უკრაინის “ღირსების რევოლუცია”

ნახევრად დამწვარი უკრაინის დროშა ცეცხლის ფონზე კიევის პროტესტისას

გააზიარე:


ავტორი: ნინი ლომიძე

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში მაიდანზე მდგომი უკრაინის მოქალაქეების მიზნებიც დიდი იყო, – ითხოვდნენ პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ევრომაიდნის პროტესტმა, შეიძლება ითქვას, რომ გადაასხვაფერა უკრაინის საგარეო პოლიტიკა, რასაც პირდაპირ უკავშირდება 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენცია.

თავდაპირველად, 2013 წლის ნოემბერში, პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირში გაერთიანების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯის გამო დაიწყო მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები უკრაინის დამოუკიდებლობის მოედანზე – მაიდანზე.  პროტესტის მასშტაბი და მნიშვნელობა დიდწილად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევრომაიდანს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა და გახდა უკრაინის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის საერთო გამოხატვის ადგილი. აღსანიშნავია, რომ იყო პროტესტანტების გატაცების, სამსახურებიდან გათავისუფლებისა და უკანონო დაპატიმრების საფრთხე, თუმცა ევრომაიდანმა თვეების განმავლობაში შეინარჩუნა საპროტესტო მუხტი. 2014 წლის იანვარში უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა რეპრესიული კანონების წყება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა სამოქალაქო თავისუფლებებსა და უფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. 2014 წლის 22 იანვარს კიევის ქუჩებში სამოქალაქო შეტაკებებს პირველად ემსხვერპლა პროტესტანტების სიცოცხლე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დაპირისპირება. საბოლოოდ, აღნიშნულ შეტაკებებში გარდაიცვალა დაახლოებით 100 ადამიანი. 22 თებერვალს პრეზიდენტი იანუკოვიჩი გაიქცა ქვეყნიდან, პარლამენტმა იგი გადააყენა და დაინიშნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. მაისში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა პეტრო პოროშენკომ და რამდენიმე თვეში ქვეყნის სათავეში მოვიდა რეფორმატორული მთავრობა.

აღნიშნული სამოქალაქო პროტესტის შეფასებებში იკვეთება, რომ ღირსების რევოლუცია იყო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობების მოთხოვნა. ევრომაიდანი გმობდა უსამართლობას, ადგილობრივ კორუფციას, ნეპოტიზმსა და, ზოგადად, საბჭოთა სტილის პოლიტიკას. 2014 წელს უკრაინაში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს პროევროპული კურსის მოთხოვნით მოჰყვა რუსეთიდან მართული სეპარატისტული მოძრაობების დაწყება ლუგანსკისა და დონბასის ოლქებში, რაც საბოლოოდ სამხედრო დაპირისპირებითა და ყირიმის ანექსიით დასრულდა. ამ ორი მოვლენის ურთიერთმიმართება პოლიტიკის მეცნიერებისთვის საინტერესო საკვლევი საკითხია. იგი უკავშირდება უკრაინაში სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინაპირობებს და, ამავდროულად, რუსეთის გეოპოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც უკრაინას, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს და მუდმივად ცდილობს, დატოვოს იგი მის ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“.[1] უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის, მისი დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის შესაჩერებლად რუსეთი იყენებს როგორც კონვენციურ (2022 წლის ინტერვენცია), ისე არაკონვენციურ (სეპარატისტული მოძრაობები ლუგანსკსა და დონბასში) სამხედრო ოპერაციებს.

ღირსების რევოლუციის მასობრივ გამოსვლებს კიევის ქუჩებში მალევე მოჰყვა ანტიმაიდნის მოძრაობა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ პრორუსულ იდეებს გამოხატავდა. ანტიმაიდნის მოძრაობის პირველი გამოსვლები მიმდინარეობდა მაიდნის მოედნიდან 200 მეტრში, რაც ზრდიდა ძალადობრივი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. ანტიმაიდნის გამოსვლებზე იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა, მიკოლა აზაროვმა, განაცხადა, რომ „უკრაინას არ სჭირდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, თუ ეს უნდა ნიშნავდეს გეი ქორწინების დაკანონებას“.[2] ანტიმაიდნის მოძრაობა, ერთი შეხედვით, იყო ევრომაიდნის საწინააღმდეგო პროტესტი, თუმცა აღნიშნულ მოძრაობას, სავარაუდოდ, რუსული და პრორუსული ძალები მართავდნენ, – პროტესტანტების დიდი ნაწილი ავტობუსებით ჩამოიყვანეს რეგიონებიდან, რეგიონების პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი ანტიმაიდნის განმავლობაში მოუწოდებდა ხალხს, რომ ეყვირათ: „პუტინი! პუტინი!“.

უკრაინის პოლიტიკური ძვრებისა და პროტესტების „ანატომიაში“ განსაკუთრებით საგულისხმოა ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი დაყოფა, რაც მრავალი წლის განმავლობაში რეგიონალიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივებას აძლევდა ხელს. უკრაინაში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის რუსულენოვანი; ენა კი თვითიდენტობის, საზოგადოების დაყოფის ნიშნად იქცა. ამასთან, მნიშვნელოვანია რელიგიის როლიც, რადგან უკრაინაში ერთდროულად ფუნქციონირებს რუსულ და ბერძნულ ეკლესიებთან დაკავშირებული ორი მართლმადიდებლური ეკლესია. ამ ძირეულმა საზოგადოებრივმა ფაქტორებმა გარკვეულწილად განსაზღვრა უკრაინის პოლიტიკური სისტემა და იქცა მემკვიდრედ რეგიონალიზმისა და ნაციონალიზმის მისწრაფებებისა.[3] აღნიშნული მიზეზები აღმოჩნდა იარაღი რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკისთვის, ბიძგი მიეცა სეპარატისტული მოძრაობებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, რაც 2014 წელს ყირიმის ომითა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების გამოცხადებით განვითარდა.

ღირსების რევოლუციის საპროტესტო ტალღის ძირითად და ყველაზე ცხად გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა არსებული პოლიტიკური რეჟიმითა და იანუკოვიჩის გუნდით დიდი უკმაყოფილება. კორუფციისა და შერჩევითი სამართლის პრობლემების მიღმა, მოსახლეობის მასობრივ პროტესტს იწვევდა პრეზიდენტის ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჰგავდა პოკერის თამაშს ერთდროულად რუსეთსა და ევროპასთან.[4] აღნიშნულ წლებში, ევრომაიდნის მოვლენებამდე, უკრაინის პოლიტიკური სისტემა ნაკლებად იცვლებოდა; მკვლევრები საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებს ნიჰილისტურადაც კი აფასებდნენ. ღირსების რევოლუციის რამდენიმეთვიანი არამშვიდობიანი პროტესტი იყო ნიშანი იმისა, რომ უკრაინის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფორმალურად დემოკრატიულ კონვენციურ პოლიტიკურ მექანიზმებს კორუმპირებულად და უუნაროდ მიიჩნევდა და საჭირო იყო პოლიტიკური „თამაშის წესების“ ძირფესვიანი ცვლილება.[5] ამას გარდა, საინტერესოა, რომ იანუკოვიჩისთვის საარჩევნო ხმების მხრივ დასაყრდენი სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების რუსულენოვანი მოსახლეობა იყო.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ღირსების რევოლუცია, მიიჩნევა საზოგადოების უკიდურესი უნდობლობა საკუთარი მთავრობის მიმართ. 2013 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, უკრაინის პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობა 10 ბალიან სკალაზე ფასდებოდა 1.99 ქულით, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო ევროპაში. ასევე, უკრაინა ბოლო ადგილზე იყო ევროპაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ხარისხითაც. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს იმ პოლიტიკურ ქვეტექსტს, რომელმაც გარკვეულწილად საფუძველი ჩაუყარა ღირსების რევოლუციას[6].

უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსის გარდა, საზოგადოება აპროტესტებდა კორუფციაში ჩაფლულ სუსტ ეკონომიკას. ევროკავშირთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა კი მოსახლეობას აიმედებდა, რომ უკრაინის ეკონომიკა შეძლებდა განვითარებასა და ევროპის კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ეს საკითხი უშუალოდ ეხებოდა უკრაინის მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფასა და პრობლემებს. ამას გარდა, საინტერესოა, რომ ღირსების რევოლუციის დროს გამოიკვეთა ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო პროტესტის განვითარებაში: საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაერთო ახალგაზრდების ის თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ უკრაინაში და მზად იყო რევოლუციურ ქმედებებში მონაწილეობისთვის, აშკარა საფრთხეების მიუხედავად.[7] სტუდენტების აქტიური ჩართულობის კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ დიდ უკმაყოფილებას განათლების პოლიტიკით, დასაქმების ბაზრის სიმწირითა და კორუმპირებულობით. 2013 წლის სტატისტიკით, უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი განსაკუთრებულად მაღალი იყო 14-35 წლის მოსახლეობაში, რაც უმუშევართა 42%-ს შეადგენდა.[8] საინტერესოა, რომ ევრომაიდანი პროტესტის მონაწილეებისთვის იქცა ქმედითი მოქალაქეობის კოლექტიურ გამოცდილებად, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.

საზოგადოდ, ღირსების რევოლუციის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა უკრაინის პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კლასის კრახი, შეექმნათ ახალი უკრაინა და უკრაინის სახელმწიფოებრიობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ უკრაინის პოლიტიკური რეალობა იყო ძველი (საბჭოთა) და ახალი (ოლიგარქიული) პოლიტიკური რეჟიმების ერთგვარი ნაჯვარი, რაც პოლიტიკურ კრიზისში გამოვლინდა.[9]

ღირსების რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ასევე ის, რომ მაიდანზე გამართულ საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო საზოგადოების თითქმის ყველა ასაკობრივი, სოციალური, ეკონომიკური ჯგუფი. შეიძლება ითქვას, რომ ევრომაიდანზე ადამიანებს ჰქონდათ განსხვავებული პრობლემები და გამოწვევები, რომლებმაც ისინი იქ მიიყვანა, თუმცა პროტესტის მიზანს – უკრაინის ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემის ცვლილებასა და ევროპასთან დაახლოებას – იზიარებდა ყველა მათგანი. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი, რის გამოც ღირსების რევოლუციას ისტორიკოსები და პოლიტიკის მეცნიერები თამამად აფასებენ, როგორც პროტესტს ქვეყნის ძირეული ღირებულებებისა და ერის ჩამოყალიბებისთვის.

2013-2019 წლებში მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეცვალა ღირსების რევოლუციამ უკრაინული თვითიდენტობა და კოლექტიური მეხსიერება.  ჯერ კიდევ 1996 წელს როჯერს ბრუბეიქერმა ივარაუდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ უკრაინელობა, როგორც იდენტობა, იყო უფრო მეტად სამოქალაქო, ვიდრე ეთნიკური ნიშანი.[10] თუმცა 2000-იანი წლებიდან სოციალური კვლევები უკრაინაში აჩვენებდა რეგიონული იდენტობის მიერ ეროვნული იდენტობის აშკარა „დაჯაბნას“. ევრომაიდანმა, შესაძლოა, ხელახლა წარმოშვა მოქალაქეობის ძლიერი განცდა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებაში. დომინიკ არელი აღნიშნავს, რომ ყირიმის ომის შემდგომ გაიზარდა ისეთი სკოლების რაოდენობა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინულ ენას ენიჭება. გარკვეულწილად უკრაინის სხვა რეგიონებში, დონბასისა და ლუგანსკის გარდა, დაიწყო „უკრაინული იდენტობის გახსენება“, ავტორის თქმით, „უკრაინა გახდა უფრო უკრაინული“.[11]

უკრაინის კოლექტიურ მეხსიერებაზე ღირსების რევოლუციის დიდი გავლენის ნიშანია 2015 წელს, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობისას, მიღებული „დეკომუნიზაციის კანონები“, რომელთაც სხვაგვარად „მეხსიერების კანონებსაც“ უწოდებენ. აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ და მოიცავდა აკრძალვებს ნაცისტური და კომუნისტური სიმბოლოებისა და პროპაგანდის შესაჩერებლად. ღირსების რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ასევე შეიქმნა ორი სახელმწიფო ორგანო – ანტიკორუფციის ბიურო და ლუსტრაციის კომიტეტი. აღნიშნული კანონპროექტისა და რეფორმების საერთაშორისო შეფასებები მეტ-ნაკლებად სადავოა, თუმცა კანონპროექტის გაცხადებული მიზანი – შეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის კომუნისტურ წარსულს და თავიდან შეექმნათ საკუთარი ერი და კოლექტიური მეხსიერება, კარგად წარმოაჩენს ღირსების რევოლუციის მემკვიდრეობას.

ღირსების რევოლუცია თანამედროვე უკრაინისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა. ეს გარკვეულწილად დაადასტურა 2014 წელს ყირიმის ომმა და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. ევრომაიდნის გამღვივებელ ნაპერწკლად მიიჩნევა რეჟიმის უცნაური უარი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საპროტესტო ტალღის გამომწვევი მიზეზები გაცილებით უფრო რთული და ფუნდამენტურია. ღირსების რევოლუციამ ცხადყო ის პრობლემები და პოლიტიკური განვითარება, რომლებიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს ახასიათებს XXI საუკუნეში. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა მიმდინარე ომშიც იბრძვის დასავლეთისა და დემოკრატიისკენ გეოპოლიტიკური კურსის გამოსაკვეთად, რაც ღირსების რევოლუციის მთავარი მიზანი იყო.

ბიბლიოგრაფია

  1. Arel, Dominique. “How Ukraine Has Become More Ukrainian”. Post-Soviet Affairs 34, no 3 (March 2018): 186-189.
  2. Brubaker, Rogers. Nationalism Reframed: Nationhood and Nation Question in New Europe. Cambridge University Press, 2009.
  3. Polyakova, Alina. Five Years After the Revolution of Dignity: Ukraine’s progress and Russia’s malign activities. Brookings, 2019.
  4. Shveda, Yuriy. “Ukraine’s revolution of dignity: The dynamics of Euromaidan”. Journal of Eurasian Studies 7 (October 2015): 86.
  5. Stepanenko, Viktor. “Ukraine After the Euromaidan”. Interdisciplinary Studies of Central and Eastern Europe 13 (2015):62

[1] Alina Polyakova, Five Years After the Revolution of Dignity: Ukraine’s progress and Russia’s malign activities (Brookings, 2019).

[2] Viktor Stepanenko, “Ukraine After the Euromaidan”, Interdisciplinary Studies on Central and Eastern Europe Vol 13, (2015): 62

[3] Yuriy Shveda, Joung Ho Park, “Ukraine’s revolution of dignity: The dynamics of Euromaidan”, Journal of Eurasian Studies 7, (October 2015), 89.

[4] Stepanenko, “Ukraine After the Euromaidan”, 14.

[5] Stepanenko, “Ukraine After the Euromaidan”, 29.

[6] Ukraїna pasc zadnі% za rіvncm dovіri do organіv vladi // Ukraїns6ka pravda.-2 listopada 2013.

[7] Stepanenko, “Ukraine After the Euromaidan”, 35.

[8] Yuriy Shveda, Joung Ho Park, “Ukraine’s revolution of dignity: The dynamics of Euromaidan”, Journal of Eurasian Studies 7, (October 2015): 86.

[9] Yuriy Shveda, Joung Ho Park, “Ukraine’s revolution of dignity: The dynamics of Euromaidan”, Journal of Eurasian Studies 7, (October 2015): 86.

[10] Rogers Brubaker, Nationalism Reframed: Nationhood and the Nation Question in the New Europe (Cambridge University Press: 2009), 47.

[11] Dominique Arel, “How Ukraine Has Become More Ukrainian”, 188.

გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.