რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


შალვა ნუცუბიძე პალტოში და ქუდში

შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა

ავტორი:

საზოგადოება “ცოდნა”, თბილისი, 1988

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

სტატია გააციფრულა ანა კარტოზიამ

შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომდევნო თაობებისთვის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანად, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართული ჰუმანიტარული აზრის განვითარებას. მისი წიგნები, ცოდნის მრავალ დარგში საფუძვლისდამდები და ახალი გზების გამკვლევი ნაშრომები, ჩვენი მეცნიერების შემდგომი წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი პირობა და საწინდარია. შ. ნუცუბიძის ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევი, მრავალრიცხოვანი გამოკვლევები, ქართული და ევროპული სულიერი კულტურის შესწავლის თვალსაზრისით, მისი გონების ძალასა და სიღრმეს ცხადყოფს და ჭეშმარიტების მგზნებარე, თითქმის გააფთრებულ ძიებაზე მეტყველებს. მან დიდი და შინაარსიანი ცხოვრება განვლო და ყოველთვის ღირსეულად ატარა მეცნიერისა და მამულიშვილის სახელი, ვიდრე უნივერსიტეტის ბაღში სამუდამოდ განისვენებდა.

„დავიბადე ფარცხანაყანევში 1888 წლის 14 დეკემბერს“, – ატყობინებდა იგი დასავლეთგერმანული ფილოსოფიური ლექსიკონის შემდგენლებს. – ხედავთ, რა შორს გავიტანე ჩემი სოფლის სახელიო?! – ხუმრობანარევი სიამაყით ამბობდა ხოლმე. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, რომ პროვინციაში აღზრდილმა ახალგაზრდამ თავისი ცხოვრების მიზნად ცოდნის უზოგადესი დარგი – ფილოსოფია – აირჩია. დაწყებითი განათლება ხონში მიიღო. მაგრამ ეს პატარა ქალაქი საქვეყნო მისწრაფებებით ცხოვრობდა და თავისებური ინტელექტუალური კერა იყო. ხონში იყო შესანიშნავი ბაღი, სადაც იქაურები საზოგადო საქმეებზე ბჭობდნენ. შემთხვევითი არ იყო ჟურნალ „კვალში“ ივ. გომართელის წერილი – „ხონელი ფილოსოფოსები“, რომელიც ხონის უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა იდეური შეტაკებით იყო განპირობებული. შემორჩენილია ფოტოსურათი, რომელზეც ხონის პედაგოგებია აღბეჭდილი. რა სახეები აქვთ! რა გამომეტყველება! გაოცებთ მათი დახვეწილი და ნატიფი ჩაცმულობა, კეთილშობილი და ნათელი გამოხედვა, საერთო ინტელიგენტური იერი. ისინი სოფლის ღარიბ მასწავლებლებს როდი ჰგვანან, უფრო ფილოსოფოსთა და პოლიტიკურ პარტიათა ხელმძღვანელების სიდინჯითა და სიდარბაისლით აღსავსე გამომეტყველება აქვთ. დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა დიდი ნაწილი ხონის საოსტატო სემინარიაში იზრდებოდა. დაწყებით სკოლას შესანიშნავი პედაგოგი – ილია ამაღლობელი – ხელმძღვანელობდა. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი მწერლები და პოლიტიკური მოღვაწეები. აქ ნახა შ. ნუცუბიძემ აკ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, აგრეთვე – ალ. წულუკიძე, ძმები მდივნები, ვანო და გიორგი სტურუები, სტალინი.

მისი ორივე ბაბუა მღვდელი იყო. განსაკუთრებით კარგი წიგნთსაცავი ჰქონია დედის მამას. ხუცურიც ამ ბაბუამ შეასწავლა. ტყავის ყდებში ჩასმული ძველი წიგნების სურნელი შალვა ნუცუბიძეს ბოლომდე დარჩა მღელვარე მოგონებად. მამამისი – ისააკი, ხონის სახალხო მასწავლებელი, შვილებს ტრადიციულად ზრდიდა: სიმკაცრესა და მომთხოვნელობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ალერსით არ ანებივრებდა. თავისი ცხოვრების წესით შვილების რიდსა და პატივისცემას იმსახურებდა. ისააკი 1927 წელს გარდაიცვალა, როცა მისი ვაჟი უკვე პროფესორი იყო. „არ ყოფილა შემთხვევა, მიუხედავად ჩემი აგრესიული აზროვნებისა, რაიმეში შევკამათებოდი ამ საკვირველ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის მთელ სიცოცხლეში ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა „შვილო“, – იგონებდა შ. ნუცუბიძე. ისააკი კარგი მონადირე ყოფილა და შვილსაც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა ნადირობის სიყვარული: ჰქონდა მშვენიერი გერმანული თოფი, ჰყავდა საუკეთესო მონადირე ძაღლები, მონკავშირის უცვლელი წევრი იყო და როცა 50-იან წლებში სამსახურიდან და ყველა კავშირიდან დაითხოვეს, ხუმრობით ამბობდა: ეს ერთადერთი კავშირია, რომელმაც თავისი რიგებიდან არ გამრიცხაო. მამის სიმკაცრეს დედის – რებეკას – ალერსი ავსებდა. შალვას ოთხი და ჰყავდა: ანეტა, თამარი, ნინო და ელენე.

1897 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც როგორც საერთო განათლების, ისე უცხო ენების კარგ ცოდნას იძლეოდა. შ. ნუცუბიძემ იცოდა ძველი ბერძნული, ლათინური, გერმანული, ინგლისური და ფრანგული. მხატვრულ ლიტერატურასაც ამ ენებზე კითხულობდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში „გრაფი მონტე-კრისტო“ ედო სასთუმალთან. ენების საუცხოო ცოდნაში მას ხელს უწყობდა იშვიათი მეხსიერება, რომელსაც ბედშიაც და უბედობაშიც თავის „უერთგულეს მეგობარს“ უწოდებდა. გიმნაზიაში ნასწავლი მრავალი ლოცვა ზეპირად ახსოვდა და საღვთო სჯული ისე იცოდა, რომ თვით კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძეც განუცვიფრებია. შემოგვრჩა ნაჩუქარი ბიბლია ასეთი წარწერით: „ორთა ხუცესთა ნაშიერსა და სიბრძნისა მოყვარესა, ჯურღმულსა ამას სიბრძნისასა მიუძღვნის ხუცესთა უხუცესი. 25. V. 1951.“. მასთან არაერთგზის უსაუბრია თეოლოგიურ საკითხებზე აგრეთვე კათალიკოს ეფრემ II-ს, რომელმაც „ახალი აღთქმა“ ასეთი წარწერით უბოძა: „ჩემს ძვირფას მასწავლებელს შალვა ნუცუბიძეს უღირსი შეგირდისგან. ეფრემ II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“. მისი ცნობიერება განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში ჩამოყალიბდა და მას თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. „ყოველი ადამიანი, – წერდა იგი, – რაგინდ პატარა იყოს, ცხოვრების ცენტრია და ამდენად ხიდია უკვდავებისაკენ, სადაც ადამიანთა შეხვედრას საზღვარი არ უძევს“.

გიმნაზიაში შ. ნუცუბიძე არალეგალურ ჟურნალს – „განთიადს“ – რედაქტორობდა. ამ ჟურნალში აგრეთვე მოღვაწეობდნენ შემდეგი ცნობილი მეცნიერები: აკ. შანიძე, ალ. ჯანელიძე და სხვები. ამ პერიოდში იგი იმ გარემოში ტრიალებდა, სადაც იმყოფებოდნენ ცნობილი რევოლუციონერები – ალ. წულუკიძე და ვანო სტურუა. 1905 წელს დაესწრო ხონში ალ. წულუკიძის დაკრძალვას და თვითონაც გამოვიდა სიტყვით.

1906 წელს შ. ნუცუბიძე შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის განხრით. ფილოსოფიის დარგში ცნობილი პროფესორების – ა. ი. ვედენსკისა და ნ. ო. ლოსკის – ლექცია-სემინარებს ესწრებოდა. თავიდანვე მიიქცია პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება. პირველივე კურსზე მის მიერ წაკითხული მოხსენება – „ფილოსოფია და დიალექტიკური მატერიალიზმი“ – დადებითად შეაფასეს ა. ი. ვედენსკიმ და ნ. ი. კარეევმა. ა. ი. ვედენსკიმ იმთავითვე განჭვრიტა შ. ნუცუბიძის ნიჭი და მან მის ცხოვრებაში გარკვეული როლიც ითამაშა: 1913 წელს განათლების მინისტრთან მისი პირადი შუამდგომლობით გადმოიყვანეს პეტერბურგის ე. წ. ალექსანდრეს გიმნაზიაში ყუბანის ოლქის ერთ-ერთი სტანიციდან, სადაც 1910 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად გაგზავნეს. ამ დროს ცოლად მოიყვანა აგნესა ფილიპოვა (გარდაიცვალა 1937 წელს); მისგან ჰყავდა ქალიშვილი ქეთევანი (კიტი), გარდაიცვალა 1968 წელს.

ყუბანის სტანიცაში ყოფნის წლებში გერმანიაში მიემგზავრებოდა საზაფხულო სემინარებზე. 1911 წელს თავისი ფილოსოფიური შეხედულებების პირველი მონახაზით წარდგა ლაიფციგის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე. ამ დროს იგი 23 წლისა იყო. მან მიზნად დაისახა ახლებურად გაეშუქებინა ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი უბანი – ჭეშმარიტების თეორია, რომლის თანამედროვე გაგებისათვის საჭიროდ მიიჩნია დღეს აღიარებული, ხოლო იმხანად მივიწყებული ჩეხი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, ბერნარდ ბოლცანოს (1781-1848), ნააზრევის შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებით შ. ნუცუბიძის პირველი ვრცელი ნაშრომი იყო „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“, რომელიც 1913 წელს ჟურნალ „Вопросы философии и психологии“-ში გამოქვეყნდა. 1917 წელს უნივერსიტეტის პრივატდოცენტის წოდება მიენიჭა.

ქართველი ახალგაზრდობა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთსა და საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. მაგრამ მათი მიზანი იყო კვლავ საქართველოში დაბრუნება, აქ, მშობლიურ ნიადაგზე, მოღვაწეობა. მოხდა თუ არა თებერვლის რევოლუცია, ივანე ჯავახიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართველ მეცნიერთა ჯგუფი შეუდგა ბრძოლას ქართული უნივერსიტეტის დასაარსებლად. მეცნიერთა ერთი ნაწილი საქართველოში გამოემგზავრა საორგანიზაციო მუშაობისათვის. უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენა დროებითი მთავრობის თავმჯდომარის – კერენსკისადმი – ზურაბ ავალიშვილს, ნინო გელოვანსა და შალვა ნუცუბიძეს დაევალათ. ეს შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. როდესაც 1918 წელს უნივერსიტეტის შექმნის რეალური პირობა გამოჩნდა, ქართველი მეცნიერების ჩამოყვანა რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან შ. ნუცუბიძეს დაევალა. ეს არ იყო ადვილი, ვინაიდან რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

12 წლის განშორების შემდეგ შ. ნუცუბიძე საქართველოს დაუბრუნდა, როგორც ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1920-29 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. მისი თაოსნობითაა დაარსებული იურიდიული, ეკონომიკური და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტები. 15 წლის განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა. იგი მისთვის ძირითადი საგნების – ფილოსოფიისა და ლოგიკის – პარალელურად კითხულობდა ლექციების სხვადასხვა კურსს: დასავლეთ ევროპის ლიტერატურას, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიას, სამეცნიერო მუშაობის მეთოდიკას, მტკიცებით სამართალს.

უნივერსიტეტის გახსნისთანავე – 1918 წლის 26 მაისს – დააარსა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფოსო საზოგადოება“, რომლის მთავარი მიზანი იყო ფილოსოფიური ცოდნის გავრცელება და ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვება-გამოცემა. შ. ნუცუბიძის დიდად პოპულარული სემინარები საქართველოში ფილოსოფიური ცხოვრების აღორძინება იყო. სემინარების ზოგიერთმა მონაწილემ (მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ა. ბოჭორიშვილი და სხვ.) შემდგომ თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. ახლად გახსნილ უნივერსიტეტში მწვავედ იგრძნობოდა სახელმძღვანელოების უქონლობა. 1919 წელს მან გამოსცა „ლოგიკის ელემენტარული კურსი“. მთელი თაობა გაიზარდა მის წიგნზე „ფილოსოფიის შესავალი. შემეცნების პრობლემა“ (1920). ამასთანავე, მისმა ნაშრომებმა დიდად შეუწყო ხელი სრულიად დაუმუშავებელი თანადროული ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას.

დაძაბულ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად 1918-1921 წლებში შ. ნუცუბიძე ჩაბმული იყო გაძლიერებულ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. 1903-1914 წლებში იგი სოციალისტ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, ხოლო 1918 წელს, ქართული ინტელიგენციის მრავალი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში შევიდა. მისი პოლიტიკური იდეალი ასეთი იყო: „პირველი პრობლემა თავისუფლებისა არის ეროვნული თავისუფლების პრობლემა, შემდეგ – ერის წიაღში სოციალური ჯგუფების განთავისუფლება, რაც ნიადაგს უმზადებს პიროვნების სრულ განთავისუფლებას. ეს იქნება მომენტი მსოფლიო რენესანსისა“. ამასთან ერთად შ. ნუცუბიძე იმ პერიოდში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების მუშაობაში და იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს პარლამენტის სხდომებზე თავისი მგზნებარე გამოსვლებით, რომლებიც ფართოდ აისახებოდა გაზეთებში – „საქართველო“, „სახალხო ფურცელი“, „სოციალისტ-ფედერალისტი“ და სხვ., მან იშვიათი პოლემიკური ნიჭით დაჯილდოებული ორატორის სახელი მოიხვეჭა და მისი გამოჩენა ტრიბუნაზე მჭევრმეტყველების ზეიმად იქცეოდა. თუ მისი მეცნიერული ნაწერები, როგორც წესი, მეთოდური სიმკაცრითა და სისადავით გამოირჩევა, ზეპირი გამოსვლები აღსავსეა არტისტიზმით, ხატოვანებითა და ზეაწეული პათოსით. აქ თანაბარი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც სათქმელს, ისე მისი გამოხატვის ფორმას, ყოველ ნიუანსს, ხმის მოდულაციას, პაუზასა და ჟესტს. დიდ აღფრთოვანებას იწვევდა მისი ელვისებური პასუხი ოპონენტების ყოველი რეპლიკისადმი.

როდესაც ლექციებს კითხულობდა, აუდიტორიაში ტევა არ იყო: მოსასმენად ისინიც მოდიოდნენ, ვისაც მის ლექციაზე დასწრება სულაც არ ევალებოდათ. 1920-იან წლებში ქართული ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები ხშირად მიმართავდნენ მას თავიანთი გუნება-განწყობილების გამოსახატავად. დიდი მოვლენა იყო საქართველოში მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი მეთაურის ემილ ვანდერველდეს ჩამოსვლა. პოლიტიკური ოპოზიციის სახელით მას მგზნებარე სიტყვით შ. ნუცუბიძე მიესალმა. 1927 წლის 23 მარტს რუსთაველის თეატრის აივნიდან მღელვარე სიტყვით მიმართა მრავალათასიან პროცესიას, რომელიც პ. მელიქიშვილის ნეშტს მიაცილებდა: „ქართველო ერო! თქვენ თვითონ ხედავთ, მე რაღა გითხრათ!… უნივერსიტეტი იყო შენი მაღალი სულის ნავსაყუდელი და იქ, თეთრი შენობის წინ, გაჭრილია სამარე – უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ქართული მეცნიერების პირველი ქურუმის, მოციქულის ნეშტის მარად განსასვენებლად…“. მაგრამ მოგვიანებით ისე ხდებოდა, რომ სიტყვას იშვიათად აძლევდნენ: სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, ვინ იცის, რას იტყვისო.

1921 წლის თებერვლის დამლევს შ. ნუცუბიძე ბათუმის ნავსადგურში იდგა. ბევრი მისი მეგობარი ტოვებდა სამშობლოს, ეგონათ – დროებით. რას შვრები, რატომ არ მოდიხარ? – ეუბნებოდნენ. მან მხოლოდ საკუთარ გულის ხმას დაუჯერა და დარჩა. სიმართლე გამხელილი სჯობია, ჰქონდა ისეთი მწარე დღეები, როდესაც ნანობდა, რატომ არ შედგა იმ გემზე ფეხი. ხუმრობდა ხოლმე: სამი მთავრობა გამოვიცვალე და ვერც ერთს თავი ვერ შევაყვარეო.

შ. ნუცუბიძის, ისევე როგორც ქართველი ინტელიგენციის, ცხოვრებაში 1920-იანი წლები მეცნიერული მოღვაწეობისათვის უფრო „მშვიდობიანი“ აღმოჩნდა, ვიდრე მომდევნო ათწლეული. თავისი წიგნის – „ფილოსოფიის შესავალი“ (1920) – წინასიტყვაობაში იგი წერდა: „მშობლიურ ნიადაგზე მეცნიერების აღორძინებამ ფრთები შეასხა არა ერთს ოცნებას. წინამდებარე წიგნი ნაწილია ამ ოცნებათა განხორციელების რიჟრაჟისა“. 1922 წელს გამოსცა  „ალეთოლოგიის საფუძვლები. ჭეშმარიტების პრობლემა“. „ეს თხზულება, – აღნიშნავდა იგი, – პირველი ნაწილია გამოკვლევათა რიგის, რომელთა მიზანია აზროვნების ყოველმხრივი შესწავლა…“. 1925 წელს გერმანიაში წაიღო თავისი ახალი ნაშრომი „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. პირველი შესავალი ალეთოლოგიურ რეალიზმში“. ამ წიგნის ხელნაწერს გაეცნენ გამოჩენილი ნეოკანტიანელი ფილოსოფოსი, კანტის საზოგადოების თავმჯდომარე არტურ ლიბერტი და ფილოსოფოსი ბუხენაუ. მათ მოიწონეს ნაშრომი, რომელიც 1926 წელს ბერლინში გამოიცა. 1927 წელს ამ წიგნისათვის თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ (ივ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, გრ. წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, კ. კეკელიძე და სხვ.) ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიანიჭა. 1929 წელს შ. ნუცუბიძემ თბილისში გამოსცა „ხელოვნების თეორია“, ხოლო 1931 წელს ბერლინში – „ფილოსოფია და სიბრძნე. სპეციალური შესავალი ალეთოლოგიაში“.

ამ წიგნებში ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თვალსაზრისი ალეთოლოგიური რეალიზმის სახელწოდებითაა ცნობილი და ჭეშმარიტების პრობლემის გარკვევას ეძღვნება. მართალია, ფილოსოფიურ აზროვნებაში დამოუკიდებელი გზების ძიებისას იგი არ გაჰყოლია მარქსისტულ მეთოდოლოგიას, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ამ ნაშრომებს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახალი ქართული ფილოსოფიური აზროვნება, მისი საფუძვლისმდებლის სახით, მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების დონეზე დადგა და დასავლეთის მეცნიერებამ აღიარა ნუცუბიძის გამოკვლევათა მნიშვნელობა. მის წიგნებს მრავალ ქვეყანაში გამოეხმაურნენ. „უნდა ვაღიაროთ და ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნოთ, – წერდა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ბრუნო ბაუხი, – რომ „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ ხშირად განსაკუთრებული მახვილგონიერებით გამოირჩევა“. „ფილოსოფია და სიბრძნე“ დიდად შეუწყობს ხელს თანამედროვე ფილოსოფიის ურთულესი პრობლემების უფრო მარტივ გადაწყვეტასო“, – აღნიშნავდა ინგლისელი ფილოსოფოსი ბართ ლენდჰილი; კურტ გასენის თქმით, ეს წიგნი „ისეთი ნაშრომია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის შემეცნების თეორიის თანამედროვე პრობლემათა ვერც ერთი მკვლევარი“. 1930 წელს შ. ნუცუბიძე და გ. ჩუბინაშვილი თან ახლდნენ ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას გერმანიაში. აქ მან ყურადღება მიიქცია გერმანელი საზოგადო მოღვაწის, ოტო შმიდტის, იუბილეზე წარმოთქმული სიტყვით, რომლის ზემოქმედებას საგანგებოდ იხსენებს თავის მოგონებებში როზენტალ-ლუნაჩარსკაია: „1500 წლის განმავლობაში, – თქვა შ. ნუცუბიძემ, – საქართველო ხმლითა და ჯვრით იდგა აღმოსავლეთის მიჯნაზე და სხვებთან ერთად თქვენს, დასავლეთის კულტურას იცავდა“. მის სიტყვას აღტაცებით შეხვდნენ, ხოლო ოტო შმიდტმა თავის ვილაში მიიპატიჟა და მისთვის საინტერესო ადამიანები – ფილოსოფოსები შპრენგერი და შტრეგერი – დაახვედრა. გერმანიაში შეხვდა აგრეთვე ცნობილ ბიოფსიქოლოგს – ოსკარ ფოხტს, ფიზიკოს მაქს ილენკის, აკად. ედ. მაიერს და სხვ.

შ. ნუცუბიძე დიდი გეგმებითა და იმედებით დაბრუნდა სამშობლოში. მისი უმთავრესი მიზანი იყო, რომ გაეგრძელებინა მუშაობა ალეთოლოგიურ რეალიზმზე, ახლებურად განეხილა მოძღვრებანი ლოგიკის შესახებ და სხვ. მაგრამ ქვეყანა სულ უფრო ღრმად შედიოდა იმ ხანაში, როცა დამოუკიდებელი აზროვნება და დიდი აღიარება ეჭვისა და უნდობლობის საბაბი ხდებოდა. შ. ნუცუბიძის გერმანულად გამოქვეყნებული წიგნები (ქართულად პირველად 40 წლის დაგვიანებით, 1979 წელს, დაიბეჭდა; მზადდება რუსული გამოცემაც) და მისი სხვა ადრინდელი ნაშრომები აღარ გამოიყენებოდა და ხშირად წამოუძახებიათ მისთვის, როგორც მიუტევებელი ცოდვა. ალეთოლოგიური რეალიზმის შემდგომ დამუშავებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ამასთანავე აეკრძალა ლექციების კითხვა ფილოსოფიაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მისთვის უცხო იყო ფრთხილი და აწონ-დაწონილი საუბარი. როგორც თვითონ ამბობდა, როდესაც პოლიტიკურ სიტყვას ვამბობდი, მიკიჟინებდნენ – ლექციას გვიკითხავსო, ახლა ლექციებს ვკითხულობ და – პოლიტიკას გვაპარებსო. მისი მჭევრმეტყველების ერთ-ერთი ხიბლი აზრის უკანმოუხედავი სითამამე იყო. იმ დროს, როცა ყოველ სიტყვას მისხლით ზომავდნენ, შ. ნუცუბიძის თამამი გამოსვლა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხზე. 1938 წლის ზაფხულში დააპატიმრეს თაშისკარში, როგორც „გერმანიის ფაშიზმის აგენტი“ და მოსკოვში ლუბლიანკაზე წაიყვანეს. ზოგი რამ, რაც თავს გადახდა, განთავისუფლების შემდეგ მოსკოვიდან შინ მოწერილ წერილებში ასეა გადმოცემული: „…ჯერ კიდევ სიზმარი მგონია რაც მოხდა. რვა თვე ციხე. ორი თვე „ოდინოჩკა“. ადამიანი, გენაცვალე, ოხერი ყოფილა. თურმე ცხოვრებაში არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მე რომ დაკეტილი კარის რამდენიმე წუთით ატანა არ შემეძლო, ციხემ ეს სულ დამავიწყა. თბილისში ცოტა დამაკლდა – კინაღამ გადავირიე. გადავწყვიტე თავის ჩამოხრჩობა, ისე შევიშალე, მაგრამ ხმაურობაზე ამხანაგებმა გაიღვიძეს კამერაში და ჩამომხსნეს მკვდარ-ცოცხალი. უკანასკნელ წერტილზე მივედი. ამ დროს, რომ ვთავდებოდი, მოსკოვმა გამომიძახა… როცა გარეთ გამომიყვანეს, მეგონა დასახვრეტად მივყავდი. როცა ავტომობილებმა ჩვენსკენ მოუხვიეს და ვაგზლისაკენ წამოვიდნენ, ცოტა დავმშვიდდი. ღამე იყო. წვიმდა. ქუჩაში ვერავინ დავინახე. აქეთ-იქით მცველები მეჯდა, ჩვენ სახლთან ჩამოვიარეთ. კაკლის ხეს ფოთლები ჯერ კიდევ ჰქონდა, რაც სახლს ჯოჯოხეთივით აბნელებდა. დავემშვიდობე ყველას და ყველაფერს. იმის მიხედვით, რაც თბილისში საქმე შემიდგინეს და რაც „პატიოსანმა ინტელიგენტებმა და ჩვენმა მეგობრებმა“ აჩვენეს ჩემზე, საქმე უკეთეს შემთხვევაში საციმბიროდ მიდიოდა ათი-თხუთმეტი წლით, თუ არა და უარესიც… მაგრამ შენმა ღმერთმა და ლოცვამ არ გაგვწირა, დედაჩემო“. მისი ბინა შინსახკომის თანამშრომელს გადასცეს. დაიკარგა ბევრი წიგნი, წერილი და სხვადასხვა ხელნაწერი. გასაგებია, რა დიდი ზიანი მიაყენა ამგვარმა ჩხრეკებმა ჩვენი კულტურის ისტორიას. შ. ნუცუბიძე კმაყოფილებით იგონებდა ხოლმე, რომ დაკითხვებისას რამდენჯერმე მახვილგონივრულად მოუჭრა სიტყვა ბერიას. მოულოდნელად ვითარება არსებითად შეიცვალა. ერთ დღეს უთხრეს, სტალინი დაინტერესდა „ვეფხისტყაოსნის“ თქვენი თარგმანით, შეგეძლებათ თქვენი მუშაობა ბოლომდე მიიყვანოთო. ეს თარგმანი ჯერ კიდევ რუსთაველის პირველი იუბილესთვის მზადების პერიოდში დაიწყო, ცალკეულ ნაწყვეტებს საჯაროდაც კითხულობდა და მათ მოწონება ხვდათ წილად.

შ. ნუცუბიძეს ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. ვფიქრობთ, სტალინის ინტერესი „ვეფხისტყაოსნისადმი“ მისი ეროვნული პატივმოყვარეობით უნდა აიხსნებოდეს. მეორე დღესვე კამერაში იდო „ვეფხისტყაოსანი“. ყოველ შაბათს მიჰქონდათ თარგმნილი ნაწილები. როგორც შემდგომ გაიგო ქობულოვისგან, სტალინს უთქვამს: გალიაში მომღერალი შაშვი თუ გინახავთო… სტალინის განკარგულებით შ. ნუცუბიძე გაათავისუფლეს თარგმანის გარკვეულ დროში შესრულების პირობით, მოსკოვიდან გასვლის უფლების გარეშე. 1939 წლის მაისში მთლიანად დაამთავრა თარგმანზე მუშაობა. 1940 წლის 20 ოქტომბერს სტალინთან წაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვიმოწმებთ იმავე წლის 23 ოქტომბერს უფროსი ქალიშვილისადმი მოსკოვიდან გამოგზავნილ წერილს: „…ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ შეიძლება მანდ ყალბი მითქმა-მოთქმა შეიქმნეს. თქვენ იცოდეთ სწორი ამბავი. საქმე შემდეგია: ჩვენი ქვეყნის უდიდესმა კაცმა წაიკითხა ჩემი თარგმანი, ძალიან მოეწონა და კვირას (20. X. 40) მიმიწვია თავისას კრემლში… წამაკითხა მე თვითონ ზოგი ნაწილი. თვითონ თავიდან ბოლომდე წაეკითხა მანამდე. ყველა არსებული თარგმანებიც იქვე ჰქონდა გაშლილი და არსებული დედანიც. მის სიტყვებს ასე უბრალოდ წერილში ვერ მოგწერთ. ძალიან მაქო, მერე შუბლზე მაკოცა, ცოტა გაწყენინეთ, მაგრამ დაივიწყეო. ვახშმად დამპატიჟა… საკვირველი ნაკითხობა გამოიჩინა… ჩემთან ერთად სერიოჟა ქავთარაძეც იყო. ის „გოსლიტიზდატში“ მსახურობს, ჩემს წიგნზე რეცენზია დააწერინეს და ამასთან დაკავშირებით მასაც დაუძახა. სერიოჟას წინათაც იცნობდა და ძალიან მეგობრულად ელაპრაკა. ჩემი წიგნის გამოცემაზე გამოკითხა. თავისი მოსაზრებებიც თქვა. უთხრა ძალიან კარგად უნდა გამოსცეთ და რაც შეიძლება მეტი, რომ მასებამდე მივიდესო“. ამ შეხვედრის სხვა დეტალები ასახულია შ. ნუცუბიძის ერთ-ერთ გვიანდელ ჩანაწერში: „ვიყავით ოთხიოდე ქართველი კაცი. ჩამოვარდა ლაპარაკი საშა წულუკიძის სამგლოვიარო მიტინგზე კობას მიერ წარმოთქმული სიტყვის შესახებ. მე სიტყვა საკმაოდ მახსოვდა და მასპინძელს მისი დასაწყისი გავახსენე. ის აღფრთოვანებული დარჩა და იქვე მდგომ ბერიას მიმართა: – თქვენ ამბობდით, რომ ვერსად აღმოაჩინეთ ჩემი ამ სიტყვის კვალი. აი, ამას კარგად ხსომებია, შეიძლება ითქვას – სიტყვასიტყვით. ამის გამგონემ მომმართა მისთვის ჩვეული მანერით: – შე ყურუმსაღო, თუ ეს დოკუმენტი ასე გახსოვდა, რად არ გაამხილეო? მართალია, ჩემი მობაასე ჩემი ციხის პატრონი იყო, მაგრამ კრემლის მასპინძელი უფრო მეტი ავტორიტეტის პატრონი აღმოჩნდა და მეც მკვახედ ვუპასუხე: – მე ისეთი სავაჭროს პატრონი არა ვარ, რომ მუშტარს ვეძებდე. ვისაც ესაჭიროებოდა, თვითონ მომაკითხავდა. – არა, შენ კარგი კაცი ხარ! – მითხრა მან. მეც არ დავაცადე და მივახალე: – არ ვიცი როგორი ვარ, მაგრამ ციხეში კი ჩამაჯინე. მან კვლავ შეუპოვრად მომახალა: – მე რომ არ დამეჭირე, დღეს აქ არ იქნებოდიო“. ამ შეხვედრას ხშირად აამბობინებდნენ და იგი იუმორით ჰყვებოდა, თუ რა დღეში ჩავარდა იმ საღამოს, როდესაც სტალინთან ერთად აღმოჩნდა საპირფარეშოში.

1941 წლის დასაწყისში მოსკოვში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი. იმავე წლის 31 იანვარს იგი თავის ქალიშვილს მოსკოვიდან სწერდა, რომ 29 იანვარს ისევ სტალინთან გამოიძახეს: „დიდი კაცი მხიარული ღიმილით შემხვდა. მითხრა ტექსტი საბოლოოდ ძალიან გაგიმართავს. გაფორმება წიგნის მთლად არ მოეწონა. სურათები ზიჩის დაიწუნა. ზოგი გამოცვალეთ და ზოგიც ახალი ჩაურთეთო. მათრახი რომ გადასცხო ტარიელმა მდევნელებს, ის სურათი რატომ გამოუშვითო… მიგვითითა როგორ უნდა გამოიყურებოდეს წიგნი… ერთი საათი მელაპარაკა, როცა გაათავა, მითხრა – ეს წიგნი წაიღე, დირექტორს გამომცემლობისა აუხსენი, რაც გითხარი… მისი წარწერებით წიგნი მაჩუქა… ბერიამ მითხრა, საქართველოში როცა გინდა წადიო. ბინა შენი ჩასვლისთანავე თავისუფალი იქნებაო… ეხლა კიდევ ჩემი თხოვნა. ამ ამბავს თქვენგან ნურავინ გაიგებს. ეს არ არის საჭირო და შეიძლება უსიამოვნების მიზეზიც იყოს…“.

ორივე წერილი ავსებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაოდენ უჩვეულო და თავისებურ ვითარებაში მზადდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი. ცხადია ისიც, რომ იმ საშიშ დროს ქალიშვილისადმი გამოგზავნილ წერილებში ადრესანტი არ გამოხატავს ბოლომდე თავის აზრს ყოველივე იმაზე, რაც თავს გადახდა და რასაც ფიქრობდა. შ. ნუცუბიძემ საკმაოდ ადრეულ ასაკში მიიღო პარტიულ და პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობის გამოცდილება და ესეც ეხმარებოდა იმაში, რომ არ ჰქონოდა რაიმე ილუზია სტალინის პიროვნებისადმი. სძაგდა დიქტატურა და ერთხელ შინ თქვა: თავისუფლებისათვის, მზად ვარ, ბარიკადებზე მოვიკლა თავიო. ზოგჯერ დედაჩემს შესძახებდა: ნუ ხარ ამ სახლში სტალინივითო. როცა ცაზე ღრუბლები ჩამოწვებოდა, იტყოდა ხოლმე: „როგორ სტალინის შუბლივითაა შეკრული ცა!“. ბელადის სახელით აჭრელებული პრესის გაცნობისას უთქვამს: „სტალინი, სტალინს, სტალინმა… შეუძლებელია ამ გაზეთების კითხვა“.

„ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი რუსეთის ლიტერატურულმა საზოგადოებრიობამ დადებითად შეაფასა. რუსთაველის პოემის თარგმანი მოითხოვს ტექსტის სწორი მეცნიერული გაგებისა და პოეტური ოსტატობის შეთავსებას. ცნობილი რუსი მწერლის, ალექსეი ტოლსტოის, სიტყვით, ეს თარგმანი არის „არა მხოლოდ მეცნიერული შრომა, არამედ პოეტური შემოქმედება… თარგმანში ასახულია რუსთაველის, ამ ლექსის ჯადოქრის, ორკესტრული ბუნება. საოცარია, როგორ მოახერხა მთარგმნელმა ცალკეული ბგერებისა და სიტყვების – ომონიმების ჰარმონიულობის გადმოცემა. შ. ნუცუბიძის თარგმანამდე ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ რუსულ ენას ომონიმური რითმების გამოყენების ეგზომ მდიდარი შესაძლებლობა ჰქონდა. ნუცუბიძის თარგმანმა რუსული ლექსის უზარმაზარ სიფართოვეში დამარწმუნა. მთარგმნელმა საუცხოოდ ააჟღერა რუსთაველის სტროფების მოზაიკური სტრუქტურა…“. ქართველ ფილოლოგთაგან თარგმანს პირველი გამოეხმაურა ცნობილი რუსთველოლოგი იუსტინე აბულაძე. მან თარგმანი უმთავრესად დედნისადმი შესატყვისობის თვალსაზრისით განიხილა და აღნიშნა, რომ მთარგმნელმა წარმატებით გაართვა თავი ამ რთულ ამოცანას.

1940-41 წლებში შ. ნუცუბიძე მოსკოვში მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, ხოლო 1942 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა განაგრძო. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. თბილისში დაბრუნებისას ცოლად შეირთო ქეთევან კლიმიაშვილი, რომელმაც 1982 წელს გამოსცა მოგონებათა წიგნი – „შალვა ნუცუბიძე“. მათ შეეძინათ სამი შვილი (უფროსი ვაჟი 4 წლისა გარდაიცვალა). სოფელ გლდანში კარმიდამო გაიჩინეს, სადაც თითქმის ზამთრამდე ცხოვრობდნენ. დილაადრიან გონებრივ მუშაობას იწყებდა. შემდეგ ბაღ-ვენახს უვლიდა და სტუმრებს თავმომწონედ უჩვენებდა მუშაობისაგან დაკოჟრილ ხელებს.

შალვა ნუცუბიძემ ბევრი რამ გააკეთა ქართული კულტურის გასატანად მსოფლიო ასპარეზზე. „ევროპაში რომ გავიდეთ, ჯერ რუსეთზე უნდა გადავიაროთ“, – ამბობდა იგი და ამიტომ თავის ძირითად ნაშრომებს რუსულადაც აქვეყნებდა. „ვეფხისტყაოსნის“ გარდა, რუსულად თარგმნა ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1942) და შავთელის „აბდულ-მესია“ (1943). ხუმრობით ამბობდა: „ფილოსოფოსი რომ გაპოეტდება, იტყვიან გასულელებულაო, რომ გაფილოსოფოსდება – დაჭკვიანებულაო, მაგრამ მე მაინც გავპოეტდი“. დიდი მნიშვნელობა აქვს შ. ნუცუბიძის მიერ ევროპულ ცივილიზაციაში ქართული ფილოსოფიური აზრის ფარული ძირების ძიება-წარმოჩენასა და XII საუკუნის ქართული კულტურისათვის ადგილის მიჩენას ევროპული რენესანსული მოძრაობის ჭრილში. მას ეკუთვნის დღეს ფართოდ აღიარებული თეორია აღმოსავლური რენესანსის შესახებ, რომელზეც 1940 წელს მოხსენება წაიკითხა საკავშირო აკადემიაში, ხოლო საბოლოო სახით ჩამოაყალიბა წიგნში „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (1947). ამ თეორიის თანახმად, XII საუკუნის საქართველოში თავი იჩინა დიდმა გარღვევამ ქრისტიანული კულტურის სამყაროში – აღორძინებამ, ანუ რენესანსმა.

1948 წლის აპრილ-მაისში ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა შ. ნუცუბიძის ხსენებული წიგნის გახმაურებული განხილვა, რამაც დიდძალი ხალხი მიიზიდა. დისკუსიას თავმჯდომარეობდა ცკ-ის მდივანი პეტრე შარია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კამათში გამოსულთ მკაცრად დაეგმოთ წიგნი და მისი ავტორი. მთავარი მომხსენებელი იყო იმ დროის „ოდიოზური ნაყოფი“, რესპუბლიკის ყოფილი პროკურორი – ვ. ტალახაძე. შ. ნუცუბიძის წიგნს იგი „იდეოლოგიური სიწმინდის“ თვალსაზრისით განიხილავდა და ამ მხრივ მრავალ მკრეხელობაში ამხელდა ავტორს. ჟდანოვის ცნობილი მოხსენების შემდეგ, როცა ლიტერატურისა და მეცნიერების დარგში გაფაციცებით ეძებდნენ „კუდიანებს“, პ. შარიას ყოველი რეპლიკა და მომხსენებლის რიტორიკა ნუცუბიძის მიერ მარქსიზმის დამახინჯებისა და იდეალიზმის პრინციპებზე დაყრდნობის შესახებ სავალდებულო აღმოჩნდა განხილვის თითქმის ყველა მონაწილისათვის. მეტ-ნაკლებად გულწრფელი აზრის გამოხატვა მხოლოდ ორიოდე გამომსვლელმა შეძლო; წიგნის რედაქტორიც კი – კ. კეკელიძე, იძულებული გახდა უკან დაეხია: შ. ნუცუბიძემ შეცდომაში შემიყვანაო. ბევრს დღემდე ახსოვს ამის თაობაზე ნუცუბიძის ხუმრობანარევი შენიშვნა: „თქვენ უკან დაიხიეთ, მაგრამ არაა გასაკვირი. თქვენ ღმერთს უღალატეთ და მე რომ მიღალატოთ რა გასაკვირიაო“ (ახალგაზრდობისას კ. კეკელიძე დეკანოზი იყო). პ. შარია უხეშად იყენებდა თავის „ავტორიტეტს“ და ერთხელ ნუცუბიძე მას ასე შეეპასუხა: „ნუ მიყვირით და ამ ყვირილს ნუ აიყვანთ დიდ ფალცეტამდე“. უმრავლესობა (პ. შარია, ვ. ტალახაძე, ა. ქუთელია, ა. თავაძე…) დაუნდობლად ამხელდა „მარქსიზმის ვულგარიზატორს“, „შუასაუკუნეობრივი მისტიკის აპოლოგეტს“, მარქსიზმით შენიღბული „ალეთოლოგიური რეალიზმის“ ავტორს. ოპონენტების ერთი ნაწილი (ა. ბარამიძე, ს. წერეთელი, შ. ხიდაშელი და სხვ.) შეეცადა საკუთარი კრიტიკისათვის მეცნიერული ხასიათი მიეცა. თანადგომის გამოცხადება ვერავინ გაბედა, მხარი არავინ დაუჭირა და შ. ნუცუბიძე მარტო აღმოჩნდა. საპასუხო სიტყვაში მან არ დათმო თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ოპონენტთა ერთი ჯგუფი „პოლიტიკური პოზიციებიდან გამოვიდა და მეცნიერული არაფერი ჰქონდა… აქ ითქვა, რომ მე განვიზრახე მარქსისტული წიგნის დაწერა და ეს არ გამომივიდა. ეს შეცდომაა. მე არ განმიზრახავს მარქსისტული წიგნის დაწერა… მე დოგმატური მარქსიზმის მომხრე არა ვარ…“. განხილვის შემდეგ ჟურნალ „ბოლშევიკში“ (1948, N8) გამოქვეყნდა სტატია „ქართული კულტურის ისტორიის დამახინჯების წინააღმდეგ“, ხოლო გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ (1949, 15 მაისი) – სარედაქციო წერილი „ლიტერატურის ისტორიის გაყალბებისა და ანტიპატრიოტიზმის წინააღმდეგ“, რომლებშიც „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ იმ დროის ყველა მკაცრი ეპითეტით იყო შემკობილი.

1949 წლის 25 აპრილს ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შ. ნუცუბიძე გაათავისუფლეს ინსტიტუტიდან იმის გამო, რომ ვერ შეძლო „იდეალისტური თვალსაზრისის დაძლევა და მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის საფუძველზე გადასვლა“.

გამოხდა ხანი. აღმოსავლური რენესანსის პრობლემა აღიარეს და მას მრავალი მეცნიერი იზიარებს, მათ შორის – აკად. ნ. კონრადი, აკად. ვ. ჟირმუნსკი, პროფ. ვ. ჩალოიანი, პროფ. ვ. სემანოვი, პროფ. ი. ბრაგინსკი, პროფ. შ. ხიდაშელი, პროფ. ნ. ნათაძე და სხვ. გამოჩენილი ესთეტიკოსი და ფილოლოგი ა. ლოსევი თავის სიღრმისეულ გამოკვლევაში „აღორძინების ესთეტიკა“ (1978) წერს: „რენესანსის ყოველგვარი შეფასება შეუძლებელია შ. ნუცუბიძის ნაშრომის გარეშე. მისი წიგნი ქართულ რენესანსზე ისეთი გამოკვლევაა, რომელსაც ვერ უგულებელყოფს არა მხოლოდ ქართული, არამედ იტალიური რენესანსის ვერც ერთი მკვლევარი… საქართველოში რენესანსის ეპოქის ამგვარი შესწავლა ჭეშმარიტ ისტორიულ-ფილოსოფიურ გმირობას უდრის“.

რენესანსის საკითხის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ნუცუბიძემ პირველად ცხადყო, რომ ძირითადი ერეტიკული მოძრაობანი ქრისტიანული მოძღვრების წიაღში დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთიდან შეიჭრა და რომ მათ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ სქოლასტიკური აზროვნების დარღვევისა და რენესანსული აზროვნების მომზადებისათვის. ამასთანავე, XI-XII საუკუნეების ქართული რენესანსის დახასიათებისას ნაჩვენებია, რომ ამ დროს გარღვეულია საეკლესიო აზროვნების ფარგლები და თავს იჩენს ადამიანის მიერ ღმერთისა და სამყაროს განცდის ცოცხალი, ენერგიული და სიცოცხლის დამამკვიდრებელი სულისკვეთება და, რაც მთავარია, პიროვნული ინდივიდუალიზმი, რომელიც ნეოპლატონიზმის გარსშია გახვეული.

რენესანსის პრობლემის ნუცუბიძისეული გააზრების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ მან სრულიად ახლებურად დასვა კულტურის ისტორიის ამ დიადი მოვლენის თეორიული, ფილოსოფიური საფუძვლების საკითხი. იგი დაუპირისპირდა „ევროპოცენტრისტულ“ თეორიებს და წამოაყენა დებულება, რომ რენესანსის საფუძველი შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანესი წიგნებია – ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებები, რომელთაც IX საუკუნეში შეაღწიეს დასავლეთის აზროვნებაში, შეარყიეს კათოლიკური ეკლესიის საფუძველზე აღმოცენებული იდეოლოგია და შეამზადეს საფუძველი ადამიანის გაღმერთების იდეისათვის.

თავის გამოკვლევაში „ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“ (1942) ნუცუბიძემ წამოაყენა დებულება, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებათა ავტორი არის ცნობილი ბიზანტიელი ფილოსოფოსის – პროკლეს, მოწაფე, ქართველი სასულიერო მოღვაწე, მაიუმის ეპისკოპოსი – პეტრე იბერი.

შ. ნუცუბიძის ამ თვალსაზრისს 1949 წელს გაეცნო გამოჩენილი ბელგიელი ბიზანტისტი ერნესტ ჰონიგმანი, რომელმაც 1946 წელს დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებათა ავტორი არის პეტრე იბერი. 1952 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ჰონიგმანი აღნიშნავს: „მე და ნუცუბიძემ სხვადასხვა გზით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დავასკვენით ერთი და იგივე“. ჰონიგმანის გამოკვლევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია დასავლეთში და „განსაცვიფრებელი აღმოჩენა“ ეწოდა. ქართველი მეცნიერის პირველობის გამო ეს აღმოჩენა მეცნიერებაში შევიდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის სახელით.

მართალია, ამ თეორიას დღესაც ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ორი მეცნიერის სხვადასხვა გზით ერთი დასკვნა მეტად საგულისხმო ფაქტია. ამ თეორიას იზიარებენ ცნობილი ბიზანტისტები: ვ. გრიუმელი, რ. როკი, ი. ჰაუსგერი, ფ. დიოგერი და სხვ. საკმაოდ დამაჯერებლად მიაჩნიათ ეს თეორია ა. ლოსევსა და ავერინცევს. თავისი დაკვირვებანი პეტრე იბერის თხზულებებზე შ. ნუცუბიძემ შეაჯამა ვრცელ მონოგრაფიაში „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“ (1963).  შ. ნუცუბიძემდე ჰონიგმანის წიგნმა 1953 წელს მოაღწია და დიდი სიხარული მოჰგვარა. ამ ორმა მეცნიერმა ვერ მოახერხა ერთმანეთთან დაკავშირება. 1954 წელს ჰონიგმანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი არეოპაგიტულ წიგნებზე ნუცუბიძის სიცოცხლეში დუმილს ამჯობინებდა, დღეს კი თამამად გამოთქვამენ კრიტიკულ შენიშვნებს. ამგვარ მეცნიერებზე იგი ირონიულად ამბობდა: ჩემი წიგნების სქოლიოებზე სწავლობენ და ისე მებრძვიანო.

მაშინ, როდესაც უკვე კარგა ხნის შექმნილი იყო საქართველოსა და ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკის, კულტურის სხვა დარგების ისტორიები, არ მოგვეპოვებოდა ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია. ეს დიდი ხარვეზი იყო ჩვენი ერის სულიერი ცხოვრების შესწავლის თვალსაზრისით. 1950-იანი წლების დასაწყისისათვის შალვა ნუცუბიძე დაუღალავად მუშაობს ქართული ფილოსოფიის ისტორიის შექმნაზე. დიდი შინაგანი მხნეობა და დასახული მიზნის მნიშვნელობის შეგნება იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა მას შემდეგ, რაც თავს დაატყდა სრულიად მოულოდნელად: იგი ბერიას აგენტად გამოაცხადეს.

1953 წლის 22 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ შ. ნუცუბიძეს ჩამოართვა აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება, ხოლო 25 დეკემბერს თბილისის უნივერსიტეტმა გაათავისუფლა იგი პროფესორის თანამდებობიდან და აღძრა შუამდგომლობა მისთვის სამეცნიერო ხარისხისა და წოდების ჩამორთმევის შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობა საკავშირო საატესტაციო კომისიამ არ დაუმტკიცა. ყოველივე ამას საფუძვლად ედო ბრალდება, რომ, სსრკ პროკურატურის გამოძიებით, „შ. ნუცუბიძე 1938 წელს შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებულ იქნა როგორც ბურჟუაზიულ-ქართველ-ნაციონალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური მონაწილე, იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი. მან დაკითხვის დროს მისცა დაწვრილებითი ჩვენება თავისი ანტისაბჭოური, ჯაშუშური მოქმედების შესახებ, რომელსაც იგი ეწეოდა ფაშისტური გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ“.

დღესაც ახსოვს ბევრს მაშინ ქალაქში დარხეული ხმა: ნუცუბიძეს შინსაკხომში დაურეკია – მოდიხართ, თუ მოვიდეო. ეს მართლაც ასე იყო.

დიდძალი დრო დახარჯა მან იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ფაშიზმის აგენტი არ ყოფილა და მისი განთავისუფლება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ იგი სტალინს დასჭირდა, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი. შ. ნუცუბიძეს არასოდეს უსარგებლია სტალინთან შეხვედრით, არასოდეს ჰყოლია ვინმე მფარველი, პირიქით – არაერთგზის განიცადა შემოტევა და შევიწროება. შ. ნუცუბიძემ სთხოვა ს. ქავთარაძეს, დაედასტურებინა ის გარემოება, თუ რამ განაპირობა მისი განთავისუფლება და მისი შეხვედრები სტალინთან. მაგრამ რატომღაც მისგან უარი მიიღო. ასეთ ვითარებაში გაატარა მან 7 წელი და მხოლოდ 1960 წლის აპრილში მიიღო საკავშირო პროკურატურიდან სრული რეაბილიტაცია და აღადგინეს მისი მეცნიერული სტატუსი. იუმორის გრძნობა არც ამ პერიოდში დაუკარგავს. როცა ერთხელ ჰკითხეს, – რატომ გამოგიყვანეს აკადემიიდანო, უპასუხა: არ ვიცი, მაგრამ მაინც სჯობს გეკითხებოდნენ, თუ რატომ გამოგიყვანეს, ვიდრე ამბობდნენ, რისთვის აირჩიეს აკადემიკოსადო.

უნდა ითქვას, რომ ვიდრე სამართლიანობა აღდგებოდა, ადგილობრივმა მთავრობამ მას ხელი შეუწყო, რომ წიგნები ებეჭდა. გამოიცა მისი „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I, 1956; ტ. II, 1958), რომელშიც პირველად არის მიმოხილული ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზა უძველესი ქართული სამეცნიერო კერებისა და პეტრე იბერის დროიდან სოლომონ დოდაშვილამდე. ამასთანავე, ავტორი არ იფარგლება მხოლოდ ფილოსოფიური საკითხებით და დიდ ყურადღებას უთმობს აგრეთვე კულტურულ და იდეოლოგიურ სფეროთა ურთიერთობასა და ქართული კრიტიკული აზროვნების კავშირებს ბერძნულ, სირიულ, სომხურ, არაბულ და რუსულ კულტურასთან. ამ წიგნის ერთ-ერთი ძირითადი დებულება ისაა, რომ ქართულ რენესანსს საფუძვლად უძევს ნეოპლატონიზმი – უპირველესად პროკლეს ფილოსოფია. „ეს დიდ აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად გავიაზროთ იტალიური რენესანსიც“ (ა. ლოსევი). ამ ნაშრომით ნუცუბიძემ დიდად შეუწყო ხელი ფილოსოფიის ზოგადი ისტორიისა და ქართველოლოგიის ცალკე დარგის – ქართული ფილოსოფიის ისტორიის – ჩამოყალიბებას. დღეს მრავალი მეცნიერი ნაყოფიერად ამუშავებს ამ დარგში ნუცუბიძის მიერ წამოჭრილ მრავალ პრობლემას.

შ. ნუცუბიძე ევროპული ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოლიტიკური და იდეოლოგიური ცხოვრების ისტორიის დიდი მცოდნე იყო, მაგრამ თავის მუშაობაში იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კავშირისა და მთლიანობის კვლევას და ამ ისტორიაში ქართული კულტურის წვლილისა და ადგილის გარკვევას. მსოფლიო მეცნიერებას დიდი ხანია აინტერესებს საკითხი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი საყვარელი წიგნის – „ვარლაამისა და იოასაფის“ („ბალავარიანის“) – წარმომავლობის შესახებ. ამ საკითხის კვლევაში ჩაერთო შ. ნუცუბიძეც და თავის ნაშრომში „ბერძნული რომანის „ვარლაამისა და იოასაფის“ წარმოშობისათვის“ (1955) ამტკიცებს, რომ ამ საქვეყნოდ ცნობილი რომანის ავტორი არის პალესტინის საბას ლავრის ქართველი მოღვაწე (VII) იოანე მოსხი. გარდა ამისა, ამ ნაშრომში ნუცუბიძე იცავს იმ აზრს, რომ ბერძნულ „ბალავარიანს“, რომლისგანაც მომდინარეობს ამ რომანის ყველა ევროპული თარგმანი, საფუძვლად უძევს ქართული ტექსტი. ამ ნაშრომს მრავალმა ქართველოლოგმა და ბიზანტისტმა დაუჭირა მხარი.

ბევრი რამ აქვს გაკეთებული შ. ნუცუბიძეს „ვეფხისტყაოსნის“ რენესანსული ნიშნების, მისი ფილოსოფიური ძირებისა და მხატვრულ თავისებურებათა შესწავლის თვალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნები „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ და „რუსთაველის შემოქმედება“ (1958). საბჭოთა ფილოსოფოსთა შორის გაბატონებული თვალსაზრისის საპირისპიროდ, შ. ნუცუბიძე ნეოპლატონიზმს პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდა. მან დამაჯერებლად ნათელყო, რომ რუსთაველის მსოფლმხედველობის ფილოსოფიური საფუძველი არის ნეოპლატონიზმი. ქართული ნეოპლატონიზმის განვითარების კვლევა (V საუკუნიდან რუსთაველამდე) არის ნუცუბიძის ერთ-ერთ დიდი წვლილი ქართული სულიერი ცხოვრების ევოლუციის შესწავლაში. მან ცხადყო, რომ ღმერთის რუსთველისეული გაგება „სიკეთის აბსოლუტურობის“ პეტრე იბერისეულ თეზისს ემყარება. იგი საგულისხმო მოსაზრებებს გამოთქვამს იერუსალიმთან აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერებისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არსებული რუსთველის პორტრეტის შესახებ. რამდენადაც მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი პალესტინაში ქართული კულტურის ცენტრების მოღვაწეთა ნააზრევის შესწავლაში, ბუნებრივია, მოელოდა, რომ ჩართული იქნებოდა რუსთაველის პორტრეტის შესწავლისათვის იერუსალიმში მივლინებულ ექსპედიციაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, თუმცა ეს არც გაჰკვირვებია, რადგან მიჩვეული იყო მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ფაქტებს. ძველი პალესტინა მისი სულის ნაწილი იყო. თვალებზე ცრემლი მოადგა, როცა ტელევიზიით ნახა მდინარე იორდანე, რომლის ნაპირებზე პეტრე იბერსა და სხვა ქართველ სულიერ მამებს უვლიათ.

არათუ უცხოეთში მივლინება, არამედ თბილისში ჩამოსულ უცხოელ კოლეგებსაც იშვიათად ახვედრებდნენ. 1960-იან წლებში, როცა ეგზისტენციალისტურ ფილოსოფიაზე მუშაობდა, ირონიულად აღნიშნა: საქართველოში ჩამოსულ სარტრს მხოლოდ სუფრით უმასპინძლდებიან და უფრო სერიოზულ შეხვედრებზე არ ზრუნავენო. არც 1966 წელს რუსთაველის იუბილეზე არ მიაღებინეს მონაწილეობა, ყველა ღონისძიებას აარიდეს. სტუმრებთან შეხვედრებს არ დაასწრეს და, რაც მთავარია, არც ერთ დარბაზში სიტყვა არ მისცეს, თუმცა ამ იუბილეზე ჩამოსულმა აკად. კონრადმა განაცხადა: მე ჩამოვედი იმ ქვეყანაში, სადაც ნუცუბიძემ აღმოსავლური რენესანსის დროშა ააფრიალაო. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ 1968 წელს თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე მის ერთ-ერთ დამაარსებელს სიტყვა არ მისცეს, არადა ამის დიდი სურვილი ჰქონდა. ასე წლების განმავლობაში შ. ნუცუბიძე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და დიდი აუდიტორიების მიღმა რჩებოდა.

ცხოვრების განმავლობაში მრავალ საინტერესო ადამიანს შეხვედრია. მისი მოღვაწეობის რუსთველოლოგიურმა მხარემ იგი „ვეფხისტყაოსნის“ არაერთ უცხო ენებზე მთარგმნელთან დააკავშირა. საქართველოში ორივე ჩამოსვლისას ეწვია მას უაღრესად გულთბილი ადამიანი, „ვეფხისტყაოსნის“ იაპონურ ენაზე მთარგმნელი იპნეი ფუკურო, რომელმაც მეორე ჩამოსვლისას ჩამოუტანა იაპონური ყვავილები და მის აგარაკზე დარგო. როდესაც საფრანგეთიდან ახლადჩამოსულმა, დახვეწილმა ინტელიგენტმა და მომხიბლავმა სერგო წულაძემ ხელი მოჰკიდა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანს, მას ამ საქმეში მრჩევლად შ. ნუცუბიძე დაუნიშნეს. მათ შორის ახლო ურთიერთობა დამყარდა და შეხვედრები ზოგჯერ გვიან ღამემდე გრძელდებოდა. თავისი თარგმანის წინასიტყვაობაში სერგი წულაძე აღნიშნავს, რომ იგი ტექსტის გაგება-გააზრებისას ნაყოფიერად იყენებდა შ. ნუცუბიძის „ერუდირებულ რჩევებსა და დიდ დახმარებას“. ასევე ურჩევდა შ. ნუცუბიძე 1950-1953 წლებში „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე მთარგმნელს, ავსტრიელ პოეტს – ჰუგო ჰუპერტს. მაგრამ ჰუპერტთან თანამშრომლობას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც გაეცნო როგორც მის პოეზიასა და მთარგმნელობით ოსტატობას, ისე „ვეფხისტყაოსნის“ ვინმე მელანი ფონ პრივიცის მიერ მომზადებულ თარგმანს. ეს უკანასკნელი ნუცუბიძემ დაიწუნა და მხარი დაუჭირა ჰ. ჰუპერტს.

თავისი მოგონებების წიგნში „ქიში ორეულს“ (1979) ჰ. ჰუპერტი აღწერს შ. ნუცუბიძესთან თანამშრომლობას და ამასთანავე იძლევა მისი პიროვნების ერთგვარ შტრიხებს. ავსტრიელი პოეტი იგონებს: „ბედმა გამიღიმა, რომ ჩემი თარგმანის პასუხისმგებელ ფილოლოგ-კონსულტანტად გამომიყვეს უგანათლებულესი პიროვნება – აკად. შალვა ნუცუბიძე. ამ მგზნებარე ტემპერამენტის ადამიანს განათლება გერმანიის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული და ამასთანავე სახელი გაეთქვა, როგორც რუსთაველის პოემის რუსულად მთარგმნელს. ჩემდამი გამოგზავნილ წერილში ეს გულღია და უშუალო კაცი მწერდა: „პოეტების პაექრობა არ შედგება! პატივცემულო ჰუგო ჰუპერტ, როდესაც პრიტვიცის უმწეო თარგმანი წავიკითხე, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. თქვენი წარმატება არ საჭიროებს პალმის რტოსა და დაფნის გვირგვინს. თქვენ მეტს იმსახურებთ. მთელი ქართული საზოგადოება ყოველნაირად დაგიჭერთ მხარს თქვენს იმედისმომცემ წამოწყებაში. ვრჩები, კოლეგა, თქვენი პატივისმცემელი „ფირმის წარმომადგენელი“ დოქტორი შ. ნუცუბიძე“.

შალვა ნუცუბიძის შესახებ ქალაქში ათასგვარ საინტერესო და გონებამახვილურ ამბებს ჰყვებოდნენ, – განაგრძობს ჰ. ჰუპერტი, – იგი იყო ღვინოების მცოდნე, ქალების გატაცების საგანი, დიდი თეატრალი. მისი კარი ღია იყო სტუდენტებისთვის, ასპირანტების, დისერტანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის. იგი უყვარდათ და ყველა ცდილობდა ახლოს ყოფილიყო მასთან. ბერიამ დააპატიმრა, მაგრამ სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს. ჰქონდა სტალინთან ხანგრძლივი შეხვედრა, „რომლის დროსაც გაირკვა, რომ მე ვარ არა ნაციონალისტური ბურჟუაზიის წარმომადგენელი, არამედ – ინტელექტუალური პატრიოტი“. მრავალი საღამო გამიტარებია მის კაბინეტში, სადაც ვტკბებოდი მისი საუბრით, რომელიც ლექციების კურსს უდრიდა, და ვსვამდი თეთრ ღვინოს მისი მარნიდან. მის თავაზიან მეუღლეს არასოდეს არ სცმია უბრალო, საშინაო ტანსაცმელი. როგორც მთელი თბილისელი ამაყი ქალბატონების ფენას, ყოველთვის თვალშისაცემად კარგად, უახლესი პარიზული მოდების მიხედვით ეცვა. ჩემ მიერ თარგმნილ ყოველ ნაწყვეტს მამობრივად იღებდა, გულდასმით და ამასთანავე ხუმრობით ამოწმებდა, ასწორებდა და რჩევებს მაძლევდა, მაგრამ არც ჩემს თავისუფლებას ზღუდავდა, ზოგჯერ საკუთარ ფრაზებსაც მთავაზობდა და ყოველთვის დედანზე მითითებდა: „ჩვენი ვალია, ძველი ქართულის ხატოვანი, მიძინებული სული კი არ შევანჯღრიოთ, არამედ ხელის სათუთი შეხებით გავაღვიძოთო, – მეუბნებოდა ჩემი კონსულტანტი და რედაქტორი. – „ვეფხისტყაოსნის“ პოეზია პეპლების ფრთების ფერადი მტვრით ლივლივებს, მაშინაც კი, როდესაც რაინდი გაშმაგებით ებრძვის ვეფხვს. გაჰყევით პოეზიის გზას, მიენდეთ ინსტინქტსა და საკუთარ ალღოს და არა გონების კარნახსა და ფილოლოგიას, აი, რა უნდა იყოს თქვენი დევიზი, – მამობრივად მასწავლიდა ჩემი უფროსი მეგობარი. ქალაქის ხალხმრავალ ცენტრში ხანგრძლივი სეირნობის დროს შ. ნუცუბიძე ენერგიული მოძრაობითა და სიტყვების ხაზგასმით მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიაზე. მისი მკვრივი და მოძრავი ფიგურა განუყოფელი იყო ქალაქისაგან. ხალხი ესალმებოდა და მრავალი მათგანი ესაუბრებოდა“.

1920-იანი წლების მრავალი ქართველი ინტელიგენტის მსგავსად, შ. ნუცუბიძე არა მარტო გატაცებული იყო თეატრითა და ოპერით, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მსახიობებსა და რეჟისორებთან (ს. ახმეტელი, უშ. ჩხეიძე, ბ. კრავეიშვილი, პ. ამირანაშვილი და სხვ.) და თავის დროზე უშუალოდ მონაწილეობდა თეატრალურ მსჯელობებში. სანდრო ახმეტელთან სტუდენტობის დროიდან მეგობრობდა. შემდგომ ზაფხულობით ხშირად ერთად ისვენებდნენ. როდესაც კ. მარჯანიშვილსა და ს. ახმეტელს შორის ურთიერთობა დაიძაბა და საქმე ლამის სამედიატორო სასამართლომდე მივიდა, ს. ახმეტელმა სთხოვა ამ საქმეში ჩარევა და მისი ინტერესების დაცვა. ნუცუბიძისა და სხვათა მცდელობით სასამართლოს ნაცვლად ორი რეჟისორი შერიგდა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ 1967 წელს ამ დიდი რეჟისორის 80 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო კომისიაში შეიყვანეს და რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო სხდომაზე პირველი სიტყვა მისცეს. კარგა ხნის შემდეგ ეს იყო ს. ახმეტელის ხსოვნისადმი პატივის მიგების პირველი და უაღრესად დიდი დღესასწაული. ამასთანავე მრავალი წლის შემდეგ ეს იყო შ. ნუცუბიძის პირველი გამოსვლა ასეთ დიდ დარბაზში. თავის სიტყვაში იუბილეზე შ. ნუცუბიძემ ბევრი რამ გაიხსენა და შეეცადა აეხსნა, რომ იმ სასტიკ დროს ს. ახმეტელის სიმტკიცე და გაბედულება სერიოზულ საქმეებში გარდაუვალს ხდიდა მის ტრაგიკულ დაღუპვას. როცა ამ ამბავს შეეხო, სატელევიზიო გადაცემა გამოთიშეს. თავისი სიტყვა შ. ნუცუბიძემ ასე დაასრულა: სცენაზე დადგმული ახმეტელის ბიუსტისკენ მიბრუნდა, ხელი აღმართა და თქვა: „აი, ეს კაცი, რომლის სახე მეხსიერებაში შემოგვრჩა, არასოდეს მომკვდარა… მისი სიკვდილი არის გზა უკვდავებისაკენ. გაუმარჯოს ახმეტელის სიკვდილს, როგორც მისი უკვდავების გზას!“.

სიცოცხლის ბოლო წლებში შ. ნუცუბიძემ არაერთი ნაშრომი მიუძღვნა პეტრე იბერს, რათა V საუკუნის ამ დიდ მოაზროვნეს სათანადო ადგილი დაეკავებინა ქართველი ადამიანის ცხოვრებაში. 1968 წელს გამოაქვეყნა სტატია „საუკუნეთა ძახილი“, რომელშიც დასვა საკითხი პეტრე იბერის 1500 წლის იუბილეს აღნიშვნის საჭიროებაზე. „პეტრე იბერით მსოფლიო კულტურა დავალებულია ანტიკურობიდან რენესანსამდე სააზროვნო გზის გაკვლევაში. სამართლიანობა მოითხოვს მიეზღოს დამსახურებისათვის მსოფლიო რენესანსის იდეოლოგიის გზამკვლევს – პეტრე იბერს. დავაზუსტოთ საიუბილეო წელი. რუსთაველის პატრონს არავინ დაგვიჯერებს, რომ საქართველოს მეორე დიდების, მსოფლიო აზროვნების მშვენების, პეტრე იბერის 1500 წლის იუბილეს მისი სამშობლო ვერ ასწევს“. დიდი ყურადღება დაუთმო მან აგრეთვე თავის ნაშრომებში წამოყენებული იდეების დაცვას, ეხმაურებოდა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებს ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიის საკითხებზე. მრავლისმეტყველია მისი სტატიების სათაურები: „ბრძოლა ქართული კულტურის ირგვლივ“, „ქართული კულტურის საკითხები და ჩემი მოკამათენი დასავლეთის მეცნიერებაში“. „ქართული „სიბრძნე ბალავარისა“ ინგლისურ ენაზე“, „პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები“, „ქართული წარწერები იერუსალიმში“, „ამირან-დარეჯანიანი“ ინგლისურ ენაზე“, „დიონისური ცხელება დასავლეთის მეცნიერებაში“, „ქართული ნააზრევი ლათინურ კულტურაში“. ამავე დროს მან გამოსცა „კრიტიკული ნარკვევები“, რომლებშიც შევიდა როგორც მისი ნაშრომები ქართული კულტურის საკითხებზე, ისე მისი ნაკლებად ცნობილი სტატიები, – „გოეთე როგორც მოაზროვნე და ხელოვანი“, „ჰაინრიხ ჰაინეს ხელოვნების თეორია“, „შპენგლერიდან კაიზერლინგამდე“ და სხვ.

ამასთანავე შ. ნუცუბიძე დაუღალავად მუშაობდა თავისი დიდი ხნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებაზე – წერდა „შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიას“, რომელშიც აჩვენებდა ბიზანტიური და ქართული კულტურული სამყაროს, მათ შორის არეოპაგიტული წიგნების ავტორის, პეტრე იბერის, როლს დასავლეთევროპული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში. ამავე დროს, 1967 წელს იგი მიუბრუნდა უნივერსიტეტს და აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ლექციების კურსის კითხვა დაიწყო. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, – ამბობდა იგი, – „ვინ წაიღო კულტურის დროშა ანტიკური ხანის დასრულების შემდეგ! თუ ის ქართველი იყო, ჩვენ ამ საკითხის კვლევას თავი უნდა შევაკლათ, სანამ ქვეყანა არ დაიჯერებს… პეტრე იბერმა ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა ქრისტიანულ სამოსელში გაახვია, განავითარა და საშუალო საუკუნეთა წიაღში იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად აქცია“. ჩაფიქრებული ჰქონდა ეს ნაშრომი გერმანულად გამოეცა. ამ წიგნს რომ დავწერ, ჩემი ვალი ქართული კულტურის წინაშე მოხდილი მექნებაო. სამწუხაროდ, დასახული მიზნის სრულად განხორციელება ვერ მოასწრო: დაწერა ქართულად „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის“ მოკლე კურსი, რომელიც შემდგომ უნდა განევრცო. ეს ნაშრომი უახლოეს ხანებში გამოიცემა.

შ. ნუცუბიძე, 80 წელს მიღწეული, დიდი გატაცებით მუშაობდა როგორც ქართული კულტურის, ისე თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის საკითხებზე. მისი მრავალმხრივი მეცნიერული მიზნების განხორციელებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ შინაგანად სიმკაცრემდე მოწესრიგებული იყო. ეს ვლინდებოდა ყველაფერში, ჩაცმაშიც კი, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. საქმეზე დაბარებულ ადამიანს საზეიმოდ ხვდებოდა. სამსახურში დაგვიანებისათვის არავინ უსაყვედურებდა, მაგრამ ამ უფლებას არ იყენებდა და ერთ-ერთი პირველი ცხადდებოდა. ყველაზე ნაკლებად თავის ფარული სამყაროს – მგრძნობიარე, მორიდებულ და მოკრძალებულ ხასიათს – ავლენდა. მაგრამ ერთად ცხოვრებისას ძნელია საკუთარი ბუნება არ გამოავლინო. ერთ დღეს კინოფილმ „მამლუქზე“ წავედით. როცა ფილმი დამთავრდა, შეწუხებული სახე ჰქონდა და აღელვებულმა თქვა: „არ უნდა მენახა მე ეს ფილმი“. ომახიანი ბუნების მიუხედავად, საოცრად განიცდიდა ყოველივეს, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. ხშირად ჩაილაპარაკებდა გლდანის ბაღში მუშაობისას თავის საყვარელ ტაეპებს:

ხედავთ, ვითარის კადნიერებით

შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!

საქართველოს დღეს გარდაუწყდება

თავისი ბედი და უბედობა!

დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!

დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი.

მასთან ურთიერთობა ადვილი არ იყო. მუშაობის დროს აზროვნების სიღრმეებში იყო ჩაძირული და ვაი მისი ბრალი, ვინც ფიქრის ძაფს გააწყვეტინებდა. საუბრისას საკამათოდ იყო მომზადებული. სიმართლის დაცვაში დაუნდობელი და მტკიცე იყო, თუმცა არ მიაჩნდა ღირებულად ისეთი სიმართლე, რომელსაც ყველა იზიარებდა. სძულდა დოგმები და გაცვეთილი აქსიომები. მისი დევიზი იყო: „არ მწამს აზრი, თუ ის საკამათო არაა“. ამ მხრივ საგულისხმოა შენიშვნა, რომლითაც მან მისი აღმოსავლური რენესანსის იდეის მიმდევარს, „სომხური რენესანსის“ ავტორს, ჩალოიანს, მიმართა: „არასოდეს გისურვებთ ისეთი წიგნის დაწერას, რომელსაც ყველა დაეთანხმება, რადგან ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ უმნიშვნელო წიგნი დაწერეთ“.

აქტიური, სულით ძლიერი პიროვნება იყო, რომელსაც არასოდეს ტოვებდა საკუთარი ღირსების შეგნება. ერთხელ მას უთხრეს: შენ ბევრი ქვა გესროლესო. მან უპასუხა, – ეს ქვები მე კვარცხლბეკად მექცაო. დაჯილდოებული იყო ნიჭით – ყოფილიყო მუდამ შემართული და ქედუხრელი, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე წუთებში. პათოსი – მისი ცხოვრების წესისა და მსოფლგაგების უმთავრესი ძარღვი იყო, რომლითაც როგორც ტრიბუნიდან, ისე ნებისმიერ გარემოცვაში გამოირჩეოდა. თავის ირგვლივ ზეაწეულ, საზეიმო განწყობას ქმნიდა, მაშინაც კი, როცა საამისო მიზეზი თითქოს არ იყო. ჩვეულებრივი დიალოგიც კი გონებამახვილობის გზით მიჰყავდა. „ბატონო შალვა, თქვენ ვინმე უნდა დაგყვებოდეთ და იწერდეს თქვენს საუბარსო“, – უთხრეს მას. – „კი, დამყვებიან და კიდეც იწერენო“. როდესაც მისი მონაყოლით აღტაცებულმა თანამოსაუბრემ ასეთი რჩევა მისცა, – დაწერეთ, რაც იცით, ჭურში ჩამარხეთ, ერთი საუკუნის მერე ამოთხრიან და შთამომავლობა მადლობას გეტყვითო, – მან ღიმილით მიუგო: „ერთი თვის მერე რომ ამოთხარონ?!“. მართლაც, ჩაფიქრებული ჰქონდა ვრცელი მემუარების დაწერა. ამბობდა, ისეთ მოგონებებს დავწერ, ქვეყანას განვაცვიფრებო. სამწუხაროდ, მხოლოდ ცალკეული მონაკვეთების დაწერა მოასწრო, თანაც ხუმრობდა: მემუარების დასაწერად ცოტა გამოშტერებაა საჭირო და ეს დრო ჯერ არ დამდგომიაო.

ცხოვრებისადმი მისი ფილოსოფიური განწყობა კიდევ დიდი ხნის სიცოცხლის წინაპირობას აძლევდა, მაგრამ ექიმებმა ვერ გამოიჩინეს თავი.

მისი ცხოვრების არც ერთი თარიღი რაიმე სახით არ აღნიშნულა. როდესაც მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშვნა გადაწყვიტეს, მან თქვა, ჩემს საიუბილეო გამოსვლაში მე ზოგი იუბილარივით არ განვაცხადებ, ყველა პირობა მქონდა, ყველაფერი გამიკეთეს და არაფერი დამაკლესო. მე ვიტყვი, რომ ყველაფერი გამიკეთეს, მაგრამ ვერაფერი დამაკლესო. ამას ვერ მოესწრო. გარდაიცვალა 1969 წლის 6 იანვარს. დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ბაღში. ცხოვრებასთან გაყრა ტრაგიკულად არ განუცდია. უკანასკნელ წუთამდე ფილოსოფოსად დარჩა. როდესაც საავადმყოფოში სანახავად მისი მოწაფე პროფ. ა. შეროზია ეწვია, სულთმობრძავი მიბრუნდა მისკენ და ჰკითხა: „ღმერთმა რომ ადამიანებს ცნობიერება მოგვა, ამით დაგვწყევლა, თუ…?“.

ვიდრე ერთად ვცხოვრობდით, მისი ბევრი თვისება გაუცნობიერებელი და ჩვეულებრივი რჩებოდა. როცა ჩვენგან წავიდა, მისმა ადამიანურმა განსაკუთრებულობამ გარკვეული და ჩამოყალიბებული სახე მიიღო. დროის მანძილიდან სხვაგვარად იკვეთება მისი პიროვნება, რომელშიც საუკეთესოდ სახიერდებოდა დროისა და მთელი თაობის ნიშან-თვისებები და იდეალები.

შალვა ნუცუბიძე უკვე ისტორიას ეკუთვნის, მაგრამ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მნიშვნელობას ინარჩუნებს დღევანდელობისათვის, ახალი თაობის აღზრდისთვის, რადგან აღზრდაში მაგალითი ყოველგვარ თეორიაზე მაღლა დგას. როცა ასეთ პიროვნებებს ვიხსენებთ, თანამედროვეებს მოვაგონებთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ეპოქის რთულ ვითარებაშიც თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებასა და თავის ქვეყანას. მათ გაფრთხილება უნდა.



მდევარი