მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

გააზიარე:


ავტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

წინათქმა          

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კლასიკური საკითხია პოლიტიკის მეცნიერებასა და, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის იდეა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პროტაგორასთან გვხვდება და ფიგურირებს პლატონის “კრიტოს” არსებითად მნიშვნელოვან ეპიზოდში – როგორც არგუმენტი სოკრატეს ციხეში დარჩენისა. მიუხედავად მოცემული საკითხის ანტიკური საწყისებისა, მისი, როგორც თეორიის, თანამედროვე სახით ჩამოყალიბება თავდაპირველად თომას ჰობსის, ხოლო შემდეგ ჯონ ლოკისა და ჟან – ჟაკ რუსოს დამსახურებაა.
               საზოგადოებრივი ხელშეკრულების შინაარსი, ლაკონიურად და განზოგადებულად, არის ინდივიდთა მიერ საერთო სიკეთის გააზრებით მიღწეული ურთიერთთანხმობა, რაც საფუძველი ხდება თანაცხოვრების მოვლენის, რის მიმართაც არსებობს საზიარო მორჩილება და მიმღებლობა. უფრო კონკრეტული მსჯელობისათვის უშუალოდ ზემოხსნებულ ავტორთა შემოქმედების განხილვა მოგვიწევს, მაგრამ აქამდე გვაქვს შესაძლებლობა, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი ხელშეკრულების ზოგადი სისტემური სახე, ერთგვარი კონსტრუქცია, რომელიც საერთოა ჰობსის, ლოკისა და რუსოსთვის.
               [1] სამივე ავტორის ნააზრევი, განზოგადებულად, შესაძლებელია დავახასიათოთ, როგორც რაციონალისტური და მატერიალისტური მსჯელობის წყალობით პოლიტიკური ძალაუფლების არსებობის ლეგიტიმაციის მცდელობა. მოაზროვნეები პოლიტიკური ძალაუფლების მოვლენას ხსნიან უფრო რეალისტურად, ვიდრე მონარქების ღმერთისგან ხელდასმულობაა და უფრო რთულად, ვიდრე უბრალო ძალმომრეობაა. სამივე მათგანის მსჯელობა სტრუქტურულად დაყოფილია სამ კონსტრუქტად – ბუნებით მდგომარეობად, „ერთობის თანხმობად“ და „მმართველობის თანხმობად“.
               ბუნებითი მდგომარეობა ერთგვარი მეტაფორული სახელწოდებაა იმ გარემოების, როდესაც ადამიანი განხილულია ყველა დანარჩენის გარეშე, დამოუკიდებლად, იმ მოცემულობაში, სადაც თავადაა თავისი სხეულის სუვერენი და დანარჩენ ინდივიდებთან საზიაროდ მხოლოდ საკუთარი ადამიანობა გააჩნია. ბუნებით მდგომარეობაში ადამიანის თვისებები და მისწრაფებები ყველა ავტორთან განსხვავებულადაა აღწერილი, თუმცა საერთოა ბუნებით მდგომარეობაში არსებული ადამიანების ურთერთთანასწორობის იდეა.
               „ერთობის თანხმობაში“ მოაზრებულია ცალკეულ ადამიანთა შეთანხმება, რომელიც წინაპირობაა ისეთი გააზრებული ერთობის, სადაც არჩეული ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ითვლება საერთო ნებად.
               „მმართველობის თანხმობაში“ იგულისხმება საკუთარი თავისუფლების გააზრებული დათმობა მმართველისათვის, რომლის გადაწყვეტილებებსაც აქვს ნებაყოფლობითი მორჩილება.
               მოცემული კონსტრუქტების თავისებურებების გამორკვევისთვის დამოუკიდებლად განვიხილოთ სამივე ავტორის ნააზრევი.

ჰობსი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ

               ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა ჰობსმა „ლევიათანში“(1651) აღწერა. როგორც პროფ. კ. ბაქრაძე წერს[2], ჰობსისათვის ადამიანი არ არის „საზოგადოებრივი ცხოველი“, ადამიანი ბუნებაში არსებობდა დამოუკიდებლად და საზოგადოება, როგორც ასეთი, სარგებლის მიღებისათვის ხელოვნურადაა წარმოქმნილი. ადამიანი თავისთავად მიისწრაფვის კარგისკენ, მაგრამ კარგი, როგორც ცნება, ფარდობითია – ერთისთვის კარგი მეორესთვის საზიანოა. ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანის განმსაზღვრელი მახასიათებელი ეგოიზმია და, შესაბამისად, სწორედ განმხოლოებულად საკუთარი სიკეთისათვის სწრაფვისას დგება სხვისთვის ავის ჩადენის პრობლემა, რაც იწვევს დაპირისპირებას, კაცთა შორის მუდმივ ომს – „იმ დროს, როდესაც კაცი საერთო ძალაუფლების მორჩილების გარეშე ცხოვრობდა, იგი არსებობდა ომის მდგომარეობაში და ასეთ ომში ყველა იყო ყველას წინააღმდეგ“ [3]. მუდმივი ომის მდგომარეობა ადამიანისთვის იყო გაუსაძლისი, „არანაირი ხელოვნება, არანაირი მწიგნობრობა, არანაირი საზოგადოება და ყოვლად უარესი – მუდმივი შიში და საფრთხე მტანჯველი სიკვდილისა; და კაცის ცხოვრება იყო მარტოსული, ღატაკი, ბინძური, სასტიკი და ხანმოკლე“ [4]. გამუდმებული საყოველთაო ომის მდგომარეობა უნდა დასრულებულიყო, საჭირო იყო არსებობისა და საკუთრების ქონის გარანტია და ამიტომაც ადამიანებს მოუხდათ შეექმნათ ერთობა, სადაც იქნებოდა საზიარო კანონი, ამ კანონის მორჩილება და მორჩილებით მოტანილი საყოველთაო ფიზიკური კეთილდღეობა. სწორედ ამ ერთობის საფუძველი, დადგენილი საზიარო კანონი, გახლავთ ჰობსის საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ადამიანებმა საკუთარი განუსაზღვრელი თავისუფლება, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში გააჩნდათ, ფიზიკური მოსპობის შიშის გამო, დათმეს და საზოგადოებრივი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მმართველობას დამორჩილდნენ.
               ჰობსისი მმართველობის სამ ფორმას აღწერს: მონარქიას, არისტოკრატიასა და დემოკრატიას. ნებისმიერ მდგომარეობაში საზოგადოებრივი ხელშეკრულების დედააზრი მმართველობის ძალაუფლების შეუზღუდავი უზენაესობაა. ჰობსი ემხრობა აბსოლუტურ მონარქიას, რადგან, მისი აზრით, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონარქია საუკეთესო სამმართველო მოწყობაა.

ლოკი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ

               მიუხედავად იმისა, რომ ლოკი აბსოლუტურ თანხმობაშია მოსაზრებასთან, – სახელმწიფოს საფუძველი საზოგადოებრივი ხელშეკრულებაა, – მაინც, იგი შინაარსს უცვლის ჰობსის მსჯელობას, რადგან ადამიანის ბუნებით მდგომარეობას სრულიად განსხვავებულად აღწერს.
               ლოკი მეორე ტრაქტატში სამოქალაქო მმართველობის შესახებ ბუნებრივ მდგომარეობას წარმოაჩენს, როგორც ჰარმონიისა და თავისუფლების აპოგეას – „თითოეულს სრული თავისუფლება აქვს, ბუნების კანონების საზღვრებში თავად გადაწყვიტოს, რა აკეთოს – ისე მოექცეს თავის საკუთრებასა და სხვა ადამიანებს, როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული“ [5].  როგორც ჰობსთან, აქაც არსებობს თანასწორობის იდეა, თუმცა ადამიანები მათში ეგოიზმის სრულმნიშნელობით კი არ არიან თანასწორნი, არამედ უფლებრივად – „ეს ამავე დროს თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა და კანონის მიყენების უფლება გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ“ 5. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუკი ბუნებითი მდგომარეობა ასეთი ჰარმონიული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებულია, რა იწვევს საზოგადოების წარმოქმნის საჭიროებას? საქმე ის არის, რომ დაუცველობის, ფიზკური კეთილდღეობის მოსპობის საფრთხე ლოკთანაც დაშვებულია და სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს შეულახავად გააჩნდეთ საკუთარი, თავისთავად არსებული, ბუნებისაგან თანასწორად მიმადლებული უფლებები, საჭიროა გაერთიანდნენ რაღაც წესრიგის გარშემო. ისინი ერთიანდებიან საზოგადოებრივი ხელშეკრულების საშუალებით, რომელიც არის გარანტი, რომ სახელმწიფოში დაცული იქნება პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრება. შესაბამისად, ერთობის წარმოქმნის მოვლენაში არსებითი განსხვავება შემდეგია: ჰობსთან ადამიანები გადაუდებელი საჭიროებით ერთიანდებიან, სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ, გამუდმებული ზაფვრა იპყრობთ ომისა – „ყველა ყველას წინააღმდეგ“; ხოლო ლოკთან საზოგადოების ჩამოყალიბება უფრო მეტად სიმბიოზური პროცესია, ხალხი სისტემაში ერთიანდება, რათა საკუთარი ბუნებრივად მომადლებული უფლებების აღსრულება მეტად ალბათური გახადონ.
               აღსანიშნავია ლოკის საზოგადოებრივი ხელშეკრულების ასპექტები მმართველი ძალის შესახებ. ჰობსისგან განსხვავებით, ლოკის მონარქის ძალაუფლება შეუზღუდავი არაა; იგი მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოებრივი ხელშეკრულების დაწესებულ კანონებზე და, შესაბამისად, ხალხის ნებაზე. ლოკის ხელისუფალს აქვს ვალდებულება, აღასრულოს საზოგადოებრივი ხელშეკრულებით დათქმული წესრიგი და თუკი ამ მოვალეობას ვერ შეასრულებს, იგი მმართველობის პრივილეგიას კარგავს. შესაბამისად, აქ, როგორც პროფ. კ. ბაქრაძე ამბობს, „რევოლუცია წარმოადგენს მოქალაქეთა კანონიერ უფლებას“.[6]

რუსო საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ

               ჰობსისა და ლოკის მსჯელობისგან განსხვავებით, რუსოსთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ბუნებრივი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ წყობაში გადასვლაა. როგორც პროფ. ს. დანელია წერს [7], „ ჟან – ჟაკ რუსოს მთელი მსოფლმხედველობა ბუნებისა და კულტურის დაპირისპირების ლოგიკურ ფარგლებშია მოქცეული. ყველაფერი კარგია, როდესაც იგი შემოქმედი ბუნების ხელიდან გამოდის, მაგრამ ყველაფერი ფუჭდება, როდესაც ადამიანის ხელში მოხვდება, – ასე იწყება რუსოს „ემილი“, და ამ დებულებაში მოქცეულია ჟან – ჟაკ რუსოს ფილოსოფიის მთავარი აზრი“. ზემოხსენებულს ნათლად ვეცნობით ნაშრომში „უთანასწორობის წარმოშობის შესახებ“, სადაც აღწერილია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა – ბედნიერი, მარტივი და მარტოსული; სადაც ყველა ახერხებს საკუთარი მცირედი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ურთიერთხელშეშლისა და ურთიერთდამოკიდებულების გარეშე, სადაც არის უმცირესი კომუნიკაცია და ამდენივე თანაგრძნობა. ტრაგედია ბუნებრივი მდგომარეობის, როგორც აბსოლუტური თანასწორობის, რღვევით, ანუ იმ უთანასწორობის გაჩენით წარმოიქმნება, რომელიც თან ახლავს ხელოვნური საზოგადოებრივი ურთიერთობების შედგენას. პროფ. შ. ჯაფარიძს მსჯელობაზე [8] დაყრდნობით, –  ლოკისგან განსხვავებით, რუსოსთვის კერძო საკუთრება ბუნებრივი მდგომარეობის თავისთავადი ნაწილი კი არა, სწორედ თანასწორობაში უთანასწორობის გაჩენის მთავარი წყაროა. კერძო საკუთრების გაჩენასთან ერთად, ბუნებრივ მდგომარეობას სპობს მეცნიერებაც.
               ბუნებრითი მდგომარეობა ადამიანის არსებობის იდეალური ფორმაა, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია დაკარგულია და, შესაბამისად, ამ ახალ გარემოში არსებობს ახალი საჭიროებები, რომლებიც სწორედ საზოგადოებრივმა ხელშეკრულებამ უნდა უზრუნველყოს. რუსო „საზოგადოების ხელშეკრულების“ პირველ წიგნში ამბობს: „საზოგადოებრივი წყობა წმინდათა წმინდა ნებაა, ყველა სხვა დანარჩენთა საფუძველია, მაგრამ არა ბუნების მიერ ბოძებული, მაშასადამე, ეს ვნება ეფუძნება შეთანხმებებს, ამდენად, არსებითია ის, თუ როგორია ეს შეთანხმებები“. რუსოს აზრით, საზოგადოებრივმა ხელშეკრულებამ უნდა დაიცვას პიროვნება, მისი საკუთრება და თავისუფლება. ავტორს ამის მიღწევის შესაძლებლობად, როგორც პროფ. თ. ბუაჩიძე წერს [9], მიაჩნია მდგომარეობა, როცა ერთობის თითოეული წევრი უარს ამბობს საკუთარ უფლებებზე და რჩება მხოლოდ საზიარო ნება, საზიარო თავისუფლება.
               რუსო, წინამორბედებისგან განსხვავებით, ფიქრობს, რომ შეუძლებელია საზოგადოება ერთპიროვნულად იმართოს.  სახელმწიფოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისფულება.

               ასე და ამგვარად, საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ მსჯელობა განმანათლებლობის ეპოქის მოაზროვნეებში მსგავსი სტრუქტურული ელემენტებითაა აგებული, თუმცა არსებობს კარდინალური შინაარსობრივი განსხვავებები და საგულისხმო მსგავსებები; და, საბოლოოდ, ყოველი მოსაზრების ერთობა დღემდე აქტუალური სამუშაო მასალაა თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში.

ბიბლიოგრაფია:

1) Seabright, Paul, Jonathan Stieglitz, and Karine Van der Straeten. “Evaluating Social Contract Theory in the Light of Evolutionary Social Science.” cambridge.org. Cambridge University Press, January 20, 2021. https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge-core/content/view/6B44A9CA0EF90B80CDA08EDE2661297B/S2513843X21000049a.pdf/evaluating-social-contract-theory-in-the-light-of-evolutionary-social-science.pdf.

2) ბაქრაძე, კონსტანტინე. რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI, edited by ედუარდ კოდუა, VI:1–477. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1972.

3) ბუაჩიძე, თამაზ, and ჟან – ჟაკ რუსო. “ჟან – ჟაკ რუსო და მისი ‘საზოგადოებრივი ხელშეკრულება.’” Introduction. In საზოგადოებრივი ხელშეკრულება, n.d.

4) დანელია, სერგი. “ჟან – ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიური სისტემა, II რუსოს პედაგოგიური სისტემა, 1 ბუნება და კულტურა რუსოს მოძღვრებაში.” Essay. In ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, edited by ედუარდ კოდუა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.

5) ჯაფარიძე, შოთა. “კაპიტალიზმის ეპოქის მოაზროვნენი.” Essay. In პოლიტოლოგია 1, edited by ვლადიმერ ჭანუყვაძე, Vol. 1. ბათუმი: გამომცემლობა “აჭარა”, 2000.

6) ლოკი, ჯონ, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე, თ. II, https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/jon-loki.pdf

7) Hobbes, Thomas, Leviathan (1651), https://socialsciences.mcmaster.ca/econ/ugcm/3ll3/hobbes/Leviathan.pdf


[1] Seabright, Paul, Jonathan Stieglitz, and Karine Van der Straeten. “Evaluating Social Contract Theory in the Light of Evolutionary Social Science.” cambridge.org. Cambridge University Press, January 20, 2021. https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge-core/content/view/6B44A9CA0EF90B80CDA08EDE2661297B/S2513843X21000049a.pdf/evaluating-social-contract-theory-in-the-light-of-evolutionary-social-science.pdf.

[2] ბაქრაძე, კონსტანტინე. “III, მატერიალიზმი ინგლისსა და საფრანგეთში.” Essay. In რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI, edited by ედუარდ კოდუა, VI:1–477.
თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1972.

[3] Hobbes, Thomas, Leviathan (1651) pt. 1, ch. 13

[4] Ibid.

[5] ლოკი, ჯონ, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე, თ. II, პ.4

[6] ბაქრაძე, კონსტანტინე. “IV, განმანათლებლობა და მეცნიერება ინგლისში.“ Essay. In
             რჩეული ფილოსოფიურითხზულებანი, VI, edited by ედუარდ კოდუა, VI:1–477.
             თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1972.

[7] დანელია, სერგი. “ჟან – ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიური სისტემა, II რუსოს პედაგოგიური სისტემა, 1 ბუნება და კულტურა რუსოს მოძღვრებაში.” Essay. In ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, edited by ედუარდ კოდუა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.

[8] ჯაფარიძე, შოთა. “კაპიტალიზმის ეპოქის მოაზროვნენი.” Essay. In პოლიტოლოგია 1, edited by ვლადიმერ ჭანუყვაძე, Vol. 1. ბათუმი: გამომცემლობა “აჭარა”, 2000.

[9] ბუაჩიძე, თამაზ, “ჟან – ჟაკ რუსო და მისი ‘საზოგადოებრივი ხელშეკრულება.’” Introduction. In საზოგადოებრივი ხელშეკრულება, http://oldtbappeal.court.ge/upload/r_866.pdf

გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.