რუსული პროპაგანდა დასავლეთში

გააზიარე:


ავტორი: ლამუნა მიქაბერიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა, პროპაგანდის იდეური ჩარჩო

რუსულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდასავლურ განწყობას თავისი ისტორია აქვს, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო იდეოლოგემის სახე. იდეოლოგემა, თავის მხრივ, მოიაზრებს იდეათა წყებას, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ნიშნებისა და სიმბოლიკების სახით გამოიხატება. რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა ერთგვარად ჩამოყალიბებულია დასავლეთის, როგორც მტრის, ხოლო რუსეთის, როგორც მხსნელისა და მესიის ხატებაზე, პროპაგანდა კი დიდწილად წარიმართება რუსოფობიისა და კატეხონის იდეებზე დაყრდნობით.

კატეხონი

მარია ენგსტრომი ნაშრომში „Contemporary Russian Messianism and New Russian Foreign Policy“ საუბრობს იმაზე, თუ როგორ განაგრძობს რუსეთის საგარეო პოლიტიკა,  პუტინის ადმინისტრაციის რიტორიკა „რუსული ტრადიციული ღირებულებების“ შესახებ, 2013 წლის საკანონმდებლო ინიციატივები თუ NGO-ს ქმედებები კატეხონის (ბერძ. ὁ κατέχων) კულტურულ და პოლიტიკურ იდეოლოგემას, რუსულ ტრადიციაში დამკვიდრებული მესამე რომის იდეას. ეს ესქატოლოგიური დოქტრინა ეფუძნება 4 სამეფოს იდეას დანიელის წიგნიდან, რომლის არსიც ისაა, რომ რომი წარმოადგენს უკანასკნელ სამეფოს, რომელიც იცავს მსოფლიოს ანტიქრისტესაგან. შეხედულება მოსკოვის, როგორც მესამე რომის, შესახებ მტკიცდება მე-16 საუკუნეში მოსკოვის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების პარალელურად. ივანე მრისხანეს მმართველობისას კი ხდება მოსკოვის (კატეხონის) მტრებს შორის გამიჯვნა _ გამოიყოფა გარეგანი და შინაგანი მტრები. შესაბამისად, რუს, როგორც რჩეულ ერს, ეკისრება ღვთაებრივი, წმინდა მოვალეობა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო საკუთარ თავს ხედავს როგორც სამხედრო ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიქრისტეს მიერ გამოგზავნილ მეტაფიზიკურ მტერს. ეს მეტაფიზიკური მტერი კი სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ფორმით ვლინდებოდა: თათრები, თურქები, მასონები, ნაპოლეონი, ჰიტლერი… და ამჟამად დასავლეთი. მსოფლიოში რუსეთის მისიის კატეხონური არსის ლაკონიურად გამოსახატავად ტექსტში დამოწმებულია იგორ ხოლმოგოროვის სიტყვები: „რუსები ყოველთვის „იცავენ“, მაშინაც კი, როდესაც ჩანს, რომ თავს ესხმიან“.[1] მიმაჩნია, რომ ასეთი შეხედულება დღემდე დიდ როლს ასრულებს რუსული საგარეო პოლიტიკის გამართლების საკითხში და ამავდროულად ახალისებს ბრალდებებს დასავლეთის მიმართ. შიდა და გარე მტრების ძიების იდეა კი, ვფიქრობ, გარკვეულწილად განაპირობებს მტრული განწყობების გაღვივებას, შეთქმულების თეორიების აქტიურად შემუშავებასა და პოპულარიზებას. ამგვარი თეოლოგიური იდეური ჩარჩოს თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მარწმუნებს ის ფაქტიც, რომ რუსმა მემარჯვენე ინტელექტუალებმა დაიწყეს რუსეთის საბჭოთა ისტორიის, განსაკუთრებით კი სტალინური პერიოდის, ინტერპრეტირება, როგორც მხოლოდ კატეხონურისა. რეიდეოლოგიზაციისა და ტრადიციული ღირებულებებისკენ შემობრუნების პროცესში ვლადიმერ პუტინი სწორედ სტალინის კულტს აცოცხლებს. ამგვარად, საბჭოთა იდეა მშრომელთა კლასის კაპიტალიზმისგან დაცვის შესახებ, შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, კაცობრიობის დაცვა ნაციზმის აბსოლუტური ბოროტებისგან დღეს ნეოკონსერვატორების მიერ განიმარტება, როგორც სეკულარული სახელმწიფოს მესიანიზმისა და მართლმადიდებლური უნივერსალიზმის მაგალითები.

ენგსტრომი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორედ 2013 წელს განხორციელებულ ცვლილებებს. ამ პერიოდიდან რუსეთის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა აქტიურად მიემართება ადამიანის უფლებების რუსული გაგების პროპაგანდას, რაშიც უდიდესი ადგილი მართლმადიდებლურ ტრადიციას უკავია. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა მომართულია იდეით, რომ მართლმადიდებლობა რუსეთის ფედერაციის კულტურისა და ეროვნული იდენტობის საყრდენია.  საინტერესოა ის, რომ აღნიშნულით რუსული პროპაგანდა ცდილობს, არათუ უარყოს საკუთარი ევროპული იდენტობა, არამედ, პირიქით, დაამტკიცოს, რომ სწორედ რუსეთია ნამდვილი ევროპული ქრისტიანული იდენტობის მატარებელი. ვიზიარებ ავტორის შეხედულებას, რომ ეს პოლიტიკურ-თეოლოგიური ჩარჩო პირდაპირაა დაკავშირებული თანამედროვე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან, ვინაიდან იგი გამოიყენება მილიტარიზაციისა და ანტიდასავლური განწყობების ახალი ტალღის იდეოლოგიურ ნიადაგად.[2]

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია

როგორც უკვე აღინიშნა, 2012 წლის რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია იწყებს მუშაობას ახალი გეოპოლიტიკური ხედვის შემუშავებისათვის, რაც გვირგვინდება 2013 წლის 12 თებერვალს „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცებით. იგი ადგენს რუსეთის საგარეო მოქმედების საფუძველს. დოკუმენტში გაცხადებულ სახელმწიფო საგარეო მიზნებს შორის სახელდება: „შეიქმნას ინსტრუმენტები, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთის აღქმაზე მსოფლიოში“, „გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის პოზიცია, როგორც გავლენის ცენტრისა დღევანდელ მსოფლიოში“, „განავითაროს საკუთარი ეფექტური საშუალებები ინფორმაციული გავლენისათვის საზოგადოებრივ აზრზე უცხოეთში“ და „შეძლოს ბრძოლა მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ“.[3] აღნიშნული ნათლად ხატავს იმ იდეოლოგიურ ჩარჩოს, თუ როგორ ხედავს რუსეთი გარესამყაროსა და საკუთარ თავს მასში. ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ეხება რბილი ძალის ინსტრუმენტებს, როგორიცაა პოპულარიზაცია რუსული ენისა და კულტურის, რომლებიც ითვლება ქვეყნის არამატერიალურ აქტივად, მეორე მხრივ კი, დასავლეთის შესაძლებლობის შემცირებას საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის გაკონტროლების საკითხში. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ რუსეთი თავს ევროპულ სახელმწიფოდ თვლის, ამიტომ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ურთიერთობას დასავლეთთან, ვიდრე აღმოსავლეთთან. ევროკავშირი აღქმულია, როგორც კონტინენტის მთავარი მოთამაშე. ნატოს ნაცვლად ევროპის უსაფრთხოების საკითხში უპირატესობა ენიჭება ეუთოს (OSCE, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), რომელშიც მონაწილეობს ყველა ევროატლანტიკური და ევრაზიული სახელმწიფო. ევროკავშირთან ოთხი „საერთო სივრცის“ განვითარება (ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარე უსაფრთხოება, კვლევა და განათლება) იმ მოდელისკენ მიემართება, რომელშიც ეუთო სასარგებლოა უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, მაშინ როდესაც ნატოს როლი უარყოფითად არის აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარს ტოვებს თანამშრომლობისთვის კონკრეტულ საკითხებზე, კრემლმა კიდევ ერთხელ ცხადყო მისი წინააღმდეგობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით.[4]

ზემოთ თქმული მაძლევს საშუალებას დავასკვნა, რომ რუსეთის მიდგომაში დასავლური სახელმწიფოების მიმართ გამოიყოფა 2 პოლუსი _ დასავლეთის სახე, როგორც ევროპისა განყენებულად და დასავლეთი, როგორც ამერიკა-ევროპის ერთობა. სწორედ ამ თემას ეხება Joanna Szostek თავის სტატიაში, რომელშიც აღნიშნავს, რომ “დასავლეთს” (“запад”) დიდი მნიშვნელობა აქვს რუსულ პოლიტიკურ და მედია დისკურსში, მაგრამ ასევე აქვს „ევროპას“ (“Европа”) – ამ ორს შორის კი განსხვავების ხაზგასმაა საჭირო, ვინაიდან, მიუხედავად გადაფარვისა, „ევროპა“ და „დასავლეთი“ საკმაოდ განსხვავებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობებით აღსავსე ცნებებია. ბოლო წლებში დასავლეთი, პირველ რიგში, წარმოდგენილია საერთაშორისო საქმეთა კონტექსტში, როგორც სუბიექტი, საიდანაც გამორიცხულია რუსეთი და რომელშიც ბატონობს რუსეთის მეტოქე, ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპა კი, პირიქით, არის სუბიექტი, რომელთანაც რუსეთს ჯერ კიდევ კულტურულად დაკავშირებულად წარმოუდგენია თავისი ერი“.[5]

უდავოა, რომ ასეთი იდეური ჩარჩო დიდ როლს ასრულებს პოლიტიკური პროცესების წარმართვასა და რუსული პროპაგანდის თვისებრივი სახის ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მასვე ემყარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც.

რუსოფობია

ანტიდასავლური დამოკიდებულებები ჟღერდება აკადემიურ წრეებშიც დასავლეთში დამკვიდრებული რუსოფობიული შეხედულებებისადმი ბრალდებების სახით, რაც ერთ მთლიანობად კრავს რუსეთის იდეოლოგიურ გზავნილს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსოფობია აღნიშნავს მწვავე და ხშირად ირაციონალურ სიძულვილს რუსეთის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის, მისი პოლიტიკური სისტემისა თუ კულტურის მიმართ.[6] ტერმინი მე-19 საუკუნის სლავოფილელი პოეტის მიერაა შექმნილი, შემდეგ საბჭოთა პერიოდის დისიდენტური ნაციონალისტის მიერ გაცოცხლებული და პოპულარიზებული. საბოლოდ ის გადაიქცა კრემლის ამჟამინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის მძლავრ იარაღად – ძირითადად ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკის გასაბათილებლად. ის შეფარვით ასევე გამოიყენება რუსეთის განსაკუთრებულობის განცდის ხაზგასასმელად, რისი მიზანიცაა, მიგვანიშნოს იმაზე, რომ რუსეთს არა მხოლოდ აქვს გამორჩეული კულტურა, არამედ მას მუდმივ თავდასხმებთანაც უწევს გამკლავება.[7]

დისკურსი რუსოფობიის შესახებ კარგი მაგალითია იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ მოიცავს ანტიდასავლური გრძნობები აკადემიურ სივრცესაც კი. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია ანდრეი ციგანკოვის „Russophobia: Anti-Russian Lobby and American Foreign Policy“. წიგნი საინტერესოა იმით, რომ მასში მოცემული მსჯელობა წარმოებულია არა მესამე პირის მიერ, არამედ რუსული პოზიციიდან. ნიშანდობლივია ისიც, რომ ასეთი ტიპის აკადემიური ტექსტები თავადვე წარმოადგენს პროპაგანდის იარაღს. სწორედ ამიტომ, განსახილველი საკითხის უკეთ გააზრებისა და სიცხადისათვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გულდასმით მიმოვიხილო იგი, რაც საშუალებას მომცემს, პირველწყაროდანვე ვაჩვენო ის იდეები, რომლითაც წარიმართება რუსული პროპაგანდა დასავლეთში. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ნაშრომით მას სურდა დაედგინა, ატარებდა თუ არა პოლიტიკურ ხასიათს დასავლეთიდან, კონკრეტულად აშშ-იდან, მომდინარე სულ უფრო და უფრო მზარდი განსჯა რუსეთისა. გარდა იმისა, რომ ანდრეი ციგანკოვი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის „არადემოკრატიზაციის“ შესახებ, იგი ასევე საუბრობს შეერთებული შტატების სისუსტეებზე, მაგალითისთვის, მის მოუმზადებლობაზე ოცდამეერთე საუკუნის ცენტრალური გამოწვევებისათვის, რაც მოიცავს პოლიტიკური არასტაბილურობის, იარაღის გავრცელებისა და ენერგეტიკული დაუცველობის საკითხებს. რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებისას ამ უკანასკნელს ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთი მზად იყო NATO-სთან თანამშრომლობისა და  ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერისათვის, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში კი ყოფილიყო სანდო შემცვლელი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისა. წიგნის მიხედვით, რუსოფობიას საფუძვლად უდევს 3 მითი რუსეთის შესახებ:  1. მისი ანტიდასავლური და ექსპანსიონისტური ბუნება, 2. ავტოკრატიულობა და 3. მიზნობრივი ჩაგვრა სხვა ეროვნული ჯგუფებისა, განსაკუთრებით ახლო გეოპოლიტიკურ სივრცეში. რუსეთის მიმართ ძლიერი არაკეთილგანწყობა ახსნილია აშშ-ის იმპერიული და რუსოფობიული კომპლექსებით, რომელთაგან „განკურნებაც“, ავტორის აზრით, რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ტექსტის მიხედვით, დიდი როლი ეკისრება მხარეების თანასწორი თანამშრომლობის დანერგვას, რისი განხორციელების პროცესშიც უპირველესად მიჩნეულია:  1. რუსეთის აშშ-ისგან განსხვავებულობისადმი მიმღებლობა („შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს ძლიერი და თავდაჯერებული რუსეთი, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც საკუთარი მიზნების პასუხისმგებლიანი დამცველი მსოფლიოში“)[8],  2. ასევე გააზრება იმისა, რომ რუსეთის გათანადროულება სულაც არ გულისხმობს მის „ვესტერნიზაციას“, არამედ გლობალიზაციის პირობებში თვითმყოფელური, ინდივიდუალური სახისა და იდენტობის შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ რუსოფობიასთან დაკავშირებული მსჯელობა განსხვავებული კუთხითაა გამოვლენილი რუსეთის პოლიტიკაში. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკურ დისკურსში მისი განხილვისას აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ დროითი ნიშნულიც, რადგანაც რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა ბოლო ათწლეულში გარკვეული ცვლილება განიცადა. ტერმინი „რუსოფობია“ მხოლოდ გვიან წლებში გამოიყენება შესამჩნევად. მანამ კი პოლიტიკოსთა განცხადებებში ძირითადად საუბარი იყო მიკერძოებულობაზე, როგორც „ცივი ომიდან“ მოყოლებული „ჩაკეტილი  დამოკიდებულების ინერციაზე“. კრემლის მხრიდან ჩანს თავშეკავება ზიზღის აღმნიშვნელი ტერმინის გამოყენებისადმი. ეს თავშეკავებულობა კი, არც თუ ისე გასაკვირად, სუსტდება სწორედ უკვე ნახსენები 2012-2013 წლებიდან. პუტინის მიერ დასახული იდეოლოგიური შემობრუნების პოლიტიკა, წინ წამოწეული კონსერვატიული შეხედულებები  რუსეთისა და „რუსობისა“ გზას უხსნის მთელ რიგ ბრალდებების წყებას „რუსოფობიასთან“ დაკავშირებით.[9]

რუსოფობიის ფენომენი რომ მოკლედ დავახასიათო, ესაა რუსული პროპაგანდისტული მცდელობა რუსეთის სახის მსხვერპლის როლში გამოყვანისა და თავის მართლებისა დასავლეთიდან მომავალი კრიტიკის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი ხორციელდება საკმაოდ ვრცელი, დეტალიზებული, არგუმენტირებული და დასაბუთებული თეორიული სისტემებით, ჩამოყალიბებული დიდი დამაჯერებლობით, რაც იდეოლოგიური ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთი გზაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საბოლოოდ, რუსული პროპაგანდის იდეოლოგიური გზავნილი დასავლეთისადმი, ვფიქრობ, ზუსტადაა ნაჩვენები და მოკლედ შეჯამებული ვლადიმერ პუტინის მიერ 2006 წელს ფრანგული სატელევიზიო არხისადმი მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ის აღნიშნავს: „დასავლეთში ყველას არ ესმის, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გამქრალია და წარმოქნილია ახალი სახელმწიფო (…) მოძველებულია ზოგიერთის ხედვა მსოფლიოსადმი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სწრაფად იცვლება (…) ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილს იპოვის, რადგანაც ცხოვრება გვაჩვენებს, თუ როგორ ფუნდამენტურად შეიცვალა რუსეთი და მისი როლი თანამედროვე მსოფლიოში.“[10]  მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა ეს გარდაქმნა, ერთი რამ ცალსახაა _ ამ ცვლილების სააშკარაოზე გამოტანა ბედს საერთოდაც არაა მინდობილი. პირიქით, რუსეთის „განახლებული“ სახის წარმოსაჩენად მასშტაბურად გამოიყენება მთელი რიგი საშუალებები, რომელთა განხილვასაც დაეთმობა ნაშრომის შემდგომი მონაკვეთები.

პროპაგანდის წარმოების ინსტრუმენტები

იმისათვის, რომ რუსეთის მიერ დასავლეთში გატარებული პროპაგანდის ფუნქციონირებაში ზედმიწევნით გავერკვეთ, მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ფონის ანალიზის შემდეგ შევისწავლოთ თავად ის იარაღები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს რუსეთი საკუთარი როლის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. ავტორების, პიტერ პომერანცევისა და მაიკლ ვაიზის, თანახმად, კრემლი გამუდმებით იყენებს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, როგორც აგრესიის შექმნის მექანიზმს. „დაყავი და იბატონეს“ პრინციპის მთავარ იარაღს კი წარმოადგენს ინფორმაცია. ამგვარად, ინფორმაცია ახალ ფუნქციას იძენს, რომელიც განსხვავდება „დარწმუნებისა“ თუ „სახალხო დიპლომატიის“ ხელოვნებისგან. დასავლეთში რუსეთის ინტერესების გასატარებლად რუსული პროპაგანდა ეფარება ინფორმაციის თავისუფლების პრინციპს, რითაც რეალურად, მკვლევრების მტკიცებით, აფერხებენ თავისუფალი დიალოგის პროცესს კულტურებს შორის. ჩნდება კითხვა: და მაინც, რა არის ის ინტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასავლეთში რუსეთის ინტერესების გატარებას?

ოფიციალური მედია საშუალებები

„განახლებული რუსეთის განახლებული სურათისა“ და ღიად თუ ირიბად გაცხადებული ანტიდასავლური შეხედულებების ფართო მასებში პოპულარიზებას ემსახურება აქტიური პროპაგანდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში. მძლავრი ანტიდასავლური რიტორიკა პრორუსულ მედიაში სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა საინტერესოა პრეტენზია „მულტიპოლარული სამყაროს“ ჩამოყალიბების თაობაზე, რის შესახებაც ჯერ კიდევ 2007 წლის „მიუნხენის გამოსვლაში“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დასავლელ წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 2010-იანი წლებიდან კი საკითხი მით უფრო აქტუალური ხდება. 2013-14 წლებში უკრაინის კრიზისმა გაამწვავა ე.წ. „მედია ომი“. უკრაინის თავისუფალ არჩევანში ჩარევისა და ყირიმის ანექსიის გამო გახშირებული კრიტიკა თანადროულია რუსეთის მიერ პროპაგანდისტული მექანიზმის გარდაქმნისა დასავლური მედიის საპასუხოდ, ნიშნით _ პროპაგანდა პროპაგანდის წინააღმდეგ. 2013 წლის ბოლოს იქმნება Rossia Segodnia/Russia Today, რომელიც მაუწყებლობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. 2013 წლიდან მისი შვილობილი კომპანიის მიერაა მართული Russia Beyond, რომელიც 16 ენაზე 23 ქვეყანაში ჩნდება ცნობილ გამოცემებში, მათ შორის, „ვაშინგტონ პოსტში“, „ნიუ იორკ თაიმსში“, „უოლ სტრიტ ჟურნალსა“ და ა.შ.[11]  მალევე, 2014 წელს, ფუძნდება რადიო „სპუტნიკი“, რომელიც ასევე მრავალენოვანია. მსგავსი პროპაგანდისტული საშუალებები ორიენტირებულია უცხოელ მსმენელსა და მკითხველზე. მათი მიზანი კი საერთოა, _ დაპირისპირება აშშ-ის ხელმძღვანელობით გაბატონებულ ინფორმაციულ აგრესიასთან. მიუხედავად ამისა, ცხადად მტრული განცხადებები შენიღბულია სამარიტული მისიით _ შექმნან ინფორმაციული მრავალფეროვნება, მრავალგანზომილებიანი მედია სივრცე, სადაც არ იქნება მიკერძოება. ასეთი მედია საშუალებები უსვამენ ხაზს, რომ მათი ერთადერთი მიზანი დასავლეთში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების შერბილება, ამბების უბრალოდ რუსული პოზიციიდან გაშუქება და, შედეგად, მრავალპოლარული მსოფლიოს არსებობაა. ამასთან, დასავლურ საზოგადოებაში ნდობის გასაზრდელად მიმართავენ სხვადასხვა ხერხს, მაგალითისთვის, Russia Today-ის გარდაქმნა, როგორც RT news[12],  რომელიც, ერთი შეხედვით, შედარებით ნეიტრალური დასახელებაა და ნაკლებად მიუთითებს კრემლთან კავშირზე, რაც წარმოადგენს მცდელობას, აღიარებულ იქნეს როგორც ობიექტური და დამუკიდებელი მაუწყებლობა.

ბუნებრივია, ამ საერთაშორისო მრავალენოვანი მაუწყებლობების არსებობა და ბოლო წლების განმავლობაში მათი განსაკუთრებით მომრავლება თავისთავად უარყოფითი რამ არაა, თანამედროვე სამყაროში, სწორედაც, სხვაგვარი მოცემულობა იქნებოდა  უჩვეულო. ის, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, არის ამ მედია საშუალებების დამოუკიდებლობა რუსეთის ხელისუფლების გავლენისაგან. მედიის თავისუფლების დაცვა კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი ხელყოფა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია. მთავრობის მცდელობები გავლენა იქონიოს გამოქვეყნებული ან სხვა სახით გავრცელებული ინფორმაციის შინაარსზე, მედიის კონტროლის გზით ან თვითცენზურის შემოღებით, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს დემოკრატიის ხარისხზეც.[13] ამიტომაც საინტერესოა ის, თუ როგორაა დანახული თავად ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, და ინფორმაციის თავისუფლების იდეა რუსულ პოლიტიკურ წრეში.

2013 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან სიტყვით გამოსვლისას მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ, ალექსეი ვოლინმა, განაცხადა, რომ ჟურნალისტიკა უნდა განიხილონ როგორც ბიზნესი და დაივიწყონ იდეალები, ვინაიდან სტუდენტები არ არიან მზად რეალობასთან შესახვედრად, რაც, მისი აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ მოუწევთ სხვისთვის მუშაობა, სწორედ ეს „ბიძა“ (დამკვეთი) ეტყვის მათ, რა და როგორ უნდა დაწერონ ან სულაც რა თემებს არ უნდა შეეხონ გარკვეულ ვითარებებში. ამგვარი ლოგიკით დამკვეთს აქვს ამის უფლება, რადგანაც თავად იხდის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ. ვოლინი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ამოცანა არ არის მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა, კაცობრიობის სწორი გზით წარმართვა ან სულაც ჭეშმარიტი სწავლების შუქის ტარება. ჟურნალისტმა უნდა იმოქმედოს, როგორც კარგმა დაქირავებულმა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუკი მისი ნაშრომი საინტერესო გახდება მაყურებლისთვის, მსმენელისა და მკითხველისათვის.[14] „პრავდა.რუ“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ალექსეი ვოლინი ვერ ხედავს განსხვავებას ჟურნალისტისა და პრომოუტერის პროფესიებს შორის. აღნიშნული მით უფრო ცხადია, რაც მეტად დავუკვირდებით გამოსვლაში წამოჭრილ საკითხს პროპაგანდისა და ჟურნალისტიკის ურთიერთკავშირის შესახებ. საკითხავია, წყვეტენ თუ არა ჟურნალისტები პროპაგანდისტულ საკითხებს. ვოლინისთვის ეს უდავო ფაქტია. ამასთან ერთად, იგი გამოთქვამს საინტერესო მოსაზრებას პროპაგანდის ეფექტურობასთან დაკავშირებით _ მისი თქმით, „თუ ჟურნალისტები თავს პროპაგანდისტებად ამჟღავნებენ, ისინი ცუდი პროპაგანდისტები არიან“. მისი აზრით, „პროპაგანდა უნდა დაიმალოს“, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ის ეფექტური.[15] ამგვარი შეფარვითი გზებით მოქმედება რუსულ პროპაგანდასთან კარგად შეზავებული პრაქტიკაა, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს არაოფიციალური მედიისა და სოციალურ ქსელებში ტროლებისა და ბოტების მოქმედებების მაგალითზე.

სოციალური მედია

არაოფიციალური მედიის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო ნიმუშს წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში არსებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“, რომელიც ოფიციალურად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსის მატარებელია. სააგენტოში დაახლოებით 400-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც 12-საათიანი ცვლებით უსხედან კომპიუტერის ეკრანებს სხვადასხვა სივრცეში (ძირითადად  “Live Journal” და “Vkontakte“) ბლოგების განსათავსებლად, სიახლეებზე კომენტარების დასაწერად, ინფორმაციულ-ანალიტიკური ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად, რომლებიც გარკვეულ შეფასებას აძლევს რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ მომხდარ მოვლენებს და ა.შ. „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიზანი ვლადიმერ პუტინისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების დადებითი სახის შექმნა, ხოლო უკრაინის, ამერიკის, ევროკავშირისა თუ რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწინააღმდეგედ აღქმული სხვა ძალების შესახებ უარყოფითი განწყობების გაღვივებაა.[16]

„ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ საქმიანობის გამოძიებამ დასავლეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. სააგენტოში არსებობს გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასურველი ინფორმაცია გამოჩნდეს ძიების შედეგების სათავეში. აქ ასევე არის გრაფიკული და IT სპეციალისტების ჯგუფი განსხვავებული მოვალეობებით, ისევე როგორც ფინანსთა განყოფილება, რომელიც აკონტროლებს დიდი მოცულობის ბიუჯეტს. თანამშრომლები აქტიურად ადევნებენ თვალყურს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებებს, აკვირდებიან, თუ რამდენად წარმატებით მუშაობენ _ რამდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება მიიღეს… ეს გზები გამოიყენეს კრემლის ინტერესების გასატარებლად. Donie O’Sullivan-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ფეისბუქზე, სავარაუდოდ, 126 მილიონ ამერიკელს შეეძლო, გასცნობოდა ჯგუფის მიერ განთავსებულ მასალას, ხოლო „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ ბიუჯეტი 2016 წლის სექტემბრისთვის  აღემატებოდა 1,25 მილიონ დოლარს.  აშშ-ის პოლიტიკური სისტემის რღვევის მიზნით ინტერნეტის კვლევის სააგენტომ, როგორც კრემლთან დაკავშირებულმა რუსულმა ტროლების ჯგუფმა, შექმნა ყალბი ამერიკელი აქტივისტების ჯგუფების უზარმაზარი ქსელი და ამისთვის გამოიყენა ნამდვილი ამერიკელების მოპარული ვინაობა. რუსეთის 13 მოქალაქის წინააღმდეგ ფედერალური საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სააგენტომ 2014 წლიდან  დაიწყო დაკვირვება რეალური ამერიკული აქტივისტური ორგანიზაციების სოციალური მედიის გვერდებისა, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა ყალბი გვერდებისა და პიროვნებების შექმნა, რომლებიც „საზოგადოებრივი აზრის ლიდერები“ უნდა გამხდარიყვნენ. გვერდები შექმნილი იყო ისე, თითქოს მათ ნამდვილად ამერიკელები მართავდნენ. ამ ილუზიის შესაქმნელად ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ამერიკულ ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, რასობრივ ურთიერთობებზე, რელიგიაზე, იმიგრაციასა და, რა თქმა უნდა, იმ დროისათვის მთავარ თემაზე _ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჯგუფი ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ მათი ნამუშევარი ამერიკულს დამსგავსებოდა. შემთხვევითი ბეჭდური შეცდომებისა და აშკარად არაადგილობრივი ინგლისურად მოსაუბრის მიერ შედგენილი ფრაზების გარდა, გვერდებზე განთავსებული მასალა დამაჯერებელი იყო. ისინი სოციალურ ქსელში პოლიტიკურად განწყობილ ბევრ სხვა გვერდს ჰგავდნენ: შექმნილს იმისთვის, რათა ისარგებლონ ამერიკულ საზოგადოებაში არსებული იდეოლოგიური დათიშვით და მეტად გაამწვავონ აღშფოთება. „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“  მიერ გამოყენებულ სოციალური მედიის საშუალებებს შორის იყო _ Facebook, Twitter, Instagram, YouTube და Tumblr.[17]

სოციალური ქსელები

აშშ-ის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) მიერ მომზადებული 2020 წლის სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. მასში გამოყოფილია განსხვავებული წყაროები ყალბი ცნობების გავრცელებისა და ის, თუ როგორ მუშაობს ისინი მედიის „მულტიპლიკატორის ეფექტის“ შესაქმნელად. მათ შორის დასახელებულია მთავრობის ოფიციალური განცხადებები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები, მარიონეტული ვებსაიტები, სოციალურ მედიაში ყალბი პიროვნებები, კიბერ-ოპერაციები… ამასთან ერთად, ნახსენებია ისიც, რომ მასშტაბურ დეზინფორმაციულ ნაკადს უარყოფითი გავლენა აქვს მათზე, ვინც რუსეთის მიერ მოაზრებულია მოწინააღმდეგედ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე. ამგვარი პოლიტიკის მიზანი კი ხან მილიტარისტული ქმედებების გამართლებაა, ხან რუსული ოპორტუნიზმი, რათა სათავისოდ გამოიყენოს მიმდინარე გლობალური მოვლენები, რისი ცხადი მაგალითიცაა COVID-19-თან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნარატივების შექმნა და გავრცელება. მათ შორისაა სტატიები სათაურებით: „ჩინური კორონავირუსი: შოკისმომგვრელი სიახლე. ვირუსის წარმომავლობა აშშ-იდან?“ (Global Research) ან „ჯოჯოხეთი ნიუ იორკში: კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ყოველ 17 წუთში: ექიმები ვითარებას ვერ უმკლავდებიან“ (News Front-ის ესპანური გამოცემა). მსგავსი ნარატივებით მასობრივად ქვეყნდებოდა პოსტები Twitter-ზე ჰაშთაგებით _ #covid19 (4,358 პოსტი) #coronavirus (2,265 პოსტი), ავტომატური ადგილმდებარეობის მაჩვენებლის მიხედვით, ამ პოსტების უმრავლესობა, 16%, ბრიტანეთიდანაა და მხოლოდ 9% რუსეთიდან.[18]

საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის აპრილში Facebook-მა გააუქმა ანგარიშები (6 გვერდი, 23 მომხმარებლის ანგარიში და ინსტაგრამის 8 პროფილი)[19], რომლებიც ცდილობდნენ, შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და ეწეოდნენ ურთიერთშეთანხმებულ არაავთენტურ საქმიანობას. ერთ-ერთ ასეთ პროპაგანდისტულ რგოლს წარმოადგენს სტრატეგიული კულტურის ფონდი (Фонд стратегической культуры), რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ამბების შესახებ. გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშის ცნობით, აღნიშნული ფონდი რუსეთის სახელმწიფო ინტერესების განმახორციელებელი იარაღია, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის სამსახურთან. სტრატეგიული კულტურის ფონდის მიერ შექნილი ფეისბუქ გვერდის ვებ ანალიტიკის შედეგები (SimilarWeb-ის გამოყენებით) 2020 წლის აგვისტოსთვის მიუთითებს, რომ საიტის აუდიტორია ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და გერმანიიდანაა (სურ. 1).[20]

როგორც უკვე აღვნიშნე, რუსული დეზინფორმაციული ძალების გააქტიურება გარკვეულწილად უკავშირდება ყირიმის კრიზისს. წიგნში „The anatomy of Russian information warfare the Crimean operation, a case study“ რუსული პროპაგანდა გაანალიზებულია ყირიმის კრიზისის კვალდაკვალ. ტელევიზია, რადიოარხები, გაზეთები და დიდი რაოდენობით ციფრული რესურსი გამოიყენეს უკრაინის მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაციების მასობრივად გასავრცელებლად. დეზინფორმაციის საშუალებები მიზნად ისახავდა მოსკოვის მისწრაფებებისთვის სანდოობის მინიჭებასა და სამხედრო ნაბიჯებში არსებული ხარვეზების დაფარვას. წყაროში მითითებულია, რომ, მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი ყველაზე მდგრადი აღმოჩნდა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განწყობა ბოლომდე ერთსულოვანი არ ყოფილა. ზოგიერთი დასავლური მედია და პოლიტიკოსი დაეთანხმება რუსული პროპაგანდის მიერ წამოყენებული არგუმენტების ნაწილს, მათ შორის, „რუსეთის უფლებას პოსტსაბჭოთა ტერიტორიის მოწყობის შესახებ“ მისი ინტერესების შესაბამისად.  კრემლის გზავნილების დასავლეთისათვის მიწოდების ფუნქცია დაეკისრა როგორც მედიას (The Voice of Russia, TV RT, ა.შ.), ისე რუსეთის ინსტიტუტების ოფიციალურ ვებ-გვერდებს. მათ შორისაა დასახელებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი, რომელიც მომართულია დასავლეთის აუდიტორიაზე გავლენის მოსახდენად.  რუსული ძალები პროპაგანდის წარმოებისას იყენებენ მრავალფეროვან მანიპულაციის ტექნიკებსაც, როგორიცაა, მაგალითად, 1. სიტყვათა განსხვავებული ფორმულირებები, რომელთა მეშვეობითაც შეტყობინებები დასავლეთის მიმართულებით, ერთი შეხედვით, ლიბერალური ღირებულებების მატარებლის ელფერს იძენს და 2. დასავლურ სოციალურ ჯგუფებში არსებული იდეალების სათავისოდ გამოყენების პრაქტიკა _ პაციფისტების შიში ომის მიმართ, მეწარმეების შიში ზარალისა, ექსპერტთა განმარტებები, თუ რატომ არ იმუშავებს დასავლური მოდელები უკრაინაში და სხვა.[21]

რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ინსტიტუტები _ FSB, GRU და SVR

2016 წლის სცენარი განმეორდა 2020-შიც. აშშ-ის სახაზინო განყოფილების საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ზომები მიიღო 16 სუბიექტისა და 16 პირის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელობის მითითებით, გავლენა მოეხდინათ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. სადაზვერვო საზოგადოების (IC) შეფასება ეხება უცხოელი აქტორების, მათ შორის რუსეთის, მიზნებსა და ძალისხმევას როგორც აშშ-ის არჩევნებში ჩასარევად, ისე არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შესარყევად. რუსეთმა გამოიყენა სახელმწიფო მოხელეების სისტემა, დეზინფორმაციის საშუალებები, სხვადასხვა სახის კამპანიები, რათა ფარულად მოეხდინა გავლენა აშშ-ის ამომრჩეველზე და გაევრცელებინა დეზინფორმაცია პოლიტიკური კანდიდატების, აშშ-ის საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუტების შესახებ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში დასახელებულია ის რგოლები, რომლებიც თამაშობენ გადამწყვეტ როლს რუსული დეზინფორმაციის ინტერნეტით პროპაგანდირებაში. მათ შორისაა: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB), მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GRU) და საგარეო დაზვერვის სამსახური (SVR).

FSB, GRU და SVR ხელმძღვანელობენ იმ ვებ-გვერდების ქსელს, რომელიც დასავლური აუდიტორიის მოსაზიდად ფარავს რუსულ წარმომავლობას. რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ეს ოპერატიული საშუალებები ყურადღებას ამახვილებენ შეერთებულ შტატებში არსებულ სადავო და დისკურსულ საკითხებზე, ეწევიან აშშ-ის პოლიტიკური კანდიდატების დენეგრირებას, აქტიურად ავრცელებენ ყალბ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

FSB უშუალოდ მუშაობს დეზინფორმაციის საშუალებებზე. SouthFront არის რუსეთში რეგისტრირებული ონლაინ დეზინფორმაციის საიტი, რომელიც დავალებებს სწორედ FSB-სგან იღებს. იგი ცდილობს მიმართოს სამხედრო ენთუზიასტებს, ვეტერანებსა და შეთქმულების თეორიით გატაცებულებს, ამავდროულად კი ძალ-ღონეს არ იშურებს რუსეთის დაზვერვასთან კავშირის დამალვისათვის. 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ SouthFront ავრცელებდა ინფორმაციას ამომრჩეველთა თაღლითობების შესახებ, რათა შეექმნა წარმოდგენა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლში მრავლად იყო ამგვარი შემთხვევები.

NewsFront არის ყირიმში დაფუძნებული კიდევ ერთი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საშუალება, რომელიც თანამშრომლობდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. მის მიერ გავრცელებული ნარატივები მიზანში იღებდა ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართულ ახალი ამბების ვებ-გვერდებს, რათა შეერყია მათდამი ნდობა. NewsFront-ის გეგმის ნაწილი იყო ალექსანდრე მალკევიჩის გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ალექსანდრე მალკევიჩი იყო „USA Really“-ის რედაქტორი, რომელიც 2018 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების გასაშუქებლად სტუმრობისას ამერიკელმა ძალოვანებმა დააკავეს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. NewsFront ასევე გამოიყენებოდა COVID-19 ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად. „ეს კიდევ უფრო მეტყველებს რუსული დეზინფორმაციის საიტების უპასუხისმგებლო და უგუნურ ქცევაზე“_ აღნიშნულია პრესრელიზში.

InfoRos არის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასახელებული კიდევ ერთი პორტალი, წარმოჩენილი, როგორც ახალი ამბების სააგენტო. ის, პირველ რიგში, მართულია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 72-ე საინფორმაციო ცენტრის (GRIT) მიერ. GRIT არის ერთეული რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებისა, რომელიც გამოვლენილია, როგორც რუსეთის სამხედრო ძალა კიბერ ჯაშუშობის, გავლენისა და შეტევითი კიბერ ოპერაციების განსახორციელებლად. InfoRos მუშაობს ორი ორგანიზაციის, „InfoRos, OOO“ და „IA InfoRos“-ის ქვეშ. InfoRos-მა გამოიყენა ვებ-გვერდების ქსელი, ნომინალურად დამოუკიდებელი გვერდების ჩათვლით, GRU-ს ოფიციალური პირების მიერ შეთხზული  ყალბი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.[22]

კიბერ-ოპერაციები

Washington Post-ში გამოქვყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ GRU მოწინავე რგოლია რუსეთის ფსიქოლოგიური ომის მოქმედებებში, მათ შორის 2015 წელს უკრაინის მიმართ პოლიტიკის შესახებ კონგრესზე ზემოქმედების მცდელობაში. მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს შორისაა ასევე 2016 წელს დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის (DNC)  ელ.ფოსტის გატეხვაც.[23] არჩევნების წინ თითქმის შვიდი თვის განმავლობაში რუს ჰაკერებს ჰქონდათ თავისუფლი წვდომა კომიტეტის ქსელთან, სანამ DNC-ის ოფიციალურმა პირებმა არ დაიწყეს საპასუხო მოქმედებები. ამ პერიოდში იგზავნებოდა უამრავი ელექტრონული წერილი, რომელთა დიდი ნაწილიც წარმოადგენდა „ფიშინგ“ შეტყობინებებს. მსგავსი წერილი ასევე მიიღო ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარე ჯონ პოდესტამაც. რა კავშირშია ეს ქმედებები პროპაგანდასთან? დემოკრატების პირადი ელ.ფოსტისა და გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის ნაწილი ყოველდღიურად ჩნდებოდა ინტერნეტ სივრცეში. ინფორმაცია რუსეთის სადაზვერვო აგენტების მიერ თავსდებოდა WikiLeaks-სა და სხვა ვებგვედებზე, რომლებიც შემდგომ ვრცელდებოდა ამერიკულ მედიაშიც, მათ შორის The Times-შიც.[24]

ეს რუსეთის მიერ დასავლეთში წარმოებული პოპაგანდისთვის განხორციელებული კიბერთაღლითობის ერთ-ერთი მაგალითია. „ფიშინგით“ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ცდილობენ, სამიზნე პირის მოტყუებით მოიპარონ პირადი და მგრძნობიარე ინფორმაცია ან მეილზე თანდართული ბმულების გახსნით გზა გაიხსნან მიმღების კომპიუტერში შესაღწევად. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება მეილები, რათა შეტყობინებას ოფიციალური  და, შესაბამისად, მეტად სანდო სახე მიეცეს. ოპერაციის წარმატებით განხორციელებისათვის ალბათობის გაზრდის მიზნით ასეთ კიბერ შეტევებს მასობრივი სახე აქვს.

დასკვნა

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, დასავლურ საზოგადოებაში არსებული ლიბერალური შეხედულებებისა და ანტი-რუსული განწყობილებების გათვალისწინებით, რუსული პროპაგანდისტული კამპანიები შენიღბულია, დეზიფორმაციული პორტალები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პლატფორმების სახითაა შეფუთული, გზავნილები კი დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებსაა ამოფარებული მაშინ, როცა რეალურად ისინი საპირისპიროს ქადაგებენ. სწორედ ამიტომ ამ დეზინფორმაციული ძალების მოქმედებები და მათი ეფექტი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ვაშინგტონის ინსტიტუტის თანამშრომელი ანა ბორშჩევსკაია ვითარებას შემდეგნაირად აფასებს: ”რუსეთს აკლია რესურსები, მაგრამ არა მიზანდასახულობა. დასავლეთს აქვს რესურსები, მაგრამ არ აქვს მკაფიო ხედვა.”[25] ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევები სწორად შეფასდეს დასავლეთის მიერ, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები მათთან გასამკლავებლად.

ბიბლიოგრაფია


[1] Egor Kholmogorov, Russkii proekt. Restavratsiia budushchego [Russian project. The restoration of the future] (Moscow: Algoritm, 2005): p. 280, quoted in Maria Engström, “Contemporary Russian Messianism and New Russian Foreign Policy,” (Routledge, 2014), 365.

[2] Maria Engström, “Contemporary Russian Messianism and New Russian Foreign Policy,” Contemporary Security Policy 35, no. 3 (February 2014): pp. 356-379, https://doi.org/10.1080/13523260.2014.965888.

[3] “Foreign Policy Concept of the Russian Federation” The Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation, 2016, http://www.mid.ru/brp_4.nsf/0/6D84DDEDEDBF7DA644257B160051BF7F.

[4] Francisco Ruiz González, “The Foreign Policy Concept of The Russian Federation: A Comparative Study,” Framework Document, 2013, https://doi.org/10.30827/digibug.56788.

[5] Joanna Szostek, “Defence and Promotion of Desired State Identity in Russia’s Strategic Narrative,” Geopolitics 22, no. 3 (November 2016): pp. 578-579, https://doi.org/10.1080/14650045.2016.1214910.

[6] “Russophobia Definition and Meaning,” Collins English Dictionary (HarperCollins Publishers Ltd), accessed June 17, 2021, https://www.collinsdictionary.com/dictionary/english/russophobia.

[7] Brian Whitmore, “The ‘Russophobia’ Weapon,” RadioFreeEurope/RadioLiberty, May 10, 2017, https://www.rferl.org/a/the-russophobia-weapon/28476678.html.

[8] Andrei Tsygankov, Russophobia: Anti-Russian Lobby and American Foreign Policy (New York: Palgrave Macmillan, 2009), p. 164.

[9] Neil Robinson, “‘Russophobia’ in Official Russian Political Discourse,” De Europa 2, no. 2 (2019): pp. 61-77, https://doi.org/https://doi.org/10.13135/2611-853X/3384.

[10] Ibid., 63.

[11] Peter Pomerantsev and Michael Weiss, “The Menace of Unreality: How the Kremlin Weaponizes Information, Culture and Money,” The Interpreter, 2014, p. 18, https://imrussia.org/media/pdf/Research/Michael_Weiss_and_Peter_Pomerantsev__The_Menace_of_Unreality.pdf.

[12] Ibid,. 15.

[13] Jonathan A Solis and Leonardo Antenangeli, “Replication Data for: Corruption Is Bad News for a Free Press: Reassessing the Relationship between Media Freedom and Corruption”, 2017, Social Science Quarterly. 98 (3): 1112–1137. https://doi.org/10.1111/ssqu.12438.

[14] Анастасия Иванова, “Сейчас Хочется Верить, Что я Буду Писать Только Правду,” Выступление Волина в МГУ – Большой город. Московские новости, accessed July 7, 2021, http://bg.ru/education/otvet_mgu_volinu-17070/.

[15] Dmitry Sudakov, “Is Journalism All about Money?,” PravdaReport (Pravda English, October 25, 2018), https://english.pravda.ru/russia/123775-journalism_money/.

[16] Виктор Резунков, “Они Любят Путина 12 Часов Подряд,” Радио Свобода (Они любят Путина 12 часов подряд, June 19, 2015), https://www.svoboda.org/a/26899521.html.

[17] Donie O’Sullivan, “Internet Research Agency Indictment: What the Russians Did and How They Did It,” CNNMoney (Cable News Network, 2018), https://money.cnn.com/2018/02/16/media/internet-research-agency-mueller-indictment/index.html.

[18] “Special Report: Pillars of Russia’s Disinformation and Propaganda Ecosystem. Global Engagement Center.” (U.S. Department of State, GEC, 2020), p. 65-66, https://www.state.gov/wp-content/uploads/2020/08/Pillars-of-Russia%E2%80%99s-Disinformation-and-Propaganda-Ecosystem_08-04-20.pdf.

[19] “Facebook Takes down Assets Linked to Russian Disinformation Outlet,” Medium (DFRLab, September 24, 2020), https://medium.com/dfrlab/facebook-takes-down-assets-linked-to-russian-disinformation-outlet-acab0164e3d4.

[20] Ibid.

[21] Jolanta Darczewska, The Anatomy of Russian Information Warfare the Crimean Operation, a Case Study (Warsaw, Poland: Centre for Eastern Studies, 2014), https://www.files.ethz.ch/isn/181102/PW42_the_anatomy_of_russian_information_warfare.pdf.

[22] Treasury.gov, April 15, 2021, https://home.treasury.gov/news/press-releases/jy0126.

[23] Ellen Nakashima and Anton Troianovski, “How Russia’s Military Intelligence Agency Became the Covert Muscle in Putin’s Duels with the West,” The Washington Post (WP Company, December 29, 2018), https://www.washingtonpost.com/world/europe/how-russias-military-intelligence-agency-became-the-covert-muscle-in-putins-duels-with-the-west/2018/12/27/2736bbe2-fb2d-11e8-8c9a-860ce2a8148f_story.html.

[24] Eric Lipton, David E. Sanger, and Scott Shane, “The Perfect Weapon: How Russian Cyberpower Invaded the U.S.,” The New York Times (The New York Times, December 13, 2016), https://www.nytimes.com/2016/12/13/us/politics/russia-hack-election-dnc.html.

[25] Ibid.

გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.