თავსმოხვეული მითი მეგრული სეპარატიზმის შესახებ

მეგრული წარწერები

გააზიარე:


ავტორი: ნანო კვარაცხელია

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

შესავალი

   2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ენების – მეგრულისა და სვანურის – დაცვა; ერთ-ერთ გზად კი დაასახელა მათი არჩევით საგნებად სწავლება სკოლებში. ამ ორ ქართველურ ენას დაცვა უდავოდ სჭირდება. მეგრულად და სვანურად მოსაუბრეთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. იმაზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა სახის არამატერიალური, კულტურული სიმდიდრე ახლავს ქართველურ ენებს, და არც ისტორიით  შეგაწყენთ თავს. სტატიის მიზანი სულ სხვაა, – შეძლებისდაგვარად დავანახო მკითხველს, რომ 2022 წლამდე ბევრად ადრე აგორებული კამპანია მეგრული სეპარატიზმის შესახებ, რომელსაც, პირველ რიგში, მეგრული ენა თითქოსდა აღვივებს, უბრალოდ მითია,- იგი ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ჩაგვაგონა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ. ის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობდა ქართველების ურთიერთდაპირისპირებასა და ვითარების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს სამეგრელო და დანარჩენი საქართველო სხვადასხვა მხარეს იდგა (ამაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებ). მართალია, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მეგრულ ენაზე არამოსაუბრეთაგან ზოგიერთი მას ენად არ ცნობს და მასში სეპარატიზმის ნიშნებსაც კი ხედავს. ეს კი, თავისთავად, პრობლემა და ნიშანია იმისა, რომ თავსმოხვეულმა მითებმა, გარკვეული თვალსაზრისით, შეძლო გაუცნობიერებელი შიშის გაჩენა ქართველებში.

ენა თუ დიალექტი

   ზოგადად, დავობენ იმაზეც, მეგრული ენაა თუ დიალექტი. აღვნიშნავდი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო.

ქართველური ენების წარმოშობის შესახებ ორგვარი ახსნა არსებობს: ერთი არნოლდ ჩიქობავას ეკუთვნის, ხოლო მეორე – გერჰარდ დეეტერს. პირველი თვალსაზრისის მიხედვით, ქართულის დაყოფისას წარმოიშვა ზანური დიალექტური განშტოება, რომლის შემდგომი დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ენები – სვანური და ზანური; ეს უკანასკნელი მოიცავს მეგრულსა და ლაზურს. მეორე თვალსაზრისის მიხედვით კი, საერთო ქართველურ ფუძეენას ძვ.წ. მე-2 ათასწლეულში გამოეყო სვანური ენა, ხოლო პირველ ათასწლეულში ქართულ-ზანური ერთობა დაიშალა ქართულ და ზანურ ენებად (ეზუგბაია, 2020, 2-3). მთავარი ერთია: ორივე მოსაზრება მეგრულსა და სვანურს დამოუკიდებელ ენებად აღიარებს.

გია ნოდია საკითხს სხვაგვარად აფასებს და წერს, რომ იგი  ენათმეცნიერებზე მეტად პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, ვინაიდან შინაარსობრივად სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პოლიტოლოგის დამოკიდებულება გასაგებია, რადგან ამ თემაზე მსჯელობის დაწყება სწორედ პოლიტიკას უკავშირდება: ტარიელ ფუტკარაძემ, თეიმურაზ გვანცელაძემ, მანანა ტაბიძემ და სხვა ენათმეცნიერებმა მეგრულზე, როგორც დიალექტზე, საუბარი წამოიწყეს იმიტომ, რომ მეგრულის ენად აღიარება მიიჩნიეს სეპარატიზმის გამოვლინებად. მეტიც, ნებისმიერი, ვინც მათ არ ეთანხმებოდა,  დაადანაშაულეს რუსული სპეცსამსახურების მიზნების, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელშეწყობაში. თუ ამასაც გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ცხადია, თუ როგორ შეიძლება იქცეს მეგრულის ენად ან დიალექტად აღიარება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად.

   მიუხედავად ამისა, საკითხი, კერძოდ, მეგრული – ენა თუ დიალექტი?,  გამომდინარეობს ლინგვისტური ნაციონალიზმისგანაც, რაზეც გია ნოდია ბევრს საუბრობს. ერი და, ზოგადად, ნაციონალიზმი არც თუ ისე შორეულ წარსულში გაჩენილი ტერმინებია. თეორეტიკოსები ერთა ჩამოყალიბების რამდენიმე განმაპირობებელს ასახელებენ; ერთ-ერთი მათგანი კი ენაა. თუ ქვეყანას აქვს სურვილი, იწოდებოდეს სახელმწიფოდ, ენის ქონა მას ლეგიტიმურობას სძენს. ამასთან, ენა თანამედროვეობაში დაკავშირებულია მოქალაქეობის საკითხთანაც, ვინაიდან შეინიშნება ეთნონაციონალიზმის სამოქალაქო ნაციონალიზმად ჩამოყალიბებისკენ მისწრაფება. ლინგვისტური ნაციონალიზმის ჭრილიდან თუ შევხედავთ საკითხს, შიში მეგრულის ენად აღიარებისა საფუძვლიანია. ამ თვალსაზრისით, ენა აქცევს სახელმწიფოს სახელმწიფოდ. სწორედ აღნიშნულის გამო არის უკრაინული ენა, და არა – რუსულის დიალექტი; ენაა აზერბაიჯანული, და არა – თურქულის დიალექტი. თუ ამგვარ საკითხებს ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ენას ცალსახად სდევს პოლიტიკური მნიშვნელობა.

ნოდიას შეფასებით, რთულია ენისა და დიალექტის ერთმანეთისაგან გამიჯვნა; არსებობს ,,დიალექტური კონტინუუმი“. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს თვალსაჩინო ზღვარი, რომლის მიხედვითაც დიალექტს ენას ვუწოდებთ. ერთ-ერთი ასეთი ,,წითელი ხაზია“ იმგვარი განსხვავება, რომ უცხო დიალექტზე ნათქვამს ვეღარ ვიგებთ; თუ ეს ასეა, საქმე გვაქვს არა დიალექტთან, არამედ ენასთან. მაგალითისათვის, თბილისელი მეგრულს უბრალოდ ვერ გაიგებს, შინაარს ვერ გამოიტანს, მაგრამ თბილისელი უცილობლად გაუგებს იმერულ დიალექტზე მოსაუბრეს. ამ და სხვა არგუმენტებს, რომლებსაც იშველიებდნენ საუკუნეების განმავლობაში ენათმეცნიერები და ასაბუთებდნენ მეგრული ენის არსებობას, უპირისპირდება პოლიტიკა. გია ნოდიას შეფასება, რომ რთულია ზღვრის პოვნა, უფრო მეტად მგონია სიფრთხილის ნიშანი და მცდელობა, საკითხს შეხედოს არა მხოლოდ მეცნიერულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც. თუ მის მსჯელობას გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ მეტყველების შინაარსის გაგება-არგაგებაზე დაფუძნებული ,,წითელი ხაზი“ სახიფათოც კია, მით უმეტეს, თუ ვიკითხავთ: რუსი გაიგებს უკრაინელის ნათქვამს და ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინული დიალექტია? იქნებ რუსულია დიალექტი? საკითხის ამგვარად გააზრება ალბათ განამტკიცებს ზოგიერთის აზრს იმის შესახებ, რომ მეგრული დიალექტად უნდა მივიჩნიოთ; სხვა შემთხვევაში, იქნებ მეგრელებმა ერთ დღესაც განაცხადონ, რომ ქართველები არ არიან? თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელსაც რატომღაც ყველა ივიწყებს ხოლმე: სამეგრელო არ არის არც უკრაინა, არც რუსეთი და არც აზერბაიჯანი. სამეგრელოში არასდროს გამოთქმულა სურვილი ან თუნდაც პატარა ეჭვი იმის შესახებ, რომ მეგრელი ქართველი არ არის იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული ენა.

ამასთან, სვანური და მეგრული ქართველური ენებია. ისინი არ წარმოშობილა დამოუკიდებლად. ფუძე ერთი გვაქვს და სწორედ ამიტომ მეგრულს უნდა შევხედოთ, როგორც კულტურის გამდიდრების წყაროს და არა – როგორც სეპარატიზმის იარაღს. ავტორები, რომლებმაც იციან მეგრული, მხოლოდ ამდიდრებდნენ ქართულ ლიტერატურას, – მაგალითად,  კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც იყენებდა ხოლმე მეგრულ სიტყვებს. ეს არ იყო ხელოვნური; პირიქით, კარგად ერწყმოდა მწერლის რომანებს. აქვე, ხაზს გავუსვამ იმასაც, ქართულ ენაში სიტყვების 66%-ზე მეტი უცხოური წარმოშობისაა და დღესაც ბევრი ახალი ტერმინი ამ გზით მკვიდრდება. რატომ არ შეიძლება ვისარგებლოთ მეგრული ენის სიმდიდრით და გარკვეული სიტყვები გადმოვიღოთ ისევე ბუნებრივად, როგორც ამას აკეთებდა გამსახურდია საკუთარ რომანებში?

იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან მეგრული, უჭირთ დაინახონ მისი ღირებულება, რომელიც, უპირველესად, ქართული კულტურისთვისაა მნიშვნელოვანი. ზოგადად, ენათმეცნიერები ჩამოთვლიან რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ ნებისმიერი ენა:

1. ენა არის ისტორიის არქივი: ფოლკლორული ნაწარმოებები, რომლებიც მეგრულ ენაზე გვაქვს, იქნება ეს სიმღერა, ზღაპრები თუ ლექსები, გვიყვებიან თავიანთ ამბავს, ისტორიას. ზოგადად, ჩვენ ვიცით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცნობიერებაში ზღაპრებსა და ფოლკლორულ შემოქმედებას;

2. ენა ასახავს იდენტობას: მეგრული ქართველური ენების ნაწილია; შესაბამისად, თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა მარტო მეგრულის, არამედ სვანურისა და ლაზურის შენარჩუნებაც. ენათმეცნიერ რომაინის შეფასებით, ენა ,,არის ცოცხალი მუზეუმი, მონუმენტი ამა თუ იმ კულტურისა“;

3. ენა ხელს უწყობს ადამიანის ცოდნის შეჯამებას: მის გაქრობასთან ერთად სამყაროს არსებული ხედვაც იკარგება. ამას უკეთ გაიგებენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგრული. მახსენდება სიტყვები, რომლებიც მეგრულში სიარულს აღნიშნავს, – ,,მეურს“ ნიშნავს ,,მიდის“, მაგრამ ,,მიძღვაბალ“, ,,მიბანდალ“, ,,მირაფალ“, ,,მიღვარკალ“, ,,მიდარგალ“, ,,მიტარკალ“ და კიდევ ძალიან ბევრი სხვა სიტყვა საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ ზმნა ,,სიარულს“, არამედ აღწერს კიდეც იმ ადამიანს, რომელიც მიდის; მაგალითისათვის, ,,მიხარკალ“-ს ამბობენ იმ ადამიანზე, რომელიც ძალიან გამხდარია. ზემოთქმული წარმოაჩენს, თუ როგორ უყურებს სამყაროსა და ადამიანებს მეგრული ენა; შესაბამისად, ძალიან საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი ენათმეცნიერისა და, ზოგადად, ქართველისათვის.

მითი სეპარატიზმზე

   ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე, რომელმაც სრულიად ხელოვნურად განაწყო ცუდად საზოგადოების ნაწილი მეგრულთან მიმართებით. მითი მეგრული სეპარატიზმის შესახებ და მეგრული ენის საფრთხედ წარმოჩენის მცდელობა ნამდვილად არაა ქართველების შეთხზული. ამაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში და გაგრძელდა საბჭოთა კავშირში. 1899 წელს გამოვიდა მეგრული საანბანო წიგნი – ,,დიდა ნინა“, ანუ დედაენა, რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქმა სკოლის სახელმძღვანელოდ დაუშვა. ამასთან, დედაენის სვანური ანალოგიც გამოვიდა. დასაბუთება ერთი იყო: მეგრელებსა და სვანებს თითქოსდა უჭირდათ ქართულად ურთიერთობა და საჭირო იყო მეგრულ ენაზე სწავლება, რაც, თავისთავად, სიცრუეა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1903 წელს სამეგრელოში ჩასულ ეგზარქოს ალექსს მეგრელებმა სთხოვეს, მეგრულის ნაცვლად ქართულად განეახლებინათ სწავლება სკოლებში. აქვე აღვნიშნავდი იმასაც, რომ მეგრული ანბანი ეფუძნებოდა რუსულ დამწერლობას.

მეფის რუსეთის ბატონობისას მეგრული სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა ცალსახად უშედეგოდ დასრულდა. რუსეთმა კვლავ სცადა მეგრელების საქართველოსაგან მოწყვეტა 1928 წელს, უკვე საბჭოთა ეპოქაში. მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორმა პშენიცინმა სამეგრელოში იმოგზაურა, დაასკვნა: ,,მეგრელ გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ (მეგრულ) ენაზე“ (წურწუმია). სეპარატიზმის გაღვივების ეს მცდელობაც მათთვის წარუმატებლად დასრულდა. ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც დაადასტურებდა მეგრელების რაიმე კუთხით გამოყოფის სურვილს. მათ მრავალჯერ უარყვეს მეგრული ანბანის იდეა, ვინაიდან არსებობს ზღვარი. ჩემთვის ეს უკანასკნელი ბუნებრიობაზე გადის: მაგალითად, სურვილი, თარგმნო მეგრულად ,,ვეფხისტყაოსანი“, არაა უცნაური, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამასაც სხვადასხვაგვარად გამოეხმაურა. თუმცა არაბუნებრივი და არასაჭიროა მეგრული ანბანის შექმნა, –  არც ერთი დამწერლობა ხელოვნურად არ იქმნება; იგი საუკუნეების განმავლობაში ვითარდება და, ნამდვილად, საჭიროებისაგან გამომდინარეობს. ათასწლეულების განმავლობაში ამგვარი საჭიროება არ არსებობდა, მესამე ძალის მიერ მეგრული ანბანის შექმნის მცდელობები კი მიზნად ისახავდა დაპირისპირების გაღვივებას.

მეგრულად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი“ – ,,ყილოშტყებამი“ – ვახსენე, რომელმაც ასევე გამოიწვია ვნებათაღელვა, თუმცა, ჩემი აზით, უადგილოდ. წიგნს აქვს წინასიტყვაობა ქართულ, მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებზე, რითაც უკვე გაცხადებულია მიზანი თარგმანისა: მეგრული ენის გადარჩენა. გამოცემის მთავარი რედაქტორი და მეგრული ენის ასოციაციის პრეზიდენტი გივი ქარჩავა აცხადებს: ,,ეს ენები ქართულის დარი სიმდიდრეა. არაფრით არ ჩამოუვარდებიან ქართულს და მასთან ერთად დგანან ერთ სიბრტყეზე. ის, რომ მეგრულს, სვანურს და ლაზურს იმ დონის სამწერლობო კულტურა არ აქვთ, როგორიც ქართულს, არანაირად არ აკნინებს ამ ენებს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მცხოვრები ბევრი ადამიანის იდენტობის ნაწილი“. ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს თარგმანი, ვფიქრობ, ჯეროვნად ვერ ასაბუთებენ საკუთარ შეხედულებებს. თუ მეგრული სახიფათოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უნდა უკუვაგდოთ მეგრული სიმღერები, ლექსები, ზღაპრები და სხვა შემოქმედება მხოლოდ იმის გამო, რომ მავანმა ეს შესაძლოა გამოიყენოს?

 მაგრამ, მეორე მხრივ, ძალა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად დაყოფა სურს, ნამდვილად არსებობს. მაგალითისათვის, აფხაზეთში რაღაც დროის განმავლობაში განიხილებოდა მეგრული წარმომავლობის მოსწავლეებისათვის მეგრულ ენაზე სწავლება. ასევე, გვახსოვს აფხაზურ პასპორტებში ეროვნებად მეგრელის მითითების ფაქტებიც. როცა ამგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა ხალხის მძაფრი საპასუხო განწყობა, თუმცა ეს მაინც ვერ ხსნის სურვილს, უარვყოთ მეცნიერული ფაქტები (როგორიცაა მეგრულის ენად აღიარება), მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, თავად მეგრელები როგორ ღიზიანდებიან მეგრული სეპარატიზმის ხსენებისას.

მახსენდება სოციალურ ქსელებში მეგრულ ენაზე გავრცელებული მიმართვა, რომელშიც ზუგდიდელი მოქალაქე აცხადებს, რომ მეგრულ დასახელებებს სოფლების, მდინარეებისა და სხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობების სახელები ,,უთარგმნეს“, – მაგალითად, ,,ყულისწყალი“, რომელსაც სინამდვილეში ,,ყულიშჭყარ“ ჰქვია და საუკუნეების განმავლობაში ასე მოიხსენიებდნენ. კიდევ ერთ მაგალითად მოჰყავს ,,ჭანისწყალი“, რომელსაც დასავლეთში ,,წენჭყარად“ იცნობენ. ეს მოქალაქე ამგვარ ცვლილებებს აზრსმოკლებულად და სახიფათოდაც კი მიიჩნევს; ვერ ხედავს სახელების დამახინჯების საჭიროებას.

არსებობს მოსაზრება, რომ მეგრული ერთ-ერთ სახელმწიფო ენადაც უნდა იყოს აღიარებული, თუმცა ასეთი ნაბიჯი არასწორი მგონია, – არა სეპარატიზმის საფრთხის გამო, არამედ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს აუცილებელი არ არის. სახელმწიფო ენად აღიარება გულისხმობს ყველაფრის, მათ შორის დოკუმენტაციის, ამ ენაზეც წარმოებას. რთულად გასაგებია, მეგრულად დოკუმენტაციისა და სწავლების დამატება კონკრეტულად რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს, როცა სამეგრელოში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მეგრულად მეტყველებენ, ქართული იციან ისე, როგორც სხვა ნებისმიერმა მოქალაქემ. მეგრულისა და სვანურის შენარჩუნება უფრო მეტად კულტურული სწრაფვა უნდა იყოს. მაგალითისათვის, გია ნოდია არ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შემოთავაზება, მეგრული და სვანური არჩევითი საგნები გახდეს სკოლაში, შედეგიანი იქნება:  პოლიტოლოგის სიტყვებით, ენის სწავლა მოითხოვს დროსა და რესურსს, შესაბამისად, მას სწავლობენ იმ შემთხვევაში, როცა ხედავენ სარგებლიანობას, როცა იციან, რომ ენის ცოდნა რაღაცაში გამოადგებათ. გამომდინარე იქიდან, რომ სვანურსა და მეგრულს ადამიანები ნაკლებად იყენებენ, მას ცოტა აირჩევს. სწორედ ამიტომ, ნოდიას თქმით, საგანმანათლებლო სისტემას ,,ენთუზიასტებს ვერ მოვარგებთ“. ვფიქრობ, ამგვარი დამოკიდებულება ნაწილობრივ მისაღებია. იმის მოლოდინი, რომ მეგრულსა თუ სვანურს ბევრი მოსწავლე აირჩევს, არც მე მაქვს, თუმცა მგონია, რომ იმ მეგრელებისა და სვანებისთვის, რომლებმაც საკუთარი ენა არ იციან (რაც ახალ თაობებში ძალიან ხშირად ხდება), ეს არჩევითი საგნები საინტერესო იქნებოდა. და მაინც, ალბათ, აჯობებს, მეგრულსა და სვანურზე სხვა სახით ზრუნვა, მაგალითად, სკოლის კლუბად ჩამოყალიბება. უპირველეს ყოვლისა კი, მნიშვნელოვანია ენების პოპულარიზაცია. ,,ვეფხისტყაოსანი“ ამის ძალიან კარგი გზა იყო. საჭიროა სპექტაკლების დადგმა მეგრულ ენაზე; ასევე, ლექსებისა და ორიგინალური თხზულებების არა თარგმნა ქართულიდან, არამედ წერა. ვერაფერ დასაძრახს იმაში ვერ ვხედავ, თუ ვიღაცებს მართლაც აქვთ სურვილი, წერონ მეგრულად.

რაც შეეხება იმას, რომ მეგრულის გავრცელება თავისთავად გააღვივებს სეპარატიზმს, ეს უბრალოდ უსაფუძვლო შიშია, რომელიც რუსეთმა დატოვა ჩვენში. შესაძლოა საწინააღმდეგო არგუმენტად გაიხსენოთ აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტი, თუმცა, ალბათ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც არსებობს მეგრელებსა და აფხაზებს შორის; მათი შედარებაც კი შეუსაბამო და უბრალოდ სასაცილოა. ჩემთვის უფრო მეტად საგანგაშოა მეგრულ ენასთან დაკავშირებული ღელვა, რომელიც დროდადრო იჩენს ხოლმე თავს. ზედმეტად ამაზე ყურადღების გამახვილება მხოლოდ გაღიზიანებასა და დაძაბულობას გააჩენს ადამიანებს შორის. მეგრულად მოსაუბრეთათვის ძირითადად მიუღებელია რიგი შენიშვნები მეგრულ ენასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ ესმით, თუ რაოდენ დიდი ღირებულებაა მეგრული ენა ქართული კულტურისათვის. აქვე აღვნიშნავდი იმასაც, რომ, ლინგვისტური ნაციონალიზმის მიუხედავად, ერს ერად აყალიბებს საერთო ნება, მეხსიერება და ერთიანი მყარი იდენტობა. შესაძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ენა, თუმცა ეს არ ასუსტებდეს მის იდენტობას. ნოდიას ამის მაგალითად მოჰყავს ფლამანდიელები, რომლებიც ჰოლანდიურად საუბრობენ, თუმცა ეს არ უქმნით უხერხულობას და არც ჰოლანდიელებად მიიჩნევენ თავს. იმავეს თქმა შეიძლება ლუქსემბურგზეც. მსგავსად განვავრცოთ მეგრულ ენაზე: ის, რომ მეგრული ენა არსებობს, არ ამტკიცებს რეგიონის სურვილს, რაიმე ფორმით არ იგრძნოს თავი საქართველოს ერთიანი სხეულის ნაწილად, ვინაიდან ამგვარი ერთიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ენაზე, არამედ ერის გაცხადებულ სწრაფვაზეც. წარსული კი გვიდასტურებს საქართველოს ისტორიული მხარის მოთხოვნას, იყოს იქ, სადაც მისი ადგილია.

კარგი იქნება, თუ სულელურ მითს სეპარატიზმის შესახებ საბოლოოდ უარვყოფთ და ზედმეტი, უაზრო შიშის გარეშე წავიკითხავთ და გავეცნობით, ვთქვათ, ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრულ თარგმანს, რომელიც დედნის მსგავსად ულამაზესია. სხვა შემთხვევაში, ღელვასა და ყურადღების გამახვილებას ნებისმიერ მეგრულად თარგმნილ წიგნსა თუ სიმღერაზე მოჰყვება თითიდან გამოწოვილი კამათი და ადამიანთა გაღიზიანება. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს იმგვარი საკითხის გამო, რომელიც, წესით, საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გაბუნია, კახა. 2014. „ენა თუ დიალექტი?“. ლიბერალი, N155 (ოქტომბერი): 42-45.

ეზუგბაია, ლალი. ქართველური ენები.

ნადარია, ფაუსტ. 2013-2014. ,,მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებისთვის ზრუნვა სეპარატიზმი არ არის“. ცოტნეიდელი, ტომი 6: 354-357.

ნოდია, გია. 2022. ,,რამდენად საშიშია მეგრული და სვანური ენები (მაგრამ არა დიალექტები)?“. რადიო თავისუფლება (16 აპრილი).

რეხვიაშვილი, ჯიმშერ. (2023). ,,ვის ეშინია ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის?!“. რადიო თავისუფლება (25 მარტი).

წურწუმია, ზაზა. რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.