რა დავკარგეთ 25 თებერვალს?

რუსული არმიის სურათი 25 თებერვალიდან

გააზიარე:


ავტორი: ანი კახიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი მიმდინარე მოვლენებს ასე აღწერს: „ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა“.

ამ დღეს დაიწყო სამოცდაათწლიანი გასაბჭოება და თანამედროვე საქართველოსთვის გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვა: რა დავკარგეთ 25 თებერვალს, რა პროცესები შეწყდა ქვეყნის „გაწითლებით“?

ისტორიკოსი ბექა კობახიძის აზრით, მთავარი უბედურება, რაც საქართველოს გასაბჭოებით დაატყდა, ინტელექტუალური ელიტის სრული განადგურებაა.

„1921 წლის ოკუპაციის მთავარი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო, სამხედრო ელიტა  ან ფიზიკურად გაანადგურეს რეპრესირებისას, ან ემიგრაციაში გაუშვეს, ან საკუთარი იდეოლოგიის სამსახურში ჩაიყენეს“ – ამბობს ისტორიკოსი ბექა კობაძე სტუდია გეორგიკას პოდკასტში სტუმრობისას.

ელიტის განადგურების ტრაგიკულობა დიდ ადამიანურ დანაკარგთან ერთად სამოქალაქო ნაციონალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის შეჩერებას უკავშირდება. დამოუკიდებლობის მცირე პერიოდის გამო წითელ არმიას საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ეროვნული იდენტობის მკაცრად განსაზღვრული ფორმით ვერ დახვდა.

ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტიკის თეორეტიკოსის, მიროსლავ ჰროშის, მიხედვით, ერი იდენტობის ფორმირებისას სამ საფეხურს გადის: პირველ ფაზაში ინტელექტუალთა მცირე ნაწილი იწყებს ფიქრს ეროვნულ იდეებზე და ქმნის ნაწარმოებებს მსგავს მოტივებზე, შემდეგ საფეხურზე უკვე პრესა ერთვება და ინტელექტუალთა ახალი თაობა საკუთარი იდეების გავრცელებას ბეჭდური მედიის საშუალებით იწყებს. საბოლოო, მესამე, ფაზა მას შემდეგ დგება, რაც ერი, როგორც ერთი მთლიანობა, გაიაზრებს საკუთარ იდენტობას.

პირველი ფაზა, წერა-კითხვის გავრცელება, პოლიტიკურ იდეათა ცვლა, ეროვნულ იდეებზე წერა, 1860-იან წლებში თერგდალეულების თაოსნობით იწყება. მათი მემკვიდრე პოლიტიკური ელიტა აგრძელებს „საერთო ნიადაგზე“ ფიქრს, ჯერ კულტურული და საბოლოოდ  პოლიტიკური სუვერენიტეტის მოთხოვნასა და მოპოვებას.

თუმცა ბატონყმობის გაუქმება, ურბანიზაციის საწყისი ეტაპი, რკინიგზის მშენებლობა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰროშის მესამე ფაზა საქართველოში 1921 წლამდე დამდგარიყო. გასაბჭოებისას ეროვნული იდენტობა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტაშია გააზრებული, ამიტომ ქართული აზრის ფორმირების შეჩერებისთვის მხოლოდ განათლებული საზოგადოების განადგურებაა საჭირო. სწორედ ამ გზას ირჩევს  საბჭოთა ხელისუფლება და იწყებს ელიტის წმენდას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რა ბედი ეწიათ დამფუძნებელი კრების დეპუტატებს 1921 წლის შემდეგ.

თებერვალში დამფუძნებელი კრება 139 წევრისგან შედგებოდა (6 1921 წლამდე გარდაიცვალა), მათგან 77-ს ჰქონდა უმაღლესი (51-ს რუსეთში, 23-ს ევროპაში), 21-ს საშუალო განათლება. 31 ემიგრაციაში წავიდა (აქედან 2 მოკლეს, 2-მა კი თავი მოიკლა), 108 დარჩენილი დეპუტატისგან მხოლოდ 8 გადაურჩა რეპრესიებს:  51 დახვრიტეს, 5 კი ციხესა და გადასახლებაში გარდაიცვალა.

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. აჯანყებისას 11 ქართველი პარლამენტარი დახვრიტეს.

ისტორიკოსი ბექა კობახიძის შეფასებით, იმის გამო, რომ საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეა 1920-იან წლებში „ჩანასახოვან“ მდგომარეობაში იყო, საბჭოთა სისტემამ ელიტის განადგურებით ჩვენში შეაჩერა თანამედროვე, სუვერენულ სახელმწიფოზე ფიქრი. დღევანდელი ქართული იდენტობა  1930-იან წლებში, სტალინიზმის პერიოდში, ჩამოყალიბდა.

რონალდ სუნი წიგნში “ქართველი ერის შექმნა” აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმი ეთნიკურ ნაციონალიზმს ავრცელებდა. ფოლკლორიზებული კულტურა ქართველების იდენტობის მთავარ საფუძვლად იქცა: ეროვნული ტანისამოსით აღინიშნებოდა დღესასწაულები, საზეიმო მსვლელობები; ეთნიკური სტერეოტიპები საბჭოთა პოპ კულტურისა და იუმორის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამასთანავე, ეთნონაციონალიზმი წარმატებით ერგებოდა საბჭოთა სისტემას, რადგან მას არ ჰქონდა არც სტრუქტურა და არც პოლიტიკური მიზანი. სწორედ უკანასკნელის გამო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთვის რთული აღმოჩნდა 1860-იან წლებში დაწყებული ეროვნული ფორმირებისა და „დამფუძნებელი მამების“ მიერ არჩეული გზის გაგრძელება. ნაცვლად ამისა, საბჭოთა ეთნონაციონალიზმი პოლიტიკური და კულტურული ელემენტებით შერეულ რადიკალურ მოძრაობად იქცა, რომელსაც არადემოკრატიული ტენდენციები ახასიათებდა. ილიას მომავალზე ორიენტირებული ეროვნული აზრი წარსულის განდიდებამ ჩაანაცვლა. პროფესორი ნატალია საბანიძე პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაციონალიზმის განვითარებას სამ ფაზად ყოფს: პირველი, 1988 წლიდან 1992 წლამდე – ნაციონალური ფუნდამენტალიზმი, რაც 1999 წლამდე  ეროვნული გულგრილობით გრძელდება. მესამე ფაზა დღესაც მიმდინარეობს. თავის მხრივ, ნაციონალიზმი ორ რადიკალურად განსხვავებული ფორმით მიმდინარეობს: ერთი, ეთნორელიგიურ-ანტიგლობალისტური, ანტიდასავლური ორიენტაციით, მეორე კი, ლიბერალური, პროდასავლური ქვეყნის შენების განახლებული გეგმით.

რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდებოდა კიდევ ერთ თაობას რომ დასცლოდა პირველ რესპუბლიკაში ცხოვრება, გასაბჭოებამდე მოგვესწრო საყოველთაო ეროვნული მობილიზება. თუმცა მსგავსების პოვნა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შეგვიძლია. მერაბ მამარდაშვილი ფიზიკის ინსტიტუტში გამოსვლისას შენიშნავს, რომ ოცწლიანმა რესპუბლიკის გამოცდილებამ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის „პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ გენეტიკაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა“.

მართლაც, ჩვენგან განსხვავებით ბალტიის ქვეყნებმა 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება 1940 წლამდე შეძლეს. საბჭოთა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლისთავზე ტალინს, რიგასა და ვილნიუსს შორის 600-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გაიბა. მასობრივი მშვიდობიანი მსვლელობის მიზანი იყო, მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ ევროპა მათ გარეშე ერთიანი და მთლიანი ვერ იქნება. „ბერლინის კედელმა დაყო ხალხი, მაგრამ ბალტიის გზამ გააერთიანა“- ვკითხულობთ 2009 წელს სამივე სახელმწიფოს მინისტრთა მიერ გავრცელებულ საერთო წერილში.

„1989 წელს გადაღებულ ბალტიის გზის კადრებს თუ ნახავთ, შეამჩნევთ, რომ იქ ძირითადად ასაკოვანი ხალხია:  ისინი, ვინც დაიბადნენ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, ვისაც ახსოვდათ ის. როცა თაობას ესმის უკვე ეროვნული იდენტობა, იქ ელიტის განადგურება აღარ გშველის“ – ამბობს ბექა კობახიძე De re publica-ს პირველ ეპიზოდში.

მდებარეობით უპირატესობასთან ერთად სწორედ ეროვნულ მზაობას მიეწერება ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა სისტემისგან თავის მარტივად დაღწევა და წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ევროპული პარლამენტის ყოფილი წევრი და ესტონეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მარია ლაურისტინი დოკუმენტურ ფილმში „ესტონეთი – ბალტიკური ვეფხვი“ განმარტავს, რომ დემოკრატია სახალხო მოძრაობით ვერ მიიღწევა, მისთვის საჭიროა მომზადება და ინსტიტუციური წესრიგის შექმნა. იქვე აღნიშნავს, რომ ესტონელი ხალხი მთელი საბჭოთა პერიოდი, განსაკუთრებით უკანასკნელი სამი წელი, საკუთარ თავს ამზადებდა დამოუკიდებლობისთვის.

მსგავსი ინტელექტუალური მზაობა ჩვენში ნაკლებად შეინიშნებოდა. მამარდაშვილი უკვე ნახსენებ ლექციაზე  ტოტალიტარული სისტემის თავისებურებას განმარტავს: „აქ აზროვნებისა და ცნობიერების გარყვნა და დანგრევა შიგნიდან მოდის; ეს რაღაცნაირი სითხეა, რომელიც თავის ქალაში აღწევს და ანგრევს აზროვნების, განსაკუთრებით სოციალური, ანუ მოქალაქეობრივი, აზროვნების, შინაგან წყაროებს“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ საზოგადოებას ოკუპაციისას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული მოქალაქის ცნება, ბუნებრივია, ეს „რაღაცნაირი სითხე“ მარტივად და სწრაფად გავრცელდა.  გამოდის, რომ ჩვენი, პოსტსაბჭოთა საქართველოს,  მთავარი მტერი ის იდენტობა და აზროვნების სისტემაა, რომელიც სამოცდაათწლიანმა ტოტალიტარულმა მმართველობამ გვარგო. მამარდაშვილის თქმით, დამოუკიდებლობა სწორედ იმისთვისაა აუცილებელი, რომ „ჩვენი თავი დავინახოთ; ჩვენს თავში ჩავიხედოთ“, რადგან სანამ სუვერენიტეტს არ მოვიპოვებთ, ვერ გავარკვევთ, ვინ ვართ და რა შეგვიძლია.

1918 წელს პირველად მოვიპოვეთ სუვერენიტეტი და დავიწყვეთ გარკვევა, თუ ვინ ვიყავით და რა შეგვეძლო.  დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ამიერდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო“. რიჩარდ ჰოვანისიანი პირველი რესპუბლიკის შეფასებისას ამბობს, „ამგვარად, მეტაფორულად თუ ვიტყვით, დამოუკიდებლობის ექსპერიმენტი დაუსრულებელ სიმფონიად იქცა. სამოცდაათი წელი დასჭირდა, რათა ბედის ბორბალი მობრუნებულიყო და შესაძლებელი გამხდარიყო შეწყვეტილი მელოდიის გაგრძელება“.

მელოდიის გასაგრძელებლად, ზემოთ დასმულ კითხვაზე:  ვინ ვართ და რა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ პასუხისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია 1860-იანი წლებიდან პირველ რესპუბლიკამდე, როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს,  „გაზეთ „საქართველოდან“ პირველ კონსტიტუციამდე“ პერიოდის კვლევა-ძიება. წითელი არმიით 25 თებერვალს შეჩერებული ეროვნული აზრის განვითარების გადააზრებას კი იქ მივყავართ, რისი განვითარების შესაძლებლობაც ოკუპაციით წაგვართვეს: ქართული მოდერნული სახელმწიფოს სათავეებთან, ჩვენს სამოქალაქო ნაციონალიზმთან.

გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.