რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ძველი საქართველოს რუკა ფრანგულ ენაზე

De Re Publica, ეპიზოდი 2: საერთაშორისო აღიარება

ავტორი: ,

ტრანსკრიპტის რედაქტორი: მარიამ ქავთარაძე

            პოდკასტ „De re publica-ს“ მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება.

            ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – დასაწყისში განვიხილავთ, როგორ აღიარა დამპყრობელმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა შესაძლო მოკავშირეს – დასავლეთს.

            მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლის წინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ, მარტივი შესამჩნევია კავშირი თანამედროვეობასთან: რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი? რატომ არ ესმის აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებები? და, თავის მხრივ, რა ზრახვები აქვს იმპერიალისტ რუსეთს?


ანი: მოგესალმებით. თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტის De re publica-ს მეორე ეპიზოდს. როგორც იცით, პირველ ეპიზოდში ვისაუბრეთ დამოუკიდებლობის აქტზე – იმაზე, თუ როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და როგორ განისაზღვრა ჩვენი სუვერენიტეტი.

            დღესაც ისევ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად ვაგრძელებთ დიალოგს. თუმცა ამ შემთხვევაში შევეცდებით, საერთაშორისო სივრცის გამოხმაურებას შევეხოთ: იმას, თუ როგორ გვაღიარეს დასავლეთმა და რუსეთმა.

ელენე: პირველ რიგში, განვიხილოთ რუსეთის საკითხი – როგორ მოვიპოვეთ მისგან აღიარება.  უნდა ვისაუბროთ 7 მაისის ხელშეკრულებაზე, რომელზეც ქართველმა საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ საკითხი ბოლშევიკური პარტიების კანონიერად გამოცხადების  წერილობით საბუთს უკავშირდება.  განვიხილოთ, თუ რას ითვალისწინებდა ეს დოკუმენტი. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას საქართველოსთვის და ასევე, რა მისწრაფებები ჰქონდა რუსეთს.

            თვითონ საქართველო ორ ძირითად მოთხოვნას აყენებდა: პირველ რიგში, რუსეთისგან დამოუკიდებლობის ცნობას და, მეორე მხრივ – ტერიტორიულ მთლიანობას – საზღვრები საერთაშორისო ნორმების მიხედვით უნდა დაედგინათ და დაემტკიცებინათ. საქართველომ ორივეს მიაღწია, რაც დღევანდელობისთვისაც  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

მაგრამ აქ ჩნდება ბუნებრივი კითხვა – თვითონ რუსეთს რატომ აწყობდა ეს ხელშეკრულება? რაღაც მიზნები და მიზეზები მასაც ექნებოდა, რომლებიც ამ ქაღალდზე ხელის მოწერას აიძულებდა.

ბექა კობახიძე: საქმე ისაა, რომ რუსეთი იმ დროს „ალყაში“ იყო. აი, დღეს რომ სანქციები აქვს, ეგეთი სანქციები მაშინაც ჰქონდა. ეკონომიკა გადარჩენაზეა. რუსეთის ნომერ პირველი ამოცანა გარე სამყაროსთან კავშირის აღდგენა, მასთან ვაჭრობის დაწყება და ეკონომიკისთვის საარსებო გარემოს შექმნაა.  ეკონომიკამ თუ ვერ შეძლო არსებობა, ამას ვერც სახელმწიფო შეძლებს.

            რუსეთს ამ მხრივ სჭირდება დასავლეთთან გარიგება-შერიგება. პროცესი ტყვეთა გაცვლაზე კოპენჰაგენში მოლაპარაკებებით დაიწყო და სავაჭრო დიალოგში გადაიზარდა. 

            ეს ყველაფერი 1920 წლის მაისში მოხდა, თუმცა ბრიტანეთი კავკასიიდან არ წასულა, მას კავკასია, ბაქოს ნავთობი აინტერესებდა.  ამ პროცესების თანადროულად რუსეთი სამოქალაქო ომს მოხალისეთა არმიასთან აგრძელებს, კერძოდ, ვრანგელსის ჯარებთან – პოლონეთთან მთავარი ბრძოლის ველია. ეს ყველაფერი სწორედ 1920 წლის მაის-სექტემბერში ხდება.

            ამ დროს რუსები თურქების დახმარებით აზერბაიჯანში აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას. თოფის გაუსროლელად 1920 წლის 27 აპრილს ბაქოში „წითელი“ ხელისუფლება ცხადდება, რამაც ბრიტანელები ძალიან შეაშფოთა და მათი დიპლომატიური პასუხი განაპირობა.  ბაქოს აღების შემდეგ ორჯონიკიძე და მთელი შეიარაღებული ძალები წამოვიდა საქართველოზე, სადაც წინააღმდეგობა დახვდა – საქართველოს აღებას 1-2 თვე დასჭირდებოდა, რაც იმის დასტური იქნებოდა, რომ როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო ძალით „გააწითლა“ საბჭოთა რუსეთმა და ეს გამოიწვევდა, ერთი მხრივ, მოლაპარაკებებისა და „ალყის“ გარღვევის ჩაშლას და, მეორე მხრივ, საქართველოში ძალების გადასროლით ვითარების უფრო გართულებას პოლონეთის სამხედრო ძალებთან, ვრანგელთან, გაჩაღებული ომის თანადროულად. . 

            ეს იყო ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ლენინმა გადაწყვიტა ოკუპაციის გადადება. საქართველო მოიცდიდა. რა ქნა ლენინმა 7 მაისის ხელშეკრულებით? – ერთი –  დასავლეთს აჩვენა, რომ, არა, ძმაო, აზერბაიჯანში რაღაც გადატრიალება მოხდა, თორემ ახლა დაპყრობა რომ მდომოდა, საქართველოსთან სამშვიდობოს რატომ ვაცხადებ, ხომ?

ელენე: რადგან ამ ხელშეკრულების დადებიდან 1 წელში, არც კი, „გაწითლდა“ საქართველო. ცხადია, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთს თავისი გეგმები საქართველოსთან მიმართებით ისევ ახსოვდა. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, უშუალოდ ამ ხელშეკრულების დადებისას რას ფიქრობდა რუსეთი, რა გეგმები და ხედვები ჰქონდა? ცხადია, იმას არ იფიქრებდა, რომ მოდი მივცეთ ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და იყოს თავისთვის. რაღაც ჩანაფიქრები ალბათ ჰქონდა და მაინტერესებს, ამ მიზნებს რამდენად ეპასუხებოდა 7 მაისის ხელშეკრულება? ხომ არ უშლიდა ან, პირიქით, უწყობდა ხელს?

ბექა კობახიძე: ჯერ ეს ერთი, თვითონ რუსებიც ხედავდნენ ამას და დასავლეთშიც პირდაპირ გაცხადებული იყო, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა – ვერც ეკონომიკურად, ვერც თავდაცვითი თვალსაზრისით. თუ რუსები გადმოვიდოდნენ კავკასიის ქედის სამხრეთით, იქ საქართველოს დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდებოდა. ეს პირდაპირ თქვა საქართველოს მთავარმა მხარდამჭერმა, ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, ლორდმა კერზონმა. 1919 წლის დეკემბერში მემორანდუმი წარუდგინა მინისტრთა კაბინეტს და აღნიშნა, რომ  რომ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის ისტორიული გამოცდილება არ აქვს. სინამდვილეში,  სამართლებრივადაც არ იმსახურებს დამოუკიდებლობას, მაგრამ რადგან საქართველო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარეშე ვერ იქნება დამოუკიდებელი, ამიტომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობასაც უნდა დავუჭიროთ მხარი, რადგან ეს ქედს ქვემოთ ჩამოსული რუსი სამხედროები უკვე თავისუფლად შედიან საქართველოში, სომხეთში და ამასთანავე სწორედ აქ გადიოდა მთავარი ეკონომიკური „არტერიები“:  ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი და ბაქო-ბათუმის რკინიგზა.

            მეორე მიზეზი –  თვითონ ბოლშევიკური პარტიების კანონიერად გამოცხადებით, ბოლშევიკი ტყვეების ციხიდან გამოშვებით ლენინი იმედოვნებდა, რომ   შეჭრის ნაცვლად შიგნიდან აჯანყებებით შეძლებდნენ ადგილზე ვითარების „აფეთქებას“.  შეჭრა ხდება მაშინ, როცა სხვა საშუალება  აღარ გაქვს. შიგნით თუ მოახერხებდნენ „აფეთქებას“, აზერბაიჯანის მსგავსად, ეს საქართველოშიც გაამართლებდა.

ანი: ელენემ დასაწყისში უკვე ახსენა ბოლშევიკური პარტიები და მათზე თქვენც ისაუბრეთ. მთავარი საკითხი, რომელიც ამ პუნქტთან დაკავშირებით ჩნდება ხოლმე,  არის ბრალდება პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსთან მიმართ – თითქოს ამან ნიადაგი მოამზადა საქართველოს „გაწითლებისთვის“. თან აქვე გაზეთი, რომელიც ამ დოკუმენტის შესახებ წერს, მალავს იმ პუნქტს, რომელიც დოკუმენტის კანონიერებას უზრუნველყოფს. რამდენად სწორია ის დაშვება, რომ თითქოს ამ პუნქტმა შეუწყო ხელი საქართველოს გასაბჭოებას.

ბექა კობახიძე: 7 მაისზე პოსტსაბჭოთა ქართულ ისტორიოგრაფიაში ვხვდებით შემდეგ მსჯელობას:  7 მაისს კომუნისტები რომ გამოუშვეს ციხიდან, სწორედ ამიტომ დაემხო საქართველოს დამოუკიდებლობა და ამიტომ მოხდა ესა და ის; ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და ასე შემდეგ… იმავე წელს, 1920 წელს, ზუსტად იმავე ტექსტის ხელშეკრულებები გააფორმა საბჭოთა რუსეთმა ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკასთან: ლატვიასთან, ლიტვასა და ესტონეთთან. და რა ახლა, ამ ხელშეკრულების გამო მათი ტერიტორიები რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს?! – მათი დამოუკიდებლობა ხომ 1940 წლამდე გაგრძელდა.

            ამ ხელშეკრულებაზე მსგავსი ბრალდება  ბალტიისპირეთის მაგალითის გამოც კი შეცდომაა.  ამას დავუმატოთ ისიც, რომ ეს გამოშვებული ბოლშევიკები მალევე ან საქართველოდან გააძევეს, ან ისევ ციხეში შეაბრუნეს.

            არსებობს 1920 წლის ოქტომბრის ბაქოში გამართული საქართველოს კომპარტიის ყრილობის ჩანაწერი, სადაც ფილიპე მახარაძე ამბობს, რომ 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება უდრის საქართველოს კომპარტიის მოსპობას, გაუქმებას და რომ ეს იყო ღალატი ჩვენ წინაშე, რომ 7 მაისის ხელშეკრულება გაფორმდა და ჩვენ კანონიერად გვცნეს. და რატომ? – აგრძელებს მახარაძე – რომ ჩვენ  სამართლებრივ ნიადაგზე ხალხში ვერასდროს ვერ მოვუგებთ მენშევიკებს და ჩვენი ერთადერთი გზა იყო არაკანონიერი მუშაობა, დივერსია, აჯანყება. ახლა ჩვენ ამ შეთანხმებითა და კანონიერად ცნობით უკანონო მუშაობისთვის საფუძველი გამოგვეცალაო. მაშასადამე,  გადაგვიყვანეს იმ ნიადაგზე, სადაც არ ვართ ძლიერები. მახარაძე ამბობს, რომ ისევ უკანონო საქმიანობას უნდა დავუბრუნდეთო. ჰოდა, ახლა მახარაძე რომ ამას ამბობს, იქ იმის ლაპარაკი, რომ ბოლშევიკური პარტიის კანონიერად გამოცხადების გამო დაიპყრეს საქართველო, ანუ რას ეფუძნება? – საერთოდ არაფერს.

ელენე: სანამ დასავლელ პოლიტიკურ მხარდამჭერებზე გადავიდოდეთ,  ისიც ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს 7 მაისის ხელშეკრულებას დღეს და თუ არის ეს დოკუმენტი სამართლებრივი ან რაიმე კუთხით ჩვენთვის მომგებიანი, ხელსაყრელი?

ბექა კობახიძე: ჯერ ეს ერთი, საქართველომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით დამოუკიდებლობა აღიდგინა. კი არ გამოაცხადა, არამედ აღიდგინა. საარჩევნო ფურცელში ეწერა, რომ აღდგენას ვუჭერთ მხარს და არა გამოცხადებასო. სამართლებრივად ეს დამოუკიდებლობის აღდგენაა. 

            მერეც, ჩვენ ვხედავთ, რუსეთი დღევანდელი სახელმწიფო მეზობლების წინააღმდეგ როგორ იყენებს ამ ისტორიულ გადახვევებს – რომ ესა და ეს მიწა გვეკუთვნის იმიტომ, რომ ეს არასწორად იყო იმას მიერთებული, ამას მორგებული, აქ სამართლებრივი ნორმები არ იყო დაცული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა სადაც ვარ (უკრაინაში იმყოფება), ამ მიწაზეც ეს მოთხოვნები აქვს. საქართველოსთან მიმართებით ამას ვერ ამბობენ იმიტომ, რომ 20 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით აფხაზეთიც და ცხინვალიც საბჭოთა რუსეთმა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტით აღიარა საქართველოს ნაწილებად.

            აღნიშნული მნიშვნელოვანია არა განზოგადებულად და განყენებულად ისტორიისთვის, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობით – პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივი ნაწილებია. სხვა საკითხია, ახლა რამდენად იყენებს ამას საქართველოს სახელმწიფო ან საერთოდ რას იყენებს საქართველოს სახელმწიფო, თუმცა ჩვენ რომ ვხედავთ რუსეთის დასაბუთებებს, მათთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ჯერაც მნიშვნელოვანია.

ანი: შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს შესაძლო მხარდამჭერზე – დასავლეთზე. არსებობს  მოსაზრება, რომ სწორედ 7 მაისის ხელშეკრულებამ შეუწყო ხელი დასავლეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებას. რამდენად სწორია ეს დაშვება და შეძლებდა თუ არა საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებას ამ ხელშეკრულების გარეშე?

ბექა კობახიძე: დოკუმენტებში ეს არსად ჩანს. კი, ჯორჯაძე თავის მოგონებებში ამბობს, რომ აი, დასავლეთი თითქოს გვთხოვდა რუსეთის მხრიდან აღიარებას და მხოლოდ შემდეგ გაღიარებთო და ამიტომ ჩვენ გვსურდა აღიარების მოპოვებაო, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის, არ ჩანს ეს დასავლური დოკუმენტებიდან.

            საქმე ისაა, რომ 1917, 1918, 1919, 1920 წლებშიც კი საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური აღიარება არის ტაბუ დასავლეთში – ამაზე ვერავინ ვერ მიდის და ამის წინააღმდეგ გამოდის დასავლეთი.

არსებობს 1920 წლის ნოემბრის მიწურულის ოქმი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომისა, სადაც დაისვა ეს კითხვა – თუ, ვთქვათ, ეს რესპუბლიკები მიაღწევენ გარკვეულ შეთანხმებას ბოლშევიკებთან (არაა საუბარი მხოლოდ საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებიც იგულისხმება) და დაამყარებენ მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას, რა უნდა ვქნათ ჩვენ?

            დასკვნა იყო შემდეგი, რომ ჩვენ ეს არ გვინდა იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ჩვენ და, შესაბამისად, არ გვინდა, რომ სხვამ აღიაროს, მაგრამ თუ ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ აღიარონ, შესაბამისად, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ისინი უნდა დავიცვათ რუსეთისგან. რადგანაც ჩვენ მათ რუსეთისგან ვერ დავიცავთ, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობასაც ვერ გავუწევთ, თუ აღიარება მიიღო.

            1921 წელს უკვე, ‘De Jure’-დ აღიარებისას, ეს საერთოდ არ ყოფილა განხილვის თემა, სიტყვიერადაც არ თქმულა. შეიძლება ვიღაც თავისთვის გულში ფიქრობდა, რომ რუსეთმა გვაღიარა  და ბარემ ჩვენც ვაღიაროთო, მაგრამ ეს არსად არ თქმულა.

            1921 წლის 27 იანვრის აღიარება იყო სინამდვილეში იმის შედეგი, რომ იტალიელებს ყოველთვის უნდოდათ საქართველოს აღიარება იმიტომ, რომ აქ კაპიტალური დაბანდებები ჰქონდათ, ამ დროს საქართველოს თვითონ ვერ იცავდნენ. სურდათ, რომ დასავლეთს ეღიარებინა ან დიდ სახელმწიფოებს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, აეღოთ პასუხისმგებლობა დაცვაზე და ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ თვითონ – ინვესტიციების ჩადებითა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით.

            მეორე მხრივ, საფრანგეთში 15 იანვარს ხელისუფლებაში მოვიდა არისტიდ ბრიანი და მას 2 სახის მოსაზრება ჰქონდა. მთავარი აქ იყო ის, რომ ბრიანი უფრთხოდა საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის გაერთიანებას, რაც ფაქტობრივად უკვე მომხდარი იყო.  ბრიანი გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ საქართველოს დაცვას შეიძლება ბუფერის როლი ეთამაშა თურქეთსა და რუსეთს შორის. რადგან თვითონ საფრანგეთს ოსმალეთის ყოფილი იმპერიის მიწები ჰქონდა აღებული, სირია, მაგალითად, და ამ მხრივ თურქეთის გაძლიერება არ აწყობდა.

            ეს იყო ერთი მიზეზი. მეორე იყო ის, რომ იგი მემარცხენე პოლიტიკოსი იყო და ქართველ სოციალ-დემოკრატებთანაც გარკვეული იდეოლოგიური თანხვედრები ჰქონდა. ამიტომ ერთ-ერთ პირველი წამოწყება საქართველოს იურიდიული აღიარება იყო. მან  იტალიელებს ამ მისწრაფების გამოთქმა სთხოვა. შემდეგ ბრიტანელები, რომლებსაც ის-ის იყო ხელი უნდა მოეწერათ სავაჭრო შეთანხმებაზე რუსეთთან, უბრალოდ წინააღმდეგ არ წავიდნენ, იმიტომ რომ მარტო დარჩნენ. ბრიტანეთისთვის ეს რაღაც “ერთიანი კონცერტის” ნაწილი უნდა ყოფილიყო. თან ეს იყო ერთიანი შეკვრის ნაწილი: საქართველო მარტო არ უღიარებიათ – მასთან ერთად აღიარეს ესტონეთი, ლატვია და საქართველო აღიარეს ერთად (ლიტვა, სხვათა შორის,  საქართველოზე გვიან).

ელენე: ჩემი, როგორც სტუდენტის, გადმოსახედიდან ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ დასავლეთმა გვაღიარა სუვერენულ სახელმწიფოდ. ანუ დაამტკიცა, რომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება თავისუფლებაზე. ასევე, რამდენიმე სახელმწიფომ ოცდაერთი წლის ოკუპაციის შემდეგაც აღიარა ჩვენი სუვერენულობა ‘DE JURE’-დ. მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთმა მოახერხა ჩვენს მიწაზე შემოჭრა და ჩვენი „გაწითლება“, გამოდის, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ ამას არავითარი პასუხი დასავლეთის მხრიდან არ მოჰყოლია, რაც ძალიან უცნაურია. დღევანდელი პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ამ საკითხისადმი ინტერესი მეტად ღვივდება.  ჩემი კითხვაც სწორად ამას შეეხება: რატომ მოხდა ისე, რომ დასავლეთმა ვერ დაგვიცვა ან არ დაგვიცვა რუსეთის მიერ დაპყრობისგან?

ბექა კობახიძე: დასავლეთმა დაუშვა ბევრი შეცდომა, რომლებსაც დღესაც იმეორებს. ამას საქართველოში ვერასდროს ვერ ხვდებიან. რას ვგულისხმობ?! აი, 1920 წლის 10 იანვარს მოხდა De Facto აღიარება. დაგვპირდნენ, რომ ამ აღიარების გასამაგრებლად საქართველოსა და აზერბაიჯანს გადასცემდნენ იარაღს (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი De Facto-დ აღიარეს 20 წლის იანვარში). შემდეგ სკეპტიკოსებმა ეს მიცემული დაპირება ჩააგდეს, იარაღი არ გადასცეს და აი, დასავლეთის სიტყვიერმა დაპირებამ დააჩქარა რუსეთის შეტევა და აზერბაიჯანის ოკუპაცია.  საქართველოს ოკუპაცია 1920 წელს ვერ მოხერხდა, მაგრამ 1921 წლის 27 იანვარს, საქართველოს ‘De Jure‘-დ აღიარების შემდეგ, ეს მაინც მოხდა. ამ დროს აზერბაიჯანი და სომხეთი ოკუპირებულია, საქართველო მარტო არის და ერთადერთი კავკასიური ქვეყანაა, რომელმაც ‘De Jure’ აღიარება მიიღო დასავლეთში. 27 იანვარს მოვიპოვებთ ‘De Jure’ აღიარებას და მაშინვე საბჭოთა რუსეთის კომპარტიის პოლიტბიურო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს დაუყოვნებლივი ოკუპაციის შესახებ.  სანამ დასავლეთი აზრზე მოვა, ამ აღიარებულ ქვეყანას დახმარებას მიაწვდის, სანამ ეს ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაებმება, ახალ დანიშნულებას შეიძენს და მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის, სანამ ეკონომიკურად საქართველო გაძლიერდება… არა,  იქვე უნდა მოუღო ბოლო იმიტომ, რომ მერე ძვირი დაგიჯდება. იგივე მოხდა 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტზე დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. მაგრამ ნატოსგან ნოემბერში თუ დეკემბერში გასამართი მინისტერიალი იმსჯელებს „მაპის“, ანუ სამოქმედო გეგმის, მინიჭებაზე. მაგრამ არავითარი თავდებობა. ესე იგი, ფაქტობრივად, რუსეთს უთხრეს, რომ აგერ, ძმაო, გაქვთ ფანჯარა. აპრილში იყო ბუქარესტის სამიტი, აპრილიდან ნოემბრამდე გაქვს ფანჯარა, რომ ადგილზე ვითარება შეცვალო და სამართლებრივი ტერმინია,  ფაქტის წინაშე დააყენო, ანუ მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენო მსოფლიო, რაც გააკეთეს კიდეც. ეს რატომ ხდება? ეს მოხდა 20 წელს, 21 წელს, 2008 წელს და რამდენჯერ შეიძლება მოხდეს? საქართველოს, ანუ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, იდეოლოგიური ჩარჩოებიდან თუ ვილაპარაკებთ, აქვს უფლება დამოუკიდებელი სუვერენული არსებობისა, სუვერენული არჩევანის გაკეთებისა ა.შ. და ამ უფლებაზე დაყრდნობით ითხოვს, ვთქვათ, ნატოში გაწევრიანებას, ერთა ლიგაში მიღებას, საერთაშორისო აღიარებას და სხვა. ამის უარყოფა არის ძალიან ძნელი და როცა საქართველო ძალიან ბევრს ხმაურობს, ამ დროს დასავლეთი რას აკეთებს? დასავლეთს არ უნდა საქართველოს გამო იომოს, არ აქვს ამის ძალა, სურვილი, რესურსებიც, შეიძლება ითქვას, რიგ შემთხვევებში. მაგრამ მორალური ვალი აწევს, რომ ამ ქვეყნისთვის რამე გააკეთოს. ჯარი ვერა და აგერ, აღიარება მოგეცი, ჯარი ვერა და აგერ, კომუნიკეში ჩანაწერი მოგეცი, ჯარი ვერა და აგერ აღვშფოთდი, რუსეთთან ურთიერთობისას რაღაც დავგმე. ეს მხოლოდ სიტყვიერი ვალდებულებები  დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის არის გაფრთხილება, რომ სანამ ეს სიტყვები საქმეში გადავიდა, მანამდე უნდა მოვასწროთ. აი, ამისგან 180 გრადუსით განსხვავებული იყო ის, რაც გააკეთა გერმანიამ, მაგალითად, 1918 წელს. გერმანია იყო ყველაზე სწორი, ეგეთი სწორი საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით არავის არ ჰქონია, და რატომ? მართალია, საკუთარი მისწრაფებებიდან გამომდინარე, გერმანიამ, პირდაპირ ვთქვათ, სისულელე გააკეთა იმიტომ, რომ როცა რუსეთთან დადო ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება და აღმოსავლეთით გაუთავისუფლა ჯარები, მას ეს ჯარები უნდა გადაესროლა დასავლეთით, მაგრამ თვითონ საქართველოსთან მიმართებით ეს იყო ძალიან სწორი და რატომ –  როცა 26 მაისს გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა, კი არ მივიდა და კი არ აღიარა მაშინვე – პირველ რიგში, დამოუკიდებლობა გამოცხადებულ სახელმწიფოსა და ამ დამოუკიდებლობის მტერს შორის შექმნა გერმანიის იურიდიული გარანტია 4 ივნისს. 4 ივნისს გერმანიის ფედერაციის ხელშეწყობით, მართალია ტერიტორიული დათმობების ხარჯზე, მაგრამ ოსმალეთის იმპერიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ანუ იურიდიულად ამ დამოუკიდებლობას ჩაეხსნა შემდეგ, 27 აგვისტოს, დამატებითი ხელშეკრულება რუსეთსა და გერმანიას შორის, სადაც ჩაიწერა, რომ საბჭოთა რუსეთი არ არის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი – ეს ხომ ირიბი აღიარებაა საბჭოთა რუსეთის მიმართ და ეს იყო საბჭოთა რუსეთთან პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ამ სახელმწიფოსია გერმანია – უკვე ამ დამოუკიდებლობის მეორე მთავარი მტერი ჩახსნეს. შუალედში, 1920 წლის ივნისიდან, დაახლოებით 20 000 გერმანელი ჯარისკაცი ჩამოვიდა ამ დამოუკიდებლობის დასაცავად. მაშასადამე, იურიდიული გარანტია, რომელსაც ზედ დააშენეს ფაქტობრივი ძალა და ამის შემდეგ დაიწყო 18 წლის შემოდგომიდან აღიარებაზე და პროტექტორატის ხელშეკრულებაზე მუშაობა. უბრალოდ, შემდეგ გერმანია მსოფლიო ომში დამარცხდა და ამ ყველაფერმა, რომ იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია. მაგრამ ეს იყო სწორი გზა, ანუ ასე შექმნილი დამოუკიდებლობა იყო სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი, ჯერ საქმე და შემდეგ მორალური კომუნიკე ხელშეკრულება და ა.შ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს პოლიტიკურ „ელიტას“, პატარა რომ ვართ ამ კომპლექსიდან თუ არ ვიცი, საიდან გამომდინარე გვიხარია, რომ ამ კომუნიკეში გვახსენეს, გვიხარია, რომ ხმამაღლა დაელაპარაკა ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ და ისიც გვიხარია, რომ  საქართველოს საკითხი განიხილეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ხელშესახებზე, რაც საქართველოს დაიცავს და არა ქაღალდზე, რომელსაც საფრთხის მეტი არაფერი არ მოაქვს.



მდევარი