლავრებული ბარბარიზმები და ნეოლოგიზმები დღითიდღე უფრო „ამდაბლებს“ ენას. განსაკუთრებით ხშირია ინგლისური სიტყვების გამოყენება. ჟურნალისტების, მეცნიერების, აკადემიკოსების ენა სრულებით მოცულია „საერთაშორისო“ სიტყვებით (მაგალითად, სოციუმი, კოგნიცია…). სამწუხაროდ, თითქმის არც ერთი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულება არ აღმოჩნდა მზად სახელმწიფო ენის საფუძველზე განევითარებინა ახალი სამეცნიერო ტერმინები.

ხაზგასასმელია, რომ ციფრულ ეპოქაში ენის გადარჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სრულფასოვნად გამოიყენება იგი ინტერნეტსივრცეში, რამდენად განვითარებულია ენობრივი ტექნოლოგიები.

ქართული სამეცნიერო ენის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზოგადოების ყურადღების ტერმინთშემოქმედების საკითხზე გამახვილება. უნდა გვახსოვდეს, რომ ენა არ არის უცვლელი, მყარი სისტემა; ენა – ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდამ საჭიროებს გულანთებულ დამცველებს, რომლებიც, თავის მხრივ, მას სწორი გეზით განავითარებენ. სწორედ ამიტომ ვეცდები, ნაშრომში სიღრმისეულად განვიხილო ქართული ტერმინთშემოქმედების ისტორია და ზემოხსენებული სკოლების მიდგომები. ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში, ეს მემკვიდრეობა საიმედო დასაყრდენია ქართული ტერმინთშემოქმედების ახალი ეპოქის დასაწყებად. გარდა ამისა, მიმოვიხილავ იმასაც, თუ რა ხედვა აქვს სახელმწიფოს ამჟამად და რა შეიძლება გაკეთდეს ციფრულ ეპოქაში ენის გადასარჩენად.

ტერმინოლოგიური საქმიანობა X-XII საუკუნეებში

როგორც უკვე აღინიშნა, ქართული ენის გამდიდრებას, ტერმინების შემუშავებასა და მეცნიერული ენის სრულქმნას  ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში სამონასტრო კერებში შეუდგნენ. უდავოდ უმდიდრესი საუნჯეა წინარეათონური, ათონის წმინდა მამების, შავი მთისა და იყალთო-გელათის სკოლის ნამოღვაწარი.[3]

X-XII საუკუნეები გამორჩეულია ეგზეგეტიკისადმი ინტერესით, – ამუშავებდნენ, თარგმნიდნენ, კომენტარებს ურთავდნენ ბიბლიურ ტექსტებსა და ელინურ-ელინისტური ხანის ფილოსოფოსთა ნაშრომებს. ამ მიზნით საჭირო იყო ცნებათა ზუსტი ქართული შესატყვისების არა მხოლოდ მოძიება, არამედ წარმოებაც. შედეგად ჩამოყალიბდა ქართული თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტერმინოლოგია, ქართული სამეცნიერო ენა.[4]

ბუნებრივია, განყენებულად, სხვა ენებსა და კულტურებთან კავშირის გარეშე, მეცნიერული ენა ვერ განვითარდება. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერძნული ენა ასაზრდოებდა ევროპული ენების სპეციალურ ლექსიკასა და არაბულ ფილოსოფიურ ენასაც კი. საქართველო პოლიტიკურად და კულტურულად მჭიდროდ უკავშირდებოდა ისეთ მაღალგანვითარებულ სამყაროს, როგორიც იმ ეპოქაში ბიზანტია იყო. სწორედ ამიტომ ამ დროის ქართველ მოღვაწეებს ეროვნული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის განვითარებისთვის მისაბაძ მაგალითად ბერძნული ფილოსოფიური ენა დაესახათ. შესაბამისად, ახალ ცნებათა შესაბამისი ტერმინების საწარმოებლად ყველაზე ხშირი და ნაყოფიერი მიდგომა ბერძნულ ტერმინთა კალკირება იყო.[5]

განზოგადებულად რომ ვთქვათ, ტერმინთშემოქმედებისთვის ამ პერიოდის მოღვაწენი ეყრდნობიან თავისთავად მდიდარ და მრავალფეროვან ქართულ სიტყვაწარმოებით საშუალებებს, აცოცხლებენ არქაულ, მივიწყებულ ფორმებსა და მოდელებს. ამასთან ერთად, ყურადღებას აქცევენ უშუალოდ სამეტყველო ენაში არსებულ ფორმებს.[6] აქვე აღვნიშნავ, რომ სამონასტრო კერების მთარგმნელთათვის საქმეს ართულებდა ისიც, რომ თვით ბერძნულ ფილოსოფიურ ენაშიც კი არ იყო დაძლეული ტერმინოლოგიური სიჭრელე. [7]

ხაზგასასმელია, რომ სამონასტრო კერებში ენის განვითარების მეთოდოლოგიური ხედვა ერთბაშად არ გაჩენილა. ქართული სამეცნიერო-ფილოსოფიური ტერმინოლოგია საუკუნეების განმავლობაში რომ ყალიბდებოდა, ამას ადასტურებს V საუკუნიდან მოყოლებული წერილობითი ძეგლები. თუმცა სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ცალკეული ტერმინები სიზუსტისთვის საჭიროებდა ერთ მყარ, ფორმალურ, სემანტიკურ სისტემაში მოქცევას.[8]

ქართული ტერმინოლოგიის შექმნის სირთულეს პირველად დიდი ათონელი მოღვაწე – გიორგი მთაწმინდელი – შეეჭიდა და განავითარა ქართული ფილოსოფიურ-საბუნებისმეტყველო ტერმინოლოგია. საინტერესოა, რომ იგი აწარმოებდა ბერძნული ტერმინის კალკირებულ თხზულფუძიან შესატყვისს, მაშინ როდესაც ძველ ქართულ თარგმანებში ცალკეული ცნება ხშირად მთელი შესიტყვებებითაა გადმოცემული. გიორგი მთაწმინდელი ტერმინთა საწარმოებლად ხშირად იყენებს ბრუნვის ფორმანტებს (-ით და -ად); ამის მაგალითებია: ბუნებითი, გონებითი, ქცევადი…[9] აღსანიშნავია, რომ ათონელი მოღვაწე ტერმინს არ თარგმნიდა, როცა შესაბამისი ქართული სიტყვა ზუსტად ვერ გადმოსცემდა მნიშვნელობას, ანდაც მაშინ, როდესაც იკარგებოდა ტერმინოლოგიური ღირებულება, რადგან სალაპარაკო ენაში იგი განსხვავებული მნიშვნელობით იხმარებოდა. [10]

ქართული ტერმინოლოგია მნიშვნელოვნადაა დავალებული ეფრემ მცირესაგან, რომელიც გამორჩეულად მარჯვედ იყენებს ქართული ენის სიტყვაწარმოებით შესაძლებლობებს. მასთან ხშირად გვხვდება აბსტრაქტულ სახელთა მაწარმოებელი -ობა სუფიქსი, რომელსაც ურთავს არა მხოლოდ არსებით და რიცხვით სახელებს, არამედ მიმღეობებს, ნაცვალსახელებს, კომპოზიტებს, წარმოქმნილ ფუძეებს (მაგალითად, იგივეობა, კერძოობა, ეგრეთვეობა, დიდნიჭობა, მიმღებლობა…).[11] აქვე, გიორგი მთაწმინდელის მსგავსად, ეფრემ მცირეც ტერმინების თარგმნისას მიმართავდა კალკირების მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკას.[12]

განსაკუთრებით გამორჩეულია იოანე პეტრიწის, „ქართული ენის მადღევებელისა და მამზევებელის“, ღვაწლი ქართული კულტურის აღორძინებისთვის. იგი მიიჩნევა ქართული ფილოსოფიური სკოლისა და ფილოსოფიური ენის შემქმნელად.[13] უდავოდ საინტერესო და მისაბაძია მისი მუშაობის რამდენიმე ძირეული პრინციპი: 1. ტერმინი ქართული აფიქსებისა და ძირების საშუალებით უნდა ეწარმოებინათ; 2. ტერმინი უნდა ყოფილიყო ცხადი და ზუსტად აესახა შესაბამისი ცნების შინაარსი; 3. მნიშვნელოვანი იყო ტერმინსა და ცნებას შორის ცალსახა მიმართება; 4. ტერმინი უნდა ყოფილიყო მოკლე და სხარტი.[14] იოანე პეტრიწის მიდგომა ქართული ენის გამდიდრების კუთხით ნამდვილად სამაგალითოა და მას საუკუნეების შემდეგაც კი უბრუნდებიან ქართველი ტერმინთშემოქმედები.

ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა და სხვებმა მრავალი ფილოსოფიური, მათემატიკური და გრამატიკული ტერმინი შემატეს ქართულს, მათ შორისაა, მაგალითად, არსი, გონი, განცდა, ვითარება, მეცნიერება, უმეცრება და ა.შ.[15]

სამწუხაროდ, X-XII საუკუნეების ძლიერი მთარგმნელობითი კულტურა, ქართული სამეცნიერო ენის განვითარების მკაფიო ხედვა და შესაბამისი თავდაუზოგავი შრომა წარსულში დარჩა. პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ თავისი კვალი დააჩნია ქართულ ენობრივ ფონდს, რომელშიც შემდგომში მომრავლდა სპარსულ-თურქული ლექსიკური ნასესხობები. ძველ ქართველ მოღვაწეთა შეგნებული და პრინციპული მიდგომა – მხოლოდ ქართულ ძირებზე დაყრდნობით შეექმნათ ტერმინოლოგია – სრულიად მოიშალა.[16]

თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ მეცნიერული განვითარების ხანგრძლივი წყვეტის პირობებში ნათელ წერტილად მიმაჩნია სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, რომელშიც ქართულ მწიგნობრობაში დროთა განმავლობაში დაგროვილი ტერმინები დაჯგუფებული და მოწესრიგებულია.[17]

ტერმინთშემოქმედება ილიას ეპოქაში

XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში ძალებს იკრებს გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. სალიტერატურო ენის ერთიანობა, უცხო სიტყვებისადმი დამოკიდებულება, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება – ეს საკითხები განიხილებოდა პერიოდულ გამოცემებში, რომელთაც მკაცრი ცენზურის პირობებში იტვირთეს სამწიგნობრო ენის დაცვა და განვითარება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს შეუდგა მოწინავე ქართველი საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თაოსნობით.[18]

ილია მიიჩნევდა, რომ სკოლა, თეატრი, ბანკი თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, ნათარგმნი თუ ორიგინალური თხზულებები – ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ქართველი ერის წინსვლას, ქართული ენის მოვლასა და აღორძინებას. სწორედ ილიასა და მის თანამედროვეთა ღვაწლის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შეძლეს ქართული სახელმძღვანელოების გამოცემა.[19]

ძველი მწიგნობრული ტრადიციის მსგავსად, ილიას დროს, ერთი მხრივ, ყურადღება ექცევა ხალხური მეტყველებიდან მომდინარე მასალას, მეორე მხრივ კი, ძველ სამეცნიერო ტერმინებს, როგორც დარგობრივი ლექსიკის შევსებისა და დაზუსტების წყაროს. აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის წერილებში, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობას ეხება, შეხვდებით ხალხური სასაუბრო კილოდან მრავალ სიტყვასა თუ შესიტყვებას, რომლებიც დღეს ტერმინოლოგიური ღირებულებისაა, თუნდაც, მაგალითად, დახურული და ახდილი დუღილი.[20] აქვე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ძველ ხელნაწერთა მოძიება-შესწავლა იყო.[21]

როგორ უნდა დამკვიდრებულიყო ენაში ტერმინები, ამაზე ვერც იმ ეპოქაში თანხმდებოდნენ. აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა იმის შესწავლა, თუ რა ტერმინები გვაქვს ქართულ ენაზე ძველ წიგნებში. ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი მიდგომით საქმე გაჭიანურდებოდა, სარგებელი კი დიდი არ იქნებოდა.[22] ი. ჭავჭავაძეს მიაჩნია, რომ ქართულად „თანასწორ მნიშვნელობის სიტყვის“ არქონის გამო არ იყო „დასაძრახისი“ განათლებული ხალხების გამოცდილების გაზიარება, ანუ უცხო ტერმინის სესხება. ამასთან, იგი საკითხს მეთოდოლოგიურად უდგება და მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან „საჭირო“ და „არასაჭირო“ სიტყვებს, ანუ ნასესხობებსა და ბარბარიზმებს: იგი ძრახავს ისეთ გადმოღებულ სიტყვებს, რომელთაც შესატყვისი ქართულად მოეძებნებათ, თუმცა სიტყვებს: ესთეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვ. –  ქართულში შესატყვისი არ აქვს. ილიას თქმით, ამგვარი ტერმინები ენაში თავისთავად დამკვიდრდება, ისევე როგორც ერთ დროს უცხო ენებიდან შემოვიდა, მაგალითად, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა და ა.შ.[23]

მიუხედავად გაცხარებული კამათისა და დაპირისპირებული ხედვებისა ქართული ენის განვითარების ირგვლივ, XIX საუკუნის II ნახევარი უაღრესად მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური განვითარების მხრივ.

სიტყვარისტების ეპოქა

მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ტექნოლოგიები და მეცნიერება ვითარდებოდა, საქართველო იმპერიის მარწუხებში იყო მოქცეული. ვასილ კაკაბაძის სიტყვები რომ მოვიშველიო, „მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედი ილევა, მოწინავე ქვეყნების მეცნიერება და კულტურა თითქმის გაჭაღარავებულია და თვალუწვდენელ სიმაღლეზე სდგას; ჩვენი განათლება კი მხოლოდ ეხლა იბადება, მას ჯერ ენა არცკი ამოუდგამს და ამნაირად ჩვენი მეცნიერული ენა თითქმის tabula rasa-ს წარმოადგენს“ (ვასილ კაკაბაძე, გაზეთი „შრომა, N113, ტფილისი).[24]

სამწლიანმა დამოუკიდებლობამ საოცარი ეროვნული ძალა აამუშავა. ჩქარობენ, იბრძვიან დაკარგული დროის ასანაზღაურებლად. 1918 წლიდანვე იწყება დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობა, რასაც საქართველოს ტექნიკური საზოგადოება უდგება სათავეში. ტექნიკური საზოგადოების (სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულების) უმთავრესი მიზანი საქართველოს შესწავლა-გამოკვლევა და მის „ტექნიკურ დაწინაურებაში“ წვლილის შეტანა იყო.[25]

1918 წელსვე საქართველოს ტექნიკურმა საზოგადოებამ (ვასილ კაკაბაძის თხოვნით) გამოყო სატერმინო სექცია, რომელსაც დაევალა ტექნიკური ტერმინოლოგიის შედგენა. ვასილ კაკაბაძემ პრესის საშუალებით რამდენჯერმე მიმართა ქართველ საზოგადოებას, მონაწილეობა მიეღო ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში. რიგი პირების დაინტერესების მიუხედავად, ტერმინოლოგიის შედგენის სირთულიდან გამომდინარე, მასთან სამუშაოდ მხოლოდ 3 მეცნიერი – გიორგი გედევანიშვილი, დავით ბერეკაშვილი და ირაკლი მჭედლიშვილი – დარჩა. 1919 წელს სექციას შეუერთდა მეცნიერთა მეორე ჯგუფი: რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევკტოვისა, გიორგი ნიკოლაძე და ივანე ბერიძე. იმავე პერიოდში ჯგუფთან გაერთიანდა მიხეილ შალამბერიძეც. ვასილ კაკაბაძე ნიკოლაძეების ჯგუფთან გაერთიანებას სატერმინო სექციის მეორე ხანას უწოდებს. ამ გადაწყვეტილებით მათ ნათლად დაგვანახეს განსხვავება „მწყობრივ“, ანუ სახელმწიფოებრივად მართულ ტერმინოლოგიასა, და კერძო მუშაობას შორის. რვაკაციანი გუნდის მიერ შექმნილი „რუსულ-ქართული ტეხნიკური ლექსიკონი“, ანუ „სიტყვარი“, „საშევარდნო ტანვარჯიშის ტერმინოლოგიის“ დამატებით, 1920 წელს გამოქვეყნდა.[26] „სიტყვარის“ მეორე (შევსებული) გამოცემა (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული) დაიბეჭდა 1921 წელს.[27]

ნიკოლაძეების ჯგუფის ეროვნული როლის მასშტაბი უკეთ რომ წარმოვაჩინო, აღვნიშნავ, რომ ჯერ კიდევ 1912-1913 წლებში გიორგი ნიკოლაძემ თარგმნა საშევარდნო ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელშიც არცერთი არაქართული სიტყვა არ შედის. რუსუდან და გიორგი ნიკოლაძეები სიღრმისეულად იცნობდნენ ევროპულ ტერმინოლოგიურ მუშაობას, იცოდნენ ევროპული ენებიც, შესაბამისად, 1918-1921 წლებში ეროვნული ძირებით ქართული ტერმინთშემოქმედება მნიშვნელოვანწილად სწორედ მათ უკავშირდება.[28]

„სიტყვარისტების“, ანუ „სიტყვარის“ ავტორების, სამუშაო მიდგომა გამოირჩეოდა გეგმაზომიერებითა და თანმიმდევრულობით. უპირველესად მეცნიერები შეუდგნენ ქართულ ენაში არსებული სიტყვებისა და ტერმინების თავმოყრასა და შესწავლას.[29] სამუშაო მასალებად მათ გამოიყენეს: 1. ლექსიკონები (სულხან-საბა ორბელიანის, რ. ერისთავის, დ. ჩუბინაშვილის, ნ. ჩუბინაშვილის, კ. ყიფიანის და სხვ.); 2. ძველი მეცნიერული ენის ნიმუშები (იოანე პეტრიწი და სხვ.); 3. ყველაფერი, რაც მანამდე ქართულად გამოქვეყნებულიყო: ტერმინოლოგიური ლექსიკონები, სახელმძღვანელოები, ჟურნალ-გაზეთების სტატიები, საკითხავი წიგნები და სხვ.; 4. ხალხური კილოკავები; 5. ძველი მწერლობა; 6. სასულიერო წიგნები. [30]

ისინი მტკიცედ იცავდნენ აზრს, რომ საერთაშორისო, ესე იგი ყველა ქვეყნისთვის საერთო ტერმინოლოგია, არც არსად არის, ვერც გაჩნდება, და კიდეც რომ გაჩნდეს, ვერ შეძლებს ყველა ქვეყნის მეცნიერების დაახლოებასა და შეერთებას. ამას გარდა, ქართული ენისთვის სრულიად უცხოა ინდო-ევროპული სახელები და ვერაფერს შველის „ჩვენებური თავ-ბოლოების წაბმა“. ენათა შერევა ვერ ამდიდრებს ენას, პირიქით, ამდაბლებს მას. ტერმინოლოგიის შექმნის დროს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ენის ხასიათის გათვალისწინება. ამასთან, ეროვნული თვითმყოფადობა მოითხოვს ქართულ ტერმინთშემოქმედებას: თუკი ცხრა საუკუნის წინ წინაპრები გრძნობდნენ ეროვნული ტერმინოლოგიის შექმნის აუცილებლობას, დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში აუცილებელი იყო ამ გზის გაგრძელება.[31]

რადგან ტერმინოლოგიის შემუშავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საქმედ იყო მოაზრებული, საჭირო იყო პასუხისმგებლობა აეღო სახელმწიფო დაწესებულებას, ანუ ტერმინოლოგიურ ცენტრს. ასეთ ცენტრად რუსუდან ნიკოლაძეს მხოლოდ უნივერსიტეტი ესახება. მისი აზრით, აღნიშნული ცენტრი დარგების სატერმინო კომისიებს უხელმძღვანელებდა და მიმართულებას მისცემდა.[32] ასევე, იგი ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ტერმინების შესაქმნელად აუცილებელი იყო დარგის სპეციალისტებისა და ფილოლოგების თანამშრომლობა და შემუშავებული მასალის ცენტრისთვის მიწოდება.[33]

„სიტყვარისტების“ თვალთახედვით, ენის გამდიდრების ორი გზა არსებობს: პირველი – ახალი ფორმების შედგენა, მეორე – ახალი ფესვების გაჩენა. ენის ჭეშმარიტი გამდიდრება კი სწორედ ამ ფესვების შექმნაა, რადგან ყოველი მათგანი მომავალში ბუნებრივ შთამომავლობას აძლევს ენას. [34] „სიტყვარის“ ავტორები კარგად იცნობდნენ მეცნიერების მრავალ დარგს, იცოდნენ ტერმინთა წარმოშობის ისტორია, იყენებდნენ ძველ ქართულ და ხალხურ მასალას, ეროვნული ფესვების, ძირებისა და მაწარმოებლებისაგან ქმნიდნენ ახალ სიტყვებს, ამიტომაც იყო მათი ტერმინთშემოქმედება ცალსახად შემოქმედებითი.[35]

საყურადღებოა, რომ ამ დროს კიდევ უფრო გამწვავდა კამათი იმის შესახებ, თუ როგორი ტერმინები უნდა დაემკვიდრებინათ ქართულში: საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ტერმინების შექმნა საჭირო არ არის, არაფერია იმაში ცუდი, თუ საერთაშორისო ტერმინებს შემოვიღებთო. ხაზგასასმელია ისიც, რომ ივ. ჯავახიშვილი, რომელსაც „სიტყვარისტები“ რჩევებისთვის ხშირად მიმართავდნენ, არსებითად სხვაგვარი ტერმინოლოგიური მუშაობის მომხრე იყო, – იგი ტერმინების ხელოვნურად შექმნას არ ემხრობოდა და ახალი ცნებების შესატყვისებს ქართულ წყაროებში ეძებდა. მიუხედავად ყველაფრისა, სატერმინოლოგიო სექციის წევრები იცავდნენ საკუთარ პრინციპებს. შედეგად, ქართულმა ენამ ბუნებრივად შეითვისა მათი შექმნილი ისეთი „ხელოვნური“ სიტყვები, როგორებიცაა: წნეხი, წნევა, ხსნარი, სადენი, წინაღობა, ხრახნი, ნათურა, მართობი, მართი კუთხე და სხვ. შეიძლება მეტიც დამკვიდრებულიყო, მაგრამ ტერმინთშემოქმედების ეს გზა საბჭოთა მმართველობამ მკაცრად უარყო. [36]

ჩანს, რომ „სიტყვარისტების“, ე.წ. ქართველი „პურისტების“, ხედვა ძალიან ჰგავს იოანე პეტრიწისა და ათონელ მოღვაწეთა მიდგომებს. მეტიც, თითქოს მათი გზის გაგრძელებაა. თუმცა, საქმისთვის გაღებული უდიდესი დროის, ენერგიისა და შემართების მიუხედავად, „სიტყვარი“ მალევე დაიწუნეს. და მაინც, ამ პლეადის ტერმინოლოგიურ მუშაობას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. მათი ბევრი ტერმინით დღეს, მაგალითად, მათემატიკის ენა სარგებლობს. [37]

უნივერსიტეტის როლი ქართული სამეცნიერო ენის განვითარებაში

ქართული მეცნიერების, კულტურის, ენის განვითარებაში უდიდესი წვლილი, უდავოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუძღვის. მისი დაარსება, უპირველეს ყოვლისა, მოასწავებდა სამეცნიერო დარგების განვითარებას სამამულო ნიადაგზე და, შესაბამისად, მეცნიერული (დარგობრივი) ენების შემუშავებას, ყველა სპეციალობის ტერმინოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებას. მართლაც, შეიქმნა ასზე მეტი აკადემიური სპეციალური ლექსიკონი, დაიწერა მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია, გამოიცა სახელმძღვანელოები, შედგა სასწავლო კურსები… [38]

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე დღის წესრიგში იდგა, ამ მიზნის განსახორციელებლად ტერმინოლოგიური კომიტეტის ჩამოყალიბება მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1921 წელს, მოხერხდა და მას სათავეში ჩაუდგა თავად ივანე ჯავახიშვილი. და თუმცა სწორედ იმ წელს დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა, მეცნიერებმა მთელი თავიანთი გონებრივი თუ სულიერი ძალები გამოიყენეს საუნივერსიტეტო საქმის შეუფერხებელი წინსვლისთვის.[39]

ტერმინოლოგიური მუშაობა საბჭოთა პერიოდში

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ტერმინთშემოქმედების ახალი პერიოდი იწყება. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქის დასაწყისშივე განხორციელდა ნიკოლაძეების იდეა ტერმინოლოგიური ცენტრის შესახებ, ოღონდ, ცხადია, საბჭოური ელფერით. ფილიპე მახარაძეს არაერთხელ დაუგმია ხელოვნურად შექმნილი ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ბანჭვინი (ბენზინი), თანწყობა (სისტემა) და ა.შ. მისი თქმით, სოციალისტური მშენებლობის მტრები არც ამ მხრივ ისვენებენ და განზრახ ქმნიან გაუგებარ ტერმინებს, რომელთაც ენაში „ქურდულად“ აპარებენ. მისთვის დაუშვებელია ქართული ძირებით ახალი სიტყვების წარმოება, ამიტომ „სიტყვარისტების“ დანატოვარს „პრიმიტიულ სიტყვებს“ უწოდებს.[40] როგორც ვუკოლ ბერიძე აღნიშნავს, სატერმინოლოგიო კომიტეტს იმთავითვე (1926 წ.) სახელმძღვანელო პრინციპად დაესახა შემდეგი: ინტერნაციონალური ტერმინების თარგმნა საჭირო არაა; საპირისპიროდ, უცხოური ტერმინების შემოტანა ამდიდრებს ქართულ ენას.[41]

ფილიპე მახარაძის ბრძანების მიუხედავად, მაინც განსხვავებულად გაგრძელდა ქართული ტერმინთშემოქმედება. დიდი ქართველი მეცნიერები ქართულ საქმეს შემართებით ემსახურებოდნენ. 1952 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვუკოლ ბერიძე წერს: „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენი წინაპარნი ‒ გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი ‒ გვჯობდნენ. ისინი ცდილობდნენ მეტ-ნაკლებად მშობლიური, ქართული ტერმინები დაედგინათ“. მისი ვაჟი, ვახტანგ ბერიძე, იგონებს: მიუხედავად ტერმინოლოგიური მუშაობის სირთულისა, ვუკოლ ბერიძეს უყვარდა ეს საქმე, რადგანაც კარგად ესმოდა მისი ეროვნული მნიშვნელობა. ვახტანგის თქმით, მამას ჰქონდა ენის საოცარი ალღო, რაც, ცხადია, ეხმარებოდა ტერმინოლოგიურ მუშაობაში. სწორედ ვუკოლ ბერიძის შემოღებულია ის ტერმინები, რომლებიც ახლა სავსებით შერწყმულია ქართულ ენას; მათ შორისაა, მაგალითად, განაშენიანება, მივლინება, შვებულება…[42] აღსანიშნავია, რომ 1925 წელს, როცა დაარსდა ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიური კომიტეტი, მას სათავეში სწორედ ვუკოლ ბერიძე ჩაუდგა. ცენტრალური სატერმინოლოგიო კომიტეტი, მეცნიერების სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიის შემუშავებასთან ერთად, სამეცნიერო ტერმინოლოგიის სადავო საკითხებს წყვეტდა და მის ნორმალიზაციას ცდილობდა.[43] ჩანს, რომ ამ პერიოდის ტერმინოლოგიური აღმავლობა ბატონი ვუკოლ ბერიძის სახელს მნიშვნელოვნად უკავშირდება.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აუცილებელი გახდა ქართული ტერმინის გვერდით უცხოური, ე.წ. საერთაშორისო, ტერმინის მიწერა. სინონიმია საბჭოთა ეპოქაში ერთგვარი გამოსავალი იყო ქართული ტერმინების გადასარჩენად. ვუკოლ ბერიძის თანახმად, თუ ინტერნაციონალურ ტერმინს ქართულ ენაში მოეძებნება შესატყვისი, ისინიც უთუოდ უნდა შემოვიღოთ და დავურთოთ იმ ვარაუდით, რომ მომავალში უცხო ტერმინს მიივიწყებენ და მარტო მშობლიურს გამოიყენებენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ენაში უცხო სიტყვები უფრო დამკვიდრდა, ვიდრე ქართული.[44]

60-იან წლებში ტექნიკისა და ტექნიკურ დისციპლინათა განვითარების ახალმა საფეხურმა მოითხოვა ტერმინოლოგიაზე მუშაობის გაგრძელება და ახალი ლექსიკონების გამოცემა. ამ მიზნით მოძველებული ტერმინები იცხრილებოდა და ზუსტი შესატყვისები დგინდებოდა. 1977 წელს გამოცემული „რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია“, რომელიც 60 000-მდე ტერმინს მოიცავს და რომელსაც საფუძვლად 1920 წლის ტექნიკური ტერმინოლოგიის სიტყვარი დაედო, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ტექნიკური სამეცნიერო ენის განვითარების თვალსაზრისით. ეს ნაშრომი მომზადდა სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში, – დარგის სპეციალისტებისა და ენათმეცნიერების 10-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგი იყო. [45]

ქართული სამეცნიერო ენის თანამედროვე გამოწვევები

კოგნიტური, პოზიტიური, ნეგატიური, კრეატიული, იდენტიფიცირება, ლოჯისტიკა… – დღეს, სამწუხაროდ, ამ სიტყვებს უფრო ხშირად გაიგებთ ან ამოიკითხავთ, ვიდრე მათ ქართულ შესატყვისებს. თუ მანამდე, მაგალითად, სპარსული, რუსული, თურქული სიტყვების მოზღვავება უქმნიდა საფრთხეს ქართულ ძირძველ ლექსიკურ ფონდს, დღეს ინგლისური ენა „ბატონობს“.

ციფრულ ეპოქაში, როცა ახალი ცნებები და ტერმინები ყოველდღიურად იქმნება, ნორმირებული ლექსიკონების შედგენა და მათი სათანადო გზებით საზოგადოებისთვის მიწოდება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ითარგმნება ტერმინები სპეციალისტებთან შეუთანხმებლად. შედეგად, სხვადასხვა ლექსიკონში ერთსა და იმავე ცნებას განსხვავებული ტერმინები შეესატყვისება. გარდა ამისა, ხშირად ამოიკითხავთ დარღვეულ ენობრივ ნორმებსაც: ნახევრად კოჰერენტული – ნახევრადკოჰერენტული, პნევმატიკური – პნევმატური…[46] დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ისეთი სფერო, რომელსაც არ ესაჭიროება პროფესიულ-დარგობრივი ენის სასწრაფო რეფორმა. [47]

ყურადღებას გავამახვილებ სასწავლო მასალების საკითხზეც. სტუდენტები ინფორმაციას მეტწილად უცხოურ ენაზე, ძირითადად ინგლისურად, ეცნობიან. შედეგად „უცხოურად აზროვნებენ“, წინადადებებს ქართულისთვის არაბუნებრივი სტრუქტურით აწყობენ. სასკოლო სახელმძღვანელოებშიც უხვადაა უცხოური ტერმინები, რომლებსაც ქართული შესატყვისი ნამდვილად მოეძებნება. ვფიქრობ, სასწავლო წიგნებისთვის გრიფის მინიჭებამდე აუცილებელია, რომ შეფასდეს მათი „ტერმინოლოგიური სიჭრელე“.

პრობლემაა ისიც, რომ დღეს ნაკლებად იცავენ დისერტაციებს ტერმინოლოგიის საკითხებზე, ხოლო ისინი, ვისაც ამ მიმართულებით აკადემიური ხარისხი აქვთ, ხშირად არ არიან დასაქმებულნი უშუალოდ ტერმინოლოგიის მიმართულებით. შედეგად ვიღებთ  კვალიფიციური კადრების სიმცირეს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ტერმინოლოგიური მუშაობის წინსვლას.[48]

საქმეს ართულებს ისიც, რომ საქართველოს სოფლები თითქმის დაცლილია, ანუ სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი ერთ-ერთი უმთავრესი წყარო – ხალხური მეტყველება – ხელიდან გვეცლება.[49]

საყურადღებოა, რომ ციფრულ სივრცეში ქართული ენა ნაკლებადაა წარმოდგენილი და დაცული, – ხარისხიანი ქართულენოვანი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ძალზე მცირეა და არც ენის ტექნოლოგიური განვითარებაა სახელმწიფოს მიერ სათანადოდ მხარდაჭერილი.[50]

ვფიქრობ, 1892 წელს „დროებაში“ გამოთქმული აზრი დღემდე საჭირბოროტოა: ტერმინების არქონას ვერავინ დაგვწამებს, თუმცა ისინი გაფანტულია. მათი შეკრება, გადახედვა და საყოველთაოდ აღიარება აუცილებელია.[51]

თანამედროვე ტერმინოლოგიური განვითარების გზები

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს მიღებული „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ევალება სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა. ამ განყოფილების ფარგლებში უნდა იმოქმედოს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიამ, რომელიც შეიმუშავებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ენის ექსპერტთა კომისიის შეთავაზებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ენის განვითარების ერთიან პროგრამას, რომელმაც უნდა მოიცვას: სახელმწიფო ენის სტრუქტურისა და ისტორიის, მის თავისებურებათა თანმიმდევრული კვლევა; თანამედროვე ქართულის ერთიანი ლექსიკოგრაფიული უზრუნველყოფა; სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების სრული კორპუსის მომზადება; სახელმწიფო ენის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ენობრივი მონაცემების (ტექსტების) სრულყოფილი ციფრული ბაზების შექმნა; საძიებო და მთარგმნელი კომპიუტერული პროგრამების მომზადება და ა.შ.[52]  ჩემი აზრით, მიღებული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ შესაფერისი ჩარჩოა გონივრული ენობრივი პოლიტიკის გასატარებლად, თუმცა კანონი ფურცელზე არ უნდა დარჩეს, მეტი რესურსი უნდა გამოიყოს მის აღსასრულებლად და ზედამხედველობაც უნდა გამკაცრდეს.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინების სტანდარტიზაციის საკითხებზე მუშაობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორისაა INFOTERM-ი (იუნესკოს ტერმინოლოგიის საინფორმაციო ცენტრი), ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და სხვ. ციფრულ ეპოქაში მათ სტანდარტებთან დაახლოება, მათი გამოცდილების გაზიარება მეტად წაადგება ქართულ ტერმინოლოგიურ პოლიტიკას.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ენობრივი ტექნოლოგიების (ტერმინოლოგიური და ლექსიკოგრაფიული ბაზები, მანქანური თარგმანი, ერთ და ორენოვანი კორპუსები და ა.შ) დახვეწა დაკავშირებულია დისციპლინათაშორის თანამშრომლობასთან: პროგრამისტები, კომპიუტერული ინჟინრები და სხვა ტექნოლოგიური დარგის სპეციალისტები აქტიურად უნდა ჩაერთონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს განვითარებაში.[53] აქვე აღვნიშნავ, რომ შედეგიანი ტერმინოლოგიური პოლიტიკის განსახორციელებლად საჭიროა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მოწადინება, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, კანონმდებლების, საზოგადოების ცნობადი სახეების და ა.შ.[54]

ქართული ტერმინთბანკის შექმნის მნიშვნელობა

თანამედროვე მსოფლიოში მრავალი სახელმწიფო მუშაობს ეროვნული ტერმინთბანკების – კულტურულ-სამეცნიერო „საცავის“ – განვითარებაზე, რასაც დიდი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი ესაჭიროება. ტერმინთბანკები ერთ სივრცეში აერთიანებს ეროვნულ ტერმინებს, რაც, თავის მხრივ, ტერმინოლოგიური სტანდარტიზაციისთვის აუცილებელია. ქართული ტერმინთბანკის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის მუშაობს თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თუმცა სათანადო სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე ეს პროექტი სწრაფად ვერ ვითარდება. ამის გამო, ბუნებრივია, რომ რესურსი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.[55]

ქართული ტერმინთბანკის განვითარებისთვის საჭიროა აქამდე დაგროვილი ტერმინოლოგიური მასალის (ტერმინოლოგიური ლექსიკონების, რომელთაგან უმეტესობა ორენოვანი (რუსულ-ქართული) ან სამენოვანია (ინგლისურ-რუსულ-ქართული)), ერთ ბაზაში თავმოყრა, შესწავლა და დამუშავება.[56] მოგროვებული მონაცემების საფუძველზე უნდა გადაწყდეს ტერმინოლოგიური სინონიმიის საკითხი და კონკრეტულ ცნებას კონკრეტული ტერმინი დაუკავშირდეს. მაგალითად, 1920 წლის ლექსიკონში ამოიკითხავთ კუთხზომს, 1935 წლისაში – კუთხემზომს, 1977 წლისაში კი – გონიომეტრს. უნდა დადგინდეს, ამ ტერმინებიდან რომელი შევა თანამედროვე ნორმატიულ ლექსიკონში.[57]

აქვე, დიალექტების კვლევა და მათთვის ადგილის მიჩენა დარგობრივ ლექსიკონებში, როგორც ვნახეთ, დიდი ხანია უკვე, რაც საქართველოში დაიწყეს. მათი ციფრულ სივრცეში მოქცევითა და შესწავლით, ვფიქრობ, მრავალ „საერთაშორისო“ ტერმინს მოვუძებნით ქართულ შესატყვისს.

ქართული სრულყოფილი ტერმინთბანკის შექმნით საბოლოოდ უნდა აღსრულდეს წინაპართა  ნება, რომ შეეგროვებინათ და გაეგოთ, რა მარაგი აქვს ქართულ ენას. ამ შეკრებილ და გადასინჯულ მასალას კი შემდეგ დაეფუძნება სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონების სარედაქციო სამუშაო.

ბოლოთქმა

დღეს საქართველოში ტერმინთშემოქმედება არაკანონზომიერად, თვითნებურად და, შესაბამისად, არაქმედითად მიმდინარეობს. აღნიშნული უაღრესად სამწუხარო ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ტერმინოლოგიური მუშაობა საუკუნეებს ითვლის და ცალსახად სამაგალითოა.

ისტორიულ ჭრილში ქართველი ტერმინთშემოქმედების ხედვები განსხვავებულია, – ვხვდებით როგორც „პურისტულ“, ასევე თავისუფალი ტერმინთშემოქმედების მიდგომებს. როგორ უნდა განევითარებინათ ქართული ენა, ამაზე გულმხურვალედ მსჯელობდნენ და დავობდნენ. ქართული ენის ღირსების დასაცავად, ვფიქრობ, ასეთი ეროვნული სულისკვეთება ისევ უნდა გაღვივდეს, – უნდა გაგრძელდეს განსჯა ქართული ენის ხვალინდელ დღეზე.

ამასთან, ქართულ ტერმინთშემოქმედებას მკაფიოდ გასდევს ის რწმენა, რომ არასაჭირო უცხოური სიტყვების ენაში შემოტანა მის გამდიდრებას სულაც არ ემსახურება, პირიქით, აღარიბებს და ფიტავს მას. განსაკუთრებით საფრთხილოა სამეცნიერო ენა, რადგან აქ სიზუსტე აუცილებელია, შესაბამისად, სინონიმების შემოტანა – გაუმართლებელი.  

ზემოაღწერილი ქართული ისტორიული ტერმინოლოგიური მუშაობის სიღრმიდან გამომდინარე, წინაპართა მიდგომების გათვალისწინება, მათ მიერ შემუშავებული მასალის თავმოყრა და გადასინჯვა – სწორედ ეს მიმაჩნია თანამედროვე ტერმინთშემოქმედებისთვის უპირველეს ამოცანად. გარდა ამისა, ქართული ტერმინთბანკის განვითარებაზე გეგმაზომიერი და უწყვეტი ზრუნვა სახელმწიფომ ერთ-ერთ მთავარ მიზნად უნდა დაისახოს.

გამოყენებული ლიტერატურა

არაბული, ავთანდილ. მეტყველების კულტურა. თბილისი: უნივერსალი, 2008.

არაბული, ავთანდილ. წინათქმა კრებულისთვის ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

აფრიდონიძე, შუქია. „გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ზოგი საკითხი ქართულში“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 28-37. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო – ტერმინოლოგიის პოლიტიკის შემუშავება და ენობრივ საზოგადოებაში დანერგვა. პარიზი: იუნესკო, 2005.

ვაშაკიძე, იამზე. „XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესა ტერმინთშემოქმედების შესახებ“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები IV, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 175-192. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2020.

მელიქიშვილი, დამანა. იოანე პეტრიწის ენა და სტილი. იოანე პეტრიწი და ქართული სამეცნიერო-მწიგნობრული ენის განვითარების გზები. თბილისი: მერიდიანი, 2022.

მელიქიშვილი, დამანა. „ძველი ქართული მწიგნობრული სკოლების გამოცდილების მნიშვნელობა თანამედროვე ქართული სპეციალური ტერმინოლოგიის განვითარებისთვის“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 121-129. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

მუზაშვილი, ნათელა და ინგა ჯიბუტი. „მრავალდარგოვანი ტექნიკური ტერმინოლოგიის მრავალდარგოვანი ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი რედაქციისათვის“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 130-134. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

სარაჯიშვილი, გიორგი. „გიორგი ნიკოლაძე – ტექნიკური ლექსიკონის თანაავტორი“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 159-170. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030.თბილისი: სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, 2021.

ქაროსანიძე, ლია. „სიტყვარი – ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი – 100 წლისაა“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები IV, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 5-31. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2020.

ქაროსანიძე, ლია. „ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 176-185. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014.

ქაროსანიძე, ლია, ირაკლი უჯმაჯურიძე და ემზარ ჯგერენაია. „ქართული ტერმინთსაცავი“. კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები III, რედაქტორი ლია ქაროსანიძე, 190-198. თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2018.

ღამბაშიძე, როგნედა. „ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია. ნორმისა და უზუსის საკითხები“. წიგნში ქართული სიტყვის კულტურის საკითხები (წიგნი მერვე), რედაქტორი შუქია აფრიდონიძე, 27-58. თბილისი: მეცნიერება, 1988.


[1] ავთანდილ არაბული, მეტყველების კულტურა (თბილისი: უნივერსალი, 2008), 262.

[2] არაბული, 268.

[3] დამანა მელიქიშვილი, „ძველი ქართული მწიგნობრული სკოლების გამოცდილების მნიშვნელობა თანამედროვე ქართული სპეციალური ტერმინოლოგიის განვითარებისთვის“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 122.

[4] დამანა მელიქიშვილი, იოანე პეტრიწის ენა და სტილი. იოანე პეტრიწი და ქართული სამეცნიერო-მწიგნობრული ენის განვითარების გზები (თბილისი: მერიდიანი, 2022)მელიქიშვილი, 32.

[5] მელიქიშვილი, ძველი…, 126.

[6] მელიქიშვილი, ძველი…, 124.

[7] მელიქიშვილი, იოანე…, 33.

[8] მელიქიშვილი, იოანე…, 32.

[9] მელიქიშვილი, იოანე…, 33.

[10] მელიქიშვილი, იოანე…, 35.

[11] მელიქიშვილი, იოანე…, 36.

[12] მელიქიშვილი, იოანე…, 42.

[13]მელიქიშვილი, იოანე…, 7.

[14] მელიქიშვილი, ძველი…, 123.

[15] ლია ქაროსანიძე, „ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 177.

[16] მელიქიშვილი, ძველი…, 127.

[17] ავთანდილ არაბული, წინათქმა კრებულისთვის ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 5.

[18] იამზე ვაშაკიძე, „XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესა ტერმინთშემოქმედების შესახებ“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები IV, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2020), 175.

[19] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 178.

[20] ვაშაკიძე, 185.

[21] ვაშაკიძე, 188.

[22] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 179.

[23] ვაშაკიძე, 178-179.

[24] ლია ქაროსანიძე, „სიტყვარი – ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი – 100 წლისაა“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები IV, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2020), 6.

[25] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 7.

[26] გიორგი სარაჯიშვილი, „გიორგი ნიკოლაძე – ტექნიკური ლექსიკონის თანაავტორი“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 159.

[27] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 9.

[28] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 14.

[29] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 9.

[30] სარაჯიშვილი, 163.

[31] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 14-15.

[32] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 11.

[33] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 12.

[34] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 17.

[35] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 23.

[36] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 179.

[37] სარაჯიშვილი, 169.

[38] არაბული, 6-7.

[39] შუქია აფრიდონიძე, „გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ზოგი საკითხი ქართულში“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 28.

[40] ქაროსანიძე, სიტყვარი…, 26-27.

[41] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 179.

[42] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 180.

[43] როგნედა ღამბაშიძე, „ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია. ნორმისა და უზუსის საკითხები“, წიგნში ქართული სიტყვის კულტურის საკითხები (წიგნი მერვე), რედ. შუქია აფრიდონიძე (თბილისი: მეცნიერება, 1988), 27-28.

[44] ლია ქაროსანიძე, ირაკლი უჯმაჯურიძე და ემზარ ჯგერენაია, „ქართული ტერმინთსაცავი“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები III, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2018), 193.

[45] ნათელა მუზაშვილი და ინგა ჯიბუტი, „მრავალდარგოვანი ტექნიკური ტერმინოლოგიის მრავალდარგოვანი ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი რედაქციისათვის“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2014), 131.

[46] მუზაშვილი და ჯიბუტი, 130.

[47] არაბული, წინათქმა…, 7.

[48] სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030, 39.

[49] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 183.

[50] სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030, 26.

[51] ქაროსანიძე, ტერმინოლოგია…, 182.

[52] ავთანდილ არაბული, „ტერმინოლოგიური პოლიტიკია და კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“, კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები II, რედ. ლია ქაროსანიძე (თბილისი: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2016), 11.

[53] სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030, 58.

[54] გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო – ტერმინოლოგიის პოლიტიკის შემუშავება და ენობრივ საზოგადოებაში დანერგვა (პარიზი: იუნესკო, 2005), 49.

[55] სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030, 39.

[56] ქაროსანიძე, უჯმაჯურიძე და ჯგერენაია, 190.

[57] ქაროსანიძე, უჯმაჯურიძე და ჯგერენაია, 192.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.